Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ოსტატი და მარგარიტა
ოსტატი და მარგარიტა
ოსტატი და მარგარიტა
Ebook1,080 pages16 hours

ოსტატი და მარგარიტა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

გაზაფხულის ერთ საღამოს მოსკოვში სატანა გამოჩნდება თავისი ამალით - მოლაპარაკე კატით, მკვლელითა და მშვენიერი შიშველი მოახლით. საბჭოთა სინამდვილის ბულგაკოვისეული ფანტასტიური, მხიარული და განამადგურებელი სატირა ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ ამბავს აერთიანებს, რომელთაგან ერთს თანამედროვე მოსკოვში აქვს ადგილი, მეორეს კი ანტიკურ იერუსალიმში. სტალინის ეპოქაში დაწერილი წიგნი მხოლოდ 1966 წელს გამოქვეყნდა და მყისვე გამორჩეულ ლიტერატურულ მოვლენად იქცა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 18, 2021
ოსტატი და მარგარიტა

Read more from მიხეილ ბულგაკოვი

Related to ოსტატი და მარგარიტა

Related ebooks

Reviews for ოსტატი და მარგარიტა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ოსტატი და მარგარიტა - მიხეილ ბულგაკოვი

    მიხეილ ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა

    Михаил Афанасьевич Булгаков - Мастер и Маргарита

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გივი კიკილაშვილს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი პირველი

    თავი 1. უცნობს ნურასოდეს გაუბამ საუბარს

    თავი 2. პილატე პონტოელი

    თავი 3. მეშვიდე დამამტკიცებელი საბუთი

    თავი 4. დევნა

    თავი 5. ეს მოხდა გრიბოედოვში

    თავი 6. შიზოფრენია, როგორც უკვე ითქვა

    თავი 7. ნავსი ბინა

    თავი 8. პროფესორისა და პოეტის ორთაბრძოლა

    თავი 9. კოროვიევის ოინები

    თავი 10. ცნობები იალტიდან

    თავი 11. ივანეს გაორება

    თავი 12. შავი მაგია და მისი მხილება

    თავი 13. გმირის გამოცხადება

    თავი 14. დიდება მამალს!

    თავი 15. ნიკანორ ივანოვიჩის სიზმარი

    თავი 16. ძელზე გაკვრა

    თავი 17. შფოთიანი დღე

    თავი 18. უიღბლო სტუმრები

    ნაწილი მეორე

    თავი 19. მარგარიტა

    თავი 20. აზაზელოს მალამო

    თავი 21. გაფრენა

    თავი 22. სანთლის შუქზე

    თავი 23. დიდი მეჯლისი სატანასთან

    თავი 24. ოსტატის გამოხსნა

    თავი 25. როგორ ცდილობდა პროკურატორი იუდა კირიათელის გადარჩენას

    თავი 26. დაკრძალვა

    თავი 27. N 50 ბინის აღსასრული

    თავი 28. კოროვიევისა და ბეჰემოთის უკანასკნელი თავგადასავალი

    თავი 29. ოსტატისა და მარგარიტას ბედი გადაწყდა

    თავი 30. დროა! დროა!

    თავი 31. ვორობიოვოს ბორცვებზე

    თავი 32. შენდობა და სამარადისო სამყოფელი

    ეპილოგი

    განმარტებები

    ...კარგი, ვინა ხარ, მაშ, შენ, ნეტავი?

    - მე ვარ ნაწილი იმ დიად ძალის,

    ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის.

    გ ო ე თ ე, ფაუსტი.

    ნაწილი პირველი

    თავი 1

    უცნობს ნურასოდეს გაუბამ საუბარს

    გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, პატრიარქის ტბორებს ორი მოქალაქე ეწვია. პირველს, ორმოციოდე წლის კაცს, ნაცრისფერი საზაფხულო კოსტიუმი ეცვა, ტანმორჩილი იყო, ჩასუქებული, გამელოტებული. ახალი, ღვეზელისებური შლაპა ხელში ეჭირა, წვერი საგულდაგულოდ ჰქონდა გაპარსული, შავი რქისჩარჩოიანი ვეებერთელა სათვალე ეკეთა. მეორეს, მხარბეჭიან, თმააბურძგნილ, მოწითურო ახალგაზრდა კაცს კუბოკრული კეპი კეფაზე მოეგდო, კოვბოურა, დაჭმუჭნილი თეთრი შარვალი და შავი ჩუსტები ეცვა.

    პირველი გახლდათ მიხაილ ალექსანდროვიჩ ბერლიოზი, სქელტანიანი მხატვრული ჟურნალის რედაქტორი და მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ასოციაციის - „მასსოლიტის" გამგეობის თავმჯდომარე, მისი ახალგაზრდა თანამგზავრი კი - ბეზდომნის ფსევდონიმით ცნობილი პოეტი ივან ნიკოლაევიჩ პონირევი.

    როგორც კი თავი შეაფარეს ახლად ამწვანებული ცაცხვების ჩრდილს, მწერლები მაშინვე გაექანნენ ნაირფერად აჭრელებული ჯიხურისკენ, რომლის თავზე მოჩანდა წარწერა: „ლუდი და წყლები".

    უნდა აღვნიშნოთ მაისის ამ საშინელი საღამოს პირველი უცნაურობა: მარტო ჯიხურთან კი არა, მთელს ხეივანში, მალაია ბრონნაიას ქუჩის გასწვრივ, კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მზე მთელი დღე მოსკოვს ალმურს უნთებდა, ახლა კი, გაფიცხებულ ბურუსში გახვეული, დასავლეთისკენ მიექანებოდა, სადაცაა, სადღაც სადოვოე კოლცოს იქით ჩაესვენებოდა, მაგრამ ამ პაპანაქება სიცხეში, როცა კაცს სულის მოთქმაც კი უჭირდა, არავინ მისულა ცაცხვებთან, არავინ ჩამომჯდარა სკამზე, უკაცრიელი იყო ხეივანი.

    - ნარზანი დაგვისხით, - სთხოვა ქალს ბერლიოზმა.

    - ნარზანი არა გვაქვს, - უპასუხა რატომღაც განაწყენებულმა ქალმა.

    - ლუდი გაქვთ? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ბეზდომნიმ.

    - ლუდს საღამოთი მოიტანენ, - უპასუხა ქალმა.

    - მაშ რა გაქვთ? - ჰკითხა ბერლიოზმა.

    - გარგარის წვენი, ოღონდ თბილია, - თქვა ქალმა.

    - კარგი, დაგვისხით, დაგვისხით.

    გარგარის წვენმა ყვითელი ქაფი მოიგდო, ჰაერი საპარიკმახეროს სუნით გაიჟღინთა. ლიტერატორებმა წვენი დალიეს და მაშინვე სლოკინი აუვარდათ. მერე ფული გადაიხადეს, ბრონნაიასკენ ზურგშექცევით სკამზე ჩამოსხდნენ და მზერა ტბორს მიაპყრეს.

    ამ დროს მოხდა მეორე უცნაურობა. ეს კი მხოლოდ ბერლიოზს შეეხებოდა. მას უცაბედად შეუწყდა სლოკინი, გული შეეკუმშა, ერთ წამს ჩასწყდა, მერე მოუბრუნდა, მაგრამ ისე ჩხვლეტდა, თითქოს შიგ ბლაგვი ნემსი გაუყრიათო. ამის გარდა, უსაფუძვლო, მაგრამ ისეთი უსაზღვრო შიში დაეუფლა, რომ უნდოდა, მაშინვე უკანმიუხედავად გასცლოდა პატრიარქის ტბორებს.

    ბერლიოზმა მწუხარედ მიმოიხედა: ვერ მიმხვდარიყო, რამ შეაშინა. გაფითრდა, შუბლი ცხვირსახოცით მოიწმინდა და გაიფიქრა: „რა მემართება? ასეთი რამ არასოდეს მომსვლია... გული ვერა მაქვს კარგად... ალბათ გადავიღალე, ჯობია, კისლოვოდსკისკენ გავეშურო, ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი..."

    ამ დროს გაფიცხებული ჰაერი მის წინ შედედდა და უცნაური გარეგნობის გამჭვირვალე მოქალაქე გამოიძერწა. მოქალაქეს პატარა თავზე ჟოკეის კარტუზი ეხურა, მოკლე და ვიწრო, კუბოკრული, ჰაერისავე პიჯაკი ეცვა... სიმაღლით საჟენს აღარა უკლდა რა, მაგრამ ვიწრომხრებიანი და უზომოდ გამხდარი იყო, თანაც, უნდა მოგახსენოთ, დამცინავი სახე ჰქონდა.

