Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში
მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში
მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში
Ebook502 pages5 hours

მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ერკუილ პუარო "აღმოსავლეთის ექსპრესით" მგზავრობს და, როგორც ყოველთვის, თავსატეხ ისტორიაში აღმოჩნდება ჩათრეული. პირველ კლასის ვაგონშ მამაკაცის გვამია. პუაროს მოუწევს გახსნას დანაშაული, რომელშიც მკვლელი შესაძლოა რესპექტაბელურ მგზავრთაგან ნებისმიერი იყოს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

Related to მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

Related ebooks

Reviews for მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში - აგათა კრისტი

    აგათა კრისტი - მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

    Agatha Christie - Murder on the Orient Express

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის უშანგი ბახტაძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი პირველი. ფაქტები

    თავი პირველი. ექსპრეს „ტავრიში" ღირსეული კაცი ჯდება

    თავი მეორე. სასტუმრო „ტოკატლიანი"

    თავი მესამე. პუარო კლიენტს უარს ეუბნება

    თავი მეოთხე. ყვირილი ღამეში

    თავი მეხუთე. დანაშაული

    თავი მეექვსე. ქალია?

    თავი მეშვიდე. გვამი

    თავი მერვე. დეიზი არმსტრონგის მოტაცების ამბავი

    ნაწილი მეორე. მოწმეთა ჩვენებები

    თავი პირველი. საძილე ვაგონის გამცილებლის ჩვენება

    თავი მეორე. მდივნის ჩვენება

    თავი მესამე. მსახურის ჩვენება

    თავი მეოთხე. ხანდაზმული ამერიკელი ქალის ჩვენება

    თავი მეხუთე. შვედი ქალის ჩვენება

    თავი მეექვსე. თავადის ქვრივის ჩვენება

    თავი მეშვიდე. გრაფ ანდრენისა და მისი მეუღლის ჩვენება

    თავი მერვე. პოლკოვნიკ არბეტნოტის ჩვენება

    თავი მეცხრე. მისტერ ჰარდმანის ჩვენება

    თავი მეათე. იტალიელის ჩვენება

    თავი მეთერთმეტე. მის დებენჰემის ჩვენება

    თავი მეთორმეტე. მოახლის ჩვენება

    თავი მეცამეტე. პუარო აჯამებს შედეგებს

    თავი მეთოთხმეტე. სამხილი, იარაღი

    თავი მეთხუთმეტე. მგზავრების ბარგი

    ნაწილი მესამე. ერკიულ პუარო სავაძელში მოხერხებულად ჯდება და ფიქრებს ეძლევა

    თავი პირველი. რომელია?

    თავი მეორე. ათი კითხვა

    თავი მესამე. ზოგიერთი არსებითი დეტალი

    თავი მეოთხე. ლაქა უნგრულ პასპორტში

    თავი მეხუთე. თავადის ქვრივის დრაგომიროვას სახელი

    თავი მეექვსე. მეორე ინტერვიუ პოლკოვნიკ არბენოტთან

    თავი მეშვიდე. მერი დებენჰემის პიროვნება

    თავი მერვე. ახალი გასაოცარი აღმოჩენები

    თავი მეცხრე. პუარო დანაშაულის ორგვარ ახსნას იძლევა

    განმარტებები

    ნაწილი პირველი. ფაქტები

    თავი პირველი. ექსპრეს „ტავრიში" ღირსეული კაცი ჯდება

    სისხამი დილა იყო. ყინავდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა.

    სირიის სადგურ ალეპოს პლატფორმასთან იდგა მატარებელი, რომელიც სარკინიგზო ცნობარებში ექსპრეს „ტავრის" სახელწოდებით იყო აღნიშნული. ექსპრესი შედგებოდა ვაგონ-რესტორნის, ერთი საძილე და ორი ადგილობრივი მიმოსვლის ვაგონისაგან.

