Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მკვდარი სახლის ჩანაწერები
მკვდარი სახლის ჩანაწერები
მკვდარი სახლის ჩანაწერები
Ebook843 pages12 hours

მკვდარი სახლის ჩანაწერები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

1849 წელს დოსტოევსკის ოთხი წლის საკატორღო სამუშაოები მიუსაჯეს სოციალისტურ ჯგუფში მონაწილეობისთვის. რომანმა, რომელიც მან განთავისუფლების შემდეგ დაწერა, ეფუძნებოდა რა კონტრაბანდული გზით გამოტანილ ჩანაწერებს, არა მარტო აღიარება მოუტანა მას, არამედ რუსული ციხის აღწერის ტრადიციაც შექმნა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 13, 2021
მკვდარი სახლის ჩანაწერები

Read more from ფიოდორ დოსტოევსკი

Related to მკვდარი სახლის ჩანაწერები

Related ebooks

Reviews for მკვდარი სახლის ჩანაწერები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მკვდარი სახლის ჩანაწერები - ფიოდორ დოსტოევსკი

    ფიოდორ დოსტოევსკი - მკვდარი სახლის ჩანაწერები

    Фёдор Михайлович Достоевский - Записки из Мёртвого Дома

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ა. ნაგებაშვილს და თ. ჩხაიძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი პირველი

    შესავალი

    I მკვდარი სახლი

    II პირველი შთაბეჭდილებები

    III პირველი შთაბეჭდილებები

    IV პირველი შთაბეჭდილებები

    V პირველი თვე

    VI პირველი თვე

    VII ახალი ნაცნობობა. პეტროვი

    VIII შეუპოვარი ადამიანები. ლუჩკა

    IX ისაი ფომიჩი. აბანო. ბაკლუშინის ნაამბობი

    X ქრისტეშობის დღესასწაული

    ნაწილი მეორე

    I ჰოსპიტალი

    II გაგრძელება

    III გაგრძელება

    IV აკულკას ქმარი (მოთხრობა)

    V ზაფხულის ხანი

    VI კატორღის ცხოველები

    VII პრეტენზია

    VIII ამხანაგები

    IX გაქცევა

    X გათავისუფლება

    განმარტებები

    ნაწილი პირველი

    შესავალი

    ციმბირის მივარდნილ მხარეებში, ტრამალებში, მთებსა თუ გაუვალ ტყეებს შორის, აქა-იქ შეგხვდებათ პატარა ქალაქები, სადაც არის ერთი, ან ორიოდე ათასი მცხოვრები, ხის უშნო სახლები და ორი ეკლესია - ერთი ქალაქში რომ დგას, მეორე - სასაფლაოზე. ეს ქალაქები მოსკოვის განაპირა კარგ სოფლებს უფრო ჰგავს, ვიდრე ქალაქს. ისინი, ჩვეულებრივ, საკმაოდ უხვად არიან მომარაგებულნი სამაზრო პოლიციის უფროსებით, მსაჯულებითა და მთელი დანარჩენი სუბალტერნული ჩინოსნებით. საერთოდ, სიცივის მიუხედავად, მოსამსახურე კაცი ციმბირში ერთობ თბილად გრძნობს თავს. აქ ცხოვრობენ უბრალო, არალიბერალური ადამიანები; წესები ძველი, მტკიცე საუკუნეობით ნაკურთხია; ჩინოვნიკები, რომლებიც მართებულად ასრულებენ ციმბირის თავადაზნაურობის როლს - ან ადგილობრივი მკვიდრნი არიან, ძველი ციმბირელები, ანდა რუსეთიდან, უმეტესად დედაქალაქებიდან, ჩამოსულები, მოხიბლულნი ძირითად ხელფასში ჩაუთვლელი სარგოთი, ორმაგი საგზაო ფულით და მომავლის მაცდუნებელი იმედებით.

    მათგან ყველა, ვისაც ძალუძს ცხოვრების გამოცანის ამოხსნა, თითქმის ყოველთვის რჩება ციმბირში და სიამოვნებით მკვიდრდება იქ. შემდგომში მათ უხვი და ტკბილი ნაყოფი მოაქვთ. მაგრამ სხვებს, ქარაფშუტა ადამიანებს, რომელთაც არ ეხერხებათ ცხოვრების გამოცანის ამოხსნა, მალე ბეზრდებათ ციმბირი და ნაღვლიანად ეკითხებიან თავს: აქ რამ ჩამოგვაგდოო. ისინი მოუთმენლად იხდიან სამსახურის კანონიერ ვადას, სამ წელიწადს, რომლის გასვლისთანავე დაუყოვნებლივ იწყებენ ზრუნვას გადაყვანაზე და შინ ბრუნდებიან, ციმბირს კი ლანძღავენ და დაცინვით იგონებენ. უნდა ითქვას, არ არიან მართალნი: არა მარტო სამსახურებრივი, ბევრი სხვა მხრითაც შეიძლება ციმბირში განცხრომით იცხოვრო. ჰავა შესანიშნავია; ბევრია გასაოცრად მდიდარი და სტუმართმოყვარე ვაჭარი; მრავლად არიან ძალზე შეძლებული უცხოელები. ქალიშვილები ვარდებივით ჰყვავიან და მკაცრად იცავენ ზნეობას. გარეული ფრინველი ქუჩებში დაფრინავს და ზედ აწყდება მონადირეს. აქ უზომოდ ბევრ შამპანურს სვამენ. იცის საუცხოო ხიზილალა. ზოგ ადგილას მოსავალი ერთი-ათად მოდის. საერთოდ კურთხეული მიწა-წყალია. მხოლოდ უნდა შეგეძლოს გამოიყენო. ციმბირში კი შესწევთ ამის უნარი.

    ერთ ასეთ მხიარულ და თავისი თავით კმაყოფილ, მეტად საყვარელი ადამიანებით დასახლებულ პატარა ქალაქში, რომლის მოგონება წარუშლელად დარჩება ჩემს გულში, შევხვდი გადმოსახლებულ ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვს. ის დაბადებული იყო რუსეთში აზნაურად და მემამულედ, შემდეგ თავისი მეუღლის მკვლელობისათვის მეორე თანრიგის გადმოსახლებულ-კატორღელი გამხდარიყო. კანონით მისჯილი ათწლიანი კატორღის მოხდის შემდეგ სიცოცხლის დარჩენილ დღეებს მორჩილად და უჩუმრად ატარებდა პატარა ქალაქ კ-ში დასახლებული. უფრო სწორედ, მიწერილი იყო ერთი გარეუბნის თემზე, მაგრამ ცხოვრობდა ქალაქში, სადაც საშუალება ჰქონდა როგორმე ერჩინა თავი ბავშვების სწავლებით. ციმბირის ქალაქებში ხშირად შეხვდებით მასწავლებლებს გადმონასახლებ მკვიდრთაგან. ისინი არ ეთაკილებათ. ასწავლიან უპირატესად ფრანგულ ენას, ცხოვრების ასპარეზზე ესოდენ საჭიროს, რომელზედაც ციმბირის შორეულ მხარეებში ისე წარმოდგენაც კი არ ექნებოდათ. ალექსანდრ პეტროვიჩს პირველად შევხვდი ერთი ძველი, დამსახურებული, სტუმართმოყვარე მოხელის - ივან ივანიჩ გვოზდიკოვისას, რომელსაც ჰყავდა საუკეთესო იმედების მომცემი ხუთი სხვადასხვა ასაკის ქალიშვილი.

