Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ჯადოსნური მთა (წიგნი III)
ჯადოსნური მთა (წიგნი III)
ჯადოსნური მთა (წიგნი III)
Ebook902 pages11 hours

ჯადოსნური მთა (წიგნი III)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამ იდეებით დახუნძლულ რომანში თომას მანი იყენებს სანატორიუმს შვეიცარიის ალპებში, რაც ევროპის მიკროკოსმად აქვს გამოყენებული და რომელიც 1914 წლამდე უკვე ავლენდა ირაციონალობის პირველ ნიშნებს. "ჯადოსნური მთა" - ესაა ერუდიციისა და ირონიის, სექსუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური ხეტიალის მონუმენტური ნაწარმოები, წიგნი, რომლის სიცოცხლის პულსაცია გაისმის სიკვდილის ბატონობისას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
ჯადოსნური მთა (წიგნი III)

Read more from თომას მანი

Related to ჯადოსნური მთა (წიგნი III)

Related ebooks

Reviews for ჯადოსნური მთა (წიგნი III)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ჯადოსნური მთა (წიგნი III) - თომას მანი

    თომას მანი - ჯადოსნური მთა (წიგნი III)

    Thomas Mann - Der Zauberberg (III)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დალი კოკაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი მეექვსე

    თოვლი

    ყოჩაღად და ჯარისკაცურად

    თავი მეშვიდე

    გასეირნება სანაპიროზე

    მინჰერ პეპერკორნი

    VINGT ET UN

    მინჰერ პეპერკორნი (მერე და მერე)

    მინჰერ პეპერკორნი (დასასრული)

    დიდი გამოთაყვანება

    კეთილხმოვანების სიუხვე

    ფრიად საეჭვო რამ

    დიდი ამრეზილობა

    მეხის გავარდნა

    თავი მეექვსე

    თოვლი

    დღეში ხუთჯერ ისმოდა შვიდივე მაგიდაზე წლევანდელი ზამთრის ერთსულოვანი საყვედურები: მაღალმთიანეთი ზამთარზე დაკისრებულ მოვალეობას ცუდად ასრულებსო, იმ მეტეოროლოგიურ სამკურნალო თვისებებს, რასაც ეს მხარე თავის დიდებას უმადლის, იმ დოზით არ გვთავაზობს, როგორც ეს პროექტში წერია, ან როგორც ამას აქ ხანმოთეულები იყვნენ ჩვეულნი, ახალბედებს კი ხატოვნად წარმოდგენილი ჰქონდათო. მნიშვნელოვან გამაჯანსაღებელ ფაქტორს მოკლებულნი ვართ, ურომლისოდაც გამოჯანსაღება ნამდვილად გვიჭიანურდებაო... და რაც უნდა დაეჭვებულიყო ბატონი სეტემბრინი, ბერგჰოფელი ავადმყოფები გულწრფელად არ ცდილობენ მალე გამოჯანსაღდნენ და „სამშობლოდან ბარში მალე დაბრუნდნენო, ერთი რამ ცხადი იყო: ისინი ყველაფერს მოითხოვდნენ, რაც ერგებოდათ, მოითხოვდნენ იმ ხარჯების სრულ ანაზღაურებას, რასაც მათი გულისთვის ეწეოდნენ მათი მშობლები და თანამეცხედრეები და სუფრასთან იქნებოდა ეს, ლიფტსა თუ ვესტიბიულში, გაუთავებლად ბუზღუნებდნენ ხოლმე. თავის მხრივ, დირექცია თავს არ ზოგავდა, რომ მათთვის ზარალი როგორმე აენაზღაურებინა. შეიძინეს „ხელოვნური მთის მზის ახალი აპარატი, რადგან ელექტრომზით გაშავების მსურველებს აქამდე არსებული ორი „მზე" ვეღარ აუდიოდა - ნამზეური ქალებსა და გოგონებს ამშვენიერებდა, მამაკაცთა სამყაროს კი, ცხოვრების ჰორიზონტალური წესის მიუხედავად, სპორტსმენისა და გულთამპყრობლის დიდებულ იერს ანიჭებდა, და ეს იერი თავის ნაყოფსაც იმკიდა: ქალებს მშვენივრად მოეხსენებოდათ, ეს ვაჟკაცური იერი ტექნიკურ-კოსმეტიკური წარმომავლობისა რომ იყო, მაგრამ ჭკუა არ ჰყოფნიდათ, თუ პირიქით, საკმაოდ გამობრძმედილნი იყვნენ და ცრუ გრძნობებს დახარბებულნი, არ ვიცით, მაგრამ ეს კია, რომ ილუზიებით თავს იბრუებდნენ და ქალურ სისუსტეს ნებდებოდნენ ხოლმე.

    - ღმერთო ჩემო, - ეუბნებოდა ფრაუ შონფელდი, ჟღალთმიანი, თვალებჩაწითლებული ბერლინელი ქალი, საღამოს ვესტიბიულში თავის გრძელფეხება, მკერდჩავარდნილ კავალერს, რომელსაც სადარბაზო ბარათზე ეწერა „Aviateur diplômé et Enseigne de la Marine allemande" [გერმანელთა ფლოტის დიპლომიანი ავიატორი და ლეიტენანტი (ფრანგ.).] და ფერდი კი პნევმოთორაქსით ჰქონდა დამშვენებული. სხვათა შორის, ეს კავალერი სადილზე სმოკინგით ცხადდებოდა, საღამოს კი ტანსაცმელს იცვლიდა, აქაოდა, ფლოტში ასეა მიღებულიო, - ღმერთო ჩემო, - ეუბნებოდა ქალი და თვალებით ჭამდა Enseigne-ს ]ლეიტენანტი (ფრანგ.).]

    - რა დიდებულად გაშავებულა ეს ეშმაკი მთის მზეზე! პირდაპირ არწივზე მონადირეს ჰგავს!

    - დამაცა, ქალო! - ლიფტში ზედ მის ყურთან დაიჩურჩულა ლეიტენანტმა და ქალს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, - მაგ თვალების ჟუჟუნს განანებთ, იცოდეთ!

    ჰოდა, ეს ეშმაკი და არწივზე მონადირე აივნებზე, მინის ტიხრებშუა მიძვრებოდა და ქალისკენ მიმავალ გზას მშვენივრად იგნებდა...

    ხელოვნურ მთის მზეს ბევრი აკლდა იქამდე, რომ წლევანდელი დანაკლისი აენაზღაურებინა და ნამდვილი მზის შუქის მაგივრობა გაეწია. თვეში ორი ან სამი ჩახჩახა, მზიანი დღე თუ გამოერეოდა, აი, ისეთი, ქათქათა მწვერვალებს უკან ხავერდივით ჩამუქებული ლაჟვარდი რომ მოჩანდა, თოვლი ალმასივით ციმციმებდა, მზე კი რუხ ნისლსა და ჩამოწოლილ ღრუბლებს ჯაბნიდა, სხივებს დიდებულად აფრქვევდა და ადამიანებს სახესა და კეფაზე აცხუნებდა - კვირების მანძილზე ორი თუ სამი ასეთი დღე სულაც არ კმაროდა იმ ხალხის გუნება-განწყობის გამოსაკეთებლად, ვისთვისაც ბედს თავის დასაშოშმინებლად უჩვეულო პრეტენზიების უფლება მიენიჭებინა, ისინი სულის სიღრმეში დიდ გულზე იყვნენ, ბარის საზოგადოებაში რომ არ ვურევივართ, მის სიხარულსა და ტკივილს მოკლებულნი რომ ვართ, სამაგიეროდ, თუნდაც უსიცოცხლო, მაგრამ იოლი და საამური ცხოვრება უნდა მოგვენიჭოს, იმდენად უზრუნველი და კეთილმოწყობილი, რომ დროის კატეგორია ჩვენთვის აღარ არსებობდესო.

