Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ალტონელი განდეგილები
ალტონელი განდეგილები
ალტონელი განდეგილები
Ebook429 pages1 hour

ალტონელი განდეგილები

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

„ალტონელი განდეგილები“ სარტრის ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელიც უშუალოდ ნაციზმს ეხება და აყალიბებს ავტორის შეხედულებებს ისეთ ფილოსოფიურ კატეგორიებზე, როგორიც არის თავისუფლება, უნივერსალური პასუხისმგებლობა, ბედისწერა, არსებობა, ყოფიერება და სხვა. პირველად დაიდგა 1959 წელს პარიზში.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
ალტონელი განდეგილები

Read more from ჟან პოლ სარტრი

Related to ალტონელი განდეგილები

Related ebooks

Reviews for ალტონელი განდეგილები

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ალტონელი განდეგილები - ჟან-პოლ სარტრი

    სარჩევი

    საავტორო უფლება

    მოქმედი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    შენიშვნები

    საავტორო უფლება

    iBooks© 2016 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge

    ჟან-პოლ სარტრი - ალტონელი განდეგილები.

    პიესა ხუთ მოქმედებად

    მოქმედი პირნი:

    ლენი

    იოჰანა

    ვერნერი

    მამა

    ფრანცი

    ამერიკელი

    ქალი

    ლეიტენანტი კლაგი

    ფელდფებელი

    გესტაპოელები

    მოქმედება პირველი

    დიდ სასტუმრო დარბაზში XIX საუკუნის მიწურულის გერმანული სტილის მდიდრული, უგემოვნო ავეჯი დგას. ზემო სართულზე ამავალი შიდა კიბე პატარა პარმაღით  ბოლოვდება, რომელზედაც დახურული კარი გამოდის. ხელმარჯვნივ, ორფრთიანი, შემინული კარი დაბურულ ბაღში გადის. ხის გუმბათებში გამოღწეული დღის სინათლე ოთახს მომწვანო შუქს ფენს. კედელზე ფრანცის სამი, ვეებერთელა ფოტოსურათი კიდია. სამივე სურათს,  ჩარჩოს ქვედა კუთხეში, მარჯვნივ, სამგლოვიარო შავი ბაბთა ამჩნევია.

    გამოსვლა პირველი

    ლენი, ვერნერი, იოჰანა

    ლენი დგას, ვერნერი სავარძელში ზის, იოჰანა - ტახტზე. ყველა დუმს. ცოტა ხნის შემდეგ, დიდი, გოთური  სტილის კედლის საათი სამჯერ დარეკავს. ვერნერი წამოხტება.

    ლენი (იცინის): სმენა! (პაუზა). ოცდაცამეტი წლის კაცი კი გქვია!

    (გაღიზიანებულია) დაჯექი, თუ ღმერთი გწამს!

    იოჰანა: რატომ? უკვე დროა?

    ლენი: დროა? ლოდინი მოგვიწევს.

    (ვერნერი მხრებს აიჩეჩავს).

    მოგვიწევს! მშვენივრად იცი, რომ ასე იქნება.

    იოჰანა: რა იცის?

    ლენი: ასეთი წესია. ჩვენი ოჯახური თათბირი ასე იწყება ხოლმე.

    იოჰანა: ხშირად თათბირობთ?

    ლენი: წინათ ჩვენთვის ეს ზეიმი იყო.

    იოჰანა: ყველას თავისი ზეიმი აქვს. მერე?

    ლენი (განაგრძობს): ვერნერი ძალიან ადრე მოდიოდა, მოხუცი ჰინდენბურგი კი აგვიანებდა.

    ვერნერი (იოჰანას): არ დაუჯერო, მამა ყოველთვის მხედრულად ზუსტი იყო.

    ლენი: მართალია. ჩვენ აქ ველოდით, თვითონ კაბინეტში იჯდა, სიგარას აბოლებდა და თან საათს უყურებდა. მხედრული სიზუსტით - სამ საათსა და ათ წუთზე შემოდიოდა - წუთი-წუთზე, არც ადრე, არც გვიან. თორმეტი წუთით იგვიანებს, როდესაც სამსახურში აქვს თათბირი, რვა წუთით, როდესაც ადმინისტრაციულ საბჭოს თავჯდომარეობს.

    იოჰანა: რატომ?

    ლენი: შიშის ქარი რომ შეგვიყენოს...