    საძილე ვაგონის შესასვლელთან საფრანგეთის არმიის ახალგაზრდა ლეიტენანტი თავისი მუნდირის ბრწყინვალებით იწონებდა თავს. იგი ესაუბრებოდა ტანმორჩილ მამაკაცს, რომელიც ათასგვარი შალებითა და შარფებით ყურებამდე შეფუთულიყო და მხოლოდ გაწითლებული ცხვირი და მრისხანედ აპრეხილი ულვაშის ბოლოები მოუჩანდა.

    საშინლად ციოდა. ასეთ ამინდში საპატიო სტუმრის გაცილება არცთუ სახარბიელო იყო, მაგრამ ლეიტენანტი დიუბოსკი მაინც მამაცურად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დახვეწილი ფრანგულით წამდაუწუმ წარმოთქვამდა მაღალფარდოვან ფრაზებს. სიმართლე რომ ითქვას, მას საქმის არაფერი გაეგებოდა, თუმცა, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე, გარნიზონში რაღაც მითქმა-მოთქმა შეიქნა, ხოლო გენერალს, სწორედ იმ გენერალს, რომლის ხელქვეითიც ლეიტენანტი დიუბოსკი იყო, უეცრად განწყობილება გაუფუჭდა. იმ დროს საიდანღაც, მგონი შორეული ინგლისიდან, ეს ბელგიელი ჩამოვიდა. გარნიზონმა მთელი კვირა შეუცნობელ შიშში გაატარა. შემდეგ დიდი ამბები დატრიალდა. ერთმა ფრიად თვალსაჩინო ოფიცერმა თავი მოიკლა, მეორე გადადგა... მალე კვლავ დამშვიდდნენ, ზოგიერთი მკაცრი სამხედრო წესიც გააუქმეს, ხოლო ის გენერალ-ლეიტენანტი, რომელსაც დიუბოსკი ემორჩილებოდა, უეცრად თითქოს მთელი ათი წლით გაახალგაზრდავდა.

    დიუბოსკიმ ერთხელ შემთხვევით მოჰკრა ყური „თავის" გენერალსა და უცნობს შორის გამართული საუბრის ნაწყვეტს: „თქვენ გვიხსენით, Mon cher[1], - აღელვებით ლაპარაკობდა გენერალი, რომელსაც ჭაღარა ულვაშები უთრთოდა. - თქვენ იხსენით საფრანგეთის არმიის ღირსება. თავიდან აგვაცილეთ სისხლისღვრა! არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ, რომ ჩემი თხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ შორეთში ჩამოხვედით".

    ამაზე უცნობმა (მას ერკიულ პუარო ერქვა) სათანადო ღირსებით მიუგო: „რას ბრძანებთ, გენერალო, განა შემიძლია იმის დავიწყება, რომ სიკვდილს გადამარჩინეთ?!" გენერალმაც, თავის მხრივ, შესაბამისი ფრაზა წარმოთქვა, რომელშიც უარყო საკუთარი დამსახურება... და საუბარში კვლავ გაისმა საფრანგეთი, ბელგია, დიდება, ღირსება... შემდეგ მეგობრები გულითადად გადაეხვივნენ ერთმანეთს და საუბარიც დამთავრდა,

    თუ რას შეეხებოდა მათი საუბარი, ლეიტენანტმა ახლაც არ იცოდა. მაგრამ ექსპრეს ტავრით პუაროს გაცილების საპატიო დავალება მას დაეკისრა და ისიც დიდი იმედის მომცემი ახალგაზრდა ოფიცრის საკადრისი მგზნებარებითა და გულმოდგინებით ასრულებდა მას.

    - დღეს კვირაა, - ამბობდა ლეიტენანტი დიუბოსკი, - ხვალ საღამოს, ე. ი. ორშაბათს, თქვენ სტამბულში იქნებით.

    ამ მოსაზრებას იგი უკვე მერამდენეჯერ იმეორებდა. თუმცა საუბარში, რომელიც წინ უსწრებს ხოლმე მატარებლის გასვლას, განმეორებები გარდუვალია.

    - დიახ, ასეა, - დაეთანხმა პუარო.

    - ალბათ, იქ რამდენიმე დღეს დაჰყოფთ.

