Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დეკამერონი (ნაწილი 2)
დეკამერონი (ნაწილი 2)
დეკამერონი (ნაწილი 2)
Ebook911 pages5 hours

დეკამერონი (ნაწილი 2)

Rating: 3 out of 5 stars

3/5

()

Read preview

About this ebook

მე-14 საუკუნის შუაწელს შექმნილი რომანი, რომელშიც ათი პერსონაჟის მიერ ათი დღის განამვლობაში სიყვარულის, ღირსების, ჭკუისა და მოხერხებულობის ამბებია მოთხრობილი, პირველ რიგში შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ გარდამავალ კულტურულ ღირებულებათა ასახვისათვისა ამნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ევროპული ლიტერატურის ეპოქალურ ნაწარმოებს წარმოადგენს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 6, 2021
დეკამერონი (ნაწილი 2)

Related to დეკამერონი (ნაწილი 2)

Related ebooks

Reviews for დეკამერონი (ნაწილი 2)

Rating: 3 out of 5 stars
3/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დეკამერონი (ნაწილი 2) - ჯოვანი ბოკაჩო

    ჯოვანი ბოკაჩო - დეკამერონი (ნაწილი 2)

    Giovanni Bocaccio - Decameron (Parte 2)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თედო სახოკიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    მეექვსე დღე

    ამბავი პირველი. უგერგილო ამბავი

    ამბავი მეორე. მეპურე ჩისტი

    ამბავი მესამე. მონნა ნონა

    ამბავი მეოთხე. კიკიბიოს წეროები

    ამბავი მეხუთე. მესერ ჯოტო

    ამბავი მეექვსე. ბარონჩების კეთილშობილება

    ამბავი მეშვიდე. მადონა ფილიპა

    ამბავი მერვე. ფრესკო და ჩელატიკო

    ამბავი მეცხრე. გვიდო კავალკანტი

    ამბავი მეათე. წმიდანების ნაწილები

    მეშვიდე დღე

    ამბავი პირველი. მოჩვენება

    ამბავი მეორე. პერონელა ანუ მიხვედრილი ქალი

    ამბავი მესამე. მუცლის ჭიის შელოცვა

    ამბავი მეოთხე. ჭა

    ამბავი მეხუთე. მეაღსარებე ქმარი

    ამბავი მეექვსე. ორმაგი დამარცხება

    ამბავი მეშვიდე. მოტყუებული, ნაცემი და მაინც კმაყოფილი ქმარი

    ამბავი მერვე. გამართლებული ცოლი

    ამბავი მეცხრე. მოჯადოებული მსხლის ხე

    ამბავი მეათე. ორი ნათლია

    მერვე დღე

    ამბავი პირველი. მოტყუებული ვერცხლმოყვარე ქალი

    ამბავი მეორე. გაიძვერა მღვდელი

    ამბავი მესამე. უჩინმაჩინის ქვა

    ამბავი მეოთხე. დასჯილი ცუდმედიდა

    ამბავი მეხუთე. მოსამართლის ძიქვა

    ამბავი მეექვსე. კალანდრინოს ღორი

    ამბავი მეშვიდე. ნასწავლი კაცის შურისძიება

    ამბავი მერვე. მომტყუებლის მოტყუება

    ამბავი მეცხრე. მაესტრო სიმონე

    ამბავი მეათე. გაქურდული ქურდი ქალი

    მეცხრე დღე

    ამბავი პირველი. გაწბილებული საყვარლები

    ამბავი მეორე. იღუმენიას ლეჩაქი

    ამბავი მესამე. დაორსულებული მამაკაცი

    ამბავი მეოთხე. ჩეკო ფორტარიგო

    ამბავი მეხუთე. კალანდრინოს ბედნიერება

    ამბავი მეექვსე. აკვანი

    ამბავი მეშვიდე. მგელი

    ამბავი მერვე. ჩაკო ღორმუცელა

    ამბავი მეცხრე. სოლომონ ბრძენის განჩინება

    ამბავი მეათე. ნათლიმამა პიეტროს ჭაკი

    მეათე დღე

    ამბავი პირველი. მეფის ჯორი

    ამბავი მეორე. კლუნის აბატი

    ამბავი მესამე. ნატანის სიუხვე

    ამბავი მეოთხე. მესერ ჯენტილე

    ამბავი მეხუთე. დიდსულოვნება

    ამბავი მეექვსე. კარლოს ძლევამოსილი

    ამბავი მეშვიდე. მინუჩოს სიმღერა

    ამბავი მერვე. სოფრონია

    ამბავი მეცხრე. მესერ ტორელო

    ამბავი მეათე. გრიზელდა

    ავტორის დასკვნა

    მეექვსე დღე

    დასრულდა მეხუთე დღე დეკამერონისა; იწყება მეექვსე. ამ დღეს, ელიზას თავმჯდომარეობით, ლაპარაკია იმათზე, ვისაც კვიმატი სიტყვით უკბინეს და ესენი სამაგიეროს უხდიან: ან მოსწრებული პასუხით ან მიხვედრილობით თავიდან იცდენენ ზარალს, განსაცდელს თუ შეურაცხყოფას.

    მთვარე უკვე ცის შუაგულზე ამოიზიდა და სხივმფენარობა წაერთვა. ამასობაში ამოცურდა ახალი მნათობი და გაანათა ყოველი კუთხე სამყაროსი. დედოფალი ამობრძანდა და დააძახებინა ქვეშევრდომებისათვის. ნელი ნაბიჯით ცოტათი დაშორდნენ ლამაზ გორაკს, ფეხს ადგამდნენ დანამულ ბალახში, თანაც ლაპარაკობდნენ ამ მთისას, იმ მთისას, ბჭობდნენ მონაყოლი ამბების ღირსება-ნაკლულოვანებაზე, იცინოდნენ ამ მოთხრობებში მოხსენებულ სხვადასხვა შემთხვევაზე. ამასობაში მზე კარგად ამოიწვერა, დაცხა და ამათაცა თქვეს - ახლა კი დროა შინ დავბრუნდეთო; ამიტომ მოტრიალდნენ და უკან წამოვიდნენ.

    მშვენივრად გაშლილი სუფრა დახვდათ, იქაურობა სურნელოვანი ბალახებითა და ყვავილებით მოებნიათ, და ესენიც, დედოფლის ბრძანებით, სანამ სიცხე მოასწრებდათ, ინახად დასხდნენ. ჭამა-სმა მხიარულად რომ ჩაატარეს, იმღერეს ერთი-ორი ლამაზი და მხიარული სიმღერა და მერე ზოგი თვალის მოსატყუებლად წავიდა, ზოგი ჭადრაკს მიუჯდა და ზოგიც ნარდს, დიონეომ და ლაურეტამ „ტროილის და კრიზეიდას" სიმღერა თქვეს.

