Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დეკამერონი (ნაწილი 1)
დეკამერონი (ნაწილი 1)
დეკამერონი (ნაწილი 1)
Ebook1,152 pages12 hours

დეკამერონი (ნაწილი 1)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

მე-14 საუკუნის შუაწელს შექმნილი რომანი, რომელშიც ათი პერსონაჟის მიერ ათი დღის განამვლობაში სიყვარულის, ღირსების, ჭკუისა და მოხერხებულობის ამბებია მოთხრობილი, პირველ რიგში შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ გარდამავალ კულტურულ ღირებულებათა ასახვისათვისა ამნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ევროპული ლიტერატურის ეპოქალურ ნაწარმოებს წარმოადგენს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 6, 2021
დეკამერონი (ნაწილი 1)

Related to დეკამერონი (ნაწილი 1)

Related ebooks

Reviews for დეკამერონი (ნაწილი 1)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დეკამერონი (ნაწილი 1) - ჯოვანი ბოკაჩო

    სარჩევი

    პირველი დღე

    ამბავი პირველი. ყალბი აღსარება

    ამბავი მეორე. მონათლული ებრაელი

    ამბავი მესამე. სამგვარი სარწმუნოება

    ამბავი მეოთხე. აცდენილი სასჯელი

    ამბავი მეხუთე. მარკიზას ვარიები

    ამბავი მეექვსე. „ასწილად მიიღოს"...

    ამბავი მეშვიდე. პრიმასოს სამი პური

    ამბავი მერვე. გვილელმო ბორსიერე

    ამბავი მეცხრე. კვიპროსის მეფე

    ამბავი მეათე. პრასის თავი

    მეორე დღე

    ამბავი პირველი. ნეტარი არიგო და ხუმარა

    ამბავი მეორე. ლოცვა წმ. ჯულიანოსი

    ამბავი მესამე. ინგლისის მეფის ასული

    ამბავი მეოთხე. მეკობრე ვაჭარი

    ამბავი მეხუთე. მთავარეპისკოპოსის ბეჭედი

    ამბავი მეექვსე. მადონა ბერიტოლას თავგადასავალი

    ამბავი მეშვიდე. გარბოს მეფის საცოლე

    ამბავი მერვე. უდანაშაულოს გამართლება

    ამბავი მეცხრე. დასჯილი მატყუარა ანუ გამარჯვებული ცოლი

    ამბავი მეათე. მოხუცებულების კალენდარი

    მესამე დღე

    ამბავი პირველი. მონასტრის მებაღე

    ამბავი მეორე. მეფის მეჯინიბე

    ამბავი მესამე. შეყვარებული ქალი და აღსარება

    ამბავი მეოთხე. მომნანიებელი ქმარი ანუ სამოთხის გზა

    ამბავი მეხუთე. პეწენიკი

    ამბავი მეექვსე. საყვარლის ეშმაკობა

    ამბავი მეშვიდე. მწირი

    ამბავი მერვე. მკვდრეთით აღდგომილი

    ამბავი მეცხრე. ჯილეტა ნერბონელი

    ამბავი მეათე. ეშმაკი ჯოჯოხეთში

    მეოთხე დღე

    ამბავი პირველი. სალერნოელი საყვარლები

    ამბავი მეორე. გაბრიელ მთავარანგელოზი

    ამბავი მესამე. ეჭვიანობის შედეგი

    ამბავი მეოთხე. ჯერბინო

    ამბავი მეხუთე. ერთგული საყვარელი და გულქვა ძმები

    ამბავი მეექვსე. ორი სიზმარი

    ამბავი მეშვიდე. სიმონა

    ამბავი მერვე. სიყვარულის სამჭედლო

    ამბავი მეცხრე. საზარელი ვახშამი

    ამბავი მეათე. დასაძინებელი წამალი

    მეხუთე დღე

    ამბავი პირველი. ჩიმონე

    ამბავი მეორე. დაჯილდოებული ერთგულება

    ამბავი მესამე. პიეტრო ბოკამაცა

    ამბავი მეოთხე. ბულბული

    ამბავი მეხუთე. ორი მოქიშპე

    ამბავი მეექვსე. ბედნიერი შეხვედრა

    ამბავი მეშვიდე. ვიოლანტე

    ამბავი მერვე. გულქვა საყვარლების ჯოჯოხეთი

    ამბავი მეცხრე. შავარდენი

    ამბავი მეათე. მოტყუებული და ნუგეშცემული ქმარი

    იწყება წიგნი, დეკამერონად წოდებული, ანუ, სხვა სახელწოდებით, თავადი გალეოტო, რომელიც შეიცავს ას მოთხრობას, თქმულს შვიდი ქალისა და სამი ჭაბუკი მიერ ათი დღის განმავლობაში.

    პირველი დღე

    იწყება პირველი დღე დეკამერონისა, სადაც იმის შემდეგ, რაც ავტორი ახსნის, თუ რა მიზეზით შეიყარნენ და გამართეს ერთმანეთში მოლაპარაკება იმათ, ვინც შემდეგში უნდა გამოვიდნენ, იწყებენ ბაასს პამპინეას თავმჯდომარეობით. თითოეული მათგანი იმას ლაპარაკობს, რასაც მოისურვებს.

    რამდენჯერაც მომაგონდება, მშვენიერნო, თუ რაზომ გულშემატკივარნი ხართ ბუნებით, ვრწმუნდები, რომ წინამდებარე წიგნის დასაწყისი არ მოგეწონებათ და ცუდ გუნებაზე დაგაყენებთ, რადგან იგი წარსული ჭირიანობის სამწუხარო მოგონებით იწყება. ეს მოგონება განსაკუთრებით სამწუხაროა ყველასთვის, ვინც მომსწრე იყო ამ უბედურებისა, ან ვინც სხვისაგან გაიგო ამ ჭირიანობის ამბავი. მაგრამ ამით სრულებით არ მინდა გული აგიცრუოთ დანარჩენის კითხვაზე და გაფიქრებინოთ, რომ შემდეგშიაც თქვენ მისი კითხვა ცრემლის ღვრითა და ვიშვიშით მოგიხდებათ. ეს საშინელი დასაწყისი დაე იყოს თქვენთვის იმადვე, რაც მოგზაურთათვის იქნება ძნელად ასასვლელი ციცაბო მთა, რომლის გადაღმა გადაშლილია დიდად მშვენიერი და თვალთათვის საამო ველი; და ეს ველი იმდენად უფრო სასიამოვნოდ იქნება მათთვის, რამდენადაც ძნელად ეჩვენებოდათ ამ მთაზე ასვლა და იქიდან ჩასვლა. და როგორც უზომო სიხარულს მწუხარება მოსდევს, ისე მწუხარებასაც მხიარულება შესცვლის ხოლმე. ამ ხანმოკლე სიმწარეს (ხანმოკლე-მეთქი, ვამბობ, რადგან ეს სიმწარე რამდენიმე სიტყვით შეიძლება გამოითქვას) უმალვე მოჰყვება სიტკბოება და სიხარული, რასაც მე წინდაწინვე დაგპირდით და რის იმედი კაცს შეიძლება არც კი ჰქონოდა ასეთი დასაწყისის შემდეგ, წინდაწინვე რომ არ გამეფრთხილებინა. მართალი მოგახსენოთ, რომ შემძლებოდა, დასახული მიზნისაკენ დიდის სიამოვნებით წაგიყვანდით სულ სხვა გზით და არა ამ ციცაბო ბილიკით; მაგრამ, რადგან ამ მოგონების შეუხებლად არ შემიძლია ავხსნა, თუ რად მოხდა ის ამბები, თქვენ რომ მერე წაიკითხავთ, შეიძლება ითქვას, რომ მე გარემოებამ მაიძულა ვწერო ასე და არა სხვაგვარად.

