Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

გარგანტუა და პანტაგრუელი
გარგანტუა და პანტაგრუელი
გარგანტუა და პანტაგრუელი
Ebook415 pages2 hours

გარგანტუა და პანტაგრუელი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ახდენს რა ყველას პაროდირებას, კლასიკური ავტორებიდან თანამედროვეებამდე, ფრანსუა რაბლეს მომნუსხველი და მრავალფეროვანი ისტორიები ადამიანთა უგნურებას ხალისითა და ხშირად მოურიდებელი იუმორით გვიჩვენებს. "გარგანტუასა და პანტაგრუელის" პირველი წიგნი 1534 წელს გამოქვეყნდა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 14, 2021
გარგანტუა და პანტაგრუელი

Related to გარგანტუა და პანტაგრუელი

Related ebooks

Reviews for გარგანტუა და პანტაგრუელი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    გარგანტუა და პანტაგრუელი - ფრანსუა რაბლე

    ფრანსუა რაბლე - გარგანტუა და პანტაგრუელი

    François Rabelais - La vie de Gargantua et de Pantagruel

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გურამ გოგიაშვილს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ამა წიგნისა მოღვაწებლისაგან

    თავი I. გარგანტუას მეგვარტომობის გამო და მოდგმისა სიძველისათვის

    თავი II. საკურნებელი წიკომაკო, ნაპოვარი ძველთუძველეს ნაოხართა შიგან

    თავი III. ვითარ დაშთა გარგანტუა თერთმეტი თვე დედისა წიაღში

    თავი IV. ვითარ ამოიყორა გარგამელამ შიგანურითა მუცელი, ოდეს მიდგომილ იყო გარგანტუაზედ

    თავი V. სიღოდა ანუ მთვრალთაგან უბნობა

    თავი VI. ვითარ გასაოცრად გაჩნდა გარგანტუა

    თავი VII. ვითარ დაარქვეს სახელი გარგანტუას და რარიგ იწყო მან წრუპვა ღვინისა

    თავი VIII. ვითარ შემოსეს გარგანტუა

    თავი IX. გარგანტუას შესამოსლისა ფერთა გამო

    თავი X. თეთრისა და ცისა ფერისათვის

    თავი XI. სიყმაწვილე გარგანტუასი

    თავი XII. გარგანტუას სამღერალ ცხენთათვის

    თავი XIII. ვითარ საცნაურყო გრანგუზიემ უებრო ჭკუა გარგანტუასი, ოდეს მან გამოსაწმენდი მოიგონა

    თავი XIV. ვითარ ასწავლიდა გარგანტუას მავანი ღვთისმეტყველი ლათინურსა

    თავი XV. ვითარ მიაბარეს სხვა გამზრდელთ გარგანტუა

    თავი XVI. ვითარ გაამგზავრეს პარიზსა გარგანტუა, უზარმაზარსა ფაშატზედ ამხედრებული, და იმა ფაშატისგან ბოსეთისა ბუზანკალთა გაჟლეტა

    თავი XVII. რარიგ მიაგო გარგანტუამ პარიზელთ დახვედრისათვის და რაგვარ წარიტანა მან ღვთისმშობლისა ტაძრის დიდ-დიდნი ზარნი

    თავი XVIII. ვითარ წარუგზავნეს გარგანტუას იანოტუს დე ბრაგმარდო დიდრონ ზართა გამოსართმევად

    თავი XIX. სიტყვა მაგისტრ იანოტუს დე ბრაგმარდოსი, ოდეს მან ზართა დაბრუნება სთხოვა გარგანტუას

    თავი XX. ვითარ წარიტანა ღვთისმეტყველმა თავისი სკლატი და ვით წაედავა დანარჩენ მაგისტრთ

    თავი XXI. ამბავი, თუ რასა იქმოდა გარგანტუა თვისთა სორბონელ მოძღვართაგან შედგენილი

    თავი XXII. თამაშობანი გარგანტუასი

    თავი XXIII. ამბავი, თუ რა ღონე იღონა პონოკრატმა, ოდეს გარგანტუას არც ერთ ჟამსა უქმად არ აკარგვინებდა

    თავი XXIV. ამბავი, თუ რასა იქმოდა გარგანტუა ავდრიან ამინდში

    თავი XXV. ვითარ აუტყდათ ლერნელ მეპურეთ და გარგანტუას ყმათ ვაი-უშველებელი დავიდარაბა, რასაცა დიდი ომიანობა მოჰყვა