    იოჰანა: ვერფებზე?

    ლენი: შეფი ყველაზე ბოლოს მიდის.

    იოჰანა (გაკვირვებულია): რაო? რად უნდა? (იცინის).

    მაგის ვიღას სწამს?

    ლენი: ორმოცდაათი წლის მანძილზე მოხუც ჰინდენბურგს სწამდა, რომ ამას მნიშვნელობა ჰქონდა.

    იოჰანა: წინათ შეიძლება, მაგრამ ახლა...

    ლენი: ახლა აღარაფრის სწამს. (პაუზა) მაგრამ მაინც ათი წუთით დაიგვიანებს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მამაჩვენმა თავისი ჩვევები ჯერ კიდევ ბისმარკის სიცოცხლეში შეიძინა. (ვერნერს) გახსოვს, როგორ ველოდით? (ვერნერზე უთითებს) ვერნერი  შიშით კანკალებდა და კითხულობდა, ნეტა ვის დასჯიანო?

    ვერნერი: თორემ შენ არ გეშინოდა!

    ლენი (უკმეხად ჩაიცინებს): მე? მე შიშით ვკვდებოდი, მაგრამ გულში ვიმეორებდი: ყველაფრის სამაგიერო გადახდება-თქო.

    იოჰანა (გამკილავად): მერე, გადახდა?

    ლენი (იღიმება, მაგრამ ძალიან სასტიკი კილო აქვს): იხდის. (მიუბრუნდება ვერნერს) აბა, ახლა, ვის დასჯიან, ვერნერ? ჩვენ ორიდან, რომელს დასჯიან? ხედავ, როგორ გავბავშვდით! (გაცეცხლდება) მძულს, როცა მსხვერპლი ჯალათს პატივს სცემს!

    იოჰანა: ვერნერი მსხვერპლი არ არის.

    ლენი: ჯერ შეხედეთ!

    იოჰანა (უთითებს სარკეზე): თქვენ თავს შეხედეთ.

    ლენი: ჩემს თავს?

    იოჰანა: არც ისეთი გულადი ხართ! თანაც ბევრს ლაპარაკობთ.

    ლენი: თქვენ გართობთ. დიდი ხანია, მამაჩემის აღარ მეშინია, თანაც, ამჯერად, ვიცით, რასაც გვეტყვის.

    ვერნერი:  მე არ ვიცი.

    ლენი: არ იცი? ნამდვილი მუზმუზელა ხარ - ფარისეველი! თვალს გამოითხრი, ოღონდ არ დაინახო ის, რაც არ გინდა. (იოჰანას) იოჰანა, მოხუცი ჰინდენბურგი მალე ფეხს გაჭიმავს. არ იცოდით, არა?

    იოჰანა: არა, ვიცოდი!

    ვერნერი:  ტყუილია! (აღშფოთებისაგან კანკალებს) ტყუილია-მეთქი.

    ლენი: ნუ კანკალებ! (უცბად გაავდება) ფეხს გაჭიმავს, დიახ გაჭიმავს! მოკვდება.  შენც გითხრეს, თორემ იოჰანას საიდან ეცოდინებოდა?

    იოჰანა: ცდებით, ლენი.

    ლენი: თუ ღმერთი გწამთ! ვერნერი არაფერს გიმალავთ.

    იოჰანა: ეტყობა, მიმალავს.

    ლენი: აბა, ვინ გითხრათ?

    იოჰანა: თქვენ.

    ლენი (გაოგნდება): მე?!

    იოჰანა: სამი კვირის წინ, კონსულტაციის შემდეგ, ერთ-ერთმა ექიმმა ცისფერ ოთახში შემოგაკითხათ.

    ლენი: დიახ, ჰილბერმა. მერე რა?

    იოჰანა: ექიმი რომ გააცილეთ, დერეფანში შემომხვდით.

    ლენი: მერე?

    იოჰანა: არაფერი (პაუზა). თქვენ ძალიან მეტყველი სახე გაქვთ, ლენი.

    ლენი: არ ვიცოდი. გმადლობთ. აღტაცებული ვიყავი?

    იოჰანა:  შეძრწუნებული.

    ლენი (იყვირებს): ტყუილია!.

    (თავს მოთოკავს).

    იოჰანა (ტკბილად): სარკეში ჩაიხედეთ, ძრწოლვა ისევ ტუჩის კუთხეში გაქვთ მიმალული.

