Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ჯადოსნური მთა (წიგნი II)
ჯადოსნური მთა (წიგნი II)
ჯადოსნური მთა (წიგნი II)
Ebook847 pages4 hours

ჯადოსნური მთა (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ამ იდეებით დახუნძლულ რომანში თომას მანი იყენებს სანატორიუმს შვეიცარიის ალპებში, რაც ევროპის მიკროკოსმად აქვს გამოყენებული და რომელიც 1914 წლამდე უკვე ავლენდა ირაციონალობის პირველ ნიშნებს. "ჯადოსნური მთა" - ესაა ერუდიციისა და ირონიის, სექსუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური ხეტიალის მონუმენტური ნაწარმოები, წიგნი, რომლის სიცოცხლის პულსაცია გაისმის სიკვდილის ბატონობისას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
ჯადოსნური მთა (წიგნი II)

Read more from თომას მანი

Related to ჯადოსნური მთა (წიგნი II)

Related ebooks

Reviews for ჯადოსნური მთა (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ჯადოსნური მთა (წიგნი II) - თომას მანი

    თომას მანი - ჯადოსნური მთა (წიგნი II)

    Thomas Mann - Der Zauberberg (II)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დალი კოკაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი მეხუთე

    ენციკლოპედია

    HUMANIORA

    კვლევა-ძიებანი

    მიცვალებულთა როკვა

    ვალპურგის ღამე

    თავი მეექვსე

    ცვლილებანი

    კიდევ ვიღაც სხვა

    ღმრთის ქალაქისა და უკეთური ხსნის ამბავი

    გაალმასება. და კიდევ ერთი უაღრესად საჩოთირო რამ

    მოგერიებული იერიში

    OPERATIONES SPIRITUALES

    თავი მეხუთე

    ენციკლოპედია

    ბატონი სეტემბრინის ქარაგმები ჰანს კასტორპს თუ აგულისებდა, ყოველ შემთხვევაში, არ აკვირვებდა მაინც და არც უფლება ჰქონდა, ჰუმანისტისათვის აღმზრდელობითი ჟინი ესაყვედურებინა. ბრმასაც არ გაუჭირდებოდა იმის დანახვა, ჰანს კასტორპის თავს რა ამბავიც ტრიალებდა. არც თვითონ იწუხებდა თავს, გრძნობები დაეფარა, ერთგვარი გულწრფელობა და კეთილშობილი გულუბრყვილობა უბრალოდ ხელს უშლიდა, საიდუმლო გულში ჩაემარხა. ამით განსხვავდებოდა იგი, და თუ გნებავთ, სჯობდა კიდეც, ამ თმაშეთხელებულ მანჰაიმელ შეყვარებულსა და ჩუმ-ჩუმად მძრომელას. მოგაგონებთ და გაგიმეორებთ, რომ ჰანს კასტორპისთანა დღეში ჩავარდნილ კაცს, ჩვეულებრივ, არ ასვენებს ხოლმე გულის გადაშლის სურვილი, რაღაც ძალა ეწევა აღსარებისა და აღიარებისაკენ, საკუთარი თავის გარდა ვეღარავის ხედავს და ცდილობს, თავისი პიროვნებით აღავსოს სამყარო. ეს ლტოლვა მით უფრო გაუგებარია ჩვენისთანა ფხიზლად მოაზროვნე ხალხისათვის, რაც უფრო ნაკლები აზრი, ჭკუა და იმედი ახლავს ხოლმე მას თან. ისე კი, როგორ ახერხებს ასეთი ხალხი თავის გაცემას, ძნელი სათქმელია. ეტყობა, მათ არც შეუძლიათ, რაიმე მოიმოქმედონ და ეს შეუმჩნეველი დარჩეს სხვას, მით უმეტეს, ისეთ საზოგადოებას, რომელსაც დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევდა, მხოლოდ ორი რამ რომ უტრიალებს თავში: პირველ რიგში ტემპერატურა და მეორე რიგშიც ტემპერატურა, ანდა ის საკითხი, ვენელი გენერალური კონსულის მეუღლე ფრაუ ვურმბრანდტი ვისით იამებს კაპიტან მიკლოზიჩის გულარძნილობით ნატკენ გულს: სავსებით გამოჯანსაღებული შვედი გოლიათით, დორტმუნდელ პროკურორ პარავანტით თუ ერთდროულად ორივეთიო. საზოგადოებისათვის ისიც ეჭვმიუტანლად ცნობილი გახლდათ, რომ მრავალი თვის განმავლობაში პროკურორისა და ამსტერდამელი ფრაუ ზალომონის შემაკავშირებელი ძაფები მშვიდობიანი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი იყო. ფრაუ ზალომონი ასაკის ძახილის შესაბამისად შედარებით ნორჩ თაობას მიჰბრუნებოდა და კლეეფელდის მაგიდასთან მჯდომ ტუჩებგადმობრუნებულ გეზერს აფარებდა მოწყალე კალთას, ანუ, როგორც ფრაუ შტორმა კანცელარიული სტილით და საკმაოდ თვალსაჩინოდაც ბრძანა, გენზერი მას უკვე საქმეში ჰყავდა „ჩაკერებული". ამ ამბავს წყალი არ გაუვიდოდა, ამგვარად, პროკურორი ჩიტივით თავისუფალი გახლდათ და შეეძლო გენერალური კონსულის მეუღლის გულისთვის შვედისთვის ან დაერტყა, ან მეტოქეს მშვიდობიანად მორიგებოდა.

