Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ბაბილონის პრინცესა
ბაბილონის პრინცესა
ბაბილონის პრინცესა
Ebook192 pages1 hour

ბაბილონის პრინცესა

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ფორმოზანტა ბაბილონის პრინცესაა, რომლის მამა მისთვის საქმროს პოვნას ცდილობს. პრეტენდენტებს შორის არიან სხვადასხვა ქვეყნების მეფეები და ასევე... მშვენიერი უცნობი ამაზანი. მრავალ გარემოებათა გამო ამაზანს ბაბილონის დატოვება უწევს, მას დაედევნება ფორმოზანტა ზღაპრულ აღმოსავლეთსა და ინკვიზიციის დასავლეთში ბედის საძიებლად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateJan 29, 2021
ბაბილონის პრინცესა

Read more from ვოლტერი

Related to ბაბილონის პრინცესა

Related ebooks

Reviews for ბაბილონის პრინცესა

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ბაბილონის პრინცესა - ვოლტერი

    ვოლტერი - ბაბილონის პრინცესა

    Voltaire - La Princesse de Babylone

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ნუნუ ქადეიშვილს.

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    I

    II

    III

    IV

    V

    VI

    VII

    VIII

    IX

    X

    XI

    განმარტებები

    I

    ბაბილონის მეფეს, მოხუც ბელუსს, ქვეყანაზე პირველ კაცად მიაჩნდა თავი. ყოველი კარისკაცი ამას ეუბნებოდა, მისი ისტორიოგრაფებიც ამას უმტკიცებდნენ. მეფის ამ სასაცილო თვითრწმენის გამართლება შეიძლებოდა მხოლოდ იმით, რომ თუმცა მისმა წინაპრებმა ოცდაათი ათასი წლით ადრე ააშენეს ბაბილონი, ბელუსმა იგი გაამშვენიერა. ცნობილია, რომ ბაბილონიდან რამდენიმე ფარასანგზე[1] მდებარე მისი სასახლე და ბაღი იმყოფებოდნენ ევფრატისა და ტიგროსის შორის და წარმოადგენდნენ თვალწარმტაც სანაპიროებს, რომელთაც ეს მდინარეები რწყავდნენ. მისი ვრცელი სასახლე ზეცას სწვდებოდა. ამ სასახლის ფასადი სამი ათასი ნაბიჯის სიგრძისა იყო. ბანის მსგავს სახურავს გარშემოვლებული ჰქონდა ორმოცდაათი ფუტის სიმაღლის თეთრი მარმარილოს მოაჯირი და ზედ მეფეებისა და სამეფოს წარჩინებულ პირთა უზარმაზარი ძეგლები იდგა. ეს სახურავი გაკეთებული იყო ტყვიით სქლად ამოვსებულ ორწყება კრამიტისაგან და მას ზევიდან თორმეტი ფუტის სიღრმის მიწა ეყარა; ამ მიწაზე ზეთისხილის, ფორთოხლის, ლიმონის, პალმის, მიხაკის, ქოქოსის და დარიჩინის ხეების ნამდვილი ტყე გაეშენებიათ. ისეთი ხშირი იყო ეს ხეივანი, რომ შიგ მზის სხივიც ვერ შეიჭრებოდა. ტუმბოებით ამოზიდული ევფრატის წყალი მარმარილოს ფართო აუზებს ავსებდა ამ ბაღებში, შემდეგ არხებში მიედინებოდა, ექვსი ათასი ფუტის სიმაღლის ჩანჩქერებსა და თვალუწვდენელი სიმაღლის შადრევნებსა ქმნიდა და ბოლოს ისევ უბრუნდებოდა მდინარეს. სემირამიდის[2] ბაღები, რომლებმაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ აზია გააკვირვა, მხოლოდ ამ უძველესი სასწაულების სუსტი მიბაძვა იყო; სემირამიდის შემდეგ მამაკაცთა და დედაკაცთა ხელში ყველაფერი გადაგვარებას იწყებს.

