Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II)
დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II)
დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II)
Ebook927 pages17 hours

დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ფაუსტის ვერიის თანამედროვე ლეგენდა, რომელშიც მეოცე საუკუნის კომპოზიტორი თავის სულს მიჰყიდის ეშმაკს არტისტული ძალისთვის, რომელიც მას ესოდენ სწყურია. რომანში ბრწყინვალედაა ერთმანეთს გადაწნული მუსიკა, ფილოსოფია, თეოლოგია და პოლიტიკა. ადრიან ლევერკიუნი ნიჭიერი კომპოზიტორია, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს სიმაღლეების მისაღწევად. შედეგად ის იღებს დიდების 24 წელიწადს - მუსიკალურ ინოვაციათა პერიოდს, რომელიც პროგრესულ და დამანგრეველ შეშლილობასთანაა გადაჯაჭვული. რომანი ასევე იკითხება, როგორც გერმანიაში მესამე რაიხის აღზევების ალეგორია.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 4, 2021
დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II)

Read more from თომას მანი

Related to დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II)

Related ebooks

Reviews for დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

2 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი II) - თომას მანი

    თომას მანი - დოქტორი ფაუსტუსი (ნაწილი მეორე)

    Thomas Mann - Doctor Faustus (Zweite Teil)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის კარლო ჯორჯანელს

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    XXVI

    XXVII

    XXVIII

    XXIX

    XXX

    XXXI 

    XXXII 

    XXXIII 

    XXXIV

    XXXIV (გაგრძელება)

    XXXIV (დასასრული) 

    XXXV

    XXXVI

    XXXVII 

    XXXVIII 

    XXXIX

    XL

    XLI 

    XLII 

    XLIII 

    XLIV

    XLV

    XLVI 

    XLVII 

    ეპილოგი

    დასასრული

    შენიშვნები

    XXVI

    ჩემთვის დიდად სანუგეშოა ის ამბავი, რომ მკითხველს არ შეუძლია მე დამაბრალოს წინა მონაკვეთის არაჩვეულებრივი სიდიდე, რაც კრეჩმარის ლექციებისადმი მიძღვნილი თავის ისედაც შემაშფოთებელ მოცულობასაც კი ბევრად აღემატება გვერდების რაოდენობით. ამ შემთხვევაში მე, როგორც ავტორი, პასუხს არ ვაგებ და შემიძლია გულდამშვიდებული ვიყო. მე ვერა და ვერ ვეტყოდი ჩემს თავს: მკითხველი დაიღლება და ამას ანგარიში უნდა გაეწიოს-მეთქი, ამიტომ ადრიანის ჩანაწერს რაიმე გამაიოლებელი რედაქცია სჭირდება, „ორთა საუბარი" (ყურადღება მიაქციეთ პროტესტის გამომხატველ წინწკლებს, რითაც ეს გამოთქმა აღვჭურვე, თუმცა მშვენივრად მესმის, რომ ამით მხოლოდ ნაწილობრივ ვამცირებ შიგ ჩაქსოვილ ძრწუნვას) - ეს საუბარი ცალკეულ, დანომრილ ნაწილებად უნდა დავაქუცმაცო-მეთქი. ჩემი მოვალეობა იყო მწუხარებით აღსავსე მოკრძალებით გადმომეცა დედანი, იგი ადრიანის სანოტე ქაღალდიდან ჩემს ხელნაწერში გადამეტანა; და მე ეს მოვიმოქმედე არა მხოლოდ სიტყვასიტყვით, არამედ, შეიძლება ითქვას, ასო-ასო, ხშირად ვწყვეტდი წერას, ვდებდი კალამს სულის მოსათქმელად და მძიმე ფიქრებით მოცული ბოლთას ვცემდი კაბინეტში, ანდა დივანზე მივეგდებოდი და თითებგადაჭდობილ ხელებს შუბლზე ავიფარებდი. ასე რომ, რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, თავი, რომელიც მარტო უნდა გადამეწერა, ჩემს დროდადრო მთრთოლარე ხელს უფრო სწრაფად არ გადაუტანია ქაღალდზე, ვიდრე რომელიმე ჩემს მიერ შეთხზული წინა თავი.

    თუ გადაწერისას მასალას თან გაიაზრებ და ჩაჰკირკიტებ, იგი (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, თუმცა მონსენიორ ჰინტერფორტნერიც მეთანხმება ამაში) ისევე შრომატევადია და იმდენივე დროს გართმევს, რამდენსაც საკუთარი აზრების გადმოცემა, და თუ მკითხველი უკვე ადრეც, ამა თუ იმ პერიოდში, ჯეროვნად ვერ საზღვრავდა დღეებისა და კვირების რაოდენობას, რაც ჩემი განსვენებული მეგობრის ცხოვრების აღწერისათვის იმ დროს უკვე მქონდა მიძღვნილი, იგი ალბათ ახლაც, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, თავისი ვარაუდით ბევრად ჩამორჩება რეალურ თარიღს. დაე გაეცინოს ჩემს პედანტობაზე, მე მაინც საჭიროდ მიმაჩნია ვამცნო, რომ მას შემდეგ, რაც ეს ჩანაწერები დავიწყე, უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა და ვიდრე ბოლო თავებსა ვწერდი, 1944 წლის აპრილიც დადგა.

    რაღა თქმა უნდა, ამ თარიღში ბიოგრაფიაზე ჩემი მუშაობის ამ ჟამინდელ მომენტს ვგულისხმობ და არა იმას, სადამდეც საკუთრივ ბიოგრაფია მოვყევი. ადრიანის თავგადასავლის თხრობაში მე 1912 წლის შემოდგომამდე მივაღწიე. წინა მსოფლიო ომის გაჩაღებამდე ოცდაორი თვე იყო დარჩენილი. ადრიანი რიუდიგერ შილდკნაპთან ერთად პალესტრინიდან მიუნჰენს დაბრუნდა და ცოტა ხნით შვაბინგის ერთ-ერთ პანსიონში (უცხოელთათვის განკუთვნილ პანსიონ „გიზელაში") დასახლდა. არ ვიცი, ეს ორმაგი წელთაღრიცხვა - პირადი და თხრობის საგანთან დაკავშირებული - ასე რატომ იპყრობს ჩემს ყურადღებას და რატომ მინდა მივუთითო ის დროც, რომელშიც მთხრობელი იმყოფება და ისიც რომელშიც მის მიერ მოთხრობილი ამბავი თამაშდება. სხვათა შორის, დროის ამ ძალზე თავისებურად გადახლართულ ორ ნაკადს კიდევ მესამეც დაუკავშირდება, სახელდობრ, დრო, რომელსაც კეთილგანწყობილი მკითხველი ერთხელაც იქნება დახარჯავს მოთხრობილის აღსაქმელად. ასე რომ, მას დროის სამ განასერთან ექნება საქმე: თავის საკუთართან, მემატიანისასთან და ისტორიულთან.