    ალექსანდრ პეტროვიჩი კვირაში ოთხჯერ უტარებდა მათ გაკვეთილებს, თითო გაკვეთილში 30 კაპიკს იღებდა ვერცხლის ფულით. მისმა გარეგნობამ დამაინტერესა. ეს იყო მეტისმეტად ფერმკრთალი და გამხდარი კაცი, არც თუ მოხუცებული, ოცდათხუთმეტიოდე წლის, ჩია და სუსტი. იცვამდა მუდამ ძალზე სუფთად, ევროპულ ყაიდაზე. თუ დაელაპარაკებოდით, გიყურებდათ ზედმიწევნით დაკვირვებითა და ყურადღებით, მკაცრი თავაზიანობით ისმენდა თქვენს ყოველ სიტყვას, თითქოსდა უფიქრდებაო, ვითომც თქვენი კითხვით ამოცანა დაუსახეთ ან გინდათ გამოსტყუოთ რაღაც საიდუმლოო; და ბოლოს, გიპასუხებდათ მოკლედ და მკაფიოდ, მაგრამ იქამდე სწონიდა თავისი პასუხის თითოეულ სიტყვას, რომ უცებ რატომღაც უხერხულობა გიპყრობდათ და, ბოლოს, თითონვე გიხაროდათ საუბრის დასრულება. მაშინვე გამოვკითხე ივან ივანიჩს მისი ამბავი. მამცნო, გორიანჩიკოვი უმწიკვლოდ და პატიოსნად ცხოვრობს, თორემ არც კი მოვიწვევდი ჩემი ქალიშვილების მასწავლებლადო, მაგრამ უსაშველოდ მიუკარებელია, ყველას ემალება, უაღრესად განათლებულია, ბევრს კითხულობს, ლაპარაკობს კი ძალიან ცოტას და მასთან საუბარი ერთობ ძნელიაო. სხვები ამტკიცებდნენ, უთუოდ შეშლილიაო, თუმცა აღნიშნავდნენ, არსებითად ეს არც თუ ისეთი მნიშვნელოვანი ნაკლიაო. ქალაქის ბევრი საპატიო წევრი მზად არის ყოველნაირად მფარველობდეს ალექსანდრ პეტროვიჩსო, მას შეუძლია გამოსადეგიც კი იყოს, წეროსო არზები და მისთანანი. ფიქრობდნენ, რუსეთში კარგი ნათესაობა უნდა ჰყავდეს, შესაძლოა, არც თუ უკანასკნელი ადამიანებიო, მაგრამ იცოდნენ, გადმოსახლების დღიდანვე მკვეთრად გაწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა მათთან, - ერთი სიტყვით, თავისი თავის მტერიაო. ამასთან ერთად ჩვენთან ყველამ უწყოდა მისი თავგადასავალი, იცოდნენ, რომ მოჰკლა თავისი ცოლი შეუღლების პირველსავე წელს, მოჰკლა ეჭვიანობის ნიადაგზე და თვითონვე განაცხადა მოვკალიო (რამაც ძალზე შეუმსუბუქა სასჯელი). ასეთ დანაშაულს კი ყოველთვის უბედურებად თვლიან და დამნაშავეს ლმობიერებითაც ეკიდებიან. მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ამისა, ეს უცნაური კაცი ჯიუტად გაურბოდა ყველას და კარგადაღმა მხოლოდ გაკვეთილებისათვის თუ გადადიოდა.

    თავდაპირველად არ ვაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას; მაგრამ, თვითონაც არ ვიცი, რატომ, თანდათან დამაინტერესა. რაღაც გამოუცნობი რამ იმალებოდა მასში. საუბრით ხომ ვერასგზით გაესაუბრებოდი. რასაკვირველია, ჩემს შეკითხვაზე ყოველთვის მიპასუხებდა, თანაც ისეთი სახით, თითქოს ამას თავის უპირველეს მოვალეობად მიიჩნევსო; მაგრამ მისი პასუხის შემდეგ რატომღაც მიჭირდა გამოკითხვის განგრძობა; თვითონ, მასაც ასეთი საუბრების შემდეგ ყოველთვის რაღაც ტანჯვისა და დაღლილობის ნიშანი აღებეჭდებოდა ხოლმე სახეზე. მახსოვს, ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს ერთად ვბრუნდებოდით ივან ივანიჩისაგან. უცებ აზრად მომივიდა, პაპიროსის გასაბოლებლად შინ მიმეწვია. შეუძლებელია აღწერო, როგორი შიში გამოეხატა სახეზე; სულ ერთიანად დაიბნა, მოჰყვა რაღაც უთავბოლო სიტყვების ბურტყუნს, უცებ ღვარძლიანად შემომხედა და მოპირდაპირე მხარეს მოჰკურცხლა. სახტად დავრჩი. მას შემდეგ თითქოს სულ რაღაც შიშით მიყურებდა. მაგრამ მაინც არ მოვეშვი; როგორღაც გული მიმიწევდა მისკენ და ერთი თვის შემდეგ სრულიად უმიზეზოდ თვითონ მივაკითხე. რასაკვირველია, სულელურად და უთავაზოდ მოვიქეცი. იგი ქალაქის განაპირას ცხოვრობდა, მოხუც მეშჩან ქალთან, რომელსაც ჭლექით ავადმყოფი ქალიშვილი ჰყავდა, ამ უკანასკნელს კი - უკანონო შვილი, ათიოდე წლის ბავშვი, მშვენიერი, მხიარული გოგონა. მე რომ მივედი, ალექსანდრ პეტროვიჩი მას გვერდით ეჯდა და კითხვას ასწავლიდა. დამინახა თუ არა, ისე აირია, თითქოს რაიმე დანაშაულზე წამესწროს. დაიბნა, სკამიდან წამოხტა და გაშტერებით დამაცქერდა. როგორც იქნა, დავსხედით; ჩემ ყოველ გამოხედვას გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს, თითქოს თითოეულ ამ გამოხედვაში რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლო აზრს ეძებსო. მივხვდი, სიგიჟემდე იჭვნეული ბუნებისა რომ იყო. სიძულვილით მიყურებდა, ლამის მეკითხებოდა: „მალე გამეცლები აქედან?" გამოველაპარაკე ჩვენს ქალაქზე, მიმდინარე ახალ ამბებზე; იგი დუმდა და ღვარძლიანად იღიმებოდა; აღმოჩნდა, რომ არა თუ არ სცოდნოდა ქალაქის ყველაზე ჩვეულებრივი, ყველასათვის ცნობილი ახალი ამბები, არც კი აინტერესებდა. შემდეგ დავიწყე ლაპარაკი ჩვენს მხარეზე, მის საჭირბოროტო საკითხებზე. მისმენდა მდუმარედ და ისე უცნაურად მომჩერებოდა თვალებში, რომ ბოლოს და ბოლოს, შემრცხვა კიდეც ჩვენი საუბრისა. თუმცა, კინაღამ არ გავაღიზიანე ახალი წიგნებითა და ჟურნალებით; ისინი ხელში მეჭირა ფოსტიდან ახლად მიღებული, შევთავაზე ჯერ ისევ გაუჭრელი. ხარბად გადაავლო მათ თვალი, მაგრამ უმალვე გადაიფიქრა და, მოუცლელობის მომიზეზებით, უარი მითხრა ჩემს წინადადებაზე. ბოლოს, გამოვემშვიდობე და გამოვედი თუ არა, შვება ვიგრძენი. მრცხვენოდა და უაღრეს სისულელედ მეჩვენებოდა ჩავციებოდი კაცს, რომელსაც თავის ძირითად ამოცანად სწორედ ის დაესახა, რაც შეიძლება, შორს დამალვოდა მთელს ქვეყნიერებას. მაგრამ მოსახდენი მოხდა. მახსოვს, წიგნები სულ არ შემიმჩნევია მასთან, მაშასადამე, უმართებულოდ ლაპარაკობდნენ, ბევრს კითხულობსო. მაგრამ, ერთი-ორჯერ, გვიან ღამით მის ფანჯრებთან გავლისას, სინათლეს მოვკარი თვალი. რად ტეხდა თეთრად ღამეებს? რას აკეთებდა? იქნებ წერდა რამეს? თუ ასე იყო, სახელდობრ რას?

