Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სიტყვები
სიტყვები
სიტყვები
Ebook464 pages2 hours

სიტყვები

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

„სიტყვები“ ჟან-პოლ სარტრის ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც ავტორი ბავშვობის მოგონებებს, წიგნებთან და ლიტერატურულ პერსონაჟებთან პირველი ნაცნობობის, მწერლად ქცევის სურვილს აღწერს. მოთხრობილია ბავშვური ილუზიებისა და ფანტაზიების შესახებ, რომლებმაც დაღი დაასვეს მწერლის ცხოვრებას. რომანი ორი ნაწილისგან შედგება - „ვკითხულობ“ და „ვწერ“. ევროპის ლიტერატურულმა წრეებმა ეს ნაწარმოები ეგზისტენციალიზმისგან სარტრის გამოჯანმრთელებად მიიჩნიეს. პირველად გამოქვეყნებულია 1963 წელს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
სიტყვები

Read more from ჟან პოლ სარტრი

Related to სიტყვები

Related ebooks

Reviews for სიტყვები

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სიტყვები - ჟან-პოლ სარტრი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    სიტყვები

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    Philos© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge

    ჟან-პოლ სარტრი - სიტყვები.

    სიტყვები

    I

    ქალბატონ z-ს

    ვკითხულობ

    ეს იყო ელზასში, დაახლოებით 1850 წელს. წვრილშვილდახვეული მასწავლებელი იძულებული გახდა ბაყლობას დასჯერებოდა. მაგრამ გადამდგარი მოძღვარი სამაგიეროს გადახდას ფიქრობდა: რახან მან გონების განსწავლაზე ხელი აიღო, ერთ-ერთმა შვილმა სულები უნდა განანათლოს. ოჯახს თავისი წინამძღვარი ეყოლება. შარლი ხუცესი გახდება. მაგრამ შარლმა უგანა და სხვა გზა აირჩია: სახლიდან გაიქცა და მოჯირითე ქალს აედევნა. შვილის სურათი პირით კედლისაკენ შეაბრუნეს და მისი სახელის ხსენებაც-კი აღკვეთეს. ახლა ჯერი ვისზე მოდგება? ოგიუსტმა არ დააყოვნა, მამისა არ იყოს, თავი გაწირა - ვაჭრობას მიჰყო ხელი და კარგი ხეირიც ნახა. ახლა ლუიღა დარჩა, რომელსაც გარკვეული მიდრეკილებანი არ გააჩნდა. მამა დაეპატრონა ამ თვინიერ ბიჭს, ბევრი არ ალაპარაკა და მღვდლად აკურთხებინა. შემდგომში ლუიმ მშობლისადმი მორჩილება იქამდე განავრცო, რომ გაამღვდელა თავისი შვილიც - ალბერ შვეიცერი, რომლის ცხოვრება ცნობილია. ამასობაში შარლი ვერ დასწევია თავის მოჯირითე ქალს. მამის ლამაზმა საქციელმა წარუშლელი დაღი დაამჩნია მთელ მის ცხოვრებას: ყოველივე ამაღლებულის გემო გაეხსნა და თავს სდებდა, რომ მცირე ამბები გაეზვიადებინა და დიდმნიშვნელოვან მოვლენებად მოეჩვენებინა. როგორც ხედავთ, მას არც უფიქრია გვერდი აეხვია მემკვიდრეობითი მისწრაფებისათვის. ოღონდ უნდოდა უფრო უწყინარი სულიერი მოღვაწეობისათვის შეეწირა თავი და ზიარებოდა ისეთ საქმეს, რომელიც მოჯირითე ქალებსაც არ გამორიცხავდა. ასეთი იყო უმაღლესი სასწავლებელი: შარლმა გადაწყვიტა გერმანული ენის მასწავლებელი გამხდარიყო, დაიცვა დისერტაცია ჰანს საქსის შესახებ, პირდაპირი მეთოდის მომხრე გახდა, შემდგომში გამოაცხადა თავი ამ მეთოდის ფუძემდებლად, ბატონ სიმონოსთან ერთად გამოაქვეყნა ფრიად დაფასებული სახელმძღვანელო „Deutsches Lesebuch, და სწრაფად გაიკვეთა გზა: ჯერ მაკონი, მერე ლიონი, შემდეგ პარიზი. პარიზში, სწავლის დამთავრებისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოსთქვა სიტყვა, რომელიც ცალკე გამოცემის ღირსად შეიქნა: „ბატონო მინისტრო! მოწყალეო ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო ბავშვებო! თქვენ ვერასგზით ვერ მიხვდებით თუ რის შესახებ უნდა გელაპარაკოთ დღეს! მუსიკის შესახებ! რაიმე გარემოების გამო ლექსების თხზვაში ფრიად გაიწაფა. საოჯახო თავმოყრაზე უყვარდა იმის თქმა, რომ „ლუი ყველაზე ღვთისმოშიშია, ოგიუსტი ყველაზე მდიდარი, ხოლო მე ყველაზე ჭკვიანი ვარო". ძმები ხარხარებდნენ, რძლები ტუჩებს იკვნეტდნენ.

