Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I)
Ebook592 pages10 hours

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული რომანი, რომელიც დიუმას საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, მოგვითხრობს ედმონდ დანტესის, ახალგაზრდა და პატიოსანი მეზღვაურის ამბავს, რომლის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდება, როდესაც ნაპოლეონის მმართველობის უკანასკნელ წლებში მას ცრუ ბრალდებას წაუყენებენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ დანტესი გაქცევას ახერხებს და ახლა უკვე შეუძლია შურისძიების გეგმის განხორციელება, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოფიქრებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I)

Read more from ალექსანდრე დიუმა

Related to გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I)

Related ebooks

Reviews for გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი I) - ალექსანდრე დიუმა

    ალექსანდრე დიუმა - გრაფი მონტე-კრისტო (I)

    Alexandre Dumas - Le Comte de Monte Cristo (I)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ საჯაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი პირველი

    I. მარსელი. დაბრუნება

    II. მამა და შვილი

    III. კატალანი

    IV. შეთქმულება

    V. ნიშნობა

    VI. მეფის პროკურორის თანაშემწე

    VII. დაკითხვა

    VIII. ციხესიმაგრე იფი

    IX. ნიშნობის დღის საღამო

    X. ტიულერის პატარა კაბინეტი

    XI. კორსიკელი კაციჭამია

    XII. მამა და შვილი

    XIII. ასი დღე

    XIV. პატიმარი გაშმაგებული და პატიმარი შეშლილი

    XV. ნომერი 34 და ნომერი 27

    XVI. იტალიელი მეცნიერი

    XVII. აბატის საკანი

    XVIII. აბატი ფარიას განძეული

    XIX. მესამე შეტევა

    XX. ციხესიმაგრე იფის სასაფლაო

    XXI.  კუნძული ტიბულენი

    ნაწილი პირველი

    I. მარსელი. დაბრუნება

    1815 წლის 27 თებერვალს ნოტრ-დამის მეთვალყურემ დე ლა გარდმა ნიშანი მისცა, რომ ნაპირს უახლოვდებოდა სმირნიდან, ტრიესტიდან და ნეაპოლიდან მომავალი სამანძიანი გემი „ფარაონი".

    როგორც ყოველთვის, პორტის ლოცმანი მაშინვე გავიდა ნავსადგურიდან, ჩაუარა ციხესიმაგრე იფს და გემს მიადგა მორჟიონის კონცხსა და კუნძულ რიონს შუა.

    მაშინვე, როგორც ყოველთვის, წმინდა იოანეს ფორტის მოედანი ცნობისმოყვარეებით აივსო, რადგან გემის მოსვლა ყოველთვის დიდი მოვლენაა მარსელში, მით უფრო, თუ ეს გემი, „ფარაონივით" აგებული და აღკაზმული, დატვირთული იყო ძველი ფოკელის ნავსაშენში და ეკუთვნოდა ადგილობრივ გემთმეპატრონეს.

    გემი კვლავ წინ მიიწევდა. მან მშვიდობით გაიარა სრუტე, რომელიც ვულკანისებურმა ბიძგებმა კალესარენასა და ჟაროს კუნძულებს შორის წარმოშვეს, შემოუარა პომეგს, ნაპირს უახლოვდებოდა თავისი სამი მარსეილით, დიდი ფოკითა და ბრიგანტინით[1], მაგრამ ისე ნელა და ისეთი სევდიანი ელფერით, რომ ცნობისმოყვარეებმა უნებურად იგრძნეს რაღაც უბედურება და თავის თავს ეკითხებოდნენ, ნეტავ რა უნდა მომხდარიყო გემზეო, თუმცა საზღვაო საქმის მცოდნენი ხვდებოდნენ, რომ, თუ მართლაც რაიმე უბედურება მოხდა, ეს არ უნდა შეჰხებოდა თვით გემს, რადგან იგი სრულ წესრიგში ჩანდა. ღუზა მზად იყო ჩასაშვებად, ბაგირები აეხსნათ, ხოლო ლოცმანთან, რომელიც ემზადებოდა „ფარაონი" ვიწრო შესავლით მარსელის ნავსადგურში შეეყვანა, იდგა ცქვიტი შესახედაობის გამჭრიახი ყმაწვილი კაცი. იგი თვალს ადევნებდა გემის მოძრაობას და იმეორებდა ლოცმანის ყოველ ბრძანებას.

    ხალხში გამეფებულმა გაურკვეველმა შეშფოთებამ განსაკუთრებით შეიპყრო ერთი მაყურებელი. მას მოთმინება არ ეყო, დაეცადა გემის ნავსადგურში შემოსვლამდე, ჩახტა ნავში და უბრძანა, ნიჩბები მოესვათ „ფარაონისაკენ", რომელსაც დელა რეზერვის ყურეს პირდაპირ გაუსწორდა.

