Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

თვითშემეცნება (ნაწილი I)
თვითშემეცნება (ნაწილი I)
თვითშემეცნება (ნაწილი I)
Ebook506 pages5 hours

თვითშემეცნება (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ნიკოლაი ბერდიაევი ამ წიგნს აღწერს, როგორც "ფილოსოფიურ ავტობიოგრაფიას, სულისა და თვითშემეცნების ისტორიას". ეს წიგნი არა მხოლოდ ავტობიოგრაფიულია, ის ასევე კრიტიკული თვითშეგნების შრომაცაა. ბერდიაევი საკუთარ იდეებსა და საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ შესწავლას უქვემდებარებს, რათა თავისი "საკუთარი ხატი და საბოლოო ბედი" აღმოაჩინოს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 27, 2018
თვითშემეცნება (ნაწილი I)

Related to თვითშემეცნება (ნაწილი I)

Related ebooks

Reviews for თვითშემეცნება (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    თვითშემეცნება (ნაწილი I) - ნიკოლაი ბერდიაევი

    ნიკოლაი ბერდიაევი - თვითშემეცნება (ნაწილი I)

    Николай Александрович Бердяев – Самопознание (Часть I)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დიმიტრი უჩანეიშვილს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    თავი I. სათავე და წარმოშობა. მე და სამყარო. პირველი მამოძრავებლები. არისტოკრატული სამყარო

    თავი II. მარტოობა. სევდა. თავისუფლება. ამბოხი. სიბრალული. სულიერი ეჭვები და ბორგვანი. მსჯელობა ეროსის შესახებ

    თავი III. პირველი მოქცევა. ცხოვრების საზრისის ძიება

    თავი IV. ფილოსოფიური შემეცნების სამყარო. ფილოსოფიური საწყისები

    თავი V. მოქცევა რევოლუციისა და სოციალიზმისაკენ. მარქსიზმი და იდეალიზმი

    თავი VI. XX საუკუნის დასაწყისის რუსული კულტურული რენესანსი. შეხვედრები ადამიანებთან

    წინასიტყვაობა[1]

