Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მათიკო
მათიკო
მათიკო
Ebook158 pages57 minutes

მათიკო

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ახალგაზრდა ქალიშვილი, მათიკო, დედისა და ნათესავების ნების წინააღმდეგ, საყვარელ ახალგაზრდა კაცს მიყვება ცოლად, ვინც სოციალურად განსხვავებულ საფეხურზე დგას და თან... მისი ნათესავია. მოვლენები დრამატულად, შეიძლება ითქვას, ტრაგიკულადაც კი ვითარდება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 30, 2021
მათიკო

Related to მათიკო

Related ebooks

Reviews for მათიკო

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მათიკო - მათიკო

    ავქსენტი ცაგარელი - მათიკო

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    მომქმედნი პირნი

    მოქმედება პირველი

    მოქმედება მეორე

    მოქმედება მესამე

    მოქმედება მეოთხე

    მოქმედება მეხუთე

    მომქმედნი პირნი:

    კნეინა მარიამ უშტვინაძისა, ქვრივი (50 წლისა)

    მათიკო, ქალი მისი (20 წლისა)

    თ. თონიკე უშტვინაძე, მათიკოს ბიძა (55 წლისა)

    გაბო თავხედაშვილი, აზნაური, ნათესავი უშტვინაძისა (25-28 წ)

    პოლიევკტოს ბრძენაძე, მათიკოს საქმრო (26-30 წ)

    კოლა ფიცხელაძე, მეზობელი უშტვინაძეებისა, შვეიცარიაში ნამყოფი (25-26 წ)

    ლიზა, მათიკოს პირის ფარეში (მოსამსახურე), (17-18 წ)

    ექიმი, (30 წლისა)

    თომა, გაბოს ნათლიმამა (45 წ)

    ქეთევანა, იმის ცოლი (28-30 წ)

    ზაქარა, (30 წლის)

    ოსეფა, მიკიტანი (45 წ)

    გლეხები

    მოქმედება პირველი

    (მოქმედება სწარმოებს სოფელში. სცენა წარმოადგენს მდიდრულად მორთულს ზალას მარიამის სასახლეში: მარჯვნივ სდგას ტახტი ხალიჩებით დაფენილი და ზედ მუთაქები აწყვია: მარცხნივ სტოლი კრესლოებით და სკამებით. სამი კარი: შუაზედ და გვერდებზედ. მარჯვნივ მარიამის და მათიკოს ოთახი, ხოლო მარცხნივ - გაბოსი)

    გამოსვლა 1

    ლიზა. (ფარდა აიხდება, ლიზა ასუფთავებს მებელს და თან მღერის)

    ახ, ლიზაჯან, იხრუკე.

    იხრუკე და მახრუკე!

    ლიზა მიდის ბაღშია,

    მაკოცნინებს თვალშია!

    ახ, ლიზაჯან, იხრუკე...

    ლიზა არის კახელი,

    გაუწყდება სახელი!...

    (გაჯავრებული საქმეს თავს ანებებს). ი! მეხი კი დავაყარე ამ ლექსის მამგონს... სახელიც გაუწყდეს და თვალიც დაუდგეს!.. არა, მე რაღა სალექსე ქალი ვიყავი, იმ თვალდამდგარს რომ მოუგონია! სალექსონი ჩვენი კნიაჟნები არიან, რომ თეთრ-წითლათ ღაჟღაჟი გააქვთ და ხავერდის შუბებში ჩაფუთვნულები დადიან... იჰ, გენაცვალეთ, არც მეტი სიმდიდრე ვარგებულა: მეტის-მეტის სისუქნისაგან კისერი გვერდზედ ვერ მიუღიათ, მგლებივით გაშეშებული დააქვთ. რომ არ შეიძლება ამისთანა უსაქმო და უძრავი ხალხი! ჭამა-სმისა და ყმაწვილ-კაცებზედ ლაპარაკის მეტი საქმე არა აქვთ რა. შეიყრებიან, ბატონო, რამდენიმე ქალი და სულ იმათ ჩხრეკაში არიან! (აჯავრებს) „სოფიკო! როგორ მოგწონს ლევანი? - ი, გენაცვალეთ, ცხვირის ნესტოები მეტათ დაღრენილი აქვს! - იოსები? - იოსები კარგი ყმაწვილია, მაგრამ ცალი წარბი შეტრუსული აქვს. ამბობენ, პატარაობისას ძიძას თონეში ჩავარდნიაო!... ზაალი? უი ქა, ზაალი რაღა სახსენებელია: თავი მოკალულ ქვაბს მიუგავს, ერთი თმა აღარა აქვს თავზედა; ამასთანავე მეტისმეტი გაუთლელია!.. ნიკო, ქალოჯან? - ზურაბის ვაჟი? - ნეტა რა სათქმელია! ცხვირიდგან ხელსახოცი ვერ მოუშორებია, ნიაღვარივით ჩამოსდის ცინგლები; გარდა ამისა, არც თამაშობა იცის, არც სიმღერა... კავალრობა ხომ იცის?! ისემც გაგიხარია! იმ დღეს ზურაბიანთას კაბის ქობაზედ ფეხი დამადგა და ნაოჭი სულ ერთიანათ ჩამომარღვია!... (გაიკისკისებს) აი, ბატონებო, ჩვენი კნიაჟნების საქმე! ერთი კაცმა ჰკითხოს, თითონ რაღა არიან, რომ სხვის კილვაში ამოსდით სული?! ერთია, ჩემო ბატონო, დიდცხვირა გოგიას მიუგავს თავ-პირი; მეორეს ასე დასივებია სახე, გეგონებათ, მთელი ქვეყნის კრაზანა და ფუტკარი მას დახვევიაო; მესამეა და ერთი ბეწო, გადღრენილი, გატენილ მაფრაშასა ჰგავს, - და მაგათ კიდევ სხვაზედ უნდა ილაპარაკონ?!.. (აჯავრებს) „ეს არ ვარგა, ის არ ვარგა, და ამასობაში ჭარხლის წნილივით რო მჟავდებიან სახლში - ეს ხომ კარგია?!..

