Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ტიმეოსი
ტიმეოსი
ტიმეოსი
Ebook624 pages7 hours

ტიმეოსი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

„ტიმეოსი“ პლატონის ერთ-ერთი ის დიალოგია, რომელიც ძირითადად გრძელი მონოლოგის ფორმითაა წარმოდგენილი და დაწერილია ჩვ. წ.ა. დაახლოებით 360 წელს. მასში სამყაროსა და ადამიანთა ბუნების შესახებაა ვარაუდები გამოთქმული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა შემდგომში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებისთვის.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateAug 29, 2022
ტიმეოსი

Read more from პლატონი

Related to ტიმეოსი

Related ebooks

Reviews for ტიმეოსი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ტიმეოსი - პლატონი

    პლატონი - ტიმეოსი

    Πλάτων - Τίμαιος

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ტიმეოსი

    განმარტებები

    სოკრატე, ტიმეოსი, ჰერმოკრატე, კრიტია[1].

    სოკრატე. ერთი, ორი, სამი... კი მაგრამ, ჩემო ძვირფასო ტიმეოს, სადღაა მეოთხე მათგანი[2], რომელნიც გუშინ ჩემი სტუმრები იყვნენ, დღეს კი, პირიქით, ჩემთვის უნდა გაეწყოთ სუფრა?

    ტიმეოსი. ალბათ, შეუძლოდ შეიქნა, სოკრატე; თავისი ნებით არამც და არამც არ დააკლდებოდა ამ თავყრილობას.

    სოკრატე. თუ ასეა, განა შენი და აი, ამათი ვალი არ არის, რომ მისი მაგივრობა გასწიოთ?

    ტიმეოსი. რა თქმა უნდა, თუკი რამე შეგვიძლია, თავს არ დავზოგავთ. მას შემდეგ, რაც გუშინ ასე ღირსეულად მოიხადე ჩვენს მიმართ სტუმართმოყვარეობის ვალი, ჩვენის მხრივ, უმადურობა იქნებოდა, თუკი არ ვეცდებოდით, ასევე გვემასპინძლა შენთვის.

    სოკრატე. კეთილი; მაგრამ თუ გახსოვთ, მაინც რამდენი და რანაირი საკითხები შემოგთავაზეთ განსახილველად?

    ტიმეოსი. ზოგი რამ გვახსოვს, ხოლო თუ რამე დაგვავიწყდა, აქ არა ხარ, რომ გაგვახსენო? მაგრამ უმჯობესი იქნება, თუკი არ დაგვზარდები, ყველაფერი მოკლედ გაგვიმეორო თავიდან, რათა უფრო მყარად ჩაგვებეჭდოს მეხსიერებაში.

    სოკრატე. როგორც გნებავთ: თუ არა ვცდები, ჩემი გუშინდელი მსჯელობის მთავარი საკითხი იყო სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება: როგორი უნდა იყოს იგი და რანაირი მოქალაქეები სჭირდება მის სრულყოფას.

    ტიმეოსი. ასეა, სოკრატე, შენს მიერ აღწერილი სახელმწიფო სწორედ საჩვენოა.

    სოკრატე. მაშინ აკი იმით დავიწყეთ, რომ მიწის მუშაკთა და ყველა დანარჩენთა ხელობა გავაცალკევეთ იმ წოდებისაგან, რომლის დანიშნულებაც ისაა, რომ სახელმწიფო დაიცვას ომში[3].

    ტიმეოსი. დიახ.

    სოკრატე. და რაკი თითოეულ წოდებას, საკუთარი ბუნებისამებრ, მხოლოდ მისთვის შესაფერისი საქმიანობა, მხოლოდ ერთი რამ ხელობა მივაკუთვნეთ, ჩვენ ვთქვით, რომ ისინი, ვისაც ყველას გულისათვის მოუწევს ბრძოლა, როგორც გარეშე, ისე შინაურ მტერთა მიერ ხელყოფისაგან, სახელმწიფოს მცველები უნდა იყვნენ; მათ მოწყალედ უნდა მიაგონ სამართალი თავიანთ ქვეშევრდომთ, რომელნიც ბუნებით მათივე მეგობრები არიან, მაგრამ დაუნდობელნი უნდა იყვნენ მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში[4].

    ტიმეოსი. რა თქმა უნდა.

    სოკრატე. ვგონებ, ისიც ვთქვით, რომ ამ მცველების სული ფიცხი და, იმავდროულად, ფილოსოფიურიც უნდა იყოს, რათა მათ შეეძლოთ, თუკი საჭირო შეიქნა, მოწყალედაც მოიქცნენ და დაუნდობლადაც ერთის მხრივ, მტრის, ხოლო მეორეს მხრივ, მოყვასის მიმართ[5].

    ტიმეოსი. დიახ.

    სოკრატე. აღზრდაზე რაღა ითქვა? აკი აღვნიშნეთ, რომ მათ უნდა ვწვრთნიდეთ მუსიკალურსა თუ მათემატიკურ ხელოვნებასა და მათთვის საჭირო ცოდნის ყველა სხვა დარგში[6]. ასეა, არა?

