Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ოდისეა
ოდისეა
ოდისეა
Ebook852 pages6 hours

ოდისეა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ოდისეა" - უდიადესი ლიტერატურული მოგონებაა ყოველი ადამიანის ცხოვრებისეული მოგზაურობის შესახებ. ოდისევსის გონებამახვილობა და სიცოცხლისაკენ ნება მის შეჯახებებში ღვთიურ და ბუნების ძალებთან ითაკასკენ მისი ათწლიანი მოგზაურობის განმავლობაში ერთდროულად მარადი ადამიანური ისტორია და მორალური გამძელობის ინდივიდუალური გამოცდაა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 29, 2021
ოდისეა

Related to ოდისეა

Related ebooks

Reviews for ოდისეა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ოდისეა - ჰომეროსი

    ჰომეროსი - ოდისეა

    Ὅμηρος -  Ὀδύσσεια

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის პეტრე მირიანაშვილს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    სიმღერა პირველი

    სიმღერა მეორე

    სიმღერა მესამე

    სიმღერა მეოთხე

    სიმღერა მეხუთე

    სიმღერა მეექვსე

    სიმღერა მეშვიდე

    სიმღერა მერვე

    სიმღერა მეცხრე

    სიმღერა მეათე

    სიმღერა მეთერთმეტე

    სიმღერა მეთორმეტე

    სიმღერა მეცამეტე

    სიმღერა მეთოთხმეტე

    სიმღერა მეთხუთმეტე

    სიმღერა მეთექვსმეტე

    სიმღერა მეჩვიდმეტე

    სიმღერა მეთვრამეტე

    სიმღერა მეცხრამეტე

    სიმღერა მეოცე

    სიმღერა ოცდამეერთე

    სიმღერა ოცდამეორე

    სიმღერა ოცდამესამე

    სიმღერა ოცდამეოთხე

    სიმღერა პირველი

    მუზავ, უმღერე მრავლისმხილველ ვაჟკაცს, რომელმაც

    ტროის დანგრევის შემდეგ ბევრი იხეტიალა,

    მრავალი ტომის ქალაქსა და ადათს გაეცნო

    და ტანჯვაც ბევრი განიცადა უსაზღვრო ზღვაზე

    გულით ეწადა, ეხსნა თავიც, თანამებრძოლნიც,

    მაგრამ ვერ იქნა, ვერ დაიხსნა განსაცდელისგან,

    მათ ხომ თვისივე უგნურებით დაღუპეს თავი -

    ხარები დაჰკლეს უმეცართა ჰელიოს ღმერთის, -

    მანაც სანაცვლოდ დღე მოსტაცა დაბრუნებისა.

    ამ ამბავთაგან გვითხარ რამე, ზევსის ასულო.

    ყველა შინ იყო, გადაურჩა ვინაც დაღუპვას,

    ვინც კი გაექცა ომის შფოთს და ზღვის მღელვარებას,

    მხოლოდ ოდისევსს, შინ მიუსვლელს, ცოლის მონატრულს

    ნიმფა კალიფსო აბრკოლებდა, დედაუფალი.

    ქვაბს დაემწყვდია, მის ქმრობაზე მეოცნებესა.

    და აჰა, დადგა წელიწადიც ჟამთა ბრუნვაში,

    რაჟამს ღმერთებმა დაუდგინეს მას დაბრუნება

    შინ, ითაკაში, და ვერ ასცდა მაინც განსაცდელს,

    თუმც უერთგულეს მეგობართა შორის იყო და

    პოსეიდონის გარდა ღმერთი ყველა წყალობდა.

    ოდენ ის მტრობდა შინ მისვლამდე ღმერთკაცს ოდისევსს.

    ღმერთი კი ამ დროს სტუმრებოდა ეთიოპიის

    შორეულ მხარეს, კაცთ სამყოფელს ორად გაყოფილს,

    მზის ამოსვლის და ჩასვლის კიდეს რომ ბინადრობდნენ,

    ხართა და ცხვართა შესაწირვით გალაღებული,

    გაშლილ სუფრასთან მოლხენით და განცხრომით იჯდა.

    სხვა ღმერთნი ოლიმპს ზევსის ტაძრად შეჯარულიყვნენ.

    დაიწყო სიტყვა ზევსმა, მამამ კაცთა და ღმერთთა.

    სახელოვანი გაიხსენა სულით ეგისთე

    გულად ორესტეს რომ მოეკლა, აგამემნონიდს.

    ამგვარ ფიქრებში მყოფი ზევსი მიმართავს ღმერთებს:

    „ვაჰმე, რა ზნე ჭირთ მოკვდავთ, უცებ ღმერთს დასდონ ბრალი,

    თავიანთ ყველა უბედობას ჩვენ მოგვაწერენ,

    ბედით კი არა, თვის სიბრიყვით ჭირს ჩავარდნილნი.

    თუნდაც ეგისთე - ბედისწერის ნების გარეშე,

    ცოლი წაართვა ატრიდს, დაჰკლა ის შინ მისული,

    თუმც ყოველივე უწყოდა მან, დროით ვაახლეთ

    მასთან ჰერმესი შორსმჭვრეტელი, არგოსის მკვლელი,

    რომ არ მოეკლა კაცი იგი, ცოლსაც დახსნოდა.

    ვამცნეთ: „ორესტე შურს იძიებს ატრიდესათვის,

    მომწიფებული ვით მემკვიდრე, რომ მოიხილავს

    მამის კერიას". ასე უთხრა ჰერმესმა eგისთს.

    მან არ ისმინა და ბოროტიც თავს დაიტეხა.

    მაშინ შეჰკადრა ზევსს ათენამ თვალთინათინამ:

    „მშობელო ჩვენო, ჰე, კრონიდე, ყოვლად ძლიერო,

    ახია, ჭირი რაც შეემთხვა, ღირსია კიდეც.

    ეგრე დაემხოს სხვაც ამგვარი საქმის ჩამდენი.

    მაგრამ მე ხვედრი ოდისევსის მაფიქრებს ფრიად.

