Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა
სიკეთესა და ბოროტებას მიღმა
სიკეთესა და ბოროტებას მიღმა
Ebook558 pages5 hours

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 24, 2020
სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

Read more from ფრიდრიხ ნიცშე

Related to სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

Related ebooks

Reviews for სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სიკეთესა და ბოროტებას მიღმა - ფრიდრიხ ნიცშე

    ფრიდრიხ ნიცშე - სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

    Friedricj Nietzsche - Jenseits von Gut und Böse

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    ნაწილი პირველი: ფილოსოფოსთა ცრურწმენების შესახებ

    ნაწილი მეორე: თავისუფალი გონი

    ნაწილი მესამე: რელიგიური განწყობა

    ნაწილი მეოთხე: აფორიზმები და ინტერმედიები

    ნაწილი მეხუთე: მორალის ბუნებრივი ისტორია

    ნაწილი მეექვსე. ჩვენ, სწავლულები

    ნაწილი მეშვიდე. ჩვენი სათნოებანი

    ნაწილი მერვე. ხალხები და ქვეყნები

    ნაწილი მეცხრე. რა არის არისტოკრატული?

    მწვერვალებიდან

    კომენტარები

    წინასიტყვაობა

    ვივარაუდეთ რა, რომ ჭეშმარიტება არის ქალი, - როგორ? ნუთუ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავეჭვდეთ, რომ ყველა ფილოსოფოსს, რამდენადაც ისინი დოგმატიკოსები იყვნენ, ცუდად ესმოდათ ქალების? რომ საზარელი სერიოზულობა, მოუხერხებელი აბეზარობა, რომლითაც ისინი მიმართავდნენ ჭეშმარიტებას, უსარგებლო და უხამსი საშუალება იყო იმისათვის, რათა საკუთარი თავის მიმართ განეწყოთ სახელდობრ ქალი. ის ხომ არც ნებდებოდა ცდუნებას - ყველა სახის დოგმატიკა კი დღეისათვის ნაღვლიანი და უსიცოცხლო გამომეტყველებით დგას. თუკი ის ჯერ კიდევ საერთოდ დგას! რადგან არსებობენ ცინიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის დაემხო, რომ მთელი დოგმატიკა დამარცხებულია, მეტიც, - რომ ის უკანასკნელი ამოსუნთქვის პირასაა. სერიოზულად თუ ვიტყვით, საკმაოდ მყარი საფუძველი გვაქვს იმედისთვის, რომ ყოველგვარი დოგმატიზება ფილოსოფიაში, რაოდენ საზეიმო იერსაც არ უნდა იღებდეს ის, რაოდენ არ უნდა ცდილობდეს, თავი უკანასკნელ სიტყვად მოგვაჩვენოს, მხოლოდ კეთილშობილი ბავშვური თამაში და წამოწყება იყო; და შესაძლოა შორს აღარ არის ის დრო, როდესაც კვლავ მიხვდებიან, საკუთრივ რა იყო უკვე საკმარისი იმისათვის, რომ ქვაკუთხედის ფუნქცია შეესრულებინა ისეთი დიადი და უპირობო ფილოსოფიური ნაგებობებისა, რომლებსაც დღევანდელ დღემდე აღმართავდნენ დოგმატიკოსები, - რაიმე სახის ხალხური ცრურწმენა უხსოვარი დროიდან (როგორც, მაგალითად, სულის ცრურწმენა, რომელიც დღემდე არ წყვეტს უხამსობას „სუბიექტისა და „მე-ს ცრუმორწმუნე ცნებათა სახით), შესაძლოა სიტყვათა რაიმე თამაში, რაიმე გრამატიკული ცდუნება ან მეტისმეტად ვიწრო, მეტისმეტად პირადული, ადამიანური, ერთობ ადამიანური ფაქტების