    ლენი (ცივად მოუჭრის): სარკეში ყურება თქვენი საქმეა.

    ვერნერი (სავარძლის სახელურს დაჰკრავს ხელს): კმარა! (გაბრაზებული უყურებს ორივეს). თუ მამა მართლა კვდება, ცოტა ღირსეულად მოიქეცით და გაჩუმდით! (ლენის). რა სჭირს?

    ლენი: იცი, რაც.

    ვერნერი:  ტყუილია!

    ლენი: ჩემზე ოცი წუთით ადრე შეიტყვე.

    იოჰანა: რას ამბობთ, ლენი? რანაირად?..

    ლენი: სანამ ჰილბერი ცისფერ ოთახში შემოვიდოდა, ვარდისფერზე გამოიარა; იქ ჩემს ძმას შეხვდა და ყველაფერი უთხრა.

    იოჰანა (გაოცებულია): ვერნერ!

    (ვერნერი სავარძელში ჩაეფლობა და არ პასუხობს) არა... არ მესმის...

    ლენი: თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ გერლახებს, იოჰანა.

    იოჰანა (უთითებს ვერნერზე): ერთი მათგანი სამი წლის წინ გავიცანი ჰამბურგში და მაშინვე შემიყვარდა. გულღია, თავისუფალი და მხიარული ჭაბუკი იყო. აქ სულ შეცვალეთ!

    ლენი: იმ თქვენს ჰამბურგელ გერლახს პირის გაღების არ ეშინოდა?

    იოჰანა: არაფრისაც არ ეშინოდა.

    ლენი: ნამდვილი გერლახი აქ რომ ზის, ის არის.

    იოჰანა (მიუბრუნდება ვერნერს. სევდიანად): მომატყუე!

    ვერნერი (სხაპასხუპით, ხმამაღლა): ჩუმად, ხმა არ გაიღო! (უთითებს ლენიზე). ვერ ხედავ, როგორ იღიმება?! ნიადაგს უმზადებს.

    იოჰანა: ვის?

    ვერნერი: მამაჩვენს. ზვარაკად ამოგვირჩიეს და ახლა მთავარია - გაგვთიშონ. როგორც არ უნდა გწყდებოდეს გული, ნუ მისაყვედურებ, თორემ წყალს ისევ ამათ წისქვილზე დაასხამ.

    იოჰანა (მკაცრი ალერსით): სასაყვედურო არაფერი მაქვს.

    ვერნერი (უგულისყურო, კვიატშეყრილი კილოთი): ჰოდა, ძალიან კარგი! ძალიან კარგი!

    იოჰანა: რა უნდათ ჩვენგან?

    ვერნერი:  გვეტყვიან, ნუ გეშინია.

    (დუმილია)

    იოჰანა: რა სჭირს?

    ლენი: ვის?

    იოჰანა: მამათქვენს.

    ლენი: ყელის კიბო.

    იოჰანა: არ იკურნება?

    ლენი: საერთოდ - არა. (პაუზა). შეიძლება ცოტა ხანს კიდევ გაძლოს. (დაუყვავებს). მოგწონდათ, არა?

    იოჰანა: ახლაც მომწონს.

    ლენი: ყველა ქალს მოსწონდა (პაუზა). შურისგებაც ასეთი  უნდა! პირი, რომელზედაც ქალები ჭკუას კარგავდნენ... (შეატყობს, რომ იოჰანა ვერ მიხვდა) თქვენ ალბათ არ იცით, რომ ყელის კიბო პირველ ყოვლისა...

    იოჰანა (მიხვდება): გაჩუმდით.

    ლენი: ბარაქალა, ნამდვილი გერლახი ხდებით!

    (იღებს XVI საუკუნის სქელტანიან მძიმე ბიბლიას და გაჭირვებით გადააქვს მაგიდაზე)

    იოჰანა: ეგ რა არის?

    ლენი: ბიბლიაა - ოჯახურ თათბირზე მაგიდაზე ვდებთ ხოლმე. (იოჰანა გაკვირვებული შესცქერის. ლენი, ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული დასძენს) ცხადია იმისთვის, თუ ფიცის დადება მოგვიწევს.

    იოჰანა: დასაფიცი არაფერი გაქვთ.

    ლენი: ვინ იცის?

    იოჰანა (გაიცინებს, რომ გული გაიმაგროს): თქვენ არც ღმერთის გწამთ და არც ეშმაკის.

