Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ყმაწვილი (ნაწილი II)
ყმაწვილი (ნაწილი II)
ყმაწვილი (ნაწილი II)
Ebook417 pages2 hours

ყმაწვილი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

დოსტოევსკის გვიანი პერიოდის რომანთა შორის "ყმაწვილი" განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი მოგვითხრობს მემამულე ვერსილოვისა და მისი მოახლე სოფია ანდრეევნას უკანონო შვილის, 19 წლის არკადის ამბავს, რომელიც საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის, აქვს "იდეა", რომ "გახდეს როტშილდი" - 1870-იანი წლების რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებსაა ჩაფრენილი, იმავდროულად კი შეძრულია სოციალიზმისა და ნიჰილიზმის ახლად ჩასახული მიმდინარეობებით.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
ყმაწვილი (ნაწილი II)

Read more from ფიოდორ დოსტოევსკი

Related to ყმაწვილი (ნაწილი II)

Related ebooks

Reviews for ყმაწვილი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ყმაწვილი (ნაწილი II) - ფიოდორ დოსტოევსკი

    ფიოდორ დოსტოევსკი - ყმაწვილი (ნაწილი მეორე)

    Ф.М. Достоевский - Подросток (Часть Вторая)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ციალა ჩხეიძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი მეორე

    თავი პირველი

    თავი მეორე

    თავი მესამე

    თავი მეოთხე

    თავი მეხუთე

    თავი მეექვსე

    თავი მეშვიდე

    თავი მერვე

    თავი მეცხრე

    განმარტებები

    ნაწილი მეორე

    თავი პირველი

    ახლა უნდა გადავახტე თითქმის ორ თვეს; ეს ნუ შეაშფოთებს მკითხველს: ყველაფერი ნათელი გახდება, როცა თხრობას განვაგრძობ. მკვეთრად აღვნიშნავ თხუთმეტი ნოემბრის დღეს - მრავალი მიზეზის გამო ჩემთვის მეტად სამახსოვრო დღეს. ჯერ ერთი, ვისაც კი ამ ორი თვის წინათ ვუნახივარ, ვეღარ მიცნობს; ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, ესე იგი, ცნობით კი მიცნობს, მაგრამ თავგზა აებნევა. ერთი ისა, რომ ფრანტივითა ვარ გამოწყობილი. იმ „კეთილსინდისიერმა და გემოვნებიანმა თერძმა", ვერსილოვი რომ მეუბნებოდა ოდესღაც, მიგასწავლიო, არამცთუ თავით ფეხამდე გამომაწყო, იმას აღარც ვკადრულობ: ახლა სხვა, უფრო სახელგანთქმული, საუკეთესო თერძები მიკერავენ და ასე გასინჯეთ, ანგარიშიც კი მაქვს მათთან გახსნილი. ერთ განთქმულ რესტორანშიც მაქვს პირადი ანგარიში, მაგრამ აქ ჯერ მაინც ვშიშობ და ფული ჩამივარდება თუ არა ხელში, მაშინვე ვისტუმრებ რესტორნის ვალს, თუმცა ვიცი, რომ ეს მოვეტონია[1], და რომ ამით სახელსაც კი ვიტეხ. ნევის პროსპექტზე რომ ფრანგი დალაქია, ძმაკაცურად მეპყრობა და, როცა მასთან თმას ვიკეთებ, ანეგდოტებს მიყვება ხოლმე. და, გამოგიტყდებით, მასთან ლაპარაკით ფრანგულშიც ვიწაფავ ენას. თუმცა ვიცი ფრანგული, საკმაოდ კარგადაც, მაგრამ დიდ საზოგადოებაში ჯერ მაინც ვერ ვბედავ დაწყებას; თანაც ალბათ არც გამოთქმა მექნება მთლად პარიზული. მყავს მატვეი, მეეტლე, თოხარიკი ცხენი, და როცა კი ვეტყვი, მუდამ მზადაა მემსახუროს. ბაცი ქურანი ულაყი ჰყავს (არ მიყვარს რუხი ცხენები). თუმცა ზოგი რამ ჯერაც მოუგვარებელი მაქვს: თხუთმეტი ნოემბერია, უკვე სამი დღეა დაზამთრდა, მე კი ენოტის ძველი, ვერსილოვის ნახმარი ქურქი მაცვია: გაყიდვაზე რომ მიდგეს საქმე, ოცდახუთ მანეთზე მეტს არ მომცემენ. ახალი მაქვს საყიდელი, ჯიბეში კი გროში არ მიჭყავის, ეგეც არ იყოს, დღესვე, რადაც უნდა დამიჯდეს, უნდა გავაჩინო ამ საღამოსთვის საჭირო ფული, - თორემ „უბედური ვიქნები და დავიღუპები"; ეს ჩემი საკუთარი, მაშინდელი გამოთქმაა. ო, სიმდაბლევ! რა მოხდა, საიდან გამიჩნდა უცებ ეს ათასები, ეს ცხენები და ბორელები? რანაირად მოხდა, რომ ასე ერთბაშად დავივიწყე ყველაფერი და ასე გამოვიცვალე? ვაი სირცხვილო მკითხველო, ახლა ვიწყებ ჩემი სირცხვილისა და თავის მოჭრის ისტორიას, და ქვეყნად არაფერი აღარ იქნება ჩემთვის ამ მოგონებებზე უფრო სამარცხვინო.

