Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

საბრალონი (ნაწილი I)
საბრალონი (ნაწილი I)
საბრალონი (ნაწილი I)
Ebook804 pages29 hours

საბრალონი (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"საბრალონი" - ესაა საფრანგეთის ისტორია, მოთხრობილი მის მთავარ გმირთა პირადი ცხოვრებით. რომანის მოქმედება მიმდინარეობს ვატერლოოს ბრძოლასა (1815) და 1832 წლის ივნისის მოვლენებს შორის. ხუთ ტომში მოთხრობილია ჟან ვალჟანის ცხოვრება, ციხიდან მისი გაქცევიდან სიკვდილამდე. მის გარშემო შემოკრებილან პერსონაჟები, რომელთა ნაწილი წიგნის სხვადასხვა ტომებს აძლევს სახელს, ამ საუკუნის საბრალონი, უბედურები და ტანჯულნი: ფანტინი, კოზეტა, მარიუსი, ისევე, როგორც ტენტარდიეს ოჯახი, და ასევე კანონის წარმომადგენელი ჟავერი.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 11, 2021
საბრალონი (ნაწილი I)

Read more from ვიქტორ ჰიუგო

Related to საბრალონი (ნაწილი I)

Related ebooks

Reviews for საბრალონი (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    საბრალონი (ნაწილი I) - ვიქტორ ჰიუგო

    ვიქტორ ჰიუგო - საბრალონი (ნაწილი I)

    Victor Hugo - Les Miserables (I)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე მაჭავარიანს

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ნაწილი პირველი. ფანტინი

    წიგნი პირველი. კაცი მართალი

    თავი პირველი. ბატონი მირიელი

    თავი მეორე. ბატონი მირიელი მონსინიორ ბიენვენიუ ხდება

    თავი მესამე. კეთილ მოძღვარს - მძიმე სამწყსო

    თავი მეოთხე. სიტყვის მსგავსნი საქმენი

    თავი მეხუთე. როგორ დიდხანს ხმარობდა მონსინიორ ბიენვენიუ ტანსაცმელს

    თავი მეექვსე. ვინ ჰყავდა სახლის დარაჯად

    თავი მეშვიდე. კრავატი

    თავი მერვე. ფილოსოფია კარგი გადაკვრის შემდეგ

    თავი მეცხრე. დის მიერ აღწერილი ძმა

    თავი მეათე. ეპისკოპოსი უცნობი სინათლის წინაშე

    თავი მეთერთმეტე. პატარა შეზღუდვა

    თავი მეთორმეტე. ეპისკოპოს მირიელის განმარტოება

    თავი მეცამეტე. რა სწამდა

    თავი მეთოთხმეტე. რას ფიქრობდა

    წიგნი მეორე. დაცემა

    თავი პირველი. საღამო, მთელი დღის სიარულის შემდეგ

    თავი მეორე. კეთილგონიერება სიბრძნეს აფრთხილებს

    თავი მესამე. გმირობა ბრმა მორჩილებისა

    თავი მეოთხე. როგორ აკეთებენ პონტარლიეში ყველს

    თავი მეხუთე. მყუდროება

    თავი მეექვსე. ჟან ვალჟანი

    თავი მეშვიდე. იმედმიხდილის გული

    თავი მერვე. ზღვა და წყვდიადი

    თავი მეცხრე. კიდევ სიმწარე

    თავი მეათე.  ადამიანი იღვიძებს

    თავი მეთერთმეტე. რა ქნა იმ ღამეს

    თავი მეთორმეტე. ეპისკოპოსი მოქმედებს

    თავი მეცამეტე. პატარა ჟერვე

    წიგნი მესამე. 1817 წელს

    თავი პირველი. 1817 წელი

    თავი მეორე. ოთხი და ოთხი

    თავი მესამე. ოთხი წყვილი

    თავი მეოთხე. ისეთი მხიარულია ტოლომიესი, რომ ესპანურ სიმღერას მღერის

    თავი მეხუთე. ბომბარდას დუქანში

    თავი მეექვსე. შეყვარებულთა ტრფობა

    თავი მეშვიდე. სიბრძნე ტოლომიესისა

    თავი მერვე. ცხენის სიკვდილი

    თავი მეცხრე. მხიარულების მხიარული დასასრული

    წიგნი მეოთხე. ნდობა ხანდახან დაკარგვას უდრის

    თავი პირველი. ორი დედის შეხვედრა

    თავი მეორე. პირველი ესკიზი ორი საეჭვო ადამიანისა

    თავი მესამე. ტოროლა

    წიგნი მეხუთე. მთის ძირში მიმავალი გზა

    თავი პირველი. ყალბი გიშრის წარმოების განვითარება

    თავი მეორე. მადლენი

    თავი მესამე. ბანკში შეტანილი ფული

    თავი მეოთხე. ბატონი მადლენი მგლოვიარეა

    თავი მეხუთე. რაღაც ნათელი ჰორიზონტზე

    თავი მეექვსე. ფოშლევანი

    თავი მეშვიდე. ფოშლევანი მებაღე ხდება პარიზში

    თავი მერვე. ქალბატონი ვიქტურნიენი ოცდათხუთმეტ ფრანკს ხარჯავს ზნეობის დასაცავად

    თავი მეცხრე. ქალბატონ ვიქტურნიენის გამარჯვება

    თავი მეათე. შედეგი გამარჯვებისა

    თავი მეთერთმეტე. CHRISTUS NOS LIBERAVIT

    თავი მეთორმეტე. ბატონი ბამატაბუას დროსტარება

    თავი მეცამეტე. პოლიციური სამართალი

    წიგნი მეექვსე. ჟავერი

    თავი პირველი. მშვიდობის დასაწყისი

    თავი მეორე. როგორ იქცა ჟანი შანად

    წიგნი მეშვიდე. შანმატიეს საქმე

    თავი პირველი. მონაზონი სიმპლიცია

    თავი მეორე. შორსმჭვრეტელობა სკოფლერისა

    თავი მესამე. სულიერი ქარიშხალი

    თავი მეოთხე. როგორ გამოიხატება ტანჯვა სიზმარში

    თავი მეხუთე. გზის უბედობა

    თავი მეექვსე. მონაზონ სიმპლიციას განცდა

    თავი მეშვიდე. ახალმისული მგზავრი წასასვლელად ემზადება

    თავი მერვე. დიდებულის მიღება

    თავი მეცხრე. ადგილი, სადაც ყალიბდება რწმენა

    თავი მეათე. სრული უარყოფა

    თავი მეთერთმეტე. შანმატიე უფრო და უფრო განცვიფრებაში მოდის

    წიგნი მერვე. თავგანწირულის დაჯილდოება

    თავი პირველი. რა სარკეში ხედავს ბატონი მადლენი თავის თავს

    თავი მეორე. ფანტინი ბედნიერია

    თავი მესამე. ჟავერი კმაყოფილია

    თავი მეოთხე. მთავრობა იცავს თავის უფლებებს

    თავი მეხუთე. შესაფერი საფლავი

    ნაწილი პირველი. ფანტინი

    წიგნი პირველი. კაცი მართალი

    თავი პირველი. ბატონი მირიელი

    1815 წელს შარლ-ფრანსუა-ბიენვენიუ მირიელი ქალაქ დინის ეპისკოპოსი იყო. იგი სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი იქნებოდა, დინში საეპისკოპოსო კათედრა 1806 წლიდან ეჭირა.

