Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ძმები კარამაზოვები (წიგნი I)
ძმები კარამაზოვები (წიგნი I)
ძმები კარამაზოვები (წიგნი I)
Ebook1,037 pages12 hours

ძმები კარამაზოვები (წიგნი I)

Rating: 4.5 out of 5 stars

4.5/5

()

Read preview

About this ebook

წიგნი, მიჩნეული უდიდეს მიღწევად მსოფლიო ლიტერატურაში, "ძმები კარამაზოვები" არის სულიერი დრამა, რომელიც ისეთ საკითხებზე სიღრმისეულ დებატებს ეხება, როგორიცაა ღმერთი, თავისუფალი ნება, ბედისწერა, ზნეობა, ეჭვი, სამსჯავრო და სხვა. ამ ფილოსოფიური რომანის მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთში მიმდინარეობს, მთავარ თემას კი შვილის მიერ მამის მოკვლა წარმოადგენს. იბეჭდებოდა "რუსეთის მაცნეში" 1879-80 წწ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
ძმები კარამაზოვები (წიგნი I)

Read more from ფიოდორ დოსტოევსკი

Related to ძმები კარამაზოვები (წიგნი I)

Related ebooks

Reviews for ძმები კარამაზოვები (წიგნი I)

Rating: 4.666666666666667 out of 5 stars
4.5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ძმები კარამაზოვები (წიგნი I) - ფიოდორ დოსტოევსკი

    ფიოდორ დოსტოევსკი - ძმები კარამაზოვები (წიგნი პირველი)

    Федор Михайлович Достоевский – Братья Карамазовы (Книга Первая)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გივი კიკილაშვილს.

    iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ავტორისაგან

    კარი პირველი

    წიგნი პირველი. ერთი ოჯახის ისტორია

    წიგნი მეორე. უადგილო ადგილას თავშეყრა

    წიგნი მესამე. ავხორცები

    კარი მეორე

    წიგნი მეოთხე. ტანჯვა‐ვაებანი

    წიგნი მეხუთე. PRO და CONTRA

    წიგნი მეექვსე. რუსი ბერმონაზონი

    განმარტებები

    ავტორისაგან

    ანა გრიგორევნა დოსტოევსკაიას

    ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი მიწაზე დავარდნილი პურის მარცვალი არ მოკვდა, ცალად დარჩება; ხოლო თუ მოკვდა, მრავალ ნაყოფს გამოიღებს.

    (სახარება იოანესი, თავი XII, 24)

    ვიწყებ ჩემი გმირის - ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვის ცხოვრების აღწერას და საგონებელში ვარ ჩავარდნილი. მართალია, ალექსეი ფიოდოროვიჩს ჩემს გმირს ვუწოდებ, კარგად ვიცი, არ არის დიდი ადამიანი, ამიტომაც, აუცილებლად ველი თქვენგან, ჩემო მკითხველო, ასეთ კითხვებს: მამაცხონებულო, რითაა გამორჩეული ეგ თქვენი ალექსეი ფიოდოროვიჩი, გმირად რომ წარმოგვიდგინეთ? რა გაუკეთებია? ვინ რა იცის მის შესახებ? რატომ უნდა გავისარჯო მე, მკითხველი მისი ცხოვრების ფაქტების შესასწავლად?

    ყველაზე საბედისწერო ბოლო კითხვაა, რადგან მას მხოლოდ ასეთი პასუხი შემიძლია გავცე: „იქნებ ეს თავად შეიტყოთ რომანიდან". მაგრამ თუ წაკითხვის შემდეგაც ვერავინ დაინახა ჩემი გმირის გამორჩეულობა, თუ არ დაეთანხმნენ ჩემს აზრს, რომ ის განსაკუთრებულია, მაშინ რა ვქნა? ამას იმიტომ მოგახსენებთ დამწუხრებული, წინასწარ ვგრძნობ ყველაფერს. ჩემთვის იგი განსაკუთრებულია, მაგრამ ძალიან ვეჭვობ, მოვასწრებ კი ყოველივე ეს დავუმტკიცო მკითხველს. საქმე ის გახლავთ, რომ იგი მოღვაწეა, ჯერ გაურკვეველი, არაცხადი მოღვაწე. თუმცაღა უცნაური იქნებოდა, ჩვენს დროში ადამიანებს სიცხადე მოსთხოვო. ერთი კი უეჭველია, ეს არის უცნაური კაცი, ერთი ახირებული ვინმე. მაგრამ უცნაურობა და ახირებულობა ადამიანს უფრო ვნებს, ვიდრე რაიმეთი გამოარჩევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა მიილტვის, განაზოგადოს კერძო და გამოიტანოს რაღაც საერთო აზრი ამ საყოველთაო აბდაუბდიდან. ახირებულობა, უმეტეს შემთხვევაში, განკერძოებაა, საზოგადოებისგან განცალკევება. ასე არ არის?

    თუ თქვენ ჩემს უკანასკნელ თეზისს არ დაეთანხმებით და მიპასუხებთ: „არა, ეს ასე არ არის, ან „ყოველთვის ასე არ არისო, მაშინ სულიერად გამხნევებული ვირწმუნებ ჩემი გმირის მნიშვნელობას. რამეთუ ახირებულობა „ყოველთვის არ არის" განკერძოება და საზოგადოებისაგან გარიყულობა, პირიქით, ასეც ხდება ხოლმე ‐ ახირებული კაცი თავის თავში ატარებს მთელის არსს, ხოლო დანარჩენები, მისი ეპოქის ადამიანები კი, დინებას აყოლილნი, გარკვეული დროით დაშორებულები არიან მისგან...

    ამ არასაინტერესო და ბუნდოვან ახსნა‐განმარტებებს აღარ გავაგრძელებ და უბრალოდ, შესავლის გარეშე ვიტყვი: თუ მოგეწონებათ ‐ წაიკითხავთ კიდეც. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ამ ნაწარმოების გმირის ცხოვრების აღწერას ორი რომანი უნდა მივუძღვნა, რომელთაგან მთავარი მეორე რომანი[1] ‐ ესაა ჩემი გმირის მოღვაწეობა ჩვენს დროში, დღევანდელ დღეს. პირველ რომანში ცამეტი წლის წინანდელი ამბავია მოთხრობილი, ის რომანიც არ არის ‐ ჩემი გმირის ადრეული სიჭაბუკის ერთი პერიოდის აღწერაა. პირველი რომანისათვის გვერდი რომ ამევლო, მეორეში ბევრი რამ გაუგებარი იქნებოდა. მაგრამ ახლა უფრო გართულდა ჩემი თავდაპირველი გასაჭირი: თუკი მე, ბიოგრაფი, ვთვლი, რომ ერთი რომანიც ზედმეტია ასეთი უბრალო და გაურკვეველი გმირის შესახებ, მაშინ რაღა საჭირო იყო ორი, ან როგორღა ავხსნა ჩემი მხრიდან ამგვარი ქედმაღლობა?

    ამ საკითხებმა ისე ამირია თავგზა, გადავწყვიტე, ყოველგვარი გადაწყვეტილებების გარეშე გავიდე ფონს. რასაკვირველია, გამჭრიახი მკითხველი დიდი ხანია მიმიხვდა, რომ თავიდანვე საქმე განზრახ მიმყავდა აქეთ და გულიც მოსდიოდა ჩემზე ‐ რისთვის ხარჯავს ამდენ სიტყვას და ძვირფას დროს უქმადო. ამაზე კი ზუსტი პასუხი მაქვს: ჯერ ერთი, ამდენ სიტყვას და ძვირფას დროს თავაზიანობის გამო ვხარჯავდი; მეორეც, ვეშმაკობდი: წინასწარ მაინც ხომ გაგაფრთხილეთ‐მეთქი. თუმცაღა, მოხარულიც კი ვარ, ჩემი რომანი, როგორც „არსებითად ერთიანი მთელი", თავისთავად ორ მოთხრობად რომ იქცა. პირველი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ მკითხველი თავად გადაწყვეტს, წაიკითხოს თუ არა მეორე? ცხადია, არავინ არის ვალდებული, თავიდან ბოლომდე ჩაიკითხოს რომანი, ნებისმიერს შეუძლია, მოისროლოს წიგნი ერთი‐ორი გვერდის წაკითხვის შემდეგაც. მაგრამ არიან დელიკატური მკითხველები, რომლებიც მოინდომებენ წიგნის უკანასკნელ ფურცლამდე წაკითხვას, რომ შემდგომ არაფერი შეეშალოთ მასზე მიუკერძოებელი მსჯელობისას. ასეთ მკითხველთა რიგს განეკუთვნება ყველა რუსი კრიტიკოსი. სწორედ მათ გამო გული მშვიდად მაქვს: მიუხედავად მათი დიდი აკურატულობისა და კეთილსინდისიერებისა, მაინც ვაძლევ კანონიერ საბაბს, რომანის პირველივე ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ მოისროლონ წიგნი. სულ ეს არის ჩემი წინასიტყვაობა. გეთანხმებით, სავსებით ზედმეტი იყო ამის დაწერა, მაგრამ, რადგან უკვე დაიწერა, დაე, ასე დარჩეს.

