Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დანაშაული და სასჯელი (წიგნი II)
დანაშაული და სასჯელი (წიგნი II)
დანაშაული და სასჯელი (წიგნი II)
Ebook704 pages4 hours

დანაშაული და სასჯელი (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

1866 წელს გამოქვეყნებული რომანის მთავარი თემა ღარიბი სტუდენტის, როდიონ რასკოლნიკოვის ღრმა სულიერი აშლილობა და მორალური დილემაა - შესაძლებელია თუ არა დანაშაულის ჩადენა მომავალი კეთილი საქმის სახელით. რომანი ასევე სინჯავს რასკოლნიკოვის თეორიას იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მინიჭებული დანაშაულის ჩადენის უნარი. „დანაშაული და სასჯელი“ ფსიქოლოგიური რომანის მწვერვალად მიიჩნევა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
დანაშაული და სასჯელი (წიგნი II)

Read more from ფიოდორ დოსტოევსკი

Related to დანაშაული და სასჯელი (წიგნი II)

Related ebooks

Reviews for დანაშაული და სასჯელი (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დანაშაული და სასჯელი (წიგნი II) - ფიოდორ დოსტოევსკი

    ფიოდორ დოსტოევსკი - დანაშაული და სასჯელი (ნაწილი I)

    Федор Достоевский - Преступление и Наказание (Часть II)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე ახალშენიშვილს.

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი მეოთხე

    ნაწილი მეხუთე

    ნაწილი მეექვსე

    ეპილოგი

    ნაწილი მეოთხე

    I

    „ნუთუ ისევ სიზმარია?" - გაიფიქრა ერთხელ კიდევ რასკოლნიკოვმა. ფრთხილად და უნდობლად ათვალიერებდა მოულოდნელ სტუმარს.

    - სვიდრიგაილოვი? სისულელეა! შეუძლებელია! - ხმამაღლა ჩაილაპარაკა ბოლოს გაოცებულმა.

    მაგრამ რასკოლნიკოვის გაოცებამ სტუმარი სულ არ გააკვირვა.

    - ორი მიზეზის გამო შემოგიარეთ: ჯერ ერთი, მინდოდა გამეცანით, რადგანაც დიდი ხანია ბევრი რამ მესმის თქვენზე საყურადღებო და საქებარი; მეორეც, ვოცნებობ, რომ უარს არ მეტყვით და დამეხმარებით ერთ საქმეში, რომელიც თქვენს დას, ავდოტია რომანოვნას შეეხება. მარტო მე, თუ თავდებობას არ გამიწევთ, იქნებ ახლოც არ მიმიკაროს, - აზრი აქვს ასეთი ჩემზე შედგენილი, - თქვენი დახმარებით კი, პირიქით, იმედი მაქვს...

    - ტყუილად გიფიქრიათ, - გააწყვეტინა რასკოლნიკოვმა.

    - ნება მომეცით გკითხოთ, მხოლოდ გუშინ ჩამოვიდნენ, არა? რასკოლნიკოვმა არ უპასუხა.

    - დიახ, გუშინ; ვიცი. თვითონ მეც ხომ გუშინწინ ჩამოვედი. აი, მაშ, რას გეტყვით, როდიონ რომანოვიჩ; თავის მართლებას ზედმეტად ვთვლი, მაგრამ ნება მომეცით, გაგიცხადოთ: განა რის შემცოდე ვარ, მართლაც, ან რა საიმისოდ გასაკიცხი ვარ მთელ ამ საქმეში, თუ, რასაკვირველია, საღად განსჯით და ცრუ შეხედულებებს არ აჰყვებით? რასკოლნიკოვი ისევ ჩუმად ათვალიერებდა.

    - ის, რომ უმწეო ქალს ჩემს სახლში ვდევნიდი და „ბილწი წინადადებით შეურაცხვყოფდი", აგრეა თუ არა? (თვითონვე ვცდილობ დაგასწროთ), მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ მეც ადამიანი ვარ et nihil humanum... [ლათ. არაფერი ადამიანური] ერთი სიტყვით, მეც შემიძლია შევცდე და შემიყვარდეს ვინმე (რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელთ არ არის), მაშინ ყოველივე ეს ბუნებრივად აიხსნება. ე. ი. საკითხი რა არის: საზიზღარი ვარ, თუ თვითონ მე ვარ მსხვერპლი? მერე რომ მართლაც მსხვერპლი ვიყო? ამერიკასა და შვეიცარიაში რომ ვთავაზობდი გამომყოლოდა, იქნებ რა უფაქიზესი გრძნობით ვიყავ გამსჭვალული და ორთავეს ბედნიერება მეწადა!.. გონიერება ხომ ვნებას მორჩილებს; ვინ იცის, იქნება ჩემს თავს უარესადა ვღუპავდი!..

    - საქმე ეგ სულაც არ არის, - გააწყვეტინა ზიზღით რასკოლნიკოვმა, - თქვენ საზიზღარი ადამიანი ხართ და, მართალი ხართ თუ მტყუანი, აღარ დაეძებენ, თქვენი ცნობა არა სურთ, გაგდებენ და თქვენც მიბრძანდით!..

    სვიდრიგაილოვმა უცბად გულიანად გადაიხარხარა.

    - თქვენი დაყოლიება... როგორც ჩანს, ძნელია მეტად! - მიუგო მან გულიანი სიცილით. - მინდოდა როგორმე მეეშმაკნა, მაგრამ არ იქნა, მყისვე მიზანში მოხვდით!

    - თქვენ ახლაც ეშმაკობას აპირებთ, ვგონებ.

    - რა არის მერე? რა არის? - იმეორებდა ისევ ხარხარით სვიდრიგაილოვი, - ეს ხომ bonne guerre [ფრ. პატიოსანი ომი] არის, სრულებით დასაშვები ეშმაკობაა!.. მაგრამ მაინც გამაწყვეტინეთ: ასეა თუ ისე, მე ვადასტურებ, არავითარი უსიამოვნება თავს არ იჩენდა, რომ ბაღში ის ამბავი არ მომხდარიყო. მარფა პეტროვნა...