    თუმცა ეს გარემოება არსებითად სულ არ ეხება ჩვენი მოთხრობის შინაარსს; მაინც ზედმეტი არ იქნება, თუნდაც, სრული სიმართლის დასაცავად, აღვნიშნოთ, რომ როდესაც ბატონი მირიელი თავის სამწყსოში გამოცხადდა, მის ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. მართალია თუ ტყუილი, ვინ განსჯის, მაგრამ რაკი ადამიანს ხმა დაუვარდება, ამას ხშირად მის მომავალ ცხოვრებაში ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, რამდენიც მის საქციელს. ბატონი მირიელი ექსის სასამართლოს პალატის მრჩევლის შვილი იყო და, რაღა თქმა უნდა, მოსამართლე არისტოკრატთა ფენას ეკუთვნოდა. ხმები დადიოდა, მამას უნდოდა თავის მემკვიდრედ დაეტოვებინა და წესისამებრ, რომელიც იმხანად ესოდენ გავრცელებული იყო მოსამართლე მოხელეთა წრეში, ძალიან ადრე შეერთო ცოლი - თვრამეტი, ოცი წლის ასაკში. მაგრამ, მიუხედავად ამ ქორწინებისა, შარლ მირიელი თავისი ქცევებით მაინც კარგა ხანს ალაპარაკებდა საზოგადოებას. იგი ლამაზი, მოხდენილი ყმაწვილი კაცი იყო, თუმცა ტანად მორჩილი, მაგრამ სალუქი, კოხტა, მახვილგონიერი. მთელი თავისი სიცოცხლის პირველი ნახევარი დროსტარებასა და ტრფიალებას შეალია.

    დაიწყო რევოლუცია. აირია ცხოვრება. პარლამენტის წევრთა დაქსაქსული ოჯახები, რომელთაც სდევნიდნენ და არბევდნენ, სხვადასხვა მხარეს გაიფანტა. ბატონი შარლ მირიელი რევოლუციის პირველი დღეებიდანვე იტალიაში გადაიხვეწა. აქვე გარდაეცვალა ცოლი გულის ავადმყოფობით, რაც დიდი ხანია აწუხებდა. შვილი არ დარჩენია. როგორ დატრიალდა ამის შემდეგ შარლ მირიელის ბედი? ნუთუ საფრანგეთის ძველი საზოგადოების დაშლამ, საკუთარი ოჯახის დაღუპვამ, ოთხმოცდაცამეტი წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც შორიდან უფრო გაზვიადებულ საშინელებად ეჩვენებოდათ ემიგრანტებს, გაუღვიძა გულში ცხოვრებისაგან განდგომისა და განდეგილობის სურვილი? ან იქნებ თავისი ჩვეული მხიარულებითა და კეკლუცთა ტრფობით გართულს უცბად დაეცა იდუმალი და საზარელი მეხი, ხანდახან შიგ გულში რომ მოხვდება და ძირს დასცემს კაცს, რომელიც ვერც საზოგადოებრივ კატასტროფას, ვერც ცხოვრებასა და ვერც ბედისწერას ვერ შეურყევია. ამის პასუხს ვერავინ გეტყოდათ. იცოდნენ მხოლოდ, რომ იტალიიდან დაბრუნებისას იგი უკვე მღვდელი იყო.

    1804 წელს შარლ მირიელი მღვდლად იყო ბრინიოლში. უკვე მოხუცებული სრულიად განმარტოებულად ცხოვრობდა.

    ნაპოლეონი რომ იმპერატორად აკურთხეს, იმ ხანად ბატონ მირიელს პარიზში მოუხდა ჩასვლა თავისი სამწყსოს საქმეებზე. საქმის მოსაგვარებლად, სხვა გავლენიან პირთა გარდა, კარდინალ ფეშთანაც უნდა მისულიყო. ერთ დღეს იმპერატორი თავისი ბიძის სანახავად მივიდა, ღირსეული მღვდელიც იქ დახვდა, მისაღებ ოთახში, სადაც იმპერატორს უნდა გამოევლო. ნაპოლეონმა შენიშნა, რომ მოხუცი მას რაღაც დიდი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა. უკან მიიხედა და უკმეხად წამოიძახა:

    - ვინ არის ეს პატარა კაცი, ასე რომ მიმზერს?

    - ხელმწიფეო, თქვენ პატარა კაცს უმზერთ, - მიუგო მირიელმა, - მე კი - დიდს. შეიძლება ამით არც ერთმა არ წააგოს.

    იმპერატორმა იმ საღამოსვე ჰკითხა კარდინალს ამ მღვდლის ვინაობა, ცოტა ხნის შემდეგ შარლ მირიელი განცვიფრებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ დინის ეპისკოპოსად იყო დანიშნული.

    რამდენად მართალი იყო, რასაც ბატონი მირიელის ცხოვრების პირველ ნახევარზე ლაპარაკობდნენ, ამისი არავინ არაფერი იცოდა; მის ოჯახს რევოლუციამდე თითქმის არავინ იცნობდა.

    პატარა ქალაქში ახალმოსულთა ბედი ბატონ მირიელსაც უნდა ხვდომოდა წილად, რადგან იქ მრავლად იყო მოტარტარე ენის პატრონი და ბევრად ნაკლები - მოაზროვნე თავის მქონე. მასაც უნდა ხვდომოდა წილად ეს ბედი, თუმცა ეპისკოპოსი იყო, დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ეპისკოპოსი გახლდათ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მითქმა-მოთქმა იყო, ცარიელი ენის ქავილი, ყაყანი, სიტყვები, ლაპარაკი, ლაყბობა, რაღაცას ამბობდნენ, ლაპარაკობდნენ, სიტყვას ფანტავდნენ, ენას აჭარტალებდნენ უსაქმურები.

    ასე იყო თუ ისე, ეპისკოპოსის დინში მოსვლიდან ცხრა წლის შემდეგ დავიწყებას მიეცა ყოველგვარი ჭორი, ყველაფერი, რაც კი პატარა ქალაქის პატარა ადამიანებს ძრახვის საგნად გაეხადათ. ამჟამად ვერავინ გაბედავდა რაიმეს თქმას, ვერავინ გაბედავდა აუგის გახსენებასაც კი.

    ბატონი მირიელი დინში ერთი ხანდაზმული გაუთხოვარი ქალის თანხლებით ჩავიდა. ეს გახლდათ ქალბატონი ბატისტინე, ბატონ მირიელის და, ძმაზე ათი წლით უფროსი.