    ამ კაცის დანახვაზე ახალგაზრდა მეზღვაურმა ლოცმანი მიატოვა და ქუდით ხელში გემის მოაჯირს დაეყრდნო.

    ეს იყო თვრამეტი-ოცი წლის ყმაწვილი კაცი, მაღალი, ტანადი, ლამაზი შავი თვალებითა და კუპრივით შავი თმით. მთელ მის პიროვნებას ბავშვობიდანვე ხიფათებთან ბრძოლას მიჩვეული ადამიანებისათვის დამახასიათებელი მშვიდი და თავის თავში დარწმუნებული იერი ჰქონდა.

    - ოჰ! თქვენა ხართ, დანტეს! - შეჰყვირა ნავში მყოფმა, - რა მოხდა? რისგანაა, რომ მთელს თქვენს გემზე მოწყენილობა სუფევს?

    - დიდი უბედურება, ბატონო მორელ! - უპასუხა ყმაწვილმა კაცმა, - დიდი უბედურება, განსაკუთრებით ჩემთვის; ჩივიტა ვეკიასთან დავკარგეთ ჩვენი მამაცი კაპიტანი ლეკლერი.

    - ტვირთი? - ჰკითხა ფიცხლად გემის პატრონმა.

    - ტვირთმა მშვიდობით მოაღწია, ბატონო მორელ, და, ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩებით ამ პატაკით; მაგრამ ის საწყალი კაპიტანი ლეკლერი კი...

    - მაინც რა მოუვიდა? - ჰკითხა გემის პატრონმა და აშკარად შეეტყო, რომ გულზე მოეშვა, - რა შეემთხვა ჩვენს მამაც კაპიტანს?

    - გარდაიცვალა.

    - ზღვაში ხომ არ გადავარდნილა?

    - არა, ტვინის ანთებისაგან გარდაიცვალა, საშინელი წამებით, - უპასუხა დანტესმა და შემდეგ ეკიპაჟს ხმამაღლა გასძახა:

    - ეჰეი, ყველანი თქვენ-თქვენს ადგილებზე! მოემზადეთ ღუზის ჩასაშვებად!

    ეკიპაჟი ბრძანების შესრულებას შეუდგა. რვა თუ ათი მეზღვაური (ეს იყო გემის მთელი შემადგენლობა) მაშინვე ეცა, - ვინ ბაგირებს, ვინ საჭეს, ვინ იალქნების თოკებს, ვინ ფოკებს.

    ახალგაზრდა მეზღვაურმა სწრაფად მოავლო თვალი მეზღვაურებს და, რაკი ნახა, რომ მისი ბრძანება სრულდებოდა, ისევ თავის თანამოსაუბრეს მიუბრუნდა.

    - მაინც როგორ მოხდა ეს უბედურება? - განაახლა გემის პატრონმა შეწყვეტილი საუბარი.

    - სრულიად მოულოდნელად, ბატონო ჩემო; ნავსადგურის კომენდანტთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ აღელვებულმა კაპიტანმა ლეკლერმა ნეაპოლი დატოვა, ოცდაოთხი საათის შემდეგ იგი ცხელებამ შეიპყრო, ხოლო სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ იგი წესისამებრ დავასაფლავეთ და ახლა ტილოში გახვეული განისვენებს კუნძულ დელ ჟიულის ერთ-ერთ მაღლობზე; თავთან და ფეხებთან ყუმბარები უდევს. კაპიტანის ქვრივს კი მისი საპატიო ორდენის ჯვარი და ხმალი ჩამოვუტანეთ. განა ღირს, - განაგრძო ყმაწვილმა კაცმა მელანქოლიური ღიმილით, - ინგლისელებთან მთელი ათი წლის მანძილზე იბრძოლო, თუ შენც ისევე მოკვდები ლოგინზე, როგორც ყველა მომაკვდავი?

    - რას იზამ, ედმონდ! - დაიწყო ისევ გემის პატრონმა, რომელიც, ეტყობოდა, თანდათან მშვიდდებოდა, - ყველანი სიკვდილის შვილები ვართ და ბოლოს და ბოლოს ხომ საჭიროა მოხუცებმა ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი. ამის გარეშე არც წინსვლა იქნებოდა, და რადგან თქვენ ამბობთ, რომ ტვირთი...

    - სავსებით უვნებლად ჩამოვიტანეთ, ბატონო მორელ, ამის თავდები მე ვარ. ეს ისეთი მგზავრობაა, რომელშიც გირჩევთ არ დათანხმდეთ 25 000 ფრანკზე ნაკლებ მოგებას.

    და რაკი „ფარაონმა" უკვე გაირა მრგვალი კოშკი, ყმაწვილმა კაცმა მეზღვაურებს ხელმეორედ გასძახა.

