Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მარსის ქრონიკა
მარსის ქრონიკა
მარსის ქრონიკა
Ebook524 pages5 hours

მარსის ქრონიკა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"მარსის ქრონიკა" რეი ბრედბერის მოთხრობათა კრებულია, რომელმაც საბოლოოდ ეპიზოდური რომანის სახე მიიღო და 1950 წელს გამოქვეყნდა. იგი მოგვითხრობს ატომური ომით გაუდაბურებული დედამიწიდან ადამიანების გაქცევასა და მარსის კოლონიალიზაციას, და მათ კონფლიქტს ადგილობრივ მარსელებთან. წიგნი არაერთხელ იქნა ადაპტირებული კინოს, თეატრის, ოპერის, რადიოსა და ტელევიზიისათვის.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 19, 2021
მარსის ქრონიკა

Related to მარსის ქრონიკა

Related ebooks

Reviews for მარსის ქრონიკა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მარსის ქრონიკა - რეი ბრედბერი

    რეი ბრედბერი - მარსის ქრონიკა

    Ray Bradbury - The Martian Chronicles

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ანდუყაფარ ჭეიშვილს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    1999, იანვარი, რაკეტის ზაფხული

    1999 თებერვალი, ილა

    1999, აგვისტო, ზაფხულის ღამე

    1999, აგვისტო, დედამიწელები

    2000, მარტი, გადასახადების გადამხდელი

    2000, აპრილი, მესამე ექსპედიცია

    2001 ივნისი, მთვარე იქნება კვლავ სხივმფინარი

    2001, აგვისტო, ახალმოსახლენი

    2001, დეკემბერი, მწვანე დილა

    2002, თებერვალი, კალიები

    2002 აგვისტო, შეხვედრა ღამით

    2002, ოქტომბერი, ნაპირი

    2003, თებერვალი, ინტერმედია

    2003, აპრილი, მუსიკოსები

    2003, ივნისი, მაღლა ზეცისკენ

    2004-2005, ახალი სახელები

    2005, აპრილი, ეშერი II

    2005, აგვისტო, მოხუცები

    2005, სექტემბერი, მარსელი

    2005, ნოემბერი, სამგზავრო ნივთები

    2005, ნოემბერი, მკვდარი სეზონი

    2005, ნოემბერი, მეთვალყურენი

    2005, დეკემბერი, მდუმარე ქალაქები

    2026, აპრილი, ხანგრძლივი წლები

    2026, აგვისტო, იქნება წვიმა მოალერსე...

    2026, ოქტომბერი, სამუდამო არდადეგები

    1999, იანვარი, რაკეტის ზაფხული

    სულ ერთი წუთის წინ ოჰაიოში ზამთარი იდგა - ჩარაზული კარებით, დაგმანული ფანჯრებით, დათრთვილული მინებითა და ლოლუებისაგან მოვარაყებული სახურავებით; ფერდობებზე თხილამურებით დაქროდნენ ბავშვები, ქურქებში გახვეული ქალები დიდი, შავი დათვებივით დააბოტებდნენ ქუჩებში.

    უეცრად სითბოს ძლიერმა ტალღამ გადაურბინა პატარა ქალაქს; ცხელი ჰაერი ზვირთივით მოასკდა - თითქოს ვიღაცამ სახაბაზოს კარები დატოვა ღიად. სახლების, ბუჩქების, ბავშვების ირგვლივ სითბოს ჭავლებმა იწყო ლივლივი: ლოლუები ჩამოცვივდა, დაიმსხვრა და წყლად წავიდა; კარები გაიღო, ფანჯრები გაიხსნა; ბავშვებმა შალის ტანსაცმელი გაიხადეს; ქალები დათვებს აღარ ჰგავდნენ. თოვლი გადნა და წინა ზაფხულისაგან გადახუნებული გაზონები გამოაჩინა.