    ამგვარად, „ბერგჰოფის საზოგადოებასა და განსაკუთრებით ციებ-ცხელებით შეპყრობილი ახალგაზრდების წრეში ფესვგადგმული ამბები, რომელთა შორისაც აშკარად მნიშვნელოვან როლს აივნიდან აივანზე (შუშის თეჯირებისა და მოაჯირის გასწვრივ) გაძრომ-გამოძრომა თამაშობდა, შეადგენდა აქაური ცხოვრების ძირითად ატმოსფეროს, თუმცა აქ დატრიალებულ ამბებს, კაცმა რომ თქვას, არც ეს აზრი გამოხატავს ზუსტად. ჰანს კასტორპს, მაგალითად, ეჩვენებოდა, რომ ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც მთელ მსოფლიოში, ხუმრობით იქნებოდა ეს თუ სერიოზულად, ესოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, აქ კიდევ სირთულესა და ამ სირთულის წყალობით სრულიად ახალ ტონალობას, ფასსა და შინაარსს იძენდა. ეს გარემოება კი ამ საქმეს საშიშ თუ არა, თავისი სიახლის გამო შემაშფოთებელ შუქში მაინც ახვევდა. ამ აზრის გამოთქმისას სახე გვეცვლება და აღვნიშნავთ, რომ თუკი ხსენებულ საჭოჭმანო ურთიერთობებზე აქამდე მსუბუქი და ხუმრობანარევი ტონით ვლაპარაკობდით, ეს იმავე იდუმალ მიზეზებს უნდა მივაწეროთ, რომელთა გამოც ეს ამბავი ასე ხშირად ხდება ხოლმე, ოღონდ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს იგი სახუმარო და იოლი იყოს. იმ სფეროში კი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სიყვარული მართლაც ნაკლებად სახუმარო უნდა ყოფილიყო, ვიდრე სადმე სხვაგან. ჰანს კასტორპს იქამდე ეგონა, ამ სიამოვნებით ხელწამოსაკრავ მნიშვნელოვან ურთიერთობებში მშვენივრად ვერკვევიო და არც გაემტყუნებოდა. ახლა კი მიხვდა, რომ ბარში მხოლოდ ზერელედ იყო გათვითცნობიერებული და, კაცმა რომ თქვას, ბევრ რამეზე გულუბრყვილო წარმოდგენაც კი ჰქონდა. აქ მიღებულმა პირადმა გამოცდილებამ კი, რომლის ბუნების ახსნასაც მრავალგზის შევცდილვართ, ერთ მშვენიერ დღეს წამოაცდენინა, „ღმერთო ჩემოო და საკმაოდ უშველა იმ გაუგონარი, თავზე ხელაღებული და უსახელო გრძნობების გამაძლიერებელი აქცენტის აზრს ჩასწვდომოდა, რითაც ეს ურთიერთობა აქ, ზევით, მობინადრეებისათვის იყო დაღდასმული. ამით ის კი არ გვინდა ვთქვათ, თითქოს აქ მსგავს ამბებზე არავინ ხუმრობდა, მაგრამ ბართან შედარებით, აქ ხუმრობის მანერასაც გაცილებით მეტად აჩნდა სიყალბის დაღი, მასში თითქოს სიმწრით კბილთა ღრჭენა და ოხვრა ისმოდა, რაც ამ ხუმრობის ქვეშ დამალულ გრძნობას გამჭვირვალე საფარველში ხვევდა ან უფრო სწორად, ძლივს დაფარულ სიმძიმილს ააშკარავებდა. ჰანს კასტორპს გაახსენდა, როგორ გაუფითრდა იოახიმს სახე და მერე კი აუფორეჯდა, როცა პირველად და უკანასკნელად ბარისეული მიამიტობით ჩამოუგდო სიტყვა მარუსიას ხორციელებაზე. ისიც გაახსენდა, თვითონ როგორ გაეყინა და გაუფითრდა სახე, ფრაუ შოშა ჩამავალი მზის სხივისაგან რომ დაიფარა. მანამდეც და მერეც სხვებისთვისაც შეუმჩნევია მსგავსი სიფითრე, და, როგორც წესი, ერთდროულად ორი ადამიანის სახეზე, მაგალითად, ფრაუ ზალომონისა და ყმაწვილი გენზერის სახეებზე, როცა მათ შორის, ის-ის იყო, იწყებოდა ფრაუ შტორის მიერ ენამოსწრებულად მონათლული ურთიერთობა. მოკლედ, ჰანს კასტორპმა ყველაფერი გაიხსენა და მიხვდა, რომ ისეთ პირობებში არამცთუ ძნელი იყო არ „გაგეცა" თავი, არამედ საერთოდ არც ღირდა გრძნობების დამალვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მარტო გულწრფელობითა და დიდსულოვნებით არ აიხსნება, ჰანს კასტორპი გრძნობის დამალვაზე დიდად რომ არ იწუხებდა თავს, იგი უფრო აქაურმა ატმოსფერომ წაათამამა.

    იოახიმმა თავიდანვე გაუძნელა აქ ნაცნობობის გაბმა, რაც უფრო იმის ბრალი იყო, რომ ბიძაშვილებს სანატორიუმის საზოგადოებისაგან შორს ეჭირათ თავი და, ასე ვთქვათ, ცალკე პარტიას თუ მინიატიურულ ჯგუფს ქმნიდნენ. გარდა ამისა, სამხედრო სამსახურზე მეოცნებე იოახიმს ერთი სული ჰქონდა, როდის გამოჯანსაღდებოდა და საზოგადოებაში გარევასა და თავის ბედქვეშ მყოფ პაციენტებთან მეტად დაახლოებას ამიტომაც გაურბოდა. ეს გარემოება რომ არა, ჰანს კასტორპს მეტი გასაქანი ექნებოდა და გულსაც აქამდე გადაუშლიდა ვინმეს. ასე იყო თუ ისე, ერთ საღამოს იოახიმმა ჰანს კასტორპს ჰერმინე კლეეფელდისა და მისი ორი თანამესუფრის - გენზერისა და რასმუსენის წრეში წაასწრო. ამ წრეს კიდევ მონოკლიანი, გრძელფრჩხილა ყმაწვილიც მიმატებოდა. არაბუნებრივად თვალებგარწყინებული ჰანს კასტორპი მათ შორის ჩამჯდარიყო და აკანკალებული ხმით ასხამდა ხოტბას ფრაუ შოშას თავისებურ და უცხო სახის წყობას, მისი მსმენელები კი ერთმანეთს ხან გადახედავდნენ, ხან მუჯლუგუნს წაჰკრავდნენ და სიცილით იგუდებოდნენ.

    იოახიმი ჭირის ოფლში იწურებოდა, ამ მხიარულების მიზეზს კი თავისი გრძნობების გაშიშვლება სულ არ ეჩოთირებოდა, ასე ეგონა, ჩემი გულისნადები რომ დავმალო და მივაფუჩეჩო, რაც მომიპოვებია, იმასაც დავკარგავო. შუბი ხალთაში რომ ვერ დაიმალებოდა, ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა და ნიშნსაც რომ მოუგებდნენ, ამასაც უნდა შერიგებოდა. მარტო მისი თანამესუფრენი კი არა, მეზობელ სუფრაზე მსხდომნიც უთვალთვალებდნენ, რომ მისი გაფითრება-გაწითლების ყურებით ეჯერებინათ გული, როცა შემინული კარი ნაგვიანევად გაიღებოდა და მიჯახუნდებოდა. იგი ამითაც კმაყოფილი იყო, ასე ეგონა, რახან ამდენ ყურადღებას იმსახურებს ჩემი გრძნობა, მაშასადამე, საზოგადოება მხარს მიჭერს და თანამიგრძნობსო. ეს დასკვნა კიდევ უფრო უღვივებდა გაურკვეველ და უგუნურ იმედს, ფრთას ასხამდა და ბედნიერებასაც კი ანიჭებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ პაციენტები სპეციალურად იყრიდნენ თავს, რათა ამ თვალდავსებული მიჯნურის ცქერით ეჯერებინათ გული. ეს უმეტესად ნასადილევს, ვერანდაზე ხდებოდა, ან კვირას, ნაშუადღევს, როცა დამსვენებლები კონსიერჟის ჯიხურთან იყრიდნენ ხოლმე ფოსტის მისაღებად თავს - ფოსტას იმ დღეს ოთახებში არ არიგებდნენ. ყველამ იცოდა, რომ ჰანს კასტორპი თავბრუდასხმული და დარეტიანებული მიჯნური გახლდათ და სულის ყოველი მოძრაობა სახეზე ეხატებოდა. ჰოდა, დადგებოდნენ ერთად ფრაუ შტორი, ფროილაინ ენგელჰარტი, კლეეფელდი და მისი ტაპირისსახიანი მეგობარი ქალი, განუკურნებელი ბატონი ალბინი, გრძელფრჩხილა ყმაწვილი კაცი და პაციენტთა საზოგადოების სხვა რომელიმე წევრი, ტუჩს იბზუებდნენ, ფრუტუნებდნენ და ჰანს კასტორპისაკენ იხედებოდნენ. ის კი იდგა, დაბნეულ სახეზე ვნებიანი ღიმილი ეფინა, ლოყებზე ჩამოსვლის პირველ დღესვე მოდებული ალმური ასდიოდა, თვალებშიც იგივე ნაპერწკალი უელავდა, ავსტრიელი მხედრის ხველებამ რომ აღუნთო და ერთი განსაზღვრული მიმართულებით იყურებოდა...