    არ მინდა ესოდენ სპეკულაციურ მსჯელობაში უფრო ღრმად შევიჭრა, მას ჩემსავე თვალში ერთგვარი მოუსვენარი მოცალეობის დაღი აზის და მხოლოდ დავსძენ, რომ სიტყვა „ისტორიული" გაცილებით პირქუშ იერსახეს იძენს, თუ იმ დროს მივუყენებთ, რომელშიც ვწერ და იმას, რომლის შესახებაც ვწერ. ბოლო დღეებში ოდესისთვის მძვინვარებდა ბრძოლა, რაც სახელგანთქმული შავიზღვისპირა ქალაქის რუსების ხელში გადასვლით დამთავრდა, ოღონდ ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო ჩაეშალა ჩვენს მიერ ძალთა გადაჯგუფების მიზნით ჩატარებული ოპერაციები. რასაკვირველია, ვერ შეძლებს ამას სევასტოპოლშიც, ჩვენს მეორე ბურჯშიც, რის ხელიდან გამოგლეჯასაც, ეტყობა, ახლა გვიპირებს აშკარად ჭარბი ძალების მყოლი მოწინააღმდეგე. ამასობაში ჩვენს საიმედოდ დაცულ ციხესიმაგრე ევროპაზე თითქმის ყოველდღიური საჰაერო თავდასხმები სულ უფრო და უფრო თავზარდამცემი ხდება. რა ბედენაა, რომ ამ სულ უფრო მეტი ფეთქებადი მასალის მიმტან და სიკვდილის მთესველ ურჩხულთაგან ბევრი მსხვერპლად ეწირება ჩვენს გმირულ საჰაერო თავდაცვას? მამაცურად გაერთიანებული კონტინენტის ცას აბნელებს ათასობით მათგანი და კვლავ და კვლავ ნანგრევებად იქცევა ჩვენი ქალაქები. ლაიპციგმა, ლევერკიუნის ჩამოყალიბებაში, მისი ცხოვრების ტრაგედიაში, ესოდენ მნიშვნელოვან როლს რომ ასრულებს, სულ ახლახან საშინელი დარტყმა იწვნია: მისი სახელგანთქმული საგამომცემლო კვარტალი, როგორც გავიგე, ნაცარტუტად არის ქცეული, ხოლო აურაცხელი ლიტერატურული და მეცნიერული განძეული - განადგურებული, ეს კი უმძიმესი დანაკლისია არა მარტო ჩვენთვის, გერმანელებისათვის, არამედ საერთოდ მთელი განათლებული მსოფლიოსათვის, რომელიც დაბრმავების გამო, თუ სამართლიანად, ვერ გამიბედია ამის გადაწყვეტა - მგონი, მზად არის ამას შეურიგდეს.

    დიახ, ვშიშობ, რომ ჩვენი დაღუპვით დამთავრდება ავბედითი პოლიტიკა, რომელმაც ერთსა და იმავე დროს ყველაზე ხალხმრავალ, თანაც რევოლუციური აღმავლობით მოცულსა და ყველაზე მძლავრი საწარმოო პოტენციალის სახელმწიფოებთან შეგვარკინა, - ასე გასინჯეთ, ამერიკულ სამრეწველო მანქანას სრული სიმძლავრით მუშაობა არც დასჭირვებია სამხედრო საჭურვლის ნიაღვრით ყველაფრის წასალეკავად. უილაჯო დემოკრატიულ ქვეყნებს ამ საშინელ საშუალებათა გამოყენების თავიც რომ ჰქონიათ, გამაოგნებელი და გამომაფხიზლებელი გაკვეთილია ჩვენთვის. დღითიდღე თავს ვაღწევთ მცდარ აზრს, თითქოს ომი გერმანელთა პრეროგატივა იყოს და ძალადობის ხელოვნებაში სხვები აუცილებლად უსუსური დილეტანტები უნდა გამოდგნენ. ამ ბოლო დროს ჩვენ (ამ მხრივ მონსენიორ ჰინტერფორტნერი და მე უკვე გამონაკლისი აღარა ვართ) სულ რაღაც გვეშლება ანგლო-საქსების სამხედრო ტექნიკის შეფასებაში და კონტინენტზე შემოჭრის საფრთხე იზრდება: მ ო ს ა ლ ო დ ნ ე ლ ი ა, რომ მილიონობით საუცხოოდ აღჭურვილი ჯარისკაცი ყოველი მხრიდან შემოუტევს ჩვენს ევროპულ ციხე-სიმაგრეს, თუ ჩვენს სატუსაღოს-მეთქი, უნდა ვთქვა, ან ჩვენს საგიჟეთს-მეთქი? და მხოლოდ იმას ძალუძს მყობადის წინაშე საყოველთაო ძრწოლა სულიერად გააწონასწოროს, რომ შთამბეჭდავად აღწერენ მტრის შესაძლო დესანტის წინააღმდეგ მიღებულ ღონისძიებებს - ეს ღონისძიებები მართლაც გრანდიოზული ჩანს. მან უნდა გვიხსნას ჩვენ და მთელი კონტინენტი ჩვენი ამჟამინდელი ბელადების დაკარგვისაგან.

    რასაკვირველია, დრო, რომელშიც ვწერ, ისტორიული თვალსაზრისით შეუდარებლად უფრო ბობოქარია, ვიდრე ის დრო, რომელსაც აღვწერ, ადრიანის დრო, რამაც იგი მხოლოდ ჩვენი დაუჯერებელი ეპოქის ზღურბლამდე მოიყვანა, და გულით მწადია ხოლმე ასე მივმართო მას, ასე მივმართო ყველას, ვინც ჩვენთან აღარ არის, და უკვე აღარ იყო ჩვენთან, როცა ეს ამბები დაიწყო: „ნეტავი თქვენ! განისვენებდეთ მშვიდად" ჩემთვის ძვირფასია, რომ ადრიანი დაზღვეულია ჩვენი დღეების ორომტრიალისაგან, ველოლიავები ამ აზრს და ოღონდ ამის შეგნების უფლება ნუ მომეშლება, მზადა ვარ იმ დროის საშინელებანი გადავიტანო, რომელშიც გრძელდება ჩემი მყოფობა. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მისთვის, მის მაგივრად ვცოცხლობ და ვცხოვრობ, თითქოს იმ ტვირთს ვეზიდები, რომელიც მის მხრებს ასცდა, - მოკლედ, თითქოს სამსახურს ვუწევ, როდესაც ცხოვრების აუცილებლობისაგან ვათავისუფლებ; და ამის შეგრძნება რა ილუზიური, რა სულელურიც კი უნდა იყოს, მესალბუნება, ჩემი გულის ჭიას ახარებს, მუდამ რომ ეწადა სამსახური გაეწია მისთვის, დახმარებოდა, დაეცვა... ვიდრე მეგობარი ცოცხალი მყავდა, ამ წყურვილის მოკვლას ხომ იშვიათად თუ ვღირსებივარ.