    ტიმეოსი. რა თქმა უნდა.

    სოკრატე. ისიცა ვთქვით, რომ ამნაირი აღზრდის შემდეგ ისინი თავიანთ საკუთრებად არ უნდა თვლიდნენ არც ოქრო-ვერცხლსა და არც სხვა რამ საუნჯეს. ნაცვლად ამისა, მათგან, ვისაც იცავენ, ისინი მიიღებენ საზღაურს, თავიანთი მოკრძალებული მოთხოვნილების შესაბამისად, ერთად დახარჯავენ მას, ერთად იცხოვრებენ და საერთო სუფრა ექნებათ. მათი ერთადერთი მუდმივი საზრუნავი უნდა იყოს სიქველე, ყველა სხვა საქმისაგან კი უნდა დავიხსნათ[7].

    ტიმეოსი. სწორედ ასე იყო ნათქვამი.

    სოკრატე. მერე ქალებზე ჩამოვარდა სიტყვა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათ ბუნებრივ მონაცემებს დაახლოებით ისევე უნდა ვავითარებდეთ, როგორც კაცებისას; და რომ ისინი მხარში უნდა ედგნენ მამაკაცებს ომშიაც და საყოველდღიურო საქმეებშიაც[8].

    ტიმეოსი. დიახ, სწორედ ასე გადაწყდა.

    სოკრატე. გამრავლებაზე რაღას იტყვი? თავისი უჩვეულობის გამო ეს კი კარგად უნდა დაგვხსომებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ ყოველივე ის, რაც ქორწინებასა და გამრავლებას ეხება, საერთო უნდა იყოს ყველასთვის. ჩვენ გვინდოდა იმისთვის მიგვეღწია, რომ ვერავის ვერასოდეს გაეგო, მაინც რომელი ახალშობილია საკუთრივ მისი, და, ამრიგად, ყველას თავის ნათესავებად მიეჩნია ყველანი: თანატოლნი - დებად და ძმებად, ხოლო უფროსნი და უმცროსნი, შესაბამისად - ან მშობლებად თუ მშობელთა მშობლებად, ან შვილებად თუ შვილიშვილებად[9].

    ტიმეოსი. ჰო, ეს კი მართლაც ადვილი დასახსომებელია, როგორც შენ ამბობ.

    სოკრატე. და მერე, როგორც შენ, შესაძლოა, გახსოვს, ჩვენ ვთქვით: იმისთვის, რომ რაც შეიძლება უკეთესი შთამომავლობა გვყავდეს, ყოველი ხელისუფალი, კაციც და ქალიც, მოვალეა ცბიერებას მიმართოს და ფარული წილისყრით მოაწყოს ქორწინებანი, ისე რომ უკეთესნიცა და უარესნიც თავიანთ სწორფერთ შეეუღლონ და, ამასთანავე, არავინ დარჩეს უკმაყოფილო, არამედ ყველას ეგონოს, რომ ასე ინება თვით ბედისწერამ[10].

    ტიმეოსი. მახსოვს.

    სოკრატე. შემდეგ, უკეთეს მშობელთა შვილები აღსაზრდელად უნდა მიაბარონ, უარესთა შვილები კი მალულად განაცალკევონ სახელმწიფოს სულ სხვა მხარეში. მერე კი, როცა მოიზრდებიან, ხელისუფალნი მოვალენი არიან თვალყური ადევნონ ერთთაც და მეორეთაც, რათა ღირსეულნი უწინდელ ადგილას დააბრუნონ, უღირსნი კი გაგზავნონ უკან დაბრუნებულთა ალაგს[11].

    ტიმეოსი. ასეა.

    სოკრატე. კი მაგრამ, ჩემო ძვირფასო ტიმეოს, მოვახერხეთ მოკლედ აღგვედგინა ჩვენი გუშინდელი მსჯელობა, თუ რამე გამოგვრჩა?

    ტიმეოსი. არაფერი, სწორედ ესაა, რაზედაც ვლაპარაკობდით, სოკრატე.

    სოკრატე. მაშ, მომისმინეთ, რანაირ გრძნობას იწვევს ჩემში სახელმწიფო წყობილების ეს ჩვენი აღწერილობა. ამ გრძნობას მე ვადარებ იმას, რასაც აღგვიძრავს ხოლმე ზოგიერთი დიდებული და ლამაზი მხეცის დანახვა, რომლებსაც ან სურათზე გამოსახულთ ვხედავთ, ანდა კიდევ - სინამდვილეში, მაგრამ უძრავთ და გარინდებულთ: ძალაუნებურად მოგინდება იმის დანახვაც, თუ როგორ მოძრაობენ ისინი, ან რანაირად ავლენენ ბრძოლაში იმ ძალებს, რასაც გვავარაუდებინებს მათი სხეულის მოქნილობა. ზუსტად ამნაირ გრძნობას აღმიძრავს ჩვენს მიერ წარმოსახული სახელმწიფოც[12]. ნეტავი მომასმენინა ამბავი იმისა, თუ როგორ იქცევა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში, რარიგ ღირსეულად ებმება ომში, რანაირ გმირობას იჩენენ მისი მოქალაქენი, მათი აღზრდისა და განსწავლულობის შესაფერისად, ბრძოლის ველზე იქნება ეს თუ სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებისას.