    ისე ვლაპარაკობ, ვითარცა მსაჯული, და ვიცი, რომ ბრალეული ვარ. იმ ორომტრიალში რომ ჩავები, თუმცა მარტოკა ვიყავ, არც ხელმძღვანელი მყავდა ვინმე და არც მრჩეველი, მაგრამ ვფიცავ, მაშინ უკვე მესმოდა ჩემი დაცემა, და ამიტომ არ არის ჩემთვის პატიება. თან კი მთელი ეს ორი თვე თითქმის ბედნიერი ვიყავ, - „თითქმის რას მიქვია? ძალიანაც ბედნიერი ვიყავ! იმდენადაც, რომ როცა წუთით (რა ხშირი იყო ეს წუთები!) გამიელვებდა, სამარცხვინო საქმეს ჩავდივარ-მეთქი, როცა ეს შეგნება სულს შემიძრწუნებდა, - სწორედ ეს შეგნება - დამიჯერებთ? - კიდევ უფრო მაბრუებდა: „რა მოხდა, თუ დაცემაა, დაცემა იყოს, მაინც არ დავეცემი, გამოვძვრები! ისეთ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული! - ნაფოტით ნაგებ ვიწრო და უმოაჯირო ხიდით გავდიოდი ზედ უფსკრულის თავზე, და გულს უხაროდა, ასე რომ მივდიოდი; უფსკრულსაც კი ჩავხედავდი ხოლმე. რისკი იყო, სიხარული იყო. „იდეა რაღა იქნა? „იდეა მერე, იდეა დაიცდის; ყოველივე, რაც იყო, - „იყო მხოლოდ გვერდზე გადახვევა. „ვითომ რატომ არ უნდა გავერთო?. კიდევ ვიმეორებ, აი სწორედ ამითაა ცუდი „ჩემი იდეა", რომ დასაშვებს ხდის ყოველგვარ გადახვევას; თუ რომ ეს იდეა ასე მტკიცე და რადიკალური არ ყოფილიყო, იქნებ შემშინებოდა კიდეც.