    მაკონში შარლ შვეიცერმა შეირთო კათოლიკე ვექილის ქალიშვილი ლუიზა გიემენი. ქალი ზიზღით იხსენიებდა საქორწინო მოგზაურობას: სადილის დამთავრებამდე ქმარმა მოიტაცა ქალი და შეაგდო იგი მატარებელში. სამოცდაათი წლის ლუიზას ლაპარაკში კიდევ ახსენდებოდა ხოლმე თუ როგორ მოუტანეს მათ რომელიღაც სადგურის ბუფეტში პრასის სალათი: „შარლმა სულ შეჭამა პრასის თავები მე კი ფოჩები დამიტოვა. ელზასში თხუთმეტი დღე ისე გაატარეს რომ სუფრიდან არ ამდგარან. ძმები ადგილობრივად უქცევდნენ და ასე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს უწმაწური ანეგდოტების თხრობაში. დროდადრო მღვდელი მოწყალებას იჩენდა, მოუბრუნდებოდა ლუიზას და უთარგმნიდა ამ ანეგდოტებს. ლუიზას არ დაუყოვნებია და ნაცნობობით იშოვნა ექიმის მოწმობა, რომელმაც ცოლ-ქმრულ ვალდებულებათა შესრულებას გადაარჩინა და ცალკე საწოლი ოთახის უფლება დაუმკვიდრა; იგი თავის ტკივილს უჩიოდა, წოლას მიეჩვია, შესძულდა ხმაური, გრძნობები, აღფრთოვანება - ყოველივე, შვეიცერების უხეში, ულაზათო და თეატრალური ყოფა-ცხოვრებისა: ეს ცოცხალი და გამკილავი, მაგრამ გულცივი ქალი სამართლიანად და აუგად აზროვნებდა, რადგან ქმრის აზრები კეთილგანზრახვითა და შეუსაბამობით იყო აღსავსე, ამასთანავე ვინაიდან იგი ცრუცა და ადვილმორწმუნეც იყო, ქალს ყოველივე საეჭვოდ მიაჩნდა: „მიაჩნიათ, რომ დედამიწა ბრუნავსო - ნეტა საიდან უნდა იცოდნენ? კეთილისმყოფელი კომედიანტების გარემოცვაში ქალს შესძულდა პირფერობა და სათნოება. ამ უხეში სპირიტუალისტების ოჯახში მოხვედრილი გამჭრიახი რეალისტი, იგი ისე გახდა ვოლტერიანელი, რომ ვოლტერი არც წაუკითხავს, გახდა მხოლოდ იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია. პატარა და ფუნჩულა, ცინიკური, კეკლუცი, იგი ყოველივეს პირწმინდად უარყოფის განსახიერებად იქცა. წარბებს აიწევდა, შეუმჩნევლად ჩაიღიმებდა და გააქარწყლებდა გაბერილსა და ზვიად საქციელს, თანაც მხოლოდ თავისთვის, ისე რომ სხვა ვერც შეამჩნევდა. მას სპობდა ყოვლისუარყოფის ამპარტავნება და არცნობის ეგოიზმი. არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა - ზედმეტად ამაყი იყო, რომ პირველი ადგილისთვის ცდილიყო, ზედმეტად პატივმოყვარე, რომ მეორეს დასჯერებოდა. „ისე უნდა მოიქცეთ, რომ სასურველი გახდეთ, ამბობდა ხოლმე იგი. ბევრისათვის იყო სასურველი, შემდეგ ნაკლებისა და ნაკლებისათვის და ბოლოს, რომ ვეღარ ხედავდნენ, სულაც დაივიწყეს. იგი აღარ სტოვებდა თავის სავარძელს ან საწოლს. შვეიცრები ნატურალისტები და პურიტანები იყვნენ, თუმცა სიქველეთა ასეთი კომბინაცია გაცილებით უფროა გავრცელებული ვიდრე ითვლება. მათ უყვარდათ უხეში სიტყვები, რომელნიც, თუმცა ამდაბლებენ ხორციელს, როგორც შეჰფერის ქრისტიანულ ღვთისმოსაობას, მაგრამ ამავე დროს, მოწმობენ ფართო შემწყნარებლობას ხორციელის ყოველივე ბუნებრივი