Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მოთხრობები
მოთხრობები
მოთხრობები
Ebook271 pages1 hour

მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ფრანგი რომანტიკოსის კრებულში შესულია მისი ხუთი გამორჩეული მოთხრობა: "სანგრის აღება", "ილელი ვენერა", "ლურჯი ოთახი", "არსენ გიიო" და "მატეო ფალკონე".
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 16, 2021
მოთხრობები

Related to მოთხრობები

Related ebooks

Reviews for მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მოთხრობები - პროსპერ მერიმე

    პროსპერ მერიმე - მოთხრობები

    Prosper Mérimée - Nouvelles

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გერონტი ქიქოძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    სანგრის აღება

    ილელი ვენერა

    ლურჯი ოთახი

    არსენ გიიო

    მატეო ფალკონე

    სანგრის აღება

    ერთმა ჩემმა მეგობარმა, სამხედრო პირმა, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინათ საბერძნეთში მოკვდა ციებისაგან, შემდეგი მიამბო მისი მონაწილეობით მომხდარი ბრძოლის შესახებ. ნაამბობმა ჩემზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ როგორც კი დრო ვიხელთე, მაშინვე ჩავწერე, ისე როგორც დამამახსოვრდა. აი ეს ამბავი:

    - მე ლეგიონში 4 სექტემბერს მივედი. ლეგიონის უფროსი ბანაკში დამხვდა. თავდაპირველად საკმაოდ მკაცრად შემხვდა; მაგრამ, როცა გენერალ კ-ს სარეკომენდაციო წერილი წაიკითხა, ტონი შეიცვალა და რამდენიმე ზრდილობიანი სიტყვა მითხრა.

    ჩემს კაპიტანს წარმადგინა, რომელიც ის იყო დაზვერვიდან დაბრუნებულიყო. ეს კაპიტანი, რომლის ახლო გასაცნობად დრო ვეღარ ვიპოვე, მაღალი შავგვრემანი მამაკაცი იყო, უშნო და არასასიამოვნო სახისა. სამსახური უბრალო ჯარისკაცობით დაეწყო და ეპოლეტები და ჯვარი ბრძოლის ველზე მიეღო. ხრინწიანი და სუსტი ხმა უცნაურად ეწინააღმდეგებოდა მის თითქმის დევგმირულ გარეგნობას. ამბობდნენ, ასეთ ხმას ის უნდა უმადლოდეს ტყვიას, რომელიც იენის ბრძოლაში მოხვდა.

    როცა გაიგო, რომ მე ფონტებულოs სკოლა მაქვს დამთავრებული, სახე შეიჭმუხნა და მითხრა:

    - ჩემი ლეიტენანტი გუშინ მოკვდა...

    მივხვდი, რისი თქმაც უნდოდა: „ის თქვენ უნდა შესცვალოთ და ამისი უნარი კი არა გაქვთ". ენაზე მკვახე სიტყვა მომადგა, მაგრამ თავი შევიკავე.

    შევერინოს სანგრის უკან, რომელიც ზარბაზნის ორ გასროლაზე იყო დაშორებული ჩვენს ბანაკს, მთვარე ამოვიდა. ის ფართო და წითელი იყო, როგორც ჩვეულებრივ ამოსვლისას არის ხოლმე. მხოლოდ ამ საღამოს არაჩვეულებრივად დიდი მეჩვენა. ერთი წუთის განმავლობაში სანგარი შავად გამოეყო მთვარის ბრწყინვალე დისკოს. იგი ჰგავდა ვულკანის კონუსს ამოხეთქვის მომენტში.

    ხნიერმა ჯარისკაცმა, რომლის მახლობლადაც ვიმყოფებოდი, ყურადღება მიაქცია მთვარის შუქს.

    - ძალიან ნათელი მთვარეა, - თქვა მან, - ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ძვირად დაგვიჯდება ეს სახელგანთქმული სანგარი!