    თავი XXVI. ვითარ განუცხადებლად დაესხნენ ლერნეელნი გარგანტუას მწყემსს, წინამძღოლობით პიკროქოლ მეფისა

    თავი XXVII. ვითარ იხსნა მტრისაგან მავანმა სეიელმა ბერმა მამული სააბატოსი

    თავი XXVIII. რარიგ დაიპყრო პიკროქოლმა იერიშით ლაროშ-კლერმო, და კიდევ ვითარ ესიკვდილებოდა გრანგუზიეს ჩხუბისა ატეხა

    თავი XXIX. რა ამცნო გრანგუზიემ წერილითა გარგანტუას

    თავი XXX. ვითარ წარუგზავნეს ულრიშ გალე პიკროქოლს

    თავი XXXI. გალესაგან თქმული სიტყვა პიკროქოლისა წინაშე

    თავი XXXII. ვითარ ბრძანა გრანგუზიემ, ჩამოსაგდებად ზავისა, ქადა-ნაზუქისა უკან მიტანა

    თავი XXXIII. ვითარ დაუდგა დია საშიშარ გზასა პიკროქოლი, ოდეს ზოგ-ზოგ ჭკუისა მსწავლებელთ ნაჩქარევი რჩევითა შეაგულიანეს იგი

    თავი XXXIV. ვითარ დაუტევა პარიზი გარგანტუამ დასაცველად მამულისა, და რარიგ გადაეყარა გიმნასტი მტერსა

    თავი XXXV. ვითარ ხელმარჯვედ მოაკვდინა გიმნასტმა მხედართმთავარი ტრიპე და სხვა კაცნი პიკროქოლისა

    თავი XXXVI. ვითარ დააქცია გარგანტუამ ქავ-ციხე ვედის ფონისა, და ვით გავიდნენ ფონსა მეომარნი მისნი

    თავი XXXVII. ვითარ ჩამოივარცხნა გარგანტუამ თმაში ჩარჩენილნი ბირთვნი ზარბაზნისა

    თავი XXXVIII. ვითარ შეაყოლა გარგანტუამ სალათას ანუ ტაბუცუნსა ექვსი მწირი

    თავი XXXIX. ვითარ მიაგო ბერსა პატივი გარგანტუამ და ვითარ ენამზეობდა ბერი ვახშამზედ

    თავი XL. რის გამო ერიდებიან ერისკაცნი ბერ-მონაზონთ, და რათა აქვთ მავანთა და მავანთ ზოგ-ზოგზედ უფრო დიდი ცხვირი

    თავი XLI. ვითარ დააძინა ბერმა გარგანტუა, და ამბავი მისი კონდაკისა და ჟამნისა

    თავი XLII. ვითარ ამხნევებდა ბერი თანამოსაუბრეთ და რარიგ ჩამოკონწიალდა ხეზედ

    თავი XLIII. ვითარ გადააწყდნენ კიპროქოლისა მზირნი გარგანტუას, და ვითარ მოაკვდინა ბერმა ჯართუფროსი ალაჯუნე, მერმე კი თავად წარტყვევნა მტერმა

    თავი XLIV. რარიგ გამოაგო თავი ბერმა ებგურ-მოდარაჯეთ, და ვითარ მოისრნენ კიპროქოლის მზირნი

    თავი XLV. ვითარ მიიყვანა თან ბერმა მწირნი, და რარიგ მშვენიერი სიტყვა უთხრა იმათ გრანგუზიემ

    თავი XLVI. ვითარ სულგრძელად მოექცა გრანგუზიე ტყვექმნილ შატაბუტასა

    თავი XLVII. ვითარ შეკრიბა გრანგუზიემ თავის ლაშქართა გუნდნი, და რარიგ მოაკვდინა შატაბუტამ დამდურა, მერმე კი თავადაც იქავ გაათავეს პიკროქოლისა ბრძანებით

    თავი XLVIII. ვითარ მიუხდა გარგანტუა პიკროქოლს ლაროშ-კლერმოში და რარიგ შემუსრა ჯარ-ჯარამათი ხსენებული პიკროქოლისა

    თავი XLIX. რა შავი დღე დაადგა გზად პიკროქოლსა, და რაგვარ მოიქცა გარგანტუა ბრძოლისა შემდგომ