    კაცმა რომ თქვას, ერთხელ ასეთ ვითარებაში ჩინებულად მოიქცა ბატონი სეტემბრინი: ჰანს კასტორპთან მივიდა, საუბარი გაუბა და ჯანმრთელობის ამბების გამოკითხვა დაუწყო, მაგრამ საეჭვოა, ჰანს კასტორპი ამ კაცთმოყვარული ჟესტის მადლობელი დარჩენილიყო. ეს იყო ვესტიბიულში, კვირას, ნაშუადღევს, კონსიერჟს დამსვენებლები შემოხვეოდნენ და წერილებისკენ იწვდიდნენ ხელებს. იოახიმიც აქ იყო, ოღონდ წინ იდგა, მისი ბიძაშვილი კი უკან ჩამორჩენილიყო, სახეზე სასოება აღბეჭდვოდა და ცდილობდა, კლავდია შოშას მზერა დაეჭირა. ქალი იქვე იდგა, ახლოს, თავისი თანამესუფრეების წრეში, და ხალხის შეთხელებას ელოდებოდა. ამ დროს დამსვენებლები ერთმანეთში ირეოდნენ და იოლად შეიძლებოდა, ხელსაყრელი შემთხვევა გამოჩენილიყო. ახალგაზრდა ჰანს კასტორპს ამიტომაც უყვარდა და არ ეთმობოდა ეს წუთები. რვა დღის წინ სარკმელთან ისე ახლოს მივიდა მადამ შოშასთან, რომ ქალი ოდნავ მიეჯახა კიდეც. მადამ შოშამ თავი სწრაფად მოატრიალა და ფრანგულად მოუბოდიშა. ჰანს კასტორპმა იმ წუთში დალოცა თავისი აღგზნებული გული, რომელმაც ძალა მისცა ქალისათვის შეეგებებინა:

    - Pas de quoi, madame! [არაფერს, ქალბატონო].

    რა ბედნიერებაა, ფოსტას ყოველკვირას, ნაშუადღევს, ვესტიბიულში რომ არიგებენო, ფიქრობდა იგი. შეიძლება ითქვას, მთელი კვირა გადასანსლა იმ წუთების დაბრუნების მოლოდინში, მოლოდინი კი წინ სწრაფვას ნიშნავს, ხოლო წინ სწრაფვისას დრო და აწმყო ჯილდოდ კი არა, დაბრკოლებად გეჩვენება, გინდა იგი გააუფასურო, უარყო და გონებაში როგორღაც გადაახტე კიდეც. ლოდინში დრო ჭიანურდებაო, ამბობენ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ლოდინში დრო მოკლდება კიდეც, რადგან დროის უზარმაზარ მასას ისე ნთქავს კაცი, რომ სრულიად არ იყენებს და მისით არ სულდგმულობს. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ლოდინით მოსულდგმულე კაცი ღორმუცელას ჰგავს, რომლის საჭმლის მომნელებელი ორგანოები აუარებელ სანოვაგეს ნთქავენ, მაგრამ საჭმელს ვერც გემოს ატანენ და ვერც შეირგებენ. ეს შედარება შეიძლებოდა, განგვევრცო და გვეთქვა: როგორც მოუნელებელი საკვები არ შეერგება კაცს, ისე ლოდინში გაფლანგული დროც ხანს არ მოუმატებს. თუმცა პრაქტიკულად არც არსებობს წმინდა და შეურეველი მოლოდინი. ამგვარად ჩაიყლაპა კვირა და ისე დადგა მეორე კვირის ნაშუადღევი, ვითომ ეს იგივე, შვიდი დღის წინანდელი ჟამი ყოფილიყოს. გულათრთოლებული ეძებდა ჰანს კასტორპი ხელსაყრელ შემთხვევას, წუთი არ უნდოდა ხელიდან გაეშვა, იქნებ კვლავ მისცემოდა ფრაუ შოშასთან გამოლაპარაკების საშუალება. ასეთი შესაძლებლობის გახსენებაზე გული ხან ეწურებოდა, ხან აუჩქროლდებოდა, შესაძლებლობა რომ სინამდვილედ ექცია, ამაზე კი რატომღაც ფეხს ითრევდა. ამას ნაწილობრივ სამხედრო, ნაწილობრივ სამოქალაქო ყაიდის დაბრკოლებანი ეღობებოდა წინ. ერთი მხრივ, ჰანს კასტორპს პატიოსნებით აღსავსე იოახიმის იქ ყოფნა უშლიდა ხელს, მეორე მხრივ კი საკუთარი მოვალეობისა და ღირსების გრძნობა არ ანებებდა, თავისუფლად მოქცეულიყო. თუმცა იგი სხვა მიზეზის გამოც იკავებდა თავს: კლავდია შოშასთან ჩვეულებრივი, საზოგადოებაში მიღებული ურთიერთობა თქვენობით მიმართვას, რევერანსებსა და შეძლებისდაგვარად ფრანგულად საუბარს გულისხმობდა, ასეთი ურთიერთობა კი ხელს არ აძლევდა ჰანს კასტორპს: იგი არც სასურველი იყო და ვერც ნამდვილი ურთიერთობა დაერქმეოდა. ჰანს კასტორპი იდგა და შესცქეროდა, როგორ სიცილით ლაპარაკობდა ქალი, ზუსტად ისე, როგორც პშიბისლავ ჰიპე ლაპარაკობდა და იცინოდა სკოლის ეზოში: ლაპარაკისას პირს საკმაოდ ფართოდ აღებდა კლავდია შოშა, ყვრიმალებს ზემოთ ირიბად განლაგებული, მონაცრისფრო-მომწვანო თვალები უვიწროვდებოდა და ჭრილებივით მოუჩანდა. თვალების დავიწროება არცთუ ისე „ამშვენებდა", მაგრამ ეს რა მოსატანია - მოგეხსენებათ, შეყვარებული კაცისათვის არც ესთეტიკურ მსჯავრს გააჩნია ფასი და არც მორალური მსჯავრი ფასობს ძვირად.

    - თქვენც უსტარს ელოდებით, ინჟინერო?