    - ამბობენ, ვითომ მარფა პეტროვნასთვისაც თქვენ მოგეღოთ ბოლო? - გააწყვეტინა უკმეხად რასკოლნიკოვმა.

    - როგორ, ეგეც გაიგეთ განა? ანდა როგორ არ გაიგებდით... ამ თქვენს კითხვაზე კი, არ ვიცი სწორედ, რა პასუხი მოგცეთ. ერთს გეტყვით მხოლოდ, რომ სინდისი სრულიად დამშვიდებული მაქვს. ესე იგი, ნუ გეგონებათ, ვითომ ფიქრი რისამე მქონდეს.

    ყველაფერი წესიერად და კანონიერად გამოიკვლიეს: საექიმო შემოწმებამ სიკვდილის მიზეზად წვეთის დაცემა აღიარა, რომელიც მაძღარი სადილისა და ბოთლი ღვინის გამოცლის შემდეგ ბანაობას მოჰყვა შედეგად. რასაკვირველია, ამის მეტი სხვა არა აღმოუჩენიათ რა... ეგ არაფერი, მაგრამ ერთხანად სულ იმას ვფიქრობდი... მეტადრე ვაგონში: იქნებ ხელი შევუწყე-მეთქი... უბედურებას, მაგალითად, გაჯავრებით, ზნეობრივად ან სხვაფრივ როგორმე? მაგრამ დავრწმუნდი ბოლოს, რომ ეგეც არ ყოფილა.

    რასკოლნიკოვს გაეცინა.

    - ან კი რათა სწუხდებოდით!

    - რას იცინით? იფიქრეთ აბა: სულ რაღაც ორჯერ დავარტყი მათრახი, ისე, რომ ნიშნებიც კი არ აღმოაჩნდა... ცინიკოსად ნუ ჩამთვლით, გეთაყვა, თვითონაც ვიცი, რომ საძაგლად მოვიქეცი, მაგრამ ვიცი ისიც, რომ მარფა პეტროვნას იქნებ სასიამოვნოდაც დარჩა, რომ ასე მოვიქეცი. თქვენი დის ამბავი უკვე მთლად მიიწურა, გათავდა. მესამე დღე იყო, მარფა პეტროვნა სულ შინ იჯდა. აღარ იცოდა, რისთვისღა წასულიყო ქალაქში, ისედაც, უნდა მოგახსენოთ, იქაც ყველას თავი მოაბეზრა (აი იმ წერილის კითხვით, ალბათ იცით?). და უცბად ცის მანანასავით ეს მათრახი მოევლინა! მაშინვე უბრძანა, კარეტა შეებათ!.. არას ვიტყვი იმაზე, რომ ზოგჯერ საშინლად უნდათ ქალებს შეურაცხყოფილნი იყვნენ, თუმცა იმავე დროს თითქოს რისხვით არიან აღსავსენი. ყველას ექნება ნაცადი ასეთი შემთხვევა. მოსწონს საშინლად ადამიანს, შეურაცხყოფილი რომ არის, არ შეგინიშნავთ? განსაკუთრებით ქალებს. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ამით ირთობენ თავს.

    რასკოლნიკოვს ერთხანად უნდოდა წამომდგარიყო და წასულიყო სადმე, საქმე ამით გაეთავებინა; მაგრამ რაღაც ცნობისმოყვარეობამ და თითქოს ანგარიშმა სძლიეს ერთ წამს.

    - ჩხუბი და ცემა გიყვართ? - დაეკითხა იგი უგულისყუროდ.

    - არც ისე, - მიუგო დამშვიდებით სვიდრიგაილოვმა. - მარფა პეტროვნასთან ხომ თითქმის არასოდეს მიჩხუბია. თანხმობითა და კმაყოფილებით ვცხოვრობდით, მუდამ მადლიერი იყო ჩემი. მთელი შვიდი წლის განმავლობაში მათრახი სულ რაღაც ორჯერ ვიხმარე (თუ ერთს კიდევ სხვა შემთხვევას არ ჩავთვლი, ცოტა არ იყოს, ფრიად საეჭვოს); პირველად ორი თვის შემდეგ იყო, ჯვარი რომ დავიწერეთ და სოფელში ამოვედით, მეორედ - ახლა, უკანასკნელად. თქვენ კი გეგონათ, ვინ იცის, რა მხეცი, ჩამორჩენილი, მონობის მოტრფიალე კაციაო, ჰა? ხა-ხა-ხა!.. მართლა: არ გახსოვთ, როდიონ რომანოვიჩ, ამ რამდენიმე წლის წინათ როგორ შეარცხვინეს საჯაროდ და მწერლობაშიაც ერთი ვიღაც აზნაური - დამავიწყდა, რა გვარი იყო! - აი ის, გერმანელი ქალი რომ გალახა ვაგონში, არ გახსოვთ? მაშინვე იყო მგონი, იმ წელს, „საუკუნის საძაგელი ამბავი რომ მოხდა (აი ის „ეგვიპტის ღამეები, საჯარო კითხვა, გახსოვთ? შავ-შავი თვალები! ეჰ, სადა ხარ, ოქროს ახალგაზრდობავ!). იცოდეთ, მაშ, ჩემი აზრი: გერმანელი ქალის გამლახველს არცთუ დიდად თანავუგრძნობ... იმიტომ, რომ არც არის თანაგრძნობის ღირსი! მაგრამ არ შემიძლია აქვე არ შევნიშნო, რომ არიან ისეთი „გერმანელი ქალები", თავისი საქციელით რომ მოთმინებიდან გამოგიყვანენ და რომლებთანაც დიდი პროგრესისტიც კი თავს ვერ შეიმაგრებდა. ამ მხრივ საკითხს არავინ შეჰხებია მაშინ, თუმცა უმთავრესი და ჰუმანური სწორედ ეს არის! მართალს მოგახსენებთ!

