Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)
სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)
სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)
Ebook843 pages4 hours

სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"სამი მუშკეტერი" - ესაა სათავგადასავლო-ისტორიული რომანი, რომელიც ახალგაზრდა გასკონელის, დ'არტანიანისა და მისი მეგობრების ხიფათითა და რომანტიზმით აღსავსე ისტორიას მოგვითხრობს. გამოქვეყნებულია 1844 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 18, 2021
სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)

Read more from ალექსანდრე დიუმა

Related to სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)

Related ebooks

Reviews for სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე) - ალექსანდრე დიუმა

    ალექსანდრე დიუმა - სამი მუშკეტერი (ნაწილი მეორე)

    Alexandre Dumas - Les Trois Mousquetaires (Seconde Partie)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჭავარიანს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I ინგლისელები და ფრანგები

    II ვექილის სადილი

    III მოახლე და ქალბატონი

    IV სადაც ლაპარაკია არამისისა და პორთოსის აღჭურვილობაზე

    V ღამით ყველა კატა ნაცრისფერია

    VI ოცნება შურისძიებაზე

    VII მილედის საიდუმლოება

    VIII როგორ მოახერხა ათოსმა აღჭურვილობის შეძენა ისე, რომ თავი არ შეუწუხებია

    IX მოჩვენება

    X მრისხანე აჩრდილი

    XI ლაროშელის გარემოცვა

    XII ანჟუური ღვინო

    XIII „წითელი სამტრედის" ტრაქტირი

    XIV ღუმელის საკვამლე მილით სარგებლობა

    XV ოჯახური სცენა

    XVI სენ-ჟერვეს სიმაგრე

    XVII მუშკეტერების ბჭობა

    XVIII ოჯახური საქმე

    XIX ბედისწერა

    XX რძალ-მაზლის საუბარი

    XXI ოფიცერი

    XXII პატიმრობის პირველი დღე

    XXIII პატიმრობის მეორე დღე

    XXIV პატიმრობის მესამე დღე

    XXV პატიმრობის მეოთხე დღე

    XXVI პატიმრობის მეხუთე დღე

    XXVII კლასიკური ტრაგედიის ნაცადი ხერხი

    XXVIII გაპარვა

    XXIX რა მოხდა პორტსმუტში 1628 წლის 23 აგვისტოს

    XXX საფრანგეთში

    XXXI ბეთუნის კარმელისტების მონასტერი

    XXXII ქაჯის ორი სახეობა

    XXXIII უკანასკნელი წვეთი

    XXXIV წითელ წამოსასხამიანი კაცი

    XXXV სასამართლო

    XXXVI დასჯა

    დასკვნა

    ეპილოგი

    I ინგლისელები და ფრანგები

    დანიშნულ დროს მეგობრები, ოთხივე მსახურის თანხლებით, ლუქსემბურგის სასახლის უკან, მინდორზე გამოცხადდნენ, სადაც თხები ბალახსა სძოვდნენ. ათოსმა ფული აჩუქა მწყემსს, რომ თავიდან მოეცილებინა, ხოლო მსახურებს უბრძანა, დარაჯებად დამდგარიყვნენ.

    ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდა მდუმარედ მომავალი ინგლისელთა ჯგუფი. ისინიც მუშკეტერებს შეუერთდნენ, რასაც, ინგლისური ჩვეულების მიხედვით, ურთიერთგაცნობა მოჰყვა.

    წარჩინებული წოდების ინგლისელები მოწინააღმდეგეების უცნაურმა სახელებმა არა მარტო განაცვიფრა, არამედ დააფიქრა კიდეც.

    - მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ამხანაგები უკვე წარმოგვიდგინეთ, - მიმართა ლორდმა უინტერმა დ’არტანიანს, - ჩვენ მაინც არ ვიცით, ვინ ბრძანდებით, და არ შეგვიძლია შევებრძოლოთ ასეთი გვარების პატრონთ, ეს უბრალო მწყემსების სახელებია.

    - მე მგონია, თვითონაც ხვდებით, ბატონო ჩემო, რომ იგი მხოლოდ გამოგონილია, - თქვა ათოსმა.

    - მით უფრო მეტად გვსურს, გავიგოთ მოწინააღმდეგეთა ნამდვილი ვინაობა, - უპასუხა ინგლისელმა.

    - ამას წინათ ორი ცხენი რომ მოგვიგეთ, კარგად იკადრეთ ჩვენთან თამაში, ისე რომ არც კი მოგგონებიათ ჩვენი ვინაობის გამოკითხვა, - შენიშნა ათოსმა.

    - ეგ მართალია, მაგრამ იქ საქმე შეეხებოდა ფულს, აქ კი განსაცდელში ვაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს. ადამიანი შეიძლება განურჩევლად ეთამაშოს ყველას, მაგრამ საბრძოლველად მხოლოდ თავის თანასწორთან გადის.

    - მართალია, - თქვა ათოსმა და ხელი მოჰკიდა იმ ინგლისელს, რომელსაც თვითონ უნდა შებრძოლებოდა, გვერდზე გაიყვანა და ჩუმად თავისი გვარი უთხრა.

    ასევე მოიქცნენ პორთოსი და არამისიც.

    - დაკმაყოფილდით? - მიმართა თავის მოწინააღმდეგეს ათოსმა, - საკმარისად დიდებულად მცნობთ, რომ პატივი მცეთ და ხმალი გადამიჯვარედინოთ?

    - დიახ, ბატონო, - მიუგო ინგლისელმა და თავი მდაბლად დაუკრა.

    - ძალიან კარგი! თუ გნებავთ, ერთ რამეს კიდევ მოგახსენებთ, - განაგრძო ცივად ათოსმა.

    - რას ბრძანებთ?

    - ძალიან კარგს იზამდით, არ დაინტერესებულიყავით ჩემი ნამდვილი გვარის გაგებით.

    - ეგ რატომ?

    - იმიტომ, რომ ყველას მკვდარი ვგონივარ და არ მინდა იცოდნენ ჩემი არსებობა. ასეთი სურვილისათვის მე საკმაოდ შესაწყნარებელი მიზეზები მაქვს, ხოლო ყოველივე ამის შემდეგ, იძულებული ვიქნები, აღარ დაგინდოთ. არ მინდა, ქვეყანას მოეფინოს ჩემი საიდუმლოება.

    ინგლისელი ათოსს დააცქერდა, ეგონა, მეხუმრებაო, მაგრამ ხუმრობის გუნებაზე არ გახლდათ მუშკეტერი.

    - აბა, ბატონებო, მზად ვართ თუ არა? - მიმართა ათოსმა მტრებსაც და მეგობრებსაც.

    - დიახ! - უპასუხეს ერთხმადვე ინგლისელებმა და ფრანგებმა.

    - მაშ, დავიწყოთ.

    ჩამავალ მზის სხივებში იმ წუთშივე შეითამაშა რვა ხმალმა და საშინელი მძვინვარებით დაიწყო ბრძოლა ადამიანებს შორის, რომელთაც ერთმანეთთან ორმაგი მტრობა ჰქონდათ, - პირად შეურაცხყოფას ეროვნული მტრობაც ემატებოდა.

