Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV)
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV)
Ebook582 pages10 hours

გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ისტორიული რომანი, რომელიც დიუმას საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება, მოგვითხრობს ედმონდ დანტესის, ახალგაზრდა და პატიოსანი მეზღვაურის ამბავს, რომლის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდება, როდესაც ნაპოლეონის მმართველობის უკანასკნელ წლებში მას ცრუ ბრალდებას წაუყენებენ და სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ დანტესი გაქცევას ახერხებს და ახლა უკვე შეუძლია შურისძიების გეგმის განხორციელება, რომელიც საგულდაგულოდ აქვს მოფიქრებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV)

Read more from ალექსანდრე დიუმა

Related to გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV)

Related ebooks

Reviews for გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გრაფი მონტე-კრისტო (ნაწილი IV) - ალექსანდრე დიუმა

    ალექსანდრე დიუმა - გრაფი მონტე-კრისტო (IV)

    Alexandre Dumas - Le Comte de Monte Cristo IV)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ საჯაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    სარჩევი

    ნაწილი მეოთხე

    თავი I. ბატონი ნუარტიე დე ვილფორი

    თავი II. ანდერძი

    თავი III. ტელეგრაფი

    თავი IV.  საშუალება მებაღეს თავიდან მოაცილო ციყვები, რომლებიც მის ატმებს ჭამენ

    თავი V. მოჩვენებები

    თავი VI. სადილი

    თავი VII. მათხოვარი

    თავი VIII. ოჯახური სცენა

    თავი IX. ქორწინების გეგმები

    თავი X. მეფის პროკურორის კაბინეტი

    თავი XI. მიპატიჟება

    თავი XII. ძიება

    თავი XIII. საზაფხულო მეჯლისი

    თავი XIV. პურ-მარილი

    თავი XV. მარკიზ დე სენ-მერანის მეუღლე

    თავი XVI. დაპირება

    თავი XVII. ვილფორის ოჯახის აკლდამა

    თავი XVIII. ოქმი

    თავი XIX. კავალკანტის ვაჟიშვილის წარმატებანი

    თავი XX. ჰაიდე

    ნაწილი მეოთხე

    თავი I. ბატონი ნუარტიე დე ვილფორი

    აი, რა მოხდა მეფის პროკურორის ბინაში ქალბატონ დანგლარისა და მისი ქალიშვილის წასვლის შემდეგ, იმ დროს, როდესაც ჩვენს მიერ გადმოცემული საუბარი მიმდინარეობდა.

    ბატონი დე ვილფორი ცოლის თანხლებით მამის ოთახში შევიდა. რაც შეეხება ვალენტინას, ჩვენ ვიცით სადაც იყო იგი.

    როდესაც მოხუცს მიესალმნენ და ბარუა, ნუარტიეს სამსახურში ოცდახუთი წლის მანძილზე ნამყოფი მსახური, გარეთ გაუშვეს, ორივენი დასხდნენ.

    ბატონი ნუარტიე იჯდა ბორბლებიან დიდ სავარძელში, სადაც მას დილაობით სვამდნენ და საღამოობით გადმოჰყავდათ. წინ ედგა სარკე, რომელშიც მთელი ოთახი მოჩანდა. ასე რომ, შეეძლო ოდნავაც არ შერხეულიყო - რაც მისთვის შეუძლებელიც იყო - და დაენახა ვინ შემოვიდოდა, ვინ გადიოდა, ან რა კეთდებოდა მის ირგვლივ. ცხედარივით უძრავი, ცოცხალი და გონიერი თვალებით უყურებდა თავის შვილებს, რომელთა ცერემონიული მისალმება რაღაც ოფიციალურის და მოულოდნელის მაუწყებელი იყო.

    მხედველობა და სმენა, მარტოოდენ ეს ორი გრძნობა, ორი ნაპერწკალივით ჯერ კიდევ ბჟუტავდა უკვე სამი მეოთხედით საფლავისათვის გამზადებულ სხეულში. ამ ორი გრძნობიდანაც მხოლოდ ერთი მეტყველებდა შინაგან ცხოვრებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ფეთქავდა ამ ქანდაკებაში; შინაგანი ცხოვრების გამომხატველი მზერა მიაგავდა შორეულ სინათლეს, ღამით უდაბნოში გზააბნეულ მგზავრს რომ ამცნობს, სადღაც ამ სიჩუმეში და სიბნელეში ცოცხალი არსება ფხიზლობსო.