    რ ა კ ე ტ ი ს ზ ა ფ ხ უ ლ ი! - კარგამოღებულ, მოფარღალავებულ სახლებს შორის დაქროდა და ყველას პირზე ეკერა ეს ორი სიტყვა - რ ა კ ე ტ ი ს  ზ ა ფ ხ უ ლ ი. უდაბნოს სუნთქვასავით გავარვარებული ჰაერი წყალში ყრიდა ყინვა-მხატვრის ნახელავს - სახეს უცვლიდა სურათებს ფანჯრის მინებზე. თხილამურები და მარხილები ერთბაშად უმაქნისი გახდა. ცივი ციდან ქალაქზე გადმოფრქვეული თოვლი ცხელ თქეშად იქცა ჰაერშივე.

    რ ა კ ე ტ ი ს  ზ ა ფ ხ უ ლ ი! წვეთებით ახმაურებული აივნებიდან ადამიანები გადმომდგარიყვნენ და ალმურწაკიდებულ ცას შეჰყურებდნენ.

    კოსმოდრომზე რაკეტა იდგა და ცეცხლისა და ღუმელის სიმხურვალის ვარდისფერ ბოლქვებს აფრქვევდა. იდგა იგი ზამთრის სუსხიან დილას და ყოველი ამოსუნთქვით ზაფხულს აყენებდა ირგვლივ. რაკეტა ამინდს ქმნიდა და მთელ იმ მხარეში ერთხანს ზაფხულმა დაისადგურა...

    1999 თებერვალი, ილა

    ისინი პლანეტა მარსზე ცხოვრობდნენ. ბროლის სვეტებიანი სახლი ედგათ დამშრალი ზღვის ნაპირზე. დილ-დილობით მისის კ ბროლის კედლებზე მოწეულ ოქროსფერ ხილს მიირთმევდა ხოლმე, ან სახლის დასუფთავებით იყო გართული - ოთახებში თითო მუჭა მაგნიტურ მტვერს აბნევდა, რომელსაც შემდეგ ცხელი ქარი ფანტავდა სახლის ნაგავთან ერთად. ნაშუადღევს, როდესაც დაშრეტილი ზღვა თბილი და გარინდული იყო, როცა ლეღვის ხეები გალურსულნი იდგნენ ეზოში, როს შორეული ქალაქი მთლიანად საკუთარ თავში იკეტებოდა და გარეთ არავინ გამოდიოდა, მისტერ კ თავის ოთახში იჯდა და ლითონის წიგნს კითხულობდა - მეჩანგესავით სათუთად ავლებდა ხელს მის ამობურცულ იეროგლიფებს. პატრონის თითების შეხებაზე წიგნი სიმღერას იწყებდა. ძველთაძველი, წყნარი სიმღერა გარდასულ დროზე მოუთხრობდა, როდესაც წინაპრები ლითონის კრაზანებისა და ელექტრო-ობობების გუნდებით შეიარაღებულნი გადიოდნენ ბრძოლის ველზე.

    ოცი წელი იყო, რაც მისტერ და მისის კ მკვდარი ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ. აქვე უცხოვრიათ მათ წინაპრებს, ამავე სახლში, რომელიც მზესუმზირასავით ბრუნავდა და მუდამ მზისკენ იქცევდა პირს, აგერ უკვე ათი საუკუნის განმავლობაში.

    მისტერ და მისის კ ჯერ ისევ ახალგაზრდები იყვნენ. მათ, როგორც ნამდვილ მარსელებს, სუფთა, მუქი ფერის კანი და ბაჯაღლო-ოქროსავით ყვითელი თვალები ჰქონდათ. ერთ დროს მათ ძალიან იტაცებდა ქიმიური ცეცხლით სურათების ხატვა და არხებში ცურვა წელიწადის იმ დროს, როდესაც ლეღვის ხეები არხებს მწვანე შარბათით ავსებდა: მოსწონდათ სასაუბრო ოთახში, ფოსფორული შუქით მოელვარე ცისფერი პორტრეტების ქვეშ ჯდომა და მუსაიფი.

    ახლა კი ისინი ბედნიერები აღარ იყვნენ.

    იმ დილით მისის კ ყვითელი ცვილისაგან გამოძერწილი ქანდაკივით იდგა სვეტებს შორის, უდაბნოს ქვიშის სიმხურვალეს უსმენდა და შორს, ჰორიზონტისკენ იყურებოდა.