    უკვე ბაასის დაწყების დრო დადგა. დედოფალმა, ჩვეულებისამებრ, ყველანი იხმო და ესენიც წყაროს გარშემო მოუსხდნენ. დედოფალს, ის იყო, უნდა ებრძანებინა, აბა დაიწყეთ პირველი ამბავიო, რომ მოხდა ისეთი რამ, რაც წინათ თავის დღეში არ ყოფილა, სახელდობრ, დედოფალსა და სხვებს სამზარეულოდან საშინელი ყვირილი მოესმათ მოსამსახურე ქალებისა და კაცებისა. სინისკალკოს რომ დაუძახეს და ჰკითხეს, ვინა ყვირის ან რათაო, იმანა თქვა: ლიჩისკასა და ტინდაროს მოუვიდათ ლაპარაკი, მე მივედი გასაჩუმებლად და ამბის გასაგებად, ამ დროს დედოფალმა მიხმო კიდეცო. დედოფალმა ბრძანა დაუყოვნებლივ მოეყვანათ ლიჩისკა და ტინდარო. ესენი რომ მოვიდნენ, დედოფალმა ჰკითხა, რა გაყვირებდათო? ტინდაროს უნდოდა ეპასუხა, მაგრამ ამ დროს ლიჩისკა, რომელიც უკვე ხანში შესული და უფრო გოროზი იყო, ვიდრე თავმდაბალი და რომელიც ყვირილისაგან გაცეცხლებულიყო, პირში სწვდა ტინდაროს და შესძახა: „ერთი ამ პირუტყვს დახედეთ და! არა, როგორა ბედავს ჩემზე წინ ლაპარაკს, როცა მე აქ ვარ!.. გამიშვი, მე ვილაპარაკო! მერე მიმართა დედოფალს და მოახსენა: „მადონა, ამას უნდა თავის ჭკუაში გამაცნოს სიკოფანტეს ცოლი, და - თითქოს არც კი ვიცნობდე, - დამარწმუნოს, არც მეტი და არც ნაკლები, რომ როცა სიკოფანტე პირველ ღამეს იმასთან დაწვა, მესერ მაცცა (პალო) შავმთაში ვითომ დიდი ბრძოლითა და სისხლისღვრით შესულიყოს; მე კი ვეუბნები - ტყუილია, სრულებით მშვიდობიანად და ყველა იქაურ მცხოვრებთა გასახარელად შევიდა-მეთქი. და ეს ვაჟბატონი იმდენად ბრიყვია, რომ მართლა სჯერა, ვითომ ქალიშვილები იმდენად სულელები იყვნენ, რომ უცადონ, აცა, როდის გაათხოვებენ მამები ან ძმები, მაშინ, როცა შვიდში ექვსს სამი-ოთხი წლით უფრო გვიან ათხოვებენ, ვიდრე უნდა გაეთხოვებინათ. ამდენი რომ უცადონ, დედავ და თვალო, კარგი დღეც დაადგებათ, აი! ქრისტესა ვფიცავ (და რაკი ვფიცულობ, ალბათ, ვიცი კიდეც რასაც ვამბობ), ერთი მეზობელი ქალი არ მეგულება ისეთი, რომ თავის ქმარს უმანკო მისთხოვებოდა; ახლა გათხოვილებისა მკითხე, რა და რა ეშმაკობა არ უქნიათ თავიანთი ქმრებისათვის! და ახლა ეს ცხვრის თავი გამომდგარა და ქალების ამბავი უნდა მითხრას, თითქო გუშინ ვიყო გაჩენილი ამქვეყნად.

    სანამ ლიჩისკა ლაპარაკობდა, ქალებს ისეთი სიცილი აუტყდათ, რომ კაცი სათითაოდ ყველას კბილებს დააძრობდა და მაინც ვერ გაიგებდნენ. დედოფალმა ბარემ ექვსჯერ მეტად უთხრა - გაჩუმდიო, მაგრამ ვერას გახდა, - ლიჩისკამ მანამ არ დააყენა ყბები, სანამ რაც სათქმელი ჰქონდა, ყველაფერი არ დაფქვა.

    როცა ლიჩისკა მორჩა ლაპარაკს, დედოფალი ღიმილით მიუბრუნდა დიონეოს და უთხრა: „დიონეო, ეს დავა ასლი საშენოა, ამიტომ ჩვენი ამბების მოყოლას რომ მოვრჩებით, ამ ამბის გამო საბოლოო განაჩენის გამოტანა შენი იყოს. ამაზე დიონეომ საჩქაროდ მოახსენა: „განაჩენი მზად გახლავთ და ამისათვის მეტის მოსმენაც საჭირო არ გახლავთ; უნდა მოგახსენოთ, რომ ლიჩისკა მართალს ამბობს და ჩემის აზრით, სწორია, რასაც ლიჩისკა იძახის: ტინდარო ბრიყვიაო.

    ეს რომ ლიჩისკამ გაიგონა, გაეცინა და ტინდაროს მიუბრუნდა: „მეც ხომ ამას ვამბობდი! წადი, წადი, შენი გზა ნახე! შენ გეგონა, ჩემზე მეტი იცოდი, შენ, ვისაც ჯერ კიდევ დედის ხსენი არ შეგშრობია ტუჩებზე! მადლობა ღმერთს, ბედასლად არ გამიტარებია ჩემი დღენი, არა!"

    და დედოფალს გამწყრალი სახით რომ არ დაეჩუმებინა და არ ებრძანებინა - ხმა ჩაიწყვიტე, თორემ შენს თავს ვაცემინებო, და ტინდაროსთან ერთად იქიდან არ მოეშორებინა, მისი ლაყბობის ყურისგდების მეტი მთელი დღე არაფერი არ უნდა ეკეთებინათ. ისინი რომ წავიდნენ, დედოფალმა ფილომენას უბრძანა, აბა დაიწყე ამბავიო. იმანაც მხიარული ხმით დაიწყო.

    ამბავი პირველი. უგერგილო ამბავი

    ერთი ვინმე აზნაური მადონა ორეტას ჰპირდება - ისეთი ამბავი გიამბოთ, გეგონებათ ცხენზე ვზივარო. მაგრამ ისე უგერგილოდ მოუყვა, რომ მანდილოსანმა სთხოვა, - თქვენი ჭირიმეთ, ცხენიდან ჩამომსვითო.

    ქალებო, როგორც ცა-მოწმენდილზე ვარსკვლავები მისი მშვენებაა, ხოლო გაზაფხულზე ყვავილები მწვანე მინდვრებს ამკობს და ქედებს - შეფოთლილი ბუჩქები, მსგავსადვე გაზრდილობასა და ტკბილ საუბარს ამშვენებს მოსწრებული სიტყვები. ნათქვამი რაც უფრო მოკლედაა მოჭრილი, მით უფრო უხდება ქალს, ვიდრე კაცს, იმიტომ რომ ქალისათვის ბევრი ლაპარაკი ნაკლებ საფერია, ვიდრე კაცისათვის. სულერთია - რაც უნდა იყოს იმის მიზეზი - ჩვენი უჭკუობა თუ ის განსაკუთრებული სიძულვილი, რომელსაც ზეცა ჩვენი დროის მიმართ გრძნობს. ხოლო მართალი ის გახლავთ, რომ დღეს ძალიან ცოტაა ან სულ არ დარჩენილა ქალი, რომელსაც შნო ჰქონდეს თავის დროზე მოსწრებული სიტყვა თქვას ან თუ ასეთი სიტყვით მას მიმართავენ, გაიგოს მაინც მისი მნიშვნელობა. რა საჭიროა, სასირცხვილო საქმე გვჭირს ქალებს - ყველას ერთობით! მაგრამ რადგან ამ საგანზე პამპინეამ უკვე საკმაოდ ილაპარაკა, მე მეტს არაფერს ვიტყვი. მაგრამ რომ გაჩვენოთ, რამდენად მოხდენილია თავის დროზე ნათქვამი მოხდენილი სიტყვა, გიამბობთ - ერთმა ღირსეულმა მანდილოსანმა მეტად თავაზიანად როგორ დააღებინა პირი ერთ აზნაურს.