    ამგვარად, მოგახსენებთ, რომ ღვთის ძის ნაყოფიერ ხორცშესხმიდან განვლო ათას სამას ორმოცდარვა წელმა, როდესაც სახელგანთქმულ ქალაქ ფლორენციას, იტალიის ქალაქთა შორის ყველაზე ულამაზესს, თავს დაატყდა მომსვრელი ჭირი, ზეციურ მნათობთა გავლენით თუ ჩვენთა ცოდვათათვის ღვთის სამართლიანი რისხვის მიერ ჩვენდა დასასჯელად მოვლენილი. ეს ჭირი ჯერ აღმოსავლეთ ქვეყნებში გაჩნდა და იქ აუარებელი ხალხი იმსხვერპლა, მერე შეუჩერებლივ გადადიოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ბოლოს დასავლეთამდეც მოაღწია და აქ საშინლად მოედო ყველგან. ამის წინააღმდეგ ვერ გასჭრა ვერავითარმა სიბრძნემ და ნახმარმა საშუალებამ; ქალაქს სიბინძურისაგან აწმენდინებდნენ საგანგებოდ ამისთვის მიჩენილ ხალხს, ყველა სნეულს ქალაქში შემოსვლა აკრძალული ჰქონდა; გამოსცეს მრავალი დარიგება სისუფთავის დასაცველად; აღარა შველოდა არცა მხურვალე ლოცვა-ვედრება, რომელსაც მრავალგზის აღავლენდნენ ზეცად ლიტანიობისა თუ სხვა სახით კეთილმსახურნი ადამიანნი; ხსენებული წლის გაზაფხულის დამდეგიდანვე სენმა მუსრი გაავლო ხალხს და თან უცნაურის ნიშნებითა ჩნდებოდა. აქ ისე არ ჩნდებოდა, როგორც აღმოსავლეთში, სადაც კაცს რაკი ცხვირიდან სისხლი წასკდებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ უეჭველად უნდა მომკვდარიყო; სენის დასაწყისშივე მამაკაცებს და მსგავსადვე ქალებს, საზარდულთან ან იღლიის ქვეშ სიმსივნე რამ გამოუვიდოდათ; ზოგი სიმსივნე ჩვეულებრივი ვაშლისოდენა იყო, ზოგიც კვერცხისა, ზოგი უფრო დიდი და ზოგიც ნაკლები; ხალხი ჭირის სიმსივნეს ეძახდა. ადამიანს ჯერ ამ ორ ალაგას გამოაჩნდებოდა, მერე კი ეს მომაკვდინებელი სიმსივნე სხვა ადგილებზედაც იჩენდა თავს და იზრდებოდა; მერე ეს ნიშანდობლივი სახე ხსენებული სენისა იცვლებოდა და გადაიქცეოდა შავ ან მეწამულ ლაქად, დააყრიდათ ხელებზე, ბარძაყებსა და სხეულის სხვა ნაწილებზე, ზოგს მსხვილად და თხლად, ზოგს კიდევ წვრილად და ხშირად. და როგორც სიმსივნე იყო უეჭველი ნიშანი სიკვდილისა, ისე ეს ლაქებიც, ვისაც დააყრიდა, უეჭველად სიკვდილს უმზადებდა. აშკარა იყო, რომ ამ სენს არც ექიმის რჩევა-დარიგება შველოდა და არცა წამალს რასმე ჰქონდა ძალა, კაცი ვერ იტყოდა, თვით სენის ბრალი იყო ესა, თუ იმათი, ვინც ამ სენისაგან ხალხს არჩენდნენ (ასეთთა რიცხვი მეტისმეტად გაიზარდა, რადგან ნასწავლ მკურნალთა გარდა წამლობას მიჰყვეს ხელი მამაკაცებთან ერთად ქალებმაც, რომელთაც ექიმობა თავის დღეში არ უსწავლიათ), რადგან თავიანთი უვიცობისა გამო სენის გაჩენის მიზეზისათვის ვერ მიეგნოთ და, მაშასადამე, უებარ წამალსაც ვეღარ ხმარობდნენ; ამიტომ ძალიან ცოტანი რჩებოდნენ; თითქმის ყველანი ზემოაღნიშნული ნიშნების გამოჩენის მესამე დღეზე იხოცებოდნენ, ზოგი ცოტა გვიან, ზოგიც ცოტა ადრე, უმეტესობას არც კი აცივებდა, არც სხვა რამ ნიშანი აჩნდებოდა. ჭირი უფრო იმისაგან გაძლიერდა, რომ კარგადმყოფთაც გადაედებოდა ხოლმე, როცა ავადმყოფებს გაეკარებოდნენ, სწორედ იმნაირადვე, როგორც ანთებული ცეცხლი მოეკიდება ხოლმე ახლომდებარე ხმელ ან ზეთით გაჟღენთილ ნივთებს.

    მაგრამ სენი მარტო ამით კი არა ვრცელდებოდა: კარგადმყოფთ არა მარტო ავადმყოფებთან ლაპარაკითა და მათთან დარჩენით გადაედებოდათ ხოლმე სენი და იხოცებოდნენ მათთანვე ერთად, არამედ თუ, მაგალითად, კარგადმყოფი მიეკარებოდა იმ ტანისამოსს ან ნივთს, რომელსაც ავადმყოფი იხმარდა ან შეეხებოდა, საკმარისი იყო, სენი გადასდებოდა. გასაგონადაც საკვირველი გახლავთ, რაც ახლა უნდა მოგახსენოთ: ბევრს სხვასა და მეც ჩვენის თვალით რომ არ გვენახა ესა, არასგზით დავიჯერებდი, არამცთუ დავწერდი, რაც უნდა სანდო კაცს ეთქვა ჩემთვის. მოგახსენებთ, რომ ამ სენს ისეთი ძალა ჰქონდა გადამდებლობისა, რომ არა მარტო კაცისაგან კაცს გადაედებოდა, არამედ ხშირად ყველას თვალწინ ამაზე მეტიცა ხდებოდა: ნივთს, რომელიც სენით დაავადებულს ან გარდაცვლილს ეკუთვნოდა, თუ მიეკარებოდა, კაცი კი არა, თუნდ რომელიმე ცხოველიც, ამ ცხოველს არამცთუ ავად გახდიდა, სულ მოკლე ხანში მოკლავდა კიდეცა. ამაში ჩემის თვალით დავრწმუნდი (როგორც ზემოთაც მოგახსენეთ). ერთს დღეს ასეთი ამბავი მოხდა: ერთი ღარიბი კაცის ძონძები ვიღაცას ქუჩაში გადმოეყარა, ორი ღორი მოვიდა და მათის ჩვეულებისამებრ, ჯერ დინგით დაუწყეს ქექა და მერე კბილებით იქით-აქეთ ათრიეს. ცოტა ხანს უკან ტრიალი დაიწყეს, თითქოს საწამლავი რამ შეჭამესო, და იმავე შავსვიან ძონძებზე დაეცნენ მკვდარნი.

    ასეთისა და ბევრი სხვა ამის მსგავსი თუ ამაზე უარესი ხმების წყალობით საშინლად დაშინდნენ ცოცხლად გადარჩენილნი, და თითქმის ყველანი ერთსა და იმასვე ცდილობდნენ: გულქვად იქცეოდნენ, ავადმყოფებს და მათ ნივთებს თავს არიდებდნენ, გაურბოდნენ; ფიქრობდნენ, თუ ასე მოვიქეცით, სიცოცხლეს შევინარჩუნებთო. იყვნენ ისეთებიცა, ვინც ფიქრობდნენ, რომ თუ ზომიერის ცხოვრებით ვიცხოვრებთ და ყოველსავე ნამეტნაობას მოვერიდებით, სენისაგან თავს დავიფარავთო: ესენი ჯგუფებს ადგენდნენ და სხვებისაგან მორიდებით ცხოვრობდნენ; ისეთ სახლებში მოიყრიდნენ და ჩაიკეტავდნენ თავს, სადაც არავინ იყო ავადმყოფი და გულდამშვიდებით შეეძლოთ ცხოვრება; აქა ჭამდნენ კარგ საჭმელს, სვამდნენ თავანკარა ღვინოებს, მაგრამ ზომიერად, ყოველსავე მოჭარბებულს თავს არიდებდნენ, გარეშეს არავის ელაპარაკებოდნენ, არც არავის ამბავს კითხულობდნენ, თუ ვინ ხდებოდა ავად ან ვინა კვდებოდა, უკრავდნენ საკრავებს და რამდენადაც შეიძლებოდა, სიამოვნებით დროს ატარებდნენ: უნდა ვსვათ, ყველგან ვიაროთ სიმღერითა და ხუმრობით, რაც შეგვიძლია, არაფერი სიამოვნება მოვიკლოთ და რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყველაფერი სასაცილოდ ავიგდოთ, ყველაფერი გავკილოთ, სწორედ ეს იქნება უებარი წამალი ამ საშინელი სენისაო. და სწორედ ისე იქცეოდნენ, როგორც ამბობდნენ; როგორც დღე, ისე ღამე ერთი სამიკიტნოდან მეორეში შედიოდნენ, ღვინოს უზომოდ პირში ისხამდნენ და ამასვე სჩადიოდნენ სხვათა სახლებშიაც, როცა გაიგებდნენ, რომ იქაც შეეძლოთ ქეიფი და დროსტარება. და ყველას მით უფრო ადვილად შეეძლო ასე მოქცეულიყო, რადგან ყველანი (გეგონებოდათ დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, სულერთია - დიდი დღე არ გვიდევს წინაო) თავიანთ თავსა და ავლადიდებას ღვთის ანაბარა უშვებდნენ: ასე რომ უმეტესობა სახლებისა საზოგადო კუთვნილებად გადაიქცა, და გარეშე კაცი სხვის სახლში შევიდოდა, ისე მოიკალათებდა შიგ, გეგონებოდათ - საკუთარ სახლში შემოსულაო, მაგრამ მიუხედავად მათი მხეცური მიდრეკილებისა, შეძლებისდაკვალად, მაინც თავს არიდებდნენ ავადმყოფებს.

    და ჩვენი ქალაქის ასეთი საშინელი უბედურების დროს თითქმის დაეცა ყოველგვარი პატივისცემა და კრძალვა როგორც ღვთიური, ისე კაცობრიული კანონებისა, რადგან ამ კანონების მცველნი და აღმასრულებელნი, სხვათა მსგავსად, ან დახოცილიყვნენ, ან ავად გამხდარიყვნენ, ანდა უხელქვეითოდ დარჩენილიყვნენ, ასე რომ, აღარ შეეძლოთ რაიმე თანამდებობა აღესრულებინათ; ამიტომ ყველას შეეძლო ის ექნა, რაც მოეგუნებებოდა.

    ზოგს კიდევ ამ ორ უკვე დასახელებულ ჯურის ადამიანთა შორის საშუალო ალაგი ეჭირა: პირველებივით საჭმელს არ იკლებდნენ და აღარც მეორეებივით დროსტარებას იყვნენ გადაყოლილნი და განუწყვეტლივ არ ლოთობდნენ, ზომიერადა ჭამდნენ იმდენს, რამდენსაც მათი აგებულება მოითხოვდა, არც სახლებში იყვნენ გამოკეტილნი, არამედ ყველგან დადიოდნენ, ხელში ზოგს ყვავილები ეჭირა, ზოგს კეთილსურნელოვანი მცენარენი ან სხვადასხვა ნელსაცხებლები, ამას ხშირ-ხშირად ყნოსავდნენ და ეგონათ, ამნაირი სურნელების შეშვება ტვინში ძალიან მარგებელიაო, რადგან ჰაერი მეტად მძიმე და აყროლებული იყო გახრწნილი გვამებისა, ავადმყოფებისა და წამლებისაგან. ზოგიც მეტად გულქვა აზრისა იყო (თუმცა, შეიძლება მართლებიც ყოფილიყვნენ), სახელდობრ: ყველაზე უკეთესი საშუალება ჭირის წინააღმდეგ ის არის, რომ სრულებით უნდა გაეცალოს კაცი აქაურობასაო. ამათ თავიანთი თავის მეტი სხვისა დარდი არა ჰქონდათ, და ბევრმა ასეთმა კაცმა და ქალმა დაანება თავი თავის ქალაქს, საკუთარ სახლსა და კარ-მიდამოს, მშობლებსა და ქონებას და ხსნას ეძებდნენ სოფლად თავიანთ მამულებში ან ნაცნობებთან, თითქო რისხვა ღვთისა, რომელიც ადამიანებს ამ ჭირითა სჯიდა მათი ბოროტებისათვის, იმ ადგილამდე, სადაც ისინი იყვნენ, ვერ მიაღწევდა, ვითომ უნდა მოვლენოდა მხოლოდ იმათ, ვინც ქალაქის კედლებს შორის დარჩნენ, ანდა თითქოს ეგონათ, რომ ყველანი სულ უკანასკნელამდე უნდა გაწყდნენ და ჩვენი აღსასრულის ჟამიც მოწევნილ არისო.