    ჯერჯერობით კი კვლავ დაქირავებული მქონდა ჩემი უბადრუკი ოთახი, დაქირავებული მქონდა, მაგრამ შიგ არ კი ვცხოვრობდი; იქ ეწყო ჩემი ჩემოდანი, ხელჩანთა და ზოგიც სხვა რაღაცები; მთავარი რეზიდენცია კი თავად სერგეი სოკოლსკისთან მქონდა. ხანდახან მთელი კვირაობითაც კი მასთან ვიჯექი, მასთანვე მეძინა... როგორ მოხდა ეს, ამას ახლავე მოგახსენებთ, ჯერ კი იმ ჩემი ბინის შესახებ მინდა გითხრათ. ეს ბინა ჩემთვის უკვე ძვირფასი იყო: აქ მეწვია ვერსილოვი, თვითონ, ჩვენი მაშინდელი წაკიდების მერე პირველად, და მერეც მრავალჯერ მოსულა. ვიმეორებ, ეს ხანა ჩემი ცხოვრებისა იყო საშინელი შერცხვენა და თავის მოჭრა, მაგრამ უდიდესი ბედნიერებაც... თანაც მაშინ ყველაფერი მიმართლებდა, ყველაფერი შემომღიმოდა: „ან კი რა საჭირო იყო ის ჩემი ადრინდელი უცხვირპირობა, - ვფიქრობდი ზოგჯერ ნეტარების წუთებში, რა საჭიროა ის ძველი ავადმყოფური გამწარება და გულმდუღარება, ჩემი ობოლი და კუშტი ბავშვობა, ჩემი სულელური ოცნებანი საბანქვეშ, ფიცი, ანგარიშსწორება და თუნდაც „იდეა? ეს სულ ჩემი წარმოდგენით შექმნილი და შეთხზული რამაა, ქვეყნად კი თურმე სულ სხვა რამ ყოფილა; ხომ გახარებული ვარ ახლა და შვებამოგვრილი: მყავს მამა - ვერსილოვი, მყავს მეგობარი - თავადი სერიოჟა, გარდა ამისა..., მაგრამ „გარდა ამისას მოვეშვათ. ვაგლახ, ყველაფერს სიყვარულის, დიდსულოვნებისა და ღირსების გულისათვის ჩავდიოდი, და ყველაფრი უმსგავსი, უტიფარი და უღირსი კი გამოდგა.

    კმარა.

    II

    ის ჩვენი მაშინდელი წაკიდების მესამე დღეს მოვიდა ჩემთან. შინ არ ვიყავი და დამელოდა. ხომ მთელი ის სამი დღე ველოდი, მაგრამ ჩემს მოციცქნულ სენაკში რომ შევედი, თვალთ დამიბნელდა და გულმა ისეთნაირად შემომკრა, შევჩერდი კიდეც კარებში. საბედნიეროდ ის ემუსაიფებოდა ჩემი ბინის პატრონს, რომელსაც საჭიროდ ჩაეთვალა მყისვე გასცნობოდა, ემანდ სტუმარმა არ მოიწყინოსო, და ახლა გაცხარებით უამბობდა რაღაცას. ეს გახლდათ ტიტულიანი სოვეტნიკი, ორმოც წელს მიღწეული კაცი, ძალზე ჩოფურა, ძალზე ღარიბი, ჭლექიანი ცოლისა და ავადმყოფი ბავშვის პატრონი; მეტად გულზიარი და თვინიერი, თანაც საკმაოდ მორიდებულიც. გამიხარდა მისი იქ ყოფნა, მან მიხსნა კიდეც, თორემ აბა რა უნდა მეთქვა ვერსილოვისთვის? მთელი ეს სამი დღე ვიცოდი, სერიოზულად ვიცოდი, რომ ვერსილოვი პირველი თვითონ მოვიდოდა, - სწორედ ისე, როგორც მე მინდოდა, რადგან ქვეყნად არაფრის გულისთვის მე არ მივიდოდი პირველი, განა იმიტომ, რომ გავჭირვეულდებოდი, არამედ სწორედ იმიტომ, რომ მიყვარდა ის, რაღაცნაირად ეჭვიანად მიყვარდა, - ვერ გამომითქვამს ეს გრძნობა. და საერთოდ მკითხველი ნუ ეძებს ჩემს ნაამბობში მჭევრმეტყველებას. მაგრამ თუმცა მთელი ეს სამი დღე ველოდი და თითქმის განუწყვეტლივ იმის წარმოდგენაში ვიყავ, როგორ შემოვა-მეთქი, მაინც ვერაფრით წარმომედგინა წინასწარ, თუმცა ტვინს ვიჭყლეტდი, რაზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი მას მერე, რაც მოხდა-მეთქი.

    - აი, შენც მოხვედი, - მეგობრულად გამომიწოდა ხელი მჯდომელამ. - მოდი, შემოგვიერთდი; საუცხოო რამეს მიამბობს პიოტრ იპოლიტოვიჩი იმ ლოდზე, პავლეს ყაზარმებთან რომაა... თუ სადღაც აქვე...