    ასე, ჩემო კრიტია და ჰერმოკრატე, ჩემთვის ცხადია, რომ ვერასოდეს ვერ შევძლებ საკადრისი ხოტბა შევასხა მოქალაქეებს და სახელმწიფოს. ამ ჩემს უმწეობაში არაფერია გასკვირველი: მე მგონია, ამისი თავი არა აქვთ თვით პოეტებსაც, არც ძველთა და არც ახალთ. არა, პოეტთა მოდგმის დამცირება როდი მწადია, მაგრამ, ხომ ყველასთვის აშკარაა, რომ მიმბაძველთა ტომი ყველაზე ადვილად და სრულყოფილად წარმოგვიჩენს იმას, რასაც სიყრმითვე ჩვეულა, ხოლო ის, რაც ჩვეულს მიღმა ძევს, მათთვის კიდევ უფრო ძნელი მისაბაძია სიტყვით, ვიდრე საქმით[13]. რაც შეეხება სოფისტთა მოდგმას[14], მე, რასაკვირველია, სხვადასხვანაირი სიტყვების თხზვასა და ბევრ სხვა დიდებულ ხელოვნებაში ზედმიწევნით გაწაფული მგონია იგი, მაგრამ რაკიღა სოფისტები გამუდმებით დაეხეტებიან ქალაქიდან ქალაქში და არსად საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ, ვეჭვობ, ხელი მიუწვდებოდეთ იმ სიტყვასა თუ საქმეზე, რასაც საომარ ვითარებაში, ბრძოლის ველზე თუ მოლაპარაკების მსვლელობაში წარმოსთქვამდნენ ან აღასრულებდნენ ფილოსოფოსები და სახელმწიფო მოღვაწენი. ასე რომ, რჩება მხოლოდ თქვენი ყაიდის ხალხი, რომელიც თავისი ბუნებითაც და განათლებითაც თანაბრად წილნაყარია ფილოსოფიასთანაც და სახელმწიფო მოღვაწეობასთანაც. აი, ჩვენს გვერდითაა ტიმეოსი: ისეთი დიდებული კანონმდებლობის მქონე ქალაქის მკვიდრი, როგორიცაა ლოკრები იტალიაში[15], არც სიმდიდრით ჩამოუვარდება თავის თანამოქალაქეებს და არც გვარიშვილობით; მას ეკავა ყველაზე მაღალი თანამდებობა და წილად ხვდა ყველაზე დიდი პატივი, რაც მშობლიურ ქალაქს შეეძლო შეეთავაზებინა მისთვის[16], მაგრამ, ჩემის აზრით, იმავდროულად შეეძლო მიეღწია ფილოსოფიის ყველაზე მაღალი მწვერვალისთვისაც. რაც შეეხება კრიტიას, ათენში ბავშვმაც კი იცის, რომ მისთვის უცხო არ არის ჩვენს წინაშე წამოჭრილი არცერთი საკითხი. დაბოლოს ჰერმოკრატე, მრავალი სარწმუნო მოწმობის ძალით, ბუნებითაც და განათლებითაც ყოველმხრივ მომზადებულია ამნაირი მსჯელობისათვის. აი, რატომაა, რომ გუშინ, როცა მთხოვეთ, შენი აზრები გაგვიზიარე სახელმწიფოს თაობაზეო, მცირეოდენი ფიქრის შემდეგ სიამოვნებით დაგეთანხმეთ, რადგან ვიცოდი, რომ თუკი ჩემი მსჯელობის გაგრძელებას მოისურვებდით, ვერავინ თქვენზე უკეთ ვერ მოახერხებდა ამას. მაინც ვის, რომელ თანამედროვეს შეუძლია თქვენსავით წარმოგვიდგინოს ღირსეული მტრის წინააღმდეგ ომში ჩაბმული და თავისი წყობილების შესაბამისად მოქმედი ჩვენი სახელმწიფო? მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოგახსენეთ, ჩემის მხრივ, თქვენ მოგმართეთ თხოვნით, რომელსაც ახლა შეგახსენებთ. ერთმანეთში რომ მოითათბირეთ, თქვენ თანხმობა განაცხადეთ, სადღეისოდ სიტყვიერი მასპინძლობა გაგეწიათ ჩემთვის. როგორც ხედავთ, მე მზადა ვარ და მოუთმენლად მოველი, როდის შემისრულებთ დანაპირებს.