    თუმცა ეს სხვადასხვანაირად მოაზროვნე ხალხი ყველა არ იხოცებოდა, მაგრამ ვერც ყველა გადაურჩა ამ სენს; ბევრი, ვინც ამა თუ იმ აზრისა იყო, ყველგანა ხდებოდა ავად, და რადგან კარგადმყოფობის დროს ავადმყოფებს გაურბოდნენ, ამით მაგალითს აძლევდნენ სხვა კარგადმყოფებს, და ასე, ყველასაგან თავმინებებულნი, იხოცებოდნენ. იმას ნუღარ ბრძანებთ, რომ ერთი მოქალაქე მეორე მოქალაქეს გაურბოდა, მეზობელს მეზობლის დარდი აღარა ჰქონდა, ნათესავები თავიანთების სანახავად და მოსაკითხავად იშვიათად ან სულაც არ დადიოდნენ, ანდა შორიდან თუ მოიკითხავდნენ ხოლმე. ამ უბედურებამ ისეთი თავზარი დასცა ქალებსა და კაცებს, გული ისე გაუქვავდა ყველას, რომ ძმას ძმისა არ ედარდებოდა, ბიძას - ძმისწულისა, დას - ძმისა და ზოგჯერ თვით ცოლს - ქმრისა. და (რაც უფრო საშინელი და თითქმის დაუჯერებელია) მამებსა და დედებს არ უნდოდათ თავიანთი შვილები ენახათ და მათთვის ყური ეგდოთ, თითქოს მაგათთვის გარეშენი ყოფილიყვნენ. ამ მიზეზით, ვინც ავადა ხდებოდა, როგორც ქალი, ისე კაცი, რომელთა რიცხვი აუარებელი იყო, სრულებით უპატრონოდა რჩებოდა; ამათ გულშემატკივარი მეგობრებიღა თუ მიხედავდნენ (ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ), ანდა დაქირავებული მომსახურენი, რომლებიც დიდ, ყოველ საზომს გადაცილებულ გასამრჯელოს ხარბდებოდნენ, კისრულობდნენ ავადმყოფების მოვლას, თუმცა ასე დიდ გასამრჯელოსთვისაც ცოტანი კიდებდნენ ხელს ამ საქმეს, და, გარდა ამისა, ეს მოსამსახურენი, ქალები იქნებოდნენ თუ კაცები, მეტად ოგეჩები იყვნენ, ასეთის საქმის უჩვევნი; ესენი იმასღა თუ შეძლებდნენ, რომ მიეწოდებინათ, რასაც ავადმყოფი მოითხოვდა, ანდა ეყურებინათ, ავადმყოფი როდის მოკვდებოდა. ასეთი სამსახურის დროს ფულთან ერთად ხშირად თავის სიცოცხლესაც გამოესალმებოდნენ ხოლმე.

    და რაკი ავადმყოფები ამნაირად მიტოვებულნი იყვნენ მეზობლებისა, მშობლებისა და მეგობრებისაგან და მსახურთა შოვნაც ჭირდა, ერთი რამ ჩვეულება შემოვიდა, რაც წინათ თავის დღეში არ გაგონილა, სახელდობრ: როცა ვინმე ლამაზი, კეთილშობილი ოჯახის ქალი ავადა ხდებოდა, არ ერიდებოდა მოსამსახურედ აეყვანა მამაკაცი, სულ ერთი იყო, ახალგაზრდა იქნებოდა თუ მოხუცი, და უსირცხვილოდ უჩვენებდა თავის სხეულის ყოველ ნაწილს სწორედ ისევე, როგორც ამას ქალთან იზამდა, თუკი ეს ავადმყოფობის დროს საჭირო იქნებოდა. და შეიძლება სწორედ ეს იყო მიზეზი ამ სენს გადარჩენილ ქალების ზნეობის დაცემისა ჭირიანობის შემდეგ. გარდა ამისა ბევრნი სრულებით შემთხვევით იხოცებოდნენ: იმათ რომ დროზე დახმარება მისწრებოდათ, უეჭველად ცოცხლები გადარჩებოდნენ. ამრიგად, ზოგი იმიტომ, რომ ჭირიანებს მოვლა არ ჰქონდათ, ზოგიც იმიტომ, რომ სენი საშინლად მძვინვარებდა, დღე და ღამე იმდენი ხალხი იჟლიტებოდა, რომ საშინელი იყო გასაგონად, არამცთუ საყურებლად. ამიტომ, თითქოს საჭიროებამ მოიტანაო, სიკვდილს გადარჩენილ მოქალაქეთა შორის ისეთი ჩვეულებები გაჩნდა, რაც სრულებით არა ჰგავდა მანამდე არსებულ ჩვეულებათ. წინათ ჩვეულებად ჰქონდათ (და ეს ჩვეულება დღემდე დარჩენილია), რომ ნათესავი და მეზობელი ქალები მიცვალებულის სახლში იკრიბებოდნენ და აქ უფრო მახლობელ ნათესავ ქალებთან ერთად ტიროდნენ; გარდა ამისა, მიცვალებულის სახლის წინ ბლომად იკრიბებოდნენ თავიანთი ახლობლებითურთ მეზობლები და მოქალაქენი და, მიცვალებულის ღირსებისდაკვალად, სამღვდელოებაცა. აქედან ესენი მხარზე გაიდებდნენ კუბოს, წინ მიუძღოდნენ კელაპტრებიანი კაცები და გალობით მიასვენებდნენ იმ ეკლესიაში, რომელიც მიცვალებულს ჯერ ისევ სიცოცხლეში ჰქონდა არჩეული თავის დასამარხად. ეს ჩვეულება, მას შემდეგ, რაც ჭირი გაძლიერდა, ან სრულიად ან ნაწილობრივ მივიწყებულ იქნა, და იმის ალაგს სულ სხვა ჩვეულება დამკვიდრდა: მიცვალებულის გარშემო არათუ არ იკრიბებოდნენ ქალები, ის კი არა, სააქაო ცხოვრებიდან ისე მიდიოდნენ, რომ მოწმეებიც კი არ ესწრებოდნენ: და ისეთები სულ ცოტანი იყვნენ, ვინც თავიანთ ნათესავებს გულწრფელად დაჰნანებოდათ და მათს ცხედარს ამათი ცხარე ცრემლი დასდენოდა; პირიქით, ხშირად გაისმოდა სიცილი, ხუმრობა და საერთო მხიარულება. ქალების უმეტესობამ უკუაგდო ბუნებით თანდატანებული სიბრალული მოყვასთადმი და თავიანთი ჯანმრთელობისათვის დიდი სიხარულით შეითვისა ეს უკანასკნელი ჩვეულება. იშვიათი იყო ისეთი მიცვალებული, რომელსაც ეკლესიამდე ათ, თორმეტ მეზობელზე მეტი გაჰყოლოდა; ესენიც პატივცემულნი და საყვარელნი მოქალაქენი კი არ იყვნენ, არამედ ერთგვარი მესაფლავენი, მდაბიო ხალხისაგან აყვანილნი, რომელნიც თავიანთ თავს ბეკამორტეებს ეძახდნენ და სასყიდელს ღებულობდნენ ამ სამსახურისათვის: დაავლებდნენ ხელს კუბოს და საჩქაროდ მიაძუნძულებდნენ იმ ეკლესიაში კი არა მიცვალებულს სიცოცხლეში არჩეული რომ ჰქონდა დასამარხავად, არამედ უახლოეს ეკლესიაში. წინ მიუძღოდათ უმეტეს შემთხვევაში ოთხი თუ ექვსი მღვდელი, სანთლებიც ძალიან ცოტა ჰქონდათ წამძღვარებული, ზოგჯერ სულაც უსანთლოდ მიასვენებდნენ; მღვდლები თავს არ იწუხებდნენ იმით, რომ ცოტა გრძლად და ზეიმით შეესრულებინათ დასაფლავების წესი და ხსენებული ბეკინოების საშუალებით პირველ შეხვედრილ გაჭრილ საფლავში უშვებდნენ კუბოს. ხელმოკლე ხალხი, და შეიძლება საშუალო შეძლების ხალხის უმეტესობა, უფრო უარეს დღეში იყო, რადგან ზოგს გადარჩენის იმედი და ზოგსაც სიღარიბე აიძულებდათ თავიანთი სახლ-კარისა და მეზობლებისათვის თავი არ დაენებებინათ; ასეთები ყოველდღე ათასობითა ხდებოდნენ ავად, და რადგან დახმარება და მოვლა-პატრონობა არსაიდან ჰქონდათ, თითქმის ყველანი უკლებლივ იხოცებოდნენ. ბევრი დღისითა და ღამით ქუჩაშივე სულსა ლევდა; და ბევრის სიკვდილს სახლში მეზობლები მაშინ გაიგებდნენ, როცა მათი გახრწნილი გვამების სუნი მიედინებოდათ. ასეთნაირად თუ სხვანაირად დახოცილები აუარებელი იყვნენ. ასეთ შემთხვევაში ზოგნი შიშით - ავადმყოფობა არ გადაგვედოსო, ზოგნიც - მიცვალებულთა სიბრალულით, ერთსა და იმავე საშუალებასა ხმარობდნენ: თვითონ, ან მებარგულების დახმარებით, როცა კი მოახერხებდნენ ამ მებარგულების პოვნას, მიცვალებულს სახლიდან გამოათრევდნენ და კარის წინ დატოვებდნენ; ყოველ დილას ვინც ადრიანად გაივლიდა, ასეთ მიცვალებულებს აუარებელს დაინახავდა. მოატანინებდნენ საკაცეებსა და როცა საკაცე არ ექნებოდათ, ცხედარს უბრალო ფიცარზე დააკრავდნენ. ზოგს საკაცეზე ორი და სამი მიცვალებული ესვენა. ისეც მოხდებოდა - და ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირი იყო - რომ ერთსა და იმავე საკაცეზე ესვენა ცოლი და ქმარი, ორი ან სამი ძმა, ან მამა და შვილი. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ერთი მიცვალებულის წინ მიდიოდა ორი ჯვრიანი მღვდელი, ამ საკაცეს დაეწეოდა და შემოუერთდებოდა სამი თუ ოთხი სხვა საკაცე, და მღვდლებს რომ ეგონათ, ერთ მიცვალებულსა ვმარხავთო, ექვსსა თუ რვას, და ზოგჯერ მეტსაც, ერთად უშვებდნენ სამარეში. ამათთვის აღარც სანთელი იყო სადმე და აღარც უკანასკნელ პატივსაცემად ვინმე მოსული, ამგვარად ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მიცვალებულ ადამიანთ ისე ეპყრობოდნენ, როგორც ჩამხრჩვალ თხებს. და აქ აშკარა შეიქნა ყველასათვის: თუ ჩვეულებრივს გარემოებაში ბრძნებს არ შეუძლიათ მოთმინებით გაუძლონ მცირე და იშვიათ გაჭირვებას, სამაგიეროდ დიდი და საერთო უბედურებანი თვით უბირსაც კეთილგონიერ და უდარდელ ადამიანად გადააქცევენ ხოლმე. ვინაიდან ყოველდღე, თითქმის ყოველ საათს, შეუჩერებლივ მოასვენებდნენ მკვდრებს, ეკლესიები გაივსო მიცვალებულებით, დასასაფლავებლად ნაკურთხი მიწა არა ჰყოფნიდათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოინდომებდნენ, ძველი ჩვეულების თანახმად, თითოეულ სამარეში თითო მიცვალებული ჩაეშვათ, ამიტომ ეკლესიებთან მდებარე სასაფლაოებზე უშველებელ სამარეებსა თხრიდნენ და შიგ ერთიმეორეზე უშვებდნენ ასობით მიცვალებულს მაშინვე, როგორც ვაჭრები საქონელს რასმე ჩაალაგებენ ხოლმე ნავებში მჭიდრო წყებებად; როცა ორმო თავამდე ამოივსებოდა, ზევიდან ცოტა მიწას წააყრიდნენ.