    რაღაც უნდა მომხდარიყო.

    ისიც ელოდა.

    იგი ლურჯ ცას შეჰყურებდა, თითქოს შეიძლებოდა, უეცრად ცა დაძაბულიყო, შეკუმშულიყო და რაიმე მოელვარე სასწაული ჩამოეშვა ქვიშაზე.

    მაგრამ არაფერი ხდებოდა.

    მოლოდინით დაქანცულმა სვეტებს შორის ბოლთის ცემა დაწყო. სვეტისთავების ლარებიდან ჟუჟუნა წვიმამ გადმოშხეფა, წინწკლები მსუბუქად დაეცა ქალის სხეულს და დახუთული ჰაერი გამოაცოცხლა - ცხელ დღეებში ეს ისევე საამური იყო, როგორც ნაკადულში შეტოპვა. გრილმა შხეფებმა იატაკი ააციმციმა. შორიდან ისმოდა, როგორ გულმოდგინედ უკრავდა ქმარი თავის წიგნზე. მის თითებს არასდროს სწყინდებოდა ძველი სიმღერები.

    ქალმა აუღელვებლად გაიფიქრა: რა იქნებოდა, ქმარს როდესმე კვლავ ბევრი დრო ეჩუქებინა მისთვის, როგორც წინათ იცოდა; კვლავ მოხვეოდა და შეხებოდა მას - პატარა ჩანგს, როგორც გაუგებარ წიგნებს ეხებოდა.

    მაგრამ - არა. რა გაეწყობა. მან თავი გააქნია და მიტევებით აიჩეჩა მხრები. ოქროსფერ თვალებს მსუბუქად ჩამოეხურა ქუთუთოები. ქორწინება ზედმეტად აჩვევს ადამიანებს ერთმანეთს, ნაადრევად აბერებს ახალგაზრდებს.

    იგი ჩაეშვა სავარძელში, რომელიც იმწამსვე ტანზე შემოეტმასნა და ყოველ განძრევაზე მისი სხეულის ფორმას იღებდა. ქალმა მაგრად, ნერვულად დახუჭა თვალები.

    და გამოეცხადა სიზმარი.

    მისის კ-ს ბრინჯაოსფერი თითები აუთრთოლდა. ხელები მაღლა აიწოდა, ჰაერს წაეტანა, ერთი წამის შემდეგ შემკრთალი წამოჯდა სავარძელში, სულს ძლივს ითქვამდა.

    სწრაფად მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს ვიღაცის დანახვას ელოდა. მაგრამ სივრცე სვეტებს შორის ცარიელი აღმოჩნდა. ქალს სახეზე იმედის გაცრუება დაეტყო.

    სამკუთხა კარში ქმარი გამოჩნდა.

    - მეძახდი? - გაღიზიანებული ხმით იკითხა მან.

    - არა! - მიაძახა ქალმა.

    - მომეჩვენა, თითქოს ყვიროდი.

    - ვყვიროდი?! ჰოო, ცოტა წამთვლიმა და სიზმარი ვნახე.

    - ამ შუადღისას?! შენ ეს არ გჩვევია!

    სიზმარს ღრმა კვალი აღებეჭდა ქალის სახეზე.

    - რა უცნაური, რა ძალიან უცნაური სიზმარი იყო. - ჩურჩულებდა ქალი.

    - მაინც? - ქმარს აშკარად წიგნთან დაბრუნება ეჩქარებოდა.

    - ერთი კაცი დამესიზმრა.

    - კაცი?

    - მაღალი კაცი, ექვსი ფუტი და ერთი დუიმი იქნებოდა.

    - რა სისულელეა! ეგ ხომ გოლიათია, მახინჯი გოლიათი.

    - რატომღაც ძალიან ლამაზი ჩანდა, ასეთი სიმაღლის მიუხედავად. და თვალები, - ოჰ, ვიცი, ისევ სისულელედ მოგეჩვენება, - თვალები, ც ი ს ფ ე რ ი ჰქონდა!

