Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ჯადოსნური მთა (წიგნი I)
ჯადოსნური მთა (წიგნი I)
ჯადოსნური მთა (წიგნი I)
Ebook799 pages14 hours

ჯადოსნური მთა (წიგნი I)

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

ამ იდეებით დახუნძლულ რომანში თომას მანი იყენებს სანატორიუმს შვეიცარიის ალპებში, რაც ევროპის მიკროკოსმად აქვს გამოყენებული და რომელიც 1914 წლამდე უკვე ავლენდა ირაციონალობის პირველ ნიშნებს. "ჯადოსნური მთა" - ესაა ერუდიციისა და ირონიის, სექსუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური ხეტიალის მონუმენტური ნაწარმოები, წიგნი, რომლის სიცოცხლის პულსაცია გაისმის სიკვდილის ბატონობისას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 7, 2021
ჯადოსნური მთა (წიგნი I)

Read more from თომას მანი

Related to ჯადოსნური მთა (წიგნი I)

Related ebooks

Reviews for ჯადოსნური მთა (წიგნი I)

Rating: 3.3333333333333335 out of 5 stars
3.5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ჯადოსნური მთა (წიგნი I) - თომას მანი

    თომას მანი - ჯადოსნური მთა (წიგნი პირველი)

    Thomas Mann - Der Zauberberg (I)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის დალი კოკაიას

    iBooks© 2019 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    წიგნი პირველი

    წინათქმა

    თავი პირველი

    ჩამოსვლა

    #34

    რესტორანში

    თავი მეორე

    ემბაზისა და ორსახიანი ბაბუის ამბავი

    ტინაპელებთან ცხოვრებისა და ჰანს კასტორპის სულიერი მდგომარეობის ამბავი

    თავი მესამე

    დარბაისლური მოღუშულობა

    საუზმე

    ლაზღანდარობა, ზიარება, შეწყვეტილი მხიარულება

    სატანა

    აზრის სიმახვილე

    ზედმეტი სიტყვა

    დედაკაცია, რაღა თქმა უნდა!

    ბატონი ალბინი

    სატანა ღირსების შემბღალავ წინადადებას იძლევა

    თავი მეოთხე

    საჭირო შენაძენი

    ექსკურსი დროის არსის გაგებისათვის

    იგი ფრანგულად ცდილობს ლაპარაკს

    პოლიტიკურად საეჭვოა

    ჰიპე

    ფსიქოანალიზი

    ეჭვი და განსჯა

    სუფრული საუბარი

    შიშის მოძალება. ორი ბაბუის ამბავი და ნავით მოგზაურობა

    თერმომეტრი

    თავი მეხუთე

    მარადისობის წვნიანი და უეცარი გასხივოსნება

    „ღმერთო ჩემო, ვხედავ!"

    თავისუფლება

    მერკურის ჭირვეულობა

    წიგნი პირველი

    წინათქმა

    ამ წიგნში ჰანს კასტორპის თავგადასავალი გვინდა გიამბოთ, ოღონდ ამბავს ჰანს კასტორპის ხათრით როდი გიყვებით (მაშინ მკითხველი მისი სახით თუმცა მიმზიდველ, მაგრამ მაინც ერთ უბრალო ყმაწვილკაცს გაეცნობოდა), ჩვენ აქ მოთხრობილი თავგადასავლის გულისათვის უფრო ვირჯებით, რადგან გვგონია, რომ ნამდვილად ღირს ჩიტი ბრდღვნად (ოღონდ, მოდი, ჰანს კასტორპსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას: ეს თავგადასავალი სწორედ მას გადახდა თავს და, მოგეხსენებათ, ბედი ყველას როდი არგუნებს ხოლმე ასეთ პატივს წილად). ამ ამბის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, როგორც იტყვიან, მას უკვე ისტორიის კეთილშობილი ჟანგიც აქვს მოკიდებული და თხრობისას უეჭველად წარსული დროის ფორმები უნდა მოვიშველიოთ.

    თუმცა აქვე მოგახსენებთ, რომ სიძველე ამბავს თუ ამშვენებს, თორემ პეწს არ უკარგავს. ამბავს სიძველე უხდება და შეიძლება ითქვას, რაც უფრო ოდინდელია იგი, მით უფრო ემატება მიმზიდველობა და მთხრობელსაც, ნამყო დროის ამ დუდუნით შემლოცველსაც, საქმეს უადვილებს. ოღონდ, ადამიანებისა არ იყოს, ამბავსაც ერთი უცნაურობა სჭირს: ადამიანები, და მათ შორის არცთუ იშვიათად სწორედ მწერლები, ამბის თხრობისას თავიანთ ასაკზე უხნესი აღმოჩნდებიან ხოლმე. ჰოდა, ამბავიც ასეა, იგიც ხშირად თავის ნამდვილ წლოვანებაზე ხანდაზმული გამოდის, თუმცა მისი ასაკი დღეებით არ გამოითვლება და არც მის მხრებზე დაწოლილი წლები იზომება მზის ირგვლივ ბრუნვით. ერთი სიტყვით, იგი თავისი ხანდაზმულობის ხარისხს დროს არ უმადლის. ამით გაკვრით და ქარაგმულად გვინდა მიგანიშნოთ ხსენებული იდუმალი სტიქიის ორჭოფულ და ფრიად თავისებურ ორმაგ ბუნებაზე, ოღონდ საქმის ნათელი ვითარება ხელოვნურად რომ არ გავაბუნდოვნოთ, აღვნიშნავთ: ჩვენი ამბის ხანდაზმულობა იმის წყალობით ადის მაღალ ხარისხში, რომ იგი სიცოცხლისა და ცნობიერების გამთიშავი ზღვრისა და გარდატეხის წინ თამაშდება. იგი თამაშდება, ანდა, მოდი, აწმყოს ყოველგვარ ფორმას თავი ავარიდოთ და ვთქვათ, რომ იგი გათამაშდა ან თამაშდებოდა წინათ, ოდესღაც, გარდასულ დღეებში, დიდი ომის წინა ხანაში, ომისა, რომლის დაწყებას ბევრი რამ მოჰყვა და მას შემდეგ საშველიც აღარ დასდგომია. ასე და ამგვარად, ეს ამბავი უწინ გათამაშდა, ოღონდ მისი დასაბამი შორეულ წარსულში არ უნდა ვეძიოთ. თუმცა ასეც რომ იყოს, განა ამბის ხანდაზმულობა მით უფრო ღრმა, სრულყოფილ და ზღაპრულ იერს არ იძენს, რაც უფრო მჭიდროდ ეკვრის იგი უწინარესის ცნებას? გარდა ამისა, ჩვენს ამბავს თავისი შინაგანი ბუნების წყალობით იქნებ მართლაც ჰქონდეს კიდეც რაღაც საერთო ზღაპართან.