    ბრძანება თითქმის ისეთივე სისწრაფით იქნა შესრულებული, როგორც ეს სამხედრო გემებზე ხდება.

    ბოლო ბრძანებაზე ყველა აფრა დაეშვა და ახლა გემი, თითქმის შეუმჩნევლად, მხოლოდ ინერციით მიიწევდა წინ.

    - ახლა, ბატონო მორელ! ხომ არ ინებებთ გემზე ამობრძანებას? - ჰკითხა დანტესმა, რომელმაც გემის პატრონს მოუთმენლობა შეამჩნია, - აი, სწორედ თავისი კაიუტიდან გამოდის თქვენი მოანგარიშე დანგლარიც, იგი მოგახსენებთ ყოველგვარ ცნობებს, რომლებსაც თქვენ მოისურვებთ, მე კი ღუზა უნდა ჩავაშვებინო და გემი სამგლოვიაროდ მოვართვევინო.

    გემის პატრონს არ დასჭირვებია მეორედ მიპატიჟება, იგი ჩაეჭიდა დანტესის მიერ გადმოსროლილ ბაგირს და გემის ამობურცულ ქიმზე ისეთი სიმარჯვით აფოფხდა, რაც სასახელო იქნებოდა ყოველი მეზღვაურისათვის. დანტესი ისევ თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და გემის პატრონთან საუბარი დაუთმო მას, ვისაც დანგლარი უწოდა. ეს უკანასკნელი კაიუტიდან გამოსვლისთანავე მართლაც ბატონ მორელისაკენ გაემართა.

    ეს ახლად მოსული იყო ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის კაცი, საკმაოდ პირქუში, მლიქვნელი თავის უფროსებთან, ხოლო თავხედი თავის ხელქვეითებთან; აი, სწორედ ამ მიზეზით და არა მოანგარიშის ტიტულის გამო, რომელიც ესოდენ სძულთ მეზღვაურებს, გემის შემადგენლობას რამდენადაც ედმონდ დანტესი უყვარდა, იმდენადვე ეჯავრებოდა ეს კაცი.

    - მაშ ასე, ბატონო მორელ! - თქვენ, ვგონებ, უკვე იცით, რა უბედურებაც შეგვემთხვა? - ჰკითხა დანგლარმა.

    - დიახ, დიახ, საწყალი კაპიტანი ლეკლერი! მამაცი და პატიოსანი ადამიანი იყო!

    - რაც მთავარია, იშვიათი მეზღვაური, ცასა და ზღვას შუა დაბერებული. სწორედ ასეთ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა მინდობილი ინტერესები ისეთი მსხვილი ფირმისა, როგორიცაა „მორელი და ვაჟიშვილი", - უთხრა დანგლარმა.

    - მაგრამ, მე მგონი, დანგლარ, - განაგრძო გემის პატრონმა და თან თვალი არ მოუშორებია დანტესისათვის, რომელიც გემის მისადგომ ადგილს ეძებდა, - იმისათვის, რომ კარგად იცოდე შენი ხელობა, სავალდებულო როდია იყო ისეთი გამოცდილი მეზღვაური, როგორსაც თქვენ ამბობთ. აი, თუნდაც ჩვენი მეგობარი ედმონდი, ისე მშვენივრად უძღვება თავის საქმეს, რომ, ვფიქრობ, არავის რჩევას არ უნდა საჭიროებდეს.

    - დიახ, - უპასუხა დანგლარმა და დანტესს ალმაცერად გადახედა. მის გამოხედვაში აშკარა სიძულვილმა იელვა, - იგი ახალგაზრდაა და თავის თავში დარწმუნებულიც. როგორც კი გარდაიცვალა ლეკლერი, დანტესმა არავის რჩევას არ მოუცადა, ისე ითავა კაპიტნობა, რამაც, იმის მაგივრად, რომ პირდაპირ მარსელში მოვსულიყავით, გვაიძულა თითქმის დღე-ნახევარი კუნძულ ელბაზე დაგვეკარგა.

    - რაც შეეხება გემზე უფროსობის კისრებას, - თქვა გემის პატრონმა, - როგორც კაპიტნის თანაშემწე, ის ვალდებული იყო სწორედ ასე მოქცეულიყო. კუნძულ ელბაზე დღე-ნახევრის დაკარგვაში კი მართალი არ არის, თუ, რასაკვირველია, გემი შეკეთებას არ მოითხოვდა.

    - გემი ისევე უვნებელი იყო, როგორც მე მხედავთ და როგორადაც მე ვისურვებდი, თქვენ ბრძანდებოდეთ, ბატონო მორელ. ის დღე-ნახევარი კი დაკარგულია უბრალო ჟინიანობის გამო, რომ მიწაზე გავლით ესიამოვნა.