    ბერლიოზი ისე ცხოვრობდა, უცნაურ მოვლენებს მიჩვეული არ გახლდათ. უფრო მეტად გაფითრდა, თვალები დაჭყიტა და შეძრწუნებულმა გაიფიქრა: „ეს შეუძლებელია!"

    მაგრამ, ვაი რომ, ეს ნამდვილად იყო... აწოწილი, გამჭვირვალე მოქალაქე მის წინ აქეთ-იქით ქანაობდა, მიწას ფეხს არ აკარებდა.

    ბერლიოზი ისე აიტანა მიშმა, თვალები დახუჭა. როცა გაახილა, მოჩვენება უკვე გამქრალიყო. კუბოკრულპიჯაკიანი აღარსად ჩანდა და ბლაგვი ნემსიც მოსცილდა გულიდან.

    - ფუი ეშმაკს! - შესძახა რედაქტორმა. - იცი, ივან, ახლა სიცხისგან კინაღამ სისხლი ჩამექცა! თითქოს რაღაც ჰალუცინაციაც მქონდა... - გაცინება სცადა, მაგრამ თვალებს ისევ შეშინებული აცეცებდა და ხელები უკანკალებდა. მერე თანდათან დამშვიდდა, ცხვირსახოცის ქნევით სახე გაიგრილა, საკმაოდ მხნედ თქვა: „მაშ ასე..." და გარგარის წვენის სმისას შეწყვეტილი საუბარი განაგრძო.

    როგორც შემდგომ შეიტყვეს, ეს საუბარი იესო ქრისტეს ეხებოდა. საქმე ის იყო, რომ რედაქტორმა პოეტს ჟურნალის მორიგი ნომრისთვის დიდი ანტირელიგიური პოემა დაუკვეთა, ივან ნიკოლაევიჩმა პოემა დაწერა, თანაც ძალზე მოკლე ვადაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისმა ნამუშევარმა რედაქტორი ვერ დააკმაყოფილა. ბეზდომნიმ პოემის მთავარი მოქმედი პირი, ანუ იესო, ძალზე მუქი ფერებით დახატა, და მაინც მთელი პოემა, რედაქტორის აზრით, ხელახლა იყო დასაწერი. ჰოდა, რედაქტორი პოეტს ახლა იესოზე რაღაც ლექციის მსგავსს უკითხავდა, რათა ხაზი გაესვა პოეტის მთავარი შეცდომისთვის.

    ძნელი სათქმელია, რატომ დაემართა ეს ივან ნიკოლაევიჩს, წარმოსახვის უნარმა უმტყუნა, თუ სრულებით არ იცნობდა იმ საკითხს, რაზედაც წერდა. მაგრამ იესო გამოუვიდა მთლად ცოცხალი, თუმცა მიმზიდველობას მოკლებული.

    ბერლიოზს კი პოეტისთვის სურდა დაემტკიცებინა, რომ მთავარი ის კი არ არის, როგორი იყო იესო, ცუდი თუ კარგი, არამედ ის, რომ იესო, როგორც პიროვნება, ამქვეყნად საერთოდ არ ასებობდა და მისი ამბავი მოგონილია, ჩვეულებრივი მითია და სხვა არაფერი.

    უნდა მოგახსენოთ, რომ რედაქტორი ნაკითხი კაცი გახლდათ და ძალზე მარჯვედ იშველიებდა ძველ ისტორიკოსებს, მაგალითად, სახელგანთქმულ ფილონ ალექსანდრიელს[1], დიდად განათლებულ იოსებ ფლავიუსს[2], რომელთაც ერთი სიტყვაც არა აქვთ ნათქვამი იესოს თაობაზე. მიხაილ ალექსანდროვიჩმა დიდი ერუდიცია გამოამჟღავნა და პოეტს სხვათა შორის ისიც აუწყა, რომ ტაციტუსის[3] სახელგანთქმული „ანალების" მეთხუთმეტე წიგნის ორმოცდამეოთხე თავში ის ადგილი, სადაც იესოს სიკვდილით დასჯაზეა ლაპარაკი, შემდგომი ყალბი ჩანართია და სხვა არაფერი.

    პოეტისთვის რედაქტორის ნაამბობი მთლად ახალი ხილი იყო. მას ცოცხალი, მწვანე თვალები მიხაილ ალექსანდროვიჩისთვის მიეშტერებინა და ყურადღებით უსმენდა, მხოლოდ ხანდახან ასლოკინებდა და გარგარის წვენს ჩურჩულით აგინებდა.

    - არ არსებობს არც ერთი აღმოსავლური რელიგია, - ამბობდა ბერლიოზი, - უბიწო ქალწულს ღმერთი რომ არ ეშვას. ქრისტიანებსაც არ გამოუგონიათ რაიმე ახალი, ზუსტად ასევე შექმნეს თავიანთი იესო, რომელიც სინამდვილეში ქვეყნად არასოდეს ყოფილა. უმთავრესად, აი, ამას უნდა წარმოჩენა...

    ბერლიოზის მაღალი ტენორი უკაცრიელ ხეივანს ეფინებოდა. იგი ძალზე ღრმად შეიჭრა წარსულში. ამას დიდად განათლებული კაცი თუ შეძლებს ისე, რომ კისრის მოტეხის შიში არა ჰქონდეს. პოეტმა ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ შეიტყო ცისა და მიწის შვილის, მოწყალე ღმერთის, ეგვიპტელი ოზირისის[4], ფინიკიელთა ღმერთის თამუზის[5], მარდუქის[6] და ნაკლებ ცნობილი მრისხანე ღმერთის ვიცლიპუცლის[7] შესახებაც კი, რომელსაც ერთ დროს თაყვანს სცემდნენ მექსიკელი აცტეკები.

    სწორედ იმ დროს, როცა მიხაილ ალექსანდროვიჩი პოეტს უყვებოდა, აცტეკები ცომისგან როგორ ძერწავდნენ ვიცლიპუცლის ფიგურას, ხეივანში პირველი კაცი გამოჩნდა.

    შემდგომში, როცა, გულახდილად რომ ვთქვათ, გვიანღა იყო, სხვადასხვა დაწესებულებებმა წარმოადგინეს ცნობები, სადაც ამ კაცის გარეგნობას აღწერდნენ.

    შეუძლებელია, ამ ცნობათა შედარებამ გაოცება არ გამოიწვიოს.

    პირველი ცნობა იუწყებოდა, ეს კაცი ტანმორჩილი იყო, ოქროს კბილები ჰქონდა და მარჯვენა ფეხით კოჭლობდაო. მეორე ცნობა ამბობდა, გოლიათური აღნაგობა და პლატინის კბილები ჰქონდა, თანაც მარცხენა ფეხით კოჭლობდაო. მესამეში მოკლედ ეწერა, განსაკუთრებული ნიშნები არ ჰქონიაო.

    უნდა ვაღიაროთ, რომ არც ერთი ცნობა არ ვარგოდა.

    უპირველეს ყოვლისა: აღწერილი კაცი არც ერთი ფეხით არ კოჭლობდა, არც ტანმორჩილი იყო და არც გოლიათი, უბრალოდ, მაღალი გახლდათ, კბილები კი მარცხნივ პლატინისა ჰქონდა, მარჯვნივ - ოქროსი, ძვირფასი ნაცრისფერი კოსტიუმი და კოსტიუმის ფერივე უცხოური ფეხსაცმელი ეცვა. ნაცრისფერი ბერეტი ყურთან მოხდენილად ჩაეკეცა, იღლიაში შავბუნიკიანი ჯოხი ამოეჩარა. ბუნიკზე პუდელის თავი იყო გამოსახული. შესახედად ორმოც წელს იქნებოდა გადაცილებული, პირი როგორღაც მოჰქცეოდა. წვერი სუფთად გაეპარსა. შავგვრემანი იყო, მარჯვენა თვალი შავი ჰქონდა, მარცხენა - რატომღაც მწვანე. შავი წარბები ჰქონდა, მაგრამ ერთი წარბი მეორეზე მაღლა ედგა. მოკლედ, უცხოელი იყო.

    როცა უცხოელმა იმ სკამს ჩაუარა, სადაც რედაქტორი და პოეტი ისხდნენ, მოსაუბრეებს ალმაცერად გადახედა, შეჩერდა და ორი ნაბიჯის იქით, მეზობელ სკამზე ჩამოჯდა.

    „გერმანელია..." - გაიფიქრა ბერლიოზმა.