    - Mais, oui[2]. სტამბულში არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან საწყენი იქნებოდა, მისთვის გვერდი რომ ამევლო comme ca[3], - და მან მნიშვნელოვანი გამომეტყველებით თითები გაატკაცუნა. - არსად მიმეჩქარება და შემიძლია, როგორც ტურისტმა იქ კარგა ხანი დავყო, - დასძინა ბოლოს.

    - La Sainte Sophie[4] ძალიან ლამაზია, - თქვა ლეიტენანტმა დიუბოსკიმ, რომელსაც ეს ტაძარი არასოდეს ენახა.

    ცივმა ქარმა წამოუქროლა... მამაკაცები მოიბუზნენ. ლეიტენანტმა დიუბოსკიმ თვალები მალულად საათისაკენ გააპარა. ხუთს ხუთი წუთი აკლდა. მატარებლის გასვლამდე ხუთი წუთი რჩებოდა. იმის შიშით, რომ სტუმარს მისთვის მოუთმენლობა არ შეემჩნია, ლეიტენანტმა სასწრაფოდ რეპლიკა მოიშველია.

    - წელიწადის ამ დროს იშვიათად თუ ვინმე მოგზაურობს, - თქვა მან და საძილე ვაგონის ფანჯრები ჩაათვალიერა.

    - მართალს ბრძანებთ, - დაეთანხმა პუარო.

    - იმედია, ტავრის მთებში ნამქერი არ შეგაფერხებთ!

    - ხდება კი ასეთი რამ?

    - მოხდა. თუმცა ამ წელს არა.

    - რა გაეწყობა, უკეთესის იმედი გვექნება. - თქვა პუარომ. - როგორი ცნობებია ევროპიდან ამინდზე, ცუდი?

    - ძალიან ცუდი. ბალკანეთში დიდი თოვლი მოსულა.

    - როგორც გავიგე, გერმანიაშიც.

    - Eh bien[5], - სასწრაფოდ წარმოთქვა ლეიტენანტმა დიუბოსკიმ, რომელიც შიშობდა, კვლავ უხერხული დუმილი არ ჩამოვარდნილიყო, - ხვალ, საღამოს, შვიდ საათსა და ორმოც წუთზე, თქვენ კონსტანტინეპოლში იქნებით.

    - დიახ, - მიუგო მუსიე პუარომ და საუბრის გაგრძელების მიზნით დასძინა: - ამბობენ, წმინდა სოფია ძალიან ლამაზიაო...

    - ეტყობა, მართლაც შესანიშნავია.

    ერთ-ერთ კუპეში ფარდა გადაიწია და ფანჯარაში ახალგაზრდა ქალმა გამოიხედა.

    მერი დებენჰემს გასულ ხუთშაბათს აქეთ, ბელგრადიდან გამომგზავრების შემდეგ, თითქმის თვალი არ მოუხუჭავს. მას არ სძინებია არც კირკუკამდე და არც მოსულში, მგზავრთა მოსასვენებელ ოთახში. მატარებელში დაძინება ვერც წინა ღამეს მოახერხა. ახლა უძილობით და კუპეს სულისშემხუთველი სიცხით გათანგული წამოდგა და ფანჯარაში გამოიხედა.

    ეს ალეპო უნდა იყოს. რასაკვირველია, აქ არაფერია ისეთი, ნახვად რომ ღირდეს: გრძელი, ცუდად განათებული პერონი; სადღაც მახლობლად არაბულ ენაზე უშვერი გინება ისმის. ფანჯარასთან ორი მამაკაცი ფრანგულად ლაპარაკობს. ერთი ფრანგი ოფიცერია, მეორე - ვეებაულვაშებიანი ტანმორჩილი მამაკაცი. მერი დებენჰემს ოდნავ გაეღიმა. ასე შეფუთვნილი მამაკაცი არასოდეს ენახა! მაშ, აქ ძალიან უნდა ციოდეს. აი თურმე რატომ ახურებენ ასე მატარებელს. ქალიშვილი შეეცადა ფანჯარა უფრო დაბლა ჩამოეწია, მაგრამ ვერ შეძლო.

    საძილე ვაგონის გამცილებელი მამაკაცებს მიუახლოვდა.