    სამაგიეროდ, მოხუცი ნუარტიეს შავ თვალებში, რომლის ზემოთ აზიდული იყო შავი წარბები, მაშინ, როდესაც მხრებზე დაშვებული გრძელი თმა სულ გასთეთრებოდა, ამ თვალებში - როგორც ეს საერთოდ სხვების ხარჯზე მომქმედ ორგანოში ხდება ხოლმე - თავი მოეყარა მთელს ენერგიას, მთელს სიმარჯვეს, მთელს ძალას, გონებას, რომლებიც ოდესღაც მის სხეულსა და სულს აცოცხლებდნენ. მართალია, მას აკლდა ხელების და სხეულის მოძრაობა, არ ჰქონდა ხმის ამოღების უნარი, მაგრამ მბრძანებლური მზერა ყოველივე ამის მაგივრობას ეწეოდა. თვალები მბრძანებლობდნენ, თვალები იხდიდნენ მადლობას; ეს იყო ლეში ცოცხალი თვალებით. არაფერი იყო იმაზე საშიში, როგორც ეს მარმარილოს სახე, რომლის ზემო ნაწილში დროდადრო იფეთქებდა მრისხანება, ან სიხარული. ამ უბედური დამბლადაცემულის ენა მხოლოდ სამ პიროვნებას ესმოდა: ვილფორს, ვალენტინას და იმ მოხუც მსახურს, რომელიც ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ. მაგრამ რადგან ვილფორი, იშვიათად, მხოლოდ მაშინ ნახულობდა მამამისს, როდესაც ეს აუცილებელი იყო, და ამ შეხვედრის დროსაც არ ცდილობდა ესიამოვნებინა მისთვის, თუმცა კარგად ესმოდა მისი, მოხუცის ერთადერთი ბედნიერება შვილიშვილი იყო. ვალენტინამ ერთგულების, სიყვარულის და მოთმინების წყალობით შეისწავლა ნუარტიეს ყველა აზრის თვალებში ამოკითხვა. სხვებისათვის მუნჯ, გაუგებარ ენას ის პასუხობდა მთელი თავისი ხმით, სახით, ხელით და გულით, იმგვარად, რომ გაცხოველებული ბაასი იმართებოდა ყმაწვილ ქალსა და თითქმის გვამად ქცეულ, მიხრწნილ სხეულს შორის, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა დიდად გამჭრიახი და ნათელი გონება. ეს გახლდათ ძლიერი ნებისყოფის მქონეც, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლეოდა სხეულში მფეთქავი სული, რომელსაც ეს სხეული აღარ ემორჩილებოდა.

    ამგვარად, ვალენტინამ შეძლო მძიმე ამოცანის გადაწყვეტა: გაეგო მოხუცის აზრები და გადაეცა თავისი. და აი, ამ უნარის წყალობით თითქმის არ იყო შემთხვევა, რომ ყოველდღიურ საკითხებში მას სავსებით ზუსტად არ გაეგო ამ ცოცხალი სულის სურვილი ან ნახევრად უგრძნობი ლეშის მოთხოვნილება.

    რაც შეეხება ბარუას, როგორც ვთქვით, ის ოცდახუთი წლის მანძილზე ემსახურებოდა თავის ბატონს და ისე კარგად იცოდა მისი ჩვევები, რომ ნუარტიეს არც კი სჭირდებოდა რაიმე ეთხოვა.

    ვილფორს, იმ უცნაური საუბრის დასაწყებად, რომლისათვისაც ის თავის მამასთან მოვიდა, არც ერთისა და არც მეორის დახმარება არ სჭირდებოდა. მან თვითონ, როგორც უკვე ვთქვით, საუკეთესოდ იცოდა მოხუცის ლექსიკონი და თუ ასე იშვიათად ესაუბრებოდა, ეს მხოლოდ მისი გულგრილობით აიხსნებოდა. სწორედ ამიტომაც მან ვალენტინა ბაღში სასეირნოდ გაისტუმრა, ბარუა კი დაითხოვა. ბატონი დე ვილფორი მამის მარჯვნივ მოთავსდა, ქალბატონი დე ვილფორი კი - მარცხნივ.

    - ბატონო ჩემო, - მიმართა შვილმა, - ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვალენტინა ჩვენთან ერთად არ მოვიდა და ბარუაც გავისტუმრე; ის, რაც უნდა შეგატყობინოთ, არ შეიძლება ყმაწვილი ქალის ან მსახურის თანდასწრებით ითქვას; ქალბატონმა დე ვილფორმა და მე რაღაცა უნდა გაცნობოთ.

    ამ შესავლის დროს ნუარტიეს სახის გამომეტყველებას არავითარი ცვლილება არ დატყობია, დე ვილფორის თვალებს კი, პირიქით, თითქოს მოხუცის გულის სიღრმეში შეჭრა სურდათ.

    - ჩვენ, მე და ქალბატონი ვილფორი, - განაგრძო მეფის პროკურორმა, მისთვის ჩვეული ცივი ხმით, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, არასოდეს ღალატობდა, - დარწმუნებული ვართ ამ ცნობას თანაგრძნობით მიიღებთ.

