Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III)
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III)
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III)
Ebook1,220 pages34 hours

დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 24, 2022
დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III)

Read more from ბერტრან რასელი

Related to დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III)

Related ebooks

Reviews for დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დასავლური ფილოსოფიის ისტორია (წიგნი III) - ბერტრან რასელი

    ბერტრან რასელი - დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი III. თანამედროვე ფილოსოფია

    Bertrand Russell - History of Western Philosophy. Book III. Modern Philosophy

    ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

    iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: iBooks

    სარჩევი

    ნაწილი I. აღორძინებიდან ჰიუმამდე

    თავი I. ძირითადი მახასიათებლები

    თავი II. იტალიური აღორძინება

    თავი III. მაკიაველი

    თავი IV. ერაზმუსი და მორი

    თავი V. რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია

    თავი VI. მეცნიერების წინსვლა

    თავი VII. ფრენსის ბეკონი

    თავი VIII. ჰობსის „ლევიათანი"

    თავი IX. დეკარტი

    თავი X. სპინოზა

    თავი XI. ლაიბნიცი

    თავი XII. ფილოსოფიური ლიბერალიზმი

    თავი XIII. ლოკის შემეცნების თეორია

    თავი XIV. ლოკის პოლიტიკური ფილოსოფია

    ა. მემკვიდრეობითობის პრინციპი

    ბ. ბუნებრივი მდგომარეობა და ბუნებრივი კანონი

    გ. სოციალური შეთანხმება

    დ. საკუთრება

    ე. კონტროლი და შეკავება

    თავი XV. ლოკის გავლენა

    თავი XVI. ბერკლი

    თავი XVII. ჰიუმი

    ნაწილი II. რუსოდან ჩვენს დრომდე

    თავი XVIII. რომანტიზმის მიმდინარეობა

    თავი XIX. რუსო

    თავი XX. კანტი

    ა. გერმანული იდეალიზმი ზოგადად

    ბ. კანტის ფილოსოფიის მონახაზი

    გ. სივრცისა და დროის კანტისეული თეორია

    თავი XXI. აზრის დინებანი მეცხრამეტე საუკუნეში

    თავი XXII. ჰეგელი

    თავი XXIII. ბაირონი

    თავი XXIV. შოპენჰაუერი

    თავი XXV. ნიცშე

    თავი XXVI. უტილიტარისტები

    თავი XXVII. კარლ მარქსი

    თავი XXVIII. ბერგსონი

    I

    II

    თავი XXIX. უილიამ ჯეიმზი

    თავი XXX. ჯონ დიუი

    თავი XXXI. ლოგიკური ანალიზის ფილოსოფია

    ნაწილი I. აღორძინებიდან ჰიუმამდე

    თავი I. ძირითადი მახასიათებლები

    ისტორიული პერიოდი, რომელსაც, ჩვეულებრივ, „ახალ დროს უწოდებენ, ხასიათდება მსოფლმხედველობით, რომელიც მრავალი მიმართებით ასხვავებს მას შუა საუკუნეებისგან. ამ უკანასკნელთაგან აღსანიშნავია ორი: ეკლესიის ავტორიტეტის კლება და მეცნიერების ავტორიტეტის ზრდა. სხვა დანარჩენი ამ ორს უკავშირდება. ახალი დროის კულტურა უფრო სეკულარულია, ვიდრე კლერიკალური. სახელმწიფო სულ უფრო ანაცვლებს ეკლესიას როგორც მმართველი ძალა, რომელიც კულტურას აკონტროლებს. ხალხთა მართვის სადავეები თავდაპირველად მეფეთა ხელთ იყო; შემდეგ, როგორც ეს ანტიკურ საბერძნეთში მოხდა, მეფეები თანდათნობით დემოკრატიამ ან ტირანიამ ჩაანაცვლა. ეროვნული სახელმწიფოს ძალაუფლება და ფუნქციები, რომლებსაც ის ასრულებდა, თანდათანობით იზრდებოდა მთელი პერიოდის  განმავლობაში (უმნიშვნელო რყევების გამოკლებით), მაგრამ უმეტეს ხანს სახელმწიფოს იმაზე ნაკლები გავლენა ჰქონდა ფილოსოფოსების შეხედულებებზე, ვიდრე ეკლესიას შუა საუკუნეებში. ფეოდალურმა არისტოკრატიამ, რომელსაც ალპების ჩრდილოეთით მეთხუთმეტე საუკუნემდე შესწევდა ძალა, შეწინააღმდეგებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, თავდაპირველად პოლიტიკური, შემდეგ კი – ეკონომიკური მნიშვნელობაც დაკარგა. იგი ჩაანაცვლა მეფემ, რომელიც მდიდარ ვაჭრებთან იყო კავშირში. ეს ორი მხარე სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული თანაფარდობით ინაწილებდა ძალაუფლებას. მდიდარ ვაჭრებს ჰქონდათ არისტოკრატიაში გადაბარგების ტენდენცია. ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციების დროიდან დაწყებული, დემოკრატია, თანამედროვე აზრით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ იარაღად იქცა. სოციალიზმმა, განსხვავებით დემოკრატიისგან, რომელიც კერძო საკუთრებას ეფუძნება, სახელმწიფო ძალაუფლება პირველად 1917 წელს შეიძინა. თუმცა, მმართველობის ეს ფორმა, თუკი ის გავრცელდება, აშკარად გამოიწვევს კულტურის ახალი ფორმის შემოტანას. კულტურა, რომელთანაც ჩვენ გვექნება საქმე, ძირითადად „ლიბერალურია, ანუ ისეთი, რომელიც ყველაზე ბუნებრივად ასოცირდება ვაჭრობასთან. მაგრამ აქედან არსებობს მნიშვნელოვანი გამონაკლისები, განსაკუთრებით, გერმანიაში. ფიხტესა და ჰეგელის მსოფლმხედველობა, თუ ამ ორ მაგალითს განვიხილავთ, სრულებით არ უკავშირდება ვაჭრობას. მაგრამ ასეთი გამონაკლისები მათი ეპოქისთვის დამახასიათებელი არ არის.

    ეკლესიის ავტორიტეტის უარყოფა, რაც ახალი დროის ნეგატიური მახასიათებელია, იწყება მეცნიერების ავტორიტეტის აღიარებამდე, რაც პოზიტიურ მახასიათებელს წარმოადგენს. იტალიურ აღორძინებაში მეცნიერება უმნიშვნელო როლს თამაშობდა. ეკლესიისადმი წინააღმდეგობა ადამიანთა გონებაში ანტიკურობას უკავშირდებოდა, და კვლავაც წარსულს უმზერდა, მაგრამ უფრო დაშორებულ წარსულს, ვიდრე ადრეული ეკლესიისა და შუა საუკუნეების დროა. პირველი სერიოზული მეცნიერული გარღვევა იყო 1543 წელს კოპერნიკის თეორიის გამოქვეყნება, მაგრამ ამ თეორიამ გავლენა მანამდე ვერ მოიპოვა, სანამ მეჩვიდმეტე საუკუნეში ის კეპლერმა და გალილეომ არ განავითარეს. შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა მეცნიერებასა და დოგმას შორის, რომელშიც ტრადიციონალისტები უიმედოდ იბრძოდნენ ახალი ცოდნის წინააღმდეგ.

    მეცნიერების ავტორიტეტი, რომელსაც ახალი დროის ფილოსოფოსთა უმეტესობა აღიარებს, ერთობ განსხვავდება ეკლესიის ავტორიტეტისგან, რადგან მას ინტელექტუალური და არა დიქტატზე დამყარებული ფორმა აქვს. არავინ ისჯება მისი უარყოფისთვის. არავითარი ანგარიშიანობა ახდენს გავლენას მათზე, ვინც იღებს მას. ის გაბატონებულ მდგომარეობას იძენს მხოლოდ გონებისადმი დამახასიათებელი მიმართვით. მეტიც, ის ნაწილობრივი ავტორიტეტია; ეკლესიური დოგმისგან განსხვავებით, ის არ აყალიბებს დასრულებულ სისტემას, რომელიც ადამიანურ მორალს, ადამიანურ იმედებსა და სამყაროს წარსულ და მომავალ ისტორიას მოიცავს. ის მხოლოდ იმის შესახებ გამოთქვამს, რაც მოცემულ მომენტში წარმოდგება, როგორც მეცნიერულად დამტკიცებული, ეს კი ციცქნა კუნძულია არცოდნის ოკეანეში. მეცნიერული ავტორიტეტი კიდევ ერთი ნიშნით განსხვავდება ეკლესიურისგან, რომელიც თავის შეხედულებებს აბსოლუტურ უეჭველობასა და მარადიულ უცვლელობას ანიჭებს: მეცნიერული განცხადებები კეთდება ექსპერიმენტის წესით, ალბათობის საფუძველზე და განიხილება, როგორც ცვლილებას დაქვემდებარებული. ეს წარმოშობს წყობას გონებისა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება შუა საუკუნეების დოგმატიკოსის გონებრივი წყობისგან.

