Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რეკვიემი
რეკვიემი
რეკვიემი
Ebook819 pages13 hours

რეკვიემი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

"რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი" ზაირა არსენიშვილის (1933-2015 წწ.) პირველი რომანია.

მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. დადგა ე. წ. "ოტტეპელი". თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს. იგი თვითმხილველთა მონაყოლით აღადგენს სურათს, რით სუნთქავდნენ ისინი, რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ, როგორ სძულდათ…

ცხოვრება თითქოს შეცვლილია, აღარავის აკრთობს ღამის სიჩუმეში მოახლოებული მანქანის ხმა, როგორც გარდაუვალი დაღუპვის ნიშანი… თუმცა ადამიანებს მაინც თან სდევს იმ საშინელი შიშის აჩრდილი. ავტორი გვეკითხება, შეიცვალა კი თავად ადამიანის ბუნება?

ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ზაირა არსენიშვილის რომანს "ვა, სოფელო" და პროზაულ კრებულს "კენჭები".

Languageქართული ენა
Release dateJun 29, 2023
ISBN9789941373374
რეკვიემი

Related to რეკვიემი

Related ebooks

Reviews for რეკვიემი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რეკვიემი - Zaira Arsenishvili

    თავი 1

    სიფერადის სულით შემოთეთრება

    ჯგუფური რეპეტიციის დროს უჩვეულო ამბავი გავიგეთ, ჩვენთვის ყველასთვის მტკივნეული და ამაღელვებელი ამბავი... და თუმც კვლავაც ნაცარტუტად იყო ქცეული სამართლიანობა და ადამიანის ღირსებას ჩალის ფასიც არ ჰქონდა, თუმც კარგად ვიცოდით მიშუტკას ცხოველმყოფელი წარმოსახვისა და მთხზველობის შესახებაც, მაინც გულუბრყვილოდ დავიჯერეთ და ავიტაცეთ კიდეც, ცხადია, გულში დაგუბებული ბოღმის გამო და, ალბათ, ჩვენი კონცერტმაისტერის ჯიბრითაც, უქრობი პროტესტის ნიშნად, განსაკუთრებით ჯგუფური რეპეტიციების დროს რომ დაიგზნებოდა ხოლმე და შეუპოვარი ძალით აგიზგიზდებოდა.

    ჰოდა, საორკესტრო ფოიეში რეპეტიცია გვქონდა, ალიო ჩივაძის ბალეტს ვამუშავებდით და ჩვენი სულთამხუთავი კონცერტმაისტერი წარმოუდგენელ, თითების დასამტვრევ აპლიკატურას გვახვევდა თავზე (На дворе трава, на траве дрова², გადმომიჩურჩულა ჩემს გვერდით მჯდომმა მიშუტკამ). ჩვენი ყოველი წინადადება, მით უფრო, თუ გონივრული და მიზანშეწონილი იყო, აცოფებდა და თავგზას უბნევდა, როგორ თუ სხვა მიხვდა (თანაც ვინ? ხელქვეითები!) და მე ვერ მივხვდიო; რეპეტიციის დასაწყისში თავზე კაკალი ამტვრია განოს, რომელიც ნამდვილი ოსტატი იყო მოხერხებული და წიგნიერი აპლიკატურის შერჩევისა; მაკედონი და რახილი რომ არ ჩარეულიყვნენ, ასე გვეგონა, ხემს თავზე დაალეწავდა... მაგრამ, რაც მთავარია, მარჯვე აპლიკატურით ხომ უფრო მარჯვედ დავუკრავდით, ნაკლებ დავიტანჯებოდით, ჩვენს კონცერტმაისტერს კი სწამდა, მთელი თავისი მგზნებარე არსებით, რომ ტანჯვა-წვალება, თუნდაც უაზრო, თუნდაც უაზრო დაბრკოლებების გადალახვით გამოწვეული, ჩვენი მუდმივი თანამგზავრი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც ჩასაფრებული გვადევნებდა თვალყურს, რამდენად მოუხერხებლად, მაგრამ მედგრად დავახტუნებდით თითებს სიმიდან სიმზე პოზიციებში, და მის გაძვალტყავებულ ყბებში ძალად ჩატენილი კალაპოტივით წინ გამოჩრილსა და დაკრეჭილ პროთეზს რაკარუკი გაჰქონდა კმაყოფილებისა და სიამოვნების ნიშნად...

    სწორედ ამ დროს მიშუტკამ, რომელიც არასოდეს არანაირ ვითარებაში არ კარგავდა სულის მხნეობასა და ხუმრობის ხალისს, თვალი ჰკიდა მოპირდაპირე კედელზე მოცარტის დიდი სხივოსანი პორტრეტის ქვევით შეყუჟულ მიქელაძის ფოტოს (მე ყოველთვის ვცდილობ, თვალი ავარიდო ამ საბოლოო ფოტოზე აღბეჭდილ ახალგაზრდა, გაღიმებულ, ფრაკში გამოწყობილ კაცს, თითქოს დაღდასმულს სასტიკი ბედით და მოწამებრივი აღსასრულის სიახლოვით) და როგორც კი ჩავახლაფორთეთ სრულიად უაზრო პასაჟი, ვითომ დაქადნებით, რიხიანად წარმოთქვა, აი, გენა, მადლობა ღმერთს, დაჰკრა ჟამმა, რეპრესირებულთა მემორიალს ხსნიანო, დღეს დილით გასტრონომშიც მოვკარი ყური და ტროლეიბუსშიც ამას ლაპარაკობდნენო, ჰოდა, ნეტავი ამის შემდეგ რაღა გეთქმისო.

    მიშუტკას ნათქვამი ყველას დროულ ხუმრობად მოგვეჩვენა და გულიანად გავიცინეთ, მზია კი ისე აკისკისდა, ვეღარ ჩერდებოდა...

    ჩვენი კონცერტმაისტერი და ორკესტრის ინსპექტორი, მთელი ახალგაზრდობა მაუზერი რომ ეკიდა და სულ იმის კვლევა-ძიებაში იყო, კონსერვატორიის სტუდენტებს მავნე ფიქრები ხომ არ უტრიალებდათ თავში, ან საზღვარგარეთ ვინმე ნათესავი ხომ არ ჰყავდა, ერთბაშად გაბრაზდა, გაფიცხდა და მიშუტკას თავისებურად დასჩხავლა, შენ ოღონდ იხუმრო და იღლაბუცო და რას არ მოიგონებო, თან გამძვინვარებით ჩააშტერდა. ეჭვებმა იფეთქეს მის მგზნებარე გულში, მიშუტკას წამოსროლილი სიტყვები დაუფიქრებელი ხუმრობა იყო თუ საგანგებოდ დამიზნებული ნესტარი ბალეტ „ივერიის ცისკრის" დაცინვისათვის. ეტყობა, მისწვდა მის მახვილ სმენას, განოსთან ჩხუბის დროს მიშუტკამ რომ ჩამილაპარაკა, განა ღირს ამ საღონისძიებო არარაობისათვის ამდენი დავიდარაბაო.

    მაგრამ მიშუტკა მაგრად დახვდა, თუ ჩემი არ გჯერა, წადი წითელ ფოიეში ვიოლონჩელებთან და არნოლდ ლაზარევიჩს ჰკითხე, ერთად მოვედითო. ტროლეიბუსში ერთი დარბაისელი კაცი მთელი ხალხის გასაგონად ამბობდა, რეპრესირებულთა მემორიალს ხსნიანო, სოღანლუღთანო, სადაც, გადმოცემით, ხალხს ხვრეტდნენ და უდანაშაულო სისხლი იღვრებოდაო, თანაც – სულ მალეო! ახლა კი მიშუტკას სიტყვები თოფივით გავარდა, მიყურადებული და დაძაბული მოლოდინიც კი ერთბაშად გაქარწყლდა, მთელი ჩვენი ჯგუფი, მეორე ვიოლინოების საწყალი და საცოდავი ჯგუფი, მღელვარებამ მოიცვა, – ჩვენი უმეტესობა ხომ გულდაკოდილი იყო და ჩაწიხლული...

    განო მყისვე გამოერკვა შეურაცხყოფისაგან. აქამდე წარბშეკრული და პირმოკუმული მისჩერებოდა ნოტებს – გენას „უვიცი და უმეცარი" აპლიკატურა გულ-მუცელს უმღვრევდა – და ინა-ბასმით ახლად შეღებილი თმა და წარბები თითქოს ამკვეთრებდა მის დაპუდრულ სახეზე აღბეჭდილ შეუვალობას, ახლა კი ჩემკენ შემოტრიალდა და შეთქმულივით თვალი თვალში გამიყარა... და მე ვიცოდი, რასაც მანიშნებდა.

    მზიასაც მაშინვე ცრემლები გადმოსკდა, ნუთუ მოვესწარით, ნუთუ მოვესწარითო! ახლა მაინც გვეცოდინება, სად მივიდეთ, სად უნდა მივიტანოთ ყვავილები და სად უნდა მოვიყაროთ მუხლიო...

    ელიკომ საათი იკითხა, რამდენი დარჩა ანტრაქტამდე, სასწრაფოდ არჩილს უნდა დავურეკო რედაქციაში და, თუ მართლა იხსნება მემორიალი, შეუძლებელია, ცნობა არ ჰქონდეთ მიღებული, ყველა შემთხვევაში არჩილს სასწრაფოდ უნდა შევატყობინო, – ღმერთო ჩემო, არჩილის უმამო ბავშვობა და არჩილის დახვრეტილი ბიძებიო...

    მეც აღელვებული და შემცბარი შევყურებდი ჩემს მეგობრებს. მაინც როგორ მოხდა, რომ აქამდე ვერაფერი გავიგეთ, ხომ შეუძლებელია, კონკურსი არ ყოფილიყო-მეთქი. მეთაკილებოდა, რომ ასეთი ამბავი ასე გვიან უნდა გაგვეგო და თანაც მიშუტკასაგან, ყურმოკრულად...

