Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რიჩარდ მესამე
რიჩარდ მესამე
რიჩარდ მესამე
Ebook321 pages2 hours

რიჩარდ მესამე

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

შექსპირის ისტორიული დრამა, რომელიც ხანდახან ტრაგედიადაც მოიხსენიება, როგორც ვარაუდობენ, 1591 წელსაა შექმნილი. შექსპირი „ჰენრი VI“-ის მესამე ნაწილიდან განაგრძობს თხრობას და გვიხატავს პორტრეტს ტახტზე ასვლის სურვილით შეპყრობილი ადამიანისა, რომელიც საკუთარი თავის სრული კონტროლისა და სხვათა დომინირების გზით ახერხებს ამას, თუმცა... მეფობა დღემოკლე აღმოჩნდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 14, 2021
რიჩარდ მესამე

Read more from უილიამ შექსპირი

Related to რიჩარდ მესამე

Related ebooks

Reviews for რიჩარდ მესამე

Rating: 3.5 out of 5 stars
3.5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რიჩარდ მესამე - უილიამ შექსპირი

    უილიამ შექსპირი - რიჩარდ მესამე

    William Shakespeare - King Richard the Third

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჩაბელს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მოქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    მოქმედნი პირნი

    მეფე ედვარდ მეოთხე

    ედვარდი, უელსის პრინცი; რიჩარდი, იორკის ჰერცოგი - მეფის ვაჟები

    გეორგი, ჰერცოგი კლარენსი; რიჩარდი, ჰერცოგი გლოსტერი (მასუკან მეფე რიჩარდ მესამე) - მეფის ძმები

    გრაფი რიჩმონდი, მასუკან მეფე ჰანრი მერვე

    კარდინალი ბორჩერ, კანტერბერის არქიეპისკოპოსი

    ტომას როტრემი - იორკის არქიეპისკოპოსი

    ჯონ მორტონი - ილის ეპისკოპოსი

    ჰერცოგი ბუკინგამი

    ჰერცოგი ნორფოლკი

    გრაფი სერეი, მისი ვაჟი

    გრაფი რივერსი, ელისაბედ დედოფლის ძმა

    მარკიზი დორსეტი; ლორდი გრეი - ელისაბედ დედოფლის ვაჟები პირველი ქორწინებიდან

    გრაფი ოქსფორდი

    ლორდი ჰასტინგსი

    ლორდი სტენლი

    ლორდი ლეველი

    სერ ტომას ვოგანი

    სერ რიჩარდ რატკლიფი

    სერ ვილიამ კატესბი

    სერ ჯეიმს ტირელი

    სერ ჯემს ბლენტი

    სერ ვალტერ ჰერბერტ

    სერ რობერტ ბრაკენბიური, ტოუერის კომენდანტი

    სერ უილიამ ბრანდონი

    კრისტოფერ ვარვიკი

    მღვდელი

    ლონდონი ლორდ-მერი

    ვილჩირის შერიფი.

    ტრესელ და ბერკლეი - ლედი ანნას მხლებელნი.

    ელისაბედ დედოფალი - ცოლი მეფის ედვარდ მეოთხისა.

    მარგარიტა - ქვრივი მეფის ჰანრი მეექვსისა.

    იორკის მთავრის მეუღლე - დედა მეფის ედვარდ მეოთხისა, კლარენსისა და გლოსტერისა.

    ლედი ანნა - ქვრივი უელსის პრინცის მეფე ჰანრი მეექვსის ძის ედვარდისა, მასუკან მეუღლე გლოსტერის მთავრის რიჩარდისა.

    პატარა ქალი კლარენსისა.

    ლორდები და სხვა კარისკაცნი, გზირი, მწერალი, მოქალაქენი, კაცისმკვლელები, შიკრიკები, ჯარისკაცნი და სხვ.

    მოქმედება ინგლისშია.

    მოქმედება პირველი

    სურათი I

    ლონდონის ქუჩა. შემოდის რიჩარდ გლოსტერი.

    გლოსტერი.

    აგერ შესცვალა იორკის მზემ მბრწყინავ ზაფხულად

    უთანხმოება ჩვენი მწვავი ზამთრის სუსხივით,

    და რაც ამ ოჯახს აწვა გულზედ შავი ღრუბელი,

    აწ ოკეანის მწყვდიადს უფსკრულს ჩამარხულია.