    ამაოდ მოაგონებდა ჰოფრატი თავის მრევლს, რაც უნდა იყოს, ბერგჰოფში ყოფნა კატორღასა და ციმბირის მაღაროებში ყოფნას მაინც არ ნიშნავსო, ახლა აქაურ ჰაერს აღარ იკითხავთ, გაიშვიათებული და მჩატე რომ არის, ლამის კოსმოსურ, დაცლილ ეთერს ჰგავს, მიწიერი, არც კეთილი და არც ბოროტი, შიგ არაფერი ურევია, თუნდაც მზე არ ანათებდეს, ეს ჰაერი ბარის კვამლსა და ოხშივარს მაინც სჯობიაო. უკმაყოფილება და პროტესტი მაინც იზრდებოდა, ბევრი იმუქრებოდა, უნებართვოდ წავალო და მიდიოდა კიდეც, არად დაგიდევდნენ, წინ თვალსაჩინო მაგალითად რომ ედოთ ფრაუ ზალომონის ამასწინანდელი ტრაგიკული დაბრუნება. წინათ ფრაუ ზალომონს, მართალია, ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებოდა, მაგრამ მძიმე ავადმყოფი არ ეთქმოდა, ახლა კი, ნესტიან და ქარიან ამსტერდამში თვითნებურად ყოფნის წყალობით მისი სნეულება განუკურნებელი გამხდარიყო...

    სამაგიეროდ, მზის ნაცვლად იყო თოვლი, თოვლის უზარმაზარი მთები, იმდენი თოვლი, ჰანს კასტორპს თავის სიცოცხლეში რომ არ ენახა. ამ მხრივ თავი არც შარშანდელ ზამთარს შეურცხვენია, მაგრამ ამ დიდთოვლობასთან შედარებით მისი მიღწევები სათვალავში ჩასაგდები არ იყო. ზამთრის უსაზღვრო, არაჩვეულებრივი ძალა ავანტიურიზმისა და ექსცენტრიკულობის გუნებაზე გაყენებდა. თოვდა დღედაღამ, გადაუღებლად თოვდა, ხან მეჩხრად, ხან ბარდნიდა, მაგრამ თოვდა და თოვდა. რამდენიმე გაკვალული ბილიკიც ხეობებს დაემსგავსა, რადგან კაცზე მაღალ კედლებს შორის აღმოჩნდნენ მოქცეულნი, თოვლის ხოშორი ზედაპირი ალებასტრის ფილებს ჰგავდა, საამური სანახავი იყო მისი კრისტალების ციმციმი, და მაღალმთიანეთის სტუმრებიც ზედ ათასგვარ ჭორს, ხუმრობასა და ქარაგმას აჯღაბნიდნენ. ამ მაღალ კედლებს შორისაც რომ მაღალზე იდო თოვლი, ამას ფაშარი თოვლით დაფარულ ადგილებსა და ორმოებზე შეატყობდით, სადაც უეცრად შეიძლებოდა ლამის მუხლამდე ჩაგფლობოდათ ფეხი: მოკლედ, ბილიკზე ფრთხილად უნდა გევლოთ, რომ ფეხი არ მოგტეხოდათ. ძელსკამები აღარსად ჩანდა, თოვლს წაენამქრა. მათი თეთრი საფლავებიდან აქა-იქ ამოჩრილი ზურგებიღა მოჩანდა. ქვევით, კურორტზე, ისე მაღლა აწეულიყო ქუჩის დონე, რომ პირველ სართულზე მოთავსებული მაღაზიები სარდაფებად გადაქცეულიყო და ხალხი ტროტუარიდან ქვემოთ თოვლის საფეხურებით ჩადიოდა.

    თოვლის სქელ საფარველს კვლავ ათოვდა, ათოვდა დღედაღამ, ათ, თხუთმეტგრადუსიან ყინვაში უჩუმრად ცვიოდა თოვლის ფანტელები, მაგრამ ყინვა ძვალ-რბილში არ ატანდა, უქარო ამინდი და მშრალი ჰავა სუსხს ისე არბილებდა, თითქოს ყინვა ორი ან, დიდი-დიდი, ხუთი გრადუსი ყოფილიყო. დილით ძალიან ბნელოდა; მხიარული შაბლონებით მოხატულ თაღებიან დარბაზში ჭაღების შუქზე საუზმობდნენ ხოლმე. გარეთ მრუმე არარაობა მეფობდა, ცრიატ ბამბაში გახვეული სამყარო თითქოს ჩაჭედილიყო თოვლის ნისლსა და ბურუსში და ფანჯრებს გარედან შემოსდგომოდა. მთები აღარ ჩანდა, დროდადრო ოდნავ თუ გამოკრთებოდა უახლოესი წიწვოვანი ტყე, ტოტებდამძიმებული ხეები კვლავ სწრაფად ინთქმებოდნენ ნისლის მორევში, ხანდახან რომელიმე ფიჭვი მხრებიდან ტვირთს თუ ჩამოიბერტყავდა და ნაცრისფერ ბურუსში თეთრი მტვრის კორიანტელს დააყენებდა. ათ საათზე მზე ოდნავ განათებული კვამლის სვეტივით დაადგებოდა მიდამოს თავზე და იქაურობას აჩრდილივით გაცრეცილ სიცოცხლეს შთაბერავდა, გრძნობიერების უსუსურ სხივს მოჰფენდა არარაობამდე სახეშეცვლილ პეიზაჟს. მაგრამ ყველაფერი კვლავინდებურად გათქვეფილი რჩებოდა გაცრიატებულ სინარნარეში, ერთი ხაზი არსად ჩანდა, რომ ადამიანს თვალი გაეყოლებინა. მწვერვალთა კონტურები წაშლილიყო, ისინი ნისლსა და ბურუსს შთაენთქა. მკრთალად განათებული თოვლის ბორცვები ერთმანეთს მისწყობოდნენ და თვალს უსასრულობაში იტყუებდნენ. უეცრად რომელიმე კლდის მკერდზე კვამლის ბოლქვივით გრძლად გაწოლილი, განათებული ღრუბელი ამოყოფდა თავს და დიდხანს არ იცვლიდა მოხაზულობას.

    შუადღისას ღრუბლებს ოდნავ გამოარღვევდა მზე და ცდილობდა, ნისლი ლაჟვარდში გაეთქვიფა, მაგრამ მის სურვილს ახდენა არ ეწერა; მხოლოდ წამით თუ გაიელვებდა ლაჟვარდს მიმსგავსებული სილურჯე, მაგრამ ეს ერთი ბეწო შუქიც კმაროდა, რომ თოვლის თარეშისგან საოცრად სახეშეცვლილი მიდამო ალმასივით აციმციმებულიყო. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, თოვა გადაიღებდა ხოლმე, თითქოს მასაც უნდოდა თავისი ნამოქმედარისთვის დაეხედა, და ეტყობა, ამავე მიზანს ისახავდა ის რამდენიმე მზიანი დღეც, როცა ქარბუქი ისვენებდა და მოულოდნელად აჩახჩახებული ციური ცეცხლი ახალი თოვლის ქათქათა საფარველს გალხობას დაუპირებდა. გარე სამყაროს ზღაპრული, ბავშვური და უცნაური იერი მიეღო. ხეების ტოტებზე დიდრონი, ფაფუკი, აფუმფულებული ბალიშები ეწყო, ამობურცული მიწის ქვეშ ხვიარა მცენარეები ან წვეტიანი ქვები იმალებოდა, ბორცვები, ღრმულები, პეიზაჟის სამასკარადო ჩაცმულობა მიდამოს ზღაპრების წიგნიდან გადმოსულ გნომების სასაცილო სამყაროს ამსგავსებდა, მაგრამ თუკი ახლო შემოგარენს, სადაც მოძრაობა ჭირდა, ფანტასტიკური და თან ოინბაზური იერი ედო, სამაგიეროდ, შორეთში აზიდული დათოვლილი, ზვიადი ალპები სიდიადისა და სისპეტაკის შეგრძნებას აღვიძებდნენ.

