Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ყმაწვილი (ნაწილი I)
ყმაწვილი (ნაწილი I)
ყმაწვილი (ნაწილი I)
Ebook583 pages6 hours

ყმაწვილი (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

დოსტოევსკის გვიანი პერიოდის რომანთა შორის "ყმაწვილი" განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი მოგვითხრობს მემამულე ვერსილოვისა და მისი მოახლე სოფია ანდრეევნას უკანონო შვილის, 19 წლის არკადის ამბავს, რომელიც საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის, აქვს "იდეა", რომ "გახდეს როტშილდი" - 1870-იანი წლების რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებსაა ჩაფრენილი, იმავდროულად კი შეძრულია სოციალიზმისა და ნიჰილიზმის ახლად ჩასახული მიმდინარეობებით.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
ყმაწვილი (ნაწილი I)

Read more from ფიოდორ დოსტოევსკი

Related to ყმაწვილი (ნაწილი I)

Related ebooks

Reviews for ყმაწვილი (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ყმაწვილი (ნაწილი I) - ფიოდორ დოსტოევსკი

    ფიოდორ დოსტოევსკი - ყმაწვილი (ნაწილი პირველი)

    Ф.М. Достоевский - Подросток (Часть Первая)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ციალა ჩხეიძეს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი პირველი

    თავი პირველი

    თავი მეორე

    თავი მესამე

    თავი მეოთხე

    თავი მეხუთე

    თავი მეექვსე

    თავი მეშვიდე

    თავი მერვე

    თავი მეცხრე

    თავი მეათე

    განმარტებები

    ნაწილი პირველი

    თავი პირველი

    I

    ვეღარ მოვითმინე და ჩავუჯექ ცხოვრების სარბიელზე ჩემი პირველი ნაბიჯის ამ ისტორიის აღწერას, თუმცა უამისობაც შემეძლო. ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ას წლამდეც რომ ვიცოცხლო, კვლავ აღარასოდეს დავუბრუნდები ჩემი ავტობიოგრაფიის წერას. მეტად უხამსად თავშეყვარებული უნდა იყო კაცი, რომ საკუთარ თავზე წერდე და არ კი შეგრცხვეს. იმითღა ვიმართლებ თავს, რომ არ ვწერ იმისთვის, რისთვისაც წერენ ყველანი, ესე იგი, არ ვწერ იმისთვის, რომ მკითხველმა შემაქოს. თუ უცებ აზრად მომივიდა სიტყვა-სიტყვით ჩამეწერა ყველაფერი, რაც თავს გადამხდა შარშანს აქეთ, ეს იმიტომ, რომ ასეთი იყო ჩემი შინაგანი მოთხოვნილება: ისე შემძრა ყოველივე განცდილ-გადატანილმა. მე ვწერ მხოლოდ ამბებს და ყოველნაირად თავს ვარიდებ რაიმე გარეშეს, მეტადრე ლიტერატურულ კაზმულობას; ლიტერატორი წერს მთელი ოცდაათი წელიწადი და ბოლოს სრულიად არ იცის, რისთვის წერდა ამდენ წელიწადს. მე ლიტერატორი არ გახლავართ, არც მინდა ვიყო, და ჩემი სულიერი ამბებისა და განცდათა ლამაზი აღწერის მათს ლიტერატურულ ბაზარზე გატანასაც უზრდელობად და სულმდაბლობად ჩავთვლიდი. გულისტკენით კი ვგრძნობ, მგონი ამას მთლად ვერ მოვახერხებ და, ალბათ, მაინც აღვწერ განცდებსა და ფიქრებს (იქნებ უხამსთაც): ისე გამრყვნელად მოქმედებს ადამიანზე ყოველგვარი ლიტერატურული საქმიანობა, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის წამოწყებული, ფიქრები კი იქნებ მეტად უხამსიც იყოს, რადგან ადვილი შესაძლოა, იმას, რასაც შენ თვითონ აფასებ, სხვის თვალში არავითარი ღირებულება არა ჰქონდეს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ბიჭოს, ეს ხომ წინასიტყვაობაა; სხვა, ამდაგვარი, აღარაფერი იქნება. ახლა საქმეს მივხედოთ; თუმცა არაფერია იმაზე უფრო თავსამტვრევი, ვიდრე რაიმე საქმის, ან იქნებ ყოველი საქმის წამოწყება.

    II

    მე ვიწყებ, ესე იგი მინდა დავიწყო ჩემი ჩანაწერები შარშანდელი ცხრამეტი სექტემბრიდან, ესე იგი სწორედ იმ დღიდან, როცა პირველად შევხვდი...

