Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II)
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II)
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II)
Ebook638 pages3 hours

დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II)

Read more from ბერტრან რასელი

Related to დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II)

Related ebooks

Reviews for დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი II) - ბერტრან რასელი

    ბერტრან რასელი - დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი II. კათოლიკური ფილოსოფია

    Bertrand Russell - History of Western Philosophy. Book II. Catholic Philosophy  

    ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი  

    iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო ტელ: (32) 2314424 ელფოსტა: info@ibooks.ge www. iBooks.ge FB: iBooks

    სარჩევი

    შესავალი

    ნაწილი I. ეკლესიის მამები

     თავი I. ებრაელთა რელიგიური წინსვლა

     თავი II. ქრისტიანობა პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში

     თავი III. ეკლესიის სამი დოქტორი

     თავი IV. წმ. ავგუსტინეს ფილოსოფია და თეოლოგია

      I. წმინდა ფილოსოფია

      II. ღვთის ქალაქი

      III. კამათი პელაგიუსთან

     თავი V. მეხუთე-მეექვსე საუკუნეები

     თავი VI. წმინდა ბენედიქტე და გრიგოლ დიდი

    ნაწილი II. სქოლასტიკოსები

     თავი VII. პაპობის ინსტიტუტი სიბნელის ეპოქაში

     თავი VIII. იოანე სკოტი

     თავი IX. მეთერთმეტე საუკუნის საეკლესიო რეფორმა

     თავი X. მაჰმადიანური კულტურა და ისტორია

     თავი XI. მეთორმეტე საუკუნე

      კონფლიქტი იმპერიასა და პაპობის ინსტიტუტს შორის

      ლომბარდიის ქალაქების დაწინაურება

      ჯვაროსნები

      სქოლასტიკის განვითარება

     თავი XII. მეცამეტე საუკუნე

     თავი XIII. წმ. თომა აკვინელი

     თავი XIV. ფრანცისკანელი სქოლასტიკოსები

     თავი XV. პაპობის ინსტიტუტის დაკნინება

    შესავალი

    კათოლიკური ფილოსოფია იმ აზრით, რომლითაც მე გამოვიყენებ ამ ტერმინს, არის ფილოსოფია, რომელიც ევროპულ აზროვნებაში ავგუსტინედან აღორძინებამდე იყო გაბატონებული. იყვნენ ფილოსოფოსები ამ ათსაუკუნოვან პერიოდამდე და მის შემდეგ, რომლებიც იმავე სკოლას ეკუთვნოდნენ. ავგუსტინემდე იყვნენ ეკლესიის ადრეული მამები, უპირველეს ყოვლისა, ორიგენე; აღორძინების შემდეგ ისინი მრავლად არიან, მათ შორის, დღევანდელი დღის ყველა ორთოდოქსი კათოლიკე მოძღვარი ფილოსოფიისა, რომელიც ამა თუ იმ შუასაუკუნეობრივ სისტემას ერთგულებს, განსაკუთრებით, თომა აკვინელისას. მაგრამ მხოლოდ ავგუსტინედან აღორძინებამდე იყვნენ ეპოქის უდიდესი ფილოსოფოსები კათოლიკური სინთეზის შექმნით ან სრულყოფით დაინტერესებულნი. ქრისტიანულ საუკუნეებში ავგუსტინემდე სტოიკოსები და ნეოპლატონიკოსები ჩრდილავენ ეკლესიის მამებს ფილოსოფიურ უნარებთან მიმართებით. აღორძინების შემდეგ ერთი გამორჩეული ფილოსოფოსიც კი არ არის თვით ორთოდოქს კათოლიკეთა შორის, რომელიც სქოლასტიკური ან ავგუსტინესეული ტრადიციის გაგრძელებით ყოფილიყოს დაინტერესებული.

