Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ეშმაკნი (წიგნი II)
ეშმაკნი (წიგნი II)
ეშმაკნი (წიგნი II)
Ebook921 pages10 hours

ეშმაკნი (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

რომანი "ეშმაკნი" 1869 წელს რუსეთში მომხდარი საზარელი მკვლელობით არის შთაგონებული. ეს სოციალური და პოლიტიკური სატირა, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური დრამა, გმობს მატერიალისტურ იდეოლოგიას და წინასწარმეტყველურად გვიჩვენებს რუსეთში მცირე ხნის შემდეგ მომხდარ მოვლენებს (წიგნი მეორე).
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
ეშმაკნი (წიგნი II)

Read more from ფიოდორ დოსტოევსკი

Related to ეშმაკნი (წიგნი II)

Related ebooks

Reviews for ეშმაკნი (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ეშმაკნი (წიგნი II) - ფიოდორ დოსტოევსკი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    ნაწილი II (თავი 6)

    ნაწილი III

    დანართი

    შენიშვნები

    რეკომენდებული წიგნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ფიოდორ დოსტოევსკი – ეშმაკნი.

    ნაწილი მეორე

    თავი მეექვსე

    პიოტრ სტეპანოვიჩი გაწამაწიაშია

    I

    ზეიმის დღე საბოლოოდ გადაწყდა და დაინიშნა, მაგრამ ფონ ლემბკე ისეთი დაღონებული და დაფიქრებული ჩანდა ამ დღეებში, ისეთი უცნაური და ავი წინაგრძნობები ტანჯავდა, იულია მიხაილოვნა დიდად შეაშფოთა. ესეც კია, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ჩვენს წინანდელ ლმობიერ გუბერნატორს საქმეები მაინცდამაინც კარგად ვერ დაეტოვებინა. ამჟამად ქოლერის საშიშროება ახლოვდებოდა; აქა-იქ საქონლის ჭირმაც იჩინა თავი. ქალაქებსა და სოფლებში მთელი ზაფხული ხანძარი მძვინვარებდა. ხალხში უფრო და უფრო მკვიდრდებოდა უსაფუძვლო ხმები, ვიღაც განზრახ გვბუგავს და გვწვავსო. ძარცვა-გლეჯამ წინანდელზე ორჯერ იმატა. მაგრამ ეს ამბები მაინც ჩვეულებრივად ჩაითვლებოდა, თუ რომ სხვა უფრო საფუძვლიან მიზეზებს არ დაერღვია აქამდე სვებედნიერი ანდრეი ანტონოვიჩის სულიერი სიმშვიდე.

    ყველაზე მეტად ის აოცებდა იულია მიხაილოვნას, რომ მისი ქმარი დღითიდღე უფრო სიტყვაძვირი და, რაც მთავარია, გულჩათხრობილი ხდებოდა. საამისო კი აბა რა ჰქონდა? მართალია, იშვიათად ედავებოდა ცოლს და მეტწილად ყველაფერს უთმობდა. იულია მიხაილოვნას დაჟინებით გატარდა, მაგალითად, გუბერნატორის ძალაუფლების გაძლიერების მიზნით ორი-სამი საეჭვო და თითქმის უკანონო ღონისძიება. იმავე მიზნით უკანონოდ დააფარეს ხელი იმ ხალხს, ვინც, მაგალითად, სამართალში მიცემისა და გაციმბირების ღირსი იყო, იულია მიხაილოვნას მოთხოვნით კი ჯილდოზე წარადგინეს. ზოგიერთ საჩივარსა და შეკითხვაზე წესად შემოიღეს სისტემატურად არ გაეცათ პასუხი. ეს ყველაფერი შემდეგში გამომზეურდა. ლემბკე არა მარტო ყველაფერს აწერდა ხელს, იმასაც არ უფიქრდებოდა, რაოდენ დიდი წილი ედო იულია მიხაილოვნას მის მოვალეობათა აღსრულების საქმეში. სამაგიეროდ, დროდადრო იმისთანა „სულელურ წვრილმანებზე" ატეხდა დავიდარაბას და ყალყზე შედგებოდა, იულია მიხაილოვნა სახტად რჩებოდა. ცხადია, აჯანყების ეს წუთები ანაზღაურების მოთხოვნილება გახლდათ სხვა დღეებში გამოჩენილი მორჩილებისთვის. ხომ გამჭრიახი ქალი იყო იულია მიხაილოვნა, სამწუხაროდ, მაინც ვერ ჩასწვდა ამ კეთილშობილ ბუნებას. ვაი რომ საამისოდ არ ეცალა და ეს გახდა მიზეზი ბევრისაგან ბევრი გაუგებრობისა.

    მე მართებულად არ მიმაჩნია და ვერც მოვახერხებ ალბათ ზოგიერთ ამბავზე მოგახსენოთ. არც ადმინისტრაციულ შეცდომებზე მსჯელობა გახლავთ ჩემი საქმე და, საერთოდ, სულაც არ შევეხები ამ ადმინისტრაციულ მხარეს. ქრონიკის დასაწყისში მე სულ სხვა ამოცანები მქონდა დასახული. ესეც არ იყოს, ბევრ რასმე გამოამჟღავნებს ალბათ ამჟამად ჩვენს გუბერნიაში წარმოებული კვლევა-ძიება, თუ მოთმინებას ვიქონიებთ. მაგრამ ზოგ ამბავს მაინც გვერდს ვერ ავუვლი.

    მე ისევ იულია მიხაილოვნაზე განვაგრძობ. საწყალ ქალს (მე ძალიან მწყდება მასზე გული) ჩვენში პირველი ნაბიჯიდანვე დასახულ იმ მეტისმეტად ექსცენტრიულ საშუალებათა გარეშეც შეეძლო ყველაფრისთვის მიეღწია, რაც ასე ხიბლავდა და იზიდავდა (დიდება იყო ეს თუ სხვა რამ). მაგრამ იქნებ ნამეტნავი პოეტური ბუნებისაგან, ან იქნებ იმიტომ, რომ ბევრჯერ გასცრუებია სიყმაწვილეში იმედები, ეს კია, ბედის ჩარხის შეტრიალებასთან ერთად რატომღაც უცბად წარმოიდგინა თავი მოწოდებულად და ლამის მირონცხებულად, „ვისაც შარავანდედი დაედგა თავზე. მთელი უბედურება კი სწორედ ამ შარავანდედში იყო; ის ხომ მართლა შინიონი არ არის, ყველამ წამოიცვას თავზე. მაგრამ მოდი და ამ ჭეშმარიტებაში დაარწმუნე ქალი. პირიქით, ის მოიგებს, ვინც დაემოწმება და კვერს დაუკრავს. კვერის დამკვრელნი კი, იცოცხლე, ბევრი გამოუჩნდა. საწყალი ქალი მყისვე გახდა სხვადასხვა მიმართულების სათამაშო ბურთი, თუმცა კი იმავე დროს ფრიად ორიგინალური აზრების მქონედ წარმოედგინა თავი. ლიქნის ბევრმა ოსტატმა მოითბო მის გვერდით ხელი და კარგად გამოიყენა მისი გულუბრყვილობა. მერედა რა დომხალი გამოუდიოდა ვითომდა დამოუკიდებლობის სახელით. იულია მიხაილოვნას მოსწონდა დიდი მემამულეებიც, მოსწონდა არისტოკრატებიც, მომხრე იყო გუბერნატორის ძალაუფლების გაძლიერებისაც, არ იწუნებდა დემოკრატიულ ელემენტსაც, ახალ დაწესებულებებსა და წყობილებას, იტაცებდა თავისუფალი აზროვნება, მოსოციალისტო იდეები, მოსწონდა გოროზობა არისტოკრატთა თავგასულობაც. ოცნებად ჰქონდა გადაქცეული ყველა გაებედნიერებინა და შეერიგებინა, უფრო სწორად, ყველას გაეღმერთებინა იგი. ჰყავდა გამორჩეული ხალხიც: ახალგაზრდა ვერხოვენსკი, მაგალითად, ძალიან მოსწონდა, რაკი ის აშკარად ეპირფერებოდა. მოსწონდა კიდევ ერთი საკვირველი მიზეზის გამოც, რაც ძალიან კარგად ასურათებს ამ საწყალ ქალს: ერთთავად იმედი ჰქონდა, ვერხოვენსკი სახელმწიფო შეთქმულებას გამიმჟღავნებსო. დიახ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ასე კია. რატომღაც დარწმუნებული იყო, გუბერნიაში უთუოდ სახელმწიფო შეთქმულება არსებობსო. ახალგაზრდა ვერხოვენსკი ზოგ შემთხვევაში გაჩუმებით და ზოგში ქარაგმებით უფრო უმტკიცებდა ამ უცნაურ აზრს. ქალს წარმოდგენილი ჰქონდა, რუსეთში ყოველგვარ რევოლუციურ მოძრაობასთან კავშირი აქვს გაბმული და ამავე დროს ჩემი ერთგული და მაღმერთებელი არისო. შეთქმულების გამჟღავნება, პეტერბურგიდან გამოგზავნილი მადლობა, ბრწყინვალე კარიერა, ახალგაზრდებზე „მოფერებით ზემოქმედება მათი უფსკრულის პირას გასაჩერებლად, - ეს ყველაფერი მშვენივრად თვისდებოდა მის ფანტასტიკურ ტვინში. ხომ იხსნა და დაიმორჩილა ახალგაზრდა ვერხოვენსკი (ამაში ეჭვი არ ეპარებოდა), ასევე იხსნის სხვებსაც. მათგან არავინ, არავინ დაიღუპება, იგი ყველას იხსნის. იგი მათ დაახარისხებს; ისეთნაირად მოახსენებს იმათზე; მოიქცევა ისე, როგორც უზენაესი ჭეშმარიტება მოითხოვს და იქნებ ისტორიამ და მთელმა რუსულმა ლიბერალიზმმა დალოცოს და აკურთხოს მისი სახელი; შეთქმულება კი მაინც გამჟღავნებული იქნება. მოკლედ, ორ კურდღელს ერთად დაიჭერს.