    მაგრამ უხამსობა იქნებოდა ამეხსნა, თუ ვის შევხვდი, ასე, წინდაწინვე, როდესაც არავინ არაფერი იცის. მე რომ მკითხოთ, თვით ეს ტონიც უხამსია: ჩემს თავს სიტყვა მივეც, ლიტერატურულ კაზმულობას არ გამოვეკიდები-მეთქი, პირველი სტრიქონიდანვე კი ავყევი ამ კაზმულობას. ესეც არ იყოს, გასაგებად რომ დაწერო კაცმა, მგონი ამის მარტო სურვილი არ კმარა. იმასაც ვიტყვი, რომ, მგონი, არც ერთ ევროპულ ენაზე ისე ძნელი არაა წერა, როგორც რუსულზე. აი, გადავიკითხე, რაც ახლა დავწერე, და ვხედავ, რომ ამ დაწერილზე გაცილებით უფრო ჭკვიანი ვარ. რანაირად ხდება, რომ ჭკვიანი კაცის თქმული გაცილებით სულელურია იმაზე, რაც მის გულში რჩება? მთელი ამ უკანასკნელი საბედისწერო წლის განმავლობაში ბევრჯერ შემიმჩნევია ეს ხალხთან ჩემს სიტყვიერს ურთიერთობაშიც და ბევრიც მიტანჯნია ამის გამო.

    ცხრამეტი სექტემბრიდან კი დავიწყებ, მაგრამ მაინც ორიოდ სიტყვას ჩავურთავ, თუ ვინა ვარ, სად ვიყავ მანამდე და, მაშასადამე, თუნდაც ნაწილობრივ რა შეიძლებოდა მქონოდა თავში ცხრამეტი სექტემბრის დილას, რომ მკითხველისთვის, და იქნებ ჩემთვისაც, უფრო გასაგები შეიქნეს ყველაფერი.

    III

    მე გახლავართ კურსდამთავრებული გიმნაზიელი, ახლა უკვე ოცდამეერთე წელში გადავდექი. ჩემი გვარია დოლგორუკი, იურიდიულად ჩემი მამაა მაკარ ივანოვიჩ დოლგორუკი, ბატონ ვერსილოვების ყოფილი შინაყმა. ასე და ამრიგად, მე გახლავართ კანონიერი, თუმცა უაღრესად უკანონო შვილი, და ჩემი წარმომავლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს. საქმე ასე მოხდა: ამ ოცდაორი წლის წინათ მემამულე ვერსილოვი (სწორედ ის გახლავთ მამაჩემი), ოცდახუთი წლისა, ჩავიდა თავის მამულში, ტულის გუბერნიაში. ვფიქრობ, მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული, გარკვეული სახის მქონე პიროვნება. საინტერესოა, რომ ეს კაცი, რომელმაც ეგოდენ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ბავშვობიდანვე, ასეთი საფუძვლიანი გავლენა იქონია მთელს ჩემს სულიერ ჩამოყალიბებაზე და იქნებ მთელს ჩემს მომავალზეც კარგა ხანს იმოქმედოს, - აი, ეს კაცი ახლაც კი ბევრ რამეში ისევ სრული გამოცანაა ჩემთვის. თუმცა საკუთრივ ამაზე მერე მოგახსენებთ. ამას ასე ადვილად ვერ მოყვება კაცი. მთელი ჩემი რვეული ისედაც სულ ამ ადამიანით იქნება სავსე.

    ვერსილოვი სწორედ იმ დროისათვის, ესე იგი თავისი ცხოვრების ოცდახუთი წლისთავზე, დაქვრივდა. ცოლად ჰყავდა მაღალი წრის, არცთუ მაინცდამაინც მდიდარი ქალი, ფანარიოტოვა, რომლისგანაც ქალ-ვაჟი შეეძინა. ძალიან ცოტა რამ ვიცი ამ ქალის შესახებ, რომელმაც ეგოდენ ადრე დაუტევა მეუღლე, და რაც ვიცი, ისიც ჩემს მასალებშია გაბნეული; თანაც ბევრი რამ გამომეპარა ვერსილოვის პირადი ცხოვრებიდან, ისე ამაყად, ქედმაღლად, გულჩათხრობილად და დაუდევრად მეპყრობოდა ეს კაცი მუდამ, თუმცა ხანდახან გავუოცებივარ მის ნება-თავმდაბლობას ჩემ წინაშე. იმას კი ამთავითვე აღვნიშნავ, რომ თავის სიცოცხლეში მან გაანიავა სამი, თანაც საკმაოდ დიდი ქონება, სულ ოთხასი ათასისა და, მგონი, მეტისაც. ახლა, ცხადია, გროშიც აღარ აბადია...