    - მატარებელი მალე გავა, - თქვა მან. - მუსიე, დროა ვაგონში აბრძანდეთ.

    ტანმორჩილმა კაცუნამ ქუდი მოიხადა. „რა უცნაური თავი აქვს - ნამდვილი კვერცხია!" - გაივლო გუნებაში მერი დებენჰემმა და ფიქრებით დანისლულ სახეზე ღიმილი მოეფინა. ერთობ სასაცილო კაცუნაა! ასეთ ჯუჯას, როგორც წესი, სერიოზულ ყურადღებას არავინ აქცევს. ლეიტენანტმა დიუბოსკიმ სწორედ ამ მომენტისათვის წინასწარმოფიქრებული გამოსამშვიდობებელი ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა.

    - პუაროს არ უნდოდა ვალში დარჩენილიყო და ისიც იმავე სულისკვეთებით პასუხობდა ლეიტენანტ დიუბოსკის.

    - En voiture[6], მუსიე, - უთხრა გამცილებელმა.

    პუარო ვაგონში ავიდა, მაგრამ მთელი არსებით პროტესტს გამოხატავდა ასეთი სწრაფი განშორების გამო. მას გამცილებელიც აჰყვა. დამშვიდობების ნიშნად პუარომ ხელი დაიქნია. ლეიტენანტი დიუბოსკი მხედრულად გაიჭიმა. მატარებელმა მძლავრად გაიწია და ლიანდაგებზე ნელა გასრიალდა.

    - Enfin[7], - წაიბუზღუნა ერკიულ პუარომ.

    - ბრრ, - მოიბუზა ლეიტენანტი დიუბოსკი, რომელმაც მხოლოდ ახლა იგრძნო, თუ რა ზორბად გათოშილიყო.

    *

    - Voila[8], მუსიე, - თქვა გამცილებელმა და მეტყველი მოძრაობით პუაროს ყურადღება მდიდრულად მოწყობილ კუპეზე მიაპყრო. განსაკუთრებით იმაზე მიუთითა, თუ როგორ აკურატულად და მზრუნველობით იყო მოთავსებული ბარგი ადგილზე. - პატარა ჩემოდანი აი აქ დავდე, მუსიე. - დასძინა მან.

    გამცილებლის გაწვდილი ხელი აშკარად მეტყველებდა. პუარომაც არ დააყოვნა და მასში ორად გაკეცილი კუპიური ჩადო.

    - Merci, მუსიე, - გამცილებელმა ერთბაშად იგრძნო ენერგიის მოზღვავება და საქმიან ტონზე გადავიდა: - ბილეთები, მუსიე, ჩემთანაა. მიბოძეთ პასპორტი, მუსიე სტამბულში აპირებს ჩასვლას, ასეა ხომ?

    - მატარებელში ახლა, ალბათ, მგზავრები ცოტაა? - ჰკითხა პუარომ.

    - ცოტაა მუსიე, თქვენ გარდა კიდევ ორი მგზავრი მყავს - ორივე ინგლისელია. პოლკოვნიკი ინდოეთიდან და ახალგაზრდა ქალი ბაღდადიდან. კიდევ რაიმე ნებავს მუსიეს?

    მუსიემ პატარა ბოთლი პერიე შეუკვეთა.

    „დილის ხუთი საათი არცთუ მოხერხებული დროა მოგზაურობის დასაწყებად", - გაიფიქრა პუარომ. გათენებამდე კიდევ ორი საათი რჩება. კმაყოფილი იმით, რომ მასზე დაკისრებული დელიკატური მისია წარმატებით შეასრულა, პუარო მოიკუნტა, კუთხეში მიჯდა და იმ შეგნებით ჩაიძინა, რომ ამ ღამით დიდხანს ძილი მაინც არ მოუწევდა.

    როდესაც გამოეღვიძა, უკვე ათის ნახევარი იყო და ყავის დასალევად ვაგონ-რესტორნისაკენ გასწია.