    ამ მომენტამდე მე ვსაუბრობდი თეორიული მეცნიერების შესახებ, რაც წარმოადგენდა სამყაროს შეცნობის მცდელობას. პრაქტიკული მეცნიერება, რომელიც სამყაროს შეცვლის მცდელობაა, თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო და მისი მნიშვნელობა განუხრელად იზრდებოდა, სანამ მან თითქმის არ გამოდევნა თეორიული ცოდნა ადამიანთა გონებიდან. მეცნიერების პრაქტიკული მნიშვნელობა პირველად ომთან კავშირში იქნა აღიარებული. გალილეომ და ლეონარდომ სახელმწიფო სამსახური მოიპოვეს ფორტიფიკაციის ხელოვნებისა და არტილერიის სრულყოფის პროექტებით. მათი დროიდან დაწყებული, მეცნიერთა როლი ომში სულ უფრო იზრდებოდა. მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს მათ არსებითი როლის შესრულება სამანქანო წარმოების განვითარებასა და ადამიანების ზიარებაში თავდაპირველად – ორთქლის, შემდეგ კი – ელექტროენერგიის მოხმარებასთან, რასაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი მეთვრამეტე საუკუნის დასასრულამდე არ მოჰყოლია. მეცნიერების ტრიუმფის უმთავრესი მიზეზი მისი პრაქტიკული სარგებლიანობა იყო და ამ საფუძვლით მიმართეს მცდელობას, განეშორებინათ ეს ასპექტი თეორიულისგან, რითიც მეცნიერება სულ უფრო მეტად იქცეოდა ტექნიკად და სულ უფრო ნაკლებად – დოქტრინად, რომელიც სამყაროს ბუნებას განმარტავდა. ასეთმა თვალსაზრისმა ფილოსოფოსთა შეხედულებაში უკანასკნელ ხანს შეაღწია.

    ეკლესიის ავტორიტეტისგან გათავისუფლებამ ინდივიდუალიზმის ზრდა გამოიწვია და ანარქიასაც კი მიაღწია. ინტელექტუალური, მორალური და პოლიტიკური დისციპლინა აღორძინების ეპოქის ადამიანთა გონებაში სქოლასტიკურ ფილოსოფიასა და საეკლესიო მართვასთან იყო ასოცირებული. სქოლასტიკოსთა არისტოტელესეული ლოგიკა შეზღუდული იყო, მაგრამ გარკვეული სახის სიზუსტის სწავლის შესაძლებლობას მაინც იძლეოდა. როდესაც ლოგიკის ეს სკოლა მოდიდან გადავიდა, ის მყისვე უკეთესი მოძღვრებით კი არ ჩანაცვლდა, არამედ ანტიკური მოდელების ეკლექტიკური მსგავსებით. მეჩვიდმეტე საუკუნემდე ფილოსოფიაში მნიშვნელოვანი არაფერი შექმნილა. მეთოთხმეტე-მეთხუტმეტე საუკუნეების ანარქია იტალიაში თავზარდამცემი იყო და მაკიაველის დოქტრინების წარმოშობას შეუწყო ხელი. იმავდროულად, გონებრივი ხუნდებისგან გათავისუფლებამ ხელოვნებასა და ლიტერატურაში გენიალურობის გასაოცარი გამოვლენა გამოიწვია. მაგრამ ასეთი საზოგადოება არასტაბილურია. რეფორმაციამ და კონტრრეფორმაციამ, ესპანეთისადმი იტალიის დაქვემდებარებასთან ერთად, დაასრულა იტალიური აღორძინება ყველაფრით, რაც მასში კარგი და ცუდი იყო. როდესაც მოძრაობა ალპების ჩრდილოეთით გავრცელდა, მას ისეთივე ანარქიული ხასიათი აღარ ჰქონდა.

    მიუხედავად ამისა, თანამედროვე ფილოსოფიამ უმეტესწილად შეინარჩუნა ინდივიდუალისტური და სუბიექტური ხასიათი. ეს ძალიან არის შესამჩნევი დეკარტის შემთხვევაში, რომელიც მთელ შემეცნებას თავისი საკუთარი არსებობის სარწმუნობაზე აგებს, ხოლო სიცხადესა და სიაშკარავეს (ორივე სუბიექტურია) ჭეშმარიტების კრიტერიუმებად მიიჩნევს. ეს არ არის შესამჩნევი სპინოზას ფილოსოფიაში, მაგრამ კვლავ ჩნდება ლაიბნიცის უფანჯრო მონადებში. ლოკი, რომლის ხასიათი სრულიად ობიექტურია, იძულებულია, უხალისოდ მიიღოს სუბიექტური დოქტრინა, რომ შემეცნება იდეების შესაბამისობასა ან შეუსაბამობაში მდგომარეობს. ეს თვალსაზრისი მისთვის იმდენად საძულველია, რომ იგი მას აშკარა წინააღმდეგობების მეშვეობით გაურბის. ბერკლი მატერიის გაუქმების შემდეგ მხოლოდ იმან იხსნა სრული სუბიექტივიზმისგან, რომ მიმართა ღმერთის ცნებას, რაც შემდგომი პერიოდის ფილოსოფოსთა უმრავლესობას არამართლზომიერად მიაჩნდა. ჰიუმის შემთხვევაში ემპირიული ფილოსოფია თავის კულმინაციას აღწევს სკეპტიციზმში, რომელსაც ვერავინ უარყოფს და ვერავინ მიიღებს. კანტი და ფიხტე სუბიექტურები იყვნენ, როგორც ხასიათით, ისე დოქტრინებით. ჰეგელი სუბიექტივიზმისგან სპინოზას გავლენით გადარჩა. რუსომ და რომანტიკულმა მოძრაობამ სუბიექტივიზმი შემეცნების თეორიიდან ეთიკასა და პოლიტიკაზე განავრცო, რაც საბოლოოდ – ეს კი ლოგიკური იყო – ბაკუნინისეულის მსგავსი სრული ანარქიზმით დასრულდა. სუბიექტივიზმის ეს უკიდურესი სახეობა შეშლილობის ფორმაა.

    იმავდროულად, მეცნიერება, როგორც ტექნიკა, პრაქტიკოს ადამიანებში ამკვიდრებდა ერთობ განსხვავებულ მსოფლმხედველობას იმისგან, რომელსაც თეორეტიკოს ფილოსოფოსებთან ვხვდებით. ტექნიკას ძალის შეგრძნება მოჰქონდა: ადამიანი ახლა გაცილებით ნაკლებად იყო გარემომცველი სამყაროს ძალაუფლებაში, ვიდრე უწინ. მაგრამ ტექნიკის მიერ მოტანილ ძალაუფლებას ჰქონდა სოციალური და არა ინდივიდუალური ხასიათი. საშუალო ინდივიდს, რომელიც კატასტროფის შედეგად უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა, მეჩვიდმეტე საუკუნეში მეტის მიღწევა შეეძლო, ვიდრე ახლა შეუძლია. სამეცნიერო ტექნიკა მოითხოვს თანამშრომლობას დიდი რაოდენობის ინდივიდებისა, რომლებიც ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ არიან ორგანიზებულნი. შესაბამისად, მას აქვს მიდრეკილება ანარქიზმის და თვით ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ, რამდენადაც ის მჭიდრო სოციალურ სტრუქტურას საჭიროებს. რელიგიისგან განსხვავებით, ის ეთიკურად ნეიტრალურია: ის არწმუნებს ადამიანებს, რომ მათ შეუძლიათ სასაწაულების ჩადენა, მაგრამ არ ეუბნება, რომელი სასწაულები ჩაიდინონ. ამ აზრით ის არასრულია. პრაქტიკულად, მიზანი, რომლის მიღწევასაც უნდა ესწრაფვოდეს დახელოვნებული მეცნიერება, მნიშვნელოვანწილად შემთხვევაზეა დამოკიდებული. ადამიანებს, რომლებიც დგანან უზარმაზარი ორგანიზაციების სათავეში, რომლებსაც მეცნიერული ტექნიკა უხმობს საარსებოდ, შეუძლიათ გარკვეულ საზღვრებში თავიანთი შეხედულებისამებრ მიმართონ იგი ამა თუ იმ მხარეს. შესაბამისად, ძალის იმპულსი ისეთ მასშტაბს იძენს, როგორიც მანამდე არასოდეს ჰქონია. ფილოსოფიები, რომლებიც მეცნიერული ტექნიკით იყო შთაგონებული, ძალაუფლების ფილოსოფოებია და მიდრეკილება აქვს, ყველაფერი არა-ადამიანური ნედლ მასალად განიხილოს. მიზნების გათვალისწინება აღარ ხდება. მხოლოდ პროცესის დახელოვნებულობა ფასდება. ესეც შეშლილობის ფორმაა. დღესდეობით ეს ყველაზე სახიფათო ფორმაა და ისეთი, რომლის წინააღმდეგ ჯანსაღმა ფილოსოფიამ ანტიდოტი უნდა შეიმუშაოს.

