Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

საბრალონი (ნაწილი V)
საბრალონი (ნაწილი V)
საბრალონი (ნაწილი V)
Ebook792 pages4 hours

საბრალონი (ნაწილი V)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"საბრალონი" - ესაა საფრანგეთის ისტორია, მოთხრობილი მის მთავარ გმირთა პირადი ცხოვრებით. რომანის მოქმედება მიმდინარეობს ვატერლოოს ბრძოლასა (1815) და 1832 წლის ივნისის მოვლენებს შორის. ხუთ ტომში მოთხრობილია ჟან ვალჟანის ცხოვრება, ციხიდან მისი გაქცევიდან სიკვდილამდე. მის გარშემო შემოკრებილან პერსონაჟები, რომელთა ნაწილი წიგნის სხვადასხვა ტომებს აძლევს სახელს, ამ საუკუნის საბრალონი, უბედურები და ტანჯულნი: ფანტინი, კოზეტა, მარიუსი, ისევე, როგორც ტენტარდიეს ოჯახი, და ასევე კანონის წარმომადგენელი ჟავერი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 11, 2021
საბრალონი (ნაწილი V)

Read more from ვიქტორ ჰიუგო

Related to საბრალონი (ნაწილი V)

Related ebooks

Reviews for საბრალონი (ნაწილი V)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    საბრალონი (ნაწილი V) - ვიქტორ ჰიუგო

    სარჩევი

    ნაწილი მეხუთე. ჟან ვალჟანი

    წიგნი პირველი. ბრძოლა ოთხ კედელშუა

    თავი პირველი. სენტ-ანტუანის უბნის ქარიბდა და ტამპლის უბნის სცილა

    თავი მეორე. ბაასით მაინც გაერთოს, ვინც უფსკრულში ჩავარდნილა

    თავი მესამე. გამოდარება და მოქურუხება

    თავი მეოთხე. ხუთით ნაკლები და ერთით მეტი

    თავი მეხუთე. რა ჰორიზონტი იშლება ბარიკადის სიმაღლიდან

    თავი მეექვსე. დაღვრემილი მარიუსი და სიტყვაუხვი ჟავერი

    თავი მეშვიდე. მდგომარეობა მწვავდება

    თავი მერვე. არტილერისტები არ ხუმრობენ

    თავი მეცხრე. კარგი სროლა, რამაც გავლენა იქონია 1796 წელს გამოტანილ განაჩენზე

    თავი მეათე. განთიადი

    თავი მეთერთმეტე. ტყვია, რომელიც მიზანს არ ასცდება და ადამიანს კი არ მოკლავს

    თავი მეთორმეტე. უწესრიგობა წესრიგის სამსახურში

    თავი მეცამეტე. სწრაფმავალი სინათლე

    თავი მეთოთხმეტე. აქა სახელი ანჟოლრასის საყვარლისა

    თავი მეთხუთმეტე. გავროში ბარიკადის წინ

    თავი მეთექვსმეტე. როგორ გახდა ძმა მამა

    თავი მეჩვიდმეტე. MORTUUS PATER FILIUM MORITURUM EXPECTAT

    თავი მეთვრამეტე. ნადავლად ქცეული ქორი

    თავი მეცხრამეტე. ჟან ვალჟანის შურისძიება

    თავი მეოცე. მართალ არიან მკვდარნი და არც ცოცხალნი ტყუიან

    თავი ოცდამეერთე. გმირები

    თავი ოცდამეორე. ფეხდაფეხ

    თავი ოცდამესამე. მშიერი ორესტე და მთვრალი პილატე

    თავი ოცდამეოთხე. ტყვედქმნილი

    წიგნი მეორე. ლევიათანის სტომაქი

    თავი პირველი. ზღვისგან გაღატაკებული მიწა

    თავი მეორე. მიწისქვეშა ქალაქის ძველი ისტორია

    თავი მესამე. ბრიუნზო

    თავი მეოთხე. აქამდე უცნობი წვრილმანები

    თავი მეხუთე. თანამედროვე პროგრესი

    თავი მეექვსე. მომავალი პროგრესი

    წიგნი მესამე. წუმპეა, მაგრამ სულით ძლეული

    თავი პირველი. კლოაკა და მისი მოულოდნელობანი

    თავი მეორე. განმარტება

    თავი მესამე. დევნილი

    თავი მეოთხე. ისიც ეწევა თავის უღელს

    თავი მეხუთე. ქვიშა ქალივით ცბიერია, რამდენადაც მიმზიდველია, იმდენად საშიში

    თავი მეექვსე. FONTIS

    თავი მეშვიდე. იმედგაცრუება სამშვიდობოს გასვლისას

    თავი მერვე. მოგლეჯილი კალთა

    თავი მეცხრე. ამ საქმის მცოდნეს მარიუსი მკვდარი ჰგონია

    თავი მეათე. დაბრუნება უძღები შვილისა, სიცოცხლე რომ გაუფლანგავს

    თავი მეთერთმეტე. ურყევის რყევა

    თავი მეთორმეტე. წინაპარი

    წიგნი მეოთხე. ჟავერს გზა აერია

    წიგნი მეხუთე. ბაბუა და შვილიშვილი

    თავი პირველი. დაავადებული წაბლი

    თავი მეორე. სამოქალაქო ომის შემდეგ მარიუსი ომს შინ აპირებს

    თავი მესამე. მარიუსი იერიშზე გადადის

    თავი მეოთხე. ქალბატონ ჟილნორმანს საძრახისად აღარ მიაჩნია ბატონი ფოშლევანის მიღება თუნდაც რამე ეჭიროს ხელში

    თავი მეხუთე. სჯობს, ტყეში ჩამარხოთ ფული, ვიდრე ნოტარიუსს მიაბაროთ

    თავი მეექვსე. ორი მოხუცი, ორივე თავისებურად ცდილობს, კოზეტი ბედნიერი იყოს

    თავი მეშვიდე. ავი სიზმრების ჩარევა ბედნიერებაში

    თავი მერვე. ორი კაცი, რომელთა პოვნა შეუძლებელია

    წიგნი მეექვსე. უძილო ღამე

    თავი პირველი. 1833 წლის 16 თებერვალი

    თავი მეორე. ჟან ვალჟანს ხელი ისევ შეხვეული აქვს

    თავი მესამე. განუშორებელი

    თავი მეოთხე. „IMMORTALE JECUR"