    გვემულა იგი უთვისტომოდ, მარტო შთენილა,

    შორეულ კუნძულს, სად ჭიპია ზღვათა სივრცისა,

    კუნძულს ხშირტყიანს, სად ქალღმერთის არის სავანე,

    დაუნდობელი ატლანტისა, ვინაც მთელი ზღვის

    სიღრმეებს იცნობს, და აკავებს იმ მაღალ სვეტებს

    მიწას და ზეცას რომ გაჰყოფენ ურთიერთისგან.

    მის ასულსა ჰყავს დარდით სავსე ის უბედური.

    მარად აცდუნებს საალერსო მოთაფლულ ენით.

    რათა ითაკა დაავიწყოს, ოდისევსი კი, -

    ნატრობს, მშობელი მიწის კვამლი ნახოს ოდენ და

    სიკვდილს მოუხმობს. ნუთუ შენს გულს არ სწვდება სრულად,

    მეფეო, მისი ხვედრი? განა შენთვის ოდისევსს

    არ შეუწირავს არგოსელთა გემებთან მსხვერპლი

    ტროის ვრცელ ველზე? რად ხარ, ზევსო, მასზე ნაწყენი?"

    მისდა პასუხად ეს თქვა ზევსმა, ღრუბელთ ბატონმა:

    „ასულო ჩემო, ეს რა სიტყვა დასცდა შენს ბაგეთ.

    ვინ დაივიწყოს ღვთაებრივი, ბრძენი ოდისევს,

    ვინაც მოკვდავთა ზე დგას ჭკუით, ვინც უკვდავ ღმერთებს

    ცათა მეუფეთ შესაწირავს უძღვნიდა უხვად.

    მხოლოდღა ერთი პოსეიდონ, მიწის მპყრობელი

    გამწყრალა მასზე, რადგან კიკლოპს - ღმერთებრ პოლიფემს

    გამოუშანთა თვალი, ყველა კიკლოპთა შორის

    უძლიერესსა, ვინაც მღელვარ ზღვის ბატონ-პატრონ

    ფორკინეს ქალმა, თოოს ნიმფამ შვა, ჩასახული

    პოსეიდონთან ბნელ ქვაბულში შეკავშირებით.

    მიტომ ოდისევსს პოსეიდონ, მიწის მპყრობელი,

    თუმც კი არა ჰკლავს - სამშობლოსგან მოუწყვეტია.

    მოდი, ვიფიქროთ, ყველამ ერთად, როგორღა შევძლოთ

    შინ დავაბრუნოთ, დავამშვიდოთ პოსეიდონი.

    არავის ძალუძს ერთად-ერთსა, რომ წინ აღუდგეს

    უკვდავ ღმერთების ერთობლივსა დადგენილებას".

    პასუხად უთხრა ზევსს ათენამ თვალთინათინამ:

    „მშობელო ჩვენო, დიდო კრონიდ, ყოვლად ძლიერო,

    თუ ნეტარ ღმერთებს განუზრახავთ მართლაც გულდაგულ,

    რომ დააბრუნონ თავის სახლში ბრძენი ოდისევს, -

    მაშინ არგოსის მკვლელი ჰერმეს, ღმერთების მაცნე

    უმალ ვაფრინოთ ოგიგიის შორეულ კუნძულს,

    ლამაზ თმებიან ნიმფას ამცნოს უკვდავთა ნება, -

    „შინად მიქცევა ოდისევსის არ დააბრკოლოს.

    მე კი ითაკას ჩავალ უმალ, რათა მისი ძე

    გავათამამო, ჩავუნერგო გულში სიმტკიცე.

    შემოიკრიბოს ითაკელნი ხუჭუჭთმიანნი,

    რომ გააშორონ სასიძონი ოდისევსის სახლს,

    რომელნიც უღვთოდ ნთქავენ იმის ცხვარსა და ხარებს.

    გავგზავნი სპარტას და პილოსში, იქნებ შეიტყოს

    საყვარელ მამის დაბრუნების შესახებ რამე.

    იმადაც, რათა მან სახელი გაითქვას ხალხში".

    ეს თქვა და ფეხთა შეიმოსა ოქროს ქოშები,

    ღმერთის საფერი იყო იგი, შეეძლო ქარზე

    სწრაფად მოევლო ვრცელი ზღვა და ხმელეთი ვრცელი.

    აიღო შუბი წამახული სპილენძის წვერით,

    მძიმე, მაგარი, რომლით იგი ლომგულ ვაჟკაცებს

    ერკინებოდა, თუ ანაზდად განარისხებდნენ.

    მაღალ ოლიმპოს მწვერვალთაგან დაეშვა სწრაფად

    ითაკისაკენ, ოდისევსის სახლის წინ გაჩნდა

    და კართან დადგა ხელთ მპყრობელი ელვარე შუბის,

    ტაფოსელთ ბელად - მენტეს სახით მოვლინებული,

    მყის დაინახა თავგასული სასიძოები,

    წინა კართან რომ შექცეოდენ კოჭის თამაშსა.

    მათგანვე დაკლულ ხართა ტყავზე წამოწოლილნი.

    იქვე გმირები და მსახურნი დაჰქროდნენ, ზოგი

    სალხინო ჭურჭლებს წყალგარეულ ღვინით ავსებდა,

    ზოგი მაგიდებს დგამდა, რეცხდა და ზედ აწყობდა

    სხვადასხვანაირ ხორცს მოხარშულს, ოხშივარიანს.

    ღმერთქალმა უმალ თვალი მოჰკრა ჯერ ტელემაქეს,

    მარტო რომ იჯდა სიძეთ შორის გულშენაღონი.

    ფიქრობდა იგი: თუ დაბრუნდა ძვირფასი მამა,

    როგორ გარეკავს სასიძოებს თავთავის სახლში,

    ვით დაიბრუნებს ქონებას და პატივს წინანდელს.

    ამ ფიქრში მყოფმა დაინახა უცებ ათენა:

    მიუახლოვდა მყის წინა კარს, შემფოთდა ფრიად,

    სტუმარი კართან ასე დიდხანს რომ ალოდინა.

    მკლავზე შეეხო, ჩამოართვა მან სტუმარს შუბი,

    ხმა ამოიღო და წარმოთსქვა ფრთიანი სიტყვა:

    „იხარე, უცხოვ, საყვარელო, შინ შემობრძანდი,

    ჯერეთ მიიღე პურ-მარილი, მერე თქვი რაც გსურს".