    – გასტროლების გამოისობით! – შესძახა მზიამ, – ჩვენ ხომ მთელი ორი თვე ლენინგრადში ვიყავით! რამდენი სიკვდილი და ქორწილი გაგვიგია ნახევარი წლის დაგვიანებით!

    გენამ მთელი ძალით შემოსცხო ტაში, ფეხებიც დააბრაცუნა – ასეთ საპასუხისმგებლო სპექტაკლს ვამზადებთ საქართველოს გასაბჭოების იუბილესთვის და რა დროს მემორიალიაო! მაგრამ ყველა ისე ვიყავით აღელვებული, ყურიც არ ვათხოვეთ. მელიტა მაინც, წლების განმავლობაში ყაზახეთის ტრამალებში ბელტს ბელტზე რომ აბრუნებდა და თავისი ოდესღაც ატმისფერი პირის კანი ხორშაკ ქარებსა და უწყალო მზეზე გამოიხუნა და საბოლოოდ ჩაიჟამა... იქიდან დაბრუნების შემდეგ ყოველ უქმე დღეს შინაურ მუზიცირებაზე რომ გვიწვევდა და ბოკერინისა და ჰაიდნის კვარტეტებისა და კვინტეტების შემდეგ, როგორც წესი, ყაზახური მანტით გვიმასპინძლდებოდა, ძალზე შეშფოთდა და აფორიაქდა, რის გამოც მუქწითელი ფოთლებით აუჭრელდა სახე და ჩვეული ზრდილობა და ფრანგული პრონონსი კიდევ უფრო მოეძალა:

    – გენადი პეტროვიჩ, აბა, თქვენ გგონიაათ, ჩვენ მთელი სიცოცხლეე მხოლოდ და მხოლოოდ ბუხენვალდსა და მაიდანეეკს უნდა ვგლოვობდეეთ და დავტიროდეეთ და მათ მემოღიალეებს ვამკობდეთ ყვავილებით?! ნუღას უკაცღავაად! ჩვენც ბევღიი, ძალიან ბევღი ვიტანჯეეთ!

    რახილიც კი, ჩვენი კონცერტმაისტერის თანაშემწე, რომელსაც ამქვეყნად ნოტების, კარგად შებრაწული კარტოფილისა და საყვარლების მეტი არაფერი აინტერესებდა (მისი ვაჟიშვილი მარეკი განცალკევებულ კვარცხლბეკზე იდგა), რომელიც, თავისი დაუშრომელი და დაუცხრომელი დინამიზმის წყალობით მხოლოდ აწმყოს იყო ჩაფრენილი და ჩაჭიდებული, როგორც ობობა მწვანე სადაფისფრთებიან მსხვილ ბუზს, წელთაღრიცხვას მარეკის დაბადებიდან იწყებდა და სხვა წარსულს ჩირადაც არ აგდებდა, ისიც კი აღელდა და წამოწითლდა... წარსულიც არის და წარსულიც!.. – ვალია ვოლსკი, პირველი საყვირი და ბრწყინვალე მამაკაცი, ორკესტრის იმდროინდელი ინსპექტორი, ხომ სწორედ მაშინ დააპატიმრეს და იმ მუსიკოსებთან ერთად დაღუპეს.

    – ჩემო გოგონა, – მეუბნებოდა რახილი თვალების მოწკურვით, – ალბათ, ასე მოუწკურავდა თვალებს მღელვარე ზღვაში გასული, შემკრთალ მოსეირესა და მოშურნეს, ნაპირთან რომ ჩამომჯდარა და შორიდან მშრალზე დარჩენილი პაწია ნავივით მოჩანს, – მე რომანები იმისათვის მიყვარს, ჩემს მახლობლებს ვუამბო. ჰოდა, ჩემი და ვალია ვოლსკის ბოლო ასეთია: მიქელაძის შემდეგ ძალიან შემეშინდა, მაშინვე ყველაფერი მივატოვე და კისლოვოდსკში გავიქეცი. ჩასვლისთანავე, ლამის იმ დღესვე, ორკესტრში დავიწყე მუშაობა და ძალიან სწრაფად გავთხოვდი კიდეც ჩემსავით სეზონზე ჩამოსულ ტრომბონისტზე; მერე აკი ის ტრომბონისტი, ჩემი მეორე ქმარი, თბილისში ჩამოვიყვანე და მშვენივრადაც ვცხოვრობდით, ომს რომ არ მოესწრო... ჰოდა, მაშინ, კისლოვოდსკში, ორი კვირის გაქცეული ვარ და ორი დღის გათხოვილი, დილით ვდგავარ აივანზე და კბილებს ვიხეხავ. ჭიშკარმა გაირახუნა, გავიხედე და რას ვხედავ, ჭიშკარში ვალია ვოლსკი შემოდის, ცალ ხელში პატარა ჩემოდანი უჭირავს, – საყვირი და პერანგები ედო ხოლმე იმ ჩემოდანში, – მეორეში კი – ვარდების უზარმაზარი თაიგული (აღელვებულ გულზე ყოვლად სულელურად ეყიდა კისლოვოდსკის სადგურთან... სახლში ვარდების ტყე გვქონდა და როგორც შემდეგ დავადგინე, სწორედ ჩვენი სახლის პატრონისგან). ჯაგრისი ხელში გამიშეშდა, ვდგავარ დაკრეჭილი და ვუყურებ... ჩემს ახლად გამომცხვარ ტრომბონისტს კი ოთახში სძინავს... მე ხელით ვანიშნე, როგორ არის შენი საქმე-მეთქი... გაჩერდა და ნაბიჯი აღარ გადმოუდგამს... – მხრები აიჩეჩა... მარტო არა ხარო? – მანიშნა, – არა-მეთქი, თავი გავუქნიე... რამდენიმე წამს იდგა შუა ეზოში... ერთმანეთს ვუყურებდით... მერე შეტრიალდა და წავიდა, სიტყვის უთქმელად, კეთილშობილი უკუსვლით... რამდენიმე თვის შემდეგ ჩემმა დამ მომწერა: დაიჭირეს თქვენი მუსიკოსების ჯგუფიო, ვალია ვოლსკიც, მათთან ერთადო.

    „თქვენ უკვე იცით ეჟი ხადაროვსკის რეკვიემების ამბავი, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, ვალია ვოლსკი, მიუხედავად რეკვიემში მონაწილეობისა, სწორედ მიქელაძის გამო დააპატიმრეს, და უფრო მკაცრი სასჯელი იმიტომაც მიაგეს, აკი იმის შემდეგ აღარც არავის უნახავს. ალბათ დახვრიტეს..."

    მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მათ ერთად მოილაპარაკეს, გაქცეულიყვნენ და თავი გადაერჩინათ, არც იმის წარმოდგენა იყო ძნელი, რომ სწორედ ვალია ვოლსკი დაიჭერდა თადარიგს კისლოვოდსკის ორკესტრის ინსპექტორთან, იმ იმედით, რომ თვითონაც სწრაფად მოითავებდა საქმეებს, მარჯვე დროს შეარჩევდა და რახილს დაედევნებოდა, იქ კი მშვენიერი პარკის საკონცერტო ნიჟარაში ერთად დაიბუდებდნენ და, ვარდის სურნელით სავსენი, ერთად აახმიანებდნენ ვიოლინოსა და საყვირს... ისიც ძალიან კარგად წარმოვიდგინე, რომ „კეთილშობილი უკუსვლის" დროს ერთ-ორ მაგარ ფრაზას მაინც მიაძახებდა გაცრუებული ვოლსკი თავის გაორგულებულ საყვარელს... მაგრამ, ასე იყო თუ ისე, მათი საქმე დამთავრდა და ახლა შეიძლება სწორედ იმ ჭიშკართან დაგდებული თაიგული დაუდგა თვალწინ რახილს, რომ ლამის ბიბლიური გზნებით წარმოსთქვა:

    – მემორიალი რეპრესირებულებს?! ღმერთო ჩემო... დღესვე მივწერ წერილს ესთერს, დაე, ამერიკაში გაიგონ ეს ამბავი! – და მხრიდან ჩამოვარდნილი ჭრელი ქიშმირის შალი გაისწორა.

    „ბრუტუს შენცა?! – ასე მეგონა, ეს სიტყვები დაეწერა პერგამენტის სახეზე გენადის. ეს მართლაც მეტისმეტი იყო! რახილის მუხლზე დაყუდებულ ვიოლინოს დეკაზე ხელი ფამილარულად მიუტყაპუნა, რამაც ყველას გაგვახსენა მათი გარდასული ეპიზოდური სიყვარულობანა, ერთი საბნის ქვეშ გატარებული ორიოდე ღამისა და ამაო „ხლაფორთის ამბავი, რადგან რახილის მახვილი, დაუნდობელი თქმით, ჩვენი გენადი, ვერტიკალურ მდგომარეობაში თუ ნამდვილი მეხი და მედგარი იყო და მთელს ჩვენ ორკესტრში იდეოლოგიის უქრობ ჩირაღდნად ენთო, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადასვლისთანავე მას აგონებდა დანოტიოებულ ასანთს, რომლის გაკრთომა და გაქრობა ერთი იყო. და რახილი, რომელიც ანდაზურ-აფორისტული განზოგადებების ტრფიალიც გახლდათ, მითუმეტეს, თუ საქმე სიყვარულს ეხებოდა, ონავრული სიცილით დაასკვნიდა:

    – ჩემი ტემპი და ხასიათია ალერგო კონ ბრიო. აბა, როგორ?! სიყვარული ფაფის ჭამა კი არ არის, სიყვარული ძალმომრეობაა, ჩვენი გენა კი მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიური მოძალადეა!