    „ინგლისელია, - გაიფიქრა ბეზდომნიმ, - ნეტა, ამ სიცხეში ხელთათმანები არ აწუხებს?"

    უცხოელმა შეათვალიერა მაღალი სახლები, ტბორს ოთხკუთხივ რომ ჰქონდა შემორტყმული. ეტყობოდა, ამ ადგილს პირველად ხედავდა და დაინტერესდა. თვალი შეაჩერა ზედა სართულთა მინებზე, სადაც თვალისმომჭრელად ირეკლებოდა გადატეხილი და მიხაილ ალექსანდროვიჩისათვის სამუდამოდ ჩამავალი მზე. მერე მზერა ქვედა სართულებს ჩააყოლა, სადაც მინები საღამოსპირზე ჩამუქებულიყო, მოწყალედ ჩაიცინა, თვალები მოჭუტა, ხელები ბუნიკს ჩასჭიდა და ნიკაპი ხელებს დააყრდნო.

    - ივან, - ამბობდა ბერლიოზი, - შენ კარგად და სატირულად აღწერე, მაგალითად, ღვთის ძის, იესოს შობა, მაგრამ საქმე ისაა, რომ იესომდეც მრავლად იშვნენ ძენი ღვთისანი, ვთქვათ, ფრიგიელთა ატისი[8]. მოკლედ, არც არავინ შობილა და არც არავინ ყოფილა. არ ყოფილა არც იესო, ამიტომ აუცილებელია, რომ ნაცვლად შობისა, ანდა, ვთქვათ, ნაცვლად მოგვთა მოსვლისა[9], აღწერო უთავბოლო ჭორები იესოს შობაზე. თორემ შენი მონათხრობის მიხედვით გამოდის, რომ იგი ნამდვილად დაბადებულა!

    ბეზდომნიმ სცადა, მომაბეზრებელი სლოკინი როგორმე მოეცილებინა, სუნთქვა შეაჩერა და ამის გამო უფრო მწარედ დაასლოკინა. ამ დროს ბერლიოზმაც შეწყვიტა ლაპარაკი, რადგან უცხოელი უცებ წამოდგა და მწერლებისკენ გამოემართა. მათ გაოცებით შეხედეს მომავალს.

    - გთხოვთ მომიტევოთ, - თქვა მოსულმა უცხოური აქცენტით, მაგრამ სიტყვები არ დაუმახინჯებია, - თუმცა უცნობი ვარ, მაგრამ თავს ნებას ვაძლევ... თქვენი მეცნიერული საუბრის თემა ისე საინტერესოა, რომ...

    მან ზრდილობიანად მოიხადა ბერეტი. მეგობრებსაც სხვა რაღა დარჩენოდათ, უნდა წამომდგარიყვნენ და მისალმებოდნენ.

    „არა, ფრანგი უფრო უნდა იყოს..." - გაიფიქრა ბერლიოზმა.

    „პოლონელია?" - გაიფიქრა ბეზდომნიმ.

    ისიც უნდა ვთქვათ, რომ პოეტს უცხოელი პირველი შეხედვისთანავე შესძაგდა. ბერლიოზს კი მოეწონა, მოეწონა კი არა, ასე ვთქვათ, ინტერესი აღეძრა.

    - ნებას მომცემთ, ჩამოვჯდეკაიაფა. - ზრდილობიანად იკითხა უცხოელმა და მეგობრებმაც უნებურად გაიწ-გამოიწიეს.

    უცხოელი მოხერხებულად მოკალათდა მათ მორის და მაშინვე საუბარი გააბა:

    - თუ არ მომეჩვენა, თქვენ, მგონი, თქვით, იესო, ამქვეყნად არ ყოფილაო? - ჰკითხა მან ბერლიოზს და მარცხენა მწვანე თვალი მიაპყრო.

    - არა, არ მოგჩვენებიათ, - თავაზიანად უპასუხა ბერლიოზმა, - სწორედ ამას ვამბობდი.

    - ოჰ, რა საინტერესოა. - შესძახა უცხოელმა.

    „რა ჯანდაბა უნდა?" - გაიფიქრა ბეზდომნიმ და მოიღუშა.

    - თქვენ კი ეთანხმებოდით, არა? - მიუბრუნდა უცნობი ბეზდომნის.

    - მთელი სულითა და გულით! - უპასუხა ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკის მოყვარულმა ბეზდომნიმ.

    - საოცარია! - შესძახა დაუპატიჟებელმა სტუმარმა, რატომღაც ქურდულად მიმოიხედა, ხმა დაიდაბლა და ისე თქვა: - მაპატიეთ, ასე რომ შემოგიჩნდით, მაგრამ, მგონი, თქვენ არც ღმერთი უნდა გწამდეთ? - მერე თვალები ისე დააცეცა, ვითომ შეშინდაო, და დაუმატა: - გეფიცებით, არავის ვეტყვი.

    - დიახ, ჩვენ ღმერთი არა გვწამს, - უპასუხა ბერლიოზმა, უცხოელი ტურისტის შეკრთომამ ოდნავი ღიმილი მოჰგვარა. - მაგრამ ამისი თქმა თავისუფლად შეიძლება.

    უცხოელი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ცნობისმოყვარეობისგან ოდნავ შეჰყვირა კიდეც და ჰკითხა:

    - თქვენ ათეისტები ხართ?

    - დიახ, ათეისტები ვართ, - ღიმილით უპასუხა ბერლიოზმა.

    გაბრაზებულმა ბეზდომნიმ კი გაიფიქრა: „რას გადაგვეკიდა ეს გადამთიელი!"

    - დიდებულია. - შესძახა გაოცებულმა უცხოელმა. თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, ხან ერთ ლიტერატორს შესცქეროდა და ხან მეორეს.

    - ჩვენს ქვეყანაში ათეიზმი არავის აოცებს, - დიპლომატიური თავაზიანობით უთხრა ბერლიოზმა. - ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა, დიდი ხანია, შეგნებულად აღარ იჯერებს ღმერთზე მოჩმახულ ზღაპრებს.

    ამ დროს უცხოელმა ასეთ ოინს მიმართა: წამოდგა, გაოცებულ რედაქტორს ხელი ჩამოართვა და წარმოთქვა:

    - ნება მიბოძეთ, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ!

    - რაზე უხდით მადლობას? - თვალების ხამხამით ჰკითხა ბეზდომნიმ.

    - ძალძე მნიშვნელოვანი ცნობისათვის, რაც ჩემისთანა მოგზაურს განსაკუთრებით აინტერესებს, - თქვა ახირებულმა უცხოელმა და თითი მრავალმნიშვნელოვნად ასწია მაღლა.

    მნიშვნელოვანმა ცნობამ მოგზაურზე მართლაც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, დამფრთხალი თვალები სახლებს მოავლო, თითქოს ეშინოდა, რომ ყოველ ფანჯარაში ათეისტს დაინახავდა.

    „არა, ინგლისელი არაა", - გაიფიქრა ბერლიოზმა.

    ბეზდომნიმ კი გაიფიქრა, ნეტავი რუსულში ასე სად გაიწაფაო, და ისევ მოიღუშა.

    უცხოელი სტუმარი ერთ ხანს რაღაცას მოუსვენრად ფიქრობდა და მერე თქვა:

    - ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რას იტყვით ღმერთის არსებობის დამამტკიცებელ საბუთებზე[10], რაც, როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ხუთია?

    - ვაი, რომ არც ერთ დამამტკიცებელ საბუთს ფასი არა აქვს და ისინი კაცობრიობამ, დიდი ხანია, არქივს ჩააბარა, - სინანულით უპასუხა ბერლიოზმა. - ალბათ დამეთანხმებით, რომ გონიერების თვალსაზრისით ღმერთის არსებობის არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ შეიძლება არსებობდეს.

    - ბრავო! - შესძახა უცხოელმა. - ბრავო! - თქვენ მთლიანად გაიმეორეთ მოუსვენარი მოხუცის, იმანუილის აზრი ამ საკითხზე. მაგრამ კურიოზი ისაა, რომ მან ძირფესვიანად გაანადგურა ხუთივე საბუთი და შემდეგ, თითქოს საკუთარ თავს დასცინისო, მეექვსე დამამტკიცებელი საბუთი[11] შექმნა.

    - კანტის საბუთიც ასევე არაა დამაჯერებელი, - თავაზიანი ღიმილით შეედავა განათლებული რედაქტორი, - ტყუილად კი არ ამბობდა შილერი, კანტის მსჯელობა ამ საკითხზე მხოლოდ მონებს დააკმაყოფილებსო, შტრაუსს[12] კი უბრალოდ ეცინებოდა ამ საბუთზე.