    როგორც ბევრ თქვენგანს გენახვებათ ან გაგეგონებათ, ამ ცოტა ხნის წინათ ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა ერთი კეთილშობილი ოჯახის დიაღ პატიოსანი და სიტყვამოსწრებული ქალი. იმდენად ღირსეული იყო, რომ ხამს მისი ვინაობა არ იქნეს დაფარული. სახელად ერქვა ორეტა და ცოლად ჰყავდა მესერ ჯერი სპინას. ერთხელ, ჩვენსებრ, სოფელში მოუხდა ყოფნა და სასეირნოდ გავიდა იმ დღეს იმასთან სადილად მყოფ ქალებთან და კაცებთან ერთად. გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე და რადგან გზა, რომელიც ედვათ იმ ადგილიდან, საიდანაც გამოვიდნენ, იმ ადგილამდე, სადაც ყველანი ფეხით აპირებდნენ მისვლას, შეიძლება ცოტათი გრძელი ყოფილიყო, ამიტომ ერთმა მათი საზოგადოების მამაკაცთაგანმა, უთხრა: მადონა ორეტა, თუ მიბრძანებთ, შემიძლია ისეთი საუცხოო ამბავი მოგახსენოთ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ვითომ ცხენზე ზიხართ და ისე მიბრძანდებით იმ ადგილას, საითკენაც ყველას გზა გვიდევს გასავლელიო. ამაზე მანდილოსანმა უპასუხა: „მესერე, დიდი თხოვნითა გთხოვთ, გვიამბოთ, ძალიან გვასიამოვნებთ". მესერ რაინდმა, რომელსაც შეიძლება სატევარიც იმნაირადვე არ შვენოდა, როგორც არ უხდებოდა ლაპარაკი, ეს რომ გაიგონა, მოჰყვა ამბავსა. ამბავი თავისთავად მართლა რომ მშვენიერი იყო, მაგრამ რად გინდათ, მოლაპარაკე სამჯერ, ოთხჯერ და ექვსჯერაც იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვას, ხან უკან დაუბრუნდებოდა ნათქვამს და, როცა არა მგონი, იძახდა: მე ისე კარგად ვერა ვთქვიო... ხშირად სახელები ეშლებოდა, ერთის მაგიერ მეორეს ამბობდა, საშინლად ამახინჯებდა; იმას ნუღარა ბრძანებთ, თუ რა უხამს სიტყვებსა ხმარობდა შედარებით მოქმედ პირთა ღირსებასა და იმ შემთხვევებთან, რომლებიც ხვდებოდა მოთხრობაში.

    მადონა ორეტა იმას რომ ყურს უგდებდა, ისე იწურებოდა ოფლში და ისე მისდიოდა გული, რომ ბრძანებდით, ავადაა და საცაა უნდა აღესრულოსო. ქალს მოთმინების ილაჯი გაუწყდა და რაკი ხედავდა, რაინდმა ძალიან შორს შეტოპა სიბრიყვის მორევში და იქიდან გამოსვლას ვეღარ მოახერხებსო, ხუმრობით უთხრა: მესერე, თქვენი მერანი, სწორედ მოგახსენოთ, ძალიან ანჯღრევს კაცს; გეთაყვა, თუ შეიძლება, ინებეთ და ძირს ჩამომსვითო. რაინდი, რომელსაც გაგონილის მიხვედრა გაცილებით უფრო ემარჯვებოდა, ვიდრე მოხდენილად ამბის მოყოლა, დაცინვას მიუხვდა, ქალის ნათქვამი სიცილსა და ხუმრობაში ჩაატარა და ახლა სხვა ამბები დაიწყო, ხოლო უგერგილოდ ნაამბობ ამბავს დასრულება აღარ აღირსა.

    ამბავი მეორე. მეპურე ჩისტი

    მეპურე ჩისტი ერთი სიტყვით გულისხმაში ჩააგდებს ჯერი სპინას მისი უკრძალველი თხოვნისათვის.

    როგორც ქალებმა, ისე კაცებმა ყველამ ძალიან უქეს მადონა ორეტას ნათქვამი, მერე დედოფალმა პამპინეას უბრძანა - აბა ახლა შენ განაგრძეო. პამპინეამაც ასე დაიწყო: - მზეთუნახავნო! მე თვითონ ჩემს თავზე ვერ გადამიწყვეტია - ვისი უფრო ბრალია: ბუნებისა, რომელიც კეთილშობილ სულს საზიზღარ სხეულში ათავსებს ხოლმე, თუ ბედ-იღბლისა, რომელიც კეთილშობილი სულით მომადლებულ სხეულს ანიჭებს მდაბალ ხელობას, როგორც ეს შეგვეძლო დაგვენახა ჩვენს თანამოქალაქე ჩისტიზე და მრავალ სხვებზე. აი ამ ჩისტის, მეტად ამაღლებული სულის ადამიანს, ბუნებამ ხვედრად მეპურეობა არგუნა. და მე უეჭველად ერთნაირადვე დავწყევლიდი როგორც ბუნებას, ისე ბედს, რომ არ ვიცოდე, რომ ბუნება ბრძენია, ხოლო ბედს ათასი თვალი ასხია, თუმცა ბრიყვები მას ბრმადა ხატავენ ხოლმე. მე მგონია, ბუნება და ბედი, როგორც დიდად გამობრძმედილნი, იქცევიან ისე, როგორც ხშირად იქცევიან სიკვდილის შვილნი, რომელთაც რაკი არ იციან, თუ რა მოელით, თავიანთი საჭიროებისათვის თავიანთ ყველაზე ძვირფას ნივთებს ინახავენ სახლის ყველაზე უჩინარ ადგილებში, სადაც გარეშე კაცი ნაკლებად აიღებს ეჭვს, მაგრამ როცა ძალიან გაუჭირდებათ, იქიდან გამოაქვთ, რადგან ასეთი ნივთები უფრო ადვილად გადარჩება ხოლმე უჩინარსა და ართვალ ადგილას, ვიდრე მშვენიერ ოთახში შენახულები. მსგავსადვე, ქვეყნიერების ამ ორთა მსახურთ თავიანთი უმეტესად ძვირფასი ნივთები დამალული აქვთ ხოლმე ისეთ ხელობათა ჩრდილქვეშ, რომლებიც ყველაზე შეურაცხ ხელობად ითვლებიან, რათა, როცა დასჭირდებათ და იქიდან გამოიღებენ, ამ ნივთების ნათელმა მით უფრო ძლიერ იბრწყინოს. და ახლა ერთი პატარა ამბით მინდა უფრო ნათლად წარმოგიდგინოთ ისა, თუ როგორი მცირემნიშვნელოვანი საქმით გამოაჩინა ეს მეპურე ჩისტიმ, რომელმაც მესერ ჯერი სპინას აუხილა სულიერი თვალები. ეს ამბავი მომაგონა მე მის ცოლ მადონა ორეტაზე თქმულმა ამბავმა.

    უნდა მოგახსენოთ, რომ როცა პაპმა ბონიფაციომ, რომელთანაც ჯერი სპინა დიდ გავლენიან კაცად ითვლებოდა, ფლორენციაში ზოგიერთი თავისი საქმისათვის ზოგი თავისი ცნობილი ელჩი გამოგზავნა, ესენი მესერ ჯერის სახლში ჩამოხდნენ და ამათთან ერთად მასპინძელიც ღებულობდა მონაწილეობას პაპის საქმეების გამო ლაპარაკში. მესერ ჯერი პაპის ამ ელჩებთან ერთად თითქმის ყოველ დილას, სხვადასხვა მიზეზისა გამო, ფეხით ჩაუვლიდა სანტა მარია უგის ეკლესიას, სადაც მეპურე ჩისტის ფურნე ჰქონდა და თვითონ პირადად უძღვებოდა თავის საქმეს. თუმცა ბედმა ჩისტის მეტად სათაკილო ხელობა ახვედრა, მაინც ეს ბედი იმდენად უმართავდა ხელს, რომ დიდი სიმდიდრე მოიხვეჭა. და მაინც არაფრის გულისათვის არ უნდოდა სხვა ხელობა აერჩია, ცხოვრობდა განცხრომით, და ფლორენციასა და მის მიდამოებში თუკი სადმე იშოვებოდა საუკეთესო თეთრი და წითელი ღვინოები, სახლში, სხვა კარგ რამეებთან ერთად, ჩისტისაცა ჰქონდა.