    ლენი: მართალია, მაგრამ ეკლესიაში დავდივართ და ფიცსაც ბიბლიაზე ვდებთ. აკი გითხარით, - ჩვენმა ოჯახმა ცხოვრების მიზანი  კი დაკარგა, მაგრამ ჩვეულება შეინარჩუნა-მეთქი. (შეხედავს საათს)  სამი საათი და ათი წუთია. ვერნერ, ახლა შეგიძლია  ადგე.

    სურათი მეორე

    იგივენი, მამა.

    თითქმის მაშინვე იღება შემინული კარი და შემოდის მამა. ვერნერი კარის ჭრიალზე მიიხედავს. იოჰანა ყოყმანობს - ადგეს თუ არა და ბოლოს უხალისოდ წამოდგება. მამა ნაჩქარევად გადმოჭრის დარბაზს, იოჰანას მხარზე ხელს ადებს და ძალით დასვამს.

    მამა: ნუ წუხდებით, შვილო. (იოჰანა ისევ ჯდება. მამა დაიხრება და ხელზე ეამბორება, მერე უცბად წელში გასწორდება და ვერნერს და ლენის შეხედავს) გატყობთ, ახალს ვერაფერს გეტყვით. კეთილი და პატიოსანი! მაშინ ცერემონია განზე გადავდოთ და პირდაპირ საქმეს მივხედოთ. (ხანმოკლე დუმილია) ერთი სიტყვით, განწირული ვარ. (ვერნერი  ხელს დაუჭერს. მამა ლამის გამოგლეჯს ხელს) ხომ გითხარით, ცერემონია არ გვინდა-მეთქი. (გულნატკენი ვერნერი შეტრიალდება და ისევ დაჯდება. პაუზა. სამივე ერთმანეთს შესცქერის. მამა ხრინწშეპარული ხმით განაგრძობს) დიახ, ეჭვიც არ გეპარებათ, რომ ვკვდები! (თვალს არ აცილებს, თითქოს უნდა, დარწმუნდესო) ჰო, ვკვდები. ცხადზე-ცხადია, რომ ვკვდები. (თავს მოერევა. ლამის მხიარულად) შვილებო, ბუნებამ ვერაგული სარმა გამომდო. რაც ვარ, ესა ვარ, მაგრამ ამ სხეულს აქამდე არავინ შეუწუხებია. ექვს თვეში უსარგებლო გვამად  ვიქცევი. (ვერნერის მოძრაობას სიცილს შეაგებებს) იჯექი, ღირსეულად  წავალ.

    ლენი  (თავაზიანი ცნობისმოყვარეობით): აპირებთ, რომ თავი...

    მამა: ნუთუ გგონია, რომ მე - კაცი, რომელიც ვაიძულებ რკინას ზღვები დასეროს, რაღაც უჯრედის ახირებას დავემორჩილები? (ხანმოკლე დუმილია) ექვსი თვე თავს ამივა, რომ ყველა საქმე მოვაწესრიგო.

    ვერნერი:  მერე? ექვსი თვე რომ გავა, მერე რა იქნება?

    მამა: მერე? მერე, რა გინდა, რომ იყოს? - არაფერი.

    ვერნერი:  სულ არაფერი?

    მამა: ნაძალადევი სიკვდილი - ბოლო  გაბრძოლება ბუნების შეცდომის გამოსასწო-რებლად.

    ვერნერი (ყელში ბურთი აქვს გაჩრილი): ვინ უნდა გამოასწოროს?

    მამა: შენ, თუ შესძლებ. (ვერნერი დამდუღრულივით შეხტება. მამა იცინის) ნუ გეშინია, მაგასაც მე მოვაგვარებ. თქვენ მხოლოდ ჩემს დაკრძალვაზე იზრუნებთ. (ერთხანს ჩუმად არის) კეთილი, ეგ იქით იყოს. (დიდი ხნის დუმილია. თავაზიანად მიმართავს იოჰანას) შვილო, გთხოვთ, ცოტა კიდევ მოითმინოთ! (სულ სხვა კილოთი - ვერნერს და ლენის) ფიცს რიგ-რიგობით დადებთ!

    იოჰანა (შეშფოთდება): რა ამბავია! თქვენ არა თქვით, ცერემონია არ გვინდაო? რა უნდა შემოგფიცონ?