    * * *

    უნდა მოგახსენოთ, რომ ადრიანმა შვაბინგის პანსიონში მხოლოდ რამდენიმე დღე დაახანა და რომ მას საერთოდ არც უცდია ქალაქში მუდმივ საცხოვრებლად რაიმე შესაფერისი ადგილი მოეძებნა. შილდკნაპმა ჯერ კიდევ იტალიიდან მისწერა თავის ადრინდელ სახლის პატრონებს ამალიენშტრასეზე და ისევ ნაცნობ გარემოში დაიბევა ბინა. ადრიანი არ აპირებდა არც სენატორის მეუღლე როდესთან დაბრუნებას და არც საერთოდ მიუნჰენში დარჩენას. ეტყობა, გუნებაში დიდი ხანია უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და თანაც ისე ხელაღებით, რომ წინასწარ აღარც ჩასულა პფაიფერინგში, რათა ერთხელ კიდევ დაეთვალიერებინა იქაურობა და პატრონს გარიგებოდა, ტელეფონით დარეკვას დასჯერდა და თანაც ძალზე მოკლესა და კონკრეტულს. პანსიონ „გიზელადან" დაურეკა შვაიგეშტილებს და უთხრა დედილო ელზეს, რომელმაც თვითონ აიღო ყურმილი: ერთ-ერთი იმ ველოსიპედისტთაგანი გახლავართ, ერთხელ სახლი და კარმიდამო რომ დაგვათვალიერებინეთო. შემდეგ შეეკითხა: ხომ არ მომაქირავებთ და თუ მომაქირავებთ, რა ფასად ზედა სართულზე ერთ-ერთ საძილე ოთახს, ხოლო დღისით სამყოფლად აბატის პალატს პირველ სართულზეო? ვიდრე ფასს ეტყოდა, რომელიც შემდგომ, ჭამა-სმისა და მომსახურების ჩათვლით, ძალზე ზომიერი გამოდგა, ფრაუ შვაიგეშტილი ჯერ იმით დაინტერესდა, მაშინდელ სტუმართაგან რომელი ელაპარაკებოდა, მწერალი თუ მუსიკოსი, დაადგინა, რომ მუსიკოსი, და თან აშკარად ეტყობოდა, რომ ამასობაში ადრინდელი შთაბეჭდილების აღდგენასა და შემოწმებას ლამობდა. მერე ეჭვი გამოთქვა, რამდენად მართებული იყო ასეთი გადაწყვეტილება, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მომავალი მდგმურის თვალსაზრისით, მისი ინტერესებიდან გამომდინარემ, და იქვე დასძინა, თქვენ ალბათ უკეთ იცით, რაც გჭირდებათო. ჩვენ, შვაიგეშტილები, ყოველთვის კი არ ვაქირავებთ ბინებს შემოსავლის მიზნით, არამედ დროდადრო, ასე ვთქვათ, შემთხვევიდან შემთხვევამდე გვყვანან მდგუმრები და ისიც ჭამა-სმაზე გარიგებულნიო. ეს, ვგონებ, მაშინაც მოგახსენეთ, ხოლო თუ თქვენ ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენთ, ამის გადაწყვეტა თქვენთვის მომინდვიაო. მეტისმეტი სიწყნარე და ერთფეროვნება სუფევს ჩვენთან, თან პრიმიტიულადაც ვცხოვრობთ, თუ კომფორტს შევეხებით: სააბაზანო ოთახი არ გაგვაჩნია, არც ვატერკლოზეტი, მათ ნაცვლად სოფლური ჩიხომახოები გვაქვს სახლის გარეთო. მიკვირს, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც, როგორც მე მგონია, ჯერ ოცდაათი წლისაც არ არის, და რომელიც ხელოვნების ერთ-ერთ მშვენიერ დარგს მისდევს, სოფლად, კულტურის კერათაგან მოშორებით აპირებს დასახლებასო. ისე კი, გაკვირვება აქ შეიძლება უადგილო სიტყვაც იყოს, რადგან არც მე და არც ჩემს ქმარს გაკვირვება არ გვჩვევია, და თუ მაინცდამაინც აქ პოვეთ, რასაც ეძებთ, მაშინ ჩამობრძანდით, ადამიანების უმრავლესობამ ხომ მართლაც ყველაფრის შეცხადება იცისო. ოღონდ კარგად კი უნდა აწონ-დაწონოთ, მით უფრო, რომ მაქსისთვის, ჩემი ქმრისთვის და ჩემთვისაც ძალზე არსებითია, ამგვარი გადაწყვეტილება წამიერი განწყობის შედეგი კი არ გამოდგეს და ცოტა ხნის შემდეგ კი არ გადაიფიქროთ, არამედ თავიდანვე დიდხანს დასარჩენად ჩამოხვიდეთ. ხომ მართალია, ასე აჯობებსო? და ასე შემდეგ.

    მე დიდი ხნით მოვდივარ, - მიუგო ადრიანმა, - ხოლო მოფიქრებით, ეს ამბავი დღეს და გუშინ როდი მომიფიქრებია. ცხოვრების წესი, რომელიც თქვენთან მომელის, შინაგანად შემოწმებული, მოწონებული და მიღებული მაქვს. ფასზეც - თვეში ასოც მარკაზე - თანახმა ვარ. საძილე ოთახის შერჩევა თქვენთვის მომინდვია, ხოლო აბატის პალატი წინასწარ მახარებს და სამ დღეში ჩამოვალ კიდეცო.

    ასეც მოხდა. ქალაქში მცირე ხნით ყოფნა ერთ გადამწერთან მოსალაპარაკებლად გამოიყენა, რომელიც ურჩიეს (მგონი, კრეჩმარმა ურჩია). ეს კაცი, გვარად გრიპენკერლი, ცაპფენშტოსერ-ორკესტრის პირველი ფაგოტისტი იყო, ხოლო ამ მეორე ხელობით დამატებით ცოტაოდენ ფულს შოულობდა. მას დაუტოვა „Love's Labour's Lost"-ის პარტიტურის ნაწილი. ოპერის დამთავრება ადრიანმა პალესტრინაში ვერ შეძლო, ახლა ბოლო ორი მოქმედების დაინსტრუმენტებაზე მუშაობდა და სონატის ფორმის უვერტიურაც ჯერ სუფთად არ გადაეწერა, რადგან მისი თავდაპირველი კონცეფცია ძლიერ შეიცვალა იმ გასაოცარი და თავად ოპერისთვის სრულიად უცხო მეორეხარისხოვანი თემის შემოტანით, რომელიც რეპრიზასა და დასკვნით ალეგროში ესოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს; გარდა ამისა, კიდევ ბევრი ჯაფის გაწევა მოუხდებოდა შესრულების შეფერილობისა და ტემპის განმსაზღვრელი ნიშნების დასმაზე, რომელთაც მუსიკის თხზვისას კარგა მოზრდილ მონაკვეთებში უყურადღებოდ ტოვებდა. ისე კი, ჩემთვის ნათელი გახლდათ: შემთხვევით როდი იყო, რომ ადრიანის იტალიიდან წამოსვლა არ დაემთხვა ოპერის დასრულებას. კიდევაც შეგნებულად რომ ნდომებოდა ასეთი თანხვედრა, რაღაც ფარული განზრახვის გამო იგი არ განხორციელდა. ჩემი მეგობარი ერთობ semperidem[1]-ის კაცი იყო და გარემოებათა ცვლილებისათვის შეუვალი, რომ სასურველად მიეჩნია საცხოვრებელი გარემოს გამოცვლასთან ერთად მაინცდამაინც დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. შინაგანი პერმანენტულობისათვის სჯობია ახალ პირობებში ადრე დაწყებული სამუშაოს ნაშთი გადაიყოლიო, ხოლო რაიმე შინაგანად ახალი მხოლოდ მაშინ წამოიწყო, როცა გარეგანი სიახლე გახუნდება და ჩვეულებრივ ამბად იქცევაო, - ეტყოდა ხოლმე საკუთარ თავს.