    ანტიკურმა სამყარომ ანარქიიდან გამოსავალი რომის იმპერიაში ჰპოვა, მაგრამ რომის იმპერია იყო უხეში ფაქტი და არა იდეა. კათოლიკური სამყარო ანარქიის დასასრულს ეკლესიაში ხედავდა, რომელიც იყო იდეა, მაგრამ არასოდეს ქცეულა ადეკვატურად ხორცშესხმულ  ფაქტად. არც ანტიკური და არც შუა საუკუნეების გადაწყვეტილება იყო დამაკმაყოფილებელი: ერთი იმიტომ, რომ მისი იდეალიზება იყო შეუძლებელი, მეორე იმ მიზეზით, რომ შეუძლებელი იყო მისი აქტუალიზება. ახალი სამყარო დღესდღეობით თითქოს ისეთი გადაწყვეტილებისკენ მოძრაობს, რომელიც ანტიკურის მსგავსია: ესაა საზოგადოებრივი წესრიგი, დამკვიდრებული ძალადობრივად, რომელიც უმალ ძალაუფლების მფლობელთა ნებას გამოხატავს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანთა იმედებს. მდგრადი და დამაკმაყოფილებელი სოციალური წესრიგის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ რომის იმპერიის სიმტკიცისა და წმ. ავგუსტინეს „ღვთის ქალაქის" იდეალიზმის კომბინირებით არის შესაძლებელი. ამ მიზნის მისაღწევად ახალი ფილოფოსია იქნება საჭირო.

    თავი II. იტალიური აღორძინება

    თანამედროვე მსოფლმხედველობა, რომელიც შუა საუკუნეების თვალსაზრისის საპირისპირო იყო, იტალიაში ჩაისახა მოძრაობასთან ერთად, რომელსაც აღორძინება ეწოდება. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იზიარებდა, განსაკუთრებით, პეტრარკა, მაგრამ მეთხუთმეტე საუკუნის განმავლობაში ის განათლებულ იტალიელთა უმრავლესობას – როგორც სასულიეროთა, ისე არასასულიეროთა – შორის გავრცელდა. ზოგი მიმართებით აღორძინების ხანის იტალიელები, ლეონარდოსა და სხვა რამდენიმეს გამოკლებით, არ განიცდიდნენ პატივისცემას მეცნიერებისადმი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის მნიშვნელოვან ნოვატორთა უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. ამ ნაკლოვანებასთან არის ასოცირებული მათი ერთობ ნაწილობრივი გათავისუფლება ცრურწმენებისგან, განსაკუთრებით, ასტროლოგიის ფორმით. მრავალი მათგანი ჯერ კიდევ განიცდიდა მოკრძალებას ავტორიტეტისადმი, რომელიც შუა საუკუნეების ფილოსოფოსებს გააჩნდათ, მაგრამ მათ ეკლესიის ავტორიტეტი ანტიკურობის ავტორიტეტით ჩაანაცვლეს. რასაკვირველია, ეს გათავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, რამდენადაც ანტიკურობის მოაზროვნეები ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, ხოლო იმის გადასწყვეტად, თუ რომელს გაჰყოლოდი, ინდივიდუალური განსჯა იყო საჭირო. მცირე იყო რაოდენობა მეთხუთმეტე საუკუნის იტალიელებისა, რომლებიც ბედავდნენ ერთგულებას თვალსაზრისისა, რომელსაც ავტორიტეტი არც ანტიკურობაში გააჩნდა და არც ეკლესიის მოძღვრებაში.

    აღორძინების გასაგებად აუცილებელია იტალიის პოლიტიკური მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა. 1250 წელს ფრიდრიხ II-ის სიკვდილის შემდეგ იტალია უმთავრესად თავისუფალი იყო გარეშე  გავლენისგან, სანამ საფრანგეთის მეფე შარლ VIII არ შეიჭრა ქვეყანაში 1494 წელს. იტალიის ტერიტორიაზე ხუთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მდებარეობდა: მილანი, ვენეცია, ფლორენცია, პაპის სამფლობელო და ნეაპოლი. ამათ გარდა, არსებობდა მრავალი მცირე სამთავრო, რომელიც რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან მოკავშირეობით ან მისდამი დაქვემდებარებით განსხვავდებოდა. გენუა 1378 წლამდე ექიშპებოდა ვენეციას სავაჭრო და საზღვაო უპირატესობისთვის, თუმცა აღნიშნული თარიღის შემდეგ  გენუა მილანის პროტექტორატს დაექვემდებარა.

    მილანი, რომელიც ფეოდალიზმისადმი წინააღმდეგობას ედგა სათავეში მეთორმეტე და მეცამეტე საუკუნეებში, ჰოჰენშტაუფენების საბოლო დამარცხების შემდეგ ვისკონტის, შეძლებული ოჯახის, მფლობელობაში აღმოჩნდა, რომლის ძალაუფლება იყო პლუტოკრატიული და არა ფეოდალური. ისინი 170 წელიწადს მართავდნენ, 1277-დან 1447 წლამდე. ამის მერე, აღდგენილი რესპუბლიკური მმართველობის სამი წლის შემდეგ, მმართველობა მოიპოვა ახალმა ოჯახმა, სფორცამ, რომელიც ვისკონტისთან იყო კავშირში და მილანის ჰერცოგის წოდება მიიღო. 1494 წლიდან 1535 წლამდე მილანი ბრძოლის ველი იყო ფრანგებსა და ესპანელებს შორის. სფორცას ოჯახი ხან ერთთან იყო კავშირში და ხან მეორესთან. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ხან დევნილობაში იყვნენ, ხან კი – ნომინალური კონტროლის მდგომარეობაში. საბოლოოდ, 1535 წელს, იმპერატორმა კარლ V-ემ მილანის ანექსია მოახდინა.

    ვენეციის რესპუბლიკა იტალიის პოლიტიკისგან ერთგვარად განზე დგას, განსაკუთრებით, თავისი სიდიადის საწყის საუკუნეებში. იგი არასოდეს დაუპყრიათ ბარბაროსებს და თავიდან ის საკუთარ თავს აღმოსავლეთის იმპერატორების ქვეშევრდომად მიიჩნევდა. ამ თავისებურებამ იმ ფაქტთან კავშირში, რომ ვაჭრობას იგი აღმოსავლეთთან აწარმოებდა, ვენეციას რომისგან დამოუკიდებლობა მოუპოვა, რაც ტრიდენტის კრებამდე (1545) იყო შენარჩუნებული, რომლის შესახებ ვენეციელმა პაოლო სარპიმ ერთობ ანტიპაპური განწყობის მატიანე შექმნა. ჩვენ ვიხილეთ, რომ მეოთხე  ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ვენეცია კონსტანტინოპოლის დაპყრობას იჟინებდა. ლაშქრობამ ხელი შეუწყო ვენეციაში ვაჭრობის განვითარებას, რომელიც,  თავის მხრივ, თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობით დაზარალდა. სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, რომლებიც ნაწილობრივ საკვების მიწოდებას უკავშირდებოდა, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე საუკუნეებში ვენეციელებმა საჭიროდ ცნეს იტალიის მატერიკზე მნიშვნელოვანი ტერიტორიების შეძენა. ამან შუღლი გამოიწვია და, საბოლოოდ, 1509 წელს, ჩამოყალიბდა კამბრეის ლიგა – ძლიერ სახელმწიფოთა კავშირი, რომელმაც დაამარცხა ვენეცია. წელში გამართვა ამის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა ვასკო და გამას მიერ ინდოეთისკენ კეთილის ნების კონცხის გავლით გზის აღმოჩენით (1497-98). ამ მოვლენამ, თურქების სიძლიერესთან ერთად, გაანადგურა ვენეცია, რომელმაც, თუმცაღა, იმ დრომდე იარსება, სანამ ნაპოლეონმა არ ჩამოართვა დამოუკიდებლობა.

    ვენეციის კონსტიტუცია, რომელიც, თავიდან დემოკრატიული იყო, თანდათანობის სულ უფრო კარგავდა ამ მახასიათებელს და 1297 წლის შემდეგ მჭიდრო ოლიგარქიად ჩამოყალიბდა. პოლიტიკური ძალაუფლების საფუძველს „დიდი საბჭო წარმოადგენდა, რომლის წევრობა აღნიშნული თარიღის შემდეგ მემკვიდრეობით გადაეცემოდა და შემოიფარგლებოდა წარმატებული ოჯახებით. აღმასრულებელი ხელისუფლება „ათთა საბჭოს ეკუთვნოდა, რომელსაც „დიდი საბჭო" ირჩევდა. დოჟს, რომელიც სახელმწიფოს ცერემონიული მეთაური იყო, მთელი სიცოცხლის ვადით ირჩევდნენ. მისი ნომინალური ძალაუფლება ერთობ შეზღუდული იყო, მაგრამ პრაქტიკულად მის გავლენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მიიჩნეოდა, რომ ვენეციელთა პოლიტიკა უკიდურესად შორსმჭვრეტელური იყო, ვენეციელ ელჩთა ანგარიშები კი გონებამხვილობით გამოირჩევა. რანკეს დროიდან მოყოლებული, ისტორიკოსები სწორედ მათ იყენებენ, როგორც ინფორმაციის საუკეთესო წყაროს შესასწავლი მოვლენების შესახებ.

