Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დონ კიხოტი (წიგნი 1)
დონ კიხოტი (წიგნი 1)
დონ კიხოტი (წიგნი 1)
Ebook1,350 pages13 hours

დონ კიხოტი (წიგნი 1)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"დონ კიხოტი", რომელიც პირველ თანამედროვე რომანად ითვლება, დასავლური ლიტერატურის კლასიკაა და უკვე საუკუნეებია საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევა. წიგნი მოგვითხრობს იდალგო ალონსო კიხანოს თავგადასავალს, რომელსაც იმდენი რაინდული რომანი აქვს წაკითხული, რომ ჭკუას კარგავს და რაინდობის აღორძინებას მოისურვებს. ნაწარმოები უბადლო იუმორითაა შეზავებული. გამოქვეყნდა ორ ნაწილად, 1605 და 1615 წლებში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 13, 2021
დონ კიხოტი (წიგნი 1)

Related to დონ კიხოტი (წიგნი 1)

Related ebooks

Reviews for დონ კიხოტი (წიგნი 1)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დონ კიხოტი (წიგნი 1) - სერვანტესი

    მიგელ დე სერვანტესი - დონ კიხოტი

    Miguel de Cervantes - Don Quijote de la Mancha

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ნიკო ავალიშვილს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წიგნი I

    პროლოგი

    თავი I

    თავი II

    თავი III

    თავი IV

    თავი V

    თავი VI

    თავი VII

    თავი VIII

    თავი IX

    თავი X

    თავი XI

    თავი XII

    თავი XIII

    თავი XIV

    თავი XV

    თავი XVI

    თავი XVII

    თავი XVIII

    თავი XIX

    თავი XX

    თავი XXI

    თავი XXII

    თავი XXIII

    თავი XXIV

    თავი XXV

    თავი XXVI

    თავი XXVII

    თავი XXVIII

    თავი XXIX

    თავი XXX

    თავი XXXI

    თავი XXXII

    თავი XXXIII

    თავი XXXIV

    თავი XXXV

    თავი XXXVI

    თავი XXXVII

    თავი XXXVIII

    თავი XXXIX

    თავი XL

    თავი XLI

    თავი XLII

    თავი XLIII

    თავი XLIV

    თავი XLV

    თავი XLVI

    თავი XLVII

    თავი XLVIII

    თავი XLIX

    თავი L

    თავი LI

    თავი LII

    განმარტებები

    წიგნი I

    პროლოგი

    მოცლილო მკითხველო, დაუფიცებლადაც დამიჯერებ, თუ როგორ მსურს ეს ჩემი წიგნი, ჩემი ჭკუა-გონების შვილი, იყოს ყველა წიგნზე მშვენიერი, ყველაზე სასაიმოვნო საკითხავი და გონივრული, ხელიხელსაგოგმანებელი და უნაკლო თხზულება, როგორიც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. მაგრამ განა შემეძლო ბუნების კანონებს წინ აღვდგომოდი? ნათქვამია: როგორიც მამა - ისეთი შვილიო, ამიტომ ჩემი უნაყოფო და გაუნათლებელი ჭკუის ნაწარმოები სხვა რა უნ და იყოს, თუ არა მოთხრობა გაძვალტყავებულ, ჩაჩანაკ და ახირებული ხასიათის, ნაირ-ნაირი აზრებით შეპყრობილ გმირზე. მისი მსგავსი ძნელად თუ იქნება სადმე. მისგვარი ზრახვები კი ჯერ არასოდეს ფიქრადაც არავის მოსვლია თავში. ან კი რა გასაკვირველია: უკეთესი რა დაიბადებოდა საპყრობილეში, სადაც ვაი-უბედურების მეტი არა არის-რა, სადაც ყოველგვარ სიდუხჭირეს დაუდევს თავშესაფარი და სევდასა და ვარამს დაუსადგურებია? წყნარი, სასიამოვნო ადგილი, მშვენიერი წარმტაცი ველები, ლაჟვარდოვანი ცა, ნაკადულების ჩხრიალი, სულის დამამშვიდებელი მდგომარეობა, - დიახაც რომ სხვარიგად მომართავენ ადამიანის ჭკუა-გონებას და თვით უნაყოფო მუზებსაც კი ნაყოფიერს გახდიან მთელი ქვეყნის სასიამოვნო და გასაოცარი შთამომავლობის შესაქმნელად. მართალია, ისიც ბერვჯერ მოხდება ხოლმე, რომ მახინჯი და უხეირო შვილის მამა, მშობლიური სიყვარულის გამო თვალებახვეულივით არათუ ვერ ხედავს თავისი შვილის ნაკლს, არამედ უფრო მეტიც, ჭკუა-გონებისა და სიჩაუქის ნიშანი ჰგონია ის და მეგობრებს წამდაუწუმ შვილის მახვილგონიერებაზე, შნოსა და ლაზათზე მოუთხრობს. მაგრამ, სწორე მოგახსენო, მე დონ კიხოტის ნამდვილი მამა არც კი ვარ, უფრო მის მამინაცვლად ჩავითვლები, და არ მინდა, უძვირფასესო მკითხველო, სხვების ფეხის ხმას ავყვე და მათ მსგავსად თვალცრემლიანმა გევედრო, დამითმო რამე, და ან, რასაც ჩემ ჩვილშვილ წიგნში ნაკლოვანებასა ნახავ, დაფარო და ისე მოიქცე, თითქოს ამას ვერ ამჩნევდე. რას დაეძებ? შენ არც ნათესავი ხარ ამისი, არც მეგობარი; შენც ყველა ჩვენგანივით შენი აზრისა და თავისუფალი ნება-სურვილის სრული ბატონ-პატრონი ხარ, შენს სახლში ზიხარ და იქ ისეთივე უფლება შეგფერის, როგორც მეფეს თავის ხაზინაში; ხომ გაგიგონია ანდაზა: „ჩემს ქურქქვეშ გინდ მეფესაც მოვკლავო". ყველაფერი ეს გიხსნის და გათავისუფლებს ყოველგვარი პირმოთნეობის, თვალთმაქცობისა და ვალდებულებისაგან, ამიტომაც ამ ისტორიაზე რაც გენებოს, ისა სთქვი; ნუ გეშინია: ცუდს იტყვი- არავინ დაგემდურება, კარგს იტყვი - არავინ დაგაჯილდოვებს.

    მინდოდა ეს წიგნი, როგორც დამიწერია, ისე გაულამაზებლად და მოურთავ-მოუკაზმავად მომერთმია შენთვის; არც პროლოგი დამერთო თავში, ან სხვადსხვა უამრავი წარწერები, არც ჩვეულებრივი სონეტები, ეპიგრამები და ქებათა-ქებანი წამემძღვარებია წინ, როგორც სხვა მწერლები ჩადიან ხოლმე. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ წიგნის შეთხზვამ ცოტად კი არ გამიჭირვა საქმე; მაგრამ ახლა რომ პროლოგს კითხულობ, იმის დაწერას რაც შრომა მოვანდომე, იმდენი, მგონია, არაფრისთვის არ მომინდომებია. ბევრჯერ ავიღე კალამი და ისევ დავდე, რადგან არ ვიცოდი - რა დამეწერა. და აი, ერთხელ, მაგიდასთან ვიჯექი, ერთი თაბახი ქაღალდი მედვა წინ, კალამი ყურს უკან მქონდა გაჩრილი, იდაყვით მაგიდაზე ვიყავი დაბჯენილი და ლოყით ხელზე დაყრდნობილი; ამ მდგომარეობაში ვფიქრობდი და ვყოყმანობდი, რა დამეწერა. ამ დროს მოულოდნელად ერთი ჩემი მეგობარი მეწვია, ჭკვიანი და მხიარული ხასითის კაცი, და ასეთ გაჭირვებაში რომ მნახა, დაღრეჯილობის მიზეზი მკითხა. არაფერი დავუმალე და ვუთხარ - ძალიან მეძნელება დონ კიხოტის ამბისათვის წინასიტყვაობის დაწერა-მეთქი; მგონი, ყველაფერს თავი დავანებო და ესოდენ პატიოსანი და კეთილშობილი რაინდის საგმირო საქმენი აღარ გავაქვეყნო-მეთქი.

    - აბა, როგორ გნებავთ, განა არ უნდა დავღონდე? რას იტყვის უძველესი კანონმდებელი, ანუ ხალხი, რომ ამოდენა ხანი დავიწყებაში ვიმყოფებოდი და ახლა სიბერის ტვირთით დაუძლურებული კვლავ ასპარეზზე გამოვდივარ  და ისიც ჩალასავით გამოფიტული თხზულებით, სადაც მკითხველი ვერცა-რა მახვილგონიერებას შეხვდება, ვერც მჭერმეტყველებას, ვერც სიბრძნესა და მეცნიერებას, ვერც სქოლიოებს კაბადონებზე და ვერც განმარტებასა და შენიშვნებს წიგნის ბოლოში, სხვა წიგნები კი, თუმცა წმინდა მოგონებებითა და ზღაპრებითაც არიან სავსენი, მაინც ისე არიან შეზავებულნი არისტოტელეს, პლატონისა და სხვა ფილოსოფოსთა აზრებით, რომ აღტაცებული მკითხველი წიგნის ღირსებით გაოცებულია და მთხზველიც მწიგნობრად, განათლებულად და მჭერმეტყველად მიაჩნია-მეთქი. აბა უცქირეთ, ზოგი მწერალი რას ჩადის! თავის ნაწერში საღვთო წერილსაც კი იმოწმებს-მეთქი: გეგონებათ წმინდა თომები, ან ეკლესიის მოძღვრები იყვნენ. მასთან ასე ოსტატობენ: ერთ გვერდზე რომ ვიღაც ჩერჩეტ და გარყვნილ მოარშიყეზე გვიამბობენ, მეორეში უმალ საღვთო წერილებიდან ქრისტიანულ ქადაგებას მოგიყვებიან და ისეთს დარიგებას გეტყვიან, რომ ყურს ვერ მოაშორებ და თვალს ვერ მოარიდებთ. ჩემს წიგნს ასეთი არა ეცხება-რა: არც სქოლიოში მაქვს რამე ჩასაწერი და არც ბოლოში რამ გასამარტებელი: ისიც არ ვიცი, რომელ ავტორს მივყვე, რომ წიგნის ბოლოში მისი სახელი მაინც გამოვაცხადო, როგორც სხვები სჩადიან ხოლმე, ანბანის რიგზე, არისტოტელედან მოკიდებული ჰომეროსამდე, ქსენოფონტე, ზოილი და ზევქსისიც შიგ ჩავატანო და არავითარი ყურადღება არ მივაქციო იმას, რომ პირველი ბოროტი მოლაყბე იყო და მეორე კი მხატვარი. ჩემს წიგნს არც სონეტები ექნება დართული წინასიტყვაობის მაგიერ; მეტადრე მარკიზების და ჰერცოგების შეთხზულები, ანუ გრაფების და ეპისკოპოსებისა, ანუ კიდევ გამოჩენილი სეფე-ქალებისა და შესანიშნავი პოეტებისა, თუმცა შემეძლო ორიოდე ჩემი მეგობრისათვის მეთხოვა, - ისეთ სონეტებს შემითხზავდნენ, მთელს ესპანეთში ბადალი არა ჰქონოდათ-მეთქი. ერთი სიტყვით, ჩემო ხელმწიფევ და მეგობარო, - განვაგრძე მე, - ჩემი გადაწყვეტილება ეს არის-მეთქი: ბატონმა დონ კიხოტმა ლამანჩის არქივებში იმ დრომდის განისვენოს, ვიდრე ჩემზე ნიჭიერი მწერალი ვინმე გამოჩნდებოდეს და იმ ნაკლს შეუვსებდეს, რაც მე ვერ შევიძელ: არც ძალა შემწევს და არც სწავლა მაქვს, რომ ამას ვუშველო რამე, მასთან ბუნებითაც ზარმაცი და უსაქმური ვარ, - თავის შეწუხება მეზარება: ვერ წავალ და იმ მწერლებს ვერ მოვძებნი, რომელნიც იმის მეტს ვერას მეტყვიან, რაც თვითონ შემიძლია ვთქვა. აი, ამიტომ ვარ ღრმად დაფიქრებული და დაღონებული, ყველა ამ მიზეზს, რაც ახლა გაგაცანით, მგონია, კაცის დაღონება შეუძლია-მეთქი.