    ჩისტი ხედავდა, რომ მესერ ჯერი და პაპის ელჩები ყოველ დილას ჩაუვლიდნენ ფურნეს წინ. რაკი დიდი სიცხე იდგა, ჩისტის აზრად მოუვიდა, - კარგს ვიზამ, თუ ამათ ჩემს თეთრ ღვინოს დასალევად შევთავაზებო; მაგრამ თავისი მდგომარეობა მესერ ჯერისას რომ შეადარა, თქვა: მე თვითონ რომ დავპატიჟო, ვაითუ უზრდელობაში ჩამომართვასო, და დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოეხერხებინა, რომ თვითონ ჯერის დაეპატიჟებინა თავი.

    ჩისტის ერთი თვალისმომჭრელი სითეთრის ჯუბა ეცვა, წინიდანაც სულ მუდამ სუფთად გარეცხილი წინსაფარი ეკეთა, ასე რომ, ასეთნაირად ჩაცმული, მეწისქვილეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხაბაზს; ყოველ დილას, სწორედ იმ საათს, როცა, მისი აზრით, მესერ ჯერისა და მასთან მყოფ ელჩებს უნდა გამოევლოთ, თავისი ფურნის კარის წინ ცივი წყლით სავსე ახალსა და მოკალულ სათლს დაადგმევინებდა, გვერდით მოუდგამდა ახალ ბოლონიურ ორკოლს, რომელშიაც თავისი კარგი თეთრი ღვინო ედგა, და ორ ჭიქას, რომლებიც ვერცხლისანი ეგონებოდა კაცს, ისე ბრჭყვინავდნენ; იმათი გამოვლის დროს ჩამოჯდებოდა, მერე ერთი ორჯერ გადააფურთხებდა და დაუწყებდა თავის ღვინოს სმას, მერე ისე მადიანად, რომ ცოცხალს კი არა, მკვდარსაც კი მოუნდებოდა, მის შემხედვარეს, ღვინის დალევა.

    მესერ ჯერიმ ერთი-ორჯერ შეამჩნია ეს ჩისტის. მესამეჯერ კი თვითონ უთხრა: „როგორია, ჩისტი, ეგ ღვინო? ხომ კარგია? ჩისტი ფიცხლავ ფეხზე წამოუდგა და უპასუხა: „დიახ, მესერე, კარგი გახლავთ, მაგრამ თუ რამდენად კარგია, იმას ვერ მოგახსენებთ, სანამ თქვენ თვითონ არ ინებებთ. მესერ ჯერის ცხელმა ამინდმა, ჩვეულებრივზე მეტად დაღლილობამ თუ იმის ყურებამ, თუ რა ეშხით სვამდა ჩისტი, მოაწყურა, ელჩებს ღიმილით მიუბრუნდა და უთხრა: „ბატონებო, ცუდი არ იქნება, ერთი ამ პატიოსანი კაცის ღვინის გემოსაც რომ ვნახავდეთ, მგონი, სანანურად არ დაგვრჩეს... ესა თქვა და მათთან ერთად გამოსწია ჩისტისაკენ. ამან ფურნიდან ერთი გრძელი მერხი გამოატანინა და სტუმრებსა სთხოვა დაბრძანდითო, ხოლო ჭიქების გასარეცხად მოსულ მსახურთ უთხრა: „თქვენ, ჩემო კარგებო, აქედან გამეცალენით, ამათ კი მე ვემსახურები, რადგან მერიქიფობა პურის დასმაზე ნაკლებ კი არ მემარჯვება; ღვინის ერთ წვეთსაც არ გაჩვენებთ გემოთი, ტყუილად იმედი ნუღარ გექნებათ.

    ესა თქვა ჩისტიმ, თვითონ თავისი ხელით დარეცხა ოთხი ლამაზი და ახალი ჭიქა, მოატანინა ერთი ხელადა თავისი თავანკარა ღვინისა და გულმოდგინედ შეუდგა ჯერისა და მისი ამხანაგების ჭიქებში ღვინის დასხმას. ღვინო ისე მოეწონათ, რომ იძახდნენ, დიდი ხანია ასეთი კარგი ღვინის გემო არ გვინახავსო. მერე სულ ამ ღვინის ქებაში იყვნენ. ამიტომ სანამ ელჩები ფლორენციაში იმყოფებოდნენ, მესერ ჯერი მათთან ერთად თითქმის ყოველ დილას მიდიოდა ჩისტისთან ღვინის სასმელად.

    ელჩებმა რომ მოისაქმიანეს და ფლორენციიდან წასვლა დააპირეს, მესერ ჯერიმ წვეულება გამართა და ამ წვეულებაზე ქალაქის ზოგი უფრო პატივცემული მცხოვრები მოიპატიჟა და მათ შორის დაპატიჟა ჩისტიცა, მაგრამ ამან არაფრის გულისათვის არ ინდომა ხსენებულ წვეულებაზე წასვლა. მაშინ მესერ ჯერიმ მოსამსახურეს უბრძანა: ჩისტისთან მიდი და ერთი ფიასკო ღვინო გამოართვიო. უნდოდა ეს ღვინო ნახევარ-ნახევარი ჭიქა დაელევინებინა სტუმრებისათვის პირველი კერძის შემდეგ. მოსამსახურე ალბათ გულმოსული იყო, რომ ერთხელაც არ ერგო ამ ღვინის გემოს ნახვა, და ამიტომ დიდი ჭურჭელი წაიღო. ჩისტიმ რომ დაინახა, უთხრა: ჩემო შვილო, მესერ ჯერის, ალბათ, ჩემთან არ გამოუგზავნიხარო. მოსამსახურე არწმუნებდა, თქვენთან გამომგზავნაო, მაგრამ ვერას გახდა, დაბრუნდა ჯერისთან და მოახსენა, ასე გახლდათო. ამაზე მესერ ჯერიმ უთხრა: წადი და უთხარი, რომ მე გამოგგზავნე და ვინიცობაა, ისევ ისე გიპასუხა, მაშინ ჰკითხე: მაშ ვისთან გამგზავნა-თქო? მსახური დაბრუნდა ჩისტისთან და უთხრა: სწორედ თქვენთან გამომგზავნა ბატონმაო. ამაზე ჩისტიმ უპასუხა: არა, ჩემო შვილო, ტყუილია, ჩემთან არ გამოუგზავნიხარო. კარგი და მაშ ვისთან გამგზავნაო? - ჰკითხა მსახურმა. არნოზე გაუგზავნიხარ, შვილოო, - უპასუხა ჩისტიმ.

    მოსამსახურემ ჩისტის პასუხი კვლავ მოუტანა მესერ ჯერის. ამას მაშინვე თვალები აეხილა და მსახურსა ჰკითხა: აბა, ერთი მაჩვენე, რომელი ფიასკო წაუღეო? და რომ დაინახა ჭურჭელი, თქვა: ჩისტის მართალი უთქვამსო. მოსამსახურეს რაც ეკადრებოდა, ის უთხრა და უბრძანა, უფრო შესაფერი ჭურჭელი წაეღო.