    წიგნი მეშვიდე. უკანასკნელი წვეთი სიმწარისა

    თავი პირველი. მეშვიდე წრე და მერვე ზეცა

    თავი მეორე. წყვდიადი, რომელიც შესაძლებელია გამოცხადებას შეიცავდეს

    წიგნი მერვე. დაღამება

    თავი პირველი. ქვემო ოთახი

    თავი მეორე. კიდევ უკან რამდენიმე ნაბიჯით

    თავი მესამე. პლუმეს ქუჩის ბაღიც არ დავიწყებიათ

    თავი მეოთხე. მიზიდვა და განზიდვა

    წიგნი მეცხრე. სრული წყვდიადი და წმინდა განთიადი

    თავი პირველი. შეიბრალეთ უბედურნი, შეიწყნარეთ ბედნიერნი

    თავი მეორე. ნავთჩამწვარი ლამპრის უკანასკნელი ბჟუტვა

    თავი მესამე. კალამი ემძიმება ფოშლევანის ტვირთის ამწევს

    თავი მეოთხე. ერთი ბოთლი მელანი, რომელიც მხოლოდ ათეთრებს

    თავი მეხუთე. ღამე, რომლის უკან უკვე დღე ბრწყინავს

    თავი მეექვსე. ბალახი ფარავს და წვიმა შლის

    ნაწილი მეხუთე. ჟან ვალჟანი

    წიგნი პირველი. ბრძოლა ოთხ კედელშუა

    თავი პირველი. სენტ-ანტუანის უბნის ქარიბდა და ტამპლის უბნის სცილა

    არსებობდა ორი შედარებით მნიშვნელოვანი ბარიკადი, ღირსშესანიშნავი სოციალური ძვრების შემსწავლელთათვის, ოღონდ ეს ორი ბარიკადი არ ეკუთვნის ამ თხზულებაში აღწერილ დროს. ეს ორი ბარიკადი, ორივე თავისებური სიმბოლო იმ მრისხანე ეპოქისა, 1848 წლის ივნისის საბედისწერო აჯანყების დღეებში ააგეს, როდესაც ისეთი დიდი ბრძოლა მძვინვარებდა ქუჩაში, რის მსგავსიც არ ახსოვდა ისტორიას.

    მოხდება ხოლმე, ხანდახან, ისე გაუჭირდება ბრბოს თავისი წყვდიადის, სასოწარკვეთილების, უვიცობის, უსახსრობის, ავადმყოფობის, განწირულების საშინელი წუმპის სიღრმეში, რომ აღარც პრინციპები ახსოვს, აღარც თავისუფლება, აღარც ძმობა და თანასწორობა, არც კენჭისყრის უფლება, აღარც ხალხის მიერ მთავრობის ამორჩევა და პროტესტს აცხადებს, - ეს ბრბო ებრძვის ხალხს.

    უპოვარი ებრძვის საზოგადოებრივ უფლებას, ოქლოკრატია აჯანყებით მიიწევს დემოსზე.

    სავალალოა ეს ჟამი, რადგან ამ გაგიჟებაში ყოველთვის მოიპოვება უფლების ნიშანწყალი; თვითმკვლელობას მოასწავებს ეს დუელი და ვითომ შეურაცხმყოფელი სიტყვები, - მაწანწალები, ნაძირალები, ბრბო, ოქლოკრატია, - ჩვენდა სამწუხაროდ, ბრალს სდებენ მათ, ვინც მეფობს და არა მათ, ვინც იტანჯება. ბრალს სდებენ უპირატესობით აღჭურვილთ და არა ბედისაგან დაჩაგრულთ.

    პირადად ჩვენ არასოდეს წარმოგვითქვამს ეს სიტყვები მათდამი სიბრალულის გრძნობისა და პატივისცემის გარეშე, რადგან ფილოსოფია რომ ჩაუღრმავდება ამ სიტყვების გამომწვევ გარემოებებს, განწირულებასთან ერთად დიადსაც პოვებს. ათენი ოქლოკრატია იყო. გეზებმა შექმნეს ჰოლანდია. რამდენჯერმე გადაარჩინა ბრბომ რომი განსაცდელს. „ნაძირალები" გაჰყვნენ იესო ქრისტეს.

    არ არის მოაზროვნე, რომელიც ხანდახან მაინც არ ჩაუღრმავდება ამ საზოგადოებრივი ლექის სიდიადეს.

    ეჭვი არ არის, ალბათ, ამ ბრბოზე, ყველა ამ მშიერ-შიშველზე, მაწანწალაზე, ყველა ამ საბრალოზე, რომელთაგან იშვნენ წინასწარმეტყველნი და წამებულნი, თქვა წმინდა იერონიმემ ეს იდუმალი ფრაზა: Fex urbis, lex orbis.

    მძვინვარება ამ ტანჯული ბრბოსი, რომელიც სისხლისგან იცლება, უაზრო ბრძოლა თავისივე პრინციპებთან, გზა, არჩეული უფლებასთან საბრძოლველად, ყოველივე ეს ეწინააღმდეგება ხალხს და უნდა მოისპოს. პატიოსანი კაცი ცდილობს ამის მოსპობას. სწორედ ამ ბრბოს სიყვარულით და სიბრალულით ებრძვის აჯანყებას. მაგრამ მის ჩასაქრობად ამხედრებულიც კარგად გრძნობს მის შემწყნარებლობას, წინააღმდეგია და თაყვანს სცემს მის სასოწარკვეთილებას. აქ არის ერთი იმ იშვიათ წუთთაგანი, როდესაც ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ გულს უღრღნის გრძნობა, რომ არც ისე დამნაშავეა განწირული ბრბო, მაინც თავისას არ იშლის კაცი, რადგან საჭიროა მისი დახმარება; მაშინ დაღვრემილია სინდისი და გული უწუხს მოვალეობის ამსრულებელს.

    1848 წლის ივნისი, - საჭიროა აღვნიშნოთ ეს გარემოება, ერთგვარად განსაკუთრებული იყო. იმდენად თავისებური, რომ თითქმის შეუძლებელია ისტორიაში შესაფერი ადგილი მივაკუთვნოთ. რა იყო თავისი შინაარსით 1848 წლის ივნისის აჯანყება? აჯანყება ხალხისა თავისივე წინააღმდეგ.

    როდესაც მოთხრობის მთავარი შინაარსი დავიწყებული არ არის, გადახვევაც შესაწყნარებელია. მაშ, ნება გვიბოძოს მკითხველმა, ერთ წამს შევაჩეროთ მისი ყურადღება ორ სრულიად უბადლო ბარიკადზე, რომლებიც ეს არის მოვიხსენიეთ, რადგან ეს ბარიკადები ახასიათებს ამ აჯანყებას.

    ერთი სენტ-ანტუანის გარეუბნის საგუშაგოსთან იყო აგებული, მეორე - ტამპლის უბნის დასაცავად. ვინც თავისი თვალით ნახა ივნისის მოკრიალებული ლურჯი ცის ქვეშ ეს ორი სამოქალაქო ომის შიშის მომგვრელი შედევრი, არასოდეს დაავიწყდება.