    მაგრამ ამისთვის საჭირო იყო, ანდრეი ანტონოვიჩს ზეიმისთვის მაინც გამოკეთებოდა გუნება და დამშვიდებულიყო. ჰოდა, ამ მიზნით ახალგაზრდა ვერხოვენსკი მიუვლინა ქმარს, იქნებ მისებური დამამშვიდებელი ხერხი იხმაროს და ჭმუნვა გადააყრევინოსო. იქნებ აცნობოს და უთხრას რამე, ასე ვთქვათ, პირველ წყაროდანო. მისი მოხერხების დიდი იმედი ჰქონდა იულია მიხაილოვნას. ყმაწვილი ვერხოვენსკი დიდი ხანია უკვე აღარ ყოფილა ბატონ ფონ ლემბკეს კაბინეტში. სწორედ მაშინ მიეჭრა, როცა პაციენტი ყველაზე ცუდ გუნებაზე გახლდათ.

    II

    მოხდა ისეთი ამბავი, რასაც ფონ ლემბკე ვერაფრით ვერ წაუყრუებდა. მაზრაში (სადაც ამას წინათ ყმაწვილმა ვერხოვენსკიმ წაიქეიფა) ერთ პოდპორუჩიკს მისმა უფროსმა სიტყვიერი საყვედური გამოუცხადა მთელი ასეულის წინაშე. პოდპორუჩიკი ახალგაზრდა კაცი იყო, პეტერბურგიდან ახლახან ჩამოსული, უჟმური, გულჩათხრობილი და შესახედად ერთი მედიდური ვინმე, თუმცა ჩასქელებული, დაბალი და ლოყებღაჟღაჟა. საყვედური ვერ აიტანა, დახარა თავი და ისეთი მოულოდნელი ღმუილით ეცა უფროსს, მთელმა ასეულმა პირი დააღო. ჯერ გაარტყა და მერე მთელი ძალით ჩააფრინდა კბილებით მხარში. ძლივს მოაგლიჯეს. ნამდვილად შექანებულიყო უბედური, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელ ხანს ყოვლად უცნაური საქციელი დასჩემებოდა. მაგალითად, თავის ბინიდან სახლის პატრონის ორი ხატი გამოყარა და ერთი ნაჯახითაც დაჩეხა. მათ მაგივრად ფოხტის, მოლეშოტისა და ბიუხნერის[194] თხზულებანი დაასვენა ხატივით და სამივეს სანთელი დაუნთო წინ. წიგნები იმდენი უნახეს, კაცი იფიქრებდა, დიდად ნაკითხი იქნებაო. ორმოცდაათი ათასი ფრანკი რომ ჰქონოდა, ეგებ მარკიზის კუნძულებზე გამგზავრებულიყო, იმ „კადეტისა" არ იყოს, რომელსაც ბატონი გერცენი ერთ-ერთ თავის თხზულებაში ესოდენ მხიარული იუმორით იხსენიებს[195]. დაჭერისას პოდპორუჩიკს მთელი დასტა პროკლამაციები აღმოუჩინეს სახლშიაც და კიბეებშიც.

    პროკლამაციები თავისთავად დიდ არაფერს წარმოადგენდა და, ჩემი აზრით, არც თავის შეწუხებად ღირდა. ცოტა კი არ გვინახავს ისინი. ამასთან არც ახლები იყო: როგორც მერე თქვეს, ზუსტად ასეთი აღმოუჩენიათ ხ-ის გუბერნიაში ამას წინათ. ლიპუტინიც ამ თვე-ნახევრის წინ მაზრასა და მეზობელ გუბერნიაში ყოფილა საქმეზე და ირწმუნებოდა, ზუსტად ეგეთი პროკლამაციები ვნახე იქაცო. მაგრამ ანდრეი ანტონოვიჩი უფრო იმან განაცვიფრა, შპიგულინების ქარხნის მმართველმა რომ სწორედ იმ დღეებში ორი თუ სამი დასტა ზუსტად ისეთი პროკლამაციები წარადგინა პოლიციაში, როგორიც პოდპორუჩიკს აღმოუჩინეს. თურმე ღამით დაუყრიათ ქარხანაში, დასტები გაუხსნელი იყო და მუშებიდან ვერავის მოესწრო წაკითხვა. მაგრამ ამ სულელურმა ფაქტმა ანდრეი ანტონოვიჩი მაინც საგონებელში ჩააგდო და საქმე არასასიამოვნო, გაზვიადებული სახით წარმოუდგა.