    პერიოდი, რომლის შესახებ ვისაუბრებთ ამ წიგნში, ადრინდელი და შემდგომი პერიოდებისგან არამხოლოდ ფილოსოფიაში განსხვავდება, არამედ მრავალი სხვა მიმართებითაც. მათგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია ეკლესიის ძალმოსილება. ეკლესიამ ფილოსოფიური შეხედულებები უფრო ახლო მიმართებაში მოაქცია სოციალურ და პოლიტიკურ გარემოებებთან, ვიდრე ეს შუა საუკუნეების პერიოდამდე ან მის შემდეგ იყო, რომელსაც ვითვლით ჩვ. წ. დაახლოებით 400 წლიდან 1400 წლამდე. ეკლესია არის სოციალური ინსტიტუტი, დაფუძნებული აღმსარებლობაზე, რომელიც ნაწილობრივ ფილოსოფიურია, ნაწილობრივ კი წმინდა ისტორიას უკავშირდება. ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მან აღმსარებლობის საშუალებებით მიაღწია. საერო მმართველები, რომლებიც ხშირად უთანხმოებაში იყვნენ მასთან, დამარცხდნენ, რადგან მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, საერო მმართველთა უმეტესობის ჩათვლით, ღრმად იყო დარწმუნებული კათოლიკური რწმენის ჭეშმარიტებაში. ეკლესიას რომანულ და გერმანულ ტრადიციებთან ბრძოლა უწევდა. რომანული ტრადიცია ყველაზე ძლიერი იყო იტალიაში, განსაკუთრებით, კანონმთმცოდნეთა შორის; გერმანული ტრადიცია გავლენით სარგებლობდა ფეოდალურ არისტოკრატიაში, რომელიც ბარბაროსთა მიერ დაპყრობების შედეგად წარმოიშვა. მაგრამ მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ ტრადიციათაგან ვერცერთმა მოიკრიბა საკმარისი ძალა, რომ წარმატებული ოპონირება გაეწია ეკლესიისთვის. ეს მნიშვნელოვანწილად იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ისინი არ იყო ხორცშესხმული რამდენადმე ადეკვატურ ფილოსოფიურ სისტემაში.

    აზრის ისტორია, იმ სახის აზრისა, რომლითაც ჩვენ ვართ დაკავებულნი, გარდაუვლად ცალმხრივია, როდესაც საქმე შუა საუკუნეებთან გვაქვს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ამ პერიოდის ყველა მოღვაწე, რომელმაც წვლილი შეიტანა თავისი დროის ინტელექტუალურ ცხოვრებაში, სამღვდელო პირი იყო. საერო ფენამ შუა საუკუნეებში თანდათანობით ააგო ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, მაგრამ მათი მოღვაწეობა გარკვეული აზრით შეუმჩნეველი გახლდათ. გვიან შუა საუკუნეებში არსებობდა არცთუ უმნიშვნელო საერო ლიტერატურა, რომელიც ძლიერ განსხვავდებოდა ეკლესიურისგან; ზოგად ისტორიაში ეს ლიტერატურა მეტ ყურადღებას მოითხოვდა, ვიდრე ამას ფილოსოფიური აზრის ისტორია მოითხოვს. დანტეს დრომდე არ გამოჩენილა საერო პირი, რომელიც თავისი დროის ეკლესიური ფილოსოფიის სრული ცოდნით წერდა. მეთოთხმეტე საუკუნემდე ვირტუალურ მონოპოლიას ფილოსოფიაზე სასულიერო პირები ფლობენ და, შესაბამისად, ფილოსოფია ეკლესიის გადმოსახედიდან იწერება. ამ მიზეზით შუასაუკუნეობრივი აზრის გაგება ვერ მოხერხდება საეკლესიო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი, პაპის ინსტიტუტის განვითარების დეტალური აღწერის გარეშე.

    შუა საუკუნეების სამყარო, ანტიკურობისგან განსხვავებით, დუალიზმის მრავალი ფორმით ხასიათდება. არსებობს სამღვდელოებისა და საერო ფენის დუალიზმი, დუალიზმი ლათინთა და ტევტონთა, ღმერთის სამეფოსა და მიწიერ სამეფოთა დუალიზმი, სულისა და ხორცის დუალიზმი. და, თითოეული მათგანი არის წარმოდგენილი პაპისა და იმპერატორის დუალიზმში. ლათინთა და ტევტონთა დუალიზმი ბარბაროსულ შემოსევათა შედეგია, მაგრამ დანარჩენებს უფრო ხნოვანი წყაროები აქვთ. სამღვდელოებისა და საერო ფენის დამოკიდებულება შუა საუკუნეებში აიგებოდა სამუელისა და საულის დამოკიდებულების ნიმუშის მიხედვით. სამღვდელოების უპირატესობის მოთხოვნა არიანელ ან სანახევროდ არიანელ იმპერატორთა და მეფეთა პერიოდში წარმოიშვა. ღმერთის სამეფოსა და მიწიერ სამეფოთა დუალიზმს „ახალ აღთქმაში ვხვდებით, მაგრამ სისტემატიზებული სახით ის წმ. ავგუსტინეს „ღვთის ქალაქშია მოცემული. სულისა და ხორცის დუალიზმი არის პლატონის ფილოსოფიაში, და კიდევ უფრო მეტად ხაზგასმულია ეს ნეოპლატონიკოსების მიერ; ის მნიშვნელოვან როლს  თამაშობდა წმ. პავლეს მოძღვრებაში და გაბატონებული მდგომარეობა ეკავა მეოთხე და მეხუთე საუკუნეების ასკეტიზმში.