    გარემოებამ სამიოდე თვით განმაშორა ჩვენს ქალაქს. შინ უკვე ზამთარში დავბრუნდი და შევიტყე, ალექსანდრ პეტროვიჩი შემოდგომაზე გარდაცვლილიყო. მომკვდარიყო განმარტოებით და ერთხელაც არ დაეძახებინა მკურნალისთვის, ქალაქში იგი თითქმის გადავიწყებოდათ. მისი ბინა ჯერაც ცარიელი დამიხვდა. დაუყოვნებლივ გავიცანი განსვენებულის დიასახლისი, ვვარაუდობდი გამომეცინცლა, თუ რას აკეთებდა მისი მდგმური, ხომ არ წერდა რაიმეს? ორ შაურად გამომიტანა გარდაცვლილის შემდეგ დარჩენილი ქაღალდებით სავსე მთელი კალათა. დედაბერი გამომიტყდა, ორი რვეული უკვე გავხარჯეო. ეს იყო პირქუში და გულჩათხრობილი დედაკაცი, რომელსაც ძნელად თუ დასტყუებდით რასმეს. თავის მდგმურზე განსაკუთრებით ახალი ვერაფერი მამცნო. მისი თქმით, იგი თითქმის არასოდეს არაფერს არ აკეთებდა და თვეობით არ გადაშლიდა წიგნს, ხელში კალამსაც არ აიღებდა; სამაგიეროდ მთელი ღამეები ოთახში ბოლთას სცემდა, მუდამ რაღაცაზე ჩაფიქრებული. ზოგჯერ კი თავისთავსაც ელაპარაკებოდა; ნამეტნავად შეყვარებოდა დიასახლისის შვილიშვილი კატია, რომელსაც ძალიან ეალერსებოდა, მეტადრე მას შემდეგ, რაც სახელი შეიტყო და ყოველ კატერინობა დღეს მიდიოდა ვიღაცასათვის პანაშვიდის გადასახდელად. სტუმრებს ვერ იტანდა; მხოლოდ ბავშვების სასწავლებლად გადიოდა ეზოდან, ალმაცერად უყურებდა დიასახლისს - მოხუც ქალსაც კი, როცა იგი, კვირაში ერთხელ, მიაკითხავდა ოთახის ცოტაოდენ მაინც მისალაგებლად, და მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის არასოდეს კრინტი არ დაუძრავს მასთან. კატიას შევეკითხე: თუ გახსოვს შენი მასწავლებელი-მეთქი? მდუმარედ შემომხედა, კედლისკენ შებრუნდა და ატირდა. მაშასადამე, ხომ შეძლებია ამ კაცს თავის შეყვარება.

    წავიღე მისი ქაღალდები და მთელი დღე ვარჩევდი. ქაღალდების სამი მეოთხედი გამოდგა უბრალო, არაფრის მაქნისი ფარატინები. ან წერაში მოსწავლეთა ხელის გასაწაფავად ნავარჯიშევი. მაგრამ აქვე იყო ერთი, საკმაოდ სქელი რვეული, წვრილი ხელით ნაწერი და დაუმთავრებელი, შესაძლოა, თვით ავტორისაგანაც მიტოვებულ-მივიწყებული. ეს გახლდათ ალექსანდრ პეტროვიჩის მიერ ათწლიან კატორღაში გადატანილი ცხოვრების უთავბოლო აღწერილობა: ალაგ-ალაგ ეს აღწერილობა თითქოს რაიმე იძულებით წყდებოდა რაღაც სხვა მოთხრობით, რაღაც უცნაური, შემზარავი მოგონებებით, ავტორის უკიდურეს სულიერ აფორიაქებას რომ მოწმობდა. რამდენჯერმე გადავიკითხე ეს ნაწყვეტები და თითქმის დავრწმუნდი: ისინი დაწერილი იყო სიგიჟისას. მაგრამ კატორღული ჩანაწერები - „მკვდარი სახლის სცენები", როგორც თვითონ უწოდებს მათ სადღაც თავის ხელნაწერში, არც თუ ინტერესმოკლებული მეჩვენა. სრულიად ახალმა სამყარომ, აქამდე უცნობმა, ზოგი ფაქტის უცნაურობამ, დაღუპულ ადამიანებზე გამოთქმულმა ზოგიერთმა განსაკუთრებულმა შენიშვნამ გამიტაცა და ბევრი რამ ცნობისმოყვარეობით წავიკითხე. რასაკვირველია, იქნებ ვცდებოდე. ჭაშნიკად დასაწყისში ვიღებ ორ-სამ თავს. დაე, მკითხველმა განსაჯოს...

    I მკვდარი სახლი

    ჩვენი საპყრობილე იდგა ციხის განაპირას, ზედ მიწაყრილთან. რამდენჯერ მომხდარა, გახედავ მესრის ჭუჭრუტანიდან ამ ქვეყანას: ეგებ თვალი მოჰკრა თუნდაც რაიმეს - და დაინახავ მხოლოდ ცისკიდურს და შამბნარიან მაღალ მიწაყრილს. მიწაყრილზე დღედაღამ მიმოდიან გუშაგები, და იქვე გაგიელვებს, რომ გავა წლები, შენ კი სწორედ ასევე მოადგები მესერს, ერთი გავიჭვრიტოო, და დაინახავ იმავ მიწაყრილს, ასეთსავე გუშაგებს და იმავე ცის პატარა კიდურს, იმ ცისას კი არა, საპყრობილის თავზე რომაა, სხვა, შორეული, თავისუფალი ცისას.

