Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

რომი
რომი
რომი
Ebook302 pages1 hour

რომი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ქართველი პედაგოგის სახელმძღვანელოში სახალისო და შეკუმშული ფორმით არის გადმოცემული ძველი რომის ისტორია მისი შექმნის დღიდან იმპერიის დაცემამდე, და განხილულია ყველა საკვანძო ფიგურა და მოვლენა.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
რომი

Read more from დიმიტრი უზნაძე

Related to რომი

Related ebooks

Reviews for რომი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    რომი - დიმიტრი უზნაძე

    დიმიტრი უზნაძე - რომი

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    რომის ისტორია

    I. მეფეების ხანა (753-510 წლები ქრისტეს დაბადებამდე)

    II. რომის რესპუბლიკა (510-27 წლები ქრისტეს დაბადებამდე) 

    III. იმპერატორების ხანა (რომის იმპერია 285 წლამდე)

    შენიშვნები

    ალექსანდრე მაკედონელის მსოფლიო მონარქია. V საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდე საბერძნეთის კულტურის განვითარება უმაღლეს დონეზე იდგა, მაგრამ სახელმწიფოებრივად საბერძნეთი სუსტი იყო. მას ძალა არ შესწევდა მთელი იმდროინდელი მსოფლიო თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. ამისთვის საჭირო იყო ჯერ თვითონ საბერძნეთის გაერთიანება და შემდეგ დანარჩენი ქვეყნების ერთს სახელმწიფოებრივ ფარგლებში მოქცევა. ამ ისტორიული მიზნის განხორციელება ალექსანდრე მაკედონელმა იკისრა. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მან მთელი აღმოსავლეთი დაიპყრო და საბერძნეთის კულტურულ გავლენას ფართო გზა გაუხსნა. მაგრამ დასავლეთი მაინც მისი გავლენის სფეროს გარეშე დარჩა. აქ ჯერ კიდევ უკულტურო ერები ბინადრობდენ, რომელთათვისაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი შეგნება უცხო იყო.

    ქრისტეს შობამდე VII საუკუნიდან დაწყებული აქაც გაჩნდა ახალი კერა კულტურული აღორძინებისა, რომელსაც დასავლეთ ევროპის ხალხებისა და შემდეგ მთელი იმდროინდელი კაცობრიობის კულტურული გაერთიანების ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული. ეს ახალი კერა აპენინის ნახევარკუნძულის ერთ-ერთი ქალაქი, რომი იყო. იგი მალე მთელ მსოფლიოს მოექცა სათავეში და რომის სახელმწიფოს სახელით თითქმის მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი გააერთიანა.

    გეოგრაფიული მდებარეობა. ბალკანების დასავლეთით შორს, ზღვაში, შეჭრილია აპენინის ნახევარკუნძული, რომელსაც მთელი მსოფლიოს გაერთიანების საქმე ხვდა წილად. მისი აღმოსავლეთი საზღვარი ადრიატიკის ზღვაა, სამხრეთი - იონიისა და დასავლეთი - ტირენის ზღვა. ჩრდილოეთიდან იგი კონტინენტს მდინარე პადუსის ველით უერთდება და ალპის მთებამდე გრძელდება, ისე რომ, ჩრდილოეთის საზღვრად არსებითად ეს ალპის მთები უნდა ჩაითვალოს. დღეს მთელ ამ მიდამოს იტალია ეწოდება. წინათ კი იგი ორ ნაწილად იყო გაყოფილი: თვით ნახევარკუნძულს იტალია ეწოდებოდა, ხოლო კონტინენტურ ნაწილს (მდინარე პადუსის ველს) აქეთა მხრის გალია ანუ გალია ციზალპინა. 

    როგორც ვიცით, ბალკანების ნახევარკუნძული აღმოსავლეთისკენაა მიბრუნებული, ხოლო დასავლეთი ნაწილი კარჩაკეტილია და თითქოს მთელ მსოფლიოსაა მოწყვეტილი. ამიტომ ბალკანეთს თითქოს თვით ბუნებისგან ჰქონდა დაკისრებული აღმოსავლეთი კულტურის მიღება, მისი გადამუშავება და უმთავრესად იმავე მიმართულებით გავრცელება. სულ სხვაგვარია იტალია. იგი აპენინის მთაგრეხილით ორ ნაწილად - აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთის ნაპირი სწორხაზოვანია და ამიტომ მიმოსვლისათვის გამოუსადეგარი, ხოლო დასავლეთი - თავისი უსწორმასწორო ზღვისკიდურით და მრავალი ნავსადგურით აღმოსავლეთ საბერძნეთს მოგვაგონებს. 