    მაგრამ ყველაზე უფრო შესანიშნავი და ყველაფრის დამჩრდილავი ბაბილონში მეფის ერთადერთი ასული ფორმოზანტა გახლდათ. მისი სურათებისა და ქანდაკებების მიხედვით, რამდენიმე საუკუნის შემდეგ, პრაქსიტელმა გამოაქანდაკა აფროდიტე, რომელსაც ლამაზდუნდულიანი ვენერა უწოდეს. მაგრამ, ღმერთო, რა განსხვავებაა დედანსა და ასლს შორის! ბელუსი საკუთარი ასულით უფრო ამაყობდა, ვიდრე თავისი სამეფოთი. ქალს თვრამეტი წელი შეუსრულდა და საჭირო იყო ღირსეული მეუღლის გამოძებნა. მაგრამ სად ეძებნათ? ერთმა ძველმა მისანმა ბრძანა, რომ ფორმოზანტას ცოლად შეირთავდა მხოლოდ ის, ვინც ნემბროდის[3] მშვილდს მოზიდავსო. ამ ნემბროდმა, ძლიერმა მონადირემ ღვთისა წინაშე, დასტოვა შვიდი ბაბილონური ფუტის სიგრძის აბანოზის ხისგან გათლილი მშვილდი. ეს ხე უფრო მაგარი იყო, ვიდრე კავკასიის რკინა, რომელსაც დარუბანდის სამჭედლოებში სჭედნენ, და ნემბროდის შემდეგ ვერც ერთმა მოკვდავმა ვერ შესძლო ამ სასწაულებრივი მშვილდის მოზიდვა.

    ეს არ კმაროდა. ვინც ამ მშვილდს მოზიდავდა, მას უნდა მოეკლა მძვინვარე და საზარელი ლომი, რომელსაც ბაბილონის ცირკის მოედანზე აუშვებდნენ. არც ეს კმაროდა: ვინც მშვილდს მოზიდავდა და ლომს დაამარცხებდა, მას მიწაზე უნდა დაენარცხებინა მეტოქეებიც; მაგრამ უწინარეს ყოვლისა მას მოეთხოვებოდა გონებამახვილობა, იგი უნდა ყოფილიყო დიდსულოვანი, სათნო და მას უნდა ჰქონოდა ისეთი იშვიათი ნივთი, რომლის ბადალს ქვეყანაზე ვერ იპოვიდით.

    სამმა მეფემ გაბედა ერთმანეთს შესცილებოდნენ ფორმოზანტას შერთვაში: ეგვიპტის ფარაონმა, ინდოეთის შაჰმა და სკვითების დიდმა ყაენმა. ბელუსმა შეჯიბრების დღე დანიშნა. საპაექრო ადგილად ბაღის ბოლო აირჩია, ევფრატისა და ტიგროსის წყლებით გარშემორტყმული ვრცელი მოედანი. აქ ააგეს მარმარილოს ამფითეატრი, რომელიც ხუთასი ათას მაყურებელს დაიტევდა. ამფითეატრის პირისპირ მეფის ტახტი დადგეს, აქ მეფე უნდა დამჯდარიყო ფორმოზანტასთან და სასახლის ამალასთან ერთად. მარჯვნივ და მარცხნივ, მეფის ტახტსა და ამფითეატრს შორის, სხვა ტახტები და სავარძლები იდგა სამი მეფისა და სხვა დიდებულთათვის, რომლებიც საზეიმო ცერემონიის სანახავად მოვიდოდნენ.

    ეგვიპტის მეფე პირველი მოვიდა; ის აპისის ხარზე იჯდა და ხელში იზისის სისტრი[4] ეჭირა. ფარაონს თან ახლდა თოვლზე უთეთრესი ტილოს კაბებით შემოსილი ორი ათასი ქურუმი, ორი ათასი საჭურისი, ორი ათასი მოგვი და ორი ათასი მეომარი.

    მალე ინდოეთის მეფეც მოვიდა ეტლით, რომელშიც თორმეტი სპილო იყო შებმული. მას კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალე ამალა ჰყავდა, ვიდრე ეგვიპტის ფარაონს.