    მოსამსახურედ ერთადერთი ბებერი ჰყავდათ, ქალბატონ ბატისტინეს ხნისა, სახელად მაგლუარი. მაგლუარი ჯერ მოძღვრის მოსამსახურის მოვალეობას ასრულებდა, ბოლოს კი ორი წოდებით აღიჭურვა; ბატისტინეს მოახლეც იყო და მისი უსამღვდელოესობის მნეც.

    მაღალი, ფერმკრთალი, ტანწვრილი, უწყინარი ქალბატონი ბატისტინე ეგრეთ წოდებული „დარბაისელი ადამიანის იდეალის განხორციელება იყო. რამეთუ, როგორც   ჩვენ   ვფიქრობთ,   მარტოოდენ   დედობა   აძლევს   ქალს უფლებას „პატივცემულად იწოდებოდეს. იგი ლამაზი არასოდეს ყოფილა, მთელი სიცოცხლე ქველმოქმედებას შეალია; კაცთმოყვარეობამ და გაჭირვებულთა განკითხვამ წმინდანის შუქი მოჰფინა, მბრწყინავი ელვარებით დაამშვენა და მოხუცობაში შესული ქალი სიკეთის სინატიფით გააცისკროვნა. სიყმაწვილითვე გამხდარი იყო; რა მოიწიფა, ჰაეროვანი გახდა და ამ ჰაეროვნებაში აშკარად მოჩანდა ანგელოზი. იგი უფრო სული იყო, ვიდრე ქალწული. აჩრდილსა ჰგავდა მისი არსება, ხორცი იმდენი ესხა, რომ ოდნავ შესამჩნევი ყოფილიყო სქესი; სხივით აღვსილი ერთი მუჭა საგნისოდენა ჩანდა. დიდრონი თვალებით მუდამ მიწას ჩასჩერებოდა. თითქოს სული მისი ეძიებდა ამა ქვეყნად მოსვლის საბაბს.

    მაგლუარი ერთი პატარა, ჭაღარა, ჩასუქებული დედაბერი იყო, მუდამ საქმეში გართული; სულ ქშინავდა, რადგან ერთთავად მოძრაობდა, გარდა ამისა, ასთმაცა სჭირდა.

    ბატონი მირიელი მისთვის მიჩენილ საეპისკოპოსო სასახლეში დააბინავეს დიდი პატივისცემით, თანახმად იმპერატორის დეკრეტისა, რომლის ძალითაც დიდებულთა სიაში მარშლის შემდეგ ეპისკოპოსი არის ხოლმე დასახელებული. ქალაქის მერი და სასამართლოს თავმჯდომარე პირველნი მივიდნენ მის სანახავად, თვითონ კი პირველად მხედართმთავარი და პრეფექტი მოინახულა.

    დაბინავების შემდეგ ქალაქი მოლოდინში იყო - როგორი გამოდგებოდა საქმეში მღვდელმთავარი.

    თავი მეორე. ბატონი მირიელი მონსინიორ ბიენვენიუ ხდება

    დინის საეპისკოპოსო სასახლე საავადმყოფოს გვერდით იყო აგებული. ეს მშვენიერი, ქვითკირის ფართო შენობა გასული საუკუნის დასაწყისში მისმა უსამღვდელოესობა ანრი პუჟემ ააგო. ანრი პუჟე პარიზის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დოქტორი იყო, სიმორის მღვდელი და 1712 წლიდან - დინის ეპისკოპოსი. ეს სახლი დიდებული მებატონის ნამდვილ სასახლეს წარმოადგენდა. საუცხოოდ ჰქონდა მოწყობილი ყველაფერი: ეპისკოპოსის სადგომი ოთახებიც, სასტუმრო დარბაზებიც, ეზოც, ძველი ფლორენციული ყაიდის დიდი, კამაროვანი ხეივნებიც და საგანგებო ხეებით სავსე ბაღიც. სასადილო დარბაზი, რომელიც პირველ სართულზე იყო, გრძელ, მშვენიერ ტალანს წარმოადგენდა და ფანჯრებით ბაღში გადიოდა. მისი უსამღვდელოესობა ანრი პუჟე 1714 წლის 29 მკათათვეს დიდი ზარ-ზეიმით გამასპინძლებია მის უსამღვდელოესობა შარლ ბრიულარ დე ჟანლის, ანბრუნის მთავარეპისკოპოსს, ანტუან დე მესგრინს, კაპუცინს, გრასის ეპისკოპოსს ფილიპ დე ვანდომს, დიდ წინამძღვარს მონასტრებისას, სენტ ონორე დე ლერენის მოძღვარს, ფრანსუა დე ბერტონ გრიიონს, ეპისკოპოსს, ვანის ბარონს; სეზარ დე საბრან ფორკალკიერს, გლანდევისის მებატონე ეპისკოპოსს და ჟან სოანენს, ორატორიის მღვდელს, მეფის მოქადაგეს, ეპისკოპოსს, სენეს მებატონეს. ამ წმინდა მამათა შვიდი სურათი ამშვენებდა სასადილო დარბაზს და ეს ღირსსახსოვარი დღე, 1714 წლის 29 მკათათვე, ოქროს ასოებით იყო ამოჭრილი თეთრი მარმარილოს ერთ-ერთ მაგიდაზე.

    საავადმყოფო ვიწრო, დაბალი, ორსართულიანი შენობა იყო, პატარა ბაღით. დინში მოსვლის მესამე დღეს ეპისკოპოსმა საავადმყოფო დაათვალიერა. დაიარა, ყოველივე ნახა და მერე ზედამხედველს სთხოვა, პატარა ხანს ჩემთან გადმობრძანდითო.

    - რამდენი ავადმყოფია ამჟამად თქვენს საავადმყოფოში, ბატონო ზედამხედველო? - ჰკითხა ეპისკოპოსმა.

    - ოცდაექვსი, თქვენო უსამღვდელოესობავ.

    - მაშ, კარგად დამითვლია, - ბრძანა ეპისკოპოსმა.

    - ძალიან ვიწროდ გახლავართ, - მოახსენა ზედამხედველმა, - ლოგინები ერთმანეთს აკრავს.

    - ეგ მეც შევნიშნე.

    - ძალიან პატარა ოთახები გვაქვს და ჰაერის გაწმენდა თითქმის შეუძლებელი ხდება.

    - მეც აგრე მგონია.

    - გარდა ამისა, როცა კარგი დარი გახლავთ, მოკეთებული ავადმყოფები კარში ვერ გამოგვიყვანია, რადგან არც ეზო გვაქვს ფართო, არც ბაღი.

    - მეც ასე ვიფიქრე.

    - და თუ გაგვიწყრა ღმერთი და ავადმყოფობა გავრცელდა რამე, - წლეულს სახადმა შეგვაწუხა, ამ ორი წლის წინათ კიდევ საოფლე მძვინვარებდა, - ხშირად ასი კაციც კი მოაწყდება ხოლმე საავადმყოფოს და აღარ ვიცით, რა ვქნათ.