    თავი L. სეფე-სიტყვა გარგანტუასი, ძლეულთა წინაშე თქმული

    თავი LI. ვითა დაჯილდოვდნენ მძლეველნი გარგანტუელნი ბრძოლისა შემდგომ

    თავი LII. ვითარ ბრძანა გარგანტუამ ბერის სახელობაზედ თელემის სავანისა აგება

    თავი LIII. რარიგად და რა სახსრით ააგეს თელემისა სავანე

    თავი LIV. წარწერა თელემისა სავანის ჭიშკარ-ელამონისა

    თავი LV. რარიგ იყო მოწყობილი თელემელთა სამყოფელ-საცხოვრებელი

    თავი LVI. ვითარ ეცვათ და ეხურათ თელეთელ ბერ-მონაზონთ

    თავი LVII. რა წესითა და რიგით ცხოვრობდნენ თელემელნი

    თავი LVIII. წინასწარმეტყველური გამოცანა

    კომენტარები

    ცხრილისდა კვალად

    ამბავი საზარელი ცხოვრებისა

    პანტაგრუელის მამის

    დიდი გარგანტუასი, ოდესმე შეთხზული

    მაგისტრ ალკოფრიბას ნაზიესაგან,

    რომელიც იყო კვინტესენციისა გამომხდელი

    წიგნი, აღვსილი პანტაგრუელიზმით

    წამკითხავთა მიმართ

    მკითხველო ჩემო, ავსა და ბოროტს

    ნუ ეძებ რასმე ამ წიგნსა შიგან,

    ყველაფერს წვლილად შეიტყობ ბოლოს,

    უკეთუ მართლად ჩახვდები იგავს.

    ხინჯსაც უპოვი, მსაჯული იყავ,

    ოღონდ უწყოდე, გულით გაცინებს

    და გაგიქარვებს ჭმუნვას აწინდელს,

    ყურთ არ დაგიღლის ფიცით და მტკიცით.

    სიცილის ძაფით იგი ავკინძე

    დანატრული ხარ რამეთუ სიცილს.

    ამა წიგნისა მოღვაწებლისაგან

    სახელმორჭმულნო მემთვრალენო და ღირსად პატივცემულნო ცუდჭირშეყრილნო (რამეთუ თქვენდა ძღვნად, და არა ვინმე სხვისად, დამიწერია წიგნი ჩემი), ნადიმად სახელდებულ პლატონისა დიალოგში ალკიბიადემ როს ქება შეასხა თვის მოძღვარს სოკრატესა, ჭეშმარიტად ყოველთა ფილოსოფოსთა ფილოსოფოსსა, თანვე სილენეს შეადარა იგი. სილენე უწინ იმისთანა კიდობანაკს ანუ გვადრუცს ერქვა, აწ მეაფთიაქეთ რომ უდგათ; ზედ სუყველას ათასნაირი საცინარი და საამოვნო რამ ეხატა: ჰაი ჰარპიაო, სატირიო, ჰაი დალაგმული ღერღეტიო, რქიანი კურდღელიო, ჰაი პალნიანი იხვიო, ფრთიანი ვაციო, ჰაი უღელდადგმული ირემიო, და სხვა ბევრსა შემაქცევარსა სურათსაც შეამჩნევდა კაცისა თვალი, სიცილისა მომგვრელსა (დასტურ ესეგვარი თვისებისა იყო სილენეც, ქველი ბახუსის მზრდელი); სამაგიეროდ ამა კიდობანაკთა შიგან დია ჩინებულ სუნელ-საკურნებელთ ინახავდნენ, სახელდობრივ კი: მექურ ბალზამსა, ამბრსა, ამომსა, მუშკსა, ციბეტსა, სპეკალთ ნაფხვენ-ნუფხვენსა და მისთანათა. ალკიბიადეს სიტყვით, ამნაირი იყო სოკრატეცა: მარტო გარეგან თუ მიაქცევდით ყურადღებასა და შეხედულებით შეაფასებდით, ერთ ჭიან ტყემლადაც არა ღირდა - ისეთი პირნასი ვინმე იყო და სასაცილოდ იქცეოდა. ცხვირი პაჭუა, ჩაჭყლეტილი ჰქონდა, ცქერა ქვეშ-ქვეშ იცოდა, გამოხედვა აბუეტს უგავდა, ზნე მდაბიური მოსდგამდა, ტანთ ჯვალო ემოსა, სული სიღარიბეში ამოსდიოდა, დიაცთ თავს ვერ აწონებდა, სახელმწიფოს საურავ-სამსახური არცრა ხელეწიფებოდა; ჩაკუჭკუჭება გულიანი უყვარდა, ღვინოსა პირზევით არ იცილებდა, მიწყივ ვიღაცას აქიაქებდა, ბასრავდა და ამა თავსაცილში თავის ღვთაებრივ სიბრძნესა მალავდა. მაგრამ აბა მიდით ახადეთ კიდობანაკსა ამასა - შიგნიშიგან უცილოდ მოიხილავთ საკვირველსა და აუწონელ საკაზმ-სანელებელსა: აზრისა სიმკვირცხლეს ზებუნებურსა, სათნოებას საოცებელსა, სიმამაცეს უდრეკსა, სიფხიზლეს სახელდაუდებელსა, ხალისს უცვალებელსა, სულისა სიმხნეს ურყევსა და ზიზღსა უჩვეულოს ყოვლისა მიმართ, რისა გამოც სიკვდილისა შვილნი ესდენ ცოდვილობენ, ფუსფუსებენ, რუდუნებენ, ზღვაოსნობენ და ლაშქრობენ.