    პატარა ჭურჭლიანი მოსამსახურე რომ დაინახა, ჩისტიმ უთხრა: ვხედავ, რომ ახლა კი ჩემთან გამოუგზავნიხარ და სიამოვნებითაც გაგივსებო. იმავე დღეს ჩისტიმ ერთი პატარა კასრი იმავ ღვინით გაავსებინა და ჩუმად მესერ ჯერის სახლში წააღებინა, მერე თვითონაც წავიდა და ჯერის რომ შეხვდა, უთხრა: „მესერე, მე არ მინდა ფიქრობდეთ, რომ თქვენმა გამოგზავნილმა დილანდელმა ჭურჭელმა შემაშინა; მხოლოდ მე ისე მომეჩვენა, რომ თქვენ დაგავიწყდათ ის, რაც მე ამ დღეებში ჩემი პატარა ორკოლებით გაჩვენეთ, ე.ი. ისა, რომ ეს ღვინო უბრალო საოჯახო სასმელი ღვინო არ გახლავთ, და ამ დილას სწორედ ეს მინდოდა თქვენთვის მომეგონებინა. ახლა გადავწყვიტე, ხელი ავიღო ამ ღვინის ყარაულობაზე და ამიტომ რაცა მქონდა, სულ თქვენ მოგართვით: რაც გენებოთ, ის უყავით".

    მესერ ჯერიმ დიდი სიამოვნებით ჩამოართვა ძღვენი ჩისტის და ისეთი მადლობაც გადაუხადა, როგორიც მის საფერად ეჩვენა, და ამის შემდეგ ჩისტი სულ მუდამ ღირსეულ ადამიანად და თავის მეგობრად მიაჩნდა.

    ამბავი მესამე. მონნა ნონა

    მონნა ნონა დე პულჩი თავისი მოსწრებული პასუხით გააქარწყლებს ფლორენციის ეპისკოპოსის, ცოტა არ იყოს, უმართებულო ხუმრობას.

    პამპინეამ თავისი ამბავი რომ გაათავა და ყველამ აქო ჩისტის პასუხი და გულუხვობა, დედოფალს ენება შემდეგ ლაურეტას დაეწყო. ისიც მხიარულად შეუდგა: - ჯერ პამპინეამ და ახლა ფილომენამ ძალიან სწორად აღნიშნეს ჩვენი ნაკლები მიხვედრილობაც და მოსწრებული სიტყვის სიმშვენიერეც; ასე რომ, ამას აღარ დავუბრუნდები. მხოლოდ რაც ითქვა მოსწრებული სიტყვების შესახებ, რომლებიც მინდა მოგაგონოთ, უნდა ითქვას, რომ ამ სიტყვებმა ისე უნდა უკბინოს ადამიანს, როგორც ცხვარი კბენს ხოლმე და არა ძაღლი; თუ მოსწრებული სიტყვა ძაღლივით ჩაასობს ადამიანს კბილებს, მაშინ ეს მოსწრებული სიტყვა კი არა, ლანძღვა-გინება იქნებოდა, და აი ეს მშვენივრად დაამტკიცა როგორც მადონა ორეტას ნათქვამმა, ისე ჩისტის პასუხმა. მართალია, თუ კაცი პასუხს იძლევა და ეს მოპასუხე ძაღლივით იკბინება, რადგან იმას წინდაწინვე თითქოს ძაღლივით უკბინესო, ამისთვის კაცს საყვედური არ უნდა ეთქვას, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს; ამიტომ უნდა ვიცოდეთ - როგორ, როდის და ვის და მსგავსადვე რად ვეუბნებით ხოლმე მოსწრებულ სიტყვას, და რადგან ერთმა ჩვენმა მღვდელმთავარმა ამისთანებს ყურადღება არ მიაქცია, თვითონ რომ უკბინა, იმაზე ნაკლებ კი არ უკბენიათ მისთვის. ეს მინდა ერთი პატარა მოთხრობის საშუალებით თვალწინ დაგიყენოთ.

    როცა მაღალღირსი და ნასწავლი ანტონიო დ’ორსო ფლორენციის ეპისკოპოსად ბრძანდებოდა, ფლორენციაში ჩამოვიდა ვინმე კატალანელი აზნაური, მესერ დეგო დელლა რატა, მეფე რუბერტოს მარშლად. როგორც გარეგნობით მეტად ლამაზს და ამასთან დიდ მოარშიყეს, სხვა ფლორენციელ ქალებს შორის ერთი ქალი მოეწონა. ეს ქალი ძალიან ლამაზი იყო და შვილიშვილად ხვდებოდა ხსენებული ეპისკოპოსის ძმას. დეგო დელლა რატამ გაიგო, რომ ქალის ქმარი, თუმცა კარგი შთამომავლობისა ყოფილა, მაგრამ საშინელი ძუნწი და ცუდი კაცის სახელი ჰქონია, ამიტომ მოელაპარაკა - ხუთას ფლორინ ოქროს მოგცემ, ოღონდ ერთ ღამეს შენს ცოლთან დამაწვინეო. შეთანხმდნენ ამაზე და ამანაც ორსოლდოიანი ვერცხლის ფული, რომელსაც მაშინ გასავალი ჰქონდა, ოქროში დააცურვინა, ერთი ღამე მის ცოლთან გაატარა, თუმცა ქალის სურვილის წინააღმდეგ იყო ესა, და მერე ქმარს დაპირებული ფული ჩააბარა. მერე, როცა ყოველივე ეს გამომჟღავნდა, ცუდ კაცს შერჩა ზარალი და ხალხის დაცინვა, ხოლო ეპისკოპოსმა, როგორც ჭკვიანმა კაცმა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი ჰქონოდა გაგებული.

    რადგან ეპისკოპოსი და მარშალი ხშირად იყვნენ ერთად, ისე მოხდა, რომ ივანობას ერთად მიდიოდნენ ცხენით ერთიმეორის მხარდამხარ. ამ დროს ქუჩაში დაინახეს ქალები, რომლებიც ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებოდნენ. მათ შორის ეპისკოპოსმა თვალი მოჰკრა ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ახლანდელმა ჭირმა თან გადიტანა. ამ ქალს სახელად ერქვა მონნა ნონა დე პულჩი და ბიძაშვილი იყო ალესიო რინუჩისა, რომელსაც ალბათ ყველანი იცნობთ. სწორედ ეს ქალი, მაშინ ნორჩი და ლამაზი, მიხვედრილი და გულადი, იმას წინათ პორტა სან პიეროში გათხოვილი, უჩვენა ეპისკოპოსმა მარშალს. როცა დაუმხარდამხარდნენ, ეპისკოპოსმა მარშალს მხარზე ხელი დაადო და ქალს უთხრა: „ნონა, რას იტყვი ამ კაცზე? შეგიძლია სძლიო თუ არა? ნონას მოეჩვენა, რომ ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, შეურაცხყო მისი პატიოსნება და ჩირქი მოსცხო იმათ თვალში, ვინც მაშინ იქ დაესწრნენ - და ასეთები კი ბევრნი იყვნენ - და ეპისკოპოსის ეს ნათქვამი გაიგონეს. ქალმაც ამ ჩირქის მოსარეცხად კი არა, არამედ იმისთვის, რომ დარტყმასზე დარტყმითვე ეპასუხა, სწრაფად მიუგო: „მესერე, ამას შეიძლება არც კი ეჯობნა ჩემთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, ფული ნამდვილი მაინც მოეცა.

    ეპისკოპოსმა და მარშალმა ეს სიტყვები რომ გაიგონეს, იგრძნეს, რომ ორივეს ერთნაირად მოხვდა საყვედური: ერთს - როგორც უპატიოსნო საქციელის მოქმედს ეპისკოპოსის ძმის შვილიშვილის მიმართ, ხოლო მეორეს - როგორც შეურაცხყოფილს ღვიძლი ძმის შვილიშვილის შეურაცხყოფით. ერთმანეთისთვის არც კი შეუხედავთ, დარცხვენილნი, ჩუმად მოშორდნენ იქაურობას და ქალს იმ დღეს იმის მეტი ვერაფერი უთხრეს.