    ფლორენცია იყო სამყაროს ყველაზე ცივილიზებული ქალაქი და აღორძინების უმთავრესი წყარო. თითქმის ყველა დიდი სახელი ლიტერატურაში ისევე, როგორც მანამდე და მას შემდეგ ხელოვნებაში, ფლორენციას უკავშირდება. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს პოლიტიკა, ვიდრე კულტურა. მეცამეტე საუკუნის ფლორენციაში იყო სამი, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი კლასი: დიდგვაროვანნი, მდიდარი ვაჭრები და წვრილმანი მოსახლეობა. დიდგვაროვანნი უმეტესწილად გიბელინები იყვნენ, ხოლო დანარჩენი ორი კლასი – გველფები. გიბელინები 1266 წელს საბოლოოდ დამარცხდნენ და მეთოთხმეტე საუკუნის განმავლობაში წვრილმანი მოსახლეობის პარტიამ შეძლო მდიდარ ვაჭრებზე უპირატესობის მოპოვება. მიუხედავად ამისა, ამ კონფლიქტმა არა სტაბილური დემოკრატიის, არამედ იმის თანდათანობითი ზრდა გამოიწვია, რასაც ბერძნები „ტირანიას" უწოდებდნენ. მედიჩის ოჯახი, რომელიც, საბოლოოდ, ფლორენციის მმართველი გახდა, იწყებდა, როგორც პოლიტიკური ბოსი დემოკრატთა მხარეს. კოზიმო მედიჩის (1389-1464), რომელიც პირველი იყო ოჯახიდან, ვინც აშკარა უპირატესობას მიაღწია, კვლავაც არ ჰქონდა ოფიციალური თანამდებობა. მისი ძალაუფლება საარჩევნო მანიპულირების უნარზე იყო დამოკიდებული. ის იყო გამჭრიახი, შეძლებისდაგვარად შემრიგებლური და ულმობელი, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვდა. დროის მცირე შუალედის შემდეგ ის შეცვალა მისმა შვილიშვილმა, ლორენცო ბრწყინვალემ, რომელიც ძალაუფლებას ფლობდა 1469 წლიდან სიკვდილამდე (1492). თავის მდგომარეობას ორივე მათგანი სიმდიდრეს უნდა უმადლოდეს, რომელიც ძირითადად ვაჭრობის გზით იყო მოხვეჭილი ისევე, როგორც სამთამადნო საქმესა და სხვა სფეროებში მოღვაწეობით. მათ შეიტყვეს, როგორ გაემდიდრებინათ ფლორენცია და საკუთარი თავი, შესაბამისად, მათი მმართველობის დროს ქალაქი წარმატებული იყო.

    ლორენცოს ვაჟი, პიეტრო, მოისაკლისებდა მამის ღირსებებს და 1494 წელს განდევნილ იქნა. ამას მოსდევს სავონაროლას გავლენის ოთხწლიანი პერიოდი, როდესაც ერთგვარმა პურიტანულმა აღორძინებამ ადამიანებს ზურგი შეაქცევინა მხიარულების, სიმდიდრისა და თავისუფალი აზროვნებისთვის და მიმართა ისინი ღვთისმოსაობისკენ, რომელიც, როგორც მიიჩნეოდა, უფრო მარტივ ეპოქას ახასიათებდა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, უმთავრესად პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, სავონაროლას მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს, სავონაროლა სიკვდილით დასაჯეს, მისი სხეული კი დაწვეს (1498). რესპუბლიკამ, რომელიც ჩანაფიქრით დემოკრატიული იყო, თუმცა ფაქტობრივად – პლუტოკრატიული, 1512 წლამდე იარსება, როდესაც მედიჩის ოჯახის ძალაუფლება იქნა აღდგენილი. ლორენცოს ვაჟი, რომელიც თოთხმეტი წლის ასაკში კარდინალი გახდა, 1513 წელს პაპად აირჩიეს და მან ლეონ X-ის სახელი მიიღო. მედიჩის ოჯახი, ტოსკანის დიადი ჰერცოგების წოდებით, ფლორენციას 1737 წლმადე მართავდა. თუმცა, იმავდროულად, იტალიის დანარჩენი ნაწილის მსგავსად, ფლორენცია მნიშვნელობას კარგავდა.

    პაპის საერო ძალაუფლება, რომელიც თავის წარმოშობას პიპინ მოკლესა და გაყალბებულ კონსტანტინეს ნაბოძვარს უნდა უმადლოდეს, აღორძინების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მეთოდები, რომლებსაც პაპები იყენებდნენ ამ მიზნის მისაღწევად, სრულად ართმევდა მათ სულიერ ავტორიტეტს. სათათბირო მოძრაობა, რომლის სამწუხარო დასასრული იყო კონფლიქტი ბაზელის კრებასა და ევგენიუს IV-ეს (1431-1447) შორის, ეკლესიის ყველაზე წრფელ ელემენტებს წარმოადგენდა. მაგრამ რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ეს გახლდათ ეკლესიური შეხედულებების გავრცელება ალპების ჩრდილოეთით. პაპების გამარჯვება იტალიის და (ნაკლები ხარისხით) ესპანეთის გამარჯვება იყო. იტალიის ცივილიზაცია მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში სრულებით არ ჰგავდა ჩრდილოეთის ქვეყნების ცივილიზაციას, რომელიც შუა საუკუნეების დონეზე რჩებოდა. იტალიელები სერიოზულად უდგებოდნენ კულტურას, მაგრამ არა მორალსა და რელიგიას. თვით მღვდელმსახურთა შორისაც კი ელეგანტური ლათინური სტილი მრავალ ცოდვას ინანიებდა. ნიკოლოზ V (1447-1455), პირველი ჰუმანისტი პაპი, თანამდებობებს იმ სწავლულებს ურიგებდა, რომლებსაც პატივს სცემდა და ყურადღებას არ აქცევდა სხვა მოსაზრებებს. ეპიკურელი ლორენცო ვალა, ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ „კონსტანტინეს ნაბოძვარი სიყალბე იყო და მასხრად აიგდო „ვულგატას სტილი, ხოლო წმ. ავგუსტინეს ერესში დასდო ბრალი, სამოციქულო მდივნად დაინიშნა. უმალ ჰუმანიზმის და არა ღვთისმოსაობის ან ორთოდოქსიის წახალისების პოლიტიკა 1527 წელს რომის გაძარცვამდე გრძელდებოდა.

    ჰუმანიზმის წახალისება, რაც, თუმცა, თავზარს სცემდა ღვთისმოსავ ჩრდილოეთს, ჩვენი შეხედულებით, შეიძლება სათნოებად მივიჩნიოთ. მაგრამ ზოგი პაპის საომარი პოლიტიკა და ცხოვრების ამორალური წესი ვერცერთი თვალსაზრისით გამართლდება, თუ არა ძალის დაუფარავი პოლიტიკით. ალექსანდრე მეექვსემ (1492-1503) თავისი ცხოვრება პაპის რანგში საკუთარი თავისა და თავისი ოჯახის განდიდებას მიუძღვნა. მას ორი ვაჟი ჰყავდა – ჰერცოგი განდია და ჩეზარე ბორჯა, რომელთაგან პირველისადმი გაცილებით უფრო მოწყალე იყო. თუმცა, ჰერცოგი მოკლულ იქნა, სავარაუდოდ, მისი ძმის მიერ. შესაბამისად, პაპმა დინასტიური ამბიციების კონცენტრირება ჩეზარეზე მოახდინა. მათ ერთობლივად დაიპყრეს რომანია და ანკონა, რაც ჩეზარეს სამთავროდ უნდა ქცეულიყო. მაგრამ პაპის სიკვდილისას ჩეზარე მძიმედ იყო ავად და მყისიერი მოქმედება ვერ შეძლო. საბოლოოდ, მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიები წმ. პეტრეს პატრიმონიას დაუბრუნდა. ამ ორი ადამიანის ბიწიერება მალევე იქცა ლეგენდად, შესაბამისად, რთულია სიმართლის გამოცალკევება სიცრუისგან იმ უამრავ მკვლელობასთან მიმართებით, რომლებშიც მათ ედებათ ბრალი. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მუხანათობის ხელოვნებაში მათ გადააჭარბეს ყველაფერს, რაც კი მანამდე იყო ცნობილი. იულიუს II (1503-1513), რომელმაც ალექსანდრე III შეცვალა, ღვთისმოსაობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ნაკლებ საბაბს იძლეოდა სკანდალისთვის, ვიდრე მისი წინამორბედი. მან განაგრძო პაპის სამფლობელოთა განვრცობის პოლიტიკა. მას გააჩნდა დამსახურება, როგორც სამხედრო მოღვაწეს, მაგრამ არა როგორც ქრისტიანული ეკლესიის წინამძღოლს. რეფორმაცია, რომელიც მისი მემკვიდრის, ლეონ X-ის (1513-1521) დროს დაიწყო, აღორძინების ხანის პაპების წარმართული პოლიტიკის ბუნებრივი შედეგი გახლდათ.