    ათოსი ისე დინჯად და წესების ზუსტი დაცვით იბრძოდა, თითქოს საფარიკაო დარბაზში ყოფილიყოს.

    პორთოსისათვის, ეტყობოდა, კარგი გაკვეთილი მიეცა შანტილში მიღებულ ჭრილობებს, ამიტომ მეტად ფრთხილად და მოხერხებულად ათამაშებდა ხმალს.

    არამისი, რომელსაც დასამთავრებელი ჰქონდა თავისი პოემის მესამე თავი, ცდილობდა, მალე მოეღო ბოლო ამ დუელისათვის.

    პირველად ათოსმა მოკლა ინგლისელი, მხოლოდ ერთხელ ჩაჰკრა, მაგრამ, როგორც თვითონ დაემუქრა, სასიკვდილოდ გაუგმირა გული.

    მეორედ პორთოსმა დასცა თავისი მოწინააღმდეგე, რომელმაც ბარძაყში მიღებული ჭრილობის გამო წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო და თავისი ხმალი პორთოსს გადასცა. გამარჯვებულმა მუშკეტერმა ინგლისელი ხელში აიყვანა და თავის ეტლში ჩასვა.

    არამისმა ისე მაგრად შეუტია თავის მოპირდაპირეს, რომ ორმოცდაათიოდე ნაბიჯით უკან დახევის შემდეგ აიძულა, მთელი სისწრაფით მოეკურცხლა. მსახურებმა გაქცეული ყვირილითა და სტვენით გააცილეს.

    რაც შეეხება დ’არტანიანს, მან სულ უბრალო თამაშად გაიხადა ეს დუელი, და როდესაც შეატყო, რომ მოპირდაპირე მოიქანცა, ენერგიული დარტყმით ხმალი ხელიდან გააგდებინა. უხმლოდ დარჩენილმა ბარონმა ორი-სამი ნაბიჯით უკან დაიწია, მაგრამ უცებ ფეხი წაუსხლტა და მიწაზე პირაღმა გაიშხლართა.

    დ’არტანიანი იმ წუთშივე მასთან გაჩნდა, ხმალი ყელზე დაადო და უთხრა:

    - ჩემ ხელთ ბრძანდებით, ბატონო, შემიძლია აქვე გაგათავოთ, მაგრამ თქვენი დის სიყვარულით მომინიჭებია თქვენთვის სიცოცხლე.

    აღტაცებული იყო დ’არტანიანი, საზღვარი აღარ უჩანდა მის სიხარულს, ხორციელდებოდა გასკონელის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმა.

    ასეთი ზრდილი და კეთილშობილი მტრით აღტაცებულმა ინგლისელმა დ‘არტანიანი გულში ჩაიკრა და მუშკეტერს ათასი საალერსო სიტყვა უთხრა.

    რაკი პორთოსის მიერ დაჭრილი ინგლისელი ეტლში იჯდა, ხოლო არამისის სამარცხვინოდ გაქცეულ მოპირდაპირეს გზა აემტვერებინა, ყველას ყურადღება მოკლულმა მიიქცია.

    პორთოსი და არამისი ტანისამოსს ხდიდნენ უბედურს, იმედი ჰქონდათ, იქნება სასიკვდილო არ გამომდგარიყო ჭრილობა. ინგლისელს ქამარში ჩამაგრებული დიდი ქისა გადმოუვარდა. დ’არტანიანმა მაშინვე აიღო და ლორდ უინტერს გაუწოდა.

    - რა ეშმაკად მინდა, მე რომ მაძლევთ მაგ ქისას? - გაიკვირვა ინგლისელმა.

    - ამ უბედურის ცოლ-შვილს გადასცემთ, - უპასუხა დ’არტანიანმა.

    - რა საჭიროა მისი ცოლ-შვილისათვის ეს წვრილი ფული. თხუთმეტი ათასი ლივრი მაინც დარჩებათ წლიური შემოსავალი. შეინახეთ და შემდეგ თქვენს მსახურებს უბოძეთ.

    დ’არტანიანმა ქისა ჯიბეში ჩაიდო.

    - ახლა კი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ვიმედოვნებ, უფლებას მომცემთ, ასე მოგმართოთ, - უთხრა ლორდმა უინტერმა დ’არტანიანს, - დღეს საღამოთი წარგადგენთ ჩემს დასთან, ლედი კლარიკთან. მინდა მოწყალებით გადმოგხედოთ. იგი საკმაოდ მიღებულია სასახლის კარზე და შეიძლება მომავალში მისი სიტყვა თქვენთვის სასარგებლო გახდეს.

    დ’არტანიანი სიამოვნებისაგან გაწითლდა და თანხმობის ნიშნად თავი დახარა.

    ამ დროს ათოსიც მიუახლოვდა გასკონელს და ყურში ჩურჩულით ჰკითხა:

    - რას უპირებთ მაგ ქისას, ჩემო დ’არტანიან?

    - თქვენ უნდა მოგართვათ.

    - მე? რისთვის?

    - რა ვქნა, ხომ თქვენ მოკალით ის კაცი, ნადავლი გამარჯვებულს ეკუთვნის.

    - მტრის მემკვიდრე უნდა გავხდე?! - შეჰყვირა ათოსმა, - ვინა გგონივართ, დ’არტანიან?!

    - ჩვეულებრივად ხომ ასეა მიღებული ომში, და განა დუელშიც ასე არ უნდა ხდებოდეს? - უპასუხა დ’არტანიანმა.

    - ბრძოლის ველზედაც არასოდეს არ მისარგებლია ამგვარი წესით.

    პორთოსმა მხრები აიჩეჩა. არამისმა მოწონების ნიშნად გაიღიმა.

    - მაშ, კარგი, ლორდ უინტერისა არ იყოს, მსახურებს ვუბოძოთ ეს ფული, - თქვა დ’არტანიანმა.

    - აგრე იყოს, - დაეთანხმა ათოსი, - მსახურებს ვუბოძოთ, ოღონდ ჩვენებს კი არა, - ინგლისელთა მსახურებს.

    ამ კეთილშობილურმა ჟესტმა, განსაკუთრებით ათოსისაგან, რომელსაც ერთი გროშიც არ გააჩნდა, პორთოსიც კი მოიყვანა აღტაცებაში, ხოლო მოწინააღმდეგეებში ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია ამ ფრანგულმა გულუხვობამ, რომ ლორდი უინტერი და მისი მეგობარი ყველას უამბობდნენ მერე ამას. იქ მყოფთაგან მხოლოდ ბ-ნი გრიმო, მუშკეტონი, პლანშე და ბაზენი არ აღფრთოვანებულან.

    გამოთხოვებისას ლორდმა უინტერმა თავისი დის მისამართი გადასცა დ’არტანიანს. იგი ცხოვრობდა მეფის მოედანზე, #6 სახლში. თუმცა ბოლოს შეჰპირდა, მე თვითონ გამოგივლი და წაგიყვანო. დ’არტანიანმა შეხვედრის ადგილად ათოსის ბინა დაუსახელა, სადაც ლორდ უინტერს 8 საათზე უნდა გაევლო.