    ბერლიოზი ლაპარაკობდა და თან გულში ფიქრობდა: მაინც ვინ უნდა იყოს ეს კაცი, რუსულად ასე კარგად რატომ ლაპარაკობსო?

    - უნდა დაიჭირო ის კანტი და ასეთი საბუთების გულისათვის სამი წლით სოლოვკიში[13] უკრა თავი! - სრულიად მოულოდნელად წამოიძახა ივან ნიკოლაევიჩმა.

    - ივან! - ჩურჩულით თქვა შეცბუნებულმა ბერლიოზმა.

    მაგრამ კანტის სოლოვკიში გასტუმრების განზრახვამ უცხოელი კი არ განაცვიფრა, აღაფრთოვანა კიდეც.

    - ნამდვილად, ნამდვილად, - შესძახა მან და ბერლიოზისკენ მიპყრობილი მარცხენა მწვანე თვალი აუკიაფდა. - იმისი ადგილი სწორედ რომ იქაა! განა არ ვეუბნებოდი საუზმობისას, პროფესორო, ნება თქვენია, მაგრამ უთავბოლო რაღაც მოიგონეთ. შეიძლება, ჭკვიანურია, მაგრამ ძალზე გაუგებარია, დაცინვას დაგიწყებენ-მეთქი.

    ბერლიოზმა თვალები დაჭყიტა. „საუზმობისას... კანტს? ნეტავი რას ჩმახავს?" - გაიფიქრა მან.

    - მაგრამ, - განაგრძობდა უცხოელი, პოეტს შესცქეროდა და ბერლიოზის გაოცებას აინუნშიც არ აგდებდა, - სოლოვკიში მისი გაგზავნა შეუძლებელია იმის გამო, რომ ას წელზე მეტია, სოლოვკიზე ბევრად უფრო შორს იმყოფება და იქიდან თავის დაღწევა, გარწმუნებთ, ყოვლად შეუძლებელია.

    - სამწუხაროა! - შესძახა ჭირვეულმა პოეტმა.

    - მეც ვწუხვარ, - კვერი დაუკრა უცხოელმა, თვალი დააკვესა და განაგრძო. - მაგრამ, იცით, რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ვინ განაგებს ადამიანის ცხოვრებას და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?

    - თვით ადამიანი განაგებს ყველაფერს, - სასწრაფოდ, ბრაზიანად უპასუხა ბეზდომნიმ ამ, უნდა ითქვას, არცთუ ისე ნათელ კითხვაზე.

    - უკაცრავად, - მოკრძალებით თქვა უცნობმა, - მაგრამ იმისთვის, რომ განაგო, უთუოდ უნდა გქონდეს ზუსტი გეგმა რაღაც, ცოტად თუ ბევრად საკმაო ვადისთვის. ნება მიბოძეთ, გკითხოთ: როგორ უნდა განაგოს ადამიანმა, როცა მას არა მარტო არ შეუძლია შეადგინოს რაიმე გეგმა თუნდაც სასაცილოდ მოკლე ვადისთვის, ვთქვათ, ათასი წლისათვის, არამედ ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის? მართლაც, - მიუბრუნდა უცნობი ბერლიოზს, - წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, თქვენ განაგებთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ჰოდა როცა, ასე ვთქვათ, ეშხში შეხვედით, უცებ... ჰე... ჰე... ფილტვების სარკომა დაგემართათ... - უცხოელმა გულიანად ჩაიცინა, თითქოს ფილტვების სარკომის გახსენებამ სიამოვნება მიანიჭაო. - დიახ, სარკომა... - კატასავით მოჭუტა თვალები და ისე წარმოთქვა ეს მჟღერი სიტყვა, - და თქვენს გამგებლობასაც ბოლო მოეღება! საკუთარი თავის გარდა აღარავის ბედ-იღბალი არ გაწუხებთ, ახლობლები გატყუებენ. გული გიგრძნობთ, რომ თქვენს თავს რაღაც უბედურებაა. გარბიხართ ჯერ განსწავლულ, მერე თაღლით ექიმებთან, იქნებ მკითხავთანაც მიხვიდეთ. თავადაც იცით, რომ ერთთანაც, მეორესთანაც და მესამესთანაც მისვლა სრულიად უაზროა. ბოლოს ყოველივე ტრაგიკულად მთავრდება: ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავადაა გაშოტილი, ახლობლებმა იციან, რომ მისგან ხეირს აღარ უნდა მოელოდნენ და ღუმელში წვავენ. ხან კი უარესიც შეიძლება მოხდეს: კაცი კისლოვოდსკში წასვლას აპირებს, - უცხოელმა მოჭუტული თვალები ბერლიოზს მიაპყრო, - თითქოს მთლად იოლი საქმეა, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს, რადგან, ვინ იცის, რატომ, უცებ ფეხი აუსხლტება და ტრამვაის ჩაუვარდება! ნუთუ თქვენ მეტყვით, რომ თავისი ნებით ჩაუვარდა? უფრო სწორი არ იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ვიღაც სხვა განაგებდა მის ბედს? - თქვა უცხოელმა და უცნაურად გაიცინა.

    ბერლიოზი უაღრესი გულისყურით უსმენდა ლაპარაკს სარკომასა და ტრამვაიზე და გონებას საგანგაშო აზრები უღრღნიდა. „უცხოელი არაა... უცხოელი არაა... - ფიქრობდა იგი, - ძალზე უცნაური სუბიექტია... ნეტავი გამაგებინა, ვინაა!"

    - როგორც გატყობთ, მოწევა გინდათ. - უცაბედად მიმართა უცნობმა ბეზდომნის, - რა პაპიროსი გირჩევნიათ?

    - განა თქვენ სხვადასხვანაირი პაპიროსი გაქვთ? - პირქუშად ჰკითხა პოეტმა, რომელსაც პაპიროსი გასთავებოდა.

    - რომელი გირჩევნიათ? - ისევ ჰკითხა უცნობმა.

    - „ჩვენი მარკა", - ბრაზიანად უპასუხა ბეზდომნიმ.

    უცნობმა იმავე წამს ჯიბიდან პორტსიგარი ამოიღო და ბეზდომნის შესთავაზა:

    - „ჩვენი მარკა"...

    რედაქტორიც და პოეტიც უფრო მეტად თვით პორტსიგარმა გააოცა, ვიდრე იმ ამბავმა, რომ პორტსიგარში სწორედ „ჩვენი მარკა" ეწყო. პორტსიგარი უზარმაზარი გახლდათ, თანაც ბაჯაღლო ოქროსი, და, როცა პატრონმა სახურავი ახადა, ცისფრად და თეთრად გაიელვა ბრილიანტის სამკუთხედმა.

    ლიტერატორებს თავში სულ სხვადასხვა აზრმა გაურბინა.

    „არა, უცხოელია... - გაიფიქრა ბერლიოზმა. „უჰ, ეშმაკმა დალახვროს!. - გაიფიქრა ბეზდომნიმ.

    პოეტმა და პორტსიგარის მფლობელმა გააბოლეს. ბერლიოზი კი არ ეწეოდა და პაპიროსზე უარი თქვა.

    „აი, ასე უნდა შევედავო, - გადაწყვიტა ბერლიოზმა, - დიახ, ადამიანი მოკვდავია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საქმე ისაა, რომ..."

    თუმცა, სანამ ამის თქმას მოასწრებდა, უცხოელი კვლავ ალაპარაკდა:

    - დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეს ისეთი დიდი უბედურება არ იქნებოდა. ცუდი ისაა, რომ ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავია. აი, ოინი! და, საერთოდ, იმის თქმაც არ შეუძლია, ამ საღამოს რას გააკეთებს.

    „რას ჩმახავს?" - გაიფიქრა ბერლიოზმა და შეედავა:

    - ეს კი ნამდვილად გაზვიადებაა. ამ საღამოს რას გავაკეთებ, ასე თუ ისე ზუსტად ვიცი. რა თქმა უნდა, თუ ბრონნაიაზე გავლისას თავზე აგური არ დამეცემა...

    - აგური უმიზეზოდ თავში არავის არასოდეს ეცემა, - დამაჯერებელი ხმით შეაწყვეტინა უცნობმა, - პირადად თქვენ კი ასეთი რამ, გარწმუნებთ, ნამდვილად არ გემუქრებათ, რადგან სხვანაირი სიკვდილი გელით.

    - იქნებ თქვენ იცით, რანაირი სიკვდილი მელის? - სრულიად ბუნებრივი ირონიით ჰკითხა ბერლიოზმა. ახლა კი ნამდვილად რაღაც უაზრო ლაპარაკში ჩაება. - თუ იცით, მაშ მითხარით!