    ახლა კი საქმეს მივხედოთ.

    კარი პირველი

    წიგნი პირველი. ერთი ოჯახის ისტორია

    I ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვი

    ალექსეი ფიოდოროვიჩ კარამაზოვი ჩვენი მაზრის მემამულის, ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვის მესამე ძე გახლდათ. თავის დროზე (ჩვენში ახლაც იგონებენ ამ ამბავს), ასე ცამეტი წლის წინათ, მამამისმა სახელი გაითქვა თავისი ტრაგიკული და იდუმალებით მოცული აღსასრულით, რომლის შესახებაც ცოტა ქვემოთ მოგითხრობთ. ახლა კი, ამ „მემამულის" (ასე უწოდებდნენ მას, თუმცა თავისი სიცოცხლის განმავლობაში მამულში თითქმის არ უცხოვრია) შესახებ ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ. ფიოდორ პავლოვიჩი ერთი ისეთი ახირებულ ტიპი იყო, რომლის მსგავსი ძალზე ხშირად გვხვდება ხოლმე. ის არა მარტო საძაგელ და გარყვნილ პიროვნებას წარმოადგენდა, არამედ გონებაჩლუნგი ადამიანიც გახლდათ ‐ მაგრამ გონებაჩლუნგების იმ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლებსაც შესანიშნავად შეუძლიათ თავიანთი ქონებრივი საქმეების მოკვარახჭინება. ფიოდორ პავლოვიჩმა ცხოვრება თითქმის არაფრიდან დაიწყო. ახალგაზრდობაში ამ მცირემიწიან მემამულეს, სულ მუდამ სხვისი ლუკმის შემაცქერალს, კეთილი ადამიანები სამადლოდ არჩენდნენ. მიუხედავად ამისა, გარდაცვალების შემდეგ მას ასი ათასამდე მანეთი ნაღდი ფული აღმოაჩნდა. ამავე დროს, იგი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ჩვენს მაზრაში ერთ‐ერთ ყველაზე გონებაჩლუნგ ნაგიჟრად ითვლებოდა. ვიმეორებ: ბრიყვი კი არ იყო; უმეტესობა ასეთი ნაგიჟრებისა საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკია, ‐ არამედ სწორედ რაღაც განსაკუთრებულად ყეყეჩი, ეროვნული გონებაჩლუნგობის განსახიერება.

    მას ორი ცოლისაგან სამი ვაჟი დარჩა ‐ უფროსი დიმიტრი, პირველი ქორწინებიდან, ივანი და ალექსეი კი მეორიდან. ფიოდორ პავლოვიჩის პირველი ცოლი, წარმოშობით მდიდარი და წარჩინებული აზნაურის, მიუსოვის ოჯახიდან გახლდათ. მიუსოვებიც ჩვენი მაზრის მემამულეები იყვნენ. როგორ მოხდა, რომ მზითვიანი, თანაც ლამაზი და უფრო მეტიც, გამჭრიახი ქალიშვილი, როგორიც არაიშვიათია ჩვენს თანამედროვე თაობაში, მაგრამ აქა‐იქ ადრეც გვხვდებოდა, ასეთ საცოდავ „ბენტერას (მაშინ კარამაზოვს ასე ეძახდნენ) ცოლად გაჰყვა?! ამის დაწვრილებით ახსნას ახლა არ შევუდგები. მე ადრე ვიცნობდი ძველი „რომანტიკული თაობის წარმომადგენელ ქალიშვილს, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ფარულად უყვარდა ერთი ბატონი. მას თავისუფლად შეეძლო, ამ ვაჟბატონს ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ არ ქნა; ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ქალიშვილმა შეიქმნა ათასგვარი გადაულახავი დაბრკოლება და ერთ ქარბუქიან ღამეს კლდის მაღალი ნაპირიდან საკმაოდ ღრმა, ჩქარ მდინარეში ისკუპა; იგი დაიღუპა საკუთარი ახირების გამო, ვინაიდან ძალიან სურდა ჰგვანებოდა შექსპირის ოფელიას. მის მიერ წინასწარ, დიდი ხნით ადრე შერჩეული და ამოჩემებული ლამაზი კლდის ადგილას პროზაული, სწორი სანაპირო რომ ყოფილიყო, თვითმკვლელობა ალბათ არც მოხდებოდა. ეს ნამდვილი ამბავია და საფიქრებელია, რომ ჩვენი რუსული ყოფის უკანაკნელ ორ-სამ თაობაში ასეთი ან მსგავსი ფაქტი კიდევ არაერთი მომხდარა. მსგავსად ამისა, ადელაიდა ივანოვნა მიუსოვას მიერ გადადგმული ნაბიჯი, ეჭვი არ არის, სხვათა იდეების ზეგავლენის შედეგი და, აგრეთვე, რაღაც აკვიატებულ ფიქრთა გამოძახილი იყო. შესაძლოა, ამით მას უნდოდა თავისი ქალური დამოუკიდებლობის გამოცხადება, საზოგადოებრივი პირობითობების, თავისი ოჯახისა და მოდგმის დესპოტიზმის წინააღმდეგ ამხედრება, ხოლო საკუთარმა მაამებელმა ფანტაზიებმა (დავუშვათ, გარკვეულ მომენტში) დააჯერა იგი, რომ ფიოდორ პავლოვიჩი, მიუხედავად მუდამ სხვის კმაყოფაზე მყოფის სახელის მქონე კაცი, მაინც ამ უკეთესობისაკენ გარდამავალი ეპოქის ერთ-ერთი მამაცი და სარკასტული პიროვნება გახლდათ. თუმცა სინამდვილეში ბოროტ მასხარას წარმოადგენდა და მეტს არაფერს. ვითარების პიკანტურობა კიდევ იმით გამოიხატებოდა, რომ ქალი მოიტაცეს, რაც ძალზე ეამაყებოდა ადელაიდა ივანოვნას. ფიოდორ პავლოვიჩი, თავისი სოციალური მდგომარეობით, ამგვარი გამოხდომებისათვის კარგად იყო მომზადებული, რადგან ცდილობდა, თავისი კარიერა ნებისმიერი ხერხით მოეწყო; ეშოვა მსუყე მზითვიანი ცოლი და მიტმასნებოდა გავლენიან მოყვრებს, მისი სანუკვარი ოცნება იყო. რაც შეეხება ორმხრივ სიყვარულს, ის საერთოდ არ ყოფილა - არც პატარძლისა და არც სიძის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ პატარძალს სილამაზე არ აკლდა. ასე რომ, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ფიოდორ პავლოვიჩის ცხოვრებაში, როდესაც ქალმა ვერავითარი განსაკუთრებული ვნებები ვერ აღძრა მასში, და ეს დაემართა ისეთ ავხორც კაცს, როგორსაც იგი წარმოადგენდა; კაცს, რომელსაც შეეძლო ნებისმიერ ქალს აჰკიდებოდა, ოღონდ კი ვინმეს მისთვის ხელი დაექნია. ადელაიდა ივანოვნა პირველ ღამესვე მიხვდა, რომ ქმარი მასში მხოლოდ და მხოლოდ ზიზღს იწვევდა. ასე და ამგვარად ‐ ქორწინების შედეგი ძალზე მალე გამოიკვეთა. მიუხედავად ამისა, ქალს ოჯახი მალე შეურიგდა, ის კი არა და, სახლიდან გაქცეულს მზითევიც კი მისცა. ცოლ-ქმარს შორის დაიწყო არეულ‐დარეული ცხოვრება და გაუთავებელი შეხლა-შემოხლა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ: ცოლი უფრო კეთილშობილურად იქცეოდა, ვიდრე ფიოდორ პავლოვიჩიო. როგორც ახლა გახდა ცნობილი, მან ცოლს მაშინვე გამოსცინცლა ოცდახუთი ათასი მანეთი, რის შემდეგაც ეს ათასები ცოლისთვის სამუდამოდ გაქრა. ფიოდორ პავლოვიჩი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რაიმე შესაფერისი აქტის საშუალებით თავის სახელზე გადაეფორმებინა ცოლის მზითევში მოყოლილი სოფელი და ქალაქის საკმაოდ კარგი სახლი. მიაღწევდა კიდეც ამას. ქალს იმდენად ეზიზღებოდა ქმარი, რომელიც ყოველ წუთს ურცხვი გამოძალვებითა და თხოვნით აბეზრებდა თავს, იმდენად იყო მისგან სულიერად გადაღლილი, რომ ამაზეც დათანხმდებოდა, ოღონდ თავიდან მოეშორებინა. მაგრამ, საბედნიეროდ, საქმეში ჩაერია ადელაიდა ივანოვნას ოჯახი და შეზღუდეს წამგლეჯი. ისიც ცნობილია, რომ ცოლ‐ქმარი ხშირად ცემა‐ტყეპაზეც გადადიოდა, მაგრამ, გადმოცემით, ფიოდორ პავლოვიჩი კი არ სცემდა, არამედ ადელაიდა ივანოვნა ‐ ქალი ფიცხი, თამამი, თავშეუკავებელი, შავგვრემანი და განსაკუთრებული ჯან‐ღონით აღსავსე იყო. ბოლოს და ბოლოს, მან მიატოვა სახლი და გაიქცა ერთ გაღატაკებულ სემინარისტ‐მასწავლებელთან ერთად და ქმარს სამი წლის მიტია დაუტოვა. ფიოდორ პავლოვიჩმა არ დააყოვნა, სახლში ჰარამხანა მოაწყო და თავაშვებულ ღრეობას მიჰყო ხელი, შიგადაშიგ გუბერნიის ქალაქ‐ქალაქ და სოფელ‐სოფელ დაძრწოდა, ყველასთან აცრემლებული ჩიოდა ადელაიდა ივანოვნაზე, თანაც ისეთ რამეებს ჰყვებოდა ცოლზე, რაზე საუბარიც ნებისმიერი ქმრისათვის სამარცხვინოა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მას მოსწონდა ყველას წინაშე სასაცილო და მოტყუებული ქმრის როლის თამაში და თავის გულისტკივილს დაწვრილებით, თანაც შელამაზებულად აღწერდა ხოლმე. „რა მოხდა მერე, ფიოდორ პავლოვიჩ, ჩინი ხომ მიიღეთ, ასე რომ კმაყოფილი ხართ, მიუხედავად თქვენი მწუხარებისა", ‐ დასცინოდნენ მას. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ მას უხაროდა ხალხში დამწუხრებული მასხარას როლის თამაში და განგებ, ხალხის გასაცინებლად იღებდა ისეთ გამომეტყველებას, თითქოს ვერ ამჩნევდა თავის კომიკურ მდგომარეობას. ვინ იცის, შესაძლოა ეს ყველაფერი გულუბრყვილობითაც მოსდიოდა.