    გენადი მუქარით მიაშტერდა რახილის კეხიან ცხვირსა და ზურმუხტისფერ თვალებს, რომელთა დამცინავმა ციმციმმა იგი კიდევ უფრო გააღიზიანა და გადარია. ალბათ, ამ დიდებული თვალების ელვარებასაც გულისხმობდა ჩვენი მთავარი დირიჟორი, ნიკოსი, გაკვირვებული რომ მეკითხებოდა, რახილი არ იცით, ვინ არის? კი მაგრამ, როგორ მოახერხეთ? ეს მაშინ იყო, ჩემი მოსმენის შემდეგ, პირველად ორკესტრში რომ მოვედი. „რაც შეეხება ფურცლიდან კითხვას და პარტიების შემოწმებას, ჩადით საორკესტრო ფოიეში და რახილს მიმართეთ, ის გამოგკითხავთო, და ჩემს შეკითხვაზე, რახილი ვინ არის-მეთქი, გაკვირვებულმა გამიცინა. თურმე ძალიან კარგადაც ვიცოდი, ვინც იყო, უბრალოდ, პირადად არ ვიცნობდი. ჩავედი თუ არა და მოელვარე თვალებმა ფოიეს სარკიდან შემომანათა, მაშინვე მივხვდი, ის იყო – დარბაზიდან მილიონჯერ დამენახა და ჩაბეჭდილიც მქონდა მისი კეხიანი ცხვირი, ოდნავ წინ გამოწეული სემიტური ქვედა ყბა და ჟანგისფერი, შარავანდედივით თმაც.

    – მოდი, ძნელ პარტიებშიც გამოგცდით, თანახმა ხართ?!

    – თქვენ როგორც გენებოთ... – მორჩილად ვუპასუხე.

    – მაშინ „ორლეანელი ქალწული და „კლასიკური სიმფონია ავიღოთ, – ნოტები იქვე, ბიბლიოთეკაში გამოართვა და არფების ოთახში ავედით, – ქვეყანა არ დაინგრევა, ნოტებს ხანდახან თუ ჩააფუჩეჩებთ, მაგრამ ეცადეთ, ტემპიდან არ ამოვარდეთ, მთავარი ესაა! – რახილმა თავისი ზურმუხტებივით თვალები გამიელვარა, – და ჩემს რჩევას ცხოვრებაზე თუ განაზოგადებთ, არ მოტყუვდებით...

    მე გულიანად გამეცინა, გეგონება ფრჩხილში ჩაიხედაო, პირდაპირ ნიშანში მომარტყა!

    – როგორ მოგმართოთ? – ვკითხე მე და ფუტლარი გავხსენი.

    – ძალიან გთხოვთ, რახილ სოლომონოვნა არ დამიძახოთ, ყოველგვარი ფორმალობა ჭირივით მძულს! – მითხრა და „ორლეანელი ქალწულის" პარტია გადაშალა.

    მაგრამ რახილს ფამილარობაც ძალიან სძულდა, ამიტომ მყისვე გამოსწია თავისი ვიოლინო, მხრები უკმაყოფილოდ შეარხია და გენას დამარცვლით უთხრა:

    – გირჩევ, სულელურ მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებ თავს. უნდა მიხვდე, რომ ჩვენები მაინც სრულიად უდანაშაულოები იყვნენ, გესმის? ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდე!

    გენამ სარკასტულად ჩაიხვიხვინა, პასუხის ღირსადაც არ ჩააგდო რახილი – ფეხის ხმას აჰყოლოდა და თვითონაც არ იცოდა, ვის იცავდა. ესღა აკლდა, თავქარიან ქალებს პოლიტიკის სფეროში მისთვის რამე მიეთითებინათ!

    რახილი განარდა, ისე გამოგვხედა, თითქოს პროტესტისთვის მოგვიწოდებდა და თვალები საბრძოლო ცეცხლით აუელვარდა, მაგრამ იმ სავალალო კრების შემდეგ (თუმცა აგერ ორი თვეც გავიდა და საწყალ სამუილს ორმოციც გადავუხადეთ) არავითარი სურვილი არ მქონდა, გენას შევბმოდი და ჩვენ შორის ჩამომდგარი დისტანცია დამერღვია, თუნდაც მემორიალის გულისთვის, რომელიც სხვებზე ნაკლებ არ მაღელვებდა. არავითარი აზრი ამას არ ჰქონდა. ჩემი სათქმელი მე მაშინ ვუთხარი, როცა დავარღვიე მცნება უფროსის პატივისცემისა და ასეთი შეუპოვარი რომ არ ყოფილიყო, ასე რომ არ ჰქონოდა ტვინი აფიცრული მზამზარეული, გაქვავებული წარმოდგენებით, საგულდაგულოდ რომ უგმანავდნენ ყველა შესასვლელ-გამოსასვლელს, რათა მის გაუდაბურებულ სულსა და გულში ჩიტი ვერ შეფრენილიყო და სიოს ვერ გაენავარდა, რაღაცას აუცილებლად უნდა მიმხვდარიყო და საგზლად გაჰყოლოდა. ახლა კი დაე, მის ქიმერებსა და ფანტომებს ისინი შებმოდნენ, ვისაც ჯერ კიდევ იმედი უჭიატებდა. ასეთი კი, რა თქმა უნდა, ჩვენი მაკედონი იყო, ჯგუფში უხნესი, ჩვენი მოღუღუნე გვრიტი და ქედანი, ჩვენი მემატიანე. გენა ისევაც ხვიხვინებდა სარკასტულად, მაკედონმა პულტზე რომ ხემი ააკაკუნა:

    – ღმერთო დიდებულო, გაჩერდით, გენა... – მაკედონს გაქუცული წარბები მტკივნეულად შეუტოკდა, – თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა იმ საშინელი ამბების შემდეგ... ოო, ჩვენი უღმრთოდ დაღუპული მეგობრები... დაუვიწყარია და უპატიებელი...

    – ო, მაკედონ... მაკედონ... – აღმოხდა განოს შეცვლილი ხმით, თითქოს მის მთრთოლარე სახმო სიმებს, როგორც ავდარში ტელეგრაფის მავთულებს, უამრავი მოლიცლიცე წვეთი დაეკიდაო...

    – არ გვაქვს უფლება, გენა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ისეთი მეგობრები დავკარგეთ! – კვლავ დაიღუღუნა მწუხარედ მაკედონმა.

    რაც მართალია, მართალია, მაკედონთან ურთიერთობა ყოველთვის უნებლიეთ გაფიქრებინებდათ, რომ სიტყვა „მოყვასი" არ უნდა იყოს არქაული და მოძველებული, თუკი ასე ზედმიწევნით შეჰფერის და ესადაგება ცოცხალ, კონკრეტულ ადამიანს, აი, ამ ხნიერ, ზნეკეთილსა და ლამის რელიგიური თვინიერებით – და ლამის რელიგიური სიჯიუტითაც – გამორჩეულ კაცს, ფერმკრთალსა და თეთრთმიანს, სანიმუშოდ სუფთად, მაგრამ ძველმოდურად და დაუდევრად ჩაცმულ მაკედონ მაკეევს, ჩვენ სიყვარულით ზურგს უკან მაკოს რომ ვეძახით... მას გულში უღვივის უღმრთოდ დაღუპულ მოყვასთა ხსოვნა და მოარული ლეგენდების ორკესტრულ ხმოვანებაში ჩვენ, გუშინ და გუშინწინ მოსულები, საგანგებოდ მივადევნებთ ხოლმე გულისყურს მის ხალას ინტონაციას, მის წრფელ სიტყვას, თუმცა ზოგჯერ, მოკრძალებისა და ძვალ-რბილში გამჯდარი პიეტეტის გამო მაღალი შტილით წარმოთქმულს, თუმცა ხშირად მეცო-ფორტესა და მეცო-პიანოს უზარზეიმო, სანახევროდ მიჩუმებული და იქნებ ერთფეროვანი ნიუანსით აღბეჭდილს, მაგრამ ყოველთვის გამსჭვალულს არდავიწყების სევდითა და ჩუმი სიხარულით. და ჩვენც, მაკედონის სულგანაბულ მსმენელებს, ლამის ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ არასოდეს გვინახავს ჩვენი უღმრთოდ დაღუპული დირიჟორი, არასოდეს განგვიცდია მისი თვალებისა და ხელების ცხოველმყოფელობა, მისი პლასტიკის განუმეორებლობა, და მისი – არა დიქტატით, არამედ რწმუნების ძალით ფრთაშესხმულნი, არასოდეს ჩავრთულვართ მუზიცირების ძნელსა და რთულ პროცესში, მისი წინამძღოლობით არ დაგვილახავს იმ შორეული სპექტაკლებისა და კონცერტების მზიანი მწვერვალები და მასთან ერთად არ შევრწყმივართ მუსიკის ჰარმონიულ სამყაროს...

    ლამის მართლა არ მჯერა, რომ იმდროინდელ რეპეტიციებზე, პირველ აპრილს, დირიჟორის მოსატყუებლად ჩვენც არ ვუკრავდით კორიდის მარშს ვივაჩისიმოს ტემპით და თან სიცილით არ ვკვდებოდით მისი შემცბარი სახისა და „აბესალომის" შესავლის ნელი ლარგოსათვის მომზადებული და ჰაერში გაშეშებული ხელების დანახვაზე... სანამ თვითონაც არ მიხვდა, ერთით ნოლი თქვენს სასარგებლოდო, პულტიდან არ გადმოგვძახა და ჩვენთან ერთდ ბევრი არ იცინა...