    და რადგან საჭიროდ არ მიმაჩნია სულ დაწვრილებით აგიწეროთ უბედურება, ჩვენს ქალაქს რომ ეწია, მოგეხსენებათ, რომ მარტო ქალაქს კი არ დასტყდომია ასეთი საშინელება, სენმა არა ნაკლებ დააზარალა ქალაქის შემოგარენი, სადაც (თავი დავანებოთ კოშკებს, რომლებშიც კაცმა რომ თქვას, იგივე ქალაქებია, მხოლოდ პატარა სახისა) მიმოფანტულ სოფლებსა და მინდორ-ველებში საწყალი ღარიბი გლეხები და მათი ოჯახები უექიმოდ და უპატრონოდ იჟუჟებოდნენ გზებსა და ყანებში, სახლებში, დღისით და ღამით განურჩევლად, ადამიანებივით კი არა, არამედ როგორც პირუტყვები. ამიტომ ამათაც, მოქალაქეთა მსგავსად, შეერყათ ზნეობა და დარდი აღარა ჰქონდათ არც თავისი საქმეებისა და აღარც თავის ქონებისა; პირიქით, ესენი თითქო ყოველდღე მოელოდნენ სიკვდილსო, არა ცდილობდნენ საქონლის გამრავლებას, არა ჰკრეფდნენ მიწის ნაყოფს, რომელშიაც ოფლი უწვიმებიათ, და ყოველი ღონით ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა, ჩქარა გაექროთ უკვე დაგროვილი დოვლათი, თუ რამ ებადათ. ამას ის მოჰყვა, რომ ხარებს, სახედრებს, ცხვარს, თხებს, ღორებს, ქათმებსა და თვით ძაღლებს - ადამიანის ამ უერთგულეს ცხოველებს - ეზოდან ერეკებოდნენ და ესენიც დაძრწოდნენ ყანებში (სადაც პური ეთესა, რომელიც არამცთუ დაბინავებული არ იყო, ჯერ არც კი მოემკათ) სრულიად თავისუფლად. და უმეტესობა ამ პირუტყვისა, თითქო გონიერი არსებანი არიანო, დღისით კარგად რომ სძოვდნენ, საღამოს, გამაძღრები, თვითონ ბრუნდებოდნენ ხოლმე უმწყემსოდ სახლში.

    იმაზე მეტი რაღა ვთქვათ (დავანებოთ თავი სოფლებსა და ისევ ქალაქს დავუბრუნდეთ), რომ ზოგი ღვთის სასტიკი განაჩენით და ზოგიც, შეიძლება, ადამიანთა გულქვაობის წყალობით, მარტსა და ივლისს შორის, ჭირისა თუ მოუვლელობის გამო, - რადგან კარგადმყოფთ შიშის ზარი დაეცათ, - დანამდვილებით ამბობდნენ, რომ ქალაქ ფლორენციის კედლებში ასი ათას კაცზე მეტი დაიხოცაო, ხოლო ამ მომსვრელ სენამდე, შეიძლება, არავის ეგონა, თუ ამდენი მცხოვრები იყო ქალაქში. ვინ მოთვლის, რამდენი უზარმაზარი სრა-სასახლეები, რამდენი საუცხოო სახლი, რამდენი მშვენიერი სადგომები, წინათ სავსენი მსახურებითა, ბატონებითა და ქალბატონებითა, დღეს ცარიელი იდგა, რადგან შიგ ყველანი ამოწყდნენ უკანასკნელ მსახურამდე. ვინ იცის, რამდენი სახელოვანი გვარი, რამდენი უშველებელი მემკვიდრეობა და სიმდიდრე დარჩა უმემკვიდრეოდ? რამდენი მხნე ვაჟკაცი, რამდენი ლამაზი ბანოვანი, რამდენი მშვენიერი ჭაბუკი, რომელნიც, სხვას კი არა, თვით გალენს, ჰიპოკრატეს, ან ესკულაპუსს შეეძლოთ ეღიარებინათ სრულებით ჯანსაღებად, დილით თავიანთ მშობლებთან, ამხანაგებთან და მეგობრებთან ერთად ისხდნენ სადილად, ხოლო მეორე დღის საღამოს საიქიოში თავიანთ მიცვალებულ წინაპრებს უსხდნენ გვერდით ვახშმად.

    მე თვითონ მიმძიმს მოვიგონო ხოლმე ყოველი წვლილი ამ საშინელ უბედურებათა. ამიტომ გამოვაკლებ ყოველსავე იმას, რაც, მე მგონია, არას დააკლებს ჩემს მოთხრობას, და მოგახსენებთ, რომ იმ დროს, როცა ქალაქი იმ დღეში იყო, მცხოვრებთაგან სულ დაცარიელდა, ერთხელ (როგორც ეს შემდეგ ერთი სარწმუნო ადამიანისაგან გავიგონე,) ერთ სამშაბათ დილას, წმინდა ახალი მარიამის (Santa Maria Novella) ყველასაგან თაყვანცემულ ეკლესიაში, იმ დროს, როცა შიგ ჯერ არავინ იყო გარეშე, შვიდმა ახალგაზრდა ქალმა, მძიმე შავებჩაცმულებმა, როგორც ამას მაშინდელი დრო მოითხოვდა, წირვა მოისმინეს. ეს ქალები ან მეგობრობით იყვნენ ერთიმეორესთან დაკავშირებულნი, ან მეზობლობით და ან კიდევ ნათესაობით. არც ერთი მათგანი ოცდარვა წელიწადს არ იყო გადაცილებული, არც თვრამეტი წლისაზე ნაკლები ყოფილა; შვიდნივე ჭკვიანები იყვნენ, კეთილშობილთა შთამომავლობისა, ლამაზები, ზნედაცულნი, ზრდილნი და კდემამოსილნი. ყველას ნამდვილ სახელს ვუწოდებდი, მხოლოდ ერთი პატივსადები მიზეზი მიშლის ამას. ეს მიზეზიც შემდეგი გახლავთ: მე არ მსურს, რომ შემდეგში რომელსამე მათგანს შერცხვეს ქვემომოყვანილი მათ მიერ ნაამბობი ან მონასმენი მოთხრობების, იმიტომ რომ ის სიამოვნება, რომელსაც ზემოხსენებულ მიზეზთა გამო იმ დროს თავისუფლად ანიჭებდნენ თავიანთ თავს არა მარტო მათი ასაკის ხალხი, არამედ უფრო ხნიერებიცა, ახლა, ჩვენს დროში საძრახისად ითვლება; აგრეთვე არ მინდა მივცე საბაბი შურიანებს, რომლებიც მუდამჟამ მზად არიან ჩირქი მოსცხონ სამაგალითო ცხოვრების ადამიანს, და შეეცდებიან ყოვლად პატიოსან მანდილოსნებს თავიანთი უადგილო გაკილვით სახელი გაუტეხონ ხოლმე. და იმისათვის, რომ ეს ქალები ერთიმეორეში არ აერიოს კაცს, როცა ისინი მოთხრობას შეუდგებიან, მეც ავიღებ და თითოეულ მათგანს ისეთ სახელს დავარქმევ, რომელიც მოუხდება ან სავსებით, ან ნაწილობრივ, თითოეულის თანდაყოლილ თვისებას.