    ჩვენ დაწვრილებით მოგიყვებით ამ ამბავს, გამოწვლილვით და საფუძვლიანად. აბა, როდის ყოფილა ამბის მოსათხრობი დროის სიგრძე-სიმოკლე იმ დროსა და სივრცეზე დამოკიდებული, რომელსაც იგი მოიცავს? აქაოდა, პედანტობა არ დაგვწამონო, ამის შიში ვერ დაგვაფრთხობს და აზრს ვერ შეგვაცვლევინებს, რომ მხოლოდ საფუძვლიანი თხრობა შეიძლება იყოს ჭეშმარიტად საინტერესო. ჰანსის თავგადასავალს ხელის ერთი მოსმით ვერ მოათავებს მთხრობელი, ამ საქმეს არც შვიდი დღე ეყოფა და ვერც შვიდ თვეს მოილევს ბოლომდე. ან იქნებ სჯობდეს, წინასწარ არც იცოდე, რა მიწიერი დროის განმავლობაში ეყოლები მას თავის ქსელში გამომწყვდეული. თუმცა ეგებ ღმერთი შეგვეწიოს და შვიდი წელი მაინც არ დაგვჭირდეს.

    მაშ, ასე, დავიწყოთ!

    თავი პირველი

    ჩამოსვლა

    ერთი უბრალო ყმაწვილი კაცი შუა ზაფხულში თავისი მშობლიური ჰამბურგიდან სამი კვირით გრაუბიუნდენის კანტონში - დავოსში მიემგზავრებოდა სტუმრად.

    ჰამბურგიდან დავოსამდე კარგა გრძელი გზაა, მით უმეტეს, თუ ასე ცოტა ხანს აპირებს კაცი იქ დარჩენას. სანამ ჩააღწევდეთ, ჯერ აღმა-დაღმა უნდა დაუყვეთ რამდენიმე დამოუკიდებელ ქვეყანას, სამხრეთ გერმანიის ზეგნიდან შვაბეთის ზღვისპირეთამდე უნდა დაეშვათ, გემით გადასეროთ შვაბეთის ზღვის ზვირთები, შემდეგ კი ოდესღაც რომ იდუმალებით ჩანდა მოცული, ისეთ ჯურღმულებს გადაივლით იოლად. აქედან მოყოლებული ძველებურად მდორედ და დაუბრკოლებლად ვეღარ იმგზავრებთ - ხან სად გაეჩხირებით და ხან სად; შვეიცარიის ტერიტორიაზე, დაბა რორშახთან, კვლავ რკინიგზას მიანდობთ თავს, მაგრამ მატარებლით მხოლოდ პატარა ალპურ სადგურ ლანდკვარტამდე მიაღწევთ; იქიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა იწყება, მაგრამ სანამ მატარებელში ჩაჯდებოდეთ, კარგა ხანს მოგიწევთ ყურყუტი ამ ხორშაკიან, მიუსაფარ გარემოში. სამაგიეროდ, როგორც კი დაიძვრება პატარა, მაგრამ აშკარად ღონიერი ორთქლმავალი, სწორედ მაშინ დაიწყება ნამდვილი თავგადასავალი. ადიხართ და ადიხართ ციცაბო, უდრეკ აღმართზე და ასე გგონიათ, ამ გზას დასასრული აღარ ექნებაო. სადგური ლანდკვარტი შედარებით ზომიერ სიმაღლეზეა, შემდეგ კი კლდე-ღრეში დაკიდული მართლაც რომ დაწყევლილი გზა იწყება.

    ჰანს კასტორპი - ასე ეძახდნენ ამ ყმაწვილკაცს - თავისი ბიძისა და მეურვის - ბარემ მისი სახელიც აქვე მოვიხსენიოთ - კონსულ ტინაპელის ნაჩუქარ ნიანგის ტყავის ხელჩანთასთან, პორტპლედსა და კაუჭზე ჩამოკონწიალებულ ზამთრის პალტოსთან ერთად მარტო იყო რუხკედლებიან პატარა რბილ კუპეში. ჰანს კასტორპი ჩამოშვებულ ფანჯარასთან იჯდა. ნაშუადღევს საკმაოდ აგრილდა და ოჯახის ნებიერა, აზიზმა ყმაწვილმა კარგად წამოიწია აბრეშუმის განიერი, მოდაზე შეკერილი საზაფხულო მოსასხამის საყელო. გვერდით ყდაში ჩასმული წიგნი ედო - „Ocean Steamships", რომელშიაც მოგზაურობის დასაწყისში ხანდახან მაინც ჩაჰკრავდა ხოლმე თვალს, ახლა კი წიგნი უყურადღებოდ მიეგდო. ამასობაში ორთქლმავალი მძიმე-მძიმედ მიქოშინებდა, ნახშირის მტვერს კუპეში აფრქვევდა და ჰანს კასტორპს მოსასხამს უჭუჭყიანებდა.

    მოგზაურობაში გატარებული ორი დღე ადამიანს, მით უმეტეს ცხოვრებაში ჯერ კიდევ ფესვმოუმაგრებელ ახალგაზრდას, საკმაოდ აშორებს თავის ყოველდღიურ სამყაროს, აშორებს ყოველივე იმას, რასაც იგი თავის მოვალეობას, ინტერესებს, საზრუნავსა და პერსპექტივებს ეძახდა, აშორებს ამაზე გაცილებით მეტად, ვიდრე სადგურისაკენ დროშკით მიმავალი წარმოიდგენდა. მასა და მშობლიურ კერას შორის ბზრიალ-ტრიალით მსრბოლავი სივრცე საოცარ ძალას იჩენს, რასაც, ჩვეულებრივ, დრო-ჟამს მიაწერენ ხოლმე. ყოველსაათობით ახდენს იგი შინაგან ცვლილებებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან დრო-ჟამით გამოწვეულ ცვლილებებს, ოღონდ მას ერთგვარად აჭარბებენ კიდეც. სივრცეც დრო-ჟამის მსგავსად ბადებს დავიწყებას და ამას თავისებურად აღწევს. იგი ათავისუფლებს პიროვნებას ურთიერთობებისაგან და შეუბორკავ, პირველყოფილ მდგომარეობაში აყენებს. დიახ, მას ძალუძს ერთი ხელის დაკვრით პედანტები და ობივატელებიც კი აქციოს მაწანწალებად. დრო ლეთეაო, ამბობენ, მაგრამ შორეული კუთხის ჰაერიც ამავე ჯურის სასმელი გახლავთ. მართალია, იგი შედარებით ზერელედ ჟღენთს ორგანიზმს, სამაგიეროდ, უფრო სწრაფად მოქმედებს.