    - მეც მაგისი მეშინია.

    - რას ვიზამთ, თქვენო უსამღვდელოესობავ, ბედს უნდა დავმორჩილდეთ, ბედს.

    ეპისკოპოსი და ზედამხედველი ქვემო სართულის სასადილო დარბაზში ბაასობდნენ. ეპისკოპოსი ცოტა ხანს გაჩუმებული იყო, მერე უცბად მიუბრუნდა საავადმყოფოს ზედამხედველს:

    - როგორ გგონიათ, ბატონო, რამდენი ავადმყოფი დაეტევა, სხვა რომ არა ვთქვათ, მარტო ამ ოთახში?

    - თქვენი უსამღვდელოესობის სასადილო დარბაზში? - შეჰყვირა განცვიფრებულმა ზედამხედველმა.

    ეპისკოპოსი თვალით ზომავდა დარბაზს, თითქოს უკვე ალაგებს ავადმყოფების საწოლებს და რაღაცას ანგარიშობსო.

    - ოცი კაცი სულ თავისუფლად დაეტევა, - ბრძანა ეპისკოპოსმა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო. მერე ხმა აამაღლა: - მომისმინეთ, ბატონო, რას მოგახსენებთ. ცხადია, აქ შეცდომაა; თქვენ, ოცდაექვსი კაცი, ხუთ თუ ექვს პატარა ოთახში ხართ, ჩვენ კი სულ სამნი გახლავართ და ალაგი სამოცი კაცისა გვიჭირავს. შეცდომაა-მეთქი, მოგახსენებთ. თქვენ აქ გადმობრძანდით, მე თქვენსა გადმოვალ. დამიცალეთ, ბატონო, ჩემი სახლი. აქაურობა თქვენი გახლავთ.

    მეორე დღეს ოცდაექვსი საცოდავი ავადმყოფი ეპისკოპოსის სასახლეში გადაიყვანეს, ეპისკოპოსი კი საავადმყოფოში გადასახლდა.

    ბატონ მირიელს არავითარი ქონება არ გააჩნდა, ვინაიდან ოჯახი რევოლუციამ გაუნადგურა. ბატისტინეს რენტა ჰქონდა ხუთასი ფრანკი წელიწადში, რაც მის პირად ხარჯს სავსებით ჰყოფნიდა.

    ეპისკოპოსს წელიწადში თხუთმეტი ათასი ფრანკი ეძლეოდა მთავრობისგან. გადასახლდა თუ არა საავადმყოფოს შენობაში, ბატონმა მირიელმა იმავ დღეს განაწესა „თავისი სახლის ხარჯთაღრიცხვა". საკუთარი ხელით აღნუსხა ხარჯი და დაადგინა შემდეგი განაწესი:

    ცნობა სახლის ხარჯის განწესებისა:

    პატარა სემინარიას - ათას ხუთასი ლივრი

    მისიონერების დასახმარებლად - ასი ლივრი

    მონდიდიელ ლაზარისტებს - ასი ლივრი

    უცხოელთა მისიების სემინარიას პარიზში - ორასი ლივრი

    სულიწმინდის მონასტერს - ას ორმოცდაათი ლივრი

    სარწმუნოებრივ დაწესებულებებს პალესტინაში - ასი ლივრი

    დედათა საქველმოქმედო საზოგადოებას - სამასი ლივრი

    იმავე საზოგადოებას არლში - ორმოცდაათი ლივრი

    საპატიმროთა გასაუმჯობესებლად - ოთხასი ლივრი

    პატიმართა დასახმარებლად და გასათავისუფლებლად - ხუთასი ლივრი

    ვალების გამო დაპატიმრებულ ცოლ-შვილის პატრონთა გასათავისუფლებლად - ათასი ლივრი

    დამატებითი სასყიდელი სამწყსოს სკოლების ღარიბ მასწავლებელთათვის - ორი ათასი ლივრი

    ზემო ალპებში მგზავრთა თავშესაფარს - ასი ლივრი

    დინის, მანოკის და სისტერონის „დედათა საზოგადოებას" ქალების უფასო სწავლისათვის - ათას ხუთასი ლივრი

    ღარიბთა დასახმარებლად - ექვსი ათასი ლივრი

    ჩემი პირადი ხარჯი - ათასი ლივრი

    სულ თხუთმეტი ათასი ლივრი.

    ეპისკოპოს მირიელს მრავალი წლის მანძილზე, რაც დინში იყო და თავისი სამწყსოს საქმეებს განაგებდა, არაფერი შეუცვლია ამ ხარჯთაღრიცხვაში. ამას იგი, როგორც ხედავთ, თავისი სახლის „ხარჯის განწესებას" უწოდებდა.

    ქალბატონმა ბატისტინემ სრული მორჩილებით მიიღო ეს განწესება. ამ ღვთისნიერი ქალისათვის დინის ეპისკოპოსი ძმაც იყო და მღვდელმთავარიც, მეგობარი ბუნების კანონით და მოძღვარი ეკლესიის ძალით. უყვარდა თავისი ძმა და თაყვანს სცემდა მოძღვარს. ძმა რომ ლაპარაკობდა, ის თავდახრილი ისმენდა, ძმა რომ განაგებდა რამეს, ისიც ეთანხმებოდა, მარტო მოსამსახურე მაგლუარი ბუზღუნებდა ხანდახან. ეპისკოპოსმა პირადი ხარჯისათვის, როგორც მკითხველი დაინახავდა, სულ ათასი ფრანკი გადადო; ამას ქალბატონ ბატისტინეს პენსიაც რომ დავუმატოთ, გამოვა ათას ხუთასი ლივრი წელიწადში. ამ ფულით უნდა ეცხოვრათ ორ ხანშიშესულ ქალსა და მოხუც ეპისკოპოსს.

    როდესაც დინში ვინმე სოფლელი მღვდელი ჩავიდოდა, მისი უსამღვდელოესობა საშუალებას პოულობდა სუფრაზე მიეწვია და კარგი პატივი ეცა მისთვის - მაგლუარის სასტიკი ყაირათისა და ბატისტინეს საგანგებო დიასახლისობის წყალობით.

    ერთხელ - სამი თვე თუ იქნებოდა, რაც დინში ჩამოსულიყვნენ - ეპისკოპოსმა თქვა:

    - ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საკმაოდ ხელვიწროდ კი ვარ, ღვთის წინაშე!

    - მე კი არ ვიცი?! - შეჰყვირა მაგლუარმა, - ისიც არ ინებეთ, თქვენო უსამღვდელოესობავ, რომ ეტლის ხარჯი მოგეთხოვათ, რომელიც დეპარტამენტმა უნდა გაძლიოთ ქალაქში წასასვლელად და სამწყსოში დასაბრუნებლად.