    პირველ მათგანს, ამ შვიდში ყველაზე უფროსს, დავარქვათ პამპინეა, მეორეს - ფიამეტა, ფილომენა - მესამეს, ხოლო მეოთხეს - ემილია, მერე ლაურეტა დავარქვათ მეხუთეს, მეექვსეს - ნეიფილე, სულ უკანასკნელს, არცთუ უმიზეზოდ, ვუწოდოთ ელიზა. ესენი, წინდაწინ არც-კი მოლაპარაკებულან, ისე, სრულიად შემთხვევით ეკლესიის ერთ კუთხეში ერთად მიდგნენ და წრის მსგავსად ჩამოსხდნენ; ჯერ ამოიხვნეშეს, „მამაო ჩვენოს" თქმას თავი დაანებეს და ჩამოაგდეს ლაპარაკი ახლანდელი უბედურების, სხვადასხვა ამბებისა და შემთხვევათა შესახებ. ცოტა ხნის შემდეგ, სხვები რომ გაჩუმდნენ, პამპინეამ დაიწყო ლაპარაკი: - ძვირფასო ქალებო! თქვენც, როგორც მე, ალბათ ხშირადა გსმენიათ, ცუდს არავის უშვრება ის, ვინც პატიოსნად ხმარობს ხოლმე თავის უფლებას. ყოველ ადამიანს, ვინც ამქვეყნად იბადება, ბუნებისაგან მიენიჭება ხოლმე უფლება, რამდენადაც შეუძლია, ხელი შეუწყოს, შეინახოს და დაიცვას თავისი სიცოცხლე. ამ უფლებით იმ ზომამდე სარგებლობს ადამიანი, რომ ზოგჯერ მომხდარა, თავის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ადამიანს სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოუკლავს კიდეცა. და თუკი ეს ნებადართულია კანონის მიერ, რომელიც ყველა სიკვდილის შვილის კეთილდღეობისათვის ზრუნავს, ნუთუ მით უფრო ჩვენ და სხვას ყველას არ უნდა გვქონდეს ნება, სხვისთვის ზიანის მიუყენებლად, ჩვენის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ვიხმაროთ ის საშუალება, რომლისთვისაც კი ხელი მიგვიწვდება. როდესაც უფრო კარგად დავუფიქრდები იმას, თუ რა გავაკეთეთ ამ დილას და აგრეთვე წინა დღეებში, როგორც კი მოვიგონებ, თუ რაზე ვლაპარაკობდით, ვრწმუნდები და მსგავსადვე თქვენც დარწმუნდებით, რომ ყოველი ჩვენგანი თავის სიცოცხლისთვის შიშობს. მაგრამ მე ეს სრულებით არ მაკვირვებს, ხოლო ძალზე მაკვირვებს ის, რომ ჩვენ (როგორც ქალები, მგრძნობიარე გულის პატრონნი) არა ვცდილობთ თავი დავაღწიოთ იმ უბედურებას, რისაც ყოველ ჩვენთაგანს უნდა გვეშინოდეს. მე ასე მგონია, თითქოს აქ იმისთვისღა ვცხოვრობდეთ, რომ გვინდოდეს ან ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდეს დავთვალოთ ხოლმე, რამდენი მიცვალებული წამოასვენეს სასაფლაოზე, ანდა თვალყური ვადევნოთ, აქაური ბერები, რომელთაგან ცოცხალი ძალიან ცოტა დარჩა, დაწესებულ დროზე სწირავენ და ლოცულობენ თუ არა, ან კიდევ გამვლელ-გამომვლელს ჩვენი ტანისამოსის საშუალებით ვუჩვენოთ, თუ რა გვაწუხებს და რაზომ დიდია ეს ჩვენი მწუხარება. აქედან რომ გამოვალთ, დავინახავთ, რომ ყველა მხრიდან ან მიცვალებულს მოასვენებენ; ან ავადმყოფი მოჰყავთ; ვხედავთ აგრეთვე იმათ, ვისაც დანაშაულისათვის სასამართლომ სამშობლოდან განდევნა მიუსაჯა, ახლა ესენი მთელ ქალაქში დაწანწალებენ და ყოველ სისაძაგლეს სჩადიან. თითქო სასამართლოს დასცინიანო, იმიტომ რომ იციან, კანონის აღმასრულებელნი ან დაიხოცნენ, ან ლოგინად ჩავარდნილნი არიან; მსგავსადვე ვხედავთ ჩვენი ქალაქის ნაძირალებს, ესენი თავის თავისთავს ბეკინებს უწოდებენ, ჩვენს სისხლს არიან მოწყურებულნი, დააჭენებენ ცხენებს, ან ქვეითად დარბიან ყველგან ჩვენს საწვალებლად, მღერიან უწმაწურ სიმღერებს და გვაყვედრიან, თითქო ჩვენ ვიყოთ დამნაშავენი, რომ უბედურება გვეწია. საითაც გაიხედავთ, ესღა გვესმის: მავანნი დაიხოცნენ. მავანნი სიკვდილის პირას არიანო. ყველგან ტირილსა და გოდებას გავიგონებდით, რომ სატირლად ვინმე იყოს დარჩენილი. შინ რომ ვბრუნდები (არ ვიცი, თქვენც ასე გემართებათ თუ არა, როგორც მე), იმ უშველებელი ოჯახისაგან მხოლოდ მოახლე მხვდება და ისეთი შიში ამიტანს, თმა ყალყზე დამიდგება ხოლმე; სადაც უნდა წავიდე, ან სადაც უნდა გავჩერდე, ყველგან მიცვალებულთა აჩრდილები მელანდება, მაგრამ იმ სახით კი არა, რა სახითაც ისინი მინახავს, არამედ სულ სხვა, საზარელი სახით, და გულს მიხეთქავენ, და ვკვირობ, თუ რად მევლინებიან ამგვარად. ამიტომ როგორც აქ, ისე სხვაგან თუ სახლში, ძალიან ცუდადა ვარ ხოლმე; და მით უფრო, რომ, რამდენადაც მე ვიცი, არავინ გადარჩენილა ჩვენს გარდა ისეთი, რომელსაც ჩვენებრ ქალაქგარეთ ჰქონოდა მამული და იქ შესძლებოდა გასვლა. რამდენჯერ მსმენია, რომ თურმე არიან ისეთებიც (ყოველ შემთხვევაში, ამისი რამდენიმე მაგალითიცაა), იმას არ დასდევენ, ცუდსა შვრებიან თუ კარგსა, მხოლოდ თავიანთ გულისთქმას ჰყვებიან, ცალ-ცალკე თუ სხვებთან ერთად, დღისით თუ ღამით, სჩადიან იმას, რაც მათ უაღრეს სიამოვნებასა ჰგვრის ხოლმე. წინათ თუ ამას ყოველგვარი აღთქმისაგან თავისუფალი ადამიანნი შვრებოდნენ, ახლა ამასვე აკეთებენ მონასტრებში დამწყვდეულნიც; ამათ თავიანთი თავი დაარწმუნეს, რომ რასაც სჩადიან სხვები, მათთვისაც საფერია და საძრახისი არ არის, დათრგუნეს მორჩილების აღთქმა და ხორციელ სიამოვნებას დაეწაფნენ; გაიძახიან, ამ გზით სიკვდილს თავს დავაღწევთო და ყოვლად გარყვნილებად და უზნეოებად გადაიქცნენ. და უკეთუ ყოველივე ეს მართლა ასეა (შეგვიძლია საკუთარი თვალით დავრწმუნდეთ, რომ ასეა), ჩვენ აქ რაღა გვინდა? რაღას ვუცდით? რაღასა ვფიქრობთ? სხვა მოქალაქეებზე ნაკლებად და გულგრილად რათა ვზრუნავთ თავის გადარჩენისათვის? ნუთუ სხვებს უფრო ძვირფასად უღირთ თავიანთი სიცოცხლე, ვიდრე ჩვენ? ან იქნებ ვფიქრობდეთ, ვითომც სიცოცხლე ჩვენ უფრო მაგარი ჯაჭვით გვქონდეს მიმაგრებული სხეულზე, ვიდრე სხვებსა, და ამიტომ დარდი არ უნდა გვქონდეს იმისა, რასაც შეუძლია ამ სიცოცხლეს რაიმე ავნოს? ვცდებით, თავს ვიტყუებთ; მერე რა ბრიყვები უნდა ვიყოთ, თუ ასე გვგონია! მოვიგონო, თუ რამდენი და მერე როგორი ჭაბუკები და ნორჩი ქალები შეეწირნენ ამ ულმობელ სენსა, და მაშინ თვალნათლივ დავინახავთ ჩვენი შეცდომის დამამტკიცებელ საბუთსა. ამიტომ ჩვენი ჯიუტობითა და უდარდელობით რომ არ ჩავცვივდეთ იმ უბედურებაში, რასაც ამა თუ იმ გზით თავს დავაღწევდით, თუკი მოვინდომებდით (არ ვიცი, გაიზიარებთ თუ არა თქვენ ჩემს მოსაზრებას), მე საუკეთესოდ მიმაჩნია მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენამდე იქცეოდნენ სხვები და ახლაც იქცევიან: როგორცა ვართ ისე, ავდგეთ და აქედან გავიდეთ; ვეკრძალოთ, როგორც სიკვდილს, სხვათა უსინდისო მაგალითს; პატიოსნად გავიდეთ სოფლად ჩვენს მამულში, და მამული ხომ ყოველ ჩვენგანს საკმარისად მოგვეპოვება; დავბინავდეთ იქა; ნუ გადავცდებით კეთილგონიერების საზღვარს, ისე კი, რამდენადაც შეგვეძლება, ვილხინოთ, ვიმხიარულოთ, გავერთოთ და შვება მივცეთ ჩვენს თავს. იქ გავიგონებთ ფრინველთა სტვენასა, ვიხილავთ ამწვანებულ გორაკებსა და ვაკეებს, ყანებს, სადაც ზღვასავით ღელავს და ბიბინებს შემოსული პური; დავინახავთ ათასი ჯურის ხეებს და უმეტესად გაშლილ ცას, რომელიც, მართალია, განგვირისხდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არ გვიმალავს თავის მარადიულ მშვენებას. ჯობს ყოველივე ამას ვუყუროთ, ვიდრე ჩვენი ქალაქის გაფხეკილ კედლებს. გარდა ამისა, იქ ჰაერიც გაცილებით გრილია და ყველაფერი ის, რაც ახლანდელი დროის შესაფერი ცხოვრებისათვის საჭიროა, ჭარბად მოიპოვება. საწყენიც ნაკლები იქნება, რადგან, თუ იქაც იხოცებიან გლეხები, როგორც აქ მოქალაქენი, ეს ისე დარდიან გუნებაზე არ დააყენებს ადამიანს, იმიტომ რომ სოფლად სახლები და მოსახლეობა უფრო თხლადაა, ვიდრე ქალაქში. და მეორე მხრივ, თუ არა ვცდები, ჩვენ აქ თავს არავის ვანებებთ; მართალი მოგახსენოთ, ისევ ჩვენ თვითონა ვართ თავმინებებულნი, რადგან ჩვენები ან დახოცილან, ან სიკვდილს გაქცევიან და ჩვენ აქ მარტო დავუგდივართ, საშინელ გაჭირვებაში, თითქოს მათი არც როდესმე რამე ვყოფილიყოთ. მაშასადამე, ვერავინ გაგვკიცხავს, თუ ამ რჩევას დავადგებით. და თუ არ დავადექით, მოგველის მწუხარება და ურვა და შეიძლება სიკვდილიც. ამიტომ, თუ თქვენი ნებაც იქნება, წავიყვანოთ ჩვენი მოსამსახურე გოგოები, რომლებიც საჭირო ნივთებს წამოგვიღებენ, და ჩვენც დღეს ერთ ალაგას გავატაროთ დრო, ხვალ მეორე ალაგას, ვიმხიარულოთ და გავერთოთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ახლანდელ დროში. მე მგონია, ძალიან კარგსაც ვიზამთ, თუ ასე მოვიქცევით, და ასე მანამდე ვიცხოვრებთ (თუ სიკვდილი არ გვეწია), სანამ ზეცა ამ ამბებს ბოლოს მოუღებდეს. გაგახსენებთ, რომ ჯობს აქაურობას პატიოსნად გავეცალოთ, ვიდრე აქ დავრჩეთ და უპატიოსნოდ მოვიქცეთ, როგორც ამასა შვრება აქ დარჩენილთა უმეტესობა.