    - დანტეს! - მიუბრუნდა გემის პატრონი ყმაწვილ კაცს, - აქ მოდით!

    - ბოდიშს ვიხდი, ბატონო, ამ წუთში გეახლებით, - უპასუხა დანტესმა და კვლავ ეკიპაჟს მიუბრუნდა:

    - ჩაუშვით ღუზა!

    ღუზა მყისვე ჩაუშვეს და ჯაჭვი გრუხუნით გაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ლოცმანი იქ იყო, დანტესი მაინც თავის პოსტზე დარჩა, სანამ ეს უკანასკნელი მანევრი დამთავრდებოდა.

    დანტესმა მეზღვაურებს კიდევ რამდენიმე ბრძანება მისცა.

    - აი, ხედავთ? - არ ისვენებდა დანგლარი, - სიტყვას გაძლევთ, რომ მას თავისი თავი უკვე კაპიტნად მიაჩნია.

    - და არის კიდეც კაპიტანი, - უპასუხა გემის პატრონმა.

    - მაგრამ თქვენი და თქვენი კომპანიონების დამტკიცების გარეშე?

    - ეშმაკმა დალახვროს! მერე და რატომ არ უნდა დავტოვო კაპიტნად? - წამოიძახა გემის პატრონმა, - მართალია, ახალგაზრდაა, მაგრამ, ვფიქრობ, საქმისათვის თავდადებულია და საკმაოდ გამოცდილიც.

    დანგლარს შუბლი მოეღუშა.

    დანტესი ბატონ მორელს მიუახლოვდა.

    - ბატონო მორელ, ახლა, რაკი ღუზა ჩაშვებულია, მე თქვენს განკარგულებაში ვარ, - უთხრა მან, - ვგონებ, მეძახდით?

    დანგლარმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.

    - მინდოდა გამეგო, რისთვის შეიარეთ კუნძულ ელბაზე?

    - თავად არ ვიცი, ამით შევასრულე კაპიტან ლეკლერის უკანასკნელი ბრძანება. მან სიკვდილის წინ პაკეტი გადმომცა მარშალ ბერტრანისათვის[2] გადასაცემად.

    - ედმონდ, მაშ თქვენ ნახეთ იგი?

    - ვინ?

    - მარშალი.

    - დიახ.

    მორელმა მიიხედ-მოიხედა და დანტესი განზე გაიხმო.

    - იმპერატორი როგორ არის? - ჰკითხა მან ფიცხლად.

    - ჯანმრთელადაა, რამდენადაც შეიძლება ჩემს თვალებს დავუჯერო.

    - მაშ, თქვენ იმპერატორი ნახეთ?

    - მარშალთან შემოვიდა, როცა მე მასთან ვიყავი.

    - თქვენ ელაპარაკეთ მას?

    - უფრო სწორად, ის მელაპარაკა მე, - უპასუხა დანტესმა.

    - რაზე გელაპარაკათ?

    - შეკითხვები მომცა გემის შესახებ, მკითხა მისი მარსელიდან გამოსვლის დრო, მისი გეზი, დაინტერესდა ტვირთით და თქვა, გემი რომ ცარიელი ყოფილიყო და თქვენ ყოფილიყავით მისი პატრონი, მის ყიდვას შევეცდებოდიო. მაგრამ ვუთხარი, რომ მე მხოლოდ კაპიტნის თანაშემწე ვარ და გემი კი სავაჭრო სახლს „მორელსა და ვაჟიშვილს" ეკუთვნის-მეთქი.

    - ჰო, ვიცი, - მითხრა მან, - მორელები შთამომავლობით გემის პატრონები არიან. ერთი მორელი მსახურობდა ჩვენს პოლკში, როდესაც ვალანსონში ვიდექითო.

    - ეს მართალია! - შეჰყვირა გახარებულმა გემის პატრონმა, - ის იყო პოლიკარ მორელი, ბიძაჩემი, რომელმაც კაპიტნობა მიიღო. დანტეს, თქვენ ეტყვით ბიძაჩემს, რომ იგი იმპერატორმა გაიხსენა. ნახავთ, როგორ ატირდება ნაპოლეონის გვარდიის მოხუცი ჯარისკაცი. მაშ ასე, - განაგრძო გემის პატრონმა და ყმაწვილ კაცს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. - ძალიან კარგად მოქცეულხართ, რომ კაპიტან ლეკლერის ბრძანება შეგისრულებიათ და კუნძულ ელბასთან შეჩერებულხართ. თუმცა, თუ გაიგეს, რომ მარშალს პაკეტი გადაეცით და იმპერატორსაც ესაუბრეთ, შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ.