    ჰერმოკრატე. რა თქმა უნდა, სოკრატე. ამ ჩვენი ტიმეოსის თქმისა არ იყოს, თავს არ დავზოგავთ, ანდა რა საბაბით უნდა გვეთქვა შენთვის უარი? აკი გუშინაც, შევედით თუ არა კრიტიასას, იმავე სასტუმროში, სადაც ის დღესაც გვმასპინძლობს, და თვით გზაშიაც ჩვენ ვმსჯელობდით მხოლოდ ამ საგანზე. კრიტიამ ჯერ კიდევ მაშინ გვიამბო ძველი თქმულება. მოდი, ახლა სოკრატესაც მოუყევი, რათა თვითონვე გადაგვაწყვეტინოს, შეეფერება თუ არა იგი ჩვენს მიზანს.

    კრიტია. მეტი რა გზაა, თუკი ტიმეოსიც, ჩვენი მესამე თანამოსაუბრეც, იზიარებს ამ აზრს.

    ტიმეოსი. რა თქმა უნდა.

    კრიტია. მაშ, მოისმინე, სოკრატე, ეს ყოვლად უცნაური, მაგრამ უეჭველად მართალი თქმულება, როგორცა თქვა ერთხელ სოლონმა[17], ყველაზე ბრძენმა შვიდ ბრძენკაცს[18] შორის. ის ჩვენი დიდი პაპის - დროპიდეს ნათესავიც იყო და უახლოესი მეგობარიც[19], რასაც თვითონვე არაერთგზის აღნიშნავს თავის ლექსებში[20]. მან უამბო პაპაჩემს კრიტიას, ბერიკაცი კი შვილიშვილებს გვიმეორებდა, რა დიადი და განსაცვიფრებელი საქმეებით გაუთქვამს ოდესღაც სახელი ჩვენს ქალაქს; საქმეებით, რომლებიც შემდეგ დავიწყებას მისცემიან ჟამთა სიავისა და კაცთა სიკვდილის გამო. ამ საქმეთაგან უდიადესია ის, რისი გახსენებაც ამჟამად გვმართებს, რათა შენც გაგიმასპინძლდეთ და ამ საღმრთო დღესასწაულზე ღირსეული და მართალი სახოტბო ჰიმნით სათანადო პატივი მივაგოთ ქალღმერთსაც[21].

    სოკრატე. კეთილი და პატიოსანი; მაგრამ ეს რა საქმეა, არა მონაჭორი, არამედ უხსოვარ დროში მართლაც ჩადენილი ჩვენი ქალაქის მიერ, რაც სოლონის გადმოცემით მოუსმენია კრიტიას?

    კრიტია. მოგახსენებ ამ ძველისძველ ამბავს, ბერიკაცისაგან ნაამბობს. იმხანად კრიტია, როგორც თვითონვე ამტკიცებდა, თითქმის ოთხმოცდაათი წლისა იყო, მე კი, ჰა და ჰა, ათისა თუ ვიქნებოდი[22]. ეს მოხდა აპატურიის დღესასწაულზე, კერძოდ, კურეოტისის დღეს[23]. ჩვენმა მამებმა ადათისამებრ, ამჯერადაც ჯილდოები შემოგვთავაზეს ყმაწვილებს ლექსის კითხვაში. წაკითხულ იქნა უამრავი პოეტის ურიცხვი ლექსი. ბევრი ყმაწვილი კითხულობდა სოლონის ლექსებსაც, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. და, აი, საძმოს ერთ-ერთმა წევრმა, არ ვიცი, გულწრფელად თუ, იქნებ, იმ მიზნითაც, რომ კრიტიასთვის ეამებინა, თქვა: სოლონი არა მარტო ყველა სხვა მხრივ ბრძენთა-ბრძენად მიმაჩნია, არამედ თავისი ლექსებითაც უკეთილშობილესი მგონია პოეტებს შორის. ბერიკაცს -დღევანდელ დღესავით მახსოვს, - ძალიან გაუხარდა და ღიმილით მიუგო: „ეჰ, ჩემო ამინანდრე, პოეზიისათვის სასხვათაშორისოდ კი არა, სხვა პოეტებივით საგულდაგულოდ რომ მიეყო ხელი[24] და ბოლომდე მიეყვანა ეგვიპტიდან მის მიერ ჩამოტანილი თქმულება[25], რომელსაც იძულებით მიანება თავი იმ არეულობისა და ათასი სხვა უბედურების გამო, რაც სამშობლოში დაბრუნებულს დახვდა[26], მაშინ, ვფიქრობ, ვერც ჰესიოდეს, ვერც ჰომეროსისა და ვერც რომელიმე სხვა პოეტის დიდება ვერ დაჩრდილავდა მისას. - „კი მაგრამ, ასეთი მაინც რა თქმულება იყო, კრიტია? - ჰკითხა მან. „ის ეხებოდა უდიადეს გმირობას, რომელიც ოდესმე გამოუჩენია ჩვენს ქალაქს, - მიუგო კრიტიამ, - და უთუოდ ყველაზე ღირსსახსოვარიც იქნებოდა, დროსა და ამ გმირობის ჩამდენთა დაღუპვას რომ არ წაეშალა იმისი ხსოვნა. - „მოდი, თავიდან მიამბე, - სთხოვა ამინანდრემ, - რა მოხდა, როგორ მოხდა, ანდა ვისგან მოისმინა სოლონმა ის, რის სიმართლეშიაც ეჭვი არ ეპარებოდა?