გამოვლინებისადმი. ლუიზას ორაზროვანი სიტყვები ერჩია. გადაგებული იყო ფრივოლური რომანების კითხვას და ინტრიგაზე უფრო აფასებდა იმ გამჭვირვალე საბურველს, რომელშიც იგი იყო გახვეული. „გაბედულია, კარგადაა დაწერილი, იტყოდა ხოლმე ეშმაკურად. ზედაპირზე ისროლეთ წარმავალნო, შიგ ნუ ჩახედავთ! ეს თოვლივით ცივი ქალი ადოლფ ბელოს „მგზნებარე ქალის კითხვის დროს სიცილისაგან კვდებოდა, უყვარდა საქორწინო ღამის შესახებ ამბის მოყოლა, თანაც ყოველთვის ცუდი დასასრულით - ხან მოუთმენლობით შეპყრობილი ქმარი საწოლის თავზე კისერს უგრეხდა ცოლს, ხან შიშით შეპყრობილ შიშველსა და გაგიჟებულ პატარძალს დილით ნახავდნენ ხოლმე კარადის თავზე გასულს. ლუიზა ბინდში ცხოვრობდა. შარლი შევიდოდა მასთან ოთახში, დააღებდა დარაბებს, დაანთებდა ერთბაშად ყველა ლამპარს. ქალი აიფარებდა თვალზე ხელს და აკვნესდებოდა: „შარლ თვალები მიჭრელდება, მაგრამ მისი პროტესტი კონსტიტუციით დაშვებულ ოპოზიციის ფარგლებს არ სცილდებოდა. შარლი შიშს ჰგვრიდა ლუიზას, სრულიად შეუწყნარებელ გაღიზიანებას იწვევდა, ხოლო ხანდახან პირიქით, კეთილგანწყობილებასაც - ოღონდ-კი იგი არ შეხებოდა მას. მაგრამ როცა შარლი მოყვებოდა ყვირილს, ქალი ყველაფერს უთმობდა. ასე ანაზდად გაუკეთა ოთხი შვილი: ქალიშვილი, რომელიც პატარაობაში გარდაიცვალა, ორი ვაჟი და კიდევ ერთი ქალიშვილი. გულგრილობა იყო ეს თუ ქალისადმი პატივისცემა, მაგრამ შარლმა ნება დართო, ბავშვები კათოლიკური რწმენით აღეზარდათ. ურწმუნო ლუიზამ, პროტესტანტიზმისადმი სიძულვილის გამო, ბავშვებს ღვთისმოსაობა ჩაუნერგა. ორივე ვაჟიშვილი დედას მიემხრო. დედამ ჩუმ-ჩუმად მოაშორა შვილები ზედმეტად ფართოდმოაზროვნე მამას. შარლს ეს არც კი შეუმჩნევია. უფროსი ჟორჟი, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიდა; უმცროსი, ემილი, გერმანული ენის მასწავლებელი გახდა. იგი მეტად მაინტერესებს: ვიცი, რომ მას ცოლი არ შეურთავს, მაგრამ დანარჩენში, ყველაფერში მამას ბაძავდა, თუმცა არ უყვარდა. ბოლოსდაბოლოს მამა-შვილნი წაიჩხუბნენ. ხანდახან შესდგებოდა ხოლმე ღირსსახსოვარი შერიგება. ემილი კარჩაკეტილად ცხოვრობდა: გაგიჟებით უყვარდა დედა და სიკვდილამდე ჩვეულებად დარჩა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად და სხვების უჩუმრად მასთან სტუმრობა. მოეალერსებოდა, დაკოცნიდა, შემდეგ მოყვებოდა მამის შესახებ ლაპარაკს, ჯერ ირონიულად, შემდეგ გაბოროტებით და ბოლოს გაიჯახუნებდა კარს და წავიდოდა. ვფიქრობ, ლუიზას უყვარდა იგი, მაგრამ, ცოტა არ იყოს ეშინოდა კიდევაც. ორივე, თავნება მამა-შვილი, არაქათს აცლიდნენ და მას ჟორჟი ერჩივნა ორთავეს, მაგრამ იგი ყოველთვის სხვაგან იყო. მარტოობისაგან გამოყეყეჩებული ემილი 1927 წელს მოკვდა; ბალიშქვეშ უპოვნეს რევორვერი, ჩემოდნებში ასიოდე წყვილი გაცვეთილი წინდა და ოცი წყვილი ქუსლმოღრეცილი ფეხსაცმელი.