    ეს წიგნი დიდი ხნის წინ მქონდა ჩაფიქრებული. წიგნის ჩანაფიქრი მე თავისებურად მეჩვენება. საკუთარი თავის შესახებ შექმნილი წიგნები მეტისმეტად ეგოცენტრულია. „მოგონებათა" ლიტერატურაში ეს ხშირად გაღიზიანებას იწვევს. ავტორი სხვა ადამიანებსა და მოვლენებს იხსენებს და უმეტესწილად საკუთარი თავის შესახებ საუბრობს. არსებობს რამდენიმე სახის წიგნი, დაწერილი საკუთარი თავისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, არსებობს დღიური, რომელსაც ავტორი წლიდან წლამდე და დღიდან დღემდე აწარმოებდა. ეს უკიდურესად თავისუფალი ფორმაა, რომელიც დღეს ძალიან მოსწონთ ფრანგებს. ამიელის[2] „დღიური ამ ტიპის ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია. უფრო გვიანიდან - ა. ჟიდის Journal[3]. არსებობს აღსარებანი. ნეტარმა ავგუსტინემ და ჟ.ჟ. რუსომ გამორჩეული ნიმუშები შემოგვთავაზეს. არსებობს მოგონებები. ვეებერთელა ზომის ლიტერატურა, რომელიც ისტორიის მასალად გამოდგება. გერცენის „ნამყო და ფიქრები მოგონებათა უბრწყინვალესი წიგნია. დაბოლოს, არსებობს ავტობიოგრაფია, რომელიც ცხოვრების შიდა და გარეგან მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერს. ამ სახის ყველა წიგნი ცდილობს მეტი ან ნაკლები გულმართლობითა და სიზუსტით მოგვითხროს იმის შესახებ, რაც იყო, აღბეჭდოს წარსული. წარსულს, რასაკვირველია, ავტორის აზრები და გრძნობებიც ეკუთვნის. ჩემი წიგნი სრულად არც ერთ ამ სახეობას არ მიეკუთვნება. მე არასოდეს შემიქმნია დღიური. მე არ ვაპირებ საჯარო მონანიებას. არ მსურს მოგონებები ვწერო ჩემი ეპოქის ცხოვრების მოვლენების შესახებ, ეს არაა ჩემი მთავარი მიზანი. ეს არც ავტობიოგრაფია იქნება ამ სიტყვის ჩვეული გაგებით, რომელიც ჩემს ცხოვრებას აღწერს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. თუკი ეს იქნება ავტობიოგრაფია, ავტობიოგრაფია ფილოსოფიური, სულისა და თვითშემეცნების ისტორია. წარსულის შესახებ მოგონება არ შეიძლება პასიური იყოს, არ შეიძლება იყოს ზუსტი აღწერა და საკუთარი თავისადმი ეჭვნარევ დამოკიდებულებას იწვევს. მეხსიერება აქტიურია, მასში შემოქმედებითი, გარდამქმნელი მომენტი არსებობს და, შესაბამისად, მასთანაა დაკავშირებული მოგონების უზუსტობა, შეცდომა. მეხსიერება შერჩევას ახდენს, რაღაცას წინა პლანზე წამოწევს, მრავალს კი ივიწყებს, ზოგჯერ არაცნობიერად, ხანდახან კი ცნობიერადაც. ჩემი მოგონება ჩემი ცხოვრებისა და ჩემს მიერ განვლილი გზის შესახებ ცნობიერად აქტიური იქნება ანუ ჩემი აზრის, დღევანდელი დღის  შეცნობის შემოქმედებითი ძალისხმევა იქნება. ჩემი ცხოვრების ფაქტებსა და წიგნს შორის იქნება შეცნობის აქტი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. გოეთემ დაწერა წიგნი საკუთარი თავის შესახებ შესანიშნავი სათაურით „ჩემი ცხოვრების პოეზია და სიმართლე. მასში ყველაფერი სიმართლე არ არის, იგი პოეტის შემოქმედებასაც შეიცავს. მე არ ვარ პოეტი, მე ფილოსოფოსი ვარ. ჩემს მიერ საკუთარი თავის შესახებ დაწერილ წიგნში არ იქნება გამონაგონი, აქ იქნება ჩემი საკუთარი თავისა და ჩემი ცხოვრების ფილოსოფიური შეცნობა და გააზრება. ასეთი ფილოსოფიური შეცნობა და გააზრება არა მოგონებაა ნამყოს შესახებ, არამედ შემოქმედებითი აქტი, რომელიც აწმყოში ხორციელდება. ამ აქტის ღირებულება იმით განისაზღვრება, რამდენად აღემატება იგი დროს, რამდენად ხდება ეგზისტენციალური დროის ანუ მარადისობის თანაზიარი. მომაკვდინებელ დროზე გამარჯვება ჩემი ცხოვრების ძირითადი მოტივი იყო. ეს წიგნი გულახდილად და შეგნებულად ეგოცენტრულია. მაგრამ ეგოცენტრიზმი, რომელიც ყოველთვის შეიცავს რაღაც მიუღებელს, ჩემთვის იმით გამოისყიდება, რომ მე საკუთარ თავსა და ჩემს ცხოვრებისეულ ბედს ფილოსოფიური შემეცნების საგნად ვაქცევ. მე არ მსურს სულის გაშიშვლება, არ მსურს გარეთ გამოვიტანო ჩემი სულის ნედლეული. ეს წიგნი ჩანაფიქრის მიხედვით ფილოსოფიურია, ფილოსოფიურ პრობლემატიკას ეძღვნება. საქმე თვითშემეცნებას ეხება, საკუთარი თავის გაგების მოთხოვნას, საკუთარი ტიპისა და ბედის გააზრებას. ეგრეთ წოდებულ ეგზისტენციალურ ფილოსოფიას, რომლის სიახლე მე გადაჭარბებულად მეჩვენება, ფილოსოფია ესმის, როგორც ადამიანური არსებობის შემეცნება და სამყაროს შემეცნება ადამიანის არსებობის გავლით. მაგრამ უპირატესად ეგზისტენციალური საკუთარი არსებობაა. საკუთარი თავის შემეცნებისას ადამიანი ეზიარება საიდუმლოებებს, რომლებიც გამოუცნობია სხვებთან მიმართებით. მე განვიცადე სამყარო, მთელი სამყაროული და ისტორიული პროცესი, ჩემი დროის ყველა მოვლენა, როგორც ჩემი მიკროკოსმოსის ნაწილი, როგორც ჩემი სულიერი გზა. მისტიკურ სიღრმეზე ყველაფერი, რაც სამყაროს დაემართა, დამემართა მეც. და ჭეშმარიტი გააზრება იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროს თავს გადახდილი ისე გავიგო, როგორც ჩემს თავს მომხდარი. აქ ვეჯახები მე ჩემი წინააღმდეგობრივი ბუნების ძირითად დაბრკოლებას. ერთის მხრივ, მე ჩემი ეპოქის ყველა მოვლენას, სამყაროს მთელ ბედს განვიცდი, როგორც ჩემს საკუთარ ბედს, მეორეს მხრივ კი მტანჯველად განვიცდი სამყაროს გაუცხოვებას, ყველაფრის სიშორეს, ჩემს შეუკავშირებლობას ყველაფერთან. დღიურს რომ ვაწარმოებდე, ალბათ გამუდმებით დავწერდი სიტყვებს: „ეს ჩემთვის უცხო იყო, მე ვერაფერთან ვგრძნობდი შეკავშირებას, ისევ, ისევ ნაღველი სხვა რამის, ტრანსცენდენტურის გამო. მთელს ჩემს არსებობას ტრანსცენდენტურის გამო ნაღველის დაღი აზის.