    „არის ეგვიპტეში, - დაიწყო კრიტიამ, - დელტის წვეროსთან, იქ, სადაც ნილოსის დინება მრავალ ნაკადად იტოტება, ერთი ნომოსი[27], საისად სახელდებული, რომლის მთავარი ქალაქიც გახლავს საისი[28], სხვათა შორის, სწორედ იქაური იყო მეფე ამასისი[29]. საისის მფარველი ღვთაებაა მავანი ქალღმერთი, რომელსაც ეგვიპტურად ნეითი[30], ელინურად კი, როგორც იქაურები ამტკიცებენ, ათენა ჰქვია. საისელები ძალზე კეთილმოსურნედ არიან განწყობილნი ათენელთა მიმართ და მათ თავიანთ ნათესავებადაც კი თვლიან. სოლონი ყვებოდა, საისს რომ ჩავედი, იქაურებმა დიდი პატივით მიმიღესო, ხოლო როდესაც გარდასულ დროთა ამბების გამოკითხვა დავუწყე ყველაზე მცოდნე ქურუმებს, დავრწმუნდი, რომ არც მე და, საერთოდ, არც ერთ ელინს, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ამ საქმის არა გაგვეგება რაო. ერთხელაც სოლონს განუზრახავს ძველ თქმულებებზე ჩამოეგდო სიტყვა და უცდია მათთვის მოეთხრო ის მითები, რომლებიც უძველესადაა მიჩნეული ამ ჩვენს ქალაქში, კერძოდ, მითი ფორონევსზე[31], რომელსაც პირველ ადამიანადა ვთვლით, ნიობესა[32] და იმაზე, თუ როგორ გადაურჩნენ წარღვნას დევკალიონი და პირა[33]; თანაც, მოუწადინებია გამოეყვანა მათ შთამომავალთა მეგვარტომეობის ნუსხა და გარდასულ თაობათა რიცხვის მიხედვით გამოეანგარიშებინა მათ შემდეგ განვლილი დრო. მაშინ ერთ მხცოვან ქურუმს წამოუძახია: „ო, სოლონ, სოლონ, თქვენ, ბერძნები, მარადიული ბავშვები ხართ, და არ არის მოხუცი ბერძენთა შორის. - „რად ბრძანებ მაგას? - უკითხავს სოლონს. - „თქვენ ყველანი ყრმები ხართ სულით, - უპასუხნია ქურუმს, - ვინაიდან არცერთი სული არ იმარხავს ოდითგანვე მომდინარე ძველისძველ გადმოცემებს და არც დროით გაჭაღარავებულ რაიმე სწავლას. ხოლო ამის მიზეზი შემდეგი გახლავს: ვინ მოსთვლის, რამდენჯერ დაღუპულა კაცთა მოდგმა და კიდევ რამდენჯერ და რამდენნაირად დაიღუპება იგი[34]. ყველაზე სასტიკად ადამიანებს მუსრს ავლებდა ცეცხლი და წყალი, შედარებით უფრო ნაკლებ - ათასი სხვა უბედურება. სწორედ აქედან იღებს დასაბამს თქვენი თქმულება ფაეტონზე, ჰელიოსის ძეზე, რომელიც ერთხელ ვითომ მამამისის ეტლში ჩამჯდარა, მაგრამ ვერ მოუხერხებია ჰელიოსის გზით წარემართა იგი, ამიტომაც გადაუბუგავს ყველაფერი დედამიწაზე და, ელვით დაფერფლილი, თვითონაც დაღუპულა[35]. ეს თქმულება მითს მოგვაგონებს, მაგრამ ის სიმართლესაც შეიცავს: მართლაცდა, ცის თაღზე დედამიწის ირგვლივ მბრუნავი სხეულები ზოგჯერ თავიანთი ჩვეული გზიდან გადაიხრებიან, ასე რომ, დროის ხანგრძლივ შუალედებს შორის დედამიწაზე ყველაფერი აბობოქრებულ ხანძარში ინთქმება და იღუპება[36]. ამ დროს მთების, ზეგნებისა თუ უწყლო ადგილების მკვიდრნი გაცილებით უფრო მეტნი იხოცებიან, ვიდრე ზღვისა თუ მდინარეთა ნაპირებზე მობინადრენი. ასე რომ, ნილოსი, ჩვენი მუდმივი მფარველი და მწყალობელი, ამ უბედურებისგანაც გვიფარავს, ნაპირებიდან გადმოვარდნილი. ხოლო როდესაც ღმერთები, დედამიწის განწმენდის მიზნით, წარღვნას მოუვლენენ მას, თავის გადარჩენის იმედი შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მწყემსებს და მეჯოგეებს, მთის კალთებზე რომ აძოვებენ ნახირს, მაშინ როდესაც ღვარცოფს ზღვაში ჩააქვს თქვენი ქალაქების მკვიდრნი. ჩვენს ქვეყანაში კი, არც ამ დროს და არც სხვა შემთხვევაში, წყალი არასოდეს ზემოდან არ ატყდება თავზე ველ-მინდვრებს, არამედ, თავისი ბუნებისამებრ, ქვემოდან მოიწევს მაღლა. აი, რატომაა, რომ ჩვენში შემონახული თქმულებები გაცილებით უფრო ძველია ყველა სხვა ხალხის თქმულებებზე, თუმცა ისიც ცხადია, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც არც მეტისმეტი სიცხე იცის და არც სიცივე, კაცთა მოდგმა ოდითგანვე არსებობს, რიცხვმრავლობით ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. რა უნდა მოხდეს დიადი, შესანიშნავი ან ღირსსახსოვარი, რომ ჩვენ არ აღვნუსხოთ და არ ჩავიწეროთ? ხოლო ამ ჩანაწერებს, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენს ტაძრებში ვიცავთ და ვინახავთ. როგორღაა საქმე თქვენში და დანარჩენ ხალხებშიც? როგორც კი მოახერხებთ დამწერლობისა თუ ყოველივე დანარჩენის გამოგონებას, რაც საჭიროა სახელმწიფოს ცხოვრებისათვის, ციდან კვლავ და კვლავ, დროის გარკვეულ შუალედებში, სახადივით მოსკდება წარღვნა და ცარიელ-ტარიელთ, უვიცთა და უმეცართ გტოვებთ. ასე რომ, იძულებულნი ხართ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, თითქოს ეს-ესაა მოევლინეთ ქვეყნიერებას, და წარმოდგენაც არა გაქვთ, თუ რა მოხდა უხსოვარ დროს თქვენს ქვეყანაში და თვით თქვენშიაც. ავიღოთ თუნდაც თქვენი მეგვარტომეობის ამბავი, ახლახან რომ გაგვანდე, სოლონ; განა რითი განსხვავდება საბავშვო ზღაპრებისაგან? ჯერ ერთი, თქვენ შემოგრჩათ მხოლოდ ერთი წარღვნის ხსოვნა, მაგრამ წარღვნა მანამდეც მრავალი იყო[37], და მერე, ისიც კი არ იცით, კაცთა რა დიდებული და კეთილშობილი მოდგმა ცხოვრობდა ოდესღაც თქვენს ქვეყანაში. შენცა და მთელი შენი აწინდელი ქალაქიც დასაბამს იღებთ იმ თესლისაგან, რაც ამ მოდგმისაგან გადარჩა, მაგრამ თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ ამაზე. ვინაიდან გადარჩენილთა არა ერთი და ორი თაობა ისე გადაეგო, რომ მუნჯივით უტყვს არავითარი წერილობითი მოწმობა არ დაუტოვებია. თუმცაღა ყველაზე საშინელი და დამანგრეველი წარღვნის წინ ის სახელმწიფო, რომელიც დღეს ათენის სახელითაა ცნობილი, საომარ საქმეშიაც პირველი იყო და კანონების სრულყოფილებითაც ბადალი არ მოეძებნებოდა, სოლონ. გადმოცემა იმნაირ დამსახურებასა და დადგენილებებს მიაწერს მას, რომელთა დიდებულებასაც ვერაფერი შეედრება, რაც კი საერთოდ გაგვიგია ამ ცისქვეშეთში".