    კათოლიკური ფილოსოფია ორად იყოფა სიბნელის პერიოდით, რომლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ინტელექტუალური აქტივობა თითქმის არ არსებობდა. კონსტანტინეს მოქცევიდან ბოეთიუსის სიკვდილამდე ქრისტიან ფილოსოფოსთა აზრებზე ჯერ კიდევ რომის იმპერიის კონცეფციები ბატონობს, როგორც რეალურად არსებულისა, ისე მოგონებებში შემორჩენილის. ამ პერიოდში ბარბაროსებს უბრალოდ უხერხულობად განიხილავენ და არა როგორც ქრისტიანული სამყაროს დამოუკიდებელ ნაწილს. ჯერ კიდევ არსებობს ცივილიზებული საზოგადოება, რომლის ყველა შეძლებულმა წევრმა იცის წერა-კითხვა, ფილოსოფოსმა კი უნდა მიმართოს, როგორც საერო ფენას, ისე სამღვდელოებას. ამ პერიოდსა და სიბნელის ეპოქას შორის, მეექვსე საუკუნის ბოლოს, დგას გრიგოლ დიდი, რომელიც საკუთარ თავს ბიზანტიის იმპერატორის ქვეშევრდომად მიიჩნევს, მაგრამ ქედმაღლობს და ამპარტავნობს დამოკიდებულებაში ბარბაროს მეფეთა მიმართ. მისი მმართველობის შემდეგ დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში სამღვდელოებისა და საერო ფენის განცალკევება სულ უფრო ნიშანდობლივი ხდება. საერო არისტოკრატია ქმნის ფეოდალურ სისტემას, რომელიც ოდნავ არბილებს გაბატონებულ ტურბულენტულ ანარქიას; სამღვდელოება ქრისტიანულ მორჩილებას ასწავლის, თუმცა პრაქტიკულად მას უმდაბლესი კლასები ახორციელებენ; წარმართული სიამაყე ხორცშესხმულია დუელში, სიმართლის გარკვევაში პირადი შებრძოლებით, ტურნირებსა და პირად შურისძიებაში, რაც ეკლესიას არ მოსწონს, მაგრამ ხელის შეშლას ვერ ახერხებს. მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში ეკლესია დიდი სირთულით აღწევს წარმატებას ფეოდალური არისტოკრატიისგან გათავისუფლების საქმეში და სწორედ ეს ფაქტია ერთ-ერთი მიზეზი ევროპის გამოსვლისა სიბნელის ეპოქიდან.

    კათოლიკური ფილოსოფიის პირველ დიად პერიოდში წმინდა ავგუსტინეა გაბატონებული, წარმართებს შორის კი - პლატონი. მეორე პერიოდის კულმინაციაა წმინდა თომა აკვინელი, ვისთვისაც, ისევე, როგორც მისი მიმდევრებისთვის, არისტოტელე მნიშვნელოვნად აღემატება პლატონს. თუმცა, „ღვთის ქალაქის დუალიზმი მთელი ძალმოსილებითაა შენარჩუნებული. ეკლესია წარმოადგენს „ღვთის ქალაქს, პოლიტიკურად კი ფილოსოფოსები ეკლესიის ინტერესებს იცავენ. ფილოსოფია რწმენის დაცვაზე ზრუნავდა და გონებას უხმობდა მათთან საკამათოდ, ვინც, მაჰმადიანთა მსგავსად, არ აღიარებდა ქრისტიანული გამოცხადების ქმედითობას. გონებისათვის ასეთი მიმართვით ფილოსოფოსებმა გამოწვევა ესროლეს კრიტიკას, არა უბრალოდ როგორც ღვთისმეტყველებმა, არამედ როგორც გამომგონებლებმა სისტემის, რომელიც შექმნილი იყო ადამიანებისადმი აპელირებისთვის, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა. გრძლევადიან პერსპექტივაში გონებისადმი აპელირება შესაძლოა შეცდომა იყო, მაგრამ მეცამეტე საუკუნეში სავსებით წარმატებულად წარმოდგებოდა.

    მეცამეტე საუკუნის სინთეზი, რომელსაც დასრულებულობისა და დამთავრებულობის სახე ჰქონდა, მრავალი მიზეზით დაინგრა. შესაძლოა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვაჭართა მდიდარი კლასის ჩამოყალიბება, თავდაპირველად იტალიაში, შემდეგ კი სხვაგანაც. ფეოდალური არისტოკრატია ძირითადად უცოდინარი, უგუნური და ბარბაროსული იყო; უბრალო ადამიანებმა ეკლესიის მხარე დაიჭირეს, რომელიც დიდებულებზე მაღლა იდგა ინტელექტსა და ზნეობასთან მიმართებით და შესწევდა ანარქიასთან შებრძოლების უნარი. მაგრამ ვაჭართა ახალი კლასი იმდენადვე გონიერი იყო, რამდენადაც სამღვდელოება, კარგად იყო ინფორმირებული საერო საქმეებში, უკეთ შეეძლო გამკლავება დიდებულებთან და მეტად იყო მისაღები ქალაქის დაბალი კლასებისთვის, როგორც სამოქალაქო თავისუფლების დამცველი. წინა პლანზე გამოვიდა დემოკრატიული ტენდენციები, ხოლო მას შემდეგ, რაც პაპმა მათი დახმარებით იმპერატორი დაამარცხა, იგივე ტენდენციები ამოქმედდა ეკონომიკური ცხოვრების გასათავისუფლებად ეკლესიური კონტროლისგან.