    ამგვარად, მისვლა-მოსვლისთვის სწორედაც ქვეყნის ეს ნაწილია განსაკუთრებით ხელსაყრელი. ასე რომ, თუ საბერძნეთს პირი აღმოსავლეთით ჰქონდა მიბრუნებული, იტალია დასავლეთის ქვეყნებისკენ იცქირებოდა. მაგრამ ეს იყო, დასავლეთით უკულტურო ქვეყნები ცხოვრობდნენ, და ამ მიმართულებით თვით იტალიიდან თუ გავიდოდა რამე, თორემ შემოსვლით ვერაფერი შემოვიდოდა. სამაგიეროდ, იტალიის სამხრეთი იყო აღმოსავლეთით კარგახსნილი. აქაური ნავსადგურები და ზღვაში კიდევ კუნძულები მას საბერძნეთს უახლოებდნენ. ამიტომ საბერძნეთის კულტურის კარად იტალიის სწორედ ეს ნაწილი უნდა ჩაითვალოს. 

    ამგვარად, იტალია თითქოს თვით ბუნებრივი აგებულების მხრივ იყო მოწოდებული, მიეღო სწორედ აღმოსავლეთიდან საბერძნეთის კულტურა და დასავლეთით იგი მთელი იქით მდებარე ევროპისთვის გადაეცა. იტალია ნამდვილი შუამავალი იყო დასავლეთსა და საბერძნეთს შორის. მართლაც, მისი უმთავრესი დანიშნულება და მნიშვნელობა ამ შუამავლობაში გამოიხატებოდა.

    იტალიაში განსაკუთრებით ხელსაყრელი გეოგრაფიული პირობებით მდინარე ტიბროს მიდამოები ხასიათდებოდა. ჯერ ერთი, მას იტალიაში ცენტრალური ადგილი უკავია, ამიტომ საკმარისი იყო აქაურ მცხოვრებთ მეზობლად მდებარე ქვეყნები დაეპყროთ, რომ მთელი იტალია მათ განკარგულებაში გადასულიყო. მეორე კიდევ ისა, რომ თვით ამ მიდამოების დაპყრობა ძლიერ ძნელი იყო, რადგან გარშემო გორაკები იყო აღმართული. იგინი აქაურ მკვიდრთათვის უძლეველ საფარს წარმოადგენდა. ალბათ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მთელი იტალიის გაერთიანება სწორედ აქედან დაიწყო. ქალაქი რომი, რომელიც ამ მიდამოებს ფლობდა, სულ მცირე ხანში მთელი იტალიის ბატონ-პატრონად იქცა. რაკი იტალია ერთ მთლიან სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანდა, ადვილი შეიქნა ახლა რომის მახვილი აპენინების დასავლეთითა და აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისაკენ მიმართულიყო. ამას იტალიას თავისი ცენტრალური მდებარეობა უკარნახებდა.

    მოსახლეობა. თვით იტალია, ისევე როგორც საბერძნეთი, სამ ნაწილად იყო გაყოფილი. ჩრდილოეთ იტალიას ანუ აქეთა მხარის გალიას მდინარე პადუსის ბასეინი ეჭირა და ნოყიერ ველს წარმოადგენდა. მას მდინარე პადუსი და მისი მრავალი შენაკადი გულუხვად რწყავს. აქაური მცხოვრებნი ე.წ. გალები იყვნენ. 

    საშუალო იტალიისთვის ორ მდინარეს, არნოსა და ტიბროს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს მხარე მრავალ ნაწილად იყო დაყოფილი. მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ეტრურია, ლაციუმი, კამპანია და სამნიუმი. 

    სამხრეთი იტალია ბერძენთა ახალშენებით იყო მოფენილი და ძველად მას დიდ საბერძნეთს (magna graecia) უწოდებდნენ. 