    ეს რომ მოვისმინე, - ყვებოდა თურმე სოლონი, - გაოგნებული დავრჩი და გულმხურვალედ შევევედრე ქურუმებს, ათენის ამ ძველი მოქალაქეების ამბავი დაწვრილებით და დალაგებით მოეთხროთ ჩემთვის. ქურუმს უთქვამს: „არ დაგზარდები, ყველაფერს გიამბობ, სოლონ, შენი პატივისცემისა და თქვენი ქალაქის, უწინარეს ყოვლისა კი - იმ ქალღმერთის[38] გულისთვის, რომელსაც წილად ხვდა და რომელმაც აღზარდა და გაანათლა როგორც შენი, ისე ეს ჩვენი ქალაქიც. მაგრამ გეასა და ჰეფესტოსაგან რომ მიიღო თქვენი თესლი[39], მან ჩვენს ქალაქზე მთელი ათასწლეულით უფრო ადრე დააარსა თქვენი ათენი. ხოლო ჩვენი სამოქალაქო ცხოვრების სიძველე, წმინდა წერილის თანახმად, რვა ათასი წლით განისაზღვრება. ასე რომ ეგ შენი წინაპრები, რომელთა დიდებული კანონებისა და დიადი ღვაწლის შესახებ მოკლედ უნდა მოგითხრო ახლა, ცხრა ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, მოცლილობის ჟამს, ჩვენ ავიღებთ წმინდა წერილს და უფრო გულდასმით და თანმიმდევრულად გამოვიძიებთ ყოველს.