    უმცროსმა ქალიშვილმა, ან-მარიმ, მთელი ბავშვობა სკამზე გაატარა. იგი მოწყენით ყოფნას, ტანგამართულად ჯდომასა და ჭრა-კერვას მიაჩვიეს. ან-მარი ნიჭიერი იყო, მაგრამ წესი არ იყო და ამ ნიჭს ყურადღება არ მიაქციეს; თვალადი იყო და შეეცადნენ მისთვის არ გაეგებინებინათ. ამ თავმდაბალსა და ამაყ ბურჟუებს, შვეიცრებს, მიაჩნდათ რომ სილამაზე ისეთი რამაა, რაც მათ სახსრებს აღემატება ან მათ მდგომარეობას არ შეეფერება; სილამაზის უფლებას ისინი მხოლოდ მარკიზებსა და კახპებს უტოვებდნენ. ლუიზას უნაყოფო ამპარტავნება სულს ხდიდა: იმის შიშით, რამეში არ მოვტყუვდეო, იგი არ სცნობდა არც ბავშვების, არც ქმრისა და არც თავის ყოვლად ნათელსა და აშკარა ღირსებას. შარლი სხვის სილამაზეში ვერ ერკვეოდა - იგი სილამაზესა და სიჯანსაღეს ერთმანეთში ურევდა. მას შემდეგ, რაც ცოლმა ავადმყოფობა დაიწყო, იგი დარდს იქარვებდა იდეალისტურად განწყობილ, დონდროხა, ულვაშა, ძალამოჭარბებულ დედაკაცებში, რომლებიც მშვენივრად გრძნობდნენ თავს. ორმოცდაათი წლის შემდეგ ან-მარიმ, საოჯახო ალბომის ფურცვლის დროს აღმოაჩინა, რომ თურმე ულამაზესი ქალი ყოფილა. დაახლოებით იმ ხანებში, როდესაც შარლ შვეიცერი შეხვდა ლუიზა გიემენს, ერთმა სოფლის ექიმმა ცოლად შეირთო შეძლებული პერიგორელი მემამულის ქალიშვილი და მასთან ერთად ტივიეს მეტად უსიხარულო მთავარ ქუჩაზე, აფთიაქის პირდაპირ დასახლდა, მეორე დღეს გამოირკვა, რომ სიმამრს კაპიკი არ გააჩნდა. გააფთრებულმა ექიმმა სარტრმა შეწყვიტა ცოლთან ლაპარაკი და ორმოცი წლის განმავლობაში სიტყვა არ დაუძრავს მასთან. სუფრაზე ცოლს ნიშნებით აგებინებდა თავის სურვილს; ბოლოს საქმე ისე წავიდა, რომ ქალი ქმრის შესახებ ამბობდა „ჩემი მდგმურიაო". მიუხედავად ყოველივე ამისა, ექიმი ინაწილებდა მასთან სარეცელს და ხანგამოშვებით, ასევე ხმის ამოუღებლად, აორსულებდა: მას ეყოლა ორი ვაჟიშვილი და ქალიშვილი, დუმილის ამ ნაშიერთ დაარქვეს ჟან-ბატისტი, ჟოზეფი და ელენი. ელენი უკვე ხანგადასული ქალიშვილი იყო, როდესაც გათხოვდა კავალერიის ოფიცერზე, რომელიც შემდგომში გაგიჟდა. ჟოზეფი ზუავად მსახურობდა, მოიხადა ჯარი, უმალვე თადარიგში გავიდა და თავის მშობლებს დაუბრუნდა. ხელობა არ გააჩნდა. დამუნჯებულ მამასა და მყვირალა დედასთან ცხოვრებამ დააბლუვა, ასე რომ თავისი სიცოცხლე სიტყვებთან ჭიდილში მოლია. ჟან-ბატისტმა ზღვის სანახავად საზღვაოსნო სასწავლებელში შესვლა მოისურვა. 1904 წელს შერბურში, უკვე ტროპიკული ციებისაგან შელახულმა საზღვაო ოფიცერმა, გაიცნო ან-მარი შვეიცერი, მოაჯადოვა ეს ყველასაგან მიტოვებული აყლაყუდა ქალიშვილი, შეირთო, სახელდახელოდ გაუჩინა ბავშვი - ეს მე ვარ - და განიზრახა სიკვდილისათვის შეეფარებინა თავი.