    ამ შპიგულინების ქარხანაში ახალი დაწყებული იყო სწორედ ის „შპიგულინისეული ისტორია[196]", რომლის ირგვლივ ამდენი ლაპარაკი ატყდა ჩვენში და რომელიც ასეთივე ვარიანტებით მოხვდა დედაქალაქის გაზეთების ფურცლებზე. სამიოდე კვირის წინ იქ ერთი მუშა აზიური ქოლერით გამხდარა ავად და მომკვდარა. შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი ჩაწვა. ქალაქში ყველა შიშის ზარმა აიტანა, ქოლერა რომ მათ მეზობელ გუბერნიაში აღმოჩნდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ დაუპატიჟებელი სტუმრის დასახვედრად ჩვენში შეძლებისდაგვარად დამაკმაყოფილებელი სანიტარიული ზომები მიიღეს, მაგრამ შპიგულინების ქარხანა, რომლის პატრონები მილიონერები და დიდი გავლენის ხალხი იყო, რატომღაც გამორჩათ მხედველობიდან. ჰოდა, ერთბაშად ყველანი აყაყანდნენ, ავადმყოფობის კერა იქ არის, ქარხანაში და მეტადრე მუშების ბინებში ისეთი სიბინძურე სუფევს, ქოლერა რომც არ ყოფილიყო, იქ მაინც გაჩნდებოდაო. რა თქმა უნდა, მყისვე მიიღეს ზომები. ანდრეი ანტონოვიჩმა ენერგიულად დაიჟინა, დაუყოვნებლივ ყველაფერი შეასრულეთო. ქარხანა სამიოდე კვირაში მოიყვანეს წესრიგში, შპიგულინებმა კი ერთბაშად დაკეტეს, რატომ, კაცმა არ იცის. შპიგულინებიდან ერთი ძმა ნიადაგ პეტერბურგში ცხოვრობდა, მეორემ დაჰკრა ფეხი და მოსკოვს გაემგზავრა, როცა მთავრობამ ქარხნის დასუფთავების განკარგულება გამოსცა. ქარხნის მმართველი მუშების დათხოვნას შეუდგა და, როგორც ახლა გამომჟღავნდა, უტიფრადაც მოატყუა ისინი. მუშებმა დრტვინვა დაიწყეს, სამართლიანად გაგვისწოროს ანგარიშიო, მერე ადგნენ და თავიანთი სიბრიყვით პოლიციაში მივიდნენ, თუმცა იქ აურზაური არ აუტეხიათ. სწორედ ამ ხანებში მოუტანეს ანდრეი ანტონოვიჩს მმართველის გამოგზავნილი პროკლამაციები.

    ახალგაზრდა ვერხოვენსკი კაი შინაური და მეგობარი კაცივით შეუვარდა კაბინეტში, მეტადრე რომ იულია მიხაილოვნას დავალებით მიდიოდა. მსახური წინასწარ არ შეუგზავნია. მის დანახვაზე ფონ ლემბკემ შუბლი შეიკრა და მაგიდასთან გაჩერდა. მანამდე კაბინეტში ბოლთას სცემდა და რაღაცაზე ეთათბირებოდა თავისი კანცელარიის მოხელე ბლიუმს. ეს მოუქნელი და უჟმური გერმანელი, იულია მიხაილოვნას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გუბერნატორს თან ჩამოეყვანა პეტერბურგიდან. ყმაწვილი ვერხოვენსკის შემოსვლისას ბლიუმი კართან მიდგა, მაგრამ არ გასულა. ვერხოვენსკის მოეჩვენა, ლემბკემ და ბლიუმმა ერთმანეთს გადახედეს და რაღაც ანიშნესო.

    - ოჰო, ძლივს არ მოგიხელთეთ, ჩვენო გულჩახვეულო ქალაქის თავო! მაშ, ესეც შეემატა თქვენს კოლექციას? - სიცილით შესძახა სტუმარმა და მაგიდაზე დადებულ პროკლამაციას ხელი დაადო.

    ანდრეი ანტონოვიჩი აპილპილდა, სახე მოეღრიცა.

    - ამ წუთას გაუშვით ხელი! - შეჰყვირა სიბრაზისაგან აკანკალებულმა, - არ გაბედოთ, მოწყალეო ბატონო, და...

    - რა იყო, ხომ არ გაჯავრდით?

    - უნდა მოგახსენოთ, მოწყალეო ბატონო, რომ ამიერიდან აღარ მოვითმენ მაგ თქვენს sans façon[197] და გთხოვთ ისიც გაიხსენოთ...

    - ფუი, ეშმაკმა დალახვროს, მგონი, მართლა არ ბრაზობს!

    - ხმა, კრინტი! - ფეხი დაჰკრა ხალიჩას ფონ ლემბკემ, - არ გაბედოთ და...

    ღმერთმა იცის, რით დამთავრდებოდა ეს ყოველივე. სამწუხაროდ, სხვა ყველაფრის გარდა კიდევ იყო ერთი გარემოება, რაზეც ახალგაზრდა ვერხოვენსკის კი არადა, იულია მიხაილოვნასაც არ ჰქონდა წარმოდგენა. საწყალი ანდრეი ანტონოვიჩი იქამდე მისულიყო, უკანასკნელ ხანებში თავის მეუღლესა და ვერხოვენსკიზე ეჭვიანობდა გულში. ეს ეჭვიანობა კი მარტოობისას, განსაკუთრებით ღამღამობით, უსიამოვნოზე უსიამოვნო წუთებს ატარებინებდა.

    - მე კი მეგონა, თუ კაცი ორი დღე ზედიზედ შუაღამემდე გიკითხავს თავის რომანს შენი აზრის გასაგებად, აღარც ოფიციალობას გამოეკიდება-მეთქი მერე... იულია მიხაილოვნა შინაურივით მიღებს; თქვენი რა გაიგოს კაცმა? ჰა, ბატონო, თქვენი რომანიც. - ამაყადაც კი წარმოთქვა ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ და მაგიდაზე ლურჯ ქაღალდში გულდაგულ შეხვეული კარგა მოზრდილი რვეული დადო.

    ლემბკე გაწითლდა და შეიშმუშნა.

    - სად იპოვეთ? - ჰკითხა თავდაჭერით და სიხარული ვეღარ დამალა, თუმცა კი ძალიან უნდოდა დაემალა.

    - წარმოგიდგენიათ, კომოდის უკან გადაგორებულა. ეტყობა, შესვლისთანავე კომოდზე ვისროლე. სამი დღეა, რაც მიპოვეს, ისიც იატაკის მორეცხვისას. კაი საქმე კი გამიჩინეთ!

    ლემბკემ გოროზად დახარა თავი.

    - ორი ღამე არ მიძინია თქვენი წყალობით. სამი დღის წინათ ნახეს, მაგრამ არ მოგიტანეთ, სულ ვკითხულობდი, დღისით არ მეცალა და ღამღამობით ვუჯექი. იცით რა? არ მომეწონა: ეს ჩემი აზრი არ გახლავთ. თუმცა მიმიფურთხებია, მე კრიტიკოსი არა ვარ და არც ვყოფილვარ არასოდეს. მაგრამ ვერ მოვწყდი, ბატონო ჩემო, ვერ მოვწყდი, თუმცა უკმაყოფილო ვიყავი! მეოთხე და მეხუთე თავი ეს... ეს... ეშმაკმა არ იცის, რა არის! მერე და რამდენი იუმორი ჩაგირთავთ შიგ, რა ვიხარხარე. არა, როგორ ახერხებთ მაინც კაცის გამასხარავებას. ისიც ასე sans que cela paraisse[198]. მეცხრესა და მეათეს რაც შეეხება, სულ სიყვარულზეა, ეს ჩემი საქმე არ გახლავთ; ისე კი ეფექტური არის; იგრენევის წერილზე კინაღამ ავფშლუკუნდი, თუმცა ოსტატურად კი გყავთ გამოყვანილი... იცით, გულს აუჩვილებთ და ამავე დროს თითქოს მის სიყალბესაც შეპარვით აგრძნობინებთ კაცს. მიგიხვდით თუ არა? მაგრამ დაბოლოებისათვის მართლა შემომელახებოდით. აბა რას ქადაგებთ, ჰა? ძველის კვალობაზე ოჯახურ ბედნიერებას, გამრავლებას, გამდიდრებას? გაბედნიერდნენ, გამდიდრდნენ და არხეინად ცხოვრობენო. რას ბრძანებთ! მკითხველი ხომ მოხიბლეთ, მე რომ ვარ, მეც ვერ მოვწყდი, მეტი რა გინდათ. მაგრამ მით უარესი. ჩვენი ბრიყვი მკითხველი ჭკვიანმა ხალხმა ცოტა უნდა შეანჯღრიოს და გამოაფხიზლოს, თქვენ კი... თუმცა კმარა, მშვიდობით. სხვა დროს ნუღარ გამიჯავრდებით; მინდოდა ორიოდე საჭირო სიტყვა მეთქვა და ამიტომ მოვედი; მაგრამ რაღაც ისე კი შემხვდით...

