Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

არისტოტელე
არისტოტელე
არისტოტელე
Ebook199 pages2 hours

არისტოტელე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

არისტოტელეს თხზულება "სულის შესახებ" პირველი მცდელობაა ანტიკურ სამყაროში მოცემული საგნის სისტემატური შესწავლისა. არისტოტელე სულს განიხილავს, როგორც ერთ მთლიანობას და აღწერს მის განსხვავებულ უნარებს არსის, მოქმედებისა და ურთიერთკავშირის თვალსაზრისით.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateMar 15, 2020
არისტოტელე

Related to არისტოტელე

Related ebooks

Reviews for არისტოტელე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    არისტოტელე - სულის შესახებ

    არისტოტელე - სულის შესახებ

    Ἀριστοτέλης - Περὶ Ψυχῆς

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის თამარ კუკავას

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წიგნი I

    წიგნი II

    წიგნი III

    წიგნი I

    თავი 1

    402a. ცოდნას ჩვენ ყველაზე უფრო მშვენიერ და პატივსაცემ მოვლენად ვთვლით, რადგან მისი ერთი სახეობა მეორეზე უკეთესია ან სიზუსტით, ანდა იმიტომ, რომ ეხება ყველაზე უკეთეს და საკვირველ საგნებს. ამ ორი გარემოების გამო გონივრული იქნება, თუ გამოკვლევას სულის შესახებ პირველ ადგილზე დავაყენებთ. ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველგვარი ჭეშმარიტების წვდომისათვის, განსაკუთრებით ბუნების მოვლენების შემეცნებისათვის. სული ხომ ცოცხალ არსებათა ერთგვარი საწყისია. ამიტომ შევეცადოთ განვჭვრიტოთ და შევიცნოთ მისი ბუნება და არსი, შემდეგ კი მისი შემთხვევითი თვისებები. ვფიქრობ, რომ ზოგი ამ თვისებათაგან საკუთრივ სულისთვისაა დამახასიათებელი, ზოგი კი სულის მეშვეობით ცოცხალ არსებებშიც გვხვდება. მაგრამ ამის შესახებ რაიმე გარკვეული ცოდნის მიღება ყველაზე ძნელია. ის, რასაც ჩვენ ვიკვლევთ, არის საერთო მრავალი განსხვავებული მოვლენისათვის. მე ვგულისხმობ მოვლენათა არსისა და რაობის კვლევას. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ერთი მეთოდი ყოველივე იმის შესახებ, რის არსის შეცნობაც ჩვენ გვსურს. ასევე უნდა არსებობდეს ერთი მტკიცება შემთხვევითი თვისებების შესახებ. სწორედ ეს მეთოდია საკვლევი. მაგრამ თუ არ არსებობს მოვლენათა არსის კვლევის ერთი მეთოდი, მაშინ კიდევ უფრო გაძნელდებოდა კვლევა, რადგან საჭირო გახდებოდა ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის დამოუკიდებელი მეთოდის მონახვა. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მიკვლეულია ის, იქნება ეს მტკიცება, დაყოფა, თუ სხვა რამ, მაშინაც იქმნება მრავალი დაბრკოლება და ეჭვი იმის შესახებ, თუ საიდან დავიწყოთ კვლევა, რადგან სხვადასხვა მოვლენებს სხვადასხვა საწყისები აქვთ, მაგალითად, რიცხვებსა და სიბრტყეებს.

    პირველ ყოვლისა, საჭიროა იმის განხილვა, თუ სული მოვლენათა რომელ გვარეობას განეკუთვნება და რას წარმოადგენს ის. მე ვგულისხმობ შემდეგს: რომელ კატეგორიას ეკუთვნის ის? არის ის სუბსტანციის, თვისების, რაოდენობის, თუ სხვა რომელიმე ზემოთქმული კატეგორიის კუთვნილება. 