    - დიახ, ვიცი ეგ ლოდი, - საჩქაროდ მივუგე და მათ გვერდით ჩამოვჯექ სკამზე. ისინი მაგიდას უსხდნენ. მთელი ოთახი ზუსტად ორსაჟენიანი ოთხკუთხედი იყო. სული მძიმედ მოვითქვი. - ვერსილოვს კმაყოფილების ნაპერწკალმა გაუელვა თვალებში: მგონი ეჭვობდა და ფიქრობდა, მოყვება ახლა ჟესტების კეთებასო, და დამშვიდდა.

    - მოდით, თავიდან დაიწყეთ, პიოტრ იპოლიტოვიჩ, - ისინი უკვე სახელითა და მამის სახელით მიმართავდნენ ერთმანეთს.

    - ეს ამბავი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, მაშინ მოხდა, როცა ცხონებული ხელმწიფე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, - ნერვიულად და რაღაც გატანჯულად მომიბრუნდა პიოტრ იპოლიტოვიჩი, თითქოს წინასწარ იტანჯება, ეფექტს მოვახდენ თუ არაო, - ხომ იცით ის ლოდი - შტერულად გდია ქუჩაში, რის მაქნისია, ვის უნდა, უშლის ყველას და ეგ არის, არა? გაივლიდა ხელმწიფე, ლოდი იქ ეგდო; გამოივლიდა - ისევ თვალში ეჩხირებოდა. ბოლოს მობეზრდა, და მართლაც, აბა, რასა ჰგავს: მთასავით წამოყუდებულა ქუჩაში და აუშნოებს იქაურობას: „აღარ ვნახო აქ ეს ლოდიო!. ჰოდა, აღარ ვნახოო, თქვა, - ხომ გესმით, რას ნიშნავს ეს „აღარ ვნახოო? გახსოვთ, რა ხასიათისა იყო განსვენებული? რა მოუხერხონ ახლა ამ ლოდს? ყველა საგონებელს მიეცა, შეექმნათ ერთი ამბავი, აქ ქალაქის სათათბირო დატრიალდა, იქ კიდევ, აღარ მახსოვს სახელი, ერთი იმდროინდელი ყველაზე პირველი დიდებული, რომელსაც დააკისრეს ეს საქმე. ჰოდა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, ამ დიდებულს მოახსენეს: თხუთმეტ ათასზე ნაკლები არ ეყოფა ამ საქმეს, ისიც ვერცხლითო (იმიტომ, რომ ცხონებული ხელმწიფის დროს ასიგნაციები ვერცხლზე გადაიყვანეს). „რის თხუთმეტი ათასი, რას მიჰქარავთო!" ჯერ იყო და ინგლისელებმა დააპირეს, გავიყვანოთ ზედ ლოდთან ლიანდაგი, დავდოთ ის ლოდი და ორთქლით დავძრათო; მაგრამ ხომ ცეცხლის ფასი დაუჯდებოდათ? რკინიგზა მაშინ სად იყო, მარტო ცარსკოე სელოში იყო გაყვანილი...

    - ისინიც ამდგარიყვნენ და გაეხერხათ, - მოვიღუშე მე; საშინლად ბრაზი მომდიოდა და მრცხვენოდა ვერსილოვისა; მაგრამ ვერსილოვი აშკარა სიამოვნებით უსმენდა. კარგად მესმოდა და ვხედავდი, რომ მასაც უხაროდა ბინის პატრონის იქ ყოფნა, რადგან მასაც რცხვენოდა ჩემთან დარჩენა; მახსოვს, გულიც კი ამიჩვილდა, ეს რომ შევნიშნე.

    - სწორედ რომ უნდა გაეხერხათ, სწორედ ეგ იდეა დაებადათ და სწორედ მონფერანს[2]; ის ხომ მაშინ ისააკის ტაძარს აშენებდა. გავხერხოთ და მერე გადავიტანოთო. კეთილი, ბატონო, მაგრამ ამას რა ფული დასჭირდებოდა?

    - არაფერიც არ დასჭირდებოდა, გაეხერხათ და გაეტანათ.

    - ერთი ეს მიბრძანეთ, ორთქლის მანქანა ხომ დასჭირდებოდათ, ანდა სად უნდა წაეღოთ? თანაც ამოდენა მთა? ათი ათასი მაინც დაჯდება, ათი ან თორმეტი ათასიო, - გაიძახოდნენ.