    ანდრეი ანტონოვიჩმა ამასობაში თავისი რომანი მუხის კარადაში ჩაკეტა და ბლიუმს თვალით ანიშნა, გაგვეცალეო. ბლიუმი დაღრეჯილი სახით მიიმალა.

    ლემბკემ წარბი შეიკრა, თუმცა გაბრაზება აღარ ეტყობოდა, მაგიდას მიუჯდა და წაიბურტყუნა:.

    - ისე კი არ შეგხვდით, უბრალოდ... ამ უსიამოვნო ამბებმა... დაბრძანდით და მითხარით ეგ თქვენი ორი სიტყვა. რა ხანია არ მინახავხართ, პიოტრ სტეპანოვიჩ, ოღონდაც ამის შემდეგ ნუღარ შემოიჭრებით ხოლმე თქვენებურად... ხომ იცით, ზოგჯერ კაცს ისეთი საქმეები აქვს!..

    - მე თუ შემოვიჭერი...

    - ვიცი, ვიცი და მწამს, განზრახ არ გიქნიათ, მაგრამ ხანდახან ისეთ გაწამაწიაშია კაცი... დაბრძანდით-მეთქი.

    ყმაწვილი ვერხოვენსკი დივანზე გაიშხლართა და ფეხები მოიკეცა.

    III

    - ნეტა რა გაწამაწიაში ხართ, ამ სისულელეებს ხომ არ გულისხმობთ? - თავი გაიქნია პროკლამაციებისკენ. - მაგისთანებს, რამდენსაც გნებავთ, იმდენს მოგიტანთ, ჯერ კიდევ ხ-ის გუბერნიაში გავეცანი.

    - ანუ იქ რომ იყავით, მაშინ, არა?

    - აბა იქ რომ არ ვყოფილიყავი, რას ვნახავდი. ზემოთ, მგონი, ნაჯახიც ახატია. ნება მიბოძეთ ერთი (ვერხოვენსკი პროკლამაციას მისწვდა); აკი ვთქვი, ნაჯახია-მეთქი. სწორედ ის არის, ზუსტად ის...

    - დიახ, ნაჯახი ახატია. ხომ ხედავთ, ნაჯახია.

    - მერედა ნაჯახისა შეგეშინდათ?

    - ნაჯახის კი არ შემეშინდა... აქ სულ სხვა ამბავია.

    - რა ამბავია? ის, რომ ქარხნიდან მოიტანეს? ჰე-ჰე-ჰე. იცით კი, რომ მაგ თქვენს ქარხანაში თვითონ მუშები დაიწყებენ მალე პროკლამაციების წერას.

    - ეს როგორ? - მკაცრად მიაჩერდა ფონ ლემბკე.

    - როგორ და ისე. მაგათ კაცმა თვალი არ უნდა მოაშოროს. ეჰ, მეტისმეტად ლმობიერი კაცი ბრძანდებით, ანდრეი ანტონოვიჩ, რომანებს წერთ, აქ კი მამაპაპური მათრახია საჭირო.

    - რას ნიშნავს მამაპაპური მათრახი, ჭკუას ხომ არ მარიგებთ? ქარხანა გაწმინდეს. მე ვბრძანე და გაწმინდეს.

    - მუშებში კი ამბოხია. ზურგი უნდა აუჭრელოთ ყველას და საქმეც მორჩება.

    - ამბოხიო? რაებს ჩმახავთ; მე ვბრძანე და გაწმინდეს.

    - ეჰ, ანდრეი ანტონოვიჩ, რა ლმობიერი კაცი ბრძანდებით!

    - ჯერ ერთი, სულაც არა ვარ ლმობიერი, მეორეც... - ლამის ისევ იწყინა ფონ ლემბკემ. ამ ყმაწვილ კაცთან უჭირდა ლაპარაკი და, თუ ელაპარაკებოდა, მხოლოდ იმიტომ, ახალი ხომ არაფერი წამოცდებაო.

    - ერიჰაა, ესეც ძველი ნაცნობი! - გააწყვეტინა ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ და პრეს-პაპიედან ახალი ფურცელი გამოაძვრინა. ისიც პროკლამაცია იყო, საზღვარგარეთ დაბეჭდილი, ოღონდ ლექსად.

    - მგონი, ზეპირად ვიცი. ვნახოთ აბა! დიახ, „ნათელი პიროვნება" ყოფილა. საზღვარგარეთ ვნახე ეს ნათელი პიროვნება. სად გამოქექეთ?

    - თქვენ ამბობთ, საზღვარგარეთ ვნახეო? - შეტოკდა ფონ ლემბკე.

    - მაშ, მაშ, ოთხი თუ ხუთი თვის წინათ.

    ლემბკემ გამომცდელი თვალით შეხედა:

    - რაღაც ბევრი რამ კი გინახავთ საზღვარგარეთ.

    ვერხოვენსკიმ ყური არ ათხოვა, ფურცელი გაშალა და ხმამაღლა წაიკითხა ლექსი:

    „ნათელი პიროვნება[199]"

    დიდგვაროვანთა არ იყო გვარის,

    ის გაიზარდა შიგ ხალხში მდგარი,

    მაგრამ დევნილმა მეფის რისხვითა

    და ბოიართა ბოროტი შურით,

    აღარ ჩათვალა ტანჯვა არაფრად,

    სასჯელი ან სხვა დავიდარაბა,

    აღდგა უშიშრად და ხალხს აუწყა

    ძმობა, ერთობა, თავისუფლება.

    და რომ დაეწყო მას აჯანყება,

    იგი გაექცა მეფის კაზემატს,

    მეფის მათრახებს, მეფის მარწუხებს

    და მიაშურა უცხო მხარეებს.

    ხალხი კი მძიმე ბედქვეშ მგმინავი,

    აჯანყებისთვის გამზადებული,

    თვით სმოლენსკიდან შორ ტაშკენტამდე

    სტუდენტს ელოდა მოუთმენელად.

    საყოველთაოდ ელოდა ყველა,

    რომ უყოყმანოდ, შეუდრეკელად

    დაემხოთ ბოლოს ბოიარები,

    სახელმწიფო და მეფის ჯარები,

    რომ ყოფილიყო მიწა საერთო,

    წ და მარადის რომ უარეყოთ -

    ძველი სამყაროს ბოროტებანი!

    - ალბათ იმ ოფიცერს უნახეთ, არა? - ჰკითხა ვერხოვენსკიმ.

    - მაშ იმ ოფიცერსაც იცნობთ?

    - ვიცნობ და ეგრე. ორი დღე ერთად ვიქეიფეთ. მაშინაც ეტყობოდა, თავის ჭკუაზე ვერ იყო.

    - იქნებ ძალიან კარგადაც იყო.

    - საიდან ატყობთ? კაცი რომ დაკბინა, იმიტომ?

    - არა, თქვენ ის მიბრძანეთ, თუ ეს ლექსი საზღვარგარეთ ნახეთ და მერე კი იმ ოფიცერსაც უნახეთ...