    და წინ გაუძღვა, უკან მიჰყვა პალადა ათენ.

    შევიდნენ სახლში, დიდ დარბაზის კარიბჭის მიღმა

    შუბი გრძელ სვეტთან მიაყუდა, იქ, სადაც იყო

    შუბთა საყუდი სანაქებოდ მორთულ-შემკული,

    სად ოდისევსის სხვა შუბებიც ეწყო რიგ-რიგად.

    შემდეგ კი ტახტი შესთავაზა ხალიჩიანი,

    კარგად ნაკეთი, ტახტთან იდგა საფერხე სკამიც.

    თითონაც დაჯდა ის ჭრელ სკამზე მასთან, შორს ისხდნენ

    სასიძოთაგან, რათა სტუმარს პურის ჭამის დროს

    არრა სწყენოდა გალაღებულ მოქეიფეთგან,

    თანაც ეკითხა უცხო ქვეყნად შთენილ მამაზე.

    მხევალმა იმათ ოქროს დოქით წყალი დაუსხა,

    ხოლო ქვემოდან ვერცხლის გობი შემოაგება,

    მერე მაგიდა გაუშალა სუფთა, ქათქათა.

    მნემ გულმართალმა დაალაგა სუფრაზე პური

    და სხვა რამ კერძი, რაც კი ჰქონდა, უხვად მოართვა;

    მერიგეც ხონჩით მოართმევდა ხორცს ნაირნაირს,

    მერე იმათ წინ დაალაგა ოქროს თასები,

    მერიქიფენი თასებს ხშირად ავსებდნენ ღვინით.

    შემდეგ თავხედი სასიძონიც მოვიდნენ, უმალ

    დასხდნენ ტახტზე და სავარძელზე წესით და რიგით.

    გზირებმა წყალი ხელსაბანი მოართვეს მათაც.

    მხევალნი მათ წინ დგამდნენ პურით სავსე კალათებს,

    ყრმანი კრატერებს სულ პირამდე ავსებდნენ ღვინით,

    მერე შეუდგნენ პურის ჭამას ხალისით, ლაღად.

    როცა სმა-ჭამით მოიოხეს გული უძღები,

    ახლა ისურვეს მხიარული ცეკვა, თამაში,

    ურომლისოდაც ლხინს არა აქვს შნო და ლაზათი.

    ფემიოსს მისცა გზირმა ჩანგი, რომელიც თავხედ

    სასიძოთათვის იძულებით მღეროდა მარად,

    ჩამოჰკრა სიმებს, წამოიწყო სიმღერა ამო.

    მაშინ, რათა სხვას არ სმენოდა, გადაიხარა

    ქალღმერთისაკენ ტელემაქე და უთხრა ფრთხილად:

    „სტუმარო ჩემო, ნუ მიწყენ და აი, რას გეტყვი:

    ამათი დარდი სიმღერა და ცეკვაა მხოლოდ.

    უღმერთოდ ნთქავენ იმ ვაჟკაცის ქონებას, რომლის

    ძვლებს, შეიძლება, შორს წვიმა და თქეში ეღვრება,

    ანდა მღელვარე ზღვის ტალღები ათამაშებენ.

    ახლა რომ უცებ აქ გამოჩნდეს, მაშინ ნახავდი,

    ფეხის სისწრაფეს ინატრებენ უფრორე, ვიდრე

    აქაურ ოქრო-ძოწეულით გამდიდრებასა.

    მუხთალმა ბედმა ის დაღუპა, რამ გვანუგეშოს?

    თუმცა ზოგ-ზოგი ამბობს ხოლმე, დაბრუნდებაო,

    მე კი არ მჯერა, საიმედოს ვერაფერს ვხედავ.

    ახლა მითხარი გულახდილად შენც ყოველივე:

    სადაური ხარ? თქვი, ვინაა შენი დედ-მამა?

    ვინ ხარ? ითაკას მოგიყვანა რომელმა გემმა?

    ვინ იყვნენ შენი მეზღვაურნი? ვერ მოხვიდოდი

    ფეხით აქამდე, რა თქმა უნდა, სთქვი გულახდილად,

    მინდა შევიტყო ჭეშმარიტი შენი ამბავი.

    ჩვენთან პირველად ხარ თუ ადრეც სტუმრობდი მამას?

    უცხო სტუმარი ჩვენს სახლს ბევრი ჰყოლია წინათ,

    მიმოსვლა ჰქონდა მამას ბევრთან, მოყვრობდა მრავალს".

    მას უპასუხა ზევსის ქალმა თვალთინათინამ:

    „ყველაფერს გეტყვი, მოგახსენებ ყველაფერს სწორად,

    ომშიგან ნაცად ანქიალეს ძე ვარ, მე მენტე,

    ტაფოსელების გამგებელი, მეზღვაურების

    ნავით მოვედი ძმაკაცების თანამხლებლობით,

    ღვინისფერი ზღვით გამოვცურე უცხო მხარეში

    და ვეძებ სპილენძს, ვცვლი სპილენძზე ელვარე რკინას.

    ტიალ ადგილას, ქალაქიდან შორს გვიდგას გემი,

    რეთრონს, ბოღაზთან, ხშირ ტყიანი ნეონის ძირას.

    მოყვრობა ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ძველთაგან ძველი,

    ხშირად გსმენია, ალბათ, ლაერტ გმირისგან ასე.

    ამბობენ, ახლა ის ქალაქში აღარ მოდისო

    და აქაობას მოშორებულს გულს უკლავს დარდი,

    მოხუცი ქალი მას აწვდისო სასმელს და საჭმელს.

    როცა მის სხეულს დაღლილობა დაეუფლება,

    აუვლ-ჩაუვლის მთის ფერდობზე გაფენილ ვენახს.

    დავეხსნათ ამას... მე მეგონა, შინ იყო მამა,

    მაგრამ როგორც ჩანს, შეაჩერეს ღმერთებმა სადღაც,

    ჯერ არ მომკვდარა ღვთაებრივი გმირი ოდისევს,

    ან ეხატება უგზო-უკვლოდ ვრცელ ზღვათა შუა,

    ან ველურთ ხელში იტანჯება უცხო კუნძულზე

    და ცდილობს იმათ გამოექცეს, თავი დაიხსნას.