    402b. შემდეგ, ეკუთვნის ის შესაძლებლობას, თუ სინამდვილეს? მათ შორის მცირე განსხვავება როდია. საკვლევია აგრეთვე კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა სულს ნაწილები? აგრეთვე ყველა სული ერთნაირია, თუ არა? თუ ერთნაირი არ არიან, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან, განსხვავდებიან სახით, თუ გვარით? როგორც ჩანს, ისინი, რომლებიც მსჯელობენ და იკვლევენ სულს, მხედველობაში აქვთ მხოლოდ ადამიანის სული. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან არც კითხვა იმის შესახებ, რომ მას ერთი ცნება აქვს, მაგალითად, ცხოველის ცნება, თუ თვითეულ გვარს აქვს განსხვავებული ცნება, მაგალითად ცხენს, ძაღლს, ადამიანს, ღმერთს? ხოლო ცხოველის ზოგადი ცნება ან საერთოდ არ არსებობს, ან არსებობს ამ კონკრეტული ცნებების შემდეგ. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმე მასზე რაიმე ზოგადს ამბობს. მაგრამ თუ სულები კი არაა ბევრი, არამედ მათი ნაწილებია ბევრი, მაშინ რა უნდა ვიკვლიოთ ადრე, მთელი სული, თუ მისი ნაწილები? ძნელია აგრეთვე იმის დადგენა, თუ სულის რომელი ნაწილებია განსხვავებული ერთმანეთისგან და რა უნდა ვიკვლიოთ ადრე, ნაწილები თუ მათი მოქმედება, მაგალითად, აზროვნება, თუ გონება, შეგრძნება, თუ შეგრძნების უნარი? ასევე სხვა შემთხვევებშიც. თუ ჯერ მოქმედება უნდა ვიკვლიოთ? კვლავ იშვება ასეთი სიძნელე: თავდაპირველად წინააღმდეგობის რომელი მხარე უნდა ვიკვლიოთ, აღსაქმელი საგანი, თუ აღქმის უნარი, გასააზრებელი საგანი, თუ გონება? როგორც ჩანს, არა მხოლოდ არსის კვლევაა საჭირო საგნების შემთხვევითი თვისებების მიზეზების დასადგენად (მაგალითად, მათემატიკაში სწორი და მრუდე ხაზის არსის კვლევა, ანდა ხაზისა და სიბრტყის კვლევა იმისთვის, რომ დავადგინოთ, თუ რამდენ სწორ კუთხეს შეადგენს სამკუთხედის კუთხეების ჯამი), არამედ პირიქითაც, შემთხვევითი თვისებების კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს საგნის არსის გაგებისათვის, რადგან როდესაც წარმოდგენის დახმარებით შეგვეძლება მსჯელობა ყველა ან უმრავლესობა შემთხვევითი თვისებების შესახებ, მაშინ მსჯელობას არსის შესახებ უკეთ შევძლებთ. ყოველი დასაბუთების საწყისი კი არის სუბსტანცია (არსი). ამრიგად, ისინი, რომლებსაც განსაზღვრებები 403a ვერ ეხმარება შემთხვევითი თვისებების გაგებაში და არც წარმოდგენა აქვთ მათზე, ცხადია, რომ ისინი მსჯელობენ დიალექტიკურად და ყოვლად უაზროდ.

    დაბრკოლება იშვება აგრეთვე სულის გრძნობადი ნაწილის განხილვისსას: ის საერთოა ყველა იმისათვის, რასაც სული აქვს, თუ არსებობენ სულისათვის სპეციფიკური გრძნობები? ამის დადგენა აუცილებელია, მაგრამ ადვილი არ არის. როგორც ჩანს, სულს უმეტეს შემთხვევაში სხეულის გარეშე არ ძალუძს არც განცდა და არც მოქმედება. მაგალითად, გააზრება, სიმამაცე, ლტოლვა და საერთოდ, არ შეუძლია შეგრძნება. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სულის სპეციფიკური თვისება უნდა იყოს აზროვნება. მაგრამ თუ ესეც წარმოდგენაა ან არ არსებობს წარმოდგენის გარეშე, მაშინ არც აზროვნება არსებულა სხეულისაგან დმოუკიდებლად. თუ სულს ახასიათებს რაიმე სპეციფიკური მოქმედება ან ვნება, მაშინ ის შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ თუ მას არა აქვს რაიმე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისება, მაშინ სული არ ყოფილა დამოუკიდებელი, არამედ ბევრი რამ შემთხვევითი ექნება. როგორც, მაგალითად, სპილენძის შეხება სწორ ხაზთან რომელიმე ერთ წერტილში, მაგრამ სპილენძი მას ეხება არა როგორც დამოუკიდებელი, არამედ როგორც ყოველთვის რომელიმე სხეულთან დაკავშირებული.