    რაღაც ამის მსგავსს განიცდიდა ჰანს კასტორპიც. მას გულშიაც არ გაუვლია, ამ მოგზაურობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინა ან შინაგანად მისგან რაიმეს მოლოდინში ყოფილიყო. პირიქით, რახან წამოუსვლელობა არ იქნებოდა, ფიქრობდა, რაც შეიძლებოდა მალე მოესტუმრებინა ეს ვალი, როგორიც წავიდა, უკან ზუსტად ისეთივე დაბრუნებულიყო და თავისი ცხოვრებაც ზუსტად იმ ადგილიდან გაეგრძელებინა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ იძულებით ჰქონდა გაწყვეტილი. იგი ჯერ კიდევ გუშინ სავსებით ჩვეულ ფიქრთა მდინარებას მიჰყვებოდა, იგონებდა ორიოდე დღის წინ ჩაბარებულ გამოცდას, ფიქრობდა „ტუნდერისა და ვილმსის" ფირმაში (გემთსაშენის, მანქანამთშენებელი ქარხნისა და საქვაბე სახელოსნოების ფირმაში) პრაქტიკის დაწყებაზე და ამ სამი კვირის გასვლას ისე მოუთმენლად ელტვოდა, რამდენადაც შეეძლო მასავით უდრტვინველ კაცს მოუთმენლობა გამოეხატა. ახლა კი მაინც ეჩვენებოდა, რომ ახალი გარემოებანი მის სრულ ყურადღებას მოითხოვდა და არც ისე იოლად ხელწამოსაკრავი გახლდათ. ეს ზეასვლა დაუჭაშნიკებელი ჰაერის რეგიონებში, სადაც სასიცოცხლო პირობები სავსებით უჩვეულო, თავისებურად მძიმე და ძუნწი უნდა ყოფილიყო, მღელვარებით აღავსებდა და უცნაურ ძრწოლასაც ჰგვრიდა. სამშობლო და შესისხლხორცებული წესი და რიგი მხოლოდ შორს კი არ მოეტოვებინა, ისინი სადღაც ღრმად იყვნენ მის ქვეშ ჩაკარგულნი, თვითონ კი სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. მათსა და უცნობ მოლოდინს შორის მოქანავე ყმაწვილი კაცი თავის თავს ეკითხებოდა, იქ, ზევით, რა მომელისო. ეგებ ზღვის დონიდან რამდენიმე მეტრზე დაბადებული და გაზრდილი კაცისათვის არ შეიძლებოდა, უფრო მეტიც, იქნებ სახიფათოც კი იყო ერთბაშად ასეთ სიმაღლეზე ამოსვლა, იქნებ სჯობდა, ორიოდე დღე მაინც გაეტარებინა საშუალო სიმაღლეზე? უცებ მოუნდა, მალე მიეღწია მიზნამდე, იქ, მაღლა, ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგებოდა, თორემ ამ დაუსრულებელ აბობღებაში გული უწვრილდებოდა იმის ფიქრით, ეს რა უჩვეულო დღეში ჩავიგდე თავიო. ჰანს კასტორპმა გარეთ გაიხედა: მატარებელი ვიწრო გზაზე მიიკლაკნებოდა, მოჩანდა წინა ვაგონები და ორთქლმავალი, რომელიც გაჭირვებით ისროდა რუხ-მწვანე, მოშავო ბოლქვებს და ჰაერში ფანტავდა. მარჯვნივ, უფსკრულში, წყლის ჩუხჩუხი ისმოდა, მარცხნივ კი ვეება კლდეებს შორის მომწყვდეული ჩამუქებული ფიჭვები ქვისფერი ზეცისკენ მიილტვოდნენ. გზაზე ხშირად ხვდებოდათ წყვდიადით მოცული გვირაბები, კვლავ დღის სინათლეზე გამოსულთ კი პირდაღებული უფსკრულები და მათ ძირში ჩაკარგული სოფლები ეგებებოდათ. შემდეგ უფსკრულები თვალს მიეფარებოდა და კვლავ იწყებოდა ვიწროები; ირგვლივ შემოჯარულ მთების კალთებს მხოლოდ ღრუბლებსა და ნაპრალებში შერჩენოდათ თოვლი. ორთქლმავალი ხან პატარა საცოდავ ბაქნებზე ჩერდებოდა, ხან კი საკვანძო სადგურები ხვდებოდათ, საიდანაც მატარებელი გეზს იცვლიდა და საწინააღმდეგო მიმართულებით გადიოდა. გეზის შეცვლა კაცს თავბრუს ახვევდა, თავგზა ებნეოდა და კარგა ხანს მხარეებიც ერეოდა ერთმანეთში. თვალს იტაცებდა მაღალმთიანეთის ცადაზიდულ მწვერვალთა ფანტასმაგორიული, ღვთაებრივი სამყარო, კლდეებს შორის მიმავალ მგზავრს ეს სანახაობა ხან თვალწინ ეშლებოდა, ხან კი მის მფრთხალ მზერას უსხლტებოდა და მიხვეულ-მიხვეულ ბილიკებში იკარგებოდა. ჰანს კასტორპს გაახსენდა, სადღაც ქვევით რომ მოიტოვა ფოთლოვანი ტყის ზონა, მასთან ერთად, მგონი, მგალობელ ფრინველთა სამყაროც და ბუნების ამ გაღატაკებასა და მიყუჩებაზე ფიქრმა თავბრუ დაახვია. გულშეღონებულმა წამით თვალზე აიფარა ხელი, მაგრამ თავბრუსხვევამ მალე გაუარა და დაინახა, რომ აღმართი აევლოთ, უღელტეხილი უკვე გადაელახათ და მატარებელი ახლა ხეობაში ლაღად მისრიალებდა.

    რვა საათს აღარაფერი აკლდა, მაგრამ ჯერ კიდევ დღის სინათლე ძალობდა. თვალწარმტაც შორეთში მოჩანდა ტბა, წყალი რუხად ლივლივებდა, მის ირგვლივ შემოჯარულ მთების კალთებზე კი ჩამუქებული ფიჭვის ტყეები შეფენილიყო. ტყეები თანდათან მეჩხერდებოდა, მერე სულ იკარგებოდა და ჯანღისფერი, სალი კლდეები მოჩანდა.

    მატარებელი ერთ პატარა სადგურში გაჩერდა. როგორც გარედან მოესმა, ეს სოფელი დავოსი გახლდათ. ახლა კი საბოლოო მიზნამდე მართლაც ბევრი აღარაფერი იყო დარჩენილი; ამ დროს ჰანს კასტორპს ზედ ყურთან მოესმა თავისი ბიძაშვილის, იოახიმ ციმსენის, ჰამბურგული, მშვიდი ხმა.