    წინასწარ გეტყვი რაიც გულში აქვთ უკვდავ ღმერთებს

    და ჩემის აზრით, სწორედ ასე მოხდება კიდეც,

    თუმცა არა ვარ მისანი და ფრინველთ მკითხავი,

    მაინც კი ვფიქრობ სახლში უნდა დაბრუნდეს მალე.

    რკინის ჯაჭვებით რომ გაბორკონ, მოხერხებული

    შინ დაბრუნების გზას იპოვის, რაც უნდა იყოს.

    შენ კი მართალი მითხარ ახლა, არრა იცრუო:

    მართლაც კი ძე ხარ შენ ღვთაებრივ ოდისევსისა,

    ასე საოცრად გარეგნობით დამსგავსებული?

    ხშირად ვხვდებოდით ჩვენ ერთმანეთს მანამდე, ვიდრე

    გაილაშქრებდა ის ტროაზე, სადაც არგიველთ

    სხვა მეთაურნიც გაემართნენ მასთან ნავებით.

    არცარაოდეს შემდეგ იგი არ შემხვედრია". –

    კეთილმა მოყმემ ტელემაქემ ასე მიუგო:

    - „ჩემო სტუმარო, ყოველივეს გიამბობ მართალს,

    დედა მარწმუნებს, რომ შვილი ვარ მე მამაჩემის,

    მე კი არ ვიცი, არვის ძალუძს ამის გაგება.

    ისე, მერჩია კაცი მამად, მოხუცებამდე

    შინ მყოფი, დიდი მამულისა ბატონ-პატრონი.

    მოკვდავ კაცთაგან ვინც ყოფილა ყოვლად უიღბლო,

    ის არის მამა ჩემი, თუ გსურს ამის შეტყობა".

    პასუხად უთხრა მას ათენამ თვალთინათინამ:

    „წყალობის თვალი მოუპყრიათ ღმერთებს შენს სახლზე,

    რაკი შენგვარი პენელოპეს არგუნეს ვაჟი.

    ახლა მითხარი კვლავ სიმართლე, არრა დამალო;

    რა პურობაა? რა კრებაა აქ გამართული?

    რას გავს - ლხინია, ქორწინება თუ არიფანა?

    ასე მგონია, თავადებით იყვნენ ამ სახლში

    თქვენი სტუმრები, უცხო კაცსაც სირცხვილი დასწვავს,

    მათ თავხედობას რომ იხილავს ზომას გადასულს".

    კეთილმა მოყმემ, ტელემაქემ, ასე მიუგო:

    „სტუმარო ჩემო, რაკი მკითხავ, პასუხსაც გეტყვი.

    ოდესღაც სავსე იყო ჩვენი სახლი სიმდიდრით,

    როდესაც ბურჯად ოჯახს ედგა ვაჟკაცი იგი.

    ავმა ღმერთებმა ახლა მძიმე მიუგეს ხვედრი,

    ბნელით მოცული, უბედური დააგდეს სოფლად,

    რომ მომკვდარიყო, უფრო მეტად არ ვინაღვლებდი:

    მეგობართ შორის ტროას ომში დაღუპულიყო,

    ან ომის შემდეგ ძმათა ხელში გასცლოდა სული

    და აქაველებს აებორცვათ მისი საფლავი,

    მისი შვილისთვის სამერმისოდ სადიდებელი.

    ახლა კი იგი ჰარპიებმა უკვლოდ მომტაცეს,

    წავიდა, გაჰქრა, სევდა-გლოვას მიგვცა უზომოს.

    მაგრამ გლოვისთვის მე უბედურს სადღა მეცალა,

    როცა ღმერთებმა დამატენეს კიდევ სხვა ჭირი.

    კეთილშობილი ვინც კი არის ამ კუნძულებზე

    თავკაცნი სამეს, ძანკითეს და დულიქიონის,

    ანდა ამ კლდოვან ითაკაზე ვინც კი მბრძანებლობს,

    ყველას თვალი აქვს დედაჩემზე, სახლ-კარს ძარცვავენ,

    მას კი უარიც ვეღარ უთქვამს ქორწინებაზე,

    ვერც დაუხსნია თავი მათგან. სვამენ და სჭამენ

    რაც გაგვაჩნია. დამღუპავენ, ალბათ, მეც ბოლოს".

    ძალზე ნაწყენმა მას ათენა პალადამ უთხრა:

    „ო, ვხედავ, რარიგ გჭირდება შენ მამა შორს მყოფი,

    რომ დაერიოს სასიძოებს გათავხედებულთ.

    ნეტავი უცებ წინაკარში გამოჩნდებოდეს

    აბჯარ-მუზარად-ფაროსანი, წყვილ შუბით ხელში!

    ამგვარი ვნახე მე ის, როცა პირველად შევხვდი,

    ჩვენს სასახლეში მყოფი, ღვინით გალაღებული,

    ეფირს ნამყოფი მერმერეს ძის ილოსის სტუმრად;

    იქ მისულიყო ოდისევსი სწრაფი ნავებით,

    რათა ეშოვა საწამლავი, კაცთა მმუსრავი,

    რომ ამოევლო მასში თავის ბასრი ისრები.

    არ მისცა შხამი მას ილოსმა, ღმერთთა მომრიდემ,

    მამაჩემმა კი მისცა მაინც, უყვარდა მეტად.

    ნეტავ იმგვარად თავს წაადგეს ამ სასიძოებს,

    წაუხდებოდათ მყისვე მადა ქორწინებისა.

    მაგრამ ღმერთების ნება-სურვილს ჩვენ რას მივხვდებით, -

    დააბრუნებენ შინ თუ არა, რათა ოჯახში

    იძიოს შური... მოდი, კარგად ვიფიქროთ ერთად,

    ვით გააძევო თვითონ შენვე სასიძოები.

    ყური მიგდე და ჩემი რჩევა დაიმახსოვრე:

    ხვალ აქაველებს მოედანზე მოუხმე ბჭობად,

    ღმერთების ფიცით ყოველივე უთხარ აშკარად, -

    თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ სასიძოები,

    ხოლო თუ დედას გათხოვება აქვს განზრახული,

    უკან მიიქცეს მის ბედნიერ მამის ოჯახში,

    იქ იქორწინოს, გამოუწყოს მამამ მზითევიც,

    რაიც საყვარელ ასულისთვის მას ემეტება.