    უწინდელი ეპისკოპოსები სარგებლობდნენ ამ უფლებით.

    - ოჰო! - წამოიძახა ეპისკოპოსმა, - ეს კარგი მომაგონეთ, მაგლუარ-ქალო!

    და ეპისკოპოსმა მართლაც მიმართა დეპარტამენტს თხოვნით.

    რამდენიმე ხნის შემდეგ დეპარტამენტის საბჭომ შეიწყნარა ეს მიმართვა. წელიწადში სამი ათასი ფრანკი დაუნიშნა და გასავალში ასეთი მუხლიც შეიტანა:

    „დინის ეპისკოპოსს ეტლის, ფოსტის და სამწყსოში მოგზაურობის ხარჯის დასაფარავად".

    ამ ამბავმა ერთობ ააყაყანა ადგილობრივი ბურჟუაზია და იმპერიის ერთმა სენატორმა, ხუთასთა საბჭოს ყოფილმა წევრმა, რომელიც თვრამეტი ბრიუმერისა და ნაპოლეონის ყურმოჭრილი ყმა იყო, დიახ, ამ საბჭოს წევრმა, რომელმაც იქვე, ქალაქ დინის მიდამოებში ძვირფასი სასენატორო მამული მიიღო ჯილდოდ ერთგული სამსახურისთვის, სარწმუნოების მინისტრს, ბატონ ბიგო დე პრეამნოს მრისხანებით აღსავსე პატარა საიდუმლო წერილი მისწერა, რომლის რამდენიმე სტრიქონი უცვლელად ამოვიწერეთ: „ეტლის ხარჯი? ნეტავ რა ეტლები ნებავს ამ პატარა ქალაქში, სადაც ოთხი ათასი სულიც არ ცხოვრობს? ფოსტის ხარჯი? რა საჭიროა ფოსტით სიარული? თანაც სად უნდა იაროს ფოსტით ამ მთიან ქვეყანაში, გზები რომ არსად არის? თუ სადმე წავა ვინმე, ისევ ცხენით. სულ ასეთები არიან ეს მღვდლები, გაუმაძღრები და ხელმოჭერილები. ძალიან წმინდა მოციქულად გვეჩვენა, ახალი მოსული რომ იყო, ახლა კი ესეც სხვებივით სწირავს, ეტლი ნებავს და ფოსტის ცხენები! უწინდელ ეპისკოპოსებსავით დიდება და ფუფუნება! ოჰ, ეს ამოსავარდნელი ბერ-მონოზნები, ბატონო მინისტრო! ქვეყანა მაშინ დამშვიდდება, როდესაც იმპერატორი კეთილ ინებებს და დაგვიხსნის ამ უგუნურთაგან. ძირს პაპი! (იმჟამად ცუდად იყო საქმე საფრანგეთისა და რომის ურთიერთობაში). რაც შეეხება პირად ჩემს რწმენას, მე კეისრის მეტი არავინა მწამს. მარტოდმარტო კეისარი! არც ბერი და არც მღვდელი!" და სხვ. და სხვ.

    სამაგიეროდ, მაგლუარი ძალიან გაახარა ამ ფულმა:

    - ძალიან კარგი, - უთხრა ბატისტინეს, - ჯერ სხვებზე ზრუნვას მოუნდა მისი უსამღვდელოესობა. ქველმოქმედებას შეალია თავისი ჯამაგირი. ეს სამი ათასი ფრანკი ჩვენ დაგვრჩება სახარჯოდ. ძლივს! ეპისკოპოსმა იმ საღამოსვე შეადგინა და თავის დას გადასცა შემდეგი ცნობა:

    ეტლისა და მგზავრობის ხარჯი:

    საავადმყოფოს ავადმყოფთათვის ხორცის წვნიანის გასაკეთებლად - ათას ხუთასი ლივრი

    ექსის დედათა საქველმოქმედო საზოგადოებას - ორას ორმოცდაათი ლივრი

    დრაგინიანის დედათა საქველმოქმედო საზოგადოებას - ორას ორმოცდაათი ლივრი

    უპატრონო ბავშვთათვის - ხუთასი ლივრი

    ობოლთათვის - ხუთასი ლივრი

    სულ სამი ათასი ლივრი.

    ასე იყო განაწილებული ეპისკოპოსის შემოსავალი.

    რაც შეეხება ეპისკოპოსის შემთხვევით შემოსავალს, როგორიცაა აღსარება, მიტევება, ნათლობა, ეკლესიის კურთხევა, ქორწინება, ცხედართან წინ წაძღოლა და სხვა, იგი შეძლებულთაგან მით უფრო მეტს იღებდა, რამდენიც გაჭირვებულთა დასახმარებლად თავისი არ ჰყოფნიდა.

    რამდენიმე ხნის შემდეგ ფულმაც დაიწყო დენა. შეძლებულიც და გაჭირვებულიც, ორივე მისი უსამღვდელოესობის, მირიელის კარს აკაკუნებდა: ერთი სტოვებდა და მეორეს მიჰქონდა. არ გასულა ერთი წელიწადი, ეპისკოპოსი შეიქნა ყველა ქველმოქმედის ხაზინადარი. დიდძალი ფული ტრიალებდა მის ხელში, მაგრამ ერთხელვე განწესებული მისი ცხოვრება აღარაფრით შეცვლილა.

    პირიქით, თვითონ იკლებდა, რადგან ქვემოთ გაჭირვება უფრო მეტია, ვიდრე ზემოთ ძმობის შეგნება. ეპისკოპოსს თითქმის ყოველთვის წინდაწინ დარიგებული ჰქონდა, რაც ვარაუდით ქველმოქმედთაგან უნდა მიეღო. მმოწყალება ნამივით ხვდებოდა გვალვისაგან გახურებულ მიწას და ვერ ასველებდა. დიდი ფული მოსდიოდა, მაგრამ ყოველთვის უფულოდ იყო და თავის თავს აკლებდა.

    ჩვეულებად არის დადებული, ეპისკოპოსი თავის ქადაგებაში ან სამღვდელოებისადმი მიწერილ ეპისტოლეში ნათლობის სახელით მოიხსენიებს თავს და საწყალმა ხალხმაც, თითქოს გულით იცნო მისთვის თავდადებული მოძღვარი, არც შარლი ინდომა მის სახელად, არც ბენუა და „მონსინიორ ბიენვენიუ" უწოდა. ჩვენც ხალხს მივბაძავთ და ამ სახელს ვუწოდებთ ხოლმე, მით უფრო, რომ მის უსამღვდელოესობასაც ძალიან ესიამოვნა ეს სახელი.

    - ძალიან მომწონს ეს სახელი, - იტყოდა ხოლმე ხშირად, - „კეთილმოვლენილი" ამადლიანებს მის უსამღვდელოესობას.

    ვერ გავბედავთ და ვერ ვიტყვით, რომ ჩვენგან დახატული სურათი სავსებით წარმოადგენდა მის უსამღვდელოესობას. იმის თქმას დავჯერდებით, რომ სურათი საკმარისად ემსგავსება მას.