    ნაშუადღევს, ორსა და ოთხ საათს შუა, კარგად ჩაფუთნილი ჰანს კასტორპი ლოჯიაში თავის ჩინებულ სკამლოგინზე იწვა ხოლმე, თავი არც ძალიან ციცაბოდ და არც მეტისმეტად დაბლა დაყენებულ სასთუმალზე ედო და დათოვლილ მოაჯირს ზემოთ ტყესა და მთებს გასცქეროდა. ფერდობებს მუქი მწვანე, თოვლით დამძიმებული ნაძვნარი მიუყვებოდა, ხეებს შუა კი თოვლს მიწა ფაფუკი ბალიშებით მოეფინა. ტყის თავზე მოთეთრო-მონაცრისფრო კლდეები წამომართულიყო, კლდეებზე სქლად იდო თოვლი, მხოლოდ აქა-იქ მუქად მოჩანდა მოშიშვლებული კლდის ქიმები და მსუბუქ ნისლში ქედის მოხაზულობაც ილანდებოდა. უხმაუროდ თოვდა. მიდამო სულ უფრო და უფრო იბურებოდა. ბამბისებურ არარაობაში მზირალ თვალს თვლემა იოლად ერეოდა. ძილის ქვეყანაში გადასვლის წამს თან შეჟრჟოლება ახლდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ყინვაში ძილს სიმშვიდით სხვა ძილი ვერ შეედრებოდა, უსიზმრო ძილს ორგანული სიცოცხლის ტვირთის შეგრძნებაც აღარ ამძიმებდა, რადგან ორგანიზმს ცარიელი, ყოველგვარი ანაორთქლისგან დაცლილი ჰაერის ჩასუნთქვა იმაზე მეტად არ უჭირდა, ვიდრე მიცვალებულს სუნთქვის გარეშე ყოფნა. გამოიღვიძებდი და მთები მთლიანად თოვლის ბურუსში ჩაკარგული დაგხვდებოდა, მხოლოდ რამდენიმე წუთით თუ გამოკრთებოდა რომელიმე მწვერვალი ან კლდის ქიმი და მყისვე კვლავ შეიბურებოდა. აჩრდილთა ეს უხმაურო თამაში საოცრად თავშესაქცევი გახლდათ, ოღონდ სიფხიზლე არ უნდა მოგედუნებინა, რომ ამ ნისლიანი ფანტასმაგორიის იდუმალი ცვალებადობა არ გამოგპაროდა. უეცრად ბურუსში დიდებულად და შმაგად წამოიმართებოდა კლდე, რომელსაც არც ძირი უჩანდა და არც თხემი, მაგრამ საკმარისი იყო, თვალი წუთით მოგეცილებინა, რომ მისი კვალიც კი აღარსად ჩანდა.

    ზოგჯერ ქარბუქი ამოვარდებოდა და ლოჯიაში წოლა შეუძლებელი ხდებოდა, თეთრი კორიანტელი ლოჯიაშიც ტრიალებდა და ყველაფერს - იატაკსა და ავეჯს - სქლად ეფინებოდა. დიახ, მაღალმთიანეთის ამ წყნარ ხეობაში ქარბუქიც იცოდა. გაიშვიათებული ატმოსფერო აბობოქრდებოდა, ჰაერში ხშირი ფანტელები ისე აირეოდნენ, რომ ერთ ნაბიჯზე აღარაფერი ჩანდა. ქარბორბალა ნამქერს შმაგად წამოხვეტდა, აღმა-დაღმა დააქანებდა, ქვემოდან ზემოთ ბზრიალ-ტრიალით მიერეკებოდა, ხეობის სიღრმიდან ჰაერში აბზრიალებდა, ფიფქები გიჟურად ცეკვავდნენ და ერთმანეთში ირეოდნენ, - ამას თოვა აღარ ეთქმოდა, ეს იყო თეთრი წყვდიადის ქაოსი, თავაწყვეტილობა, ზომიერებადაკარგული რეგიონის გაუგონარი გათავხედება და აი, ამ ორომტრიალში უეცრად გუნდ-გუნდად წამოფრენილი სკვინჩებიღა გრძნობდნენ შინაურულად თავს.

    ჰანს კასტორპს მაინც უყვარდა დიდთოვლობა. იქაურობა მრავალმხრივ მოგაგონებდათ ზღვისპირეთს. ბუნების სურათის მარადიული მონოტონურობა ორივე სფეროს ახასიათებდა; თოვლი, ეს ღრმა, ფაფუკი, სპეტაკი, ფხვიერი თოვლი, ზუსტად იმავე როლს თამაშობდა, რასაც ზღვის ნაპირას მოყვითალო ქვიშა; ორივესთან შეხებისას ერთნაირად გეღვიძებოდათ სისუფთავის შეგრძნება, ფეხსაცმლიდან და ტანსაცმლიდან ისევე ჩამოიფერთხავდით მშრალ, გაყინულ სითეთრეს, როგორც ბარში მოიცილებდით უკვალოდ ზღვის ფსკერის კენჭებისა და ნიჟარებისგან წარმოქმნილ უმტვერო ფხვნილს, და თოვლში სიარულიც ზუსტად ისევე ჭირდა, როგორც ქვიშრობზე, განსაკუთრებით მაშინ, თოვლის ფენები მზისგან თუ მოლბებოდა, მაგრამ თუ ღამით ყინვა გაამაგრებდა ზედაპირს, მაშინ ისევე იოლი და სასიამოვნო იყო თოვლზე სიარული, როგორც წყლით გაჟღენთილ, ზედ ზღვის კიდეზე გაყოლებულ პრიალა, მკვრივ, დრეკად ქვიშის ზოლზე.

    ეს კია, რომ დიდთოვლობამ მოთხილამურეების გარდა, ყველას გაუძნელა გარეთ გამოსვლა. სათრეველები არ ცდებოდნენ, მაგრამ ისინი ყველაზე უფრო საჭირო ბილიკებისა და კურორტის მთავარი ქუჩის გაწმენდას ძლივს აუდიოდნენ და ის რამდენიმე გაკვალული გზა, რომლებიც შიგადაშიგ გაუვალ გზებს ემიჯნებოდნენ, გაჭედილი იყო ჯანმრთელებითა და ავადმყოფებით, ადგილობრივი მცხოვრებითა და სასტუმროებში დაბინავებული ინტერნაციონალური საზოგადოებით. ფეხით მოსიარულეებს წამდაუწუმ ეჯახებოდნენ მოციგავე ბატონები და ქალბატონები, რომლებსაც ფეხები წინ გაეშვირათ და ძირს გამაფრთხილებელი შეძახილებით ეშვებოდნენ. მოციგავეებს კილოზე ეტყობოდათ, თავიანთ თამაშს რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, საბავშვო ციგებით კისრისტეხით მოქროდნენ ფერდობზე და ძირს ჩამოსულნი თავიანთ მოდურ სათამაშოს თოკით კვლავ აღმართ-აღმართ მიათრევდნენ ხოლმე.