    ჩემმა მეგობარმა მოისმინა ჩემი ნათქვამი, შუბლზე ხელი იტკიცა და ხმამაღალი ხარხარით მითხრა:

    - გარწმუნებთ, ძმობილო, ახლა იმ ცდომილებიდან გამომიყვანეთ, რა ცდომილებაშიც ჩვენი ხანგრძლივი ნაცნობობის აქეთ ვიმყოფებოდიო. ყოველთვის გონიერი და მოფიქრებული კაცი მეგონეთ და ახლა კი ვხედავ - ერთი ბეწვის ოდენა ჭკუაც არა გქონიათო. ნუთუ ასეთ უმნიშვნელო და ადვილად გამოსასწორებელ გარემოებას დაუფიქრებიხართ? მაგ ჭკუის პატრონი ასეთმა უბრალო რამემ როგორ შეგაწუხათ, როდესაც უფრო მძიმე საქმეები დაგიძლევიათო? პატიოსნებას გეფიცებით, ეგ იმიტომ კი არ მოგდით, რომ ნიჭი გაკლიათ, არამედ იმიტომ, რომ ზანტი ხართ და მოსაზრება არა გყოფნითო. გინდათ დაგარწმუნებთ, რომ სიმართლეს მოგახსენებთო? მაშ, აბა ყური დამიგდეთ, ბეჯითად მომისმინეთ, რასაც გეტყვით და დაინახავთ, მაგ გაჭირვებასა და ყველა სიძნელეს ერთ წამში გაგიქარწყლებთ და იმ ნაკლს შეგივსებთ, რომლის გამო, როგორც ამბობთ, ძლიერ შეწუხებული ხართ, აღარ გყოფნით გამბედაობა და ლამის თავი დაანებოთ თქვენი შესანიშნავი დონ კიხოტის - მთელი მოგზაური რაინდობის ამ სარკისა და მანათობლის - ამბების გამოქვეყნებასო.

    - კეთილი, - მივუგე მე, როცა მისი სიტყვები მოვისმინე. - აბა მითხარით, როგორ აპირებთ ამოავსოთ უფსკრული ჩემი შეძრწუნებისა და გაფანტოთ ქაოსი ჩემი დაღრეჯილობისა-მეთქი.

    ამის საპასუხოდ წარმოთქვა:

    - თქვენი შეწუხების პირველი მიზეზი ის არის, რომ წიგნის დასაწყისში დიდებულ და სახელოვან კაცთა მიერ შეთხზული სონეტები, ეპიგრამები და შესხმანი არ დაგიტანებიათ. ამ უბედურებას აი, როგორ უნდა უშველოთ: ეგ შესხმანი და სონეტები როგორმე თქვენ თვითონ შეთხზეთ, და ქვეშ - ვისი სახელიც უფრო მოგწონთ, ის მიაწერეთ, თუნდ მღვდელმთავარ იოანე ინდოეთელისა ან ტრაპიზონის იმპერატორისა. გამიგონია, და ამის შესახებ ცნობებიც კი მოიპოვება, რომ ესენი ჩინებული პოეტები ყოფილან; თუნდაც პოეტები არ ყოფილიყვნენ, და ვინიცობაა ვინმე ახირებულმა, პედანტებმა ანუ თვითონ ბაკალავრებმაც კამათი დაგიწყონ, გაგათახსირონ და გეკინკლავონ, ეს სიცრუეაო, - ყველაფერ ამას აინუნშიც ნუ ჩააგდებთ, რადგან სიცრუე კიდეც რომ დაგიმტკიცონ, რას გიზამენ? იმ სიცრუის დამწერ ხელს ხომ ვერ მოგჭრიან? რაც შეეხება კაბადონებზე იმ წიგნთა და ავტორთა ციტატების მოთავსებას, რომელთაგანაც ამოიღეთ სენტენციები და წარმონათქვამები თქვენი მოთხრობისათვის, გირჩევთ ასე მოიქცეთ: გარემოებისდაგვარად შეუფარდეთ რომელიმე სენტენცია ან ანდაზა, რომელიც ზეპირად იცით, ან ყოველ შემთხვევაში ადვილი მოსაძებნია. მაგალითად, როცა თავისუფლებასა და მონობაზე ალაპარაკდებით, ეს დაატანეთ: Non bene pro toto libertas venditur auro[1], და იქვე კაბადონებზე აღნიშნეთ, რომ ეს ჰორაციუსის, ან ვინმე სხვა მწერლის სიტყვებია-თქო. თუ ვინიცობაა წიგნში სიკვდილის დაუნდობლობასა და მის მომსრავ ძალაზე იყოს ლაპარაკი, დაუყოვნებლივ მიაწერეთ: Pallida mors aequo pulsat pede pauperum tabernas Requmque turres[2]. თუ მეგობრობასა და სიყვარულზე გინდათ, ანუ მტრის სიყვარულზე, რასაც თვითონ ღმერთი გვიბრძანებს, მაშინვე საღვთო წერილი გადაშალეთ და ადვილად იპოვით თვით უფლის ნათქვამს: Ego autem dico vobis; diligite inimicos vestros[3]. თუ ბოროტ განზრახვაზე მოგიხდეთ ლაპარაკი, გაიხსენეთ სახარება: De corde exeunt cogitationes malae[4]; თუ მეგობრის გაუტანლობაზე იმსჯელებთ, მაშინ კატონი მოიხმარეთ თავის ორსტრიქონიანი ლექსით: Donee eris felix, multos numerabis amicos. Tempora si fuerint nubila, solus eris[5].

    ასეთი ციტატების გამო, სხვა რომ არა იყოს-რა, ლათინური ენის დიდ მცოდნედ მაინც ჩაგთვლიან, და ეს კი ჩვენს დროში ძალიან საპატიო და სასარგებლო სახელია.

    ახლა წიგნის ბოლოში თუ შენიშვნებსა და განმარტებას დაურთავთ, ამის შველაც ადვილია. დამშვიდებით შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: თქვენს წიგნში თუ ვინმე ფალავანზე შეგხვდეთ ლაპარაკი, ისე მოახერხეთ, რომ იმ ფალავანს უთუოდ გოლიათი დაარქვათ, - ეს ადვილია. ამით არაფერი დაგიშავდებათ, ხოლო ამ სახელიდან წიგნის ბოლოს მთელი ერთი გრძელი შენიშვნა გაგიჩნდებათ, მაგალითად, ამგვარი: „ფალავანი გოლიასი, ანუ გოლიათი, ფილისტიმელი იყო, რომელიც თერეფინტოს ველზე მწყემსმა დავითმა შურდულიდან ქვის სროლით მოკლა, როგორც მოგვითხრობს წიგნი მეფეთა ამა და ამ თავში, ამა და ამ მუხლში, სადაც შეგიძლიათ ეს ამბავი წაიკითხოთ", და სხვა (მონახეთ და აღნიშნეთ ეს თავი).

    მერე, თუ გინდათ სწავლულ კაცად აჩვენოთ თავი, სხვადასხვა საერო მეცნიერების მცოდნედ და დიდ კოსმოგრაფადაც, ეცადეთ როგორმე წიგნში მდინარე ტახო მოიხსენოთ. მაშინ შეგეძლებათ ერთი გრძელი და ჩინებული შენიშვნა დაურთოთ. ასე იტყვით: „მდინარე ტახოს ეს სახელი ესპანეთის ერთი მეფისაგან დაერქვა; ამ მდინარეს სათავე ამა და ამ ადგილას აქვე, და ჯერ რომ ჩინებული ქალაქის ლისაბონის კედლებს ეამბორება, მას შემდეგ იგი ოკეანეს ერთვის. ამბობენ, ვითომც ამ მდინარეში ოქროს ქვიშა იპოვებოდეს... და სხვა. თუ ქურდებისა და ავაზაკების აღწერა დაგჭირდეთ, კაკუსის ამბავს მოგცემთ, რომელიც ზეპირად ვიცი. თუ ზნედაცემულ მანდილოსნებზე სწეროთ, - აი მონდონედის ეპისკოპოსი, ის მოიხმარეთ: მისი ლამია, ლაისა და ფლორა აიღეთ საგნად და ამაზე ერთი დიდი შენიშვნა შეთხზეთ, რითაც საყოველთაო პატივისცემას დაიმსახურებთ; თუ სასტიკ და გულქვა ქალებზე თქვათ რამე - ოვიდიუსი დაგეხმარებათ მისი მედეათი; თუ გრძნეულ და ჯადოსან ქალებზე ჩამოაგდოთ ლაპარაკი - ჰომეროსი მიგითითებთ თავის კალიფსოზე და ვირგილიუსი თავის ცირცეაზე; თუ მამაცი სარდალი იქნება საჭირო - თვითონ იულიუს კეისარი აქ არ არის თავის მოგონებებით, ან კიდევ პლუტარქე არ შემოგთავაზებთ ათასობით ალექსანდრეას? თუ მიჯნურობაზე მოგიხდეთ ლაპარაკი და ტოსკანური ენა ოდნავ მაინც გაგეგებათ, მაშინ ლეონ ჰებრეო ასეთებით ყელამდის აგავსებთ, და, თუ სხვა ქვეყანაში დაგეზაროთ წასვლა, ფონსეკა და მისი თხზულება ხომ შინა გაქვთ. მის „ღვთისნიერ სიყვარულში მოთავსებულია ყველაფერი, რაც კი ამ თემაზე დაწერილა: ვერც თქვენ და ვერც სხვა ვინმე დიდი მცოდნე უკეთესს ვერ ინატრებს და მას თქვენ კი არა, თვითონ ღრმა მეცნიერიც მრავალგვარად გამოიყენებს. ერთი სიტყვით, ეცადეთ თქვენს ამბავში მხოლოდ ის სახელები მოიხსენიოთ, რომლებიც გითხარით, ცოტაოდნად ისტორიასაც გამოჰკარით კლანჭი, მაშინ შენიშვნებისა და მაგალითების დაწერა მე მომანდეთ, და, გარწმუნებთ, იმდენი რამ მოვიგონო, რომ ოთხი დაბეჭდილი თაბახიც არ ეყოს.