    უზარმაზარი იყო სენტ-ანტუანის ბარიკადი. სიმაღლით სამი სართულისა და სიგანით 227 მეტრი. სენტ-ანტუანის განიერ შესასვლელს, ესე იგი, სამ ქუჩას, ერთი კუთხიდან მეორემდე ღობავდა. გადათხრილი, დანაკუწებული, დასერილი, დაკბილული, გარშემორტყმული სხვადასხვაგვარი მასალის ხროვით, ახლა სიმაგრეებად ქცეულიყო. აქა-იქ წინ წამოწეული შვერილებით, მჭიდროდ იყო მიყრდნობილი ორ დიდ გამოშვერილ მაგარ შენობას; ციკლოპის სიმაგრესავით ამართულიყო იმ უბნის შიშის მომგვრელ მოედანზე, რომელსაც 14 ივნისი გადაეტანა. ამ მთავარი ბარიკადის უკან დაშვებულიყო კიდევ ცხრამეტი ბარიკადი ქუჩების სიღრმეში. საკმარისი იყო, ადამიანს დაენახა უზარმაზარი ბარიკადი, რომ მაშინვე იგრძნობდა ამ უბნის უსაზღვრო ტანჯვა-ვაებას, რომელსაც ამ უკიდურეს წერტილამდე მიეღწია, სადაც განწირულება კატასტროფისკენ მიიწევს. რისგან იყო ეს ბარიკადი აგებული? სამი შვიდსართულიანი სახლის მასალა დაეხვავებინათ; ზოგი ამბობდა, განზრახ დაანგრიეს ეს სახლები, რომ მასალა ჰქონოდათ ბარიკადებისთვისო, ზოგი კიდევ, ხალხის მძვინვარების სასწაულიაო. სავალალო სანახავი იყო ყოველი შენობა, აგებული მძულვარების მიერ: ნანგრევი. შეიძლებოდა გეკითხათ, ვისი აშენებულიაო? - მაგრამ შეიძლებოდა სხვაფრივადაც გეკითხათ, ვინ დაანგრიაო? ეს იყო გაშმაგებული დუღილის იმპროვიზაცია. უცნაური სანახავი იყო ეს კარი, ეს მოაჯირი, ეს ჩარდახი, დარაბები, ეს გატეხილი ტაფა, ეს გამსკდარი ქვაბი. მოიტანეთ! აბა, ჩქარა! ყველაფერს გამოვიყენებთ, გადმოყარეთ, რაც კი დაინახოთ, წინ წამოსწიეთ, გამოაგორეთ, ამოთხარეთ, დაშალეთ, დააზიანეთ, დაანგრიეთ ყველაფერი! - ეს იყო შეთანხმებული თანამშრომლობა ქვაფენილისა, რიყის ქვისა, ხე-ტყისა, რკინის ძელისა, ჩვრებისა, ფილაქნისა, ჩალაჩაგლეჯილი სკამისა, კომბოსტოს ხვიტისა, ნაკუწელისა, დაგლეჯილ-დაფხრეწილი ტანისამოსისა და წყევლა-კრულვისა; დიადი რამ იყო და თან კნინი, უფსკრული იყო პაროდიულად წარმოდგენილი ამ ქაოსურ მოედანზე. ზვინი იყო და ატომი; დანგრეული კედლის დიდი ნაჭერი და გატეხილი ჯამი. ძმობა იყო მუქარით სავსე ყოველნაირი ნამსხვრევისა. სიზიფეს აქ დაეგდო თავისი კლდე და იობს კი - თავისი ჯამი. საერთოდ კი საშინელება იყო. ეს გახლდათ ციხესიმაგრე ფეხშიშველებისა. გადაბრუნებული ეტლები ჩაეყარათ ბარიკადის ქვაფენილში; ერთი უშველებელი ფორანი გაედოთ განივად, ღერძით ცისკენ აშვერილი და ჭრილობასავით მოჩანდა ბარიკადის ამ არეულ-დარეულ სახეზე; ომნიბუსს, მოთავსებულს მთელი ნაგებობების ზემოთ, მაღლა აეშვირა ხელნები, ვითომ უხილავ ჰაეროვან რაშებს ელოდებაო, თითქოს ამ ბარიკადის მშენებელს სურვილი ჰქონდა, საშინელებისთვის ბავშვური ცელქობაც დაემატებინა. ეს უზარმაზარი ხროვა, ნალექი აჯანყებისა, მოგაგონებდათ პელიონის მთის მწვერვალზე ოსას მთის დადგმას, რაც ყოველ რევოლუციას თან ახლდა; ოთხმოცდაცხრას ოთხმოცდაცამეტი მოჰყვა, 10 აგვისტოს - 9 თერმიდორი; 21 იანვარს 11 ბრიუმერი მოჰყვა, პრერიალს - ვენდემიერი და 1830 წელს კი 1848 წელი. ადგილიც კარგად იყო ამორჩეული და ბარიკადი ღირსი იყო, სწორედ იქ აეგოთ, სადაც მიწასთან გაასწორა ხალხმა ბასტილიის ციხე. ოკეანე რომ სიმაგრეებს იკეთებდეს, სწორედ ამ ბარიკადის მსგავსს აიშენებდა. უფორმოდ აგებულ კაშხალზე აღბეჭდილიყო ზვირთცემის მძვინვარება. რა ზვირთისა? ადამიანთა ბრბოსი. იტყოდით, განწირულთა ვაი-ვაგლახი გაქვავებულა ამ ქვაყრილშიო. ისმოდა ბარიკადებზე, როგორ ზუზუნებდნენ, როგორც სკაში, ბობოქარი პროგრესის ვეებერთელა ფუტკრები. საფრად იყო აგებული ეს ბარიკადი, საქეიფოდ თუ სიმაგრედ? შეშლილის ნაშენს ჰგავდა, საჩქაროდ, დაუდევრად აღმართულს. ბევრი რამ ჰქონდა კლოაკისა ამ სიმაგრეს და აგრეთვე ბევრი რამ ოლიმპიური ამ აურზაურს. სასოწარკვეთილებით აღსავსე ამ არეულ-დარეულობაში მოჩანდა სახურავების კოჭები, მანსარდების შპალერგაკრული კუთხეები, ფანჯრის ჩარჩოები შუშებით, ბუხრის ნაწილები, განჯინები, მაგიდები, სკამები და მრავალი საცოდავი კუთვნილება მშიერ-მწყურვალისა, მათხოვრისა, რომელშიც ერთად მოთავსებულიყო გაცოფება და არარაობა. იტყოდით, ეს სახლი ნაგავია, ნაგავი ხისა, რკინის, ბრინჯაოსი, ქვისაო; ეტყობა, დიდი ცოცხი წაჰკრა სენტ-ანტუანის უბანმა ამ ნაგავს და თავისი გაჭირვების ბარიკადი ააგო. ბოძიც იქ იყო, ამ ქვაყრილში, კუნძიც, დაწყვეტილი ჯაჭვიც, სახრჩობელასმაგვარი ძელებიც, მაღლა აშვერილი ჩარხებიც და ისე მოჩანდა ყველაფერი ამ ანარქიულ გროვაში, რომ ხალხის ტანჯვის, წვალების სურათად ხდიდა მას. სენტ-ანტუანის ბარიკადი თავის გასამაგრებლად და იარაღად ხმარობდა ყველაფერს, რაც სამოქალაქო ომს შეეძლო გამოეყენებინა საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ბრძოლა კი არა, პაროქსიზმი იყო. შეიარაღებული მუშები იდგნენ ბარიკადის თავზე და ტყვიასთან ერთად ისროდნენ ფაიფურის ნამსხვრევებს, ძვლებს, ტანისამოსის ღილებსა და მაგიდების ლითონის თვლებს, მეტად საშინელს, რადგან შიგ სპილენძიც ურევია. თოფი, ვისაც რა შეხვდებოდა, ზოგს ძველი, მოკლელულიანი, პირგანიერი ესპინგოლი ეჭირა. გაცოფებული იყო ეს ბარიკადი და საზარელი ყვირილით ებრძოდა ჯარს. რომ გაებრაზებინა და უფრო ახლოს მიეზიდა ჯარი, ლანძღვა-გინებას, აბუჩად აგდებას მოჰყვებოდა და როდესაც კი დაიძვრებოდა ჯარი, ბარიკადის თავზე უცბად გაიშლებოდა შეიარაღებული ბრბო და თოფის სროლა; ნარეკლად გადაიქცეოდა ბარიკადი და ეკლის მაგივრად თოფი, ხმალი, კეტი, შუბი, ხიშტი ჰქონდა, თავს კი განიერი წითელი დროშა დაჰფრიალებდა. ისმოდა უფროსების ბრძანება, იერიშის სიმღერა, დოლის ხმა, დედაკაცების ქვითინი და შიმშილით მომაკვდავთა ჯოჯოხეთური ხარხარი. უზომო იყო ეს ბარიკადი, მაგრამ ცოცხალი და თითქოს დაელექტროებული ცხოველის ბეწვი ყოფილიყოს, ნაპერწკლებს ისროდა და შეუწყვეტლივ ტკაცანი გაჰქონდა. რევოლუციის სუსხი ფარავდა თავისი ღრუბლით ამ მწვერვალს და მგრგვინავ ხმას ხალხისას, რომელიც ამ ბუმბერაზული სანაგვიდან ისმოდა. ეს ღვთის ხმას ჰგავდა. უცნაური დიდებულება იღვრებოდა ამ სანაგვიდან. დიახ, სანაგვე იყო, მაგრამ სინაი.