    მილედისთან შეხვედრაზე ფიქრი ერთი წუთითაც არ ტოვებდა ჩვენს გმირს. იგი წინასწარვე ღელავდა, აგონდებოდა, როგორი უცნაური შემთხვევებით იჭრებოდა ეს ქალი მის ცხოვრებაში. დ’არტანიანი დარწმუნებული იყო, რომ მილედი კარდინალს ემსახურებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც დაუოკებელი ძალა ისეთი გრძნობით იზიდავდა მისკენ, რომ ანგარიშს ვერ აძლევდა თავის თავს. დ’არტანიანს ეშინოდა, მილედიმ ჩემში არ იცნოს მენგში და დუვრში ნანახი კაციო. მაშინ ქალისთვის აშკარა გახდებოდა, რომ მისი ახალი ნაცნობი ბატონ დე ტრევილის მეგობართაგანი იყო და, მაშასადამე, სულით ხორცამდე მეფეს ეკუთვნოდა. ამით უპირატესობას კარგავდა გასკონელი, რადგანაც, თუ მილედისაც ეცოდინებოდა მისი ვინაობა, მაშინ თანასწორი ძალით უნდა წარმართულიყო მათი თამაში.

    რაც შეეხება მილედის მიერ გრაფ ვარდისადმი არშიყობის დაწყებას, ამას თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ჩვენი თავმომწონე ჭაბუკი. თუმცა კარგად ხედავდა, რომ გრაფი წარჩინებული გვარის, მდიდარი და ლამაზი ახალგაზრდა იყო, რომელსაც წყალობის თვალით უყურებდა კარდინალი, მაგრამ უმნიშვნელო როდი იყო ის, რომ დ’არტანიანი ოცი წლის გახლდათ და თანაც ტარბში დაბადებული.

    დ’არტანიანი ჯერ შინ მივიდა, რათა საუკეთესო ტანისამოსით მორთულიყო, მერე ათოსთან გაიარა და, ჩვეულებისმებრ, ყველაფერი უამბო. ათოსმა გულისყურით მოუსმინა, თავი გაიქნია და ურჩია, ფრთხილად მოქცეულიყო.

    - როგორ! - მიმართა გაკვირვებულმა ათოსმა, - თქვენ ეს არის დაკარგეთ ქალი, რომელიც კეთილად და ლამაზადაც მიგაჩნდათ და ახლა უკვე მეორეს დასდევთ?

    დ’არტანიანმა იგრძნო ამ საყვედურის სიმართლე.

    - ქალბატონი ბონასიე გულით მიყვარდა, - უპასუხა მან, - მილედი კი თავით მიყვარს. მისი გაცნობა იმიტომ მინდა, რომ გავიგო, რა როლი აქვს მას სასახლეში.

    - რა როლი აქვს და რას წარმოადგენს? განა ძნელია მაგის გამორკვევა იმ ცნობებიდან, რომელიც თქვენ მიამბეთ? კარდინალის მონა-მორჩილია, მისი ჯაშუშია. იცოდეთ, ჩემო დ’არტანიან, ეს ქალი მახეში გაგაბამთ და ისე ჩაგიჭერთ, რომ თავს ვეღარ დააღწევთ.

    - ეჰ, ათოს! მეტად შავად გეჩვენებათ ყველაფერი!

    - ჩემო ძვირფასო, ვერ ვენდობი, ვერა, ქალებს; რას იზამთ, მე მათ ძალიან უხვად მომიზღეს, მეტადრე - ქერა ქალებმა, მილედიც ქერაა, არა? მგონი, ასე მითხარით?

    - საუცხოო ქერა თმა აქვს, უკეთესს ვერასა ნახავს ადამიანი.

    - ეჰ, ჩემო საბრალო დ’არტანიან! - ამოიოხრა ათოსმა.

    - მომისმინეთ, ათოს, მინდა გამოვარკიო, რაც მაწუხებს, გავიგებ და მერე ახლოც აღარ გავეკარები.

    - გამოარკვიეთ, - უპასუხა დაღონებულმა ათოსმა.

    სწორედ დანიშნულ დროს მოვიდა ლორდი უინტერი. ათოსს წინასწარვე აცნობეს მისი მისვლა და ისიც მაშინვე მეორე ოთახში გავიდა. ლორდს მარტო დ’არტანიანი დაუხვდა და რაკი რვა საათი სრულდებოდა, მილედისთან წაიყვანა ჩვენი გმირი.

    ქუჩაში მათ ძვირფასი ცხენებით შეკაზმული კარეტა ელოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე მეფის მოედანზე იყვნენ.

    მილედი კლარიკმა ცივად მიიღო დ’არტანიანი. მეტად მდიდრულად იყო მორთული მისი სასახლე. თუმცა ომის გამოცხადების გამო ინგლისელების უმრავლესობა უკვე ტოვებდა საფრანგეთს, ან უკვე მზად იყო წასასვლელად, მაგრამ მილედის ბრძანებით, მის სასახლეში ბევრი რამ ახალი გაეკეთებინათ, რაც ნათლად ამტკიცებდა, რომ მას არ შეეხებოდა ეს საერთო განკარგულება.

    - თქვენს წინაშე, - მიმართა მილედის ლორდმა უინტერმა დ’არტანიანის წარდგენისას, - გახლავთ კეთილშობილი ყმაწვილი, რომლის ხელთ იყო ჩემი სიცოცხლე, მაგრამ მან არ ისურვა უპირატესობით სარგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი მტრობა ჰქონდა ჩემთან: ჯერ ერთი, პირველად მე მივაყენე შეურაცხყოფა და, ამას გარდა, მე ინგლისელი ვარ. მაშ, მადლობა მიუძღვენით, ქალბატონო, თუ მართლა რამედ გიღირთ ჩემი სიცოცხლე.

    მილედიმ წარბი ოდნავ შეიჭმუხნა, თითქმის შეუმჩნეველმა ღრუბელმა გაურბინა შუბლზე და მის ბაგეზე ისეთი უცნაური ღიმილი გამოჩნდა, რომ ყმაწვილი კაცი, რომელსაც არ გამოჰპარვია მისი გამომეტყველების ცვალებადობა, თრთოლამ აიტანა.

    ძმამ ვერ შეამჩნია ეს. იგი ეთამაშებოდა მილედის საყვარელ მაიმუნს, რომელიც უკანიდან ჩასჭიდებოდა მის ქურთუკს.

    - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო, - მიმართა ქალმა ალერსიანი ხმით, რომლის სიტკბოებამ დ’არტანიანი ვერ დაამშვიდა. - დღეიდან თქვენ საუკუნოდ მოიპოვეთ ჩემი გულითადი მადლობა.