    მე მომიწია ჩემი სამშობლოსა და მთელი სამყაროსთვის კატასტროფულ ეპოქაში ცხოვრება. ჩემს თვალწინ ნადგურდებოდა მთელი სამყაროები და იქმნებოდა ახლები. მე ვაკვირდებოდი ადამიანის ბედის უჩვეულო უკუღმართობას. მე ვიყავი ადამიანთა ტრანსფორმაციების, კონფორმიზმისა და ღალატის მოწმე, და ეს, შესაძლოა, ყველაზე მძიმე იყო ცხოვრებაში. იმ გამოცდებიდან, რომელთა ჩაბარებაც მომიწია, მე გამოვიტანე რწმენა, რომ „უზენაესი ძალა მიცავდა და არ უშვებდა ჩემს დაღუპვას. მოვლენებითა და ცვლილებებით ესოდენ დახუნძლულ ეპოქებს საინტერესოსა და მნიშვნელოვანს უწოდებენ ხოლმე, მაგრამ ეს ხომ უბედური და ტანჯული პერიოდებია ცალკეული ადამიანებისა და მთელი თაობებისთვის. ისტორია დაუნდობელია ადამიანის პიროვნებისადმი და ვერც კი ამჩნევს მას. მე გამოვიარე სამი ომი, რომელთაგან ორს შესაძლოა მსოფლიო ეწოდოს, ორი რევოლუცია რუსეთში, დიდი და მცირე, გამოვიარე ХХ საუკუნის დასაწყისის სულიერი რენესანსი, შემდეგ რუსული კომუნიზმი, მსოფლიო კულტურის კრიზისი, გადატრიალება გერმანიაში, საფრანგეთის დაცემა და მისი ოკუპაცია გამარჯვებულთა მიერ, მე გამოვიარე განდევნა, და ჩემი დევნილობა ჯერაც არ დასრულებულა. მე მტანჯველად განვიცდიდი საზარელ ომს რუსეთის წინააღმდეგ. და ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია, რით დასრულდება მსოფლიო ძვრები. ფილოსოფოსისთვის საკმარისზე მეტ მოვლენას ჰქონდა ადგილი: ოთხჯერ ვიყავი პატიმრობაში, ორჯერ ძველი რეჟიმის დროს და ორჯერ - ახლისა, სამი წლით ვიყავი გადასახლებული ჩრდილოეთში, ჩემს წინააღდეგ აღძრული იყო პროცესი, რომელიც ციმბირში სამუდამო გადასახლებას მიქადდა, გაძევებული ვიქენი საკუთარი სამშობლოდან და, სავარაუდოდ, სიცოცხლეს დევნილობაში დავასრულებ. იმავდროულად, არასოდეს ვიყავი პოლიტიკური ადამიანი. მრავალ რამესთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ, არსებითად და სიღრმისეულად არაფერს ვეკუთვნოდი, არაფერს ვეძლეოდი ბოლომდე, გარდა საკუთარი შემოქმედებისა. ჩემი არსების სიღრმე ყოველთვის რაღაც სხვას ეკუთვნოდა. მე არა მხოლოდ გულგრილი არ ვიყავი სოციალური საკითხებისადმი, არამედ მტკივნეულად განვიცდიდი მათ, გამაჩნდა „სამოქალაქო გრძნობა, მაგრამ, არსებითად, უფრო ღრმა აზრით, ასოციალური ვიყავი, არასოდეს ვყოფილვარ „საზოგადოებრივი ტიპი. საზოგადოებრივი მიმდინარეობები არასოდეს მთვლიდნენ სრულად თავისიანად. მე ყოველთვის „ანარქისტი ვიყავი სულიერ ნიადაგზე და „ინდივიდუალისტი".