    ჩავიდა მაშინ სოფლად, „ღმერთმა უწყის, რატომ", ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მითხრა შემდეგ. პატარა ქალ-ვაჟი, ჩვეულებისამებრ, თან არ ჩაუყვანია, ისინი ნათესავებთან ცხოვრობდნენ; ვერსილოვი მთელი სიცოცხლე ასე ექცეოდა თავის შვილებს, კანონიერებსაც და უკანონოებსაც. მამულში შინაყმა საკმაოდ ბევრი ჰყავდა; მათ შორის იყო მებაღე მაკარ ივანოვიჩ დოლგორუკიც. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩე სათქმელს: არა მგონია ვინმეს ისე გადმოენთხიოს ბოღმა თავის გვარზე, როგორც მე მთელი ჩემი დღე და მოსწრება. ეს, რა თქმა უნდა, სისულელე იყო, მაგრამ ასე კი გახლდათ. ყოველთვის, როცა კი შევსულვარ რომელიმე სკოლაში ან შევხვედრივარ ისეთ პირთ, ვისთვისაც ჩემი ასაკის გამო პასუხი უნდა მიმეგო, ერთი სიტყვით, ყოველი მასწავლებელი, გუვერნიორი, ინსპექტორი თუ ხუცესი, ყველა, ვინც გნებავთ, როგორც კი მკითხავდნენ გვარს და გაიგებდნენ, რომ დოლგორუკი ვარ, რატომღაც უსათუოდ საჭიროდ თვლიდნენ დაერთოთ:

    - თავადი დოლგორუკი?

    და ყოველთვის ვალდებული ვიყავ ამეხსნა ამ მოცლილი ხალხისთვის:

    - არა, უბრალოდ დოლგორუკი.

    ბოლოს იქამდე მივედი, რომ ეს უბრალოდ ჭკუაზე მშლიდა. აქვე აღვნიშნავ როგორც ფენომენს, რომ არ მახსოვს არც ერთი გამონაკლისი: მეკითხებოდა ყველა. ზოგს, ეტყობოდა, ეს სრულიადაც არ ესაჭიროებოდა; ან კი რა ჯანდაბად უნდა დასჭირებოდა თუნდაც ვისმეს? მაგრამ მეკითხებოდა ყველა, უკლებლივ ყველა. ჩვეულებრივად, როგორც კი გაიგებდა, რომ უბრალოდ დოლგორუკი ვარ, შემკითხველი შემავლებდა გამოთაყვანებულ და ბრიყვულად გულგრილ მზერას, რაიც იმას მოწმობდა, რომ თვითონაც არ იცოდა, რატომ შემეკითხა, და გამშორდებოდა. ყველაზე უფრო შეურაცხმყოფელად სკოლის ამხანაგები მეკითხებოდნენ. ხომ იცით, როგორ ეკითხება ხოლმე მოწაფე ახალმოსულს? დაბნეული და დარცხვენილი ხამი მოსწავლე პირველად რომ მივა სკოლაში (რომელშიც გნებავთ), საერთო მსხვერპლი ხდება: მას უბრძანებენ, გამოაჯავრებენ, ლაქიასავით ეპყრობიან. ჯანიანი და ჩაკურატებული ბიჭი უცბად წინ გამოეჭიმება თავის მსხვერპლს და რამდენიმე წამს მკაცრი და ამპარტავნული თვალით აკვირდება. ახალმოსული ხმაამოუღებლივ დგას მის წინ, თუ გულდედალი არ არის, უბღვერის, და ელის, რა მოხდებაო.

    - რა გვარი ხარ?

    - დოლგორუკი.

    - თავადი დოლგორუკი?

    - არა, უბრალოდ დოლგორუკი.

    - ჰოო, უბრალოდ! სულელო!

    მართალიცაა: აბა იმაზე სულელური რა იქნება, დოლგორუკი გერქვას და თავადი კი არ იყო. ამ სისულელეს დავატარებ ისე, რომ ბრალი არა მაქვს. შემდეგ, როცა უკვე მეტისმეტად ჯავრი მომდიოდა, კითხვაზე:

    - თავადი ხარ?

    მუდამ ვპასუხობდი:

    - არა, ყოფილი ყმის ვაჟი გახლავართ, შინაყმისა.

    ხოლო ერთხელ, როცა ჩემი გაბოროტება საზღვარს გადასცდა, კითხვაზე: „თავადი ხართ?" - მტკიცედ მივუგე:

    - არა, უბრალოდ დოლგორუკი, ჩემი ყოფილი ბატონის, ვერსილოვის უკანონო ვაჟი ვარ.