    - რატომ გგონიათ, ბატონო მორელ, რომ ასე მოხდება? - ჰკითხა დანტესმა, - მე არც კი ვიცოდი, რა მიმქონდა პაკეტით და, იმპერატორმაც ისეთი შეკითხვები მომცა, როგორიც შეიძლებოდა ყოველ პირველ შემხვედრისათვის ეკითხა. მაგრამ ბოდიშს ვიხდი, აგერ ჩვენკენ საბაჟო და საკარანტინო მოხელეები მოდიან და, თუ ნებას მომცემთ...

    - წადით, წადით, ჩემო ძვირფასო დანტეს.

    ყმაწვილი კაცი მოსცილდა გემის პატრონს, ხოლო დანგლარი მაშინვე მიუახლოვდა.

    - მაშ ასე, ბატონ მორელ! როგორც ჩანს, მან საკმაოდ გასამართლებელი საბუთები მოგიყვანათ, თუ რისთვის შეაჩერა გემი პორტო-ფერაიოში.

    - სავსებით საკმარისი, ჩემო ძვირფასო დანგლარ.

    - მით უკეთესი, თორემ ძალიან ძნელია ისეთი ამხანაგის ცქერა, რომელიც არ ასრულებს თავის მოვალეობას.

    - დანტესმა თავისი ვალი მოიხადა და ვერაფერს ვუსაყვედურებთ. ელბასთან შეჩერება მისთვის კაპიტან ლეკლერს უბრძანებია, - უპასუხა გემის პატრონმა.

    - მართლა, კაპიტან ლეკლერის გახსენებაზე მომაგონდა: მან გადმოგცათ მისი წერილი?

    - ვინ მან?

    - დანტესმა.

    - მე? არა, დანგლარ, განა ჰქონდა წერილი ჩემთვის გადმოსაცემად?

    - მას, ვგონებ, პაკეტის გარდა კაპიტანმა წერილიც გადასცა.

    - რომელ პაკეტზე მელაპარაკებით, დანგლარ?

    - იმაზე, რომელიც დანტესმა პორტო-ფერაიოში ჩაიტანა.

    - მერე თქვენ საიდან იცით, რომ დანტესმა პორტო-ფერაიოში პაკეტი ჩაიტანა?

    დანგლარი გაწითლდა.

    - მე კაპიტნის კაიუტის წინ მომიხდა გავლა, კარები ღია იყო და დავინახე, როგორ გადასცა მან დანტესს პაკეტი და წერილი.

    - ედმონდს ჩემთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ, თუკი წერილი აქვს, უთუოდ გადმომცემს.

    დანგლარი ერთხანს ჩაფიქრებული იდგა.

    - რაკი ასეა, ბატონო მორელ, გთხოვთ ამაზე ნურაფერს ეტყვით დანტესს. როგორც ჩანს, შევცდი.

    ამასობაში ახალგაზრდა მეზღვაურიც დაბრუნდა, დანგლარი ისევ მოსცილდა გემის პატრონს.

    - თქვენ უკვე თავისუფალი ხართ, ჩემო დანტეს? - ჰკითხა გემის პატრონმა.

    - დიახ, ბატონო.

    - როგორც ჩანს, ბევრი საქმე არა გქონიათ.

    - დიახ, საბაჟოს მოხელეებს გადავეცი სია ჩვენი საქონლისა, ხოლო ნავსადგურიდან ლოცმანთან ერთად გამოგზავნილ კაცს კი ჩვენი საბუთები ჩავაბარე.

    - მაშ, თქვენ აღარაფერი გაქვთ გასაკეთებელი?

    - დიახ, ყველაფერი რიგზეა.

    - რახან ასეა, შეგიძლიათ ჩვენთან ერთად ისადილოთ.

    - მაგ პატივისცემისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, მამაჩემი უნდა ვინახულო.

    - მართალი ხართ, დანტეს, მართალი. მე ვიცი, რომ თქვენ კარგი შვილი ხართ.

    - მამაჩემი კარგად არის?.. რა იცით მამაჩემის შესახებ? - ჰკითხა დანტესმა ერთგვარი გაუბედაობით.

    - ვფიქრობ, კარგადაა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ არ მინახავს.

    - დიახ, ის სულ თავის პატარა ოთახშია ჩაკეტილი.

    - ყოველ შემთხვევაში, ეს იმას ამტკიცებს, რომ თქვენს აქ არყოფნაში არაფერი მოჰკლებია.

    დანტესს გაეღიმა:

    - მამაჩემი ამაყი კაცია, ბატონო ჩემო, და კიდეც რომ დაჰკლებოდა რაიმე, ვეჭვობ, ვინმესთვის ეთხოვა, ვინც უნდა ყოფილიყო იგი, გარდა ღმერთისა.

