Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

საუბრები ფილოსოფიაზე
საუბრები ფილოსოფიაზე
საუბრები ფილოსოფიაზე
Ebook666 pages3 hours

საუბრები ფილოსოფიაზე

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წიგნში შემოთავაზებულია მერაბ მამარდაშვილის ორი, უაღრესად საინტერესო კურსი მიერ ზოგად ფილოსოფიურ თემებზე, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წაიკითხა. ლექციები წიგნში შემოთავაზებულია "ისე, როგორც წაკითხულ იქნა", რედაქტირების გარეშე, რისი გაკეთებაც, ბუნებრივია, ავტორმა ვერ შეძლო.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2022
საუბრები ფილოსოფიაზე

Related to საუბრები ფილოსოფიაზე

Related ebooks

Reviews for საუბრები ფილოსოფიაზე

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    საუბრები ფილოსოფიაზე - მერაბ მამარდაშვილი

    მერაბ მამარდაშვილი - საუბრები ფილოსოფიაზე

    სარჩევი

    ფიზიკის ინსტიტუტში გამოსვლა

    I ლექცია. მეორე ნაწილი. 10/II-1990 წ.

    II ლექცია. 17/II-1990 წ.

    III ლექცია. 24/II-1990 წ.

    IV ლექცია. 3/III-1990 წ.

    V ლექცია. 10/III-1990 წ.

    VI ლექცია. 17/III-1990 წ.

    VII ლექცია. 7/IV-1990 წ.

    VIII ლექცია. 14/VI-1990 წ.

    IX ლექცია. 21/IV-1990 წ.

    X ლექცია. 28/IV-1990 წ.

    ისტორიოსოფია

    I ლექცია. 22/IX-1990 წ.

    II ლექცია. 29/IX-1990 წ.

    III ლექცია. 6/X-1990 წ.

    IV ლექცია. 3/XI-1990 წ.

    V ლექცია. 10/XI-1990 წ.

    ფიზიკის ინსტიტუტში გამოსვლა

    ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძნელია თქვენთან საუბარი - თქვენი კრიტერიუმები და მოთხოვნილებები, ალბათ, ძალიან მაღალია. მიჩვეულნი ხართ ზუსტ აზროვნებას, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენს საზოგადოებაზე. განსაკუთრებით იმაზე, მიტინგებსა და ქუჩაში რომ გამოითქმის. არც აკადემიაში ხდება რაიმე თქვენთვის საინტერესო, არც იქ მისდევენ ზუსტი აზროვნების კრიტერიუმებს. დღეს მე ვილაპარაკებ ფილოსოფიის კონტექსტში, ე.ი. აზროვნებაში ვიგულისხმებ მხოლოდ ჩვენი სამოქალაქო ანბანის ელემენტს და არა აკადემიურ დისციპლინას. ჩემი ინტერესის საგანია ის აზროვნება, რომელიც სოციალური სუბიექტის ან მოქალაქის თავშია. ამ შემთხვევაში აზროვნება საზოგადოდ სოციალური და კულტურული სტრუქტურების ელემენტია, ე.ი. გამოხატავს ჩვენი საქართველოს განვითარების დონეს სულიერ სააზროვნო სფეროში. ეს დონე, სამწუხაროდ, დაბალია; იმიტომ კი არა, რომ იგი საქართველოსია, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირისაა. ჩვენ ვიცხოვრეთ გარკვეული სისტემის პირობებში, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია, არა ჰგავს არც ერთ ტრადიციულ დესპოტურ სტრუქტურას. ეს განსაკუთრებით ვლინდება აზროვნებისა და ცნობიერების სფეროში.

    ამგვარი სტრუქტურა კაცობრიობას 1917 წლამდე არ წარმოედგინა და, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა. ახლაც, როცა ეს ყველაფერი უკვე მოხდა და მას შემდეგ 70-ზე მეტმა წელმაც განვლო, ადამიანი მაინც ვერ იგებს ამ წყობის თავისებურებებს, მათი წარმოდგენა არ შეუძლია. სიტყვა „წარმოდგენას" ვხმარობ ისე, როგორც მეცნიერებაშია მიღებული: ჩვენ წარმოვიდგენთ მაშინ, როცა შეგვიძლია რაღაც გავიგოთ, როგორც ჩვენი საკუთარი აზროვნების შესაძლებლობა. ნორმალური ევროპელი ადამიანისთვის წარმოუდგენელია ადამიანის სულის შესაძლებლობა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ. იგი წარმოუდგენელი იყო წინათ, სანამ მოხდებოდა, და წარმოუდგენელი რჩება ახლაც, როცა უკვე მოხდა. ვერავინ სწვდება ამ გამოცდილების აზრს, ალბათ, იმიტომ, რომ ის საერთოდ ადამიანობის მიღმაა. როგორც ერთმა პოლონელმა პოეტმა თქვა, ეს არის მწარე და უაზრო, ან გამოუყენებელი გამოცდილება. ეს არის გამოცდილება, რისგანაც რაიმეს სწავლა შეუძლებელია.