    მოხუცის თვალები ისევ უძრავად იყვნენ; ის მხოლოდ უსმენდა.

    - ბატონო ჩემო, - დაიწყო ვილფორმა, - ჩვენ ვალენტინას ვათხოვებთ.

    თვით სანთლის ნიღაბიც კი ვერ შეხვდებოდა ამ ცნობას ისე ცივად, როგორც მოხუცის სახე.

    - ქორწილი სამი თვის შემდეგ იქნება, - განაგრძო ვილფორმა.

    მოხუცის თვალები ისევ უსიცოცხლონი დარჩნენ.

    ახლა თავის მხრივ ქალბატონმა დე ვილფორმა ამოიღო ხმა:

    - ჩვენ ვიფიქრეთ, - დასძინა აჩქარებით მან, - რომ ეს ცნობა თქვენ დაგაინტერესებდათ, ბატონო ჩემო; გარდა ამისა, ვგონებ ყოველთვის შეთვისებული იყავით ვალენტინასთან, ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, გითხრათ მისთვის განკუთვნილი ყმაწვილი კაცის გვარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საქმროთაგანია მათ შორის, ვისი შერთვის იმედიც შეიძლებოდა ვალენტინას ჰქონოდა; ის, ვინც მისთვის გვინდა და ვისი გვარიც თქვენთვის, ალბათ, უცნობი არ არის, მდიდარია, კარგი ოჯახის შვილია. მისი ყოფაქცევა და გემოვნება გარანტიას იძლევა, რომ ვალენტინა ბედნიერი იქნება. ლაპარაკია ფრანც დე კენელზე - ბარონ დ‘ეპინეზე.

    ვილფორმა, სანამ მისი ცოლი ამ პატარა სიტყვას ამბობდა, მოხუცს თვალები წინანდელზე უფრო მეტი დაკვირვებით ჩააშტერა. როგორც კი ქალბატონმა დე ვილფორმა ფრანცის სახელი წარმოთქვა, ნუარტიეს შვილისათვის ესოდენ ნაცნობ თვალებში, შეკრთომა გამოეხატა და ქუთუთოებს შუა, რომლებიც თითქოს სალაპარაკოდ გამზადებული ბაგეებივით გაეხსნა, ელვამ დაურბინა.

    მეფის პროკურორმა, რომელმაც იცოდა მამამისისა და ფრანცის მამას შორის არსებული ძველი აშკარა მტრობა, გაიგო ეს ცეცხლი და მღელვარება, მაგრამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი შეუნიშნავს და ცოლის მიერ შეწყვეტილი სიტყვა განაგრძო:

    - ბატონო ჩემო, თქვენ კარგად გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვალენტინა, რომელსაც მალე ცხრამეტი წელი შეუსრულდება, ბოლოს და ბოლოს დაბინავდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ დაგვავიწყდით ამ საკითხის გადაწყვეტის დროს და წინასწარ დარწმუნებული ვართ, ვალენტინას ქმარი თანახმა იქნება, თუ ჩვენთან ცხოვრებაზე არა, ეს შეავიწროვებდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ყოველ შემთხვევაში იმაზე, რომ თქვენ მათთან გეცხოვრათ. ვალენტინას ხომ ძალიან უყვარხართ და თქვენც, ალბათ, ასევე გიყვართ იგი. ამგვარად, თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება არაფრით შეიცვლება, განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, რომ ერთის მაგიერ ორი ბავშვი მოგივლით.

    ნუარტიეს ანთებული თვალები სისხლით აევსო.

    ეტყობოდა მოხუცის გულში რაღაც საშინელება ხდებოდა; ცხადი იყო ტკივილისა და მრისხანების ყვირილი გამოსავალს ვერ პოულობდა და ახრჩობდა. მას სახეზე ალმური ასდიოდა, ტუჩები გალურჯებოდა.

    ვილფორმა ფანჯარა დამშვიდებით გამოაღო და დასძინა:

    - აქ ძალიან ცხელა, ამიტომ ბატონ ნუარტიეს სუნთქვა უჭირს.

    შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ აღარ დამჯდარა.

    - ეს ქორწინება, - დაიწყო ისევ ქალბატონმა დე ვილფორმა, - მოსწონთ ბატონ დ‘ეპინესა და მის ნათესავებს; ისინი, სხვათა შორის, მხოლოდ ორნიღა არიან - ბიძა და ბიცოლა. დედამისი მასზე მშობიარობას გადაყვა, ხოლო მამა მოუკლეს ათას რვაას თხუთმეტ წელს, როდესაც ბავშვი ორი წლისა არც კი იყო, ასე რომ, ის მარტო თავის თავზეა დამოკიდებული.