    იტალიის სამხრეთი კიდე ნეაპოლის სამეფოს ჰქონდა ოკუპირებული, რომელთანაც, ხშირ შემთხვევაში, სიცილია იყო გაერთიანებული. ნეაპოლი და სიცილია იმპერატორ ფრიდრიხ II-ის განსაკუთრებული პირადი სამეფოები იყო. ფრიდრიხმა მაჰმადიანური ტიპის აბსოლუტური მონარქია შემოიღო, განათლებული, მაგრამ დესპოტური, რომელიც არანაირ ძალაუფლებას გულისხმობდა ფეოდალი დიდგვაროვნებისთვის. მისი სიკვდილის შემდეგ (1250) ნეაპოლი და სიცილია მის უკანონო შვილს, მანფრედს, გადაეცა, რომელმაც, მიუხედავად ამისა, ეკლესიისადმი ულმობელი მტრობა მიიღო მემკვიდრეობით და ფრანგების მიერ იქნა განდევნილი 1266 წელს. ფრანგებმა თავისი საქციელით სიძულვილი დაიმსახურეს და ამოხოცილ იქნენ „სიცილიურ მწუხრში" (1282), რის შემდეგ სამეფო პედრო III არაგონელს და მის მემკვიდრეებს ეკუთვნოდა. მრავალგვარ სირთულეთა შედეგად, რომლებმაც ნეაპოლისა და სიცილიის დროებითი გაყოფა გამოიწვია, ისინი 1443 წელს კვლავ გაერთიანდა ალფონსო V-ის ძალაუფლების ქვეშ. 1495 წლიდან მოყოლებული საფრანგეთის მეფეები ცდილობდნენ ნეაპლის დაპყრობას, მაგრამ საბოლოოდ სამეფო ფერდინანდ არაგონელს (1502) ერგო. საფრანგეთის მეფეები – შარლ VIII, ლუდოვიკო XII და ფრანცისკ I – პრეტენზიას (არცთუ სამართლებრივს) აცხადებდნენ მილანსა და ნეაპოლზე. ყველა მათგანი შეიჭრა იტალიაში და დროებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა მათგანი ესპანელებმა დაამარცხეს. ესპანეთის გამარჯვებამ და კონტრრეფორმაციამ დაასრულა იტალიური აღორძინება. იმ მიზეზით, რომ პაპი კლემენტ VII კონტრრეფორმაციას აბრკოლებდა და, იმავდროულად, როგორც მედიჩის ოჯახის წევრი, საფრანგეთისადმი მეგობრულად იყო განწყობილი, კარლ V-ემ 1527 წელს პროტესტანტთა დიდ ლაშქარს გააძარცვინა რომი. ამის შემდეგ პაპები უფრო რელიგიურები გახდნენ, ხოლო იტალიური აღორძინება დასრულდა.

    ძალადობრივი პოლიტიკა იტალიაში წარმოუდგენლად რთული იყო. წვრილი დიდებულები, რომლებიც, უმეტესწილად, თვითშექმნილი ტირანები იყვნენ, ხან ერთ მსხვილ სახელმწიფოსთან იყვნენ კავშირში, ხან – მეორესთან. ომები გამუდმებით მიმდინარეობდა, მაგრამ ფრანგების მოსვლამდე (1494) თითქმის უსისხლო იყო: ჯარისკაცები დაქირავებულნი იყვნენ, რომლებიც პროფესიული რისკის შემცირებას ცდილობდნენ. ეს წმინდად იტალიური ომები დიდად არ უშლიდა ხელს ვაჭრობას ან ქვეყნის სიმდიდრის დაგროვებას. სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას დიდი დრო ეთმობოდა, მაგრამ შეიმჩნეოდა ბრძენ მმართველთა ნაკლებობა. ფრანგების შემოსვლის დროს ქვეყანა თითქმის დაუცველი აღმოჩნდა. ფანგულმა ჯარებმა  თავზარი დასცეს იტალიელებს იმით, რომ ბრძოლებში ფაქტობრივად კლავდნენ ადამიანებს. ამის შედეგად ფრანგებსა და ესპანელებს შორის წარმოებდა სერიოზული ომები, რომლებსაც ტანჯვა და გაღატაკება მოყვა თან. მაგრამ იტალიური სახელმწიფოები კვლავ მზაკვრობდნენ ერთმანეთს, იხმობდნენ რა დასახმარებლად ფრანგებს ან ესპანელებს საშინაო დაპირისპირებაში, ეროვნული ერთიანობის რაიმე გრძნობის გარეშე. საბოლოოდ, ყველაფერი განადგურდა. უნდა ითქვას, რომ იტალია გარდაუვლად დაკარგავდა თავის მნიშვნელობას ამერიკისკენ და კეთილი ნების კონცხით აღმოსავლეთისკენ გზის აღმოჩენის წყალობით. მაგრამ მარცხი შესაძლოა ნაკლებად კატასტროფული და ნაკლებად დამანგრეველი ყოფილიყო იტალიური ცივილიზაციისთვის.

    აღორძინების ხანა დიდი ფილოსოფიური მიღწევებით არ გამოირჩევა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ზოგიერთი რამ, რაც არსებით წინაპირობას წარმოადგენდა მეჩვიდმეტე საუკუნის სიდიადისთვის. უპირველეს ყოვლისა, მან გაანადგურა ხისტი სქოლასტიკური სისტემა, რომელიც ინტელექტუალურ დამაწყნარებელ პერანგად ქცეულიყო. ამ პერიოდში აღორძინდა პლატონის ფილოსოფიის სწავლება და ამით აუცილებელი გახდა, სულ ცოტა, იმ ხარიხის დამოუკიდებელი აზროვნება, რომელიც პლატონსა და არისტოტელეს შორის არჩევანის გასაკეთებლად მოითხოვებოდა. რაც ორივეს შეეხება, აღორძინებამ ხელი შეუწყო უშუალო შემეცნებას პირველწყაროდან, რომელიც თავისუფალი იყო ნეოპლატონიკოსი ან არაბი კომენტატორების შელამაზებული განმარტებისგან. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ახალისებდა ინტელექტუალური აქტივობის, როგორც აღმაფრთოვანებელი სოციალური მოგზაურობისადმი მიდგომის ჩვევას და არა როგორც განმარტოებული მედიტაციისადმი, რომლის მიზანი წინასწარგანსაზღვრული ორთოდოქსიის დაცვა იყო.

    სქოლასტიკოსთა არისტოტელეს ჩანაცვლება პლატონით ბიზანტიურ სწავლულობასთან კავშირით დაჩქარდა. ჯერ კიდევ ფერარას კრებაზე (1438), რომელმაც ნომინალურად გააერთიანა აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიები, მიმდინარეობდა კამათი, რომელშიც ბიზანტიელები არისტოტელესთან შედარებით პლატონის უპირატესობას ამტკიცებდნენ. გემისტუს პლეთო, საეჭვო ორთოდოქსულობის მქონე მგზნებარე ბერძენი პლატონიკოსი, მნიშვნელოვანი ფიგურაა იტალიაში პლატონიზმის განვითარებასთან მიმართებით. ასეთივე დამსახურება მიუძღვის ბესარიონს, ბერძენს, რომელიც შემდეგში კარდინალი გახდა. კოზიმო და ლორენცო მედიჩები პლატონის ერთგულები იყვნენ. კოზიმომ დააფუძნა, ხოლო ლორენცოს დროს გაგრძელდა ფლორენციის აკადემიის საქმიანობა, რომელიც უმეტესწილად პლატონის ფილოსოფიის შესწავლას ეძღვნებოდა. გარდაცვალების მომენტში კოზიმო პლატონის ერთ-ერთ დიალოგს ისმენდა. მიუხედავად ამისა, იმ დროის ჰუმანისტები მეტისმეტად იყვნენ დაკავებულნი ანტიკურობის შესწავლით, რათა რაიმე ორიგინალური შეექმნათ ფილოსოფიაში.

    აღორძინება არ იყო სახალხო მოძრაობა, ეს იყო მოძრაობა მცირე რაოდენობის სწავლულებისა და ფერმწერების, რომლებსაც გულუხვი პატრონები მფარველობდნენ, განსაკუთრებით, მედიჩის ოჯახი და ჰუმანისტი პაპები. რომ არა ხსენებული პატრონები, აღორძინება გაცილებით უფრო ნაკლებად წარმატებული იქნებოდა. პეტრარკა და ბოკაჩო მეთოთხმეტე საუკუნეში მენტალურად აღორძინების ხანას ეკუთვნიან, მაგრამ იმ დროის განსხვავებული პოლიტიკური მდგომარეობის წყალობით მათი უშუალო გავლენა ნაკლები ძალის იყო, ვიდრე მეთხუთმეტე საუკუნის ჰუმანისტებისა.