    მაგრამ სიკვდილი იოლი საქმე როდია: ტროპიკული ციება აუჩქარებლად ვითარდებოდა, დროდადრო ავადმყოფს უმჯობესობა ეტყობოდა. ან-მარი თავგამოდებით უვლიდა ქმარს, თუმცა ისეთი უწესობის ნებას არ აძლევდა თავს, როგრიცაა სიყვარული. ლუიზამ ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ განაწყო შვილი. სისხლიანი ადათით იწყებოდა ყოველდღიური მსხვერპლთა წყება, რომელშიაც შიგადაშიგ გამოერეოდა ხოლმე ყოველღამეული ბიწიერება. თვისი დედის მაგალითისამებრ, დედაჩემმა, სიამოვნებას ვალდებულების შესრულება ამჯობინა. იგი თითქმის არ იცნობდა მამას, არც ქორწინებამდე, არც შემდეგ, და ალბათ, ხანდახან ეკითხებოდა თავს, რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაც უცხომ არჩია მის ხელში სიკვდილი. ავადმყოფი, ტივიეს მახლობლად, რამდენიმე ლიეს მანძილზე მდებარე სახლში გადაიყვანეს, მამა ყოველდღე ორთვალათი მოდიოდა შვილის სანახავად. ღამის თევამ და ზრუნვამ ან-მარი წელში გადაწყვიტა, რძე გაუშრა, იქვე მახლობლად მცხოვრებ ძიძას მიმაბარეს და მეც ყველა ღონე ვიხმარე რათა საიქიოს გავმგზავრებულიყავი ენტერიტისაგან ან იქნებ, შურისძიების მიზნით. ოცი წლისა, გამოუცდელი და რჩევა-დარიგებას მოკლებული, დედაჩემი მისთვის უცნობ ორ მომაკვდავთა შორის შუაზე იგლიჯებოდა. ჭკუით გათხოვებას ავადმყოფობა და ძაძები მოყვა. ამასობაში შექმნილი მდგომარეობა ხელს მიწყობდა: იმ  ხანებში დედები თითონ აძლევდნენ ძუძუს ახლადდაბადებულებს და თანაც დიდხანს აწოვებდნენ. ეს ორმაგი სულთმობრძაობა რომ შემსწრებოდა, ხიფათის წინაშე აღმოვჩნდებოდი: ძუძუს გვიან მომაშორებდნენ, მაგრამ ავად ვიყავი და იძულებული გახდნენ ცხრა თვის ბავშვი ძუძუს ძალად მოვეშორებინე. მაციებდა, უგონოდ ვიყავი და ამიტომ შეუმჩნეველი დამრჩა ის, თუ როგორ მოკვეთა მაკრატელმა უკანასკნელი ძაფი, რომელიც დედას ბავშვთან აკავშირებს. მოვხვდი ბუნდოვანი სამყაროს გარემოცვაში, რომელიც პრიმიტიული ჰალუცინაციებითა და პირველშობილი კერპებით იყო სავსე. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მეცა და ან-მარისაც ჯადო მოგვცილდა. მე გამოვჯანსაღდი. მაგრამ ჩვენ გაუგებრობის მსხვერპლი შევიქენით: ან-მარიმ საყვარელი შვილი ჰპოვა, რომელიც „სიმართლე რომ ითქვას" არასდროს დავიწყებია, ხოლო მე გონს მოვეგე უცნობი ქალის მუხლებზე.