    შენ კი - ჭკუაში თუ დაგიჯდა - აი, რას გირჩევ:

    ოცნიჩბიანი კარგი ნავი მონახე ერთი,

    წა, ამდენი ხნის დაკარგული მამის საძებრად,

    ღვთის ანდა კაცის შემწეობით შეიტყობ რასმე, -

    ზოგჯერ მოკვდავნი ზევსის სიტყვებს იმეორებენ.

    ჯერ პილოსს მიდი, ღვთიურ ნესტორს უსმინე კარგად,

    იქიდან - სპარტას, მენელაოს ნახე, რომელიც

    სპილენძაბჯრიან აქაველთგან დაბრუნდა ბოლოს.

    და თუ მოგესმა, მამა მოვა, კარგად არისო,

    ჭირს გაუძელ და ერთი წელი გამაგრდი კიდევ.

    ხოლო თუ გითხრეს, მოკვდა ის და აღარ არისო,

    უკან მოიქეც, სამშობლოში დაბრუნდი ისევ,

    საფლავის ბორცვი აღუმართე, გამოიტირე,

    როგორც წესია; ხოლო დედა დაიყოლიე

    გასათხოვებლად... აღასრულებ როს ყველა ამას,

    გულით და ჭკუით საქმე კარგად ასწონ-დაწონე,

    ვით გაუსწორდე სასიძოებს შენსავე ჭერქვეშ

    ან მოხერხებით, ან რაინდულ შერკინებითა.

    გეყოს შექცევა ყრმათ საფერი, ბალღი ხარ განა?

    ნუთუ არ იცი, ღვთაებრივმა ორესტემ ქვეყნად

    ვით ისახელა თავი, რაკი შური იძია,

    და მოჰკლა მშობელ მამის მკვლელი ფლიდი ეგისთე?

    აგრე ქმენ შენაც, მეგობარო, ტანბრგე რაინდო,

    თუ გსურს დიდებით მოგიხსენოს შთამომავლობამ.

    "ახლა კი დროა, გავეჩქარო ჩემი ნავისკენ,

    სად მეგობრები მოწყენილნი მელოდებიან.

    შენ კი რაც გითხარ; დაუკვირდი, კარგად განსაჯე

    კეთილმა მოყმემ ტელემაქემ მიუგო ასე:

    „ჰოი, სტუმარო, ვხედავ მირჩევ ალალი გულით,

    ვით მამა შვილსა, ემაგ სიტყვებს რა დამავიწყებს,

    მაგრამ გთხოვ, დარჩე ერთხანს კიდევ, თუმც გეჩქარება.

    ტანთ გაიხადე, დაიამე სული და გული

    და მხიარული დაუბრუნდი შენს ნავს, საჩუქარს

    მოგიძღვნი მდიდარს, შესაფერისს, მარად სახსოვრად,

    ჩვეულებისებრ ძვირფას სტუმარს რომ ეკადრება".

    ზევსის ასულმა უპასუხა, თვალთინათინამ:

    „ნუღა მაყოვნებ, გზას ვადგივარ აჩქარებული,

    ხოლო, საჩუქარს, რაც გულით გსურს მომიძღვნა ახლა,

    როს დავბრუნდები თქვენთან უკან, წავიღებ მაშინ,

    შინ და სანაცვლოდ ძღვენს საკადრისს მოგართმევ მეცა".

    თქვა და ლანდივით გაჰქრა მყისვე თვალთინათინა

    ზევსის ასული, ტელემაქეს რომელმაც ძალა

    გაუასკეცა, მოანატრა ძალუმად მამა

    და მოასურვა სევდააშლილს მამის დანახვა.

    მიხვდა, ენიშნა, საუბრობდა თითქოს თვით ღმერთთან.

    და მიაშურა სასიძოებს ღვთიურმა მოყმემ.

    მათ, სმენად ქცეულთ, მგალობელი სახელგანთქმული

    უმღერდა ტროით მეტად მძიმე დაბრუნებაზე,

    ათენ პალადამ რომ არგუნა აქაველ გმირებს.

    და პენელოპეც, ბრძენი ქალი იკარიოსის,

    რა გაიგონა ღვთაებრივი გალობა, მაღლით

    ჩამოჰყვა ჩქარა საკუთარი სახლის კიბეებს,

    ორი მხევალი თან მოსდევდა უერთგულესი,

    სასიძოებთან ჩამოვიდა ქალთა ღვთაება,

    და წინა კართან დედაბოძის ახლო შეჩერდა.

    თავს მოებურა პირმანდილი ძოწეულისა,

    მხევალნი ედგა ორთავ მხარეს ზრდილნი, მორჩილნი,

    ცრემლმორეულმა პენელოპემ მიმართა მგოსანს:

    „ფემიოს, ბევრი ამო ლექსი იცი ღმერთთა და

    კაცთა საქები, თქმული განთქმულ მგალობელთაგან,

    ერთი მათგანი გვითხარ კიდევ ამათ წინაშე,

    ყურს დაუგდებენ მას სტუმრები ღვინის მსმელები;

    ნუ მღერ სევდიანს, სულსა და გულს ბოღმით რომ მივსებს,

    მაგ გულისმომკვლელ სიმღერისგან თავბრუ მეხვევა,

    უუბედურესს მე ამქვეყნად, მაგონებს იგი

    ვაჟკაცს ელადას და მთელ არგოსს სახელგანთქმულსა".

    დედას კეთილი ტელემაქე შეეპასუხა:

    „ძვირფასო დედა, რატომ უშლი ამ ტკბილ მომღერალს

    იმღეროს, რაიც მის გულს უნდა, განა ამაში

    დამნაშავეა ის, მაღალმა ზევსმა შთაჰბერა

    ადამიანებს უტკბილესი გალობის ნიჭი.

    მაშ, ხელს ნუ უშლი დანაელთა დაბრუნებაზე

    იმღეროს, ხალხიც მას ადიდებს, ვინაც სევდიან

    გალობით კაცთა სმენას ამოდ მოაჯადოებს,

    გული და სული განიმტკიცე მის მოსასმენად,

    ოდისევსს გარდა ტროას ომში მყოფ ვაჟკაცთაგან

    მრავალი სხვაც ხომ დაიღუპა, ვეღარ დაბრუნდა?