    შუა საუკუნეების ეპოქის დასრულების კიდევ ერთი მიზეზი იყო ძლიერი ეროვნული მონარქიების წარმოშობა საფრანგეთში, ინგლისსა და ესპანეთში. შიდა ანარქიის ჩახშობისა და არისტოკრატიის წინააღმდეგ ვაჭართა მდიდარ კლასთან კავშირის შეკვრის შემდეგ მეფეები მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საკმარისად ძლიერები აღმოჩნდნენ პაპთან შესაბრძოლებლად ეროვნული ინტერესების დასაცავად.

    იმავდროულად, პაპის ძალაუფლებას დაკარგული ჰქონდა მორალური პრესტიჟი, რომლითაც ის სარგებლობდა და რომელსაც, მთლიანობაში, იმსახურებდა მეთერთმეტე, მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეებში. თავდაპირველად საფრანგეთის მაამებლობის გამოისობით იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პაპები ავინიონში ბინადრობდნენ, შემდეგ კი დიდი სქიზმისა, მათ განუზრახველად დაარწმუნეს დასავლური სამყარო, რომ პაპების არაკონტროლირებადი ავტოკრატია არც შესაძლებელი იყო და არც სასურველი. მეთხუთმეტე საუკუნეში მათი მდგომარეობა, როგორც ქრისტიანული სამყაროს მმართველებისა, პრაქტიკულად დაექვემდებარა მათ მდგომარეობას, როგორც იტალიის მმართველებისა, რომლებიც იტალიის სახელისუფლებო პოლიტიკის რთულ და უპრინციპო თამაშში იყვნენ ჩაბმულნი.

    შედეგად აღორძინებამ და რეფორმაციამ დაარღვია შუასაუკუნეობრივი სინთეზი, რომლის ადგილი ჯერ კიდევ არ დაეკავებინა რაღაცას, რაც ასეთივე მთლიანი და სრული იქნებოდა. ამ სინთეზის განვითარება და დაკნინებაა მეორე წიგნის საგანი.

    მოაზრე ადამიანთა განწყობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ღრმა სასოწარკვეთის განცდით იყო გამსჭვალული, რომლის გაძლება მხოლოდ მომავლის უკეთესი სამყაროს იმედით შეიძლებოდა. ეს სასოწარკვეთა იყო ანარეკლი იმისა, რაც დასავლეთ ევროპაში ხდებოდა. მესამე საუკუნე კატასტროფათა პერიოდი იყო, როდესაც კეთილდღეობის საერთო დონე მკვეთრად დაეცა. მეოთხე საუკუნის სიმშვიდის შემდეგ მეხუთეში განადგურდა დასავლეთ იმპერია, მისი ტერიტორია კი ბარბაროსებმა დაიკავეს. ქალაქების კულტურული და მდიდარი მოსახლეობა, რაზეც იყო დამოკიდებული რომის გვიანი პერიოდის ცივილიზაცია, მნიშვნელოვანწილად უქონელი დევნილების მდგომარეობამდე დააქვეითეს; დანარჩენებმა სარჩოს საძიებლად სოფლის მამულებს მიაშურეს. რყევები ჩვ.წ. დაახლოებით 1000 წლამდე გრძელდებოდა ამოსუნთქვის გარეშე, რაც ფეხზე წამოდგომის საშუალებას შექმნიდა. ომებმა ბიზანტიელებსა და ლომბარდიელებს შორის გაანადგურა დიდი ნაწილი იმისა, რაც იტალიის ცივილიზაციიდან იყო დარჩენილი. არაბებმა დაიპყრეს აღმოსავლეთ იმპერიის უდიდესი ნაწილი, გამაგრდნენ აფრიკასა და ესპანეთში, ემუქრებოდნენ საფრანგეთს და ერთხელ რომიც კი გაძარცვეს. დანიელებმა და ნორმანებმა გააუდაბურეს საფრანგეთი და ინგლისი, სიცილია და სამხრეთ იტალია. ცხოვრება ამ საუკუნეების განმავლობაში საფრთხითა და სირთულით იყო აღსავსე. რამდენადაც ურიგო არ უნდა ყოფილიყო თავისთავად, ის კიდევ უფრო უარესი ხდებოდა ბნელი ცრურწმენების გამოისობით. გაბატონებული იყო შეხედულება, რომ თვით ქრისტიანთა დიდი უმრავლესობაც კი ჯოჯოხეთში მოხვდებოდა. ადამიანებს ჰქონდათ გამუდმებული განცდა, რომ ბოროტი სულებით იყვნენ მოცულნი და გრძნეულებისა და ჯადოქრების ხრიკების გავლენას განიცდიდნენ. სიცოცხლით გახარება წარმოუდგენელი გახლდათ, გარდა იღბლიანი წუთებისა მათთვის, ვინც ბავშვურ უდარდელობას ინარჩუნებდა. საყოველთაო სიღატაკე აძლიერებდა რელიგიურ გრძნობებს. კეთილთა ცხოვრება აქ, ქვევით, იყო მომლოცველობა ზეციური ქალაქისთვის. მზისქვეშეთში არაფერს გააჩნდა ღირებულება, გარდა ურყევი სათნოებისა, რომელსაც, საბოლოოდ, ადამიანი მარადიულ ნეტარებამდე მიჰყავდა. ბერძნები თავისი დიადი დღეების განმავლობაში სიხარულსა და მშვენიერებას ყოველდღიურ ცხოვრებაში პოულობდნენ. ემპედოკლე, მიმართავს რა თანამოქალაქეებს, ამბობს: „მეგობრებო, რომლებიც დიად ქალაქში სახლობთ აკრაგანტის ყვითელ კლდეებზე აგებულ ციხესიმაგრეში, დაკავებულნო ქველი საქმეებით, ნავსაყუდელს რომ სთავაზობთ ყარიბთ, თქვენ, უბიწოთ, მოგესალმებით!" უფრო გვიან პერიოდში, აღორძინებამდე, ადამიანებს ასეთი მარტივი ბედნიერება ხილულ სამყაროში აღარ ჰქონიათ, თავისი იმედები კი უხილავი სამყაროსკენ მიმართეს. აკრაგანტის ადგილი მათ სიყვარულში ოქროს იერუსალიმმა დაიკავა. როდესაც, საბოლოოდ, მიწიერი ბედნიერება დაბრუნდა, იმქვეყნიური სამყაროსკენ სწრაფვის ინტენსივობა თანდათანობით შესუსტდა. ადამიანები იგივეს ამბობდნენ, მაგრამ ნაკლები გულწრფელობით.