    ასეთივე დასკვნა გამოიტანა ვარლამ შალამოვმა, რომელმაც 30 წელი დაჰყო ბანაკებში. იგი ამბობდა: იქიდან, თუ როგორ ავლენს თავს ადამიანი ბანაკის პირობებში, მის შესახებ ვერაფერს გაიგებ – ეს უაზრო გამოცდილებაა. მისგან ვერაფერს ვისწავლით. ამით, სხვათა შორის, იგი ამბობდა, რომ ჰუმანიტარული აზროვნების და, კერძოდ, რუსული მორალისტური ლიტერატურის მთელი ტრადიცია უარყოფილია ტოტალიტარიზმის ისტორიით, მისი ბანაკებით და ამდენი მსხვერპლით. წარმოდგენა, რომელიც ჩვენ ადამიანზე გვქონდა, მთლიანად უარყოფილია და იქიდან, თუ როგორ გამოავლინა ადამიანმა თავი, არაფრის სწავლა არ შეიძლება. ამით მე მინდა ვთქვა, რომ, ჯერ ერთი, ჩვენი ისტორიის გაგება შეუძლებელია, თუ თვითონ შიგნიდან არ განიცადე ეს ისტორია; მეორე მხრივ, არის ამ ისტორიის ისეთი მონაკვეთები, რომელთა გაგება არც არის საჭირო; კიდეც რომ გაიგო, კიდეც რომ აღიქვა ეს გამოცდილება, აქედან ვერავითარ დასკვნას ვერ გააკეთებ, ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებაში, ან ადამიანის ნორმალურ ტრაგიკულ მდგომარეობაში ვერაფერს გადმოიტან. ეს ყველაფრის მიღმაა.

    ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ასეთი სისტემა, ასეთი დესპოტიზმი უბრალოდ აზროვნების აკრძალვა ან ცნობიერების შეზღუდვა არ გახლავთ. ჩვენ ვგულისხმობთ, გვგონია, რომ ჩვენს შიგნით, ჩვენს ცნობიერებაში შეგვიძლია რაღაცა ვიფიქროთ, რაღაც მოვიგონოთ, რაღაც გავიგოთ. ოღონდ ამის გამოთქმა გვაქვს აკრძალული და ჩვენი აზრი ამითაა დათრგუნული. ეს იქნებოდა კლასიკური დესპოტიზმი, რომელიც გამოიხატება ცენზორის სახით. აკრძალულია აზროვნების ნაყოფი და მისი ცირკულაცია – ადამიანებს შორის მისი გაცვლა-გამოცვლა. მაგრამ თუ დავაკვირდებით ტოტალიტარულ ფენომენს, დავინახავთ, რომ აქ სხვანაირად ხდება - აქ აზროვნებისა და ცნობიერების გარყვნა და დანგრევა შიგნიდან მოდის; ეს რაღაცნაირი სითხეა, რომელიც თავის ქალაში აღწევს და ანგრევს აზროვნების, განსაკუთრებით სოციალური ანუ მოქალაქეობრივი აზროვნების შინაგან წყაროებს.

    ამიტომ ყოველივე, რაც ჩვენ ახლა გვემართება, ის პროექტები, ლოზუნგები და დასკვნები, რომლებიც თავში გვიტრიალებს, ამ პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ; უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენში ჯერ კიდევ მუშაობს აზროვნების დამანგრეველი ველი, რომელშიც თვით აზროვნების შესაძლებლობაა გარყვნილი, დანგრეული. ჩვენ იდეოლოგიურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იდეოლოგიამ, თავისი შინაგანი კანონის თანახმად, უნდა მიაღწიოს ისეთ წერტილს, სადაც მისი ეფექტი გაიზომება არა იმით, თუ რას დააჯერებს იგი ადამიანს, არამედ იმით, თუ რას არ აფიქრებინებს მას. ჩვენ ხანდახან ვამბობთ, რომ საბჭოთა ან მარქსისტული იდეოლოგია ეფექტური აღარ არის, რადგან მისი არავის სჯერა. ეს სისულელეა. ეს არის არგაგება თვით იდეოლოგიის ფენომენისა. ვიმეორებ, იდეოლოგიის ფენომენი იმგვარადაა აგებული, რომ მისი ეფექტი დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენად იზიარებ შენ ამ იდეოლოგიას, რამდენად გჯერა მისი, არამედ იმაზე, რამდენადაა დანგრეული სხვაგვარი აზრის შინაგანი შესაძლებლობა, ე.ი. დანგრეულია ენობრივი ველი. მაგალითად, ცნობილია, რომ არ შეიძლება მიტინგის დროს იფიქრო. მიტინგი არ არის ადგილი, ტოპოსი, სადაც შეიძლება მოხდეს აზროვნების აქტი. აი, ეცადეთ, წარმოიდგინოთ ქრონიკული მიტინგი... საზოგადოდ მიტინგი, როგორც ასეთი, ყოველთვის გამოყოფილია სივრცესა და დროში. ჩვენ აქ ვსხედვართ, აქ არ არის მიტინგი, იგი სადღაც – რუსთაველის პროსპექტზეა. მაგრამ მოდით, წარმოვიდგინოთ ისეთი ვითარება, რომ გარშემო სულ მიტინგის სიტუაციაა. ლენინის ძეგლის წინაშე ფიქრი ხომ შეუძლებელია? წარმოიდგინეთ, დროისა და სივრცის ყოველ წერტილში ლენინის ძეგლის წინაშე ან მიტინგზე იდგეთ. მიტინგი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელშიც ადამიანს შეუძლია გააკეთოს ისეთი რამ, ან იფიქროს ისეთ რამეზე, რასაც ვერ იფიქრებდა და ვერ გააკეთებდა, როცა მისი ინდივიდუალური სინდისი და ინდივიდუალური საზომები მუშაობს. ამ უკანასკნელთ რომ გამოთიშავ, შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც ვერ მოიქცეოდი, ოდნავ რომ გქონოდა საშუალება, დრო და სივრცე შენს თავთან, შენ საკუთარ, ინდივიდუალურ სინდისის ხმასთან დასარჩენად. ეს სიტუაცია, რომელიც გარკვეულ საზოგადოებაში უნივერსალური გახდა, არ არის ტრადიციული დესპოტიზმი, ტრადიციული ცენზურა, აკრძალვა. ეს სულ სხვა ფენომენია. რამდენიმე თაობაა, რაც ჩვენ ვიბადებით ატმოსფეროში, რომელიც ისეა გაჟღენთილი სისხლით, ჭუჭყითა და ტყუილით, როგორც ჰაერი, რომელიც წვიმის წვეთებითაა გაჯერებული. ვერავის ექნება პრეტენზია, გამოვიდეს ამ პერიოდიდან და ტანსა და სულში არ ატაროს ასეთი დაბადების კვალი. ჩვენ რომ ვიღვიძებთ რაღაც შესაძლებლობების წინაშე, თვითონ თავისუფლების წინაშე, ვიღვიძებთ ისეთები, როგორებიც დავიბადეთ და ამ დაბადების ნიშნები გვემჩნევა. ჩვენში დალექილია სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის და, რაც მთავარია, უვიცობის, სიბნელის ნარჩენები. ეს სიბნელე და უვიცობა გამოხატულებაა იმ ფაქტისა, რომ დანგრეულია თვით აზროვნების შესაძლებლობის ენობრივი ველი.