    მაინც რა იაზრეთ, რას უკაკუნებს ეს წინასიტყვა და პირველსათქმელი ჩემი? რას უკაკუნებს და, ეხლავ ჩაგიწიგნავთ ჩემთა კეთილთა მოწაფეთ და სხვა ოხერ-მამაძაღლთ. უკეთუ ჩემგან შეთხზული რომელიმე წიგნისა ლათაიური სათური წაგიკითხავთ, მაგალითადრე: გარგანტუა, პანტაგრუელი, ფესპენტი, ღირსებანი საბძლისანი, დუმიანი ცერცვი cum comment[1] და სხვ., ძალზედ ნაადრევად ასკვნით, ვითომც ოდენ ნაზღაპრსა, სახუმარსა და ნაირ-ნაირსა საცინელ ამბავსა ვყვებოდე ამა წიგნთა შიგან; სხვარიგად თუ ვიტყვი, მხოლოდ გარეგნულ ნიშანსა რასმე (ანუ აბრასა) უყურებთ, არსსა არა სწვდებით საქმისასა და ეგრევე ჩვეულებითად იცინით და ილხენთ. გარნა კაცისა ხელით ქმნილსა ესრეთ ქარაფშუტულად ნუ შეხედავთ. აკი თავად თქვენგანა თქმულა, ხუცესი ჭილობშიც იცნობაო, ზოგ-ზოგსა კაცსა სამოსელი ბერისა შეუმოსავს, ბერობისა კი არა სცხია რაო, ანდა რამდენია, მოსასხამი ესპანური ასხია, მაგრამ ესპანური გულოვნობისა ნატამალიც არ ატყვიაო. მაშ, აბა გადაშალეთ წიგნი ჩემი და გულისხმაჰყავით წაკითხული. აი მაშინ ალბათ ჩახვდებით, აქ სულ სხვა რამ სანელებელი ყოფილა, ვინემ კიდობანაკი გვეპირებოდაო, და არცთუ ისე უსაზმნო საგანთ დაინახავთ, ვაითუ ვისმე სათაურისა წაკითხვისას რომ გეგონათ.

    და უკეთუ ბევრსა თავშესაქცევსაც იპოვნით, პირდაპირ ვიტყვი, თუნდაც სათაურისა შესაფერსა, სირინოზისა ხმა მაინც ნუ წარგიტაცებთ, უმჯობესია უფრორე ღრმად ახსნათ ყოველივე, რასაცა იბედივ მწერლისა ალალ ნათქვამად მიიჩნევთ.

    პირდაცობილი ბოთლი გაგიხსნიათ როსმე? ძაღლუმადური საქმეა! მაგრამ აბა ერთი გაიხსენეთ, რა ამო რამა მდგარა შიგან! ან არადა, ძაღლი არ გინახავთ, ტვინით გატენილ ძვალსა ჩაფრენილი? მოგეხსენებათ, პლატონი (De rep. II წიგნი[2]) ძაღლსა დედამიწისა ზურგზედ ყოვლისა უფრო ფილოსოფიურ ცხოველად იტყვის. და თუკი გინახავთ, ალბათ შეამჩნევდით კიდეც, რარიგ დაჰღრინავს, რარიგ დაჰკანკალებს, რარიგ უპყრია, რარიგ ფრთხილად ჰკიდებს პირსა, რა გემრიელადა ძგნარავს და ხრავს, რა გულდაგულა სწუწნის იმ ძვალსა. რა არი, რა ატანს ძალასა, ეგრე მოიქეციო? რის მოიმედეა? რა სწადს, რას გამოელის? რასა და სრულებით არცრასა, თვინიერ ერთი ბეწო ტვინისა. თუმცა ის ერთი ბეწო სხვა ბევრად-ბევრ რამეზედ უტკბილესია, რამეთუ, გალენის თქმისა არ იყოს (Facu. Natural[3], III წგნ. და De usu parti[4], XI წგნ.), ტვინი უებარი რამ საზრდელია ბუნებისაგან ბოძებული.