    ახლა თუ იმ მთხზველების მოხსენება იქნება საჭირო, რომლებიც სხვა წიგნებისათვის დაურთავთ და თქვენსაში კი არ არიან, ამაზე ადვილი რა არის? მხოლოდ ისეთი წიგნი იშოვნეთ, სადაც ყველა ავტორის სია იყოს ჩართული ანიდან მოყოლებული ჰაემდის, როგორც თქვენ ბრძანებთ, და ეს ანბანური სია დაურთეთ თქვენს წიგნს; და თუ სიცრუეში დაგიჭირეს, ამით ბევრი არა დაგაკლდებათ-რა, რადგან თქვენთვის არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს მიბაძოთ ამ ავტორებს. უეჭვერლია, თქვენს წიგნს ისეთი გულუბრყვილო მკითხველიც ბევრი შეხვდება, რომ დაიჯეროს - ვითომ თქვენი უმანკო ამბის დასაწერად სიაში მოქცეული ყველა ავტორით იხელმძღვანელეთ. სულ რომ არა იყოს-რა, გამოჩენილი, სწავლულებისა და მეცნიერების სახელები თქვენს წიგნს ღირსებას მისცემს. მასთან, ვისთვის არის საჭირო გამოიკვლიოს მოხსენებული ავტორები მართლა მოგიხმარიათ თუ არა. მაგრამ უფრო მეტს ვიტყვი: ასე მგონია - თქვენი წიგნი არავითარ შევსებას და შელამაზებას არ საჭიროებს. თქვენ თქვენი წიგნი სარაინდო რომანების გასაკიცხავად დაგიწერიათ, - ამ საგანზე კი არც არისტოტელეს უწერია რამე და არც წმინდა ბასილს; ციცერონს ხომ სარაინდო რომანებზე არავითარი წარმოდგენა არ აქვს, მოჩმახულ სისულელეებს და აბდაუბდას არავითარი საერთო არა აქვს ჭეშმარიტების ზუსტ მოთხოვნილებასა და ვარსკვლავთმრიცხველობის დაკვირვებებთან; თქვენს წიგნს რა ხელი აქვს გეომეტრიულ განზომილებასთან ან საისტორიო საბუთებთან და წესებთან; მისი საგანი არც ქადაგებაა, სადაც ღვთაებრივი და კაცობრიული ერთმანეთში არის არეული: ამგვარი ქადაგებისაგან ღმერთმა ყველა ქრისტიანი დაიხსნას. ერთადერთი, რითაც უნდა ისარგებლოთ თქვენს თხზულებაში, ესაა ძველი წიგნების მიბაძვა, რადგან, რაც უფრო სრულყოფილი იქნება მიბაძვა, რაც უკეთესი კილოთი იქნება დაწერილი იგი, მით უმეტესად უნაკლულო იქნება წიგნი; რაკი ისა გაქვთ საგნად და გსურთ, რომ თქვენი თხზულება მიმართული იყოს იქითკენ, რათა მოსპოთ და ყველას თვალში დაამციროთ რაინდული რომანების მნიშვნელობა და გავლენა, რაც ჯერ კიდევ აქვთ მათ გაუნათლებელ ხალხში, ამისათვის როდია საჭირო სამოწყალეოდ დაეძებდეთ ფილოსოფოსებისაგან - ბრძნულ გამონათქვამებს, საღვთო წერილიდან - დარიგებებს, პოეტებისაგან - ზღაპრულ ოცნებებს, რიტორებისაგან - მჭევრმეტყველებას და წმინდანებისაგან - სასწაულებს. ეცადეთ მხოლოდ, რომ თქვენი სიტყვები გასაგები, ცხადი, თავაზიანი და წრფელი იყოს, რომ ამბავი გასართობი და კილოჟღეროვანი გამოვიდეს და სავსებით გამოხატოთ, რაც თქვენს ოცნება-გამოხატულებას წარმოუდგენია; ეცადეთ, სადაც ეს შესაძლებელია და დასაშვები, აზრები ერთმანეთში არ არიოთ და არ დახლართოთ, გასაგებად და ნათლად გამოთქვათ გულისნადები; ეცადეთ აგრეთვე ამბავს მხიარული ხასიათი მისცეთ, რომ თქვენი მოთხრობის წაკითხვამ გულჩათხრობილი კაცი გააცინოს, მხიარული ჩვეულებრივზე მომეტებით ახარხაროს, მარტივსა და ჩერჩეტს თავი არ მოაბეზროს, გამოცდილი თქვენმა ხელოვნებამ გააკვირვოს, დარბაისელმა იგი არ აითვალისწუნოს და ბრძენსაც თქვენი ქება ათქმევინოს, ერთი სიტყვით, მუდამ ისა გქონდეთ მიზნად, ძირს დასცეთ ის უზარმაზარი ფუტურო ნაგებობა, სარაინდო რომანები რომ ჰქვია და მკიცხავებზე უფრო მეტი მაქებარი რომა ჰყავს. და თუ ამას მოახერხებთ, - თქვენს ფრიად საქებარს მიზანს მიაღწევთ.

    უღრმესი ყურადღებით ვუსმენდი ჩემს მეგობარს და მისი აზრები ისე მომეწონა, ისე აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში მისი სიტყვები, რომ სიტყვის შეუბრუნებლად სამართლიანად ჩავთვალე ისინი და წინასიტყვაობის ნაცვლად ამ ჩემს ამბავს პროლოგად დავურთე. დახე შემთხვევას, საყვარელო მკითხველო! როცა ამ პროლოგს წაიკითხავ, მიხვდები, თუ რა ჭკვიანი ყოფილა ჩემი მეგობარი და რარიგად მიშველა მისმა ფხიზელმა გონებამ: მერე და რა გაჭირვების ტალკვესად მომევლინა ასეთი მრჩეველი! გარდა ამისა, შვებას იგრძნობ, რომ რაღაც-რაღაცების მოგონებით აღარც მე გავიხეთქე თავი და არც შენ შეგაწუხე და ასე შეულამაზებლად და შეუმკობლად წარმოგიდგინე ისტორია სახელოვანი დონ კიხოტ ლამანჩელისა; შენთვისაც ასე სჯობია; ერთი, რომ - წაკითხვაზე ცოტა დრო დაგეხარჯება და მეორე - რაც მომხდარა, მხოლოდ იმას შეიტყობ. ბევრს არ დაგამუნათებ, რომ ასეთი შესანიშნავი რაინდის თავგადასავალს გიამბობ, რომელზედაც მონტიელის მიდამოს მცხოვრებნი ახლაც კი აზრისანი არიან, რომ იგი უბიწო მიჯნური და უშიშარი რაინდი იყოო და მისი მსგავსი ჩვენს მხარეში დიდი ხანია აღარ ყოფილაო. არ მსურს თქვენს წინაშე გავაზვიადო ჩემი დამსახურებანი ასეთი გამოჩენილი და სასახელო რაინდის გაცნობით, მაგრამ შესანიშნავი სანჩო პანსას, ჩვენი რაინდის საჭურველმტვირთველის გაცნობას კი, იმედი მაქვს - დიდად დამიმადლებ; რადგან, ასე მგონია, ამ კაცში თავმოყრილია საჭურველმტვირთველთა ყველა ნიჭი და ღირსება, რომელთა აღწერა გაბნეულია უამრავ სულელურ სარაინდო რომანებში. დასასრულ, ღმერთმა მშვიდობა შენც მოგცეს და მეც ნუ დამივიწყებს. Vale[6]!

    თავი I

    სადაც მოთხრობილია სახელოვანი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელის ზნე-ხასიათისა და ჩვეულების ამბავი

    ლამანჩის რომელიღაც სოფელში - სახელის მოგონება არა მსურს, არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ცხოვრობდა ერთი იდალგო - იმათთაგანი, რომელთა მთელ სიმდიდრეს შეადგენს მამაპაპური შუბი, ძველისძველი ფარი, ერთი ჯაგლაგი ცხენი და ერთიც მწევარი. ეს იდალგო ძალიან უბრალო ცხოვრებას ეწეოდა: ბევრჯერ სადილად ძროხის ხორცის ოლასა ჭამდა, ცხვრის ხორცს კი იშვიათად მიირთმევდა, თითქმის ყოველ ვახშმად ვინეგრეტს გიახლებოდათ, შაბათობით ქონიან ტაფამწვარს, პარასკეობით ოსპის შეჭამანდს, და კვირაობით კი, სხვა ჩვეულებრივ სანოვაგეს გარდა, მტრედის ტაბაკს, - ამას უნდებოდა მისი შემოსავლის სამი მეოთხედი, ხოლო დანარჩენი ტანისამოსზე ეხარჯებოდა: სადღესასწაულოდ იკერავდა წმინდა მაუდის მოსასხამს, ხავერდის შარვალს და წაღებს; სამუდამდღეოდ საუკეთესო ხარისხის შინაური ქსოვილის ტანსაცმელს ხმარობდა. მასთან   ცხოვრობდნენ: ერთი ორმოც წელს გადასული სახლის გამგებელი მანდილოსანი, ერთი დისწული ქალი - დაახლოებით ოცი წლისა და ერთიც მსახური ბიჭი - შინ და მინდვრად სამუშაოდ: ამ ბიჭის მოვალეობა იყო ბებერი ცხენის შეკაზმვა და ბაღში სასხლავის ხმარება. ჩვენი იდალგო ორმოცდაათი წლისა სრულდებოდა; თუმც კაფანდარა და პირხმელი იყო, მაინც ბრგე აგებულება ჰქონდა, ნადირობის დიდი ტრფიალი იყო და დილაადრიან ადგომა უყვარდა. ამბობენ, სახელად კიხადა თუ კესადა ერქვაო (ამ საკითხში მისი ცხოვრების აღმწერნი ერთმანეთს არ ეთანხმებიან), მაგრამ ამ საგნის ბეჯითსა და უფო კეთილსინდისიერ მკვლევარს თუ დავუჯერებთ, უფრო კეხანა უნდა რქმეოდა. თუმც ჩვენი მოთხრობისათვის ამას არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ მნიშვნელოვანია ნაამბობში ჭეშმარიტებას ოდნავადაც არ გავცდეთ.