    ბოლოს და ბოლოს, მან მიაგნო გაქცეული ცოლის კვალს. ის საცოდავი თავის სემინარისტთან ერთად პეტერბურგში აღმოჩნდა, სადაც თავდავიწყებით შესდგომოდა ემანსიპირებული ქალის ცხოვრებას. ფიოდორ პავლოვიჩი მაშინვე დაფაცურდა, დაიწყო პეტერბურგში წასასვლელად მზადება, ‐ რისთვის? ‐ ცხადია, თავადაც არ იცოდა. მას შეეძლო, დაუყოვნებლივ გამგზვრებულიყო, მაგრამ აუცილებლად ჩათვალა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის, გასამხნევებლად, წასვლამდე ერთი გემოზე გამოთრობა. სწორედ ამ დროს მისი ცოლის ოჯახი ღებულობს ცნობას პეტერბურგში ადელაიდა ივანოვნას გარდაცვალების შესახებ. საცოდავი ქალი სადღაც სახლის სხვენში უცბად გარდაცვლილა, ზოგი ამბობდა, ტიფისგან, ზოგი ‐ თითქოს შიმშილისგანო. ფიოდორ პავლოვიჩმა ეს ამბავი მთვრალმა შეიტყო. ზოგნი ყვებოდნენ: გამოვარდნილა ქუჩაში, ზეცაში ხელები აღუპრია და აყვირებულა: „აწ განუტევებო"[2], ზოგნი კი ამბობდნენ: ისე გამწარებული ტიროდა, მაინც შეგეცოდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეზიზღებოდაო. სავსებით შესაძლებელია, ერთიც მომხდარიყო და მეორეც, ესე იგი, კიდეც გახარებოდა ცოლისაგან გათავისუფლება და კიდეც დაეტირა გამათავისუფლებელი. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები, ბოროტი ადამიანებიც კი, გაცილებით მიამიტები და გულუბრყვილოები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუმცა, ჩვენც ასეთები ვართ, ალბათ.

    II პირველი შვილი თავიდან მოიშორა

    ცხადია, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი აღმზრდელი იქნებოდა ეს კაცი. ასეთ მამას რაც მოსალოდნელი იყო, ის დაემართა; მან სავსებით უყურადღებოდ დატოვა თავისი შვილი, რომელიც ადელაიდა ივანოვნასგან შეეძინა. არა იმიტომ, რომ ბავშვს რამეს ერჩოდა, ან როგორც მეუღლე, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, არა, უბრალოდ, მისი არსებობა გადაავიწყდა. სანამ იგი თავს აბეზრებდა ყველას თავისი წუწუნითა და ცრემლებით, ხოლო სახლი კი გარყვნილების ბუდედ აქცია, სამი წლის მიტიას მოვლა‐პატრონობა ამ სახლის ერთგულმა მსახურმა გრიგორიმ იკისრა. მას რომ არ ეზრუნა ბავშვზე, კაცი არ გამოჩნდებოდა მისი მომკითხავი. ისე მოხდა, პირველ ხანებში დედის ნათესავებმაც კი დაივიწყეს. დედის მამა, ბავშვის ბაბუა, ცოცხალი აღარ იყო, ბებია მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ლოგინად ჩავარდა, დეიდები გათხოვდნენ, ასე რომ, თითქმის მთელი წელიწადი მიტიას გრიგორისთან ყოფნა და მის ქოხში ცხოვრება მოუწია. მამას რომც გახსენებოდა (მართლაცდა, ხომ დაუშვებელია, არ სცოდნოდა შვილის არსებობა), იგი ქოხში თავად გაატანდა გრიგორის ბავშვს, რომელიც ხელს შეუშლიდა მის გაუთავებელ ღრეობებს. მოხდა ისე, რომ პარიზიდან დაბრუნდა ადელაიდა ივანოვნას ბიძაშვილი, პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი, მაშინ ძალზე ახალგაზრდა კაცი, მაგრამ მიუსოვებს შორის გამორჩეული, განათლებული, დედაქალაქში და საზღვარგარეთ გაზრდილი ‐ ნამდვილი ევროპელი. ის შემდგომშიც მრავალი წელი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ხანში შესვლისას ორმოც‐ორმოცდაათიანი წლების ლიბერალებს მიემხრო. თავისი კარიერის განმავლობაში მას ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ მრავალ ლიბერალურ პიროვნებასთან რუსეთშიც და საზღვარგარეთაც, პირადად იცნობდა პრუდონს და ბაკუნინს[3]. სიბერეში განსაკუთრებით სიამოვნებით იგონებდა და ჰყვებოდა ხოლმე 1848 წლის თებერვლის პარიზის რევოლუციის სამ დღეს. თხრობის დროს განსაკუთრებით აღნიშნავდა ‐ თითქოს უშუალოდ ბარიკადებზედაც კი იბრძოდა. ეს იყო მისი ახალგაზრდობის ყველაზე საამო მოგონება. ათასი სული ყმის მებატონე, ქალაქის ახლოს ფლობდა შესანიშნავ მამულს, რომელიც ჩვენს ცნობილ მონასტერს ესაზღვრებოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობის დროიდან, როცა მემკვიდრეობა მიიღო, პიოტრ ალექსანდროვიჩს ამ მონასტერთან გაუთავებელი სადავო პროცესი ჰქონდა ‐ მდინარეში თევზჭერისა და ხეტყის დამუშავების გამო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი „კლერიკალებთან პროცესის" დაწყებას თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად თვლიდა. როდესაც მან ყველაფერი შეიტყო ადელაიდა ივანოვნას შესახებ, რომელიც, რასაკვირველია, კარგად ახსოვდა, და როცა გაიგო, რომ მას მიტია დარჩა, მიუხედავად ფიოდორ პავლოვიჩისადმი სიძულვილისა, გადაწყვიტა, ამ საქმისთვის ხელი მოეკიდა. სწორედ მაშინ გაიცნო ფიოდორ პავლოვიჩი, რომელსაც პირდაპირ განუცხადა, რომ სურდა ბავშვის აყვანა აღსაზრდელად. შემდგომში მიუსოვი ფიოდორ პავლოვიჩის დასახასიათებლად დიდხანს ჰყვებოდა ხოლმე, როგორ მივიდა იგი სიძესთან, როგორ დაუწყო მიტიაზე ლაპარაკი, ამ დროს ფიოდორ პავლოვიჩს ერთობ გაოცებული სახე ჰქონდა, კაცი აზრზე ვერ მოდიოდა, რომელ ბავშვზე იყო საუბარი, გაიკვირვა კიდეც, სადღაც სახლში პატარა შვილი მყავსო. შესაძლოა, პიოტრ ალექსანდროვიჩის მონაყოლში იყო რაღაც გადაჭარბებული, მაგრამ სიმართლესაც ძალიან ჰგავდა. ფიოდორ პავლოვიჩი ხომ მთელი თავისი ცხოვრება ვიღაცას თამაშობდა, ‐ უცებ გაითამაშებდა ხოლმე რაიმე მოულოდნელ სახეს და, რაც მთავარია, ეს მას სრულიად არ სჭირდებოდა, პირიქით, მისთვის შეიძლებოდა ზიანიც მიეყენებინა, როგორც ზემოაღწერილ შემთხვევაში მოხდა. თუმცა ასეთი თვისება საკმაოდ ბევრ ადამიანს და, მათ შორის, საკმაოდ ჭკვიანებსაც ახასიათებთ. პიოტრ ალექსანდროვიჩი საქმეს გულიანად მოეკიდა, ბავშვის მეურვედაც კი დაინიშნა (ფიოდორ პავლოვიჩთან ერთად), რადგან დედის სიკვდილის შემდეგ ბავშვს დარჩა სახლი, დედისეული და უძრავ‐მოძრავი ქონება. მიტია ბიძამისთან გადავიდა საცხოვრებლად. მიუსოვს ცოლ‐შვილი არ ჰყავდა. პიოტრ ალექსანდროვიჩმა როგორც კი მოაგვარა თავისი მამულის ფულადი შემოსავლების საკითხი, სასწრაფოდ დიდი ხნით კვლავ პარიზს გაემგზავრა. ბავშვი კი თავის მოსკოველ დეიდას დაუტოვა. ისე მოხდა, რომ პარიზში ყოფნისას მას ბავშვი სულ გადაავიწყდა, განსაკუთრებით თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რომელმაც ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ მთელი ცხოვრება ვერ შეძლო მისი დავიწყება.