    ასე მგონია, ჩვენ ყველგან ვიყავით მასთან ერთად, ატკრციალებულ არტისტულ არიფანებზეც, ფუჟერების წკრიალსა და ჭაღების ელვარებაში... და იქაც, იმ ჯურღმულში... სადაც აღარც მუსიკა ისმოდა და აღარც სიცილი...

    უნდა ითქვას, თუკი ვინმეს მიმართ ზრდილობის ნასახი მოეძევებოდა, ეს მაკედონი იყო; მაგრამ ახლა, ასე ერთბაშად და მოულოდნელად გამომტყვრალი ამბავი მემორიალისა ისე აშმაგებდა და მთავარცნებას უკარგავდა, რომ ზრდილობის ამ ნატამალსაც სრულიად უქარწყლებდა... არ უნდოდა და არ სურდა რეპრესირებულებზე სიტყვის გაგონება, მორჩა და გათავდა! ეს სიტყვა მაკედონს კი არა, მამაზეციერს რომ ეთქვა! ეტყობა, ეგონა, ასეთი სიტყვები ამ ქვეყანას, ამ ქიმერების აჩონჩხლილ გოდოლს საფუძველთა საფუძველს შეურყევდა. და რადგან, ერთი მხრივ, იძულებული იყო, ანგარიში გაეწია ჯგუფში შექმნილი მღელვარე განწყობილებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ შორის იდეოლოგიის წყალგამყოფი ქედი იყო აღმართული, მაკედონის ცხვირწინ ხელი მოურიდებლად ჩაიქნია, ზურგი შეაქცია და არჩია, დემონსტრაციულად ჩამოეთვალიერებინა პულტები და, შურისძიებისა და ჩვენი გამოჭერის სურვილით აღძრულს, საგანგებო ჩაციებითა და ჩაკირკიტებით შეემოწმებინა, თუ როგორი გრაფიკული სისწორით აისახა ჩვენს პარტიებში მისი ბრძნული მითითებანი.

    მაგრამ მაკედონს ჩირად არ ჩაუგდია გენას უზრდელობა; მან ისევე მოღუღუნე, სევდიანი კილოთი განაგრძო:

    – ასე მგონია, მემორიალის გახსნისას მათი ტანჯული სული იქ გაიგებს... ჩვენ კი აქ ერთი ნიუანსით მაინც მეტად ვიგრძნობთ თავს ადამიანებად... ზოგიერთებისაგან განსხვავებით... – მაკედონმა გამგებიანად გადმოგვხედა, – განსხვავებით საწყალი და საცოდავი ადამიანებისაგან, მტერსა და მოყვარეს ვერასოდეს რომ ვერ არჩევდნენ...

    და ჩვენმა მაკომ თავი სინანულით გადაიქნია, რა თქმა უნდა, ნიშნად იმისა, რომ წითელფანქარმომარჯვებული ჩვენი კონცერტმაისტერი, გაგულისებით რომ ჩასჩერებოდა პარტიებს და სახეზე ბოღმის ფერი გადაჰკვროდა, მოკლებული იყო ამ ძვირფას შესაძლებლობას, „ერთი ნიუანსით მეტად ეგრძნო თავი ადამიანად".

    მაკედონს ჩვენ პირში შევცინეთ. მხოლოდ განო გაუბრაზდა თავისი პულტის მეგობარს, თავის განუშორებელ მაკოს:

    – ნუ მიშლით ნერვებს, მაკედონ, ნუ მაფიქრებინებთ, რომ თქვენი მიმტევებლობა გულგრილობაა და მეტი არაფერი. ასე კი, ვისაც გინდა, იმას გაამართლებ! – და აღშფოთებით აიწურა მხრები, ღვინისფერ შალის კაბაში ბრწყინვალედ გამოკვართული ცნობილი სოფი ივანოვას მიერ. მელიტამ და რახილმა მყისვე აიტაცეს განოს სიტყვები და მაკედონს აქეთ-იქიდან ჩაუნისკარტეს, ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც არის საცოდავი, საკუთარი თავი შეიცოდეთ და კიდევ სხვები და სხვებიო...

    მიშუტკამ კი, რომელიც ყოველთვის იმას ცდილობდა, ყველაფერი ხუმრობაში გადაეყვანა, თვალები ჩაგვიპაჭუნა, ძალიან გთხოვთ, გაიხსენოთ, რაც ამ უადგილო შებრალებასა და თავგამოდებას მაკედონისთვის ზიანი მოუტანია და კვლავაც მოუტანსო... და მიშუტკამ ვიოლინო მუხლებზე დაიდო, ხელები გაშალა და ფრთებივით დაარხია...

    ჩვენ მაშინვე ამოწუწული მაკედონი დაგვიდგა თვალწინ, იმ ბეღურასავით ამოწუწული და აბუზული, მან რომ გადაარჩინა დახრჩობას. საქმე ის არის, რის ვაივაგლახით ნაყიდი ახალი ფეხსაცმელი ეცვა და თან გენერალურ რეპეტიციაზე მოიჩქაროდა, ოპერის ბაღი კი სავსე იყო მოსეირე და მოანეკდოტე ხალხით, რაღა მაინცდამაინც მას უნდა გადაერჩინა ის ჩიტი, ფრთების დასველება რომ უნდოდა და ვერ კი მოზომა, რაღა ხნიერი და დარბაისელი კაცი უნდა ჩამხტარიყო აუზში ასე დაუფიქრებლად?!

    – ფეხსაცმელი ხომ ფეხსაცმელად გააფუჭეთ, მაკედონ, და თქვენი ჯანმრთელობის პატრონი, ახიც იქნება, გაცივდეთ, ღმერთმანი, თქვენზე ახი იქნება!

    მაგრამ განოს წინაშე მაკედონი იმით იმართლებდა თავს, ჩემ მეტს არავის დაუნახავს ის ჩიტი, მე კი, გეგონება გავთვალეო, მოვდიოდი და თან სულ აუზის კიდეზე ჩამომსხდარ ბეღურებს ვუყურებდიო...

    – ოო, მიშუტკაა! – თავისებურად აწკიპა წარბები მელიტამ, – მემორიალის ამბავი არავითარ ხუმრობას არ უნდოდა დაემცრო, – ყვავილებიი, ყვავილებიი... ბევღი, ბევღი ყვავილებიი! მამულაშვილს უნდა შევუკვეთოთ, მხოლოდ მამულაშვილს! – გადაბრჯნით წარმოთქვა, რადგან მის არისტოკრატიულ ხელგაშლილობას ისე არაფერი შეურაცხყოფდა, როგორც ჯიბეგაფხეკილ ორკესტრანტთა მეკაპიკეობა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მელიტა კომნენოსთა შთამომავალი იყო და სანამ ბოლშევიკები ჩამოართმევდნენ თამბაქოს პლანტაციებსა და ლიმონის ბაღებს, სიმდიდრეც კარგად მოსდგამდათ. მასთან სტუმრობისას, კამერული მუზიცირების დროს, ძველებური ჩარჩოებიდან შემოგვცქეროდნენ არისტოკრატიული ყოფის ამსახველი ფოტოები, ულამაზესი დარბაზებით, გაბრდღვიალებული შობის ხეებით, ლეოპარდის ტყავებზე ფეხმორთხმული კეთილშობილი ბავშვებით, მზით განათებული ტერასებითა და წმინდა ჯიშის არაბულზე შემომჯდარი ორი პატარა გოგონათი.

    არა! ამჯერად არამც და არამც ათ-ათი შაური არ უნდა შეგვეგროვებინა! ჩვენ ხომ ამჯერად საქმე არ გვქონდა ბანალურ სიკვდილთან და საეჭვო პრემიერასთან?! მემოღიალიი! დესპოტიის მსხვეღპლთა მემოღიალიი!

    ჰოდა, მემორიალის გულისთვის მუსიკოსებსაც შეგნებული გულუხვობა უნდა გამოეჩინათ და მანეთ-მანეთი მაინც გაეფრიალებინათ მამულაშვილის უზადო გვირგვინებისა და თაიგულებისთვის! აი, ასე, მხოლოდ და მხოლოდ ასე უნდა მოვქცეულიყავით!

    ჩვენი კონცერტმაისტერი მთლად ჩამოიქრუშა; ცხადია, ყური ჩვენკენ ჰქონდა, გაგულისებით ასრუტუნებდა ნისკარტა ცხვირს და გაძვალტყავებული ყბებიც ისე უცახცახებდა, გეგონებოდათ, მამულაშვილის გვირგვინებსა და ყვავილებში სოციალიზმის უკვდავი იდეები უნდა დაგვესამარებინა. აბა, რა გული გაუძლებდა, თავს არ დაგვსხმოდა.

    – გიცნობთ, რა შვილებიც ბრძანდებით! – შემოგვძახა დემაგოგიური პათოსით და წითელი ფანქარი, რომლითაც რევიზიას უკეთებდა ჩვენს პარტიებს, ყურში გაირჭო, – ვის შეიძლება მუსიკოსებმა პატივი სცენ?! არც არავის! არასოდეს არავის! და თუ მაინც ვინმეს შეიძლება სცენ პატივი, რა თქმა უნდა, მკვდარ დირიჟორს! მხოლოდ და მხოლოდ მკვდარ დირიჟორს!

    – აი, ამას ჰქვია ჩემი შენ გითხარიო! – წამოისროლა მიშუტკამ და პირდაპირ ხახაში ჩაუვარდა გენას.

    – მემორიალი, მემორიალიო! შენი მოჩმახულია ყველაფერი, რეპეტიცია რომ ჩაშალო, საქართველოს გასაბჭოების საიუბილეო, შე სკამაროხო, შენა! – ყვიროდა გენა და საწყალ მიშუტკას თავზე დასჩხაოდა.