    წიგნი თავისუფალ სტილშია დაწერილი, ის არ არის შებოჭილი სისტემატური გეგმით. იგი შეიცავს მოგონებებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მასში მოვლენებისა და ადამიანების შესახებ მოგონებები მონაცვლეობს განსჯასთან, ამ უკანასკნელს კი უფრო დიდი ადგილი უკავია. წიგნის თავები არა ქრონოლოგიურად დავალაგე, როგორც ტრადიციულად ხდება ავტობიოგრაფიებში, არამედ იმ თემებისა და პრობლემების შესაბამისად, რომლებიც მთელი ცხოვრება მტანჯავდნენ. თუმცა, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება დროში თანმიმდევრობასაც. ყველაზე დიდ სირთულეს იმაში ვხედავ, რომ შესაძლოა ერთი და იგივე თემა სხვადასხვა თავებში განმეორდეს. ერთადერთი გამართლება ისაა, რომ თემა ახალ გარემოებებსა და ახალ ურთიერთკავშირში წარმოჩნდება. ვწყვეტ საკუთარი თავით დავკავდე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის გამოხატვისა და საკუთარი პიროვნების განსახიერების მოთხოვნილებას განვიცდი, არამედ იმიტომაც, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ადამიანისა და ადამიანის ბედის პროლემის დასმასა და გადაწყვეტას, ისევე, როგორც ჩვენი ეპოქის გაგებისა. ამასთანავე, განვიცდი საკუთარი წინააღმდეგობების ახსნის მოთხოვნილებას. ასეთი სახის წიგნები უკავშირდება ადამიანის ყველაზე იდუმალ ძალას - მეხსიერებას. მეხსიერება და დავიწყება მონაცვლეობენ. მე მრავალ რამეს ვივიწყებ დროებით, მრავალი რამ უჩინარდება ჩემი ცნობიერებიდან, მაგრამ უფრო ღრმად ინახება. მე ყოველთვის მტანჯავდა დავიწყება. ხანდახან არა მხოლოდ მოვლენები მავიწყდებოდა, რომლებსაც მნიშვნელობა ენიჭებოდათ, არამედ ადამიანებიც, რომლებიც გარკვეულ როლს ასრულებდნენ ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ცუდი იყო. მეხსიერებას აღმდგენი ძალა გააჩნია, მას სიკვდილის დამარცხება სურს. მაგრამ დგებოდა წამი, როდესაც მე კვლავ ვიხსენებდი დავიწყებულს. ამ მეხსიერებას აქტიურ-გარდამქმნელი ხასიათი ჰქონდა. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც წარსულისკენ არიან მიმართულნი, მე მომავალს ვუმზერ. წარსულს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, როგორც მომავლის შემოქმედს. ჩემთვის არ არის დამახასიათებელი მწუხარების მდგომარეობა, რომელიც ახასიათებს წარსულისკენ მიმართულ ადამიანებს. ჩემთვის სევდის მდგომარეობაა დამახასიათებელი, რაც სრულიად განსხვავდება მწუხარებისგან. მე დრამატული პიროვნება მეტად ვარ, ვიდრე ლირიული, ეს კი ჩემს ავტობიოგრაფიაზე უნდა აისახოს. ვფიქრობ რა საკუთარი ცხოვრების შესახებ, მივდივარ დასკვნამდე, რომ ჩემი ცხოვრება არ იყო მეტაფიზიკოსის ცხოვრება ამ სიტყვის ჩვეული გაგებით. ის მეტისმეტად იყო დატვირთული ვნებებითა და დრამატული მოვლენებით, როგორც პირადით, ისე სოციალურით. მე ჭეშმარიტებას ვეძებდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ვერ ვუწოდებთ ბრძნულს, მასში გონება არ ბატონობდა, მეტისმეტად ბევრი იყო მასში ირაციონალური და მიზანშეუწონელი. ჩემი ცხოვრების ნათელი პერიოდები მონაცვლეობდა შედარებით ბნელ და მტანჯველ მონაკვეთებთან, აღმასვლის პერიოდებს ცვლიდა დაცემა. მაგრამ არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ შემიწყვეტია დაძაბული ფიქრი და ძიება. უმეტესად მსურს, რომ ჩემი ცხოვრების უფრო ნათელი და შემოქმედებითი პერიოდები აღვადგინო. ვისურვებდი, რომ მეხსიერებას დაემარცხებინა დავიწყება ყოველი ფასეულის მიმართ ცხოვრებაში. ერთს კი ცნობიერად გამოვრიცხავ - მე ნაკლებს ვისაუბრებ ადამიანების შესახებ, რომლებთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი პირადი ცხოვრებისა და ჩემი სულიერი გზისათვის. ეს გასაგებია. მაგრამ მეხსიერება ამას საუკეთესოდ ინახავს და ინახავს მარადისობისთვის. მარსელ პრუსტი, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედება დროის პრობლემას მიუძღვნა, თავის უკანასკნელ წიგნში (Le temps retrouve) ამბობს: „J'avais trop experimente l impossibilité d'atteindre dans la realite ce qui etait au fond moi-meme"[4]. ეს სიტყვები შემეძლო ჩემი წიგნის ეპიგრაფად გამომეყენებინა. ის, რის შესახებაც პრუსტი საუბრობს, მთელი ჩემი ცხოვრების გამოცდილება იყო. ჩემი წიგნის ჩანაფიქრი წინააღმდეგობრივი უკვე იმიტომაა, რომ ყველაზე გულდახურული ადამიანი საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობს. ეს ძალიან ძნელია. დისკრეტულობა არ მაძლევს უფლებას ვისაუბრო მრავალი რამის შესახებ, რაც უდიდეს როლს თამაშობდა არა მხოლოდ გარეგნულ, არამედ ჩემს შინაგან ცხოვრებაშიც.