    ლორდი უინტერი დას მოუბრუნდა და ისე დაწვრილებით უამბო წეღანდელი ამბავი, რომ ერთი წვრილმანიც არ გამოუტოვებია. მილედი დიდი ყურადღებით ისმენდა, მაგრამ მაინც ცხადად ჩანდა, რომ მას სრულებითაც არ სიამოვნებდა ყოველივე, თუმცა ძალიან ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა თავისი განწყობილება. სისხლი უვარდებოდა თავში, ფერფური მისდიოდა და მოუთმენლად აბაკუნებდა იატაკზე თავის პატარა ფეხს.

    ლორდი უინტერი ვერაფერს ამჩნევდა. დუელის ამბავი რომ დაამთავრა, იგი მაგიდასთან მივიდა, რომელზედაც ადრევე დაედგათ ბოთლით ესპანური ღვინო და ჭიქები. მან ორი სასმისი ღვინით გაავსო და დ’არტანიანს უსიტყვოდ ანიშნა, დაელია.

    ძალიან კარგად იცოდა ჩვენმა გასკონელმა, რომ ინგლისელს ყველაზე მეტად ის ეწყინება, ღვინით თუ არ დალოცე. ამიტომ იგი მაგიდასთან მივიდა და სასმისი აიღო, თან თვალს არ აშორებდა მილედის, რომელსაც ეგონა, აღარავინ მიყურებსო, და მძვინვარე სახე მიეღო, გაფითრებულიყო და თავისი ლამაზი კბილებით წიწკნიდა ცხვირსახოცს. გასკონელმა სარკეში დაინახა ყველა ის ცვლილება, რომელიც ქალის სახეზე აღბეჭდილიყო.

    ამ დროს ოთახში ის ახალგაზრდა ლამაზი მოახლე შემოვიდა, რომელიც კარგად დამახსოვრებოდა დ’არტანიანს. მან ინგლისურ ენაზე რამდენიმე სიტყვა მოახსენა ლორდ უინტერს, რომელიც მაშინვე დ’არტანიანს მიუბრუნდა:

    - ბოდიშს ვიხდი, რომ სასწრაფო საქმის გამო იძულებული ვარ დაგტოვოთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩემი და გამოისყიდის ჩემს დანაშაულს.

    დ’არტანიანმა ლორდ უინტერს ხელი ჩამოართვა და ისევ მილედისთან მივიდა. საკვირველი სისწრაფით გამოიცვალა ქალმა წეღანდელი მძვინვარე გამომეტყველება და ისევ ტკბილი მასპინძლის სახით დაუხვდა სტუმარს. თუმცა ცხვირსახოცზე დარჩენილი წითელი ლაქები ამტკიცებდნენ, რომ სიბრაზისაგან მშვენიერი ძოწის ტუჩები დაეკბინა და სისხლი გამოსვლოდა.

    ბაასმა მილედი გამოაცოცხლა, გული მოუბრუნა და კარგ გუნებაზე დააყენა. მან უამბო დ’არტანიანს, რომ ლორდი უინტერი მისი მაზლი იყო და არა ძმა, იგი იყო უმცროსი ძმის ცოლი. ქმარი ადრე მოკვდომოდა, ქვრივად დარჩენილიყო პატარა ბავშვით, რომელიც ლორდ უინტერის ერთადერთი მემკვიდრე იქნებოდა, თუ ის ცოლს არ შეირთავდა. დ’არტანიანი გრძნობდა, რომ რაღაც საიდუმლოებით მოცული ფარდა იყო ჩამოფარებული მათ შორის, მაგრამ რა იმალებოდა ამ ფარდის უკან, იგი ჯერ ვერ მიმხვდარიყო.

    ნახევარი საათის ბაასის შემდეგ დ’არტანიანი დარწმუნდა, რომ მილედი მისი თანამემამულე იყო: იგი ისე წმინდა და მოხდენილი ფრანგულით ლაპარაკობდა, რომ შეუძლებელი იყო ამაში ეჭვის შეტანა.

    დ’არტანიანი ქათინაურებით თავის ერთგულებას უმტკიცებდა მილედის. ქალი ისმენდა ყმაწვილი კაცის ლაყბობას და გულკეთილად იღიმებოდა. დადგა განშორების ჟამი. ჩვენი გმირი გამოეთხოვა მასპინძელს და დარბაზიდან გამოსული, თავს უბედნიერეს კაცად თვლიდა.

    კიბეზე მილედის კოხტა მოახლეს შეხვდა. მან გვერდით გაუარა დ’არტანიანს, ოდნავ გაეხახუნა და ყურებამდე გაწითლდა, მაგრამ ისეთი საამო ხმით მოიხადა ბოდიში, რომ მაშინვე მოიგო გასკონელის გული.

    დ’არტანიანი მეორე დღესაც მივიდა მილედის სანახავად. ამჯერად უფრო უკეთ მიიღეს. ლორდი უინტერი აქ არ იყო და მილედის დარჩა მასპინძლობა. ეტყობოდა, ქალს აინტერესებდა დ’არტანიანის ვინაობა და ჰკითხა, სადაური ბრძანდებოდა, ვინ იყვნენ მისი მეგობრები, უფიქრია თუ არა კარდინალთან შესულიყო სამსახურში და სხვა.

    მაგრამ მკითხველმა უკვე იცის, რომ ჩვენი გასკონელი თავის ასაკთან შედარებით მეტად ფრთხილი იყო. მაშინვე მოაგონდა მილედის მიმართ აღძრული ეჭვები და დიდი ქება-დიდებით მოიხსენია მისი ყოვლადუწმინდესობა, სამსახურის შესახებ კი უპასუხა: აუცილებლად შევიდოდა კარდინალის რაზმში, ახლად ჩამოსულს ბატონი კავუა რომ მცნობოდაო. მაგრამ რა მექნა, ბატონი დე ტრევილის მეტს არავის ვიცნობდი და ამიტომ მეფის რაზმელებში ჩამრიცხესო.

    მილედიმ საუბრის საგანი შეცვალა და სხვათა შორის ჰკითხა:

    - ინგლისში ხომ არ ყოფილხართ როდისმე?

    დ’არტანიანმა უპასუხა, იქ ბატონმა დე ტრევილმა გამაგზავნა ცხენების შესაძენად და ოთხი საგანგებო ცხენი გადმოვიყვანეო.

    ამ საუბრის დროს მილედიმ ორჯერ თუ სამჯერ იკბინა ტუჩზე. იგი გრძნობდა, რომ საქმე ჰქონდა ეშმაკ გასკონელთან, რომელიც თავის როლს მეტად მოხერხებულად თამაშობდა.

    დ’არტანიანი ახლაც სწორედ იმ დროს გამოეთხოვა მილედის, როგორც წინა ღამეს. დერეფანში კვლავ დაუხვდა ის ლამაზი კეტი (ასე ერქვა მილედის მხევალს), იგი ისეთი ალერსიანი თვალებით შეჰყურებდა ყმაწვილკაცს, რომ, ეჭვი არ იყო, მას შესტრფოდა. მაგრამ ქერათმიანი ქალბატონით გატაცებული ჩვენი გმირი სხვას ვერავის ამჩნევდა.