    უკვე ვთქვით ზემოთ, რევოლუციის სახელით იერიშით მიდიოდა ეს ბრბო. მერე ვისზე? რევოლუციაზე. ეს ბარიკადი, ეს შემთხვევის ნაყოფი, ეს უწესრიგობა, ეს შეუგნებლობა ებრძოდა დამფუძნებელ კრებას, ხალხის ხელისუფლებას, საზოგადო კენჭისყრას, რესპუბლიკას. კარმანიოლი ებრძოდა „მარსელიეზას".

    უაზრო იყო ეს გამოწვევა, მაგრამ გმირული, როგორც ძველი გარეუბანი სახელგანთქმული გმირობით.

    ერთად იბრძოდა მთელი გარეუბანი და მისი სიმაგრე. გარეუბანი თავის ბარიკადებს მიყრდნობოდა და გარეუბანი ბარიკადზე დამყარებულიყო. ბარიკადი წარმოადგენდა ციცაბო კლდეს, რომელზედაც ეხეთქებოდა სახელოვანი აფრიკელი გენერლების სტრატეგიული ხრიკები. დათხრილი იყო ბარიკადი ორმოებით, სავსე იყო ნაცარმიწითა და სხვა მასალით; შიგ ეფლობოდა ყუმბარა, შიგ იხრჩობოდა, იკარგებოდა; ოდნავ თუ დააჩნევდა პატარა ნაპრალს, საცა მაგარს მოხვდებოდა რამეს და შიგ ჩარჩებოდა. ან რა აზრი აქვს ქაოსის მოსასპობად ზარბაზნის სროლას? იდგა ჯარი, ბრძოლაში გამოცდილი, ბრძოლის საშინელების კარგი მცოდნე და ათრთოლებული თვალით შეჰყურებდა ამ მხეცურ სიმაგრეს, გარეული ღორის მსგავსს თავისი აყრილი ჯაგრით და მაღალი მთის მსგავსს ბუმბერაზობით.

    ერთი თხუთმეტი წუთის სავალი გზა იქნებოდა იქიდან ტამპლის ქუჩამდე. ამ ქუჩაზე, შატო-დ’ოს ახლო კუთხეში, წინ რომ წაეწია კაცს დალემანის მაღაზიის წინა მხრიდან ხეივნისკენ, შორს, არხის გაღმა, ბელვილისკენ საფეხურებად მიმავალ ქუჩაზე, შენიშნავდა ერთ უცნაურ კედელს, სამი სართულის სიმაღლისას, რომელიც ქუჩის მარჯვენა მხარის სახლებს აერთებდა მარცხენა მხარის სახლებთან და სრულიად კეტავდა ქუჩაზე გასასვლელ გზას. კედელი რიყის ქვის იყო, სწორი, გლუვი, ციცაბო, კალატოზური წესით აგებული. მართალია, გალესილი არ იყო, მაგრამ ამით მის არქიტექტურულ სიმაგრეს არაფერი აკლდებოდა, როგორც რომაელების შეულესავ კედლებს. სისქეც სიმაღლის შესაფერისი ჰქონდა. ზემო ნაწილი მათემატიკური სისწორით შეეფერებოდა ქვემო ნაწილს. ამ შვეულ კედელში მართობ ხაზზე დატანებული წვრილ-წვრილი ნახვრეტები მოჩანდა, - ეს იყო ერთმანეთისგან თანასწორ მანძილზე განლაგებული სათოფურები. ქუჩაში არავინ მოჩანდა, სადამდეც კი მისწვდებოდა თვალი, კარ-ფანჯარა ყველგან დაკეტილი და ჩაბნელებული იყო. დაკეტილი იყო ქუჩა, ჩიხად გადაქცეული, დამშვიდებულიყო იქაურობა, მიჩუმებული; არავინ ჩანდა, ხმა არავისი ისმოდა, არც ყვირილი, არც ხმაური, სუნთქვაც კი აღარ იყო. აკლდამას ჰგავდა უბანი.

    თვალისმომჭრელ შუქს ჰფენდა ივნისის მზე ამ მიდუმებულ ბარიკადს. როგორც კი დაინახავდა კაცი, ძალიან გულმაგარი ვაჟკაციც რომ ყოფილიყო, მაინც საგონებელში ჩააგდებდა ეს საიდუმლოდ აღმართული მოჩვენება. ბარიკადი საგანგებოდ იყო აგებული, შემოწმებული, სიმეტრიული და საშინელი სამარისებური მყუდროებით. ცოდნაც იყო ჩართული ამ ბარიკადზე და სიბნელეც. ცხადია, ამ ბარიკადის ამშენებელი გეომეტრი უნდა ყოფილიყო ან ჯადოქარი, შეჰყურებდით ამ საოცარ შენობას და ხმას ვეღარ იღებდით.

    ხანდახან ჯარისკაცი, ოფიცერი ან ხალხის წარმომადგენელი გაბედავდა ქუჩის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლას, მაგრამ მაშინვე ბზუილი გაისმოდა, მწვავე, ნელი ბზუილი და შუა ქუჩაზე დაჭრილი ან მკვდარი დაეცემოდა კაცი. თუ გადარჩებოდა ტყვიას, გიჟივით გარბოდა, რომ ან ბოძს ამოჰფარებოდა, ან კედლის კუთხეს, ან ალაყაფის კარს. ხანდახან ყუმბარაც გამოდიოდა ამ ბარიკადიდან. რკინის მილები ეშოვათ ბარიკადელებს და ამაოდ არ ხარჯავდნენ. თუ გაისროდნენ, მიზანს არ ააცდენდნენ. ქუჩაში აქა-იქ მკვდრები ეყარა; სისხლის გუბე აწითლებდა ქუჩას. თვალწინ მიდგას ერთი თეთრი პეპელა, რომელიც დაფრინავდა ბარიკადის წინ. ზაფხული თავისას არ იშლიდა.