    სხვა ქალებმა, პამპინეას რომ მოუსმინეს, არა მარტო მოუწონეს რჩევა, არამედ სურვილი განაცხადეს მაშინვე აესრულებინათ მისი ნათქვამი და ურთიერთ შორის დაწვრილებით ლაპარაკი დაიწყეს, თითქოს, რომ წამოდგებოდნენ, ხელიხელგაყრილნი კიდეც გზას უნდა გასდგომოდნენ. მაგრამ ფილომენამ, როგორც ყველაზე ჭკვიანმა ქალმა, უთხრა: - ქალებო! თუმცა რაც პამპინეამ გვითხრა, ყველაფერი მეტად ჭკუაში მოსასვლელია, მაგრამ მაინც არც ისე უნდა ავჩქარდეთ, როგორც ეს თქვენ გესწრაფებათ. იცოდეთ, ჩვენ აქ მარტო ქალები ვართ და ჩვენ შორის ისეთი ბალღი არავინაა, არ იცოდეს, რომ მხოლოდ ქალის ჭკუით შორი მანძილის გავლა არ შეიძლება და თუ მამაკაცის გონებაც არ გაერია, ისე საქმეს ვერ მოვაგვარებთ. ქალები დაუდეგარნი ვართ, თავისნათქვამნი, იჭვიანები, სულსწრაფნი და ჯაბანნი: ამიტომ მე ძალიან ვეჭვობ, თუ ხელმძღვანელებად სხვა ვინმე არ ავიყვანეთ, ჩვენი საზოგადოება ვაითუ სულ მალე დაიშალოს, რაც არც სასახელო იქნებოდა ჩვენთვის და აღარც სასურველი. ამიტომ სანამ საქმეს შევუდგებოდეთ, კარგი იქნებოდა წინამძღოლი ვინმე გვეშოვნა.

    მაშინ ელიზამ თქვა: - მართალსა ბრძანებთ, მამაკაცი - დედაკაცის თავია, და უმამაკაცოდ ჩვენი დაწყებული საქმე საქებრად იშვიათად ბოლოვდება; მაგრამ თქვენს ლხენას, საიდანღა ვიპოვოთ ასეთი კაცები? ყოველმა ჩვენთაგანმა იცის, რომ ჩვენიანები მეტწილად დაიხოცნენ, ვინც ცოცხლები გადარჩნენ, შეიკრიბნენ ჯგუფ-ჯგუფად და, ვინ იცის, ზოგი სად წავიდა და ზოგი სად, გაექცნენ იმას, რასაც ახლა ჩვენც გავურბით. ისე კი მართებული არ იქნება ჩვენთვის, უცხოებსა ვთხოვოთ გამოყოლა. თუ ჩვენ ჩვენის სიმრთელისათვის მართლა ვზრუნავთ, უნდა ვიპოვოთ ისეთი საშუალება და ისე მოვეწყოთ, რომ მართლა დავისვენოთ და დრო გავატაროთ და არა უსიამოვნება განვიცადოთ და სხვათა ყბადასაღები გავხდეთ.

    სანამ ქალები ამ ლაპარაკში იყვნენ, ეკლესიაში შემოვიდა სამი ახალგაზრდა კაცი. თუმცა ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ არც ისე ახალგაზრდები იყვნენ, რადგან სულ უმცროსი მათგანი ოცდახუთის წლისა იქნებოდა. ამათ აღარც იმ დროების უბედურებამ, აღარც მეგობრებისა თუ მშობლების სიკვდილმა, აღარც თავიანთი თავის შიშმა სიყვარულის ალი არამცთუ ვერ ჩაუქრო, ოდნავადაც ვერ გაუნელა, ამ ყმაწვილებს ერთს ერქვა პამფილო, მეორეს - ფილოსტრატო, ხოლო უკანასკნელს - დიონეო; სამივე მხიარულის გუნებისანი და მეტად ზრდილნი იყვნენ; ისინი დადიოდნენ და ამ საერთო უბედურების ჟამს თავისთვის დიდ ბედნიერებათა სთვლიდნენ - ეპოვნათ თავიანთი გულის სატრფო. მათი სამივე სატრფო შემთხვევით სწორედ ზემოხსენებულ შვიდ ქალს შორის იყო, ხოლო დანარჩენთაგან ზოგიერთნი ნათესავად ხვდებოდნენ ზოგ ამ ყმაწვილთაგანს. ერთი თვალი გადაავლეს თუ არა ქალებს, ქალებმაც დაინახეს ყმაწვილები. მაშინ პამპინეამ გაიღიმა და დაიწყო: - ეტყობა, ბედი გვწყალობს და ჩვენს დაწყებულ საქმეს ხელს უწყობს! აჰა, გამოგვიგზავნა ღირსეული და თავმდაბალი ყმაწვილები, რომელნიც სიამოვნებით იკისრებენ ჩვენს წინამძღვრობას და სამსახურს, თუკი ჩვენ არ დავიწუნებთ მათ ამ სამსახურისათვის.

    მაშინ ნეიფილე სირცხვილისაგან მთლად წამოჭარხლდა, რადგან ერთ-ერთ ამ ყმაწვილთაგანს უყვარდა და თქვა: - პამპინეა! თუ ღმერთი გწამს, ერთი დაფიქრდი, რას ამბობ. მე ამათ სამივეს კარგად ვიცნობ, არც ერთი მათგანის შესახებ კარგის მეტი არაფერი ითქმის; ჩემი ფიქრით, იმათ ამაზე უფრო დიდი საქმე შეუძლიათ, ვიდრე ჩვენა ვთხოვთ, და მგონია, მათთან ყოფნა ჩვენზე უფრო ლამაზ და ღირსეულ ქალებსაც კი გაეხარდებოდათ და თავისმოსაწონებლად ექნებოდათ. მაგრამ ყველამ იცის, რომ იმათ ზოგი ჩვენთაგანი უყვართ, ამიტომ ესენი რომ მოვიწვიოთ, მეშინია, ვაითუ კუდი რამ გამოაბან და ჭორაობა დაიწყონ, თუმცა არც ჩვენგან ექნებათ მათ ჭორაობის მიზეზი და აღარც ამათგან ჩვენ.

    მაშინ ფილომენა ჩაერია ლაპარაკში: - ეგ არაფერია. საცა მე პატიოსნად მიჭირავს თავი, სინდისის ქენჯნა არა მაქვს, ვინც რა უნდა თქვას: ღმერთი და სიმართლე იქნებიან ჩემი მცველები და მფარველები. და ეს ყმაწვილები რომ წამოგვყვებოდნენ, შეგვეძლება, როგორც პამპინეამ, ვთქვათ: ჩვენს მგზავრობას ბედი სწყალობსო.