    ჰანს კასტორპს გასეირნება მოყირჭებული ჰქონდა. ორი სურვილი არ აძლევდა მოსვენებას: მათ შორის უფრო ძლიერს - ფიქრებთან მარტო დარჩენისა და თავისუფლად „მართვის" სურვილს, მისი ლოჯია, მართალია, ზერელედ, მაგრამ მაინც უკმაყოფილებდა, მეორე კი, ისევ იმ პირველთან დაკავშირებული ცხოველი სურვილი, დათოვლილ მთებთან უფრო ახლოს და თავისუფლად მისვლისა, განუხორციელებელი ჩანდა, რადგან ამ სურვილს ერთი უმწეო, ფრთებდაკეცილი, ფეხით მოსიარულე კაცი დაატარებდა, მას გაკვალული ბილიკიდან ერთი განზე რომ გადაეხვია, თოვლის სტიქიაში მკერდამდე ჩაეფლობოდა.

    ამიტომ გადაწყვიტა ერთ მშვენიერ დღეს ჰანს კასტორპმა, აქ, ზევით, გატარებულ მეორე ზამთარს, თხილამურები ეყიდა და მათი ხმარება ისე ესწავლა, როგორც მის ჩანაფიქრს შეეფერებოდა. იგი სპორტსმენი არ იყო, არც არასოდეს ყოფილა თავისი სუსტი აგებულების გამო და სხვათა შორის, ზოგიერთი ბერგჰოფელისგან განსხვავებით, სპორტსმენად არც მოჰქონდა თავი. ბევრი აქ გამეფებულ სულისკვეთებასა და მოდას ხარკს უხდიდა და თავისდა სავალალოდ სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი დაიპრანჭებოდა. ამ საქმეში მამაკაცებს არც დედაკაცები ჩამორჩებოდნენ: ჰერმინე კლეეფელდი, მაგალითად, რომელსაც სუნთქვის უკმარისობისაგან ტუჩები და ცხვირის წვერი ულურჯდებოდა, ლანჩზე შალის შარვალსა და სვიტერში გამოწყობილი მობრძანდებოდა, ნასაუზმევს კი ვესტიბიულში რომელიმე ჩალის სავარძელში მუხლებგაჩაჩხული საკმაოდ უწესოდ გადაიშხლართებოდა ხოლმე. ჰანს კასტორპს ჰოფრატისთვის რომ გაენდო განზრახული, უეჭველად უარს მიიღებდა - აქ, ზევით, „ბერგჰოფსა და მის მსგავს დაწესებულებებში სპორტი ყველას ეკრძალებოდა, რადგან ეს ვითომ იოლად ჩასასუნთქი ჰაერი გულის კუნთს ისედაც საკმაოდ ტვირთავდა, ხოლო, რაც შეეხება პირადად ჰანს კასტორპს, მისი გონებამახვილური სიტყვებიც, „იმ აზრთან შეგუება, რომ აქაურობას ვერ ეგუებოდა, სრულ ძალაში რჩებოდა და არც სიცხიანობა ეშვებოდა, რასაც რადამანთისი სველი კერის არსებობას მიაწერდა. ასე რომ არ ყოფილიყო, აბა, აქ, ზევით, რაღა ესაქმებოდა? მართალია, მისი სურვილი და განზრახვა წინააღმდეგობით აღსავსეც იყო და განუხორციელებელიც, მაგრამ მისთვისაც უნდა გაეგოთ. პატივმოყვარეობის ჭია როდი ღრღნიდა, ვითომ სუფთა ჰაერზე გაგიჟებულ ფრანტებსა და თავმომწონე სპორტსმენებს გავეჯიბროო, ისინი, ერთი რომ დაგესტვინათ, ისეთივე გულმოდგინებით დახუთულ ოთახში ბანქოს ჩაუსხდებოდნენ. ჰანს კასტორპი სულიერ სიახლოვეს ნამდვილად სხვა ჯურის სფეროებთან გრძნობდა და არა ამ მოტურისტო გოგო-ბიჭებთან, გარდა იმისა, რომ უწინდელზე უფრო ფართო და ახალი თვალსაზრისი ჰქონდა შემუშავებული, გამაუცხოებელი ღირსებისა და მოვალეობის მინავლული გრძნობაც აფიქრებინებდა, ჩემი საქმე არ არის იმათებურად თოვლში გიჟივით კოტრიალიო. არავითარი ესკაპადების მოწყობა გულში არ გაუვლია, განზრახული ჰქონდა, ზომიერებისთვის არ ეღალატა, ასე რომ, რადამანთისს თავისუფლად შეეძლო მისთვის ნებაც დაერთო, მაგრამ რადამანთისი სანატორიუმის წესდებას მაინც არ დაარღვევდა და ჰანს კასტორპმა გადაწყვიტა, მის ზურგს უკან ემოქმედა.

    ერთხელ სიტყვამ მოიტანა და, თავისი განზრახვა ბატონ სეტემბრინის გაანდო. ბატონი სეტემბრინი სიხარულისგან კინაღამ გადაეხვია.

    - რაღა თქმა უნდა, რაღა თქმა უნდა, ინჟინერო, ღვთის გულისათვის, ასეც უნდა ქნათ! ნურავის შეეკითხებით, აღასრულეთ, რაც ჩაგიფიქრებიათ, კეთილ ანგელოზს ჩაუგონებია თქვენთვის ეს განზრახვა! ნუღარ დააყოვნებთ, შეასრულეთ განზრახული, სანამ სურვილი არ გაგნელებიათ! მეც თქვენთან ერთად წამოვალ, მაღაზიაში წამოგყვებით და ერთად შევიძინოთ ის დალოცვილი რაღაც-რაღაცები! მთებშიც წამოგყვებოდით, თქვენთან ერთად ვისრიალებდი, ფეხზე მერკურივით ფრთიან ქალამნებს ამოვისხამდი, მაგრამ, ვაგლახ, რომ ამის უფლება არა მაქვს... ეჰ, უფლება! მხოლოდ „უფლებაში" რომ იყოს საქმე, უკან არ დავიხევდი, მაგრამ ვაი, რომ არც შემიძლია, ჩემი საქმე წასულია, თქვენ კი... თქვენ არაფერი დაგიშავდებათ, სულ არაფერი, თუკი ჭკვიანად მოიქცევით და ზომას არ გადააჭარბებთ. თუნდაც რაიმე დაგიშავდეთ, არაფერია, მაინც კეთილი ყოფილა ის ანგელოზი, რომელმაც... აღარაფერს ვამბობ, დიდებული განზრახვაა! ორი წელი კაცმა აქ გაატარო და ასეთი აზრი მოგივიდეს თავში, ეს ნიშნავს, რომ ჯანსაღი დვრიტა გქონიათ. არავითარი საბაბი არა გვაქვს, თქვენში ეჭვი შეგვეპაროს. ბრავო, ბრავო! ო, როგორ ჩამოაშვებინებთ ცხვირს თქვენს აჩრდილთა მეუფეს, იყიდეთ თხილამურები და ან ჩემთან გამოაგზავნინეთ, ან ლუკაჩეკთან, ან სულაც ბაყალს, ჩვენი სახლის პატრონს დაუტოვეთ. სავარჯიშოდ როცა დაგჭირდებათ, იქიდან წაიღებთ ხოლმე, მერე კი გაუტევთ...

