Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ენდჰაუზის საიდუმლოება
ენდჰაუზის საიდუმლოება
ენდჰაუზის საიდუმლოება
Ebook427 pages2 hours

ენდჰაუზის საიდუმლოება

Rating: 2.5 out of 5 stars

2.5/5

()

Read preview

About this ebook

ახალგაზრდა ქალი, ნიკ ბაკლი, სასიკვდილო საფრთხეთა სერიის წინაშეა აღმოჩენილი: მანქანას მუხრუჭი გაუფუჭდა, კლდიდან ქვა დაგორდა, ტყვია ესროლეს, მაგრამ ის ყველა ამ შემთხვევას დაუძვრა. სჩანს, ის უხილავი მკვლელის სამიზნედაა ქცეული, და სწორედ ერკუილ პუარომ უნდა იხსნას მისი სიცოცხლე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
ენდჰაუზის საიდუმლოება

Related to ენდჰაუზის საიდუმლოება

Related ebooks

Reviews for ენდჰაუზის საიდუმლოება

Rating: 2.5 out of 5 stars
2.5/5

4 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ენდჰაუზის საიდუმლოება - აგათა კრისტი

    აგათა კრისტი - ენდჰაუზის საიდუმლოება

    Agatha Christie - Peril at End House

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის კლარა ჯაბუას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი პირველი. სასტუმრო „მაჟესტიკი"

    თავი მეორე. ენდჰაუზი

    თავი მესამე. შემთხვევითობანი?

    თავი მეოთხე. აქ რაღაც ამბავია!

    თავი მეხუთე. მისტერ და მისის კროფტები

    თავი მეექვსე. ვიზიტი მისტერ ვაიზთან

    თავი მეშვიდე. უბედურება

    თავი მერვე. წითელი შალი

    თავი მეცხრე. „ა-დან „კ-მდე

    თავი მეათე. ნიკის საიდუმლოება

    თავი მეთერთმეტე. მოტივი

    თავი მეთორმეტე. ელენი

    თავი მეცამეტე. წერილები

    თავი მეთოთხმეტე. დაკარგული ანდერძი

    თავი მეთხუთმეტე. ფრედერიკას უცნაური საქციელი

    თავი მეთექვსმეტე. საუბარი მისტერ უიტფილდთან

    თავი მეჩვიდმეტე. ერთი კოლოფი შოკოლადი

    თავი მეთვრამეტე. სახე ფანჯარაში

    თავი მეცხრამეტე. პუარო პიესას დგამს

    თავი მეოცე. „კ"

    თავი ოცდამეერთე. სცენაზეა „ლ"

    თავი ოცდამეორე. და უკანასკნელი

    განმარტებები

    თავი პირველი. სასტუმრო „მაჟესტიკი"

    სამხრეთ ინგლისის ზღვისპირა ქალაქებს შორის სენტ ლუ, ჩემი აზრით, ყველაზე მიმზიდველია. მას დამსახურებულად უწოდებენ ზღვისპირა აგარაკების მარგალიტს. თანაც იგი საოცრად ჰგავს რივიერას. ასე მგონია, კორნუოლის სანაპირო თავისი სიმშვენიერით სულაც არ ჩამოუვარდება სამხრეთ საფრანგეთს,

    ეს აზრი გავუზიარე ჩემს მეგობარს ერკიულ პუაროს,

    - თქვენ ეს გუშინ ამოიკითხეთ ვაგონ-რესტორნის მენიუზე, mon ami[1], ეს შენიშვნა ორიგინალური არ არის.

    - განა თქვენ კი არ მეთანხმებით?

    იგი ჩაფიქრებული იღიმებოდა და დუმდა. შეკითხვა გავუმეორე.

    - ოჰ, ათასი ბოდიში, ჰასტინგს! ოცნებაში წასულმა ქვეყნები შემოვიარე და, წარმოიდგინეთ, იმ მხარეშიც კი ვიმოგზაურე, რომელიც ახლახან ახსენეთ.

    - სამხრეთ საფრანგეთში?