    სჯობს შენს ოთახში შეხვიდე და მიხედო საქმეს,

    სართავ-საქსოვსა, თანაც მხევლებს მათი საფერი

    ხელსაქმე მიეც. ლაპარაკი კაცს უფრო შვენის,

    მე, ვინ ვბრძანებლობ ამა ჭერქვეშ, მომანდე ეგა".

    ეოცა თქმული პენელოპეს, გაბრუნდა უკან,

    ღვიძლი ძის სიტყვა საზრიანი გულს შეემსჭვალა.

    ავიდა ზემოთ, თან იახლა მსახურნი თვისნი.

    შემდეგ იტირა ოდისევსი, თავისი ქმარი,

    ვიდრე მოგვრიდა ძილს ათენა თვალთინათინა.

    სასიძოები ჩამობინდულ დარბაზში ატყდნენ,

    ძალზე უწევდათ რაკი გული მასთან წოლაზე.

    ხოლო პასუხად ტელემაქემ მათ სიტყვა ჰკადრა:

    „თქვენ, დედაჩემის სასიძონო, თავაგდებულნო,

    დროა განვაგრძოთ ლხინი და სმა, შეწყდეს გნიასი.

    ამ მომღერალის ყურის გდებას, აბა, რაღა სჯობს,

    თვითონ ღმერთებს რომ საამო ხმით შესტოლებია,

    ხვალ დილით ყველა მოედანზე, გთხოვთ, შეიკრიბოთ,

    რადგან საჯაროდ უნდა გითხრათ ყველას აშკარად,

    დასტოვოთ ჩემი კარმიდამო; სხვა ლხინს მიეცეთ,

    თქვენს ჭერქვეშ ჭამოთ და სვათ თქვენი სურვილისამებრ.

    და თუკი მაინც ხელსაყრელად ის მიგაჩნიათ,

    რომ ერთი კაცი თვითნებურად გაანადგუროთ,

    ჩაჰხეთქეთ, მაგრამ მაშინ უკვდავ ღმერთებს მოვუხმობ,

    რომ დიდმა ზევსმა თავხედობა განსაჯოს თქვენი

    და განურჩევლად აქ, ამ სახლში მოგიღოთ ბოლო".

    ეს თქვა და ყველამ მოიკვნიტა ტუჩები ბრაზით.

    გაოცდნენ ერთობ ტელემაქეს თამამ სიტყვაზე.

    პასუხად უთხრა ანტინოემ, ევპითეს შვილმა:

    „ტელემაქ, ღმერთთა შთაგაგონეს იქნება თვითონ

    ეს ქედმაღლობა და ამაყად სიტყვების სროლა,

    და ნუ ჰყოს ზევსმა, რომ ითაკას ზღვით შემოსარტყლულს

    მეფედ შენ დაჯდე მამისეულ ტახტის მემკვიდრედ".

    შეეპასუხა ტელემაქე, კეთილი მოყმე:

    „კიდეც რომ გასწყრე, ანტინოე, ეს უნდა გითხრა:

    ზევსმა ინებოს, - სიხარულით გავმეფდებოდი.

    ან იქნებ ჰგონებ, რომ ეს ცუდი არის კაცთათვის?

    ცუდს არას ვხედავ მეფობაში, სიმდიდრე სახლში

    უხვად შემოვა, მოჭარბდება პატივ-ღირსებაც.

    მაგრამ აქაველთ მეფედ ყოფნის ღირსია სხვებიც, -

    ჭაბუკნიც, ბერნიც, ზღვისტალღოვან ამ ითაკაზე,

    ამოირჩიეთ, ოდისევსი ხომ აღარ არის.

    მე სხვა დარდი მაქვს, დავეუფლო მსურს ჩემს სახლ-კარსა

    და ჩემთა მსახურთ, დანატოვარს ოდისევსისგან".

    ამაზე უთხრა ევრიმაქემ, პოლიბეს ძემან:

    „ო, ტელემაქე, ეს იციან ოდენ ღმერთებმა,

    აქაველთაგან ითაკაზე ვინ გამეფდება.

    ხოლო ქონებაც, კარმიდამოც ესე შენია.

    ეს რომ უარჰყოს, მე მგონია სხვა კაცი არვინ

    მოიძებნება, სანამ ხალხი ცხოვრობს ითაკას.

    მაგრამ მსურს გკითხო, ჩემო კარგო, უცხო სტუმარზე,

    საიდან არის კაცი იგი? სადაურია?

    ან რა გვარტომის? შვილი რომელ დედულ-მამულის?

    იქნებ რამ გამცნო მამაშენის დაბრუნებაზე,

    ანდა, საკუთარ საქმის გამო მოვიდა ჩვენთან?

    ვერც გავიცანით, ისე სწრაფად გაბრუნდა უკან,

    უგვარო კაცსა არ უგავდა სახე და ტანი".

    კეთილმა მოყმემ, ტელემაქემ მას უპასუხა:

    „ჰე, ევრიმაქევ, მამის მოსვლის ჩაჰქრა იმედი,

    მაცნეს ნათქვამს კი, რომც მოვიდეს, ვერ დავიჯერებ,

    ვერცა ღმერთების წინასწარ თქმას, ვერც იმ მკითხავებს,

    დედა რომ უხმობს ღმერთთა მსჯავრის გამომცნობელად.

    ეს კაცი მამის ძმობილია ტაფოს კუნძულის

    მკვიდრი, მენტესი, მას მენავე ტაფოსელების

    ბატონ-პატრონის, ანტიალეს ძედ თავი მოაქვს".

    გულში კი უცხოს ტელემაქე ღმერთად სახავდა.

    ხოლო სტუმრები ცეკვა-თამაშს, მღერა-გალობას

    თავს ვერ ართმევდნენ, დაღამებას ელოდებოდნენ.

    ბოლოს ჩამოდგა იმათ შორის ღამე წყვდიადი

    და თავის სახლებს მიაშურეს დასაძინებლად.

    მყის ტელემაქეც გაემართა თვის ოთახისკენ,

    რომლის ფანჯრიდან ყოველივე სჩანდა ეზოში

    და შიგ შევიდა მრავალ ფიქრით გულდატვირთული.