    გამოსვლა 2

    იგივე და მათიკო

    მათიკო. (შემოდის) ლიზა! დედა სად წასულა?

    ლიზა. (იქით) აი კიდევ ერთი ჭკუის კოლოფი! (იმას) რად გნებავსთ დედა? ძუძუ ხომ არ მოგინდა? დროც არის ბებია ჩემისა! (იცინის)

    მათიკო. რას ტუტუცობ, ქალო! მითხარი სად წავიდა?

    ლიზა. (სიცილით) სად წავიდა და... ბუამ მოიტაცა!..

    მათიკო. რას ამბობ, შე სასიკვდილე, ბუამ შენ მოგიტაცოს!..

    ლისა. მაშ რა ძალიან მკითხავ? რა ძალიან ფეხმარდი დედაშენია, რომ შორს წასულიყოს სადმე! ე მანდ ბაღში ბატის ჭუჭულებს დასდევს!

    მათიკო. (ქოქოლას აყრის) მასხარათ დაგაბერა ღმერთმა!.. გაბო სადღა არის?

    ლიზა. დილას ბრძენაძე და ტუტუცი ფიცხელაძე მოუცვივდნენ და სათევზაოთ წაიყვანეს...

    მათიკო. (დაჯდება ტახტზედ) რა დროს თევზაობაა?! ე მანდ არაფერი აიტეხონ და ამ წყალ-დიდობას!... გაბოს მაინც არაფერი მოუვიდეს და იმათ კისერიც მოუტეხნიათ!

    ლიზა. რათაო, ქალო? ისინი რაღა გაბოზედ ნაკლებები არიან? ბრძენაძის ერთი ფრჩხილი მირჩევნია შენ გაბოს!

    მათიკო. ბრძენაძე არა შენმა მზემ, ახლა სულელი ფიცხელაძეც დაადარე გაბოს!

    ლიზა. ისე შველა მე მქონდეს, რომ ორივენი გაცილებით სჯობიან! არა, რა ძალიან ცხარობ? გაბო რომ შენი ნათესავია, იმიტომ? დიდი რამ გახდა იმის სიმღერა და თარი!

    მათიკო. განა ეგრე აფასებ გაბოს? რით არ არის ის საქებარი?! იმისი ერთი ვაჟკაცობა მირჩევნია მთელ ჩვენ ყმაწვილ-კაცებს! რაში გინდა, რომ იმან თავი არ გამოიჩინოს: მშვენიერ თარის დაკვრას და სიმღერას ნუ ვიტყვით: ვინ უდრის იმას ლაპარაკში, ქეიფში, ლხინში, ჯირითში! რომელ კამპანიაშიაც კი გაბო არის, ის კამპანია ბედნიერია...

    ლიზა. (დაცინვით) დიახ, დიახ, ბედნიერია! როცა დათვრება და იძრობს ხოლმე ხანჯალს!

    მათიკო. მაგასაც ვაჟკაცობა უნდა! იმ დღეს არ იყო ექვსი ყმაწვილი კაცი თავადის შვილები იფრინა!.. მაგრამ ეს ყველამ იცის, რომ თუ მოთმინებიდგან არ გამოიყვანეს, გაბო თავის დღეში ავკაცობას არ ჩაიდენს!..

    ლიზა. ეგ ძალიან კარგი! მაგას თავი დავანებოთ! ზურაბიანთას რა ამბები ჩაგიდენიათ შენ და გაბოს?! ასეთია დედაშენი, კბილებს იმტვრევს!... არა, რაღა უცხო სახლში მოგინდათ ჩურჩული?!

    მათიკო. რას ამბობ, თვალი ზურაბიანთაც დაუდგათ!... სადაც მინდა გაბოს იქ ველაპარაკები, იმიტომ რომ... (შესდგება და თავს ჩაღუნავს)

    ლიზა. რა იმიტომ?

    მათიკო. ის, რომ ჩემი ნება ასეა!..

    ლიზა. როგორ თუ ასეა? უცხო სახლში რომ შინაურს არ ელაპარაკო, აქ კი ცოტა დრო გაქვს? მერე, დედაშენი ამბობს, მთელი საღამო სულ ჩურჩულობდნენო!.. მასპინძლებს ეგონებოდათ, რომ იმათზედ ლაპარაკობთ! როგორ შეიძლება!

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1