    - მოიცათ, პიოტრ იპოლიტოვიჩ, ეგ ხომ სისულელეა, ეგრე არ ყოფილა... - მაგრამ ამ დროს ვერსილოვმა ჩუმად თვალი ჩამიკრა და ამ თვალის ჩაკვრაში ბინის პატრონისადმი ისეთი სათუთი სიბრალული, ასე გასინჯეთ, მისი გულისთვის ტანჯვაც კი დავინახე, რომ საშინლად მომეწონა და გამეცინა.

    - დიახ, დიახ, მაგას მოგახსენებთ, - გაიხარა ბინის პატრონმა, რომელმაც ვერაფერი შენიშნა და, როგორც ამბების მოყოლის მოყვარულ ადამიანებს ჩვევიათ, საშინლად ეშინოდა, ემანდ არ დამაბნიონ შეკითხვებითო. - ოღონდ სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მათ ერთი მდაბიო ახალგაზრდა, ნამდვილი რუსი კაცი, თხაწვერა; გრძელკალთებიანი ხიფთანი ეცვა და მგონი ცოტა გადაკრულშიც გახლდათ... თუმცა, არა, არ ყოფილა; დგას და უსმენს ინგლისელებისა და მონფერანის ლაპარაკს. ის პირიც, ვისაც ეს საქმე ჰქონდა დაკისრებული, ეტლით მობრძანდა, ყურს უგდებს და ბრაზობს: რა გახდა ეს საქმე, რომ ვერ იქნა და ვერ გადაუწყვეტიათო; უცებ გაიხედა და ხედავს ის ვიღაც მდაბიო განზე გამდგარა და ეგრე ტყუილის ღიმილით იღიმება, ესე იგი, ტყუილის კი არა, სწორად ვერა ვთქვი, ოღონდ...

    - დაცინვით, - ფრთხილად შეეშველა ვერსილოვი.

    - დიახ, დაცინვით, ესე იგი, ცოტათი დაცინვით, ხომ იცით, ის კეთილი რუსული ღიმილი; ის დიდკაცი ჯერ ისედაც ვერ იყო გუნებაზე, ხომ მოგეხსენებათ: „აქ რა გესაქმება, წვერიანო? ვინა ხარო?"

    - აიო, - ეუბნება, - ამ კენჭს ვუყურებ, თქვენო ბრწყინვალებავ!.. მე მგონი, სწორედ ბრწყინვალება გახლდათ; მგონი სულაც თავადი სუვოროვი იყო, იტალიელი, მთავარსარდლის შთამომავალი... თუმცა არა, სუვოროვი არ უნდა ყოფილიყო, რა ღმერთი გამიწყრა, რამ დამავიწყა, ვინ იყო. ეს კია, რომ თუმცა ბრწყინვალება ბრძანდებოდა, ოღონდ წმინდა წყლის რუსი კაცი იყო, აი რუსული ტიპი, პატრიოტი, განვითარებული რუსული გული; ჰოდა მიუხვდა.

    - ვითომ რაო, - უთხრა, - იქნებ შენ გადაიტან: რას იღრიჭებიო?

    - ინგლისელები უფრო ძვირი დაგიჯდებათ, თქვენო ბრწყინვალებავ, ძალზე უნამუსო ფასს ადებენ; რა ენაღვლებათ, რუსებს ქისა სავსე აქვთ, მაგათ კი შინ ლუკმაპური მონატრებიათ. ათი თუმანი მიბოძეთ, თქვენო ბრწყინვალებავ - ხვალ საღამოს ეს ლოდი აქ აღარ დაგხვდებათო.

    თქვენ თვითონ ბრძანეთ, რას ეტყოდნენ ამ წინადადებაზე. გაგიხარია, გუნება გაუფუჭდათ ინგლისელებს, შესაჭმელად არ ენანებათ ის კაცი; მონფერანი იცინის; მარტო იმ მისმა ბრწყინვალებამ, იმ რუსულმა გულმა ბრძანა: „მიეცით ათი თუმანი! ნუთუ მართლა გადაიტანო?"