    დ’არტანიანი ყოველ საღამოს დადიოდა მილედის სანახავად. მასპინძელი დღითიდღე უფრო უკეთესად ხვდებოდა. ყოველ საღამოს, იქნებოდა ეს კიბეზე, დერეფანში თუ დარბაზის მოსაცდელ ოთახში, ცუგრუმელა კეტი უნდა დახვედროდა დ’არტანიანს. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი გმირი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა საწყალი გოგოს ალერსიან თვალებს.

    II ვექილის სადილი

    დუელმა, რომელშიაც ასე ბრწყინვალე როლი ითამაშა პორთოსმა, ვერ დაავიწყა მას ვექილის ცოლთან დანიშნული სადილი. მეორე დღეს პირველი საათისათვის მან ერთხელ კიდევ გადაასმევინა მუშკეტონს ჯაგრისი ტანისამოსზე და დათვის ქუჩისკენ გაემართა იმ ბედნიერი კაცის ნაბიჯით, რომელსაც ორმაგად სწყალობს ბედი.

    გული უცემდა პორთოსს, მაგრამ ეს არ ჰგავდა დ’არტანიანის ჭაბუკურ და მოუთმენელ სიყვარულს. არა, მას ნივთიერი გამორჩენა უღელვებდა სისხლს. ძლივს უნდა ღირსებოდა იმ საიდუმლო ზღურბლის გადაბიჯებას და იმ უცნობი კიბის ავლას, რომელზედაც თითო-თითოდ ადიოდნენ ბატონი კოკნარის ძველი პისტოლები.

    ახლა უკვე ნამდვილად ნახავდა იმ საოცნებო სკივრს, რომელიც რამდენჯერმე დაესიზმრა განძეულობით სავსე, გრძელი და ღრმა, რამდენიმე საკეტით გადაკეტილი და იატაკზე დამაგრებული. რამდენჯერ სმენია მას ამ სკივრზე საუბარი და დღეს ქალბატონი კოკნარი, თავისი ოდნავ ჩამომხმარი, დიახ, ჩამომხმარი, მაგრამ ჯერ კიდევ მოხდენილი ხელებით გაუხსნიდა ამ საგანძურს.

    გარდა ამისა, სხვა ნეტარებაც მოელოდა უთავშესაფროდ მოხეტიალე მუშკეტერს, რომელსაც არც ოჯახი ჰქონდა, არც ქონება. იგი ჯარისკაცი იყო, დუქნების, სამიკიტნოების და სასტუმროების მუშტარი, რომელიც შემთხვევითი სადილებით კმაყოფილდებოდა. ახლა კი პორთოსი შინაური სადილითა და ოჯახური მყუდროებით, მასპინძლების მზრუნველობითა და პატიჟით უნდა დამტკბარიყო. ძველი მებრძოლების სიტყვებით რომ ვთქვათ, მით უფრო ტკბილია მასპინძლის ეს შეპატიჟება და ძალდატანება - „მიირთვი როგორმეო", რამდენადაც მეტად გიჭირს.

    ძლივს წყალობის თვალით გადმოხედა ბედმა. დეიდაშვილად გაცნობილ პორთოსს საშუალება ეძლეოდა, ყოველდღე სწვეოდა ვექილს სტუმრად, კარგად გაწყობილ სუფრასთან გამოჭიმულიყო, გაემხიარულებინა ბებერი ვექილის ჩაყვითლებული, ნაოჭით დასერილი შუბლი, გაეფცქვნა მისი მსახურები, ესწავლებინა მათთვის ბასეტისა და გალბიკის თამაში, ხოლო სამაგიეროდ, ჩატარებული გაკვეთილის გასამრჯელოდ, ერთ საათში მოეგო საწყალი ბიჭებისათვის მთელი ერთი თვის ჯამაგირი.

    მართალია, მუშკეტერის ყურამდეც მიდიოდა ცუდი ხმები ვექილებზე, ლაპარაკობდნენ მათ სიძუნწეზე და წვრილმანობაზე, იმასაც ამბობდნენ, სადილებისგან ხშირად თავს იკავებენო, მაგრამ პორთოსს იმედი ჰქონდა, რომ ვექილის ცოლი, რომელიც თავისი წოდების კვალობაზე საკმაოდ გულუხვი იყო, თავის ოჯახში ხელგაშლილად იცხოვრებდა.

    მაგრამ სახლს რომ მიადგა, პორთოსსაც ეჭვი დაებადა. შესასვლელი ნაკლებად იზიდავდა ადამიანს: ჭუჭყიანი, აყროლებული დერეფანი, ნახევრად ბნელი კიბეები, მეორე სართულზე დაბალი კარები, რომელიც დიდი ლურსმნებით იყო მიჭედილი, თითქოს გრანშატლეს საპყრობილე ყოფილიყოს.

    პორთოსმა დააკაკუნა. მაღალმა, გამხდარმა მდივანმა, რომლის სახე გაწეწილ თმაში არც კი მოჩანდა, კარი გაუღო და თავი მდაბლად დაუკრა.

    პირველი მდივნის უკან მოჩანდა მეორე, უფრო პატარა ტანისა: მის უკან - მესამე, მეორეზე ცოტათი მაღალი, ხოლო სულ უკან თორმეტიოდე წლის ბიჭი იდგა.

    სულ სამ-ნახევარი მდივანი ჰყავდა ვექილს და იმ დროისათვის ამდენი დამხმარეების ყოლა იმას ამტკიცებდა, რომ ბევრი საქმე უნდა ჰქონოდა და, მაშასადამე, კარგი შემოსავალიც.

    მუშკეტერი პირველ საათზე უნდა მისულიყო, მაგრამ დიასახლისი თერთმეტიდან თვალს არ აშორებდა ქუჩას. იმედი ჰქონდა, რომ გული, ან იქნება კუჭი, დააჩქარებდა სატრფოს და დანიშნულ დროზე ადრე აღირსებდა მის ნახვას.

    ქალბატონი კოკნარი თავისი ოთახიდან სწორედ იმ დროს გამოვიდა, როდესაც პორთოსი კიბეზე ადიოდა. ღირსეული ქალბატონის დანახვამ მუშკეტერი უხერხული მდგომარეობიდან გამოიყვანა.

    მსახურები განცვიფრებული თვალებით შეჰყურებდნენ პორთოსს, რომელმაც არ იცოდა, რა ეთქვა, და მათ წინაშე მუნჯივით იდგა.

    - ეს ხომ ჩემი დეიდაშვილია! - შეჰყვირა დიასახლისმა, - მობრძანდით, ბატონო პორთოს, მობრძანდით!

    სახელმა პორთოსმა შთაბეჭდილება მოახდინა მოსამსახურეებზე და სიცილი ვერ შეიმაგრეს; მაგრამ მუშკეტერი მაშინვე შემოტრიალდა და ოთხივეს სახემ დარბაისლური გამომეტყველება მიიღო.