    მამა (გულკეთილად): ისეთი არაფერი, ჩემო რძალო; ყოველ შემთხვევაში, ოჯახის გარენათესავები ფიცისგან თავისუფლდებიან. (მიუტრიალდება ვერნერს და ზარ-ზეიმით მიმართავს, ოღონდ კაცი ვერ გაიგებს, გულწრფელად თუ ირონიულად) ვერნერ, ადექი! შვილო, შენ ვექილი იყავი. ფრანცი რომ მოკვდა, საშველად გიხმე და უყოყმანოდ აიღე ხელი შენს საქმეზე. ასეთი საქციელი ჯილდოს ღირსია. შენ ამ ოჯახის თავკაცი და ჩვენი წარმოების ბატონ-პატრონი გახდები. (იოჰანას) როგორც ხედავთ, საშიში არაფერია. ვერნერი მსოფლიოს ერთ-ერთ მბრძანებლად დავსვი. (იოჰანა ხმას არ იღებს) უარს ამბობთ?

    იოჰანა: მაგაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ.

    მამა: ვერნერ! (მოუთმენლად) უარს მეუბნები?

    ვერნერი (მოღუშული და აღელვებულია): ისე მოვიქცევი, როგორც თქვენ მეტყვით.

    მამა: ცხადია! (თვალს თვალში გაუყრის) მაგრამ გული გეთანაღრება, არა?

    ვერნერი:  დიახ.

    მამა: უდიდეს გემთმშენებელ წარმოებას საჩუქრად გაძლევენ, შენ კი ფეხს ითრევ! რატომ?

    ვერნერი:  იმიტომ რომ... თუნდაც, იმიტომ რომ, ღირსი არა ვარ.

    მამა: შეიძლება, მაგრამ რა გაეწყობა! ჩემი ერთადერთი მამრობითი სქესის მემკვიდრე შენ ხარ.

    ვერნერი:  ფრანცს ამისთვის ყველა საჭირო ღირსება ჰქონდა...

    მამა: ერთის გარდა - მოკვდა.

    ვერნერი:  რომ იცოდეთ, მე კარგი ვექილი ვიყავი და არ მომწონს, რომ ცუდი პატრონი ვიქნები.

    მამა: იქნებ არც ისე ცუდი გამოდგე.

    ვერნერი:  როცა ვინმეს თვალებში ვუყურებ, არ შემიძლია, რამე ვუბრძანო.

    მამა: რატომ?

    ვერნერი:  ვგრძნობ, როგორ ამწონ-დამწონის...

    მამა: შენც ადექი და ზემოთ შეხედე (შუბლზე ხელს იდებს) თუნდაც, აი აქ: აქ ძვლის მეტი არაფერია.

    ვერნერი:  მაგისთვის თქვენი სიამაყე უნდა მქონდეს.

    მამა: მერე, არა გაქვს?

    ვერნერი: საიდან მექნება? ფრანცი რომ თქვენ ხატად შეგექმნათ, სული არ დაიშურეთ. რა ჩემი ბრალია, თუ ბრმა მორჩილებას მიმაჩვიეთ?

    მამა: ეგ იგივეა.

    ვერნერი:  რაო? რა არის იგივე?

    მამა: მორჩილება და მბრძანებლობა. ორივეჯერ იმას გასცემ, რასაც გაძლევენ.

    ვერნერი:  თქვენც გაძლევდნენ?

    მამა: არც ისე დიდი ხანია, რაც აღარ მაძლევენ.

    ვერნერი:  ვინ გაძლევდათ?

    მამა: რა  ვიცი, იქნებ ჩემივე თავი (ღიმილით ამბობს) ერთ ხერხს გასწავლი: წარმოიდგინე, ვითომ სხვა ხარ.

    ვერნერი:  ვერ წარმოვიდგენ.

    მამა: ცოტაც მაცალე, მოვკვდები და ერთი კვირაც არ გაივლის, რომ თავს ჩემ მაგივრად წარმოიდგენ.

    ვერნერი:  რამდენი რამ იქნება გადასაწყვეტი? ყველაფერი მე უნდა გადავწყვიტო, მარტომ - ასიათასი კაცის სახელით. ასეთ ცხოვრებას როგორ უძლებდით?

    მამა: დიდი ხანია, აღარაფერს ვწყვეტ - მხოლოდ ხელს ვაწერ.

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1