    მახსოვს, 1984 წელს გვქონდა სიმპოზიუმი, რომელსაც ატარებდა ცნობიერების პრობლემების ანალიზის კომპლექსური საბჭო; მისი თავმჯდომარეა აკად. ველისოვი. ამ საბჭოს სხდომები მიმდინარეობდა საქართველოში, თელავში. მე მოხსენება მქონდა. ცნობიერების ფენომენის ანალიზს რომ ვაკეთებდი, ავღანეთის მაგალითი მოვიყვანე. სხდომას ესწრებოდა ერთი მოსკოველი ფიზიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იმან ჩემს ნათქვამში მხოლოდ ერთი რამ გაიგო: რაღაც ცუდს ვამბობდი საბჭოთა ხელისუფლებაზე, ხოლო რაკი ჯერ კიდევ 1984 წელი იყო, გამოდიოდა, რომ ვიღაცამ უფლება მომცა ამის თქმისა. დადიოდა დერეფნებში და ეკითხებოდა სხვებს – ვის ეფარება ეს მამარდაშვილი, ვინ იცავს სადღაც მაღლაო. მე კი ვამბობდი უბრალო რამეს – თუ ომზე ლაპარაკისას ვამბობთ „интернациональная помощь, „საბჭოთა ჯარისკაცის მაგივრად ვამბობთ „воин-интернационалист, ეს ნიშნავს, რომ პრინციპულად შეუძლებელია ჩვენს თავში გაფორმდეს, შეიქმნას რაიმე აზრი ომზე. აზროვნების შესაძლებლობა უკვე წაგვართვა ამ მონსტრმა – გამოთქმამ „воин-интернационалист. სხვათა შორის, ამგვარი ენობრივი ბლოკების არსებობა უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ორუელს თავის ცნობილ რომანში. ორუელი უკვე ხედავდა, რომ, ვთქვათ, უწყებას, რომელიც განაგებს ომის საკითხებს, შეიძლება დაერქვას „სიყვარულის სამინისტრო". ამით, ჯერ ერთი, ყოველგვარი ურთიერთობა ადამიანებს შორის ომის მსგავს ურთიერთობად გადაიქცევა, მეორეც, ასე დასტრუქტურებულ ენობრივ ველში ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს ომი, ვერ გაერკვევით მის ბუნებაში.