    თავი მესამე. კეთილ მოძღვარს - მძიმე სამწყსო

    ეპისკოპოსმა თავისი ეტლი საქველმოქმედო დაწესებულებებს შესწირა, მაგრამ სამწყსოში სიარულს მაინც არ უკლო. საშინელი ძნელი სამგზავროა დინის ეპარქია, ძალიან ცოტა აქვს ბარი და ძალიან ბევრი - მთა, შარაგზები ხომ, როგორც ზევით უკვე აღვწერეთ, თითქმის არ მოიპოვება.

    ოცდათორმეტი სადეკანოზო ჰქონდა ბატონ მირიელს და სამას ოცდაექვსი ეკლესია. ძნელ საქმეს წარმოადგენდა ყველა ეკლესიის დავლა, მაგრამ ბატონი მირიელი ერთიანად მოივლიდა ხოლმე თავის სამწყსოს. ფეხით გაისეირნებდა, თუ ახლო მიდიოდა სადმე; ეტლით, თუ ბარში ჰქონდა სამგზავრო, ცხენით კი - მთაში. ორი მოხუცებული ქალიც თან ახლდა. თუ ცუდი გზა ჰქონდა გასავლელი და ქალებს გაუჭირდებოდათ იქ მგზავრობა, მარტო მიდიოდა.

    ერთხელ სახედრით მივიდა სენეზში, უწინდელ საეპისკოპოსო ქალაქში. ქისა ცარიელი ჰქონდა. იმჟამად ეტლის დაქირავება ვერ შესძლო. ქალაქის მერი მიეგება ეპისკოპოსს სახლის კარებში და განცვიფრებული შესცქეროდა სახედრიდან ჩამომხტარ სულიერ მამას. ითაკილა და ირცხვინა მერმა. რამდენიმე ბურჟუამ სიცილიც კი დააყარა:

    - ვიცი, ბატონო მერო და ბატონო ბურჟუებო, რამ აგაშფოთათ აგრე, სახედარზე მჯდომარე დამინახეთ. ძალიან ამაყი უნდა იყოს ვიღაც უბრალო ბერი, რომ იესო ქრისტესავით ვირით დადიოდესო, განა? საჭიროებამ მაიძულა და არა ამპარტავნობამ.

    ყველგან გულკეთილი და ლმობიერი იყო, სადაც კი მივიდოდა, უფრო ებაასებოდა ხალხს, ვიდრე ქადაგებდა. შორს კი არ წავიდოდა საჭირო მოსაზრებისა თუ მაგალითების საძებნელად, ერთი მხრის მცხოვრებთ მეორე, მეზობელი სოფლების მაგალითზე მიუთითებდა.

    იმ სოფლებში, სადაც გაჭირვებულთა შებრალებისა და დახმარების არა სწამდათ რა, ცდილობდა ტკბილად შეეგონებინა მოყვასის სიყვარული.

    - აბა, შეხედეთ, ბრიანსონელებს. ღარიბ-ღატაკს, ქვრივსა და ობოლს ნებას აძლევენ - სამი დღით ადრე, ვიდრე სოფელი გავა სამუშაოდ, თავის საჭიროებისათვის მოთიბონ ბალახი სასოფლო სათიბში. - სახლი დაენგრევა ვინმე გაჭირვებულს და, სოფელი უშენებს მუქთად. ამიტომ არის ის მხარე უფლისაგან დალოცვილი. აგერ, საუკუნეზე მეტია, კაცის კვლა არ მომხდარა ბრიანსონში.

    იმ სოფელში, სადაც ფულის შოვნისა და კარგი მოსავლის გარდა აღარა ახსოვდა რა ხალხს, სხვა მაგალითს მოიშველიებდა:

    - უყურეთ ამბრონელებს, - ბრძანებდა ეპისკოპოსი. - მკის დროს რომ ავად გახდეს კაცი, შვილები ჯარში ჰყავდეს წასული და ქალები - ქალაქში მოსამსახურედ, მოძღვარი აუწყებს ხალხს მის გაჭირვებას და კვირას, წირვის შემდეგ, მთელი სოფელი - კაცი, ქალი და ბავშვი - მიეშურება ავადმყოფის ყანისაკენ; მომკიან, მოზიდავენ, გალეწავენ და დაუბინავებენ წლის სარჩოს.

    ოჯახში რომ განხეთქილებას ნახავდა, ფულის ან მემკვიდრეობის, მამულის გაყოფით გამოწვეულს, ეტყოდა:

    - დევოლნის მთაში არ ყოფილხართ? იქ ისეთი ციცაბო კლდეებია, რომ ნახევარი საუკუნე გავა, ბულბულის გალობას ერთხელაც ვერ გაიგონებენ; ჰოდა, იმ მთიულებმა იციან, მამა რომ მოკვდება, ვაჟიშვილები სახლიდან გარეთ მიდიან სამუშაოდ და ქონებას ქალებს უტოვებენ, რათა გათხოვება გაუადვილონ.

    იმ სოფლებში, სადაც ხალხი დავისა და სარჩელის სიყვარულით იყო განთქმული, თან არზების წერით და მარკებით გაღატაკებული, ეტყოდა:

    - რა გრჯით, ხალხო, რა გაჩხუბებთ? თქვენზე რამდენად დიდია კეირა, - სამი ათასი სული იქნება, - და, ღმერთო ჩემო, ისე არიან, თითქოს პატარა რესპუბლიკა იყოს. არც მსაჯულს იცნობენ და არც ბოქაულს. სუყველაფერს მერი განაგებს. ის ანაწილებს გადასახად ხარჯს, სინდისიერად ბეგრავს ყველას. უსასყიდლოდ არჩევს ყოველგვარ ჩხუბსა და უთანხმოებას, უსასყიდლოდვე ჰყოფს ძმების მამულს. მას ყველა ემორჩილება, რადგან მართალი და პატიოსანი კაცია, თავისივე ხალხის შვილი.

    იმ სოფლებს, სადაც მასწავლებელი არ ჰყავდათ, ისევ კეირელების მაგალითზე მიუთითებდა.

    - იცით, რა კარგად მოუგვარებიათ საქმე? იციან, რომ ათი-თორმეტი კომლი ვერ აცხოვრებს მასწავლებელს, მასწავლებელი კი სჭირდებათ. ჰოდა, მთელი ხეობა აძლევს ჯამაგირს. ისიც დადის და რვა დღე ერთ სოფელშია, ათი დღე - მეორეში; დღეს აქ ასწავლის, ხვალ იქ და უსწავლელი არავინ რჩება. ბაზრობაზე ვნახე იმათი მასწავლებლები, ქუდზე ფრთა აქვთ გაკეთებული და იმით ვიცანი. ვინც მხოლოდ კითხვას ასწავლის, ერთ ფრთას ატარებს, ვინც წერა-კითხვას, ანგარიშს და ლათინურს - იმას სამი ფრთა აქვს, თან ფრიად განსწავლულ ადამიანად ითვლება.