    - კარგი, მაშ შევთანხმდეთ: მამაშენის ნახვის შემდეგ, იმედი მექნება, ჩვენთანაც გნახავ.

    - კიდევ მომიხდება ბოდიშის მოხდა, ბატონო მორელ, მამაჩემის შემდეგ მე სანახავი მყავს ერთი ადამიანი, რომელიც ჩემთვის ასევე საყვარელია.

    - ჰო, მართალი ხარ, დანტეს! სულ დამავიწყდა, რომ კატალანში მამათქვენზე არანაკლები მოუთმენლობით გელოდებიან. ეს გახლავთ ლამაზი მერსედესი.

    დანტესს გაეღიმა.

    - დიახ, დიახ, - განაგრძო გემის პატრონმა, - ახლა უკვე აღარ მიკვირს, რატომ მოვიდა ეს ქალიშვილი სამჯერ „ფარაონის" ამბის გასაგებად. ეშმაკმა დალახვროს! თქვენ სამდურავი არ გეთქმით, დანტეს, ლამაზი საყვარელი გყოლიათ.

    - ის ჩემი დანიშნულია და არა საყვარელი. - უპასუხა მტკიცედ ახალგაზრდა მეზღვაურმა.

    - ეს ზოგჯერ ერთი და იგივეა, - თქვა სიცილით გემის პატრონმა.

    - მაგრამ არა ჩვენისთანა ადამიანებისათვის, ბატონო ჩემო.

    - კარგი, კარგი, ჩემო ძვირფასო დანტეს, მეტს აღარ დაგაყოვნებ, თქვენ ისე კარგად მოაგვარეთ ჩემი საქმეები, რომ უნდა მოგცეთ საშუალება, თქვენსასაც მიხედოთ. ფული ხომ არ გჭირდებათ?

    - არა, ბატონო, მე დაგროვილი მაქვს მგზავრობის თანხა, ესე იგი თითქმის მთელი სამი თვის ხელფასი.

    - თქვენ წესიერი ყმაწვილი ხართ, ედმონდ.

    - ამას ისიც დაუმატეთ, ბატონო მორელ, რომ მე ღარიბი მამა მყავს.

    - დიახ, დიახ, მე ვიცი, რომ კარგი შვილი ჰყავხართ მამათქვენს. წადით, ნახეთ მოხუცი. მეცა მყავს ვაჟიშვილი და ძალიან გავბრაზდებოდი იმ ადამიანზე, ვინც მას სამი თვის მოგზაურობის შემდეგ ჩემთან შეხვედრას დაუშლიდა.

    - მაშ, თქვენ ნებას მაძლევთ? - ჰკითხა ყმაწვილმა კაცმა და თავი დაუკრა.

    - დიახ, თუ თქვენ ჩემთან სათქმელი აღარაფერი გაქვთ.

    - აღარაფერი.

    - კაპიტან ლეკლერს სიკვდილის წინ ჩემთვის გადმოსაცემად წერილი ხომ არ მოუცია?

    - მას, ბატონო, წერა აღარ შეეძლო, მაგრამ ამ ამბავმა მომაგონა, რომ თხუთმეტი დღის შვებულება უნდა გთხოვოთ.

    - დასაქორწინებლად?

    - დასაქორწინებლადაც და შემდეგ პარიზში გასამგზავრებლადაც.

    - კარგი, კარგი, თქვენ იმდენი დღის შვებულებას მიიღებთ, რამდენიც გენებებათ. გემის გადმოტვირთვას ექვსი კვირა მოუნდება და ზღვაში გავალთ არა უადრეს სამი თვისა... ხოლო სამი თვის შემდეგ აქ უნდა იყოთ. - უთხრა გემის პატრონმა და მხარზე ხელი დაჰკრა, - თორემ „ფარაონი" ზღვაში ვერ გავა თავისი კაპიტანის გარეშე.

    - თავისი კაპიტანის გარეშე! - შეჰყვირა დანტესმა, რომელსაც თვალები სიხარულისაგან უბრწყინავდა, - კარგად დაუფიქრდით, რას ამბობთ, რადგან თქვენ ამით გამოეპასუხეთ ჩემი გულის ყველაზე საიდუმლო იმედს. თქვენ გინდათ „ფარაონის" კაპიტნად დამნიშნოთ?

    - ჩემო ძვირფასო დანტეს, მე რომ მარტო ვიყო, გამოგიწვდიდით ხელს და გეტყოდით: დიახ, ეს ასეა-მეთქი, მაგრამ მე მყავს კომპანიონი და თქვენ მოგეხსენებათ იტალიური ანდაზა: "Chi ha compagno ha padrone[3]". ყოველ შემთხვევაში, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია, რადგან ორი ხმიდან ერთი უკვე თქვენ გეკუთვნით, ხოლო მეორეს მოპოვება თქვენს სასარგებლოდ მე მომანდეთ.