    - დიახ, დიახ, მე ხომ იქ გავატარე გასული ზამთარი და სწორედ ახლა ვიგონებდი ზოგიერთ შემთხვევას.

    ვიცოდი რაზედაც ლაპარაკობდა. მკვლელობაზე ცისფერ ექსპრესში, რომელიც მეტად დახლართულ და საიდუმლო ვითარებაში მოხდა. პუარომ ეს საიდუმლო გახსნა მისთვის ჩვეული გამჭრიახობით, რაც მას არასოდეს ღალატობდა.

    - სამწუხაროა, რომ თან არ გახლდით, - განვუცხადე მთელი გრძნობით.

    - მეც ვწუხვარ, - მიპასუხა პუარომ. - თქვენი გამოცდილება ფასდაუდებელი იქნებოდა.

    ალმაცერად გადავხედე. მრავალი წლის გამოცდილება მიკარნახებდა სიფრთხილით მოვკიდებოდი მის ქათინაურს, მაგრამ ახლა, მგონი, სიმართლეს ამბობდა. ბოლოს და ბოლოს რატომ არ უნდა იყოს გულახდილი? მე ხომ შესანიშნავად ვერკვევი მის მეთოდებში.

    - ყველაზე მეტად კი საგნების თქვენებური წარმოსახვა მაკლდა, ჰასტინგს, - განაგრძო ოცნებაში გართულმა პუარომ. - მცირეოდენი განმუხტვა ზოგჯერ აუცილებელია. ჩემი ლაქია ჯორჯი საოცარი კაცია. ხანდახან თავს იმის უფლებასაც კი ვაძლევ, რომ ზოგიერთი საკითხი მასთან ერთად გავარჩიო, მაგრამ იგი სავსებით მოკლებულია ფანტაზიას.

    ეს შენიშვნა სრულიად უადგილო მეჩვენა.

    - მითხარით, პუარო, - დავიწყე მე, - ნუთუ არ გსურთ, თქვენს ძველ საქმეს დაუბრუნდეთ? ასეთი უსაქმური ცხოვრება...

    - შესანიშნავია, მეგობარო. მზეზე მიფიცხება - რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? დიდების ზენიტში კვარცხლბეკიდან ჩამოსვლა - განა შეიძლება წარმოიდგინოთ სხვა უფრო დიდებული ტესტი? ჩემზე ამბობენ: „აი ერკიულ პუარო... უდიდესი... განუმეორებელი. მისი მსგავსი არასოდეს ყოფილა და არც იქნება". Eh bien[2]. მეც ვკმაყოფილდები, მეტს არაფერს ვითხოვ. თავმდაბალი კაცი ვარ.

    ჩემთვის რომ გეკითხათ, თავს შევიკავებდი სიტყვა „თავმდაბალისაგან". მე მგონია, პუაროს პატივმოყვარეობა დროთა სვლამაც ვერ შეანელა. მან ულვაშებზე გადაისვა ხელი, სავარძელზე გადაესვენა და კმაყოფილებისაგან გაინაბა.

    ჩვენ სასტუმრო „მაჟესტიკის" ერთ-ერთ აივანზე ვისხედით. აქაურ სასტუმროთა შორის იგი ყველაზე დიდია. ზღვისპირასაა გაშენებული და გარშემორტყმულია პარკებით. პარკში, თითქმის ყოველ ნაბიჯზე პალმები იზრდება. ზღვა მუქლურჯად ლივლივებს და მზე ისე აცხუნებს, როგორც ეს აგვისტოს შეეფერება. ინგლისელებს არცთუ ხშირად უწევთ ასეთი სურათის ხილვა. გაბმულად ბზუიან ფუტკრები - სასიამოვნო ხმაა, - ერთი სიტყვით, უკეთეს იდილიას ვერავინ წარმოიდგენს.

    ჩვენ საღამო ხანს ჩამოვედით და მთელ კვირას ვაპირებდით დარჩენას. და თუ ამ დილის მიხედვით ვიმსჯელებდით, ნამდვილად სასიამოვნოდ უნდა გაგვეტარებინა ეს დრო.