    ვექილის კაბინეტში მისვლამდე გაიარეს მოსაცდელი ოთახი, სადაც ამჟამად მდივნები იყვნენ, მერე სამდივნო, სადაც მდივნები უნდა ყოფილიყვნენ. სამდივნო ქაღალდებით გამოვსებულ საშინელ ოთახს წარმოადგენდა. იქიდან რომ გამოვიდნენ, მარჯვნივ დატოვეს სამზარეულო და მისაღებ დარბაზში შევიდნენ.

    ვერაფრად ეჭაშნიკა პორთოსს ეს ერთმანეთისაგან განუცალკევებელი ოთახები. კარები ყველგან ღია იყო, კაცს რომ ხმა ამოეღო, ყველა ოთახში გაიგონებდნენ. გარდა ამისა, გავლისას პორთოსმა სწრაფი და გამოცდილი თვალით გადახედა სამზარეულოს, მაგრამ ქალბატონის სამარცხვინოდ და თავის საუბედუროდ, ვერ შენიშნა ის გაცხოველებული ფაციფუცი, ის აღფრთოვანება და აღგზნებული მოძრაობა, რომელიც კარგი სადილის მოსამზადებლად, ჩვეულებრივ, ყოველთვის მეფობს ჭამა-სმის მოყვარულთა საკურთხეველში.

    ვექილი ალბათ წინასწარ იყო გაფრთხილებული ამ სტუმრობისათვის, რადგანაც პორთოსის დანახვაზე ოდნავი განცვიფრებაც კი არ გამოხატვია სახეზე. მუშკეტერმა თავისუფლად და ზრდილობიანად დაუკრა თავი.

    - როგორც ჩანს, ბატონო პორთოს, ჩვენ თურმე ნათესავები ვყოფილვართ, არა? - უთხრა ვექილმა და ხელებით დაეყრდნო მაგიდას, რომ მისალმების დროს ოდნავ მაინც წამომდგარიყო ბამბუკის სავარძლიდან.

    მოხუცებულს დიდი შავი ქურთუკი ეცვა და ისე იყო მოფუთნული, რომ შიგ იკარგებოდა თავისი სუსტი ტანით. ჩამომხმარს და ჩამწვანებულს, საოცრად უბრწყინავდა მონაცრისფრო, მომცრო თვალები, შეუჩერებლივ აცმაცუნებდა პირს. თითქოს მარტო თვალებსა და პირს შერჩენოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. საუბედუროდ, ფეხებს უარი გამოეცხადებინათ - აღარ შეგვიძლია ამ ძველი ძვლის მანქანის სამსახურიო. - უკვე ხუთი-ექვსი თვე იყო, რაც ვექილი ვერ დგებოდა სავარძლიდან. ამ სისუსტეს და დაავადებას შედეგად ის მოჰყვა, რომ ღირსეული ბატონი ვექილი თავისი ცოლის ყურმოჭრილ მონად გადაიქცა.

    ბედისწერის მორჩილებით მიიღო ვექილმა თავისი ცოლის ნათესავი. ცხადია, ცოტა ძალა მაინც რომ ჰქონოდა, ვექილი კოკნარი არც პორთოსის გაცნობას ისურვებდა, არც მის ნათესაობას.

    - დიახ, ბატონო, ნათესავები ვართ, - მიუგო გულცივად პორთოსმა, რომელსაც არასოდეს უფიქრია, რომ აღფრთოვანებით მიიღებდა ქმარი თავისი ცოლის საყვარელს.

    - ნათესავები - ჩემი ცოლის მხრივ, თუ არა ვცდები, - განაგრძო დამცინავად ვექილმა.

    პორთოსი ვერ მიუხვდა ამ დაცინვას, გულუბრყვილობაში ჩამოართვა და მსხვილ ულვაშში გულიანად ჩაიცინა. ქალბატონმა კოკნარმა კარგად იცოდა, რომ ვექილი იშვიათად მოტყუვდებოდა, ამიტომ ოდნავ გაიღიმა და გაწითლდა.

    როგორც კი შევიდა პორთოსი, ბატონმა კოკნარმა მაშინვე შეშინებული თვალი გადაავლო მუხის საწერი მაგიდის პირდაპირ აღმართულ განჯინას.

    მუშკეტერი მყისვე მიხვდა, რომ სწორედ ეს განჯინა უნდა ყოფილიყო ის სანუკვარი ნივთი, თუმცა სიზმარში ნანახი სკივრი არაფრით არა ჰგავდა მას. პორთოსი აღტაცებით შეჰხაროდა თავის თავს. ეს განჯინა გაცილებით უფრო მაღალი გამოდგა, ვიდრე სიზმრად წარმოედგინა.

    ბატონმა კოკნარმა აღარ განაგრძო ნათესაობის გენეალოგიური კვლევა, შეშინებული თვალი განჯინიდან პორთოსზე გადაიტანა და უთხრა:

    - იმედი მაქვს, ბატონი ჩვენი დეიდაშვილი, ბრძოლებში წაბრძანების წინ, პატივს გვცემს და ერთხელ მაინც დარჩება ჩვენთან სადილად! თქვენ რას იტყვით, ქალბატონო კოკნარ?

    ამჯერად შიგ მიზანში მოხვდა პორთოსს ლახვარი, ეტყობა, თავის მხრივ, ქალბატონი კოკნარიც ვერ გადაურჩა მას, იგი ქმარს მიუბრუნდა და უთხრა:

    - თუ ცუდად დავუხვდით, ჩემი დეიდაშვილი მეტად აღარც მობრძანდება ჩვენთან, ხოლო თუ გულითადი მასპინძლობა გამოვიჩინეთ, პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ მას პარიზში დიდხანს აღარ მოუწევს ყოფნა და, მაშასადამე, არც ჩვენთან სიარული, მაინც შეგვეძლება ვთხოვოთ, სულ ჩვენ შემოგვწიროს გამგზავრებამდე დარჩენილი თავისუფალი დრო.

    - ოჰ, ნეტავი რა დაემართათ ჩემს ფეხებს? რა მოუვიდათ, სად გაქრნენ ასე უცბად! - ბუზღუნებდა ბატონი კოკნარი და ცდილობდა გაეღიმა.

    ძალიან დაუმადლა ქალბატონ კოკნარს პორთოსმა ეს დახმარება, რადგან ეგონა, რომ სადილობის იმედი გაუცრუვდებოდა და სწორედ ამ დროს ეღირსა ვექილისაგან მოპატიჟებას.

    მალე სადილობის დრომაც მოაწია. ყველანი სასადილო დარბაზში გავიდნენ. ეს იყო სამზარეულოს პირდაპირ მდებარე დიდი, ბნელი ოთახი.

    ამ სახლისათვის უჩვეულო სურნელებით აღგზნებული მდივნები სწორედ მხედრული სიზუსტით შესულიყვნენ სასადილო ოთახში, ხელში სკამები ეჭირათ და მოუთმენლად ელოდნენ მაგიდასთან შემოსხდომას. მათი ყბები წინასწარ მოსულიყო მოძრაობაში.