    სანათით ძიძა ევრიკლეა მიუძღვებოდა,

    მამამისს ოფსი ერქვა, ხოლო პაპას - პისენორ,

    საკუთარ სახსრით შეესყიდა ძველად ლაერტეს

    ნორჩი ასული, ოცი სული შიგ მისცა ხარი

    და იგი ცოლის ტოლად ჰყავდა მას მიჩნეული,

    მეუღლის კრძალვით თუმც აროდეს მიჰკარებია.

    ჩირაღდნით ხელში მიუძღოდა ტელემაქს იგი,

    უყვარდა მეტად, რადგან იყო მისი გამზრდელი.

    მდიდრულ ოთახის ევრიკლეამ შეაღო კარი,

    დაჯდა საწოლზე ტელემაქე, ნაზი პერანგი

    გაიხადა და მერე იგი გადასცა გამზრდელს.

    მან ჯერ გაფერთხა, შემდეგ კოხტად დაკეცა იგი,

    დაჰკიდა კარგად თლილ საწოლის ზემოთ საკიდზე

    ჩუმად წავიდა ოთახიდან, ვერცხლის სახელურს

    უკან მოსწია, საკეტს ღვედი შემოუჭირა.

    ის კი მთელ ღამეს, ცხვრის რბილ ტყავში გამოხვეული,

    გულში ათენას მითითებულ გზაზე ფიქრობდა.

    სიმღერა მეორე

    რა ლაჟვარდ ცაზე იშვა ეოს, ვარდისფერთითა,

    სარეცლით ადგა ოდისევსის ძე საყვარელი,

    მსწრაფლ ტანთ ჩაიცვა, მხარს მოიგო ბასრი მახვილი

    და სპეტაკ ფეხზე ამოისხა კოხტა სანდლები.

    კარში გავიდა ღვთის სადარი თვალტანადობით

    და მოუწოდა ომახხმიან მაცნე შიკრიკთა,

    მოედანს ეხმოთ გრძელთმიანი აქაველები.

    იმათაც უხმეს და უსწრაფეს მოვიდა ყველა.

    მას შემდეგ, როცა შეიკრიბნენ, შეჯარდნენ კრებად,

    მოვიდა იგიც, წვერწამახულ შუბის მპყრობელი,

    მარტო არ იყო, მას ძაღლები მოჰყვა ფეხდაფეხ,

    ათენასაგან ღვთაებრივი ეშხით შემოსილს.

    ეოცა ყველას მისი ხილვა, როს მათ წინ წარსდგა,

    მამის ტახტს დაჯდა, უხუცესნი ჩამოდგნენ გვერდით.

    მაშინ პირველად ეგვიპტიოს წამოდგა გმირი,

    წელთა სიმრავლით ქედმოხრილი და მრავლის მცოდნე,

    რომლის ერთი ძე საყვარელი, მეხმლე ანტიფოს

    სწრაფი ნავებით ცხენით მდიდარ ილიონისკენ

    გაჰყვა ოდისევსს, კლდოვან ქვაბში, რომელიც ბოლოს

    მოჰკლა კიკლოპმა, მოიმზადა სავახშმოდ იგი.

    სამიც სხვა დარჩა, ერთი იდგა სასიძოთ შორის,

    ევრინომოსი, ორი მამას ედგა მხარდამხარ.

    მაგრამ დაკარგულ შვილზე წუხდა, გლოვობდა მეტად,

    თან ტიროდა და თან ამ სიტყვებს ამბობდა იგი:

    „ყური დამიგდეთ ითაკელნო, აი, რას გეტყვით:

    ჯერ არ გვქონია არც თათბირი, არც კრება რამე,

    რაც ოდისევსმა სწრაფ ნავებზე შეადგა ფეხი.

    დღეს ვინ შეგვყარა, ან რა საქმის საჭიროებამ?

    ჭაბუკთა გვიხმეს თუ მოხუცთა ბრძნულმა თათბირმა?

    ან იქნებ ვინმეს შეუტყვია ომის ამბავი,

    და სურს გვაუწყოს, რაც მას პირველს გაუგონია,

    ანდა რამ რჩევა აქვს ხალხისთვის საყურადღებო?

    კეთილშობილი უნდა იყოს, სვიანი. ნეტავ

    ზევსმა მიაგოს მას სიკეთე, რაც გულით სწადდეს".

    ხარბად უსმენდა ოდისევსის ძე საყვარელი,

    მოედნის შუა წარსდგა იგი, ხელთ მისცა სკიპტრა

    პისენორ მაცნემ, კაცმა მცოდნემ კეთილი რჩევის.

    პირველად მოხუცს მიმართა და თქვა ტელემაქემ:

    „უცხო არ არის კაცი იგი, ხალხის შემკრები,

    ახლავ შეიტყობ. გული სავსე მაქვს დიდი სევდით.

    არა ვიცი რა ჯარის უკან დაბრუნებისა,

    არც მსურს გაუწყოთ რამ პირველმა საყურადღებო,

    არც რამ რჩევა მაქვს ხალხისათვის, არც რამ სათქმელი.

    ჩემ ჭირზე ვამბობ, კარზე მომდგარ უბედობაზე.

    ჯერ ერთი, მამა დამეღუპა სახელოვანი,

    თქვენი მეფე და თქვენზე მამის დარად მზრუნველი,

    ახლა კი კარზე სხვა ვაება, ჭირი მომადგა,

    სახლი მეღუპვის, ხელთ მეცლება სარჩო-საბადო,

    დედას სწვევიან სასიძონი მის უნებურად,

    შვილნი, დიდებით შემოსილნი ვაჟკაცებისა.

    თავს არიდებენ, იკარიოსს შინ მიაკითხოს,

    რომ თვითონ მამამ მიათხოვოს თავის ასული

    მას, ვისაც სიძედ აირჩევდა და ისურვებდა.

    ეს როდისღა სურთ, ცისმარე დღე თავზე გვესხმიან,

    ხან ძროხას ჰკლავენ, ხან ცხვარს, ციკანს გასუქებულსა,

    და ქეიფობენ, თავანკარა ღვინოსა სვამენ,

    ანადგურებენ ყოველივეს დაუკითხავად.