    თქვა თუ არა ეს, ერთხელ კიდევ გადაიხარხარა.

    რასკოლნიკოვი მაშინვე მიხვდა, რომ ამ კაცს მტკიცედ ჰქონდა რაღაც გადაწყვეტილი და თავისი საქმე კარგად იცოდა.

    - თქვენ უთუოდ რამდენიმე დღეა არავისთან გილაპარაკნიათ? - დაეკითხა რასკოლნიკოვი.

    - აგრეა თითქმის. რა არის: გიკვირთ უთუოდ, რომ ასე ადვილად შეგეწყვეთ, არა?

    - ეგ არა, მაგრამ ის კი მიკვირს, რომ აგრე ამლაშებთ.

    - იმიტომ, რომ თქვენი უხეში კითხვები არ ვიწყინე? აგრეა თუ არა? მაგრამ... რად უნდა მწყენოდა? როგორც თქვენ მეკითხებოდით, მეც ისე გიპასუხებდით, - მიუგო გასაოცრად უბრალოდ. - საიმისოდ არა იზიდავს რა ჩემს ყურადღებას, გეფიცებით, - განაგრძობდა როგორღაც ჩაფიქრებით, - განსაკუთრებით ახლა, სულ არაფერი. თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ იფიქროთ, ვითომ გეპირფერებოდეთ, განგებ ვამბობდე, რაკი თქვენს დასთან მაქვს საქმე, მევე გითხარით ხომ. მაგრამ გამოგიტყდებით: საშინლად მოწყენილი ვარ! განსაკუთრებით ეს სამი დღე, ასე რომ, გამეხარდა კიდეც, რომ გნახეთ... ნუ გამიწყრებით კი, როდიონ რომანოვიჩ, მაგრამ თქვენ თვითონ მეჩვენებით საშინლად უცნაურად. როგორც გინდათ თქვით. გატყობთ, რაღაც გედარდებათ; ამ წუთას კი არა, საზოგადოდ ახლა... მაგრამ, კმარა, ჰო, აღარას გეტყვით, ნუ იღრუბლებით! განა ისეთი გაუთლელი დათვიცა ვარ, თქვენ რომ გგონიათ.

    რასკოლნიკოვმა ქუშად გადახედა.

    - იქნება დათვისა არც კი რამ გეცხოთ, - უპასუხა რასკოლნიკოვმა. - პირიქით, გეტყობათ, კარგი საზოგადოებისა ხართ და, თუ შემთხვევა მოგეცემათ, შეგიძლიათ რიგიანი კაციც იყოთ.

    - არავის აზრს განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევ, - მიუგო გულგრილად და თითქმის ამაყად სვიდრიგაილოვმა, - ამიტომ ზოგჯერ უგვანობაც უნდა ვიკადრო, როცა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად ეს ეხერხება ადამიანს... მით უმეტეს, თუ ბუნებრივი მიდრეკილებაც გაქვს, - დასძინა და კვლავ გაიცინა.

    - გაგონილი მაქვს, ბლომად გყავთ თურმე ნაცნობი და გავლენიან ხალხთანაც საკმაოდ დაახლოებული ხართ... მაშ მე, აბა, რაღად გინდივართ, თუ არა რამ განზრახვისათვის?

    - ეგ მართალი თქვით, ნაცნობები ბლომად მყვანან, - ჩამოართვა სიტყვა სვიდრიგაილოვმა, მაგრამ უმთავრესზე კი პასუხი არ მისცა, - მხვდებიან კიდეც. აგერ სამი დღეა დავდივარ და ბევრსა ვცნობ მათგანს; ბევრიც, მგონი, თვითონა მცნობს. რასაკვირველია, საკმაოდ ბატონკაცურად მაცვია და არც ღარიბი ვარ. ჩვენ ხომ საგლეხო რეფორმაც არ შეგვეხო: ტყეები და საძოვრები ყველა გვაქვს ისევ, შემოსავალს მუდამ იძლევა; მაგრამ... არ წავალ იქ; წინათვე მომაბეზრეს თავი; სამი დღეა დავდივარ აგერ, მაგრამ არავის ვეცნაურები... ახლა ეს ქალაქი! მაინც როგორაა შედგენილი, ერთი მითხარით! ქალაქი კანცელარისტებისა და ნაირ-ნაირი ჯურის სემინარიელებისა! მართლაცდა, ამ რვა წლის წინათ, აქ რომ ვეთრეოდი, ბევრი რამ არ შემინიშნავს... მარტოდმარტო ანატომიის იმედიღა მაქვს ახლა, ღმერთს გეფიცებით!

    - როგორ თუ ანატომიისა?

    - აი, ამ თქვენს კლუბებს, დიუსოებს, პუანტებს, ან თუნდ ამ პროგრესს რაც შეეხება, თავი დავანებოთ, შორს ჩვენგან, - განაგრძობდა იგი, ვითომც შეკითხვა არც გაუგონია.

    - ან კი გაიძვერობა რა სახალისოა.

    - როგორ, ეგეც იყავით განა?

    - აბა, მაშ უამისოდ როგორ შეიძლებოდა? ამ რვა წლის წინათ მთელი ამხანაგობაც კი გვქონდა, მეტად რიგიანი; დროს ვატარებდით; იყვნენ პოეტები, კაპიტალისტები; ყველამ კარგად იცოდა თავის დაჭერა! მაინც ჩვენს რუსულ საზოგადოებაში ხომ ისაა უკეთესი ქცევისა, ვისაც ერთ დროს კაი სილა უგემია, - არ შეგინიშნავთ? მე სოფლად ჩამოვრჩი ყველაფერს, თორემ... მაინც ჩამაბრძანეს ციხეში ერთი ნეჟინელი ბერძნის ვალისათვის. სწორედ აქ უცბად მარფა პეტროვნა ამიჩნდა, შეევაჭრა და ოცდაათი ათას ვერცხლად გამომისყიდა (სულ კი 70.000 მემართა). შევერთდით კანონიერი ქორწინებით და დიდი ხვითოსავით მაშინვე სოფელში გამაქანა. ჩემზე ხომ ხუთი წლით უფროსი იყო. ძალიან ვუყვარდი. მთელი შვიდი წელიწადი სოფლიდან ფეხი არ გამომიდგამს. არ დაივიწყოთ, მთელი ეს ხანი ოცდაათი ათასის თამასუქი, საბუთის სახით, ჩემს წინააღმდეგ სხვის სახელზე ჰქონდა მარფა პეტროვნას; ასე რომ, ავჯანყდებოდი თუ არა, მაშინვე საპყრობილეში ამომაყოფინებდა თავს! იზამდა კიდეც! იმიტომ, რომ ქალებს დიდ სიყვარულთან ესეც ადვილად შეუძლიათ.