    რთულად გამოსახატავია ის დადებითი ღირებულება, რომელიც სხვა ადამიანის სულთან ურთიერთობითაა მიღებული. ასევე რთულადაა გამოსახატავი ცხოვრების ფარული ტრაგიზმი. მიუხედავად ჩემში არსებული დასავლური ელემენტისა, მე თავს ჭეშმარიტების მაძიებელ რუსულ ინტელიგენციას ვაკუთვნებ. მე ვარ სლავიანოფილებისა და დასავლურად ორიენტირებულების, ჩაადაევისა და ხომიაკოვის, გერცენისა და ბელინსკის, მეტიც, ბაკუნინისა და ჩერნიშევსკის მემკვიდრე - მიუხედავად მსოფლმხედველობრივი განსხვავებისა, უფრო მეტად კი დოსტოევსკის, ტოლსტოის, ვლ. სოლოვიოვისა და ნ. ფიოდოროვის. მე რუსი მოაზროვნე და მწერალი ვარ. ჩემი უნივერსალიზმი, ჩემი დაპირისპირება ნაციონალიზმთან - რუსული თვისებებია. გარდა ამისა, მე საკუთარ თავს არისტოკორატ მოაზროვნედ ვთვლი, რომელმაც სოციალიზმის სიმართლე აღიარა. მეტიც, მე სოციალიზმის არისტოკრატობის გამომხატველად მთვლიდნენ. მე ვხელმძღვანელობდი სურვილით, მაქსიმალური სიმარტივითა და პირდაპირობით დამეწერა ეს წიგნი, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე. ის, რასაც მოგონების ხასიათი აქვს და ბიოგრაფიულ მასალას წარმოადგენს, მშრალად და ხშირად სქემატურად არის მოწოდებული. წიგნის ეს ნაწილები მე მჭირდებოდა განსხვავებულ ატმოსფეროთა აღსაწერად, რომელთა მეშვეობით გავდიოდი ჩემი სულის ისტორიას. მაგრამ მთავარი ეს არ არის წიგნში, მთავარი - თვითშემეცნებაა, საკუთარი სულისა და სულიერ ძიებათა შეცნობა. მე იმდენად არა გარემოს დახასიათება მაინტერესებს, რამდენადაც ჩემი რეაქციისა გარემოზე.