    იქ მხოლოდ ერთი ქალი იჯდა, ალბათ, სწორედ ის ახალგაზრდა ინგლისელი, რომლის შესახებაც გამცილებელი მოუთხრობდა, - მაღალი, ტანადი, მუქთმიანი, ასე ოცდარვა წლისა. ქალიშვილს თავი თავისუფლად და ამაყად ეჭირა. იმის მიხედვით, თუ როგორ მიირთმევდა საჭმელს, ან როგორი მბრძანებლური კილოთი მიმართავდა ოფიციანტს, ჩანდა, რომ ბევრის მნახველი მოგზაური იყო. მას თხელი ქსოვილის მუქი სამგზავრო კოსტიუმი ეცვა, რომელიც ზედმიწევნით შეეფერებოდა ვაგონის სულისშემხუთველ ატმოსფეროს.

    მუსიე პუარო, რომელსაც საქმე არ ჰქონდა, მალულად აკვირდებოდა ქალიშვილს.

    „გაბედული ახალგაზრდა ქალი ჩანს, - დაასკვნა მან, - თავს იოლად არავის დააჩაგვრინებს". ქალიშვილი წარმოსადეგი იყო. პუაროს მისი ნაკვთების მკაცრი ჰარმონიულობა და მკრთალი გამჭვირვალე კანიც კი მოეწონა. მოეწონა აგრეთვე ქალიშვილის ტალღისებური კუპრივით შავი თმა და ცივი, აღუშფოთველი ნაცრისფერი თვალები. მაგრამ, პუაროს აზრით, ასული ზედმეტად ფხიანი ჩანდა, რის გამოც არ შეეძლო მისთვის jolie femme[9] ეწოდებინა.

    მალე რესტორანში მზემოკიდებული, მაღალი, გამხდარი, საფეთქლებშევერცხლილი მამაკაცი შემოვიდა. იგი ორმოციორმოცდაათი წლისა იქნებოდა.

    „პოლკოვნიკი ინდოეთიდან", - გაიფიქრა პუარომ. შემოსული ქალიშვილს მიესალმა.

    - დილა მშვიდობისა, მის დებენჰემ.

    - დილა მშვიდობისა, პოლკოვნიკო არბეტნოტ.

    პოლკოვნიკი პატარა მაგიდასთან შეჩერდა და სკამის საზურგეს დაეყრდნო.

    - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? - ჰკითხა მან.

    - რასაკვირველია, არა. დაბრძანდით.

    - იცით რა, საუზმის დროს ყოველთვის როდი ვარ საუბრის ხასიათზე.

    - აი თურმე რა. მაგრამ სულ ერთია, არ ვიკბინები.

    პოლკოვნიკი დაჯდა.

    - ბოი, - მბრძანებლურად იხმო მან ოფიციანტი და კვერცხები და ყავა შეუკვეთა.

    წუთით მან მზერა ერკიულ პუაროზე შეაჩერა, მაგრამ მყისვე გულგრილად სადღაც სივრცეში გაიხედა. ერკიულ პუარომ, რომელსაც კარგად ესმოდა ინგლისელების, პოლკოვნიკის მზერაში ამოიკითხა: „ერთი ქეციანი უცხოელია მხოლოდ და მეტი არაფერი!"

    ინგლისელებს, როგორც მოსალოდნელი იყო, თითქმის ხმა არ ამოუღიათ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფრაზას. შედეგ ქალიშვილი წამოდგა და თავის კუპეში დაბრუნდა.

    სადილის დროს ისინი ისევ ერთად ისხდნენ და კვლავ არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ მესამე მგზავრს. ამჯერად, მათ შორის საუბარს უფრო ცხოველი ხასიათი ჰქონდა, პოლკოვნიკი არბეტნოტი ქალიშვილს პენჯაბზე მოუთხრობდა და დროდადრო მას ბაღდადის შესახებ ეკითხებოდა, სადაც, როგორც საუბრიდან გამოირკვა, მერი დებენჰემი აღმზრდელად მუშაობდა. მალე მათ საერთო ნაცნობებიც აღმოაჩნდათ. ორივენი გამოცოცხლდნენ და უფრო გაუშინაურდნენ ერთმანეთს. პოლკოვნიკმა ისიც კი ჰკითხა მის დებენჰემს, პირდაპირ ინგლისში წავიდოდა, თუ სტამბულში გაჩერდებოდა.