    - სიამოვნებით, - უპასუხა უცნობმა. ბერლიოზი თვალით ისე გაზომა, თითქოს კოსტიუმის შეკერვას უპირებსო, და ბუტბუტს მოჰყვა: - „ერთი, ორი... მერკური მეორე სახლში... მთვარე ჩავიდა... ექვსი - უბედურება... საღამო - შვიდი..." - მერე ხმამაღლა, მხიარულად შესძახა: - თქვენ თავს მოგკვეთენ!

    ბეზდომნიმ მოურიდებელ უცხოელს მრისხანედ დაუბრიალა თვალები, ბერლიოზმა კი ცალყბად გაიღიმა და ჰკითხა:

    - მაინც ვინ? მტრები? ინტერვენტები?

    - არა, - უპასუხა უცხოელმა, - რუსი ქალი, კომკავშირელი.

    - ჰმ... - ჩაილუღლუღა უცხოელის ხუმრობით გაღიზიანებულმა ბერლიოზმა, - ეს კი, ბოდიში და, ნაკლებადაა მოსალოდნელი.

    - მეც ბოდიშს გიხდით, - უთხრა უცხოელმა, - მაგრამ ეს ასეა. თუ საიდუმლო არაა, ხომ არ მეტყვით, რას აპირებთ ამ საღამოს?

    - საიდუმლო არაფერია. ახლა შინ შევივლი სადოვაიაზე, მერე კი, საღამოს ათ საათზე, „მასსოლიტში" ჩემი თავმჯდომარეობით კრება ჩატარდება.

    - არა, ეს შეუძლებელია, - მტკიცედ თქვა უცხოელმა.

    - რატომ?

    - იმიტომ, - თქვა უცხოელმა და მოჭუტული თვალები ცას მიაპყრო, სადაც საღამოს სიგრილის მოლოდინში უხმაუროდ დაფრინავდნენ შავი ფრინველები, - რომ ანუშკამ ზეთი უკვე იყიდა და, არა მარტო იყიდა, დაღვარა კიდეც. ისე რომ კრება აღარ ჩატარდება.

    ცაცხვებს ქვეშ სიჩუმე ჩამოვარდა და ეს, რა თქმა უნდა, გასაგებიცაა.

    - უკაცრავად, მაგრამ, - უთხრა ცოტა ხნის შემდეგ ბერლიოზმა უცხოელს, რომელმაც ასეთი სისულელე მოჩმახა, - რა შუაშია ზეთი... ანდა ანუშკა ვიღაა?

    - ზეთი, აი, რა შუაშია, - უცებ თქვა ბეზდომნიმ. ეტყობოდა, გადაწყვიტა, არამკითხე მოამბისთვის ომი გამოეცხადებინა, - თქვენ, მოქალაქევ, არასოდეს ყოფილხართ სულით ავადმყოფთა სამკურნალოში?

    - ივან! - ხმადაბლა შესძახა მიხაილ ალექსანდროვიჩმა.

    უცხოელს ოდნავადაც არ სწყენია და გულიანად, მხიარულად გაიცინა.

    - ვყოფილვარ, მრავალჯერ ვყოფილვარ! - შესძახა სიცილით, მაგრამ პოეტს სუსხიან მზერას არა აცილებდა. - სადღა არ ვყოფილვარ! მაგრამ, სამწუხაროდ, იმისთვის ვერ მოვიცალე, პროფესორისთვის მეკითხა, რა არის შიზოფრენია, ისე რომ, თავად თქვენ გამოჰკითხეთ, ივან ნიკოლაევიჩ!

    - საიდან იცით ჩემი სახელი?

    - როგორ გეკადრებათ, ივან ნიკოლაევიჩ, თქვენ ვინ არ გიცნობთ. - უცხოელმა ჯიბიდან ამოიღო „ლიტერატურნაია გაზეტას" წინა დღის ნომერი. ივან ნიკოლაევიჩმა პირველ გვერდზევე დაინახა თავისი სურათი, სურათს ქვემოთ კი საკუთარი ლექსები, მაგრამ სახელმოხვეჭილობისა და პოპულარობის დამამოწმებელ საბუთს პოეტი ახლა ოდნავადაც აღარ გაუხარებია, თუმცა ჯერ კიდევ გუშინ ახარებდა.

    - მაპატიეთ, - თქვა მან და სახე ჩაუმუქდა, - ერთ წუთს ვერ მოგვიცდით? მინდა, ამხანაგს ორიოდ სიტყვა ვუთხრა,

    - სიამოვნებით! - შესძახა უცნობმა. - ცაცხვის ჩრდილში ჯდომა ისე საამოა, თანაც არსად მეჩქარება.

    პოეტმა ბერლიოზი განზე გაიყვანა და ჩასჩურჩულა:

    - იცი რა, მიშა, ეგ უცხოელი ტურისტი კი არა, ჯაშუშია. შემოპარული რუსი ემიგრანტია. საბუთები მოსთხოვე, თორემ წავა...

    - ასე გგონია? - ჩაიჩურჩულა შეშფოთებულმა ბერლიოზმა, გულში კი გაიფიქრა: „მართალს ამბობს, ხომ იცი..."

    - დამიჯერე, - ჩახლეჩილი ხმით ჩასჩურჩულა ყურში პოეტმა, - თავს ისულელებს, რომ რაღაც წამოგვაცდენინოს. ხომ ნახე, რუსულად როგორ ლაპარაკობს, - პოეტი თან ჩურჩულებდა, თან ცალი თვალი უცხოელისკენ ეჭირა, არ გაიპაროსო.

    - წავიდეთ, დავაკავოთ, თორემ გაგვექცევა... - პოეტმა ბერლიოზი სკამისკენ წაიყვანა.

    უცნობი კი არ იჯდა, სკამის გვერდზე იდგა და ხელში მუქნაცრისფერყდიანი წიგნაკი, კარგი ქაღალდისგან დამზადებული სქელი კონვერტი და სადარბაზო ბარათი ეჭირა.

    - ბოდიში, რომ იმ ცხარე კამათში დამავიწყდა, გაგცნობოდით. აი, ჩემი სადარბაზო ბარათი, პასპორტი და მოსკოვში საკონსულტაციოდ ჩამოსვლის მოწვევა, - დინჯად თქვა უცნობმა და ორივე ლიტერატორს გამსჭვალავი მზერა მიაპყრო.

    ისინი შეცბნენ: „ეშმაკმა დალახვროს, ყველაფერი გაუგონია... - გაიფიქრა ბერლიოზმა და თავაზიანად ანიშნა, საბუთების ჩვენება საჭირო არ არისო. სანამ უცხოელი რედაქტორს საბუთებს აჩეჩებდა, პოეტმა თვალი მოჰკრა წარწერას სადარბაზო ბარათზე, წაიკითხა უცხოური ასოებით დაწერილი სიტყვა „პროფესორი და გვარის პირველი ასო - ორმაგი „ვ". მეტის წაკითხვა ვეღარ მოასწრო.

    - დიდად სასიამოვნოა, - ბუტბუტებდა დაბნეული რედაქტორი.

    უცხოელმა საბუთები ჯიბეში ჩაიწყო, ამგვარად, ადრინდელი დამოკიდებულება აღდგენილ იქნა და სამივენი კვლავ სკამზე ჩამოსხდნენ.

    - პროფესორო, თქვენ კონსულტანტად ხართ მოწვეული? - ჰკითხა ბერლიოზმა,

    - დიახ, კონსულტანტად.

    - გერმანელი ხართ? - ჰკითხა ბეზდომნიმ.

    - მე? - შეყოვნდა პროფესორი, ერთხანს რაღაცას ფიქრობდა და მერე უპასუხა: - დიახ, გერმანელი გახლავართ...

    - რუსულად კი მშვენივრად ლაპარაკობთ, - უთხრა ბეზდომნიმ.

    - ოჰ, მე პოლიგლოტი ვარ და ძალზე ბევრი ენა ვიცი. - უპასუხა პროფესორმა.

    - რა სპეციალობა გაქვთ? - ჰკითხა ბერლიოზძა.

    - შავი მაგიის სპეციალისტი გახლავართ.

    - ეგეც შენ!.. - გაუელვა თავში მიხაილ ალექსანდროვიჩს და უცხოელს ენის ბორძიკით ჰკითხა:

    - მერე... ჩვენთან ამ სპეციალობაზე მოგიწვიეს?