    - რაო? საკვირველია! ხომ არ მცდით, ანდრეი ანტონოვიჩ? იცით, რას გეტყვით, - საოცრად დადინჯდა უცებ ვერხოვენსკი, - რაც მე საზღვარგარეთ ვნახე, იმის თაობაზე უკვე მოვახსენე დაბრუნების შემდეგ, საცა საჭირო იყო, და ჩემი მოხსენება დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს, თორემ ამ ქალაქს ჩემი ჩამოსვლით ვერ გავაბედნიერებდი. ჩემი საქმეები ამ მხრივ მოთავებულად მიმაჩნია და მოვალე არ ვარ ვინმეს ანგარიში ჩავაბარო. არა იმიტომ, დამსმენი გახლავართ, უბრალოდ, სხვანაირი მოქცევა არ შემეძლო. ის ხალხი, ვინც იულია მიხაილოვნას ჩემზე მოსწერა, საქმეში გარკვეული იყო და მოიწერეს, როგორც პატიოსან ადამიანზე... თუმცა ჯანდაბას ეს ყველაფერი; მე იმიტომ მოვედი, ერთი სერიოზული ამბავი მეთქვა. კიდევ კარგი, ის თქვენი ბუხრის მწმენდავი გაისტუმრეთ აქედან. მე დიდი საქმე მაქვს, ანდრეი ანტონოვიჩ, ერთი რამე უნდა გთხოვოთ.

    - მთხოვოთ? ჰმ, ბატონი ბრძანდებით, გამოვტყდები და დიდად მაინტერესებს, თუმცა კი საკმაოდ მაკვირვებთ, პიოტრ სტეპანოვიჩ!

    ფონ ლემბკე აღელვებული ჩანდა. ვერხოვენსკიმ ფეხი ფეხზე შემოიდო.

    - პეტერბურგში ბევრი რამ გულახდილად ვაღიარე, მაგრამ სხვაზე კი, აი თუნდაც, მაგალითად, ამაზე (თითი დაჰკრა „ნათელ პიროვნებას") ხმა არ ამომიღია; ჯერ ერთი იმიტომ, სალაპარაკოდ არ ღირდა, მეორეც - მხოლოდ იმაზე ვუპასუხე, რაც მკითხეს. არ მიყვარს ასეთ რამეებში მეტიჩრობა. ჩემი აზრით, განსხვავებაც ეს არის უნამუსოსა და პატიოსანს შორის, ვინც მხოლოდ გარემოებამ აიძულა... თუმცა ამას მოვეშვათ. ახლა კი, ბატონო ჩემო... ახლა, როცა ამ ბრიყვებმა... ერთი სიტყვით, როცა ეს ამბავი გამომჟღავნდა და უკვე ყველაფერი იცით, ვატყობ კი, თქვენგან არაფერი დაიმალება, ისე გიჭრით თვალი და ისეთი გულჩათხრობილი კაცი ხართ, ეს ჩერჩეტები კი მაინც თავისას განაგრძობენ, მე... მე... მოკლედ, მე მოვედი რომ გთხოვოთ, ერთი კაცი გადაარჩინოთ, ერთი ისეთივე ჩერჩეტი და, მგონი, გიჟიც. გადაარჩინოთ იმიტომ, რომ ყმაწვილია, იმიტომ რომ ბევრი უბედურება გამოიარა, იმიტომ რომ ჰუმანური კაცი ბრძანდებით... მარტო საკუთარ რომანებში ხომ არა ხართ მართლა ჰუმანური! - გესლიანად მოსხიპა სიტყვა ვერხოვენსკიმ.

    ერთი სიტყვით, იგრძნობოდა კაცი პირდაპირი, რომელსაც ჰუმანურ გრძნობათა მოჭარბება და იქნებ მეტისმეტი პატიოსნება ხდიდა ასე მოუქნელ პოლიტიკოსად. რაც მთავარია, ჩანდა მისი ჭკუამოკლეობა და ეს მყისვე გასაოცარი სიმახვილით შეამჩნია ფონ ლემბკემ. ის დიდი ხანია ამას ეჭვობდა. განსაკუთრებით ამ ბოლო კვირას, როცა კაბინეტში ღამღამობით მარტო რჩებოდა და თავის გულში ათასნაირად უკურთხებდა, იულია მიხაილოვნას ასე რით მოაწონა თავიო.

    - ვისზე მთხოვთ და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - მედიდურად იკითხა ფონ ლემბკემ და შეეცადა ცნობისმოყვარეობა არ დაემჩნია.

    - ეგ... ეგ... ფუი, დასწყევლოს ღმერთმა... არა, რა ჩემი ბრალია, თქვენი რომ მწამს. რა ჩემი ბრალია, უკეთილშობილეს და, რაც მთავარია, გამჭრიახი ჭკუის კაცად რომ მიმაჩნიხართ... ვისაც გაგებაც აქვს და... ფუი, დასწყევლოს ღმერთმა...

    საცოდავი, ეტყობა, თავს ვეღარ მორეოდა.

    - არა, ისიც გამიგეთ, სახელი რომ გითხრათ, ხომ გავეცი და ვუღალატე? ვუღალატე თუ არა? ჰო თუ არა?

    - კი მაგრამ, თუ არ მეტყვით, როგორღა გავიგო?

    - აი სწორედ მაგ თქვენი ლოგიკით მოტეხავთ ხოლმე მუდამ კაცს, დალახვროს ეშმაკმა... ეგ... ეგ „ნათელი პიროვნება, ეგ „სტუდენტი - შატოვი გახლავთ... აი, ვთქვი და გავათავე!

    - შატოვი? რომელი შატოვი?

    - ვინა და ის „სტუდენტი" შატოვი, ვისაც აქ ახსენებენ. ამ ჩვენს ქალაქში ცხოვრობს. აი, ის ნაყმევი, სილა რომ გააწნა.

    ლემბკემ თვალები მოწკურა.

    - ვიცი, ვიცი! მაგრამ ერთი ეს მიბრძანეთ, კერძოდ რა ბრალდება და, რაც მთავარია, რაზე შუამდგომლობთ?

    - რადა გადარჩენა მინდა მისი, გესმით! მე ხომ მაგას ჯერ რვა წლის წინათ ვიცნობდი, რა იცით, იქნებ მეგობარიც იყო ჩემი, - ცხარობდა ვერხოვენსკი. - თუმცა რა ვალდებული ვარ ჩემი წინანდელი ცხოვრების ანგარიში ჩაგაბაროთ, - ხელი ჩაიქნია მან, - ყველაფერი ეს სისულელეა, სამ-ნახევარი კაცი თუ იქნება, იმ საზღვარგარეთელებთან ერთად ათიც არ დაითვლება, რაც მთავარია - თქვენი ჰუმანური გულისა და ჭკუის იმედი მაქვს. თქვენ გაიგებთ, რომ ეს გაუბედურებული, დამთხვეული კაცის სულელური ოცნებაა... და არა რაღაც საშინელი სახელმწიფო შეთქმულება!..

    ვერხოვენსკის ლამის სული შეეხუთა.

    - ჰმ, ვხედავ, ის ნაჯახიანი პროკლამაციები მაგის ბრალია, - თითქმის ზვიადად დაასკვნა ლემბკემ, - მაგრამ ერთი ესეც მიბრძანეთ, მარტო ეგ როგორ მოახერხებდა პროკლამაციების ყველგან დაყრას, აქ, პროვინციებში, ხ-ის გუბერნიაში, ან... ან საიდან მოიტანა?

    - აკი გეუბნებით, დიდი-დიდი ხუთი კაცი იყოს. ჰა და ჰა, ათი; მე რა ვიცი?

    - არ იცით?

    - აბა საიდან უნდა ვიცოდე, დასწყევლოს ღმერთმა?

    - ის ხომ იცით, შატოვი რომ ერთ-ერთი მონაწილეა?