    - გამარჯობა შენი! აბა, რას შვრები, აღარ გადმოდიხარ?

    ჰანს კასტორპმა ძირს გადაიხედა. იოახიმი ფანჯრის ქვეშ იდგა, ბაქანზე, ყავისფერი პალტო ეცვა, თავშიშველა იყო და ისეთი ჯანსაღი იერი ედო, თავის სიცოცხლეში რომ არა ჰქონია. მან გაიცინა და გაიმეორა:

    - ჰო, გადმოდი, ნუ ინაზები!

    - ჯერ ხომ არ მოვსულვართ? - ისე წაიბუტბუტა დაბნეულმა ჰანს კასტორპმა, რომ ზეზეც არ წამომდგარა.

    - მოსული არა ხარ? სანატორიუმი სოფლიდან უფრო ახლოსაა, ეტლითა ვარ. აბა, მომეცი შენი ბარგი!

    ჩამოსვლითა და ბიძაშვილის დახვედრით აფორიაქებულმა ჰანს კასტორპმა სიცილით გადააწოდა იოახიმს ხელჩანთა, ზამთრის პალტო, პორტპლედი ჯოხიან-ქოლგიანად და ბოლოს „Ocean Steamships"-იც, თვითონ კი ვიწრო ტალანი გამოირბინა, რომ ბიძაშვილს წესიერად, ასე ვთქვათ, პერსონალურად მისალმებოდა. მისალმებამ ყოველგვარი ზედმეტი გრძნობიერების გარეშე ჩაიარა, როგორც ეს გულგრილ და თავშეკავებულ ადათ-წესებზე აღზრდილ ხალხს შეეფერებოდა. უცნაური კია, მაგრამ დიდი ხანია ბიძაშვილები, აქაოდა, ზედმეტი სითბო არ გამოვიჩინოთ და არ გავშინაურდეთო, ერთმანეთს სახელს აღარ ეძახდნენ, გვარებით მიმართვაც არ ივარგებდა და ამიტომ, უბრალოდ, შენობით ლაპარაკობდნენ. ამ ჩვეულებას მათ ურთიერთობაში უკვე ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული.

    ერთი ლივრეიანი კაცი, რომელსაც თავზე ბუზმენტებიანი ქუდი ეხურა, შორიდან უთვალთვალებდა, როგორ ნაჩქარევად და ოდნავ უხერხულად ართმევდნენ ბიძაშვილები ერთმანეთს ხელს, ასე განსაჯეთ, ახალგაზრდა ციმსენი მხედრულ ყაიდაზე გაჭიმულიც კი იდგა, შემდეგ ლივრეიანი კაცი მათთან მივიდა და ჰანს კასტორპს ბარგის ქვითარი გამოართვა. ეს გახლდათ ინტერნაციონალური სანატორიუმ ბერგჰოფის კარისკაცი. მან ახალგაზრდებს განუცხადა, სტუმრის დიდ ჩემოდანს სადგურიდან მე წამოვიღებ, თქვენ კი ამასობაში ეტლით პირდაპირ სავახშმოდ მიბრძანდითო. კარისკაცი თვალში საცემად კოჭლობდა და ეს იყო პირველი, რაც ჰანს კასტორპმა იოახიმ ციმსენს ჰკითხა:

    - ეს კაცი ომის ვეტერანი ხომ არ არის, ასე რომ კოჭლობს?

    - კი, როგორ არა! - ცოტა არ იყოს, გესლიანად მიუგო იოახიმმა, - ომის ვეტერანი კი არა, რაღაცა აქვს მუხლში, უფრო სწორად, რაღაცა ჰქონია და კვირისტავი სულ ამოუღიათ.

    ჰანს კასტორპი სწრაფად მოეგო გონს.

    - ჰოო?! - ჩაილაპარაკა მან, არ შეჩერებულა, ისე აიღო თავი და გარემოს თვალი სწრაფად მოავლო, - იქნებ გინდა, დამარწმუნო, რომ შენ კიდევ გაწუხებს რამე? კაცმა რომ შეგხედოს, ეგონება, ტემლაკი უკვე მიუღია და ეს-ესაა მანევრებიდან ბრუნდებაო, - ცერად შეხედა ბიძაშვილს ჰანს კასტორპმა.

    მასზე უფრო ახოვანი და მხარბეჭიანი იოახიმი ახალგაზრდული ძალ-ღონის განსახიერებას წარმოადგენდა, პირდაპირ მუნდირისთვის იყო გაჩენილი, თითქმის შავგვრემანი ეთქმოდა, ასეთი ტიპები არცთუ იშვიათად გამოერევა ხოლმე მის ქერა სამშობლოში. თვალები შავი და ფართო ჰქონდა, ხოლო ისედაც მუქი პირისკანი მზისგან თითქმის ბრინჯაოსფერი გახდომოდა. მსუქან, ლამაზად მოყვანილ ტუჩებს შავი ულვაში უმშვენებდა. განზე გამდგარი ყურები რომ არა, ლამაზი კაცი ეთქმოდა. ერთ დროს მხოლოდ ამ ყურების დარდი თუ კლავდა იოახიმს, ახლა კი სხვა უფრო დიდი სადარდელი გასჩენოდა.

    - შენ, ალბათ, ჩემთან ერთად დაბრუნდები ქვევით, არა? მე მგონი, ხელს არაფერი შეგიშლის, - განაგრძო ჰანს კასტორპმა.

    - შენთან ერთად? - გაიკვირვა იოახიმმა და ფართო თვალები მიაპყრო. იოახიმის სინაზით აღსავსე თვალებს ამ ხუთ თვეში რაღაცნაირი დაქანცული და კაეშნიანი გამომეტყველება მიეღო, - შენ როდის აპირებ წასვლას?

    - ასე, ორ-სამ კვირაში.

    - ჰოო? შენ, როგორც გატყობ, ფიქრებით უკვე შინისაკენ მიეშურები, - უპასუხა იოახიმმა, - რა დროს წასვლაზე ლაპარაკია, კაცი ჯერ არ ჩამოსულხარ. მართალია, ჩვენთვის, აქ, ზევით, სამი კვირა არაფერია, მაგრამ შენსავით სტუმრად ჩამოსული კაცისთვის სამი კვირა ხომ უზარმაზარი დროა. ჯერ შეეჩვიე აქაურობას, ეგ არც ისე იოლია, შენ რომ გგონია. ჩვენთან მარტო ჰავა როდია განსაკუთრებული, იცოდე, ბევრ რამეს ნახავ ახალს. რაც შემეხება მე, ჩემი საქმე არც ისე კარგადაა, სამ კვირაში ჩემთან ერთად წამოხვალო, რომ ამბობ, ეგ ქვევიდან ამოყოლილი იდეებია. სახე კი მაქვს გარუჯული, მაგრამ ეს უფრო თოვლის ნამზეურია და ბერენსს თუ დავუჯერებთ, ბევრს არაფერს ნიშნავს. უკანასკნელი საერთო გამოკვლევის შემდეგ ბერენსმა მითხრა, ერთი ნახევარი წელი მაინც მოგიწევს კიდევ აქ ყოფნაო.