    როგორც ჩანს, ყველა სულიერი განცდა, როგორიცაა სიბრაზე, სიმშვიდე, შიში, სიბრალული, თავხედობა, აგრეთვე სიხარული, სიყვარული და სიძულვილი არის სხეულის განცდები, რადგან მასთან ერთად სხეულიც განიცდის. ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ძლიერი და თვალსაჩინო ვნებები არ იწვევენ არავითარ გაღიზიანებას, ან შიშს, ზოგჯერ კი სუსტი და მცირედი ვნებებიც კი იწვევენ სულის ამოძრავებას და სხეულის ისეთ აღგზნებას, როგორც მრისხანების დროს. ეს უფრო თვალსაჩინო გახდება შემდეგი მაგალითით. ადამიანი განიცდის შიშს მაშინაც, როცა არავითარი საშიში არ მომხდარა და თუ ეს ასეა, მაშინ ვნებები მატერიასთან დაკავშირებული განცდები ყოფილან. აქედან კი გამომდინარეობს განსაზღვრება, რომ სიბრაზე არის რომელიმე სხეულის ან მისი ნაწილის, ან მისი უნარის რაღაც მოძრაობა, გამოწვეული რაიმე მიზეზით და მიმართული რაიმე მიზნისკენ. ამიტომაც ბუნებისმეტყველების საქმეა საერთოდ სულის ან მხოლოდ ასეთი სულის განხილვა. მაგრამ ბუნებისმეტყველი და დიალექტიკოსი სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ საერთოდ ვნებებს და კერძოდ, სიბრაზის არსს. დიალექტიკოსი განსაზღვრავს მას, როგორც შეურცხყოფის საპასუხო მოქმედებას ან რაიმე ამდაგვარს. ბუნებისმე 403b. ტყველი კი მას განსაზღვრავს როგორც სისხლის და სითბოს ჩქროლვას გულის გარშემო. ამათგან პირველი გადმოგვცემს მატერიას, მეორე იდეას და ცნებას, ხოლო საგნის ცნება, თუ ის საერთოდ არსებობს, - აუცილებლად არსებობს გარკვეული სახის მატერიაში.

    მაგალითად, სახლის განსაზღვრება იქნება, რომ ის არის დამცველი ქარების, წვიმებისა და სიცხის დამღუპველი ზემოქმედებისაგან. მეორე დაასახელებს ქვებს, აგურებსა და ბოძებს, მესამე კი ფორმას, რომელიც მოცემულია ამ მატერიაში და აქვს გარკვეული მიზანი. რომელია ამათში ბუნებისმეტყველი? ის, რომელიც ასახელებს მატერიას, მაგრამ არ სცნობს ცნებას, თუ ის, რომელიც იყენებს მხოლოდ ცნებას, თუ უფრო მეტად ის, რომელიც იყენებს ორივეს? რას წარმოადგენს თვითეული მათგანი? ნუთუ არავინაა ისეთი, რომელიც იმსჯელებდა გრძნობებზე, როგორც მატერიის განუშორებელ თვისებაზე და არა როგორც განშორებადზე? ასეთია ბუნებისმეტყველი, რომელიც ყოველივე ამას გარკვეული სახის სხეულის და გარკვეული მატერიის

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1