    ასეთი პასუხი გამოვიგონე, როცა უკვე გიმნაზიის მეექვსე კლასში ვიყავ, და თუმცა მალე ეჭვმიუტანლად დავრწმუნდი, სულელი ვარ-მეთქი, მაგრამ მაინც მაშინვე როდი დავანებე თავი ამ სისულელეს. მახსოვს, ერთმა მასწავლებელმა - თუმცა მეტი არც არავინ ყოფილა - დაასკვნა, რომ „შურისმგებელი და სამოქალაქო იდეებით აღსავსე" ვიყავი. საერთოდ კი ეს საქციელი ჩემთვის რააღაც შეურაცხმყოფელი დაფიქრებით მიიღეს. ბოლოს, ერთმა ამხანაგმა, ძალზე ენაკვიმატმა ყმაწვილმა, რომელსაც წელიწადში ერთხელ თუ გამოველაპარაკებოდი ხოლმე, სერიოზულად მითხრა, თუმცა თვალს კი მარიდებდა:

    - რა თქმა უნდა, ასეთი გრძნობები თქვენ პატივსა გდებენ და, ეჭვი არ არის, გაქვთ კიდეც საამაყო; მაგრამ თქვენს ადგილას მე მაინცდამაინც არ ვიზეიმებდი, ბუში ვარ-მეთქი... თქვენ კი ისეთს ყოფაში ხართ, თითქოს მედღეობე იყოთ!

    მას უკან თავი აღარ მ ო მ ი წ ო ნ ე ბ ი ა იმით, რომ ბუში ვარ.

    გავიმეორებ, მეტად ძნელია რუსულად წერა; აი სამი ფურცელი ავაჭრელე იმით, თუ რარიგ მაბრაზებდა მთელი სიცოცხლე ჩემი გვარი, მკითხველმა კი უთუოდ დაასკვნა, თითქოს სწორედ იმიტომ ვბრაზობ, რომ თავადი კი არა, უბრალოდ დოლგორუკი ვარ. კვლავ ახსნა-განმარტება და თავისმართლება ჩემთვის დამამცირებელი იქნებოდა.

    IV

    იმას მოგახსენებდით, ჯალაბთა შორის, რომლებიც მაკარ ივანოვიჩის გარდაც ბევრნი იყვნენ, გახლდათ ერთი ქალიშვილი. და თვრამეტი წლისა იყო ის, როცა ორმოცდაათი წლის მაკარ დოლგორუკიმ უცებ განაცხადა, ცოლად უნდა შევირთოო. მოგეხსენებათ, ბატონყმობის დროს შინაყმათა ჯვრისწერა ბატონის ნებართვით, ხან პირდაპირ მისი ბრძანებითაც კი ხდებოდა ხოლმე. იმხანად მამულში ცხოვრობდა დეიდა; ესე იგი, ის ჩემი დეიდა კი არ არის, თვითონაც მემამულეა; მაგრამ არ ვიცი რატომ, მთელი სიცოცხლე ყველა დეიდას ეძახდა, ჩემს დეიდას კი არა, არამედ საეოთოდ დეიდას, ისევე, როგორც ვერსილოვების ოჯახშიც, რომელსაც მართლაც ნათესავად ერგებოდა. ეს გახლდათ ტატიანა პავლოვნა პრუტკოვა. მაშინ მას ჯერ კიდევ ჰყავდა თავისი საკუთარი ოცდათხუთმეტი სული იმავ გუბერნიასა და იმავ მაზრაში. ის კი არ განაგებდა ვერსილოვის მამულს (ხუთასი სული იყო), არამედ მეზობლურად თვალი ეჭირა, და ეს მეთვალყურეობა, როგორც გამიგონია. რომელიმე განსწავლული მოურავის მეთვალყურეობას არ ჩამოუვარდებოდა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, სრულებით არ მესაქმება, რისი შნო და უნარი ჰქონდა ტატიანა პავლოვნას, მინდა მხოლოდ დავურთო, ყოველგვარი ქლესაობისა და პირმოთნეობის გარეშე, რომ ის კეთილშობილი და, ასე გასინჯეთ, ფრიად ორიგინალური არსება გახლდათ.