    Clamart და Pilat Plage, 1940 წ.

    თავი I. სათავე და წარმოშობა. მე და სამყარო. პირველი მამოძრავებლები. არისტოკრატული სამყარო

    „სამყარო არ არის აზრი, როგორც ფილოსოფოსები ფიქრობენ. სამყარო ვნებაა. ვნების გაციება ყოველდღიურობას გვაძლევს."

    ადამიანის სათავე მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეიძლება შეცნობილ და რაციონალიზებულ იქნას. პიროვნების, მისი ერთადერთობის საიდუმლო ბოლომდე არავისთვისაა გასაგები. ადამიანის პიროვნება მეტად იდუმალია, ვიდრე სამყარო. სწორედ ისაა მთელი სამყარო. ადამიანი - მიკროკოსმოსია და საკუთარ თავში ყველაფერს აერთიანებს. მაგრამ აქტუალიზებული და გაფორმებული მის პიროვნებაში მხოლოდ ინდივიდუალურად განსაკუთრებულია. ადამიანი იმავდროულად მრავალსართულიანი არსებაა. მე ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს ამ მრავალსართულიანობას. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამყაროზე პირველ რეაქციას არსებისა, რომელიც მასში ჩნდება. მე არ მახსოვს ჩემი პირველი შეყვირება, გამოწვეული ჩემთვის უცხო სამყაროსთან შეხვედრით, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ იმთავითვე ვგრძნობდი ჩემს თავს უცხო სამყაროში მოხვედრილად, ერთსა და იგივეს ვგრძნობდი ჩემი სიცოცხლის პირველ დღეს და დღესაც. მე ყოველთვის გამვლელი ვიყავი. ქრისტიანები თავს ისე უნდა გრძნობდნენ აქ, თითქოს მათ არ გააჩნიათ ქალაქი და მომავლის ქალაქს ეძიებენ. მაგრამ იმ პირველად გრძნობას, რომელსაც მე აქ აღვწერ, ჩემს თავს ქრისტიანულ ღირსებად და მიღწევად არ ვუთვლიდი. ხანდახან ისიც მეჩვენებოდა, რომ ეს რაღაც ცუდს შეიცავდა, ერთგვარ ბზარს სამყაროსა და ადამიანისადმი დამოკიდებულებაში. ჩემთვის უცხო იყო მიწაში ფესვგადგმულობის განცდა. ჩემთვის მეტად დამახასიათებელი სულის ორფეული გაგებაა, უმაღლესი სამყაროდან უმდაბლესში ჩამოქვეითების განცდა.

    სამყარო ხმების ვერ შეძლეს შეცვლა

    მიწის მოსაწყენმა ჰანგებმა[5].