    - ეეჰ! - ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ ისევ ჩაიქნია ხელი, თითქოსდა მოსაუბრის გამჭრიახობამ ფარ-ხმალი დააყრევინა, - მაშ კარგი, გეტყვით სიმართლეს: პროკლამაციებისა არაფერი ვიცი, სულ არაფერი, ჯანდაბას მაგათი თავი, გესმით, რას ჰქვია არაფერი?.. ჰო, რა თქმა უნდა, ეს პოდპორუჩიკი ურევია, კიდევ ერთი ვიღაც, შემდეგ აქაც არის ერთი... ჰოდა, იქნებ შატოვიც, კიდევ ერთი სხვაც, ესაა და ეს, გლახაკები და უბადრუკები... მაგრამ მე მინდა შატოვზე გთხოვოთ, ის მინდა გადამირჩინოთ, ვინაიდან ეს ლექსი მისია, მისი საკუთარი, საზღვარგარეთაც მისი მეოხებით დაიბეჭდა. აი, რაც ვიცი დანამდვილებით, პროკლამაციებისა კი სულ არაფერი ვიცი.

    - თუ ლექსი მისია, პროკლამაციებიც მისი იქნება. მაგრამ რა საბუთით მიგაქვთ შატოვზე ეჭვი?..

    ახალგაზრდა ვერხოვენსკის თითქოს საბოლოოდ გაუწყდა მოთმინების ძაფი, ჯიბიდან საფულე იძრო, საფულიდან ბარათი, მაგიდაზე დააგდო და შესძახა:

    - აი, საბუთი!

    ლემბკემ ბარათი გაშალა. ბარათი ნახევარი წლის წინათ დაეწერათ საზღვარგარეთ გასაგზავნად. ორიოდე სიტყვისაგან შედგებოდა: „ნათელ პიროვნებას" აქ ვერ დავბეჭდავ, საერთოდ არც არაფერი შემიძლია; დაბეჭდეთ საზღვარგარეთ. ივ. შატოვი.

    ლემბკე ვერხოვენსკის მიაშტერდა. ვარვარა პეტროვნა მართალს ამბობდა, გამოთაყვანებული თვალები აქვსო.

    - იცით, ეს რას ნიშნავს, - წამოვარდა ვერხოვენსკი, - იმას, რომ ეს ლექსი აქ დაწერა, ამ ნახევარი წლის წინათ, მაგრამ აქაურ საიდუმლო სტამბაში ვერ დაბეჭდა და ამიტომ ითხოვს, საზღვარგარეთ დაბეჭდეთო... გასაგებია?

    - დიახ, გასაგებია, მაგრამ ვისა თხოვს? აი, რა არ არის გასაგები, - უცბიერესი ირონიით შენიშნა ლემბკემ.

    - ვისა და კირილოვს, ბარათი კირილოვს მისწერა საზღვარგარეთ... არ იცით ვითომ? მე ისა მწყინს, რომ მაგ ლექსის ამბავი თუ ყველაფერი ალბათ რა ხანია უკვე იცით, ჩემთან კი თავს იკატუნებთ მხოლოდ! მაშ საიდან გაჩნდა თქვენს მაგიდაზე? რატომ მტანჯავთ და მაწვალებთ, თუ ასეა?

    ვერხოვენსკიმ შუბლიდან სიმწრის ოფლი მოიწმინდა.

    - იქნებ კი ვიცი რაღაც... - მარჯვედ დაიძვრინა თავი ლემბკემ. - მაგრამ ეგ კირილოვი ვინღაა?

    - ვინა და ჩამოსული ინჟინერი, სტავროგინის სეკუნდანტი, შეპყრობილი და გიჟი; მაგ თქვენს პოდპორუჩიკს იქნებ მართლაც ხურვებამ აურია ტვინი, მაგრამ ეგ რომ წმინდა წყლის გიჟია, თავს დავდებ ამაზე. ეჰ, ანდრეი ანტონოვიჩ, მთავრობამ რომ იცოდეს, ეს რა ხალხია, ხელი არ მოუტრიალდება მაგათზე. უნდა მოხვეტო ყველა და პირდაპირ წყალში გადაუძახო. ჯერ შვეიცარიაში და მერე კონგრესებზე კარგად გავიცანი ეგენი.

    - საიდანაც აქაურ მოძრაობას ხელმძღვანელობენ?

    - ვინ ხელმძღვანელობს, სამ-ნახევარი კაცი? მაგათ რომ უყურო, გული შეგიწუხდება. ან რა მოძრაობაზე ლაპარაკობთ? პროკლამაციებზე ხომ არა? იმასაც არ უკვირდებით, რა ხალხი ჰყავთ გადაბირებული? ხურვებისაგან შეშლილი პოდპორუჩიკი და ორი-სამი სტუდენტი! აი, თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ და მე გეკითხებით: რატომ უფრო დარბაისელ ხალხს ვერ იმხრობენ, რატომ სულ სტუდენტები და ოცდაორი წლის ლაწირაკები ეტანებიან? ან კი რა ბევრი ეგენი არიან? ვინ იცის, მილიონი ძაღლი ეძებს ახლა მათ კვალს. მაგრამ ბევრი კი აღმოაჩინეს? შვიდიოდე კაცი. გეუბნებით, მაგათი ყურება გულს შეგიწუხებს-მეთქი და მეტი არაფერი.

    ლემბკე გულდასმით უსმენდა, თუმცა მისი სახე ამას მეტყველებდა: ეგ საკენკი სხვას დაუყარეო.

    - მოითმინეთ, თქვენ მიმტკიცებთ, ბარათი საზღვარგარეთ არის მიწერილიო; მაგრამ აქ რომ მისამართი არ სწერია; მაშ საიდან იცით, ბატონ კირილოვის სახელზეა დაწერილი და... მართლაც ბატონმა შატოვმა დაწერა?

    - მოატანინეთ ახლავე შატოვის ხელნაწერი და შეადარეთ. კანცელარიაში არ შეიძლება არ იყოს მისი ხელმოწერა. ხოლო კირილოვის მისამართით რომ არის, ეს თვითონ კირილოვმა მაჩვენა მაშინ...

    - მაშასადამე, თქვენც...

    - დიახ, მაშასადამე, მეც, განა ცოტა რამ მაჩვენეს იქა. ამ ლექსს რაც შეეხება, ეგ თითქოს განსვენებულ გერცენს დაუწერია შატოვისათვის, როცა ეგ საზღვარგარეთ ხეტიალობდა, ეშმაკმა არ იცის, შეხვედრის სამახსოვროდ, შესაქებად თუ რეკომენდაციის მიზნით... შატოვი კი ახალგაზრდობაში ავრცელებს, აბა ნახეთ, გერცენი რა აზრის არისო ჩემზე.

    - ჰოო, - მიხვდა ბოლოს ლემბკე. - მეც არ ვიფიქრე, პროკლამაცია კიდევ გასაგებია, მაგრამ ლექსი რა შუაშია-მეთქი?