    - ხვალ საღამოს ისე იქნება აქაურობა, როგორც თქვენს გულს გაუხარდება, თქვენო ბრწყინვალებავ!

    - რანაირად იზამ მაგ საქმეს?

    - ეგ კი, თუ თქვენი ბრწყინვალება არ გამიწყრება, ჩვენი საიდუმლოებააო, - ეუბნება აი ისეთი, ხომ იცით, ჩვენებური რუსული ენით. მოუწონა: „ჰეი, მიეცით, რასაც ითხოვსო!". ადგნენ და წავიდნენ, როგორ ფიქრობთ, რა ჰქნა?

    ბინის პატრონი შეჩერდა და გულაჩვილებული მზერა მოგვავლო.

    - არ ვიცი, - იღიმებოდა ვერსილოვი; მე ვიბღვირებოდი.

    - აი, რა ჰქნა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, - ისეთი ზარზეიმით წარმოთქვა პიოტრ იპოლიტოვიჩმა, თითქოს მას გაეკეთებინოს ის საქმე: - დაიქირავა რამდენიმე უბრალო, ნამდვილი რუსი გლეხკაცი თავიანთი ბარებით, და ზედ ლოდის პირას დაიწყეს ორმოს თხრა; მთელი ის ღამე თხარეს, უზარმაზარი, სწორედ იმ ლოდისოდენა ორმო ამოთხარეს, მარტო ერთი გოჯით იყო ცოტათი უფრო ღრმა, თხრას რომ მორჩნენ, ახლა უკვე თვითონ ლოდის ქვეშ დააწყებინა მიწის გამოთხრა ნელ-ნელა და ფრთხილად. ბუნებრივია, როგორც კი გამოთხარეს, ქვა აბა რაღაზე გაჩერდებოდა, წონასწორობა ხომ შეერყა; ხოლო რაკი წონასწორობა შეერყა, ისინიც ადგნენ და ახლა ხელებით მიაწვნენ ლოდს მეორე მხრიდან; რუსულად, „ურა"-ზე მიაწვნენ: აკი იმ ორმოში არ მოადინა ბრაგვანი ლოდმა!

    მაშინვე ნიჩბებით მიწა წააყარეს, სატკეპნით დატკეპნეს, ქვებით მოკირწყლეს - სადღაა ლოდი, მოკრიალებულია იქაურობა!

    - ნახეთ და! - თქვა ვერსილოვმა.

    - შეგროვდა ხალხი, მაგრამ რა ხალხი, თვალს ვერ უწვდენდა კაცი; ის ინგლისელებიც იქვე დგანან, კარგა ხანია მიხვდნენ და გულზე სკდებიან; მონფერანიც მობრძანდა: ეგაო, თქვა, გლეხკაცურია, მეტისმეტად იოლიაო. საქმეც ისაა, რომ იოლია, თქვენ კი ვერ მიხვდით, თქვე ბრიყვებო! ახლა არ იკითხავთ, იმ უფროსმა, სახელმწიფო კაცმა რა ჰქნა? გადაეხვია, გადაჰკოცნა: „კაცი შენა ყოფილხარ; ვინა ხარ და სადაურიო? - „იაროსლავლის გუბერნიიდან ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ, ჩვენ, კაცმა რომ თქვას, ხელობით თერძი გახლავართ, ზაფხულობით კი ქალაქს მოვდივართ ხილის გასაყიდადო. ეს ამბავი უფროსებმაც შეიტყვეს, ბრძანეს, მედალი დაჰკიდეთ გულზეო; ეგრე დადიოდა, გულზე მედალჩამოკიდებული, მაგრამ ამბობენ, გალოთდაო; მოგეხსენებათ რუსი კაცის ხასიათი, ვერ შეიკავებს თავს. ამისგანაც გვჭირს, რომ დღემდე სულ უცხოელები გვჭამენ, დიახ, ჩემო ბატონო!

    - დიახ, რა თქმა უნდა, რუსული ჭკუა... - წამოიწყო ვერსილოვმა.

    მაგრამ, საბედნიეროდ, პიოტრ იპოლიტოვიჩს მისმა სნეულმა ცოლმა დაუძახა და ისიც გაიქცა, თორემ თავს ვეღარ შევიკავებდი, ვერსილოვი სიცილით კვდებოდა.