    - ნახევარი წელიწადი? ხომ არ გაგიჟდი? - წამოიყვირა ჰანს კასტორპმა. ბიძაშვილები ის-ის იყო, ჩასხდნენ სადგურის შენობის, უფრო სწორად, ფარდულის წინ მოკირწყლულ მოედანზე გაჩერებულ ყვითელ კაბრიოლეტში და წაბლა ცხენები დაიძრნენ კიდეც. ჰანს კასტორპი აღშფოთებისაგან კაბრიოლეტის მაგარ მერხზე ძლივს მაგრდებოდა.

    - ნახევარი წელი? ნახევარი წელი კი იქნება უკვე, რაც აქა ხარ! ვისა აქვს ამდენი გასაცდენი დრო!

    - ჰმ, დრო, - გვერდზე მიუხედავად თქვა იოახიმმა და თავი დააკანტურა. ბიძაშვილის გულწრფელი აღშფოთება აინუნშიაც არ ჩაუგდია, - ვერ წარმოიდგენ, როგორ აგდებულად ეკიდებიან აქ ადამიანის დროს. ამათთვის სამი კვირა ერთ დღეს უდრის. აი, შენი თვალით ნახავ, ყველაფერს საკუთარ ტყავზე გამოცდი, - თქვა მან და დასძინა, - აქ კაცი სულ სხვა ცნებებით აზროვნებას ეჩვევი.

    ჰანს კასტორპი გვერდიდან შეჰყურებდა იოახიმს და თვალს არ აშორებდა, შემდეგ თავი გადააქნია და უთხრა:

    - შენ მაინც დიდებულად მოკეთებულხარ.

    - მართლა? - ჰკითხა იოახიმმა, - რა ვიცი, მეც ასე მგონია და, - დასძინა მან, წამოიწია, მერხის საზურგეს უფრო მარჯვედ მიეყრდნო, მაგრამ მალე ისევ ჩამოცურდა და გვერდულად ჩაჯდა, - თავს ნამდვილად უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ჯერ გამოჯანსაღებული მაინც არა ვარ. ზემოთ, მარცხენა მხარეს, სადაც წინათ ხიხინი ისმოდა, ახლა მხოლოდ მკვეთრად ისმის სუნთქვა, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ ქვემოთ ჯერ კიდევ ძალიან მკვეთრია სუნთქვა, ხოლო მეორე ნეკნებშუა ღრუში კარგა მაგარი ხიხინი ისმის.

    - ოჰო, შენ კარგად განსწავლულხარ! - თქვა ჰანს კასტორპმა.

    - ღმერთმანი, ძალიან სასიამოვნო განსწავლულობა კია. სამხედრო სამსახურში მამყოფა და სიამოვნებით გავატანდი ამ განსწავლულობას ქარს, - მიუგო იოახიმმა, - ნახველს მაინც აღარ ვიღებდე... - განაგრძო მან და როგორღაც დაუდევრად და თან ფიცხლად აიჩეჩა მხრები, რაც ძალიან არ უხდებოდა. მერე პალტოს გარე ჯიბიდან სანახევროდ ამოაცოცა რაღაც, ბიძაშვილს დაანახვა და ისევ ჯიბეში ჩამალა: ეს იყო ლითონისსაცობიანი, ლურჯი შუშის ბრტყელი, გვერდებშეზნექილი ბოთლი, - ასეთი ბოთლები, აქ ზევით, უმეტესობას გვაქვს, - თქვა მან, - სახელიც კი შევარქვით ჩვენებურად, მეტად მოსწრებული მეტსახელი. შენ რა, მიდამოს ათვალიერებ?

    ჰანს კასტორპი მართლაც მიდამოს ჭვრეტით იყო გართული და უპასუხა:

    - დიდებულია!

    - მოგწონს? - შეეკითხა იოახიმი.

    ეტლი ერთხანს ხეობის შუაგულისაკენ მიდიოდა რკინიგზის გასწვრივ უთანაბროდ განაშენიანებულ ქუჩაზე, შემდეგ მარცხნივ გადაუხვიეს, ხევი გადაიარეს და თოხარიკით შეუყვნენ ტყიანი ფერდობისკენ მიმავალ აღმართს. იქ, ზემოთ, ოდნავ წინ წამოწეულ აბიბინებულ პლატოზე ფასადით სამხრეთ-დასავლეთისაკენ მიქცეული გრძლად გაჭიმული შენობა იდგა. შენობას გუმბათიანი კოშკი ამშვენებდა, ხოლო მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებული ლოჯიები შორიდან ნასვრეტებიან, ფოროვან ღრუბელს ამსგავსებდა. სანატორიუმში აქა-იქ უკვე კიაფობდა შუქი. სწრაფად ღამდებოდა. ვარდისფერი დაისი, ღრუბლებით მოფენილ უღიმღამო ცას ერთხანს რომ აცოცხლებდა, უკვე გაფერმკრთალებულიყო და ირგვლივ იმ უფერულ, უსულო და ნაღვლიან გარდამავალ ჟამს დაესადგურებინა, დღისა და ღამის გაყრისას რომ იცის ხოლმე. გრძლად გაწოლილი, ოდნავ მიხვეულ-მოხვეული, დასახლებული ხეობა გაჩირაღდნდა, მის ორივე კალთაზეც აკიაფდა შუქი. მარჯვენა, ტერასებად განაშენიანებული კალთა, უფრო კარგად იყო განათებული, მარცხნივ, ამწვანებულ ფერდობზე, ბილიკები მიიკლაკნებოდა და ყურყუმელა წიწვიან ტყეებში იკარგებოდა. უფრო შორს, ხეობის ვიწროებში ჩაკარგულიყო ფიქლისფრად ჩალურჯებული მთების კულისები. უეცრად ქარი ამოვარდა და საღამოს სუსხმა მგზავრებს თავისი ძალა აგრძნობინა.

    - არა, გულახდილად რომ ვთქვა, აქაურობა არც ისე დიდებულია, - თქვა ჰანს კასტორპმა, - აბა, სად არის გლეტჩერები, ფირნები და ბუმბერაზი კლდეები? იქ რომ მოჩანს, ისინი თვალში მეპატარავება.