    - უცნაური მკვლელობა მოხდა, - თქვა ვილფორმა, - დამნაშავეები გამოუცნობელნი დარჩნენ; ეჭვი ბევრზე ჰქონდათ, მაგრამ ვერავიზე შეჩერდნენ.

    ნუარტიემ თავს ისეთი ძალა დაატანა, რომ ტუჩები თითქოს ღიმილისათვის მოღრიცა.

    - თუმცა, უნდა ითქვას, - განაგრძო ვილფორმა, - ჭეშმარიტი დამნაშავეები ისინი არიან, ვინც იციან რომ დანაშაული ჩაიდინეს. ისინი, ვინც შეიძლება სიცოცხლეში განსაჯოს ადამიანთა მართლმსაჯულებამ, ხოლო სიკვდილის შემდეგ ღვთის სამართალმა, მოხარული იქნებოდნენ თქვენს ადგილას აღმოჩენილიყვნენ და შესაძლებლობა ჰქონოდათ ფრანც დ‘ეპინესათვის ქალიშვილი შეეთავაზებინათ, რათა ამით ოდნავი ეჭვიც კი გაექარწყლებინათ.

    ნუარტიემ დასამშვიდებლად ისეთი ძალა მოიკრიბა, რაც ნაკლებ მოსალოდნელი იყო ამ დამბლადაცემული ადამიანისაგან.

    - ო, მე მესმის, - უპასუხა ვილფორს მისმა მზერამ, რომელშიც ერთდროულად გამოიხატა ზიზღი და მრისხანება.

    ვილფორმა ამ გამოხედვას, რომელიც კარგად გაიგო, მხრების ოდნავი აჩეჩვით უპასუხა.

    შემდეგ ცოლს ანიშნა, წამომდგარიყო.

    - ახლა კი, ბატონო ჩემო, - უთხრა ქალბატონმა დე ვილფორმა, - ნება მოგვეცით გამოგემშვიდობოთ. ხომ არ ინებებთ ედუარდი შემოვიდეს თქვენთან?

    შეთანხმებული იყვნენ, რომ მოხუცი თანხმობას თვალების დახუჭვით გამოხატავდა, უარს - თვალების დახამხამებით, ხოლო რაიმე სურვილს - თვალების ზეცაში აპყრობით.

    თუ ვალენტინას ნახვა სურდა, მხოლოდ მარჯვენა თვალს ხუჭავდა, თუ ბარუას უხმობდა - მარცხენას.

    ქალბატონი დე ვილფორის წინადადების გაგონებაზე, მან თვალები რამდენჯერმე სწრაფად დაახამხამა.

    ქალბატონმა დე ვილფორმა ასეთ აშკარა უარზე ტუჩები მოიკვნიტა.

    - იქნებ ვალენტინა გამოგიგზავნოთ? - ჰკითხა მან.

    - დიახ, - უპასუხა მოხუცმა თვალების სწრაფი დახუჭვით.

    ცოლი და ქმარი გამოემშვიდობნენ მოხუცს და გავიდნენ. თან განკარგულება გასცეს ვალენტინასათვის დაეძახათ, რომელიც, სხვათა შორის, უკვე გაფრთხილებულ იყო, რომ დღისით ბაბუას დასჭირდებოდა.

    ვალენტინა მოხუცთან მღელვარებისაგან ჯერ ისევ გაწითლებული შევიდა. მისთვის საკმარისი იყო ერთი შეხედვა, რომ მიხვედრილიყო როგორ იტანჯებოდა ბაბუა და რამდენი რამ ჰქონდა სათქმელი.

    - კეთილო ბაბუა, - შეჰყვირა მან, - რა მოხდა, გაწყენინეს და შენ გაბრაზდი?

    - დიახ, - უპასუხა მოხუცმა თვალების დახუჭვით.

    - ვინ გაგაბრაზათ? მამაჩემმა? არა; ქალბატონმა დე ვილფორმა? არა; მე?

    მოხუცმა თანხმობის ნიშნად თვალები დახუჭა.

    - მე? - ჰკითხა ხელახლა გაკვირვებულმა ვალენტინამ. მოხუცმა იგივე ნიშანი გაიმეორა.

    - კი მაგრამ, რა ჩავიდინე ასეთი, ძვირფასო ბაბუა? - შეჰყვირა ვალენტინამ. არავითარი პასუხი; ვალენტინამ განაგრძო:

    - დღეს არ მინახავხარ; მაშ ჩემზე ვინმემ რაიმე გითხრა?

    - დიახ, - უპასუხა სწრაფად მოხუცის მზერამ.