    ოსკოველი დეიდის გარდაცვალების შემდეგ მიტია გადავიდა მის ერთ‐ერთ გათხოვილ ქალიშვილთან. შემდგომში, მგონი, მიტიამ მეოთხედ გამოიცვალა ბინა. ამის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, რადგან ფიოდორ პავლოვიჩის პირმშოზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი. ახლა მხოლოდ აუცილებელი ცნობებით დავკმაყოფილდეთ, რომლის გარეშეც რომანის დაწყება შეუძლებელია. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ, რომ ფიოდორ პავლოვიჩის სამი შვილიდან მხოლოდ მიტიამ იცოდა, რაღაც ქონება რომ გააჩნდა და როცა სრულწლოვანი გახდებოდა, დამოუკიდებლად შეძლებდა ცხოვრებას. მას მოუწესრიგებელი ყრმობა და სიჭაბუკე ჰქონდა: გიმნაზია ვერ დაამთავრა, შემდეგ რომელიღაც სამხედრო სკოლაში მოხვდა, რომლის დასრულების მერე თავი კავკასიაში ამოყო, რაღაც ჩინსაც მიაღწია. მერე იყო დუელი, დაქვეითება, ისევ შეძლო ჩინის მიღება... ბევრს სვამდა და კარგა ბლომადაც ხარჯავდა ფულს. სრულწლოვანებამდე მამამისისგან კაპიკი არ მიუღია, მანამდე კი ვალებში ჩავარდა. როცა სრულწლოვანი გახდა, საგანგებოდ ჩამოვიდა ჩვენს მხარეში მამასთან თავისი ქონების შესახებ მოსალაპარაკებლად. სწორედ მაშინ გაიცნო ფიოდორ პავლოვიჩი. მგონი, მშობელი მამა არ მოეწონა. მიტიამ მისგან მიიღო გარკვეული თანხა და მოურიგდა, რომ შემდგომში მამამისი მისი მამულის შემოსავლებს გადაუგზავნიდა ხოლმე. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მიტიამ მამისგან თავისი მამულის ვერც ფასი გაიგო, ვერც შემოსავლის ოდენობა დაადგინა. მან ჩვენთან მცირე ხანს დაჰყო და სასწრაფოდ გაემგზავრა. ფიოდორ პავლოვიჩმა შვილი მაშინვე გააფრთხილა (ეს დაიხსომეთ), რომ მიტიას თავის ქონებაზე გადამეტებული და მცდარი წარმოდგენა ჰქონდა. ამით ფიოდორ პავლოვიჩი ძალიან კმაყოფილიც კი იყო, რადგან გუნებაში თავისი განსაკუთრებული ანგარიშები უტრიალებდა. მან დაასკვნა: ჭაბუკი ქარაფშუტა, დამთხვეული, ავხორცი, სულსწრაფი და დარდიმანდია, თუკი რაიმეს დროებით იშოვის, მაშინვე დამშვიდდებაო. სწორედ ამაზე ააგო ფიოდორ პავლოვიჩმა თავისი შემდგომი ურთიერთობა შვილთან ‐ ფულს დროდადრო, ცოტ‐ცოტას სამადლოდ უგზავნიდა ხოლმე და ბოლოს ისე მოხდა, ოთხი წლის შემდეგ, როცა მიტიამ მოთმინება დაკარგა და ჩვენს ქალაქში მეორედ ჩამოვიდა, რათა საბოლოოდ გაერკვია მშობელთან თავისი საქმეები, დიდად გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ აღარაფერი გააჩნდა და მამამისის ვალიც დასდებოდა. თურმე ამა და ამ დროს მიტიასა და მამამისს შორის დადებული ამა და ამ გარიგების თანახმად, მას მეტი არაფრის მოთხოვნის უფლება აღარ ჰქონდა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახალგაზრდა კაცი გაოგნდა, ეჭვი შეეპარა, რომ ატყუებდნენ, მოთმინებიდან გამოვიდა და ლამის ჭკუა დაკარგა. ამ გარემოებებმა საქმე იმ კატასტროფამდე მიიყვანა, რომელიც ჩემი პირველი რომანის თხრობის საგანს წარმოადგენს, ან უფრო სწორად, მის გარეგან მხარეს. მაგრამ ვიდრე ამ რომანის თხრობაზე გადავიდოდე, უნდა გიამბოთ ფიოდორ პავლოვიჩის დანარჩენ ორ შვილზე, მიტიას ძმებზე, განგიმარტოთ, საიდან და როგორ მოევლინნენ ისინი ამ ქვეყანას.