    ბოლოს სკვითების მეფეც გამოჩნდა. მას ახლდა მშვილდითა და ისრებით შეიარაღებული რჩეული მეომრები. მეფე იჯდა მის მიერვე მოთვინიერებულ მშვენიერ ვეფხზე, რომელიც სიმაღლით სპარსულ ლამაზ ცხენებს არ ჩამოუვარდებოდა. ეს მონარქი თავისი დიდებული და წარმოსადეგი ტანადობით მეტოქეებს ჩრდილავდა. მისი თეთრი და ძარღვიანი შიშველი მკლავები თითქოს უკვე სწევდა ნემბროდის მშვილდს.

    სამივე პრინცი ჯერ ფორმოზანტასა და ბელუსის წინ განერთხნენ. ეგვიპტის მეფემ პრინცესას საჩუქრად მიართვა ნილოსის ორი მშვენიერი ნიანგი, ორი ჰიპოპოტამი, ორი ზებრა, ორი ეგვიპტური ვირთხა და ორი მუმია; ამასთან ერთად დიდი ჰერმესის[5] წიგნები, რომელთაც ის იშვიათობად სთვლიდა.

    ინდოეთის მეფემ ასი სპილო აჩუქა პრინცესას; თითოეულ სპილოს მოოქრული ხის კოშკურა ედგა ზურგზე. მანვე პრინცესის ფეხებთან დასდო ქსაკას ხელით დაწერილი „ვეიდამი[6]".

    სკვითების მეფემ, რომელმაც არც წერა იცოდა და არც კითხვა, პრინცესას შავი მელიების ტყავის ასალებით დაფარული ასი საომარი ცხენი მიართვა.

    მშვენიერმა პრინცესამ თვალები დახარა და მორცხვად და ღირსეულად დაუკრა თავი საქმროებს.

    ბელუსმა ბრძანა მიეცილებიათ მონარქები მათთვის განკუთვნილ ტახტებამდე.

    - რატომ არა მყავს სამი ასული? - უთხრა მან სამ მეფეს, - დღეს მე ექვს ადამიანს გავაბედნიერებდი.

    ბელუსმა ბრძანება გასცა კენჭი ეყარათ, ვინ შეეცდებოდა პირველად ნემბროდის მშვილდის მოზიდვას. პირველი გამოსვლა ეგვიპტის მეფეს ერგო, მეორე - ინდოეთის მეფეს და, როდესაც სკვითების მეფემ მშვილდსა და თავის მეტოქეებს გადახედა, არ ინანა, რომ მესამე რიგში ერგო გამოსვლა.

    სანამ ამ ბრწყინვალე შეჯიბრებისთვის ემზადებოდნენ, ოცი ათასი დარბაზის ყრმა და ამდენივე ქალიშვილი, წესრიგის დაურღვევლად, მაყურებლებს გამაგრილებელ სასმელებს სთავაზობდნენ.

    ყველა აღიარებდა, რომ ღმერთს მეფეები იმისთვის გაუჩენია, რომ ყოველი დღე დღესასწაულად აქციონ, მხოლოდ ისე, რომ გართობაში მრავალნაირობა შეიტანონ; ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ მისი სხვაგვარად გამოყენება არც შეიძლება; საჩივრები, ინტრიგები, ომი, ხუცების კამათი სწამლავენ ადამიანის სიცოცხლეს, ისინი მხოლოდ უაზრო და უსიამოვნო საქმეებს წარმოადგენენ. ადამიანი გაჩენილია გართობისათვის; მას ასე თავდავიწყებით და მუდმივად არ ეყვარებოდა გართობა, რომ ამისთვის არ იყოს შექმნილი; ადამიანის ბუნების დედაარსი თვითდატკბობაა, დანარჩენი ყველაფერი სისულელეა; ამ საუცხოო მორალს ყოველთვის მხოლოდ ფაქტები ეწინააღმდეგებიან.

    ის იყო უნდა დაეწყოთ შეჯიბრება, რომელიც ფორმოზანტას ბედს გადასწყვეტდა, რომ ცირკის მოედნის ზღუდესთან მარტორქაზე შემჯდარი ერთი ახალგაზრდა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1