    წარმოიდგინეთ ორასი ნაბიჯის სიგრძე და ასორმოცდაათი ნაბიჯის სიგანე დიდი ეზო, არასწორ ექვსკუთხედად მთლიანად შემოზღუდული მაღალი მესრით, ანუ მიწაში ღრმად ჩასობილი, ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი, გარდიგარდმო თამასებით გამაგრებული და თავწაწვეტილი მაღალი ბოძების ღობით: აი საპყრობილის გარე გალავანი. მის ერთ-ერთ მხარეს ჩადგმული იყო მაგარი ჭიშკარი, რომელსაც გუშაგები დღედაღამ იცავდნენ და მუდამ დაკეტილი ჰქონდათ; აღებდნენ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში - ტუსაღების სამუშაოზე გასაშვებად. ჭიშკრის გადაღმა იწყებოდა ნათელი, თავისუფალი სამყარო, სადაც ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, ისე როგორც ყველანი. გალავნის შიგნით კი იმ სამყაროს რაღაც აუხდენელი რამ ზღაპარივით შენატროდნენ. საპყრობილე სრულიად განსაკუთრებული და განუმეორებელი სამყარო იყო; აქ ჰქონდათ თავისი განსაკუთრებული კანონები, თავისი ტანსაცმელი, თავისი წეს-ჩვეულებები. ეს იყო ცოცხლად მკვდარი სახლი, ცხოვრების სულ სხვაგვარი ნირითა და ადამიანებით. სწორედ ამ თავისებური კუთხის აღწერა მაქვს განზრახული.

    შეხვალთ თუ არა გალავანში - დაინახავთ რამდენიმე შენობას. შიდა განიერი ეზოს ორსავე მხარეს გაჭიმულია ორი გრძელი ერთსართულიანი ძელური სახლი: - ყაზარმები. აქ თანრიგებად განლაგებული ცხოვრობენ ტუსაღები. იქით, გალავნის სიღრმეში, კიდევ არის ასეთი ძელური. ეს ორი არტელისთვის განკუთვნილი სამზარეულოა; შემდეგ კიდევ შენობაა, სადაც ერთი სახურავის ქვეშ სარდაფები, ბეღლები და ფარდულებია მოთავსებული. ეზო შუაში ცარიელია და ქმნის სწორ, საკმაოდ დიდ მოედანს. აქ მწკრივდებიან ტუსაღები. დილაობით, შუადღისას და საღამოს წარმოებს შემოწმება-გადათვლა, ხანდახან დღეში დამატებით რამდენჯერმეც, - გააჩნია გუშაგთა იჭვნეულობას და ჩქარი თვლის მათ უნარს. გარშემო, შენობებსა და მესერს შორის, კიდევ რჩება საკმაოდ დიდი სივრცე. აქ, შენობების უკან, ზოგიერთ უფრო მძიმე ხასიათის ტუსაღს, რომელიც გაურბის ადამიანებს, უყვარს არა-სამუშაო დროს სიარული და ყველას თვალთაგან მიფარებული თავის ფიქრებშია ჩაძირული. ამ სეირნობის დროს მიყვარდა მათ პირქუშ, დაღდასმულ სახეებში ჩამეხედა და გამომეცნო, თუ რაზე ფიქრობდნენ ისინი. ერთი გადმოსახლებულის საყვარელ გასართობს თავისუფალ დროს შეადგენდა ბოძების თვლა. ისინი ათასხუთასამდე იყო და ყველა ჰქონდა აღრიცხულ-მინიშნებული. თითოეული ბოძი მისთვის ნიშნავდა დღეს; ყოველდღე გადაითვლიდა თითო ბოძს და, ამგვარად, დაუთვლელი ბოძების რაოდენობის მიხედვით შეეძლო ნათლად დაენახა, რამდენი დღე დარჩენოდა კიდევ საპყრობილეში გასატარებელი. იგი გულწრფელად ხარობდა, როცა ამთავრებდა ექვსკუთხედის რომელიმე მხარეს. ჯერ კიდევ ბევრი წელი ჰქონდა დარჩენილი; მაგრამ საპყრობილე მოთმინებას აჩვევს ადამიანს. მინახავს, როგორ ემშვიდობებოდა ამხანაგებს ერთი ტუსაღი, როძელსაც კატორღაში ოცი წელიწადი დაეყო და, ბოლოს, თავისუფლდებოდა. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ახსოვდათ, როგორ მოვიდა იგი პირველად საპყრობილეში, ახალგაზრდა, უდარდელი, არც თავისი დანაშაულის, არც თავისი სასჯელის ფიქრი რომ არ ჰქონდა. გადიოდა კი გაჭაღარავებული, მოხუცებული, გულჩათხრობილი და ნაღვლიანი სახით. მდუმარედ შემოიარა ექვსივე ჩვენი ყაზარმა. ყოველ ყაზარმაში შესვლისას ხატზე ლოცულობდა, შემდეგ მდაბლად თავის დაკვრით ემშვიდობებოდა ამხანაგებს, სთხოვდა, ცუდად არ მოეხსენიებინათ. მახსოვს აგრეთვე, ერთხელ ერთ ტუსაღს, წინათ შეძლებულ ციმბირელ გლეხს, საღამო ხანს ჭიშკართან დაუძახეს. ნახევარი წლის წინ კი ამბავი მოუვიდა, შენი ცოლყოფილი სხვას გაჰყვაო, და საშინლად დადარდიანდა. ახლა მისი ნაცოლარი თითონ მოსულიყო საპყრობილეში, გამოეძახნა და მოსაკითხი მოეტანა. ორიოდე წუთი ისაუბრეს, წამოიტირეს და საუკუნოდ განშორდნენ ერთმანეთს. როცა ყაზარმაში ბრუნდებოდა, მის სახეს მოვკარი თვალი... დიახ, აქ შეიძლებოდა მოთმინება გესწავლა.

    დაბინდებისას ყველანი შევყავდით ყაზარმებში და მთელი ღამით შიგ გვკეტავდნენ. ყოველთვის მიმძიმდა ეზოდან ჩვენს ყაზარმაში დაბრუნება. ეს იყო გრძელი, დაბალი და ჩახუთული ოთახი, ქონის სანთლებით მკრთალად განათებული, მძიმე, შემხუთველი სუნით გაჟღენთილი. ახლაც ვერ გამიგია, რანაირად გავძელი იქ ათი წელიწადი. ტახტად სამი ფიცარი მეგო; ეს გახლდათ მთელი ჩემი ალაგი. მარტო ჩვენს ოთახში ასეთსავე ტახტებზე მოთავსებული იყო ოცდაათამდე კაცი. ზამთრობით ადრე გვკეტავდნენ; ოთხი საათი მაინც უნდა გეცადა, სანამ ყველა დაიძინებდა. მანამდე კი - ხმაური, ღრიანცელი, ხორხოცი, გინება, ჯაჭვების ჩხარუნი, ბოლი და ჭვარტლი, გადაპარსული თავები, დაღდასმული სახეები, ჩამოხეული სამოსი, ყველაფერი - გალანძღული, შერყვნილი... დიახაც, გამძლეა ადამიანი! ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა. ვფიქრობ, ესაა მისი ყველაზე უკეთესი განსაზღვრა.