    - ო. ღმერთებო! ! ცისფერი თვალები! ნეტა, შემდეგში რაღა დაგესიზმრება?! შემთხვევით, შავი თმაც ხომ არა ჰქონდა?

    - როგორ გამოიცანი? - წამოიძახა ქალმა.

    - უბრალოდ, ყველაზე გაუგონარი რამ დავასახელე, - ცივად მიუგო ქმარმა.

    - ჰო, შავი ჰქონდა! - აღმოხდა ქალს, - და კანი... ძალიან თეთრი! ო, ის მეტისმეტად უცნაური არსება იყო! ტანზეც რაღაც უცნაური ფორმა ეცვა. ციდან ჩამოეშვა და ალერსიანი საუბარი დამიწყო.

    ქალი იღიმებოდა.

    - ციდან ჩამოეშვა! რა აბდაუბდაა!

    - რაღაც ლითონის საგნით ჩამოეშვა, რომელიც მზეზე ბრჭყვიალებდა. - გაიხსენა ქალმა და თვალები დახუჭა, ჩვენება რომ აღედგინა. - მე ცას ვხედავდი სიზმარში. უეცრად რაღაცამ ზევით ასროლილ მონეტასავით გაიელვა ჰაერში, შემდეგ თანდათან გაიზარდა, ძირს დაეშვა და ძალიან რბილად დაჯდა ძიწაზე. რაღაც უცხო ხომალდი აღმოჩნდა - ვერცხლისფერი, გრძელი, მომრგვალებული. შემდეგ ამ საგანს გვერდიდან კარი გაეხსნა და ის მაღალი კაცი გადმოვიდა.

    - ცოტა მეტი იმუშავე და ეგეთი სისულელეები აღარ დაგესიზმრება.

    - მე კი ძალიან მომეწონა ეს სიზმარი, - მიუგო ცოლმა და სავარძელზე გადაწვა. - ვერც კი ვიფიქრებდი, ასეთი ფანტაზიის პატრონი თუ ვიყავი - შავი თმა, ცისფერი თვალები და თეთრი კანი! რა უცნაური იყო ის მამაკაცი, და მაინც - რა ლამაზი!

    - თვითშთაგონებაა.

    - რა ცუდი ხარ! მე ხომ განგებ არ გამომიგონია, თვითონვე გამომეცხადა ძილ-ბურანში. სიზმარსაც არ ჰგავდა - ძალიან უცნაური რაღაც იყო, მოულოდნელი. მან შემომხედა და მითხრა: „მე მესამე პლანეტიდან ჩამოვედი ამ ხომალდით; ჩემი სახელია ნათანიელ იორკი"..

    - რა უაზრობაა! ასეთი სახელი არც არსებობს. - შეედავა ქმარი.

    - რა თქმა უნდა, უაზრობაა. ეს ხომ სიზმარია, - წყნარად შეესიტყვა ქალი. - შემდეგ მან თქვა: „ეს პირველი მოგზაურობაა კოსმოსში. ხომალდში ორნი ვართ - მე და ჩემი მეგობარი ბერტი".

    - კიდევ ერთი გაუგონარი სახელი!

    - მან თქვა: „ჩვენ დ ე დ ა მ ი წ ი ს ერთი ქალაქიდან ვართ - ასე ჰქვია ჩვენს პლანეტას, - განაგრძო მისის კ-მ. - ეს მისი სიტყვებია, სწორედ ასე თქვა - „დედამიწა. თანაც უცხო ენაზე ლაპარაკობდა, მე კი როგორღაც ვუგებდი - თითქოს გონებით. ტელეპატიაა, ალბათ.

    მისტერ კ გატრიალდა, მაგრამ ცოლის ხმამ შეაჩერა.

    - ილ! - წყნარად დაუძახა ქალმა. - არასდროს გიფიქრია... არ გიფიქრია, მაგალითად, იმაზე, რომ მესამე პლანეტაზე შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ?

    - მესამე პლანეტაზე სიცოცხლე გამორიცხულია, - მოთმინებით აუხსნა ქმარმა. - ჩვენს მეცნიერებს დამტკიცებული აქვთ, რომ იქაური ატმოსფერო მეტისმეტად ბევრ ჟანგბადს შეიცავს.