    ზემორეხსენებულ ძაღლსავითა თქვენცა ბრძნულად უნდა მოიქცეთ, რათა ალღო აართვათ, გემო გაუგოთ და ფასი დასდოთ ამა ჩინებულ, მაწიერ წიგნთა, დასატანებელსა ისრისა უმალესად უნდა დაეტანოთ და შესაბმელსა თავდათავ უნდა შეებათ. შემდგომად ბეჯითი კითხვისა და გრძელჟამიერი განსჯისა ადექით და გამოხარით ძვალი იგი, გამოსწოვეთ ტვინისა სუბსტანცია ანუ რასაცა ამა პითაგორული სიმბოლოთი ვგულისხმობ, და სრულიად დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, რომა ესეგვარი კითხვა კიდევ უფრორე ქველსა შეგქმნით და ჭკუაში ჩაგაგდებთ, რამეთუ წიგნსა ჩემსა შიგან ჰპოვებთ ერთობ უჩვეულო აზრსა და ოდენ რჩეულთათვის მისაწვდომელ, უცხო რამ სწავლასა, რომელიცა მრავალსა საიდუმლოს გაზიარებთ დაუჯერებელსა და მრავალსავე დაფარულ საქმესა შესაზარსა, რელიგიას რომ ეხება ჩვენსას, აგრევე პოლიტიკასა და სახლოსნობასა.

    თქვენ რა, მართლა ხომ არა გჯერათ, რომ ილიადასა და ოდისეას გამოთქმის ჟამსა ჰომეროსი სულ იმ ალეგორიათა ფიქრში იყო, რაიცა პლუტარქემ, ჰერაკლიდე პონტოელმა, ევსტათიმ, კორნუტუსმა მიაწერეს და რაცა მერმე ამათვე ამოარიდა პოლიციანომ? თუ მართლა აგრე გჯერათ, მაშ ერთი გზა არა გვქონია, რამეთუ ჰომეროსი, ვგონებ, ისევე იყო ამ ალეგორიათა ფიქრში, ვითარცა ოვიდიუსი წმინდა რამ ქრისტიანულ საიდუმლოს დასტრიალებდა თავის მეტამორფოზათა შინა, ერთი ცუდმადი ანაფორიანი კი, რომლისთანა თითლიბაზი ჯერეთ არ დაბადებულა, პირუკუღმა უმტკიცებდა სუყველასა, მაგრამ სხვა ისეთი აფრაკი ვინმე, როგორც იტყვიან, ფერი ფერს რომ მოვიდოდნენ, არავინ შეჰხვედრია.

    და თუკი სხვარიგადა სჯით, კაცმა რომ თქვას, ვითომ რატომ ესრეთვე არ უნდა შეხედოთ ჩემგან შეთხზულ გამორჩეულ და სამხიარულო ამბავთაც, თუმცა, როს ვთხზავდი, ამაზედ იმოდენსავე ვფიქრობდი, რაოდენიც თქვენ გიფიქრიათ, და თქვენ კი, უკეთუ ჩაღლევაზედ მიდგა საქმე, დავიჯერო, ჩემდენს ვერ ჩაღლევთ? ჯერ არს გამოტეხილად ვთქვა, რომ ამა იგავმიუწვდომელი წიგნისა შეთხზვასა სწორედ ის ხანი და ჟამი მოვანდომე, რა ხანიცა და ჟამიც ჯან-ღონისა შესანარჩუნებლად ანუ ჭამაზედ და სმაზედ დამეხარჯა. დრო-ჟამი ესე პირდაპირ მისწრებაა ეგზომ დიდ-დიდ ამბავთა და არცთუ მცირე საქმეთა დასაწერად, რაც უკვე მშვენივრად ესმოდათ ჯერ იყო და ჰომეროსსა, მისაბაძველსა ყოველთა ფილოლოგოსთათვის, და შემდგომ ენიუსსა, ლათინთა მოლექსეთა მამასა, ვითარ ამასა ჰორაციუსი გვიმოწმებს, თუმცა ვიღაც ტვინფრატუნამ ლექსი დაუწუნა, ზეთისა სუნზედ მეტად ღვინისა სუნი ასდისო.