    III მეორე ქორწინება და შვილები

    ოთხი წლის მიტიას თავიდან მოშორების შემდეგ ფიოდორ პავლოვიჩი სულ მალე მეორედ დაქორწინდა. ეს ქორწინება რვა წელს გაგრძელდა. მეორე ცოლი, სოფია ივანოვნა, ძალზე ახალგაზრდა ქალი სხვა გუბერნიიდან მოიყვანა. ამ გუბერნიაში ფიოდორ პავლოვიჩი, ვიღაც ურიასთან ერთად, ერთი წვრილმანი სანარდო საქმის გამო მოხვდა. თუმცა ფიოდორ პავლოვიჩი ყოველთვის ბევრს სვამდა, ქეიფობდა და დებოშებს ტეხდა, მაგრამ არასოდეს არ შეუწყვეტია თავისი კაპიტალის დანიშნულებისამებრ გამოყენება, იგი მუდამ სარფიანად აბანდებდა თანხას, რასაკვირველია, ამასთან ერთად, ყოველთვის რაღაც საძაგლობასა და უნამუსობას სჩადიოდა. ვიღაც გაუნათლებელი დიაკვნის შვილი, ბავშვობიდან ობოლი, სოფია ივანოვნა გაიზარდა თავისი კეთილისმყოფელის, აღმზრდელისა და მწვალებლის, დიდგვაროვანი გენერლის, ვოროხოვის მოხუცი ქვრივის შეძლებულ ოჯახში. დაწვრილებით არ ვიცი, მაგრამ გამიგონია: ერთხელ თურმე ეს უწყინარი, თვინიერი და უენო აღსაზრდელი საკუჭნაოში ლურსმანზე ჩამობმული ყულფიდან ჩამოუხსნიათ, იმდენად მძიმე ყოფილა მისთვის ამ, თუმცა უბოროტო, მაგრამ უსაქმურობისაგან ახირებული დედაბრის თვითნებობა და მისი გაუთავებელი საყვედურების ატანა. როცა ფიოდორ პავლოვიჩმა ქალს ცოლობა სთხოვა, მის შესახებ მიიკითხ‐მოიკითხეს და რომ გაიგეს, რა შვილიც ბრძანდებოდა, გამოაპანღურეს. ახლაც, როგორც პირველი ქორწინების დროს, ფიოდორ პავლოვიჩმა ობოლს გაპარვა შესთავაზა. ქალს მის შესახებ ყველაფერი დროულად რომ გაეგო, სავსებით შესაძლებელია, არაფრის დიდებით არ გაჰყოლოდა ცოლად, მაგრამ ეს ამბავი სხვა გუბერნიაში ხდებოდა და როგორ შეეძლო თექვსმეტი წლის გოგონას, რაიმე სცოდნოდა ამ პიროვნების შესახებ, ამას გარდა, თავის კეთილისმყოფელთან ცხოვრებას უკვე ყველაფერი ერჩივნა. ასე ამჯობინა ყმაწვილმა ქალმა კეთილისმყოფელ დედაბერს კეთილისმყოფელი კაცი. ამჯერად, ფიოდორ პავლოვიჩს უმზითვო ქალი შეხვდა, რადგან გაჯავრებულმა გენერლის ქვრივმა გაზრდილს არაფერი მისცა, ის კი არა და, ორივე დასწყევლა. ფიოდორ პავლოვიჩს არცა ჰქონია რაიმეს იმედი, ის მხოლოდ უბიწო გოგოს მომხიბვლელ სილამაზეს დახარბდა. აქამდე ეს ავხორცი და ნამუსგარეცხილი, უხეში ქალური სილამაზის მოყვარული პიროვნება გააოგნა გოგონას უბიწო გამოხედვამ. „ამ გოგონას უმანკო თვალებმა გული სამართებელივით დამისერაო, ‐ ამბობდა შემდგომში ის და თავისებურად უხამსად ჩაიხითხითებდა ხოლმე. ერთი სიტყვით, თახსირი მამაკაცისათვის ეს შეიძლება მხოლოდ გარყვნილი ლტოლვა ყოფილიყო. ვინაიდან ქალი უმზითვო იყო, ფიოდორ პავლოვიჩი პატივს არ სცემდა, უდიერადაც კი ეპყრობოდა, თავის წინაშე „დამნაშავედ თვლიდა და ყველაფერს აყვედრიდა; იმასაც კი ეუბნებოდა, მე შენ „ყულფიდან ჩამოგხსენიო. გარდა ამისა, ქმარი ქალის ფენომენალური მორჩილებითა და თვინიერებით სარგებლობდა და ჩვეულებრივი ცოლქმრული ურთიერთობის წესსა და რიგს არად დაგიდევდა. სახლში, ცოლის თანდასწრებითაც კი, მოჰყავდა აშაღლარა ქალები და გაუთავებელ ორგიებს აწყობდა. ერთ დამახასიათებელ ამბავს გეტყვით: ფიოდორ პავლოვიჩის მსახურმა გრიგორიმ, მუდამ შუბლშეკრულმა, ბრიყვმა და ჯიუტმა რეზონიორმა, რომელსაც ადრინდელი ქალბატონი ჭირივით ეჯავრებოდა, ამ შემთხვევაში ახალი ქალბატონის მხარე დაიჭირა. ის თავგამოდებული იცავდა უბედურ ქალს და ფიოდორ პავლოვიჩს მსახურისათვის შეუფერებელი სიტყვებით ლანძღავდა კიდეც; ერთხელ კი ორგიებში მონაწილე როსკიპი ქალები სახლიდან სულ კინწისკვრით გაყარა. შემდგომში ამ გაუბედურებულ, ბავშვობიდან დაშინებულ ქალს რაღაც ისეთი ქალური ისტერიული დაავადება შეეყარა, რომელიც უფრო ხშირად გლეხის დედაკაცებს ემართებათ ხოლმე. ეს დაავადება ისტერიული შეტევებით მიმდინარეობს და ავადმყოფი ხშირად გონსაც კი კარგავს. მიუხედავად ამისა, მან ორი შვილი, ივანი და ალექსეი, შობა ‐ ერთი ქორწინების პირველ წელს, მეორე კი სამი წლის შემდეგ. როცა გარდაიცვალა, ალექსეი ოთხი წლისაც არ იქნებოდა. საოცარია, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ალიოშას დედა მთელი თავის ცხოვრების მანძილზე სიზმარივით ახსოვდა. რასაკვირველია, როგორც მოსალოდნელი იყო, სოფია ივანოვნას გარდაცვალების შემდეგ ბიჭებს იგივე გადახდათ, რაც მიტიას. მამამ შვილები დაივიწყა და ქოხში გრიგორის ანაბარა მიატოვა. ბიჭები სწორედ ამ ქოხში იხილა იმ ახირებულმა დედაბერმა, გენერლის ქვრივმა, ბავშვების დედის კეთილისმყოფელმა და აღმზრდელმა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რვა წლის წინანდელი წყენა ვერაფრით დაევიწყებინა. ამ რვა წლის განმავლობაში სოფიას ყოფაცხოვრების შესახებ ზუსტ ცნობებს იღებდა. როცა შეიტყო სოფიას დასნეულება და ის საშინელება, რაც ამ ოჯახში ტრიალებდა, ერთი‐ორჯერ სხვების გასაგონად წაიბურტყუნა: „ეგრე მოუხდება ‐ ღმერთმა უმადურობისათვის დასაჯაო. სოფია ივანოვნას გარდაცვალებიდან ზუსტად სამი თვის თავზე ჩვენს ქალაქს უეცრად გენერლის ქვრივი მოევლინა. ის პირდაპირ ფიოდორ პავლოვიჩის სახლში მივიდა, სადაც მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო და ამ დროში ბევრი რამეც მოასწრო. საღამო ხანი იდგა. ფიოდორ პავლოვიჩი, რომელიც ქვრივს რვა წელიწადი არ ენახა, გალეშილი დახვდა. ჰყვებოდნენ, რომ დედაბერი, როგორც კი ფიოდორ პავლოვიჩი დაინახა, უცებ მივარდა და განმარტებების გარეშე ორი ალიყური აჭამა, მერმე სამჯერ თმით დაითრია და ხმის ამოუღებლად პირდაპირ ქოხისკენ ბავშვებთან გაემართა. როცა დაუბანელი და ბინძურ თეთრეულში შემოსილი ბავშვები იხილა, ახლა გრიგორის გააწნა სილა და განუცხადა, რომ ორივე პატარა თავისთან მიჰყავდა. მან გამოიყვანა ბავშვები, კარეტაში ჩასხა, პლედში გაახვია და თავისი ქალაქისაკენ გაუყენა გზას. გრიგორიმ მონური მორჩილებით მოითმინა ეს სილა, ერთი უხეში სიტყვაც არ დასცდენია, კარეტამდე მიაცილა მოხუცი ქალბატონი, წელში მოხრით თაყვანი სცა და ხმამაღლა უთხრა: „ობლების შემწეობისათვის ღმერთი გიშველის. „შენ მაინც ლენჩი ხარ! ‐ გადმოსძახა გენერლის ქვრივმა დაძრული კარეტიდან გრიგორის. ფიოდორ პავლოვიჩმა კი აწონ‐დაწონა ყველაფერი, მიხვდა, რომ საქმე კარგად მიდიოდა და შემდგომში გენერლის ქვრივს ბავშვების აღზრდის შესახებ ფორმალურად არც ერთ პუნქტზე არ უთხრა უარი. იმ ალიყურის ამბავი კი მთელ ქალაქს თავადვე მოსდო. ისე მოხდა, რომ გენერლის ქვრივი ამ ამბის შემდეგ მალე გარდაიცვალა. თავისი ანდერძით თითოეულ ბავშვს ათას‐ათასი მანეთი დაუტოვა ‐ „სწავლისათვის ‐ ისე რომ მთელი ეს ფული, აუცილებლად, მხოლოდ ამაზე უნდა დაიხარჯოს და სრულწლოვანებამდე უნდა ეყოთ. და რადგან ნაწყალობევი თანხა სავსებით საკმარისია ასეთი ბავშვებისათვის, თუ ვინმეს სურს დამატებით დახმარება, თავად გაიკრას ჯიბეზე ხელიო. მე თავად ანდერძი არ წამიკითხავს, მაგრამ გამიგონია, რომ მასში რაღაც ამგვარი უცნაური რამ იყო თქმული. დედაბრის მთავარი მემკვიდრე, გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი ეფიმ პეტროვიჩ პოლენოვი პატიოსანი კაცი აღმოჩნდა. ფიოდორ პავლოვიჩთან მიმოწერით იგი მალე დარწმუნდა, რომ მას შვილების აღსაზრდელ ფულს ვერ დასცინცლავდა (თუმცა იგი პირდაპირ უარს არ ამბობდა, მაგრამ ყოველთვის გულისამაჩუყებელი სიტყვებით აჭიანურებდა ფულის გადაგზავნას). ეფიმ პავლოვიჩი ბავშვების მიმართ თანაგრძნობით განეწყო, განსაკუთრებით უმცროსი, ალექსეი, იმდენად უყვარდა, რომ ბიჭი დიდხანს მის ოჯახში იზრდებოდა. მკითხველს ვთხოვ, ეს კარგად დაიმახსოვროს. თუკი ვინმეს უნდა უმადლოდნენ ძმები თავიანთ აღზრდასა და განათლებას, სწორედ ამ ეფიმ პეტროვიჩს, უკეთილშობილესსა და კაცთმოყვარე ადამიანს, რომლის მსგავსს ძნელად თუ შეხვდება კაცი. მან ბავშვებს ხელუხლებლად შეუნახა გენერლის ქვრივის დანატოვარი ათას‐ათასი მანეთი; ასე რომ ძმებს, თითოეულს სრულწლოვანებისათვის ათასი მანეთი პროცენტების დამატებით ორი ათასამდე გაეზარდათ. ამ კაცმა თავისი ფულით აღზარდა ისინი, თითოეულს ათას მანეთზე გაცილებით მეტი დაახარჯა. ბიჭების ბავშვობისა და ყრმობის დაწვრილებით აღწერას ჯერჯერობით არ შევუდგები, მხოლოდ ზოგიერთ მთავარ გარემოებას შევეხები. უფროს ძმაზე, ივანზე, იმას გეტყვით, რომ იგი ბავშვობიდანვე უკარება და საკუთარ თავში ჩაკეტილი ყმაწვილი გახლდათ. მორცხვი სულაც არ იყო. უკვე ათი წლიდან დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ძმები სხვის სახლში ცხოვრობდნენ და მათ სამადლოდ არჩენდნენ, რომ მათი მამა ისეთი კაცია, ვისზე ლაპარაკიც კი სამარცხვინოა და სხვადასხვა. როგორც ამბობენ, ამ ბიჭუნას პატარაობიდანვე აღმოაჩნდა სწავლის განსაკუთრებული და ბრწყინვალე ნიჭი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეფიმ პეტროვიჩის ოჯახიდან ცამეტი წლის ივანი სასწავლებლად მოსკოვის ერთ‐ერთ გიმნაზიაში გადავიდა და რომელიღაც იმ დროისათვის ცნობილ და გამოცდილ პედაგოგთან, ეფიმ პეტროვიჩის ბავშვობის მეგობართან, პანსიონით ცხოვრობდა. როგორც შემდგომ თავად ივანი ყვებოდა ‐ ყველაფერი ეფიმ პეტროვიჩის „მგზნებარე ქველმოქმედების წყალობით მოხდა. მას აკვიატებული ჰქონდა აზრი, გენიალური ნიჭის მქონე ბავშვი გენიალურმა აღმზრდელმა უნდა აღზარდოსო. როცა ივანმა გიმნაზია დაამთავრა და უნივერსიტეტში შევიდა, აღარც გენიალური აღმზრდელი და აღარც ეფიმ პეტროვიჩი ცოცხლები აღარ იყვნენ. ეფიმ პეტროვიჩის მიერ ცუდად შედგენილი ანდერძის გამო და ჩვენთან არსებული სხვადასხვა გარდაუვალი ფორმალობებისა თუ გაჭიანურებების გამოისობით, ახალგაზრდა კაცს გენერლის ახირებული ქვრივის დანატოვარი ფულის მიღება (თანხა უკვე ათასი მანეთიდან ორი ათასი გამხდარიყო) ძალზე დაუგვიანდა. ამიტომ ივანს უნივერსიტეტში პირველი ორი წელი ძალზე გაუჭირდა, რადგან იძულებული იყო, თავი ერჩინა, ერთდროულად ესწავლა და ემუშავა კიდეც. ისიც აღსანიშნავია, რომ მას არც კი უცდია მამამისისათვის წერილი მიეწერა, შესაძლოა, ეს სიამაყით მოსდიოდა, შეიძლება სიძულვილით, იქნება ცივი და საღი განსჯითაც, რომელიც ჰკარნახობდა: ასეთი მამიკოსაგან სერიოზულ მხარდაჭერას მაინც ვერ მიიღებო. ასეა თუ ისე, ახალგაზრდა კაცი არ დაიბნა და სამსახური იშოვა. ჯერ ორუზალთუნიანი გაკვეთილები, შემდეგ გაზეთის რედაქციებში დაიწყო სირბილი და „თვითმხილველის" ფსევდონიმით ხან სად და ხან სად ბეჭდავდა ათსტრიქონიან სტატიებს ქუჩაში მომხდარი შემთხვევების შესახებ. ამბობენ, ეს სტატიები ისე საინტერესოდ და პიკანტურად იყო დაწერილი, ყველა სიამოვნებით უბეჭდავდაო. ამით ახალგაზრდა კაცმა გამოავლინა თავისი პრაქტიკული და გონებრივი უპირატესობანი ჩვენი მრავალრიცხოვანი, ორივე სქესის მოსწავლე ახალგაზრდობის იმ ხელმოკლე და უბედურ ნაწილთან შედარებით, რომელთაც, ჩვეულებრივ, დილიდან საღამომდე ატალახებული აქვთ ხოლმე ჟურნალ‐გაზეთების რედაქციათა კარი ერთი თხოვნით ‐ ათარგმნინონ ფრანგულიდან, ან გადააწერინონ რაიმე. ივან ფიოდოროვიჩს რედაქციებთან კავშირი შემდგომშიაც აღარ შეუწყვეტია. უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წლებშიც კი გამოაქვეყნა სხვადასხვა თემაზე გამოცემული წიგნების შესახებ საკმაოდ ნიჭიერად დაწერილი გამოკვლევები. ლიტერატურულ წრეებში ის თანდათან ცნობილი კაცი გახდა და ბოლო ხანებში უკვე ფართო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაც მიიქცია, რაც ბევრმა ერთხმად აღნიშნა და დაიმახსოვრა. ეს იყო საკმაოდ საინტერესო შემთხვევა. როცა ივანმა უნივერსიტეტი დაამთავრა და მემკვიდრეობით მიღებული ორი ათასი მანეთით საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა, ერთ-ერთ დიდ გაზეთში უცნაური სტატია გამოაქვეყნა. ამ სტატიამ არასპეციალისტების ყურადღებაც კი მიიქცია. სტატია ეხებოდა ავტორისათვის უცნობ სფეროს, ვინაიდან მას საბუნებისმეტყველო განათლება ჰქონდა. სტატიაში ლაპარაკი იყო იმ დროს გახმაურებულ საკითხზე საეკლესიო სასამართლოს შესახებ. ავტორი თანმიმდევრობით განიხილავდა ამ საკითხის ირგვლივ უკვე არსებულ ზოგიერთ მოსაზრებას და იქვე გამოთქვამდა თავის პირად შეხედულებას. ყველაფერი ეს კარგი ტონით იყო დაწერილი და მოულოდნელი, მშვენიერი დასკვნები ახლდა. სხვათა შორის, ეკლესიის ბევრმა იდეოლოგმა ივანი თავისიანადაც კი ჩათვალა. ამასთან ერთად, სტატიას სამოქალაქო პირებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ათეისტთა წრეებშიც ხვდა წარმატება.

    ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ რამდენიმე გამჭრიახი ადამიანი თუ მიხვდა, მთელი სტატია კადნიერი ფარსი და დაცინვა რომ იყო და მეტი არაფერი. ამ შემთხვევას განსაკუთრებით იმიტომ ვიგონებ, რომ ეს სტატია თავის დროზე ჩვენშიც, ქალაქგარეთ მდებარე მონასტერშიც მოხვდა, სადაც საეკლესიო სასამართლოს შესახებ აღძრული საკითხით მეტად დაინტერესებულები იყვნენ. სტატიისა და მისი ავტორის გვარის გაცნობის შემდეგ გაოცებულები დარჩნენ იმით, რომ იგი წარმოშობით ჩვენი ქალაქიდან აღმოჩნდა, ძე „სწორედ იმ ფიოდორ პავლოვიჩისა. ამასობაში ჩვენს ქალაქს თავად სტატიის ავტორიც ეწვია. რისთვის ჩამოვიდა ჩვენთან ივან ფიოდოროვიჩი? ‐ მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ ამეკვიატა ეს კითხვა. ეს საბედისწერო ჩამოსვლა საწყისი გახდა იმდენი მოულოდნელი შედეგისა, რომ პასუხი ჩემთვის დიდხანს გაურკვეველი დარჩა. კაცმა რომ თქვას, ცოტა უცნაური იყო ‐ ასე ნასწავლი, ასე ამაყი, თითქოს ფრთხილი ახალგაზრდა კაცი ჩამოვიდა ასეთ უმსგავსო სახლში, ისეთ მამასთან, რომელიც მთელი ცხოვრება არად აგდებდა, არც სცნობდა და არც ახსოვდა. ცხადია, მამამისი ფულის მიმცემიც არ იყო, შვილს რომ ეთხოვა კიდეც; ფიოდორ პავლოვიჩმა მთელი ცხოვრება ხომ იმის შიშში გაატარა, ვაითუ, ოდესმე ჩემი შვილები, ივანი და ალექსეი ჩამოვიდნენ და ფული მომთხოვონო. და აი, ეს ახალგაზრდა კაცი ჩამოდის ასეთი მამის სახლში, ცხოვრობს მასთან ერთი თვე, ორი თვე და ორივე მშვენივრად ეგუება ერთმანეთს. ამ ამბავმა არა მარტო მე გამაკვირვა, არამედ ბევრი სხვაც. პიოტრ ალექსანდროვიჩ მიუსოვი, ფიოდორ პავლოვიჩის პირველი ცოლის ნათესავი, რომლის შესახებაც ზემოთ მქონდა საუბარი, იმ დროს ჩვენთან იმყოფებოდა, თავის ქალაქგარეთა მამულში; ჩამოსული გახლდათ პარიზიდან, სადაც უკვე მუდმივად სახლობდა. მახსოვს, ყველაზე მეტად სწორედ ის იყო გაკვირვებული მას შემდეგ, რაც გაიცნო ეს მისთვის ძალზე საინტერესო ახალგაზრდა, რომელთანაც ხანდახან ინტელექტუალურ პაექრობას მართავდა ხოლმე. „ის ამაყია, ‐ გვითხრა ივანის შესახებ, ‐ მას ყოველთვის შეუძლია იშოვოს სარჩო, ამჟამადაც აქვს ფული საზღვარგარეთ წასასვლელად. ნეტა აქ რა უნდა?! ყველასათვის ნათელია, მამასთან ფულისთვის არ ჩამოსულა, მამამისი არავითარ შემთხვევაში ფულის მიმცემი არ არის. ღვინის სმა და მრუშობა კი მას არ უყვარს; მიუხედავად ამისა, ბებერს უმისოდ ყოფნა არ შეუძლია, ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს! ეს ყოველივე მართალი იყო, ნათლად ჩანდა, რომ ახალგაზრდა კაცი გავლენას ახდენდა ბებერზე, რომელიც შვილს ხანდახან უჯერებდა კიდეც; ბუნებით განსაკუთრებულად ბოროტი და თავნება კაცი იყო, თუმცა ახლა, დროდადრო, ქცევაც კი რიგიანი გაუხდა... მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი ივან ფიოდოროვიჩის აქ ჩამოსვლის ნაწილობრივი მიზეზი. ის უფროსი ძმის, დიმიტრის თხოვნით ჩამოსულა მისი საქმეების მოსაგვარებლად. ძმებმა პირველად აქ ნახეს და გაიცნეს ერთმანეთი, თუმცა მანამდე მიმოწერა ჰქონდათ ერთი განსაკუთრებული შემთხვევის გამო, რომელიც დიმიტრის ეხებოდა. რაზეა ლაპარაკი, ამას მკითხველი თავის დროზე უფრო დაწვრილებით გაიგებს. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, როცა ვიცოდი ამ განსაკუთრებული გარემოების შესახებ, ივან ფიოდოროვიჩი მაინც ამოუცნობ პიროვნებად მიმაჩნდა და მისი ჩამოსვლის მიზეზიც ჩემთვის კვლავ ამოუხსნელი რჩებოდა. აქვე დავამატებ, მაშინ ივან ფიოდოროვიჩი შუამავლის როლს ასრულებდა, მამისა და ძმის მორიგება ეწადა. მათ შორის იმ დროისათვის დიდი დავიდარაბა იყო ატეხილი. დიმიტრი სასამართლოში ჩივილსაც კი აპირებდა. ვიმეორებ, ეს ოჯახი მაშინ ცხოვრებაში პირველად შეიყარა ერთად. ზოგიერთმა მათგანმა ერთმანეთი ცხოვრებაში პირველად ნახა. მხოლოდ უმცროსი ვაჟი, ალექსეი ფიოდოროვიჩი, ძმებზე ერთი წლით ადრე ჩამოვიდა ჩვენთან. სწორედ ამ ალექსეიზე ყველაზე მეტად მიძნელდება ლაპარაკი ჩემი რომანის შესავალ ნაწილში, ვიდრე მას არენაზე შემოვიყვან. მაგრამ შესავლის დაწერა მასზედაც მომიწევს, რომ წინასწარ განვმარტო ერთი უცნაური ამბავი, სახელდობრ: რომანის მომავალი გმირი მკითხველებს დასაწყისიდან უნდა წარვუდგინო მორჩილის ანაფორით. დიახ, უკვე ერთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც იგი ჩვენს მონასტერში ცხოვრობდა და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ იგი იქ სამუდამოდ აპირებდა დარჩენას.