    ახლა მივუბრუნდეთ ჩვენს თავს. ჩვენი ენობრივი ველი სწორედ ასეთი მახინჯი ფორმულებითაა დასტრუქტურებული, განსაკუთრებით სამოქალაქო ცხოვრების სფეროში. ჩვენ ვხედავთ რაღაც სიცხადეებს; ხოლო ენობრივი ველის დანგრევა ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ ხდება ე.წ. გამჭვირვალობათა ანუ სიცხადეთა სტრუქტურიზაცია. აი, მაგალითად, ყველასათვის ცხადია, რომ ჩვენ ვაშენებთ სოციალიზმს, ვაშენებთ ქარხანას და ამით ვაშენებთ სოციალიზმს. თუ ეს ვაღიარეთ, ამის შემდეგ ყველაფერი, რასაც ვიფიქრებთ, რასაც შევიგრძნობთ, რა ემოციაც გვექნება – ყველაფერი უკვე განსაზღვრულია, ამ აქსიომის მიღებით ყველაფერი ცხადია. მაგრამ უბრალოდ, ტრადიციულად მოაზროვნე ადამიანი დასვამდა კითხვას: რას ხედავ? მე ვხედავ, რომ ვაშენებ ქარხანას. ვინ ხედავს, რომ ამით სოციალიზმს ვაშენებ? იდეოლოგიის მზერა აზროვნებას ადამბლავებს რაღაც სიცხადით, რომლის გაზიარება შეუძლებელია. სტალინი ეკითხებოდა თავის დეგენერატებს, ვინც გარშემო ჰყავდა: „შენ რა, პარტიას არ ენდობი? ამის გაგონებაზე ყველა შეშდებოდა, კარგავდა იმის გაფორმებისა და გამოხატვის უნარს, რასაც ნაწილობრივ მაინც ხედავდა. „როგორ, პარტიას არ ენდობი, პარტიას ებუტები? – ეუბნებოდა ის სულელ ბუხარინს, რომელიც ასეთი სიცხადეების სამყაროში არსებობდა და ნაწილობრივ თვითონ იყო მისი შემქმნელი. ეს უბრალო მაგალითია, მაგრამ აბა გადმოიტანეთ ჩვენზე! ვთქვათ, ოსი ასეთი და ისეთია. ეს სიცხადეა და ჩერდები, თუ კი გაჩერდი, რა თქმა უნდა, ის, რომ ოსს უნდა ეომო, ბუნებრივი დასკვნაა მიღებული აქსიომიდან. როგორც აზერბაიჯანელი გააჩერებს აზრს, როცა მეორე აზერბაიჯანელს ეტყვის: „აი, კაცო, ეს სომეხია. ასეთი გახდა ჩვენთვის, მაგალითად, დამოუკიდებლობა. ჩვენ ვშეშდებით – „როგორ, დამოუკიდებლობა არ გვინდა? აქ აზროვნების იგივე სტრუქტურაა: „როგორ, პარტიას არ ენდობი? - ეუბნება სტალინი ბუხარინს. ვიღაც კიდევ მე მეუბნება: „როგორ, საქართველოს პატრიოტი არა ხარ, დამოუკიდებლობა არ გინდა? მინდა, რა თქმა უნდა; მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს ტიპური ამალგამა: გარკვეული ცხადი ელემენტი აუცილებლად რაღაც სხვა აზრთან ერთად უნდა მიიღო, როგორც აქსიომა. საკუთარი აზროვნების უნარი კი ამით წართმეული გაქვს, რასაც ხედავ, აზრობრივად ვერ გააფორმებ, რადგან მუდმივი მიტინგის სიტუაციაში ჩავარდნილხარ და აზროვნება პარალიზებული გაქვს.

    რაც შეეხება დამოუკიდებლობას, მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის მხოლოდ ერთი გაგებითაა რეალური ბრძოლის საგანი და ამოცანა: როგორც საშუალებაა იმისა, რომ ჩვენი თავი დავინახოთ, ჩვენს თავში ჩავიხედოთ. სანამ დამოუკიდებელნი არ ვიქნებით, ვერ გავერკვევით, სინამდვილეში რა ვართ, რა შეგვიძლია, რას ვგრძნობთ და რას ვფიქრობთ. დამოუკიდებლობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ჯანსაღი ცნობიერების, ჯანსაღი მოქალაქეობრივი აზროვნების პირობაა. სანამ ვიქნებით სიტუაციაში, რომელიც არ არის დამოუკიდებლობა, ჩვენ წინაშე ყოველთვის ფიქტიური და მოჩვენებითი ამოცანები იდგება. აი, მაგალითად, გვგონია, რომ ჩვენი მტერი რუსეთია. სინამდვილეში ჩვენი მტერია საბჭოთა სისტემა. დღეს ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან სულაც არ არის ის, რაც იყო მე-19 საუკუნის საქართველოსი პეტერბურგთან. ეს თუ გასაგები არაა, ტყუილად მილაპარაკია განსხვავებაზე ტოტალიტარულ ფენომენსა და ტრადიციულ დესპოტიზმს შორის. რაც ჩემი თავი მახსოვს, ყოველთვის გაჭყლეტილი ვიყავი საბჭოთა იდეოლოგიით, საბჭოთა სისტემით, მათ შორის ქართულ ვარიანტში. მე არასდროს არცერთ რუსს არ დავუჩაგრივარ. რა თქმა უნდა, საბჭოთა სისტემაში არსებობს რუსეთის დომინანტა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ძაფია სხვა ძაფებთან ერთად, ჩვენ კი მთლიანობაში უნდა გავიგოთ ის ფენომენი, რაც არის ჩვენს წინაშე. ეს აუცილებელია, რადგან, თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ისეთია, როგორიც ჩვენში მე-19 საუკუნეში იყო, ან როგორიც იყო სადმე აფრიკაში თუ სხვაგან, სადაც საქმე ჰქონდათ კლასიკურ იმპერიებთან, მაშინ ჩვენ ყველას ერთი წარმოდგენა გვექნება იმაზე, თუ რა მეთოდები გვჭირდება. მაგრამ სულ სხვა გზები უნდა ავირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ გავაცნობიერებთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საკუთარ თავთან გვაქვს საქმე, რომ თვითონა ვართ ტოტალიტარიზმის სუბიექტები, მისი ჩვევებით დამძიმებულნი – მის მიერ დანგრეული აზროვნებით ვაზროვნებთ, მის მიერ დანგრეული ცნობიერებით ვაცნობიერებთ ყველაფერს.