    - თამასუქი რომ არ ყოფილიყო, მოუსვამდით?

    - არ ვიცი, როგორ გითხრათ. ეს საბუთი თითქმის არას მიშლიდა. არსაით გული არ მიმიწევდა; საზღვარგარეთ კი ორჯერ თვითონაც მიმიპატიჟა მარფა პეტროვნამ, რაკი ნახა, რომ მოვიწყინე, მაგრამ რა! წინათაც ვყოფილვარ, და ყოველთვის გული არ მიდგებოდა. აგერ გარიჟრაჟია, ნეაპოლის ყურესა და ზღვას გაჰყურებ, მაგრამ არ გიტაცებს, მოწყენილი ხარ როგორღაც! ყველაზე საძაგლობა კი ის არის, რომ მართლა რაღაცაზე ნაღვლიანობ! არა, სამშობლოში სჯობია: აქ მაინც ყველაფერში სხვებს ამტყუნებ, თვითონ შენ კი მართალი ხარ. იქნებ ჩრდილოეთ პოლუსისაკენ წავსულიყავი სამოგზაუროდ, იმიტომ რომ j’ai le vin mauvais [ფრ. ნასვამ მდგომარეობაში ურიგოდ გამოვიყურები], და სმაც მეჯავრება. ღვინის მეტი კი სხვა ხსნა არ არის. ეგეცა ვცადე. რაო, რას ამბობენ, კვირას იუსუპოვის ბაღში ბერგი ვეებერთელა აეროსტატით აფრინდება და თანამგზავრებს ეძებსო, მართალია? თან ფულსაც თურმე ჰპირდება.

    - რა იყო მერე, გაჰყვებოდით?

    - მე? არა... ისე... - წაიდუდუნა სვიდრიგაილოვმა, თითქოს მართლაც დაფიქრდაო.

    „რაო მართლა ასეა, თუ განგებ მაჩვენებს თავს?" - გაიფიქრა რასკოლნიკოვმა.

    - არა, საბუთი ხელს არას მიშლიდა, - განაგრძობდა სვიდრიგაილოვი დაფიქრებული, - თვითონ არსად მივდიოდი სოფლიდან. გარდა მაგისა, წელიწადია აგერ, ჩემს დღეობაზე დამიბრუნა კიდევაც თამასუქი და თან საკმაოდ დიდი თანხაც დაამატა საჩუქრად. იმას ხომ კარგა დიდი შეძლება ჰქონდა. „ხედავთ, აი როგორ გენდობით, არკადი ივანიჩო", - მითხრა. არა გჯერათ, რომ ასე მითხრა? იცით რა: საუცხოო მეურნე შევიქენი; მთელ არემარეში მიცნობენ. წიგნებსაც ვიწერდი. მარფა პეტროვნა ჯერ მიწონებდა ამას, მერე კი შეეშინდა, წიგნებს არ დავეძალე.

    - როგორც გატყობთ, ძალიან უნდა სწუხდეთ მარფა პეტროვნას დაკარგვას?

    - მე? იქნება. რატომ, შეიძლება! მართლა, მოჩვენებისა გჯერათ რამე?

    - რა მოჩვენებისა?

    - რა მოჩვენებისა და ჩვეულებრივი მოჩვენებისა, სხვა, აბა, რომელია!

    - თქვენ კი გჯერათ?

    - თითქმის რომ არა, pour vous plaire... [ფრ. თქვენ რომ გაამოთ] ესე იგი, ის კი არა, რომ...

    - რაო, გამოგეცხადებათ რამ ხოლმე, თუ როგორ არის?

    როგორღაც უცნაურად გადახედა სვიდრიგაილოვმა.

    - მარფა პეტროვნა მეწვევა ხოლმე, - ჩაილაპარაკა და როგორღაც უცნაურად, პირმოღრეცით გაიღიმა.

    - როგორ თუ გეწვევათ?

    - დიახ, აგერ უკვე სამჯერ იყო. პირველად დასაფლავების დღეს ვნახე, სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ ერთი საათი იქნებოდა გასული. ეს იყო სწორედ ჩემი აქეთ წამოსვლის წინა დღით. მეორედ გუშინწინ ვნახე, გზაში, სადგურ მალაია ვიშერაზე, გათენებისას სწორედ; მესამედ კი ამ ორი საათის წინათ გამომეცხადა ჩემს ბინაზე, სადაც ამჟამად ვცხოვრობ; ოთახში მარტოდმარტო ვიყავი.

    - ცხადლივი?

    - სრულებით ცხადლივ. სამჯერვე ერთნაირად. მოვა, ერთ-ორ წუთს გამომელაპარაკება და ისევ გავა კარიდან. კარიდან გადის მუდამ. მესმის კიდეც თითქოს, როგორ მიდის.

    - არა, რად წარმოვიდგინე ნეტა, რომ ასეთი რამ უთუოდ უნდა გემართებოდეთ! - ჩაილაპარაკა უცბად რასკოლნიკოვმა და მაშინვე გაიოცა, რომ ასე უთხრა. საშინლად იყო აღელვებული.