    - აბა, რას ამბობ, - მიუგო იოახიმმა, - თითქმის ყველგან მოჩანს ტყის საზღვარი. შეხე, როგორ მკვეთრად წყდება ფიჭვნარი და იმის ზემოთ აღარაფერი რჩება, სალი კლდეების გარდა. ეგერ შენი გლეტჩერიც, გაღმა, შვარცჰორნის მარჯვნივ, ლურჯად ჩამუქებული შვერილი რომ მოჩანს. დიდი არ არის, მაგრამ ნამდვილი გლეტჩერია, სკალეტას გლეტჩერი ჰქვია. მიშელსა და ტინცენჰორნს აქედან ვერ დაინახავ, თორემ ისინი მთელი წლის განმავლობაში თოვლით არიან დაფარულნი.

    - მარადიული თოვლით, - თქვა ჰანს კასტორპმა.

    - დიახ, თუ გნებავს, მარადიული თოვლით. ყველა ეს მთა ძალიან მაღალია. ისიც ხომ უნდა იანგარიშო, რომ ჩვენ თვითონ ვართ უსაშველო სიმაღლეზე, ზღვის დონიდან ათას ექვსას მეტრზე და ამიტომ აღარ გეჩვენება მთები ისე მაღალი.

    - ო, რა მაგრად ვიფორთხიალეთ! შიშისაგან სული მეპარებოდა. ათას ექვსასი მეტრი! ეს დაახლოებით ხუთი ათას ფუტს მაინც უდრის, თუ ანგარიში არ მეშლება. ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ ამ სიმაღლეზე, - თქვა ჰანს კასტორპმა, ღრმად ჩაისუნთქა და ინტერესით გაუსინჯა ჭაშნიკი უცხო ჰაერს. ჰაერი მხოლოდ წმინდა იყო და მეტი არაფერი - სურნელება აკლდა, შინაარსისა და ნამისაგან დაცლილი, მჩატედ კი ჩადიოდა ფილტვებში, მაგრამ სულსა და გულს არ ეცხებოდა.

    - შესანიშნავია! - ზრდილობიანად აღნიშნა მან.

    - ეს ჰაერი ხომ ცნობილია. სხვათა შორის, ამ საღამოს აქაურობა თავს ვერ მოიწონებს. ხანდახან უკეთესი სანახავია ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, თოვლი როცა დევს, მაგრამ მაინც გყირჭდება. მერწმუნე, ჩვენ ყველას აქ, ზევით, ენა ვერ იტყვის, ისე მობეზრებული გვაქვს აქაურობა, - თქვა იოახიმმა და ბაგე ზიზღით მოეღრიცა. დიდად არც ეს გრიმასა უხდებოდა, გაზვიადებული ჩანდა და მის თავშეუკავებლობასაც ამხელდა.

    - შენ რაღაც უცნაურად ლაპარაკობ, - თქვა ჰანს კასტორპმა.

    - უცნაურად ვლაპარაკობ? - ცოტა არ იყოს, შეშფოთდა იოახიმი და ბიძაშვილისკენ შებრუნდა.

    - არა, არა, მაპატიე, მხოლოდ წამით მომეჩვენა! - არ დაახანა ჰანს კასტორპმა. იგი იმ სიტყვებს გულისხმობდა, „ჩვენ, აქ, ზევითო", უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ რომ გაიმეორა იოახიმმა. ამ გამოთქმამ კიდეც შეაკრთო და უცნაური გრძნობაც მოჰგვარა.

    - როგორც ხედავ, ჩვენი სანატორიუმი კურორტზე კიდევ უფრო მაღლაა გაშენებული, - განაგრძო იოახიმმა, - ორმოცდაათი მეტრით მაღლა. პროსპექტში ასითო, წერია, მაგრამ ორმოცდაათ მეტრზე მეტი არ იქნება. ყველაზე მაღლაა სანატორიუმი შაცალპი, აქედან არ მოჩანს. ზამთარში, გზა რომ დაიკეტება, შაცალპელები თავიანთ გვამებს ძირს ბობსლეის ციგებით უშვებენ ხოლმე.

    - თავიანთ გვამებს? ჰო, მივხვდი! ერთი უყურე! - წამოიძახა ჰანს კასტორპმა და უცებ სიცილი აუტყდა. ხმამაღალმა, გულიანმა სიცილმა მკერდი მძლავრად შეურხია და სუსხიანი ქარისაგან გახევებული სახე ტკივილმა დაუმანჭა, - ბობსლეის ციგებითო! მერე ასე გულარხეინად მიამბობ ამას? შენ ამ ხუთ თვეში ნამდვილი ცინიკოსი გამხდარხარ!

    - ცინიკოსობა რა შუაშია, - მხრები აიჩეჩა იოახიმმა, - ვითომ რაო, გვამისათვის განა სულერთი არ არის, როგორ დაუშვებენ დაბლა? ისე კი, ძნელი არ იქნება, აქ, ჩვენთან, ცინიკოსი რომ გახდე კაცი. თვითონ ბერენსი ძველი ცინიკოსია, მაგრამ სხვათა შორის, კარგი ვინმეა, ყოფილი კორპორანტია, ოპერატორიც ბრწყინვალე უნდა იყოს. ბერენსი მოგეწონება. აქვე მუშაობს კროკოვსკი - ბერენსის ასისტენტი, დიდი ჭკუის პატრონი კაცი. პროსპექტში განსაკუთრებით არის მოხსენიებული მისი მოღვაწეობა. იგი, სახელდობრ, პაციენტების სულის დანაწევრებაზე მუშაობს.

    - რაზე მუშაობს? სულის დანაწევრებაზე? ეს რაღა ჯანდაბაა! - წამოიყვირა ჰანს კასტორპმა და უზომოდ გამხიარულდა. თავს ისედაც ვეღარ ერეოდა და ამ სულის დანაწევრების ამბავმა ხომ სულ მოუთავა ხელი. ისეთი სიცილი აუტყდა, რომ წელში მოიკუნტა და თვალებზე აფარებული ხელებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. იოახიმსაც გაეცინა და ეტყობოდა, სიცილმა გუნება გამოუკეთა. ამასობაში ცხენებმა, როგორც იქნა, ნაბიჯით აათავეს მიხვეულ-მოხვეული ციცაბო აღმართი და ინტერნაციონალურ სანატორიუმ ბერგჰოფის ჭიშკართან შეჩერდნენ. ახალგაზრდები ეკიპაჟიდან ჩინებულ გუნებაზე გადმოვიდნენ.