    - ვეცდები როგორმე მივხვდე, რაშია საქმე, ღმერთო ჩემო, გეფიცები ბაბუა... ჰო!.. აი რა! ბატონი დე ვილფორი და მისი მეუღლე ეს-ეს არის თქვენგან გამოვიდნენ, არა?

    - დიახ.

    - და მათ გითხრეს ის ამბავი, რომელმაც ასე გაგაბრაზათ? რა უნდა იყოს? გინდა მათ ვკითხავ, რათა პატიების თხოვნა შევძლო?

    - არა, არა, - უპასუხა მოხუცმა.

    - შენ მე მაშინებ! რა უნდა ეთქვათ!

    ქალიშვილი ჩაფიქრდა.

    - ჰო, მივხვდი, - თქვა მან ხმის დაწევით და მოხუცს მიუახლოვდა, - შეიძლება ისინი ჩემ გათხოვებაზე ლაპარაკობდნენ.

    - დიახ, - უპასუხა მრისხანე გამოხედვამ.

    - მესმის; შენ ბრაზობ, რომ აქამდე ჩუმად ვიყავი. მაგრამ იცი რა, მათ სასტიკად ამიკრძალეს შენთან ამაზე ლაპარაკი; მეც არაფერს მეუბნებოდნენ, და სრულიად შემთხვევით გავიგე ეს საიდუმლოება. აი, ამიტომ არ ვიყავი გულახდილი შენთან. მომიტევე, ბაბუა.

    ისევ უძრავი და უგრძნობი მზერა, თითქოს ეუბნებოდა: „მე მარტო შენი სიჩუმე კი არ მაღონებსო".

    - მაშ რაშია საქმე? - ჰკითხა ქალიშვილმა; - შენ გგონია, ჩემო კეთილო ბაბუა, რაკი გავთხოვდები, დამავიწყდები და დაგტოვებ?

    - არა, - უპასუხა მოხუცმა.

    - მაშ გითხრეს, რომ ბატონი დ‘ეპინე თანახმაა ერთად ვიცხოვროთ?

    - დიახ.

    - მაშ რატომ ბრაზობ?

    მოხუცის თვალებმა უსაზღვრო სინაზე გამოხატეს.

    - დიახ, მესმის, - თქვა ვალენტინამ, - იმიტომ, რომ გიყვარვარ.

    მოხუცმა ანიშნა, რომ მართალი ხარო.

    - და შენ გეშინია, უბედური არ ვიყო?

    - დიახ.

    - შენ არ გიყვარს ფრანცი?

    თვალებმა რამდენჯერმე გაიმეორეს:

    - არა, არა, არა.

    - მაშ შენ ძალიან გიმძიმს, ბაბუა?

    - დიახ.

    - ჰოდა, კარგი, მისმინე, - უთხრა ვალენტინამ. ნუარტიეს წინ დაიჩოქა და კისერზე ხელები მოხვია, - მეც ძალიან მიმძიმს, იმიტომ რომ არც მე მიყვარს ფრანც დ‘ეპინე.

    ბაბუას თვალებში სიხარულის სხივებმა იელვეს.

    - გახსოვს როგორ გამიბრაზდი, როცა მონასტერში წასვლა დავაპირე?

    მოხუცის გამშრალი ქუთუთოები ცრემლმა დანამა.

    - ჰოდა აი, - განაგრძო ვალენტინამ, - ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ თავიდან ამეცდინა ქორწინება, რომელსაც სასოწარკვეთილებამდე მივყავარ.

    ნუარტიეს სუნთქვა გაუძნელდა.

    - მაშ ეს ქორწინება დიდ მწუხარებას გაყენებთ, ბაბუა? ღმერთო ჩემო, შენ ჩემი დახმარება რომ შეგეძლოს, ჩვენ ორივეს მათი გეგმების ჩაშლა რომ შეგვეძლოს! მაგრამ ნათელი გონებისა და ძლიერი ნებისყოფის მიუხედავად, უძლური ხარ მათთან შედარებით და როდესაც საქმე ეხება ბრძოლას, შენც ისეთივე სუსტი ხარ, როგორც მე, ის კი არა, კიდევ უფრო სუსტი. როდესაც ძლიერი და ჯანმრთელი იყავი, შეგეძლო ჩემი დაცვა, მაგრამ ახლა მხოლოდ თუ გამიგებ და ჩემს მწუხარებასა და სიხარულს გაიზიარებ. ეს უკანასკნელი ბედნიერებაა, რომლის წართმევა ღმერთს დაავიწყდა.

    ამ სიტყვებზე ნუარტიეს თვალებში ისეთი დიდი ეშმაკობა გამოიხატა, რომ ქალიშვილმა იფიქრა, ალბათ უნდა მითხრას:

    - შენ ცდები, მე ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია შენთვის.

