Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

In Homo
In Homo
In Homo
Ebook201 pages2 hours

In Homo

Rating: 4.5 out of 5 stars

4.5/5

()

Read preview

About this ebook

"In Homo" დიმიტრი უჩანეიშვილის პირველი რომანია, რომელიც 2012 წელს გამოიცა და მყისვე მიიქცია კრიტიკოსთა და ლიტერატურის დარგის სხვა პროფესიონალთა ყურადღება. ნაწარმოები გამოგონილი პერსონაჟის, სიკვდილთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული მწერლის, დიმიტრი ჯაფარიძის რთულ სულიერ თავგადასავალს აღწერს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 13, 2014
ISBN9789941047046
In Homo

Related to In Homo

Related ebooks

Related categories

Reviews for In Homo

Rating: 4.5 out of 5 stars
4.5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    In Homo - დიმიტრი უჩანეიშვილი

    სარჩევი

    თავი I: აისი

    თავი II: დღე

    თავი III: მწუხრი

    თავი IV: უკუნი

    თავი I

    აისი

    ეს იყო პირველი შემთხვევა ოცდაორი წლის განმავლობისას, როდესაც ადამ ზეცუბო სამსახურში არ მიდიოდა. მესამე დღეა ავად იყო. მართალია ოდნავ უკეთ გრძნობდა თავს, მაგრამ ექიმმა არ მისცა ადგომის ნებართვა, კიდევ ორი დღე უნდა დარჩეო შინ. სამსახურში წასვლას ჩქარობდა. ორშაბათს აუცილებლად უნდა წავიდე ბანკში, ბევრი საქმე დამიგროვდებოდა. აუცილებლად უნდა წავიდე. - არწმუნებდა საკუთარ თავს. აბაზანაში იწვა და წუთებს ითვლიდა, პროცედურა კი კიდევ ორ საათს გაგრძელდებოდა. უსაქმოდ ყოფნა არ უყვარდა, არ შეეძლო არაფერი ეკეთებინა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, თუ გაკვეთილი არ დააინტერესებდა, იჯდა, გარემოსგან გარიყული და ერთი შეხედვით უცნაურ კითხვებს უსვამდა საკუთარ თავს. მაგალითად, რატომ არის ბატონი ჯონი სკოლის დირექტორი, ხოლო ბატონი ჯიმი - დარაჯი? ხომ შეიძლებოდა პირიქით ყოფილიყო ანუ ბატონი ჯიმი დირექტორი, ხოლო ბატონი ჯონი - დარაჯი? ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ პირიქით რომ ყოფილიყო, მსგავსი კითხვის დასმა ხომ მაინც შესაძლებელი იქნებოდა?! ან კიდევ: რატომ არის ბატონი ჯიმი ბატონ ჯონზე მაღალი? რა არის ამის მიზეზი? ასეთ და მის მსგავს კითხვას მრავლად სვამდა, თუმცა მხოლოდ კითხვებით არ შემოიფარგლებოდა, ზეცუბოს პასუხებიც სჭირდებოდა. ბევრს კითხულობდა, გამუდმებით წიგნებსა და ჟურნალებს სწავლობდა და რაღაცას იწერდა რვეულში. ჩვიდმეტი წლისას ასეთი რამდენიმე ათეული დაუგროვდა. რასაკვირველია, ინტენსიურად პასუხების ძიება დამქანცველი იყო. ამიტომ დასასვენებლად ერთგვარი თავშესაქცევი მოიგონა. წინადადებას აირჩევდა და სიტყვებს უცვლიდა ადგილს. მაგალითად, ხოლო რატომ არის სკოლის დარაჯი დირექტორი ბატონი ჯონი ბატონი ჯიმი? ან მაღალი ბატონი ჯიმი ბატონ ჯონზე რატომ არის? ეს თამაში, სადაც სიტყვების მექანიკური გადაადგილება სრულად უცვლიდა წინადადებას აზრს, ფრიად ახალისებდა. როდესაც ეს თამაშიც მობეზრდებოდა, ოცნებებს ეძლეოდა. გმირობა სურდა, ხშირად წარმოუდგენია, როგორ გადაარჩენდა აივნიდან გადმოვარდნილ მცირეწლოვან ბავშვს, ან ქუჩაზე გამოქცეულს აიტაცებდა და მანქანის ბორბლებს აარიდებდა. სიყრმის ასაკთან ერთად სახელის მოხვეჭის შესახებ დაფიქრდა, ძლიერ სურდა ისეთი რამ გაეკეთებინა, რომ მთელ სამყაროს გაეგო მისი სახელი. მაგალითად, რაიმე გამოეგონებინა ან ახალი თეორია შეექმნა. შემდეგ, წლებთან ერთად, ოცნებები გაიფანტა, კითხვები კი სულ სხვა სახის წამოვიდა წინა პლანზე, სადაც უმეტესწილად, სურდა თუ არა, თავად ფიგურირებდა. ცხოვრებაც მცირე დროს უტოვებდა მსგავსი ფიქრებისთვის და ისიც რუტინულ წრებრუნვაში ჩაება, რასაც ყოველდღიურობა ჰქვია, თუმცა კითხვები დროდადრო კვლავ ახსენებდა თავს, რასაც სხვა საფიქრალით სავსე გონება, როგორც წესი, უარყოფდა. უფრო ხშირად სიტყვების გადაადგილებით ერთობოდა, რასაც მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ძალისხმევა არ სჭირდებოდა. ახლაც, აბაზანაში ჩაწოლილს, ის თამაში გაახსენდა და სიტყვების გადაადგილებას შეუდგა: ბანკში აუცილებლად უნდა წავიდე… უნდა წავიდე ბანკში აუცილებლად… აუცილებლად უნდა წავიდე ბანკში…. გამოთვალა, რამდენი ვარიანტის შედგენა შეიძლებოდა ოთხი სიტყვით და განაგრძო: ბანკში წავიდე უნდა აუცილებლად… უნდა აუცილებლად წავიდე ბანკში…. უეცრად, გააცნობიერა რა სადავემოშვებულმა გონებამ, რომ ასპარეზი არსებობდა, უწინდელივით დაიქოქა, ჩაირთო, ამუშავდა და ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა მაპროვოცირებელი დატვირთვის მატარებელი გახდა. ეს იყო წამიერი, სხვაგვარი, არასტანდარტული ხედვა, რაც საგნებსა თუ მოვლენებს ახალ, არა სტერეოტიპად ქცეულ, დროდადრო სულაც საპირისპირო აზრს სძენს და ასეთად წარმოადგენს, დაახლოებით ისევე, როგორც კერპად შერაცხული ავტორიტეტის პირადად გაცნობისას ხვდება ადამიანი, რომ ისიც იმავე ჰაერს სუნთქავს და ისევე ინელებს საკვებს, როგორც სხვა. მსგავსი განცდა გამოიწვია სიტყვების უნებლიე გადაადგილებამ და ზეცუბოს თავში კითხვამ გაირბინა: რატომ უნდა წავიდე ბანკში?