    ბევრი ბარგის წაღება არ სჩვეოდა და ამჯერადაც მხოლოდ ყოვლად აუცილებელი ნივთები წამოიღო, მათ შორის საქაღალდე, რომელშიც პარტიტურა იყო, და რეზინის აბაზანა, ჯერ კიდევ იტალიაში რომ უწევდა აბაზანის მაგივრობას. შტარნბერგის სადგურიდან გაემგზავრა იმ სამგზავრო მატარებელთაგან ერთ-ერთით, რომლებიც მარტო ვალდსჰუტში კი არ ჩერდებოდნენ, არამედ ათი წუთის შემდეგაც, პფაიფერინგში, მანამდე კი წიგნებითა და სხვა ავლადიდებით სავსე ორი ყუთი საბარგო ვაგონით გაგზავნა. ოქტომბრის მიწურული იყო. ჯერ კიდევ მშრალი, მაგრამ უკვე ცივი და პირქუში ამინდი იდგა. ფოთლები ცვიოდა. სახლის პატრონთა ვაჟიშვილი გერეონი, აი ის, სასუქის მოსაფანტავი ახალი მანქანა რომ შეიძინა, არცთუ მაინცდამაინც თავაზიანი, უცერემონიოც კი, მაგრამ აშკარად თავის საქმეში ჩახედული ახალგაზრდა მეურნე, ელოდებოდა პატარა სადგურის წინ სტუმარს, ისევ მაგარრესორებიანი და მაღალი ოთხთვალას კოფოზე იჯდა, და ვიდრე მებარგული ხელბარგს ოთხთვალაში აწყობდა, მათრახის ბოლოთი გავაზე უცაცუნებდა ცხენებს - ერთ წყვილ კუნთოვან ქურანას. გზაში ბევრი არ ულაპარაკიათ. რომის ბორცვი, ხეების გვირგვინით შემკული, და ნაცრისფრად მოსარკული ფრჩხილა გუბურა ადრიანმა მატარებლიდანვე შენიშნა; ახლა კი უკვე ახლოდან უჭვრეტდა მათ. მალე შვაიგეშტილების სახლიც გამოჩნდა, ისევ ბაროკოს დროინდელ მონასტერს რომ მოგაგონებდათ. ეზოს ღია ოთხკუთხედში ოთხთვალამ ირგვლივ შემოუარა ეზოში ბებერ თელას, რომლის ფოთოლთა საგრძნობი ნაწილი უკვე იმ მერხზე ეფინა, მას რომ გარს ერტყა.

    ფრაუ შვაიგეშტილი თავის ქალიშვილ კლემენტინესთან, სადა გლეხურ სამოსში გამოწყობილ, თაფლისფერთვალება სოფლელ გოგონასთან ერთად სასულიეროგერბიანი ალაყაფის კარწინ იდგა. დიასახლისის მისალმება ჯაჭვით დაბმული ნაგაზის ყეფამ ჩაახშო. გაავებული ძაღლი თავის ჯამზე შედგა ფეხებით და კინაღამ გადმოაყირავა ნამჯით გადახურული საძაღლე. ვერა და ვერ დააშოშმინეს, თუმცა დედაცა და ქალიშვილიც და აგრეთვე ნაკელში ამოთხვრილფეხებიანი მეძროხე გოგოც (ვალტპურგისი), რომელიც ბარგის გადმოტანაში შველოდათ, უყვიროდნენ: - გადი, კაშპერლ, გადი! იყუჩეო! ძაღლი განაგრძობდა ანჩხლობას. ადრიანი ერთხანს ღიმილით უჭვრეტდა, მერე სულ ახლოს მივიდა მასთან: - ზუზო, ზუზოო, - ეუბნებოდა ხმის აუმაღლებლად, გაკვირვების გამომხატველ, დამაშოშმინებელ კილოზე და ერთი უყურეთ: ალბათ მისმა დაყვავებამ იმოქმედა, რადგან ცხოველი ერთბაშად, რაიმე გარდამავალი საფეხურის გარეშე, დამშვიდდა და მომთვინიერებელს ისიც კი დაანება, მისკენ ხელი გაეწოდა და ძველი ნაკბენებით დასერილ კეფაზე მოფერებოდა, თან ძალზე სერიოზულად მისჩერებოდა მომხდურს ყვითელი თვალებით.

    - ყოჩაღ, ბატონო! ვაჟკაცი ყოფილხართ! - უთხრა ფრაუ ელემ, როცა ადრიანი ისევ ალაყაფის კართან მიბრუნდა. - ყველას ეშინია ამ პირუტყვისა. ან როგორ არ უნდა შეგეშინდეს, როცა ასე გაცოფებული ატეხს ყეფას. უწინ ერთი ტანმორჩილი მასწავლებელი ამოდიოდა სოფლიდან, ბავშვებს ასწავლიდა, და ყოველ მოსვლაზე მეუბნებოდა: „ძაღლისა მეშინია, ფრაუ შვაიგეშტილ!"

    - დიახ, დიახ! - კვერი დაუკრა ადრიანმა თავის ქნევითა და სიცილით; ისინი წეკოს სუნით გაჟღენთილ სახლში შევიდნენ, კიბე აიარეს და მეორე სართულზე დიასახლისი თეთრად შეღებილი და აშმორებული დერეფნიდან სტუმარს მისთვის განკუთვნილ საძილე ოთახში შეუძღვა, სადაც ცალკარიანი ჭრელი კარადა და ფაფუკი ლოგინით დაზვინული საწოლი იდგა. დამატებით შემოეტანათ კიდევ მწვანე სავარძელი და მის წინ, ფიჭვის იატაკზე, ფარდაგიც დაეფინათ. გერეონმა და ვალტპურგისმა ხელბარგი ზედ დაალაგეს.

    უკვე აქა და გზაშიც, როცა კიბეზე ისევ უკან ჩადიოდნენ, დაიწყო მოლაპარაკება მდგმურის მომსახურებასა და დღის რეჟიმზე, რაც მერე გაგრძელდა და დამთავრდა კიდეც დაბლა, აბატის პალატში, ამ ძალზე თავისებურ მამაპაპურ სადგომში, რომლის ბატონ-პატრონადაც ადრიანი თავს უკვე დიდი ხანია სახავდა გუნებაში. დილაობით ერთი დიდი ტოლჩა ცხელი წყალი უნდა მზად ჰქონოდათ მისთვის, მაგარი ყავა საძილე ოთახში მიერთმიათ, იჯრათა თანმიმდევრობაც განსაზღვრეს. ადრიანს ცალკე გაუშლიდნენ ხოლმე სუფრას, მისთვის აუცილებელი არ იყო ოჯახთან ერთად შექცეოდა საჭმელს, მით უფრო, რომ მათი განრიგი ერთობ ადრეულ საათებზე მოდიოდა. სუფრას საგანგებოდ მას ორის ნახევარზე და რვაზე გაუშლიდნენ ხოლმე; ფრაუ შვაიგეშტილის აზრით, ყველაფერს აჯობებდა ეს დიდ ოთახში მომხდარიყო, შემოსასვლელთან, გლეხურ სასტუმრო ოთახში, რომელშიც ნიკე და ძველებური როიალი იდგა და რომელიც ისედაც მის განკარგულებაში იქნებოდა, თუკი ინებებდა. ქალმა მსუბუქი რაციონი აღუთქვა: რძე, კვერცხი, გახუხული პური; სადილად ბოსტნეულის წვნიანები; კარგი, ცვრიანი ბიფშტექსი ისპანახით, მერმე ვაშლისხილფაფიანი, იოლად მოსანელებელი ომლეტი; მოკლედ, ისეთი რამეები, ნოყიერიც რომ არიან და თანაც აზიზ კუჭს არ სწყენენ, როგორიც ალბათ ბატონსა აქვს.

    - კუჭი, ჩემო კეთილო ქალბატონო, კუჭი მეტწილად აქ არაფერ შუაშია, თავია დამნაშავე, მიზეზიანი და გადაღლილი თავი, რომელიც დიახაც დიდ ზეგავლენას ახდენს კუჭზე, თუნდაც თვითონ კუჭს არა უჭირდეს რა, როგორც ეს ზღვის ავადმყოფობის და შაკიკის შემთხვევაში ხდება...