    - რა შესანიშნავი იქნებოდა, იქ რომ ადამიანები ცხოვრობდნენ და რამენაირი ხომალდით კოსმოსში მოგზაურობა შეეძლოთ!

    - აი, რა, ილა! შენ იცი, როგორ მეჯავრება ეგეთი გულისამაჩუყებელი ყბედობა, სჯობს, საქმეს მივხედოთ.

    უკვე მოსაღამოვებული იყო, ილამ რომ ის სიმღერა წამოიწყო. იგი წვიმისმფრქვეველ სვეტებს შორის დააბიჯებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა ერთსა და იმავე ჰანგს.

    - რას მღერი? - შეუღრინა ბოლოს ქმარმა და ქურა-მაგიდას მიუახლოვდა.

    - არ ვიცი... - ქალმა ახედა და თვითონვე გაოცდა, მერე შეცბუნებულმა პირზე აიფარა ხელი. მზე ჩადიოდა და სახლი უზარმაზარი ყვავილივით იხურებოდა სინათლის კლებასთან ერთად.

    სვეტებს შორის ნიავმა დაბერა. ქურა-მაგიდაზე აქაფქაფებული ვერცხლისფერი ლავას გუბე ჩუხჩუხებდა. ნიავი სპილენძისფერ თმას უბულულებდა ილას და წყნარად ჩამღეროდა რაღაცას ყურში. იგი უხმოდ იდგა, ყვითელი თვალების გარინდული, მონისლული მზერა ზღვის უფერული ფსკერისათვის მიეპყრო - თითქოს უხმობდა, იგონებდა რაღაცას.

    მხოლოდ თვალებით შესვი ჩემთან ეს სადღეგრძელო,

    მეც მზერით შევსვამ.

    ნაზად, წყნარად წამოიწყო მან სიმღერა.

    ანდა შეახე ბაგე ფიალას

    და მე ღვინოს აღარ მოვითხოვ.

    იგი თვალდახუჭული ღიღინებდა და ხელებს მსუბუქად არწევდა ქარში. ბოლოს დადუმდა.

    მშვენიერი სიმღერა იყო.

    - პირველად მესმის ეგ მელოდია. თვითონ ხომ არ გამოიგონე? - მკაცრად ჰკითხა ქმარმა და გამომცდელი მზერა მიაპყრო.

    - არა! ჰო! თუმცა, არ ვიცი! - ილა შემკრთალი ჩანდა. - მე სიტყვებიც არ მესმის - ეს ხომ უცხო ენაა.

    - რომელი ენა?

    ქალი ანგარიშმიუცემლად ყრიდა ხორცის ნაჭრებს მდუღარე ლავაში.

    - არ ვიცი, - ერთი წამის შემდეგ მან უკვე მოხარშული ხორცი ამოიღო და თეფშით მიართვა ქმარს. - მგონი, თვითონვე მოვიგონე მთელი ეს სისულელე. არ ვიცი კი - რატომ.

    ქმარს არაფერი უთქვამს. ის მხოლოდ უყურებდა, როგორ უშვებდა ქალი ხორცის ნაჭრებს მოჩუხჩუხე ქაფქაფა გუბეში. მზე უკვე ჩასულიყო. ფრთხილად, ფრთხილად შემოიპარა ღამე, შავ ღვინოსავით ჩადგა ოთახში და ჭერამდე აავსო - შთანთქა სვეტებიც და მოსაუბრენიც; ვერცხლისფერი ლავის ანარეკლიღა ანათებდა მათ სახეებს.

    ქალმა კვლავ ღიღინით წამოიწყო ის უცნაური ჰანგი. ქმარი მაშინვე წამოხტა და გაგულისებული გავარდა ოთახიდან.

    მოგვიანებით მან მარტომ დაამთავრა ვახშამი.

    სუფრიდან რომ წამოდგა, გაიზმორა, ცოლს შეხედა და მთქნარებით უთხრა:

    - წამო, გინდა, ქალაქში წავიდეთ ცეცხლოვანი ჩიტებით? ცოტათი გავერთობით.