    იმისათვის, რომ კათოლიკური ფილოსოფიის წარმოშობა და მნიშვნელობა გასაგები გავხადოთ, აუცილებლად მიმაჩნია მეტი ადგილის დათმობა ზოგადი ისტორიისთვის, ვიდრე ეს ანტიკურ ან თანამედროვე ფილოსოფიასთან მიმართებით მოითხოვება. კათოლიკური ფილოსოფია არსებითად არის ინსტიტუტის, კერძოდ, კათოლიკური ეკლესიის ფილოსოფია; თანამედროვე ფილოსოფია, თუნდაც ის შორს იყო ორთოდოქსულობისგან, უმეტესწილად დაკავებულია პრობლემებით, განსაკუთრებით, ეთიკისა და პოლიტიკური თეორიის სფეროში, რომლებიც მორალური კანონების შესახებ კათოლიკური შეხედულებებიდან და ეკლესიისა და სახელმწიფოს მიმართების შესახებ კათოლიკური დოქტრინებიდან იღებს სათავეს. ბერძნულ-რომაული წარმართობისთვის უცნობია ისეთი ორმაგი ერთგულება, როგორც ქრისტიანის შემთხვევაში, როდესაც მას ღმერთისაც მართებს და კეისრისაც, ანუ ეკლესიისაც და სახელმწიფოსიც.