    - აი, ხომ ხედავთ! ეგ იფიქრეთ მაშ? - ჩაეკითხა გაკვირვებით სვიდრიგაილოვი, - ნუთუ მართლა? კი გითხარით, ჩვენ შორის რაღაც საერთო არის-მეთქი, ჰა?

    - არასოდეს ეგ არ გითქვამთ! - მიუგო მკვახედ და ცხარედ რასკოლნიკოვმა.

    - არ მითქვამს?

    - არა!

    - მე კი მეგონა, გითხარით-მეთქი. წეღან რომ შემოვედი და თვალებდახუჭული დაგინახეთ მწოლიარე, ვითომ გეძინათ, მაშინვე ჩემთვისა ვთქვი: „ის არის-მეთქი სწორედ!"

    - რაო, ვითომ რას ნიშნავს ეგ? რასა გულისხმობთ? - შეჰყვირა რასკოლნიკოვმა.

    - რასა? არ ვიცი სწორედ, რას... - წაიდუდუნა გულწრფელად და დაბნევით სვიდრიგაილოვმა.

    ერთ წუთს ორივენი გაჩუმდნენ. ერთმანეთს შეჰყურებდნენ.

    - სისულელეა ყველა ეს! - წამოიძახა გაბრაზებულმა რასკოლნიკოვმა. - მერე რას გეუბნებათ, რომ მოდის?

    - მარფა პეტროვნა? წარმოიდგინეთ, სულ რაღაც წვრილმან სისულელეს, გაგიკვირდებათ პირდაპირ: ეგ არის, რომ მაბრაზებს! პირველად რომ გამომეცხადა (იცით, დაღლილი ვიყავი: ეს მიცვალებულის წირვაო, ეს სულთათანაო, მერე კიდევ ლოცვა, მიცვალებულის მოხსენიება და საუზმეო, ის იყო ძლივს მარტო დავრჩი კაბინეტში, სიგარას მოვუკიდე, ფიქრს მივეცი თავი), კარიდან შემოვიდა: „დღეს, არკადი ივანოვიჩ, ამ ფაცაფუცში სასადილო ოთახში საათი მოუმართავი დაგრჩათ, დაგავიწყდათო. ამ საათს კი მთელი შვიდი წელიწადი მართლაც მე ვმართავდი სულ, მაგრამ დამავიწყდებოდა თუ არა, მაშინვე მომაგონებდა. მეორე დღეს უკვე აქეთ წამოვედი. გათენებისას სადგურზე გადავხტი, - მთვლემდა ღამე და დამტვრეული ვიყავი, თვალები ნამძინარევი მქონდა, - ყავა მოვითხოვე; ვნახოთ, უცბად მარფა პეტროვნა ჩემ გვერდით ჯდება და ხელში სათამაშო ქაღალდი უჭირავს: „არ გინდათ, არკადი ივანოვიჩ, სამგზავროდ გიმკითხაოთო? მკითხაობა კი მართლაც საუცხოო იცოდა. არ ვაპატიებ არასოდეს ჩემს თავს, რომ არ ვამკითხვინე! შემეშინდა, გამოვექეცი და ამ დროს ზარიც დაირეკა. ვზივარ დღეს საძაგელი სადილის შემდეგ (სასადილოდან ამომიტანეს) კუჭდამძიმებული და სიგარას ვეწევი. ვნახოთ, უცბად მარფა პეტროვნა შემოდის, ახალ მწვანე ფარჩის კაბაში გამოწყობილი, უშველებელ ბოლოს მოაშრიალებს: „გამარჯობა, არკადი ივანოვიჩ! ეს ჩემი კაბა როგორ მოგწონთ? ანისკა ხომ ასე ვერ შემიკერავსო (ანისკა სოფლის მკერავი ქალია, ბატონყმობის დროს მოახლედ ჰყოლიათ, მერე მოსკოვში მიუციათ სამკერვალოში, კარგი გოგონაა). დგას და ტრიალებს, კაბას მიჩვენებს. გავსინჯე კაბა და მერე ყურადღებით სახეში ჩავაცქერდი: „ნეტავი თქვენ, მარფა პეტროვნა, რომ ასეთი სისულელისათვის თავს იწუხებთ და ჩემთან მოდიხართ-მეთქი. - „ეჰ, ღმერთო ჩემო, შეწუხებაც კი თურმე აღარ შეიძლებაო შენი! მე კიდევ გასაჯავრებლად ვეუბნები: „მარფა პეტროვნა, მინდა ცოლი შევირთო-მეთქი. - „გასაკვირველი არა არის რა თქვენგან, არკადი ივანოვიჩ; ცოლი თითქმის არ დაგიმარხავთ ჯერ და უკვე მეორის შესართავად გამოეშურეთ. ნეტავი კარგი ვინმე მაინც აირჩიოთ, თორემ ვიცი, არც იმას, არც თქვენს თავს არას არგებთ, ხალხს გააცინებთ მარტოო". და წავიდა კაბის ბოლოს შრიალით. სისულელეა ხომ? როგორ გგონიათ?

    - ვინ იცის, იქნებ სულაც ტყუით? - მიუგო რასკოლნიკოვმა.

    - მე იშვიათად ვტყუი, - უპასუხა ფიქრად წასულმა სვიდრიგაილოვმა, თითქოს ვერ გაიგო, რა უხეში იყო ეს კითხვა.

    - მანამდის არ გინახავთ მოჩვენებანი?

    - არა. ერთხელ ამ ექვსი წლის წინათაც ვნახე. ფილკა ვინმე მყავდა, შინაყმა; ის იყო დავმარხეთ, მაგრამ დამავიწყდა და დავუყვირე: ფილკა, ჩიბუხი-მეთქი! შემოვიდა და პირდაპირ იქით გასწია, სადაც ჩიბუხები მელაგა ხოლმე. ვზივარ და ვფიქრობ: „უთუოდ შური უნდა იძიოს-მეთქი, იმიტომ რომ სიკვდილის წინ სწორედ დიდი ჩხუბი მოგვივიდა. „როგორ ბედავ, რომ იდაყვგამოფლეთილი შემოდიხარ ჩემთან, მომშორდი, საძაგელო-მეთქი! მიბრუნდა, წავიდა და მეტჯერ აღარ მოსულა. მარფა პეტროვნასთვის მაშინ არა მითქვამს რა. მინდოდა, პანაშვიდი გადამეხდევინებინა, მაგრამ შემრცხვა.