თამამი განზოგადება. იმედი ვიქონიოთ, რომ დოგმატიკოსთა ფილოსოფია იყო მხოლოდ დაპირება ათასწლეულებით ადრე, მსგავსად იმისა, როგორც მანამდე ასტროლოგია, რომელზეც შესაძლოა მეტი შრომა, სახსრები, მახვილგონიერება და მოთმინება იყო დახარჯული, ვიდრე რომელიმე ჭეშმარიტ მეცნიერებაზე, - მას და მის „ზემიწიერ" პრეტენზიებს უნდა უმადლოდეს აზია და ეგვიპტე არქიტექტურის მაღალ სტილს. თითქოს ყოველივე დიდებული სამყაროში თავდაპირველად უნდა გამოჩნდეს ჯოჯოხეთური, შიშის მომგვრელი კარიკატურის სახით, რათა სამუდამოდ აღიბეჭდოს ადამიანთა გულებში: ასეთი კარიკატურა იყო დოგმატური ფილოსოფია, მაგალითად, ვედანტას სწავლება აზიაში და პლატონიზმი ევროპაში. ნუ ვიქნებით უმადურნი მის მიმართ, თუმცა კი ჩვენ იმავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ ცდომილებათაგან ყველაზე ურიგო, ყველაზე მტანჯველი და სახიფათო იყო დოგმატიკოსთა ცდომილება, პლატონის გამონაგონი წმინდა სულისა  და თავისთავადი სიკეთის შესახებ. მაგრამ ახლა, როდესაც ის დამარცხებულია, როდესაც ევროპა ამ კოშმარისგანაც გათავისუფლდა და, სულ ცოტა, შეუძლია დატკბეს მეტად ჯანმრთელი... ძილით, ჩვენ, ვის ამოცანას თვით სიფხიზლე წარმოადგენს, მთელი იმ ძალის შთამომავლები ვართ, რომელიც ამ ცდომილებასთან ბრძოლამ აღზარდა. ისე საუბარი სულისა და სიკეთის შესახებ, როგორც ამას პლატონი აკეთებდა, - ეს უდაოდ ნიშნავს ჭეშმარიტების ამოყირავებას და თვით პერსპექტიულობის უარყოფას, ანუ ადამიანის ცხოვრების ძირითადი პირობისა; მეტიც, ექიმის მსგავსადაც კი შეგვიძლია ვიკითხოთ: „საიდან გაუჩნდა უძველესი დროის ამ უმშვენიერეს ნაშიერს, პლატონს, ასეთი სენი? ბოროტმა სოკრატემ ხომ არ წაახდინა იგი? ხომ არ იყო სოკრატე ყმაწვილთა გამხრწნელი? და ხომ არ დაიმსახურა მან თავისი ციკუტა? - მაგრამ ბრძოლამ პლატონთან, ან უფრო გასაგებად და „ხალხისთვის თუ ვიტყვით, ბრძოლამ ათასწლეულების ქრისტიანულ-საეკლესიო უღელთან - რამეთუ ქრისტიანობა არის პლატონიზმი „ხალხისთვის - ევროპაში შვა სულის დიდებული დაძაბულობა, როგორიც მანამდე დედამიწაზე არ არსებულა: ასეთი ძლიერად დაჭიმული მშვილდით ყველაზე დაშორებული მიზნებისთვის ტყორცნაა შესაძლებელი. რასაკვირველია, ევროპელი ამ დაძაბულობას განიცდის, როგორც მძიმე მდგომარეობას; უკვე ორჯერ მიმართეს დიად მცდელობას ლარის მოშვებისა, - ერთხელ იეზუიტობის მეშვეობით, მეორედ - დემოკრატიული განმანათლებლობისა. ამ უკანასკნელს პრესისა და გაზეთების კითხვის გზით მართლაც შეუძლია იმის მიღწევა, რომ სული აღარ „დაამძიმებს საკუთარ თავს! (გერმანელებმა მოიგონეს დენთი - რასაც ვულოვაც მათ! მაგრამ კვლავ მოუწიათ გაქვითვა - მათ გამოიგონეს პრესა). ჩვენ კი, არ ვართ რა არც იეზუიტები, არც დემოკრატები, და არც გერმანელები საკმარისი ხარისხით, ჩვენ, კეთილი ევროპელები და თავისუფალი, უკიდურესად თავისუფალი ტვინები, - ჩვენ ვგრძნობთ მთელს სიმძიმეს სულისა და მთელს დაჭიმულობას მისი მშვილდის! ან იქნებ ისარსაც, ამოცანასაც, ვინ იცის? მიზანი...