    ასე მხოლოდ ერთადერთი კაცი, მისი ხელის შემშლელი ლაპარაკობდა. ჰანს კასტორპი შეკრთა და ბატონ სეტემბრინის მიუბრუნდა. იტალიელი მის წინ იდგა და ღიმილი ეფინა სახეზე. ეს იგივე დახვეწილი და ჰუმანისტური ღიმილი გახლდათ, რომლითაც ოდესღაც ახალჩამოსულს ღელის პირას დადგმულ ძელსკამთან მიესალმა ბატონი სეტემბრინი და ჰანს კასტორპს ამ ღიმილზე მაშინდელივით შერცხვა. მართალია, სიზმარში ხშირად ცოდვილობდა, „მეარღნე გზიდან ჩამოეცილებინა, აქაოდა, „ხელს მიშლისო, მაგრამ მოგეხსენებათ, სიზმარში მყოფ კაცს ფხიზელი კაცი სჯობია და ჰანს კასტორპი არა მარტო გამოაფხიზლა ამ ღიმილმა, არამედ შეარცხვინა კიდეც. იმასაც მიხვდა, რომ უხერხული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და გული მადლიერებით აღევსო.

    - რას ბრძანებთ, ბატონო სეტემბრინი, მე ხომ დესპანი არ გახლავართ! იქნებ ღია ბარათი მოგვივიდეს ერთ-ერთ ჩვენგანს. ჩემი ბიძაშვილი გაიგებს ახლავე.

    - მე კი კოჭლმა ეშმამ უკვე მომართვა ჩემი მცირე კორესპონდენცია, - თქვა სეტემბრინიმ და თავისი განუყრელი, ხაოიანი სერთუკის გულჯიბეზე მოისვა ხელი... - საინტერესო ამბები მომივიდა, დიდად მნიშვნელოვანი ლიტერატურული და სოციალური ამბები, ამას ვერ უარვყოფ. ერთი ჰუმანიტარული ინსტიტუტი დიდ პატივს მდებს და ენციკლოპედიური ხასიათის შრომაში თანამშრომლობას მთავაზობს. მოკლედ, მშვენიერი სამუშაოა, - ბატონმა სეტემბრინიმ სიტყვა გაწყვიტა, - თქვენი საქმეები რასა იქმს? - ჰკითხა მან ყმაწვილ კაცს, - როგორ მიდის, მაგალითად, აკლიმატიზაციის პროცესი? რაც გინდათ, თქვით და, თქვენ არც ისე დიდი ხანია ჩვენ შორის იმყოფებით, რომ ეს საკითხი მოხსნილი იყოს დღის წესრიგიდან.

    - გმადლობთ, ბატონო სეტემბრინი, აკლიმატიზაციის პროცესს კვლავინდებურად ახლავს სიძნელეები. ჩემი აზრით, უკანასკნელ დღემდე გამიჭირდება აქაურობასთან შეგუება. ზოგი ვერასოდეს ვერ ეგუება აქაურობასო, ჩამოსვლისთანავე მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იმ აზრს მაინც ხომ შეეგუები კაცი, რომ აქაურობას ვერ ეგუები?

    - მეტად დახლართული პროცესია, - გაეცინა იტალიელს, - ეგ ჩვენთან ფეხის მოკიდების განსაკუთრებული ფორმა გახლავთ. ბუნებრივია, ახალგაზრდობას ყველაფრის უნარი შესწევს. ვითომ ვერ ეგუება გარემოს და ფესვებს კი იდგამს.

    - დიახ, ბოლოს და ბოლოს, ციმბირის მაღაროებში კი არა ვართ!

    - ღმერთმანი, არა, მაგრამ, თქვენ, გეტყობათ, აღმოსავლურ შედარებებს ამჯობინებთ დასავლურს. იოლი გასაგებია, აზია შთანგვთქავს ჩვენ. საითაც უნდა გაიხედო, თათრულ სახეებს დაინახავ, - სეტემბრინიმ თვალი ზურგს უკან გააპარა, - ჩინგისხანი, ტრამალის მგლის ანთებული თვალები, თოვლი და არაყი, მათრახი, შლიუსელბურგი და ქრისტიანობა, - განაგრძო მან, - კარგი იქნებოდა, აქ, ამ ვესტიბიულში თავდაცვის მიზნით ათენა პალადასთვის აგვეგო საკურთხეველი. ხედავთ, აგერ ვიღაც უნიფხვო ივან ივანოვიჩი როგორ ეკამათება პროკურორ პარავანტს? ორივე ამტკიცებს, ფოსტის მისაღებ რიგში მე ვიდექი წინო. მე არ ვიცი, ვინაა ამ ორში მართალი, მაგრამ გული მეუბნება, რომ ქალღმერთის მოწყალე კალთა პროკურორს ექნება გადაფარებული. მართალია, ისიც კარგი ვირია, მაგრამ ლათინური მაინც იცის.

    ჰანს კასტორპს გაეცინა, ბატონი სეტემბრინი კი არასოდეს იცინოდა. გულიანად გაცინებულს მას ვერც კი წარმოიდგენდით - ღიმილი ოდნავ თუ შეურხევდა ტუჩის კუთხეს. მან ერთხანს უყურა ახარხარებულ ყმაწვილკაცს და მერე ჰკითხა:

    - თქვენი დიაპოზიტივი თუ მიიღეთ?

    - დიახ, მივიღე! - დიდის ამბით დაუდასტურა ჰანს კასტორპმა, - სწორედ ახლახან მივიღე. აი, აქ მიდევს, - დასძინა მან და ხელი პიჯაკის შიდა ჯიბეზე მოივლო.

    - აჰ, საფულით დაატარებთ თან, როგორც პირადობის მოწმობას, პასპორტს ან საწევრო ბილეთს, არა? კეთილი და პატიოსანი. მაჩვენეთ, ერთი!

    სეტემბრინიმ ჰანს კასტორპს შავქაღალდშემოვლებული მომცრო მინის ფირფიტა გამოართვა, ცერითა და საჩვენებელი თითით დაიჭირა და სინათლეზე გახედა, - ეს ჟესტი აქ, ზევით, მიღებული გახლდათ. ფირფიტის ჭვრეტისას ნუშისთვალება სახე ოდნავ დაეჭყანა. კაცი ვერ მიხვდებოდა, რატომ ეჭყანებოდა სახე, კარგად უნდოდა გაეჭვრიტა ფირფიტა, თუ ამას სხვა მიზეზი ჰქონდა.

    - დიახ, დიახ, ინებეთ თქვენი პირადობის მოწმობა, დიდი მადლობა, - თქვა შემდეგ, ფირფიტა პატრონს მხარუკუღმა მიაწოდა და პირი მიიბრუნა.

    - დაინახეთ ხლართები? - ჰკითხა ჰანს კასტორპმა, - კვანძებიც?