    - ექიმს ეჩვენეთ.

    - ეგ კი უთქვენოდაც ვიცი, რომ კარგად ვერა ვარ, მაგრამ რათა და რა მიზეზით, ვერ გამიგია; ჩემი აზრით, მე თქვენზე ბარე ხუთჯერ ჯანმრთელად ვარ. იმას როდი გეკითხებოდით, გჯერათ თუ არა, რომ მოჩვენებები გამოეცხადება-მეთქი ადამიანს? გეკითხებოდით: თვითონ მოჩვენებათა არსებობა გჯერათ თუ არა-მეთქი?

    - არა, არ მჯერა და არც დავიჯერებ! - შესძახა გაბრაზებით რასკოლნიკოვმა.

    - როგორ იციან ჩვეულებრივად? - ბუტბუტებდა თითქოს თავისთვის სვიდრიგაილოვი და ოდნავ თავდახრილი გვერდზე იყურებოდა. - ამბობენ: „ავად ხარ და, მაშასადამე, რაც კი რამ წარმოგიდგება, ყველაფერი ეგ არარსებული ბოდვააო". ნაღდი ლოგიკისა მაინც არა ჩანს რა აქ. ვეთანხმები, რომ მოჩვენებანი მართლაც ავადმყოფებს გამოეცხადებიან ხოლმე; მაგრამ რას ამტკიცებს ეს? იმას, რომ ავადმყოფებს მართლაც გამოეცხადებიან ხოლმე მოჩვენებანი და არა იმას, ვითომ ისინი სრულიად არ არსებობდნენ.

    - რასაკვირველია, არა! არ არსებობენ! - გაიძახოდა თავისას რასკოლნიკოვი.

    - არ არსებობენ? აგრე გგონიათ? - განაგრძო სვიდრიგაილოვმა და თან რასკოლნიკოვს მძიმედ შეხედა. - რა იქნება, რომ ასე წარმოვიდგინოთ (მიშველეთ, აბა): „მოჩვენებები სხვა სამყაროთა ნაწყვეტები და ნაგლეჯებია, მათი დასაწყისი. ჯანმრთელი კაცი, რასაკვირველია, არ საჭიროებს მათ ნახვას, იმიტომ რომ ნამდვილი შვილია იგი დედამიწისა და ცხოვრებაშიაც მხოლოდ ამქვეყნიურად უნდა ცხოვრობდეს, წესიერება არ დაირღვეს. მაგრამ თუ ოდნავ ავად გახდა და დაირღვა ნორმალური მიწიერი წესი მისი ორგანიზმისა, მაშინვე თავს იჩენს იმქვეყნიური არსებობაც, და რამდენადაც უფრო ძლიერ არის ავად ადამიანი, იმდენი უფრო მეტი საშუალება ეძლევა იმ ქვეყანასთან შეხებისა; სიკვდილის შემდეგ ხომ პირდაპირ იმ ქვეყნის მცხოვრები ხდება". ამის თაობაზე დიდი ხანია ვფიქრობ. თუ საიქიოს ცხოვრება გჯერათ, მაშინ რაცა ვთქვი, ესეც დასაჯერია.

    - არა, არ მჯერა საიქიოს ცხოვრება, - მიუგო რასკოლნიკოვმა. სვიდრიგაილოვი დაფიქრებული იჯდა.

    - რა იქნება, რომ იქ მართლა ობობებისა ან სხვა რამ მწერების მეტი არა იყოს რა, - წარმოთქვა უეცრად.

    „ნამდვილად შეშლილია", - გაიფიქრა რასკოლნიკოვმა.

    - მარადისობა ისე გვაქვს წარმოდგენილი, როგორც იდეა, რომლის გაგება შეუძლებელია; რაღაც რამ დიდად უშველებელია ვითომ! მაგრამ რაღა უთუოდ ასეთი უშველებელი რამ უნდა იყოს? ერთიც ვნახოთ, ყოველივე ამის მაგივრად იგი სოფლური აბანოს მსგავსი რაღაც პაწია გამჭვარტლული ოთახია, კუთხეებში კიდევ ყველგან ობობას ქსელებია გაბმული, აი თქვენი მარადისობა! იცით რა, ხშირად სწორედ ამ სახით წარმომიდგება ხოლმე მარადისობა.

    - ნუთუ, ნუთუ მართლა ამაზე უფრო სამართლიანი და სანუგეშო სხვა აღარა წარმოგიდგებათ ხოლმე! - შესძახა გულმტკივნეულად რასკოლნიკოვმა.

    - სამართლიანი? მერე ვინ იცის, იქნებ ეს არის სწორედ ყველაზე მეტად სამართლიანი; და იცით რა, მე განგებ ვიზამდი ასე! - მიუგო სვიდრიგაილოვმა და როგორღაც გაურკვევლად გაიღიმა.

    რაღაც ცივმა ჟრუანტელმა დაურბინა უცბად რასკოლნიკოვს ამ საზიზღარი პასუხის გაგონებაზე. ასწია თავი სვიდრიგაილოვმა, რასკოლნიკოვს ჩააშტერდა და უცბად გადაიხარხარა.

    - ეგ კი არა, აბა ეს იფიქრეთ, - შეჰყვირა უცბად, - ნახევარი საათის წინათ ერთმანეთისათვის ჯერ თვალი არ დაგვეკრა, მტრებად ვითვლებით, გადასაწყვეტი საქმე წინ გვიდევს კიდევ, და უცბად საქმეს თავი გავანებეთ და რაღაც სულ სხვა საუბარში გავებით! არა, ტყუილი ვთქვი მაშ, რომ ჩვენ ორივენი ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა-მეთქი?