    სილს მარია, ზემო ენგადინი, 1885 წლის ივნისი

    ნაწილი პირველი: ფილოსოფოსთა ცრურწმენების შესახებ

    1

    ნებამ ჭეშმარიტებისკენ, რომელმაც ჩვენ ჯერ კიდევ არაერთი გაბედული ნაბიჯი უნდა გადაგვადგმევინოს, იმ სახელმოხვეჭილმა უტყუარობამ, რომლის შესახებ ყველა ფილოსოფოსი დღემდე ღვთისმოსავად საუბრობდა, - რა კითხვები არ წამოგვიყენა ასეთმა ნებამ ჭეშმარიტებისკენ! რაოდენ უცნაური, მზაკვრული და ყურადღების ღირსი კითხვებია! დიდი ხანია უკვე ეს ისტორია გრძელდება - და მაინც გვგონია, თითქოს ეს-ესაა დაიწყო. მაშინ რაღაა გასაოცარი, თუ ჩვენ საბოლოოდ უნდობლები ვხვდებით, ვკარგავთ მოთმინებას და ზურგს ვაქცევთ? თუკი ჩვენ, ჩვენის მხრივ, ამ სფინქსისგან ვსწავლობთ კითხვების დასმას? საკუთრივ ვინ არის ის, ვინც აქ კითხვებს გვთავაზობს? საკუთრივ რა არის „ნება ჭეშმარიტებისკენ" ჩვენში? მართლაც, დიდი ხნით შევყოვნდით ამ სურვილის მიზეზის კითხვის წინაშე, სანამ არ შევჩერდით მეორე, უფრო ფუნდამენტური კითხვის წინაშეც. ჩვენ ამ სურვილის ღირებულება ვიკითხეთ. ვთქვათ, ჭეშმარიტება გვსურს, რატომ არა სიცრუე? ეჭვი? სულაც უმეცრება? წარმოგვიდგა ჭეშმარიტების ღირებულების პრობლემა თუ ჩვენ მივედით ამ პრობლემასთან? რომელი ჩვენგანია აქ ოიდიპოსი? სფინქსი ვინ არის? ჭეშმარიტად, ეს ყველაფერი კითხვებისა და კითხვის ნიშნების შეხვედრას ჰგავს. და დაიჯერებს ვინმე, რომ ბოლოს და ბოლოს მოგვეჩვენება, თითქოს ეს პრობლემა არასოდეს ყოფილა წამოჭრილი, თითქოს პირველებმა ჩვენ აღმოვაჩინეთ ის, მივაქციეთ ყურადღება, და მისი წამოჭრა გავბედეთ? რამეთუ, ამაში არის რისკი, და შესაძლოა უფრო დიდი რისკი არც არსებობდეს.