    მიშუტკა გაშრა, გამტკნარდა, თავი რაღაც საცოდავადაც კი გადახარა უფრო დიდი დარტყმის მოლოდინში – ჩვენი კონცერტმაისტერი დარტყმაში დაუნდობელი იყო მართლაც და არც ამჯერად გაგვაცრუა: ბავშვებმა რომ იციან, გამოჯავრებითა და თითის ცხვირწინ ტრიალით, აი, ისე დასძახა მიშუტკას:

    – მეპანაშვიდე! მეპანაშვიდე! მეპანაშვიდე! რას აწრუწუნებ, შენ თვითონაც რომ არ გაგეგება! წადი, ეგ ტყუილები შენს მკვდრებს დაურიგე!

    მაგრამ მიშუტკა, მძიმე დარტყმის მიუხედავად, თუ სწორედ ამის გამო, სწრაფად მოეგო გონს – გენასთან წრთობას ამაოდ არ ჩაუვლია – და, საპასუხო დარტყმა კიდევ უფრო წონიანი რომ გამოსვლოდა, კი არ ათუხთუხდა, პირიქით, თავისებურად ცალყბად გაიღიმა, მერე კი მოწინააღმდეგის არსენალიდან პათოსი მოიშველია, ხემი შემართა და ისე წარმოთქვა:

    – ჩვენო ძვირფასო გენა! ცამდე მართალი იყო სამუილი, ტრიბუნის ენააცრილ კაჭკაჭს რომ გეძახდა! გაიგე და კარგად დაიხსომე: ტრიბუნის...

    – შეენ... თქვეეენ... შეეეენ... – ამოიზმუვლა გენამ და სიბრაზისგან ისე მიძრა-მოძრა ყბები, პროთეზი კინაღამ გადმოუვარდა, სასწრაფოდ იტაცა პირზე ხელი და გვალვადაკრული ხავსისფერი თვალებიც სულ ამოუთეთრდა.


    ² რუსული ენის გასატეხი

    თავი 2

    სარკოფაგიდან დგება მუმია.

    ხელიც კი ჩამოართვეს ვიღაცეებმა: ეს რა კარგი სიტყვა უთხარი სამუილსო, მისი შრომა და ღვაწლი როგორ გამოაჩინეო, შენ რომ არა, ნეტა ვინ რას ეტყოდა იმ ღრძოს, იმასო. „ძვირფასო სამუილ, მთელი სიცოცხლე შესწირე მუსიკას და ქართულ ხელოვნებას – მზიური საქართველო ხომ შენი მეორე სამშობლო იყო, პირველზე არანაკლებ საყვარელი და სათაყვანებიო! იმიტომ, რომ შენთვისაც დამახასიათებელი იყო, შენც ძვალსა და რბილში გქონდა გამჯდარი ჩვენი სოციალისტური საზოგადოების უპირველესი და ნიშანდობლივი თვისებები: ხალხთა ძმობა და ინტერნაციონალიზმიო!" – რა თქმა უნდა, სამუილის პროფესიულ სინდისიერებაზეც ბევრი ილაპარაკა, სამუილის ოდინდელ საშემსრულებლო ნიჭსა და უნარზეც... კილოც, როგორც ყოველთვის, მკაფიო, მტკიცე, მოწოდებისა ჰქონდა, გეგონებოდათ, პირიდან ლოზუნგებს ისვრისო; ბოლოს კი ასე დაამთავრა:

    – იძინე, ჩვენო ძვირფასო სამუილ! მაშ, იძინე ამიერიდან და მარადის შენს საყვარელ საქართველოს მიწაში!

    აშკარად სანქციას აძლევდა და ბეჭედსაც ასვამდა, რომ მის მიერ მკვდრად განწესებულ სამუილს ნავთლუღში, ებრაელთა მყუდრო, პატარა სასაფლაოზე, აკაციის ქვეშ განესვენა და, როგორც თვითონ სამუილი ხუმრობდა სიკვდილის წინ, იქიდან ხელი მიეტანებინა გვირილების ამოხეთქვისათვის.

    მე დაეჭვებით გავხედე სამუილის შემზარავ შეცვლილ, დალაქულ სახეს, თითქოს ბოლომდე არ მჯეროდა, რომ საბოლოოდ ჩაქრა და ჩაიშრიტა მისი აგრესიული სიცოცხლე, გადაბრუნდა მისი ბედისწერის ბორბალი – თან გადაიტანა ღვარძლი და გესლი, გულში რომ უდუღდა, გადაიტანა, როგორც ჩანს, ისე მთლიანად და მოუბრუნებლად, ისეთი გულდასაწყვეტი სისავსით, რომ, ჩემი დაეჭვების მიუხედავად, ის, ალბათ, ვეღარ შეძლებდა თავისი პატარა, ყოველთვის საგანგებოდ მოვლილი და ახლა კი გაშავებული, ჩონჩხად ქცეული და სამარადისოდ დაკრეფილი ხელები წყრომისა და შეურიგებლობის ნიშნად შეუპოვრად აექნია, გულზე უხვად დაყრილი მიხაკები და ვარდები მიეფანტ-მოეფანტა, კუბოში სხარტად წამომჯდარიყო, სიძულვილით მოგიზგიზე ვირთხის თვალები კუბოს გადაღმა, სამარის მეორე მხარეს, ასვეტილი ორატორისთვის მიეპყრო და თავისი ხრინწიანი ხმით გადმოეძახა, დიახაც მკვდარი ვარ, შენი სანქციისა და ბრძანების გარეშე და, სწორედაც, უნდა ვიძინოო, მერე კი ისევ გადაშვებულიყო კუბოში, გენას ჯიბრზე ხელები ისევ დაეკრიფა, თვალებიც ისევ მტკიცედ დაეხუჭა და ხელმეორედ მომკვდარიყო.

    რა მაქვს სანანებელიო, ყველას ამას ეუბნებოდა გენა, კაცს თურმე კიბო სჭირდა და სული წყალზე ჰქონდა გამდგარი, აბა, ის კრება რა შუაშიაო.

    სანახავად და შესარიგებლად რომ მოვიდა სიკვდილის წინ საავადმყოფოში, მაშინაც ერთი მაგრად, თუმცა ვითომ ხუმრობით, შეუტია...

    ჩვენ სწორედ იქ ვიყავით, მე, მზია და სანათო. ელიკოს თავის მდგომარეობაში უჭირდა სიარული და პატარა ქილით შვინდის მურაბა გაგვატანა. მეც წინა დღეს თელავიდან ჩვენი ეზოს ყურძენი ჩამომიტანეს, ბიძაჩემს გამოეგზავნა მსხვილმარცვალა, დამკრახული ნიმრანგი, სათვალიოც და გემოწმინდაც, – თან არც ისე ტკბილია, ოდნავ სიმჟავეც დაჰკრავს, კარგი მარახოში საჭმელია, – გავიგე, სამუილს გულისრევა კლავსო და ვიფიქრე, მისწრება იქნება-მეთქი, ჩვენი ბაღისვე შესანიშნავი იისფერი შემოდგომურებიც წავუღე. მზიასაც ღომი, სულგუნი და საწებელა მოჰქონდა, სანათოს – ლიმონი და ბროწეულები და სამივე ხელდამშვენებულები მივედით. ჩვენი დანახვა გაუხარდა.

    – ამ ოცდაათი წლის წინ... აქ ჩამოსვლისთანავე მივხვდი... ქართველ ქალს არავინ სჯობია. Варила моя башка, варила! – ხმა ჩავარდნოდა და კიდევ უფრო ჩახრინწვოდა, – იმიტომაც შევირთე, აი, ეს ქალი... ჩემი კატუნი.

    გრძნობიერების გამოხატვას ვერ იტანდა და ეს „ჩემი კატუნი" ავადმყოფობას დავაბრალე, თუმცა კარგად ცხოვრობდნენ, ერთმანეთისთვის სულს ლევდნენ და გარეგნობითაც არაჩვეულებრივად ჰგავდნენ ერთმანეთს. ოღონდ კატუნი ლამაზ ვირთხას ჰგავდა, თმადახუჭუჭებულსა და ტუჩებშეღებილს; თავისი სამუილის გვერდით ერთგულად მიათრევდა ცხოვრების ჭაპანს... ეს ჭაპანი კი, მართლაც, მძიმე იყო ზოგჯერ – ძალიანაც მძიმე, დღიდან მათი შეერთებისა. ჯერ იყო და სამუილიც მუსიკოსების იმ ჯგუფში მოჰყვა, ეჟი ხადაროვსკის რეკვიემს რომ რეპეტიციობდნენ... შესრულებამდე ხომ არც მივიდა საქმე და სამუილიც დააპატიმრეს, ოთხი წელი ციხის კედლები ალესინეს, – ჯერ თბილისში, მერე იაროსლავლში... საწყალი კატუნი გაეკრა გზას... მერე – კაცმა არ იცის, როგორ და რანაირად, ვინ იყო მათი დამხმარე და მაშველი, მართლაც რომ, ბედმა გაუღიმათ, – სამუილი მუსიკოსთა საფრონტო ბრიგადაში შეიყვანეს და ომში გაგზავნეს; და შემდეგი ოთხი წელი კატუნი ომის გზებს გაჰყურებდა. ციხიდან სამუილი ეტაპით წამოეყვანათ არმავირამდე და ბევრი ეხვეწა თურმე ზედამხედველებს: ორი დღით გამათავისუფლეთ, ჩავალ ბარემ თბილისში, ამდენი ხანია, არ მინახავს ცოლ-შვილი, ვნახავ კიდეც და ჩემს ვიოლონჩელსაც წამოვიღებო, მაგრამ არაფრით არ მიეცათ ნება, ცეცხლის ხაზამდე თავისუფალ მოქალაქედ არ ითვლებითო. ჰოდა, კატუნის, იმ გაგანია ომის დროს, იმ ქარცეცხლში, თავი გადაეკლა და წასულიყო არმავირში, სამუილის ვიოლონჩელითა და ჩურჩხელებისა და სანოვაგის ფუთით. თქვენ ხომ იცით, ცრემლიანი კაცი მე არა ვარ, მეუბნებოდა სამუილი, მაგრამ არმავირის ბაქანზე ჩვენი ვაგონის გისოსებიდან პატარა კატუნი რომ დავინახე, ტირილი დავიწყეო.