    - კეთილი ინებეთ, გეთაყვა, - განაგრძობდა გაბრაზებული რასკოლნიკოვი, - საჩქაროდ გამაგებინეთ, რისთვის გამაპატიოსნეთ და ინებეთ მობრძანება... და... მეორეც... მეც მეჩქარება, არა მცალია, სხვაგან უნდა წავიდე.

    - ინებეთ, ინებეთ ახლავ. თქვენი და, ავდოტია რომანოვნა, ლუჟინზე აპირებს, პეტრ პეტროვიჩზე, გათხოვებას?

    - არ შეიძლება ჩემი დის საქმეს როგორმე მხარი აუქციოთ და მისი სახელი სრულიად არ ახსენოთ? მიკვირს სწორედ, როგორღა ბედავთ და ახსენებთ ჩემთან იმის სახელს, თუ მართლა სვიდრიგაილოვი ხართ?

    - როგორ? იმისთვის მოვედი და არ ვახსენო?

    - კარგით, მაშ ილაპარაკეთ, მაგრამ მალე კი.

    - დარწმუნებული ვარ, ბატონ ლუჟინზე (ჩემი ცოლის ნათესავზე) უკვე თქვენს აზრს შეადგენდით, თუ რომ ნახევარი საათით მაინც ნახეთ როგორმე, ან ნამდვილი და სწორე რამე შეიტყვეთ მასზე. ავდოტია რომანოვნას შესაფერისი არ არის. ჩემი აზრით, ავდოტია რომანოვნა დიდსულოვნად და უანგარიშოდ სწირავს თავს... ოჯახს. ისე მაქვს გაგონილი, რომ თქვენც მეტად კმაყოფილი იქნებოდით, თუ ეს ქორწინება როგორმე ჩაიშლებოდა, ისე კი, რომ არავისი ინტერესები არ დარღვეულიყო. ახლა ხომ, პირადად გაცნობის შემდეგ, დიახაც დავრწმუნდი, რომ ასეა საქმე.

    - თქვენი მხრივ ყველა ეს დიდი გულუბრყვილობაა; თუმცა უკაცრავად, გულუბრყვილობა კი არა, თავხედობაა, - მიუგო რასკოლნიკოვმა.

    - ესე იგი, გინდათ თქვათ, ვითომ ჩემთვისა ვზრუნავ? ნუ სწუხართ, როდიონ რომანოვიჩ! მართლა რომ ჩემთვის მინდოდეს რამე, ასე გამოტეხით როდი დაგიწყებდით ლაპარაკს; არც ისეთი ჩურჩუტი ვარ. მინდა ამის გამო ერთი ფსიქოლოგიური უცნაურობა გაგიმჟღავნოთ. წეღან რომ ავდოტია რომანოვნას სიყვარულში ვიმართლებდი თავს, ვთქვი, თუ გახსოვთ, რომ მევე შევიქენ-მეთქი მსხვერპლი. იცოდეთ მაშ, რომ არავითარ სიყვარულს ახლა არა ვგრძნობ, არ-რა-ვითარს, ასე რომ მე თვითონ მეუცნაურება კიდეც, რადგან მართლაც ვგრძნობდი მაშინ რაღაცას...

    - უსაქმურობისა და გარყვნილების წყალობით, - გააწყვეტინა რასკოლნიკოვმა.

    - ეგ მართალია, გარყვნილი ვარ და უქმი, მაგრამ თქვენს დას იმდენი ღირსება აქვს, არ შეიძლება სულ არა მეგრძნო რა, გავლენა არ ჰქონოდა. მაგრამ სისულელეა ყველა ეს, თვითონაც ვხედავ ახლა.

    - დიდი ხანია, რაცა ხედავთ?

    - უწინაც მქონდა შენიშნული, მაგრამ საბოლოოდ ამ სამი დღის წინათ დავრწმუნდი, სწორედ მაშინ, პეტერბურგს რომ ჩამოვედი. მოსკოვში კი ისე ვფიქრობდი, ვითომ ავდოტია რომანოვნასთვის მოვდიოდი ბატონ ლუჟინის მეტოქედ.

    - უკაცრავად, თუ გაგაწყვეტინებთ. არ შეიძლება, გეთაყვა, როგორმე შეამოკლოთ სათქმელი და პირდაპირ მითხრათ, რისთვის გარჯილხართ? მეჩქარება, სხვაგან ვარ წასასვლელი...

    - დიდი სიამოვნებით. ჩამოვედი რა და თანაც პატარა... მოგზაურობა მოვიწადინე, მინდოდა წასვლამდე ზოგი რამ საქმე მომეგვარებინა. შვილები დეიდასთან დავტოვე; მდიდრად არიან, პირადად მე სულაც არ ვუნდივარ. ან რა მამა ვარ ნეტა! ჩემთვის მარტო ის წამოვიღე, რაც ერთი წლის წინათ მარფა პეტროვნამ მაჩუქა. ესეც მეყოფა. უკაცრავად, ახლავე საქმეს შევუდგები. მოგზაურობამდე, რომელიც შეიძლება მართლაც მოხდეს, მინდოდა ლუჟინის საქმეც გამეთავებინა. მართლა ისე ძალიან კი არა მძულს, მაგრამ მარფა პეტროვნასთან ჩხუბის მიზეზი კი ეგ იყო სწორედ. შევიტყვე, რომ ქორწინებას მარფა პეტროვნა უხერხებდა. მინდა ახლა ვნახო როგორმე ავდოტია რომანოვნა, თქვენი მეშვეობით, ან თუნდაც თქვენი დასწრებით, და ავუხსნა, ჯერ ერთი, რომ ბატონ ლუჟინისგან ცუდის მეტს კარგს არას ნახავს არასოდეს, და მეორე, ბოდიში მოვიხადო, რაც კი რამ უსიამოვნება მივაყენე. ამასთან, ნებართვა გამოვთხოვო, რომ ათასი თუმანი შევთავაზო და ამით ბატონ ლუჟინთან საქმის გაწყვეტა გავუადვილო, რასაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც მოწადინებულია, ოღონდ ამისი საშუალება მიეცეს.