    - ჩემო კარგო, მთელი ერთი საათი მართობდა, სანამ შენ მოხვიდოდი. ეს ლოდი... უფრო პატრიოტულად უთავბოლო არაფერია ამგვარ ამბებში, მაგრამ, აბა, რანაირად უნდა შეაწყვეტინო: ხომ ნახე, რარიგ ნეტარებდა. ეგეც არ იყოს, ის ლოდი, მგონი, დღესაც იქვე ძევს, თუ არა ვცდები, და სულაც არ ჩაუგდიათ ორმოში.

    - ახ, ღმერთო ჩემო! - წამოვიძახე. - ეგ ხომ მართლაც ეგრეა. როგორ გაბედა!..

    - რა დაგემართა? შენ, მგონი, მართლაც აღშფოთებული ხარ. კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს. ნამდვილად აერია: რაღაც მაგდაგვარი ჯერ ჩემს ბავშვობაში გამიგონია რომელიღაც ლოდის შესახებ, ოღონდ, ცხადია, არა ეგეთი ამბავი და არა ამ ლოდის შესახებ. რას ამბობ: „უფროსებმაც შეიტყვეს. ხომ ნახე, რა დღეში იყო, სული უმღეროდა, როცა „უფროსებს შეატყობინა. მაგ ბედშავებს უამისობა არ შეუძლიათ. მსგავსი ანეგდოტები ბლომადა აქვთ, თანაც სულ თავშეუკავებლობისაგან სჭირთ ეს. თავის დღეში არაფერი უსწავლიათ, დანამდვილებით არაფერი იციან, ჰოდა, ბანქოსა და დაწინაურებათა შესახებ საუბრის გარდა მოუნდება ხოლმე კაცს ხანდახან წაიმასლაათოს ზოგადსაკაცობრიო, პოეტურ რამეზე... ვინ არის ეგ პიოტრ იპოლიტოვიჩი, რა მოხელეა?

    - ერთი ღარიბ-ღატაკი, უბედური კაცია.

    - ხომ ხედავ; ვინ იცის, იქნებ ბანქოსაც კი არ თამაშობს. ვიმეორებ, ამ აბდაუბდას რომ გვიამბობს, ამითი იკმაყოფილებს მოყვასის სიყვარულის გრძნობას: მას ხომ ჩვენი გაბედნიერებაც უნდოდა. პატრიოტიზმის გრძნობაც დაიკმაყოფილა; მაგალითად, მაგათ ასეთი ანეგდოტიც აქვთ, თითქოს ინგლისელებმა მილიონიც კი შეაძლიეს ზავიალოვს, ოღონდ შენს საქონელს შენი ნიშანი არ დაადოო...

    - ახ, ღმერთო, ეგ ანეგდოტი მეც გამიგონია.

    - ვის არ გაუგონია; ისიც, როცა გიამბობს, ნამდვილად დარწმუნებულია, გაგონილი ექნებაო, მაგრამ მაინც გიამბობს, განგებ წარმოიდგენს, რომ არ გაგიგონია. შვედების მეფის ზმანება მგონი უკვე მოუძველდათ; ჩემს ყმაწვილკაცობაში კი ნეტარებით იმეორებდნენ, თანაც ისეთივე იდუმალი ჩურჩულით ყვებოდნენ, როგორც იმ ამბავს, თითქოს ამ საუკუნის დასაწყისში ვიღაცა მუხლმოყრილი იდგა სენატში სენატორების წინო. კომენდანტ ბაშუცკიზეც ბლომად დადიოდა ანეგდოტები იმის თაობაზე, თუ როგორ წაიღეს ძეგლი. ასეთ ხალხს საშინლად უყვარს სამეფო კარის ამბების მოყოლა; მაგალითად, ყვებიან წინა მეფის მინისტრის ჩერნიშევის ამბებს, თუ რანაირად ახერხებდა ეს სამოცდაათი წლის ბერიკაცი ისე შეეცვალა გარეგნობა, რომ ოცდაათი წლისას დამგვანებოდა და თვით ცხონებული ხელმწიფეც კი, საზეიმოდ გამობრძანების დროს, გაოცებას იყო ხოლმეო...

    - ეგეც გამიგონია.

    -

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1