    2

    „როგორ შეიძლებოდა რაიმე შექმნილიყო მისი საწინააღმდეგოდან? მაგალითად, ჭეშმარიტება ცდომილებიდან? ან ნება ჭეშმარიტებისკენ ნებიდან სიცრუისკენ? ან უანგარო საქციელი ანგარებიდან? ან წმინდა, მზისდარი ჭვრეტა ბრძენისა დაუოკებელი სურვილიდან? მსგავსი ქმნადობა შეუძლებელია; ვინც მის შესახებ ოცნებობს, ბრიყვია, ბრიყვზე უარესიც; უმაღლესი ღირებულების საგნებს სხვა, საკუთარი წარმოშობა უნდა გააჩნდეთ, - ამ წარმავალ, ცდუნებითა და სიცრუით გამსჭვალულ უმნიშვნელო სამყაროში, შეშლილობისა და გულისთქმის ამ გორგალში შეუძლებელია მათი წყაროს ძიება! პირიქით, ყოფიერების წიაღში, წარუვალში, ფარულ ღვთაებაში, „საგანში თავისთავად" - იქ არის მათი მიზეზი, და სხვაგან არსად! - ამგვარი მსჯელობა წარმოადგენს ტიპიურ ცრურწმენას და მისით შეიცნობა ყველა დროის მეტაფიზიკოსი; ღირებულების ამგვარი დამკვიდრება მათთვის ყოველგვარი ლოგიკური პროცედურის უკანა ხედზეა; თავისი ამ „რწმენიდან გამომდინარე მიისწრაფიან ისინი „ცოდნის დაუფლებისკენ, ისეთის მიღებისკენ, რაც საბოლოოდ საზეიმოდ არის ხოლმე ნაკურთხი „ჭეშმარიტებად". მეტაფიზიკოსთა ძირითადი რწმენა არის რწმენა ღირებულებათა დაპირისპირებულობისა. მათ შორის ყველაზე ფრთხილებსაც კი არ წვევიათ თავში უკვე აქ, ზღურბლზე, სადაც ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო, დაეჭვებულიყვნენ, - თუმცა კი დადებული ჰქონდათ აღთქმა, ერთგულნი ყოფილიყვნენ პრინციპისა „de omnibus dubitandum[1]. დაეჭვება კი აუცილებელი იყო, ამასთან, ორ პუნქტში: პირველ რიგში, არსებობს თუ არა საერთოდ დაპირისპირებები, და მეორე, ხომ არ წარმოადგენს ღირებულებათა სახალხო შეფასება და საპირისპირო ღირებულებები, რომლებსაც მეტაფიზიკოსებმა საკუთარი დაღი დაასვეს, მხოლოდ წინა ხედის შეფასებას, მხოლოდ უახლოეს პერსპექტივას, თანაც, შესაძლოა, პერსპექტივას კუთხიდან, იქნებ ქვევიდან ზევით, ერთგვარ „ბაყაყისებურ პერსპექტივას, თუ ფერმწერებს დავესესხებით გამოთქმას. მთელი ღირებულებისას, რომელიც შესაძლოა ჭეშმარიტს, მართალს, უანგაროს მიეწერება, მაინც შესაძლებლად რჩება, რომ ილუზიას, სიცრუისაკენ ნებას, ანგარებასა და გულისთქმას უფრო მაღალი და მეტად უცილობელი ღირებულება მიენიჭოს მთელი ცხოვრებისთვის. ისიც შესაძლებელია, რომ ამ რიგიანი და პატივცემული ფენომენების ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მათ ფატალური ნათესაობა აქვთ ამ ურიგო, მოჩვენებითად დაპირისპირებულ ფენომენებთან, გადაჯაჭვულნი, გაერთიანებულნი არიან, შესაძლოა იგივეობრივნიც კი მათთან არსობრივად. შესაძლოა! - მაგრამ ვის ახალისებს საკუთარი თავის შეშფოთება ასეთი სახიფათო „შესაძლოა-თი! ამისათვის ფილოსოფოსთა ახალ მოდგმას უნდა ველოდოთ, ისეთების, რომლებსაც რაიმე განსხვავებული, შექცეული გემოვნება და მიდრეკილებები ექნებოდათ, ვიდრე უწინდელებს, - სახიფათო „შესაძლოა-ს ფილოსოფოსებისა ყველა აზრით. - და, სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ მე ვამჩნევ ასეთ ახალ ფილოსოფოსთა გამოვლენას.

    3

    ფილოსოფოსებზე ხანგრძლივი დაკვირვებისა და მათ ქმნილებათა სტრიქონებს შორის კითხვისას მე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ ცნობიერი აზროვნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ინსტინქტის ფუნქციონირებას უნდა მივაწეროთ, - ფილოსოფიური აზროვნების შემთხვევაშიც კი; აქ ხელახლა უნდა ვისწავლოთ, როგორც სწავლობდნენ ხელახლა მემკვიდრეობითობისა და „თანდაყოლილობის" ნაწილში. რამდენად მცირე ანგარიშს უწევენ დაბადების აქტს მემკვიდრეობითობის წინამორბედ და მომდევნო პროცესში, იმდენად ნაკლებად საპირისპიროა „ცნობიერება რაიმე გადამწყვეტი აზრით ინსტინქტურისადმი, - ფილოსოფოსის ცნობიერ აზროვნებას უმეტესწილად მისი ინსტინქტები მართავენ, რომლებიც ამ აზროვნებას კონკრეტულ მიმართულებას ანიჭებენ. ლოგიკის მიღმაც კი, რომელიც თვითმპყრობელად გვევლინება თავის მოძრაობაში, დგას ღირებულებათა შეფასება, უფრო ზუსტად კი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, მიმართული სიცოცხლის კონკრეტული სახეობის შენარჩუნებისკენ. მაგალითად, ის, რომ განსაზღვრულს უფრო მაღალი ღირებულება აქვს, ვიდრე განუსაზღვრელს, ილუზიას - ნაკლები ღირებულება, ვიდრე „ჭეშმარიტებას, - მსგავსი შეფასებები, მთელი მათი ხელმძღვანელი მნიშვნელობისას ჩვენთვის, მაინც შესაძლებელია, რომ იყოს მხოლოდ სურათის წინა ხედის შეფასებები, ერთგვარი niaiserie[2], რომელიც სწორედ ისეთ ქმნილებათა არსებობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო, როგორებიც ჩვენ ვართ. ვიგულისხმებთ რა, რომ ადამიანი სრულებითაც არ არის „საგანთა საზომი"...