    - დიახ, ამ სპეციალობაზე მომიწვიეს, - დაუდასტურა პროფესორმა და მერე განმარტა: - თქვენს სახელმწიფო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს მეათე საუკუნის ხელნაწერები ჯადოქარ ჰერბერტ ავრილელისა[14]. ჰოდა, ამ ხელნაწერთა გასარჩევად მომიწვიეს. მე მთელ მსოფლიოში ერთადერთი სპეციალისტი ვარ.

    ბერლიოზს გულზე მოეშვა.

    - აჰა! ისტორიკოსი ხართ? - ჰკითხა მან პატივისცემით.

    - დიახ, ისტორიკოსი გახლავართ, - დაუდასტურა მეცნიერმა და მერე მოულოდნელად დაუმატა: - ამ საღამოს პატრიარქის ტბორებთან საინტერესო ამბავი მოხდება.

    რედაქტორი და პოეტი ახლაც უსაზღვროდ განცვიფრდნენ, პროფესორმა კი ორივეს თითი დაუქნია და როცა ისინი დაიხარნენ, ჩურჩულით თქვა:

    - იცოდეთ, რომ იესო ამქვეყნად არსებობდა!

    - იცით, რა, პროფესორო, - ნაძალადევი ღიმილით უთხრა ბერლიოზმა, - ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს განსწავლულობას, მაგრამ ამ საკითხზე თავად სულ სხვა აზრი გვაქვს.

    - რა საჭიროა რაიმე აზრი, - უპასუხა უცნაურმა პროფესორმა, - უბრალოდ არსებობდა... მორჩა და გათავდა.

    - ამისთვის ხომ რაიმე დამამტკიცებელი საბუთია საჭირო... - წამოიწყო ბერლიოზმა.

    - არც რაიმე საბუთია საჭირო, - უპასუხა პროფესორმა და ხმას დაუდაბლა, თანაც აქცენტი რატომღაც გაუქრა: - ყოველივე მარტივადაა: გაზაფხულის თვის, ნისანის თოთხმეტს...

    თავი 2

    პილატე პონტოელი

    გაზაფხულის თვის, ნისანის[15] თოთხმეტს ჰეროდე დიდის[16] სასახლის ფრთათა შორის გადახურულ კამარედზე დილაადრიანად მხედრის მორყეული ნაბიჯით გამოვიდა მეწამულსარჩულიან თეთრ მოსასხამში გახვეული პროკურატორი იუდეისა პილატე პონტოელი.

    პროკურატორს ამქვეყნად ყველაზე უფრო ვარდის ზეთის სუნი სძულდა და ახლა ყოველივე უგვან დღეს მოასწავებდა, რადგან ეს სურნელი ალიონიდანვე აჰყვა.

    პროკურატორს ეჩვენებოდა, რომ ვარდის სურნელებას აფრქვევდა ბაღში მდგარი კვიპაროსები და პალმები. ეჩვენებოდა, რომ მცველთა ტყავის აღკაზმულობისა და ოფლის სუნს საიდანღაც უერთდებოდა წყეული ვარდის სურნელებით გაჟღენთილი ჭავლი.

    სასახლის უკანა ფლიგელებიდან, სადაც პროკურატორთან ერთად ერშალაიმში მოსული მე-12 ელვისებური ლეგიონის პირველი კოჰორტა[16a] იდგა, კვამლი ბაღის ზედა მოედანს ეფინებოდა და კამარედამდეც აღწევდა. როგორც ჩანს, კენტურიების მზარეულები სადილის მომზადებას შესდგომოდნენ. პროკურატორს ეჩვენებოდა, რომ მომწარო კვამლსაც ვარდის მძაფრი სურნელი ერეოდა.

    „ო, ღმერთებო, ღმერთებო, ასე რატომ მსჯით? რაღა თქმა უნდა, ეს ისევ ის დაუძლეველი, საშინელი სენია... ჰემიკრანია, როცა კაცს თავის ერთი მხარე სტკივა... ამ სენს ვერაფრით უწამლებ, უსაშველოა... ვეცდები, თავი არ გავანძრიო..." - გაიფიქრა პროკურატორმა.

    შადრევანთან მოზაიკურ იატაკზე სავარძელი უკვე გაემზადებინათ, პროკურატორს ზედაც არავისთვის შეუხედავს, ისე დაჯდა და ხელი გვერდზე გაიწოდა. მდივანმა გამოწვდილ ხელში ეტრატი მოწიწებით ჩაუდო. პროკურატორმა თავი ვერ შეიკავა და ტკივილისგან სახე დაემანჭა, ნაწერი ცალი თვალით სწრაფად ჩაათვალიერა, ეტრატი მდივანს დაუბრუნა და გაჭირვებით წარმოთქვა:

    - გალილეველი ბრალდებული? ტეტრარქს საქმე გაუგზავნეთ?

    - დიახ, პროკურატორო, - უპასუხა მდივანმა.

    - მერე რაო?

    - დასკვნის გამოტანაზე უარი თქვა და სინედრიონის სასიკვდილო განაჩენი დასამტკიცებლად თქვენ გამოგიგზავნათ, - მოახსენა მდივანმა.

    პროკურატორმა ყბა მოღრიცა და წყნარად თქვა:

    - ბრალდებული მოიყვანეთ.

    იმავე წამს ორმა ლეგიონერმა კამარედს ქვეშ მოქცეული ბაღის მოედნიდან აივანზე გამოიყვანა და პროკურატორის სავარძლის წინ დააყენა ასე ოცდაშვიდი წლის კაცი. კაცს ძველისძველი, დაფხრეწილი, ცისფერი კვართი ეცვა, თავზე ებურა შუბლს ირგვლივ ღვედშემოჭერილი თეთრი ხილაბანდი, ხელები კი ზურგს უკან ჰქონდა გაკრული. მარცხენა თვალი ჩალურჯებოდა, გახეთქილ ტუჩზე სისხლი შეხმობოდა. ახლა შიშნარევი ცნობისმოყვარეობით უყურებდა პროკურატორს.

    პროკურატორი ერთხანს დუმდა, მერე წყნარი ხმით ჰკითხა არამეულ ენაზე:

    - მაშ შენ აქეზებდი ხალხს, ერშალაიმის ტაძარი დაანგრიეთო?

    პროკურატორი ქვისგან გამოკვეთილივით იჯდა. ლაპარაკისას ტუჩებს ოდნავ არხევდა. გაქვავებულივით იმიტომ იჯდა, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლშემოგზნებული თავის განძრევისა ეშინოდა.

    ხელგაკრული კაცი ოდნავ წინ გადაიხარა და წამოიწყო:

    - კეთილო კაცო, მერწმუნე...

    პროკურატორი არც კი შერხეულა, ხმის ამოუღებლად იმავე წამს მეაწყვეტინა ლაპარაკი:

    - მე მიწოდებ კეთილ კაცს? ცდები. ერშალაიმში ყველა ჩურჩულებს ჩემზე, საშინელი ურჩხულიაო. მართალსაც ამბობენ. - მერე ასევე მონოტონურად დაუმატა: - კენტურიონ თაგვთმმუსვრელს მოუხმეთ.

    როცა საგანგებო კენტურიის კენტურიონი მარკუსი, მეტსახელად თაგვთმმუსვრელი, პროკურატორის წინაშე წარსდგა, ყველას მოეჩვენა, რომ აივანზე ჩამობნელდა. თაგვთმმუსვრელი ლეგიონის ყველაზე მაღალ ჯარისკაცზე მთელი თავით მაღალი და ისეთი მხარბეჭიანი იყო, რომ მთლად დაფარა საშუბისტარეზე ამოსული მზე.

    - დამნაშავე „კეთილ კაცს" მიწოდებს. ერთი წუთით აქედან გაიყვანეთ და აუხსენით, როგორ უნდა მომმართოს, ოღონდ არ დაასახიჩროთ. - ლათინურად უთხრა კენტურიონს პროკურატორმა.

    გაქვავებული პროკურატორის გარდა ყველამ თვალი გააყოლა მარკუს თაგვთმმსურველს, რომელმაც პატიმარს ხელი დაუქნია, ანიშნა, უკან გამომყევიო.

    თაგვთმმუსვრელი სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, ყველა თვალს გააყოლებდა ხოლმე სიმაღლის გამო, ხოლო ვინც პირველად ხედავდა, იმის გამოც, რომ სახე დასახიჩრებული ჰქონდა: ოდესღაც ცხვირი გერმანულმა კვერთხმა გაუპო.