    ისიც უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული იდალგო მოცლილობისას (ხოლო ის თითქმის მთელი წლის მანძილზე მოცლილი იყო), სულ სარაინდო რომანებს კითხულობდა და ისეთის გულმოდგინებით და თავდავიწყებით, რომ მამულის მოვლასა და ნადირობასაც კი მიანება თავი. მისი ცნობისმოყვარეობა და ჭკუადამთხვეულობა იქამდის მივიდა, რომ რამდენიმე ქცევა ხოდაბუნი გაყიდა, რათა საკითხავად სარაინდო წიგნები შეეძინა, და შინ იმდენი მოაგროვა ეს რომანები, რამდენის შოვნაც კი შეეძლო. ამ წიგნებში ყველაზე სახელგანთქმულად გამოჩენილი ფელისიანო დე სილვას თხზულება მიაჩნდა, რადგან მისი პროზის ბრწყინვალება და მაღალფარდოვანი სიტყვები ჩვენს იდალგოს უბრალოდ წარმოედგინა. მეტადრე მოსწონდა სატრფიალო წერილების ან ხმალში გამოწვევის ამბავთა წაკითხვა, სადაც ხშირად აღნიშნული იყო შემდეგი: „მსჯელობათა, რომლითაც თქვენ ჩემთა სჯათა განსჯით, ეგზომ აქვთ გავლენა ჩემთა განსჯათა ზედა, რომ მე განუსჯელად განვსჯი თქვენს მშვენიერებას. და კიდევ ასეთებსაც კითხულობდა: „...ცანი მაღალნი ვარსკვლავთა საშუალებით თქვენი ღვთაებრიობისა ღვთაებრივად დამამტკიცებელი, იმ ღირსებათა ღირსად გქმნიან თქვენ, რისიც ღირსია თქვენი ღირსეულობა... ასეთი ფრაზების კითხვამ ჩვენს საბრალო კაბალიეროს გონება შეურყია. მთელ ღამეს სულ იმ თავისხეთქაში ათენებდა, ეგებ მათი აზრი როგორმე ამოეხსნა და შეეგნო, მაგრამ ამას აბა როგორ შეიძლებდა, როდესაც იმათი აზრის შეგნება და გაგება თვითონ არისტოტელესაც გაუჭირდებოდა, თუნდაც ეს გამოჩენილი მეცნიერი განგებ ამისათვის მკვდრეთით ამდგარიყო. ადვილი როდი იყო წარმოედგინა, თუ როგორ ღებულობდა ბრძოლებში უამრავ ჭრილობას დონ ბელიანისი. ან, პირიქით, როგორ აშთობდა იგი სხვებს, რადგან იდალგოს ეგონა, რაც არ უნდა გამოცდილი ყოფილიყვნენ ექიმები, ამ რაინდს მთელი ტანი და სახე მაინც ჭრილობებით აჭრელებული ექნებოდაო. მაგრამ მაინც ძლიერ აქებდა ავტორს და ის უფრო მოსწონდა, რომ ამბავს ლაზათიანად აბოლოებსო და თან წიგნის კვლავ განგრძობას გვპირდებაო. ბევრჯერ მოუვლიდა ხოლმე ჟინი კალამი აეღო და თვითონ ბოლომდე დაეწერა წიგნის გაგრძელება, როგორც იქ იყო დაპირებული. ამას, ალბათ, ჩაიდენდა, იქნებ სასიქადულოდაც აესრულებინა კიდეც, თუ ხელი არ შეეშალა სხვა ღირსშესანიშნავ და გადაუდებელ განზრახვებს. ჩვენი კაბალიერო ხშირად ეკამათებოდა ხოლმე თავის სოფლის მღვდელს (მღვდელი მეცნიერი კაცი იყო და სწავლულის ხარისხი სიგუენსაში ჰქონდა მიღებული) იმაზე, თუ რომელ რაინდს უფრო შვენოდა პირველობა: პალმერინო ინგლისელს, თუ ამადის გალელს; მაგრამ სოფლის დალაქი, ოსტატი ნიკოლასი, ამტკიცებდა, რაინდ ფებს ვერცერთი ვერ შეედრებაო. და თუ ვინმესთან შეიძლებოდა იმის შედარება, რასაკვირველია, ისევ დონ გალაორთან, ამადის გალელის ძმასთან, რადგან ზნითა და ხასიათით ყველას მჯობნია, ძმასავით მოწუწუნე და პრანჭია არაა და ვაჟკაცობითაც მას არ დაუვარდებაო.

    ერთი სიტყვით, ჩვენი კაბალიერო ისე გაიტაცა წიგნების კითხვამ, რომ მთელ დღესა და ღამეს კითხვაში ატარებდა, ხოლო ამას ის მოჰყვა, რომ უძილობითა და ბევრი კითხვით მთლად გამოტვინდა და გაგიჟდა. სულ ისღა ელანდებოდა, რაც წიგნებში ამოიკითხა: გრძნეულებანი, აყალმაყალი, ჩხუბი და ბრძოლები, ხმალში გაწვევანი, ჭრილობები, არშიყობანი, სამიჯნურო პოემები, გულის წუხილი და სხვა მრავალი ახირებული სისულელე. ისე მტკიცედ სწამდა ყველა ეს მოჩმახული და სულელური ზღაპარი, რომ მათზე ჭეშმარიტი ამბავი ქვეყნად სხვა აღარა ეჩვენებოდა-რა. სჯეროდა, რომ სიდი რუი დიასი სახელოვანი რაინდი იყო, მაგრამ - უმატებდა, მგზნებარე მახვილის რაინდს მაინც ვერ შეედრებოდა, ხმლის ერთი შემოკვრით ორი უზარმაზარი, მძვინვარე გოლიათი შუაზე რომ გაკვეთაო. უფრო მეტ პატივს სცემდა ბერნანდო დელ კარპიოს, რადგან მას რონსევალის ხეობაში მოხიბლული როლანდი იმავე ხერხით მოეკლა, რა ხერხითაც ჰერკულესმა მიწის ძედ წოდებული ანთეოსი მოახრჩო. დიდ ხოტბას ასხამდა გოლიათ მორგანტს, რადგან იგი, თუმც ამპარტავანი და თავხედი გოლიათებისაგან შთამომავლობდა, მაინც ზრდილობიანი და თავაზიანი ხასიათის იყო. მაგრამ ყველაზე მომეტებულად მას რეინალდო დელ მონტალბანელი მოსწონდა, მეტადრე მაშინ როცა მას თავის ციხე-დარბაზიდან გამოლაშქრებულ წარმოიდგენდა გამვლელ-გამომვლელთა საძარცვავად გამოსულს, ანუ ზღვის გაღმა ქვეყნებში გამგზავრებულს მაჰმადის კერპის მოსატაცებლად - ავტორის სიტყვით, პიტალო ოქროსი რომ ყოფილა. ხოლო მოღალატე განელონის ერთი მაგარი მიბეგვისათვის ჩვენი იდალგო სიამოვნებით დასთმობდა თავის სახლის გამგებელ ქალს და დისწულსაც მიუსართებდა.

    ბოლოს სავსებით ჭკუანაღრძობმა, ისეთი უცნაური საქმე განიზრახა, როგორც ამქვეყნად არასოდეს არც ერთ გიჟს ფიქრადაც არ მოსვლოდა. სახელდობრ ის, რომ მეტად საჭიროდ მიაჩნდა, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნად ეხეტიალნა, - ერთი სიტყვით, ყოველივე ის გაეკეთებინა, რასაც ჩვეულებრივ ჩადიოდნენ რომანებში ამოკითხული მოგზაური რაინდები: დათრგუნვილი ჭეშმარიტება აღედგინა, არავითარ საფრთხეს და გაჭირვებას არ მორიდებოდა, დევნილთა და უპატრონოთ გამოსარჩლებოდა და ამით საუკუნო სახელი და დიდება დაემკვიდრებინა.

    საბრალოს, თითქოს, ამ თავითვე ელანდებოდა, რომ ვაჟკაცურ ღვაწლთა ჯილდო სულ არა ოყოს-რა, ტრაპიზონის სამეფო გვირგვინს მაინც დაადგამდა თავზე. ასეთი საამური ფიქრებით გატაცებული და არაჩვეულებრივად გახარებული დონ კიხოტი დაეშურა თავისი წადილი ჩქარა შეესრულებინა. უწინარეს ყოვლისა, გაწმინდა სადღაც კუთხეში მიყრილი, საუკუნოვანი ჟანგითა და ობით დაფარული მამაპაპისეული იარაღი. როგორც შეეძლო, კარგად გააპრიალა და შეაკეთა ის; მაგრამ ანაზდად შენიშნა, რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი აკლდა: ზარადიანი ჩაჩქანის ნაცვლად ნაგლეჯიღა დარჩენილიყო. მაგრამ მისმა ხერხიანობამ აქაც უშველა: მუყაოსაგან ნახევრად-ჩაჩქანი გააკეთა, ნაგლეჯს მიამაგრა და ნამდვილი ჩაჩქანის მსგავსი რაღაც შეაკოწიწა. არ დავფარავთ, რომ ჩვენს იდალგოს მოუნდა - გამოეცადნა მისი სიმტკიცე და გაეგო - გაუძლებდა თუ არა ის ბრძოლებს. ამ განზრახვით დაშნა აიღო, ორჯერ ღონივრად შემოჰკრა ჩაჩქანს და მთელი კვირის ნამუშევარი პირველივე დარტყმით ერთ წუთშივე გაანადგურა. ჩაჩქანი რომ ასე ადვილად ნაკუწ-ნაკუწად იქცა, არც თუ დიდად ესიამოვნა, და რომ ასეთი საფრთხისათვის კვლავ თავი დაეღწია, ჩაჩქანის კეეთებას ხელმეორედ შეუდგა. მეტი სიმაგრისათვის შიგ რამდენიმე ფირფიტა დაატანა და მავთულით რკინის ბალთები გაუკეთა. დაბოლოს, ფრიად კმაყოფილი დარჩა ჩაჩქანის სიმტკიცით, ამ ნაკეთობის ხელმეორედ გამოცდა აღარ მოისურვა, დიდად მოეწონა თავისი ნახელავი და დარწმუნდა, ასეთი ნამდვილი, მაგარი და რიგზე შეჭედილი ჩაჩქანი მთელს ქვეყანაზე არავის ექნებაო.

    იარაღი რომ მოაწყო, ახლა თავისი ჯაგლაგი შეათვალიერა, თუმცა იმ ცხენს იმდენი სენი სჭირდა, რამდენი კუარტო რეალშიც არ იქნება და გონელის ცხენზედაც ბევრად საცოდავი სანახავი იყო, რადგან ტყავისა და ძვლებისგანღა შესდგებოდა, მაინც ალექსანდრე მაკედონელის ბუცეფალსა და სიდის ბაბიეკზე უკეთესი მოეჩვენა. მთელი ოთხი დღე იმაზე იმტვრევდა თავს, თუ რა სახელი დაერქმია ამ უბადლო ცხენისათვის, რომ მისი შესაფერი ყოფილიყო. რადგან, ასე ფიქრობდა: განა უსამართლობა არ იქნება, ესოდენ შესანიშნავი რაინდის ცხენს და თავისთავადაც ესოდენ ჩინებულს, ყოველთვის ცნობილი სახელი არ ჰქონდესო? ამიტომ მოისურვა ცხენისათვის ისეთი სახელი დაერქმია, რომ იმ სახელით უმალ გასაგები ყოფილიყო, თუ რა იყო ის ცხენი მოგზაური რაინდის ბედაურად გახდომამდის, და რა შეიქმნებოდა მის შემდეგ: მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ თუ პატრონი იცვლიდა სახელს, მის ცხენსაც უნდა დარქმეოდა ახალი, უფრო სახელოვანი, მისი პატრონის ახალი, ღირსებისა და მდგომარეობის შესაფერი სახელი. დიდხანს იგონებდა სხვადასხვა სახელს, ზოგი დაიწუნა, ზოგი დაამოკლა, ათასნაირად გადააბრუნ-გადმოაბრუნა, კვლავ გამოიგონა და უარყო, ისევ დაძაბა მეხიერება და გონებას ძალა დაატანა. და ბოლოს შეჩერდა როსინანტზე, რადგან ეს სახელი უფრო დიდებული, უფრო ჟღეროვანი და მთელს ქვეყანაზე საუკეთესო ცხენისათვის უფრო შესაფერისი მოეჩვენა. ეს სახელი იმას მოასწავებდა, რომ მისი ცხენი წინათ უბრალო ჯაგლაგი იყო, ხოლო ახლა მთელს ქვეყანაზე უპირველესი ჯაგლაგი და ყველა დანარჩენზე წინამდეგარი გახდა.

    თავისი ცხენისათვის ასეთი მოხერხებული სახელი რომ მოიგონა, ახლა თავისთვის დაიწყო სახელის ძებნა და ამ ფიქრში გაატარა მთელი ერთი კვირა, მაგრამ როგორც იყო, ისიც გამონახა: დონ კიხოტი. სწორედ ამიტომ ამ მართალი ისტორიის ავტორები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიქრობენ, რომ ჩვენს იდალგოს, უეჭველად, კიხადა ერქვა და არა კესადა, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ. მაგრამ როდესაც მოაგონდა: სახელოვანი ამადისი მარტოოდენ ამადისად არასოდეს იწოდებოდა, ამიტომ თავის სახელს გალელი მიუმატა, - ალბათ, იმიტომ, რომ თავისი სამშობლო და სამეფო აღემაღლებია და ესახელებიაო, - ჩვენმა კაბალერომაც, როგორც რიგიან რაინდს შეეფერებოდა, თავის სახელს სამშობლოს სახელიც მიუმატა და დაირქვა დონ კიხოტ ლამანჩელი. ამგვარად, ყველასათვის საცნაური ხდებოდა მისი ვინაობა და სადაურობა, მასთან ამით მის სამშობლოსაც ღირსება ემატებოდა.