    ხელიდან დაცურებულ გაზეთს დავწვდი და კვლავ კითხვით გავერთე. პოლიტიკური მდგომარეობა გაურკვეველი და უინტერესო მეჩვენა. გამოქვეყნებული იყო ვრცელი ანგარიში ადგილობრივი საქალაქო ხელისუფლების გახმაურებულ თაღლითურ ოინებზე, მაგრამ საერთოდ ამაღელვებელი არაფერი იყო.

    - საინტერესოა ეს თუთიყუშის დაავადება, - ვთქვი და გაზეთი გადავფურცლე.

    - ძალიან საინტერესოა.

    - ლიდსში კიდევ ორი მკვლელობა მომხდარა.

    - დიდად სამწუხაროა.

    სეტონის ფრენაზე მსოფლიოს გარშემო ახალი არაფერი ისმის, შეუპოვარი ხალხია ეს მფრინავები. ჩანს, მისი თვითმფრინავი-ამფიბია „ალბატროსი" კარგი კონსტრუქციისაა. საწყენი იქნება, თუ საცოდავს წინაპრებთან გამგზავრება მოუწევს, თუმცა იმედი ჯერ კიდევ არის. შეიძლება წყნარი ოკეანის რომელიმე კუნძულამდე მიაღწია.

    - სოლომონის კუნძულის მცხოვრებლები, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ ჰანიბალები არიან? - მორიდებით იკითხა პუარომ.

    - კარგი ბიჭი უნდა იყოს. როცა ამისთანებს იგონებ, გრძნობ, რომ ინგლისელობა ბოლოს და ბოლოს არც ისე ცუდია.

    - მაშ უიმბლდონში დამარცხებები არც ისე საწყენია? - შენიშნა პუარომ.

    - მხედველობაში არ მქონდა... - დავიწყე.

    მეგობარმა ბოდიშები ნატიფი მოძრაობით შემაწყვეტინა.

    - რაც შემეხება მე, - განაცხადა პუარომ, - საწყალი სეტონის თვითმფრინავივით ამფიბია არა ვარ, მაგრამ კოსმოპოლიტი კი გახლავარ და ინგლისელებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, აღფრთოვანებული ვარ მარად და ძლიერ. აი, თუნდაც იმიტომ, რომ ასე გულდასმით კითხულობენ დღის გაზეთებს.

    ჩემი ყურადღება პოლიტიკურმა ახალმა ამბებმა მიიპყრო,

    - ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი, მგონი, გვარიან ორომტრიალში გაეხვია, - შევნიშნე დაცინვით.

    - საწყალი: მას ახლა უჭირს. ისე უჭირს, რომ შველას წარმოუდგენელ ადგილებში ეძებს.

    გაკვირვებით შევხედე.

    ოდნავ გაღიმებულმა პუარომ ჯიბიდან კოხტად შეკრული დილის კორესპონდენცია ამოიღო, იქიდან ერთი წერილი ამოარჩია და გადმომიგდო.

    - ეტყობა, გუშინ ვერ მოგვისწრო, - თქვა მან. წერილს სწრაფად გადავავლე თვალი,

    - მაგრამ, პუარო, - დავიყვირე გახარებულმა, - ეს ხომ შესანიშნავია!

    - ასე ფიქრობთ, ჩემო კეთილო?

    - მინისტრი თქვენს შესაძლებლობას ძლიერ აფასებს.

    - მართალიც არის, - მიპასუხა პუარომ და მორცხვად დახარა თვალები.

    - ის გთხოვთ პატივი დასდოთ... და ეს საქმე გამოიძიოთ.

    - სწორედ ასეა. შეგიძლიათ აღარ გაიმეოროთ. საქმე ისაა, რომ ეს წერილი მეც წავიკითხე, ჩემო კეთილო ჰასტინგს.

    - რა საწყენია! - დავიყვირე მე. - სწორედ ახლა, როდესაც დასვენებას ვფიქრობდით,

    - ო არა, calmez vous[3], ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.