    ზუსტად ასეც მოხდა. ბატონი სეტემბრინის თანდასწრებით, რომელიც დიდ მცოდნესავით ირჯებოდა, თუმცა სპორტისა არაფერი გაეგებოდა, ჰანს კასტორპმა მთავარ ქუჩაზე, სპეციალურ მაღაზიაში შეიძინა ღია ყავისფრად გალაქული, დიდებული თასმებით აღჭურვილი იფნის კოპწიაჭვინტიანი თხილამურები, იყიდა ლითონისწვერიანი ჯოხებიც, თავისივე რგოლებით და ვინმეს კი არ წააღებინა, სეტემბრინის ბინამდე თვითონვე ატარა მხრებზე გადებული და ბაყალსაც მოურიგდა, რომ თხილამურებს ის შეუნახავდა. ჰანს კასტორპს მოთხილამურეებისთვის ბევრჯერ უყურებია და დამოუკიდებლად დაიწყო კიდეც ყოველდღიური ვარჯიში აჟრიამულებული ტრასებისგან შორს, თითქმის შიშველ ფერდობზე, სანატორიუმ „ბერგჰოფის მახლობლად, სადაც მის ვარჯიშს ზოგჯერ ბატონი სეტემბრინიც ესწრებოდა ხოლმე. ბატონი სეტემბრინი თავის ხელჯოხს დაეყრდნობოდა, ფეხებს კოხტად გადააჯვარედინებდა და მის პირველ სპორტულ ნაბიჯებს „ბრავოს ძახილით ესალმებოდა. ერთ დღეს ჰანს კასტორპი „სოფლისკენ" მიმავალი გაკვალული გზით ეშვებოდა, რომ თხილამურები ბაყლისთვის მიებარებინა და გზაში ჰოფრატს გადაეყარა. ბედმა გაუღიმა - ბერენსმა ვერ იცნო, თუმცა შუადღე იდგა და ახალბედა მოთხილამურეც ლამის ზედ გადააწყდა. სიგარის კვამლში გახვეულმა ბერენსმა უკანმოუხედავად განაგრძო გზა.

    ჰანს კასტორპი დარწმუნდა, რაც გულით გწადია, იმ საქმეში გაწაფვა ძნელი არ ყოფილაო. ვირტუოზობის პრეტენზია მას არ ჰქონდა, ხოლო რაც სჭირდებოდა, ოფლში გახვითქვისა და ქოშინის გარეშე რამდენიმე დღეში შეისწავლა. მიეჩვია, ფეხები კოხტად მიეწყო და თოვლზე თანაბარი კვალი დაეტოვებინა, ისწავლა დაძვრისას ჯოხის მარჯვედ ხმარება, ისწავლა პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვა, ხელებგაშლილი გაექანებოდა რომელიმე ბორცვისაკენ და ტანს ისე აზიდავდა, როგორც გემი გადადის აღელვებული ზღვის ტალღებზე. ოცჯერ რომ სცადა, მერე აღარ ეცემოდა, როცა მთელი სისწრაფით მომავალი სვლას ტელემარკით დაამუხრუჭებდა, ცალ ფეხს წინ წადგამდა და მეორეს მუხლში მოხრიდა ხოლმე. თანდათან ითვისებდა ახალ-ახალ ილეთებს, ერთ მშვენიერ დღეს კი ბატონი სეტემბრინის თვალწინ შთაინთქა თეთრ ნისლში, ამ უკანასკნელმა ხელები რუპორივით მიიდო პირზე, მიაძახა, ფრთხილად იყავიო, ამით პედაგოგიური მისია შესრულებულად ჩათვალა და შინისკენ კმაყოფილი გაეშურა.

    მშვენიერი იყო ზამთრის სამოსელში გახვეული მთები, და განა მარტო თავისი სილბოთი და სიმშვიდით - იგი ისეთივე სიმშვენიერით ბრწყინავდა, როგორიც აბობოქრებული ჩრდილოეთის ზღვაა ხოლმე მშვენიერი და თუმცა აქ გრუხუნის ნაცვლად სამარისებური სიჩუმე სუფევდა, ეს სიჩუმეც ზუსტად ისეთივე მოწიწების გრძნობას აღძრავდა. ჰანს კასტორპს გრძელი, მოქნილი ლანჩები სხვადასხვა მხარეს მიაქროლებდა: ხან მარცხნივ, ფერდობზე, კლავადელის მიმართულებით, ხან მარჯვნივ, ფრაუენკირჰესა და კლარისის გასწვრივ, რომელთა უკან ნისლში, ამზელფლუს მასივი აჩრდილივით იხატებოდა. ხან დიშმატალში დაქროდა, ხან კი „ბერგჰოფის" უკან, ტყით შემოსილი ზეეჰორნისკენ იღებდა გეზს, ტყის საზღვარს ზემოთ აზიდული თოვლიანი მწვერვალიღა რომ მოუჩანდა, მერე დრუზაჩავალდისკენ იბრუნა პირი, რომლის უკან რეტიკონის დათოვლილი მთაგრეხილის მკრთალი კონტურები ილანდებოდა. თხილამურები საბაგირო გზით შაცალპზეც კი აიტანა და იქ, ზემოთ, ორი ათას მეტრ სიმაღლეზე გული იჯერა პუდრივით წმინდა თოვლით დაფარულ, აციმციმებულ ფერდობებზე სრიალით, საიდანაც მოწმენდილ ამინდში მისი თავგადასავლების დიდებული, ფართოდ გაშლილი სარბიელი მკაფიოდ მოჩანდა ხოლმე.

    უხაროდა საკუთარი წარმატება, რისი წყალობითაც მიუწვდომელს მისწვდებოდა და თითქმის ყველა დაბრკოლება გადაელახა. მისი წყალობა იყო ეს ნანატრი განმარტოება, იმაზე უფრო ღრმა, ვიდრე ოდესმე უოცნებია, განმარტოება, რომელიც გულს ადამიანისთვის სრულიად უცხო და კრიტიკული განცდებით უჩქროლებდა. აქ ერთ მხარეს ნაძვნარით შემოსილი უფსკრული ინთქმებოდა თოვლის ბურუსში, მეორე მხარეს კი პიტალო კლდე, რომელზეც უზარმაზარი, ციკლოპისებური თოვლის ზვინები თაღებს, გუმბათებს, ბორცვებს თუ მღვიმეებს ქმნიდა. ხანდახან გაირინდებოდა, რომ საკუთარი ჩქამიც არ გაეგონა და მაშინ ირგვლივ საოცარი, სრულყოფილი სიჩუმე ისადგურებდა, თითქოს ბამბაში შეფუთნილი სიჩუმე, არნახული, არგაგონილი, სხვაგან არარსებული სიჩუმე, ნიავიც არსად იძვროდა, ხეებს თუნდაც სულ ოდნავ რომ შეარხევდა, არც შრიალი ისმოდა, არც საიდანმე ჩიტის გალობა. ჰანს კასტორპი პირველქმნილ სიჩუმეს უსმენდა, იდგა ჯოხზე დაყრდნობილი, თავი გვერდზე გადაეგდო და პირი დაეღო; თოვდა კვლავ ჩუმად და გადაუღებლად, დინჯად მოფარფატებდნენ თოვლის ფანტელები, მშვიდად და უხმაუროდ ეშვებოდნენ მიწაზე.