    ვიმეორებ, რომ მე მზადა ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რადგან მესმის, რომ სანამ დამოუკიდებლობას ვერ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ რეალობას, ვერ გავიგებთ ჩვენს თავს. მარტო ამისთვისაც საჭიროა დამოუკიდებლობა. სხვათა შორის, სწორედ ასე ფიქრობდა განდი. მას საკუთარი ერის დიდი იმედი არა ჰქონდა და გარკვეულ პატივს სცემდა ინგლისურ ადმინისტრაციას. მე ამ უკანასკნელს სრულიად არ ვადარებ რუსულ ადმინისტრაციას, ის ისეთივე იდიოტია და უნიჭო, როგორც ჩვენი, ქართული, ადმინისტრაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში განდის აზრია საინტერესო. იგი თვლიდა: განთავისუფლების შედეგად პატიოსანი ინგლისელი იმპერიალისტისა და ადმინისტრატორის მაგიერ გვეყოლება საკუთარი გარყვნილი და კორუმპირებული ადმინისტრაცია, დე იყოს ასე! განთავისუფლება აბსოლუტური ამოცანაა და ერთ რამეს მაინც მივაღწევთ: ჩვენს თავს დავინახავთ. სანამ არ განვთავისუფლებულვართ, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ინგლისელი ცუდია და უნდა განვთავისუფლდეთ. ხოლო როცა განვთავისუფლდებით და ყველაფერი ჩავარდება საკუთარი კორუმპირებული, ეგოისტი ინდოელი ადმინისტრატორის ხელში, მაშინ უკვე გარეთ კი აღარ დავუწყებთ მტერს ძებნას, არამედ ჩვენ შიგნით დავინახავთ მას და მივხვდებით, რა არის გასაკეთებელი.

    ჩემი აზრით, სინამდვილეში ჩვენი ამოცანა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე გვგონია. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებმა შეიძლება შედარებით ადვილად მიაღწიონ თავისუფლებას. იმპერიულ ბორკილებს რომ გაწყვეტენ, ისინი საკუთარი თავის წინაშე აღმოჩნდებიან, ხოლო ეს „საკუთარი თავი" არის ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები - ჩვენთან შედარებით ცივილიზებული ერები. რა გაგებით ცივილიზებული? მე ვგულისხმობ პოლიტიკურ ცივილიზაციას და არა კულტურას. ქართული კულტურა ისევე უნიკალურია, როგორც ნებისმიერი სხვა კულტურა და ჩვენ ჩვენი კულტურით არავის ჩამოვუვარდებით. ოღონდ, როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკასა და სამოქალაქო აზროვნებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბალტიისპირელებს აქვთ ოცწლიანი რესპუბლიკური ცხოვრების გამოცდილება (1918 წლიდან 1940 წლამდე), რომელმაც მათ პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ გენეტიკაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მეორე ფაქტორი, რომელიც მათ სასარგებლოდ მუშაობს, ისაა, რომ ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პოლიტიკურმა კლასმა ვერ მოასწრო ისეთი კორუმპირება და გადაგვარება, როგორიც მოასწრო ჩვენმა ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა. მართალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-19 ს-ში და კიდევ უფრო მეტად მე-20 ს-ში კორუფცია, ქრთამი და ა.შ. შემოტანილი ფენომენია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ საბჭოთა ხელისუფლების დროს ეს შემოტანილი ფენომენი ძალიან კარგად ავითვისეთ – ძალიან ცოცხლები ვართ, მოძრავნი, ინიციატივიანები, იუმორის გრძნობაც გვაქვს, შესანიშნავად ავითვისეთ საბჭოთა ეკონომიკური სისტემა და ამის შედეგად დავკარგეთ ბევრი რამ, რაც ტრადიციულად მოგვდგამდა. ჩვენ, ქართველები, აშკარად ვდგავართ საფრთხის წინაშე. ბევრი რამ, რაც მოუცილებელი ნიშანი იყო ქართველის ტრადიციული ხატისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს სულში უზის, გაქრა, ან გადაგვარდა. როგორ მოხდა ეს? ჩვენ გადავირჩინეთ თავი, მოვირგეთ საბჭოთა სისტემა და ისე არ გავღატაკებულვართ, როგორც რუსული სოფელი, უფრო კარგად ვცხოვრობთ, ვიდრე მოსკოველები ან სხვები, მაგრამ ყველაფერს ამას თავისი ფასი ადევს.

    ჩვენი მთავარი პრობლემა, ჩვენი აღორძინების პირობაა, შევაჩეროთ ეს პროცესი და ამოვძირკვოთ სისტემა, რომელიც საქართველოში გამეფებულია საბჭოთა მეურნეობის, მენტალიტეტის, ჩვევების და ა.შ. სახით. ამ კვანძიდან ერთი ძაფი რომ გამოვქაჩოთ, ის სხვა ძაფს გამოიყოლებს; არ ვიცით, რომელ ძაფს მოვკიდოთ ხელი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. აქ მოქმედებს უბრალო, თითქმის მათემატიკური კანონი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ექვემდებარება მოსკოვს. ეს ფაქტია, მაგრამ ამ ემპირიულ ფაქტს ანალიზი სჭირდება. მაგალითად, ჩვენ არ გაგვაჩნია თავისუფალი სკოლა. არსებობს სკოლა, რომლის ზევითაა „რონო, იმის ზევითაა „ტონო, კიდევ იმის ზევით, სამინისტრო და ა.შ. გვაქვს შვეული, რომელსაც არავითარი შინაგანი კრიტერიუმი არა აქვს, რომ იგი საქართველოში დასრულდეს. თუ შვეული არსებობს საქართველოში, მათემატიკური აუცილებლობით, დამთავრდება მოსკოვში. თუ სკოლას, ქართულ განათლებას „რონოს" ფიქციები მართავს, საბოლოოდ ქართული განათლების პრობლემებს მოსკოვი გადაწყვეტს. მას ქართულ კულტურასთან საერთო არაფერი აქვს და არანაირი უფლება არა აქვს, ამ უკანასკნელის პრობლემები წყვიტოს; მაგრამ ასეა: რაკი ჩვენს თავში ავაშენეთ შვეული (ცხადია, ის კომუნისტების აშენებულია), შეუძლებელია, ის არ გაგრძელდეს მოცემული სახელმწიფოს ბუნებრივ ფიზიკურ საზღვრამდე, ე.ი. მოსკოვამდე. ახლა დათვალეთ, რამდენია ასეთი შვეული.