    - თქვენ ხომ იცით, რა აზრისაცა ვარ ამ ნაწარმზე, - უნდილად უპასუხა ბატონმა სეტემბრინიმ, - ისიც მოგეხსენებათ, რომ ზედ დამჩნეული ლაქები და ჩამუქებები მეტწილად ფიზიოლოგიური ხასიათისაა. თქვენი სურათის მსგავსი ასობით სურათი მინახავს და შემიმჩნევია, რომ იმის გადაწყვეტა, სურათი ვინმეს „პირადობის მოწმობად" გამოდგება თუ არა, ასე თუ ისე, დამკვირვებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ამ საქმეში უმეცარი კი გახლავართ, მაგრამ უმეცრობის სტაჟი მაინცა მაქვს დიდი.

    - თქვენი პირადობის მოწმობა უარესად გამოიყურება?

    - დიხა, ცოტა უარესად. სხვათა შორის, ჩემთვის ცნობილია, რომ ჩვენი უფალი მაესტროები მარტო ამ სათამაშოთი არ სვამენ დიაგნოზს. მაშ, ჩვენთან აპირებთ გამოზამთრებას, არა?

    - ღმერთმანი... თანდათან ვეჩვევი იმ აზრს, რომ მხოლოდ ჩემს ბიძაშვილთან ერთად მომიწევს დაღმა დაქანება.

    - მაშასადამე, ეჩვევით იმ აზრს, რომ თქვენ... მეტად გონებამახვილური ფორმულირებაა. იმედი მაქვს, მიიღებდით საჭირო ნივთებს, თბილ ტანსაცმელს, გამძლე ფეხსაცმელს?

    - ყველაფერი მივიღე. ყველაფერი წესრიგში მაქვს, ბატონო სეტემბრინი. შინაურებს ვაცნობე და ჩვენმა დიასახლისმა ყველაფერი სასწრაფოდ გამომიგზავნა. ახლა აღარაფერი მიჭირს.

    - ძალიან მასიამოვნეთ, მაგრამ მოიცათ, თქვენ გჭირდებათ საძილე ტომარა, ბეწვგამოკრული საძილე ტომარა. ეს როგორ არ მოგვაგონდა! ასეთი ნაგვიანევი ზაფხული სანდო არ არის. ერთ საათში შეიძლება შუა ზამთარი დაგვიდგეს. თქვენ აქ ყველაზე სუსხიანი თვეების გატარება მოგიწევთ...

    - ჰო, საძილე ტომარა, - თქვა ჰანს კასტორპმა, - უიმისობა არ იქნება. მაგ აზრმა მეც გამიელვა თავში, ვიფიქრე, მე და ჩემი ბიძაშვილი ამ დღეებში დავოსში ჩავალთ და ვიყიდით-მეთქი. მერე აღარაფერში გამომადგება, მაგრამ ხუთი-ექვსი თვისათვის მაინც ღირს ყიდვა.

    - ღირს, ღირს, ინჟინერო! - წყნარად თქვა ბატონმა სეტემბრინიმ და ყმაწვილკაცს უფრო მიუახლოვდა, - იცით, რა თავზარდამცემია, თვეებს ასე იოლად რომ ფანტავთ? თავზარდამცემია, რადგან ასეთი მფლანგველობა არაბუნებრივი და უცხოა თქვენი არსებისათვის და მხოლოდ თქვენი ასაკისათვის დამახასიათებელი წამხედურობის ბრალი გახლავთ. ოჰ, ახალგაზრდობის ეს გადამეტებული წამხედურობა! ესაა, სასოწარკვეთილებას რომ ჰგვრის აღმზრდელს, რადგან ახალგაზრდობა ცუდის გადმოღებისაკენ უფრო იჩენს მიდრეკილებას. ამ ატმოსფეროს შესაფერად კი ნუ ლაპარაკობთ, ჭაბუკო, ისე იაზროვნეთ, როგორც ეს თქვენს ევროპულ ცხოვრების წესს შეეფერება!

    „ბერგჰოფის ჰაერში, უპირველეს ყოვლისა, აზიური სული ტრიალებს. ტყუილად კი არ არის გამოვსებული აქაურობა მოსკოვიტური მონღოლეთიდან ჩამოსული ტიპებით. აი, ამ ხალხზე მოგახსენებთ, - თქვა ბატონმა სეტემბრინიმ და ნიკაპით მხარუკუღმა ანიშნა ჰანს კასტორპს, - შინაგანად მათზე ნუ აიღებთ ორიენტაციას, ნუ გადმოგედებათ მათი ცნებები, პირიქით, თქვენი არსება, თქვენი უფრო მაღალი არსება დაუპირისპირეთ მათ და წმიდათაწმიდად შეინარჩუნეთ ის, რაც თქვენ, დასავლეთის შვილს, ღვთიური დასავლეთის შვილს, ცივილიზაციის პირმშოს, ბუნებითა და წარმომავლობით გაქვთ მომადლებული, ავიღოთ თუნდაც დრო! ეს გულუხვობა, ეს ბარბაროსული ხელგაშლილობა დრო-ჟამის ხარჯვაში აზიური სტილი გახლავთ, ალბათ, ამიტომაა, აღმოსავლეთის შვილებს ასე რომ უტკბებათ აქ ყოფნა. არასოდეს შეგინიშნავთ, რუსი „ოთხ საათს რომ იტყვის, ის ჩვენებური კაცის ნათქვამ „ერთ საათზე" მეტს რომ არ უდრის? ადვილი საფიქრებელია, ამ ადამიანების აგდებული დამოკიდებულება დრო-ჟამის მიმართ მათი ქვეყნის უკიდეგანოდ გადაჭიმულ სივრცესთან იყოს დაკავშირებული. სადაც ბევრი სივრცეა, იქ დროც ბევრია. ტყუილად როდი ამბობენ ამ ხალხზე, დროცა აქვთ და ლოდინიც შეუძლიათო. ჩვენ, ევროპელებს, ეს არ შეგვიძლია. ჩვენ ისევე ცოტა გვაქვს დრო, როგორი მცირე სივრცეცა აქვს ჩვენს კეთილშობილურად და კოპწიად დაყოფილ კონტინენტს, ჩვენ როგორც ერთის, ისევე მეორის კარგი მოვლა-პატრონობა, დამუშავება და გამოყენება, დიახ, გამოყენება გვმართებს, ინჟინერო! სიმბოლოდ ჩვენი დიდი ქალაქები ავიღოთ, ცივილიზაციის ეს უდიდესი ცენტრები, ეს აზროვნების სამჭედლოები! როგორც მიწა ძვირდება თანდათან აქ და მიუტევებელი ხდება ფართობის განიავება, ისევე, კარგად დაიმახსოვრეთ ეს, ინჟინერო, ისევე ძვირდება იქ დრო, Carpe diem! [დაიჭირე დღე!] ასე მღეროდა ერთი დიდი ქალაქის შვილი. დრო ადამიანთათვის ღმერთისგან ბოძებული ჯილდოა, კაცობრიობის პროგრესის სამსახურში ჩასაყენებლად ბოძებული ჯილდოა, ინჟინერო!