    #34

    იქვე, ხელმარჯვნივ, ალაყაფსა და სადარბაზო შესასვლელს შორის, კონსიერჟის ჯიხური მოჩანდა. იქიდან, სადგურზე დამხვდური კოჭლის მსგავსად, ნაცრისფერ ლივრეაში გამოწყობილი მოსამსახურე გამოვიდა. ეტყობოდა, ფრანგი უნდა ყოფილიყო. იგი აქამდე ტელეფონთან იჯდა და გაზეთების კითხვაში იყო გართული. მან ახალგაზრდები გაჩახჩახებულ ვესტიბიულში შეიყვანა. ხელმარცხნივ თავშესაყრელი ოთახები მოჩანდა, ჰანს კასტორპმა ჩავლისას ყველგან შეიჭვრიტა, მაგრამ ოთახები ცარიელი დაუხვდა. ბიძაშვილს ჰკითხა, დამსვენებლები სად არიანო და მანაც მიუგო:

    - აივნებზე წვანან. დღეს მე შენს დასახვედრად გამომიშვეს, თორემ ნავახშმევს მეც აივანზე ვწევარ ხოლმე.

    ჰანს კასტორპს ცოტაღა დააკლდა, რომ კვლავ არ ახარხარებულიყო.

    - რაა, ამ ღამესა და ნისლშიც აივანზე წევხართ ხოლმე? - ათრთოლებული ხმით ჰკითხა მან იოახიმს.

    - ჰო, ასე გვაქვს დანიშნული, რვიდან ათამდე უნდა ვიწვეთ, მაგრამ მოდი, ჯერ შენი ოთახი ნახე და ხელები დაიბანე.

    ლიფტს ფრანგი მხლებელი ემსახურებოდა. სანამ ზევით ავიდოდნენ, ჰანს კასტორპმა თვალები ამოიმშრალა.

    - სიცილმა სულ არ გამასავათა! - თქვა მან და ჰაერი პირით ჩაისუნთქა, - იმდენ სიგიჟეს მომიყევი, რომ... სულის დანაწევრებას ხომ ნუღარ იკითხავ... ნამდვილად მეტისმეტი მომივიდა. მგზავრობისაგან ისედაც ცოტა დაღლილი ვიყავი და... ჰო, მართლა, ფეხები არ გეყინება? ფეხები გაყინული მაქვს, სახე კი მიხურს და ეს დიდად სასიამოვნო როდია. ახლავე ვერ დავნაყრდებით? მგონი, მშია კიდეც. ჭამის საქმე როგორ არის აქ, თქვენთან, ზევით, კარგად?

    ისინი უხმაუროდ მიდიოდნენ ტალანში ქოქოსის ფიანდაზზე. ჭერზე ჩამოკიდებული, რძისფერი შუშის ზარისებური ბუშტები იქაურობას მკრთალ შუქ ჰფენდნენ. ლაქიანი ზეთის საღებავი კედლებს ლაპლაპა სითეთრესთან ერთად თითქოს სიმკვრივესაც ანიჭებდა. სადღაც მოწყალების დასაც მოჰკრეს თვალი. მას თეთრი თავსაბური ეხურა და ცხვირზე წამოკოსებული პენსნეს ზონარი ყურზე ჰქონდა გადაგდებული. იგი პროტესტანტი უნდა ყოფილიყო. თავისი ხელობის ჭეშმარიტი სიყვარული არ ეტყობოდა, თვალებს ცნობისმოყვარედ აცეცებდა და როგორც ჩანდა, მოწყენილობისაგან ფრიად შეწუხებული და გულდამძიმებულიც გახლდათ. ტალანში, ორგან, დანომრილი ოთახების თეთრად გალაქული კარის წინ, მუცელგაბერილი მოკლეყელიანი დიდი ბალონები იდგა. რისთვის იყო ისინი საჭირო, ამის კითხვა ჰანს კასტორპს ამჯერად გადაავიწყდა.

    - აი, შენი ოთახი, - უთხრა იოახიმმა, - ოცდამეთოთხმეტე ნომერია. მარჯვნივ მე ვარ, მარცხნივ კი ერთი რუსი ცოლ-ქმარი ცხოვრობს, ცოტა მდაბიო და ხმაურიანი მეზობლები კი გეყოლება, მაგრამ სხვანაირად არ ეწყობოდა. აბა, რას იტყვი? კარი ორმაგი იყო და კარებშუა ღრუში ტანსაცმლის საკიდები თავსდებოდა. იოახიმმა ჭერის ნათურა აანთო და მის მთრთოლარე შუქში ოთახი სასიამოვნო და მყუდრო გამოჩნდა. ოთახში თეთრი, პრაქტიკული ავეჯი იდგა, კედლებზეც თეთრი, გამძლე, გასარეცხი შპალერი გაეკრათ, იატაკზე გაწკრიალებული ლინოლეუმი ეგო, ხოლო ფანჯრებზე თანამედროვე გემოვნების მიხედვით სადა და მხიარული ნაქარგით დაშვენებული ტილოს ფარდები ეკიდა. აივნის კარი ღია იყო. იქიდან ხეობაში აციმციმებული სინათლეები მოჩანდა და საცეკვაო მუსიკის შორეული ხმა ისმოდა. კეთილ იოახიმს კამოდის თავზე ყვავილები შემოედგა, სულ ეს იყო, რაც კი მეორედ ამოყრილ ბალახში ეპოვა, პატარა ლარნაკში ფერდობებზე თავისი ხელით დაკრეფილი ცოტაოდენი მელიკუდა და რამდენიმე ღერი მაჩიტა ჩაედო.

    - რა ყურადღებიანი ხარ, - უთხრა ბიძაშვილს ჰანს კასტორპმა, - მშვენიერი ოთახია! აქ ძალიან სასიამოვნო იქნება რამდენიმე კვირის გატარება.

    - გუშინწინ აქ ერთი ამერიკელი ქალი მოკვდა, - უთხრა იოახიმმა, - ბერენსმა მითხრა, შენი ბიძაშვილის ჩამოსვლამდე მოთავებული იქნება მისი საქმე და შეუძლია ეს ოთახი მიიღოსო. მომაკვდავს თავისი საქმრო ადგა თავს, ინგლისის ფლოტის ოფიცერი, მაინცდამაინც ვაჟკაცურად ვერ ეჭირა თავი, წამდაუწუმ დერეფანში გადიოდა და პატარა ბიჭივით ტიროდა. გაპარსულ ლოყებს ცრემლი უთუთქავდა და სახეზე კოლდკრემს იცხებდა ხოლმე. გუშინწინ საღამოს იმ ამერიკელ ქალიშვილს ორჯერ ჰქონდა პირიდან ძლიერი სისხლდენა და გათავდა კიდეც. მაგრამ ის გუშინ დილასვე წაასვენეს, ოთახი, რა თქმა უნდა, საფუძვლიანად აახრჩოლეს ფორმალინით, იცი, ასეთ შემთხვევებში ფორმალინი თურმე უებარი საშუალება ყოფილა.