    ჭირისგან დამხსნელს, კაცს ვერ ვხედავ ოდისევსის სწორს.

    არც ჩვენ გვაქვს ძალა, თავი ამ ჭირს რომ დავაღწიოთ,

    ვერც აწი შევძლებთ ჩვენ ამ ხიფათს წინა აღვუდგეთ.

    ძალა მქონოდა, მაშინ მომხდურს დავუხვდებოდი,

    ახლა ამევსო მე ფიალა მოთმინებისა, -

    ლამის დამენგრეს თავზე ჭერი. აბა იფიქრეთ,

    მიმოიხედეთ, შეგრცხვეთ მაინც მეზობლებისა.

    ან, დაუნდობელს, მოერიდეთ ღმერთების რისხვას,

    რათა ეს ცუდი საქმე თქვენვე არ მოგიბრუნდეთ:

    პატივი დასდეთ ოლიმპიელ ზევსს ან თემიდას,

    ვინაც განაგებს ხალხთა კრების შეყრას და გაყრას.

    იკმარეთ, ხალხნო, ჩემი ჭირი, გლოვად დამაგდეთ,

    განა ოდესმე ჩემს ღირსეულ მამას ოდისევსს

    მტრობა უზრახავს კეთილშობილ აქაველთათვის,

    რომ მის სანაცვლოდ მომიზღავდეთ ბოროტ საქმეთა,

    ამ ხალხსაც ასე აქეზებდეთ? მე კი მერჩია,

    თქვენ თვით მოგესპოთ ყოველივე, რაც მაბადია,

    რადგანაც მალე ყოველივეს უკან მოგთხოვდით,

    და ქალაქიდან მანამ აღარ მოგეშვებოდით,

    ვიდრე საზღაოს უკანვე არ დამიბრუნებდით.

    ახლა კი თქვენი საქციელით უცეცხლოდ ვიწვი".

    ეს თქვა და ბრაზით კვერთხი მიწას ქვე დაანარცხა.

    თვალს ცრემლი წასკდა. სიბრალულმა შეიპყრო ყველა

    და იმ კრებულში ჩამოვარდა მძიმე დუმილი.

    ვერვინ შეჰკადრა ტელემაქეს აუგი სიტყვა.

    მარტოდენ ერთი ანტინოე ადგა და ეს თქვა:

    „რა რიხიანად ლაპარაკობ, რაებსა გვკადრებ,

    სირცხვილშიც გვაგდებ, დაცინვასაც გვიბედავ ვგონებ.

    ბრალი არა აქვს შენს წინაშე სასიძოებსა,

    თვით დედაშენის ბრალი არის, ცბიერობს დიდად,

    სამი წელია, აგერ უკვე მეოთხეც მიდის,

    რაც აქაველებს სულსა და გულს უწყალებს იგი,

    ფუჭ იმედს აძლევს, სათითაოდ ყველას ცალ-ცალკე

    მაცნეს უგზავნის, ნამდვილად კი სხვა რამ აქვს აზრად.

    გარდა ამისა ის ოინიც გამოიგონა:

    დგიმ-სავარცხელი დადგა სახლში, დაიწყო ქსოვა

    დიდი, ფაქიზი ქსოვილისა, ჩვენ კი ეს გვითხრა:

    - ჭაბუკნო, ჩემი თავის მდომნო, მოკვდა ოდისევს,

    ნუ დამაჩქარებთ ქორწილს, ვიდრე გავასრულებდე

    საფარის ქსოვას, - მომიცდება საქსოვი დაზგა, -

    გმირი ლაერტის სასუდაროდ. ვინიცობაა,

    ავმა სიკვდილმა მოუსწრაფოს წუთისოფელი,

    ნიშნის მოგებით არ გამკილონ აქაველ ქალთა,

    ოხრად მიაგდო ცხედარიო დიდ ამაგდარის.

    უდრეკმა სულმა ჩვენმა მისი ირწმუნა თქმული.

    ის კი მთელი დღით ნაქსოვ ქსოვილს, საკმაოდ მოზრდილს,

    ღამით არღვევდა ჭრაქის შუქზე საიდუმლოდა.

    სამ წელს მალავდა ამა ოინს აქაველთაგან.

    ხოლო მეოთხეს დადგა ჟამი გაცხადებისა:

    გვამცნო ყოველი ერთმა ქალმა, ამ ამბის მცოდნემ.

    ზედ წავუსწარით, რომ არღვევდა იმ უცხო ქსოვილს.

    მის უნებურად გაასრულა დაბოლოს ქსოვაც.

    პასუხად ახლა სასიძონი ამას გეტყვიან,

    რომ შენც იცოდე და იცოდნენ აქაველებმაც:

    გაუშვი დედა, უთხარ გაჰყვეს ცოლად იმ კაცსა,

    მამა რომ ურჩევს და თვითონაც მოეწონება.

    თუ კი აქაველთ გაცურებას კიდევ ისურვებს,

    ქალღმერთ ათენას ოინებით მთლად თავგასული, -

    სხვა არვინ არის მისებრ მცოდნე და ხელოვანი

    არსად დღევანდელ, არც წინანდელ ქალთაგან ვინმე,

    ვინც კი ყოფილა კოხტათმიან აქაველთ შორის,

    ტირო, ალკმენე ან მიკენე გვირგვინოსანი

    ხერხით ვერცერთი პენელოპეს ვერ შეედაროს.

    ახლა მას უკვე ცბიერობა აღარ უშველის,

    მანამ შესჭამენ იმის სარჩო-საბადებელსა,

    სანამ წინანდელ თავის აზრზე ხელს არ აიღებს,

    რომელსაც ღმერთნი გონებაში მას ჩაუდებენ.

    ის ამით სახელს იხვეჭს, შენ კი კარგავ ქონებას.

    ჩვენ კი აქედან ფეხს მანამდე აღარ მოვიცვლით,

    აქაველთაგან ვიდრე ვისმეს ქმრად არ ისურვებს".

    ხოლო ჭკვიანმა ტელემაქემ ეს თქვა პასუხად:

    „ჰე, ანტინოე, მის უნებურ სახლს განვაშორო

    ვინც მშვა-აღმზარდა?! მამაჩემიც

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1