    ალაყაფის კარის ძირში დაჭრილები ეყარნენ. მკვდარს ჰგავდა ბარიკადი და მაინც კარგად გრძნობდით, რომ გიმიზნებდნენ საიდანღაც თოფს; მაგრამ ვინ, საიდან? ამას კი ვერ ხედავდით. და მარტო თქვენ კი არა, მთელი ქუჩა, მისი სრული სიგრძე-სიგანით მიზანში იყო ამოღებული.

    ტამპლის უბანში შესასვლელ გზაზე, არხზე გადებული ამოზნექილი ხიდის ორივე მხარეს, დაქანებული ფერდობის უკან, მთავრობის ჯარი მოგროვილიყო და შორიდან ზვერავდა ბარიკადს, რომ იერიშზე გადასულიყო. ჩაფიქრებული, დაღვრემილი სახე ჰქონდათ ჯარისკაცებს. ხედავდნენ, რომ საზარელი რამ იყო ეს სიმაგრე თავისი აგებულებით, იდუმალებით, მიუვალობით; ხედავდნენ, რომ ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, ვინც ამ სიმაგრის ასაღებად თავს გასწირავდა. ზოგი გაბედავდა, გაბობღდებოდა მიწაზე, ხიდის შუა ნაწილამდე აძვრებოდა, მაგრამ მას იქით თავის ქუდსაც ვერ გადააცილებდა.

    მამაცი პოლკოვნიკი მონტემარი გაკვირვებით და თრთოლით შესცქეროდა ამ ბარიკადს.

    - რა მშვენივრად არის აგებული, - უთხრა ხალხის ერთ-ერთ წარმომადგენელს, - ქვას ვერსად იპოვით, რომ ხაზს გამოსცილებოდეს. ფაიფურისას ჰგავს ეს კედელი, - ამ დროს, გულზე რომ ჯვარი ეკიდა, ტყვია მოხვდა, გახვრიტა და პოლკოვნიკი დაეცა. - მხდალები, ლაჩრები, - უყვიროდნენ მათ, - აბა, გამოჩნდით, თუ კარგი ბიჭები ხართ, ვერ ბედავთ, იმალებით!

    ტამპლის უბნის ბარიკადის დამცველი ოთხმოცი კაცი მთავრობის ჯარის ათი ათას კაცს გაუმკლავდა. სამი დღის განმავლობაში ვერაფერი გააწყო ამხელა ჯარმა. მეოთხე დღეს კი იმ საშუალებას მიმართა მთავრობამ, რასაც ზააჩასა და კონსტანტინში: სახლებს ტყვია დაუშინეს, სახურავებზე ავიდნენ და იქიდან დაუწყეს სროლა. აიღეს ბარიკადი. არც ერთმა ოთხმოც „ლაჩართაგანმა" არ მოისურვა გაქცევა. ბრძოლაში დაიხოცნენ ყველანი, გარდა მეთაურ ბარტელემისა, რომელსაც ახლავე გავაცნობთ მკითხველს.

    სენტ-ანტუანის ბარიკადი მეხის გრგვინვა იყო, ტამპლისა კი სრული დუმილი. დიდი განსხვავება იყო ამ ბარიკადებში: ერთი საშიში იყო, მეორე მომაკვდინებელი; ერთი დაღრენილ პირს ჰგავდა, მეორე - ნიღაბს.

    გიგანტური და ბნელით მოცული იყო ივნისის აჯანყება, შემდგარი რისხვისა და რაღაც იდუმალებისგან. ამიტომ სენტ-ანტუანის ბარიკადი გველეშაპს წარმოადგენდა, ტამპლისა - სფინქსს.

    ორმა კაცმა ააშენა ეს ბარიკადი; ერთი კურნე იყო, მეორე კი ბარტელემი. კურნემ სენტ-ანტუანის ბარიკადი ააშენა, ბარტელემიმ - ტამპლისა. ორივე შენობა ნამდვილი ხატება იყო თავისი აღმშენებლებისა.

    ზორბა, ახოვანი, მხარბეჭიანი კაცი იყო კურნე, აწითლებული სახე, მაგარი მუშტი, უშიშარი გული, პატიოსანი სული და გულწრფელი, მაგრამ საშინელი თვალი ჰქონდა. გამბედავი კაცი იყო, ენერგიით აღსავსე, ბრაზიანი, მოჩხუბარი; მეტად ლმობიერი და გულჩვილი მშვიდობიანობის დროს და დაუღალავი, უშიშარი მებრძოლი რევოლუციის დროს. ომი, ხელჩართული ბრძოლა იყო მისი სულისჩამდგმელი ჰაერი და იქ იყო მარტო მოხარული და ბედნიერი. ზღვაოსანი ოფიცერი ყოფილა და იმნაირი მიხრა-მოხრა ჰქონდა და ისეთი ხმა, რომ ცხადად ეტყობოდა, ოკეანიდან იყო გამოსული, ზღვის ღელვითა და ქარიშხლით გაწვრთნილი; და სწორედ ქარიშხალივით შევარდებოდა ხოლმე ბრძოლაში; ნიჭიერებასთან ერთად კურნეს რაღაც ჰქონდა დანტონისა, როგორც დანტონს - ჰერაკლესი.

    ბარტელემი პატარა კაცი იყო, გამხდარი, სუსტი, ფერმკრთალი, ჩუმი, ერთგვარი ტრაგიკული გამენი; ჩვიდმეტი წლისა რომ იყო, სილა შემოჰკრა პოლიციელმა; გზაზე დაიმალა ბიჭი, ელოდა, მანამ გამოივლიდა ის პოლიციელი და მოკლა; კატორღაში გაგზავნეს. იქიდან რომ დაბრუნდა, ეს ბარიკადი ააშენა.

    შემდეგში, - რა არის ბედისწერა, - სამშობლოდან განდევნილნი ლონდონში ცხოვრობდნენ და იქ დუელში ბარტელემიმ მოკლა კურნე. ცოტა ხანში რაღაც საიდუმლო საქმეში გააბეს უბედური, რომელშიც ქალიც უნდა ყოფილიყო გარეული. საფრანგეთში რომ გარჩეულიყო ეს საქმე, მართლმსაჯულება დანაშაულის შესამცირებელი გარემოებითაც მიაქცევდა ყურადღებას; ინგლისურმა მართლმსაჯულებამ კი არად ჩააგდო ეს გარემოებანი და სიკვდილი მიუსაჯა. ბარტელემი ჩამოახრჩვეს.