    ამ ორმაგი ერთგულებით წარმოშობილი პრობლემები უმეტესწილად პრაქტიკულად მანამდე იყო შემუშავებული, სანამ ფილოსოფოსები აუცილებელ თეორიებს წარმოადგენდნენ. ეს პროცესი ორი განსხვავებული ეტაპისგან შედგება: ერთი მოიცავს პერიოდს დასავლეთ იმპერიის დაცემამდე, მეორე კი პერიოდს მას შემდეგ. ეპისკოპოსთა გრძელი რიგის პრაქტიკამ, რამაც კულმინაციას წმ. ამბროსის მოღვაწეობაში მიაღწია, შექმნა საფუძველი წმ. ავგუსტინეს პოლიტიკური ფილოსოფიისთვის. შემდეგ ადგილი ჰქონდა ბარბაროსთა შემოჭრას, რასაც დაბნეულობისა და მზარდი უმეცრების ხანგრძლივი პერიოდი მოყვა. ბოეთიუსსა და წმინდა ანსელმს შორის, ხუთ საუკუნეზე მეტის განმავლობაში, მხოლოდ ერთი გამორჩეული ფილოსოფოსია, იოანე სკოტი, მან კი, როგორც ირლანდიელმა, მნიშვნელოვანწილად აარიდა თავი პროცესებს, რომლებშიც ყალიბდებოდა დანარჩენი დასავლური სამყარო. მაგრამ, მიუხედავად ფილოსოფოსთა არარსებობისა, ეს არ იყო პერიოდი, რომელშიც ინტელექტუალურ განვითარებას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ქაოსმა ხელი შეუწყო გადაუდებელი პრაქტიკული პრობლემების წამოწევას, რომლებთან გამკლავება ინსტიტუტებისა და აზროვნების იმ მეთოდების საშუალებით ხდებოდა, რომლებიც სქოლასტიკურ ფილოსოფიაში იყო გაბატონებული და მნიშვნელოვანწილად დღემდე ინარჩუნებს მნიშვნელობას. სამყაროსთვის ამ ინსტიტუტებისა და აზროვნების მეთოდთა გაცნობა ხდებოდა არა თეორეტიკოსების, არამედ პრაქტიკოსი ადამიანების მიერ კონფლიქტის ზემოქმედების ქვეშ. ეკლესიის მორალური რეფორმა მეთერთმეტე საუკუნეში, რაც სქოლასტიკური ფილოსოფიის უშუალო წინამორბედია, იყო რეაქცია ეკლესიის მზარდი შთანთქმისა ფეოდალური სისტემის მიერ. სქოლასტიკოსთა გასაგებად ჩვენ ჰილდებრანდი უნდა გავიგოთ, ხოლო ჰილდებრანდის გასაგებად წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბოროტებათა შესახებ, რომლებსაც ის ებრძოდა. არც რომის წმინდა იმპერიის დაფუძნებისა და ევროპულ აზროვნებაზე მისი გავლენის ფაქტის უგულებელყოფა გვმართებს.

    ამ მიზეზებიდან გამომდინარე, შემდეგ გვერდებზე მკითხველი მრავალ ფაქტს გაეცნობა ეკლესიური და პოლიტიკური ისტორიიდან, რომელთა მნიშვნელობა ფილოსოფიური აზრის განვითარებისთვის შესაძლოა მყისვე ცხადი არ გახდეს. მით უფრო აუცილებელია ამ ისტორიის ნაწილის გადმოცემა, რომ განსახილველი პერიოდი ბინდით არის მოცული და უცნობია მრავალისათვის, ვინც კარგად იცნობს ანტიკურ და თანამედროვე ისტორიას. მცირე რაოდენობის სპეციალისტ ფილოსოფოსებს ჰქონდათ  ისეთი გავლენა ფილოსოფიურ აზროვნებაზე, როგორც წმინდა ამბროსს, კარლოს დიდსა და ჰილდებრანდს. შესაბამისად, აუცილებელია იმ არსებითის გადმოცემა, რაც ამ ადამიანებთან და მათ ეპოქასთან მიმართებით არის მნიშვნელოვანი.

    ნაწილი I. ეკლესიის მამები

    თავი I. ებრაელთა რელიგიური წინსვლა

    ქრისტიანული რელიგია, როგორც ის გვიანი პერიოდის რომის იმპერიის მიერ გადაეცა ბარბაროსებს, სამი ელემენტისგან შედგებოდა: პირველია განსაზღვრული ფილოსოფიური შეხედულებები, რომლებიც უმთავრესად პლატონიდან და ნეოპლატონიკოსებისგან იღებს სათავეს, ნაწილობრივ კი სტოიკოსებისგან; მეორეა მორალისა და ისტორიის კონცეფცია, მიღებული ებრაელებისგან; და, მესამეა განსაზღვრული თეორიები, განსაკუთრებით, მიმართებაში მყოფი ხსნის კონცეფციასთან, რომლებიც მთლიანობაში ქრისტიანული სიახლე იყო, თუმცა გარკვეულწილად მათი კვალი ორფიზმთან და ახლო აღმოსავლეთის მონათესავე კულტებთან მიდის.

    ჩემი აზრით, ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ებრაული ელემენტები შემდეგია:

    1. წმინდა ისტორია, რომელიც შესაქმით იწყება და სამყაროს დასასრულისკენ მიემართება და ადამიანის წინაშე ღმერთის გზებს ამართლებს.

    2. არსებობა კაცობრიობის მცირე ნაწილისა, რომელიც ღმერთს განსაკუთრებით უყვარს. ებრაელებისთვის ეს ნაწილი „რჩეული ხალხია"; ქრისტიანებისთვის - რჩეულნი.

    3. „უბიწობის" ახალი კონცეფცია. მაგალითად, მოწყალების გაღების სათნოება ქრისტიანობამ გვიანი იუდაიზმიდან გადაიღო. ნათლობისთვის მიწერილი მნიშვნელობა შესაძლოა სათავეს ორფიზმიდან ან აღმოსავლური, წარმართული, მისტიკური რელიგიებიდან იღებდეს, მაგრამ პრაქტიკული ფილანტროპია, როგორც სათნოების ქრისტიანული კონცეფციის ელემენტი, როგორც ჩანს, ებრაელებისგან მოდის.