    - შენ ამას მ ა რ თ ლ ა ამბობ? ავად ხომ არა ხარ?

    - კი მაგრამ, რა არის ამაში ასე გასაკვირი?

    - ექვსი თვეა, არავითარ გასართობზე ჩვენ არ ვყოფილვართ.

    - მე მგონი, კარგი აზრი გამოვთქვი.

    - რატომ გახდი უცებ ასეთი მზრუნველი?

    - ბევრს ნუ ლაპარაკობ, - ბუზღუნით შეაწყვეტინა ქმარმა, - მოკლედ, გინდა თუ არა წამოსვლა?

    მისის კ-მ ფერმკრთალ უდაბნოს გახედა. ცაზე ორი თეთრი მთვარე ამოვიდა. გრილი წყალი ფეხებზე ელამუნებოდა ქალს. იგი ცახესავით ათრთოლდა. ყველაფერზე მეტად მას აქ ჯდომა უნდოდა - წყნარად, უსიტყვოდ, გაუნძრევლად - ვიდრე არ მოხდებოდა ის, რასაც მთელი დღე ელოდა, რაც წესით არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც, მაინც ელოდა. უეცრად სიმღერის სათუთმა შეხებამ სული შეუძრა:

    - მე...

    - ნუ ჯიუტობ, - ჩააცივდა მისტერ კ. - წამო, წავიდეთ.

    - დაღლილი ვარ, სხვა დროს, როდისმე.

    - აი, შენი შარფი, - მან პატარა შუშა მიაწოდა, - რამდენი თვეა არსად ვყოფილვართ!

    - თუ არ ჩავთვლით შენს სეირნობებს ქსი-სიტიში კვირაში ორჯერ, - მისის კ თვალს არიდებდა ქმარს.

    - საქმეებია, ხომ იცი...

    - ჰოო? - თავისთვის წაიჩურჩულა ქალმა: შუშიდან სითხემ გადმოშხეფა, ცისფერ ნისლად იქცა და ცახცახით შემოევლო ქალის ყელს.

    * * *

    ცეცხლოვანი ჩიტები ნაკვერცხლის ზოდებივით გიზგიზებდნენ გრილი ქვიშის სწორ ზედაპირზე და მგზავრებს ელოდნენ. ღამის ნიავი მსუბუქად არწევდა თეთრ კარავს, რომელიც უამრავი მწვანე ზონარით ჩიტებზე იყო მიბმული.

    ილა კარავში წამოწვა. ქმრის ბრძანებაზე მოგიზგიზე ჩიტები ჩაბნელებულ ცაში აიჭრნენ. ზონრები დაიჭიმა, კარავი აფრინდა. ქვიშა შხუილით გაექანა ქვევით. შორიახლოს ლურჯი მთები ამოტივტივდნენ და უკან მოიტოვეს მათი სახლი - წყლისმფრქვეველი სვეტებით, წნულებში ჩარგული ყვავილებით, მომღერალი წიგნებით და იატაკზე მოჟღურტულე ნაკადულებით სავსე. ილა ქმარს არ უყურებდა, ესმოდა მხოლოდ, როგორ შესძახებდა ხოლმე ჩიტებს და ისინიც სულ უფრო ზევით მიიწევდნენ - თითქოს ათიათასი გავარვარებული ნაპერწკალი წითელ-ყვითელ ფეიერვერკად იჭრებოდა ცაში და თან აჰქონდა ქარში ყვავილის ფურცელივით მოფარფატე კარავი. ქალი არც ძირს იყურებოდა - არ დასცქეროდა ძველთაძველ ქალაქებს, - ძვლის ჭადრაკის დაფებივით რომ მიცურავდნენ ქვევით, არც სიცარიელითა და ზმანებებით სავსე ძველ არხებს. მთვარის ჩრდილივით, მოციმციმე ჩირაღდანივით გადაუქროლეს მათ დამშრალ ტბებსა და მდინარეებს.

    იგი მხოლოდ ცას შეჰყურებდა. ქმარმა რაღაც უთხრა. იგი ცას შეჰყურებდა.