    უფულო, ხელობის უცოდინარმა ან-მარიმ საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნება გადაწყვიტა. მაგრამ შვეიცრები შეურაცხყოფილნი იყვნენ მამაჩემის ეგზომ შეუფერებელი სიკვდილით, რომელსაც გაყრის სუნი უდიოდა. ხოლო, ვინაიდან დედაჩემმა ვერ შესძლო ამ ამბის გათვალისწინება ან თავიდან აცილება, მთელი პასუხისმგებლობა მას დააკისრეს: ამჩატდა, წინდაუხედავად აეკიდა ადამიანს, რომელიც ისე მოიქცა, როგორც არაა მიღებული. ხელში ატატებული ბავშვით მედონში დაბრუნებულ ტანწერწეტა არიანას ყველანი ჩინებულად შეხვდნენ: პაპა ჩემს, რომელიც ის იყო სამსახურიდან გადადგა და ისევ დაუბრუნდა სამსახურს, საყვედურის ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია, ბებიაც კი თავშეკავებულად ზეიმობდა. მაგრამ მადლობის გრძნობით დათრგუნული დედაჩემი, მისდამი ასეთ უზადო საქციელში გაკიცხვას გრძნობდა. ისიცაა, რომ ნათესაობას ქვრივი ურჩევნია მარტოხელა დედას, თანაც როგორც ნაკლები ბოროტება, ამ ორში, ცდილობდა რა პატიების დამსახურებას, ან-მარი ძალ-ღონეს არ ზოგავდა. ზურგზე მოიკიდა თვისი მშობლების მთელი შინაური საქმეები. მედონში, შემდეგ პარიზში, იგი ერთსა და იმავე დროს აღმზრდელიც, მომვლელიც, დიასახლისიც, კომპანიონი ქალიცა და მოსამსახურეც იყო, მაგრამ მაინც ვერ შესძლო დედის გულჩათხრობილი სინანულის დაოკება. ლუიზას მობეზრდა ყოველდილაობით მენიუს შედგენა და ყოველ საღამოობით ანგარიშის გასწორება, მაგრამ არც ის ეპიტნავებოდა, როდესაც უმისოდ ხერხდებოდა საქმის მოგვარება; უარს არ იყო, რომ ვალდებულებანი თავიდან მოეცილებინა, მაგრამ თავისი პრეროგატივების დაკარგვაც არ სურდა. ამ, სიბერეში გადამდგარ, ცინიკურ ქალს ერთადერთი ილუზია ჰქონდა შენარჩუნებული: მიაჩნდა, რომ იგი შეუცვლელია. ილუზია გაჰქრა და ლუიზა აღივსო ეჭვით თავისი ქალშვილისადმი. საცოდავი ან-მარი, გულზე ხელ-დაკრეფილი რომ ყოფილიყო, მუქთახორობას დააყვედრებდნენ, მაგრამ იგი ჯარასავით ტრიალებდა და ახლა ეჭვი აღეძრათ, სახლში მბრძანებლობა ხომ არ მოინდომაო. პირველი წყალქვეშა ქვისათვის რომ თავი დაღეწია, მას მთელი თავისი სიმხნევის შემოკრეფა მოუხდა, ხოლო მეორესთვის რომ შემოევლო, მორჩილება გამოიჩინა. დიდ ხანს არ გაუვლია და ახალგაზრდა ქვრივი კვლავ არასრულწლოვან ქალიშვილად იქცა, რომლის რეპუტაციას ლაქა აჩნდა. ჯიბის ფულზე არავინ უარს არ ეუბნებოდა - ოღონდ მიცემა ავიწყდებოდათ. კაბა ტანზე შემოაცვდებოდა ხოლმე. პაპაჩემს კი ახლის ყიდვა თავშიაც არ მოსდიოდა. სტუმრადაც კი დიდი გაჭირვებით უშვებდნენ მარტო. როდესაც სიყრმის მეგობრები, ახლა უკვე გათხოვილი ქალები, პატიჟებდნენ, მათ უხდებოდათ დიდი ხნით ადრე ნებართვის აღება, ამასთანავე უნდა შეპირებოდნენ, რომ სახლში მოიყვანდნენ არა უგვიანეს ათი საათისა. შუა ვახშმობაში ეძახდნენ ეტლს, სახლის პატრონი თავს ანებებდა ვახშამს, რომ ან-მარი გაეცილებინა. ამასობაში კი პაპაჩემი ღამის პერანგის ამარა ბოლთას სცემდა თავის საწოლ ოთახში და ხელში საათი ეჭირა. საათი რომ მეათეს დაჰკრავდა, იწყებოდა ჭექა-ქუხილი. მოპატიჟებამ თანდათან იკლო, თანაც დედაჩემსაც დაეკარგა ეგზომ ძვირფასად ღირებული გასართობის გემო.