    ამგვარად, ახალგაზრდა ქალს უკბინეს, მაგრამ იმანაც სრულიად საფუძვლიანად უკბინა მოსწრებული სიტყვით თავის მკბენელს.

    ამბავი მეოთხე. კიკიბიოს წეროები

    კურადო ჯიანფილიაცის მზარეულმა კიკიბიომ თავისი მოსწრებული სიტყვით კურადოს რისხვა სიცილად შეაცვლევინა და მოსალოდნელი ხიფათი თავიდან აიცდინა.

    ლაურეტა დაჩუმდა და ყველამ უზომოდ აქო ნონას საქციელი. ამ დროს დედოფალმა ნეიფილეს უბრძანა, შემდეგი შენა თქვიო. ამანაც ასე დაიწყო: - თუმცა მიხვედრილი გონება, ჩემო ტკბილნო, მოლაპარაკეთ, გარემოებისდა კვალად, ხშირად შთააგონებს სწრაფ, სასარგებლო და მოხდენილ სიტყვებს, მაგრამ შემთხვევა, რომელიც ზოგჯერ მშიშარათა დამხმარედ გამოდის, ამათ მოულოდნელად ენაზე დაუდებს ისეთ სიტყვებს, რომლებსაც დამშვიდებულ მდგომარეობაში მყოფი მოლაპარაკე თავის დღეში ვერ იპოვიდა. და აი ჩემი მოთხრობით ამ ნათქვამის სიმართლე მინდა დაგიმტკიცოთ.

    კურადო ჯიანფილიაცი, როგორც ყოველ თქვენთაგანს გენახვებათ და გაგეგონებათ, ჩვენი ქალაქის სახელოვანი მოქალაქე, სულმუდამ უხვი და სტუმართმოყვარე იყო; ცხოვრობდა რაინდულად და მისი საყვარელი გასართობი ქორ-მეძებრები და ნადირობა გახლდათ. ახლა მინდა გიამბოთ სხვა საქმენი მისნი საგმირონი. ერთხელ მისმა შავარდენმა წერო დაიჭირა პერეტოლას ახლო. რაკი ფრინველი მსუქანი და ქორფა გამოდგა, თავის მზარეულს გამოუგზავნა. მზარეულს კიკიბიო ერქვა და ვენეციელი იყო. თანაც შემოუთვალა: შემიწვი და მზად დამახვედრე ვახშმადაო. კიკიბიო, ცოტა არ იყოს, ცეტი ვინმე გახლდათ და ეს ზედაც ეტყობოდა: წერო მოამზადა, ცეცხლზე შემოდგა და შეუდგა მის შეწვას. ფრინველი თითქმის რომ შეიწვა, მეტად დიდი სუნი აუშვა. ამ დროს სამზარეულოში შემთხვევით შემოვიდა ერთი იქაური სოფლელი ქალი, ბრუნეტა, რომელიც კიკიბიოს საშინლად უყვარდა; შემწვარი წეროს სული რომ მიედინა და თვით წერო რომ დაინახა, ძალიან გულითა სთხოვა კიკიბიოს - ერთი ბარკალი მომეციო. კიკიბიომ ღიღინით უთხრა: „ვერ მოგართვეს, ბრუნეტა ქალო, ვერ მოგართვეს, ჩემი ხელიდან ვერას მიიღებთ. დონა ბრუნეტა ამაზე გაწყრა და უთხრა კიკიბიოს: „თუ არ მოგიცია, უფლის მადლმა, თავის დღეში ვერ მიიღებ ჩემგან, რაც შენ მოგესურვება. რაღა ბევრი გავაგრძელო, ბევრი იდავეს. ბოლოს კიკიბიომ, ჩემს სატრფოს არ ვაწყენინოო, წეროს ერთი ბარკალი ააცალა და მისცა.

    მერე კურადოსა და მის სტუმრებს წერო უბარკლოდ რომ მიართვეს სუფრაზე, კურადოს საშინლად გაუკვირდა, მაშინვე დააძახებინა კიკიბიოსათვის და ჰკითხა - წეროს მეორე ბარკალი რაღა იქნაო? ამაზე ტყუილის მოყვარულმა ვენეციელმა ასე მოახსენა: ბატონო, წეროებს ცალი ბარკლისა და ცალი ფეხის მეტი არა აქვთო. კურადო საშინლად გაჯავრდა და შეუტია: „რას მიქარავ, რომ არ ვიცი?! ვინ მოგახსენა, რომ წეროს მხოლოდ ცალი ფეხი და ცალი ბარკალი აქვსო?! თითქო ამის მეტი მნახველი არ ვიყო წეროსი!.. კიკიბიომ მოახსენა: „თქვენი რისხვა არა მქონდეს, მართალს მოგახსენებთ, ბატონო, და როცა გენებებათ, ცოცხალ წეროზე გაჩვენებთ, რომ ეს ასე გახლავთ, ჰო, თქვენს მზესა ვფიცავ. კურადო სტუმრების პატივისცემისათვის მეტად არ ჩააცივდა მზარეულს, მხოლოდ ეს კი უთხრა: „რაკი ამბობ, ცოცხლები მინახავს ასეთებიო, რაც ჩემ სიცოცხლეში არც მინახავს და არც გამიგონია, ხვალ დილასვე უნდა მაჩვენო და მაშინ არაფერს გეტყვი; მაგრამ თუ ასე არ იქნა, ქრისტეს ზიარების მადლმა, ისე მივაბეგვინო შენი თავი, რომ სანამ სული გედგმება, შენდა საუბედუროდ სულ ჩემი სახელი გაგონდებოდეს".

    იმ საღამოს ამ ლაპარაკით გაათავეს. მეორე დილას, ინათა თუ არა, კურადო, რომელსაც ღამე ძილში მაინც არ გადაუარა ბრაზმა, ისევ გულმოსული ადგა და ბრძანა - ცხენები მომგვარეთო; ერთ ჯახრაკზე კიკიბიოს უბრძანა შეჯდომა და გასწიეს ერთი მდინარისაკენ, რომლის ნაპირას განთიადისას ხშირად იცოდა წეროები. ბატონმა თავისი მზარეული იქითკენ წაიყვანა და უთხრა: ახლავე დავინახავთ, გუშინ საღამოს ვინა სტყუოდა: მე თუ შენაო. კიკიბიო ხედავდა, რომ კურადოს ბრაზი ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო, თავი კი როგორმე უნდა ემართლებინა და კი არ იცოდა, როგორ მოეხერხებინა. მისდევდა უკან კურადოს ძალზე შეშინებული და რომ შესძლებოდა, დიდი სიამოვნებით თავს უშველიდა. მაგრამ რაკი გაქცევა ვერ შეძლო, ხან წინ იხედებოდა, ხან უკან, ხანაც გვერდით და რაც წეროებსა ჰხედავდა, ისე ეჩვენებოდა, რომ ორ ფეხზე დგანანო. მდინარეს რომ მიუახლოვდნენ, კიკიბიომ ნაპირას ბარემ თორმეტი წერო დაინახა, ყველანი ცალ ფეხზე იდგნენ. ძილის დროს ასე იციან ხოლმე ამ ფრინველებმა. კიკიბიომ საჩქაროდ უჩვენა წეროები კურადოს და მოახსენა: „აბა, ბატონო, თუ გუშინ საღამოს მართალს არ მოგახსენებდით! ინებეთ და თქვენი ბედნიერი თვალებით შეხედეთ ემანდ მდგარ წეროებს, თუ თითოეულს ცალი ბარკალი და ცალი ფეხი არა აქვს. კურადომ წეროები რომ დაინახა, კიკიბიოს უთხრა: „დამაცა და ახლა დაგიმტკიცებ, რომ ამათ ორ-ორი ფეხი აქვთ, მერე უფრო დაუახლოვდა და აუქშია; კურადოს აქშევაზე წეროებმა მეორე ფეხიც დაუშვეს და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაფრინდნენ. მაშინ კურადომ კიკიბიოს მიმართა და უთხრა: „როგორა გგონია, შე ღორმუცელა, შენა? კიდევ იტყვი, ორფეხები არ არიანო? კიკიბიო თითქმის დაიბნა და თვითონაც არ იცოდა, როგორ მოახერხა, ისე, ასეთი პასუხი მოახსენა: „მართალსა ბრძანებთ, ბატონო, მხოლოდ თქვენ გუშინდელ წეროსათვის არ აგიქშევიათ, თქვენ რომ შეგეძახებინათ, ის წერო მეორე ბარკალსა და მეორე ფეხს ძირს ჩამოუშვებდა, როგორც ამათა ჰქნესო".

