Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფსიქოანალიზის შესავალი
ფსიქოანალიზის შესავალი
ფსიქოანალიზის შესავალი
Ebook1,243 pages6 hours

ფსიქოანალიზის შესავალი

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო. მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ უდავოდ ყველაზე ახლოს არის ასეთ ტექსტთან. ფსიქიკური პროცესების მის მიერ აღმოჩენილი ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიის ამონარიდის გამოყენებით ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით – ესენია შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები. ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს: იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ფაქტობრივად, „შესავალი“, მისი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, დღემდე რჩება ფსიქოანალიზის დამფუძნებლის ყველაზე მოთხოვნად ნაშრომად.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 15, 2022
ISBNEinfuhrung
ფსიქოანალიზის შესავალი

Read more from ზიგმუნდ ფროიდი

Related to ფსიქოანალიზის შესავალი

Related ebooks

Reviews for ფსიქოანალიზის შესავალი

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფსიქოანალიზის შესავალი - ზიგმუნდ ფროიდი

    ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქოანალიზის შესავალი

    Sigmund Freud – Einführung in die Psychoanalyse

    ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი

    თარგგმანი შესრულებეულია ინგლისური ენიდან

    iBooks© 2022 ყველა უფლება დაცულია

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    iBooks

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო

    ტელ: (32) 2314424

    ელფოსტა: info@ibooks.ge

    www. iBooks.ge

    FB: iBooks

    სარჩევი

    წინასიტყვაობა

    ნაწილი I. შეცდომების ფსიქოლოგია

    პირველი ლექცია. შესავალი

    მეორე ლექცია. შეცდომების ფსიქოლოგია

    მესამე ლექცია. შეცდომების ფსიქოლოგია (გაგრძელება)

    მეოთხე ლექცია. შეცდომების ფსიქოლოგია (დასკვნა)

    ნაწილი II. სიზმარი

    მეხუთე ლექცია. სიზმარი (სირთულეები და წინასწარი მიდგომა)

    მეექვსე ლექცია. სიზმარი (ჰიპოთეზა და განმარტების ტექნიკა)

    მეშვიდე ლექცია. სიზმარი (გამჟღავნებული შინაარსი და ფარული აზრი)

    მერვე ლექცია. სიზმარი (ბავშვობის სიზმრები)

    მეცხრე ლექცია. სიზმარი (სიზმრის ცენზურა)

    მეათე ლექცია. სიზმარი (სიზმრის სიმბოლურობა)

    მეთერთმეტე ლექცია. სიზმარი (სიზმრის მუშაობა)

    მეთორმეტე ლექცია. სიზმარი (სიზმართა მაგალითების ანალიზი)

    მეცამეტე ლექცია. სიზმარი (არქაული გადმონაშთები და ინფანტილიზმი სიზმარში)

    მეთოთხმეტე ლექცია. სიზმარი (სურვილის ასრულება)

    მეთხუთმეტე ლექცია. სიზმარი (საეჭვო პუნქტები და კრიტიკა)

    ნაწილი III. ნევროზთა ზოგადი თეორია

    მეთექვსმეტე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (ფსიქოანალიზი და ფსიქიატრია)

    მეჩვიდმეტე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (სიმპტომების მნიშვნელობა)

    მეთვრამეტე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (ტრავმატული ფიქსაცია, არაცნობიერი)

    მეცხრამეტე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (წინააღმდეგობა და განდევნა)

    მეოცე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (ადამიანის სექსუალური ცხოვრება)

    ოცდამეერთე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (ლიბიდოს განვითარება და სექსუალური ორგანიზაცია)

    ოცდამეორე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (განვითარებისა და რეგრესიის თეორიები, ეტიოლოგია)

    ოცდამესამე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (სიმპტომთა განვითარება)

    ოცდამეოთხე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (ჩვეულებრივი ნევროზულობა)

    ოცდამეხუთე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (შიში)

    ოცდამეექვსე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (ლიბიდოს თეორია და ნარცისიზმი)

    ოცდამეშვიდე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (გადატანა)

    ოცდამერვე ლექცია. ნევროზთა ზოგადი თეორია (ანალიტიკური თერაპია)