    - მაგრამ მინისტრი ამბობს, საქმე დაყოვნებას ვერ ითმენსო.

    - იქნებ, იგი მართალიცაა... შესაძლოა, არც იყოს მართალი. პოლიტიკურ მოღვაწეებს ადვილად ერევათ თავგზა. საკუთარი თვალით ვნახე პარიზის Chambre des Deputes[4]...

    - ეს კი ასეა, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მოვემზადოთ. ლონდონის ექსპრესი უკვე წავიდა, ის თორმეტზე გადის, შემდეგი...

    - დამშვიდდით, დამშვიდდით, ჰასტინგს, ძალიან გთხოვთ. მუდამ ნერვიულობა, მუდამ არეულობა. ჩვენ არ მივდივართ ლონდონში. არც ახლა და არც ხვალ.

    - მაგრამ ეს ხომ გამოძახებაა...

    - ამას ჩემთან არაფერი აქვს საერთო. მე ინგლისის პოლიციაში არ ვმუშაობ. მთხოვენ საქმე შევისწავლო როგორც კერძო ექსპერტმა, მე კი უარს ვამბობ.

    - უარს ამბობთ?

    - რა თქმა უნდა. ვუპასუხებ დიდი პატივისცემით, ბოდიშს მოვიხდი, ძლიერ თანავუგრძნობ, მაგრამ რა უნდა ვქნა? ავუხსნი, რომ თავი დავანებე სამსახურს, რომ ჩემი საქმე წასულია.

    - მაგრამ ეს ხომ სიცრუეა, - წამოვიყვირე აღელვებულმა. პუარომ მუხლებზე ხელი მომითათუნა.

    - ჩემო კეთილო მეგობარო... თავდადებულო მეგობარო... მართალი რომ გითხრათ, არც შემცდარხართ. თავი ჯერ კიდევ უწინდებურად მუშაობს, მეთოდი და ლოგიკა - ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რადგანაც თავი დავანებე საქმეს, მაშასადამე, დავანებე! გათავდა. მე ხომ თეატრის ვარსკვლავი არა ვარ, რომელიც მეათეჯერ ემშვიდობება მაყურებელს. ვაცხადებ მიუკერძოებლად, ახლა თავისი ძალა ახალგაზრდობამ გამოცადოს, ვინ იცის, იქნებ რაღაცას მიაღწიოს. ამაში ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში ამ პრიმიტიულ და უინტერესო საქმეს, რომელიც მინისტრს ასე აღელვებს, ისინი თავს გაართმევენ.

    - მაგრამ ეს ხომ პატივია, პუარო!

    - როგორც მოგეხსენებათ, ამაზე ნაკლებად ვზრუნავ. შინაგან საქმეთა მინისტრი მოაზროვნე ადამიანია და იცის, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, თუ ჩემს დახმარებას მიიღებს. მაგრამ რას იზამს? მას არ გაუმართლა. ერკიულ პუარომ უკვე გახსნა თავისი უკანასკნელი საქმე.

    გაკვირვებით შევაჩერდი. გულის სიღრმეში ვნანობდი კიდეც მის სიჯიუტეს. ამ საქმეს შეიძლებოდა ახალი ბრწყინვალება შეემატებინა თუნდაც პუაროს აღიარებული დიდებისათვის. მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენელი იყო არ აღფრთოვანებულიყავით მისი შეუპოვრობით.

    უეცრად ახალმა აზრმა გამიელვა.

    - ერთი რამ ვერ გამიგია, - ვთქვი ღიმილით, - როგორ არ გეშინიათ, ასეთ კატეგორიულ განცხადებას რომ აკეთებთ. ეს ხომ ღმერთის შეურაცხყოფაა.

    - არ არსებობს, - მიპასუხა მან, - ადამიანი, რომელიც შეძლებს ერკიულ პუაროს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

    - მაშ არ არსებობს?