    კურადოს ასეთი პასუხი იმ ზომამდე მოეწონა, რომ მთელი თავისი ბრაზი და წყრომა სიცილად და მხიარულებად გადაექცა და უთხრა: მართალი ხარ, ჩემი კიკიბიო, მეტი გზა არ არის, უნდა დაგემოწმოო.

    ამგვარად, თავის სწრაფი და სახუმარო პასუხით კიკიბიომ ხიფათს თავი დააღწია და თავისი ბატონის გულიც მოიბრუნა.

    ამბავი მეხუთე. მესერ ჯოტო

    მესერ ფორეზე და რაბატა და მხატვარი ჯოტო მუჯელოდან ბრუნდებიან და თავიანთ საწყლურ გარემოებაზე ეცინებათ.

    ნეიფილე დაჩუმდა. ქალთაგანს ბევრს ძალიან მოეწონა კიკიბიოს პასუხი. ამასობაში დედოფლის ბრძანებით პამფილომ ასე დაიწყო: - ქალებო, თქვენი კვნესამე! ხშირადა ხდება, რომ ბედი ცუდ ხელობათა ქვეშ ფარავს სათნოების უთვალავ ზინეთს, როგორც ამას წინათ პამპინეამ დაგვიმტკიცა; ეგრეთვე ადამიანთა მახინჯი გარეგნობის ქვეშ ბუნებას საოცარი ნიჭიერება აქვს დაფარული. ამ ნათქვამს აშკარად მოწმობენ ორი ჩვენი თანამოქალაქე, და ამათი ამბავი მოკლედ მინდა მოგახსენოთ.

    ერთი მათგანი, რომელსაც მესერ ფორეზე და რაბატა ერქვა, პატარა ტანისა იყო, უსახური. პირისახე ისეთი ბრტყელი და ცხვირი ისეთი პაჭუა ჰქონდა, რომ ასეთი სახე სასირცხვილო და არასაკადრისი იქნებოდა ბარონჩის ოჯახის ყველაზე სახიჩარი სახის პატრონისთვისაც კი; ამავე დროს ისე ზედმიწევნით იცოდა კანონები, რომ ბევრმა მცოდნე პირმა სამოქალაქო კანონების ზინეთი უწოდა. მეორეს ჯოტო ერქვა: ისეთი ნიჭის პატრონი იყო, რომ არ შეიძლებოდა ცათა დაუსრულებელ ტრიალში ყოველივე გაჩენილი ბუნებისა, ამ ყოველივე არსის შემოქმედისა და დედისა, ფანქრით ან კალმით ან სახატავი ყალმით ისე მიმსგავსებული არ დაეხატა, რომ ეს მსგავსება უფრო სინამდვილე გეგონებოდათ, ვიდრე მიმსგავსება; და ისე ოსტატურადაც ხატავდა, რომ ხშირად მოხდებოდა, რომ მის მიერ გაკეთებული საგნები ატყუებდა ადამიანთა ხედვის გრძნობას, და ესენი სინამდვილედა სთვლიდნენ იმას, რაც დახატული იყო მის მიერ. და რადგან ამ მხატვარმა ხელახლა გამოამზეურა ის ხელოვნება, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დამარხული იყო იმათი შეცდომის გამო, რომელნიც ხატავდნენ უფრო უვიცთა თვალების საამებლად, ვიდრე გონიერთა გონების მისაწვდომად, იგი ღირსეულად შეიქნა ფლორენციული დიდების მანათობელ ლამპრად; და იმდენად უფრო, რამდენადაც უმეტესი თავმდაბლობით მოიპოვა ეს სახელი, იმიტომ, რომ სანამ ცოცხალი იყო, სხვას ასწავლიდა, სხვების ოსტატი იყო და სულ მუდამ უარს კი ამბობდა ამ ოსტატობის სახელწოდებაზე. და ეს მის მიერ უარყოფილი ტიტული მით უფრო ბრწყინავდა მასზე, რაც უფრო უმეტესი მონდომებით და სიხარბით ბოროტად ხმარობდნენ მას მასზე ნაკლებად მცოდნენი ან მისი მოწაფენი, თუმცა მისი ხელოვნება აღმატებული იყო, თვითონ არც სახით და არც გარეგნობით არ იყო მესერ ფორეზეზე ლამაზი.

    მაგრამ ისევ ამბავს დავუბრუნდები და მოგახსენებთ, როგორც გახლდათ.

    მესერ ფორეზესა და ჯოტოს მუჯელოში მამულები ჰქონდათ. ერთხელ მესერ ფორეზე თავისი მამულების სანახავად წავიდა. ზაფხულის სწორედ ის დრო იყო, როცა სასამართლოსათვის არდადეგებია. ერთ ჯახრაკზე შემჯდარიყო და უკან ბრუნდებოდა, ისე დაეწია ხსენებულ ჯოტოს. იმასაც თავისი მამულები დაეთვალიერებინა და ახლა ფლორენციაში ბრუნდებოდა. არც ცხენით და აღარც გარეგნობით თავის თანამგზავრს არაფრითა სჯობდა და, როგორც მოხუცთ შეეფერებოდათ, ისე ნელი ნაბიჯით ერთად წამოვიდნენ.

    როგორც ზაფხულობით იცის ხოლმე, უცბად წვიმამ მოასწროთ; ამათაც რაც შეიძლებოდა ჩქარა თავი შეაფარეს ერთი გლეხის სახლს. ეს გლეხი ერთისაც და მეორისაც ნაცნობი და მოკეთე იყო. ერთმა ხანმა გაიარა, მაგრამ წვიმას გადაღების პირი არ უჩანდა, ამათ კი ისევ დღიურ უნდოდათ ფლორენციაში ჩასვლა, ამიტომ მასპინძელს ორი ძველი ნაბადი სთხოვეს, როგორც რომანიაში იციან ხოლმე, და ორი ქუდი, ხმარებისაგან სულ გაწითლებული, რადგან უკეთესი არა ჰქონდა, და განაგრძეს გზა.