    არა, ამ უძირო სიჩუმით აღსავსე, მიუსაფარ სამყაროს მასპინძლობისა არა ეცხო რა, სტუმარს იგი თავის ანაბარა ტოვებდა, სტუმრად არც აგდებდა, მხოლოდ ითმენდა მის შემოჭრას, მის აქ ყოფნას, მაგრამ რაღაც უცნაურად ითმენდა, არაფერ სასიკეთოს არ უქადდა, უსიტყვო მუქარით დამუხტული სტიქია მოსულს თითქოს მტრულად ხვდებოდა, თუმცა ასეთ დახვედრას სრული გულგრილობა უფრო ეთქმოდა, იგი სიკვდილს გულგრილად გპირდებოდა. ცივილიზაციის პირმშო დაბადებიდანვე შორს დგას ველური ბუნებისაგან და ამიტომ უფრო ადვილად სწვდება მის სიდიადეს, ვიდრე ბუნების გაურანდავი შვილი, ფეხის ადგმისთანავე რომ ზიარებია ბუნებას და მისჩვევია მასთან ყოველდღიურ სიახლოვეს. ამ უკანასკნელისთვის უცხოა ის რელიგიური მოწიწება, რითაც ის სხვა შეჰყურებს ბუნებას, შეჰყურებს წარბებაძგიბული, ბუნებისადმი მის ყველა გრძნობას ის მოწიწება განსაზღვრავს და მის სულში მუდამ ასაზრდოებს ღვთისმოსაურ აღფრთოვანებასა და შიშნარევ მღელვარებას. აქლემის ბეწვის ჟაკეტში გამოწყობილ ჰანს კასტორპს, ტოლაღებშემოხვეული ფეხებით რომ იდგა თავის ძვირფას თხილამურებზე, ეგონა, თამამად უგდებდა ყურს იმ პირველყოფილ სიჩუმესა და სიკვდილივით დადუმებულ ზამთრის უდაბნოს, მაგრამ როცა შინისკენ იბრუნა პირი და ნისლში პირველმა დასახლებულმა უბნებმა ამოყო თავი, მაშინღა იგრძნო შვება და მიხვდა, რომ მის გრძნობა-გონებას რამდენიმე საათის განმავლობაში იდუმალი, წმიდათაწმიდა ძრწოლა დაუფლებოდა. ერთხელ ასევე იდგა ზილტში ზღვის პირას, თეთრ შარვალში გამოწყობილი, თამამი, ელეგანტური და პატივმოყვარე, აბობოქრებული ზღვა ლომის გალიას ჰგავდა, თითქოს გისოსებს ხახადაღებული მხეცი ასკდებოდა და საზარელ კბილებს აღრჭიალებდა, შემდეგ იბანავა, ნაპირიდან კი მეთვალყურე საყვირით აფრთხილებდა მათ, ვინც თავხედურად ცდილობდა, პირველ ტალღას ზედ გადავლებოდა და მოახლოებულ ქარიშხალს შეჰბმოდა, კეფაში კი ლომის თათივით გირტყამდა დამსხვრეული ტალღის უკანასკნელი შხეფები. იმ დროიდან იყო იგი ნაზიარები სტიქიასთან მსუბუქი სასიყვარულო შეხებით მოგვრილი აღტაცებისა და ბედნიერების განცდას და იცოდა, რომ მასთან ჩახუტება დამღუპველი აღმოჩნდებოდა. ოღონდ მაშინ არ აწვალებდა სურვილი, მომაკვდინებელ ბუნებასთან ისე ახლოს მისულიყო, რომ მასთან ჩახუტების საფრთხე დამუქრებოდა, - ისეთი სუსტი, თუმცა ცივილიზაციისგან საკმაოდ დაჯილდოებული და შეიარაღებული ადამის შვილი, როგორიც ის გახლდათ, მაშინ ვერ ბედავდა ისე ღრმად შეჭრილიყო შიშის სამყაროში, შეჭრილიყო და იქამდე არ უკუქცეულიყო, სანამ კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევდა და უკან დასახევი გზა აღარ დარჩებოდა, იმ მიჯნამდე ვერ მივიდოდა, სადაც უკვე შხეფებსა და ლომის თათის მსუბუქ დარტყმაზე კი არა, ტალღაზე, ლომის ხახაზე, ზღვაზე მიდგებოდა საქმე.

    ერთი სიტყვით, ჰანს კასტორპი აქ, ზევით, გამამაცდა, თუკი სტიქიის წინაშე სიმამაცის გამოჩენა მასთან გონებაჩლუნგ შეთამამებას კი არა, შეგნებულ თავგანწირვასა და მისდამი სიმპათიის წყალობით სიკვდილის შიშის დათრგუნვას ნიშნავდა, - სიმპათიაო? - დიახაც, ჰანს კასტორპს თავის ვიწრო, ცივილიზებულ მკერდში სტიქიისადმი სიმპათია უღვიოდა. და ეს სიმპათია ერწყმოდა ახალშეძენილ ღირსების გრძნობას, რომელიც მოციგავე ხალხის ყურებისას გაეღვიძა და ამ გრძნობამ მიახვედრა, რომ მას უფრო დიდი და ღრმა განმარტოება სწყუროდა და კიდეც შეეფერებოდა, ვიდრე სასტუმროს სიმყუდროვით აღსავსე ლოჯიაში წოლა. აქამდე ლოჯიიდან გასცქეროდა ხოლმე ნისლში გახვეულ მაღალ მთებსა და ქარბუქის ცეკვა-თამაშს და გულის სიღრმეში რცხვენოდა, გარემოს კომფორტის სანგარს შეფარებული, პირდაღებული რომ შესცქეროდა. ამიტომაც ისწავლა თხილამურებით სრიალი და არა იმიტომ, რომ სპორტული ჟინი არ ასვენებდა, ან ვარჯიშის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. თუკი აკრთობდა ამ დათოვლილი სამარისებური სიჩუმის სიდიადე - და არც შეიძლებოდა ცივილიზაციის პირმშო ამ სიდიადეს არ შეეკრთო - კარგა ხანია ამ გრძნობას აქ, ზევით, გულითა და გონებით ნაზიარები იყო. და განა ნაფტასა და სეტემბრინისთან გამართული კოლოკვიუმი არ იყო შემაკრთობელი? მასაც ხომ უგზო-უკვლო და უაღრესად საშიშ სფეროებში შეჰყავდა. და თუკი შეიძლებოდა ზამთრის უდაბნოსადმი ჰანს კასტორპის სიმპათიებზე გველაპარაკა, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ამ ადგილს ღვთისმოსაური შიშის მიუხედავად, საკუთარი ფიქრისა და განსჯის სარბიელად თვლიდა, ყველაზე უფრო შესაფერისად მიაჩნდა იმ ადამიანისათვის, ვინც თვითონაც ვერ ერკვეოდა, როგორ, მაგრამ მაინც homo dei-ზე დაკისრებულ მართვის ფუნქციებსა და მის ამქვეყნიურ დანიშნულებაზე ფიქრებს დაემძიმებინა.

    აქ კაცი არავინ ჩანდა, თავზე ხელაღებულებისთვის საყვირით რომ ემცნო საფრთხის მოახლოება, თუმცა ვინ იცის, იქნებ ბატონი სეტემბრინი იყო ასეთი კაცი, პირთან ხელები რუპორივით რომ მიიტანა და ჰანს კასტორპს ტყეში გაუჩინარებამდე რაღაც მიაძახა, მაგრამ ჰანს კასტორპს სიმამაცისა და ახალგაღვიძებული სიმპათიების გამო ყური არ უთხოვებია ამ შეძახილისათვის, ისევე როგორც ყველიერის ღამეს არ მიუქცევია ყურადღება სიტყვებისათვის, ერთი ნაბიჯის გადადგმისგან რომ აფრთხილებდა: „Eh, Iingegnere, un po di ragione, sa! [ეჰეი, ინჟინერო, გონს მოდით! (იტალ.).] „აჰ, შე პედაგოგო-სატანავ, შენი ragione-თი და ribellione-თი! - გაიფიქრა მან, - რომ იცოდე, მაინც მიყვარხარ. მართალია, ქარაოცი და მეარღნე ბრძანდები, მაგრამ გული კეთილი გაქვს, უფრო სიკეთე გალაპარაკებს და მეც იმ ენამწარე პატარა იეზუიტსა და ტერორისტზე, პრიალასათვალიან, ესპანური წამებისა და წკეპლის ოსტატზე უფრო მიყვარხარ, თუმცა ერთმანეთთან ჩხუბი რომ მოგდით, ლოგიკით თითქმის ყოველთვის ის გჯაბნის ხოლმე... ანუ ჩემი საბრალო სულის დასასაკუთრებლად პედაგოგიური მიზნით რომ სწიწკნით ერთმანეთს, ისევე როგორც შუა საუკუნეებში ღმერთი და ეშმაკი იბრძოდნენ ადამიანის დასაკუთრებისათვის...