    - თქვენ სწორი ხართ, mon ami, ასეთი ლიტონი სიტყვები არ უნდა თქვა. Eh ma fol[5], მე ხომ არ ვამბობ, თუ ტყვიამ ახლოს გამიარა და კედელს მოხვდა, არ გამოვარკვევ, რაშია-მეთქი საქმე. ბოლოს და ბოლოს მეც ხომ ადამიანი ვარ.

    გავიღიმე. საქმე ისაა, რომ წუთის წინ აივანზე პატარა ქვა დავარდა. პუაროს ლაპარაკი არ შეუწყვეტია, დაიხარა და იგი იატაკიდან აიღო.

    - დიახ, ადამიანი. და თუ ეს ადამიანი ახლა მძინარე ძაღლსა ჰგავს... მერე რა! ძაღლს შეუძლია გაიღვიძოს. თქვენ ხომ იცით ასეთი ნათქვამი: მძინარე ძაღლი უმჯობესია არ გააღვიძოო.

    - სავსებით სწორია, - ვთქვი მე. - დარწმუნებული ვარ, თუ ხვალ დილით თქვენს სასთუმალთან ხანჯალს იხილავთ, დამნაშავეს კარგი დღე არ დაადგება.

    პუარომ თავი დამიკრა, მაგრამ რაღაც დაბნეულად.

    ჩემდა გასაკვირად იგი უეცრად წამოდგა და აივნიდან დაეშვა. ამ დროს გზაზე ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯით მომავალი ქალიშვილი გამოჩნდა.

    მომეჩვენა, რომ იგი კარგი შესახედავი იყო. სწორედ რომ ვთქვა, ვერც კი მოვასწარი მისი შეთვალიერება, რადგანაც ჩემი ყურადღება პუარომ მიიპყრო. იგი თავაწეული მიდიოდა, უცებ ფეხი ფესვს წამოსდო და ქალიშვილის წინ გაიშხლართა. ჩვენ მას წამოდგომა ვუშველეთ. მე, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრით ვიყავი დაკავებული, მაგრამ თვალის ერთი შევლება მაინც მოვახერხე. ქალიშვილს მუქი თმა, მეტყველი სახე და დიდრონი ლურჯი თვალები ჰქონდა.

    - დიდი ბოდიში, - ჩაიბურდღუნა პუარომ. - მადმუაზელ, ძალიან კეთილი ხართ, ვწუხვარ... უჰ! ფეხი... რა ტკივილია! არა, არა, სერიოზული არაფერია, უბრალოდ კოჭი გადამიბრუნდა. ცოტა ხანში ყველაფერი გაივლის. თქვენ რომ დახმარება შეგეძლოთ, ჰასტინგს... მაშინ ერთი მხრიდან თქვენ და მეორე მხრიდან მადმუაზელი... თუ ის არაჩვეულებრივ თავაზიანობას გამოიჩენს. მრცხვენია კიდეც ამის თხოვნა.

    ქალიშვილმა და მე ხელი მოვკიდეთ პუაროს. მხრებში ამოვუდექით, აივანზე ავიყვანეთ და სავარძელში მოვათავსეთ. ექიმთან წასვლა შევთავაზე, მაგრამ პუარომ კატეგორიულად უარყო ჩემი წინადადება.

    - გეუბნებით, ეს არაფერია. უბრალოდ კოჭი გადამიბრუნდა. უეცრად მეტკინა, ახლა უკვე ყველაფერმა გაიარა. - იგი დაიმანჭა. - ცოტაც და ნახავთ, რომ ყველაფერი დამავიწყდება. მადლობელი ვარ, მადმუაზელ. თქვენ ძალიან თავაზიანი ხართ. დაბრძანდით, გთხოვთ.

    ქალიშვილი სკამზე ჩამოჯდა.

    - ვფიქრობ, სერიოზული არაფერია, - წარმოთქვა მან, - მაგრამ ექიმისათვის რომ გეჩვენებინათ, არაფერი დაშავდებოდა.