    - აჰ, ხანდახან შაკიკი გაწუხებთ, და თანაც საგრძნობლად. ასეც მეგონა! მართლაც ეს გავიფიქრე, როცა საძილე ოთახში დარაბებს საგულდაგულოდ ამოწმებდით და იკითხეთ, ოთახის ჩაბნელება თუ მოხერხდება ხოლმეო. ვინაიდან სიბნელე, სიბნელეში წოლა, ღამე, წყვდიადი, საერთოდ რომ სინათლე თვალებს არა გჭრიდეს, ხომ ყველაფერს სჯობია, როცა ეს სატკივარი მოგეძალება, თან მაგარი ჩაიც მჟავე ლიმონით.

    ფრაუ შვაიგეშტილისათვის შაკიკი უცხო არ იყო, ესე იგი მე ის კი არ მინდა ვთქვა, რომ თავად იყო ავად, მაგრამ მის მაქსს კი ახალგაზრდობაში დროდადრო შემოუტევდა ხოლმე, ოღონდ მერე კი, ჟამთა ვითარებაში, თანდათანობით გაუარა. დიასახლისმა ყურიც არ ათხოვა სტუმრის ბოდიშებს თავისი სატკივრის გამო: - ჩემი სახით, ასე ვთქვათ, ქრონიკული ავადმყოფი შემოგეპარათ სახლშიო, - და მხოლოდ ჩაილაპარაკა: - აჰ, კარგით ერთიო.

    - რაღაც ამდაგვარი, - დასძინა ქალმა შემდეგ, - ხომ იმთავითვე უნდა მეფიქრა: როცა ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, კულტურულ გარემოს ტოვებს და პფაიფერინგში სურს განმარტოება, მას უთუოდ საამისო საბაბიც ექნება. ასე რომ, უთუოდ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომელიც გულისხმიერ დამოკიდებულებას საჭიროებს. ასე არ არის, ბატონო ლევერკიუნ? აქაურობა კი სწორედ ისეთი ადგილი გახლავთ, სადაც გულისხმიერება მოიძებნება, თუმცა კულტურა კი - ნურას უკაცრავად.

    ასე გაანდო კეთილმა დიასახლისმა თავის ახალ მდგმურს, რასაც ფიქრობდა. აბა, რას წარმოიდგენდნენ მაშინ ფრაუ ელზეცა და ადრიანიც, რომ ასე დგომასა და წინ და უკან სიარულში ისეთ რამეებზე თანხმდებოდნენ, რაც მთელი ცხრამეტი წლით ჩამოაყალიბებდა ადრიანის გარეგნულ ყოფას. სოფლის დურგალსაც მოუხმეს, რათა აბატის პალატში კარის ორივე მხარეს ზომები აეღო და თაროები დაეყენებინა ადრიანის წიგნებისათვის, მაგრამ არა უმაღლეს ხის ძველი პანელისა, ტყავის შპალერის ქვემოთ. სანთლისნამწვებიანი ჭაღის ელექტროფიკაციაზეც დაუყოვნებლივ იზრუნეს, დროთა ვითარებაში კიდევ ხან რა და ხანაც რა ცვლილებანი განიცადა იმ ოთახმა, რომელსაც ეწერა მრავალი შესანიშნავი ნაწარმოების შექმნის მოწმე გამხდარიყო, ჯერ კიდევ დღესაც რომ მეტ-ნაკლებად მიუწვდომელნი არიან საზოგადოებისათვის, რათა მისი აღიარება და აღტაცება დაიმსახურონ. დაფუტუროებული იატაკი მალე დაფარა თითქმის მთელი ოთახისოდენა ხალიჩამ, ესოდენ საჭირომ ზამთარში. კუთხეში მდგარ დივანს, რომელიც, თუ სავონაროლას სავარძელს არ ჩავთვლით, საწერი მაგიდისათვის განკუთვნილს, ერთადერთი დასაჯდომი ადგილი იყო მთელ ოთახში, უკვე რამდენიმე დღის შემდეგ დაემატა, სტილის ნიუანსების გამოუდევნებლად, რაც ადრიანის საქმე არ გახლდათ, - რუხ-ხავერდგადაკრული ძალიან ღრმა სავარძელი, მიუნჰენში ბერნჰაიმერთან შეძენილი და კითხვისა და დასვენებისათვის განკუთვნილი მშვენიერი დგამი, მოძრავ ფეხსაბრჯენთან ერთად, რბილ ტაბურეტს რომ წააგავდა. იგი უფრო იმსახურებდა „შეზლონგის" სახელწოდებას, ვიდრე ჩვეულებრივი დივანი, და თითქმის ორი ათეული წელიწადი საუცხოოდ ემსახურებოდა თავის პატრონს.

    საყიდლები (ხალიჩა და სავარძელი, მაქსიმილიანსპლაცზე რომ შეიძინა ავეჯის სახლში) ნაწილობრივ იმიტომაც ვახსენე, რომ თვალსაჩინო გამეხადა: ქალაქთან კავშირი უამრავი მატარებლის წყალობით, მათ შორის ბევრი ჩქარი მატარებლისაც, რომელთაც ერთი საათიც არ სჭირდებოდათ იქამდე, ძალზე იოლი იყო და ადრიანი პფაიფერინგში რომ დასახლდა, მართლა ისე კი არ ჩამარხულა სიმარტოვეში და „კულტურულ ცხოვრებას" მთლიანად კი არ მოწყვეტილა, როგორც ფრაუ შვაიგეშტილის ნალაპარაკევიდან შეიძლებოდა გვგონებოდა, თვით მაშინაც კი, როცა რომელიმე საღამოზე, აკადემიურ კონცერტზე ანდა ცაპფენშტოსერ-ორკესტრის პროგრამაზე, ოპერაში ანდა სადმე სტუმრად სურდა წასვლა - ესეც ხდებოდა ხოლმე - მას შეეძლო ღამის თერთმეტი საათის მატარებლით უკან დაბრუნებულიყო. ოღონდ მაშინ იმის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა, რომ შვაიგეშტილების ეკიპაჟი სადგურზე დახვდებოდა; ამგვარ შემთხვევებში შეიძლებოდა ვალდსჰუტის გადამყვან-გადამზიდ დაწესებულებასთან მოლაპარაკება. ისე კი, ფეხითაც უყვარდა წამოსვლა, ზამთრის ნათელ ღამეებში გუბურის გასწვრივ შვაიგეშტილების მთვლემარე კარ-მიდამოს გზაზე, თან იმ დროისათვის უკვე საბელიდან აშვებულ კაშპერლს ანუ ზუზოს შორიდანვე ნიშანს მისცემდა ხოლმე, რომ ყეფა არ აეტეხა. ამას ის ლითონის პატარა სასტვენით ახერხებდა, რომელსაც ხრახნიანი მარეგულირებელი ჰქონდა და უაღრესად მაღალი სიხშირის რხევათა ბგერების გამოცემაც შეეძლო, მათ ადამიანის ყური ახლო მანძილიდანაც ვერ აღიქვამს, სამაგიეროდ არაჩვეულებრივად ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ და ისიც საოცრად შორიდან ძაღლის სულ სხვაგვარად მოწყობილი ყურის მემბრანაზე. ჰოდა, კაშპერლიც მაშინვე გაისუსებოდა ხოლმე, როცა ღამეში იდუმალი, სხვათათვის გაუგებარი ჩქამები ჩაესმოდა.