    ახლაც ერთგულად ეჯდა კატუნი და ჟანგბადს ასუნთქებდა; ჩვენს დანახვაზე ჟანგბადის ბალიში საწოლის ბოლოში დადო, ნობათი ჩამოგვართვა და იმის დაბინავებას შეუდგა. სამუილმა ანიშნა, ყვავილები აქ, თავთან დამიდგიო. იმ კრების შემდეგ აღარ გვენახა, ან კი როდის ვნახავდით, „დაისის" ჩაწერა გვქონდა ფირფიტებისთვის, დღეს და ღამეს ვასწორებდით და სამუილი კი მეორე დღესვე დააწვინეს საავადმყოფოში, თურმე, ფაქტობრივად, მომაკვდავი; და კვდებოდა კიდეც... საცნობი აღარ იყო, ამ ათიოდე დღეში მთლად მიქცეულიყო. კისერი გაშეშებოდა, შეხვეული ჰქონდა მხართან ერთად. სახე შეშუპებოდა, დროდადრო სუნთქვაც უჭირდა. ხელები მომხვდა თვალში, – გამხდარი, დაჭორფლილი ხელები, სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ სხარტი და დაუდეგარი, ხემის აღმა-დაღმა მოძრაობასა და ჩელოს სიმებზე დაუსრულებელ სრბოლაში გაწაფული და ნაჯაფი, ახლა უმწეოდ და უმოძრაოდ საბანზე ზევიდან რომ ელაგა. თურმე რამდენი ურტყეს ამ ხელებში, საგანგებოდ უგრეხდნენ მაჯებს, ფრჩხილებში ნემსებს უყრიდნენ, სახსრებზე რკინადაჭედილი ფეხსამოსით ადგებოდნენ. თანაც, ვინ! სწორედ ის ჩეკისტები, ორი ახალგაზრდა კაცი, გელეგუტის მითითებით და გელეგუტის ხელმძღვანელობით, ხელოვნებას რომ კურირებდნენ და მთავრობის ყველა კონცერტზე ორკესტრში, უშუალოდ მათ გვერდით, პულტებს შორის ჩადგმულ სკამებზე სხდებოდნენ და, როგორი გონებაჩლუნგებიც გინდა ყოფილიყვნენ, შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, რას ნიშნავდა ამ ადამიანებისთვის ხელები. მიზანსაც ეწივნენ, მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც.

    ახლა მე იმ შენობას ვგავარ, – მწარედ ხუმრობდა სამუილი, – ბრწყინვალე ფასადი რომ ჩამოანგრიეს და არქიტექტორის ჩანაფიქრი გაანიორწყალეს, მაგრამ დარჩა ფუნქცია უკანა ოთახების ხარჯზეო.

    სამუილიც თავის დროზე მიქელაძეს მოეწვია. კიევიდან ვიოლონჩელების კონცერტმაისტერად და ფილარმონიის სოლისტად.

    იმ წამების შემდეგ, როცა ძვალი და რბილი გაერთიანებული ჰქონდა და ხელებს – საძრაობა დაკარგული, დარტყმას მაინც სხვაგან უნდა ეჩინა თავი (თითქოს იმ ანდაზის მიხედვით „სად დავკარ და სად გასკდაო") და, სახელდობრ იქ, სადაც სამუილს საესტრადო სოლო შემსრულებლის ძარღვი უფეთქავდა. და თუმცა – ჯერ ციხეში მასთან მოხვედრილი შესანიშნავი ქირურგის მეშვეობით, მერე კი ომში, საკონცერტო ბრიგადაში, საკუთარი ძალისხმევით, გამუდმებული ვარჯიშითა და ხელშეწყობით, დროდადრო კი ჰოსპიტალებში მკურნალობითა და პროცედურებით, ხელებს დაუბრუნა ფორმა, კვლავ შესძინა ელასტიკურობა, მგრძნობელობა და სისხარტე, აღიდგინა ბგერა, ტექნიკა და რეპერტუარი, მაგრამ იგრძნო, რომ სოლისტობას ვეღარ შეძლებდა... და მართლაც, ომიდან დაბრუნების შემდეგ, საბრძოლო გზებზე ნავალი კაცი კვლავ დაჯდა ჩელოების კონცერტმაისტერად. ესტრადაზე გამოსვლა კი ვეღარ გაბედა, მუხლები ეკეცებოდა, გულის ფრიალი უტყდებოდა, ცივი ოფლი ასხამდა... შინაგანად კი, ეტყობა, ხელი ვერა და ვერ ჩაიქნია და გაცრუებული და ხელმოცარული კონცერტანტის კომპლექსი ბოლომდე ტანჯავდა. მე, მზია და სანათო სახტად დავრჩით, ექთანს არც ერთი თითიდან სისხლი რომ არ ააღებინა, არც ნემსი გააკეთებინა მკლავში, ვაითუ დამიჩირქდესო.

    – იცით, გოგოებო, სამუილი კარგად რომ გახდება, საოჯახო კონცერტი უნდა მოგვიწყოს და თქვენი დაპატიჟებაცა აქვს გადაწყვეტილი, – გვითხრა ღიმილით კატუნიმ და სამუილს პირში ნიმრანგის მარცვალი ჩაუდო, მეორე ხელით კი პატარა ხელებზე ეფერებოდა.

    – პატარა ხელები?! – რამდენჯერ უთქვამს ამრეზით სამუილს, ცხადია, ფარული თუ აშკარა მტრებისა და რეგვნების მისამართით, ვისაც ხელების ზომა, შურის, ბოღმისა და უვიცობის წყალობით, შეიძლებოდა დაკვრის ავკარგიანობასთან დაეკავშირებინა, – არ გინახავთ ჩელისტები, ნიჩაბივით ხელები აქვთ და ღმერთმა იცის იმათი თავი და ტანი, რას უკრავენ! მე ბევრი მინახავს! დაკვრისთვის, გეთაყვათ, აი, ეს არის საჭირო, და კიდევ ეს! – საჩვენებელ თითს ჯერ შუბლზე მიიდებდა, მერე – გულზე, ბოლოს კი დამცინავი ღიმილით ხელს ჩაიქნევდა.

    სამუილმა ნიმრანგის მარცვალი ფრთხილად და დაეჭვებით ჩაკბიჩა, თითქოს არ სჯერა, რომ ესიამოვნაო და, რაკი დარწმუნდა, რომ ესიამოვნა, მეორე მარცვალიც მოსთხოვა კატუნის. ჩვენ გადმოგვხედა, თვალი ჩაგვიკრა და ეცადა, თავისი ჩავარდნილი ხმა – გეგონება, სახმო სიმებზე სურდინა აქვს ჩამოცმულიო – ხალისიანი გაეხადა:

    – აჩელერანდოთი მივექანები თავდაღმართში... უფსკრულიდან ეშმაკი თუ ამომიხტება... და გზას გადამიღობავს... თორემ ჩემი შეჩერება თვით გენადისაც აღარ შეუძლია...

    მელა ხსენებაზეო და, სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, გენადი არ გამოგვეცხადა собственной персоной?! კარი შემოხსნა და, დაგვინახა თუ არა, აჩქარებით გამოემართა... ჯერ ჩვენ, თავისუფალ საწოლზე ჩამომსხდრებს, გადმოგვხედა კმაყოფილი ღიმილით – ახალგაზრდა კადრები ჰუმანურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ უკურნებელი სენით შეპყრობილი ხნიერი კოლეგის მიმართ, – მერე კი დაიხარა და ტუჩების გაწრუწუნებით ლოყაზე აკოცა სამუილს, რომელმაც ისეთი თვინიერი სასოწარკვეთით გახედა შემოფრიალებულ კარს, – ესეც გრძელ გზაზე მიმავალი სამუილის ბოლო მონაპოვარი იყო, თვალზე მისაფარებელი გახვრეტილი შაურიანივით, თითქოს გენას რომაელი ლეგიონერები უნდა შემოჰყოლოდნენ...

    მაგრამ მათ ნაცვლად, უსიმპათიურესი ტანეჩკა კი შემოცქრიალდა, გენას ცოლი და ჩვენი ბალერინა. იაპონიაში შეძენილი, ექსტრავაგანტურად გრძელი, პრიალა, ნაცრისფერი პლაშჩი ეცვა და ხელში ნამცხვრებით სავსე სინი ეჭირა. ასეთი თვისება ჰქონდა გენას, ერთად რომ მიდიოდნენ, სადაც უნდა ყოფილიყო, სულ წინ გარბოდა, ტანეჩკა კი უკან მიჰკუსკუსებდა, ბალერინასთვის დამახასიათებელი ნაბიჯებით. და ჩემთვის, ამქვეყნიურ აურაცხელ საიდუმლოებათა შორის, მათი ცოლქმრობაც ერთ-ერთ ამოუცნობ საიდუმლოს წარმოადგენდა.

    – აბა, სამუილ, როგორ არის საქმე, როგორ! – ომახიანად დაიძახა გენამ.

    – საბჭოთა ადამიანი... ჯერ ჯანმრთელი რა ღირსებით არის მოსილი, მოგეხსენებათ, და ახლა ავადმყოფი... ამ ბედლამში... – ამრეზით თქვა სამუილმა.