    „შეგირცხვათ თავი! - გაიფიქრა პორთოსმა ამ სამი დამშეულის დანახვაზე, რადგან პატარა ბიჭს, როგორც ჩანდა, მასპინძლები საერთო სუფრასთან დაშვების ღირსად არ თვლიდნენ, - შეგირცხვათ თავი! მე რომ ამ ვექილის ადგილას ვიყო, ერთ დღეს არ შევინახავდი ამგვარ გაუმაძღარ სვავებს. კაცმა რომ შეხედოს, იფიქრებს, გემი დაზიანებიათ და ექვსი კვირის განმავლობაში არაფერი უჭამიათო".

    ამ დროს ბატონი ვექილიც გამოჩნდა, მას ქ-ნი კოკნარი მოაგორებდა ბორბლებიანი სავარძლით. პორთოსი მაშინვე მიეშველა ქალბატონს სავარძლის მაგიდასთან მიგორებაში.

    სასადილო ოთახში შემოსვლისთანავე ბატონმა კოკნარმა ხარბად შეიყნოსა ჰაერი და თავისი მსახურების მსგავსად ყბები აამოძრავა.

    - ოჰო! ოჰო! - წამოიძახა მან, - აი მადისამშლელი წვნიანი.

    „ღმერთმა დასწყევლოს, ნეტავი რას ხედავენ ამ წვნიანში ასეთ არაჩვეულებრივს?!" - გაიფიქრა პორთოსმა უფერული, წყალწყალა, მაგრამ უხვად მომზადებული წვნიანის დანახვაზე, რომელშიაც არქიპელაგის კუნძულებივით დაცურავდა გაფანტული შემწვარი პურის ნატეხები.

    ქალბატონმა კოკნარმა გაიღიმა და მის ამ ნიშანზე ყველანი მაშინვე გაფაციცებით მიუსხდნენ სუფრას.

    ჯერ მოხუცებულს მიართვეს წვნიანი, შემდეგ პორთოსს, მერე დიასახლისმა აივსო თავისი მათლაფა. მოუთმენლად შემყურე მდივნებს მხოლოდ პურის ნატეხები დაურიგა, უწვნოდ.

    ამ დროს სასადილო ოთახის კარი თავისით, ჭრიალით გაიღო და პორთოსს თვალში ეცა პატარა მოსამსახურე, რომელსაც უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ლხინში. იგი იქვე, კარებთან მიმდგარიყო და სამზარეულოსა და სასადილოს ორმაგი სურნელებით დამტკბარი ცარიელ პურსა ჭამდა.

    წვენის შემდეგ მსახურმა ქალმა შემოიტანა მოხარშული ქათამი, რომლის დანახვაზეც ყველას თვალები გადმოსცვივდა.

    - ნათესავის სიყვარულიც ამას ჰქვია, ქალბატონო კოკნარ! - თქვა ვექილმა ტრაგიკული სიცილით, - ეჭვი არ არის, თქვენი დეიდაშვილის მადლობელი უნდა ვიყოთ!

    მეტად გამხდარი იყო საწყალი ქათამი და ისეთი მაგარი, სქელი, აბურძგნილი ტყავი ეკრა, რომ შეუძლებელი იყო ხორცის მიგნება. ალბათ დიდხანს ეძებდნენ ამ ქათამს, რომელიც სიბერისგან მისუსტებული, მშვიდი სიკვდილის მოლოდინში, სადმე ქანდარაზე იქნებოდა მიმალული.

    „ეჰ, ესეც შენი დედალი! - გაიფიქრა დაღონებულმა პორთოსმა. - დიდი პატივისმცემელი ვარ სიბერისა, მაგრამ მოხარშული ან შემწვარი ბებერი ქათამი ვერაფერი პატივსაცემია".

    შემდეგ მან თვალი გადაავლო მაგიდას იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად იზიარებდნენ სხვები მის მწუხარებას, მაგრამ განცვიფრებული დარჩა: ყველა აღტაცებით შეჰხაროდა მოხარშულ დედალს და თვალით ჭამდნენ მის მიერ დაწუნებულ ძვალსა და ტყავს.

    დიასახლისმა ახლოს მიიდგა ლანგარი, მარჯვედ ჩამოსჭრა დედალს ორივე შავი ფეხი და ქმრის თეფშზე დადო; თავი და კისერი თავისთვის გადმოიღო, ხოლო პორთოსს ფრთა მიართვა. მერე აიღო ლანგარი და მსახურს გაატანა, ისე რომ, მოხარშული დედალი უკანვე გაბრუნდა, თითქმის უკლებლივ. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, ისე უცბად, რომ ჩვენმა მუშკეტერმა ვერც კი მოასწრო ერთმანეთისათვის შეედარებინა სასოწარკვეთილების გამომეტყველება სხვადასხვა ხასიათის და ტემპერამენტის დამშეულთა სახეებზე.

    მსახურმა დედლის ნაცვლად დიდი თეფშით მოხარშული ცერცვი შემოიტანა, რომელშიც შიგადაშიგ ცხვრის ძვლები მოჩანდა. შეიძლებოდა კაცს ეფიქრა, ძვალზე ხორციც იქნებაო, მაგრამ პორთოსს აქაც გაუცრუვდა იმედი.

    მდივნები ამჯერად უკვე აღარ წამოეგნენ ანკესზე. მათი დაღვრემილი სახეები ბედისადმი მორჩილებას გამოხატავდა.

    ქალბატონმა კოკნარმა მათ ნამდვილი დიასახლისური მომჭირნეობით დაურიგა მოხარშული ცერცვი.

    ჯერი ღვინოზე მიდგა. ბატონმა კოკნარმა ქაშანურის პატარა ბოთლიდან ჯერ თავის მდივნებს დაუსხა ღვინო, თითოეულს ჭიქის მესამედი, თავისთვისაც თითქმის იმდენივე დაისხა, მერე ბოთლი პორთოსისა და ქალბატონ კოკნარისაკენ გადადგა.

    მდივნებმა ჭიქები წყლით შეავსეს, შემდეგ ნახევრამდე მოსვეს და კვლავ წყლით გაავსეს... ასე გაგრძელდა სადილის დამთავრებამდე. ისე რომ, ბოლოს ლალისფერი ღვინის მაგივრად, კვამლისფერ სასმელს მიირთმევდნენ.

    პორთოსმა დიდი შიშით შეჭამა ქათმის ფრთა და თრთოლა მოერია, როდესაც მაგიდის ქვეშ მუხლზე დიასახლისის მუხლის შეხება იგრძნო. მუშკეტერმაც დაისხა ნახევარი ჭიქა ამ ძვირფასი ღვინისა, რომელსაც ასე მომჭირნეობით ზოგავდნენ მისი მასპინძლები, დალია და მაშინვე იცნო გულისამრევი, საძაგელი, ადგილობრივი, მონრეული ღვინო.

    ვექილი თვალს არ აშორებდა პორთოსის სასმისს, ხოლო როცა მუშკეტერმა სულ დაცალა წყალგაურეველი ღვინო, მასპინძელმა ამოიოხრა.

    - ცერცვს არ ინებებთ, ჩემო დეიდაშვილო პორთოს? - ჰკითხა დიასახლისმა ისეთი ხმით, რომელიც უფრო იმის მთქმელი იყო: დამიჯერეთ, ნუ მიირთმევთო.