    ჩემი გულცივი და გულჩათხრობილი მეგობრის ხასიათი, მისი, მე ვიტყოდი, მედიდური მორიდებულობა ბევრს ცნობისმოყვარეობას თუ აღუძრავდა, მაგრამ ამასთანავე ზოგს იზიდავდა კიდეც, და მალე პირაქეთ, მის სავანეშიც ხან ვინ ეწვეოდა ქალაქიდან და ხან ვინ. მინდა პირველად შილდკნაპი ვახსენო, რადგან პირველობა ნამდვილად მას ეკუთვნის: რასაკვირველია, ის პირველი გახლდათ, ვინც პფაიფერინგში ჩამოვიდა, რათა ენახა, როგორ მოეწყო ადრიანი იმ ადგილას, რომელიც ერთად აღმოაჩინეს, შემდეგ კი, განსაკუთრებით ზაფხულობით, ხშირად ატარებდა მასთან კვირის ბოლოს. ჩამოვიდნენ ველოსიპედებით ცინკი და შპენგლერიც, რადგან ქალაქში საყიდლებზე ჩასულმა ადრიანმა როდეს ოჯახი ინახულა რამბერგშტრასეზე და მეგობარმა მხატვრებმა ქალიშვილებისაგან შეიტყვეს მისი დაბრუნების ამბავი და ადგილსამყოფელი. ძალზე სავარაუდებელია, რომ პფაიფერინგში სტუმრობის მოთავე შპენგლერი იყო, რადგან ცინკი, როგორც მხატვარი, უფრო ნიჭიერიცა და ქმედითიც, ვიდრე მისი ამქარი, როგორც ადამიანი, ბევრად დაუხვეწავი გახლდათ, ადრიანისა არა გაეგებოდა რა და ამფსონს უთუოდ მხოლოდ ხათრით წამოჰყვა - ავსტრიულად ფარისეველი, მუდამ პირზე რომ ეკერა: - ხელზე გემთხვევითო, და ყველაფრის მიმართ ცრუ აღტაცებას იჩენდა, რასაც კი აჩვენებდნენ, არსებითად კი მტრულად იყო განწყობილი. მისმა ტაკიმასხარობამ, კომიკურმა ეფექტებმა, რომელთაც თავისი გრძელი ცხვირისა და ერთმანეთთან ახლოს ჩამჯდარი თვალებით ახდენდა და ქალებს სიცილის საღერღელს უშლიდა, ადრიანზე ამჯერადაც ვერავითარი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა საერთოდ მუდამ მგრძნობიარე იყო კომიკურის მიმართ და მადლიერი აღიქვამდა მას. კომიზმს პატივმოყვარეობა ვნებს, და თანაც ფავნივით აბეზარ ცინკს ჩვეულებად ჰქონდა საუბარში ყოველ სიტყვას ჩაკვირვებოდა, ხომ არ შეიძლებოდა მას ჩასჭიდებოდა და რაიმე ორაზროვანი სქესობრივი მნიშვნელობა მიენიჭებინა. ასეთი მანიაკური აჩემება ადრიანს მაინცდამაინც არ ეპრიანებოდა, რაც ალბათ ცინკმაც შენიშნა.

    შპენგლერს ეცინებოდა ყოველ ამგვარ ინციდენტზე, თვალების ხამხამი აუვარდებოდა, ლოყებზე ფოსოები დაეტყობოდა და გულიანად კიკინებდა. სქესობრივი ამბები ლიტერატურული გაგებით ართობდა; მისთვის სქესი და ჭკუა მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც თავისთავად მცდარი აზრი არ გახლავთ. მისი განათლება (ეს ხომ უკვე ვიცით), სინატიფის, მახვილგონიერების, კრიტიკის ტრფიალი ემყარებოდა სქესობრივ სფეროსთან მის შემთხვევითსა და ავბედითს შეჯახებას, ფიზიკურად მასთან მიჯაჭვას, რაც წმინდა წყლის ფათერაკი გახლდათ და მისი ტემპერამენტისათვის, მისი ვნებიანობისათვის სრულიადაც არ იყო დამახასიათებელი. პირმომღიმარი მასლაათობდა კულტურის მაშინდელი ესთეტიკური ეპოქისათვის ნიშანდობლივ ყაიდაზე, დღეს რომ სამუდამოდ დამარხული ჩანს, ხელოვნების სიახლეებზე, ლიტერატურულ და ბიბლიოფილურ ღირსშესანიშნაობებზე, მსჯელობდა მიუნჰენის ჭორებზე და ძალზე კვიმატად მოჰყვა ვაიმარის დიდი ჰერცოგისა და დრამატურგ რიჰარდ ფოსის ამბავს, რომელთაც აბრუცში ერთად მოგზაურობისას ნამდვილი ყაჩაღები დაესხნენ თავს, რაც უთუოდ თვითონ ფოსის მიერ მოწყობილი საქმე გახლდათ. ადრიანს ორიოდე ჭკვიანური და თავაზიანი სიტყვა უთხრა ბრენტანოს სიმღერების თაობაზე, რომლებიც შეეძინა და პიანინოზე გაესინჯა კიდეც. მაშინ იყო, რომ დასძინა, ასეთ სიმღერებზე მუშაობა ნამდვილი ფუფუნებაა და თანაც საკმაოდ სახიფათო. მათ შემდეგ ძნელად თუ რამე მოგეწონება ამავე ჟანრის ნაწარმოებთაგანო. კიდევ ბევრი ჭკვიანური რამ თქვა ნებივრობაზე, რომელიც, როგორც ასეთი, უწინარეს ყოვლისა თავად საბრალო ხელოვანს მოეკითხება და შეიძლება სახიფათო შეიქნეს მისთვის, ვინაიდან ყოველი უკან მოტოვებული ნაწარმოებით იგი ცხოვრებას ირთულებს და ბოლოს ალბათ მთლად გაუსაძლისსაც გაიხდის. ეს იმის გამო, რომ არაჩვეულებრივით თვითგანებივრება ყოველივე დანარჩენს გემოს უკარგავს და ამან საბოლოო ჯამში უნდა იქამდე მიიყვანოს, რაც განუხორციელებელია, შეუძლებელია, - ჩიხამდეო. მაღალნიჭიერი ხელოვანის პრობლემა ის გახლავთ, რომ განუწყვეტლივ მზარდი განებივრებულობისა და ზიზღის მიუხედავად, მაინც განხორციელებადის ფარგლებში დარჩესო.

    ასე ჭკვიანი იყო შპენგლერი - მხოლოდ და მხოლოდ თავისი სპეციფიკური მიჯაჭვულობის გამო, რაზეც მისი თვალის ხამხამი და კიკინი მეტყველებდა. - მათ შემდეგ კი ჟანეტ შოირლი და რუდი შვერტფეგერი ჩამოვიდნენ ჩაიზე, იმის სანახავად, როგორ ცხოვრობდა ადრიანი.