    ეხლა გვიშვენებს შუბლს გვირგვინი გამარჯვებისა,

    სახსოვრად ჩლუნგი იარაღი ჰკიდია კედელს,

    ბრძოლის ჭექის ხმა ზახიანი შეცვლილა ლხინად

    და დარბაზობად იერიშით მტერზედ მისევა.

    აწ თითქო ომმა შეჭმუხვნილმა გაიხსნა შუბლი

    და მის მაგივრად, რომ მოახტეს დარახტულს რაშსა

    და შეუძრწუნოს სული ისეც შეშფოთებულს მტერს, -

    იგი ყურს უგდებს ქალთ ოთახში ფანდურის ხმასა

    და შეექცევა ხტუნვა-პრანჭვით ვნებით დამდნარი.

    მაგრამ მე ხომ ამ თამაშისთვის არ ვარ შექმნილი,

    და ვერც სარკის წინ ვიარშიყებ ჩემსავ სახესთან;

    მე, უშნოდ გათლილს, არ მაქვს სატრფო შეხედულობა,

    რომ მოვაწონო თავი ცუნცრუკ, კოხტა გომბიოთ;

    არა რა მაქვს მე ერთმანეთთან შეფერებული;

    მუხთალ ბუნებას აუვსივარ უსახურობით

    და უჟამური, შეთითხნილი გაურევივარ

    ცოცხალთა შორის ნაადრევად მუცლით ნასხლეტი.

    ნახევრადაც არ დამთავრებულს, უმზგავსს და საპყარს

    ძაღლნიც კი მყეფენ, როცა იმათ გვერდით უდგავარ...

    და აი ესრედ მოდუნებულს მშვიდობის ჟამსა

    სხვა არაფერი დამრჩენია დროს გასართობად,

    თუ არა იგი, რომ ვუყურო ჩემს ჩრდილს მზიან დღეს

    და ჩემის თვალით განვიცადო ეს სახიჩრობა.

    რახან ასეა, არშიყობა რაკი არ ძალმიძს,

    და ვერ ავყვები ამ ტკბილ ჟამთა დროს გატარებას,

    მაშ სიბოროტით მაინც უნდა ვიჩინო თავი

    და ჩავუმწარო სხვებს ამაო სიამოვნება.

    ამასა ვიქ მე და ისედაც გავაბი ქსელი

    ცილის-წამებით, სიზმრებით და ლოთთა ყბედობით,

    რომ სასიკვდილოდ გადავკიდე ერთმანეთს მეფე

    და მეორე ძმა ჩემი კლარენს. თუ მეფე ედვარდ

    ისე დადგება მტკიცედ თავის სიტყვას და აზრზედ,

    ვით მე ვადგავარ ცბიერებას, სიცრუეს, ღალატს,

    მაშინ კლარენსი უნდა ჩასვან ციხეში დღესვე.

    ეს იმის გამო, რომ მკითხავსა უთქვამს მეფისთვის

    შენ შვილთ ის დახოცს, ვის წოდებაც „გ"-ანით იწყება.

    კლარენს მოდის აქ... ფიქრნო ჩემნო, ჩაიმალენით,

    სულის სიღრმეში.

    (შემოდის გეორგ კლარენსი დარაჯებით შემორტყმული და ბრაკენბიური)

    გამარჯვება, ძმაო! რას ნიშნავს,

    რომ შეჭურვილი დარაჯები აგდევნებია?

    კლარენსი.

    ჩემს ხელმწიფესა უზრუნვია, რომ ამ დარაჯთა

    უვნებლობისთვის გამაცილონ ტოუერამდე.

    გლოსტერი.

    ეგ რა მიზეზით?

    კლარენსი.

    გეორგ მქვიან და იმ მიზეზით.

    გლოსტერი.

    შენი ბრალია მერე ეგა? რაკი ეგრეა,

    უნდა ციხეში ნათლიები დაგიპატიმრონ.

    იქნება სურდეს ტოუერში ახლად მოგნათლოს?

    რა ამბავია? მითხარ სწორედ, გამაგებინე.

    კლარენსი.