    და აი, რაკი იარაღი გაწმინდა, ზარადიანი ჩაჩქანიც მიაკოწიწ-მოაკოწიწა, ჯაგლაგს ახალი სახელი გამოუგონა და თვითონაც, როგორც კონფირმაციის დროს, სახელი გამოიცვალა, ახლა მარტო ისღა დარჩენოდა, გასამიჯნურებელი გულის ვარდი მოეძებნა; რადგან ცნობილია, რომ უმიჯნურო მოგზაური რაინდი უფოთლო და უნაყოფო ხეს ან უსულო სხეულს ემსგავსება. რაინდი ეუბნებოდა თავის თავს: ვინიცობაა, ჩემი ცოდვების კითხვამ, ანუ უფრორე ჩემი ბედის ვარსკვლავმა ბედნიერი შემთხვევით ვინმე გოლიათს შემყაროს (რაიცა ჩვეულებრივი მოვლენაა მოგზაური რაინდისათვის) და პირველი დაჯახებითვე, ვინიცობაა დავამხო იგი, ანუ შუბი შიგ გულ-ღვიძლში გავუტარო და შუა განვკვეთო, ანდა დაბოლოს, ჩემს ნებად მოვიხელთო, ვძლიო იგი და ვაიძულო შებრალება მთხოვოს, განა კარგი არ იქნება ამ შემთხვევისათვის სატრფო მყავდეს, რომ დამარცხებული გოლიათი მას საჩუქრად შევთავაზო? ის დაემხობა ჩემი უზენაესი მბრძანებლის ფეხთა ქვეშე და მორჩილების ხმით მოახსენებს: „ოი, უბადლო ქალბატონო, მე გახლავართ გოლიათი კარაკულამბრო, მალინდრაანის კუნძულის მფლობელი; პირისპირ შერკინებისას დამამარცხა სახელოვანმა რაინდმა დონ კიხოტ ლამანჩელმა, რომლის გმირობა და ვაჟკაცობა ყოველგვარ ქება-დიდებას აღემატება; აწ მისი ბრძანებით მოველ, რათა თქვენი მშვენიერების წინაშე დავემხო და თქვენს ფეხთა ქვეშე თქვენს უზენაეს განაჩენს ველოდო". ო, რაოდენ დიდ ბედნიერებას ეწია ჩვენი კეთილი რაინდი ამ სიტყვების წარმოთქმისას, მაგრამ სიხარული და შვება გაუორკეცდა, როდესაც, ბოლოს, იმ სულიერსაც მიაგნო, ვინაც გულის ვარდად უნდა დაესახა, ამბობენ მახლობელ სოფელში ერთი ფრიად კეკლუცი და ეშხიანი ნორჩი გლეხის გოგო ცხოვრობდაო, რომელსაც ერთ დროს ის ოდნავ ეტრფოდა კიდეც, თუმცა ეს ქალს არ გაუგია და ამიტომ გამიჯნურებულ რაინდს არავითარ ყურადღებას არ აქცევდაო. ქალს ალდონსა ლორენსო ერქვაო: ჩვენმა რაინდმა გადაწყვიტა ჩემ ფიქრთა მპყრობელი მზეთუნახავი სწორედ იგი უნდა გახდესო. ახლა ქალის სახელის ძებნას შეუდგა. ისეთ სახელს ეძებდა, რომ მის საკუთარ სახელსაც შეჰფარდებოდა და მასთან თავადის ან ვინმე წარჩინებულის ქალადაც გამოეჩინა. დიდი თავის მტვრევის შემდეგ დულსინეა ტობოსელი დაარქვა, რადგან ქალი სოფელ ტობოსოს მცხოვრები იყო. ეს სახელიც მეტად ჟღეროვანი, საგანგებო და არანაკლებ წარჩინებული ეჩვენა, ვიდრე მის მიერ უკვე გამოგონებული სხვა სახელები.

    თავი II

    სადაც მოთხრობილია მახვილგონიერი დონ კიხოტის პირველი გამგზავრება თავისი სამფლობელოდან

    რაკი ყველა სამზადისი დამთავრდა, დონ კიხოტმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შედგომოდა თავისი წადილის ასრულებას, ეგონა ამას იქით ჩემი დაყოვნება მთელ კაცობრიობას დიდ ზიანს მიაყენებსო: რამდენი შეურაცხყოფილი ელოდა გამოსარჩლებას, რამდენი უსამართლობა იყო აღმოსაფხვრელი, რამდენი უფლება - აღსადგენი, ქვეყანას დაამძიმებდა მრავალი გადაუხდელი ვალი, დაუსჯელი დანაშაული და ბოროტმოქმედბა! ყოველივე ამის პასუხისმგებლად ამიერიდან თავის თავსა თვლიდა. და აი, ერთ მშვენიერ დღეს, განთიადამდის (ეს იყო თაკარა ივლისი) ადგა, თავის განზრახვა არავის გააგებინა, ყველას შეუმჩნევლად აბჯარი აისხა, შეჰკაზმა როსინანტი, ზედ შეჯდა, უბადრუკი ჩაჩქანი თავზე ჩამოიფხატა, ცალი ხელით ფარი აიღო, მეორეში შუბი დაიჭირა და ბაკის უკანა ჭიშკრიდან მინდორში გავიდა. მეტად გახარებული და ნასიამოვნები იყო იმით, რომ ესოდენ სასახელო და პატიოსან საქმეს ასე ადვილად შეუდგა. მაგრამ ის იყო ტრიალ მინდორს დაადგა, რომ საშინელმა აზრმა გაუელვა თავში, რამაც კინაღამ ხელი ააღებინა დაწყებულ განზრახვაზე: მოაგონდა, რაინდად არა ვარ დალოცვილიო, და რაინდთა კანონით კი არ შეეძლო და ვერც გაბედავდა რომელიმე რაინდთან შერკინებას; ამასთან - თუნდაც დალოცვილი ყოფილიყო, მაშინაც, როგორც რაინდთა დასში ახლადშესულს, სადა აბჯარი და უდევიზო ფარი უნდა ეტარებინა, ვიდრე იმ დევიზს საკუთარი ვაჟკაცობით არ მოიპოვებდა. ამ ფიქრის გამო შეყოყმანდა, ცოტა გაწყდა - უკან არ დაბრუნდა, მაგრამ სიშმაგემ სძლია გონიერებას და ჩვენმა იდალგომ გადაწყვიტა, ვინც კი გზაზე პირველად შეხვდებოდა, რაინდად ის დალოცავდა; მრავალი რაინდი იქცეოდა ასე, თუ დავუჯერებთ რომანებს, რომლებმაც ესრეთ სავალალო მდგომარეობაში ჩააგდეს იგი. რაც შეეხება სადა აბჯარს, თავის თავს შეჰფიცა, პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში ისე გაეხეხა თავისი ფარ-ხმალი, ყარყუმზე თეთრი გამხდარიყო. ამ გადაწყვეტილებით დამშვიდებულმა გზა განაგრძო და ცხენსაც სადავე მიუშვა; ფიქრობდა: ფათერაკების მაძებარმა სწორედ ასე, თავის ცხენის ნებაზე უნდა იაროსო.

    ეს შემაწუხებელი ეჭვები რომ თავიდან მოიშორა, ჩვენი ახლადგამომცხვარი რაინდი ნელ-ნელა მიღოღავდა და თავის თავს ამას ეტუტუნებოდა:

    - ოდეს შორეულ მომავალში ჩემს სახელოვან საქმეთა მართალი ამბავი საცნაურ გახდება და ბრძენი ისტორიკოსი ჩემთა ესრეთ დიადთა ღვაწლთა აღწერას დაიწყებს, ეჭვი არ არის, ჩემს ესრეთ ადრინდელ გამოსვლას ასე მოუთხრობს: „სხივცისკროვანმა თებოსმა ახლადგამოფხიზლებულს დედამიწის წიაღზე თავისი უხვი ზილფების მოფენა იწყო თუ არა, ოქროსენიან მოადრევე ფრინველთაც ათასფეროვნად მოსდეს თუ არა ჰაერს თავისი ნარნარი სიმღერები და მით სალამი უძღვნეს ვარდისფერ ავრორას, რომელსაც თავისი ეჭვიანი მეუღლის რბილი სარეცელი დაეტოვებია, რათა ლამანჩის ჰორიზონტის კარიბჭეებისა და აივნებიდან მომაკვდავთათვის გამოეხედნა და კასტილიის ცის კამარის გასანათებლად ამოსულიყო, - სახელოვანმა რაინდმა დონ კიხოტ ლამანჩელმაც ბუმბულის ლოგინი დაუტევა, თავის შესანიშნავ ერთგულ როსინანტს შემოახტა და ძველს, დიდებულს მონტიელის ველზე გზას გაუდგა (ჩვენი გმირი სწორედ ამ ველზე იყო ახლა).

    და შემდეგ დაუმატა:

    - ბედნიერი იქნება ის დრო და ბედნიერი იქნება ის საუკუნე, როცა, დაბოლოს, საქვეყნოდ აშკარად დაინახავენ ჩემს მიერ ჩადენილ სახელოვან საქმეებს, რომელნიც ღირსნი არიან ბრინჯაოზე აღსაბეჭდად, მარმარილოზე გამოსაქანდაკებლად და ტილოზე დასახატავად მომავალ თაობათა სამახსოვროდ. იცოცხლონ მათ მუდამ, შეურყევლად, მომავალ თაობათა სამაგალითოდ და სამოძღვრებოდ! ხოლო შენ, ვინც უნდა იყო, ჰოი, ბრძენო მისანო, იმით ბედნიერო, რომ ჩემი უკვდავი მოგზაურობის აღწერა შენა გხვდება წილად. გევედრები, ჩემი ძვირფასი, ჩემს დაუსრულებელ მოგზაურობაში ჩემი ერთგული მეგობარი როსინანტიც არ დაივიწყო.

    შემდეგ თითქოს მართლა შეყვარებული იყო, ეშხით აღტაცებულმა შეჰყვირა:

    - ჰოი, ქალბატონო დულსინეა, ჩემი დამონებული გულის მფლობელო! რა მწარე ტანჯვას მაყენებ, რომ შენგან გამაძევე, შენი შეუდარებელი მშვენიერების ხილვა ეგრე სასატიკად ამიკრძალე, მაგრამ, დაე, ამ ტანჯვამ მაინც გაგახსენოს, ქალბატონო, ეს შენგან მოხიბლული, შენი მიზეზით ამდენი ვაების ამტანი ჩემი გული.