    - თქვენა და ვერ მიხვდებოდით, ეშმაკმა უწყის, რამ წამომაყრანტალებინა ახლა ეს ამბავი! გამიგონეთ, შატოვი დამითმეთ, სხვები კი, გინდაც იმ კირილოვის ჩათვლით, ეშმაკსაც წაუღია. ეგ კირილოვი ახლა ფილიპოვის სახლში იმალება, სადაც შატოვი დგას. მაგ ხალხს მე არ ვუყვარვარ, რატომ დაბრუნდიო... მაგრამ შატოვს თუ დამითმობთ, ყველას ლანგრით მოგართმევთ, გამოგადგებით, ანდრეი ანტონოვიჩ! მაგ უბადრუკ ჯგუფში, ჩემი აზრით, ცხრა-ათი კაცი უნდა იყოს. მე თვითონ ვადევნებ თვალს, ჩემით. სამი კაცი უკვე ვიცით: შატოვი, კირილოვი და ის პოდპორუჩიკი. დანარჩენებს ჯერჯერობით მხოლოდ ვ ს წ ა ვ ლ ო ბ... თუმცა მთლად ბეცი არც მე ვარ. აქაც იგივე ამბავია, რაც ხ-ის გუბერნიაში; პროკლამაციებით ორი სტუდენტი, ერთი გიმნაზიელი, ორი ოც-ოცი წლის კარგი ოჯახიშვილი ყმაწვილი, ერთი მასწავლებელი და ერთი სამოცი წლის ღვინისგან გამოთაყვანებული გადამდგარი მაიორი დაიჭირეს, ეს არის და ეს, მერწმუნეთ, მეტი არავინ, გაუკვირდათ კიდეც, მეტი რომ ვერ ნახეს. მაგრამ ჩვენ კიდევ ექვსი დღე გვჭირდება. მე უკვე ვიანგარიშე; ექვსი დღე კიდევ დავიცადოთ, ექვსი დღე ხელი არ ახლოთ და მაგათ ყველას ერთად გაგიკოჭავთ. არ დაიცდით და ბუდიდან გაფრინდებიან. ოღონდაც შატოვი დამითმეთ. შატოვს მე ვიცავ... თუმცა კი აჯობებს ჩუმად დაიბაროთ, გინდაც აქ, კაბინეტში, და მეგობრული გამოცდა მოუწყოთ, ყველაფერი მიახალოთ... ალბათ ფეხებში ჩაგივარდებათ და ატირდება! ეგ ნერვიული, უბედური კაცია; მაგისი ცოლი სტავროგინთან დაეთრეოდა. მოეფერეთ, დაუყვავეთ და თვითონვე დაგიფქვავთ ყველაფერს, ოღონდ ექვსი დღე მაცალეთ... რაც მთავარია, იულია მიხაილოვნასთან არაფერი დაგცდეთ. საიდუმლოდ შეინახეთ. შეძლებთ შეინახოთ?

    ლემბკემ თვალები ჭყიტა.

    - როგორ, ნუთუ იულია მიხაილოვნასთვის არაფერი გაგიმხელიათ?

    - ღმერთმა დამიფაროს! ეეჰ, ანდრეი ანტონოვიჩ! იცით, რას გეტყვით: იულია მიხაილოვნას მეგობრობას მე ძალზე ვაფასებ. დიდ პატივსა ვცემ... და სხვა და სხვა... მაგრამ მოტყუებით არ მოვტყუვდები. მე თავის დღეში არ ვედავები, მოგეხსენებათ, მაგასთან დავა რა საფრთხილოც არის. სიტყვა შეიძლება კი გადავუკრა, ეს მოსწონს ხოლმე, მაგრამ რომ სახელები ან სხვა რამ გავუმხილო, როგორც თქვენ გაგიმხილეთ ახლა, არამც და არამც! მე რატომ მოგმართავთ ახლა? იმიტომ, რომ მამაკაცი ხართ, დარბაისელი კაცი, ძველი სამსახურებრივი გამოცდილებით. ბევრი რამ გინახავთ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ პეტერბურგის მაგალითებიდან იცით, ასეთ საქმეებში რა ნაბიჯის გადადგმაცაა საჭირო, ხოლო მისთვის რომ ეს ორი სახელი მეთქვა, ქვეყანას შეყრიდა... იულია მიხაილოვნას ხომ აქედან ნებავს პეტერბურგის განცვიფრება. არა, არა, მეტისმეტად ფიცხი გახლავთ, ბატონო ჩემო, მეტისმეტად ფიცხი.

    - დიახ, დიახ, გაფიცხება მართლაც სჩვევია, - წაიდუდუნა ანდრეი ანტონოვიჩმა. თითქოს ეამა და ამავე დროს ეწყინა კიდეც, ეს უმეცარი როგორ ბედავს იულია მიხაილოვნაზე ასე მოურიდებლად ლაპარაკსო. ხოლო ახალგაზრდა ვერხოვენსკის თავის მხრივ კიდეც ეცოტავა და იფიქრა, მეტი ცეცხლის შენთებაა საჭიროო, რომ პირმოთნეობით საბოლოოდ დაემორჩილებინა „ლემბკა".

    - სწორედაც რომ გაფიცხება სჩვევია, - კვერი დაუკრა მან, - დიახ, ბატონო, გენიალური ქალია, ლიტერატორი, მაგრამ ჩიტუნებს კი მართლა დაგვიფრთხობს. ექვს დღეს კი არადა, ექვს საათს ვერ მოითმენს. ეეჰ, ანდრეი ანტონოვიჩ, ქალისთვის დიდი სასჯელია ექვსი დღის ვადა! მოგეხსენებათ, ცოტა გამოცდილება მეცა მაქვს ამ საქმეებში; მეც ვიცი რაღაც, თქვენც ხომ იცით, მეც შემიძლია რაღაც ვიცოდე. განა სათამაშოდ გთხოვთ ექვს დღეს, მე საქმისათვის ვამბობ.

    - როგორც მსმენია, საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, მგონი, მოგინანიებიათ... სადაც ჯერ არს? - თითქოს გაუბედავად იკითხა ლემბკემ.

    - ეჰ, რაც იყო, იყო.

    - ცხადია, მე არც ვაპირებ გამოკითხვას... მაგრამ, მგონი, აქამდე სულ სხვანაირად ლაპარაკობდით, მაგალითად, ქრისტიანულ სჯულზე, საზოგადო დაწესებულებებსა და ბოლოს მთავრობაზე...

    - მერე რა, რომ ვლაპარაკობდი. მე ახლაც იგივეს ვამბობ, ოღონდ ამ აზრებს სულ სხვანაირად უნდა განხორციელება და არა ისე, როგორც ეგ ბრიყვები სჩადიან. აბა რა გმირობაა, კაცს მივარდე და მხარში უკბინო? განა თვითონ არ დამეთანხმეთ, ოღონდაც ნაადრევიაო, ბრძანეთ.

    - არა, მაგაზე კი არ დაგეთანხმეთ და გითხარით, ნაადრევია-მეთქი.

    - თურმე რა აწონილ-დაწონილი გქონიათ ყოველი სიტყვა, ჰე-ჰე! რას ნიშნავს ფრთხილი კაცი! - მხიარულად შენიშნა ვერხოვენსკიმ, - იცით რა, მამავ და ბატონო, გაცნობა მინდოდა თქვენი და იმიტომაც ვლაპარაკობდი ასე. მარტო თქვენ კი არა, სხვებსაც ასე ვეცნობი. ეგების სულაც თქვენი ხასიათის გამოცნობა მსურდა.

    - ჩემი ხასიათი რაში გჭირდებათ?

    - აბა მე რა ვიცი (ვერხოვენსკის კვლავ ჩაეცინა). იცით რა, ჩემო ძვირფასო და დიდად პატივცემულო ანდრეი ანტონოვიჩ, ეშმაკი კი ხართ, მაგრამ მაინც გეტყვით, აქამდე ჯერ არ მისულა საქმე და ალბათ არც მივა, გესმით? იქნებ გესმით, ჰა? საზღვარგარეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ახსნა-განმარტება კი მივეცი, სადაც ჯერ არს - ვერ გამიგია, რატომ არ შეიძლება გარკვეული შეხედულების კაცმა თავისი გულწრფელი შეხედულებების სასიკეთოდ იმოქმედოს... მაგრამ იქ ჩემთვის ჯერ არავის დაუვალებია თქვენი ხასიათის ამოცნობა და არავითარი ამისთანა დავალება იქიდან ჯერ არ მიკისრია. აბა თავად ჩაუკვირდით: ხომ შემეძლო თქვენთვის არ გამემხილა ის ორი სახელი და პირდაპირ იქ მეცნობებია, სადაც პირვანდელი ახსნა-განმარტება მივეცი. მე რომ ფულების ან რაიმე გამორჩენისათვის ვცდილობდე, ცხადია, ვერაფერი ანგარიშიანი კაცი ვიქნები, ვინაიდან მადლობას თქვენ გეტყვიან და არა მე. მე მხოლოდ შატოვისთვის ვცდილობ, - დაატანა კეთილშობილურად ვერხოვენსკიმ. - მხოლოდ შატოვისთვის, ძველი მეგობრობა მახსოვს და იმიტომ... ხოლო როცა კალამს აიღებთ იქ მისაწერად, თუ გნებავთ, მეც შემაქეთ... უარს არ ვიტყვი, ჰე-ჰე! თუმცა დიდხანს შევრჩი და არც ამდენი უნდა მეყბედა! - დასძინა თითქმის თავაზიანად და წამოდგა.