    მე ყოველთვის ცრუმორწმუნე ვიყავი, და ამ წინასწარმეტყველებამ, განსაკუთრებით ასეთს წუთში, შემაშფოთა. დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე. წამოვდექი და სიარული დავიწყე; ამავე დროს ვუცქეროდი ცეცხლის დაუსრულებელ ხაზს, რომელიც სიმაღლეებს ფარავდა სოფელ შევერინოს ზემოთ. როცა დავრწმუნდი, რომ ღამის გრილმა ჰაერმა სისხლი საკმაოდ დამიმშვიდა, ცეცხლთან დავბრუნდი; თავით ფეხებამდე წამოსასხამში გავეხვიე და თვალები დავხუჭე იმ იმედით, რომ დილამდე არ გავახელ-მეთქი. მაგრამ ჩემს თვალებს რული არ ეკარებოდა. შუმჩნევლად ჩემმა ფიქრებმა მჭმუნვარე ელფერი მიიღო. ვფიქრობდი: ერთი მეგობარიც კი არ მყავს იმ ასი ათას კაცში, რომელნიც ამ ველზე არიან დაბანაკებულნი, თუ დავიჭერი, ჰოსპიტალში გამგზავნიან და უმეცარი დოსტაქრების ხელში ჩავვარდები-მეთქი. გამახსენდა ყოველივე, რაც გაგონილი მქონდა ქირურგიული ოპერაციების შესახებ. გული მიცემდა აჩქარებით და მექანიკურად, თითქოს ჯავშანი ყოფილიყოს, მკერდზე ცხვირსახოცი და საფულე დავიდე. დაღლილობაც მერეოდა, თვალებიც მეხუჭებოდა მაგრამ ყოველ წუთს რაიმე პირქუში აზრი მიტევდა ძლიერად და შემკრთალი ვიღვიძებდი.

    ბოლოს დაღლილობამ დამძლია, და როდესაც განთიადის ბუკი დაჰკრეს, ღრმად მეძინა. საბრძოლო მწკრივში ჩავდექით, ნაღარა დაჰკრეს, შემდეგ თოფები ხელახლა ჯოჯგინად დავაწყეთ. ყოველივე თითქოს იმას გვანიშნებდა, რომ მშვიდობიან დღეს გავატარებდით.

    დაახლოებით სამ საათზე ადიუტანტი მოვიდა და ბრძანება მოიტანა. ხელახლა იარაღი ავისხით; ჩვენი მსროლელები ველზე გაიფანტნენ, ჩვენ მათ უკან მივყევით ნელი ნაბიჯით და ოცი წუთის შემდეგ დავინახეთ, რომ რუსების მოწინავე რაზმები შემჭიდროვდნენ და სანგარში შევიდნენ.

    ერთი საარტილერიო ბატარეა ჩვენს მარჯვნივ მოთავსდა, მეორე - მარცხნივ, მაგრამ ორივენი საკმაოდ წინ იყვნენ ჩვენგან. მათ ხშირი სროლა აუტეხეს მტერს, რომელმაც ენერგიულად გვიპასუხა, და ჩქარა შევერინოს სანგარი კვამლის სქელ ღრუბლებში დაიმალა.

    ხრამის წყალობით ჩვენი ლეგიონი თითქმის დაცული იყო რუსების ცეცხლისაგან. მათი ყუმბარები, იშვიათად მომართული ჩვენს წინააღმდეგ (ვინაიდან ისინი უმთავრესად ჩვენს არტილერისტებს უმიზნებდნენ), ჩვენს თავზე გადადიოდნენ, უკიდურეს შემთხვევაში, მიწას და კენჭებს გვაყრიდნენ.

    როგორც კი შეტევაზე გადასვლის ბრძანება მივიღეთ, კაპიტანმა ყურადღებით შემომხედა, რამაც მაიძულა ორ-სამჯერ, რაც შეიძლება ძალდაუტანებელი სახით, ხელი გადამესვა ახლადაშლილ ულვაშებზე. უნდა ითქვას, რომ შიშს არ ვგრძნობდი და ერთადერთი შიში, რომელსაც განვიცდიდი, ის იყო, არ იფიქრონ მეშინია-მეთქი. ეს უწყინარი ყუმბარებიც ხელს მიწყობდნენ გმირული სიმშვიდე შემენარჩუნებინა. თავმოყვარეობა მეუბნებოდა, რეალურ საფრთხეს განიცდი, ვინაიდან ბატარეის ცეცხლში მოხვდიო. აღტაცებული ვიყავი, რომ თავს ასე კარგად ვგრძნობდი და ვოცნებობდი, როგორ მოვყვებოდი შევერინოს სანგრის აღების ამბავს ქალბატონ ბ-ს სალონში, პროვანსის ქუჩაზე.

    ლეგიონის უფროსმა ჩვენი ასეულის წინ გაიარა და მითხრა: „აა, თქვენ საკმაოდ შეხურდებით თქვენს დებიუტზე".

    მე ისეთი სახით გავიცინე, როგორც მეომარს შეეფერებოდა და გადავიწმინდე ტანისამოსის სახელო, რომელსაც ჩემგან ოცდაათ ნაბიჯზე გამსკადრმა ყუმბარამ ცოტაოდენი მტვერი დააყარა.