    ჩვენ გვინდა ძალით შევაყვაროთ თავი აფხაზებს, რომელნიც გადაგვიდგნენ. ეს არ გამოვა, რადგანაც ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა პრობლემა დგას ამის უკან. მოსკოვის ინტრიგები? ინტრიგები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს ზედაპირზეა. სინამდვილეში ამ პროცესის შინაარსი ისაა, რომ შავი ზღვის სანაპირო წართმეულია, საქართველოს მოსახლეობას არ ეკუთვნის. იქ დასტრუქტურებულია კორპორაციული წყობა, რომელიც მთელ ტერიტორიებს ართმევს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. მე რომ წავიდე სანაპიროზე, რომელიც, ჩემგან, ვთქვათ 100 კმ-ზეა, მოსკოვი უნდა გავიარო. რატომ? საგზური მჭირდება. ჩემი შრომით რომ რაღაც ფული ვიშოვო და ზღვაზე წასვლა მოვინდომო, ვერ წავალ. ფული დემოკრატიული მექანიზმია, ზღვისპირეთში კი არადემოკრატიული, კორპორაციული წყობაა. უნდა ვეკუთვნოდე რომელიმე კორპორაციას, რომლის დასასვენებელ სახლებსაც შინაგანი ბაღები აქვს. ყველა უწყებას, ყველა სამინისტროს იქ ხომ თავისი ბაღი აქვს და, როგორც ყველა პოლკოვნიკი თავის ბაღში სალდათებს ამუშავებს, ასე იმათაც – კორპორაციის წევრებს – ვიღაცები მოჰყავთ რუსეთიდან და ამუშავებენ. ასე იქმნება საქართველოს შიგნით სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელსაც კავშირები აქვს იქაურ აფხაზურ „აზნაურობასთან. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი, დიდი თუ პატარა რუსი „ნაჩალნიკის თვალში ზღვას – სძინავს და ზღვა ესიზმრება. საკუთარი ყურით გამიგონია კლასიკური გამოთქმა: „ეს რა კარგი მიწა ჩაიგდეს ქართველებმა ხელშიო. აღნიშნული „ნაჩალნიკისთვის ბუნებრივია, რაკი ზღვაზე წავიდა, ეს ზღვა თავისად მიიჩნიოს, ჩვენ კი თურმე რაღაც ეშმაკობით ჩაგვიგდია ხელში მიწა, რომელზეც უკვე რამდენი ათასი წელია ვცხოვრობთ. ცხადია, რომ ამას ქართულმა სახელმწიფომ უნდა მოუაროს, თუ მას შევქმნით. საჭიროა სახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტები, რითაც ტერიტორიები გადაეცემა რესპუბლიკებს, დაწესდება შესაბამისი გადასახადები და ყველაფერი რეალურად, დემოკრატიულად განაწილდება. თავისას მიიღებს, ვთქვათ, გაგრა, თავისას – რესპუბლიკა, აშენდება საავადმყოფოები, გზები, სკოლები და ა.შ. ამას შეიძლება მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ ნათლად დავინახავთ ყველა უჯრედს, სადაც გაბატონებულია საბჭოთა ცხოვრების წესი და ვიბრძოლებთ მის ამოსაძირკვად.

    ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად აუცილებელია გავიაზროთ, რომ მთელი რაიკომ-აღმასკომები და მათ უკან მდგომი ჯარი, თავზე რომ გვასხედან, ჩვენს ჩვევებზე დაყრდნობით მართავენ ქვეყანას. მაგალითად, მე დღეს მოვუსმინე ელცინს, რომელმაც, ერთადერთმა, ხმა მისცა პარტიის პლატფორმის წინააღმდეგ, როცა ხსნიდა თავის გადაწყვეტილებას, სულ ერთსა და იმავე სიტყვებს ხმარობდა: „ხალხს თუ ვერ ვაჭამეთ, „ხალხს უნდა ვაჭამოთ ა.შ. აი, ეს არის მთავარი: ჩვენც ასე ვაზროვნებთ და პარტიაც ასე აზროვნებს. რატომ არავინ დაუსვა მას უბრალო შეკითხვა: – შენ ვინ გკითხავს, შენ რატომ უნდა აჭამო ხალხს? რა მთავრობის მოვალეობაა ეს? მაგრამ მისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ მან (პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, პარტიამ) უნდა იზრუნოს ხალხის გამოკვებაზე, რომ იგი ან ცუდად ზრუნავს ხალხზე, ან კარგად. ეს აქსიომაა, რომელიც ჩვენთვისაც თითქმის მისაღებია, ჩვენც გვგონია, რომ სახელმწიფოს ჩვენ წინაშე რაღაც ამდაგვარი მოვალეობა აქვს. სულ არ გვიჩნდება ასეთი აზრი: გადადექით, მიეცით საშუალება სიცოცხლეს, თავის თავს მიხედოს. არ არის ეს მთავრობის საქმე. მთავრობის საქმე – პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაა. რატომ უნდა ველოდო, რომ საბჭოთა ხელისუფლება იზრუნებს მაღაზიაში კარაქის მოტანაზე? ან ძაფით, მიტკლით ჩემს მომარაგებაზე? არადა, ჩვენ ხომ ასე ვართ განწყობილნი!