    ჟანეტი და შვერტფეგერი ზოგჯერ ერთად მუსიკობდნენ, როგორც მადამ შირლის სტუმართა წინაშე, ისევე მარტონიც, და პფაიფერინგში წასვლაც ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას გადაწყვიტეს, თან რუდოლფმა ითავა: ადრიანს წინასწარ მე გავაფრთხილებ ტელეფონითო. წასვლის ინიციატივაც მასვე ეკუთვნოდა, თუ ჟანეტის იდეა გახლდათ, ასეც გაურკვეველი დარჩა, მათ ადრიანის თანდასწრებითაც კი იდავეს და ერთმანეთს მიაწერდნენ ამ დამსახურებას: ამას უნდა უმადლოდე, რომ ყურადღება გამოგიცხადეთ და გეწვიეთო. ჟანეტის თავშესაქცევი სიფიცხე მისი ავტორობის სასარგებლოდ ლაპარაკობდა; მაგრამ რუდის საოცრად მიმნდობ ხასიათსაც კარგად ეხამებოდა ასეთი რამის მოფიქრება. ეტყობა, ისე ახსოვდა, რომ ორი წლის წინ ადრიანს შენობით ელაპარაკებოდა, მაშინ როდესაც მხოლოდ შემთხვევით, კარნავალზე, მიმართა ერთხელ შენობით და ისიც მხოლოდ მან, რუდიმ. ახლაც გულარხეინად კვლავ შენობით სცადა განეგრძო და მხოლოდ მას შემდეგ აიღო ხელი ამ განზრახვაზე - თუმცა ისე კი, რომ არა სწყენია - როცა ადრიანი ორჯერ თუ სამჯერ არ აჰყვა შინაურულად მიმართვაში. აინუნში არ ჩაუგდია რუდოლფს ისიც, რომ შოირლი აშკარად ნიშნს უგებდა გულითადობის გამოჩენის ცდაში ხელმოცარულს და თავს იქცევდა. დაბნეულობის ნასახიც არ გამოჰკრთომია ცისფერ თვალებში, რომლებითაც ესოდენ მიამიტად მიაჩერდებოდა ხოლმე იმას, ვინც რაიმე გონივრულს, ბრძნულსა და ჭკუის სასწავლს ამბობდა. დღესაც კვლავ ვფიქრობ შვერტფეგერზე და ჩემს თავს ვეკითხები: კაცმა რომ თქვას, რამდენად ესმოდა ადრიანის მარტოობა და, მაშასადამე, შეჭირვებაც, იოლი მოწყვლადობაც ამგვარი მარტომყოფობისა და რამდენად შეგნებულად იყენებდა თავის ხიბლს მისი გულის მოსაგებად ან, უხეშად რომ ვთქვა, საცდუნებლად. ეჭვი არ არის, იგი სხვისი გულის მოსანადირებლად და დასაპყრობად იყო დაბადებული.

    მაგრამ ვაითუ უსამართლოდ მოვეკიდო, თუ მარტო ამ მხრიდან დაგანახვებთ. ამასთანავე ის კარგი ჯეელი და ხელოვანი იყო და ის ფაქტი, რომ ადრიანი და ის შემდგომ მართლაც შენობით ლაპარაკზე გადავიდნენ და ერთმანეთს სახელით მიმართავდნენ, მე მინდა შვერტფეგერის მიმზიდველობის ბანალურ წარმატებას კი არ მივაწერო, არამედ ვირწმუნო, რომ რუდოლფი ადრიანში არაჩვეულებრივ ადამიანს ხედავდა და გულწრფელად აფასებდა, რომ ჭეშმარიტად კეთილად იყო მისდამი განწყობილი და აქედან ხაპავდა იმ გამაოგნებელ გულდაჯერებულობას, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა სუსხიან მელანქოლიაზე - რაც, სხვათა შორის, საბედისწერო გამოდგა - მაგრამ ჩემი ძველი, მანკიერი ჩვეულებისამებრ კვლავ წინ ვუსწრებ ამბავთა მსვლელობას.

    ჟანეტ შოირლს ვეება შლაპის კიდიდან ცხვირის ჭვინტამდე თხელი პირბადე ეფარა, შვაიგეშტილების გლეხურ სასტუმრო ოთახში ძველებურ როიალთან იჯდა და მოცარტს უკრავდა, ხოლო რუდი შვერტფეგერი სტვენით ასდევდა, თან ისე ოსტატურად, რომ მოწონების სიცილს იმსახურებდა. მე შემდგომაც მომისმენია მისთვის როდესა და შლაგინჰაუფენის ოჯახებში. როგორც გაგონილი მაქვს, სიყრმიდანვე, უფრო ადრე, ვიდრე ვიოლინოს დაკვრას ისწავლიდა, შესდგომია სტვენის ტექნიკის გამომუშავებას და სადაც მოხვდებოდა, თითქმის განუწყვეტლივ ვარჯიშობდა მოსმენილი მუსიკალური პიესების სტვენით ხალასად აღდგენაში. შემდგომაც დღენიადაგ სტვენდა უკვე შეძენილ ჩვევებს. ეს იყო ბრწყინვალე პროფესიული ოსტატობა, რომელიც ლამის უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე მის მიერ ვიოლინოს დაკვრა. ეტყობა, განსაკუთრებული ორგანული მონაცემებიც უწყობდა ხელს. კანტილენა საამურზე საამური იყო, უფრო ვიოლინოს ხასიათისა, ვიდრე ფლეიტისა, ფრაზირება უნაკლო გახლდათ, ხოლო მცირე ხანგრძლიობის ნოტები, როგორც სტაკატოში, ისევე ერთმანეთთან გადაბმულნი, ყველგან ან თითქმის ყველგან ხარვეზების გარეშე იყვნენ წარმოდგენილნი და სიზუსტით აღტაცებაში მოჰყავდათ მსმენელი. მოკლედ, დიდებული რამ იყო და სტვენით შესრულების ტექნიკას რომ ახასიათებს, იმ პრიმიტიული კუსტარულობის შერწყმამ სერიოზულ ხელოვნებასთან დიდად გაამხიარულა დამსწრენი. ყველამ უნებლიეთ სიცილით დაუკრა ტაში. თავად შვერტფეგერმაც პატარა ბიჭივით ჩაიცინა, თან მხარზე სახელო გაისწორა და პირის კუნჭულიც ჩვეულებისამებრ შეუთამაშდა...

    აი ესენი იყვნენ ადრიანის პირველი სტუმრები პფაიფერინგში. მალე მეც დავიწყე იქ სიარული: გავისეირნებდი ხოლმე მის მხარდამხარ გუბურის გაყოლებით, ავდიოდი რომის ბორცვზე. ადრიანის იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ ზამთარი გავატარე მისგან მოშორებით, 1913 წელს, სააღდგომოდ, მე მივაღწიე იმას, რომ ფრაიზინგის გიმნაზიაში მომცეს ადგილი, რაშიც ჩემი ოჯახის კათოლიკობამ შემიწყო ხელი. მე დავტოვე კაიზერსაშერნი და ცოლ-შვილით იზარის ნაპირას გადავსახლდი, იმ კურთხეულ ქალაქში, მთელი ოთხი საუკუნე ეპისკოპოსის სასაყდრე რომ გახლდათ. აქედან ძალზე იოლი იყო დედაქალაქთან კავშირი და, მაშასადამე, ჩემს მეგობართანაც. აქ, თუ ომიანობის დროს რამდენიმე თვეს არ ჩავთვლით, მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე და აქედანვე სიყვარულითა და ძრწოლით ვადევნებდი თვალს მისი ცხოვრების ტრაგედიას.