    შენი წინაპრების კანონები შეგიძლია აქაური კანონების მიხედვით წარმოიდგინო: ბევრ რასმე, რაც უწინ თქვენს ქალაქში არსებობდა, ამჯერად ჩვენში შეხვდები; უწინარეს ყოვლისა, ქურუმთა წოდებას, ყველა დანარჩენისაგან განკერძოებულს; შემდეგ ხელოსანთა წოდებას, რომლის ყოველი წევრი თავის საკუთარ ხელობას მისდევს და სხვის საქმეში არ ერევა; და ბოლოს, მეჯოგეების, მონადირეებისა, და მიწის მუშაკთა წოდებას; თუმცა მეომართა წოდებაც, როგორც შენ, ალბათ, შენიშნე, განკერძოებულია დანარჩენთაგან, და მის წევრებს კანონი უწესებს, არაფერზე არ იზრუნონ, გარდა ომისა[40]. ამას დაუმატე ისიც, რომ ჩვენი მეომრები ფარებითა და შუბებით არიან აღჭურვილნი; ამნაირი აღჭურვილობა, რომელიც თვით ქალღმერთმა მოუვლინა ორივე ქალაქს, ჩვენ პირველებმა დავნერგეთ მთელს აზიაში, ისევე როგორც თქვენ - ევროპაში. რაც შეეხება წვრთნას, ხომ ხედავ, რანაირ მზრუნველობას იჩენს ამ საქმის მიმართ გონებრივ ჩვენი კანონი, რომელიც გვიწესებს ვიკვლევდეთ კოსმოსს და ღვთაებრივ მეცნიერებათაგან გამოგვყავდეს ადამიანური ცოდნა, მისნობისა თუ სამედიცინო ხელოვნების ჩათვლით, რომლის დანიშნულებაცაა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისევე, როგორც ცოდნის ყველა სხვა დარგი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილთ უკავშირდება.

    მაგრამ მთელი ეს მწყობრი წესრიგი ქალღმერთმა კიდევ უფრო ადრე დააფუძნა თქვენს ქალაქში; დაწყებით კი იმით დაიწყო, რომ თქვენს საშობად და სამშობლოდ ამოარჩია ისეთი ადგილი, სადაც, კეთილად შეზავებული ჰავის წყალობით, შესაძლებელი იქნებოდა მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე გონიერ ხალხად შობილიყავით. ომისა და სიბრძნის მოყვარე ქალღმერთმა შეარჩია და საცხოვრისად დასახა სწორედ ის მხარე, რომელსაც უნდა ეშვა ხალხი, ყველაზე მეტად რომ ემგვანებოდა მას. და აი, თქვენ დამკვიდრდით იქ, დიდებულ კანონთა მფლობელნი, რომლებიც მაშინ კიდევ უფრო სრულყოფილნი იყვნენ, და ყველა ხალხზე ყოველნაირი სიქველით აღმატებულნი, როგორც შეშვენის ღმერთების ნაშიერთა და აღზრდილთ[41]. მრავალრიცხოვანნი და დიადნი არიან თქვენი ქალაქის საგმირო საქმენი: ისინი აქა გვაქვს ჩაწერილი და დღემდე ჩვენს აღტაცებას იწვევენ. მაგრამ მათ შორის ერთი ყველას აღემატება სიდიადითა და სიქველით. მართლაცდა, ჩვენი ჩანაწერები გვაუწყებენ, როგორ მოუღო ოდესღაც ბოლო თქვენმა ქალაქმა მრისხანე და თავგასულ სამხედრო ძალას, მთელი აზიისა და ევროპის დასაპყრობად რომ შემოიჭრა ატლანტიკის ზღვიდან. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ ზღვის გადალახვა, რადგან ჯერ კიდევ არსებობდა იმ სრუტის გადაღმა მდებარე კუნძული, თქვენს ენაზე „ჰერაკლეს სვეტებად[42]" რომ იწოდება. ეს კუნძული უფრო დიდი იყო, ვიდრე ლიბია[43] და აზია ერთად. მაშინდელ მოგზაურებს ადვილად შეეძლოთ ამ კუნძულიდან გადასულიყვნენ სხვა კუნძულებზე, იქიდან კი პირდაპირ მდებარე მთელ ხმელეთზე, რომელიც მოიცავდა იმ ზღვას, მართლაც რომ იმსახურებს თავის სახელს[44]. რადგან ზემოხსენებული სრუტის გადმოღმა ეს ზღვა, არსებითად, სხვა, არა არის რა, თუ არა უბე, შიგ დატანებული ვიწრო გასასვლელით, და მხოლოდ მის სრუტისმიღმურ ნაწილს თუ შეიძლება ეწოდოს ზღვა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით[45], ისევე როგორც სრუტისაქეთა უბის მომცველ მიწას სავსებით სამართლიანად შეგვიძლია ხმელეთად ვთვლიდეთ[46]. აი, სწორედ ამ კუნძულზე, რომელსაც ატლანტიდა ერქვა, წარმოიშვა სამეფოთა დიადი და საოცრად მძლავრი კავშირი, რომლის ძალაუფლებაც ვრცელდებოდა მთელ კუნძულზე, ბევრ სხვა კუნძულსა და ხმელეთის ნაწილზედაც[47], გარდა ამისა, სრუტის გადმოღმა მათ დაიპყრეს ლიბია, თვით ეგვიპტემდე, და ევროპა, ვიდრე ტირენიამდე[48]. და აი, ეს შეერთებული ძალა გადმოსროლილ იქნა, რათა ერთი დარტყმით დაემონებინა ჩვენი და თქვენი ქალაქი, ისევე როგორც სრუტის გადმოღმა მდებარე ყველა ქვეყანა. სწორედ მაშინ გამოვლინდა, სოლონ, ყველას წინაშე თქვენი ქალაქის გასაოცარი სიმამაცე და ძალმოსილება, აშკარად რომ აღემატა დანარჩენთ სულის სიმტკიცით და საომარ საქმეში გაწაფულობით. ის თავდაპირველად სათავეში ჩაუდგა ელინებს, მაგრამ მოკავშირეთა გამცემლობის გამო იძულებული შეიქნა მარტოდმარტო შეგებებოდა საშინელ განსაცდელს. მიუხედავად ამისა, მაინც სძლია მომხდურს და გამარჯვების მაუწყებელი ტროპაიონიც[49] აღმართა. ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ დაემონებინათ დამპყრობლებს, მონობისაგან დაიხსნა, ხოლო ჰერაკლეს სვეტებს გადმოღმა მცხოვრებ ყველა ხალხს უშურველად მიანიჭა თავისუფლება. მაგრამ მოგვიანებით დაიწყო არნახული მიწისძვრები და წარღვნა; ერთი საზარელი დღე-ღამის განმავლობაში მთელი თქვენი ლაშქარი მკერდგაპობილმა მიწამ შთანთქა; ზღვის უფსკრულში დაინთქა და სამუდამოდ გაუჩინარდა ატლანტიდაც. მას აქეთ ზღვა ამ ადგილას თვით დღევანდელ დღემდე მიუდგომელია ხომალდებისთვის, წყალმარჩხობისა და წარმოუდგენლად სქელი შლამის გამო, რომელიც ჩაძირულმა კუნძულმა დატოვა[50].