    ამ ბოდვას კიდევ მრავალი სხვაც დაურთო, ისეთივე აღტაცებით და იმ კილოთი და ჰანგით, როგორიც თავის რაინდულ წიგნებში ამოეკითხა და შეძლებისამებრ ცდილობდა ამ წიგნების ენისათვის მიებაძა და ამით ისე გაერთო და დაიხაფრა, რომ მზის კარგა მაღლა წამოსვლა ვერ შენიშნა და ვერც იმის მცხუნვარებას გრძნობდა, რომელიც თავს ისე ძლიერ უხურებდა, რომ ტვინი შეიძლება გალხობოდა, თუ კი ამის ნატამალი კიდევღა შერჩენოდა თავში. ჩვენმა გმირმა მთელი დღე ასე იარა და ისეთ ფათერაკს ვერას შეეჩეხა, საამბობლად რომ ღირდეს; ეს ძალიან წყინდა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა, რაც შეიძლებოდა ჩქარა შეხვედროდა ვინმეს, რომ თავისი მარჯვე მკლავის ძალა მასზე გამოეჩინა. ზოგი მწერალი ამბობს, პირველი ფათერაკი ლაპიჩის ხეობაში შეხვდაო, სხვები ამას ამტკიცებენ, რომ პირველად ფათერაკი ქარის წისქვილებთან ბრძოლაში შეემთხვაო. მე კი ლამანჩის მატიანეთა ბეჯითი გამოკვლევით დანამდვილებით შემდეგი გავიგე: ჩვენი რაინდი იმ დღეს მზის ჩასვლამდის სიარულს მოუნდა და ისე დაიღალა და დაიმშა თავის ჯაგლაგიანად, რომ საღამო ჟამს ერთიცა და მეორეც ფეხზე ძლივსღა დგებოდნენ. ასე გაჭირვებულმა დაიწყო აქეთ-იქეთ ცქერა, ეგებ ციხე-დარბაზი ან მეცხვარის ქოხი დავინახოო, რათა დავისვენო და ქანცმილეულმა ძალ-ღონე მოვიკრიბოო, - უცბად, გზიდან შორიახლოს, ერთი ფუნდუკი შენიშნა, ამ სანახავმა გზის მაჩვენებელ ვარსკვლავივით გაუბრწყინა თვალები, რადგან მისი გაჭირვების სავანე ის ფუნდუკი უნდა ყოფილიყო. შექუსლა როსინანტი და ბინდისას იმ ფუნდუკს კიდეც მიატანა.

    შემთხვევით ამ დროს ჭიშკართან ორი ახლაგაზრდა ქალი დახვდა, ისინი, რომელთა ზნეობას საეჭვო სახელი აქვს და მათ მსუბუქ ყოფაქცევის ქალებს უწოდებენ. ისინი მეჯორეებს მისდევდნენ სევილიაში და აქ ღამის გასათევად ჩამომხტარიყვნენ. ჩვენი რაინდი, რაკი ფიქრებით ძალიან შორს იცოდა ხოლმე წასვლა, ყველგან მხოლოდ იმას ხედავდა, რაც თავის რომანებში ამოეკითხა; ამიტომ იმ ფუნდუკში ჯერ არ მისულიყო, რომ ჩინებულ ციხე-დარბაზად მოეჩვენა იგი, ოთხ წოწოლაგუმბათიან კოშკის მქონედ, მზის სხივებზე ბრწყინავი ვერცხლით დაფერილი ყავრულებითა და ქონგურებით, გარშემო ხანდაკშემოვლებული ასაწევი ხიდებითა და მიწისქვეშა სავლელებით გამართული. ერთი სიტყვით, ეს სახლი იმგვარ ციხე-დარბაზად წარმოედგინა, როგორის აღწერაც თავის სარაინდო წიგნებში ბევრჯერ წაეკითხა. მიუახლოვდა რა ფუნდუკს (მისი ჭკუით - ციხე-დარბაზს), დონ კიხოტმა ჭიშკრის შორიახლო როსინანტს ჯილავი მოსწია და შეაყენა, რადგან ელოდა, ციხე-დარბაზის ქონგურებზე რომელიმე ქონდრისკაცი გამოჩენილიყო და რაინდის მობრძანება ბუკით ეცნობებინა, მაგრამ რაკი ქონდრისკაცი აყოვნებდა და ამასთანავე როსინანტიც დიდ სურვილს უცხადებდა ჩქარა თავლაში ამოეყო თავი, დონ კიხოტი რამდენიმე ნაბიჯით წინ წადგა, ჭიშკარს მიადგა და ზემოხსენებული მსუბუქი ყოფაქცევის ორი ქალი დაინახა. ისინი ტურფა ასულებად ან ციხე-დარბაზის გარეთ საღამო ჟამს მოსეირნე სეფექალებად მიიღო. ამ დროს ისე მოხდა, რომ იმათ გვერდზე რომელიღაც მეღორე ნაპურალიდან მოდენიდა ღორების კოლტს (მაპატიოს მკითხველმა, რომ ისინი საკუთარი სახელით ვახსენე) და მათ მოსაგროვებლად საყვირი დააყვირა. დონ კიხოტმა ეს საყვირი უმალვე იმის ნიშნად მიიღო, რაც ელანდებოდა. ეგონა, ქონდრისკაცი ციხე-დარბაზს ჩემს მოსვლას ატყობინებსო. ამიტომ ფიცხლად აათოხარიკა ცხენი, რომ ქალებთან ეშხიანად მისულიყო. ქალებმა რომ დაინახეს, შუბითა და ფარით უცნაურად შეიარაღებული რომელიღაც მხედარი გვიახლოვდებაო, შეეშინდათ და ფუნდუკისაკენ გაიქცნენ. მაგრამ დონ კიხოტი მათი შიშის მიზეზს მიხვდა, მსწრაფლ ჩაჩქანის ჩაფხუტი აიწია, თავისი გამხდარი და მტვრიანი სახე ნახევრად გამოაჩინა, წელში გაიმართა და თავაზიანად, დინჯი, სასიამოვნო ხმით უთხრა:

    - მშვენიერო მანდილოსანნო, ნუ გარბიხართ და ნურც რაიმე შეურაცხყოფისა გეშინიათ ჩემგან! რაინდთა კანონი, რომელის დაცვაზედაც ფიცი მაქვს მიცემული, სხვის შეურაცხყოფას მიკრძალავს, ვინც უნდა იყოს, და მით უმეტეს ისეთ ქალწულთა შეურაცხყოფას, როგორებადაც თქვენ მეჩვენებით.

    ქალებმა გაოცებით და გაშტერებით დაუწყეს ცქერა და თან ცდილობდნენ დანჯღრეული ზარადით ნახევრადდაფარული მისი სახე დაენახათ. ხოლო როცა დონ კიხოტმა უთხრა „ქალწულთაო", - სიცილი ვეღარ შეიკავეს, რადგან ამ სახელს ძალიან დაშორებულები იყვნენ. ამ სიცილზე დონ კიხოტი გაწყრა და მკაცრი ხმით უთხრა ქალებს:

    - სილამაზეს ზრდილობა შვენის, უმიზეზოდ სიცილი კი უმართებულო საქციელია, რასაც დიდი რეგვენი ჩადის. ამას იმიტომ არ ვამბობ, გაწყენინოთ, ანუ გუნება გაგიფუჭოთ. პირიქით, ერთადერთი ჩემი სურვილი ის არის, რითაც კი შემიძლია - გემსახუროთ!

    ამ მათთვის გაუგებარმა სიტყვებმა და მთქმელის საცოდავმა შესახედაობამ მხიარული მგზავრი ქალები უფრო მეტად გააცინა. და რაც უფრო უმატებდნენ სიცილს, მით უფრო ეკარგებოდა მოთმინება ჩვენ რაინდს, და ვინ იცის - საქმე სადამდის მივიდოდა, თუ მეფუნდუკე, მეტად სქელი და სიმსუქნისაგან მშვიდი ხასიათისა, დროზე არ გამოსულიყო. დაინახა თუ არა რაღაც, თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარი მოჩვენება, რომელიც შეჭურვილიყო ესოდენ სხვადასხვანაირი იარაღით: შუბით, მსუბუქი ფარით, ბეგთარითა და ცხენის მძიმე სამკაულით, ეწადა შეერთებოდა ორივე ქალწულის მხიარულებას და ამასაც სიცილმა ღიტინი დაუწყო, მაგრამ ცხვირწინ რომ მთელი თოფხანის სიახლოვე იგრძნო, გადაწყვიტა თავაზიანად მიემართა და ასე დაიწყო:

    - ბატონო რაინდო, თუ ამაღამ მოსვენებას ამ სახლში ინებებთ, ლოგინს გარდა ყველაფერს უხვად ჰპოვებთ, რაც კი მოსასვენებლად საჭიროა, - ლოგინი კი ამ ფუნდუკში ერთიც არა მაქვს.

    დონ კიხოტმა მოისმინა ციხისთავის თავაზიანი ლაპარაკი (რადგან მეფუნდუკე, რასაკვირველია, ციხისთავად მიიღო, ხოლო ფუნდუკი - ციხე დარბაზად) და მიუგო:

    - რაც არ უნდა შემომთავაზოთ, ბატონო კასტელანო, ყველაფრით კმაყოფილი ვიქნები, რადგან ნათქვამია:

    ჩემი სამოსი არის აბჯარი

    და დასვენება - ბრძოლა ფიცხელი.

    მეფუნდუკემ იფიქრა, დონ კიხოტმა კასტელანი მიწოდა და პატიოსან კასტილიელად მიმიღო (ნამდვილად ის ანდალუზელი იყო, სან-ლუკარის სანაპიროდან და ქურდობაში თვითონ კაკუსსაც გაეჯიბრებოდა, ხოლო გაიძვერობით ყოველ შეგირდს ან ფარეშს გაუსწრებდა), და ამიტომ ასე უპასუხა:

    - მაშასადამე, თქვენი საწოლი კლდე იქნება, და ძილის ნაცვლად მუდმივი სიფხიზლე, არა? და თუ ასეა, ჩემს ქოხში ჩამოხტომა თამამად შეგიძლიათ. ერთ ღამეს კი არა, მთელი წელიწადიც რომ უძილოდ გაატაროთ აქ, არავინ დაგიშლით.

    ეს უთხრა და ცხენიდან ჩამოსასვლელად უზანგი დაუჭირა. დონ კიხოტმა ქოშინითა და ზლაზვნით დაიწყო ჩამოსვლა, რადგან მთელი დღის უსმელ-უჭმელი იყო. და თანაც შეატყობინა, როსინანტი მთელ დედამიწის ზურგზე საუკეთესო ბედაურიაო. მეფუნდუკემ ცქერა დაუწყო როსინანტს, იგი არც ისე შესანიშნავი ჩანდა, როგორც დონ კიხოტი ამბობდა, - პირიქით. მეფუნდუკეს მხოლოდ გუნებაში ეცინებოდა, მაინც როსინანტი თავლაში წაიყვანა და უკანვე დაბრუნდა, უნდოდა გაეგო სტუმარს ხომ არა ნებავს-რაო. ჩვენი რაინდი მგზავრ ქალებთან მთლად შერიგებული დახვდა, და ისინი, დონ კიხოტის ჭკუით, სეფექალები, იარაღსა ხსნიდნენ მას. მოხსნეს იარაღი, ქაშქანები, სამკლავეები, სამუხლეები, და რიგი რომ ჩაჩქანისა და საყელოს მოხსნაზე მიდგა, ძალიან გაუჭირდათ, რადგან მათი შესაკრავი თასმები რაინდს მაგრად გაეკვანძა; ნასკვების გაჭრა იყო საჭირო, მაგრამ დონ კიხოტი ამაზე არაფრით არ დასთანხმდა და ისევ ის ირჩია, მთელი ღამე ჩაჩქანითა და საყელოთი დარჩენილიყო. ამაზე უფრო საოცარი და სასაცილო სურათის წარმოდგენა აღარ შეიძლებოდა. სანამ კახპა ქალები ზეიმით ხსნიდნენ იარაღს, დონ კიხოტი მიუბრუნდა მათ (მისი აზრით კეთილშობილთ, ციხე-დარბაზის სეფექალთ!) და მოხდენილად წამოიწყო:

    „არასოდეს ასე ნაზად

    ქალბატონნი არ უვლიდნენ

    ქვეყნად არც ერთ

    პალადინსა, ვით ზრუნავენ

    დონ კიხოტზე: თვის

    ქვეყნიდან ჩამოსულზე.