    4. კანონი. ქრისტიანებმა შეინარჩუნეს ებრაული კანონის ნაწილი, მაგალითად, ათი მცნება, თუმცა უარყვეს მისი ცერემონიული და რიტუალური ნაწილი. მაგრამ პრაქტიკულად მრწამსი მათში იგივე გრძნობებს იწვევდა, რასაც ებრაელებში კანონი. ამას მოყვებოდა დოქტრინა, რომ ჭეშმარიტი რწმენა, სულ ცოტა, იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც სათნო ქცევა, დოქტრინა, რომელიც არსებითად ელინისტურია. წარმოშობით ებრაული არის რჩეულთა განსაკუთრებულობა.

    5. მესია. ებრაელებს სწამდათ, რომ მესია მათ დროებით ნეტარებასა და მიწიერ მტერზე გამარჯვებას მოუტანდა. მეტიც, ის მომავალში დარჩებოდა. ქრისტიანებისთვის მესია იყო ისტორიული იესო, რომელიც ასევე ბერძნული ფილოსოფიის ლოგოსთან იდენტიფიცირდება, ხოლო თავისი მიმდევრების მტერზე გამარჯვების შესაძლებლობას ის არა მიწაზე, არამედ ზეცაში უზრუნველყოფდა.

    6. ზეციური სამეფო. მიღმური სამყარო არის კონცეფცია, რომელსაც ებრაელები და ქრისტიანები გარკვეული აზრით გვიან პლატონიზმთან იზიარებენ, მაგრამ მათთან ის უფრო კონკრეტულ ფორმებს იძენს, ვიდრე ბერძენ ფილოსოფოსებთან. ბერძნული დოქტრინა, რომელსაც ქრისტიანული ფილოსოფიის მრავალ ნაშრომში ვხვდებით, მაგრამ არა პოპულარულ ქრისტიანობაში, იმაში მდგომარეობდა, რომ გრძნობით აღქმადი სამყარო, რომელიც დროსა და სივრცეში არსებობს, ილუზიაა და რომ ინტელექტუალური და მორალური დისციპლინის წყალობით ადამიანს შეუძლია ისწავლოს ცხოვრება მარადიულ სამეფოში, რომელიც ერთადერთ რეალურს წარმოადგენს. მეორე მხრივ, ებრაული და ქრისტიანული დოქტრინა მიღმურ სამყაროს განიხილავდა არა როგორც მეტაფიზიკურად განსხვავებულს ამ სამყაროსგან, არამედ როგორც მომავალს, როდესაც სათნონი მარადიული ნეტარებით დატკბებიან, ბიწიერნი კი მარადიულ წამებას მიეცემიან. ეს რწმენა განასახიერებდა შურისძიების ფსიქოლოგიას და ყველასა და თითოეულისთვის იყო გასაგები, განსხვავებით ბერძენ ფილოსოფოსთა დოქტრინებისგან.

    ამ შეხედულებათა გასაგებად ჩვენ ებრაელთა ისტორიის კონკრეტული ფაქტები უნდა გავითვალისწინოთ, რასაც ახლა გავაკეთებთ.

    ისრაელთა ადრეული ისტორიის დამადასტურებელი წყარო, გარდა ძველი აღთქმისა, არ არსებობს, და შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რომელი წერტილიდან აღარ არის ის წმინდად ლეგენდარული. შეგვიძლია, ვაღიაროთ დავითი და სოლომონი, როგორც მეფეები, რომლებიც რეალურად არსებობდნენ, მაგრამ ყველაზე ადრეულ ეტაპზე, როდესაც სარწმუნო ისტორიულ ფაქტთან გვაქვს საქმე, უკვე ორი სამეფო არსებობს – ისრაელისა და იუდეის. პირველი პიროვნება, რომლის შესახებ ძველ აღთქმაში დამოუკიდებელი ჩანაწერი არსებობს, აჰაბია, ისრაელის მეფე, რომლის შესახებ საუბარია ერთ ასირიულ წერილში, რომელიც ჩვ. წ.ა. 853 წლით თარიღდება. ასირიელებმა, საბოლოოდ, ჩვ. წ.ა. 722 წელს დაიპყრეს ჩრდილოეთ სამეფო და მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლეს. ამ დროიდან მოყოლებული, ისრაელთა რელიგიასა და ტრადიციას მხოლოდ იუდეის სამეფო იცავდა. მან ოდნავ მეტი იარსება ასირიელთა სამეფოზე, რომლის ძალაუფლებას სასრული ბაბილონელთა და მიდიელთა მიერ ჩვ. წ.ა. 606 წელს ნინევიის დაპყრობამ დაუდო. თუმცა, ჩვ. წ.ა. 586 წელს ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო იერუსალიმი, დაანგრია ტაძარი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაბილონში გადაასახლა. ბაბილონის სამეფო ჩვ. წ.ა. 538 წელს დაეცა, როდესაც ბაბილონი მიდიელთა და სპარსელთა მეფე კიროსმა დაიპყრო. ჩვ. წ.ა. 537 წელს კიროსმა გამოსცა ედიქტი, რომლითაც ებრაელებს პალესტინაში დაბრუნების უფლება ეძლეოდათ. მრავალი მათგანი ასეც მოიქცა, ნეემიასა და ეზრას წინამძღოლობით. ტაძარი აღადგინეს, ებრაულმა ორთოდოქსობამ კი კრისტალიზება დაიწყო.