    - არა, არ გავჩერდები.

    - და არ ნანობთ ამას?

    - ორი წლის წინათ ამავე გზით ვიმგზავრე და მაშინ სტამბულში სამი დღე დავყავი.

    - გასაგებია. რა გაეწყობა, უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ მოხარული ვარ. არც მე ვაპირებ სადმე გაჩერებას.

    მან უხერხულად დახარა თავი და ოდნავ გაწითლდა.

    „ეტყობა, ქალის ეშხი ჩვენს პოლკოვნიკზედაც მოქმედებს", - გაიფიქრა ერკიულ პუარომ. ამ აზრმა გაართო. რას იზამთ, საზღვაო მოგზაურობათა მსგავსად, რკინიგზით მგზავრობაც ხელს უწყობს რომანებს.

    მის დებენჰემმა მშვიდად და ერთობ თავშეკავებულად მიუგო, რომ ეს მისთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო.

    პუარომ დაინახა, რომ პოლკოვნიკმა ქალიშვილი კუპემდე მიაცილა.

    მოგვიანებით, როცა ექსპრესი ტავრის მთების წარმტაც სანახებში შევიდა, ქალიშვილი და პოლკოვნიკი ერთად იდგნენ ფანჯარასთან. ხოლო როდესაც ფანჯრიდან კილიკიის კარიბჭე გამოჩნდა, ინგლისელების მახლობლად მდგარმა პუარომ გაიგონა, თუ როგორ ამოიოხრა ქალიშვილმა და ჩურჩულით თქვა:

    - რა მშვენიერია! როგორ მინდოდა...

    - რა?

    - მშვიდად დავმტკბარიყავი ყოველივე ამით!

    არბეტნოტს პასუხი არ გაუცია. კვადრატული ყბები, თითქოს კიდევ უფრო წინ წამოეწია.

    - ღმერთმა იცის რამდენს გავიღებდი, ოღონდ ეს აგშორებოდათ.

    - ჩუმად, გემუდარებით, ჩუმად!

    - ო, არა უშავს, - პოლკოვნიკმა პუაროს მხარეს მწყრალი მზერა გააპარა და განაგრძო: - არაფრად მეპიტნავება აღმზრდელად თქვენი მუშაობა - დამთხვეულ დედებთან და მათ აბეზარ ნაბუშრებთან ხელზე მოსამსახურედ ყოფნა.

    ქალიშვილმა ისე გაიცინა, გეგონებოდათ, ჩვეულმა თავშეკავებამ წუთით უმტყუნაო.

    - ოჰ, რას ბრძანებთ! ასეთი ბეჩავი აღმზრდელები შორეულ წარსულს ჩაბარდნენ. გარწმუნებთ, მშობლებს აქვთ ჩემი შიში და არა პირიქით.

    ორივენი გაჩუმდნენ. არბეტნოტს, როგორც ჩანდა, თავისი გულისწადილის გამომჟღავნებისა შერცხვა.

    „აქ რაღაც უცნაური კომედია თამაშდება", - გაიფიქრა პუარომ.

    ამ აზრს იგი შემდეგშიაც არაერთხელ დაუბრუნდა.

    ისინი კონიუში გვიან ღამით, თორმეტის ნახევარზე, ჩავიდნენ.

    მგზავრობით დათენთილმა ინგლისელებმა დათოვლილ პერონზე გაისეირნეს.

    პუარო ფანჯრიდან ადევნებდა თვალს სადგურის მშფოთვარე ცხოვრებას, მაგრამ ათიოდე წუთის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სუფთა ჰაერზე გავლა არც მისთვის იქნებოდა ურიგო.

    პუარო გულმოდგინედ შეიმოსა - თბილად ჩაიცვა, სახე მოიბურა, თავისი საუცხოო ფეხსაცმელები კალოშებში წაყო და ასე შეფუთვნილი გაუბედავად დაეშვა კიბეზე. ისიც ნაბიჯებით პერონის გაზომვას შეუდგა. ასე მიაღწია ორთქლმავლამდე.