    დიაღ გეტყოდი, რომ მცოდნოდა და გეფიცები,

    არა რა ვიცი ჯერ სრულიად; მხოლოდ გავიგე,

    წინასწარ-თქმულსა რაღაც სიზმრებს ერწმუნებაო

    და ანბანიდან ასო „განი" ამოუშლია,

    რადგან ერთ მკითხავს უთქვამს მისთვის, ეს ასო „განი"

    შენთ ჩამომავალთ წაართმევსო მემკვიდრეობას; -

    და რაკი გეორგ მქვიან, ვითომ მე უნდა ვიყო.

    ზოგი ამას და ზოგი კიდევ სხვა ცუდმადობას

    ჩემი დაჭერა, როგორც ვცანი, გადუწყვეტია.

    გლოსტერი.

    ცოლის ყოლამ იცის ეგა. ტოუერში შენ

    მეფე არ გგზავნის. გგზავნის იქა იმის მეუღლე,

    მილედი გრეი. იმას, კლარენს, ჩაუგონია,

    უსწავლებია ღონე და გზა უკიდურესი.

    ის არ იყო რომ თავის ძმასთან, ანტონ გუდვილთან,

    იმ ფარისეველ კაცთან ერთად ურჩია მეფეს

    ციხეში ჩასმა ლორდ ჰასტინგსის, სიდანაც მხოლოდ

    მას დღეს უშვებენ? კლარენს, შიშში, შიშში ვართ მუდამ.

    კლარენსი.

    ეხლა უშიშრად, ვფიცავ ზეცას, სხვა არვინ არის,

    თუ არ დედოფლის ნათესავნი და ღამის გზირნი,

    ამბის მზიდავნი შოურის ცოლს და მეფის შორის.

    გაიგე როგორ დაემცირა თავი ლორდ ჰასტინგსს

    იმ დედაკაცის წინაშე, რომ გამოეთხოვა

    ციხიდან დახსნა?

    გლოსტერი.

    ვიცი, მდაბლად თაყვანი ეცა

    იმ ღვთაებისთვის ლორდ-კანცლერს და თავისუფლება

    მით შეესყიდა... მე რას გეტყვი: თუ გვსურს, რომ მეფე

    წყალობის თვალით იყოს ჩვენზე, შოურის ცოლის

    მსახურად გავხდეთ, ტანთ ჩავიცვათ იმის ლივრეი

    ეს და ის ქვრივი ეჭვიანი, დრო-გაცვეთილი,

    რაც კი ჩვენმა ძმამ ზე-ასწია, გაადიდკაცა,

    მარტოდ მარტონი აქ მეფობენ, ნათლიდედობენ.

    ბრაკენბიური.

    გთხოვთ, მომიტევოთ, ბატონებო, მეფისაგან მაქვს

    მე ეს სასტიკად ნაბრძანები, რომ იმის ძმასთან

    არვის არ მივცე ნება კერძო ლაპარაკისა,

    რა ხარისხისაც უნდა იყოს.

    გლოსტერი.

    მართლა? კეთილი.

    გთხოვთ, ბაკენბიურ, შენს მაღალ კეთილ-შობილებას,

    ყური დაუგდო, თუ გსურს, ყველას, რასაც კი ვიტყვით.

    ღალატზედ ხომ არ ვლაპარაკობთ. მეფეზედ ვამბობთ,

    ჭკვიანიაო, სათნოებით სავსე და მისი

    დედოფალიცა დიდებული, შესაფერ ხნისა,

    ეჭვის არ მცოდნე, მშვენიერი. ჩვენ ვამბობთ კიდევ

    რომ შოურის ცოლს ფეხები აქვს მეტად ლამაზი,

    ალუბლის ფერი ტუჩები და ჟუჟუნა თვალნი;

    ენაც საამოდ მოუბარი; რომ ნათესავნი

    გაუდიდკაცდენ დედოფალსა. განა ეს ყველა

    ტყუილი არის? აბა ერთი რა პასუხს იტყვი?

    ბრაკენბიური.

    ბატონო ჩემო, ყველა ეგ მე არ შემეხება.

    გლოსტერი.

    შოურის ცოლიც? მეგობარო, იცი რა გითხრა,

    ვინც შოურის ცოლს შეეხება, ვურჩევდი ყველას,

    ერთის გარდა კი, საიდუმლოდ საქმე ეჭიროს.

    ბრაკენბიური.

    ერთი ვინ გახლავთ?

    გლოსტერი.

    იმის ქმარი, როგორ ვერ მიხვდი!

    არ გამცე კია.