    - შენ შეგიძლია რითიმე დამეხმარო, ძვირფასო ბაბუა? - ვალენტინამ სიტყვებით გამოხატა მისი აზრი.

    - დიახ.

    ნუარტიემ თვალები ზეცას აღაპყრო. ეს, მათი შეთანხმების თანახმად, მოხუცის სურვილს გამოხატავდა.

    - რა გინდა, ძვირფასო ბაბუა? ვეცდები გაგიგო.

    ვალენტინა, როგორც კი რაიმე აზრი დაებადებოდა, მაშინვე ხმამაღლა ამბობდა; მაგრამ მოხუცი ყველაფერზე უარით პასუხობდა.

    - კარგი, - უთხრა მან, - რაკი ასეთი მიუხვედრელი ვარ, უკანასკნელ ზომას მივმართოთ.

    და ქალიშვილმა დაიწყო ალფაბეტის ჩამოთვლა ანიდან ნარამდე, თან ღიმილით თვალს არ აშორებდა დამბლადაცემულს. ნარზე ნუარტიემ თანხმობის ნიშანი მისცა.

    - ჰო, მაშ ის სიტყვა ნარით იწყება; მაშ საქმე ნართან გვაქვს. კარგი, რა გვინდა ამ ნარისაგან? ნა, ნე, ნი, ნო.

    - დიახ. დიახ. - თქვა მოხუცმა.

    - ჰო! ეს ნო?

    - დიახ.

    ვალენტინამ ლექსიკონი მოიტანა, ნუარტიეს მერხზე დაუდო და გადაუშალა; როდესაც დაინახა, რომ მოხუცის თვალები ფურცელზე შეჩერდა, მისი თითი სწრაფად სვეტებში ხან ზევით და ხან ქვევით ასრიალდა.

    ექვსი წლის მანძილზე, იმ დღიდან, რაც ნუარტიე ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რომელშიც ახლა იმყოფებოდა, ვალენტინამ ადვილად შეისწავლა ეს საქმე, და მოხუცის აზრებს ისე სწრაფად გებულობდა, თითქოს თვით ნუარტიე ეძებდა ლექსიკონში მისთვის საჭირო სიტყვებს.

    სიტყვა ნოტარიუსზე მოხუცმა ანიშნა, გაჩერებულიყო.

    - ნოტარიუსი, შენ გინდა ნოტარიუსი, ბაბუა? - ჰკითხა ქალიშვილმა. ნუარტიემ ანიშნა, რომ ნამდვილად ნოტარიუსი უნდოდა.

    - მაშ ნოტარიუსის მოსაყვანად გავგზავნოთ კაცი? - ჰკითხა ვალენტინამ.

    - დიახ, - ანიშნა მოხუცმა.

    - მამაჩემმა უნდა იცოდეს ამის შესახებ?

    - დიახ.

    - ძალიან გეჩქარება ნოტარიუსის მოყვანა?

    - დიახ.

    - მაშ ახლავე მოვაყვანინებთ. მარტო ეს გსურდა, ძვირფასო ბაბუა?

    - დიახ.

    ვალენტინამ ზართან მიირბინა და მსახური გამოიძახა, რათა ბაბუასთან ბატონი დე ვილფორი ან მისი ცოლი ეხმო.

    - კმაყოფილი ხარ? - ჰკითხა ვალენტინამ; - დიახ... რასაკვირველია, განა ასე ადვილი იყო ამის გამოცნობა!

    და ვალენტინამ ბაბუას ისე გაუღიმა, როგორც ბავშვს გაუღიმებენ ხოლმე. ოთახში შემოვიდა ვილფორი, რომელიც ბარუამ მოიყვანა.

    - რა გნებავთ, ბატონო ჩემო? - ჰკითხა მან დამბლადაცემულს.

    - მამა, ბაბუას ნოტარიუსის ნახვა უნდა.

    ამ უცნაურსა და მოულოდნელ მოთხოვნაზე ბატონმა დე ვილფორმა დამბლადაცემულს თვალი თვალში გაუყარა.

    - დიახ, - უპასუხა მან მტკიცედ, რაც იმას მეტყველებდა, რომ იგი მზად იყო ბრძოლა მიეღო, რაკი ვალენტინას და მოხუცი მსახურის დახმარებით თავისი სურვილის გადაცემა მოახერხა.

    - თქვენ ნოტარიუსის ნახვა გსურთ? - გაიმეორა ვილფორმა.

    - დიახ.

    - რატომ?

    ნუარტიემ არაფერი უპასუხა.

    - რისთვის გჭირდებათ ნოტარიუსი? - ჰკითხა ვილფორმა. დამბლადაცემულის მზერა უძრავი და უტყვი იყო; ეს კი ნიშნავდა: მე ჩემსას მოვითხოვ.