    როგორც ეტყობა, რუსებმა შეამჩნიეს, რომ მათი ყუმბარები მიზანს ვერ აღწევდნენ და ისინი გრანატებით შეცვალეს, რომელთაც შეეძლოთ ჩვენთვის მეტი ზიანი მოეყენებინათ იმ ხრამში, სადაც ვისხედით. ერთმა საკმაოდ დიდმა ნატეხმა თავიდან კივერი ამაცალა და ჩემს გვერდით ჯარისკაცი მოჰკლა.

    - მომილოცავს, - მითხრა კაპიტანმა, როდესაც ჩემს კივერს დაწვდა, - თქვენ დღესაც დაზღვეული ხართ.

    მე ვიცნობდი ამ სამხედრო ცრუმორწმუნეობას, რომლის მიხედვით აქსიომა non bis in idem გამოიყენება როგორც ბრძოლის ველზე, ისე სასამართლოში. მე ამაყად თავზე დავიხურე ჩემი კივერი.

    - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სალამი მიაცემინო უცერემონიოდ, - ვთქვი, რამდენადაც შემეძლო, მხიარულად. ეს ჩემი უგემური ხუმრობა, ამ პირობებში, საუცხოო აღმოჩნდა.

    - გილოცავთ, - განაგრძო კაპიტანმა, - თქვენ მეტი არაფერი მოგივათ და საღამოსთვის ასეულის უფროსი გახდებით, რადგანაც ვგრძნობ, ღუმელი უკვე ჩემთვის ხურდება. ყოველთვის, როცა კი დავჭრილვარ, ჩემს გვერდით ოფიცერს მომაკვდინებელი ტყვია მოხვედრია და, - დაუმატა მან ხმადაბლა და თითქმის მორცხვად, - მათი სახელი ყოველთვის ასო პარით იწყებოდა.

    მე სკეპტიკოსის სახე მივიღე; სხვა მრავალიც ჩემსავით მოიქცეოდა; მაგრამ ბევრს ჩემსავით შეაშფოთებდა ეს წინასწარმეტყველური სიტყვები; როგორც ახალწვეული, ვგრძნობდი, რომ ვერავის გავანდობდი ჩემს გრძნობებს და ყოველთვის შეუდრეკელი გამბედაობა უნდა გამომეჩინა.

    ნახევარი საათის შემდეგ რუსების ცეცხლი საგრძნობლად შესუსტდა; მაშინვე ჩვენი საფარიდან გამოვედით, რათა სანგრისკენ წავსულიყავით.

    ჩვენი ლეგიონი სამი ათასეულისაგან შედგებოდა. მეორე ათასეულს დაევალა სანგრისათვის ხევის მხრიდან შემოევლო, ორ დანარჩენს კი იერიში უნდა მიეტანა. მე მესამე ათასეულში ვიყავი.

    როდესაც გავცილდით უკანასკნელ ქიმს, რომელიც ჩვენ გვფარავდა, მტერი ძლიერი თოფის სროლით შემოგვეგება, მაგრამ დიდი ზიანი ვერ მიაყენა ჩვენს რიგებს. ტყვიების სტვენამ გამაოცა: ხშირად თავს უკან ვაბრუნებდი, რითაც ამხანაგების ხუმრობას ვიწვევდი; ისინი უფრო შეჩვეულნი იყვნენ ამ ხუმრობას.

    - კაცმა რომ თქვას, - გავიფიქრე, - ბრძოლა არც ისეთი საშინელი რამ ყოფილა.

    ჩვენი მსროლელები წინ მიდიოდნენ, ჩვენ მათ სირბილით მივდევდით: უცებ რუსებმა სამჯერ „ურრა წამოიძახეს, სამი გარკვეული „ურა; შემდეგ დადუმდნენ და სროლაც შეწყვიტეს...

    - არ მიყვარს ეს დუმილი, - მითხრა კაპიტანმა, - ეს კეთილს არაფერს გვიქადის.

    მე ვფიქრობდი, რომ ჩვენი ჯარიკაცები, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ხმაურობდნენ და ჩემს გულში ძალაუნებურად ერთმანეთს ვადარებდი მათს ხმამაღალ ყვირილსა და მტრის შთამაგონებელ დუმილს.