    რთულია ეკლესიისადმი აღორძინების სქოლასტიკოსთა მიდგომის მარტივად დახასიათება. ზოგი მათგანი აშკარა თავისუფლად მოაზროვნე იყო, თუმცა, ჩვეულებრივ, ისინიც კი ყაბულდებოდნენ მირონცხებას, უზავდებოდნენ რა ეკლესიას, როდესაც სიკვდილის მოახლოვებას გრძნობდნენ. მათ უდიდეს ნაწილზე შთაბეჭდილებას ახდენდა თანამედროვე პაპების ბიწიერება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ სამსახურში ყოფნას სიხარულით იღებდნენ. ისტორიკოსი გვიჩარდინი 1529 წელს წერდა:

    „არავინ განიცდის ისეთ სიძულვილს, როგორსაც მე განვიცდი მღვდელმსახურთა პატივმოყვარეობის, სიყალბისა და თავაშვებულობის მიმართ. არამხოლოდ იმ მიზეზით, რომ თითოეული ეს მანკიერება თავისთავად არის საძულველი, არამედ იმიტომ, რომ თითოეული და ყველა მათგანი ყველაზე მეტად არის შეუფერებელი მათთვის, ვინც აცხადებს, რომ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში იმყოფება ღმერთთან, და ასევე იმ მიზეზით, რომ თითოეული ეს მანკიერება იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ თანაარსებობა მხოლოდ თავისებურ სუბიექტებში ძალუძს. მიუხედავად ამისა, ჩემი მდგომარეობა რამდენიმე პაპის კარზე მაიძულებდა, მათი დიდება მესურვებინა ჩემი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო, მარტინ ლუთერს საკუთარი თავის მსგავსად შევიყვარებდი, არა იმისათვის, რომ გამეთავისუფლებინა საკუთარი თავი კანონებისგან, რომლებსაც ქრისტიანობა, როგორც ის ზოგადად ესმით და განმარტავენ, გვახვევს თავს, არამედ იმისთვის, რომ სალახანების ეს ბრბო სათანადო ადგილზე დაბრუნდეს ისე, რომ იძულებული იყოს, ან მანკიერებაზე თქვას უარი, ან – ძალაუფლებაზე"[1].

    ეს აღმაფრთოვანებლად გულწრფელი სტრიქონებია და ცხადად გვიჩენებს, თუ რატომ ვერ შეძლეს ჰუმანისტებმა რეფორმაციის დაწყება. მეტიც, მრავალი მათგანი საერთოდ ვერ ჭვრეტდა კომპრომისის შესაძლებლობას ორთოდოქსიასა და თავისუფალ აზროვნებას შორის. ის პოზიცია, რომელიც ლუთერს ეკავა, მათთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან მათ უკვე აღარ გააჩნდათ შუასაუკუნეობრივი განცდა თეოლოგიის სინატიფისადმი. მაზუჩო, აღწერს რა ბერ-მონაზონთა და ღატაკ ძმათა ბიწიერებას, ამბობს: „საუკეთესო სასჯელი იქნებოდა მათთვის, თუ ღმერთი განსაწმედელს გააუქმებდა. ამგვარად ისინი აღარ მიიღებდნენ შესაწირავს და იძულებული იქნებოდნენ, თავის თოხებს დაბრუნებოდნენ"[2].

    რომის სიმდიდრე მხოლოდ მცირე ხარისხით იყო დამოკიდებული იმ შემოსავალზე, რომლის მიღება პაპის სამფლობელოდან ხდებოდა. უმეტესწილად ეს იყო მთელი კათოლიკური სამყაროდან იმ თეოლოგიური სისტემის მეშვეობით მოგროვებული ხარკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ პაპები ზეცის გასაღებს ფლობდნენ. იტალიელი, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებდა ამ სისტემას, რისკავდა, იტალიის გაღატაკება და დასავლეთის სამყაროში რომის მდგომარეობის დაკნინება გამოეწვია. შესაბამისად, იტალიის ორთოდოქსია აღორძინების განმავლობაში წმინდად ინტელექტუალური იყო, რასაც არ გამოუწვევია სქიზმა ან მცდელობა რაიმე სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბებისა ეკლესიის მიღმა. ერთადერთი და, ისიც, ნაწილობრივი გამონაკლისია სავონაროლა, რომელიც მენტალურად შუა საუკუნეებს ეკუთვნოდა.

    ჰუმანისტთა უმეტესობა ისეთ ცრურწმენით შეხედულებებს ინარჩუნებდა, რომლებსაც ანტიკურობა უწევდა მხარდაჭერას. მაგია და გრძნეულობა შესაძლოა ბიწიერება ყოფილიყო, მაგრამ შეუძლებლად არ მიიჩნეოდა. 1484 წელს ინოკენტი VIII-ემ გამოსცა ბულა გრძნეულობის წინააღმდეგ, რასაც კუდიანების საზარელი დევნა მოყვა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ასტროლოგიას ძირითადად თავისუფლად მოაზროვნენი აფასებდნენ. იგი ისეთი გახდა, როგორიც ანტიკურობის შემდეგ არ ყოფილა. ეკლესიისგან გათავისუფლების პირველი შედეგი იყო არა რაციონალურად აზროვნების უნარი, არამედ ადამიანთა მზაობა, ნებისმერი ანტიკური აბსურდი მიეღოთ.

    გათავისუფლების პირველი შედეგი მორალურადაც ასეთივე კატასტროფული იყო. ძველ მორალურ წესებს პატივს აღარ სცემდნენ. სახელმწიფო მმართველთა უმეტესობას მდგომარეობა ღალატის მეშვეობით ჰქონდა მოპოვებული, ხოლო მას ინარჩუნებდა ულმობელი სისასტიკის ხარჯზე. როდესაც კარდინალებს პაპის კორონაციის აღსანიშნავ ნადიმზე იწვევდნენ, ისინი საკუთარი ღვინითა და მერიქიფით მოდიოდნენ, რადგან მოწამვლის ეშინოდათ[3]. სავონაროლას გარდა რთულად, რომ რომელიმე იტალიელს იმ პერიოდში რაიმე გაერისკოს საზოგადოებრივი სიკეთისთვის. პაპების გარყვნილებიდან მომდინარე ბოროტება ცხადი იყო, მაგრამ ამის წინააღმდეგ არანაირ ღონისძიებას მიმართავდნენ. აშკარა იყო იტალიის გაერთიანების სურვილი, მაგრამ მმართველები გაერთიანებას ვერ ახერხებდნენ. უცხოელთა გაბატონების საფრთხე გარდაუვალი იყო, თუმცა ყოველ იტალიელ მმართველს შეეძლო, სხვა ნებისმიერ იტალიელ მმართველთან ნებისმიერ უთანხმოებაში დახმარებისთვის უცხო ქვეყნისთვის მიემართა, თუნდაც ეს თურქეთი ყოფილიყო. ჩემთვის რთულია სხვა დანაშაულის წარმოდგენა, გარდა ძველი მანუსკრიპტების განადგურებისა, რაც ხშირად აღორძინების ხანის ადამიანების ბრალეულობით არ მომხდარიყოს.

    აღორძინებას მორალის სფეროს მიღმა დიდი დამსახურება მიუძღვის. მისი სახელი ბრწყინავს არქიტექტურაში, ფერწერასა და პოეზიაში. აღორძინებამ წარმოშვა ისეთი დიადი ფიგურები, როგორებიც ლეონარდო, მიქელანჯელო და მაკიაველია. მან გაათავისუფლა განათლებული ადამიანები შუა საუკუნეების კულტურის ვიწრო ჩარჩოებისგან და, თუმცა, კვლავ ანტიკურობას სცემდა მონურ თაყვანს, სწავლულებს გააცნობიერებინა, რომ აღიარებულ ავტორიტეტებს თითქის ყველა საგანზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. აღადგინა რა ბერძნული სამყაროს ცოდნა, მან შექმნა მენტალური ატმოსფერო, რომელშიც კვლავ იყო შესაძლებელი ელინისტურ მიღწევებთან პაექრობა და რომელშიც ინდივიდუალური გენია ისეთი თავისუფლებით შეიძლებოდა გაფურჩქნულიყო, როგორიც ალექსანდრეს შემდეგ აღარ მომხდარა. აღორძინების პოლიტიკური მდგომარეობა ხელს უწყობდა ინდივიდუალურ განვითარებას, მაგრამ არასტაბილურობით გამოირჩეოდა. არასტაბილურობა და ინდივიდუალიზმი მჭიდრო კავშირში იყო, როგორც ეს საბერძნეთში ხდებოდა. სტაბილური სოციალური სისტემა აუცილებელია, მაგრამ დღემდე შემუშავებული ყოველი სტაბილური სისტემა აბრკოლებდა განსაკუთრებული მხატვრული თუ ინტელექტუალური უნარების განვითარებას. რა მოცულობის დანაშაულებისა და ანარქიის ასატანად ვართ მზად ისეთი დიადი მიღწევებისთვის, რომლებიც აღორძინების მიღწევათა მსგავსია? წარსულში დიდის, ჩვენს დროში – გაცილებით ნაკლების. ამ პრობლემის გადაწყვეტა ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, თუმცა სოციალური ორგანიზაციის ზრდა მას სულ უფრო მნიშვნელოვნად აქცევს.