    – რა ხარ, კაცო, რა ადამიანი ხარ! – კვლავ დასძახა გენამ შემრიგებლური ხუმრობით, – ენას ყოველთვის მარჯვედ იქნევ და რაღა მაინცდამაინც იმ დღეს მოინდომე დადუმება?! იჯექი, მეცადინეობდი, საიდან უნდა მივმხვდარიყავით შენს მდგომარეობას?! რომ გვითხრეს, საავადმყოფოში დაწვაო, სახტად დავრჩით!

    – რა ვიცი... – ამოიხიხინა სამუილმა, – ფერი მე აღარ მედო და... ხორცი მე აღარა მქონდა... – სამუილმა ტანეჩკას ახედა და გაუღიმა, თითქოს მობოდიშებით, – რატომ წუხდებით, ტანეჩკა.

    – ბოღმა ხარ, ბოღმა! – აღარ დააცადა გენამ აღარც სამუილს, აღარც – კატუნის; ტანეჩკა ხომ, ზრდილობიანად რომ დაიქნია თავი და სამუილისთვის რაღაც უნდა ეთქვა, ანგარიშში ჩასაგდებიც არ იყო... გენას ახლა ერთი სული ჰქონდა, რისთვისაც მოვიდა, ის საკითხი ამოეწურა, მომაკვდავ სამუილს შერიგებოდა ხუმრობითა და გაღმა გადავებით.

    – იმის მაგივრად, მშობლიური კოლექტივისთვის გულღიად გეთქვა, ასე და ისეო... რომ იცოდე, ყველა ბობოქრობს: უნდა ვნახოთ და წავეჩხუბოთ, ეს რა შარში გაგვხვიაო! სამაღარიჩოდ კბილებს ილესავენ: კარგად რომ გახდება, ტყუილია, მაღარიჩი უნდა ვაკისრებინოთო, და თუ ვერ ვაკისრებინეთ, ჩვენ თვითონ გადავუხდითო! – მიაჭენებდა გენა დაუფიქრებლად.

    სამუილს სახე გაუხევდა, გენას გარინდებით შეხედა და მცირე პაუზის შემდეგ უთხრა:

    – მაკისრებინებთ... მაკისრებინებთ... ხიზილალასა და შილაფლავს... – თან ღრმად ამოიქოშინა და კატუნის ყურძნიანი ხელი უსიამოვნოდ გასწია.

    – კარგი, ჰოო, კარგი! სისულელეებს ნუ ამბობ! – კიდევ უფრო ხმამაღლა დასძახა გენამ, – აი, ჯერ პატარა ნობათი იკმარე, ტანეჩკა, დაჭერი ერთი შენი თაფლის ნამცხვარი, საფირმოა, რომ იცოდე!..

    სამუილს თვალები გამოუცოცხლდა, ავი ნაპერწკლები გაუკრთა, თანდათან აგრესიული ცეცხლით აუელვარდა, სწორედ ისე, ვინმესთვის კლანჭის გამოკვრა რომ მოუნდებოდა ხოლმე.

    – შენ ყოველთვის შორს იყურები, გენა... შორს მჭვრეტელი ხარ... სტალინივით... ხალხს რომ სისხლს აფსმევინებდა... ბალღამს ანთხევინებდა... თვითონაც აქოთებულ, ფსლიან და ბალღამიან სისხლში იდგა... და, იმის მაგივრად, ერთხელ მაინც ძირს დაეხედა... ინგლისის რევოლუციას ჩიოდა... – სამუილს თანდათან მღელვარება ემატებოდა, სულის ხუთვაც, ქოშინიც, რაც, საბოლოოდ, ხველაში გადაუვიდა...

    კატუნიმ სასწრაფოდ გაუწოდა საწრუპავით წყალი, მეორე ხელით კი თავი წამოუწია, თან დაყვავებით საყვედურობდა და გენასთან ბოდიშობდა:

    – რა არის, სამუილ, დამშვიდდი, თუ ხათრი გაქვს, ახლა მაინც დაივიწყე სტალინი, კაცი შენს სანახავად მოვიდა...

    კატუნიმ, ცხადია, იცოდა და ძალიანაც წუხდა, რომ გენა და სამუილი სტალინის გამო ერთმანეთს ასკდებოდნენ, მზად იყვნენ, ერთმანეთი გაეგლიჯათ, ერთმანეთისთვის თავზე ხემები გადაელეწათ... გენას ინსპექტორობა რომ არა და სამუილის მუდმივი მისწრაფება მეცადინეობისადმი, მთელ ანტრაქტებს დავასა და კამათში გაატარებდნენ... თუმცა კამათში კი არა, ჩხუბში, რადგან გენას კამათი არ შეეძლო, მითუმეტეს სამუილთან, რომელიც თუნდ ციცერონს შეეკამათებოდა... ამიტომ გენა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰყვიროდა და სამუილიც იძულებული იყო, არ დაეზოგა თავისი ხრინწიანი ხმა, არ ჩამორჩენოდა.

    – Да кочумайте³! – დაიგრგვინებდა ჯეირანი, ჩვენი პირველი საყვირი, ფოიეს კუთხეში გადააწიტებდა, შენი დედა ვატირეო, ჩაიბურტყუნებდა სამუილის მისამართით, მუნდშტუკს ტუჩებზე მიიბჯენდა და მთელი ძალით ჩაბერავდა, რათა კამათისათვის ხელი შეეშალა და თავის ბრგე მკერდში მოგიზგიზე პატრიოტიზმის შებღალული სიწმინდე საყვირის რულადებითა და მოძახილებით დაეცვა.

    მაგრამ ზარბაზანიც რომ დაგეცალათ, სამუილი და გენა ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ... ჯეირანი ტანკივით წამოვიდოდა ჩემკენ და პირქუშად მეტყოდა:

    – რას აჩმახებს, რო აჩმახებს ეგ შენი ყიური ძმაკაცი?! ვინ გვყვავს სტალინისნაირი?! შოთა და სტალინი! ტვინი არ წაიღო?! გაჩერდეს თორემ, ერთი შევუბერო, ვაბშე გავარდება აქედან! ვირზო! ნამდვილად აყროლებული ვირზო⁴!

    გული ყელში მომებჯინებოდა და მინდოდა გამეგლიჯა. განსაკუთრებით „ყიური ძმაკაცი მიბნევდა თავგზას, სულ არ შეჰფეროდა სამუილს და ჩვენს ურთიერთობას ეს „ძმაკაცი. და რადგან ვერ გავგლეჯდი, ერთი ისღა დამრჩენოდა, სწრაფად გავცლოდი ამ ბანალობას, ამ ტრაფარეტულ აგრესიას, ჯეირანის მოსული მხრები, ფართო მკერდი, მოფლაშული, ხორციანი ტუჩები და მეკობრესავით გამბედავი მზერა რომ აფრქვევდა. მაგრამ შევტრიალდებოდი თუ არა გასაქცევად, ისეთ სიტყვას დამადევნებდა, ვეღარ მოვითმენდი და აუცილებლად შევებმებოდი.

    – არა, არა ხარ საიმედო! შენთვის ერთია სხვა და შენიანი, უცხო და შინაური! ეგრე არ შეიძლება, არა, არააა! თუ ჩვენ, ქართველები, ერთმანეთს მხარში არ ამოვუდექით და ჩვენიანი არ დავაფასეთ, სხვა ვინ ამოგვიდგება?!

    უცნაურ ქართულს ამბობდა. ასე მეგონა, შეთქმულებაში მიწვევდა, გეგონება რაღაც სექტაში უნდა გავერთიანებულიყავი მასთან ერთად, მინდოდა, თუ არ მინდოდა; ლახვარივით მხვდებოდა მისი სიტყვები და როგორ შევარჩენდი სამუილის „უცხოობას"!

    – ვინ არის უცხო, ვინ?! – სიბრაზით ლამის საყვირისთვის მიმებჯინა ცხვირი, – სამუილია უცხო?! შეიძლება ორკესტრში ვიოლონჩელი უცხო იყოს, სხვა იყოს?! მერე საყვირი დაუკრავს ვიოლონჩელის სოლოებს?! საყვირი დაუკრავს პუჩინის კვარტეტს, სენსანსის „გედს", ჩაიკოვსკის უზარმაზარ სოლოებს, რიხარდ შტრაუსს და რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი ერთი, მითხარით, მითხარით!

    ჯეირანს მყისვე მოაგონდებოდა ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების თავისი ქომაგის როლი და უკმაყოფილოდ ჩაიზმუკუნებდა. არნოლდ ლაზარევიჩი, რომელიც არასოდეს არავისთან კამათობდა, ღიმილით – და მშვიდი და უშფოთველი კილოთი გვეტყოდა:

    – გენა და სამუილი? აუტანელი ხალხია, ვისაც გინდა გამოიყვანენ მოთმინებიდან. პირველად ხომ არ კამათობენ და, ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ კამათში ვერავინ ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებს?! არა, მაინც უნდა იკამათონ მეორედ მოსვლამდე!

    გენა და სამუილი კი სწორედ იმას ჩიოდნენ, რომ ერთმანეთს ვერა და ვერ უმტკიცებდნენ, ერთი იმას, რომ სტალინი კლინიკური მტარვალი, ქვეყნის ამომგდები და თავისუფლების დამამხობელი იყო, მეორე კი იმას, რომ სტალინის სახელი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა, როგორც გენიოსი მოაზროვნისა, უდიდესი პოლიტიკური მოღვაწისა და სწორუპოვარი სამხედრო გენიისა, თუნდაც სამუილსა და სამუილისნაირებს თავისი ხრინწიანი ხმა სრულადაც ჩასწყვეტოდათ და სულიც გაფრთხობოდათ.

    როგორც სამუილი ამბობდა, თავის დროზე, გენა სტალინის გულისთვის მშობელ დედას ყელს გამოსჭრიდა და ტანეჩკასაც ზედ მიაყოლებდა; სამუილს კი, არამცთუ ყოველგვარ თაყვანისცემაზე აძაგძაგებდა, – მარტო მუსიკაა თაყვანისცემის ღირსიო, – არამედ, გენას თქმით, პატივისცემის გრძნობაც კი ატროფირებული ჰქონდა.