    პირველად დასვა ასეთი კითხვა და ალბათ საერთოდაც პირველი ან მცირეთაგან ერთ-ერთი იყო, ვინც დიდი მიგრაციის შემდეგ მსგავს კითხვას სვამდა. მისი თაობა ისე გაზარდეს, რომ დაეჭვება არც ერთ წარმომადგენელს აზრადაც არ მოუვიდოდა. ისინი პროფესიონალები იყვნენ. მათ ასწავლეს, მისცეს საფუძვლიანი განათლება, მაგრამ ასწავლეს ერთი კონკრეტული საქმე, ყველაფრისგან მოწყვეტით, და სხვა არაფერი. ვიღაც ბანკირი იყო, სხვა - ლუდის მხარშავი, კიდევ ვიღაც - ექიმი და ა.შ., მაგრამ თითოეულმა მხოლოდ მისი საქმე იცოდა, იცოდა კარგად, უმეტესობამ ძალიან კარგად და, იმავდროულად, ღრმად იყო დარწმუნებული საკუთარი პროფესიის გარდუვალ აუცილებლობაში. ზეცუბოც ასე იყო გაზრდილი, მაგრამ კითხვა მაინც გაჩნდა და რადგან მარცვალი ჩავარდა, თანაც ნოყიერ ნიადაგში, მან გაღვივება იწყო: სხვა პროფესია რომ მქონოდა?