    4

    შეხედულების მცდარობა ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ჩევნთვის არგუმენტს შეხედულების წინააღმდეგ; შესაძლოა ეს ჩვენს პარადოქსებს შორის ყველაზე უცნაური იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად უწყობს ხელს შეხედულება ცხოვრებას, რამდენად იცავს მას, იცავს ჯიშს, და შესაძლოა ჯიშის აღზრდასაც კი უწყობს ხელს; ჩვენ მზად ვართ გაბედულად ვამტკიცოთ, რომ ყველაზე ყალბი შეხედულებები (რომლებსაც მიეკუთვნება სინთეტური შეხედულებები а priori) - ჩვენთვის ყველაზე მეტად აუცილებელია, რომ ლოგიკური ფიქციების დაშვების, უპირობოს, თვითიგივეობრივის წმინდად გამოგონილ სამყაროსთან სინამდვილის შედარების, რიცხვების მეშვეობით სამყაროს გამუდმებული ფალსიფიცირების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებდა ცხოვრებას, რომ ცრუ შეხედულებების უარყოფა - სიცოცხლეზე უარის თქმა, სიცოცხლის უარყოფა იქნებოდა. აღიარო სირცუე პირობად, რომელზეც სიცოცხლეა დამოკიდებული, - ეს, რასაკვირველია, სარისკო საშუალებაა იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიო საგანთა ღირებულების ჩვეულ გრძნობას, ხოლო ფილოსოფია, რომელსაც ჰყოფნის ამის სითამამე, უკვე ამით ათავსებს საკუთარ თავს სიკეთესა და ბოროტებას მიღმა.