    თავი III. მაკიაველი

    თუმცა კი აღორძინებას ერთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსი ფილოსოფოსიც კი არ მოუცია, მან წარმოშვა გამორჩეული ადამიანი პოლიტიკური ფილოსოფიის სფეროში და ეს არის ნიკოლო მაკიაველი. თითქოს ადათად არის ქცეული, რომ მან თავზარი უნდა დასცეს მკითხველს და ხანდახან ის მართლაც თავზარდამცემია. მაგრამ ასეთი იქნებოდა სხვა მრავალი ადამიანიც, მის მსგავსად რომ ეთქვა უარი სიცრუეზე. მისი პოლიტიკური ფილოსოფია არის მეცნიერული და ემპირიული, ეფუძნება მის პირად გამოცდილებას და მიმართულია საშუალებების მოძებისკენ დასახული მიზნების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, ეს მიზნები რიგიანია თუ ურიგო. როდესაც დროდადრო ის სასურველ მიზნებს ახსენებს, ისინი ისეთია, რომლებსაც ჩვენ ვიწონებთ. დიდი ნაწილი ტრადიციული ავსიტყვაობისა, რომელიც მის სახელს უკავშირდება, იმ ფარისეველთა აღშფოთებას უნდა უმადლოდეს, რომლებსაც სძულთ ჩადენილი ბოროტების გულწრფელი აღიარება. რასაკვირველია, ნაწარმოებში მრავალი რამ არის ისეთი, რაც კრიტიკას მოითხოვს, მაგრამ ამ მიმართებით ის თავისი ეპოქის გამოხატულებას წარმოადგენს. ასეთი ინტელექტუალური გულწრფელობა პოლიტიკური არაკეთილსინდისიერების შესახებ რთულად თუ იქნებოდა შესაძლებელი რომელიმე სხვა ქვეყანასა ან დროში, სავარაუდოდ, გარდა საბერძნეთისა, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავიანთ თეორიულ ცოდნას სოფისტებს უმადლოდნენ, ხოლო პრაქტიკულ გაკვეთილებს – წვრილ სახელმწიფოთა ომებს, რომლებიც კლასიკური პერიოდის საბერძნეთში ისევე, როგორც აღორძინების პერიოდის იტალიაში, ინდივიდუალური  გენიის პოლიტიკურ აკომპანემენტს ქმნიდა.

    მაკიაველი (1467-1527) ფლორენციიდან იყო. მისი მამა, ადვოკატი, არც მდიდრებს ეკუთვნოდა და არც ღარიბებს. ოცი წლის ასაკს რომ  გადაცდა, ფლორენციაში სავონაროლა დომინირებდა, რომლის უიღბლო დასასრულმა, ცხადია, მაკიაველიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამდენადაც იგი შენიშნავს, რომ „ყველა შეიარაღებული წინასწარმეტყველი იმარჯვებდა, უიარაღონი კი იღუპებოდნენ"[4], სავონაროლას კი უკანასკნელ კლასს აკუთვნებს. მეორე მხრივ, ის ახსენებს მოსეს, კიროსს, თეზევსსა და რომულუსს. აღორძინებისთვის დამახასიათებელია, არ ახსენოს ქრისტე.

    სავონაროლას სიკვდილით დასჯის შემდეგ მაკიაველიმ მყისვე მიიღო მეორეხარისხოვანი თანამდებობა ფლორენციის მთავრობაში (1498). ის სამსახურში რჩებოდა და დროდადრო მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებსაც ასრულებდა 1512 წელს მედიჩების ხელისუფლების რესტავრაციამდე. შემდეგ, ვინაიდან ყოველთვის მათ წინააღმდეგ გამოდიოდა, ის დააპატიმრეს, მაგრამ გაამართლეს და უფლება მისცეს, ეცხოვრა სოფელში ფლორენციის მახლობლად. ვინაიდან სხვა საქმიანობა არ ჰქონდა, ის მწერლობას შეუდგა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „მთავარი, რომელიც მან 1513 წელს შექმნა და ლორენცო მედიჩის მიუძღვნა იმ იმედით (როგორც აღმოჩნდა, ამაოდ), რომ ამ უკანასკნელის კეთილგანწყობას მოიპოვებდა. თხზულების ტონი შესაძლოა ნაწილობრივ ამ პრაქტიკულ მიზანს ემსახურებოდეს. მისი უფრო ვრცელი ნაშრომი, „მსჯელობანი, რომელსაც იგი იმავე დროს ქმნიდა, შესამჩნევად უფრო რესპუბლიკური ხასიათის არის, ვიდრე ლიბერალურის. „მთავარის დასაწყისში ის ამბობს, რომ ამ წიგნში არ ისაუბრებს რესპუბლიკის შესახებ, რადგან ეს უკვე სხვაგან გააკეთა. მას, ვინც არ იცნობს თხზულებას „მსჯელობანი, სავარაუდოდ, მისი დოქტრინის შესახებ ერთობ ცალმხრივი შთაბეჭდილება შეექმნება.

    ვერ შეძლო რა მედიჩებთან მორიგება, მაკიაველი იძულებული გახდა, მწერლობა განეგრძო. ის განმარტოებით ცხოვრობდა სიკვდილის წლამდე, როდესაც რომი კარლ V-ის ჯარებმა გაძარცვეს. ეს წელი ასევე შესაძლოა აღორძინების დასასრულის თარიღად მივიჩნიოთ.

    „მთავარი" ეძღვნება იმ ვითარებათა განმარტებას, რომლებიც სამთავროების დაპყრობას, შენარჩუნებასა და დაკარგვას განაპირობებს, რისთვისაც წარსულისა და აწმყოს მოვლენები განიხილება. მეთხუთმეტე საუკუნის იტალია მრავალ ასეთ მაგალითს სთავაზობდა, როგორც დიდს, ისე მცირეს. მმართველთა მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო ლეგიტიმური. მრავალ შემთხვევაში, თვით პაპებიც კი, არჩევნებში გამარჯვებას უპატიოსნო საშუალებებით უზრუნველყოფდნენ. წარმატების მიღწევის წესები ისეთივე არ იყო, როგორადაც მას შემდეგ იქცა, რაც ვითარება უფრო სტაბილური გახდა, რადგან არავის სცემდა თავზარს სისასტიკე და ღალატი, რომელიც მეთვრამეტე ან მეცხრამეტე საუკუნეში ადამიანს თამაშგარეთ დატოვებდა. და, კვლავ, შესაძლოა ჩვენმა დრომ უკეთ შეაფასოს მაკიაველი, რამდენადაც ჩვენი ეპოქის ყველაზე ღირსშესანიშნავი წარმატებები ისეთივე მდაბალი მეთოდებით არის მიღწეული, როგორსაც აღორძინების პერიოდის იტალიაში იყენებდნენ. როგორც სახელმწიფოს მართვის ხელოვნების ნატიფი მცოდნე, ის, სავარაუდოდ, მიესალმებოდა ჰიტლერის მიერ რაიხსტაგის დაწვას, მის მიერ პარტიის წმენდას 1934 წელს და მუხანათობას მიუნხენის შემდეგ.

    ჩეზარე ბორჯა, ალექსანდრე VI-ეს ვაჟი, დიდ ქებას იმსახურებს. ის რთული პრობლემის წინაშე იდგა: პირველ რიგში, ძმის სიკვდილის შემდეგ მამამისის დინასტიური ამბიციების ერთადერთი ბენეფიციარი უნდა გამხდარიყო; მეორე, პაპის სახელით და იარაღის ძალით დაეპყრო ტერიტორიები, რომლებიც ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი და არა პაპის სახელმწიფოს საკუთრება უნდა გამხდარიყო; მესამე, ისეთი ზეწოლა მოეხდინა კარდინალთა კოლეგიაზე, რომ შემდგომი პაპი მისი მეგობარი ყოფილიყო. ამ რთული მიზნის განხორციელებას ის დიდი ოსტატობით შეუდგა. მაკიაველი ამბობს, რომ მისი ქმედებები სახელმძღვანელოდ უნდა იქცეს ახალი მთავრისთვის. ჩეზარემ წარუმატებლობა განიცადა, მაგრამ ეს აიხსნება „ბედისწერის არნახული და უჩვეულო სიმუხთლით. ისე მოხდა, რომ, როდესაც მამამისი გარდაიცვალა, ის თვითონაც მძიმედ იყო ავად. როდესაც გამოჯანმრთელდა, მისმა მტრებმა საკუთარ ძალებს მოუყარეს თავი, ხოლო მისი ყველაზე სასტიკი მტერი პაპად არიჩიეს. არჩევნების დღეს ჩეზარემ უთხრა მაკიაველის, რომ მან ყველაფერი გაითვალისწინა, მაგრამ „მამის სიკვდილის ჟამს რომ თვითონაც უკვე ცალი ფეხი სამარეში ედგა, ეს აზრადაც არასოდეს მოსვლია თავში[5].

    მაკიაველი, რომლისთვისაც კარგად იყო ცნობილი მისი ბოროტებანი, ასე რეზიუმირებს: „ამრიგად, დუკას ყველა მოქმედებას ერთობლივად რომ განვიხილავ, მე ვერაფერს ვაყვედრი მას. პირიქით, ჩემის აზრით, ის შეიძლება ნიმუშად დავუსახოთ (და აკი დავუსახე კიდეც) ყველას, ვინც სხვისი სვებედნიერებისა და იარაღის წყალობით მიაღწია ძალაუფლებას"[6].