    ფეხებდაფიფქული ჰანს კასტორპი ჯოხების დახმარებით მიქროდა სადღაც მაღლა, ცრიატ სივრცეში, თოვლით შესუდრულ ტერასებზე სულ მაღლა და მაღლა ადიოდა, კაცმა არ იცის, გეზი საით ეჭირა. ის გზა თითქოს არსაით მიდიოდა, მისი ზედა რეგიონი ცას ერწყმოდა, ხოლო ცასაც ისეთივე ჯანღისფერი ედო, ვერც გაარკვევდი, სად იწყებოდა; არც ერთი მწვერვალი, ქედის არც ერთი კონტური არ მოჩანდა, ეს იყო ნისლში ჩაფლული არარაობა, საითაც ჰანს კასტორპი მიისწრაფოდა და რაკი მის უკან დარჩენილი სამყარო, ადამიანებით დასახლებული ხეობა, სულ მალე უკან დარჩა, თვალს მოეფარა და იქიდან ჩამიჩუმი აღარ ესმოდა, ეს უკვე მისი განმარტოება იყო, თუმცა განმარტოება კი არა, სანამ დაფიქრებას მოასწრებდა, გადაკარგვაც კი; ასეთ უძირო განმარტოებაზე უკეთესს ვერც ინატრებდა, ასეთი შიშის ზღვრამდე მისული განმარტოება, თავისთავად სიმამაცის წინაპირობა გახლავთ, „Praeterit figura hujus mundi" [და იკარგება ხატი ამა ქვეყნისა (ლათინ.).], ლათინურად თქვა გულში, ოღონდ ეს გამონათქვამი ჰუმანისტური სულისკვეთებით როდი იყო გაჟღენთილი - იგი ნაფტასგან ჰქონდა გაგონილი. ჰანს კასტორპი შეჩერდა და მიმოიხედა. ირგვლივ არაფერი ჩანდა, თეთრი ზეციდან მხოლოდ პაწაწკინტელა ფანტელები მოცვიოდა, თეთრ მიწას ეფინებოდა, ირგვლივ ძლევამოსილ, მდუმარე სიჩუმეს დაესადგურებინა, თვალი თეთრ სიცარიელეს აწყდებოდა, სითეთრე თვალს სჭრიდა და მაშინ გრძნობდა, მღელვარებისგან როგორ უკრთოდა გული, აღმართზე ასვლისგან ისედაც აფართხალებული ეს კუნთოვანი ორგანო, რომლის ცხოველურ მოყვანილობასა და ძგერას გასაშუქებელი კაბინეტის ტკაცუნა ელვის სინათლეზე იქნებ ზედმეტად თამამადაც კი აკვირდებოდა და უსმენდა. ამის გახსენებაზე ლამის გული აუჩუყდა, ადვილად გასაგები, ღვთისმოსაური სიმპათია გაეღვიძა საკუთარი გულის მიმართ, ადამიანის მფეთქავი გულის მიმართ, თავის კითხვებსა და ამოცანებთან ერთად ასე მარტო რომ აღმოჩნდა აქ, ზევით, ყინულოვან სიცარიელეში.

    ისევ განაგრძო აღმა, ზეცისკენ სვლა. ზოგჯერ ჯოხს თავით ჩაარჭობდა თოვლში და უყურებდა, ხვრელის სიღრმიდან როგორ ამოჰყვებოდა ცისფერი სინათლე. ამ თამაშმა გაართო, შეეძლო კიდევ დიდხანს მდგარიყო ასე და ამ ოპტიკურ მოვლენას მრავალჯერ დაჰკვირვებოდა. ეს იყო რაღაც უცნაური, თან მთისა და თან სიღრმისეული ნაზი სინათლე, მომწვანო-მოლურჯო, ყინულივით გამჭვირვალე, თან დაბინდული და მიმზიდველი თავისი იდუმალებით. შუქითა და ფერით მან ერთი ადამიანის თვალები მოაგონა, ის ირიბად გაჭრილი, საბედისწერო თვალები, ბატონმა სეტემბრინიმ, ჰუმანისტური თვალსაზრისიდან გამომდინარე, აგდებულად „თათრული ჭრილები და „ტრამალის მგლის ანთებული თვალები რომ უწოდა, დიახ, უწინ ნანახი და მერე ხელახლა ნაპოვნი, ჰიპესა და კლავდია შოშას თვალები მოაგონა. „კარგი, - ჩაილაპარაკა ამ მდუმარებაში, - კარგი, მაგრამ არ გამიტეხო: „Il est a visser tu sais" [იცი, უნდა ამოხრახნო (ფრანგ.).]. ეს თქვა თუ არა, ზურგს უკნიდან თითქოს სასიამოვნო ხმა ჩაესმა, გონს მოდიო.

    მარჯვნივ, კარგა მოშორებით, ნისლივით აზიდულიყო ტყე, პირი იქით იბრუნა, რომ მოთეთრო, ტრანსცენდენტური მიდამოს ნაცვლად თვალწინ მიწიერი მიზანი ჰქონოდა, მაგრამ დაღმართი ვეღარ შენიშნა და უეცრად თავქვე დაექანა. თოვლი თვალს ისე სჭრიდა, ნიადაგის მოხაზულობა აღარ განირჩეოდა, ვეღარაფერს ხედავდა, თვალში ყველაფერი აერ-დაერია, ყოველ წუთს მოულოდნელ დაბრკოლებებს აწყდებოდა, ფერდობს ისე დაუყვა, რამდენად ციცაბო იყო, წინასწარ არ დაჰკვირვებია.

    ის ტყე, თავისკენ რომ იზიდავდა, იმ ხევის გადაღმა იყო, სადაც თავისდა უნებურად ამოყო თავი. ფაფუკი თოვლით დაფარული ხრამის ფსკერი ქედისკენ დამრეცად მიემართებოდა. ეს მაშინ შენიშნა, მცირე მანძილი ამ მიმართულებით რომ გაიარა. მერე თავდაღმართი დაიწყო; ხევის ფერდები თანდათან მაღლდებოდა; ხევი თითქოს გვირაბივით იყო მთაში შეჭრილი, შემდეგ თხილამურების ჭვინტები კვლავ ყალყზე შედგა, მის წინ ბორცვი ამოიზიდა, ხევის ფერდები უეცრად ჩათავდა და უგზო-უკვლო სვლა კვლავ ზეცისკენ აზიდულ, მოშიშვლებულ მთის კალთებზე გაგრძელდა.

    ნაძვნარი ახლა მის ქვეშ და ზურგს უკან ალმაცერად მოჩანდა, მანაც პირი იქით იბრუნა, თავქვე სწრაფად დაეშვა და მალე მიაღწია კიდეც განაპირა დათოვლილ ნაძვებს, რომლებიც უტყეო ფერდობში სოლივით შეჭრილიყვნენ. მათ ტოტებქვეშ შეისვენა და სიგარეტი მოსწია, სულის სიღრმეში კვლავ გრძნობდა, როგორ თრგუნავდა, ძაბავდა და ბორკავდა ეს უძირო სიჩუმე და სახიფათო სიმარტოვე, მაგრამ თან სიამაყით ევსებოდა გული, მისი დაპყრობა რომ შეძლო და თავი მამაცურად აქაურობის ღირსეულ პატრონად მოჰქონდა.