    5

    თუკი რაიმე გვიბიძგებს კიდეც, ფილოსოფოსებს ვუმზიროთ ნაწილობრივ უნდობლად, ნაწილობრივ კი დამცინავად, ის არ არის, რომ ჩვენ გამუდმებით გვიწევს იმაში დარწმუნება, თუ რაოდენ უცოდველნი არიან ისინი, რაოდენ ხშირად და რა სიმსუბუქით აცდენენ მიზანს და უშვებენ შეცდომებს, მოკლედ რომ მოვჭრათ, არა მათი ბავშვურობა და ბავშვური მიამიტობა, არამედ ის გარემოება, რომ საქმეებს ისინი არასაკმარისად პატიოსნად უძღვებიან: როდესაც ისინი ერთხმად აწყობენ დიად და სათნო ხმაურს ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე ჭეშმარიტების პრობლემას ეხება, თუნდაც მხოლოდ შორიდან. ისინი ერთხმად თავს აჩვენებენ ადამიანებად, რომლებიც თითქოს საკუთარ შეხედულებებამდე მივიდნენ და აღმოაჩინეს ისინი ცივი, წმინდა, ღვთიურად უზრუნველი დიალექტიკის თვითგანვითარების გზით (განსხვავებით ყველა ხარისხის მისტიკოსისგან, რომლებიც მათზე პატიოსნები და ბრიყვები არიან, - ესენი „შთაგონების შესახებ საუბრობენ), - როდესაც არსებითად ისინი შერყვნილი საფუძვლით იცავენ რომელიმე წინასწარშექმნილ დებულებას, უეცარ აზრს, „ჩაგონებას, უმეტესწილად კი ეს არის აბსტრაგირებული და გაფილტრული გულითადი სურვილი. - ყველა ისინი ადვოკატები არიან, რომლებსაც არ სურთ, რომ ასე იწოდებოდნენ, უმეტესწილად კი გაქნილი ვექილები თავიანთი ცრურწმენებისა, რომლებსაც ისინი „ჭეშმარიტებებს" უწოდებენ, - უკიდურესად შორს მყოფნი სინდისის სიმამაცისგან, რომელიც საკუთარ თავთან სახელდობრ ამას აღიარებს; ძალიან შორს მყოფნი სიმამაცის სათანადო გემოვნებისგან, რაც ამას სხვებსაც აგებინებს, სულ ერთია, იმისათვის, რომ მეგობარი ან არაკეთილმოსურნე გააფრთხილო, თუ ქედმაღლობიდან გამომდინარე ან თვითქილიკისათვის. მოხუცი კანტის ტარტიუფობა, იმდენადვე თავდაჭერილი, რამდენადაც ზნეკეთილი, რომლითაც ის იდუმალ დიალექტიკურ გზაზე გვიტყუებს, რომლებსაც მივყავართ, უფრო სწორად, გზას გვაცდენენ მისი „კატეგორიული იმპერატივისკენ" - ეს სანახაობა ჩვენში, განებივრებულ ადამიანებში, ღიმილს იწვევს, რადგან ჩვენ მცირედ სიამოვნებასაც კი ვერ ვპოულობთ მოხუცი მორალისტებისა და ზნეობის მქადაგებლების ნატიფ ხრიკებზე დაკვირვებიდან. ან კიდევ, ეს ფოკუსი მათემატიკური ფორმით, რომელშიც სპინოზამ, ვითარცა ჯავშანში, მოათავსა და შენიღბა საკუთარი ფილოსოფია, - ბოლოს და ბოლოს, „საკუთარი სიბრძნის სიყვარული", თუკი ამ სიტყვას სწორად და ზუსტად განვმარტავთ, - რათა იმთავითვე შეერყია მოიერიშის სიმამაცე, რომელიც გაბედავდა მზერა ეტყორცნა ამ დაუმარცხებელი ქალწულის, ათენა პალადასთვის: რაოდენ საკუთარ შიშსა და მოწყვლადობას ამჟღავნებს სნეული განდეგილის ეს მასკარადი!