    - რომ რაიმე საწყენი შეგვახვედროთ? - ჰკითხა ვილფორმა. - რად გჭირდებათ?

    - მაგრამ რაკი ჩემი ბატონი ნოტარიუსს თხოულობს, - თქვა ბარუამ ძველი მსახურის სიჯიუტით, - მაშასადამე სჭირდება და მე ნოტარიუსის დასაძახებლად მივდივარ.

    ბარუა, ნუარტიეს გარდა, სხვა ბატონს არ სცნობდა, და დაუშვებლად მიაჩნდა მისი სურვილების წინააღმდეგ წასვლა.

    - დიახ, ნოტარიუსის ნახვა მსურს, - ანიშნა მოხუცმა თვალების დახუჭვით, მაგრამ ისეთი გამომწვევი იერით, რომელიც ამბობდა: „ვნახოთ, გაბედავ ჩემი სურვილი არ შეასრულოო".

    - კარგი, რაკი ასე დაჟინებით მოითხოვთ ნოტარიუსს, მოიყვანენ. მაგრამ მე ბოდიში უნდა მოვიხადო თქვენ და ჩემს მაგივრად, იმიტომ, რომ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩავდგებით.

    - სულ ერთია, - თქვა ბარუამ, - მე მაინც მივდივარ მის მოსაყვანად.

    და მოხუცი მსახური გამარჯვებული გავიდა.

    თავი II. ანდერძი

    როდესაც ბარუა გავიდა, ნუარტიემ ვალენტინას ეშმაკურად და მრავალმნიშვნელოვნად შეხედა. ქალიშვილმა გაიგო ეს შეხედვა, გაიგო იგი ვილფორმაც, რადგან შუბლი მოეღუშა და წარბები შეიკრა.

    ვილფორმა სკამი აიღო, მოხუცის პირდაპირ დაჯდა და ლოდინი დაიწყო. ნუარტიე მას სრულიად გულგრილად უყურებდა, მაგრამ თვალების მოძრაობით ვალენტინას უბრძანა არ შეშფოთებულიყო და ისიც ოთახში დარჩენილიყო. თხუთმეტი წუთის შემდეგ ბარუა ნოტარიუსთან ერთად შემოვიდა.

    - ბატონო, - უთხრა ვილფორმა მისალმების შემდეგ, - თქვენ გამოგიძახათ ბატონმა ნუარტიე დე ვილფორმა, რომელიც აქ გახლავთ; საერთო დამბლამ მას წაართვა მთელი სხეული და ხმა, მხოლოდ ჩვენ ვიგებთ და ისიც დიდი გაჭირვებით ნაწყვეტ-ნაწყვეტად მის აზრებს.

    ნუარტიემ ვალენტინას ისეთი სერიოზული და მბრძანებლური თვალებით შეხედა, რომ ის დაუყოვნებლივ გამოექომაგა:

    - მე, ბატონო, ყველაფერი მესმის, რასაც ბაბუაჩემი ამბობს.

    - ეს ყველაფერი აბსოლუტურად მართალია, როგორც ეს უკვე გზაშიც მოვახსენე ბატონ ნოტარიუსს - დაემოწმა ბარუა.

    - ნება მიბოძეთ გითხრათ, ბატონო, და თქვენც, მადმუაზელ, - მიუბრუნდა იგი დე ვილფორს და ვალენტინას, - რომ ეს ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც თანამდებობის პირს მძიმე პასუხისმგებლობის გარეშე არ შეუძლია მოფიქრებულად იმოქმედოს, რათა აქტი კანონიერად ჩაითვალოს. ნოტარიუსი, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ის ზუსტად გადმოსცემს იმის ნებას, ვინც კარნახობს, მე კი არ შემიძლია დარწმუნებული ვიყო მეტყველების უნარმოკლებული კლიენტის თანხმობაში ან, პირიქით, უთანხმოებაში; და რადგან მისი სასურველი ან არასასურველი საგანი მისი სიმუნჯის გამო ჩემთვის გაუგებარი დარჩება, ჩემი მონაწილეობა სრულიად უშედეგოა და კანონის საწინააღმდეგო იქნებოდა.

    ნოტარიუსს უნდოდა იქაურობას გასცლოდა. მეფის პროკურორს ტუჩებზე გადაუარა გამარჯვების ძნელად შესამჩნევმა ღიმილმა. თავის მხრივ ნუარტიემ ვალენტინას ისეთი ნაღვლიანი გამომეტყველებით შეხედა, რომ ქალმა ნოტარიუსს გზა გადაუღობა.