    ასეთი ლაპარაკი რომ გაიგონეს ქალისა, სხვები არამცთუ დამშვიდდნენ, ყველანი უკლებლივ დასთანხმდნენ - დავუძახოთ ყმაწვილებს, ჩვენი განზრახვა ვუთხრათ და ვთხოვოთ, პატივი გვცენ და გამოგვყვნენო. პამპინეა ხმის ამოუღებლად ზეზე წამოდგა, გაემართა ყმაწვილებისაკენ, რომლებიც გაუნძრევლად იდგნენ და თვალებს არ აშორებდნენ ქალებს, მხიარული სახით მიესალმა, თავისი განზრახვა გაუზიარა და სხვა ქალების მაგივრად სთხოვა წმინდა და და-ძმური გულით გამოჰყოლოდნენ. ყმაწვილებს ჯერ ეგონათ, თუ გვეხუმრებიანო; მერე რომ დაინახეს, ქალი მართალს უნდა ლაპარაკობდესო, დიდის სიამოვნებით უპასუხეს, მზად გახლავართ გეახლოთო, და იქვე, დაუყოვნებლივ, სანამ დაიშლებოდნენ, მოილაპარაკეს, თუ ვის რა უნდა წამოეღო სამგზავროდ.

    ქალებმა უბრძანეს, გამოეწყოთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო სამგზავროდ, მერე წინდაწინ შეატყობინეს, სადაც უნდა მისულიყვნენ და მეორე დილას, ესე იგი ოთხშაბათს, გათენებისას, ქალებმა რამდენიმე თავიანთი მოახლე ქალი, ხოლო ყმაწვილებმა თავიანთი მსახურები იახლეს, გავიდნენ ქალაქიდან და გაუდგნენ გზას. ქალაქიდან ორიოდ მილი გაიარეს და მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პირველად უნდა გაჩერებულიყვნენ.

    ეს ადგილი ერთ პატარა გორაკზე მდებარეობდა, შორავდა ყველა გზას, ქალაქისაკენ მიმავალს, და დაფარული იყო ნაირ-ნაირი ბუჩქებითა და მცენარეებით, რომელთა ხასხასა მწვანე ფოთლების ყურებით თვალი ვერა ძღებოდა. გორაკის თხემზე წამოდგმული იყო მშვენიერი სასახლე, რომელსაც შუაში საუცხოო და დიდი ეზო ჰქონდა; სასახლეშივე იყო აივნები, დარბაზები, ოთახები, ყველა სანიმუშო, როგორც სათითაოდ, ისე საერთოდ, კედლებს ამშვენებდა თვალწარმტაცი და მხიარული შინაარსის სურათები; გარშემო ბუსნოები და კალმით დახატული ბაღები ერტყა; აქვე იყო ყინულივით ცივი ჭები და მარნები, ძვირფასი ღვინოებით სავსე, რომელთაც ღვინის მსმელები უფრო დააფასებდნენ, ვიდრე ჩვენი პატიოსანი და კდემამოსილი ქალები. მოსულ საზოგადებას აქაურობა დაგვილი დახვდა, ოთახებში მათთვის ლოგინები მოემზადებინათ, ყველგან მოეყარათ ყვავილები, რის შოვნაც კი შეიძლებოდა იმ დროებაში, მოეყარათ აგრეთვე ლერწმის ღეროებიცა. ყველამ ფრიად გაიხარა.

    როცა აქ მოვიდნენ და ჩამოსხდნენ, დიონეომ, ყმაწვილებში ყველაზე მეტად მხიარულმა და ყველაზე მეტად ენამოსწრებულმა, ასე მიმართა ქალებს: - ქალებო! თქვენ აქ მოგიძღვით უფრო თქვენი ჭკუა, ვიდრე თქვენი მიხვედრილობა. მე არ ვიცი, თქვენ რა უნდა უყოთ თქვენს ფიქრებს, მე კი ჩემი ფიქრები ქალაქის უკან დავტოვე, საიდანაც თქვენთან ერთად ამ ცოტა ხნის წინ გამოვედი. ამიტომ ან მოემზადენით ჩემთან ერთად მხიარულების, სიცილისა და სიმღერისათვის (რა თქმა უნდა, რამდენადაც თქვენი ღირსება ამის ნებას მოგცემთ), ან დამითხოვეთ და კვლავ დავუბრუნდები ჩემს ფიქრებს და დავრჩები განაწამებ ქალაქში.

    ამაზე პამპინეამ, თითქო იმანაც უკუჰყარა თავისი დარდებიო, მხიარულად უპასუხა: - დიონეო! შენს პირს შაქარი. ვიმხიარულოთ, გეთაყვა. აბა, სხვა რისთვის გამოვექეცით სიმძიმილსა, თუ არა ამისთვის! მაგრამ რადგან საფუძვლიანად მოუწყობელი საქმის დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება, მე, რომელმაც ვითავე იმ საუბრების მოწყობა, რომელთა წყალობით ეს მშვენიერი საზოგადოება შედგა, მოსურნე გახლავარ დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი მხიარულება და შვება და ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია ერთმანეთში მოვილაპარაკოთ: ჩვენში ერთ-ერთი უფროსად ავირჩიოთ, და იმას ყური ვუგდოთ და დავემორჩილოთ, დაე იმან იზრუნოს და მხიარულად გაგვატარებინოს დრო. და რათა ყოველმა ჩვენთაგანმა განიცადოს როგორც სიმძიმე ზრუნვისა, ისე სიამოვნება, რომელსაც უფროსობა მიანიჭებს, მე გირჩევთ უფროსებად რიგ-რიგად ავირჩიოთ ხოლმე ყველა ჩვენთაგანი, რომ ერთიმეორისა არავის შეშურდეს. ესე იგი, ყოველმა ჩვენთაგანმა თითო დღის განმავლობაში ზიდოს ტვირთი ზრუნვათა და ამავე დროს განიცადოს პატივი და სახელიცა; პირველი უფროსი ჩვენ ყველამ ავირჩიოთ, ხოლო სხვები, დასაღამოჟამდება თუ არა, აირჩიოს თვითონ იმ ქალმა თუ კაცმა, რომელსაც უფროსობა ჰქონდა იმ დღეს; და ამ არჩეულმა, სანამ მისი უფროსობის დღე მიიწურება, თავის ნებაზე აირჩიოს ჩვენი სამყოფელი ადგილი და მოაწყოს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ.

    ეს სიტყვები ყველას მოეწონა და პირველი დღისათვის უფროსად ერთხმად პამპინეა აირჩიეს. ხოლო ფილომენას არაერთხელ გაუგონია, რომ დაფნის ტოტები პატივსა ნიშნავდა და სასახელო იყო იმისათვის, ვისაც ღირსეულად თავს დაუმშვენებდა; ამიტომ საჩქაროდ ერთ დაფნის ხესთან მიირბინა, მოსტეხა რამდენიმე ტოტი, შეთხზა ლამაზი და საპატიო გვირგვინი, და თავზე დაადგა პამპინეას. ამის შემდეგ, სანამ მათი ჯგუფი დაიშლებოდა, ეს გვირგვინი ყოველი მათგანისათვის ნიშანი იყო სამეფო ღირსებისა და უფროსობისა.

    პამპინეამ, დედოფლად გახდა თუ არა, ყველას უბრძანა გაჩუმებულიყვნენ, მერე დააძახებინა სამი ახალგაზრდა კაცის მსახურებისა და ქალების ოთხი მოახლისთვის, და ყველანი რომ გაჩუმდნენ, ასე დაიწყო: - პირველმა მე მინდა ყველას მაგალითი გაჩვენოთ იმისა, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა ჯგუფმა ყოველი წესი და რიგი დაიცვას და ისე იცხოვროს ყოვლად ურცხვენელად და უყვედრელად და იმდენ ხანს, სანამ მას მოსწყინდებოდეს ერთად ყოფნა. ამიტომ, ყოველთ უწინარეს, დიონეოს მსახურს, პარმენოს, ჩემს სინისკალკოდ ვირჩევ. მისთვის დამიკისრებია ზრუნვა ჩვენი საოჯახო საქმეებისა და საჭმელ-სასმელისათვის. პამფილოს მსახურს, სირისკოს, ჩაბარებული ექნება ჩვენი ფული, ის იქნება ჩვენი ხაზინადარი და რასაც პარმენო ეტყვის, გაუგონოს. ტინდარო უნდა ემსახუროს ფილოსტრატოს და ორ მის ამხანაგს მათს ოთახებში, იმ შემთხვევაში, როცა მათს მოსამსახურეებს, ახალი თანამდებობით გართულთ, მათთვის არ ეცლებათ. ჩემი მოახლე - მიზია და ფილომენასი - ლიჩისკა განუწყვეტლივ სამზარეულოში იტრიალებენ და პარმენოს მოტანილ სურსათისაგან საჭმელებს დაგვიმზადებენ. ლაურეტას მოახლე - კიმერა და ფიამეტასი - სტრატილა ქალების ოთახებს დაალაგებენ და საცა ვიქნებით, იქაურობის სისუფთავისთვის თვალ-ყურს დაიჭერენ. თითოეულ მსახურთაგანს, თუკი ისინი ჩვენს წყალობას რადმე აგდებენ, ვუცხადებთ ჩვენს სურვილს და ბრძანებას, რომ საცა უნდა წავიდეს, საიდანაც უნდა დაბრუნდეს, რაც უნდა ენახოს და გაეგონოს, არ გაბედოს და მხიარული ამბის მეტი გარედან სხვა არაფერი მოგვიტანოს.

    ეს მოკლედ გაცემული ბრძანება ყველამ მოუწონა. მერე მხიარულად ზეზე წამოდგა და უთხრა: - აქა გვაქვს ბაღები, აქა გვაქვს ბუსნარები და ბევრი სხვა სასიამოვნო ადგილები. თქვენ შეგიძლიათ ვისაც საცა გინდათ, მხიარულად დრო გაატაროთ, მაგრამ სამ საათს დაჰკრავს თუ არა, ყოველი თქვენთაგანი აქ უნდა გაჩნდეს, რომ სიგრილეში ვისადილოთ ხოლმე.