    აი, ამ ტატიანა პავლოვნამ არათუ არ გადაათქმევინა პირქუშ მაკარ დოლგორუკის შეუღლების მიდრეკილებანი (ამბობენ, მაკარი მაშინ ერთი უცხვირპირო კაცი იყოო), პირიქით, რატომღაც ძალიანაც წაახალისა. სოფია ანდრეევნა (ის თვრამეტი წლის შინაყმა, ესე იგი დედაჩემი) რამდენიმე წელი იყო, რაც ლიტონი ობოლი შექმნილიყო. აღარც დედა ჰყავდა და აღარც მამა; მამამისმა, აგრეთვე შინაყმამ, რომელიც ფრიად პატივს სცემდა მაკარ დოლგორუკის და რაღაცით ძლიერ დავალებულიც იყო მისგან, ექვასი წლით ამაზე ადრე, როცა კვდებოდა, სასიკვდილოდ გადადებულმა, - იმასაც კი ამბობენ, თხუთმეტი წუთის მერე სულიც დალიაო, ასე რომ კაცს შეიძლებოდა, თუ გაჭირდებოდა, ბოდვადაც ჩაეთვალა მისი სიტყვები, ჯერ ისედაც რომ არ ჰქონოდა წართმეული ყველა უფლება, ვითარცა ყმას, - მოიხმო მაკარ დოლგორუკი, მთელი ჯალაბისა და იქ მყოფი მღვდლის თანადასწრებით მიუთითა თავის ქალზე და ხმამაღლა და მტკიცედ უანდერძა: „აღზარდე და შეირთე. ეს ყველამ გაიგონა. რაც შეეხება მაკარ ივანოვიჩს, არ ვიცი, რა აზრით შეირთო შემდეგში, ესე იგი, დიდი სიამოვნებით მოიქცა ასე, თუ მხოლოდ დაკისრებული მოვალეობა შეასრულა. უფრო საფიქრებელია, რომ სავსებით გულგრილი იყო. ეს გახლდათ კაცი, რომელიც მაშინაც ახერხებდა „თავის გამოჩენას. დიდი ნაკითხი და მწიგნობარი არ ყოფილა (თუმცა მთელი საეკლესიო წეს-მსახურება იცოდა, მეტადრე ზოგიერთი წმიდანის ცხოვრება, უფრო ყურმოკვრით კი), არც, ასე ვთქვათ, რეზონიორი შინაყმა იყო, - ეს გახლდათ ერთი ჯიუტი, ხანდახან კი რისკიანი კაციც; ლაპარაკობდა რიხიანად, ურყევი განსჯა იცოდა და, დასასრულ. „ცხოვრობდა მოწიწებით", - საკუთრივ მისი გასაოცარი გამოთქმით, - აი როგორი გახლდათ ის იმხანად. ცხადია, საყოველთაო პატივისცემა ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ, ამბობენ, გულზე არავის ეხატაო. სულ სხვა იყო, როცა აზატობა მიიღო: ისე არავინ ახსენებდა, თუ არა როგორც წმიდანსა და მრავალტანჯულს. ეს დანამდვილებით ვიცი.

    რაც შეეხება დედაჩემის ხასიათს, ის თვრამეტ წლამდე ტატიანა პავლოვნას თავისთანა ჰყავდა, - თუმცა მოურავი ჩასციებოდა, მოსკოვში გავაბაროთ რამე ხელობაზეო, - ცოტა რამ აღზრდაც მისცა, ესე იგი ასწავლა ჭრა-კერვა, კარგი ოჯახიშვილის ქცევები და ცოტაც კიდევ კითხვა. ხეირიანი წერა დედაჩემმა არასოდეს არ იცოდა. მის თვალში მაკარ ივანოვიჩთან შეუღლება კარგა ხნის გადაწყვეტილი საქმე იყო და ყოველივე, რაც მაშინ თავს გადახდა, საუცხოო და საუკეთესო რამედ ჩათვალა; ჯვარსაწერად ისეთი აღუშფოთველი სახით წარდგა, როგორიც კი შესაძლოა ჰქონდეს ადამიანს ასეთ დროს, ასე რომ თვით ტატიანა პავლოვნამაც კი უთხრა, ნამდვილი ლოქო ხარო. ყოველივე ეს დედაჩემის მაშინდელი ხასიათის შესახებ თვითონ ტატიანა პავლოვნასაგან გამიგონია. როცა ვერსილოვი სოფელში ჩავიდა, ეს ქორწინება ექვსი თვის ამბავი იყო.