    ბნელი საზოგადოებრივი წესწყობილების მიზეზით, ქონებრივი გაჭირვების, ზნეობრივი სიბნელის გამო, ასე უაზროდ დაიღუპა ეს უბედური არსება. მიუხედავად იმისა, რომ ჭკუითაც ძლიერი იყო და განვითარებითაც, სხვა დროსა და უკეთეს პირობებში დიდი და სასარგებლო მოღვაწე იქნებოდა, და ჩვენში კი, საფრანგეთში, კატორღით დაიწყო და ინგლისში სახრჩობელაზე დაასრულა სიცოცხლე. თუ საჭიროება მოითხოვდა, დროშას ააფრიალებდა ბარტელემი; ეს დროშა მუდამ შავი იყო.

    თავი მეორე. ბაასით მაინც გაერთოს, ვინც უფსკრულში ჩავარდნილა

    თექვსმეტი წელიწადი არცთუ მცირე დროა აჯანყების მომზადებისთვის და 1848 წლის ივნისში ხალხმა გაცილებით მეტი იცოდა, ვიდრე 1832 წლის ივნისში. ამიტომ იყო, რომ შანვრერის ქუჩის ბარიკადი ჩანასახი იყო იმ უზარმაზარი ბარიკადებისა, რომლებიც ეს არის დავხატეთ, მაგრამ თავის დროისათვის კი საშინელებას წარმოადგენდა.

    ანჟოლრასის მეთაურობით აჯანყებულები მთელი ღამე მუშაობდნენ. მარიუსი კი აღარაფერში მონაწილეობდა. ბარიკადი შეაკეთეს, გარდა ამისა, კარგად გააფართოეს და სამოცდახუთი სანტიმეტრით აამაღლეს, რკინის ბოძები რომ ჰქონდათ, ქვაყრილში ისე გაამაგრეს და დასწიეს, რომ მტრისკენ მიმართულ შუბს დაამსგავსეს. საცა კი მიგდებული და დავიწყებული ნაყარნუყარი მოიპოვებოდა, ყველაფერი ბარიკადთან მიზიდეს და უფრო და უფრო გაამაგრეს ქვაყრილი. ისე მოაგვარეს საქმე, რომ გარედან აბურძგნილი ჯაგრით შემოსეს ბარიკადი, შიგნიდან კი გლუვ კედლად აქციეს. ქვები მიუწყვეს კიბედ და სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა ასვლა.

    ბარიკადის შიდა მხარეც მოაწესრიგეს. რაც მეტი იყო, გაზიდეს დაბალი დარბაზიდან, სამზარეულოში მოათავსეს დაჭრილები, ჭრილობა შეუხვიეს ყველას, მოაგროვეს იატაკსა და მაგიდებზე დაბნეული დენთი, ჩამოასხეს ტყვია, ვაზნები გაიკეთეს, ფილთა მოიმარაგეს, მოაგროვეს და დაარიგეს დაჭრილ-დახოცილთა იარაღი, დაგავეს ბარიკადი, გაიტანეს მკვდრები, - მონდეტურის ვიწრო ქუჩაზე დაასვენეს, რადგან ეს ქუჩა ჯერ მათ ხელში იყო. დაჭრილთა სისხლით მოირწყო ქუჩა და დიდხანს იყო აქაურობა გაწითლებული. მკვდრებში ოთხი კაცი გარეუბნის გვარდიელი იყო და ანჟოლრასის ბრძანებით მკვდრების ფორმის ტანისამოსი ცალკე დაალაგეს.

    ანჟოლრასმა ურჩია ამხანაგებს, ერთი-ორი საათით თვალი მოეტყუებინათ. ანჟოლრასის რჩევა ბრძანება იყო, მაგრამ სულ სამმა თუ ოთხმა კაცმა ისარგებლა ამ რჩევით. ფეიიმ გამოიყენა ეს ორი საათი და „კორინთის" მოპირდაპირე სახლის კედელზე მსხვილი ასოებით ამოჭრა:

    გაუმარჯოს ხალხებს!

    ეს სიტყვები ლურსმნის წვერით ამოეჭრათ ქვის კედელზე და ჯერ კიდევ ცხადად ჩანდა 1848 წელს.

    ქალებმა იმ ღამის მყუდროებით ისარგებლეს და სადღაც მეზობელ სახლს შეაფარეს თავი, მიიმალნენ. აჯანყებულებმა თავისუფლად ამოისუნთქეს.

    დაჭრილთა უმრავლესობას შეეძლო და კიდეც უნდოდა ბრძოლაში მონაწილეობა. საავადმყოფოდ გადაქცეულ სამზარეულოში, ლეიბებსა და თივაზე ხუთი კაცი იწვა მძიმედ დაჭრილი, რომელთაგან ორი ქალაქის გვარდიელი იყო. პირველად ამ გვარდიელებს შეუხვიეს ჭრილობა.

    აღარავინ დარჩა დაბალ დარბაზში, გარდა სუდარის ნაცვლად შავი შალგადაფარებული მაბეფისა და ბოძზე მიკრული ჟავერისა.

    - აქ საცხედრე იქნება, - თქვა ანჟოლრასმა. საცხედრე ერთი სანთლით იყო განათებული და ისიც უკანა მხარეს იდგა, მიცვალებულის განივად დადგმულ, დარბაზის გადამღობ მაგიდაზე, და ფეხზე მდგომი ჟავერისა და მიცვალებული მაბეფის ჩრდილი დიდ ჯვარად ისახებოდა კედელზე.

    რამდენიმე ტყვია მოხვედროდა ომნიბუსის ხელნას, მაგრამ ჯერ საკმაოდ მაგრად იდგა და ისევ მასზე ააფრიალეს დროშა.

    სწორედ მხედართმთავრის თვისება ჰქონდა ანჟოლრასს, უთუოდ უნდა აესრულებინა, რასაც იტყოდა; დროშის გვერდით მოხუცი მაბეფის დასისხლიანებული, ტყვიით გახვრეტილი სერთუკი ჩამოჰკიდა.

    საჭმელი არ გააჩნდათ, არც პური, არც ხორცი. თექვსმეტი საათი იყო „კორინთში" ოთხმოცდაათი კაცი იყო და უკვე შეეჭამათ, რაც იქ სანოვაგე მოიპოვებდა. ყოველ ბარიკადს უთუოდ დაუდგება დრო, როდესაც მედუზის ტივად გადაიქცევა და მის დამცველებს შიმშილის ატანა მოუხდებათ. მალე გათენდებოდა 6 ივნისი, ის დაუვიწყარი დღე, როდესაც სენ-მერის ბარიკადზე ამხანაგები შემოეხვივნენ ჟანს და ყვირილი დაუწყეს, გვშიაო და მანაც მოკლედ უპასუხა:

    - ჭამა რა საჭიროა? ახლა უკვე სამი საათია, ოთხზე კი დავიხოცებით.

    რაკი საჭმელი არ ჰქონდათ, სასმელიც აკრძალა ანჟოლრასმა. ღვინო სრულიად უარყო და არაყსაც ცოტ-ცოტას ანაწილებდა.