    საინტერესოა თავი „საეკლესიო სამთავროთათვის, რომელიც, იმის გათვალისწინებით, რაც ნათქვამია თხზულებაში „მსჯელობანი, აშკარად ნიღბავს მაკიაველის შეხედულებებს. ასეთი შენიღბვის მიზეზი უდავოდ ის იყო, რომ „მთავარი მედიჩების საამებლად გახლდათ განკუთვნილი, ხოლო იმ დროს, როდესაც წიგნი დაიწერა, მედიჩის ოჯახის წარმომადგენელი გახდა პაპი (ლეონ X). საეკლესიო სამთავროებთან მიმართებით მაკიაველი ამბობს, რომ ერთადერთი სირთულე მათი შეძენაა, რადგან შეძენის შემდეგ მათ იცავს ანტიკური რელიგიური ადათი, რომელიც ძალაუფლებას უნარჩუნებს მთავარს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა ის. მთავარს არ სჭირდება ჯარი (ასე ამბობ ის), რადგან „აქ თავს იჩენს უზენაეს მიზეზთა ზემოქმედება, რომელთა არსში წვდომაც ადამიანის ბუნების შესაძლებლობას აღემატება[7]. შემდეგ: „მხოლოდ თავხედი და თავდაჯერებული კაცი თუ გაბედავს იმაზე მსჯელობას, რაც უფლის მიერაა დაცული და განდიდებული"[8]. მიუხედავად ამისა, განაგრძობს მაკიაველი, შეიძლება კითხვის დასმა, თუ როგორ შეძლო ალექსანდრე VI-ემ, ესოდენ გაეზარდა პაპის საერო ძალაუფლება.

    თხზულება „მსჯელობანი პაპის ძალაუფლების უფრო ვრცელ და გულწრფელ განხილვას გვათავაზობს. აქ მაკიაველი იმით იწყებს, რომ ცნობილ ადამიანებს ეთიკურ იერარქიულ კიბეზე ათავსებს. მისი თქმით, საუკეთესონი არიან რელიგიათა ფუძემდებლები; შემდეგ მოდიან მონარქიებისა და რესპუბლიკების ფუძემდებლები; შემდეგ – სწავლულები. ესენი არიან ქველი ადამიანები, მაგრამ ასევე არსებობენ რელიგიათა გამანადგურებლები, რესპუბლიკებისა და მონარქიების დამამხობლები, და სათნოებისა და ცოდნის მტრები. ტირანიათა ფუძემდებლები ბიწიერები არიან. ასეთია იულიუს კეისარი. მეორე მხრივ, ბრუტუსი კეთილია (ამ თვალსაზრისსა და დანტეს შეხედულებას შორის სხვაობა გვიჩვენებს კლასიკური ლიტერატურის გავლენას მაკიაველიზე). ის მიიჩნევს, რომ რელიგიას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს სახელმწიფოში, მაგრამ არა მისი ჭეშმარიტების მიზეზით, არამედ იმიტომ, რომ ის სოციალური შემაკავშირებლის ფუნქციის მატარებელია: რომაელები მართლები იყვნენ, როდესაც ავგურების სჯეროდათ და სჯიდნენ ყველას, ვინც მათ უგულებელყოფდა. თავისი დროის ეკლესიას მაკიაველი ორ პრეტენზიას უყენებს: პირველი, რომ თავისი ბოროტი ქცევით მან ძირი გამოუთხარა რელიგიურ რწმენას და, მეორე, რომ პაპების საერო ძალაუფლება იმ პოლიტიკით, რომელსაც იგი შთააგონებს, დამაბრკოლებელია იტალიის გაერთიანებისთვის. ეს კრიტიკული შენიშვნები დიდი ენერგიით არის გამოთქმული: „რაც უფრო ახლოს არიან ადამიანები რომის ეკლესიასთან, რომელიც რელიგიის სათავეში დგას, მით უფრო ნაკლებად რელიგიურები არიან ისინი... მისი დაღუპვა და სასჯელი მოახლოვებულია... ჩვენ, იტალიელები, რომის ეკლესიასა და მის მღვდელმსახურებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ არარელიგიურებად და ბიწიერებად ვიქეცით. მაგრამ ჩვენ მისი კიდევ უფრო მეტი გვმართებს, რაც ჩვენი განადგურების მიზეზი იქნება, კერძოდ კი ის, რომ ეკლესია ჩვენს ქვეყანას დანაწევრებულად ამყოფებდა და ახლაც ასე ამყოფებს[9].

    ასეთი პასაჟების გათვალისწინებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჩეზარე ბორჯა მაკიაველის აღფრთოვანებას იწვევდა მხოლოდ თავისი უნარებით და არა მიზნებით. აღფრთოვანება უნარებით ისევე, როგორც ქმედებებით, რომლებიც სიდიადისკენ მიდიოდა, ფართოდ იყო გავრცელებული აღორძინების ეპოქაში. მსგავსი განცდა, რასაკვირველია, ყოველთვის არსებობდა. ნაპოლეონის მრავალი მტერი აღფთოვანებული იყო მისით, როგორც სამხედრო სტრატეგით. მაგრამ მაკიაველის პერიოდის იტალიაში კვაზი-მხატვრული აღტაცება მოხერხებულობით უფრო ფართო მასშტაბებს აღწევდა, ვიდრე წინამორბედ ან მომდევნო საუკუნეებში. შეცდომა იქნებოდა, გვეცადა ამ აღფრთოვანების მორიგება უფრო მსხვილ პოლიტიკურ მიზნებთან, რომლებსაც მაკიაველი მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. ორი რამ – უნარების სიყვარული და იტალიის ერთიანობის სურვილი – ერთმანეთის გვერდით არსებობდა მის გონებაში და სრულებით არ ეზავებოდა ერთმანეთს. ამგვარად, ის შეიძლება ხოტბას ასხამდეს ჩეზარე ბორჯას ნიჭიერებისთვის და ბრალი დასდოს იმის გამო, რომ იტალია მისი ბრალეულობით იყო დანაწევრებული. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, მაკიაველის აზრით, სრულყოფილი პერსონაჟი იქნებოდა ისეთივე გონიერი და უპრინციპო ადამიანი, როგორიც ჩეზარე ბორჯაა, როდესაც საუბარი საშუალებებს ეხება, მაგრამ სრულიად განსხვავებულ მიზნებზე ორიენტირებული. „მთავარი სრულდება მჭევრმეტყველური მოწოდებით მედიჩებისადმი, გაათავისუფლონ იტალია „ბარბაროსებისგან (ანუ ფრანგებისა და ესპანელებისგან), რომელთა ბატონობა „ამაზრზენია". ის არ მოელის, რომ ასეთი სამუშაო უანგარო მოტივებით იქნება შთაგონებული, არამედ მისკენ ძალაუფლებისა და, კიდევ უფრო მეტად, დიდების წყურვილმა შეიძლება უბიძგოს.

    როდესაც საუბარი მმართველთა ქცევას ეხება, „მთავარი ერთობ ცალსახად უარყოფს აღიარებულ მორალს. მმართველი დაიღუპება, თუ ის ყოველთვის მოწყალე იქნება. ის მელასავით ცბიერი და ლომივით მძვინვარე უნდა იყოს. წიგნში არის თავი (XVIII), რომლის სახელწოდებაა „როგორ უნდა ესწრაფვოდნენ მთავრები იმას, რომ სანდონი იყვნენ. ჩვენ ვიგებთ, რომ ისინი სანდონი უნდა იყვნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მომგებიანია. აუცილებლობის შემთხვევაში მთავარი ვერაგიც კი უნდა იყოს.

    „მაგრამ აუცილებელია საგულდაგულოდ შენიღბო ეს ბუნება, რისთვისაც დიდი თვალთმაქცობა და გაქნილობა გმართებს. ადამიანები კი ისე მიამიტნი არიან და ყოველწამიერ აუცილებლობას ისერიგად დამონებულნი, რომ ცრუს არასოდეს შემოაკლდება ხალხი, რომელიც ადვილად გააცურებინებს თავს. ამასწინანდელი მაგალითებიდან მე მინდა მოვიხსენიო მხოლოდ ერთი: ალექსანდრე VI-ეს თავისი დღე და მოსწრება ხალხის მოტყუების მეტი არა უკეთებია რა, არც სხვა საფიქრალი ჰქონია და არც არასდროს შემოლევია ხალხი, რომელიც შეეძლო მოეტყუებინა. და არ არსებულა კაცი, უფრო მარჯვედ რომ შესძლებოდეს სხვების დარწმუნება, უფრო გულმხურვალე ფიცით რომ აღეთქვა მათთვის რაიმე და უფრო ადვილად გაეტეხა თავისი ფიცი. მაგრამ ყოველთვის ახერხებდა იმას, რომ სიმართლედ გაესაღებინა ტყუილი, ვინაიდან კარგად იცნობდა კაცთა ბუნებას. ამრიგად, მთავრისათვის სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა ზემოჩამოთვლილ თვისებას ფლობდეს, მაგრამ დიახაც აუცილებელია ისე გვიჩვენებდეს თავს, თითქოს მართლაც მათი მფლობელი იყოს"[10].

    შემდეგ ის ამბობს, რომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მთავარმა თავი მოაჩვენოს რელიგიურად.

    ტონი თხზულებისა „მსჯელობანი", რომელიც ნომინალურად ლივიუსის კომენტარს წარმოადგენს, სრულიად განსხვავებულია. აქ ვხვდებით მთელ თავებს, რომლებიც მონტესკიეს მიერ დაწერილს ჰგავს. წიგნის დიდ ნაწილს მეთვრამეტე

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1