    XXVII

    ფაგოტისტმა გრიპენკელმა, რომელსაც „Love's Labour's Lost-ის პარტიტურა უნდა გადაეწერა, საუცხოოდ გაართვა თავი ამოცანას. პირველი, რაც ადრიანმა ჩვენი შეხვედრისას მაუწყა, სწორედ ეს გახლდათ: ძალიან მიხარია, თითქმის უნაკლო ასლი დამიმზადაო. თან წერილიც მაჩვენა, გულის გამაწვრილებელი სამუშაოთი გართულ გადამწერს გამოეგზავნა. ზრუნვითა და ენთუზიაზმით აღსავსე ბარათი იყო. ავტორს ატყობინებდა: ვერ წარმოიდგენთ, როგორ მაღელვებს თქვენი ნაწარმოები სითამამითა და სიახლით, ვერა და ვერ მიჯერებია გული მისი ფაქტურის ნატიფი დანაწევრებით, რიტმის ცვალებადობით, დაინსტრუმენტების ტექნიკით, რისი წყალობით ხმების ხშირად დიახაც რთული ქსოვილი მუდამ სავსებით გამჭვირვალეა, ხოლო უწინარეს ყოვლისა კი - კომპოზიტორის ფანტაზიით, რაც ძირითადი თემის მრავალმაგ ვარიაციებში ვლინდება: მაგალითად, მშვენიერი და თან ნახევრად კომიკური მუსიკის გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია როზალინას ხატებასთან, ან უფრო ზუსტად, რომელიც მასზე უიმედოდ შეყვარებული ბირონის განცდებს გამოხატავს, ბოლო მოქმედების სამნაწილიანი ბურეს შუაგულში, ძველი ფრანგული საცეკვაო ფორმის ამ სახუმარო განახლებაში, შეიძლება მახვილგონივრული და ნატიფი ეწოდოს, ამ სიტყვათა უზენაესი მნიშვნელობით, და მერმე უმატებდა: ეს ბურე დიახაც დამახასიათებელია საზოგადოებრივი შეზღუდულობის გაცვეთილი და არქაული ელემენტისათვის, რომელიც ესოდენ მომხიბლავად, მაგრამ ამავე დროს გამომწვევად უპირისპირდება ნაწარმოების „მოდერნულ, თავისუფალსა და ზეთავისუფალ, მეამბოხე და ტონალურ კავშირთა აბუჩად ამგდებ ნაწილებს; ოღონდ ვშიშობ, რომ პარტიტურის შესაბამისი ადგილები, მათი უჩვეულობისა და მკრეხელური ურჩობის მიუხედავად, აღსაქმელად ალბათ უფრო მისაწვდომნი აღმოჩნდებიან, ვიდრე სათნო და მკაცრი ადგილები. აქ ხშირად საქმე გვაქვს ნოტებთან მშრალ, უფრო აზრობრივ, ვიდრე მხატვრულ დამოკიდებულებასთან, მუსიკალურად ალბათ უკვე არაეფექტურ ბგერათა მოზაიკასთან, რომელიც უფრო კითხვისთვის განკუთვნილი ჩანს, ვიდრე მოსმენისთვის და ა. შ.

    ჩვენ გაგვეცინა.

    - მოსმენის გაგონებაც არ მინდა! - მითხრა ადრიანმა. - ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია რაიმეს ერთხელ მოსმენა, სახელდობრ, კომპოზიტორის მიერ, როცა თავის ნაწარმოებს თხზავს.

    ცოტა ხნის შემდეგ კი დაუმატა:

    - თითქოს ხალხი ოდესმე ისმენდეს იმას, რაც კომპოზიტორმა თხზვის პროცესში გაიგონა! მუსიკის თხზვა ნიშნავს - ანგელოზთა გუნდის გალობის შესრულება ცაპფენშტოსერ-ორკესტრს დაავალო. ისე კი, მე რომ მკითხო, ანგელოზთა გუნდის საგალობლებში განსჯა მეტისმეტად დომინანტობს.

    რაც შემეხება მე, არ ვეთანხმებოდი გრიპენკელს ოპერის „არქაული და „მოდერნული ელემენტების მკვეთრად გამიჯვნაში. ისინი ერთმანეთში გადადიან და ერთმანეთს მსჭვალავენ-მეთქი, - ვუთხარი ადრიანს და ისიც დამეთანხმა, მაგრამ მაინცდამაინც ხალისი არ გამოუჩენია უკვე გაკეთებულზე მსჯელობა გაემართა, ეტყობა, უკვე განვლილ საფეხურად მიაჩნდა და ამდენად აღარც აინტერესებდა. იმის გადაწყვეტა, თუ რა ექნა პარტიტურისათვის, სად გაეგზავნა ან ვისთვის შეეთავაზებინა, მე მომანდო. მისთვის არსებითი იყო ვენდელ კრეჩმარი გასცნობოდა და ლიუბეკში გაუგზავნა. ლიყიანი ისევ იქ მსახურობდა. მანაც ერთი წლის შემდეგ, როცა ომი უკვე დაწყებული იყო, მართლაც დადგა ამ ოპერის გერმანული ვარიანტი, რომლის მომზადებაში მეც მიმიძღვის ღვაწლი. ოღონდ ისეთი წარმატებით, რომ წარმოდგენის მსვლელობაში დამსწრე საზოგადოების ორმა მესამედმა დატოვა თეატრი, - ზუსტად ისევე, როგორც, მგონი, ექვსი წლის წინ მიუნჰენში დებიუსის „პელეასი და მელისანდის პრემიერაზე მოხდა. სპექტაკლი კიდევ ორჯერ გაიმეორეს და ადრიან ლევერკიუნის ქმნილებამ მდინარე ტრავეს პირას მდებარე ჰანზის ქალაქის ფარგლებმიღმა ჯერჯერობით ვერ გააღწია. ადგილობრივი კრიტიკაც თითქმის ერთხმად შეუერთდა ოპერის რიგით მოყვარულთა აზრს და ამასხარავებდა „დიდი დანაკარგების მუსიკას, რომლისთვისაც ბატონმა კრეჩმარმა თავი გამოიდოო. მხოლოდ „ლიუბეკის ბირჟის კურიერში წერდა მუსიკის ერთი მოხუცი, აწ ალბათ უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი პროფესორი, გვარად იმერთალი, მცდარი განაჩენის შესახებ, რომელსაც დრო გამოასწორებსო, და ადრიანის ოპერას იკლიკანტურ ძველფრანკულ ყაიდაზე აგებული შესიტყვებებით მომავლის მქონე ნაწარმოებად აცხადებდა. ღრმა შინაარსის მუსიკაა, მის ავტორს, მართალია, გაქილიკება უყვარს, მაგრამ „ღვთივ განბრძობილი ადამიანი კი არისო. ამ გულის ამაჩუყებელმა გამოთქმამ, რომელიც მანამდე არც გამეგონა, არც წერილობით ფიქსირებული მენახა სადმე, და შემდგომაც აღარსად არ შემხვედრია, ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა, და ვინაიდან მე აქამდე არ დამვიწყებია ის მცოდნე ობროდი, ეს გამოთქმა რომ გამოიყენა, ვფიქრობ, შთამომავლობაც პატივს მიაგებს, სწორედ ის შთამომავლობა, რომელსაც მოწმედ მოუხმობდა გონებაჩლუნგი კრიტიკოსებისა და უგერგილო თანამოკალმეთა წინააღმდეგ.

    იმ დროისათვის, როცა ფრაიზინგში ჩამოვედი, ადრიანი გართული იყო რამდენიმე სიმღერისა და ვრცელი ვოკალური პიესის შეთხზვით - გერმანულებისა და უცხოურებისაც, უფრო ზუსტად კი - ინგლისურებისა. ჯერ ერთი, ის დაუბრუნდა უილიამ ბლეიკს და მუსიკაზე გადაიტანა ამ მისთვის ძვირფასი ავტორის ძალზე უცნაური ლექსი: „Silent, silent night[2]", სულ ოთხი სტროფი, რომელთაგან თითოეულში სამი ერთმანეთთან გარითმული ტაეპი შედის, ხოლო ბოლო მათგანი, დიახაც უცნაური, ასე ჟღერს:

    But an honest joy

    Does itself

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1