    ჰანს კასტორპი აღელვებული და დაბნეული უგდებდა იოახიმს ყურს. იგი მკლავებდაკაპიწებული იდგა განიერ პირსაბანთან. პირსაბანის ნიკელის ონკანებს ელექტრონის შუქზე ლაპლაპი გაჰქონდა. ჰანს კასტორპმა ფრთხილად გააპარა თვალი სუფთად გაწყობილი, თეთრად შეღებილი რკინის საწოლისკენ, ხელი დაიბანა, შეიმშრალა და, ცოტა არ იყოს, აბდაუბდა ლაპარაკს მოჰყვა:

    - ჰოო, ახრჩოლება ჩინებულია, მეთილალდეჰიდს H2CO-ს ყველაზე გამძლე ბაქტერიაც კი ვერ უმკლავდება, მაგრამ მან ცხვირში შეღიტინებაც იცის, არა? რა თქმა უნდა, სისუფთავის უსასტიკესი დაცვა ჯანმრთელობის ძირითადი პირობაა...

    „რა თქმა უნდაო", მან უცნაურად დაანაწევრა, მისი ბიძაშვილი კი სტუდენტობის დროიდან უფრო წესიერ მეტყველებას იყო მიჩვეული. ჰანს კასტორპმა კვლავ ენაწყლიანად განაგრძო:

    - ჰო, რა მინდოდა, კიდევ მეთქვა... ის ფლოტის ოფიცერი პირს, ალბათ, საპარსით იპარსავდა, იმით უფრო ადვილია სახის დასერვა, ვიდრე კარგად პირაწყობილი სამართებლით. ეს საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი. მე ხან ერთს ვხმარობ და ხან მეორეს... ჰოდა, გაღიზიანებულ კანს მარილიანი წყალი, ბუნებრივია, აუწვავდა, თანაც სამხედრო სამსახურში, ალბათ, შეჩვეული იყო კოლდკრემის ხმარებას და... გასაოცარს აქ ნამდვილად ვერაფერს ვხედავ...

    ჰანს კასტორპი კიდევ კარგა ხანს ტლიკინებდა, თქვა, ჩემოდანში ორასი ცალი ჩემი საყვარელი სიგარა „მარია მანჩინი" მიდევს, საბაჟოში ძალიან ზერელედ გამჩხრიკესო. მერე იოახიმს რამდენიმე კაცის მოკითხვა გადასცა.

    - აქ არ ათბობენ? - უცებ წამოიყვირა მან, გათბობის მილებს მივარდა და ხელი დაადო.

    - არა, საკმაოდ გრილად გვინახავენ, - უპასუხა იოახიმმა, - აგვისტომდე ასე იქნება, სანამ ცენტრალურ გათბობას არ ჩართავენ.

    - აგვისტომდე, აგვისტომდე! - თქვა ჰანს კასტორპმა, - მე კი ვიყინები და! საძაგლად ვიყინები, ტანზე მცივა, სახე კი აშკარად მიხურს, ერთი ხელი დამადე, რა ცხელი ვარ!

    ეს თხოვნა, სახეზე ხელი დამადეო, სულაც არ შეეფერებოდა ჰანს კასტორპის ბუნებას და თვითონვე უსიამოვნო გრძნობა მოჰგვარა. არც იოახიმს დაუპირებია მისთვის ხელი შეეხო, მხოლოდ ეს უთხრა:

    - არაფერია, ჰაერის ბრალია. თვითონ ბერენსს მთელი დღე ჩალურჯებული აქვს ლოყები. ზოგიერთი ვერასოდეს ეჩვევა აქაურ ჰავას. აბა, ახლა კი, go on, თორემ საჭმელს ვეღარაფერს ვიშოვით.

    გარეთ ისევ შეეფეთათ მოწყალების და, რომელიც თავისი ბეცი თვალებით ორივეს ცნობისმოყვარედ ზვერავდა. მეორე სართულზე ჰანს კასტორპი უცებ რაღაც ამაზრზენმა ხმაურმა ადგილზე მიაჯაჭვა. ეს ხმაური სულ ახლოდან, ტალანის მოსახვევიდან მოდიოდა, ხმა დიდი არ იყო, მაგრამ ისეთი ამაზრზენი გახლდათ, რომ ჰანს კასტორპს სახე დაემანჭა და ბიძაშვილს გაფართოებული თვალებით შეხედა. ეს აშკარად ხველება იყო, თანაც მამაკაცისა, მაგრამ იგი არც ერთ ხველებას არ ჰგავდა, რაც ოდესმე ჰანს კასტორპს გაეგონა. მასთან შედარებით ყველა სხვა ხველება სიცოცხლის მძლავრ და ჯანსაღ გამოვლინებას წარმოადგენდა. ეს იყო ყოველგვარი ხალისისა და სიამისაგან დაცლილი ხველება, რომელიც თანაბრად კი არ გაისმოდა, არამედ ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს დაშლილი ორგანული ნაერთების ფაფაში რაღაც შემაძრწუნებლად უმწეოდ ფართხალებსო.

    - დიახ, - თქვა იოახიმმა, - ასეთი ხველება კარგს არაფერს მოასწავებს. ეს ერთი ავსტრიელი არისტოკრატია. რომ იცოდე, რა ელეგანტური კაცია, პირდაპირ მხედრადაა გაჩენილი. ჯერ კიდევ უდგას სული, მაგრამ მისი საქმე წასულია.

    მათ გზა განაგრძეს და ჰანს კასტორპმა იოახიმს კვლავ არისტოკრატი მხედრის ხველებაზე გაუბა საუბარი.

    - არ დაგავიწყდეს, რომ ამის მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არაფერი გამიგონია, ჰოდა, რა გასაკვირია, შთაბეჭდილებას ახდენდეს ჩემზე. ქვეყანაზე მრავალნაირი ხველება არსებობს, მშრალი და სველი, როგორც ამბობენ, სველი ხველება ნაკლებად საშიშია და ასეთ ყეფაზე უკეთესიცაა. ჩემს ახალგაზრდობაში (ჩემს ახალგაზრდობაშიო, ზუსტად ასე თქვა) ანგინა რომ მქონდა, მგელივით ვყმუოდი ხოლმე და ახლაც კი მახსოვს, როგორ გაუხარდებოდა ყველას, ცოტა რბილად რომ დავიწყებდი ხველებას. ასეთი ხველება კი მართლა არ გამიგონია, ყოველ შემთხვევაში, პირადად

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1