    6

    თანდათან ჩემთვის ნათელი გახდა, რას წარმოადგენდა დღემდე ყოველი დიადი ფილოსოფია: სწორედ რომ მისი შემოქმედის თვითაღსარებას, რაღაცას, მსგავსს memoires-ისა, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდაა დაწერილი და საკუთარი თავისთვის შეუმჩნევლად; ასევე ნათელი გახდა, რომ ზნეობრივი (ან უზნეო) მიზნები ყოველი ფილოსოფიის ცხოვრებისეულ მარცვალს წარმოადგენს, საიდანაც ყოველ ჯერზე მთელი მცენარე იზრდება. მართლაც, რიგიანად (და ბრძნულად) მოვიქცევით, თუ იმის გასარკვევად, საკუთრივ როგორ შეიქმნა მოცემული ფილოსოფოსის ყველაზე დაშორებული მეტაფიზიკური შეხედულებები, თავდაპირველად დავსვამთ კითხვას: რა მორალი იგულისხმება (იგულისხმება მის მიერ)? ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ „შემეცნების სურვილი" იყოს ფილოსოფიის მამა, არამედ მიმაჩნია, რომ აქ, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, რომელიმე სხვა ინსტინქტი შემეცნებას (და მცდარ შემეცნებას!) მხოლოდ იარაღის სახით იყენებს. ხოლო ის, ვინც ადამიანის ძირითად ინსტინქტებს დააკვირდება იმ მიზნით, რომ გამოიკვლიოს, რამდენად შორს შეუძლიათ მათ საკუთარი  გავლენის გავრცელება სახელდობრ მოცემულ შემთხვევაში, შთამაგონებელი გენიების (ან დემონებისა და კობოლდების) სახით, ის დაინახავს, რომ ოდესღაც უკვე ყველა ფილოსოფოსობდა და რომ ყოველ მათგანს დიდი სურვილი აქვს წარმოადგენდეს არსებობის სასრულ მიზანს და გამოსახავდეს ყველა დანარჩენი ინსტინქტის უფლებამოსილ ბატონს. რადგან ყოველი ინსტინქტი ძალაუფლების მოყვარეა; და როგორც ასეთი, ფილოსოფოსობას ცდილობს. რასაკვირველია, სწავლულებს, მეცნიერების ჭეშმარიტ ადამიანებს შორის შესაძლოა სხვაგვარად იყოს - „უკეთ", თუ გნებავთ, - იქ შესაძლოა მართლაც არსებობდეს რაღაც, მსგავსი შემეცნების სურვილისა, საათის მექანიზმის რომელიმე მცირე და დამოუკიდებელი რგოლი, რომელიც სათანადოდ მომართვის შემდეგ მხნედ მუშაობს სწავლულის ყველა დანარჩენი ინსტინქტის არსებითი მონაწილეობის გარეშე. ამ მიზეზით სწავლულის ნამდვილი „ინტერესები" ჩვეულებრივ ფოკუსირდება რაიმე სრულიად განსხვავებულზე, მაგალითად, ოჯახზე, ან ანაზღაურებაზე, ან პოლიტიკაზე; და თითქმის სულ ერთია, კვლევის რომელ საგანსაა მისადაგებული მისი პატარა მანქანა და იმედის მომცემი ახალგაზრდა მუშაკი წარმოადგენს კარგ ფილოლოგს, სოკოთა მცოდნესა თუ ქიმიკოსს: ის არ ხასიათდება იმით, რასაც ის წარმოადგენს. პირიქით, ფილოსოფოსში სრულიად არაფერია უპიროვნო, განსაკუთრებით კი მისი მორალი მოწმობს ცხადად და ურყევად, ვინ არის ის, ანუ როგორ რანგობრივ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან მისი ბუნების ფარული ინსტინქტები.

    7

    რაოდენ ღვარძლიანები შეიძლება იყვნენ ფილოსოფოსები! არაფერი ვიცი იმ ხუმრობაზე მეტად შხამიანი, რომლის ნება ეპიკურემ მისცა საკუთარ თავს პლატონისა და პლატონიკოსების მიმართ: მან მათ Dionysiokolakes უწოდა. აზრობრივად ეს სიტყვა, უპირველეს ყოვლისა, „დიონისეს მოლაციცეებს" ნიშნავს, შესაბამისად, ტირანის შინაყმასა და მისი ფურთხის მლოკავს[3]; მაგრამ ეს სიტყვა კიდევ იმას გვეუბნება, რომ „ყველა ესენი კომედიანტები არიან, რომ მათში არაფერია არაყალბი" (რადგან სიტყვა Dionysiokolax მსახიობის პოპულარული მეტსახელი იყო). ეს უკანასკნელი კი საკუთრივ არის ღვარძლიანი ისარი, ეპიკურეს მიერ ნატყორცნი პლატონისთვის: მას აღიზიანებდა დიდებული მანერა, ეს მიზანსცენური სტილი, რომლის ოსტატები იყვნენ პლატონი და მისი მოწაფეები და რაც არ ესმოდა ეპიკურეს, ამ მოხუც მასწავლებელს კუნძულ სამოსიდან, რომელიც თავის მცირე ბაღს იყო შეფარებული ათენში და რომელმაც სამასამდე წიგნი დაწერა, - ვინ იცის, - იქნებ პლატონის მიერ მასში აღძრული მრისხანებისა და პატივმოყვარეობის მიზეზით. საუკუნე დასჭირდა, რათa საბერძნეთი მიხვედრილიყო, თუ ვინ იყო ბაღის ეს ღვთაება, ეპიკურე. ან კი მიხვდა საერთოდ?

    8

    ყოველ ფილოსოფიაში არის პუნქტი, სადაც სცენაზე ფილოსოფოსის „მრწამსი" გამოდის, ან, თუ ერთი ძველი მისტერიის სიტყვებით გამოვთქვამთ:

    adventavit asinus

    pulcher et fortissimus[4].

    9

    გსურთ იცხოვროთ „ბუნების შესაბამისად"?