    ჟან-ბატისტის სიკვდილი ჩემი ცხოვრების უდიდესი მოვლენა იყო: მან დედაჩემს ბორკილები დაუბრუნა, ხოლო მე თავისუფლება მომანიჭა.

    კარგი მამები არ არსებობენ - ასეთია წესი. ეს კაცების ბრალი როდია - ძირი აქვს გამოთხრილი თვით მამობის კავშირს. ბავშვვების ყოლა ნამდვილად უსამართლობაა! მამაჩემი რომ არ მომკვდარიყო, მთელი თავისი სიმძიმით დამაწვებოდა და გამსრესდა, საბედნიეროდ იგი მოკვდა ახალგაზრდობაში. ხროვაში ენეოსებისა, რომლებიც ზურგით ზიდავენ თავის ანქიზესებს, მე მარტოდ მარტო დავეხეტებოდი და მძულდა მწარმოებლები, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე უხილავად არიან მომჯდარი თავისი ვაჟიშვილების ზურგზე. როდესღაც, წარსულში, მე დავტოვე ახალგაზრდა მიცვალებული, რომელმაც ვერ მოასწრო ჩემი მამა გამხდარიყო და დღეს შეიძლება ჩემი შვილი ყოფლიყო. კარგი იყო ეს თუ ცუდი? არ ვიცი. მაგრამ მზად ვარ ხელი მოვაწერო ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის დიაგნოზს: ჩემთვის უცნობია ზე-მეობის კომპლექსი.