    სირცხვილი არ არის, დღევანდელ დღეს უვიცი იყოს კაცი? განა თქვენ კი ვერ შეძლებთ და კეირელებივით მასწავლებელს ვერ იყოლიებთ?

    ასე დარიგებით, მამაშვილურად ელაპარაკებოდა და ასწავლიდა; მაგალითი რომ შემოაკლდებოდა, იგავს ეტყოდა რასმე და კიდევაც აღწევდა მიზანს, რადგან იესო ქრისტესავით მოკლედა სჭრიდა, ბევრს არწმუნებდა მისებრ იგავით და მჭევრმეტყველებით.

    თავი მეოთხე. სიტყვის მსგავსნი საქმენი

    ალერსიანი და მხიარული ლაპარაკი იცოდა ეპისკოპოსმა. ისეთს არაფერს იტყოდა, რომ მის მოხუცებულ ქალებს ვერ გაეგოთ. რომ გაიცინებდა, შეგირდი ბავშვის სიცილი იყო მისი სიცილი.

    მაგლუარი ხალისით უწოდებდა „თქვენო უმაღლესობა"-ს.

    ერთხელ წიგნის ჩამოსაღებად მივიდა კარადასთან. წიგნი ზევითა თაროზე იყო და ვერ შესწვდა, რადგან ტანდაბალი იყო.

    - მაგლუარ-ქალო, - დაუძახა მოსამსახურეს, - ერთი, სკამი მომიტანეთ, თორემ აი, იმ წიგნს ვერ შესწვდა ჩემი უმაღლესობა.

    შორეული ნათესავი ჰყავდა, გრაფ ლოს ქვრივი. როდესაც კი ეპისკოპოსს ნახავდა, მაშინვე თავისი სამი შვილის „იმედებს გაუშლიდა წინ. ამ ქალს რამდენიმე ფრიად მოხუცებული ახლო ნათესავი ჰყავდა და მათ მემკვიდრეებად ითვლებოდნენ მისი შვილები. სულ უმცროსს, მამიდა რომ მოუკვდებოდა, ასი ათასი ლივრი ნაღდი შემოსავალი დარჩებოდა წელიწადში; შუათანას - ბიძის, ჰერცოგის ხარისხი ერგებოდა წილად თავის სამფლობელოთი, უფროსი თავისი პაპის მამულს და პერობას მიიღებსო. ეპისკოპოსი ჩვეულებრივ გაჩუმებული ისმენდა შვილების სიყვარულით გატაცებული დედის „ოცნებას. მაგრამ ერთხელ ჩვეულებრივზე უფრო ჩაფიქრებულსა ჰგავდა, თუმცა მისი მოსაუბრე აღტაცებით უხატავდა სხვის სიკვდილზე დამყარებულ ბედნიერებას. ეპისკოპოსს რომ შეხედა ქალმა, სიტყვა შეწყვიტა და, ცოტა არ იყოს, მოუთმენლად ჰკითხა:

    - ღმერთო ჩემო! ნეტავ რას ფიქრობთ, ასე განცვიფრებული რომ მიყურებთ?

    - უცნაურ რასმე, რომელიც, მგონი, ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა: იმ კაცის იმედი გქონდეთ, რომელსაც თქვენი მემკვიდრეობიდან არა ერგება რაო.

    ერთხელ კიდევ წერილი მოუვიდა, რომლითაც ერთი აზნაურის სიკვდილს ატყობინებდნენ; წერილში დაწვრილებით იყო მოხსენიებული ყოველგვარი ღირსება, რომელიც ვითომ ამკობდა მიცვალებულს და, გარდა ამისა, აღნუსხული იყო აგრეთვე მრავალი ფეოდალური და კეთილშობილური საპატიო სახელწოდება, რომელნიც თურმე ამშვენებდნენ მის წინაპართ.

    - რა კარგი ზურგი ჰქონია სიკვდილს, - შეჰყვირა ეპისკოპოსმა, - როგორ დაუტვირთავთ საბრალო ტიტულების სიით! ნეტავ რას ფიქრობს ადამიანი, რომ სამარესაც კი თავის ამაოებით ამოავსებს?

    თავის დროზე მშვენიერი, ტკბილი ხუმრობაც კი იცოდა, თითქმის ყოველთვის ღრმა აზრის გამომხატველი. მარხვის განმავლობაში დინში ერთი ყმაწვილი მღვდელი ჩამოვიდა და საეპისკოპოსო ტაძარში იქადაგა. ქადაგების საგნად მოწყალება დაისახა და საკმაო მჭევრმეტყველებაც გამოიჩინა. მდიდართ მოუწოდებდა, განიკითხეთ ღარიბ-ღატაკნი, რათა აიცდინოთ ჯოჯოხეთის ტანჯვაო და შემაძრწუნებლად დახატა გეენა ცეცხლისა. მერე ღარიბთა და ქვრივთა შეწყალების ჯილდოდ სასურველ და სანატრელ ციურ წალკოტად წარმოადგინა სამოთხე. ეკლესიაში, სხვათა შორის, ერთი მდიდარი ვაჭარი იმყოფებოდა, ბატონი ჟებორანი, რომელსაც ორი მილიონის ქონება ჰქონდა შეძენილი ტილოების ქსოვით და ვაჭრობით; ბოლო დროს ვაჭრობისათვის თავი დაენებებინა და ფულს ასარგებლებდა. ბატონ ჟებორანს თავის დღეში არავისთვის მიეცა მოწყალება; ამ ქადაგების შემდეგ კი შენიშნეს, რომ ყოველ კვირა დღეს, წირვა რომ დამთავრდებოდა, ერთ სუს აძლევდა ეკლესიის კართან მოგროვილ მათხოვარ დედაკაცებს. ექვსნი იყვნენ და უნდა გაეყოთ ეს ერთი სუ. ერთხელ ეპისკოპოსმა თვალი მოჰკრა ბატონ ჟებორანს, მოწყალებას რომ აძლევდა და თავის დას უთხრა ღიმილით:

    - შეხე, ბატონი ჟებორანი სამოთხეს ერთ სუდ ყიდულობს.

    როცა გაჭირვებულთა დასახმარებლად საშუალება გამოელეოდა, ისევ შეძლებულთ მიმართავდა. თავის თავს არ დაზოგავდა, არც უარს შეუშინდებოდა და ისეთი სიტყვით მიმართავდა უარის მთქმელს, რომ გულქვასაც კი ჩააფიქრებდა. ერთ სახლში, დიდ საზოგადოებაში, ფულს აგროვებდა ღარიბთათვის. იქვე იყო მარკიზი დე შანტერსიე, ერთი მოხუცებული, მდიდარი ძუნწი კაცი, რომელიც როგორღაც ახერხებდა და ერთდროულად მეფის მომხრეც იყო და ვოლტერისაც; ამ ჯიშის კაციც არსებობდა ოდესღაც.