    V

    მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ვერასოდეს ვერ შევიტყვე და გარკვევით ვერ მივხვდი, მაინც რითი დაიწყო ვერსილოვისა და დედაჩემის ამბავი? სავსებით მზადა ვარ დავიჯერო, როგორც მარწმუნებდა შარშან თვითონ ვერსილოვი, - სახეწამოწითლებული, თუმცა ყოვლად ძალდაუტანებლად და „ხუმრობით მიამბობდა, - რომ სრულიად არავითარი რომანი არ ყოფილა და ყველაფერი ისე მოხდა რაღა. მჯერა, რომ ისე მოხდა, თან ეს რუსული სიტყვაც: ი ს ე - მშვენიერია; მაგრამ მაინც მუდამ მინდოდა შემეტყო, სახელდობრ რითი შეიძლებოდა დაწყებულიყო მათი ამბავი? მე თვითონ მთელი ჩემი სიცოცხლე მძაგდა და მძაგს ყველა ეს საზიზღრობა. რა თქმა უნდა, აქ მარტო ურცხვი ცნობისმოყვარეობა როდია ჩემის მხრივ. უნდა აღვნიშნო, რომ დედაჩემს თითქმის არ ვიცნობდი შარშანდლამდე; პატარაობიდანვე სხვასთან გამაბარეს, რომ ვერსილოვი არ შეწუხებულიყო; თუმცა ამაზე შემდეგ გიამბობთ; ამიტომ ვერასგზით ვერ წარმომიდგენია, რანაირი სახე შეიძლებოდა ჰქონოდა მაშინ დედაჩემს. თუ არც ისეთი მზეთუნახავი ყოფილა, მაშ რით უნდა მოხიბლულიყო ისეთი კაცი, როგორიც იყო მაშინდელი ვერსილოვი? ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რადგან ამ ამბავში ძალზე საინტერესო მხარით მოჩანს ეს ადამიანი. აი რატომ ვკითხულობ ამას, და არა გარყვნილობის გამო. თვითონ მას, ამ პირქუშსა და გულდახურულ კაცს, უთქვამს ჩემთვის იმ საყვარელი მიამიტობით, რომელსაც ეშმაკმა იცის, სად პოულობდა ხოლმე ისე ხელად (თითქოს ჯიბიდან ამოაძვრინაო), როცა ხედავდა, ეს აუცილებელიაო, - რომ მაშინ ის იყო ფრიად „სულელი ქორფა გოშია და ის კი არა, რომ სენტიმენტალური ყოფილიყოს, ოღონდ ისე, ის-ის იყო წაეკითხა „ბედშავი ანტონი და „პოლინკა საქსი[1], ორი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთაც იმდროინდელ ჩვენს მოზარდ თაობაზე უსაზღვრო განმანათლებელი გავლენა მოახდინეს. თან დაურთავდა, - და ფრიად სერიოზულადაც, - იქნებ სულაც ბედშავი ანტონის გამო ჩავედი მაშინ სოფელშიო. მაშ, რა სახით უნდა დაეწყო ამ „სულელ გოშიას" დედაჩემთან ამბავი? ახლა წარმოვიდგინე, ერთი მკითხველიც რომ გამომიჩნდეს, უთუოდ დამცინებს, როგორც ძალზე სასაცილო ყმაწვილს, რომელსაც შეუნარჩუნებინა თავისი სულელური უმწიკვლობა და თან ეჩრება იმის განსჯასა და გადაწყვეტაში, რისიც არაფერი გაეგება. დიახ, მე მართლაც ჯერ არაფერი გამეგება, თუმცა ვაღიარებ ამას სრულიადაც არა სიამაყის გამო, იმიტომ რომ ვიცი, რაოდენ სისულელეა ოცი წლის ოქლაქისათვის ასეთი გამოუცდელობა; ოღონდ უნდა მოვახსენო ამ ვაჟბატონს, რომ თვითონ არ გაეგება არაფერი, და დავუმტკიცებ კიდეც ამას. მართალია, ქალებისა არაფერი ვიცი და არც მინდა ვიცოდე, რადგან ჩემს თავს სიტყვა მივეცი, მიმიფურთხებია მათთვის და მთელი სიცოცხლე ასეც ვიქნები-მეთქი. მაგრამ ის მაინც დანამდვილებით ვიცი, რომ ზოგი ქალი იმავ წამს მოხიბლავს კაცს თავისი სილამაზით თუ რითაც არის; ზოგს კი ნახევარი წელიწადი უნდა უკირკიტო, სანამ გაიგებდე, რა აქვს შესაყვარებელიო; ასეთ ქალს რომ მიაგნო და შეიყვარო, არ კმარა უცქირო, არც ის კმარა, მზად იყო ყველაფერი მოიმოქმედო, - გარდა ამისა კიდევ რიღაცითაც უნდა იყო დაჯილდოებული. ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ქალებისა არაფერი ვიცი, და ასე რომ არ იყოს, მაშინ ყველა ქალი ერთბაშად უნდა ჩამოგვექვეითებინა უბრალო შინაური პირუტყვის დონემდე და მხოლოდ ამ სახით გვყოლოდა გვერდით; იქნებ ბევრს სწადია კიდეც ეს.