    სიკვდილი - ჯერ კიდევ მთლად ყველაფერი არ არის: მთავარია დროულად მოკვდე. მამაჩემი რომ უფრო მოგვიანებით გარდაცვლილიყო, მე თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი. ობოლს, რომელსაც შეგნებული აქვს ობლობა, აღეძრება ხოლმე თავის გაკიცხვის სურვილი: მისი პიროვნების ხილვით შეღონებული მშობლები განაშორნეს თავის ციურ სასუფეველში. მე ვნეტარებდი: ჩემი სამწუხარო ხვედრი პატივისცემას იმსახურებდა, ფასსა მდებდა: ობლობას სათნოებაში მივითვლიდი. მამაჩემის თავაზიანი გარდაცვალება მას ბრალად ედებოდა: ბებია სულ იმის ლაპარაკში იყო, რომ მამა დაუძვრა თავის მოვალეობებს. პაპაჩემს, რომელიც სრულიად სამართლიანად ამაყობდა შვეიცერების გამძლეობით, არ სცნობდა ოცდაათი წლის ასაკში სიკვდილს, ეგზომ საეჭვო განსვენების შუქზე ეჭვი აღუძრა, არსებობდა თუ არა როდესმე მისი სიძე, და ბოლოს სრულიად დაივიწყა იგი. მე-კი დავიწყებაც კი არ დამცალდა: ჟან-ბაპტისტმა სააქაო ინგლისური წესისამებრ მიმატოვა და ნაცნობობის პატივიც კი არ დამდო. მე დღესაც კი მიკვირს რა მცირე რამ ვიცი მის შესახებ. მას კი უყვარდა, სურდა სიცოცხლე, ნახა სიკვდილის მოახლოება - ყოველივე ეს საკმარისია ერთი ადამიანის წილად. მაგრამ ჩემი ოჯახის წევრთაგან არავის აღუძრავს ჩემში ცნობისმოყვარეობა ამ ადამიანისადმი. მრავალი წლის განმავლობაში ჩემი საწოლის თავზე ეკიდა სურათი პატარა ოფიცრისა, რომელსაც გულუბრყვილო თვალები, მოტვლეპილი მრგვალი თავი და დიდი ულვაში ჰქონდა. სურათი გაჰქრა, როდესაც დედაჩემი მეორედ გათხოვდა. შემდგომში მე მერგო განსვენებულის წიგნები: ლედანტევის ტრაქტატი მეცნიერების მომავლის შესახებ, ვებერის თხზულება სათაურით - ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ი  ი დ ე ა ლ ი ზ მ ი ს  გ ზ ი თ  პ ო ზ ი ტ ი ვ ი ზ მ ი ს კ ე ნ. ყველა თავის თანამედროვის მსგავსად, ჟან-ბატისტი ყოველგვარ აბდა-უბდას კითხულობდა. წიგნების არეებზე გაურკვევლად დაჯღაბნილი მინაწერები აღმოვაჩინე - მკვდარი ნიშნები წუთიერი აგზნებისა, რომელიც გიზგიზებდა და ფეთქავდა ჩემი ამ ქვეყნიდან გაჩენის დღეებში. წიგნები გავყიდე: რა საქმე მქონდა ამ ცხედართან?

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1