    პუარომ მხოლოდ ხმებით შეიცნო ორი ფიგურა, რომლებიც საბარგო ვაგონის ჩრდილში ბუნდოვნად მოჩანდნენ.

    ლაპარაკობდა არბეტნოტი.

    - მერი...

    ქალიშვილმა აღელვებით შეაწყვეტინა:

    - ახლა დრო არ არის. როდესაც ყველაფერი დამთავრდება... როდესაც ეს ამბავი ჩაივლის... მაშინ...

    მუსიე პუარო მორიდებით გაეცალა მათ. საგონებელში ჩავარდა.

    ძლივს იცნო მერი დებენჰემის, ყოველთვის ასეთი მშვიდი და საქმიანი ქალიშვილის, ხმა.

    „საინტერესოა" - ჩაილაპარაკა თავისთვის.

    მეორე დღეს პუაროს ეჩვენა, რომ ინგლისელები უბრად იყვნენ, ერთმანეთისათვის ხმა თითქმის არ გაუციათ. ქალიშვილი შეშფოთებული ჩანდა, თვალები ჩალურჯებოდა.

    მატარებელი სამის ნახევარზე მოულოდნელად გაჩერდა. მგზავრებმა ფანჯრებიდან გადმოიხედეს. რკინიგზის მახლობლად შეკრებილნი სადღაც ვაგონ-რესტორნის ქვეშ მიუთითებდნენ ერთმანეთს.

    პუარომ ფანჯარაში გაყო თავი და იქვე სირბილით მიმავალ გამცილებელს მიმართა. გამცილებელმა აუხსნა მას საქმის ვითარება. პუარო კვლავ ვაგონში შებრუნდა და კინაღამ მის უკან მდგარ მერი დებენჰემს დაეჯახა.

    - რაშია საქმე? - იკითხა ქალიშვილმა ფრანგულად. მღელვარებისაგან ხმა უწყდებოდა. - რატომ გავჩერდით?

    - უმნიშვნელო რამაა, მადმუაზელ, ვაგონ-რესტორანს ქვემოდან ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი უკვე ჩააქრეს. დაზიანებულ ადგილს მალე შეაკეთებენ. გარწმუნებთ, საშიში არაფერია.

    მერი დებენჰემმა ხელი ჩაიქნია, რითაც გამოხატა, რომ საფრთხე ოდნავადაც არ აშინებდა.

    - დიახ, დიახ. მესმის. მაგრამ დრო!

    - დრო?

    - დიახ, ეს დაგვაყოვნებს...

    - შესაძლოა, - დაეთანხმა პუარო.

    - მაგრამ მე არ შემიძლია დაგვიანება. მატარებელი სტამბულში 6 საათსა და 55 წუთზე უნდა იყოს, შემდეგ ბოსფორი უნდა გავცურო, რათა მივუსწრო ექსპრეს „სიმპლონ-აღმოსავლეთს", რომელიც მეორე ნაპირიდან ცხრა საათზე გადის. თუ ჩვენ აქ ერთ ან ორ საათს დავკარგავთ, შეიძლება დამაგვიანდეს.

    - ესეც შესაძლოა, - კვლავ დაეთანხმა პუარო. პუარო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა ქალიშვილს, რომელსაც ფანჯრის ჩარჩოზე ჩამოდებული ხელი უცახცახებდა, ტუჩები უთრთოდა.

    - ნუთუ ეს თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია, მადმუაზელ? - ჰკითხა მან.

    - დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა მოვხვდე იმ მატარებელზე.

    მერი დებენჰემი შებრუნდა და პოლკოვნიკ არბეტნოტისაკენ გაეშურა.

    მაგრამ მისი შიში ამაო აღმოჩნდა. ათი წუთის შემდეგ მატარებელი დაიძრა, გზაში დაკარგული დრო თითქმის მთლიანად აანაზღაურა და ჰაიდარფაშაში მხოლოდ ხუთი წუთის დაგვიანებით ჩავიდა, ამ დღეს ბოსფორი ბობოქრობდა და მუსიე პუარო სრუტის გადაცურვით უკმაყოფილო დარჩა. გემზე თანამგზავრები შემოეფანტნენ და მათ მეტად აღარ შეხვედრია.