    წინასიტყვაობა

    მცირედნი აცნობიერებენ, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში, რომ, თუმცა ფროიდისტული თემები იშვიათად იკავებს ადგილს „ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის" პროგრამებში, ისინი დიდი და მზარდ ყურადღებას იპყრობს და დეტალურად მუშავდება ლიტერატურის, ისტორიის, ბიოგრაფიის, სოციოლოგიის, მორალისა და ესთეტიკის, ანთროპოლოგიის, განათლებისა და რელიგიის შემსწავლელთა მიერ. მათ შესთავაზეს სამყაროს ადრეული საბავშვო ასაკისა და პუბერტატული პერიოდის ახალი კონცეფცია და ახლებურად მოჰფინეს ნათელი ქარაქტეროლოგიას; შემოგვთავაზეს ახალი და უფრო ცხადი შეხედულება ძილის, სიზმრისა და ოცნების შესახებ და გამოავლინეს დღემდე უცნობი ფსიქიკური მექანიზმები, რომლებიც საერთოა ნორმალური და პათოლოგიური მდგომარეობებისა და პროცესებისთვის, რითიც ნაჩვენებია, რომ მიზეზობრიობის კანონი ვრცელდება შეშლილობის ყველაზე შეუსაბამო მოქმედებებსა და თვით ვერბიგერაციებზე; წავიდა საკმაოდ შორს, რათა გამოერკვია ისტერიის terra incognita[1]; გვასწავლა პათოლოგიური სიმპტომების ჩანასახშივე აღმოჩენა, რომლებიც ხშირად ნევროტული და ფსიქოტური ხასიათისაა; გამოავლინა პირველყოფილი გონების მოქმედების მექანიზმი, რომელიც იმდენად დაჩრდილული და დათრგუნვილი იყო, რომ ჩვენ მას თითქმის ვეღარ ვამჩნევდით. შექმნა და გამოიყენა სიმბოლურობის გასაღები, რათა წარსულის მრავალი მისტიკურობა აეხსნა; და, ამ ყოველივეს გარდა, განკურნა ათასობით ადამიანი, ჩამოაყალიბა პროფილაქტიკის ახლებური მეთოდი და შემოგვთავაზა ხასიათის, განწყობისა და უნარების ახალი ტესტები, აერთიანებდა რა ყველაფერში პრაქტიკასა და თეორიას იმ მხსნელი ხარისხით, როგორითაც ეს იშვიათობას წარმოადგენს.

    ეს ოცდარვა ლექცია არასპეციალისტისთვის თითქმის ელემენტარული და დიალოგურია. ფროიდი გულწრფელად წარმოაჩენს ფსიქოანალიზის განსაცვიფრებელ სირთულეებსა და შეზღუდვებს და ისე აღწერს მის ძირითად მეთოდებსა და შედეგებს, როგორც მხოლოდ აზროვნების ახალი სკოლის ფუძემდებელსა და ოსტატს ძალუძს. იმავდროულად, ეს ლექციები მარტივი და, ფაქტობრივად, სარწმუნოა, ასახავს და აჯამებს რა ოცდაათწლიანი თავგანწირული და გულმოდგინე კვლევის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად არ არის წინააღმდეგობრივი, უფრო მკაფიო სინათლეზე ჩვენ დროდადრო ვამჩნევთ განსხვავებას ოსტატსა და მის ზოგ გამორჩეულ მოწაფეს შორის. ამის მსგავსი ტექსტი ყველაზე მეტად შეეფერება საგანს და ბუნებრივია, რომ მეტი ან ნაკლები ხარისხით ჩაანაცვლებს ფსიქოანალიზის ყველა სხვა შესავალს. იგი ავტორს ახალ შუქში წარმოაჩენს, როგორც ეფექტურ და წარმატებულ პოპულარიზატორს და უდავოა, რომ მას მიესალმება არამხოლოდ ფსიქოანალიზის შემსწავლელთა დიდი და მზარდი რაოდენობა ამ ქვეყანაში, არამედ კიდევ უფრო დიდი რაოდენობა მათი, რომლებსაც ამ საგნის შესწავლა სურთ აქ თუ ნებისმიერ სხვა ადგილას.