    მოზაიკურ იატაკზე მარკუსის მძიმე ჩექმების ხმა გაისმა. ხელგაკრული პატიმარი უკან უხმაუროდ გაჰყვა. აივანზე სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ბაღიდან მოისმოდა მტრედების ღუღუნი და შადრევანი რაღაც სასიამოვნო ჰანგს მღეროდა.

    პროკურატორს უნდოდა, წამომდგარიყო, საფეთქელი შადრევნის ჭავლისთვის მიეშვირა და გაყუჩებულიყო, მაგრამ იცოდა, რომ ეს არაფერს უშველიდა.

    მარკუსმა პატიმარი კამარედიდან ბაღში გაიყვანა, ბრინჯაოს ქანდაკებასთან მდგარ ლეგიონერს შოლტი გამოართვა, მსუბუქად მოიქნია და პატიმარს ბეჭებზე გადაჰკრა, თუმცა კენტურიონმა შოლტი ძალდაუტანებლად მოიქნია, ხელგაკრული წამსვე ძირს ისე დაენარცხა, თითქოს ფეხები მოჰკვეთესო, სუნთქვა შეეკრა, ფერი დაკარგა და თვალებში უაზრო გამომეტყველება ჩაესახა.

    მარკუსმა წაქცეული ცალი ხელით მსუბუქად, ცარიელ ტომარასავით აიტაცა და ფეხზე დააყენა.

    - რომაელ პროკურატორს ჰეგემონი[17] უნდა უწოდო, სხვანაირად მიმართვა არ შეიძლება, მორჩილად უნდა იდგე, გაიგე, თუ კიდევ დაგკრა? - უთხრა პატიმარს მარკუსმა დუდღუნით. არამეულ სიტყვებს გაჭირვებით გამოთქვამდა.

    პატიმარი დაბარბაცდა, მაგრამ თავი შეიკავა, ფერი დაუბრუნდა, სული მოითქვა და ჩახლეჩილი ხმით უპასუხა:

    - გავიგე, ნუღარ მცემ.

    ერთი წუთის შემდეგ იგი ისევ პროკურატორის წინაშე იდგა.

    - სახელი? - გაისმა უსიცოცხლო, ავადმყოფური ხმა.

    - ჩემი? - სწრაფად ჰკითხა პატიმარმა. ცდილობდა, მთელი არსებით გამოეხატა, რომ სურდა, დალაგებულად ეპასუხა და პროკურატორი აღარ განერისხებინა.

    - შენი, მაშ ჩემი? ნუ ცდილობ, თავი იმაზე უფრო სულელად მომაჩვენო, ვიდრე ხარ. რა გქვია? - ხმადაბლა ჰკითხა პროკურორმა.

    - იეშუა[18], - სწრაფად უპასუხა პატიმარმა.

    - მეტსახელი გაქვს?

    - ჰა-ნოცრი.

    - საიდანა ხარ?

    - ქალაქ გამალიდან, - უპასუხა პატიმარმა და თავით ანიშნა, რომ იქ, სადღაც შორს, მარჯვნივ, ჩრდილოეთით იყო ქალაქი გამალა[19].

    - რა მოდგმისა ხარ?

    - ზუსტად არ ვიცი, - მკვირცხლად უპასუხა პატიმარმა. - მშობლები არ მახსოვს. მეუბნებოდნენ, მამაშენი სირიელი იყოო...

    - სად ცხოვრობ?

    - მუდმივი სამყოფელი არა მაქვს, - მორცხვად თქვა პატიმარმა, - ქალაქიდან ქალაქში ვმოგზაურობ.

    - ეს მოკლედ, ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, მაწანწალა ყოფილხარ, - უთხრა პროკურატორმა და მერე ჰკითხა: - ნათესავები გყავს?

    - არავინ, უთვისტომო ვარ.

    - წერა-კითხვა იცი?

    - დიახ.

    - არამეულის გარდა სხვა ენა თუ იცი?

    - ვიცი. ბერძნული.

    შესიებული ქუთუთო ოდნავ აიწია, ტანჯვისგან ბინდგადაკრული თვალი პატიმარს დააცქერდა. მეორე თვალი დახუჭული დარჩა.

    - მაშ შენ აპირებდი ტაძრის დანგრევას და ხალხსაც აქეზებდი? - ბერძნულად ჰკითხა პილატემ პატიმარს.

    პატიმარი კვლავ გამოცოცხლდა, თვალებში შიში გაუქრა და ბერძნულად უპასუხა:

    - კეთ... - თქვა ეს და თვალებში შიშის ნაპერწკალმა გაუელვა იმის გამო, რომ კინაღამ წამოსცდა, - ჰეგემონო, მე არასოდეს დამიპირებია ტაძრის დანგრევა და არც არავინ წამიქეზებია, რომ ასეთი უგუნურება ჩაედინა.

    მდივანს სახეზე გაოცება გამოეხატა. იგი დაბალ მაგიდასთან იჯდა და თავდახრილი იწერდა ჩვენებას. ახლა თავი ასწია, მაგრამ მყისვე კვლავ ეტრატში ჩარგო.

    - ამ ქალაქში დღესასწაულზე ათასნაირი ხალხი იყრის თავს. მოდიან მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველები, წინასწარმეტყველები და მკვლელები, - მონოტონურად ამბობდა პროკურატორი, - მათ შორის მატყუარებიც არიან ხოლმე. შენ, მაგალითად, მატყუარა ხარ. ცხადად წერია, ხალხს აქეზებდა, ტაძარი დაანგრიეთო. მოწმეებიც არიან.

    - იმ კეთილ ხალხს, - დაიწყო პატიმარმა და სწრაფად დააყოლა: - ჰეგემონო... - მერე განაგრძო: - ...არაფერი უსწავლია და ჩემი ნათქვამი მთლად აურ-დაურიეს, ვშიშობ, ეს არევ-დარევა ძალზე დიდხანს გასტანს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩემს ნათქვამს არასწორად იწერს.

    ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ახლა ორივე მტკივანი თვალი დუნედ უმზერდა პატიმარს.

    - უკანასკნელად გიმეორებ, გიჟად ნუ მაჩვენებ თავს, არამზადავ, - თქვა პილატემ რბილად და მონოტონურად, - შენზე ცოტა რამ წერია, მაგრამ რაც წერია, ისიც კმარა იმისათვის, რომ ძელზე გაგაკრათ.

    - არა, არა, ჰეგემონო, - პატიმარი მთლად დაიძაბა, რომ პილატე როგორმე დაერწმუნებინა, - ერთი კაცი ყველგან თან დამდევს თხის ეტრატით და გამუდმებით იწერს, მაგრამ ერთხელ ჩავიხედე ეტრატში და შევძრწუნდი. ერთი სიტყვაც არ მითქვამს, რაც იქ ეწერა. შევეხვეწე, დაწვი ეგ ეტრატი-მეთქი. მაგრამ ნაწერი ხელიდან გამომტაცა და გაიქცა.

    - ვინ გაიქცა? - ზიზღით ჰკითხა პილატემ და საფეთქელზე ხელი მოისვა.

    - ლევი მათე[20], - ხალისით უპასუხა პატიმარმა, - ადრე გადასახადის ამკრეფი იყო, პირველად ბეთბაგის[21] გზაზე შემხვდა, ლეღვის ბაღთან. მე გამოველაპარაკე. ჯერ ამითვალწუნა და გამომლანძღა კიდეც, უფრო სწორად, ეგონა მლანძღავდა, ძაღლს რომ მეძახდა, - თქვა ეს პატიმარმა და ჩაიცინა: - თავად მე ამ ცხოველს ცუდს ვერაფერს ვამჩნევ და ამ სიტყვას საწყენად არც მივიღებ.

    მდივანმა წერას თავი მიანება და ქვეშ-ქვეშ გაოცებით შეხედა, ოღონდ პატიმარს კი არა, პროკურატორს.

    - ...მაგრამ როცა მომისმინა, მოლბა, - განაგრძობდა იეშუა, - ბოლოს ფული გზაზე დაყარა და მითხრა, სადაც წახვალ, გამოგყვებიო...

    პილატემ ცალყბად გაიცინა და ჩაყვითლებული კბილები გამოაჩინა, მთელი ტანით შებრუნდა მდივნისკენ და ჩაულაპარაკა:

    - ო, რა ქალაქია ეს ერშალაიმი! რას არ გაიგონებს აქ კაცი! გეყურებათ, გადასახადების ამკრეფმა ფული გზაზე გადაყარაო!

    მდივანმა არ იცოდა, რა ეპასუხა, და არჩია, პილატესავით გაეღიმა.