    - ოჰ, ბატონო მორელ! - შეჰყვირა თვალცრემლიანმა ახალგაზრდა მეზღვაურმა და ხელები დაუჭირა. - მე წინასწარ მადლობას გიხდით მამაჩემისა და მერსედესის სახელით. ხომ არ გნებავთ ნაპირზე გაგიყვანოთ? - ჰკითხა დანტესმა.

    - არა, გმადლობთ, დავრჩები, რათა დანგლართან ჩემი საქმეები მოვაწესრიგო. მაგრამ ერთი ეს მითხარით, დანტეს, მგზავრობაში დანგლარით კმაყოფილი თუ იყავით?

    - როგორ გითხრათ, როგორც ამხანაგზე თუ მკითხავთ, უკმაყოფილო ვარ. მან, ვგონებ, იმის შემდეგ შემიძულა, როდესაც ერთხელ სისულელე ჩავიდინე და პატარა უსიამოვნების გამო მასთან ატეხილი დავის გადასაწყვეტად კუნძულ მონტე-კრისტოზე გადასვლა შევთავაზე. რასაკვირველია, შევცდი, რომ ასეთი წინადადებით მივმართე; როგორც მოანგარიშეზე კი ვერაფერს ვიტყვი, თქვენ თვითონაც კმაყოფილი დარჩებით მისი საქმიანობით.

    - ერთი შეკითხვა კიდევ უნდა მოგცეთ, დანტეს, - უთხრა გემის პატრონმა.

    - ბრძანეთ.

    - თქვენ რომ „ფარაონის" კაპიტანი იყოთ, დანგლარს სიამოვნებით დაიტოვებდით სამუშაოდ?

    - ბატონო მორელ! ვიქნები მე კაპიტანი თუ მისი თანაშემწე, ყოველთვის დიდი პატივისცემით მოვექცევი მათ, ვისაც ჩემი უფროსები ენდობიან.

    - მართალი ხართ, დანტეს. თქვენ ყოველმხრივ კარგი ახალგაზრდა ხართ. ახლა კი წადით, აღარ გაგაჩერებთ, ვხედავ, რომ ეკლებზე ზიხართ.

    - მაშ, მე შვებულებაში ვარ? - ჰკითხა დანტესმა.

    - გითხარით, წადით-მეთქი.

    - უფლებას მომცემთ, თქვენი ნავი წავიყვანო?

    - წაიყვანეთ.

    - ნახვამდის, ბატონო მორელ, ათასჯერ გიხდით მადლობას.

    ახალგაზრდა მეზღვაური ნავში ჩახტა, კიჩოზე ჩამოჯდა და უბრძანა, ნიჩბები კანენბიერის ქუჩის მიმართულებით მოესვათ. ორი მეზღვაური მაშინვე დაიხარა ნიჩბებზე და ნავი ისეთი სისწრაფით გაცურდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო იმ უამრავ ნავს შუა, რომელთაც გაეჭედათ ნავსადგურის შესასვლელიდან ორლეანის სანაპირომდე ორმაგად ჩამწკრივებულ გემებს შორის დარჩენილი ვიწრო გასასვლელი.

    სანამ დანტესი ნაპირზე გავიდოდა, გემის პატრონი მას ღიმილით გასცქეროდა. დაინახა, როგორ გადახტა დანტესი სანაპიროს ქვაფენილზე და შეერია ჭრელ ბრბოს, რომელიც დილის ხუთი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ირევა კანენბიერის ცნობილ ქუჩაზე, რომლითაც თანამედროვე ფოკეელები[4] ისე ამაყობენ, რომ სავსებით დამაჯერებლად, მათთვის ჩვეული კილოთი ამბობენ: „პარიზში რომ კანენბიერის ქუჩა იყოს, პარიზი პატარა მარსელი იქნებოდაო".

    როდესაც მორელმა უკან მოიხედა, დანგლარი დაინახა, რომელიც თითქოს მის ბრძანებას ელოდა, სინამდვილეში კი მორელივით ისიც ახალგაზრდა მეზღვაურს გასცქეროდა.

    მაგრამ დიდი განსხვავება იყო ერთი ადამიანისაკენ მიპყრობილ ამ ორ მზერაში.

    II. მამა და შვილი

    თავი გავანებოთ შურით შეპყრობილ დანგლარს, რომელიც ცდილობს ჩირქი მოსცხოს თავის ამხანაგს გემის პატრონის თვალში, და გავყვეთ დანტესს. მან კანენბიერის ქუჩა ჩაირბინა, ნოაიალის ქუჩას აჰყვა, მეილანის ხეივნის მარცხნივ მდებარე სახლში შევიდა, ჩაბნელებული კიბით სწრაფად აირბინა ხუთი სართული, ცალი ხელით მოაჯირს დაეყრდნო, მეორე მძლავრად მფეთქავ გულზე მიიდო და ღია კარებთან გაჩერდა. აქედან მას შეეძლო პატარა ოთახის ყოველი კუნჭულის დანახვა.