    ეს უკანასკნელი სიტყვებიც კი, რომლებიც ამდენ ფონეტიკურ დაბრკოლებას უქმნიდნენ მის მედიტერანულ ენას, სეტემბრინიმ ჩინებულად, მკაფიოდ, კეთილხმოვნად და შეიძლება ითქვას, პლასტიკურადაც კი მიიტანა მსმენელის ყურამდე. ჰანს კასტორპი ხმას არ იღებდა, მხოლოდ იმ მოწაფესავით მოკლედ, კისერგაშეშებული და დარცხვენილი უქნევდა სეტემბრინის თავს, რომელიც საყვედურებით სავსე შეგონებებს იღებს ყურად. ან კი რა უნდა ეპასუხა? ეს Privatissimum, [საიდუმლო ბარათი] რომელიც ბატონმა სეტემბრინიმ საიდუმლოდ, დანარჩენი საზოგადოებისაკენ ზურგშექცეულმა, თითქმის ჩურჩულით წაუკითხა, ისეთი საქმიანი გახლდათ და ისე ნაკლებად იყო ფართო საზოგადოებისათვის გამიზნული, რომ ტაქტი იმის უფლებასაც კი არ მოგცემდათ, თუნდაც მოწონება გამოგეხატათ. მასწავლებელს არ ეუბნებიან, ეს კარგად გამოგივიდათო. ჰანს კასტორპს წინათ ხანდახან უთქვამს ასე, რათა საზოგადოებრივი თვალსაზრისით მასთან თანასწორი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, მაგრამ ასეთი დაჟინებული აღმზრდელობითი საუბარი ჰუმანისტს მისთვის ჯერ არ ჩაეტარებინა და ჰანს კასტორპსაც სხვა აღარაფერი დარჩენოდა: შეგონებანი სიტყვაშეუბრუნებლად უნდა მოესმინა და ამდენი მორალით თავგამოტენილი, დატუქსულ მოსწავლესავით უნდა გაყუჩებულიყო.

    ბატონი სეტემბრინი გაჩუმდა, მაგრამ ეტყობოდა, გულში კვლავ თავის ნათქვამზე ფიქრობდა. ჰანს კასტორპთან ისე ახლოს იდგა, რომ ეს უკანასკნელი წელში გადაიზნიქა, ის კი თავისი შავი, ჭკვიანი თვალებით დაჟინებით მისჩერებოდა ახალგაზრდა კაცს სახეში.

    - თქვენ იტანჯებით, ინჟინერო! - განაგრძო მან, - თავგზააბნეული კაცივით იტანჯებით, ამას ყველა გატყობთ, მაგრამ თქვენი დამოკიდებულება ტანჯვასთანაც კი ევროპული უნდა იყოს და არა აღმოსავლური. აღმოსავლეთი რბილია და ავადმყოფობისადმი მეტ მიდრეკილებას იჩენს. ამიტომაცაა ეს ადგილი აღმოსავლელებით უხვად მოფენილი... თანაგრძნობა და უზომო მოთმინება, აი, ასე ეკიდება აღმოსავლეთი ტანჯვას. ეს დამოკიდებულება არ შეიძლება, უფლება არა გვაქვს ჩვენად, თქვენად გავიხადოთ! ჩვენ ჩემს წერილზე ვსაუბრობდით... ნახეთ, აქ... მაგრამ უმჯობესია, გავეცალოთ აქაურობას! აქ შეუძლებელია... იქით შევიდეთ, იმ ოთახში. მე თქვენ ისეთ რამეებს გაგიმხელთ, რომლებიც... წამოდით!

    ბატონი სეტემბრინი შეტრიალდა, ჰანს კასტორპი ვესტიბიულს მოაცილა და სადარბაზო შემოსასვლელთან ყველაზე ახლოს მდებარე თავისუფალ სალონში შეიყვანა. სალონი სამკითხველო ოთახივით იყო მოწყობილი. ოთახის ჭერი კრემისფრად შეეღებათ, მუხისპანელებიან კედლებთან წიგნების კარადები იდგა. სკამებშემოწყობილ მაგიდაზე აკინძული გაზეთები ეწყო, ხოლო თაღოვან ფანჯრის ნიშებში საწერი მოწყობილობა მოჩანდა. ბატონი სეტემბრინი მიუახლოვდა ერთ-ერთ ფანჯარას და ჰანს კასტორპიც მიჰყვა. კარი ღია დარჩა.

    - ამ ქაღალდებს, - დაიწყო იტალიელმა, ქისასავით დაკიდებული შიდაჯიბიდან მარდად ამოაძრო მოზრდილი, უკვე გახსნილი კონვერტი და შიგ მოთავსებული ნაირ-ნაირი ნაბეჭდი ფურცლები და ერთიც ხელნაწერი ბარათი ჰანს კასტორპს გადმოულაგა, - ამ ქაღალდებს ფრანგულად აწერია: „პროგრესის ხელშემწყობი ინტერნაციონალური საზოგადოება". ეს ლუგანოდან გამომიგზავნეს, სადაც ამ კავშირის ფილიალი გახლავთ. გაინტერესებთ მისი პრინციპები და მიზნები? ორიოდე სიტყვით აგიხსნით. პროგრესის ხელშემწყობ ლიგას დარვინის ევოლუციური მოძღვრებიდან გამოჰყავს თავისი ფილოსოფია, რომ კაცობრიობის ბუნებრივი, შინაგანი მოწოდება თვითსრულყოფა გახლავთ. აქედან კი გამომდინარეობს, რომ ყოველი კაცი, რომელსაც სურს, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ლტოლვა, მოვალეა, ხელი შეუწყოს კაცობრიობის წინსვლასა და განვითარებას. ბევრმა იღო ყურად მისი მოწოდება. ამ კავშირს საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, თურქეთსა და თვით გერმანიაშიც საკმაოდ ბევრი წევრი ჰყავს. მეც მაქვს პატივი, კავშირის წევრთა სიაში ვირიცხებოდე. კავშირმა შეიმუშავა მეცნიერულად დაფუძნებული გრანდიოზული სარეფორმო პროგრამა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სრულყოფის ყველა არსებულ საშუალებას მოიცავს. შესწავლის პროცესშია ჩვენი რასის ჯანმრთელობის პრობლემა, ცდიან დეგენერაციის დასაძლევ ყოველგვარ მეთოდს, რაც უეჭველად მზარდი ინდუსტრიალიზაციის თანმხლები სავალალო მოვლენა გახლავთ. შემდეგ კავშირი მიზნად ისახავს სახალხო უნივერსიტეტების დაარსებას, ცდილობს ამ მიზნისათვის გამოსადეგი ყველა სოციალური ხასიათის გაუმჯობესებით დასძლიოს კლასობრივი ბრძოლა და ბოლოს მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის განვითარებით მოსპოს ხალხთა შორის შეტაკებანი და ომები. როგორც ხედავთ, ლიგის მისწრაფებანი დიდბუნებოვანი და ყოვლისმომცველია. ამ კავშირის მოღვაწეობას მრავალი ინტერნაციონალური ჟურნალი ადასტურებს. ეს გახლავთ ყოველთვიური მიმომხილველები, რომლებიც სამ თუ ოთხ მსოფლიო ენაზე მოგვითხრობენ კულტურული კაცობრიობის პროგრესული განვითარების ამბავს. სხვადასხვა ქვეყანაში დაარსებულია უამრავი ადგილობრივი ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციებმა სადისკუსიო საღამოებისა და საკვირაო დღესასწაულების შემწეობით უნდა გაანათლონ და აღამაღლონ ხალხი, აღზარდონ ისინი ადამიანის პროგრესული იდეალისათვის ბრძოლის სულისკვეთებით. უპირველეს ყოვლისა, კავშირი იმისათვის იღვწის, რომ ყველა ქვეყნის პოლიტიკურ პროგრესულ პარტიებს მიაწოდოს თავისი მასალები და ამით შეუწყოს ხელი... მისმენთ, ინჟინერო?