    საპყრობილეში ორასორმოცდაათ კაცამდე ვეტეოდით - ეს რიცხვი თითქმის არასოდეს იცვლებოდა. ერთნი მოდიოდნენ, სხვანი ათავებდნენ ვადას და მიდიოდნენ, მესამენი კვდებოდნენ. რა ჯურის ხალხი არ იყო აქ! ვფიქრობ, რუსეთის ყოველ გუბერნიას და ზონას ჰყავდა აქ თავისი წარმომადგენლები. შეხვდებოდით არარუსებსაც, კავკასიიდან გადმოსახლებულ რამდენიმე მთიელსაც კი. ყველანი იყოფოდნენ დანაშაულის ხარისხის მიხედვით, მაშასადამე, დანაშაულისათვის მისჯილი წლების რაოდენობის მიხედვითაც. სავარაუდოა, არ იყო ისეთი დანაშაული, თავისი წარმომადგენელი რომ არ ჰყოლოდა აქ. საპყრობილის მთელი მოსახლეობის უმეტესობას შეადგენდნენ სამოქალაქო თანრიგის გადმოსახლებული კატორღელები. ესენი იყვნენ ყოველგვარ ქონებაზე უფლებააყრილი დამნაშავეები, საზოგადოებისაგან მოკვეთილი ნაგლეჯები, სამუდამოდ განკიცხვის ნიშნად სახეზე დაღდასმულები. აგზავნიდნენ სამუშაოდ რვიდან თორმეტ წლამდე ვადით, შემდეგ კი ციმბირის რომელიმე თემში ასახლებდნენ. იყვნენ სამხედრო თანრიგის დამნაშავეებიც. მათ ქონებრივი უფლებები არ ჰქონდათ აყრილი, როგორც საერთოდ რუსულ სამხედრო ტუსაღთა ასეულებშია. აგზავნიდნენ მოკლე ვადით; ვადის დასრულების შემდეგ ჯარისკაცებად ბრუნდებოდნენ ძველსავე ადგილზე, ციმბირის სასაზღვრო ბატალიონებში. ბევრი მათგანი განმეორებით ჩადენილი დიდი დანაშაულისათვის თითქმის მაშინვე ბრუნდებოდა საპყრობილეში, მაგრამ ხანმოკლე ვადით კი აღარა, ოცი წლით. ეს ჯგუფი იწოდებოდა „მუდმივად. მაგრამ „მუდმივები მაინც მთლიანად არ ჰკარგავდნენ საკუთრების უფლებას. დასასრულ, იყო ყველაზე საშიში დამნაშავეების, უმეტესად სამხედროთა კიდევ ერთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი განსაკუთრებული ჯგუფი. ეწოდებოდა „განსაკუთრებული განყოფილება. მთელი რუსეთიდან იგზავნებოდნენ აქ დამნაშავეები. ისინი თითონვე სთვლიდნენ თავის თავს მუდმივებად და სასჯელის ვადაც არ იცოდნენ. კანონით მათ უნდა გაორკეცებოდათ და გასამკეცებოდათ სამუშაო. საპყრობილეში ამყოფებდნენ ციმბირში ყველაზე მძიმე კატორღული სამუშაოების დაწყებამდე. „თქვენ ვადით უნდა იყოთ აქ, ჩვენ კი კატორღის ბოლომდე, - ეუბნებოდნენ ისინი სხვა პატიმრებს. შემდგომში გავიგე, ეს ჯგუფი გაუუქმებიათ. გარდა ამისა, ჩვენს ციხეებში გაუუქმებიათ სამოქალაქო წესები, სამაგიეროდ შემოუღიათ სამხედრო ტუსაღთა ერთი მთლიანი ასეული. რასაკვირველია, ამასთან ერთად შეიცვლებოდა უფროსობაც. მაშასადამე, მე ვეხები ძველ დროს, დიდი ხნის წინანდელ ამბებს...

    კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ. ყველაფერი ეს თითქოს სიზმრად მენახოს. მახსოვს, როგორ შევედი საპყრობილეში. დეკემბრის საღამო იყო. უკვე ბინდდებოდა; ხალხი სამუშაოდან ბრუნდებოდა; ემზადებოდნენ შემოწმებისათვის. ულვაშებიანმა უნტერ-ოფიცერმა ბოლოს და ბოლოს, გამიღო ამ უცნაური სახლის კარები, სადაც ამდენი წელიწადი უნდა გამეტარებინა, გადამეტანა იმდენი და იმნაირი ჭირ-ვარამი, რაზედაც მისი უშუალოდ განცდის გარეშე დაახლოებითი წარმოდგენაც არ მექნებოდა. მაგალითად, ვერაფრით წარმოვიდგენდი იმ საშინელებასა და წამებას, რომ ჩემი კატორღის ათი წლის განმავლობაში არც ერთხელ, არც ერთი წუთით მარტო არ ვიქნებოდი. სამუშაოზე ყოველთვის ბადრაგი გახლავს, სახლში ორას ამხანაგთან ერთად ხარ და არასდროს, არც ერთხელ - მარტო! თუმცა მარტო ამას უნდა შეგუებოდი!