    - მართლა რომ შეშლილი ყოფილხართ! - შეჰყვირა რასკოლნიკოვმა იმდენად გაჯავრებულმა არა, რამდენადაც გაკვირვებულმა, - როგორა ბედავთ მაგას!

    - განა არა, ვიცოდი, დაიყვირებდით; თუმცა, მართალია, მდიდარი არა ვარ, მაგრამ ჩემთვის ეს ფული სრულიად მეტია. თუ არ მიიღებს ავდოტია რომანოვნა, შეიძლება უფრო სულელურად მოვიხმარო. ეს ერთი. მეორე კიდევ აი რა: სინდისი სრულიად დამშვიდებული მაქვს: თუ შევთავაზე რამ, ანგარიში არა მქონია. გჯერათ, არ გჯერათ, თქვენი საქმეა, მაგრამ შემდგომში ორივენი დარწმუნდებით. უმთავრესი მიზეზი აქ ის არის მხოლოდ, რომ ვგრძნობ მართლა, რა დიდი უსიამოვნება და წუხილი მივაყენე თქვენს დიდად პატივცემულ დას და მინდა გულწრფელად მოვინანიო; იმითი კი არა, ვითომ ფულით გამოვისყიდო ეს უსიამოვნება, არა, მინდა მხოლოდ სიკეთე რამ მოვუტანო; მართლა ხომ პრივილეგიად არა მაქვს გადაქცეული ავკაცობა და ბოროტება! ჩემს წინადადებაში რომ ანგარიშის რამ ნატამალი იყოს მართლა, ასე პირდაპირ როდიღა შევთავაზებდი; და არც მხოლოდ ათას თუმანს, მაშინ როდესაც ხუთი კვირის წინათ ბევრად მეტი შევთავაზე. გარდა ამისა, შეიძლება ძალიან მალე ჯვარიც დავიწერო ერთ ქალზე. მაშასადამე, ამის შემდეგ აღარავითარ ეჭვს, ვითომ მე ვდევნიდე ავდოტია რომანოვნას, ადგილი აღარ ექნება. დასასრულ ვიტყვი, რომ ავდოტია რომანოვნა ლუჟინზე გათხოვებით იმავე ფულს მეორე მხრიდან მიიღებს... ნუ კი ჯავრობთ ამიტომ, როდიონ რომანოვიჩ, სჯობს დამშვიდებით მოისაზროთ და მოიფიქროთ ყველაფერი.

    სვიდრიგაილოვი ამას ძალიან დამშვიდებით ლაპარაკობდა.

    - გთხოვთ დროზე გაათავოთ, - უთხრა რასკოლნიკოვმა. - ყოველ შემთხვევაში, მიუტევებელი თავხედობაა ეს, სხვა არაფერი.

    - სრულებითაც არა. მაშ ამის შემდეგ კაცს მარტოოდენ ბოროტების უფლება ჰქონია ამქვეყნად, სიკეთისა კი არა, იმიტომ მხოლოდ, რომ რაღაც ფორმალური წესები მუდამ გადაეღობება ხოლმე წინ. სისულელეა. ვთქვათ, მოვმკვდარიყავი და ანდერძით დამეტოვებინა თქვენი დისათვის ეს ფული, ნუთუ მაშინაც არ მიიღებდა?

    - შეიძლება, არ მიეღო.

    - აბა, ეგ კი აღარა მჯერა. მაგრამ, დეე, აგრე იყოს; ეგ არის მხოლოდ, ათასი თუმანი კაი ფულია. ყოველ შემთხვევაში, გთხოვთ, ნათქვამი ავდოტია რომანოვნას გადასცეთ.

    - არა, ვერ გადავცემ!

    - თუ აგრეა, მაშ, ვეცდები, პირადად როგორმე ვინახულო და შევაწუხო მაშასადამე.

    - რომ გადამეცა, მაშინ კი აღარ ეცდებოდით პირდად გენახათ?

    - არ ვიცი სწორედ, როგორ გითხრათ. საშინლად მინდა ერთხელ მაინც ვნახო.

    - იმედი ნუ გაქვთ.

    - სამწუხაროდ, მაგრამ თქვენ მე არ მიცნობთ. ვნახოთ, იქნებ როგორმე დავახლოვდეთ.

    - როგორ გგონიათ, რომ მოხერხდება ეს?

    - რატომ არა ვითომ? - მიუგო ღიმილით სვიდრიგაილოვმა, წამოდგა და ქუდს დაავლო ხელი, - მაინც არა მქონია აზრად ძალიან შემეწუხებინეთ. მოვდიოდი, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა, თუმცა დილასვე ძალიან მიიპყრო ჩემი ყურადღება თქვენმა სახემ...

    - სად მნახეთ დილას? - ჩაეკითხა შეშფოთებული რასკოლნიკოვი.

    - შემთხვევით შეგხვდით... მაგრამ მგონია მაინც მსგავსება ერთმანეთისა უეჭველად გვაქვს... არ კი შეწუხდეთ, თავის მობეზრება როდი მიყვარს. გაიძვერა მაცდურებთან მეგობრულადაც მიცხოვრია, ჩემს შორეულ ნათესავსა და წარჩინებულ მოხელე თავად სვირბეისთვისაც არ მომიბეზრებია თავი, ქ-ნ პრილუკოვასაც რაფაელის მადონაზე ალბომში რაღაც ჩავუწერე, მარფა პეტროვნასთანაც შვიდი წელიწადი ფეხმოუცვლელად ვიცხოვრე, ვიაზემსკის სახლშიაც სენის მოედანზე ძველად ბევრჯერ გამითენებია ღამე, ახლა კი შეიძლება ბერგსაც გავყვე აეროსტატით.

    - ჰო, კარგი, ნება

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1