    მავანმა ქეციანმა ეგევე წართქვა ჩემთა წიგნთა გამოც. ჯანდაბას იმის თავი, ერთხელაც იქნება, კუკუს უჭერენ კუკუზნაქში! წართქვა, თორემ სუნი ღვინისა უფრორე დამათრობელი, დამატკბობელი, გამათბობელი, გამართობელი და ამო არ არის, ვინემ სუნი ზეთისა! და უკეთუ ჩემზედ იტყვიან, ღვინოზედ იმოდენს ხარჯავს, რაოდენსაც ზეთზედ არაო, თავს მოვიწონებ და ისეგვარად ვიამაყებ, ვითარცა დემოსთენე ამაყობდა, ოდეს ასმენდნენ, ეგ ზეთზედ უფრო მეტსა ხარჯავს, ვიდრე ღვინოზედაო. რაჟამს ჩემზედ ლათაიობენ და უბნობენ, სმის ჭირია, საღვინეში შიგა ძვრებაო, სხვა რამ ქება არცრა მწადს. სწორედაც ამ ჩემის სახელოვნობის ბრალია, პანტაგრუელელნი უჩემოდ არსად სუფრას რომ არა შლიან. ერთმა მოლალე მამაძაღლმა დემოსთენეს წასძახა, შენგან თქმული სიტყვა ზინზლიანი მეზეთის არდაგსავითა ყარსო. თქვენ კი ადექით და ჩემი სიტყვა-პასუხი და ნაქმნარი სულ კარგი და კარგი აზრით გაიგეთ, პატივი ეცით ახაჭოებულსა ტვინსა ჩემსა, რამეთუ ამ ნაირ-ნაირი შესაქცევარი ამბით გართობთ, და შეძლებისამებრ ესდენ მხიარულ გუნებაზედ მამყოფეთ.

    მაშ, გაერთეთ, გენაცვალოთ ჩემი თავი, გართობა ჯანსაც უხდება და ჭაჭებსაცა, აბულბულეთ წიგნი ესე, იღიღინეთ და ილხინეთ. ოღონდ უდღეგრძელებელი არ დამტოვოთ, თქვე სალავათდასაქცევნო, თქვენა, მე კი აბა ისე რას გაგიშვებთ!

    თავი I. გარგანტუას მეგვარტომობის გამო და მოდგმისა სიძველისათვის

    ვის გარგანტუას მეგვარტომობისა და მოდგმის სიძველისა გაგება სწადს, უნდა დიდ პანტაგრუელისეულ ქორონიკონსა ანუ წლისმრიცხველობას ჩახედოს. იქ დია წვლილად არის ნაამბევი, რარიგ გაჩნდნენ ქვეყნად ბუმბერაზნი და ვითარ წარმოიშვა იმათგან გარგანტუა, მამა პანტაგრუელისა. და ნუ დამძრახავთ, უკეთუ აწ ამაზედ სიტყვას არღა გავაგრძელებ, თუმცაღა ამისთანა რამ ამბავსა რაც ხშირ-ხშირად გავიხსენებდი. მით უფრორე ეამებოდა მოწყალე გულსა თქვენსა. ნათქვამისა საბუთად პლატონის ფილებოსსა და გორგიას მოვიშველიებ, და აკი ფლაკუსიც ბრძანებს, ზოგ-ზოგსა ნაუბარსაო, ამ ჩემი ნაუბრისა არ იყოს, მალიმალ განმეორება ფრიად საამოვნოსა ხდისო.

    ღმერთმა ნეტამც ყოველსა კაცსა ესდენ დანამდვილებით აცოდინოს ძვალ-გვარი თვისი და გასაგისი ნოეს კიდობნით დღეს-აქამომდე! ბევრნი აწინდელნი იმპერატორნი, ხელმწიფენი, დუკა-ჰერცოგნი, თავადნი და მღვდელმთავარნი, ვგონებ, ვიღაც-ვიღაცა მკრეხელთა, ვაჭრუკანათა ანდა მეგოდრეთა ჩამომავალნი არიან, ხოლო სამადლო სახლთა შინა შეყრილ მრავლისუმრავლესთა გლახაკთა და უპოვართა წინაპარნი დიდ-დიდნი ხელმწიფენი და იმპერატორნი იყვნენ, -

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1