    ამ ოთახში დანტესის მამა ცხოვრობდა. ცნობას „ფარაონის" დაბრუნების შესახებ ჯერ არ მიეღწია მოხუცის ყურამდე, იგი საქმით იყო გართული; სკამზე ასული აკანკალებული ხელებით ასწორებდა ფანჯარაზე ახვეულ ბალახვარდაში[5] შერეულ კატაბარდას[6].

    უცებ ვიღაცამ ზურგიდან ხელები მოხვია და მოესმა ნაცნობი ხმა:

    - მამაჩემო, მამა!

    მოხუცმა შეჰყვირა და შემობრუნდა. შვილის დანახვაზე მთლად აცახცახებული და გაფითრებული მოხუცი მას პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა.

    - რა მოხდა, მამაჩემო, ავად ხომ არა ხარ? - ეკითხებოდა შეწუხებული დანტესი.

    - არა, არა, ჩემო ძვირფასო ედმონდ, არა, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო შვილო, არა, მაგრამ არ გელოდი, შენ ისე უეცრად წამომადექი თავზე, რომ ეს სიხარულისაგან მომდის... ოჰ!

    - ღმერთო ჩემ ო, ასე მგონია, სიხარულისაგან ვკვდები.

    - დამშვიდდი, მამა, მე ვარ, ნამდვილად მე. გამიგონია, სიხარული ადამიანს არ ავნებსო, აი, ამიტომ შემოვედი გაუფრთხილებლად. მაშ გამიცინე, მამა, ნუ მიყურებ ასეთი გაშტერებული თვალებით. ხომ ხედავ, დავბრუნდი და ჩვენ ახლა ბედნიერება გველის.

    - ჰო, მით უკეთესი, ჩემო ბიჭო, - უთხრა მოხუცმა, - მაგრამ გამაგებინე, რაში გამოიხატება ჩვენი ბედნიერება? განა აღარ მიმატოვებ? მაშ, მიამბე შენი ბედნიერების ამბავი.

    - ღმერთმა მაპატიოს, - დაიწყო ყმაწვილმა კაცმა, - მე რომ ვხარობ იმ ბედნიერებით, რომელიც მთელი ოჯახის უბედურებაზეა აგებული. მაგრამ უფალმა იცის, რომ არ მინატრია ეს ბედნიერება. ის თვით მოვიდა და მე არ მყოფნის ძალა, მოვიწყინო. მამაჩემო, მამაცი კაპიტანი ლეკლერი გარდაიცვალა და შესაძლოა ბატონი მორელის წყალობით მე დავიკავო მისი ადგილი. გესმით, მამავ, ოცი წლის კაპიტანი! ასი ლუიდორი ხელფასი და თანაც წილი მოგებაში. ხომ მართალია, მამაჩემო, რომ ამაზე ოცნებაც კი არ შეეძლო ისეთ საწყალ მეზღვაურს, როგორიც მე ვარ.

    - დიახ, ჩემო შვილო, დიახ, მართლაც რომ ბედნიერებაა, - უთხრა მოხუცმა.

    - მე მინდა ჩემი პირველი ხელფასით შევიძინო პატარა ბაღიანი ბინა, რომ იქ მოაშენოთ თქვენი ციცაბარდა, ბალახვარდა და ჩიტისთვალა... მაგრამ რა მოგდის, მამა? ცუდადა ხარ?

    - არაფერია, ედმონდ, არაფერია... მალე გამივლის.

    მაგრამ მოხუცს ღონემ უმტყუნა და წაბარბაცდა.

    - ამ წუთში, მამავ, ერთ ჭიქა ღვინოს დაგალევინებ, ღონეზე მოგიყვანს. სადა გაქვთ ღვინო?

    - გმადლობთ, არ მინდა, არ მჭირდება, ნუ ეძებ, - ეუბნებოდა მოხუცი და თან ცდილობდა, შვილი შეეჩერებინა.

    - აუცილებელია, აუცილებელია, მამაჩემო; მიჩვენეთ, სად ინახავთ ღვინოს? - და დანტესმა კარადის სამი თუ ოთხი უჯრა გამოაღო.

    - ამაოდ ეძებ, - უთხრა მოხუცმა, - ღვინო აღარ არის...

    - როგორ! ღვინო აღარ არის? - ჰკითხა გაფითრებულმა დანტესმა. იგი შიშით დააცქერდა მოხუცის ჩავარდნილ ფერმკრთალ ლოყებს და ცარიელ უჯრებს.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1