    სარდაფში ღვინით სავსე ჰერმეტულად დაცული თხუთმეტიოდე ბოთლი იპოვეს, გასინჯეს ანჟოლრასმა და კომბეფერმა. ზევით რომ ავიდა, კომბეფერმა თქვა:

    - ეს საწყალი უშლუს ძველი მარაგის ღვინოა, ვაჭრობა თავდაპირველად საბაყლო საქონლით დაიწყო.

    - ნამდვილი ღვინო უნდა იყოს, - თქვა ბოსუემ, - კიდევ კარგი, გრანტერს სძინავს, თორემ ძალიან გაგვიჭირდებოდა ბოთლების გადარჩენა.

    მიუხედავად ამხანაგების უკმაყოფილებისა და ბუზღუნისა, ანჟოლრასმა ვეტო დაადო ბოთლებს და რომ არავის ეხლო ხელი და თითქოს წმინდა რამ გამხდარიყო, იმ მაგიდის ქვეშ დააწყობინა, რომელზედაც მაბეფი განისვენებდა.

    ღამის ორი საათი იქნებოდა, ანჟოლრასმა მებრძოლები დაათვალიერა. ოცდაჩვიდმეტი კაცი კიდევ დარჩენილიყო ბარიკადის დასაცავად.

    განთიადი უახლოვდებოდა ქალაქს. ჩირაღდნები ჩააქრეს. ბარიკადი პატარა ეზოს წარმოადგენდა, ქუჩიდან შემოჭრილს, ჩაბნელებულს, გატეხილ გემბანს ჰგავდა ამ სიბნელეში. შავი აჩრდილებივით მიდი-მოდიოდნენ ბარიკადელები. ამ წყვდიადის ბუდეს ზევიდან დასცქეროდნენ კარ-ფანჯარაჩაკეტილი მდუმარე მაღალი სახლები. ამ სახლების სახურავებზე განთიადის სინათლე ემჩნეოდა საკვამლე მილებს. საოცარი ფერი დასდებოდა ზეცას, მომხიბლავი და გამოუთქმელი, არც თეთრი, არც ლურჯი. ჩიტები მხიარულად ჭიკჭიკებდნენ. მაღალ სახლს, რომელიც ბარიკადის ფუძედ გამოეყენებინათ აღმოსავლეთისკენ მიმართული თავისი წინაპრით, სახურავი შევარდისფრებოდა.

    მეორე სართულის სარკმელში დილის ნიავი არხევდა მკვდარი ადამიანის ჭაღარა თმას.

    - კარგია, რომ გააქრეს ჩირაღდანი, - უთხრა კურფეირაკმა ფეიის, - ქარისაგან ისე თრთოდა, თითქოს შეშინებულაო. ჩირაღდნის სინათლე ძალიან ჰგავს ლაჩრის სიბრძნეს: ცუდად ანათებს, იმიტომ, რომ კანკალებს.

    განთიადი ისე აღვიძებს გონებას, როგორც ჩიტს. ერთად იყვნენ ყველანი და ლაპარაკობდნენ.

    ჟოლიმ სახლის სახურავის ღარზე კატა დაინახა და მოჰყვა ფილოსოფოსობას:

    - რა არის კატა? კატა შესწორებაა შექმნის დროს დაშვებული შეცდომისა. ღმერთმა თაგვი შექმნა და წამოიძახა, ეს რა სისულელე მომივიდაო და შეცდომის გამოსასწორებლად კატა გააჩინა. კატა ნაყოფია თაგვისა, ესე იგი, ღვთისა, შეცდომის გამოსასწორებლად. თაგვი და მასთან ერთად კატა კორექტურაა, შესწორებული თვით ქვეყნის შემოქმედის მიერ.

    კომბეფერი, რომელსაც სტუდენტები და მუშები შემოხვეოდნენ, დახოცილებზე ლაპარაკობდნენ, ახსენებდნენ ჟან პრუვერს, ბაორელს, მაბეფს და თვით კაბუკსაც კი. მერე ანჟოლრასის წუხილზე დაიწყო ბაასი:

    - ჰარმოდიუსი და არისტოგიტონი, ბრუტუსი, ქერეასი, სტეფანუსი, კრომველი, შარლოტა კორდე, ზანდი - ყველა წუხდა ჩადენილის გამო. იმდენად სუსტი და მთრთოლარეა ჩვენი გული, იმდენად ღრმა და მიუწვდომელი საიდუმლოებაა ჩვენი სიცოცხლე, რომ თუ კაცი შემოგაკვდება სამოქალაქო ომში ან საკუთარი სახლის დასაცავ ბრძოლაში, სინანულით გევსება გული და ეს სინანული უფრო მწვავე და მძლავრია, ვიდრე სიხარული, კაცობრიობის გათავისუფლებაში მიღებული მონაწილეობისგან აღძრული.

    გაიმართა კამათი, მოიგონეს ჟან პრუვერის ლექსები, ამ ლექსებმა ვერგილიუსის „გეორგიკა და მისი თარგმანები გაახსენათ. კომბეფერი ერთმანეთს ადარებდა: „გეორგიკა კურნანის თარგმანს შეადარა; კურნანის თარგმანები დე ლილისას. მოჰყავდა მალფილატრის თარგმანი, მეტადრე საკვირველი სიკვდილი კეისრისა და კეისრის ხსენებამ ისევ ბრუტუსი მოაგონათ.

    - სრულიად სამართლიანი იყო კეისრის დაცემა, - თქვა კომბეფერმა, - სასტიკი იყო ციცერონი კეისრის მიმართ, მაგრამ სამართლიანი სისასტიკე ლანძღვა არ არის. ზოილე რომ ლანძღავს ჰომეროსს, მევიუსი - ვერგილიუსს, ვიზე - მოლიერს, პოპი - შექსპირს, ფრერონი - ვოლტერს, ისინი შურისა და მძულვარების კანონს ემორჩილებიან. გენიოსს თან სდევს შურით გამოწვეული ლანძღვა-გინება, დიდ კაცს კი ყეფა. მაგრამ ზოილედ ნუ ჩავთვლით ციცერონს. ციცერონი მოსამართლეა, მსაჯული თავისი აზროვნებით, როგორც ბრუტუსია მსაჯული თავისი ხმლით. პირადად მე ვგმობ ამგვარ მსაჯულებას, მსაჯულებას იარაღით; მაგრამ ძველად ამაში გასაკიცხს არაფერს ხედავდნენ. კეისარმა გადალახა რუბიკონი; თავის სახელს არქმევდა იმას, რაც ხალხის მიერ იყო შექმნილი; ფეხზე არ უდგებოდა სენატს; ევტროპიუსის აზრით, ისე იქცეოდა, როგორც მეფე და თითქმის როგორც ტირანი: Regia ac pene tyrannica. დიდი კაცი იყო, მით უკეთესი, ან თუ გნებავთ, მით უარესი; მით უფრო ჭკუის სასწავლებელია გაკვეთილი. მისი ოცდაათი ჭრილობა ისე არ მაღელვებს, როგორც ერთადერთი ფურთხი, რომელიც იესო ქრისტემ მიიღო. კეისარი სენატორებმა განგმირეს ხანჯლებით, იესო ქრისტეს სახეში სცემდნენ მონები. რამდენადაც საზიზღარია შეურაცხყოფა, იმდენად მეტად გრძნობ შეურაცხყოფილის ღვთიურობას.