    მომდევნო დღეების განმავლობისას კითხვები იმდენჯერ დაუბრუნდა, რომ დაგროვილი საქმე არც გახსენებია. მართლაც, რატომ შეისწავლა საბანკო საქმე? რა იყო ამის მიზეზი? რით ფასობდა ეს პროფესია მისთვის? ვერ ვიტყვით, რომ უყვარდა ან რომ ეს მისი მისწრაფება გახლდათ. მშობლებს სურდათ შვილისთვის უზრუნველყოფილი მომავალი შეექმნათ და მათი აზრით ეს საქმე ყველაზე მეტად შეეფერებოდა ამ მიზანს. ზეცუბოს შესთავაზეს და ისიც შეუდგა სწავლას. ეს არ იყო არჩევანი, რადგან ასარჩევი არაფერი იყო. არასოდეს დაფიქრებულა იმის შესახებ, თუ რატომ აკეთებდა. აკეთებდა, ე.ი. ასე იყო საჭირო. სხვა პროფესია რომ ჰქონოდა, იმ საქმით იქნებოდა დაკავებული. ამან დააფიქრა.

    საქმეში სრულად იყო ჩართული და ამიტომ მისი შეფასება უჭირდა, როგორც ადამიანს, რომელიც შენობაში ყოფნისას ვერაფერს ამბობს მისი გარეგნული იერსახის შესახებ. რაც შეეხება საქმეში ჩართულობას, იგი მხოლოდ სამსახურში სიარულს და ხარისხიანად მუშაობას არ გულისხმობდა. სამსახური, ფართო გაგებით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც გრძელდებოდა. ეს უწყვეტი ციკლი იყო. უნდა ითქვას, რომ მუშაობდა ყველა, ხოლო დასრულების შემდეგ პროფესიულ კლუბში მიემართებოდა, სადაც საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა თუ მიღწევების შეფასება ხდებოდა. საგანგებოდ ამ მიზნისთვის შექმნილი კომპანიებიც კი არსებობდა, რომელთა ფუნქცია ერთ საკითხზე ადამიანების მაქსიმალურად ფოკუსირება იყო. არსებობდა ბანკირთა, ექიმთა, მშენებელთა, ფერმერთა და ა.შ. კლუბები.

    კითხვების ფონზე, ვერ ვიტყვით, რომ იმედგაცრუებული დარჩა პროფესიასთან მიმართებით, მაგრამ მცირედი სკეპტიციზმი მაინც გაჩნდა მასში. ერთი იყო ის ცოდნა, რომელიც გააჩნდა, ის, რაც ასწავლეს. ეს იყო ცოდნა იმისა, რომ საბანკო საქმიანობა აუცილებელია ზოგადად ეკონომიკის, ისევე როგორც ცალკეული ადამიანისა და ორგანიზაციისთვის, რომ ბანკი არის ფულის ბაზრის ნაწილი, რომ კრედიტი ეხმარება ადამიანებსა და ბიზნესებს წინსვლაში, ის არის განათლების, საქმის გაფართოების, კეთილდღეობის ზრდის წინაპირობა. ეს მას კვლავ ღრმად სწამდა, მაგრამ მხოლოდ ეს იყო? იქნებ კიდევ არსებობდა რაიმე? ხომ დასაშვები იყო, რომ მან რაღაც არ იცოდა, რომ ამ საქმეს სხვა მახასიათებლებიც ჰქონდა? ფიქრს შეუდგა, ფაქტები გააანალიზა, მაგრამ ქრესტომათულ დებულებებს ვერ გაცდა. ინფორმაციის სხვა წყაროს აუცილებლობა დადგა. აქ უნდა ითქვას, რომ ეს იყო დრო, როდესაც წიგნი ფიზიკური, ხელშესახები ფორმით დიდი ხანია არქაიზმს წარმოადგენდა. წიგნი, გაზეთი, ჟურნალი და ნებისმიერი სხვა სახის პუბლიკაცია უმეტესწილად ვირტუალური ფორმით არსებობდა. აღნიშნული ორ მიზანს ემსახურებოდა, როგორც თითქმის ყველაფერი. ერთის მხრივ, იზოგებოდა ბუნებრივი რესურსი ხე-ტყის სახით, ხოლო, მეორეს მხრივ, წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ ასე აცხადებდნენ). ვირტუალური მართკუთხედი მოხაზა და სივრცე შეაღო. ძიებას შეუდგა. ისეთი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1