    - მთელი გულისყურით! - ცხარედ უპასუხა გაოგნებულმა ჰანს კასტორპმა. ამ სიტყვებზე ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ფეხი დაუცდა, მაგრამ საბედნიეროდ, დაცემისაგან თავი შეიკავაო.

    ბატონი სეტემბრინი, ეტყობოდა, კმაყოფილი დარჩა.

    - მე მგონი, თქვენთვის სრულიად ახალ და მოულოდნელ აზრებს ეზიარეთ, არა?

    - დიახ, უნდა ვაღიარო, რომ პირველად მესმის ამ... ამ მისწრაფებების ამბავი.

    - ნეტავ ადრე გაგეგონათ, - წყნარად წამოიძახა სეტემბრინიმ, - ნეტავ ადრე გაგეგონათ! მაგრამ იქნებ ახლაც არ იყოს გვიან. ვაი, ეს ნაბეჭდი ფურცლები... თქვენ გინდათ იცოდეთ, რაზეა აქ ლაპარაკი... მისმინეთ! გაზაფხულზე ბარსელონაში მოიწვიეს კავშირის საზეიმო საერთო კრება. მოგეხსენებათ, ამ ქალაქს შეუძლია იამაყოს პოლიტიკური პროგრესის იდეებისადმი განსაკუთრებული ინტერესებით. კონგრესი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბანკეტებისა და საზეიმო საღამოების ორომტრიალში. ღმერთო დიდებულო, როგორ გულით მინდოდა იმ თათბირში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ამ გაიძვერა ჰოფრატმა ამიკრძალა წასვლა, ეს მოგზაურობა სიცოცხლის ფასად დაგიჯდებაო, მეც შემეშინდა სიკვდილის და ვერ წავედი. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ წარმიკვეთდა სასოს ჩემი უბადრუკი ჯანმრთელობისგან მოწყობილი ოინი. იმაზე მწარე არაფერია, როცა ჩვენი ორგანული, ცხოველური საწყისი გონების სამსახურში გვიშლის ხელს. მით უფრო მანიჭებს სიხარულს ლუგანოს ბიუროდან გამოგზავნილი ეს ბარათი... გაინტერესებთ ხომ, რას მწერენ? სიამოვნებით გიჯერებთ! მოგაწვდით რამდენიმე მოკლე ინფორმაციას... „პროგრესის ხელშემწყობი კავშირი ითვალისწინებს რა სინამდვილეს, დაასკვნის, რომ მისი ამოცანაა, ბედნიერება მოუპოვოს კაცობრიობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ... ადამიანთა ტანჯვა მიზანსწრაფული სოციალური შრომის მეოხებით დაამარცხოს და საბოლოოდ ამოძირკვოს კიდეც, შემდეგ კვლავ ითვალისწინებს რა სინამდვილეს, დაასკვნის, რომ ეს უმაღლესი ამოცანა შეიძლება გადაიჭრას სოციოლოგიური მეცნიერების წყალობით, რომლის საბოლოო მიზანს სრულყოფილი სახელმწიფო წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კავშირმა გადაწყვიტა, ბარსელონაში გამოსცეს მრავალტომიანი შრომა „ტანჯვის სოციოლოგია, რომელშიაც ადამიანური ტანჯვა ყველა თავისი გვარისა და სახეობის მიხედვით ზუსტად და ამომწურავად იქნება დამუშავებული. იქნებ მკითხოთ, რა საჭიროა კლასები, სახეობები და სისტემებიო. მე გიპასუხებთ: წესრიგი და კლასიფიკაცია საწყისია შემეცნებისა, ხოლო ყველაზე საშიში მტერი უცნობი მტერი გახლავთ. ადამიანთა მოდგმა უნდა გამოვიყვანოთ შიშისა და თვინიერი გონებაჩლუნგობის პრიმიტიული სტადიიდან და მას შეგნებული მოღვაწეობის ფაზისაკენ გავუძღვეთ, ოღონდ უნდა ავუხსნათ, რომ სავსებით შესაძლებელია იმ მოვლენების დაძლევა, რომელთა მიზეზებს ჯერ შევიცნობთ და მერე აღმოვფხვრით. ასევე უნდა ავუხსნათ ისიც, რომ ინდივიდის თითქმის ყველა ტანჯვა სოციალური ორგანიზმის დაავადებებს წარმოადგენს. კეთილი და პატიოსანი! აი, ეს გახლავთ „სოციოლოგიური პათოლოგიის" მიზანი. ამგვარად, ლექსიკონის ფორმატის ოცამდე ტომში ჩამოთვლილი და განხილული იქნება ადამიანის ტანჯვის ყველა შემთხვევა, რაც კი შეიძლება არსებობდეს - პირადი და ინტიმური ტანჯვით დაწყებული და დიდი ჯგუფური კონფლიქტებით დამთავრებული, რომლებიც კლასობრივი მტრობისა და საერთაშორისო შეტაკებების ნიადაგზე აღმოცენდება ხოლმე. იგი, მოკლედ რომ ვთქვათ, გვიჩვენებს ქიმიურ ელემენტებს, რომელთა მრავალფეროვანი შერევითა და შეკავშირებითაა შედგენილი ყველა ადამიანური ტანჯვა. ამ ნაშრომს სახელმძღვანელო პრინციპად ადამიანის ღირსება და ბედნიერება გაუხდია და სხვას თუ ვერაფერს, ყოველ შემთხვევაში, ტანჯვის მიზეზთა აღმოფხვრის საშუალებებსა და ხერხებს მაინც ჩაუგდებს კაცობრიობას ხელში. ევროპული სამეცნიერო სამყაროს სახელგანთქმული სპეციალისტები, ექიმები, ეკონომისტები და ფსიქოლოგები მიიღებენ მონაწილეობას ამ ტანჯვის ენციკლოპედიის დამუშავებაში. ლუგანოს გენერალური სარედაქციო ბიურო კი რეზერვუარი იქნება, სადაც თავს მოიყრის ეს სტატიები. თქვენ თვალებით მეკითხებით, რა როლი მეკისრება მე ამ საქმეში, არა? ბოლომდე მათქმევინეთ სათქმელი! ეს დიდი შრომა არც კაზმულსიტყვაობას უგულებელყოფს, რამდენადაც სწორედ ადამიანური ტანჯვა წარმოადგენს მისი ასახვის საგანს. კაზმულსიტყვაობისათვის ცალკე ტომია გათვალისწინებული, სადაც ტანჯულთა სანუგეშოდ და ჭკუის სასწავლებლად ყოველი ადამიანური კონფლიქტის შესაფერი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი იქნება მოკლედ განხილული; ჰოდა, ეს გახლავთ სწორედ ის დავალება, რომელსაც ამ წერილით ანდობენ თქვენს მონა-მორჩილს კავშირის მესვეურები.