    - პირიქით, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქმე, ასე ვთქვათ, თანდათან გაირკვა, - ასევე თავაზიანად წამოდგა ფონ ლემბკეც, ეტყობა, უკანასკნელმა სიტყვებმა გასჭრა. - მადლობას მოგახსენებთ მაგ სამსახურზე და მერწმუნეთ, ჩემი მხრივ ცდას არ დავაკლებ, თქვენი ერთგულების ამბავი...

    - თქვენ მხოლოდ ეს ექვსი დღე მაცალეთ, ამ ექვს დღეს ხელი არ გაანძრიოთ და მე სხვა არაფერი მინდა!

    - ბატონი ბრძანდებით...

    - არა, მე კი არ გიშლით ან რა ნება მაქვს დაგიშალოთ. ხომ არ შეიძლება მართლა და მართლა თვალი არ ადევნოთ, ოღონდ დროზე ადრე ნუ დააფრთხობთ. მე თქვენი ჭკუისა და გამოცდილების იმედი მაქვს. თუმცა მწევარ-მეძებრები თქვენც ბევრი გეყოლებათ, ჰე-ჰე! - დაუდევრად (როგორც ყმაწვილებს სჩვევიათ ხოლმე) წამოაყრანტალა ვერხოვენსკიმ.

    - არც მთლად ასეა, - თავაზიანად გაიღიმა ლემბკემ. - როგორც ყმაწვილებს გგონიათ... ჰო, ბარემ ერთ პატარა კითხვაზეც მიპასუხეთ: თუ ეგ კირილოვი სტავროგინს სეკუნდანტად ჰყავდა, მაშასადამე, ამ შემთხვევაში ბატონი სტავროგინიც...

    - სტავროგინი რა შუაშია?

    - ესე იგი, თუ ასეთი მეგობრები არიან?

    - ერიჰაა! ეშმაკი კი ხართ, მაგრამ ამაში დიდი იაღლიში მოგივიდათ. გამაოცეთ კიდეც. მეგონა, თქვენ იცოდით მისი ამბები. ჰმ, სტავროგინიო! არა, ეს სრულიად საწინააღმდეგო გახლავთ, დიახ, სრულიად... Avis au lecteur[200].

    - რას ბრძანებთ! ვითომ არ სცდებით? - უნდობლად შესძახა ლემბკემ. - იულია მიხაილოვნა ამბობს, პეტერბურგიდან შემატყობინეს, ეგ კაცი, ასე ვთქვათ, გარკვეული დავალებით არისო...

    - მე არაფერი ვიცი, სრულიად არაფერი... Adieu! Avis au lecteur! - აშკარად გაერიდა პასუხს ვერხოვენსკი და კარს მიაშურა.

    - მოითმინეთ, პიოტრ სტეპანოვიჩ, მომითმინეთ, - მიაძახა ლემბკემ, - კიდევ ერთი პატარა საქმე და აღარ დაგაკავებთ.

    ფონ ლემბკემ მაგიდის უჯრიდან კონვერტი ამოიღო.

    - აი, კიდევ ერთი ეგზემპლარი იმავე კატეგორიისა. ამით დაგიმტკიცებთ, რა დიდი ნდობა მაქვს თქვენი. წაიკითხეთ და მითხარით, რა აზრისა ხართ?

    ეს ანონიმური წერილი ლემბკეს მისამართით გამოეგზავნათ და მხოლოდ გუშინ მიეღო. ახალგაზრდა ვერხოვენსკის დაცეცხლა, როცა ეს წაიკითხა: „თქვენო აღმატებულებავ!

    რამეთუ წარჩინებით ასე გეკუთვნით, გაცნობებთ, რომ მზადდება თავდასხმა გენერალ ხალხსა და მამულზე; ვინაიდან ასე ეწყობა საქმე. ჩემი ხელით გამივრცელებია მრავალი და მრავალი წელი. აგრეთვე უღმერთობაც. მზადდება ამბოხი, პროკლამაციებს კი, ვინ მოთვლის, რამდენი ათასია! თითოეულს ასი კაცი გაჰყვება ენაგადმოგდებული, თუ მთავრობამ წინასწარ არ იზრუნა და არ ჩამოართვა, რამეთუ ბევრი რამ არის შიგ აღთქმული ჯილდოდ. მდაბიო ხალხი ბრიყვია, არაყი უფრო აბრიყვებს... ხალხი არც მართალს დაინდობს და არც მტყუანს. ჰოდა, მეშინია რა ორივე მხარის, ვინანიებ, რაშიც მონაწილე არ ვყოფილვარ. თუ გნებავთ მამულის გადარჩენა, აგრეთვე ეკლესიებისა და ხატების, მე მკითხეთ ყველაფერი. ოღონდაც იმ პირობით, მესამე განყოფილებიდან ტელეგრაფით დაუყოვნებლივ გამომიგზავნონ შეწყალება მარტო მე ერთს, სხვებს კი პასუხი მოსთხოვონ. მეკარის სარკმელზე ყოველ საღამოს სანთელი გამოდგით და ეს იქნება ნიშანი. დავინახავ, დავრწმუნდები და გეახლებით ვემთხვიო მოწყალე მარჯვენას, დედაქალაქიდან გამოწვდილს; ოღონდ იმ პირობით, პენსიონი დამენიშნოს, თორემ რით ვიცხოვრო? თქვენ კი არ ინანებთ, იმიტომ რომ ვარსკვლავს მიიღებთ. ეს უნდა უჩუმრად მოხდეს, თორემ კისერს მომიგრეხენ.

    თქვენს აღმატებულებას მუხლმოდრეკით ეაჯება კაცი სასოწარკვეთილი.

    მონანიებული უღმერთო Incognito".

    წერილი თურმე გუშინ დაეგდოთ მეკარის ოთახში, როცა იქ არავინ იყო.

    - თქვენ რას იტყოდით? - ჯიქურ ჰკითხა ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ.

    - მე ვიტყოდი, ეს ანონიმური პასკვილია, ტაკიმასხარას დაწერილი.

    - ალბათ ასეცაა. კაცი ადვილად ვერ გაგაცურებთ.

    - რადგან სულელურადაა დაწერილი.

    - სხვა დროს მიგიღიათ ასეთი პასკვილები?

    - ერთი-ორჯერ, ისინიც ანონიმური.

    - აბა გვარს ვინ მოაწერს. სხვადასხვა ხელით ნაწერი?

    - დიახ, სხვადასხვა ხელით.

    - ისევ ამისთანა ტაკიმასხარული?

    - დიახ, ამისთანა ტაკიმასხარული და... საზიზღარი.

    - ჰო, რახან ადრე გზავნიდნენ, ახლაც იმიტომ გამოგზავნეს.

    - ჩემი აზრით, ისინი განათლებული ხალხია და ასე სულელურად არ მოიწერდნენ.

    - რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.

    - მაგრამ მართლაც რომ იცოდეს რამე?

    - მაგას ვერ დავიჯერებ, - ცივად მოუჭრა ვერხოვენსკიმ, - მაშ რაღას ნიშნავს ტელეგრამა მესამე განყოფილებიდან და პენსიონიო? წმინდა წყლის პასკვილია.

    - დიახ, დიახ, - შერცხვა ლემბკეს.

    - იცით რა, მოდით დავიტოვებ ამ წერილს. უთუოდ მოგიძებნით მაგ კაცს,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1