    არასოდეს გამაჩნდა მამისა და დედისგან წარმომავლობის განცდა, არასოდეს მიგრძვნია, რომ მშობლებისგან ვიშვი. ყოველივე გვაროვნულის სიძულვილი - ჩემი დამახასიათებელი თვისებაა. მე არ მიყვარს ოჯახი და ოჯახურობა, მე მანცვიფრებს დასავლეთის ხალხთა მიჯაჭვულობა ოჯახურ საწყისებს. ზოგი მეგობარი ხუმრობით კაცთა მოდგმის მტერს მიწოდებდა. ამასთან ერთად კი ჩემთვის დამახასიათებელია ადამიანურობა. მე ყოველთვის მტანჯველი სიძულვილი მქონდა ადამიანთა მსგავსების, მშობლებისა და შვილების, დებისა და ძმების მსგავსების მიმართ. გვაროვნული მსგავსების თვისებები მე ადამიანის პიროვნების ღირსებასთან დაპირისპირებულად მეჩვენებოდა. მე მიყვარდა მხოლოდ „სახის არაზოგადი გამომეტყველება[6]. მაგრამ შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ მე არ მიყვარდა ჩემი მშობლები. პირიქით, მე მიყვარდა ისინი, მე მათ კარგ ადამიანებად ვთვლიდი, მაგრამ უფრო მშობელივით ვეპყრობოდი, ვუფრთხოდი, რომ ავად არ გამხდარიყვნენ, მათი სიკვდილის შესახებ აზრს კი მტანჯველად განვიცდიდი. შვილობის ძალიან სუსტი განცდა მქონდა ყოველთვის. მე არაფერს მეუბნებოდა „დედისეული წიაღი, როგორც ჩემი საკუთარი დედის, ისე დედამიწისა. დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო, მას მზეთუნახავადაც კი მიიჩნევდნენ. 50 წლის ასაკში ის ჯერ კიდევ ლამაზი ქალი იყო. მაგრამ ჩემში ვერასოდეს აღმოვაჩინე რაიმე მსგავსი ოიდიპოსის კომპლექსისა, რომლიდანაც ფროიდმა უნივერსალური მითი შექმნა. ნათესაობა ყოველთვის ყოველგვარი შეყვარებულობის გამომრიცხავად მეჩვენებოდა. სიყვარულის საგანი დაშორებული უნდა იყოს, ტრანსცენდენტური, არა ჩემი მსგავსი. სწორედ ამას ეფუძნებოდა „მშვენიერი ქალბატონის" კულტი. მე XX საუკუნის დასაწყისის რუსი რომანტიკოსი ვარ.

    წარმომავლობით არისტოკრატულ სამყაროს ვეკუთვნი. როგორც ჩანს, ეს შემთხვევითი არ არის და ამან დაღი დაასვა ჩემს სულიერ ფორმირებას. ჩემი მშობლები „მაღალ საზოგადოებას ეკუთვნოდნენ, და არა მხოლოდ თავადაზნაურობას. ჩვენს სახლში ძირითადად ფრანგულად საუბრობდნენ. ჩემს მშობლებს მნიშვნელოვანი არისტოკრატული კავშირები ჰქონდათ, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ ნახევარში. ეს კავშირები ნაწილობრივ ნათესაური იყო, ნაწილობრივ კი მამაჩემის სამსახურიდან გამომდინარეობდა კავალერგარდთა პოლკში. ბავშვობაში ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ჩემი მშობლები იყვნენ მეგობრები თავადის ქალ კოჩუბეისა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ალექსანდრე III-ზე. სასახლის კომენდანტი, გენერალ-ადიუტანტი ჩერევინი, რომელიც ასევე ახლოს იყო ალექსანდრე III-სთან, მამაჩემის მეგობარი იყო კავალგერდარდთა პოლკიდან. მამის მხრიდან მე სამხედრო ოჯახს ვეკუთვნი. ყველა ჩემი წინაპარი გენერალი და წმინდა გიორგის ორდენის კავალერი იყო, სამსახური ყველას კავალერგარდთა პოლკში ჰქონდა დაწყებული. ჩემი ბაბუა, მ.ნ. ბერდიაევი, დონის მხედრობის ატამანი იყო. დიდი ბაბუა, გენერალ-ანშეფი ნ.მ. ბერდიაევი, ნოვოროსიისკის გენერალ-გუბერნატორი გახლდათ. პავლე I-თან მისი მიმოწერა დაბეჭდილი იყო „Русская Старина-ში. მამა კავალერგარდთა პოლკის ოფიცერი იყო, მაგრამ ადრე დაანება სამსახურს თავი, თავის მამულში დასახლდა ობუხოვში, დნეპრის ნაპირზე, ერთხანს თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო, თურქეთის ომში სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა, შემდეგ კი მთელი 25 წლის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთის მხარის საადგილმამულო ბანკის გამგეობის თავმჯდომარედ იმსახურა. მას კარიერის კეთების არანაირი მიდრეკილება არ ჰქონდა,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1