    სეფექალნი მას უვლიან,

    მის ბედაურს - გრაფისქალნი,

    ესე იგი როსინანტს, რადგან ასე ეძახიან ჩემს ცხენს, მშვენიერნო მანდილოსანნო, - განაგრძო მან, - ხოლო დონ კიხოტ ლამანჩელი - თქვენს უმორჩილეს მონასა ჰქვიან. თუმცა მართალია, დაფიცებული ვიყავ, ჩემი ვინაობა არ გამემჟღავნებია, ვიდრე თქვენი სამსახურისათვის და ჩემდა სასახელოდ რაიმე ღვაწლს არ ჩავიდენდი, მაგრამ ხელსაყრელმა შემთხვევამ მაიძულა ამ ჩემს ახლანდელ გარემოებასთან შემეფარდებინა ლანსელოტის ძველი სიმღერა და ჩემი სახელი ადრე მათქმევინა, მაგრამ იქნებ ის დროც მოვიდეს, ბანოვანნო, როცა რაინდს თქვენი ბრძანება მოესმას და თავისი თავი ბედნიერად ჩასთვალოს, რომ საკუთარი ძლიერი მკლავით თქვენისამსახურის გაწევა შესძლოს".

    ასეთ ზეაღმტაც მჭევრმეტყველებას უჩვევი ტურფები ხმაგაკმენდილი გაოცებით შესცქეროდნენ და არ იცოდნენ, რა ეპასუხნათ; ბოლოს ერთმა ისღა მოახერხა, რომ ჰკითხა: ხომ არას მიირთმევთო?

    - დიდი სიამოვნებით გეახლებოდით რაიმეს, - უპასუხა დონ კიხოტმა, - და რაც უნდა მომიტანონ, კმაყოფილებით მივიღებ, რადგან როგორც მგონია, ახლა ჩემთვის ყველა საჭმელი გამოსადეგია.

    ეს ამბავი, თითქოს განგებ პარასკევს მოხდა, და მთელს ფუნდუკში არაფერი იშოვებოდა რაღაც წვრილი თევზის გარდა, რომელსაც კასტილიაში აბადეხოს ეძახიან, ანდალუზიაში ბვალაოს, ხოლო სხვაგან კურადილიოს, ანდა კიდევ კალმახს. თუმცა იმ თევზს სახელის მეტი კალმახისა არა ეცხო-რა. დონ კიხოტს ჰკითხეს, მიირთმევდა თუ არა ამ მცირე სანოვაგეს, რაკი მის მეტი სხვა არაფერი იპოვებოდა? მან უპასუხა:

    - ნეტავი ბლომად მაინც იყოს ეს მომცრო კალმახები, მაშინ რამდენიმე წვრილი კალმახი ერთი დიდი გელაქნურის ალაგს დაიჭერდა, განა სულ ერთი არაა რვა რეალს დახურდავებულად მივიღებ, თუ ერთ მსხვილ ფულს რვა რეალად? ამასთან თიკანი თხაზე გემრიელია, ხბო ძროხაზე, ამიტომაც შესაძლოა, წვრილი კალმახი მსხვილ გელაქნურზე გემრიელი იყოს. მხოლოდ კი, რაც შეიძლება ჩქარა მომიტანეთ, რადგან ჩემი ფარ-ხმალ-აბჯრის ტარებას მარტო მაშინ შეიძლებს კაცი, თუ კუჭი მაძღარი ექნება.

    რომ უფრო ესიამოვნებინათ, ტაბლა გარეთ აივანზე დაუდგეს, სუფთა ჰაერზე, და მასპინძელმა თეფშით ცუდად მოხარშული და კიდევ უფრო ცუდად შეკაზმული წვრილი თევზი მოუტანა, მისი იარაღივით შავი, და დაობებული ერთი ნაჭერი პურიც მიართვა. დონ კიხოტმა ჭამა დაიწყო, მაგრამ ვაი იმ ჭამას, რომ სიცილს მოჰგვრიდა კაცს: ზევიდან ჩაჩქანსა და ქვევიდან საყელოს ისე შეებოჭა მისი ყბები, რომ ძვრა არ შეეძლო და ვერაფერსაც ვერ შეჭამდა, თუ ერთ-ერთ ქალს მისთვის პირში ლუკმის ჩადება არ ეკისრა. ღვინის დალევინება კი სრულიად შეუძლებელი შეიქმნა და ჩვენი რაინდი მწყურვალი დაიხრჩობოდა, თუ მასპინძელს ამის ხერხიც არ მოეგონებინა. ფუნდუკიდან ლერწმის გრძელი მასრა გამოიტანა, ერთი ბოლი რაინდს პირში ჩაუდო და მეორეში წვრილად უსხამდა ღვინოს. ამ ტანჯვას დიდი მოთმინებით იტანდა დონ კიხოტი, და უფრო მეტსაც აიტანდა, ოღონდ მისი ჩაჩქანის შესაკრავები არ გაეჭრათ. ამ დროს სასტუმროს შემთხვევით ეწვია ერთი ტახის დამკოდავი გლეხი და შესვლისთანავე ოთხჯერ თუ ხუთჯერ ლერწმის სალამური ააჟღერა. ამან დონ კიხოტი სრულებით დაარწმუნა, რომ საჩინო ციხე-დარბაზში იმყოფებოდა და მის სადილს მუსიკით ატკბობდნენ; ახლა მთლად დარწმუნდა, რომ ქაშაყ-თევზა ნამდვილი გელაქნური იყო, შავი პური - სპეტაკი და გამტკიცული ფუნთუშა, მატანტალა დედაკაცები რომ ემსახურებოდნენ - დიდი სეფე ქალები ბრძანდებოდნენ, მეფუნდუკე ციხე-დარბაზის ხელთუხუცესი იყო; და თანაც იმით იყო ძალზედ აღტაცებული, რომ მოგზაურ რაინდად გახდომა გადაწყვიტა და ამ მოგზაურობის პირველ დღეს ასეთი ჩინებული შედეგი ჰქონდა. მაგრამ ჯერ რაინდად დალოცვილი არ იყო - ეს ძალიან აწუხებდა, რაკი უამისოდ, რაინდთა კანონის ძალით, არ შეეძლო რაიმე ფათერაკებს შებმოდა.

    თავი III

    სადაც მოთხრობილია, თუ რა სასაცილო წესით დალოცეს რაინდად დონ კიხოტი

    ამ ფიქრებით განაწამებმა დონ კიხოტმა სწრაფად დაამთავრა სამიკიტნოს ღარიბული ვახშამი, ტაბლიდან წამოდგა, მეფუნდუკეს დაუძახა, საჯინიბოში გაიყვანა, შიგნიდან კარი დაუკეტა და ამ სიტყვებით მიმართა:

    - ჰიო, სახელოვანი რაინდო, აქედან არ ავდგები, ვიდრე არ აღმითქვამთ ჩემი თხოვნის აღსრულებას; ის, რაიცა ახლა უნდა გთხოვოთ, მარტო თქვენ როდი მოგფენთ დიდებას, არამედ ადამიანთა მთელს მოდგმას სამსახურს გაუწევს!

    მეფუნდუკემ რომ თავისი სტუმარი მის წინაშე დაჩოქილი და ასე დამცირებული ნახა და მისი უცნაური სიტყვები მოისმინა, შეცბუნდა. აღარ იცოდა, რა ეთქვა, ან რა ჩაედინა; შემდეგ ხვეწნა დაუწყო - ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ დონ კიხოტი დიდხანს არ დგებოდა, ვიდრე, დაბოლოს, მასპინძელი თხოვნის ასრულებას არ დაჰპირდა.

    - თქვენი უსაზღვრო სულგრძელობისაგან სწორედ მაგას მოველოდი, ჩემო ბატონო, - უთხრა დონ კიხოტმა. - ის თხოვნა, რომლითაც მინდა მოგმართოთ და აღსრულებაც უკვე აღმითქვით და მით დიდად დამავალეთ, იმაში მდგომარეობს, რომ ხვალ, განთიადისას, რაინდად უნდა დამლოცოთ; ხოლო უწინარეს ამ დიდი ღირსების მონიჭებისა, რისაც ესოდენ ძლიერ მომლოდინე ვარ, ნება მობოძეთ თქვენი ციხე-დარბაზის სალოცავში იარაღის დარაჯობით ღამე გავათიო, რომ მას შემდეგ, სარაინდო წესების თანახმად, ნება მქონდეს ოთხივ კუთხით გზას გავუდგე ფათერაკების საძებნელად, დამნაშავეთა დასასჯელად, ჩაგრულთა საშველად და, ერთი სიტყვით, ყოველივე იმის აღსასრულებლად, რასაც ჩემგან ნაკისრი ხელობა ვალად მდებს.

    როგორც უკვე ვთქვით, მასპინძელი გაქნილი კაცი იყო, თავისი სტუმრის ჭკუათმყოფელობას წინათვე ეჭვობდა, ხოლო ამ სიტყვების შემდეგ კი მთლად დარწმუნდა მის ჭკუათხელობაში. მოისურვა მისი დაცინვა და თხოვნის აღსრულება აღუთქვა. ამასთანავე უთხრა დონ კიხოტს: შენი გადაწყვეტილება, სურვილები და თხოვნა შენს დიდ ჭკუას მოწმობს და სრულიად შეჰფერის შენს დიდ აზნაურობას, რასაც ზვიად გარეგნობასა და ზრდილობიან ქცევაზე გატყობო. ამას ისიც დაუმატა, - ჩემს ახალგაზრდობაში მეც ამ საპატიო საქმეს მივდევდი და ფათერაკების ძებნაში მთლად მოვიარე სხვადასხვა კუთხე, უნახავი არ დამიგდია მალაგის პერჩელესი, რიარანის კუნძულები, სევილიის კომპასი, სეგოვიის ასოგეხო, ვალენსიის ოლივერუ, გრენადის რონდილიო სანლუკარის სანაპიროები, კორდოვის პორტო, ტოლედოს სამიკიტნოები და სხვა მრავალი ადგილი, და იქ ყველგან ჩემი ფეხების სიმკვირცხლე და ხელების სიმარდე გამომიცდია, ყველგან ჩემი იქ ყოფნის კვალი რამ დამიტოვებია, ქვრივების შეურაცხყოფით, ყმაწვილი ქალების ცდუნებით, ობლებისა და მცირეწლოვანთა მოტყუებით და ასე ამგვარად ესპანეთის ყველა სამსჯავროში ცნობილი შევიქენ, მაგრამ ახლა სიბერემ რომ მიწია, აქ, ამ ჩემს ციხე-დარბაზში შევაფარე თავი; ვცხოვრობ ჩემთვის ჩემი და სხვისი ფულებით, სიამოვნებით ვუმასპინძლდები ყველა მოგზაურ რაინდს, რასაკვირველია, მათდამი პატივისცემის გამო და იმ იმედითაც, რომ ციხე-დარბაზში ისინი გულითადი მასპინძლობის სამაგიეროდ თავის ქისიდან მინაწილებენ რამეს. ბოლოს უთხრა, სალოცავი არა მაქვს, რომ იარაღის დარაჯობით ღამე იქ გაათიოო, დაარწმუნა ახალის აშენებას ვაპირებ და ამიტომ ძველი დავაქციეო. მის სანუგეშებლად დაუმატა, რომ სარაინდო კანონები გაჭირვებაში, იარაღის დარაჯობის ნებას, სადაც უნდა იყოს, ყველგან აძლევენო. ამ საქმისათვის მთელი თავისი ციხე-დარბაზის ეზო დონ კიხოტს დაუთმო და იმედი მისცა, ღვთის შეწევნით, ხვალ განთიადისას დალოცვის წესს ყოველგვარი ცერემონიის დაცვით აგისრულებო, ისე რომ რამდენიმე საათის შემდეგ შეგიძლია თავი მთლად დალოცვილ რაინდად ჩათვალოო.