    - გაიგე, რა გითხარი?

    - რა?

    ქმარმა ღრმად ამოისუნთქა:

    - რა უყურადღებო ხარ!

    - რაღაცას ვფიქრობდი.

    - არ ვიცოდი, ბუნების ასეთი მოტრფიალე თუ იყავი. პირდაპირ, თვალს ვერ აშორებ ცას ამ საღამოს.

    - ძალიან ლამაზი ცაა.

    - ერთი აზრი მომივიდა, - ნელა წარმოთქვა ქმარმა, - ვიფიქრე, ამ საღამოსვე დავურეკავ ჰალას და ჩვენი ჩასვლის თაობაზე ველაპარაკები-მეთქი. ცუდი აზრია? სულ ერთი კვირით რომ ავიდეთ მათთან, ცისფერ მთებში, ჰა, რას იტყვი?

    - ცისფერი მთებში! - ილამ კარვის კალთას წაავლო ხელი და სწრაფად მიბრუნდა ქმრისკენ.

    - ო, მე მხოლოდ აზრი გამოვთქვი.

    - მაინც როდის აპირებ წასვლას? - თრთოლვით იკითხა ქალმა.

    - ვფიქრობ, ხვალ დილითვე შეგვიძლია გავემგზავროთ. ხომ იცი, რაც ადრე, მით უკეთესია, - საგანგებოდ გულგრილი ხმით მიუგო ქმარმა.

    - ასე ნაადრევად ა რ ა ს დ რ ო ს წავსულვართ.

    - წელს წავალთ. - მან გაიღიმა. - ვფიქრობ, გვარგებს ადგილის გამოცვლა, იქაური სიმშვიდე და სიმყუდროვე - თავადაც მოგეხსენება. შენ სხვა გეგმა ხომ არ გქონდა? მაშ, მივდივართ, არა?

    ქალმა ამოისუნთქა, ცოტა დაყოვნდა და შემდეგ მიუგო:

    - არა.

    - რაა? - ქმრის წამოძახილზე ჩიტები დაფრთხნენ, კარავი შექანდა.

    - არა, - მტკიცედ გაიმეორა მან. - არ წამოვალ და მორჩა.

    ქმარმა შეხედა. მეტი აღარაფერი უთქვამთ ამაზე. ილა უკანვე მიტრიალდა.

    ჩიტები ისევ მიქროდნენ - თითქოს ათიათას ბრიალა ნაკვერცხალს მიერეკებოდა ქარი.

    მზემ ბროლის სვეტებში შეატანა და გაცრიცა ღრუბელი, რომელზედაც მძინარე ილა იწვა. იგი მთელ ღამეს იატაკს ზემოთ, ჰაერში ფარფატებდა და ქვეშაგებად ნისლის რბილი ხალიჩა ეგო. ნისლმა კედლებიდან გამოჟონა მაშინვე, როგორც კი ქალი დასასვენებლად მიწვა. იგი მთელ ღამეს ამ მდუმარე მდინარეში ტივტივებდა, როგორც გაყუჩებულ ნაკადს მინებებული ნავი. ახლა კი მზემ ღრუბელი გაფანტა, ნისლის მდინარე დაწდა და ქალი გამოფხიზლდა.

    მან თვალები გაახილა და ქმარი დაინახა. ჩანდა, დიდი ხანი იყო, თავზე ადგა და აკვირდებოდა. ილას რატომღაც გაუჭირდა, თვალი გაესწორებინა ქმრისთვის, არ იცოდა კი - რატომ.

    - შენ ისევ დაგესიზმრა რაღაც, - უთხრა ქმარმა. - მთელი ღამე ბოდავდი და მაღვიძებდი. ჩემი აზრით, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა ეჩვენო ექიმს.

    - არაფერია, გამივლის.

    - ძალიან ბევრს ლაპარაკობდი ძილში.

    - მართლა? - ილა წამოდგა.

    ქვევით, ოთახში, ციოდა. იატაკზე დაშვებისთანავე ქალი მონაცრისფრო შუქში გაეხვია.

    - რა დაგესიზმრა?