    ტყვეობის პერიოდში და გარკვეული დროის განმავლობაში ტყვეობამდე და მის შემდეგ ებრაულმა რელიგიამ ერთობ მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპი განვლო. თავიდან, რელიგიური თვალსაზრისით, დიდი განსხვავება ისრაელებსა და გარემომცველ ტომებს შორის არ უნდა ყოფილიყო. იაჰვე თავდაპირველად იყო ტომის ღმერთი, კეთილგანწყობილი ისრაელის შვილთა მიმართ, მაგრამ არც ის ფაქტი იყო უარყოფილი, რომ სხვა ღმერთებიც არსებობდნენ, რომელთა თაყვანისცემა ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. როდესაც პირველ მცნებაში ნათქვამია: „არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები" – ეს სიახლე იყო იმ დროს, რომელიც უშუალოდ უსწრებდა წინ ტყვეობას. ამას მოწმობს ადრეულ წინასწარმეტყველთა მრავალი ტექსტი. სწორედ წინასწარმეტყველები ქადაგებდნენ იმ დროს, რომ წარმართი ღმერთების  თაყვანისცემა ცოდვა გახლდათ. გამუდმებულ ომებში გამარჯვების მიღწევა, მათი განცხადებით, იაჰვეს მხარდაჭერას საჭიროებდა, იაჰვე კი შეწყვეტდა ასეთ მხარდაჭერას, თუ სხვა ღმერთებიც იქნებოდნენ თაყვანცემულნი. როგორც ჩანს, იერემია და ეზეკიელი არიან შემოქმედები იდეისა, რომ ყველა რელიგია ყალბია, გარდა ერთისა და რომ ღმერთი სჯის კერპთაყვანისმცემლობას.

    ციტატებით შეიძლება მათი მოძღვრებისა და იმ წარმართული პრაქტიკის გავრცელების ილუსტრირება, რომლის წინააღმდეგაც ისინი გამოდიოდნენ. „განა ვერ ხედავ, რას სჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში? შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად"[1]. ღმერთი განრისხებულია ამის გამო. „ააშენეს თოფეთის საკერპო ბენ-ჰინომის ველზე, რათა თავიანთი ვაჟები და ასულები მსხვერპლად დასწვან, რაც არ მიბრძანებია მათთვის და ფიქრადაც არ მომსვლია"[2].

    არსებობს ძალიან საინტერესო პასაჟი იერემია წინასწარმეტყველის წიგნიდან, რომელშიც ის ეგვიპტელ ებრაელებს კერპთაყვანისმცემლობისთვის კიცხავს. ერთხანს ის თვითონაც ცხოვრობდა მათ შორის. წინასწარმეტყველი აუწყებს ებრაელ დევნილებს ეგვიპტეში, რომ იაჰვე გაანადგურებს ყველა მათგანს, რადგან მათი ცოლები გუნდრუკს სხვა ღმერთებს უკმევდნენ. ებრაელებმა არ მოუსმინეს მას და თქვეს: „ყველაფერს ჩვენი სიტყვისამებრ გავაკეთებთ. კვლავაც ვუკმევთ საკმეველს ცის დედოფალს და საღვრელს დავუღვრით, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი მეფეები და მთავრები იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში. ვძღებოდით პურით, კარგად ვიყავით და უბედურება არ გვინახავს"[3]. მაგრამ იერემია არწმუნებს მათ, რომ იაჰვესთვის ცნობილია ასეთი კერპთაყვანისმცემლური პრაქტიკა და უბედურება ერს სწორედ მათ გამო ეწვია. „ამიტომ ისმინე უფლის სიტყვა, მთელო იუდავ, ეგვიპტის ქვეყნად მცხოვრებო! აჰა, ჩემს დიად სახელს ვფიცავ, ამბობს უფალი, თუ ამიერიდან ერთმა იუდაელმა მაინც ახსენოს მთელს ეგვიპტეში ჩემი სახელი... აჰა, თქვენს საუბედუროდ ვიზრუნებ თქვენზე, არა სასიკეთოდ, და მახვილით, შიმშილით

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1