    დანამდვილებით ვიცი რამდენიმე ადამიანისგან, რომ დედაჩემი ყალმით ნახატი არა ყოფილა, თუმცა არ მინახავს მისი იმდროინდელი სურათი, რომელიც სადღაც უნდა იყოს. მაშ მისი ერთის ნახვით შეყვარება არ შეიძლებოდა. უბრალო „თავშექცევისათვის ვერსილოვს შეეძლო აერჩია სხვა ვინმე და იყო კიდეც იქ ასეთი ვინმე, თანაც გაუთხოვარი ქალი, ანფისა კონსტანტინოვნა საპოჟკოვა, მოახლე. იმ ადამიანს კი, რომელიც ჩამოვიდა ბედშავი ანტონით, ძალიან უნდა შერცხვენოდა თავისივე თავისა, როცა, აქაოდა ბატონი ვარ და ყველაფრის უფლება მაქვსო, - ქორწინების სიწმინდეს უნგრევდა თუნდაც თავის შინაყმას, რადგან, ვიმეორებ, ბედშავ ანტონზე ამ სულ რაღაც რამდენიმე თვის უკან, ესე იგი, ოცი წლის მერეც, არაჩვეულებრივ სერიოზულად ლაპარაკობდა. ანტონს ხომ მარტო ცხენი წაართვეს, აქ კი - ცოლი! მაშასადამე, მოხდა რაღაც განსაკუთრებული, რის გამოც წააგო m-lle საპოჟკოვამ (მე რომ მკითხოთ, მოიგო). შარშან, როცა შეიძლებოდა ვერსილოვთან ლაპარაკი (ვინაიდან ყოველთვის როდი შეიძლებოდა მასთან ლაპარაკი), ერთი-ორჯერ ჩავაცივდი ამ კითხვებით და შევამჩნიე, რომ ხომ მაღალი წრის კაცი იყო და თანაც ოცი წელი გასულიყო იმ ამბების მერე, - მაინც რაღაც მეტისმეტად იღიმებოდა და იჭმუხნებოდა. მაგრამ არ მოვეშვი. ყოველ შემთხვევაში, მაღალი წრის კაცის ჩვეული ზიზღიანობით, რის ნებასაც ის არა ერთხელ აძლევდა თავს ჩემ მომართ, მახსოვს, ერთხელ რაღაც უცნაურად ამოილუღლუღა: რომ დედაჩემი იყო რაღაცნაირი დ ა უ ც ვ ე ლ ი არსება, რომელიც ის კი არა, რომ შეგიყვარდება, - სულაც არა, პირიქით, - როგორღაც უეცრად შ ე გე ბ რ ა ლ ე ბ ა რატომღაც, იქნებ უწყინრობისთვის, თუმცა, ვინ იცის, რატომ? ეს არასოდეს არავინ არ იცის, ოღონდ კარგა ხნით კი შეგებრალება; შეგებრალება და შეეჩვევი... „ერთი სიტყვით, ჩემო კარგო, ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ ვეღარც მოიშორებ. აი, რა მითხრა მან; და თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ იძულებული ვარ, სრულიადაც არ ჩავთვალო იგი ისეთ სულელ გოშიად, როგორადაც თვითონ დაიხასიათა თავი, იმ დროს ასეთი ვიყავიო. მეც სწორედ ეს მინდოდა.

    ესეც კია, მაშინვე დამიწყო რწმუნება, რომ დედაჩემმა ის შეიყვარა „ბეჩავი დამცირებულობის" გამო: ისღა აკლდა ეთქვა, ბატონი ვიყავ და იმიტომო! იცრუა შნოისთვის, იცრუა სინდისის. პატიოსნებისა და კეთილშობილების წინაშე!

    ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, თითქოს დედაჩემის საქებრადა ვთქვი, მე კი უკვე განვაცხადე, რომ სრულიად არაფერი ვიცოდი მაშინდელი დედაჩემის შესახებ. ეგ კი არა, სწორედ რომ ვიცი - მთელი გაუვალი სისულელე იმ წრისა და იმ უბადრუკ შეხედულებათა, რომლებშიც გაიყინა ის პატარაობიდანვე და რომლებშიც დარჩა შემდეგშიც, მთელი მისი წუთისოფელი. ასე იყო თუ ისე, უბედურება მოხდა. მართლა, უნდა შევასწორო: ღრუბლებში ავიჭერ და დამავიწყდა ფაქტი, რომელიც, პირიქით, ყველაზე უწინ უნდა წამომეყენებინა, სახელდობრ: მათი საქმე პირდაპირ უბედურებით დაიწყო. (იმედი მაქვს, მკითხველი არ მოჰყვება იმდენ პრანჭვას, რომ მაშინვე არ მიხვდეს, რისი თქმაც მინდა.) ერთი სიტყვით, დაიწყო სწორედ ბატონყმურად, მიუხედავად იმისა, რომ m-lle საპოჟკოვას გვერდი აუარეს. მაგრამ აქ უკვე მე გამოვალ ქომაგად. თან წინასწარ ვაცხადებ, რომ სრულიადაც არ ვეწინააღმდეგები ჩემს თავს. ვინაიდან, ღმერთო დიდებულო, აბა რაზე უნდა ელაპარაკნა მაშინ ისეთ კაცს, როგორიც იყო ვერსილოვი, ისეთ არსებასთან, როგორიც იყო დედაჩემი, კიდეც რომ გაგიჟებით ჰყვარებოდა? გარყვნილი კაცებისგან გამიგონია, მამაკაცი დედაკაცს რომ შეეყრება, ძალზე ხშირად სრულიად ხმაამოუღებლივ იწყებსო, რაც, რა თქმა უნდა, ყოვლად საშინელი და გულისამრევი რამაა; მაგრამ ვერსილოვი, კიდეც რომ სდომოდა, ვფიქრობ, სხვანაირად ვერც დაიწყებდა დედაჩემთან. მაშ პოლინკა საქსის ახსნას ხომ არ მოყვებოდა? გარდა ამისა, რაში ენაღვლებოდათ მათ რუსული ლიტერატურა; პირიქით, ვერსილოვის თქმით (ერთხელ როგორღაც ენა ამოიდგა), კუნჭულ-კუნჭულ იმალებოდნენ, კიბეზე უდარაჯდებოდნენ ერთმანეთს, წამოჭარხლებულნი ბურთივით გახტებოდნენ განზე, თუ ვინმე გამოივლიდა, და „ტირანი მემამულე სულ უკანასკნელი შინაყმის წინაშეც კი შიშით კანკალებდა, მიუხედავად ბატონის უფლებისა. ოღონდ თუმცა მემამულურად დაიწყო, მაგრამ ეგრე გამოვიდა, და თან არც გამოვიდა, და არსებითად მაინც არაფრის ახსნა არ შეიძლება. უფრო მეტიც კია ბნელით მოცული და გაუგებარი. ჯერ მარტო ის ამბავი, თუ რა ვეება რამედ იქცა მათი სიყვარული, გამოცანაა, იმიტომ რომ პირველი პირობა ვერსილოვისთანა ხალხისა, - ესაა მიატოვოს, როგორც კი თავისას შეისრულებს. მაგრამ ასე არ მოხდა. რომ გარყვნილმა „ქორფა გოშიამ (ხოლო ისინი გარყვნილები იყვნენ, ყველანი უკლებლივ, პროგრესისტებიცა და რეტროგრადებიც) შესცოდოს სანდომიან გიჟმაჟ შინაყმა ქალთან (დედაჩემი კი არ გახლდათ გიჟმაჟი) - ეს არათუ შესაძლებელია, არამედ გარდუვალიც, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ვერსილოვის რომანტულ მდგომარეობას - ყმაწვილი ქვრივი გახლდათ - და მის უსაქმობას. მაგრამ კუბოს კარამდე შეყვარება სწორედ რომ მეტისმეტია. თავს არ გამოვიდებ, ვერსილოვს უყვარდა დედაჩემი-მეთქი, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება სულ თან რომ დაათრევდა - ეს კი ნამდვილია.