    ნაშუადღევის სამი საათი იყო. გზას ნასადილევს გაუდგა, იმ ანგარიშით, რომ დიდი სამკურნალო წოლის საათი და სამხარი გაეცდინა და უკან დაღამებამდე დაბრუნებულიყო. იმის ფიქრში, რომ რამდენიმე საათი ბუნების დიდებულ სამეფოში უნდა გაეტარებინა, საამური გრძნობა ეუფლებოდა. ბრიჯის ჯიბეში ცოტაოდენი შოკოლადი, ხოლო ჟილეტის ჯიბეში პატარა ბოთლით პორტვეინი ჩაიდო.

    მზე ისეთ სქელ ნისლში იყო გახვეული, რომ საიდანღაც ძლივს იჭყიტებოდა. უკან, ხეობის ყელში, ქედის უჩინარ ძგიდესთან, ღრუბლები და ჯანღი თანდათან იქუფრებოდა და თითქოს წინ მოიწევდა. ეტყობა, თოვას აპირებდა და იმაზე უფრო ხვავრიელად, ვიდრე ეს ნამდვილი ქარბუქის მონატრულ კაცს ჟინის მოსაკლავად სჭირდებოდა. და მართლაც, ფერდობზე პაწაწინა, უხმო ფანტელების ცვენამ საგრძნობლად იმატა.

    ჰანს კასტორპმა ფეხი წინ წადგა, რათა მკლავი მათთვის შეეშვირა და ზედ დაცვენილ ფანტელებს დილეტანტი მკვლევრის თვალით დაჰკვირვებოდა. ფანტელები უფორმო ნაკუწებს ჰგავდა, მაგრამ მათი მსგავსნი გამადიდებელი შუშით ბევრჯერ დაუთვალიერებია და იცოდა, რა ნატიფი და პაწაწინა ძვირფასეულობებისგან შედგებოდა თითოეული მათგანი, ამგვარ სამკაულებზე, ორდენის მსგავს ვარსკვლავებსა და ბრილიანტის საკინძეებზე უფრო მდიდრულსა და ნატიფს ყველაზე დახელოვნებული ოქრომჭედელიც ვერაფერს შექმნიდა. დიახ, ეს მჩატე, ფაფუკი, პუდრივით თეთრი ფიფქები მშობლიური ზღვის ქვიშას კი მოაგონებდა, მაგრამ სულ სხვა ზნეს იჩენდა, მათი სიმძიმის ქვეშ ტყე იზნიქებოდა, მთა-ველი იფარებოდა და თვითონ ზედ თხილამურებით დასრიალებდა, თანაც ეს მასა ქვის მარცვლებისგან როდი შედგებოდა, ეს იყო მრავალფეროვან კრისტალებად გაქვავებული წყლის ნაწილაკების მირიადები, - იმ არაორგანული სუბსტანციის ნაწილაკები, ცოცხალ პლაზმაშიც, მცენარეებშიც, ადამიანის სხეულშიც რომ მოედინება, - და ჯადოსნური ვარსკვლავების ამ მირიადებში უხილავი, ადამიანის თვალისგან დაფარული, იდუმალი მინიატიურული დიდებულების წყალობით ორს, ერთმანეთის მსგავსს ვერსად იპოვიდით. აქ ერთი და იმავე მარად უცვლელი ძირითადი სქემის, ტოლფერდა და ტოლკუთხა ექვსკუთხედის უსასრულო ვარიაციები და უნატიფესი სახეცვლილებანი სუფევდა; ოღონდ თავისთავად თითოეული ყინულის ქმნილებათაგანი თავის სავალდებულო პროპორციასა და რვალისებურ კანონზომიერებას ემორჩილებოდა, და სწორედ აქ იმალებოდა მისი იდუმალება, ანტიორგანულობა და სიცოცხლის მტრობა. ისინი მეტისმეტად სიმეტრიულნი იყვნენ, სასიცოცხლოდ ორგანიზებული სუბსტანცია ასე სიმეტრიული ვერ იქნებოდა, სიცოცხლე ძრწოდა ასეთი სიზუსტისა და სისწორის წინაშე, იგი მომაკვდინებლად, თვით სიკვდილის საიდუმლოდ ესახებოდა და ჰანს კასტორპმა გაიფიქრა, მგონი, ახლა კი ვხვდები, ძველი ხუროთმოძღვრები ტაძრის სვეტების განლაგებაში განგებ და მალულად სიმეტრიას ოდნავ რატომ არღვევდნენო.

    იგი ადგილს მოსწყდა, ნისლს შეერია, თავისი ფირფიცრებით თოვლით სქლად დაფარულ ტყისპირა ფლატეზე ჩასრიალდა და კვლავ არხეინად განაგრძო აღმა-დაღმა უმიზნო სრიალი ამ მკვდარ მიდამოში, რომელიც თავისი უდაბური, დატალღული სივრცეებით, მწირი მცენარეული საფარვლით, აქა-იქ გაბნეული, თოვლში შავად ამოჩრილი ჯუჯა ბუჩქნარითა და ჰორიზონტის ოდნავ ამაღლებული ხაზით აშკარად დიუნებს წააგავდა. ჰანს კასტორპი შეჩერდა და ეს მსგავსება რომ დაადგინა, კმაყოფილების ნიშნად თავი დააქნია. ახლა სახის სიმხურვალეს, ხელ-ფეხის კანკალსაც და ერთმანეთში შერეულ მღელვარებასა და დაღლილობასაც სიამოვნებით იტანდა, რაკი ეს ყველაფერი ასეთივე გამომაცოცხლებელი და თან ძილისმომგვრელი სურნელით გაჯერებული ზღვის ჰაერის ნაჩვევ ზეგავლენას მოაგონებდა და გულს სითბოთი უვსებდა. კმაყოფილებას ჰგვრიდა საკუთარი ლაღი დამოუკიდებლობაც და თავისუფალი სრბოლაც. სავალდებულო გზა არც წინ ედო და არც უკან ეგულებოდა, როგორც მოვიდა, უკან ისევე რომ დააბრუნებდა. თავიდან პალოები, თოვლში ჩარჭობილი ბოძკინტები და გზისმკვლევი ნიშნები ხვდებოდა, მაგრამ მათ მეურვეობას განგებ არიდებდა თავს, რადგან ისინი იმ საყვირიან კაცს მოაგონებდა და ზამთრის უზარმაზარ უდაბნოსთან თავის შინაგანი დამოკიდებულებისათვის შეუფერებლად ეჩვენებოდა.

    დათოვლილ ჭიუხებს შორის ზიგზაგებით იარა, იქიდან გამოაღწია თუ არა, თავდაღმართი დაიწყო, მერე ცოტა გაივაკა და ისევ მაღალ მთებშუა ამოყო თავი, სადაც ფაფუკი თოვლით დაფარული ღრანტეები და ვიწრობები საოცრად იოლი სავალი ჩანდა და თავისკენ იზიდავდა. დიახ, ჰანს კასტორპი ვერ უმკლავდებოდა შორეთისა და მაღალი მთების მიმზიდველობას, ისინი ხომ სულ ახალ და ახალ განმარტოებას ჰპირდებოდნენ, გრძნობდა, რომ აგვიანდებოდა და მაინც სულ უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდა ამ უდაბურ სიჩუმეში, ამ მრისხანე იდუმალებაში, რომელიც კარგს არაფერს უქადდა. აღარც იმას დაგიდევდათ, შინაგანი დაძაბულობა და თრთოლა ნამდვილ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1