    - მაგას რა მაჭმევს? - ბუზღუნებდა ჩუმად პორთოსი. პასუხად კი სულ სხვა მიუგო: - არა, ჩემო დეიდაშვილო, აღარა მშია.

    ჩამოვარდა სიჩუმე, პორთოსმა არ იცოდა, როგორ დაეჭირა თავი. ვექილმა რამდენჯერმა გაიმეორა:

    - აჰ, ქალბატონო კოკნარ! მიიღეთ ჩემი ქება-დიდება, სწორედ საზეიმო იყო თქვენი სადილი! აჰა, ღმერთო! არასოდეს არ მიჭამია ამდენი!

    და მართლაც, წვენიც გემრიელად მიირთვა ვექილმა, ქათმის შავი ფეხებიც და ცერცვთან ერთად ის ერთი ძვალიც გამოხრა, რომელსაც ცოტა ხორცი შერჩენოდა.

    „მასხრად მიგდებენ", - იფიქრა პორთოსმა, ბრაზი მოერია, ულვაშს იწვალებდა და წარბს იჭმუხნიდა. მაგრამ ქალბატონ კოკნარის მუხლი კვლავ ისე ნაზად შეეხო, თითქოს ურჩევდა: ცოტა ხანს მოითმინეთო.

    სადილობის დროს ამ დუმილსა და შესვენებას, რომელიც გაუგებარი იყო პორთოსისათვის, პირიქით, საშინელი მნიშვნელობა ჰქონდა ყმაწვილი მდივნებისათვის. ვექილის მიერ თვალით მიცემულ ნიშანზე, რომელსაც დიასახლისის ღიმილი მოჰყვა, ისინი ზლაზვნით წამოდგნენ, ნელ-ნელა დაკეცეს თავიანთი ხელსახოცები, თავი დაუკრეს და გავიდნენ.

    - წადით, ყმაწვილებო, საქმეს შეუდექით, მუშაობაში მოინელეთ დღევანდელი სადილი, - უთხრა მათ ვექილმა.

    მდივნების გასვლისთანავე დიასახლისი წამოდგა, განჯინიდან გამოიღო ერთი ნაჭერი ყველი, კომშის მურაბა და ნამცხვარი, რომელიც თვითონ მოემზადებინა თაფლითა და ნუშით.

    შუბლი შეიკრა ვექილმა, რადგანაც მეტისმეტად ბევრ საჭმელს ხედავდა. არც პორთოსს ეამა ამ ნამცხვრის დანახვა. გრძნობდა, რომ უსადილოდ დარჩა. მუშკეტერმა სუფრას გადახედა, იქნება ის ცერცვი მაინც ავიღოო, მაგრამ ცერცვი უკვე აღარ იყო მაგიდაზე.

    - ნამდვილი ზეიმია! - შეჰყვირა ბატონმა კოკნარმა და ცმუკვა დაიწყო, - სწორედ საზეიმო სადილია!

    პორთოსმა ახლომდგომ ბოთლს შეხედა, იმედი მიეცა, ღვინით, პურით და ყველით ვისადილებ როგორმეო; მაგრამ სადღა იყო ღვინო? ბოთლი ცარიელი გამოდგა. ბატონ და ქალბატონ კოკნარს ისეთი სახე მიეღოთ, თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ ამ ამბავს.

    „ეჰ, რა გაეწყობა? - ფიქრობდა პორთოსი, - ესეც ხომ ვცადე! მეორედ აღარ გავბრიყვდები".

    პატარა კოვზით კომშის მურაბის წვენი ამოიღო, შემდეგ ნამცხვარს დასწვდა, მაგრამ ლამის კბილებში ჩაეწება ქალბატონ კოკნარის ნახელავი ნამცხვარი.

    „მსხვერპლი გაღებულია! - ფიქრობდა პორთოსი, - ო, იმის იმედი არა მქონდეს, რომ ქალბატონ კოკნართან ერთად მისი ქმრის განჯინაში შევიხედავ!"

    ამ საგანგებო სადილის შემდეგ ჩვენმა ვექილმა დასვენება მოისურვა, რაც ძალიან ეამა პორთოსს, ეგონა, აქვე დარჩება, თავის სავარძელში მიწვება და მოისვენებსო, მაგრამ ამის გაგონებაც კი არ უნდოდა შეჩვენებულ ბებერს. იძულებულნი გახდნენ, ისევ თავის ოთახში გაეყვანათ. ვიდრე თავის საგანძურთან არ მიასვენეს და დაავადებული ფეხები არ მიაბჯინა განჯინის კარს, სიფრთხილის გამო, სულ ყვიროდა და ყვიროდა.

    დიასახლისმა პორთოსი მეზობელ ოთახში გაიყვანა და შერიგების პირობებზე დაუწყო საუბარი.

    - კვირაში სამჯერ შეგიძლიათ სადილად მობრძანდეთ, - უთხრა ქალბატონმა კოკნარმა.

    - გმადლობთ, - მიუგო პორთოსმა, - არ მინდა თქვენი შეწუხება. გარდა ამისა, ჩემს აღჭურვილობაზედაც უნდა ვიზრუნო.

    - ჰო, მართლა, - ამოიკვნესა ქალბატონმა, - ეგ სავალალო აღჭურვილობა!

    - რა გაეწყობა! - დაეთანხმა პორთოსი. - სამწუხაროდ, ასეა.

    - ერთი მითხარით, ბატონო პორთოს, რისგან შედგება ეგ თქვენი აღჭურვილობა?

    - ოჰ, მრავალი რამ არის საჭირო, - დაიწყო პორთოსმა, - მუშკეტერები, როგორც თქვენც იცით, რჩეული, პირველხარისხოვანი ჯარისკაცები არიან და ბევრი რამ სჭირდებათ ისეთი, რომელიც სრულებითაც არ მოეპოვებათ შვეიცარიიდან გადმოყვანილ დაქირავებულ რაზმებს.

    - კარგით, მაგრამ მაინც დამისახელეთ.

    - რაღა დაგისახელოთ? სულ რომ ვიანგარიშოთ, - უთხრა პორთოსმა, რადგან საგნების ჩამოთვლას ფულის ანგარიშს ამჯობინებდა, - სულ რომ ვიანგარიშოთ...

    გულის ფანცქალით ელოდა ვექილის ცოლი, აბა, რამდენს იტყვისო.

    - რამდენი იქნება? - ჰკითხა კანკალით ქალბატონმა, - იმედი მაქვს, საჭირო თანხას არ აღემატება...

    ენა დაება, სიტყვის დაბოლოება ვერ გაბედა.

    - ოჰ, არა, ბატონო, სულ რომ ვიანგარიშოთ, ორი ათას ხუთას ლივრს არ აღემატება, ხოლო ყაირათიანად რომ მოვიქცე, იქნება ორი ათასი ლივრითაც იოლად გამოვიდე, - თქვა პორთოსმა.

    - ღმერთო ძლიერო! ორი ათასი ლივრი! - შეჰყვირა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1