    - რას ბრძანებთ, ბატონო სეტემბრინი! ნება მიბოძეთ, სულით და გულით მოგილოცოთ! ეს ხომ დიდებული დავალებაა და მე რომ მკითხოთ, ზედგამოჭრილი თქვენთვის. სრულიადაც არ მიკვირს, რომ ლიგამ თქვენ გაგიხსენათ. ალბათ, როგორ გიხარიათ, ადამიანური ტანჯვის ამოძირკვაში თქვენც რომ შეიტანთ წვლილს.

    - ეს უზარმაზარი სამუშაოა, - დინჯად თქვა ბატონმა სეტემბრინიმ, - მის დასაძლევად დიდი დაკვირვება და ბევრი კითხვა მმართებს. მით უმეტეს, - დასძინა მან და თვალებზე შეეტყო, რომ მზერა თავისი ამოცანის მრავალფეროვნებაში ჩაეკარგა, - მით უმეტეს, რომ კაზმულსიტყვაობა თითქმის ყოველთვის ადამიანურ ტანჯვას ირჩევდა თავისი განსჯის საგნად. დიახ, თვით მეორე და მესამე რანგის ქმნილებებიც კი, ასე თუ ისე, ამ საგანს დასტრიალებენ თავს. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მით უკეთესი ჩემთვის, რაც უნდა მრავლისმომცველი იყოს ჩემი საქმე, იგი იმ ყაიდისაა, რომ უკიდურეს შემთხვევაში ამ დაწყევლილ ადგილზეც შეიძლება გაკეთდეს, თუმცა არ მინდა დავიჯერო, რომ იძულებული შევიქნები, იგი აქ დავასრულო კიდეც. თქვენზე დაკისრებულ მოვალეობაზე კი, - განაგრძო ბატონმა სეტემბრინიმ, ხმას დაუწია და კვლავ ახლოს მივიდა ჰანს კასტორპთან, - თქვენზე დაკისრებულ მოვალეობაზე კი არ შეიძლება იგივე ითქვას, ინჟინერო! სწორედ ამის სათქმელად მინდოდა გამომეტყუებინეთ იქიდან. კარგად მოგეხსენებათ, როგორ მომწონს თქვენი პროფესია, მაგრამ იგი წმინდა პრაქტიკული პროფესიაა და არა ინტელექტუალური და ჩემგან განსხვავებით მხოლოდ ბარში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მხოლოდ ბარში შეგიძლიათ იყოთ ევროპელი, თქვენებურად გაუმკლავდეთ ტანჯვა-ვაებას, პროგრესს ემსახუროთ, დრო მოიხმაროთ. მე მხოლოდ იმიტომ გიამბეთ ჩემს წილხვედრ ამოცანაზე, რათა თქვენი საკუთარი მოვალეობა მოგგონებოდათ, გონს მოჰგებოდით და თქვენი ცნებები გამოგესწორებინათ, აქაური ატმოსფეროს ზეგავლენით აშკარად რომ აგბნევიათ. დაჟინებით მოგიწოდებთ: საკუთარ თავს ნუ განუდგებით! სიამაყეს მოუხმეთ და თქვენი ბუნებისათვის უცხო რაც არის, იმას განერიდეთ, მოსცილდით ამ ჭაობს, ამ კირკეს კუნძულს, თორემ ოდისევსობამდე ბევრი გაკლიათ, რომ აქ ყოფნა შეგრჩეთ. მალე ოთხზე ივლით, საცა წინა კიდურებს დააბჯენთ მიწას და მერე იღრუტუნებთ კიდეც, თავს გაუფრთხილდით!

    ჰუმანისტი ხმადაბლა წარმოთქვამდა თავის შეგონებებს, მაგრამ დაჟინებით იქნევდა თავს, შემდეგ შუბლი შეეჭმუხნა, თვალები დახარა და გაჩუმდა. შეუძლებელი იყო, ჰანს კასტორპს მისთვის ძველებურად ხუმრობით ეპასუხა, ან ბანზე აეგდო სიტყვა, თუმცა ერთი პირობა კინაღამ წასძლია სულმა, ხუმრობაში გაეტარებინა სეტემბრინის შეგონებანი. ახლა ისიც თავდახრილი იდგა, შემდეგ მხრები აიწურა და ისევე წყნარად იკითხა:

    - აბა, რა ვქნა?

    - რაც მე გითხარით.

    - ესე იგი, აქედან წავიდე, არა?

    ბატონი სეტემბრინი დუმდა.

    - იქნებ გნებავთ, მითხრათ, შინ წადიო?

    - ეგ მე პირველსავე საღამოს გირჩიეთ, ინჟინერო.

    - დიახ, მირჩიეთ... და მაშინ თავისუფლად შემეძლო კიდეც შინ დაბრუნება, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერმა დამცადა, ფარ-ხმლის დაყრა მაშინაც უგუნურებად მიმაჩნდა. მაგრამ მას შემდეგ ხომ შეიცვალა საქმის ვითარება. მას მერე იყო, რომ გამსინჯეს და ჰოფრატმა ბერენსმა მიუკიბ-მოუკიბავად მითხრა, შინ გამგზავრება არა ღირს, სულერთია, მაინც მალე მოგიწევთ აქ დაბრუნებაო. ბარში რომ განმეგრძო ძველებურად ცხოვრება, ჩემი საქმე ისე წავიდოდა, ფილტვს მალე გამოვემშვიდობებოდი კიდეც.

    - ვიცი, ვიცი, ახლა პირადობის მოწმობა გიდევთ ჯიბეში.

    - დიახ, ისე ირონიულად მეუბნებით მაგას, რომ... რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ირონიით, რომელიც არც ერთი წუთით არ არის გაუგებარი, პირიქით, მჭევრმეტყველების უშუალო და კლასიკური ხერხი გახლავთ; ხომ ხედავთ, როგორ ვიმახსოვრებ თქვენს სიტყვებს, მაგრამ შეგიძლიათ კი საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა და შინ გამგზავრება მირჩიოთ, როცა უკვე არსებობს ეს ფოტოსურათი, გაშუქების მონაცემები და ჰოფრატის დიაგნოზი?

    ბატონი სეტემბრინი წუთით შეყოყმანდა, შემდეგ წელში გაიმართა, შავი თვალები მტკიცედ მიანათა ჰანს კასტორპს და საკმაოდ თეატრალური და ეფექტური რიხით მიუგო:

    - დიახ, ინჟინერო, ჩემს თავზე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1