    მხიარულმა საზოგადოებამ, რაკი დედოფლისაგან ნებართვა მიიღო, ყმაწვილკაცებმა და ქალებმა საამო ლაპარაკ-ბაასით ნელი ნაბიჯით ბაღისაკენ ნელი ნაბიჯით გასწიეს. აქ ტოტებისაგან ნაირ-ნაირი გვირგვინები შეთხზეს და საამო სიმღერებიც შემოსძახეს. იმდენ ხანს დარჩნენ აქ, რამდენის ნებაც დედოფლისაგან ჰქონდათ მოცემული. შინ რომ დაბრუნდნენ, დარწმუნდნენ, როგორი ერთგულებით შესდგომოდა პარმენო თავის თანამდებობის ასრულებას, რადგან ქვედა სართულის ერთ-ერთ დარბაზში რომ შევიდნენ, დაინახეს, რომ მაგიდებისათვის უმტვერო თოვლივით თეთრი სუფრები გადაეფარებინა, ზედ დაედგა ვერცხლივით კრიალა ჭიქები და ყველგან ჯინესტრას ყვავილი მიმოებნია. როცა დედოფლის ბრძანებით წყალი მოიტანეს და ყველამ ხელი დაიბანა, პარმენომ ყველას თავ-თავისი ადგილი უჩვენა დასაჯდომად. მოიტანეს საუცხოოდ დამზადებული საჭმელები, ამას ძვირფასი ღვინოები მოაყოლეს; სუფრაზე აუჩქარებლივ და უფუსფუსოდ სამი ფარეში ემსახურებოდათ. და რადგან ყოველივე თავ-თავის რიგზე და წესიერად იყო მოწყობილი, ყველა ძალზე გამხიარულდა და ხუმრობითა და სიცილით შეექცეოდნენ. სუფრიდან რომ წამოიშალნენ (რადგან როგორც ყმაწვილებმა, ისე ქალებმა, ყველამ იცოდა თამაშობა, ხოლო ზოგიერთი მათგანი უკრავდა და მღეროდა კიდეც), დედოფალმა ბრძანა საკრავი იარაღები მოეტანათ; მისი ბრძანებით დიონეომ ხელში აიღო ჭიანური, ხოლო ფიამეტამ - ვიოლინო და ორივემ მშვენიერი საცეკვაო დაუკრეს. დედოფალმა კი მსახური პურის საჭმელად დაითხოვა და თვითონ სხვა ქალებთან და ორ ყმაწვილთან ერთად მშვენიერ ფერხულში ჩაება ნელი და ნარნარი ნაბიჯითა; ფერხულს რომ მორჩნენ, კარგი და მხიარული სიმღერები იმღერეს და ასეთ ყოფაში მანამდე დარჩნენ, სანამ დედოფალმა არა თქვა - დროა ძილად მისვლისაო. როცა ყველას ნება მისცა დასაძინებლად წასვლისა, სამი ყმაწვილი თავიანთ ოთახში წავიდა, რომლებიც ქალების ოთახებისაგან სრულებით განცალკევებულად იმყოფებოდა. აქ მათ დაუხვდათ მშვენივრად გაშლილი ქვეშსაგები და ყველგან მიმობნეული ყვავილები; მსგავსადვე ქალებიც თავიანთ ოთახებში წავიდნენ, ტანთ გაიხადეს და დასასვენებლად დაწვნენ.

    ჯერ ცხრა საათი არ შესრულებულიყო, რომ დედოფალი ადგა, სხვა ქალებიც ააყენა, ააყენებინა აგრეთვე ყმაწვილები და უთხრა: დღისით ბევრი ძილი მაწყინარიაო. აქედან ერთ მაღალ და მწვანე ბალახიან ბუსნოზე გავიდნენ, სადაც მზე არსაიდან უყურებდა; აქ როცა მშვენიერმა ნიავმა დაჰბერა, და დედოფლის სურვილის თანახმად წრე გააკეთეს და ჩამოსხდნენ, დედოფალმა ასეთის სიტყვებით მიმართა: - როგორც ხედავთ, მზე მაღლაა ასული და სიცხეც ძალზე აჭერს, ზეთისხილის ხეებს შორის ჭრიჭინების ხმაღა ისმის. ამიტომ აქედან სხვა ალაგას წასვლა დიდი სიბრიყვე იქნებოდა. აქ გრილა და მშვენივრადა ვართ, გვაქვს ჭადრაკი და ნარდი და ყველას შეუძლია იმით გაერთოს, რაც მოსწონს და მის გულს ეამება. მაგრამ მე რომ დამიჯერებდეთ, არც კი ვითამაშებთ, რადგან თამაშობის დროს ერთ-ერთი მოთამაშე განაწყენებული რჩება ხოლმე, რაც არ ეამება არც სხვა მოთამაშეს და არც თამაშის მაყურებელს. ამიტომ გირჩევდით რამე ამბები გვეამბნა (როცა ერთი მოჰყვება, სხვებს მისი ნაამბობი სასიამოვნოდ რჩება ხოლმე) და დღის ცხელი ნაწილი ასე გაგვეტარებინა. ყოველს თქვენთაგანს თქვენ-თქვენი ამბავი დასრულებული არც კი გექნებათ, რომ მზე გადაიხრება კიდეცა და სიცხე შენელდება, ასე რომ, ყველას შეგვეძლება წავიდეთ იქ, საცა ჩვენს სულსა და გულს ეამება. ამიტომ თუ ჩემი ნათქვამი მოგწონთ (მე კი ამ შემთხვევაში მზად გახლავართ თქვენს სურვილს დავემორჩილო), მოდით, საქმეს შევუდგეთ კიდეცა; ხოლო თუ ეს არ მოგწონთ, ნება თქვენია, წაბრძანდით და საღამომდე ვისაც რა გენებებათ, ისა ჰქენით.

    ქალებმა და კაცებმაც მოიწონეს დედოფლის რჩევა და ამბების თხრობა, ამიტომ დედოფალმა უთხრა: რაკი მოგწონთ, პირველ დღეს თითოეულმა ის გვიამბოს, რაც თვითონ მოეგუნებებაო. მერე მიუბრუნდა პამფილოს, რომელიც მარჯვნივ უჯდა, და სთხოვა პირველად იმას დაეწყო და ეამბნა ერთი თავისი ამბავთაგანი. პამფილომ ბრძანება რომ მოისმინა, სხვები ყურის დასაგდებად მოემზადნენ და იმანაც მაშინვე ასე დაიწყო.

    ამბავი პირველი. ყალბი აღსარება

    ბატონი ჩაპელეტო აღსარებაზე ერთ წმინდა ბერს ატყუებს და კვდება; სააქაო ცხოვრებაში მეტად საზიზღარი რამ იყო, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მართალთა თანა შერაცხეს და წმინდა ჩაპელეტო უწოდეს.

    კაცმა რაც უნდა საქმე დაიწყოს, ჩემო საყვარელო ქალებო, ჰხამს პირველად ახსენოს ყოვლად საკვირველი და წმინდა სახელი იმისი, ვინცა შექმნა არსი ყოველი და (რადგან მე მხვდა წილად პირველად დაწყება ამბისა) განვიზრახე გიამბოთ ერთი მისი სასწაულთაგანი, რათა ამის მოსმენის შემდეგ განმტკიცდეს ჩვენში მისი სასოება, როგორც მტკიცე ზღუდისა, და სახელი მისი ვადიდოთ უკუნითი უკუნისამდე.

    ყველამ ვიცით, რომ ამქვეყნად ყოველივე წარმავალი და მოკვდავია, და ყოველივე შიგნით და თვის გარეშე აღსავსეა მწუხარებით, ურვითა და ნაღველით და მოელის აურაცხელი საფრთხე და ჩვენ, ვინც ყოველივე ამის შუაში ვცხოვრობთ და შევადგენთ მის ერთს ნაწილს, ვეღარ შევძლებდით ვერც მის გაძლებას და ვეღარც თავიდან აცილებას, რომ განსაკუთრებულ წყალობას ღვთისას არ მოემადლებინა ჩვენთვის ძალა და არ ჩაეგონებინა წინდახედულობა. ამასთან, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს წყალობა გარდმოგვევლინება ზეცით და ჰგიებს ჩვენში არა იმისათვის, რომ დავიმსახურეთ იგი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სახიერებით და იმათი ლოცვით, ვინც ჩვენსავით სიკვდილის შვილნი იყვნენ, მაგრამ სიცოცხლეში ასრულებდნენ ნებას ღვთისას და ახლა მასთან მკვიდრ არიან საუკუნონი და ნეტარნი. იმათ, როგორც ჩვენთა მეოხთა, რომელთაც თავიანთი გამოცდილებით იციან ჩვენი სისუსტე, მივმართავთ ლოცვა-ვედრებით, შევჩივლებთ ჩვენს გაჭირვებას (შეიძლება იმიტომაც ვშვრებოდეთ ასე, რომ ვერა ვბედავთ აღვუვლინოთ ვედრება ჩვენი უშუალოდ ისეთს მოსამართლეს). და ჩვენა ვხედავთ, რომ მოწყალება ღვთისა ჩვენდამი მრავალია. ამას ის ამტკიცებს, რომ რადგან ჩვენ არ ძალგვიძს, როგორც სიკვდილის შვილთ, განვჭვრიტოთ საიდუმლო ღვთაებრივი სიბრძნისა, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ფეხის ხმის აყოლით შეცდომილებაში შთავცვივით ხოლმე და მისი დიდების წინაშე ბჭედ ისეთ კაცს ავირჩევთ, რომელიც მის მიერ საუკუნოდ დასჯილია. მიუხედავად ამისა, ზეციერი, რომლისთვისაც არა არს რა დაფარული, უფრო ყურად იღებს მავედრებელის გულწრფელობას, ვიდრე მის უმეცრებას და დასჯას მეოხისას, ვისაც მავედრებელი თავის ბჭედ ირჩევს ხოლმე ღვთისა წინაშე. და აჰა,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1