    ო, კეთილშობილო სტოიკოსებო, სიტყვათა როგორი გაყალბებაა! წარმოიდგინეთ არსება, მსგავსი ბუნებისა, - უზომოდ გულუხვი, უზომოდ გულგრილი, განზრახვებისა და წინდახედულების, სიბრალულისა და სამართლიანობის გარეშე, ნაყოფიერი და უნაყოფო, და მერყევი ერთსა და იმავე დროს, წარმოიდგინეთ გულგრილობა ძალაუფლებისა, - როგორ შეძლებდით გეცხოვრათ ასეთი გულგრილობის შესაბამისად? იცხოვრო - ნუთუ არ ნიშნავს ეს, გსურდეს იყო რაღაც სხვა, ვიდრე ბუნებაა? ნუთუ ცხოვრება არ შედგება სურვილისგან შეაფასო, უპირატესობა მიანიჭო, იყო უსამართლო, იყო შეზღუდული, იყო განსხვავებული? ხოლო თუ დავუშვებთ, რომ თქვენი იმპერატივი „იცხოვროთ ბუნების შესაბამისად არსებითად იგივეს ნიშნავს, რაც „იცხოვროთ ცხოვრების შესაბამისად, როგორ მოახერხებდით ამას? რა საჭიროა პრინციპის შექმნა იქიდან, რასაც თვით წარმოადგენთ და რაც უნდა იყოთ? - სინამდვილეში საქმის ვითარება სრულიად განსხვავებულია: აღტაცებულები ამტკიცებთ რა, რომ თქვენი კანონის წესი ბუნებაში ამოიკითხეთ, თქვენ რაღაც საპირისპირო გსურთ, თქვენ, ახირებულო მსახიობებო და საკუთარი თავის გამცურებლებო! თქვენს სიამაყეს ისიც კი სურს, რომ ბუნებასაც მიაწეროს თავისი მორალი და თავისი იდეალი, მასში სურს მისი ჩანერგვა; თქვენ გსურთ, რომ ის იყოს ბუნება, „სტოას შესაბამისად", და გსურთ აიძულოთ მთელი ყოფიერება, მხოლოდ თქვენი სახე და ხატი მიიღოს - სტოიციზმის უზომო, მარადი დიდებისა და საყოველთაო გავრცელებისთვის. ჭეშმარიტების თქვენეული სიყვარულით თქვენ საკუთარ თავს ისე ხანგრძლივად, ისეთი დაჟინებით, ისეთი ჰიპნოტური სიმკაცრით აიძულებთ ბუნება ყალბად დაინახოთ, სანამ საბოლოოდ სხვაგვარი მზერის უნარს არ ჰკარგავთ - ხოლო ერთგვარი ღრმად დაფარული ქედმაღლობა ბოლოს და ბოლოს გინერგავთ შლეგურ იმედს იმისა, რომ ვინაიდან თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის ტირანიზება (სტოიციზმი თვითტირანიაა), ბუნების ტირანიზებაც შესაძლებელია, რადგან ნუთუ სტოიკოსი ბუნების ნაწილი არ არის? მაგრამ ეს ძველი და მარადი ამბავია: რაც ოდესღაც სტოიკოსებს დაემართათ, ახლაც ხდება, როგორც კი რომელიმე ფილოსოფია საკუთარ თავს ირწმუნებს. იგი სამყაროს ყოველთვის საკუთარ სახედ და ხატად ქმნის, სხვაგვარად მას არ ძალუძს; ფილოსოფია თვით არის ეს ტირანული ინსტინქტი,  სულის ნება ძალაუფლების, „სამყაროს შექმნის", causa prima-სკენ.

    10

    სიბეჯითე და სინატიფე, მეტიც, მსურს ვთქვა - მოხერხება, რომლითაც დღეს ევროპაში ელოლიავებიან „რეალური და მოჩვენებითი სამყაროს პრობლემას, მოსმენისა და დაფიქრების საბაბს ქმნის; მას, ვისაც ამის მიღმა არაფერი ესმის, გარდა „ჭეშმარიტებისკენ ნებისა, მას, უეჭველია, არ აქვს საფუძველი, მახვილი სმენა დაიკვეხოს. ცალკეულ და იშვიათ შემთხვევებში

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1