    - მან თქვა, დღეიდან ფული შემძულდაო, - განმარტა ლევი მათეს უცნაური საქციელი იეშუამ და მერე დაუმატა: - მას შემდეგ აღარ მომცილებია.

    პროკურატორს სახეზე ირონია ჯერ კიდევ არ გაჰქრობოდა, მან ჯერ პატიმარს შეხედა და მერე თვალი მზეს მიაპყრო. მზე სულ ზევით და ზევით მიიწევდა და უკვე ასცდა ქვემოთ, მარჯვნივ, შორს გადაშლილ ჰიპოდრომზე აღმართულ ცხენის ქანდაკებებს. ტკივილისაგან განაწამებმა პროკურატორმა გაიფიქრა, რომ ყველაზე იოლი იქნებოდა, ეს უცნაური ავაზაკი თავიდან მოეცილებინა, ამისათვის კმაროდა, წარმოეთქვა ორად ორი სიტყვა - „ძელზე გააკარით!" მერე მცველებს გაყრიდა, კამარედიდან სასახლეში შევიდოდა, ცივ წყალს მოატანინებდა, საწოლზე მიეგდებოდა, ბანგას, საყვარელ ძაღლს, საცოდავი ხმით მოუხმობდა და შესჩივლებდა, ჰემიკრანიამ გამტანჯაო. უცებ ტკივილისაგან გაბრუებულს მაცდუნებელმა აზრმა გაუელვა, ტანჯვისთვის საწამლავით მოეღო ბოლო.

    პროკურატორი თვალამღვრეული უყურებდა პატიმარს და ერთხანს დუმდა, ცდილობდა, გაეხსენებინა, ამ დილას ერშალაიმის უმოწყალო თაკარა მზის ქვეშ რატომ იდგა მის წინ ნაცემი, სახედასახიჩრებული კაცი და კიდევ რა ზედმეტი, ყოვლად უსარგებლო კითხვები უნდა მიეცა მისთვის.

    - ლევი მათე? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა სნეულმა და თვალები დახუჭა.

    - დიახ, ლევი მათე, - ყურში ჩაესმა მაღალი, მტანჯველი ხმა.

    - შენ ის მითხარი, ბაზარში მოგროვილ ბრბოს მაინც რას ეუბნებოდი ტაძრის შესახებ?

    - ჰეგემონო, იმას ვამბობდი, რომ დაემხობა ძველი რწმენის ტაძარი და აღიმართება ახალი ტაძარი ჭეშმარიტებისა. ასე იმიტომ ვთქვი, რომ უფრო გასაგები ყოფილიყო. - უპასუხა პატიმარმა.

    პილატეს ეჩვენებოდა, რომ მოპასუხის ხმა საფეთქელში ჩხვლეტდა და ეს უზომოდ ტანჯავდა.

    - მაწანწალავ, რატომ აშფოთებდი ბაზარში თავშეყრილ ხალხს? რა გალაპარაკებდა ჭეშმარიტებაზე, რაზედაც წარმოდგენა არა გაქვს? რა არის ჭეშმარიტება? - თქვა ეს პროკურატორმა და უმალვე გაიფიქრა: „ო, ღმერთებო, ისეთ რაღაცას ვეკითხები, რაც სასამართლოს საკითხავი არ არის... გონება აღარ მემორჩილება.„ მერე ისევ მოეჩვენა მუქი სითხით სავსე თასი. „საწამლავი მომეცით, საწამლავი...

    ამ დროს ისევ ჩაესმა ხმა:

    - ჭეშმარიტება პირველ ყოვლისა ის არის, რომ თავი გტკივა, თან ისე ძალიან გტკივა, სულმოკლედ სიკვდილზე ფიქრობ, მარტო ლაპარაკი კი არ გიჭირს, ისიც არ ძალგიძს, რომ შემომხედო. ახლა ჩემდაუნებურად შენი ჯალათი ვარ და ეს ძალზე მაწუხებს. შენ ფიქრის თავიც აღარ გაქვს და მხოლოდ იმაზე ოცნებობ, რომ მოვიდეს შენი ძაღლი, ალბათ ერთადერთი საყვარელი არსება, მაგრამ შენს ტანჯვას ახლავე ბოლო მოეღება, თავის ტკივილი გაგივლის.

    მდივანმა წერას თავი ანება და პატიმარს თვალები შეაჭყიტა.

    პილატემ ტანჯვის გამომხატველი მზერა პატიმარს მიაპყრო და დაინახა, რომ მზე კარგა მაღლა იდგა ჰიპოდრომს ზემოთ, კამარედში შემოჭრილი სხივი იეშუას მობრეცილი სანდლებისკენ მიცოცავდა და პატიმარი მზეს თავს არიდებდა.

    პროკურატორი სავარძლიდან წამოდგა, ხელები თავზე შემოიჭდო და გაყვითლებულ, გაპარსულ სახეზე შიში გამოესახა. მაგრამ თავს ძალა დაატანა, შიში დაძლია და კვლავ სავარძელზე დაეშვა.

    პატიმარი კი ისევ განაგრძობდა ლაპარაკს, მაგრამ მდივანი აღარაფერს იწერდა, კისერი ბატივით წაეგრძელებინა და ცდილობდა, არც ერთი სიტყვა არ გამოჰპარვოდა.

    - ხომ გითხარი, გაგივლის-მეთქი, - უთხრა პატიმარმა პილატეს, თან სიკეთის გამომხატველ თვალებს არ აცილებდა, - რარიგ მიხარია... იცი რა, ჰეგემონო, გირჩევ, ერთხანს მიატოვო სასახლე და ფეხით გაისეირნო სადმე ქალაქის განაპირას, თუნდაც ზეთისხილის მთის ბაღებში. ავდარი... - პატიმარი შეტრიალდა, თვალები მოჭუტა და მზეს გახედა, - ...გვიან, საღამოს დაიწყება, სეირნობა დიდად გარგებდა, მეც სიამოვნებით გამოგყვებოდი, თავში რაღაც ახალი აზრები მომივიდა. ეს აზრები, ვგონებ, საგულისხმოდ უნდა გეჩვენოს და ხალისით გაგიზიარებდი, რადგან, გეტყობა, ძალიან ჭკვიანი კაცი უნდა იყო.

    მდივანს მკვდრის ფერი დაედო და გრაგნილი ხელიდან გაუვარდა.

    - უბედურება ის არის, - განაგრძობდა პატიმარი, რაკი არავინ შეაჩერა, - რომ ძალზე გულჩახვეული ხარ და ადამიანებისა აღარაფერი გწამს. ალბათ დამეთანხმები, არ შეიძლება, მთელი სიყვარული ძაღლს მიუძღვნა, შენ უბადრუკად ცხოვრობ, ჰეგემონო. - თქვა პატიმარმა და თავს გაღიმების ნება მისცა.

    მდივანი ახლა იმასღა ფიქრობდა, დაეჯერებინა საკუთარი ყურებისთვის თუ არა. რას იზამდა, უნდა დაეჯერებინა. მერე სცადა, წარმოედგინა მაინც, როგორი იქნებოდა მრისხანება, პატიმრის გაუგონარი თავხედობა რომ ამოანთხევინებდა ისედაც ფიცხ პროკურატორს. მაგრამ ვერც ეს წარმოიდგინა, თუმცა პროკურატორს კარგად იცნობდა.

    ამ დროს მოწყვეტით გაისმა პროკურატორის ჩახლეჩილი ხმა.

    - ხელები გაუხსენით! - ბრძანა მან ლათინურად. ერთმა მცველმა ლეგიონერმა შუბი ჟღარუნით გადასცა მეორე ლეგიონერს, პატიმართან მივიდა და თოკი შეხსნა. მდივანმა იატაკიდან გრაგნილი აიღო, გადაწყვიტა, ჯერჯერობით არაფერი ჩაეწერა და არაფერი გაჰკვირვებოდა.

    - გამოტყდი, - ხმადაბლა, ბერძნულად უთხრა პილატემ პატიმარს, - ყოვლისშემძლე ექიმი ხარ?

    - არა, პროკურატორო, ექიმი არა ვარ, - უპასუხა პატიმარმა, თან კმაყოფილებით იზელდა დაბეჟილ, შესიებულ, ჩაწითლებულ ხელებს.

    წარბშეკრული პილატე პატიმარს თვალებით ბურღავდა. ახლა თვალები ამღვრეული აღარ ჰქონდა და ყველასთვის ნაცნობ ნაპერწკლებს აკვესებდა.

    - მე ჯერ არ მიკითხავს, - უთხრა პილატემ პატიმარს, - იქნებ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1