    აქ იყვნენ უნებლიე და პროფესიული მკვლელები, ავაზაკები და ავაზაკთა ატამანები, იყვნენ ქურდბაცაცები და ჯიბგირები, იოლი საშოვრისა და მუქთა პურ-მარილის მაძიებელი მაწანწალები. შეგხვდებოდათ ისეთებიც, ძნელი იყო თქმა, რის გამო მოხვედრილიყვნენ აქ. თითოეულს ჰქონდა თავისი თავგადასავალი, ნამთვრალევის მხუთრივით ბუნდოვანი და მძიმე. საერთოდ თავის წარსულზე ისინი ცოტას ლაპარაკობდნენ, არ უყვარდათ ეს და, ალბათ, ცდილობდნენ, არც ეფიქრათ წარსულზე. მათგან ვიცნობდი იმდენად მხიარულ, იმდენად უდარდელ მკვლელებსაც კი, რომ შეიძლებოდა დანაძლევება, სინდისის ქენჯნა აროდეს უგრძვნიათ. მაგრამ იყვნენ დაღვრემილებიც, თითქმის ყოველთვის მდუმარენი. საერთოდ, თავის ცხოვრებას იშვიათად თუ ვინმე მოგითხრობდა. მაინცდამაინც ცნობისმოყვარეობასაც არავინ იჩენდა, წესად არ იყო მიღებული. მხოლოდ იშვიათად, უსაქმურობისაგან თუ წამოიწყებდა თხრობას ვინმე. მეორე კი ცივად და უჟმურად უგდებდა ყურს. აქ ვერავის გააკვირვებდით. „ჩვენ განათლებული ხალხი ვართ! - რაღაც უცნაური თვითკმაყოფილებით ხშირად ამბობდნენ ისინი. მახსოვს, ერთმა ნაღვინევმა ავაზაკმა (ზოგჯერ კატორღაში დათრობა შეიძლებოდა) ერთხელ მოყოლა დაიწყო, როგორ დაჰკლა ხუთი წლის ბიჭი, ჯერ როგორ მოატყუა სათამაშოთი, შეიყვანა რომელიღაც ცარიელ ფარდულში და იქ დაჰკლა. მანამდე მის ხუმრობაზე მოცინარმა მთელმა ყაზარმამ, ახლა ერთხმად შეჰყვირა და ავაზაკი იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. მაგრამ ყაზარმამ აღშფოთების გამო როდი შეჰყვირა, იმიტომ მხოლოდ, არ იყო საჭირო ამაზე ლაპარაკი, რადგან ამაზე ლაპარაკი მიღებული არ არის. სიტყვამ მოიტანა და აღვნიშნავ, რომ ეს მართლაც განათლებული ხალხი გახლდათ, გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით. ნახევარზე მეტს შეეძლო წერა-კითხვა. აბა, სხვა რომელ ადგილას, სადაც რუსი ხალხი თავს იყრის ჯგროდ, შეიძლება გამოჰყო ორასორმოცდაათი კაცისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაგან ნახევარს წერა-კითხვა ეცოდინებოდა? შემდგომში ყური მოვკარი, ვიღაცას ასეთი მონაცემებით დაუსკვნია, თითქოს განათლება ხალხს ღუპავდეს. ეს შეცდომაა: აქ სრულიად სხვა მიზეზებია. თუმცა შეუძლებელია უარყო, რომ განათლება ხალხში მედიდურობას აღვივებს. მაგრამ ეს ხომ სრულიადაც არ არის ნაკლი. ყველა ჯგუფი ერთმანეთისაგან განირჩეოდა ტანსაცმლით: ზოგს ქურთუკის ნახევარი მუქი რუხი ჰქონდა, მეორე ნახევარი უფრო ბაცი. ასევე შარვალზეც, - ცალი ტოტი ბაცი, მეორე - მუქი რუხი ფერისა. ერთხელ, მუშაობისას, მეპურე გოგონა მოგვიახლოვდა ტუსაღებს, დიდხანს მათვალიერებდა, უცებ გადიხარხარა და წამოიძახა: „ფუ, რა საძაგლობაა! არც რუხი მაუდი ყოფნის, არც შავი! იყვნენ ისეთებიც, მთელი ქურთუკი ღია ფერის მაუდისა ჰქონდათ და მხოლოდ სახელოები - მუქი ნაცრისფერი. თავსაც სხვადასხვანაირად ჰპარსავდნენ: ზოგს ნახევარი თავი გადაპარსული ჰქონდა სიგრძეზე, სხვებს - განივად.

    პირველივე შეხედვით მთელ ამ უცნაურ ოჯახში შეიმჩნეოდა რაღაც მკვეთრი ერთობა; ყველაზე მძაფრი ორიგინალური პიროვნებებიც კი, რომლებიც უნებლიეთ ბატონობდნენ სხვებზე, მაინც ცდილობდნენ მიჰყოლოდნენ მთელი საპყრობილის საერთო ფეხის ხმას. დაბოლოს, ვიტყვი, რომ ზოგიერთი მხიარული ადამიანის მცირე გამონაკლისის გარდა, რომლებიც ამის გამო საყოველთაო სიძულვილით სარგებლობდნენ, - მთელი ეს ხალხი იყო პირქუში, შურიანი, საშინლად პატივმოყვარე, ტრაბახა, ბრაზიანი და უაღრესი ფორმალისტი. მათ ვერაფერი გააკვირვებდათ და ეს უდიდეს სიკეთედ მიაჩნდათ. ყველა გატაცებული იყო იმით, როგორ დაეჭირათ თავი გარეგნულად. მაგრამ ხშირად ყველაზე ყოყოჩური გამომეტყველება ელვის სისწრაფით იცვლებოდა ყველაზე სულმდაბალი გამომეტყველებით. იყო რამდენიმე ჭეშმარიტად ძლიერი ადამიანი; მათ თავი უბრალოდ ეჭირათ და არ იპრანჭებოდნენ. მაგრამ უცნაური საქმე კია: ამ ნამდვილი, ძლიერი ადამიანებიდან რამდენიმე იყო უკიდურესად, თითქმის ავადმყოფურად პატივმოყვარე. საერთოდ პატივმოყვარეობას და გარეგნულ მხარეს პირველ რიგში აყენებდნენ. უმრავლესობას გარყვნილ-გათახსირებულნი და არამზადები შეადგენდნენ. ჭორებისა და მითქმა-მოთქმისაგან ხომ ხსნა აღარ მქონდა.

    ეს იყო ჯოჯოხეთი, საშინელი უკუნეთი. მაგრამ ვერავინ ბედავდა ამხედრებას საპყრობილის შინაგანი წესებისა და დადგენილი ადათების წინააღმდეგ; ყველა მორჩილებდა. იყვნენ მკვეთრად გამორჩეული ბუნებისანი, რომლებიც ძნელად, ვაინაჩრობით ემორჩილებოდნენ ამ წესებს, მაგრამ მაინც ემორჩილებოდნენ. საპყრობილეში მოდიოდნენ ისეთებიც, რომლებსაც სულ მთლად აეღოთ თავზე ხელი, გადაელახათ ყოველგვარი ნაპირი თავისუფლად ცხოვრების დროს, ისე რომ ბოლოს დანაშაულს სჩადიოდნენ თითქოსდა უნებლიეთ, ყოველგვარი მიზნის გარეშე, თითქოს ბოდვისა და ბურანის მდგომარეობაში; ხშირად უაღრესად გაღიზიანებული პატივმოყვარეობის გავლენითაც. ჩვენთან მათ მაშინვე ხმას ჩააწყვეტინებდნენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, საპყრობილეში მოსვლამდე ზოგი მათგანი შიშის ზარს სცემდა მთელ ქალაქებსა და სოფლებს. ახლადმოსული, მიმოიხედავდა რა ირგვლივ, სწრაფად ამჩნევდა, მისთვის სასურველ ადგილას როდი მოხვედრილიყო, რომ აქ ვეღარავის გააკვირვებდა, შეუმჩნევლად თვინიერდებოდა, ფერხულს უწყობდა ნაბიჯს. ეს საერთო ფერხული გარეგნულად დგებოდა რაღაც განსაკუთრებული საკუთარი ღირსების გრძნობისაგან, რომლითაც გამსჭვალული იყო საპყრობილის თითქმის თითოეული მცხოვრები, თითქოსდა კატორღამისჯილის სახელი წარმოადგენდა რაღაც საპატიო წოდებას. არ გააჩნდათ სირცხვილისა და მონანიების არავითარი ნიშანწყალი. თუმცა იყო აგრეთვე რაღაც გარეგნული მორჩილება, ასე ვთქვათ, ოფიციალური, რაღაც მშვიდი რეზონიერობა. „ჩვენ დაღუპული ხალხი ვართ, ამბობდნენ ისინი, არ შეგეძლო თავისუფლად ცხოვრება, ახლა იწვნიე მწყობრში გატარება, ამოწმე რიგები; - „ყურს არ უგდებდი დედ-მამას, ახლა ყეყეჩ ზედამხედველებს გაუგონე. - „არ ინდომე ოქრომკედი, ახლა ირტყი თავში კეტი". ყოველივე ამას ხშირად წარმოთქვამდნენ შეგონების, აგრეთვე ჩვეულებრივი ანდაზებისა და მოსწრებული სიტყვების სახით, მაგრამ არასოდეს არ უთქვამთ სერიოზულად. ყველაფერი ეს მხოლოდ სიტყვები იყო. ალბათ არც ერთი შინაგანად არ გრძნობდა თავის უკანონო საქციელს. სცადოს ვინმემ არაკატორღელმა უსაყვედუროს ტუსაღს დანაშაული, - გალანძღოს იგი (თუმცა რუსულ ხასიათს არ სჩვევია დამნაშავის განკიცხვა) - გინებას ბოლო არ ექნება. მერედა გინების როგორი ოსტატები იყვნენ ყველანი... იგინებოდნენ დახვეწილად, მხატვრულად. გინება მეცნიერებად ჰქონდათ მიჩნეული; ცდილობდნენ დაეკოდეთ იმდენად საწყენი სიტყვით კი არა, რამდენადაც საწყენი აზრით, იდეით, სულით - ეს კი უფრო საშინელი და მომწამვლელია. გაუთავებელი ჩხუბი კიდევ უფრო ავითარებდა მათ შორის ამ მეცნიერებას. მთელი ეს ხალხი მუშაობდა ჯოხის შიშით; მაშასადამე, იყვნენ უსაქმურები, ე. ი. თუ კი წინათ არ ეთქმოდათ გარყვნილნი, კატორღაში ირყვნებოდნენ. არც ერთი არ მოსულა აქ თავისი ნებით. ყველანი უცხონი იყვნენ ერთმანეთისათვის.