    იტალიის მოსახლეობა ბერძნებთან ერთად უნდა იყოს გამოსული ძველი არიელების პირვანდელი სამშობლოდან და მათთან ერთად დამკვიდრებული ევროპის ნიადაგზე. იმის მიუხედავად, რომ იტალიაში მრავალი ტომი ცხოვრობდა, იგინი მაინც ყველა საგრძნობლად უახლოვდებოდნენ ერთიმეორეს, და ენისა თუ ზნე-ჩვეულების მხრივ ბერძნების ნათესაობას ამხილებდნენ. გამონაკლისს მხოლოდ ეტრუსკები წარმოადგენდნენ, რომელნიც არც ერთი მხარის დანარჩენ მოსახლეობას არ ჰგავდნენ. ეტრუსკები იმდენად თავისებური ხალხი იყო, რომ მათი ვინაობა საბოლოოდ დღესაც არ არის გამორკვეული. არის აზრი, რომლის მიხედვითაც იგინი ქართველთა მონათესავე ხალხს უნდა წარმოადგენდნენ. 

    იტალიის ხალხებს შორის განსაკუთრებული როლი ლაციუმის მცხოვრებლებმა, ე.წ. ლათინებმა ითამაშეს. მათ ყველა დანარჩენი იტალიელები: სამნიტები, გალები, ეტრუსკები და ბერძნები დაიპყრეს და დანაწილებული იტალია მთლიან სახელმწიფოდ აქციეს. ლათინების მთავარ ქალაქად რომი გარდაიქცა, და ამიტომ მთელ სახელმწიფოზეც მისი სახელი გავრცელდა.

    სარწმუნოება. სარწმუნოების მხრივ იტალიელები ბერძნებს მოგვაგონებენ. მაგრამ მათ მრავალი თავისებურებაც ჰქონდათ და ამასთანავე, ეტრუსკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. დამახასიათებელი იყო მათთვის გარდაცვალებულთა სულების და ამავე დროს, ცეცხლის თაყვანისცემა, რომელიც ყოველ ოჯახს უქრობად უნდა დაეცვა. 

    პირველ ხანებში, სანამ რომაელები ბერძნების კულტურის გავლენას განიცდიდნენ, მათი ღმერთები განყენებულ სულებს წარმოადგენდნენ, რომელნიც ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენას მფარველობდნენ. ხოლო ბერძნების გავლენის ქვეშ რომაელთა ღმერთებმა ელინების ღვთაებათა სახე მიიღეს. ისე, რომ ბერძენთა თითოეულ ღმერთს თავისი რომაული შესატყვისი გაუჩნდა: იუპიტერი იგივე იყო, რაც ძევსი; იუნონა იგივე, რაც ჰერა; ვენერა იგივე, რაც აფროდიტა და სხვ. 

    I. მეფეების ხანა (753-510 წლები ქრისტეს დაბადებამდე)

    რომაელთა ადრინდელი წარსულის შესახებ დანამდვილებით არავინ არაფერი იცის, და ეს იმიტომ, რომ იმდროინდელი ცნობები ყველა დაიკარგა. ამის მიზეზი ის ცეცხლი იყო, რომელმაც მეოთხე საუკუნეში ქრისტეშობამდე მთელი რომი გადაწვა და რომელსაც გალების შემოსევას უკავშირებენ. ასე რომ, ყველაფერი, რაც რომში გალების შემოსევამდე მომხდარა, ჩვენთვის ბურუსით არის მოცული. მხოლოდ გადმოცემები და ლეგენდები მოიპოვება რომის ძველი ისტორიის შესახებ, და ამ გადმოცემათა მიხედვით რომის ისტორიის პირველი ხანა 753-დან 510 წლამდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში რომის სათავეში მეფეები მდგარან, რომელთა რაოდენობას გადმოცემა შვიდით განსაზღვრავს. 