    სხვათა შორის, თვითონ სამუილიც არ მალავდა და ყოველ კუთხე-კუნჭულში იმას ამტკიცებდა თეორიული წანამძღვრებით, ლოგიკური დასაბუთებითა და დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საბჭოთა ადამიანი, შეუძლებელია, პატივისცემას იმსახურებდეს, ვინც გინდა იყოს და რა ფენასაც გინდა ეკუთვნოდესო. რა ვქნა, მომკალით, მე პირადად არავინ შემხვედრია პატივისცემის ღირსი და არც შეიძლება შემხვედროდა. შეხედავ, იქნებ კიდევაც შეცდე და საღი გეგონოს, ჩაკბეჩ და სადმე დამპალი გამოერევაო.

    გენას მხოლოდ სამუილის პოლიტიკური სიბეცე და დიადი ისტორიული ფაქტების დანახვისა და შეფასების სრული უუნარობა კი არ აბრაზებდა და აგიჟებდა, არამედ ყველაზე მეტად ფამილარული და გამაბიაბრუებელი კილო აცოფებდა, დაურიდებელი და თავისუფალი მსჯელობა შეურაცხყოფდა. დამიჯერე, გენა, სანამ ჩვენ არ გავიაზრებთ, რა საშინელება დაგვატყდა თავს, სანამ ჩვენ არ გავთავისუფლდებით სტალინის კომპლექსისაგან, ანუ მონობისაგან, ჩვენი საქმე წასულიაო, ჩასჩიჩინებდა სამუილი.

    – შენ დაგიჯერო?! და ჩერჩილს არა?! – აყვირდებოდა გენა, – პოლიტიკაში ინჩიბინჩი არ გაგეგება და თურმე შენ უნდა დაგიჯერო! მართლა რო, ასჯერ ხა-ხა-ხა!

    – ხალხთა მამა! თავის შვილებს რომ თავფეხიანად ყლაპავდა! – აბობოქრდებოდა სამუილი, – ბრძენი მასწავლებელი! 30 წელიწადს ტაშითა და ვაშას ძახილით რომ გვწვრთნიდა, გვაყრუებდა და გვამუნჯებდა!

    – გამოძვერი სოროდან, გამოძვერი?! ფრთხილად იყავი, უკან არ შეგაძვრინონ! – გაჰყვიროდა გენა.

    – რა უყო მთელ ქვეყანას! რა უყო საქართველოს! რა უყო ჩვენს ორკესტრს! ლიდერი მოსპო! ყველგან, ყველა დონეზე! და თუ ვინმე გადარჩა, ყველა კასტრირებულყო, ყველა ქალაჩუნა გახადა.

    – შენი მაგალითით ნუ მსჯელობ! და, საერთოდ, პირი გამოირეცხე და გაჩუმდი! როგორც აქამდე იყავი გაჩუმებული... ხომ იყავი, ხომ იყავი! გაგებედა ერთი, გაგებედა!

    – ძალა აღმართსა ხნავს, რას ვიზამდი! მაგრამ ზოგიერთებივით არ მიჭრიჭინია! ზოგიერთებივით გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვარ, ვფიქრობდი და ვიბოღმებოდი, გესლსა და შხამს ვაგროვებდი... ფუტკარივით...

    – რაც მართალია, მართალია, – მომიბრუნდებოდა არნოლდ ლაზარევიჩი და ალერსიანი ღიმილით მეტყოდა: – შვილიკო, ვწუხვარ, რომ ასე მუყაითად უგდებთ ყურს ამ ღვარძლიან სამუილს, მაგისთვის ხომ კაცთა მოდგმა ორად იყოფა: ერთი ნაწილი მას უკიდურესად აღიზიანებს, მეორე ნაწილი კი ჭირივით სძულს. ჰოდა, გამიფრთხილებიხართ, გესლი და შხამი გადამდებია და აფსუსი იქნება თქვენი მიამიტი თელავური აღფრთოვანება ტერიტორიულ სიახლოვესა და მეზობლობას შეეწიროს.

    საქმე ის არის, რომ, რაც ჩვენი ნიკოსი, მთავარი დირიჟორი, ვენის გასტროლებიდან დაბრუნდა და იმათებურად დაგვსხა, ჩვენ დირიჟორის მარჯვნივ კი აღარ ვისხედით, არამედ – მარცხნივ, ვიოლონჩელების მეზობლად, და სამუილი უშუალოდ ჩემ უკან აღმოჩნდა. მე არნოლდს არ ვეუბნებოდი, თუმცა ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა, – სამუილმა და კატუნიმ წყნეთში სოკოზე რომ წაგვიყვანეს მე და სანათო, კატუნის საყვედურზე, აქ მაინც დამშვიდდი და ყველაზე ნუ ბრაზობო, ჩვენც გავეხუმრეთ: ახლავე პარტიტურის მიხედვით უნდა გამოვარკვიოთ, ვინ გიყვართ და ვინ გძულთო. ჰოდა, ფლეიტა-პიკოლოთი დაწყებული და ლიტავრებითა და თეფშებით გათავებული, სამუილმა ყველაზე „უჰ, უჰ" იძახა – ცხადია, მაკედონის გამოკლებით – და მხოლოდ შორისდებულებით კი არ დაკმაყოფილდა, ყველას კბილი გაჰკრა და ნესტარი ჩაასო. ხოლო რაც შეეხება პარტიტურისა და ორკესტრის მესაჭეებს, მათ ხომ, როგორც ჩვენს კლასობრივ მტრებს, ზურგზე ბოლი ადინა: მუსიკოსი ხომ მაგათთვის მუსიკოსი არ არისო, ინსტრუმენტიაო, ჩვენს თავზე ისწავლიან დალაქობას და მერე ისე მოგვევლინებიან, ისე გაშლიან ხელებს, თუმცა ზოგიერთს დირიჟორის ჯოხზე უფრო მწყემსის კომბალი მოუხდებაო, – ისე აბზეკენ ცხვირს, აიწვდიან თავს და მოიღერებენ კისერს, ისე დაგვძახებენ და დაგვკიჟინებენ, ვითომ პირდაპირ მალერისა და ტოსკანინის ლოცვა-კურთხევით არიან წარმოგზავნილები ვენიდან და ნიუ-იორკიდანო. სინამდვილეში კი ლიდერი არავინ არის და თავის ელემენტარულ მოთხოვნილებებს ანაცვალებენ ყველაფერსო.

    მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ხოლმე, მაშინაც კი, როცა ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ უცხოა ჩემთვის ასეთი პოზიცია... წყნეთის ტყეში მე და სანათოც ხმალამოწვდილი შევებით და იგივე პარტიტურა სულ სხვანაირად წარმოვუდგინეთ, მერე კი ზრუნვითა და დაყვავებით მოვუწოდეთ, აქ მაინც დამშვიდდით და ისიამოვნეთო.

    – ოჰ, ოჰ, ოჰ, გოგოებო, თქვენ კეთილები ხართ! – წყრომითა და გაქირდვით შემოგვძახა და ისეთი ჩაციებით მოგვაპყრო თავისი მრგვალი, პატარა, ვირთხის აგრესიულად მოწიპწიპე თვალები, თითქოს იმის დადგენა უნდოდა: ეს ჩვენი სიკეთე გამოუცდელობასა და გულუბრყვილობასთან ხელიხელჩაბმული, თანდაყოლილი, განუკურნავი და უსაშველო მანკიერება იყო თუ გაზაფხულის ახალგაზრდული სურავანდი, დაყვავილებითა და მისი გესლის მალამოებით ადვილად მოსავლელი და მოსარჩენი. და ისე ჩაგვიკრა ბოლოს თვალი, ეტყობა, მაინც სურავანდად მიიჩნია.

    რა თქმა უნდა, ამ სიძულვილისა და გაღიზიანების რეესტრში სტალინს მეტოქეობას ვერასოდეს ვერავინ გაუწევდა: თხას თხის ფეხით დაჰკიდებენ და ცხვარს ცხვრის ფეხით. იქამდეც კი მიდიოდა სამუილის შეურიგებლობა და თავზე ხელის აღება, რომ გენასთვის ყველაზე უფრო ძვირფასს და წმიდათაწმიდას, სტალინის „საქვეყნოდ აღიარებულ და ხელიხელ საგოგმანებ სამხედრო გენიას" არათუ ეჭქვეშ აყენებდა და აბიაბრუებდა, არამედ ყველაზე დიდ უბედურებადაც მიიჩნევდა.

    – გაიგე, გაიგე, ჩვენ ომს მოვიგებდით მაგისი „ბრძნული მხედართმთავრობის" გარეშე გაცილებით უფრო ნაკლები დანაკარგებით, გაცილებით უფრო გონივრულად! შენ თუ ეს არ გესმის, სულ ტყუილი ყოფილა შენი წიგნებიც, რუკებიც და თვითმფრინავებიც! – დაუნდობლად ჩაასვამდა ნესტარს სამუილი.

    გენა ისე გაშმაგებოდა და გამძვინვარდებოდა ხოლმე, მზად იყო, გაეგლიჯა სამუილი, ერთხელ აკი მხრებშიც ჩააფრინდა და ნჯღრევა დაუწყო.

    ახიაო, დაიბუხუნებდა ჯერიკო, მოკლას კიდეც, შესაცოდი არ იქნებაო. კაცი მთელი სიცოცხლე სამხედრო წიგნებს ჩაჰკირკიტებს, რუკებზეა თვალმიშტერებული, ვინ ჩემის თვრამეტიანმა მიაჩეჩა ხელში

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1