    „ეშმაკს სამი წყვილი ქალამანი გაუცვდა, სანამ ჩვენ ერთად შეგვყრიდაო, - თითონვე ამბობდნენ თავის თავზე; ამიტომ ჭორები, ინტრიგები, დედაკაცური დასმენა, შური, შფოთი, სიბოროტე განუკითხავად ბატონობდა ამ ჯოჯოხეთურ ყოფაში. ვერც ერთი დედაკაცი ვერ შეძლებდა იმდენს დედაკაცურს, რამდენსაც შეძლებდნენ ზოგიერთნი ამ მკვლელთაგან. ვიმეორებ: მათ შორის იყვნენ ძლიერი, გამობრძმედილი, უშიშარი ადამიანები, რომლებიც მიჩვეულიყვნენ ძლევასა და მბრძანებლობას. მათ როგორღაც უნებლიეთ სცემდნენ პატივს; ისინი კი თავის მხრივ თუმცა ხშირად ძალიან უფრთხილდებოდნენ სახელს, მაგრამ საერთოდ ცდილობდნენ სხვები არ შეეჭირვებინათ. ამაო ლანძღვა-გინებას არ მიმართავდნენ, თავს იჭერდნენ არაჩვეულებრივ ღირსეულად, იყვნენ წინდახედულნი და თითქმის ყოველთვის ემორჩილებოდნენ უფროსებს, - არა მორჩილების პრინციპის, არა ვალდებულებათა გრძნობის გამო, არამედ ისე, თითქოს რაღაც შეთანხმებით, ურთიერთსარგებლობის შეგნებით. მათ ფრთხილადაც ექცეოდნენ. მახსოვს ერთ-ერთ ასეთ ტუსაღს, უშიშარ და გამბედავ კაცს, რომელსაც უფროსები იცნობდნენ მხეცური მიდრეკილებებით, ერთხელ რაღაც დანაშაულის გამო დასასჯელად გამოუძახეს. ზაფხულის დღე იყო, არასამუშაო დრო. შტაბ-ოფიცერი, საპყრობილის უახლოესი და უშუალო უფროსი, დასჯაზე დასასწრებლად თითონ მოვიდა კორდეგარდიაში, რომელიც ჩვენს ჭიშკართან იყო მოთავსებული. პატიმრებისათვის ეს მაიორი წარმოადგენდა რაღაც ფატალურ არსებას, იქამდე მიეყვანა ისინი, მისი შიშით კანკალებდნენ. იგი უგუნურობამდე სიმკაცრეს იჩენდა, როგორც კატორღელები ამბობდნენ: „ადამიანებს პირდაპირ ეძგერებოდა. ყველაზე უფრო ეშინოდათ მისი გამჭვალავი, ფოცხვერისებური გამოხედვისა, რომელსაც ვერაფერს გამოაპარებდი. როგორღაც უმზერლად ხედავდა. საპყრობილეში შესვლისას უკვე იცოდა, რა კეთდებოდა მეორე ბოლოში.

    ტუსაღები ცხრათვალას ეძახდნენ. სისტემა მისი არ იყო სწორი. თავისი ფიცხი, უკუღმართი საქციელით მხოლოდ აბოროტებდა ისედაც გაბოროტებულ ადამიანებს. და უფროსად რომ არ ჰყოლოდა კომენდანტი, კეთილშობილი და გონიერი კაცი, რომელიც ხანდახან ანელებდა მის ველურ გამოხდომებს, იგი დიდ უბედურებას დაატრიალებდა თავისი მმართველობით. ვერ გამიგია, რა იღბალმა გადაარჩინა მშვიდობიანად; სამსახურს დაეთხოვა მრთელი და უვნებელი, თუმცა სამართალში კი მისცეს.

    ტუსაღი გამოძახებისას გაფითრდა. ჩვეულებრივად იგი ჩუმად და გაბედულად უწვებოდა როზგებს, წყნარად იტანდა სასჯელს და დასჯის შემდეგ წამოხტებოდა მხნედ, მშვიდად და ფილოსოფიურად უყურებდა შემთხვეულ მარცხს. მას ყოველთვის ფრთხილად ექცეოდნენ. მაგრამ ამჯერად რატომღაც მართლად თვლიდა თავს. გაფითრდა და ბადრაგისაგან მალულად მოასწრო სახელოში მეჩექმის მჭრელი ინგლისური დანა შეეცურებინა. დანებსა და სხვა მჭრელ იარაღებს საპყრობილეში სასტიკად კრძალავდნენ. ხშირად აწყობდნენ მოულოდნელ და გულმოდგინე ჩხრეკას, დამნაშავეებს მკაცრად სჯიდნენ; მაგრამ რადგანაც ძნელია რაიმე უპოვო ქურდს, როცა იგი გადაწყვეტს საგანგებოდ დამალოს, და რადგან დანები და ხელსაწყოები მუდმივად სჭირდებოდათ საპატიმროში, მიუხედავად ჩხრეკისა, ყოველთვის გამოულეველი ჰქონდათ; წართმეულთა ნაცვლად დაუყოვნებლივ ჩნდებოდა ახლები.