    IV მესამე შვილი ალიოშა

    მაშინ ალიოშა ოცი წლისა იქნებოდა (ივანს ოცდაოთხი უსრულდებოდა, დიმიტრის კი ოცდარვა წელი). უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაცხადო: ჩემი აზრით, ჭაბუკი ალიოშა არც ფანატიკოსი გახლდათ და, მით უმეტეს, არც მისტიკოსი. წინასწარ გეტყვით მის შესახებ ჩემს ჩამოყალიბებულ აზრს: უბრალოდ, ის იყო ჯერ ნორჩი, კაცთმოყვარე და თუ თავი შეაფარა მონასტერს, მარტო იმიტომ, რომ მხოლოდ მონასტერმა გააოგნა, იქ ჰპოვა თავისი სულისათვის ამქვეყნიური ბოროტების წყვდიადიდან სიყვარულის სინათლისაკენ გამოსვლის იდეალური საშუალება. მონასტერმა კი იმიტომ გააოცა, რომ იქ გაიცნო ჩვენი დროის არაჩვეულებრივი არსება ‐ ჩვენი მონასტრის ცნობილი ბერი ზოსიმა, რომელსაც მთელი თავისი არსებით შეეთვისა და მთელი გულითა და სულით შეიყვარა. თუმცა არც იმას უარვყოფ, რომ იგი მაშინ უკვე ძალზე უცნაური კაცი იყო. არც ისაა გამორიცხული, რომ ბალღობიდანვე გახლდათ ასეთი. თუ გახსოვთ, ადრე აღვნიშნე: როცა დედა გარდაეცვალა, იგი ოთხი წლისაც არ იქნებოდა, მაგრამ დედა მთელი თავისი ცხოვრება ახსოვდა, ახსოვდა მისი სახე, მისი ალერსი ‐ „ისე, თითქოს ცოცხალი დგას ჩემს წინაო. ასეთი ეპიზოდები კაცს უფრო ადრეული ასაკიდან (ეს ყველასათვის ცნობილია), ორი წლის ასაკიდანაც შეიძლება დაამახსოვრდეს, ასეთი მოგონებები შეიძლება მთელი ცხოვრება თვალწინ გედგას, როგორც ნათელი წერტილები წყვდიადში, როგორც წაშლილი და გამქრალი უზარმაზარი სურათის გადარჩენილი ნაწილი. ზუსტად ასე დაემართა მასაც: ყველაზე მეტად დაამახსოვრდა ერთი ზაფხულის მშვიდი საღამო, ღია ფანჯარა, ოთახში შემომავალი მზის ირიბი სხივები (მზის სხივები რომ ირიბი იყო, ყველაზე მეტად ეს დაამახსოვრდა), ოთახის კუთხეში ხატი, ხატის წინ ანთებული კანდელი და იქვე მუხლებზე დამხობილი ისტერიულად მოტირალი დედა, რომელიც ხანგამოშვებით წამოიკივლებდა ხოლმე. ბავშვი ორივე ხელით ჩახუტებული ჰყავდა და ღვთისმშობელს ავედრებდა. ხან გულზე მიიკრავდა, ხან ხატისკენ გაიშვერდა ბავშვს, თითქოს სურდა, ღვთისმშობელს თავისი მოსასხამი გადაეფარებინა მისთვის... და ამ დროს ოთახში შემორბის ძიძა და, შეშინებული ხელიდან ართმევს დედას ბავშვს. აი, სურათი! ალიოშას დაამახსოვრდა ის წუთი და დედის სახე; იგი იგონებდა ხოლმე: რამდენადაც მახსოვს, მას შეშლილი, მაგრამ მშვენიერი სახე ჰქონდაო. ალიოშა იშვიათად უყვებოდა ვინმეს ამ მოგონებას. ბავშვობასა და სიჭაბუკეში ნაკლებად ექსპანსიური და სიტყვაძუნწიც კი იყო, მაგრამ ეს უნდობლობით, მორცხვობით ან მარტოობის სიყვარულით კი არ მოსდიოდა, პირიქით, რაღაც სხვა რამით, რაღაც შინაგანი პირადი საზრუნავით, რომელიც სხვასთან არ იყო დაკავშირებული და რომლითაც ისე იყო შეპყრობილი, რომ სხვები აღარ ახსოვდა. ადამიანები კი უყვარდა, მთელი ცხოვრების მანძილზე სჯეროდა მათი, თუმცა არავინ არასოდეს თვლიდა მას არც მიამიტ და არც გულუბრყვილო კაცად. მასში იყო რაღაც, რითაც გაგრძნობინებდა, რომ არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ვინმეს მსაჯული ყოფილიყო. არასოდეს არავის კიცხავდა და გმობდა. გეგონებოდა, მისთვის ყველაფერი დასაშვებიაო, რადგან არასოდეს არავისზე ძვირს არ იტყოდა, მაგრამ ხშირად მწარედ მოიწყენდა ხოლმე. ის კი არადა, მას ადრეული ახალგაზრდობიდან უკვე აღარაფერი აკვირვებდა და არაფერი აშინებდა. 20 წლის უმანკო და სუფთა ჭაბუკი მამამისის გარყვნილების ბინძურ ბუნაგში რომ მოხვდებოდა ხოლმე, როცა იქ ყოფნა აუტანელი ხდებოდა, უხმოდ ტოვებდა იქაურობას, ყოველგვარი ზიზღისა და საყვედურის გარეშე. მამამისი, როგორც ყოფილ სხვის კარზე სამადლოდ ნათრევ კაცს ახასიათებს, ეჭვიანი იყო. იგი თავდაპირველად ალიოშას პირქუშად და უნდოდ შეხვდა („ძალიან ჩუმალა ვინმეა, საეჭვოდაა ფიქრებში წასულიო ‐ ფიქრობდა მასზე), მაგრამ მალე, ორი კვირის შემდეგ, უკვე გულაჩუყებული გულში იკრავდა და ჰკოცნიდა. ნათლად ჩანდა, ცხოვრებაში ეს გრძნობა არავის მიმართ არ განეცადა და რომ ნამდვილად და გულმხურვალედ შეუყვარდა, როგორც არასდროს...