    გაიარეს კარგა გზა. ორივე წვიმისაგან სულ ერთიანად გაიწუწნენ და თან ტალახშიაც ამოიგანგლნენ ცხენების ფეხებისაგან უხვად ნასროლი წინწკლებით (ცხენები მორიდებას საიმისოდ არ დაგიდევენ). ცოტათი რომ გამოიდარა, აქამდე ჩუმად მიმავალმა მგზავრებმა დაიწყეს ლაპარაკი. მესერ ფორეზე თან მიდიოდა და თანაც ყურს უგდებდა ჯოტოს, რომელიც საუცხოო თანამოსაუბრე იყო. მერე თავით ფეხამდე ახედ-ჩახედა და რომ დაინახა, ასე ცუდად ჩაცმულ-დახურული და უშნო, იმას კი ყურადღება არ მიაქცია, თუ თვითონ როგორი იყო, დაიწყო სიცილი და უთხრა: „ჯოტო, ახლა უცხო კაცი ვინმე რომ შემოგხვდეს, განა იფიქრებს, რომ შენისთანა მხატვარი დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება, როგორც ეს ნამდვილადაც არის? ამაზე ჯოტომ დაუყოვნებლივ უპასუხა: „მე მგონია, დაიჯერებდა, თუკი თქვენც შემოგხედავდათ და დაიჯერებდა, რომ თქვენ ანბანი იცით.

    მესერ ფორეზემ ეს რომ გაიგონა, მიხვდა თავის შეცდომას და თქვა: „მართალი უთქვამთ: „მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო".

    ამბავი მეექვსე. ბარონჩების კეთილშობილება

    მიქელე სკალცა რამდენსამე ახალგაზრდას არწმუნებს - მთელ ხმელეთზე და ზღვის ნაპირებზე ბარონჩები ყველაზე კეთილშობილი ხალხიაო, და ვახშამს მოიგებს.

    ჯერ ისევ ეცინებოდათ ქალებს ჯოტოს სწრაფ პასუხზე, ისე დედოფალმა ფიამეტას უბრძანა ამბის თქმა და იმანაც ასე დაიწყო ლაპარაკი: - ქალებო, ბარონჩებს, რომლებიც პამფილომ ახსენა, შეიძლება თქვენ იმისებრ არ იცნობდეთ; მე კი მათმა ხსენებამ მომაგონა ერთი ამბავი, რომელშიაც ნათლადა ჩანს მათი კეთილშობილება. ჩვენ მიერ დასახულ გზას სრულიად არ აგვაცდენს ეს ამბავი, ამიტომ მეც გიამბობთ.

    მას აქეთ კარგა ხანი გავიდა, რაც ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა ერთი ყმაწვილი - მიქელე სკალცა. ისეთი სასიამოვნო და ხუმარა დედამიწის ზურგზე სხვა მეორე არ მოიძებნებოდა; თქვენ ის უნდა ბრძანოთ, თუ რა გამოულეველი მარაგი ჰქონდა სულ ახალ-ახალი მოთხრობებისა! ამიტომ ახალგაზრდა ფლორენციელები ცდილობდნენ, როცა შეიკრიბებოდნენ სადმე, ეს ყმაწვილი უეჭველად თავიანთ შორის ჰყოლოდათ.

    ერთხელ მიქელე სკალცა რამდენიმე ყმაწვილთან ერთად მონტუგიში იმყოფებოდა, ისე მათ შორის ამაზე ატყდა დავა: რომელი გვაროვნებაა სხვაზე კეთილშობილი და სხვაზე უძველესი ფლორენციაშიო. ზოგმა უბერტები თქვა, ზოგმა - ლამბერტებიო, და სხვამ კიდევ სხვა გვაროვნება დაასახელა ისე, როგორც მოაგონდა. სკალცამ რომ გაიგონა მათი ლაპარაკი, გაიღიმა და თქვა: ხმა ჩაიწყვიტეთ, ხმა, თქვე ოჩოპინტრეებო! აბა, რომ არ იცით, რას ამბობთ: ყველაზე კეთილშობილი და უძველესი გვაროვნება - არამცთუ მხოლოდ ფლორენციაში, არამედ მთელ ხმელეთზე და ზღვის კიდეებზე - ბარონჩები არიან. ამასვე ამტკიცებენ ყველა ფილოსოფოსნი და ყველა, ვინც ჩემებრ იცნობს მათ; და რომ არ გეგონოთ, ვითომ სხვებზე ვფიქრობდე, გეუბნებით, რომ მე გელაპარაკებით იმ ბარონჩებზე, თქვენს მეზობლებზე, სანტა მარია მაჯორესთან რომ ცხოვრობენო. ყმაწვილები სულ სხვა გვაროვნების დასახელებას მოელოდნენ და ეს გვარი რომ გაიგონეს, სკალცა სასაცილოდ აიღეს და უთხრეს: „ალბათ, მასხრად იგდებ იმათ, თორემ ჩვენც ხომ შენებრ ვიცნობთ ბარონჩებს. ამაზე სკალცამ ასე უპასუხა: „წმინდა სახარების მადლმა, არა ვხუმრობდე, ისე კი არა, მართალს გეუბნებით, ასე რომ, ვისაც გინდათ, დაგენიძლავებით. თუ წავაგე, მომგებსა და ექვს ამხანაგს, ვინც მას მოეწონება, ვახშამს გავუმართავ; გარდა ამისა, ვისაც გინდათ, რამე სასჯელი მოასჯევინეთ ჩემთვის და მე მზადა ვარ დავემორჩილო. დამსწრეთა შორის ერთმა, რომელსაც ნერი მანინი ერქვა, ასე უთხრა: მე მინდა ვახშმის მოგებაო. მოილაპარაკეს და მოსამართლედ დააყენეს პიერო დე ფიორენტინო, რომლის სახლშიაც თავი მოეყარათ. მონიძლავენი წავიდნენ პიეროსთან და სხვებიც გაჰყვნენ, რომ ეყურებინათ სკალცას სანაძლეოს მოგებისათვის და მერე ნიშნი მოეგოთ მისთვის. პიეროს ყოველივე რომ უამბეს, ამან, როგორც ჭკვიანმა ყმაწვილმა, ჯერ ნერის მოუსმინა საბუთები, მერე სკალცას მიუბრუნდა და უთხრა: შენ რით შეგიძლია შენი ნათქვამი დაამტკიცოო? სკალცამ ასე უპასუხა: „რით? რით და ისეთი საბუთით დაგიმტკიცებ, რომ არამცთუ შენა, იმანაც, ვინც არ მეთანხმება, თქვას, რომ მე მართალი ვყოფილვარ. თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ, რომ ადამიანი რაც ძველებურია, მით უფრო კეთილშობილია და ესენიც ამასვე ამბობენ ერთმანეთში. ხოლო ბარონჩის გვარი ყველაზე უძველესი გვარია, მაშასადამე, ყველაზე კეთილშობილიცაა. და რაკი დაგიმტკიცებთ ბარონჩების გვარის სიძველეს, ცხადია, სანაძლეოც მე უნდა მოვიგო. თქვენ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ბარონჩები უფალმა გააჩინა მაშინ, როცა ხატვის სწავლა დაიწყო; ხოლო სხვები მაშინ გაჩნდნენ, როცა უფალმა ხატვა ისწავლა. და თუ გინდათ დარწმუნდეთ, რომ მართალს გეუბნებით, დააკვირდით ბარონჩებსაც და სხვებსაც: იმ დროს, როცა სხვებს სახე ყველას თვალადი და შედარებით გაწყობილი აქვთ, ბარონჩებს ზოგს ჩამოგრძელებული და ვიწრო სახე აქვს, ზოგს უზომოდ გაბრტყელებული, ზოგს კიდევ ცხვირი აქვს გრძელი, ზოგსაც - მოკლე; ზოგს ნიკაპი აქვს გამოწეული და ზევითკენ აშვერილი, ღაწვები სახედრის ღაწვებს მიუგავთ; ისეთებიცაა, ვისაც ცალი თვალი მეორეზე უფრო მსხვილი აქვს, ზოგსაც ცალი თვალი ძირს დაწეული აქვს და მეორე თვალი მაღლა აწეული, სწორედ ისე, როგორც ამას ბავშვები ხატავენ ხოლმე, როცა ხატვას

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1