    მთელი კატორღა ღობეს ეცა და გულისფანცქალით იყურებოდა ბოძებშუა ნასვრეტში, ყველამ იცოდა, პეტროვი ამჯერად არ მოისურვებს როზგებს დაუწვეს და მაიორს აღსასრული დაუდგაო. მაგრამ გადამწყვეტ წუთს ჩვენი მაიორი ჩაჯდა ეტლში და გაემგზავრა, ეკზეკუციის შესრულება კი სხვა ოფიცერს მიანდო. „სწორედ განგებამ უშველა", - ამბობდნენ შემდეგ ტუსაღები. რაც შეეხება პეტროვს, უსიტყვოდ გადაიტანა სასჯელი. რისხვამ მაიორის გამგზავრებასთან ერთად გადაუარა. ტუსაღი მორჩილი და მომთმენია გარკვეულ მიჯნამდე; მაგრამ არის უკიდურესობა, რომელსაც არ უნდა გადაცდეთ. მართლაც, არაფერია ამ უცნაური მოუთმენლობისა და ჭირვეულობის გამოვლინებებზე უფრო საინტერესო. ხშირად ადამიანი ითმენს რამდენიმე წელიწადს, წყნარადაა, იტანს უსასტიკეს სასჯელს და უცებ იფეთქებს რაღაც პატარა, უმნიშვნელო რამეზე, ლამის არაფერზე. ერთი შეხედვით, მას გიჟიც შეიძლება უწოდო; ასეც იქცევიან.

    უკვე აღვნიშნე, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ამ ადამიანებისათვის არ შემიმჩნევია მონანიების ნატამალიც კი, არ მინახავს ვინმე თავის დანაშაულზე თუნდ ოდნავადაც დაფიქრებული; უმრავლესობა შინაგანად თავის თავს სავსებით მართლად თვლიდა. ეს ფაქტია. რასაკვირველია, პატივმოყვარეობა, ცუდი მაგალითები, ყოჩაღად თავის მოჩვენების სურვილი, ცრუ მორცხვობის გრძნობა მნიშვნელოვანწილად მიზეზია ამისა. მეორე მხრივ, ვის შეუძლია თქვას, ჩავწვდი ამ დასამარებულთა გულებს და იქ ამოვიკითხე მთელი ქვეყნისაგან დაფარული საიდუმლოო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ამდენი წლის განმავლობაში მათ გულში თუნდაც რაიმეს შემჩნევა, ისეთი ნიშან-თვისების დაჭერა, რაც მათ შინაგან დარდსა და ტანჯვას დაადასტურებდა, მაგრამ ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა. დიახ, დანაშაული ძნელია შევიცნოთ მოცემული, მზა თვალსაზრისით, და მისი ფილოსოფიაც უფრო რთულია, ვიდრე ვარაუდობენ. რასაკვირველია, საპყრობილეები და იძულებითი მუშაობის სისტემა არ ასწორებენ დამნაშავეს; მხოლოდ სჯიან მას და უზრუნველყოფენ საზოგადოების სიმშვიდეს, იცავენ რა ბოროტმოქმედთა შემდგომი თავდასხმისაგან. დამნაშავეს კი საპყრობილე და ყველაზე გაძლიერებული კატორღული მუშაობა უვითარებს მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილს და საშინელ თავქარიანობას. მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ კარგად ცნობილი სასაკნო სისტემაც აღწევს მხოლოდ მცდარ, მოჩვენებით, გარეგნულ მიზნებს. იგი ფიტავს ადამიანს, უღიზიანებს სულს, ასუსტებს და აშინებს, შემდეგ ზნეობრივად გამომშრალ მუმიას, ნახევრად შეშლილს წარმოადგენს გამოსწორებისა და მონანიების ნიმუშად. რასაკვირველია, საზოგადოების წინააღმდეგ აღმდგარ დამნაშავეს სძულს საზოგადოება და თითქმის ყოველთვის მართლად თვლის თავს, ხოლო საზოგადოებას კი დამნაშავედ მიიჩნევს. ამასთან, მან უკვე იწვნია სასჯელი, ხოლო ამის გამო თავს თითქმის განწმენდილად, ბარიბარ თვლის. დაბოლოს, შეიძლება განსჯა ისეთი თვალსაზრისითაც, რომ თითქმის იძულებული იქნები გაამართლო თვით დამნაშავე. მაგრამ, მიუხედავად თვალსაზრისთა მრავალგვარობისა, ყველა დათანხმდება, რომ არსებობს ზოგიერთი ისეთი დანაშაული, ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი კანონებით, ქვეყნის დასაბამიდან რომ ითვლება უდავო დანაშაულად და ასეთად ჩაითვლება მანამდე, სანამ ადამიანი ადამიანად რჩება. მხოლოდ საპყრობილეში მომისმენია ამბები ყველაზე საშინელი, ყველაზე არაბუნებრივი საქციელის შესახებ, ყველაზე შემზარავ მკვლელობებზე, რასაც გვიყვებოდნენ სრულიად თავშეუკავებელი, უაღრესად ბავშვური, მხიარული სიცილით. განსაკუთრებით ჩამრჩა მეხსიერებაში ერთი მამისმკვლელი. იგი თავადაზნაურთა წრიდან იყო გამოსული, მსახურობდა და ძე შეცდომილის გზას ადგა. აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა, ვალებში ეფლობოდა. მამა უშლიდა, ცდილობდა გონს მოეყვანა. მაგრამ მამამისს ჰქონდა სახლი, ჰქონდა ხუტორი, როგორც ვარაუდობდნენ, ფულიც, და - შვილმა მემკვიდრეობის ხელში ჩაგდების სურვილით მოჰკლა იგი. დანაშაული მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამომჟღავნდა. მკვლელმა თითონ განუცხადა პოლიციას, მამაჩემი უგზოუკვლოდ გაჰქრაო. მთელი ის თვე გაატარა უაღრესად გარყვნილი ცხოვრებით. ბოლოს, მის არყოფნაში, პოლიციამ იპოვა გვამი. ეზოში, მთელ სიგრძეზე, გადიოდა სიბინძურის სადინარი ფიცრებმიფარებული თხრილი. გვამი ამ თხრილში იდო ჩაცმულ-დახურული, ჭაღარა თავი მოეჭრათ და ტანზე მიედოთ, ხოლო თავქვეშ მკვლელს ბალიში ამოედო. მან თავი დამნაშავედ არ სცნო; აჰყარეს თავადაზნაურობის წოდება, ხარისხი და გადაასახლეს ოცი წლით სამუშაოდ. მასთან ერთად ჩემი ცხოვრების მთელ ხანს იგი შესანიშნავ და უმხიარულეს გუნებაზე იყო. ეს გახლდათ თვითნება, თავქარიანი, უკიდურესად განუსჯელი კაცი, თუმცა სრულიადაც არა სულელი. არასოდეს შემიმჩნევია მისთვის რაიმე განსაკუთრებული სისასტიკე. ტუსაღებს

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1