    დიახ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, რომელ საზოგადოებაშიაც არ უნდა მოხვედრილიყო ეს ყმაწვილი, ყველას უყვარდა. როცა ის თავისი კეთილისმყოფელისა და აღმზრდელის, ეფიმ პეტროვიჩ პოლენოვის სახლში მიიყვანეს, იმდენად შეაყვარა ყველას თავი, რომ ღვიძლ შვილად თვლიდნენ. ამ სახლში იგი ერთობ პატარა მიიყვანეს, და შეუძლებელია ამ ასაკის ბავშვს დააბრალო ანგარიშიანობა, თვალთმაქცობა, გაქნილობა, პირფერობა და სურვილი ‐ თავი მოაწონოს ან შეაყვაროს ვინმეს. ასე რომ, თავად ბუნებით ჰქონდა მას მომადლებული ნიჭი, ყოფილიყო ყველასათვის საყვარელი პიროვნება. ასევე იყო სკოლაშიც, თუმცა, თითქოს ბავშვების იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომლებიც ამხანაგების უნდობლობას, სიძულვილს და ხანდახან დაცინვასაც კი იწვევენ, რადგან ყოველთვის საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, სადმე კუთხეში განმარტოებული, წიგნებს ჩასცქეროდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ალიოშა სკოლაში ამხანაგებმა ისე შეიყვარეს, რომ შეიძლება ითქვას - საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა. იგი იშვიათად ცელქობდა, იშვიათად იყო მხიარულ გუნებაზე, მაგრამ ყველა, მისი შემხედვარე, ხვდებოდა, რომ ეს უხასიათობით როდი მოსდიოდა, პირიქით, მისი სახე სიმშვიდესა და სინათლეს აფრქვევდა. ტოლებს შორის თავის გამოჩენა არ უყვარდა, ალბათ, ამიტომაც არასდროს არაფრის ეშინოდა. ეს თვისება ამხანაგებმა გაცნობისთანავე შეამჩნიეს; შეამჩნიეს ისიც, რომ არასოდეს ამაყობდა თავისი ხასიათით და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს არც იცოდა, უშიშარი და გულადი რომ იყო. წყენას არასოდეს ჩაიდებდა გულში, იყო შემთხვევა, წყენიდან ერთი საათიც არ იყო გასული, რომ იმ ბიჭთან, რომელიც აწყენინებდა, მივიდოდა და ალალად დაელაპარაკებოდა, ანდა მის კითხვას ისე გულწრფელად უპასუხებდა, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარიყოს. ამ დროს ისეთი სახე კი არ ჰქონდა, თითქოს დაავიწყდა ან შეგნებულად აპატია წყენა, არა! უბრალოდ იმ შემთხვევას წყენად არ თვლიდა. ეს ძალიან ხიბლავდა და აჯადოებდა ბავშვებს. მის ხასიათს მხოლოდ ერთი თვისება ჰქონდა, რაც ბავშვების გაქილიკების საგნად იქცა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, დაბალი კლასიდან მაღალ კლასამდე, ამხანაგები დასცინოდნენ ხოლმე ‐ არა, ბოროტად კი არა, გასამხიარულებლად ‐ რადგან ალიოშა ბუნებით არანორმალურად მორცხვი და უმანკო იყო, მას არ შეეძლო მოესმინა ქალების შესახებ გავრცელებული სიტყვები და ელაზღანდარავა მათზე. ასეთი ლაზღანდარაობა და ბილწსიტყვაობა, საუბედუროდ, ბავშვებს შორის ძალზე მიღებულია. სულითა და გულით სუფთა ბიჭები, ჯერ კიდევ ყრმები, ხშირად ხმამაღლა ლაპარაკობენ ხოლმე ერთმანეთს შორის ისეთ საგნებზე და სურათებზე, რომლებზედაც უბრალო ჯარისკაცებსაც კი უჭირთ ლაპარაკი, უფრო მეტიც, ამ ჯარისკაცებიდან ბევრმა ნახევარიც არ იცის იმის შესახებ, რაც ცნობილია ჩვენი ინტელექტუალური და მაღალი საზოგადოების ნორჩი ნაშიერებისათვის. ეს ჯერ არ არის ზნეობრივი გახრწნა, არც ნამდვილი, გარყვნილი შინაგანი ცინიზმია, მაგრამ სწორედ ეს გარეგანი ცინიზმი ითვლება ყმაწვილებს შორის ხშირად რაღაც დელიკატურ, დახვეწილ და მისაბაძ საქციელად. როცა ისინი ხედავდნენ ალიოშკა კარამაზოვი „იმაზე ლაპარაკის დროს ყურებს თითებით როგორ იცობდა, განგებ შემოეხვეოდნენ ჯგროდ, ხელებს ძალით გაუკავებდნენ და ორივე ყურში ჩაჰყვიროდნენ ათასნაირ უწმაწურობას, ალიოშკა კი გარბოდა, ეცემოდა, იატაკზე განრთხმული კვლავ ყურებს იხშობდა, ხმაამოუღებლად, ლანძღვა‐გინების გარეშე, თვინიერად იტანდა წყენას. ბოლოს და ბოლოს, შეეშვებოდნენ, აღარ აბრაზებდნენ „გოგო, გოგოს ძახილით და ნანობდნენ კიდეც თავიანთ საქციელს. აღსანიშნავია, რომ კლასში იგი საუკეთესოთა შორის ითვლებოდა, მაგრამ არასოდეს პირველი არ ყოფილა. ალიოშამ ეფიმ პეტროვიჩის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორი წელი ისწავლა საგუბერნიო გიმნაზიაში. ეფიმ პეტროვიჩის უნუგეშოდ დარჩენილი მეუღლე, ქმრის სიკვდილის შემდეგ, მალე დიდი ხნით მთელი ოჯახით, რომელიც მხოლოდ მდედრობითი სქესის წევრებისაგან შედგებოდა, იტალიას გაემგზავრა. ალიოშა კი მოხვდა მისთვის მანამდე უცნობი ორი ქალბატონის სახლში. ეს ქალები ეფიმ პეტროვიჩის შორეული ნათესავები იყვნენ და რა პირობით შეიკედლეს იგი, ალიოშამ არ იცოდა. ალიოშას კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ის გახლდათ, რომ არასოდეს აინტერესებდა, ვის ხარჯზე ცხოვრობდა. ამით ის ძალიან განსხვავდებოდა თავისი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1