    ქვის გროვაზე ასულიყო ბოსუე, ხელში თოფი ეჭირა და იქიდან გადმოსძახა:

    - ო, კიდათენე, ო, მირინე, ო, პრობალინთე, ო, მშვენიერო ეანტიდე! ოჰ! ვინ შემაძლებინებს ნეტავ, ისე წარმოვთქვა ჰომეროსის ლექსი, როგორც ლავრიონის ან ედაპტეონის ბერძენი ამბობდა!

    თავი მესამე. გამოდარება და მოქურუხება

    ანჟოლრასი დასაზვერად წასულიყო; მონდეტურის პატარა ქუჩით გასულა და გველივით მისრიალებდა სახლების ძირას.

    აჯანყებულები, - ესეც ვთქვათ, - დიდი იმედით იყვნენ აღფრთოვანებულნი, ვინაიდან კარგად მოიგერიეს ჯარის იერიში ღამით, თითქოს სასაცილოდ მიაჩნდათ დილის მოსალოდნელი შემოტევა. მხიარულად მოელოდნენ გათენებასა და ბრძოლას. როგორც გულწრფელად სწამდათ თავიანთი სიმართლე, ისევე სწამდათ გამარჯვებაც. შეიარაღებული ხალხის დახმარებასაც ელოდნენ. ამაზედაც ამყარებდნენ იმედს. კარგი თვისება აქვს მებრძოლ ფრანგს, ადვილად იცის გათვალისწინება თავისი გამარჯვებისა. ეს იყო მიზეზი, რომ ბარიკადის დამცველებს სამ ნაწილად დაეყოთ ხვალინდელი დღე: დილის ექვს საათზე ერთი რაზმი დაეცემათ და სწორედ ისე მიიღებენ, როგორც ღამე; შუადღისას დაიწყება მთელი პარიზის აჯანყება და მზის ჩასვლისას - რევოლუცია.

    სენ-მერიდან განგაშის ზარი ისმოდა, რომელიც გუშინდელს აქეთ ერთ წამს არ გაჩერებულა; მაშასადამე, მეორე ბარიკადიც, ჟანის დიდი ბარიკადი, ჯერაც მაგრად იყო და არ ნებდებოდა მთავრობის ჯარს.

    ჯგუფიდან ჯგუფში მხიარული ჩურჩულით გადადიოდა ყოველი საიმედო ცნობა და საომრად გამზადებულ ფუტკრის სკის ბზუილს მოგაგონებდათ.

    ანჟოლრასი დაბრუნდა. ორბივით გაისეირნა იმ სიბნელეში, დაზვერა მტერი. ახლა გულხელდაკრეფილი იდგა და ამხანაგების ჩურჩულს ისმენდა. ცოტა ხანს იდგა ასე ყმაწვილი და მწყაზარი, განთიადის შუქით დამშვენებული, მერე ამხანაგებს მიმართა:

    - ფეხზე დგას, რაც პარიზში ჯარია. მისი ერთი მესამედი და გარდა ამისა, ეროვნული გვარდია ჩვენი ბარიკადებისკენ არის მომართული. შორიდანაც კარგად გავარჩიე მეხუთე რაზმის ქუდები, მეექვსე ლეგიონის ბაირაღი. ერთ საათში იერიშით წამოვა ჯარი, რაც შეეხება ხალხს... გუშინ ღელავდა ხალხი და ამ დილას კი აღარ იძვრის. ხალხის იმედი აღარ არის, არც გარეუბანი მოგვეშველება, იქ მხოლოდ ჯარი დგას. მარტოდმარტო ხართ მიტოვებული.

    ისე დაეცა ეს სიტყვა ბარიკადელებს, როგორც დიდი ავდრის პირველი წვეთები საომრად გამოსულ ფუტკრის სკას. მუნჯივით იდგა ყველა. სიტყვით გამოუთქმელი დუმილი ჩამოვარდა წამით, ისე, თითქოს სიკვდილმა გადაუქროლაო.

    მაგრამ ხანგრძლივი არ იყო ეს წამი. სულ უკან, სიბნელეში მიმალული ჯგუფიდან, გამოსძახა ვიღაცამ ანჟოლრასს:

    - ეგრე იყოს! ცოტა კიდევ ავამაღლოთ ჩვენი ბარიკადი, ექვს-ნახევარ მეტრამდე, და ფეხს ნუ მოვიცვლით აქედან. მოქალაქენო, ჩვენი სიკვდილით გამოვაცხადოთ პროტესტი, დავუმტკიცოთ ყველას, რომ შეიძლება ხალხმა უღალატოს რესპუბლიკას, მაგრამ რესპუბლიკელები კი არასოდეს უღალატებენ ხალხს.

    ამ სიტყვამ გაფანტა მწუხარების შავი ღრუბელი, რომელიც დაჰფენოდა მებრძოლთ. აღტაცებული შეძახილით შეხვდა მას ყველა.

    ვერ გაიგეს, ვინ იყო ამ სიტყვის მთქმელი. ხალათიანი, ყველასგან უცნობი მუშა იქნებოდა, თავმდაბალი, უჩინარი; დავიწყებული, შემთხვევის გმირი, დიდებული უცნობი, რომელიც ყოველთვის ჩაერევა ადამიანთა აღშფოთებასა და ბრწყინვალე მომავლის შექმნაში და ყოყმანის დროს ზეადამიანური შთაგონებით იტყვის გადამწყვეტ სიტყვას. იტყვის თავისას და მყისვე გაქრება წყვდიადში. ის ელვაა წამიერი ბნელში გავლილი, ხალხისა და ღვთის წარმომადგენელი.

    ისე იყო 1832 წლის 6 ივნისის ჰაერი გაჟღენთილი ამ გადაწყვეტილებით, რომ თითქმის სწორედ იმავე დროს სენ-მერის ბარიკადიდან გაისმა ისტორიაში დარჩენილი და სასამართლოში სრულ სიმართლედ აღიარებული: „მოგვეშველება ხალხი თუ არ მოგვეშველება, სულერთია ჩვენთვის. აქ ვართ და აქ დავიხოცებით ყველანი!"

    როგორცა ჩანდა, ამ ბარიკადებს, დიდი მანძილით დაშორებულთ, კავშირი ჰქონდა გაბმული ერთმანეთთან.

    თავი მეოთხე. ხუთით ნაკლები და ერთით მეტი

    მას შემდეგ, რაც უცნობმა მუშამ ურჩია ყველას „სიკვდილით გამოეცხადებინათ პროტესტი" და ამით გამოთქვა ის, რაც გულში ედო ყველას, ყვირილი გაისმა, უცნაური, მხიარული და საზარელი, საგლოვი თავისი შინაარსით და გამარჯვებული თავისი კილოთი:

    - გაუმარჯოს სიკვდილს! აქ დავხვდებით ყველანი!

    - ყველანი რად? - ჰკითხა ანჟოლრასმა.

    - ყველანი! ყველანი!

    ანჟოლრასმა განმარტა:

    -

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1