    ილა ერთხანს ჩაფიქრდა, - იგონებდა.

    - ხომალდი, - მიუგო მცირე დუმილის შემდეგ, - იგი ისევ ციდან ჩამოეშვა და მინდორზე დაჯდა; იქიდან მაღალი კაცი გადმოვიდა და საუბარი დამიწყო - იცინოდა, მეხუმრებოდა. ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი.

    მისტერ კ სვეტს შეეხო. იქიდან თბილი წყლის ჭავლები გადმოიფრქვა, ოთახში ორთქლი დააყენა და სიცივე განდევნა. მისტერ კ-ს მეტისმეტად გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა.

    - შემდეგ, - განაგრძო ქალმა, - იმ კაცმა, რომელსაც უცნაური სახელი - ნათანიელ იორკი ერქვა, მითხრა, რომ მე ძალიან ლამაზი ვარ და... და მაკოცა.

    - ჰა! - აღმოხდა ქმარს; გააფთრებულმა ზურგი შეაქცია ცოლს და ნიკაპს დაუწყო წვალება.

    - ეს ხომ მხოლოდ სიზმარია! - ილა ხუმრობის გუნებაზე დადგა.

    - შენთვის შეინახე ეგ სულელური, დიაცური სიზმრები!

    - რა ბავშვივით იქცევი! - ქალი ქიმიური ღრუბლის შემორჩენილ ქულებზე გადაწვა. ცოტა ხნის შემდეგ წყნარად გაეცინა.

    - კიდევ გამახსენდა რაღაც იმ სიზმრიდან, - გამოტეხილად თქვა მან.

    - რა? მაინც რა? - მოუთმენლად წამოიყვირა ქმარმა.

    - რა აღელვებული ხარ, ილ!

    - მითხარი. - უბრძანა მან. - არაფერი დამიმალო!

    ქალს მკაცრი, კუშტი სახე დაჰყურებდა ზევიდან.

    - არასდროს მინახიხარ ეგეთი! - ნახევრად შეშინებული, ნახევრად ცნობისმოყვარე გამომეტყველებით მიუგო ილამ; - ისეთი არაფერი მომხდარა, მხოლოდ იმ არსებამ - ნათანიელ იორკმა მითხრა... ჰო, მითხრა, რომ თან წამიყვანს ხომალდით, ცაში ამაფრენს და თავის პლანეტაზე დამსვამს. უაზრობაა რაღაც...

    - ნამდვილი უაზრობა! - თითქმის დაიღრიალა ქმარმა. - ერთი შენი თავისთვის მოგასმენინა: მთელ ღამეს ლაყბობ, მღერი, ღლაბუცობ ვიღაცასთან. ოი, ღმერთებო! მ ო გ ა ს მ ე ნ ი ნ ა ნეტავ შენი თავისთვის!

    - ილ!

    - როდის ჩამოვა? სად დაეშვება იმ წყეული ხომალდით?

    - ხმას დაუწიე, ილ!

    - ჯანდაბას იქით ჩემი ხმა! - მისტერ კ გაცეცხლებული დაიხარა ქალისკენ. - იმ შენს სიზმარში, - მან მაჯაზე წაავლო ხელი, - ხომალდი მწვანე ველზე ხომ არ დაშვებულა? მიპასუხე!

    - ჰო, მწვანე ველზე...

    - და დაეშვა დღეს, ნაშუადღევს. ხომ მართალია? - არ ცხრებოდა ქმარი.

    - ჰო, ჰო, მგონი ეგრე იყო, მაგრამ - მხოლოდ სიზმარში.

    - მაშ ასე! - მისტერ კ-მ გაბრაზებით მოიქნია ცოლის ხელი. - კიდევ კარგი, რომ არ ცრუობ მაინც! მე გავიგონე ყველა სიტყვა, რასაც ძილში ბოდავდი. თვითონვე ახსენე ველიც და დაშვების დროც.

    აქოშინებულმა კაცმა ელვისაგან თვალმოჭრილივით დაიწყო ბოლთის ცემა სვეტებს შორის - სუნთქვა თანდათან

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1