    - მადმუაზელ, გარწმუნებთ, რომ ეს არაფერია. თქვენს შესანიშნავ საზოგადოებაში ტკივილები უკვე მიყუჩდება.

    გოგონამ გაიცინა.

    - შესანიშნავია!

    - რას იტყოდით კოქტეილზე? - დავინტერესდი მე, - ახლა სწორედ დროა.

    - რას ვიზამ... - შეიშმუშნა სტუმარი, - მადლობას მოგახსენებთ, დიდი სიამოვნებით.

    - მარტინი?

    - დიახ, თუ შეიძლება, მშრალი მარტინი.

    კოქტეილის შესაკვეთად გავედი. როდესაც დავბრუნდი, პუარო და ქალიშვილი რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.

    - წარმოიდგინეთ, ჰასტინგს, - თქვა პუარომ, - ის სახლი - აი, ყველაზე ბოლო, ჩვენ რომ ასე ძლიერ მოგვეწონა, - მადმუაზელს ეკუთვნის.

    - რას ამბობთ? - გავიკვირვე, თუმცა ვერ მოვიგონე, როდის მომეწონა ის სახლი. სიმართლე რომ ვთქვა, არც კი შემინიშნავს. - ისე პირქუშად და შთამაგონებლად გამოიყურება, - დავუმატე ბოლოს, - ალბათ, იმიტომ, რომ განაპირას დგას,

    - სწორედ ამიტომ ჰქვია ენდჰაუზი[6], - განმარტა გოგონამ. - მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ დანგრეულია. სულის ერთი შებერვა და სავსებით დაირღვევა.

    - თქვენ ამ ძველი საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ხართ, მადმუაზელ?

    - რა საგვარეულოზე შეიძლება ლაპარაკი. სხვათა შორის, ბაკლები აქ უკვე ორასი-სამასი წელია ცხოვრობენ. ჩემი ძმა სამი წლის წინათ გარდაიცვალა, ასე რომ, მე ოჯახის უკანასკნელი წევრი ვარ.

    - სამწუხაროა. თქვენ იმ სახლში მარტო ცხოვრობთ, მადმუაზელ?

    - ო, არა. მე აქ იშვიათი სტუმარი ვარ! მაგრამ როცა ჩამოვდივარ, ჩემთან ყოველთვის მეგობრების გულთბილი წრე იკრიბება.

    - სწორედ რომ თანამედროვე ხასიათია. მე კი მარტო წარმოგიდგინეთ ამ მოწყენილ და საიდუმლო სახლში, რომელსაც საგვარეულო წყევლა ამძიმებს.

    - რა მშვენიერია! თქვენ, ჩანს, ძალიან მდიდარი ფანტაზია გაქვთ. არა, მე არავითარი წყევლა არ მამძიმებს, ხოლო თუ სახლში მოჩვენებამ დაისადგურა, ის ჩემთან კარგ განწყობილებაშია. ბოლო სამი დღეა სამჯერ გადავრჩი აშკარა სიკვდილს. შეიძლება ვიფიქრო, რომ მომაჯადოვეს.

    - სიკვდილს გადარჩით? - გაიკვირვა პუარომ. - ეს საინტერესოა.

    - არა, არაფერი განსაკუთრებული, სრული შემთხვევითობაა.

    მოულოდნელად მან თავი გასწია, ახლოს კრაზანამ გაიზუზუნა.

    - საზიზღარი კრაზანები. ალბათ, ბუდე აქვთ ახლოს.

    - ფუტკრები და კრაზანები... არ გიყვართ, მადმუაზელ? ოდესმე ხომ არ დაგკბინეს?

    - არა... უბრალოდ ნერვებზე მოქმედებენ, ცხვირთან რომ გაიზუზუნებენ ხოლმე.

    - ფუტკარი ჩაჩში[7], - ჩაილაპარაკა პუარომ. - თქვენებური, ინგლისური გამოთქმაა.

    კოქტეილი მოიტანეს. სასმისები ავწიეთ და ჩვეულებრივი, უმნიშვნელო ფრაზები წარმოვთქვით.