    - ბატონო მარკიზო, - სთხოვა ეპისკოპოსმა და მკლავზე ხელი დაადო, - თქვენც უნდა მიბოძოთ რამე.

    მარკიზი მობრუნდა და ცივად მიუგო:

    - მე ჩემი ღარიბები მყავს, თქვენო უსამღვდელოესობავ.

    - ისინი მაინც დამითმეთ, - უთხრა ბატონმა მირიელმა. ერთხელ წირვის შემდეგ ტაძარში ასეთი ქადაგება ბრძანა:

    - საყვარელნო ძმანო ჩემნო, ჩემო კეთილო მეგობარნო! ჩვენს ქვეყანაში დღეს ათას სამას ოცი სახლია გლეხი კაცისა, სამი სარკმელი რომ აქვს; მილიონ რვაას ჩვიდმეტი ათასი სახლი - ორსარკმლიანი, ერთკარიანი და ერთფანჯრიანი და სამას ორმოცდაექვსი ათასი ისეთი სახლია, რომ ერთი კარის მეტი სანათურად არა აქვს რა, იმ მიზეზის გამო, რომ სახელმწიფო ხარჯს ადებს ყოველ კარს და ფანჯარას. შერეკეს ღარიბი ხალხი - მოხუცებული დედაკაცები და უსუსური ბავშვები - ჰაერდახშულ სახლში და გაამძვინვარეს ყოველგვარი სნეულება. უბედურება არ არის? ღმერთმა ჰაერი მიანიჭა ადამიანს, კანონი კი მას ეუბნება, თუ გინდა, იყიდეო. მე კანონს არ ვგმობ, მაგრამ ღმერთს ვადიდებ იზერაში, ვარში, ზემო და ქვემო ალპებში, გლეხი კაცი, საქონელი რომ არა ჰყავს, ზურგით ზიდავს პატივს და ყოველგვარ ტვირთს. სანთელი არა აქვს და კვარი უნთია, ან ფისში ამოვლებული ბაწარი. მთელი დოფინე რომ მოიაროთ, სანთელს ვერსადა ნახავთ. შეშის მაგივრად წივს ხმარობენ. პურს იმავე წივით ექვსი თვისას აცხობენ, ზამთარში ცულით ამტვრევენ, დღე და ღამე წყალში უყრიათ, რომ დალბეს და კბილი მოეკიდოს. შეიბრალეთ თქვენი მოყვასნი, ძმანო, ხომ ხედავთ, რა გაჭირვება სუფევს თქვენ ირგვლივ.

    ეპისკოპოსი პროვანსში იყო დაბადებული და ადვილად შეესწავლა სამხრეთის დიალექტები. ლანგდოკელს ლანგდოკურად გამოელაპარაკებოდა, დოფინელს - დოფინურად. ეს ძალიან მოსწონდა ხალხს, ძალიან უადვილებდა მასთან დაახლოებას და მისი გულის მოგებას. სადმე მთაში ან ქოხში ისე იყო, როგორც საკუთარ სახლში, რაც უნდა დიად საგანს შეხებოდა, ისე მდაბიურად იტყოდა, რომ ყველას შეეგნო. ყველა ენას ლაპარაკობდა და ყველას სულში სწვდებოდა.

    საზოგადოების წარჩინებულ პირებსა და უბრალო გლეხკაცს არ ასხვავებდა, ყველას ერთნაირად ექცეოდა.

    აჩქარებით, გარემოებათა განუსჯელად არავის გაამტყუნებდა.

    - ვნახოთ გზა, რომლითაც შეცდომა შემოგვეპარაო, - ბრძანებდა ხოლმე ყოველთვის, როცა ვინმეს დაადანაშაულებდნენ.

    თვითონაც ეცხოვრა საზოგადოებაში, თავის თავზე გამოეცადა ყოფილ ცოდვილს ყოველი ცდუნება და სისუსტე ადამიანისა და არ ითხოვდა ჩვენს ზნეობრივ ვალდებულებათა სასტიკ ასრულებას; პირიქით, დაურიდებლად ქადაგებდა თავის მოძღვრებას, რომელიც მოკლედ შეიძლება ასე გამოითქვას:

    „ადამიანი ხორცშესხმული ქმნილებაა და ეს ხორცი მისი ტვირთია, თან ცდუნება. ზიდავს ამ ტვირთს და იმასვე ემორჩილება ადამიანი".

    „უნდა უდარაჯოს, შეიკავოს, დათრგუნოს ხორცი ადამიანმა, უკიდურესობამდე ებრძოლოს და მხოლოდ მაშინ დაემორჩილოს. შეიძლება ამ დამორჩილებაშიც იყოს შეცდომა. მაგრამ ამგვარი შეცდომა მისატევებელია. ეს დაცემაა ადამიანისა, მაგრამ დაცემა მუხლზე, რომელიც შეიძლება ლოცვით დაბოლოვდეს".

    „წმინდანნი მხოლოდ ციურნი არიან; წუთისოფლის შვილთათვის კი ალალმართლობა დაუწესებიათ. შესცდით, შესცოდეთ, მაგრამ იყავით მართალნი".

    „ადამიანმა ეს კანონად უნდა დაისახოს - რაც შეიძლება ნაკლები შესცოდოს; სრული უცოდველობა ანგელოსთა ხვედრია. მიწიერი ყველაფერი ცოდვის წილია. ცოდვა ერთგვარი მიზიდულობაც არის".

    როდესაც ნახავდა, რომ ყველა აღშფოთებულია და ხმამაღლა ჰგმობს რასმე, გაიცინებდა და იტყოდა:

    - ეტყობა ყველასა სჭირს ეს სენი, თორემ ასე არ იუცხოებდნენ. შეშინდნენ ფარისეველნი და აყაყანდნენ, რაც უფრო მეტად დავძრახავთ, მით უფრო თავს დავიფარავთო.

    ძალიან ებრალებოდა დედაკაცნი და ღარიბნი, რომელთაც თანამედროვე საზოგადოების ტვირთი აწევს. ბრძანებდა: შეცდომა დედაკაცისა, ბავშვისა, მოსამსახურისა, სუსტისა, ღატაკისა და უგუნურისა, არის შეცდომა ქმრისა, მამისა, ბატონისა, ძალოვანისა, მდიდრისა და მცოდნისაო.

    ხშირად იტყოდა ხოლმე: უცოდინარს ასწავლეთ და გააგებინეთ, რაც კი შეგიძლიათ. საზოგადოება სცოდავს, რომ არ დაუწესებია უსასყიდლო სწავლა-განათლება. საზოგადოების ბრალია, რომ ასეთი წყვდიადით არის მოცული ხალხი. ბნელით არის მოცული ხალხის სული და ბნელი ხომ ბუდეა ცოდვისა. ცოდვილი ის კი არ არის, ვინც სცოდავს,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1