    ჩვენ ჩქარა მივაღწიეთ სანგრის ძირს; ჯებირები შემუსვრილი იყო, ხოლო ნიადაგი გადათხრილი ჩვენი ყუმბარების მიერ. ჯარისკაცები ამ ახალ ნანგრევებზე შეცვივდნენ ისეთი ძლიერი ყვირილით, გაუმარჯოს იმპერატორს, რომ ეს ძნელად მოსალოდნელი იყო ადამიანებისაგან, რომელთაც უკვე ამდენი იღრიალეს.

    ზევით ავიხედე: არასოდეს არ დამავიწყდება სანახაობა, რომელიც თვალწინ წარმომიდგა. კვამლის დიდი ნაწილი ზევით აწეულიყო და სანგარს ფარდასავით ეხურა ოცი ფუტის სიმაღლეზე. მოლურჯო ნისლში, მათი ნახევრად დანგრეული გალავნის უკან, რუსი გრენადერები იდგნენ თოფებგამოწვდილი, უძრავნი როგორც ქანდაკებანი. მე თითქოს ახლაც ვხედავ თითოეულ ჯარისკაცს ჩვენკენ მაცქერალი მარცხენა თვალით, ზეაწეული თოფის უკან დამალული მარჯვენა თვალით. რამდენიმე ნაბიჯზე ჩემგან ამბრაზურაში ზარბაზანთან კაცი იდგა ანთებული პატრუქით ხელში.

    მე გამაჟრჟოლა და გავიფიქრე, ჩემი აღსასრულის ჟამი დადგა-მეთქი.

    - აი, თამაშიც იწყება, - წამოიძახა კაპიტანმა. - საღამო მშვიდობისა!

    ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომელნიც მისგან გავიგონე.

    სანგარში დაფდაფების ხმა გაისმა. დავინახე, როგორ დაეშვა ძირს ყველა თოფი. თვალები დავხუჭე და შემზარავი გრიალი გავიგონე, რასაც ყვირილი და კვნესა მოჰყვა. თვალები გავახილე გაოცებულმა, რომ კიდევ ცოცხალი ვიყავი. სანგარი ხელახლა კვამლში გაეხვია. გარშემო მკვდრები და დაჭრილები ეყარნენ. ჩემი კაპიტანი ჩემ ფეხთ ქვეშ გართხმულიყო, მისი თავი ყუმბარას დაელეწა, და მე მისი ტვინით და სისხლით ვიყავი მოსვრილი. მთელი ჩემი ასეულიდან ფეხზე მხოლოდ ექვსი ჯარისკაცი და მე ვიდექით.

    ამ ხოცვა-ჟლეტას ერთი წუთის გაოგნება მოჰყვა. ლეგიონის უფროსმა თავისი ქუდი მახვილზე წამოაცვა, პირველი აიჭრა გალავანზე და დაიყვირა: „გაუმარჯოს იმპერატორს! მას დაუყოვნებლივ უკან მიჰყვა, ვინც კი გადარჩენილი იყო. გარკვევით აღარ მახსოვს, რა მოხდა შემდეგ. ჩვენ სანგარში შევიჭერით, თვითონ არ ვიცი, როგორ. აქ ხელჩართული ბრძოლა დავიწყეთ, მაგრამ კვამლი ისეთი სქელი იყო, რომ ერთმანეთს ვერ ვხედავდით. მგონია, მეც აქეთ-იქით ვურტყამდი, იმიტომ რომ ჩემი ხმალი გასისხლიანებული აღმოჩნდა. ბოლოს ყვირილი მომესმა: „გამარჯვება! კვამლი შეთხელდა და დავინახე სისხლი და მკვდრები, რომელთა ქვეშ სანგრის ნიადაგი აღარ ჩანდა. განსაკუთრებით ზარბაზნები იყო დაფარული გვამებით. დაახლოებით ორასი ფრანგული ფორმის ტანისამოსიანი კაცი უწესრიგოდ შეჯგუფებულიყო: ზოგიერთი თოფს ტენიდა, ზოგიერთი ხიშტს წმენდდა. მათ შორის თერთმეტი რუსი ტყვე იდგა.

    ლეგიონის უფროსი, მთლად გასისხლიანებული, გატეხილ საარტილერიო ყუთზე იწვა სანგრის შესასვლელთან. მის გარშემო რამდენიმე ჯარისკაცმა მოიყარა თავი. მეც მივუახლოვდი.

    - სად არის ყველაზე ხნიერი კაპიტანი? - ჰკითხა მან ერთ სერჟანტს. სერჟანტმა მეტისმეტად მჭერმეტყველურად აიჩეჩა მხრები.

    - უხნიერესი ლეიტენანტი?

    - აი, ბატონი ოფიცერი, რომელიც გუშინ მოვიდა, - თქვა სერჟანტმა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1