    ბევრი კითხვა წამოვაყენე, მაგრამ არის ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც, უნდა აღვნიშნო, ვერ გავუბედე დედაჩემს, თუმცა ძალიან დავუახლოვდი შარშან და გარდა ამისა, როგორც უხეში და უმადური ლეკვი, რომელიც ფიქრობს, ჩ ე მ თ ან დამნაშავენი არიანო, სრულიადაც არ ვეხათრებოდი. აი ეს კითხვა: როგორ შეეძლო თვითონ მას, ნახევარი წლის ჯვარდაწერილს, ისიც მისრესილს, - მას ხომ უმწეო ბუზივით სრესდა ყოველგვარი წარმოდგენა ქორწინების კანონიერებისა, - მას, რომელიც ათაყვანებდა თავის მაკარ ივანოვიჩს, ვითარცა რაღაც ღმერთს, როგორ შეეძლო მას სულ რაღაც ორიოდე კვირაში ასეთი ცოდვის ჩადენა? ხომ გარყვნილი ქალი არ იყო დედაჩემი? პირიქით, ახლავე წინასწარ ვიტყვი, რომ ძნელი წარმოსადგენიც კია იმაზე უფრო სპეტაკი სულის ადამიანი, როგორიც ის იყო და დარჩა მთელი სიცოცხლე. ამის ახსნა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ თავი დაავიწყდა, ესე იგი იმ აზრით კი არა, როგორც ახლა გვარწმუნებენ ხოლმე ვექილები მკვლელებისა და ქურდების დაცვისას, არამედ იმ ძლიერი შთაბეჭდილების ზეგავლენით, რომელიც, მსხვერპლის გარკვეული მიამიტობისას, საბედისწეროდ და ტრაგიკულად შეიპყრობს ხოლმე ადამიანს. ვინ იცის, იქნებ გაგიჟებით შეუყვარდა... ვერსილოვის ტანსაცმლის ფასონი, თმის პარიზული ვარცხნილობა, მისი ფრანგული გამოთქმა, სწორედ ფრანგული, რომლის ერთი ბგერაც კი არ გაეგებოდა, ის რომანსი, რომელსაც მღეროდა ვერსილოვი, როცა ფორტეპიანოს მიუჯდებოდა, შეიყვარა რაღაც მანამდე არნახული და არგაგონილი (ვერსილოვი კი ძლიერ ლამაზი იყო), და ამასთანავე შეიყვარა, ლამის გასავათებამდე შეიყვარა იგი მთლიანად, მთელი მისი ფასონებითა და რომანსებით. გამიგონია, შინაყმა გოგოებს, თანაც ყველაზე პატიოსან გოგოებს, ხანდახან ემართებოდათ ხოლმე ასეთი რამ ბატონყმობის დროს. მე ეს კარგად მესმის და სინდისგარეცხილია ის, ვინც ამას მხოლოდ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1