    რა არის გამოსავალი იმ მდგომარეობიდან, რაშიც ვართ? არ არსებობს რაღაც უნივერსალური ხერხი, რომელიც ერთბაშად დაშლის იმ პრობლემათა კვანძს, ჩვენ წინაშე რომ დგას. ამ აზრით, გამოსავალი არ არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის თქმა საკმარისი არ არის. შესაძლებელი გამოსავალი გამოჩნდება მაშინ, როდესაც მოძრაობას დავიწყებთ, ადამიანს არ შეუძლია დაჯდეს და მოიგონოს მოძრაობის იდეალი; იდეალი მხოლოდ მოძრაობაში დაიბადება. ჩვენი საქმეა, ვიცოდეთ, რისკენ უნდა მივმართოთ მოძრაობა. რა თქმა უნდა, ის უნდა მივმართოთ ადგილობრივი ცხოვრებისა და ხელისუფლების სტრუქტურის შესაცვლელად. ჩვენთან თავისუფალი სკოლის გაჩენის პირველი მომასწავებელი ის იქნება, რომ ვიღაც ახალგაზრდა ენთუზიასტები სადღაც რაიონში წავლენ და დაამყარებენ პრეცედენტს – შექმნიან თავისუფალ სკოლას თავისი პროგრამებით და სწავლის სულ სხვა კრიტერიუმებით. სხვანაირად კორუფციას ჩვენს სკოლაში ვერასოდეს გავცდებით. სკოლაში კი კორუფციაა მთავარი მტერი. ეს არის მტერი, რომელიც აგერ, ცხვირწინ, მიზის, მისი ფესვები კი მოსკოვში მთავრდება. მაგრამ მოსკოვში მხოლოდ ფესვები მთავრდება, თვითონ კი აქ მიზის. ანდა სამართალი ავიღოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ სოფლებში, პატარა ქალაქებში დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტი დავაწესოთ. მოსამართლე აბსოლუტურად დამოუკიდებელი, სოფლის ან პატარა ქალაქის მიერ არჩეული უნდა იყოს. ამას სჭირდება ფული, დამოუკიდებელ მოსამართლეს არ შეიძლება არ ჰქონდეს სათანადო ხელფასი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ვთქვათ სახალხო ფრონტმა, უნდა გამოყონ ასეთი ფონდები. 100 ასეთი მოსამართლე საკმარისია, რომ საქართველოში სამართლებრივი კლიმატი მთლიანად შეცვალოს. ასი, ორასი მასწავლებელი ისეთი სკოლისა, როგორზეც მე ვლაპარაკობდი, საკმარისია, რომ დაიწყოს რაღაც პროცესები საქართველოს განათლების სისტემაში.

    კითხვა: ჰყავს თუ არა მტერი საქართველოს?

    მე ჩემი თავის შემრცხვება, თუ ვიფიქრე, რომ ოსი ან აფხაზი საქართველოსთვის სერიოზული მტერი და ხიფათია. საქართველოს ჰყავს მტერი – ეს არის კომუნისტური საბჭოთა სისტემა. რა თქმა უნდა, მთავარი სიმძიმე ამ მტრული ძალისა არის რუსეთში, მოსკოვში. ეს იმავე საგნის, იმავე მტრის სხვა განსაზღვრაა, მაგრამ იმასაც მნიშვნელობა აქვს, რას როგორ განსაზღვრავ. თუ ასე განვსაზღვრე, მაშინ ჩემს ბრძოლაში მოკავშირეა ყველა ის ძალა ან ადამიანი, რომელიც რუსეთში, ესტონეთში თუ სხვაგან ანგრევს ამ სისტემას. მაშინ ის ჩემი ბუნებრივი მოკავშირეა და მე აღარ მჭირდება, ბოლომდე გავიგო მისი მენტალიტეტი და მივაწერო ყველაფერი მის რაღაც ეშმაკობას, რაღაც ოინს, რაღაც ინტრიგას...

    კითხვა: ჩვენს დღევანდელ ვითარებაში სისტემაა დამნაშავე, თუ ის, რომ ეს სისტემა რუსებს ჩაუვარდათ ხელში და დაამახინჯეს?