    რომის დაარსება და რომულუსი. ლაციუმის მთავარი ქალაქის ალბალონგას მეფე ნუმიტორი, შთამომავალი ენეას შვილის, იულიუსისა (აქედან gens Iulia), თავისმა უმცროსმა ძმამ ამულიუსმა ჩამოაგდო ტახტიდან, ხოლო მისი ვაჟი მოკლეს და ასული, რეა-სილვია ვესტას ქურუმქალად შეწირეს, რათა არ გათხოვილიყო და მის შთამომავლობას ნუმიტორის ტახტი უკანვე არ დაებრუნებინა. მაგრამ რეა სილვიას ღვთის ნებით ტყუპი ეყოლა, რომულუსი და რემუსი. ამულიუსის ბრძანებით ორივე კალათში ჩასვეს და მდინარე ტიბროში გადაისროლეს, მაგრამ ადიდებული წყალი რომ დავარდა, კალათი ბავშვებითურთ ლეღვის ტოტზე (რომელსაც შემდეგში თაყვანს სცემდნენ) დარჩა დაკიდებული. პირველად ბავშვები ძუ მგელს ჩაუვარდა ხელთ, რომელმაც იგინი თავის ძუძუთი გამოკვება; და შემდეგ - მწყემსს ფაუსტულს. როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, გაიგეს თავისი წარმომავლობა და ამულიუსი მოჰკლეს, ხოლო ნუმიტორს ტახტი დაუბრუნეს; თვითონ კი უფრო ხელსაყრელ პირობებში ახალი ქალაქის აგება გადაწყვიტეს. როდესაც საქმე ახალი ქალაქის სახელწოდებაზე მიდგა, ძმებს უთანხმოება მოუვიდათ. ამისი შედეგი ის იყო, რომ რომულუსმა რემუსი მოჰკლა და ქალაქს თავისი სახელი უწოდა. რომის დაარსება, გადმოცემის თანახმად, 21 აპრილს, 753 წელს ქრისტეს დაბადებამდე მოხდა. 

    რომულუსის მართვა-გამგეობა. პირველი საზრუნავი რომულუსისა ის იყო, რომ როგორმე თავისი ქალაქისთვის მოსახლეობა ეშოვა. ამ მიზნით, მან თავშესაფარი მისცა ყველას, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით თავის სამშობლო ქალაქში დარჩენა ან არ შეეძლო, ან არ უნდოდა. ამგვარად, მოსახლეობა რომისა დღითი დღე იზრდებოდა. მაგრამ რომში ქალები არ იყვნენ, და მანაც ერთ ხერხს მიმართა: რაკი ნებით მისი მოქალაქეების ცოლობა არავის უნდოდა, ამიტომ რომულუსმა ერთ-ერთი ღმერთის პატივსაცემად დღესასწაული მოაწყო და მეზობლები მოიწვია. ხალხი მრავლად გამოცხადდა. აქ იყვნენ, სხვათა შორის, საბინელებიც. დღესასწაულის დროს რომულუსმა თავის მოქალაქეებს ნიშანი მისცა, და მათაც, დაავლეს ხელი სტუმარ ქალებს და თავის საცოლეებად გამოაცხადეს. ამ გარემოებამ მეზობლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და იგინი რომს დაეცნენ. 

    რადგან საბინელებმა ომი შეუკავშირებლად დაიწყეს, რომულუსმა სათითაოდ ყველა დაამარცხა და მათი ქალაქები თავის ქალაქს შეუერთა, ხოლო მოსახლეობა ნაწილობრივ რომში გადმოიყვანა. ამგვარად, მარტო საბინელები დარჩნენ, რომლებთანაც ომი განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდა. თავიანთი მეფის, ტიტუს ტაციუსის ხელმძღვანელობით იგინი რომს დაეცნენ და კინაღამ სავსებით დაიპყრეს. მაგრამ ბოლოს საქმეში მოტაცებული საბინელი ქალები, რომაელთა ცოლები, ჩაერივნენ და მებრძოლები შეარიგეს. დადებული პირობის მიხედვით, ორივე ხალხი გაერთიანდა და ახალი სახელი მიიღო: populus romanus quirites (quirites საბინელებს ეწოდებოდათ, რადგანაც იგინი ქალაქ ქურეს მცხოვრებნი იყვნენ; დღევანდელი მეცნიერების აზრით, quirites რომაელთა პირველი სახელწოდება იყო). მეფედ რომულუსი და ტიტუს ტაციუსი ორივე დარჩა. მაგრამ ეს უკანასკნელი მალე მოკვდა, და მთელი რომის მმართველად ისევ მხოლოდ რომულუსი დარჩა. მან კიდევ შეუერთა ახალი ქალაქები რომს და მალე იგი საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოდ გადაიქცა. 

    ქვეყნის მთელი შინაური ცხოვრების წესები რომულუსმა შეჰქმნა. ხალხი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1