    - ბატონო ნოტარიუსო, - თქვა მან, - ენა, რომლითაც ბაბუას ველაპარაკები, იმდენად ადვილია, რომ რამდენიმე წუთში შემიძლია ისევე კარგად შეგასწავლოთ, როგორც მე ვიცი. ბრძანეთ, რა არის საჭირო , რომ თქვენი სინდისი სრულიად დამშვიდებული იყოს?

    - ის, რაც საჭიროა ჩვენი აქტის კანონიერებისათვის, მადმუაზელ, - უპასუხა ნოტარიუსმა, - ესე იგი, თანხმობის ან უარყოფის რწმენა. შეიძლება ანდერძის დამწერს სხეული დაავადებული ჰქონდეს, მაგრამ სრულ ჭკუაზე კი უნდა იყოს.

    - ბატონო ნოტარიუსო, ორი ნიშანი დაგარწმუნებთ, რომ ბაბუას გონება არასოდეს ჰქონია ისეთი საღი, როგორც ახლა აქვს. ბატონი ნუარტიე, რომელსაც არც ხმა აქვს და არც მოძრაობა შეუძლია, თანხმობის ნიშნად თვალებს ხუჭავს, ხოლო :არას" სათქმელად თვალებს რამდენჯერმე დაახამხამებს. ამის ცოდნა საკმარისია მასთან გამოსალაპარაკბელად; სცადეთ.

    მზერა, რომელიც მოხუცმა ვალენტინას მიაპყრო, ისეთი სიყვარულისა და მადლიერების გრძნობით იყო სავსე, რომ ნოტარიუსიც კი მიხვდა.

    - ბატონო ჩემო, გაიგონეთ და გაიგეთ ყველაფერი ის, რაც თქვენმა შვილიშვილმა თქვა? - ჰკითხა ნოტარიუსმა.

    ნუარტიემ ნელა დახუჭა ორივე თვალი და ერთი წამის შემდეგ ისევ გააღო.

    - და თქვენ ადასტურებთ მის ნათქვამს? ესე იგი, მის მიერ დასახელებული ნიშნები სწორედ ისაა, რომლის დახმარებით სხვებს თქვენ აზრებს გადასცემთ?

    - დიახ, - უჩვენა კვლავ მოხუცმა.

    - მაშ თქვენ გამომიძახეთ?

    - დიახ.

    - თქვენი ანდერძის შესადგენად?

    - დიახ.

    - და არ გინდათ ამ ანდერძის შეუდგენლად წავიდე?

    დამბლადაცემულმა თვალები სწრაფად და რამდენჯერმე დაახამხამა.

    - აი, ახლა ხომ უკვე გესმით მისი ენა, ბატონო ნოტარიუსო, და თქვენი სინდისიც დამშვიდებული იქნება, - უთხრა ქალიშვილმა.

    მაგრამ სანამ ნოტარიუსი პასუხს გასცემდა, ვილფორმა იგი განზე გაიხმო.

    - ბატონო ჩემო, - უთხრა მან. - ნუთუ თქვენ დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ საშინელი ფიზიკური შერყევა, რომელიც გადაიტანა ნუარტიე დე ვილფორმა, ძლიერად არ იმოქმედებდა მის გონებაზე?

    - მე ეგ ამბავი ისე არ მაშინებს, როგორც ის, თუ როგორი გზით უნდა გავიგოთ მისი აზრები, რათა პასუხები მივიღოთ.

    - თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ეს შეუძლებელია, - უთხრა ვილფორმა.

    ვალენტინა და მოხუცი უსმენდნენ ამ საუბარს. ნუარტიე ვალენტინას ჩააშტერდა; ეს მზერა მოითხოვდა, რომ მას სწრაფად საწინააღმდეგო პასუხი გაეცა.

    - ამაზე ნუ შეწუხდებით, ბატონო ნოტარიუსო, - უთხრა ყმაწვილმა ქალმა, - როგორი ძნელიც უნდა იყოს, ან უფრო სწორად, რაგინდ ძნელად უნდა მოგეჩვენოთ ბაბუას აზრის გაგება, მე თქვენ მას ისე აგიხსნით, რომ არავითარი ეჭვი არ დაგრჩებათ. აი, უკვე ექვსი წელია, რაც ბატონ ნუარტიეს ახლოს ვარ, დაე თვითონ თქვას, ამ ხნის განმავლობაში ერთი შემთხვევა მაინც თუ იყო, რომ რომელიმე სურვილი გულში დარჩენოდეს, იმის გამო, რომ ვერ გავიგე?

    - არა, - ანიშნა ნუარტიემ.

    - მაშ, ვსინჯოთ, - თქვა ნოტარიუსმა; - თანახმა ხართ, მადმუაზელ დე ვილფორი თქვენი მთარგმნელი იყოს?

    დამბლადაცემულმა ანიშნა, - თანახმა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1