    ამ კითხვაზე საპასუხოდ მე ორი რამ უნდა ვთქვა: 1. არსებობს რუსი ერის ისეთი ბუნებრივი თუ ეროვნული თვისებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის რუსეთში ასეთი სისტემის არსებობას. 2. შეუძლებელია ეს სისტემა დედუქციით გამოვიყვანოთ რუსი ერის თვისებებიდან. ამიტომ რუსეთის იმპერია შეიძლება ასე განვსაზღვროთ: ეს არის არა იმპერია რუსი ხალხისა, არამედ იმპერია რუსი ხალხის მეშვეობით: მასში ძალიან კარგად და ეშმაკურად არის გამოყენებული ამ ერის ზოგი თვისება, მისი კულტურული დონე, მისი მენტალიტეტი, მისი ჩვევები, მისი ხასიათი და ა.შ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის და რატომ არის. ეს აბსოლუტურად საჭიროა პოლიტიკურ ბრძოლაში. შეგვიძლია ასეთი ლოზუნგი წამოვაყენოთ (როგორც წამოიძახა ჩვენი განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთმა წევრმა): მოსკოვმა გამოგვიცხადა ეკოლოგიური ომი. მაშინ მე მებადება კითხვა: რუსებს ან ბელორუსებს ვიღამ გამოუცხადა ეკოლოგიური ომი? გარდა ამისა, ისიც ხომ ვიცი, რომ მე „ჭიჭიკომაც გამომიცხადა საქართველოში ეკოლოგიური ომი. თქვენ ძალიან კარგად გესმით, რამდენად მძლავრი ხდება მაფიის წინააღმდეგობა, როცა საჭიროა, მაგალითად, რაიმე პროექტის გაჩერება. მშენებელთა მაფიამ ხომ უნდა დაიცვას თავისი შესაძლებლობები; ქვიშიდან, ქვიდან და ა.შ. ფული ხომ უნდა გააკეთოს?! მე არ ვაპირებ, აბსოლუტურად ზუსტად გავანაწილო ყველაზე დანაშაული, მაგრამ პოლიტიკისთვის ეს საჭიროა. პოლიტიკაში ადამიანების მობილიზაციაა საჭირო. ასევე საჭიროა მოკავშირე. ბრძოლაში მტერი უნდა გაყო და ამ გაყოფით ისარგებლო. ეს ლოზუნგი კი – „მოსკოვმა გამოგვიცხადა ეკოლოგიური ომი – პოლიტიკური აზროვნების, ცნობიერების აბნევაა. ახლა ავიღოთ მეორე ელემენტარული ფაქტი: ხომ ცხადია, რომ ქართველი გლეხი (ნუ ვილაპარაკებთ ახლა რუს გლეხობაზე, სადაც ეს ტენდენცია უფრო მძლავრია) არ არის მაინცდამაინც დაინტერესებული კოლმეურნეობების დაშლით. ასეა, მაგალითად, ლეჩხუმში, რაჭაში. ეს გასაგებია, იმიტომ რომ გლეხმა, განსაკუთრებით ქართველმა გლეხმა, კარგად მოირგო კოლმეურნეობა და არ არის დარწმუნებული, რომ, როცა კოლმეურნეობა დაიშლება, ის ამით არ დაზარალდება. ეს მორგება იმას ნიშნავს, რომ ათეული წლების განმავლობაში გლეხი სიმდიდრეს კი არ ქმნიდა, არამედ უბრალოდ იბრუნებდა იმას, რაც უკანონოდ წაართვეს. მაშასადამე, პოლიტიკოსების წინაშე დგას ამოცანა: მოიძებნოს რაღაც გზა, რაღაც პროგრამა, რომ გლეხები გადავიდნენ სიმდიდრის შექმნაზე და არა უკანონოდ წართმეულის დაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში სულ სხვა დროის მასშტაბი უნდა ამოქმედდეს. ისეთი ლოზუნგი არ უნდა წამოვაყენოთ, რომელიც მაინცდამაინც ხვალვე გვპირდება მდგომარეობის გამოსწორებას.

    ავიღოთ ცნობიერების აბნევის კიდევ ერთი სახე. ხშირად სვამენ ხოლმე ასეთ კითხვას: დავუჯეროთ თუ არა გორბაჩოვს? საჭიროა გავარკვიოთ – ემტერება ის საქართველოს, თუ არ ემტერება? უყვარს საქართველო, თუ არა? ჯერ ერთი, ამ კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია. მაგრამ ვთქვათ და გავყევით ასეთ აზროვნებას; მაშინ, უბრალოდ, დავექვემდებარებით კანონებს, რომლებიც ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობაში მოქმედებს – ეჭვიანობის კანონებს. ეჭვიანობის კანონებით ხდება შინაგანი დიალოგი, ურთიერთობის გარკვევა, სიყვარულის მოთხოვნა; „ბატონო სახაროვ, რატომ არ გიყვართ თქვენ საქართველო? ჩემთვის დამამცირებელია თვით ეს შეკითხვა, როგორც ნორმალური მამაკაცისთვის გარკვეულად დამამცირებელია ეჭვიანობა. „რატომ არ გიყვარვარ, „იმიტომ ფიქრობ ამას, რომ არ გიყვარვარ, „ცუდმა ცოლმა შეგაცდინა, რომელიც, ალბათ, ებრაელის ნარევია და ა.შ.; ეს ტიპური რუსული აზროვნებაა, ქართულლად გამოთქმული და ჩემთვის სამარცხვინო. როგორ უნდა მოვთხოვო ვინმეს მე, ქართველმა, რომ იმას უნდა უყვარდეს საქართველო და უნდა ვუყვარდე მე, როგორც ქართველი? ანდა რატომ უნდა გამოვიცნო, რა ტრიალებს გორბაჩოვის თავში? პოლიტიკის სფეროში თუ გადავედი, ჩემთვის,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1