    ასე და ამრიგად, მოკლედ გადმოგეცით, სოკრატე, ის, რასაც გვიამბობდა მოხუცი კრიტია და რაც თვითონ მას სოლონისგან გაუგონია[51]. გუშინ შენს ქალაქსა და მის მოქალაქეებზე რომ ლაპარაკობდი, სწორედ ეს ამბავი გამახსენდა და, ჩემდა გასაოცრად, შევნიშნე, რომ შენი სიტყვები, რაღაც უცნაური შემთხვევითობით, ბევრ რამეში ემთხვევიან სოლონის სიტყვებს. მაგრამ კრინტიც არ დამიძრავს, ვინაიდან ამდენი ხნის შემდეგ კრიტიას ნაამბობი კარგად აღარ მახსოვდა. ამიტომაც გადავწყვიტე, ხმა არ ამომეღო მანამ, სანამ ყველაფერს დაწვრილებით არ გავიხსენებდი. აი, რატომაა, რომ უყოყმანოდ ვიტვირთე ის ვალდებულება, რომელიც გუშინ დამაკისრე: ვიფიქრე, თუკი ესოდენ მნიშვნელოვანი ძიებისას სიტყვას საფუძვლად დავუდებთ ჩვენი განზრახვის შესაფერის საგანს, ყველაფერი რიგიანად წარიმართება-მეთქი. გუშინ, აქედან გასვლისთანავე, როგორც უკვე მოგახსენათ ჰერმოკრატემ, მასთან საუბარში დავიწყე ამ ამბის გახსენება, შემდეგ კი, როცა დავემშვიდობე და მარტოკა დავრჩი, მთელი ღამე ამაზე ვფიქრობდი და თითქმის ყველა წვრილმანი აღვიდგინე. მართალი უთქვამთ: ის, რაც ბავშვობაში დაგვისწავლია, მეხსიერებიდან არ ამოიშლებაო. არა მგონია შევძლო ყოველივე იმის გახსენება, რაც გუშინ აქ მოვისმინე, მაგრამ, მართალი გითხრათ, გამიკვირდებოდა, თუკი, ვინ იცის რამდენი ხნის წინათ მოსმენილი ამ ამბიდან რაიმეს გახსენებას ვერ შევძლებდი. თავის დროზე მე ხომ მართლაც ბავშვური გატაცებით ვისმენდი ამ ამბავს, ბერიკაცი კი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1