    ბრაკენბიური.

    ჩემი საქმე არ გახლავთ ეგა.

    გთხოვთ მომიტევოთ და მთავართან მორჩეთ ბაასსა.

    კლარენსი.

    შენს ვალს ასრულებ მხოლოდ, ვიცით; დაგმორჩილდებით.

    გლოსტერი.

    დედოფალს ვეყმეთ, რა გზა გვაქვს რომ არ ვემორჩილნეთ!

    მშვიდობით, ძმაო, ხელმწიფესთან წავალ და თუ გსურს,

    ვიკისრებ ყველას შენის განთავისუფლებისთვის,

    თუნდა ხელმწიფის ედვარდის ცოლს ჩემს დას ვუწოდებ.

    ვერ წარმოიდგენ, როგორ გულს მწყლავს ეს ძმათა-მტრობა.

    კლარენსი.

    გულის-მომწყვლელი არის სწორედ, ვინ მოიწონებს!

    გლოსტერი.

    შენი ტყვეობა, დამიჯერე, დიდხანს არ გასტანს:

    ანუ დაგიხსნი, ან ციხეში ჩავჯდები მეცა

    შენის გულისთვის; მოთმინება შემოიკრიბე.

    კლარენსი.

    მეტი რა გზა მაქვს, არ ვითმინო! მშვიდობით, ძმაო!

    (გადიან კლარენსი, ბრაკენბიური და დარაჯები)

    გლოსტერი.

    დაადეგ მაგ გზას, სიდანაც შენ ვერ დაბრუნდები,

    საბრალო კლარენს, გულ-უბრყვილო! მე შენ მიყვარხარ

    ისე ძლიერ, რომ მალე შენს სულს ზეცას გავგზავნი,

    თუ ჩვენის ხელით მიგზავნილს ძღვენს არ იუარებს. -

    ეს ვინ მოდის აქ? ოჰ, ჰასტინგსი, ტყვე თავ-დახსნილი?

    (შემოდის ჰასტინგსი)

    ჰასტინგსი.

    მოწყალე ბატონს ვუნატრი მე მშვიდობის დღესა.

    გლოსტერი.

    აგრეთვე შენცა, ლორდ კანცლერო. მადლობა ღმერთსა,

    რომ თავისუფალს ჰაერზედ ხარ. ვით იტანე

    დაპატიმრება?

    ჰასტინგსი. მოთმინებით, ბატონო ჩემო,

    როგორც შეჰფერის პატიმართა. მაგრამ ღმერთსა ვთხოვ,

    მაცოცხლოს კიდევ იმდენი, რომ ჩემის ტყვეობის

    მიზეზთა მადლი გადვუხადო.

    გლოსტერი.

    სწორედ, უთუოდ.

    კლარენსმაც უნდა გადუხადოს: ის, ვინც შენ გიმტრო,

    უმტრო იმასაც და ორივე იმან დაგჯაბნათ.

    ჰასტინგსი.

    ის არის ძნელი, რომ არწივნი დაუმწყვდევიათ,

    ქორ-ძერანი კი თავისუფლად ასპარეზობენ.

    გლოსტერი.

    გარედან რაღა ამბავია?

    ჰასტინგსი.

    ისეთი ცუდი

    არა ისმის რა იქიდან, ვით შინაობაში:

    მეფე დასუსტდა, ავადმყოფობს, მოწყენით არის

    და ექიმებიც მეტის-მეტად შიშობენ მისთვის.

    გლოსტერი.

    ყველასთვის ავი გასაგონი არის ეგ, მართლაც;

    არა რიდობდა, თავის თავს არ უფთხილდებოდა

    და აი ლამის თვის სიცოცხლე მოიდმოს კიდეც.

    ოჰ, ფრიად, ფრიად საწყენია! ლოგინად არის?

    ჰასტინგსი.

    დიაღ, ბატონო.

    გლოსტერი.

    წადი მასთან, მეც ეხლავ მოვალ.

    (ჰასტინგსი გადის)

    არ გადარჩება, იმედი მაქვს, მაგრამ კი უნდა

    იცოცხლოს ვიდრე არ გაგზავნის გეორგსაც ცაში.

    წავალ რომ უფრო განვუმტკიცო კლარენსის მტრობა

    სიცრუით მაგრად დაჭედილის საბუთებითა;

    და თუ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1