    დაბოლოს, მასპინძელმა თავისი სიტყვა იმით გაათავა, რომ დონ კიხოტს ჰკითხა: ფული გაქვს თუ არაო. მან მიუგო, ერთი გახვრეტილი ფარაც არ გამაჩნიაო, და თუ სადმე წამიკითხავს, მოგზაურ რაინდებს თან ფული ეტარებინოთო. ამაზე მასპინძელმა უთხრა, ძალიან სცდებითო. მართალია რომანებში ამის შესახებ არას ამბობენ, მაგრამ ეგ იმიტომ, რომ ისეთ ჩვეულებრივ საგანზე, როგორიც ფული და საცვალი ტანისამოსია, არა შეშვენით ილაპარაკონო. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რაინდებს არც ერთი გააჩნდათ და არც მეორე: პირიქით, მე დანამდვილებით ვიცი, რომ ყველა მოგზაური რაინდი, რომელთა საგმირო საქმეებით სავსეა უამრავი რომანი, მუდამ და ყველა შემთხვევისათვის, კარგად გატენილ ქისას, სუფთა პერანგებს და ჭრილობისათვის კოლოფით მალამოს ატარებდა თან, რადგან განუწყვეტელი მოგზაურობის დროს და უდაბურ ღრე-ველებზე ბრძოლაში ჭრილობის შესახვევად და მოსავლელად მკურნალი მუდამ ვერ შეხვდებოდათო; რასაკვირველია, ზოგიერთი მათგანი მეგობრობდა რომელიმე ბრძენ ჯადოსანს, და მაშინ ის პირდაპირ მოუვლენდა ღრუბელზე მჯდომ მომვლელ ქალს ან ქონდრისკაცს იმ სასწაულებრივი წყლით სავსე შუშით, რომლის მხოლოდ ორი წვეთი დაკოდილთ მყისვე ჰკურნავდაო; მაგრამ, როცა ასეთი მფარველი არ გააჩნდათ, ძველი დროის ყველა მოგზაური რაინდი თავის თავზე თვითონვე ზრუნავდა და წესად ჰქონდა მიჩნეული, რომ საჭურველმტვირთველებს ეტარებინათ ფული და ყველა საჭირო ნივთი, როგორც, მაგალითად, მალამო და დაჩეჩილი ტილო ჭრილობათა შესახვევადო; ხოლო იმ იშვიათს შემთხვევაში, როდესაც უსაჭურველმტვირთველოდ მიდიოდნენ იოლად, მაშინ ყველა ამ საჭირო საგანს თვითონ ატარებდნენ მომცრო აბგით, შეუმჩნევლად უნაგირს უკან გულდასმით ჩაკრულს, როგორც დიდმნიშვნელოვან რაიმეს, რადგან სხვა რამ შემთხვევისათვის აბგების ტარება მოგზაურ რაინდებს ჩვეულებად არ ჰქონიათო. ამგვარად მეფუნდუკემ დონ კიხოტს ურჩია (თუმცა შეეძლო ებრძანებინა კიდეც, როგორც მისი უმცროსი თანამოძმისათვის; ასეთად მალე გახდებოდა იგი), აღარასოდეს დადგომოდა გზას უფულოდ და უთადარიგოდ: თვითვე დაინახავდა, რაოდენ გამოადგებოდა ეს რჩევა და არა ერთხელ ეტყოდა მადლობას თავის თავს ამ თადარიგისათვის.

    დონ კიხოტმა სამერმისოდ ამ რჩევის უნაკლოდ აღსრულება აღუთქვა და დაუყოვნებლივ დაიწყო მზადება რაინდად დალოცვის წინ ღამე გაეთია ფუნდუკის უკანა ეზოში. ყველა იარაღი მოაგროვა, ჭის გვერდით მდგარ როფზე დააწყო, ფარი და შუბი აიღო ხელში და ამაყად და დამშვიდებით იწყო როფის წინ სიარული. უკვე ღამდებოდა, როცა მან ეს სეირნობა გამართა.

    მეფუნდუკემ თავის ყველა მდგმურს უამბო დონ კიხოტის ჭკუამცდარობა და ისიც, რომ მას უცნაური რაღას სურვილი ჰქონდა რაინდად დალოცვილიყო, და ამისათვის მთელი ღამე იარაღის დარაჯობაში უნდა გაეტარებინა. ვინც კი იმ ფუნდუკში იყო, ყველა ცნობისმოყვარეობით აღიძრა, რომ ეს უცნაური სანახავი დაენახათ; გარეთ გამოვიდნენ და იმ სიშორიდან დაუწყეს ცქერა, საიდანაც ცხადად დაინახავდნენ, რასაც დონ კიხოტი სჩადიოდა.

    იგი, კმაყოფილი სახით, ხან ნელი, მწყობრი ნაბიჯით ბოლთასა სცემდა, ხანაც დადგებოდა, შუბს დაეყრდნობოდა და თავის იარაღს დააშტერებდა თვალებს. თუმცა ღამე კარგა გადასულიიყო, მაინც მთვარე ისე კაშკაშებდა, რომ მცირედი მისი მოძრაობის გარჩევაც კი ადვილი იყო. ამ დროს ერთმა იმ ფუნდუკში ჩამომხტართაგანმა მეჯორემ ჯორებისათვის წყლის დალევინება მოინდომა და გაემართა, რომ როფიდან დონ კიხოტის იარაღი გადმოეღო, მაგრამ უკანასკნელმა რომ დაინახა ის კაცი, და განზრახვასაც მიუხვდა, ხმამაღლა დაუყვირა:

    - ვინც არ უნდა იყო შენ, ჰოი თავხედო რაინდო, კადნიერად რომ უახლოვდები ყველა მომაკვდავთაგან უმამაცესი მოგზაური რაინდის იარაღს: მოიფიქრე, რის ქმნა გწადია! არ გაბედო შენ წინ მდებარე იარაღის შეხება, თუ არ გინდა მაგ გაბედულებისათვის შენი სიცოცხლით აგო პასუხი!

    მეჯორემ დონ კიხოტის სიტყვებს ყურიც არ ათხოვა (თუმცა კი მისი კარგადმყოფელობისათვის უკეთესი იქნებოდა ასე მოქცეულიყო, თავი მაინც შერჩებოდა მთელი). პირიქით, იარაღის თასმებს ხელი წაავლო და კარგა შორს გადაისროლა. ეს რომ დონ კიხოტმა დაინახა, ზეცას აღახვნა თვალნი, თავისი სული, ალბათ, ფიქრით გულისვარდად დულსინეას ჩააბარა და შესძახა:

    - ჰოი, ჩემო ქალბატონო, ყურადღებით იყავ ჩემდამი ამ პირველი შეურაცხყოფის წამს, თქვენგან დამონებულ გულს რომ ატყდება; დაე, თქვენი კეთილგანწყობა მექნას მოსარჩლედ ამ პირველ საშიშროებაზე, თავზე დატეხას რომ მემუქრის.

    ეს წარმოთქვა და იმწამსვე ფარი გადააგდო, ორივე ხელი შუბს მოსჭიდა და ისე მაგრა დასთხლიშა მეჯორეს თავში, რომ იგი უგონოდ დაეცა ძირს. ასე რომ მეორედაც დაერტყა, უეჭველია, მას ექიმი არასოდეს არ დასჭირდებოდა. რაკი თავხედი დასაჯა, დონ კიხოტმა კვლავ მოაგროვა იარაღი, უწინდელ ალაგას დააწყო, და, თითქოს აქ არა მომხდარა-რაო, სრულიად დამშვიდებულმა კვლავ განაგრძო ბოლთის ცემა. ცოტა ხნის შემდეგ, ახლა მეორე მეჯორემ წინანდელი ამბის უცოდინარმა (რადგან დარტყმისაგან გაბრუებული პირველი მეჯორე ისევ მიწაზე იყო გაშხლართული), მოიწადინა თავის ჯორებისათვის წყლის დალევნება და როდესაც აგრეთვე დონ კიხოტის იარაღს ხელი შეახო, ახლა კი სიტყვის უთქმელად და თავის მიჯნურის მოუწოდებლად დონ კიხოტმა მეორეჯერ გადააგდო ფარი, მეორეჯერ შუბს ხელი წაავლო და სამი თუ ოთხი ისე მარჯვედ სთხლიშა თავში, რომ ცოტას გასწყდა, შუბი მთლად არ დაემსხვრა, ხოლო მეჯორეს თავი კინაღამ ოთხად გაეპო. დაჭრილის ყვირილზე, ვინც კი ფუნდუკში მეჯორეები იყვნენ, და თვითონ მეფუნდუკეც, აქ მოცვივდნენ, დონ კიხოტმაც დაინახა ისინი, ფარი მოიფარა, ხმალი იშიშვლა და შეჰყვირა:

    - ჰოი, მშვენიერთა მშვენიერო და ჩემი მოქანცული გულის ნავსაყუდელო და ციხესიმაგრევ! ისმინე ჩემი ამ გაჭირვების წამს და შენნი მშვენიერნი თვალნი შენგან მოხიბლულ რაინდს მოაპყარ და იხილე - რა დიდი საშიშროება უნდა დაატყდეს მას თავზე ესრეთ დიდ ბრძოლაში!

    ამ მიმართვის შემდეგ ისეთი ძალა იგრძნო ძარღვებში, რომ, მგონია, მთელი ქვეყნის მეჯორეებიც ვერ შესძლებდნენ მის უკან დახევინებას. მეჯორეებმა, რა ნახეს, როგორ უბედურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მათი დაჭრილი ამხანაგები, შორიდან ქვების სროლა დაუწყეს დონ კიხოტს, მაგრამ რაინდი, როგორც შეეძლო, ფარით იგერიებდა ქვებს და უშიშრად იდგა როფთან იარაღის მოდარაჯედ და არ ტოვებდა მას. მეფუნდუკე ყვირილით ყელს იხევდა, თავი დაენებებინათ გიჟისათვის, რომ მასთან ვერას გახდებოდნენ, რადგან ჭკუათმყოფელი ადამიანი არ იყო და ვერც ვერავინ რასმეს გადაახდევინებდა, თუნდაც მთელი ესპანეთის მეჯორეები სულ ამოეჟლიტა. დონ კიხოტი კიდევ იმაზე მეტად ღრიალებდა. რაინდი ლანძღავდა თავის მტერს, ურჯულოებსა და მოღალატეებს ეძახდა მათ, ხოლო თვითონ ციხე-დარბაზის პატრონს ფიცისგამტეხსა და გაუზრდელს უწოდებდა თავის ციხე-დარბაზში მოგზაური რაინდებისადმი ამ შეუსაბამო მოპყრობისათვის; თანვე უმატებდა, ჯერ რაინდად დალოცვილი არა ვარ, თორემ ასეთი ღალატისათვის უმალ ჭკუას გასწავლიდიო.

    - თქვენ კი, საზიზღარო

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1