    - მე ხომ მართლაც კოქტეილისათვის წამოვედი, - წარმოთქვა მის ბაკლიმ. - ჩვენებს, ალბათ, უკვირთ, სად დაიკარგაო.

    პუარომ ჩაახველა და სასმისი დადგა.

    - სქელი, კარგი შოკოლადისათვის, ალბათ, სულსაც არ დავიშურებდი, - ამოიოხრა მან. - მაგრამ ინგლისში არ ამზადებენ, თუმცა თქვენცა გაქვთ სასიამოვნო წეს-ჩვეულებები. ახალგაზრდა გოგონები... ისე ადვილად... ისე მოხდენილად... იხდიან და იხურავენ ქუდებს...

    ქალიშვილმა გაკვირვებით შეხედა პუაროს.

    - რა გაქვთ მხედველობაში? აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოიხადონ?

    - ასე იმიტომ ლაპარაკობთ, რომ ახალგაზრდა ხართ.. დიახ, ძალიან ახალგაზრდა, მადმუაზელ. მე კი ყველაზე ბუნებრივად საგოლდაგულოდ მაღლა აწეული ვარცხნილობა მეჩვენება... აი ასე... და ზედ მრავალი ქინძისთავით დამაგრებული ქუდი, la-la-la-et-la[8] - და პუარომ საგულდაგულოდ ჩაარჭო მის მიერ წარმოდგენილ ქუდში ოთხი ქინძისთავი.

    - ეს ხომ საოცრად უხერხულია!

    - დიახაც! რასაკვირველია! - წამოიძახა პუარომ. - არც ერთი მაღალი წრის წამებული ქალი არ წარმოთქვამდა ამ ფრაზას ასეთი გრძნობით. დიდი ქარის დროს ეს სატანჯველი იყო... ეწყებოდათ შაკიკი.

    მის ბაკლიმ თავისი უბრალო ფართოფარფლებიანი ქუდი მოიხადა და გვერდით მიაგდო.

    - ახლა ჩვენ ასე ვიქცევით, - დაამატა მან სიცილით.

    - ეს გონივრულიც არის და ლამაზიც, - მსუბუქი თავის დაკვრით უპასუხა პუარომ.

    ალიშვილი დიდი ინტერესით შევათვალიერე. გაწეწილი შავი თმა მას ელფს ამსგავსებდა, მაგრამ მხოლოდ თმა არა, მეტყველი ოვალური სახე, დიდი ლურჯი თვალები და კიდევ რაღაც მიმზიდველი და უჩვეულო. იქნებ შეუპოვრობა? ქალიშვილს თვალებქვეშ შავი ჩრდილები ჰქონდა.

    ტერასა, სადაც ჩვენ ვისხედით, ჩვეულებრივ, ცარიელი იყო. ხალხი კუთხის ტერასაზე იკრიბებოდა, საიდანაც ციცაბო ნაპირი მოსხლეტით ეშვებოდა ზღვაში.

    სწორედ ამ კუთხიდან გამოჩნდა წითელსახიანი მამაკაცი. მას მუშტები შეეკრა და ტორტმანით მოდიოდა. იგი მარჯვე და დაუდეგარი ჩანდა - ნამდვილი მეზღვაური.

    - ვერ გამიგია, სად უნდა დამალულიყო, - ისე ხმამაღლა გამოთქვამდა გაკვირვებას, რომ მის ხმას თავისუფლად გაიგონებდით. - ნიკ! ნიკ!

    მის ბაკლი წამოდგა.

    - ასეც ვიცოდი, რომ შეწუხდებოდნენ. აუ, ჯორჯ აი, მეც.

    - ცოცხლად, გეთაყვა! ფრედი წყურვილით კვდება...

    იგი ცნობისმოყვარეობით დააკვირდა პუაროს. ჩემი მეგობარი, ეტყობა, ძლიერ განსხვავდებოდა ნიკის ნაცნობებისაგან.

    გოგონამ ერთმანეთს წარუდგინა ისინი.

    -

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1