    გალათის ხიდიდან პუარო პირდაპირ სასტუმრო „ტოკატლიანისაკენ" გაემართა.

    თავი მეორე. სასტუმრო „ტოკატლიანი"

    „ტოკატლიანში" ერკიულ პუარომ აბაზანიანი ნომერი მოითხოვა. შემდეგ პატარა კანტორასთან მივიდა და შვეიცარს შეეკითხა, მის სახელზე წერილები თუ იყო მოსული.

    მას სამი წერილი და დეპეშა ელოდა. დეპეშის დანახვაზე გაკვირვებისაგან წარბები შეუთამაშდა. ეს მოულოდნელი იყო.

    პუარომ, როგორც ყოველთვის, დეპეშის ბლანკი მშვიდად და აკურატულად გახსნა. მკაფიოდ ნაბეჭდი ტექსტი იუწყებოდა: „კასნერის საქმეზე თქვენ მიერ წინასწარგანჭვრეტილი შემთხვევა მოულოდნელად დადასტურდა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოემგზავროთ".

    - Voilà ce qui est embétant[10]! - წაიბუზღუნა პუაუომ გაჯავრებით. საათს დახედა.

    - დღესვე მომიწევს გამგზავრება, - უთხრა შვეიცარს. - როდის გადის ექსპრესი „სიმპლონ-აღმოსავლეთი"?

    - ცხრა საათზე, მუსიე.

    - შეგიძლიათ მიყიდოთ საძილე ვაგონის ბილეთი?

    - რასაკვირველია, მუსიე. ახლა ეს ადვილია. რომელი კლასით გსურთ იმოგზაუროთ - პირველით თუ მეორეთი?

    - პირველით.

    - Trés bien[11]. მუსიე საით აპირებს?

    - ლონდონში.

    - Bien, მუსიე. აგიღებთ ბილეთს ლონდონამდე და ვაგონ „სტამბულ-კალეში" საძილე ადგილს შევუკვეთავ.

    პუარომ კვლავ საათს დახედა. რვას ათი წუთი აკლდა.

    - ვახშმობას მოვასწრებ?

    - რასაკვირველია, მუსიე.

    ტანმორჩილმა ბელგიელმა შვეიცარს თავი დაუკრა. შემდეგ ადმინისტრატორის პატარა კანტორასთან მივიდა, შეკვეთილ ნომერზე უარი განაცხადა და ჰოლის გავლით რესტორანში შევიდა.

    ის იყო სადილს უკვეთავდა, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო.

    - Ah! Mon vieux[12], რა მოულოდნელად გამახარეთ! - მოისმა უკნიდან ხმა.

    მის ზურგს უკან იდგა ხანში შესული ჩასკვნილი, მსუქანი მამაკაცი, ზღარბივით აბურძგნული თმით. იგი სიხარულით იღიმებოდა.

    პუარო წამოხტა.

    - მუსიე ბუკ!

    - მუსიე პუარო!

    მუსიე ბუკი წარმოშობით ბელგიელი იყო. საძილე ვაგონების საერთაშორისო კომპანიის დირექტორად მუშაობდა. ბელგიის პოლიციის ყოფილ ვარსკვლავთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა.

    - შინიდან ერთობ შორს გინებებით გამგზავრება, mon cher[13], - თქვა მუსიე ბუკმა.

    - ერთი პატარა საქმის გამოსაძიებლად გახლდით სირიაში.

    - აი თურმე რა! როდის აპირებთ შინ დაბრუნებას?

    - დღესვე.

    - დიდებულია. ერთად ვიმგზავრებთ, მე ლოზანში მივდივარ, იქ საქმე მაქვს. ვფიქრობ, ექსპრეს „სიმპლონ-აღმოსავლეთით" წახვალთ.

    - დიახ. შვეიცარს უკვე ვთხოვე კუპე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1