    არ არის აუცილებელი, რომ ზიგმუნდ ფროიდის მიუკერძოებელი მოსწავლე მის ყველა დასკვნას დაეთანხმოს, და მართლაც, ამ სტრიქონების ავტორის მსგავსად, შესაძლოა მან ვერ მოახერხოს, აქციოს სექსი წარსულისა და აწმყოს ფსიქიკური ცხოვრების იმდენად საყოველთაოდ გაბატონებულ  ფაქტორად, როგორც ეს ფროიდს მიაჩნია და აღიაროს ის ფაქტი, რომ იგია ყველაზე ორიგინალური და შემოქმედებითი გონება ჩვენი თაობის ფსიქოლოგიაში. მიუხედავად odium sexicum[2]-ის დიდი დაბრკოლებისა, რომელიც დღეს უფრო რთულად არის გადასალახი, ვიდრე odium theologicum[3], რაც აკადემიურ აღიარებასა და მეტად თუ ნაკლებად სოციალურ ოსტრაკიზმს უკავშირდება, მისმა შეხედულებებმა მიიპყრო და შთააგონა მრავალი ბრწყინვალე გონება არამხოლოდ ფსიქიატრიაში, არამედ მრავალ სხვა სფეროშიც, რომლებმაც ერთბლივად კულტურის სამყაროს მეტად ახალი და იმედის მომცემი აღქმა შესთავაზეს, ვიდრე ის იყო, რომელიც ჰუმანიზმის ფართო სფეროს ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარეობდა.

    ვუნდტის[4] ყოფილ მოსწავლესა და მიმდევარს, რომელიც სრულად აღიარებს მის ფასდაუდებელ ღვაწლს ჩვენი მეცნიერების წინაშე, არ შეუძლია უარი თქვას ზოგიერთ შედარებაზე. ვუნდტი ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა უპირატესობის მქონე აკადემიური კათედრის პრესტიჟით. მან დააფუძნა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის პირველი ლაბორატორია, რომელმაც მრავალი ქვეყნიდან მოიზიდა ყველაზე ნიჭიერი და მომზადებული მკვლევრები. აპერცეფციის დოქტრინის განვითარებით მან ფსიქოლოგია სამუდამოდ დააშორა ასოციაციონიზმს, რომელიც აღარ იყო ნაყოფიერი. გარდა ამისა, მან  გამიჯნა ფსიქოლოგია ფიზიოლოგიისგან და თავისი ენციკლოპედიური და ხალხმრავალი ლექციებით, მის მეტ-ნაკლებად ეზოტერიკულ სკოლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არსებითად წასწია წინ ფსიქიკური მეცნიერების ყოველი დარგი და მისი გავლენა გაავრცელა ფოლკლორის, ზნე-ჩვეულებების, ენისა და პირველყოფილი რელიგიის მთელ ვრცელ სფეროზე. მისი საუკეთესო ტექსტები კიდევ დიდხანს იქნება ნაწილი საგანძურისა, რომელსაც ყველა ფსიქოლოგი უნდა გაეცნოს.

    და, კვლავ, მსგავსად ფროიდისა, ის შთააგონებდა მოსწავლეებს, რომლებიც მასზე წინ წავიდნენ (ვიურცბურგერები და ინტროსპექციონისტები) და რომელთა მეთოდებსა და შედეგებს ის ვერ მიყვებოდა. მისი შეზღუდვები სულ უფრო ცხადი ხდებოდა. ის მცირე სარგებელს ნახულობდა არაცნობიერსა და ანომალიურში და უმეტესწილად ცხოვრობდა და მუშაობდა წინარერევოლუციურ ეპოქაში და სათანადოდ ვერასდროს და ვერსად აფასებდა გენეტიკის თვალსაზრისს. ის არასოდეს სცდება საყოველთაოდ მიღებულ საზღვრებს, როდესაც საქმე სექსთან აქვს, რაც ერთობ იშვიათად ხდება. არც იმაში შეაქვს დიდი წვლილი, რასაც შესაძლოა მუდმივი ღირებულება ჰქონდეს აღგზნებადობის ფართო სფეროში. არ შეგვიძლია, არ გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ფროიდი არ გაიმეორებს ვუნდტის შეცდომას და ხისტად არ გაწყვეტს კავშირს თავის უფრო დაწინაურებულ მოწაფეებთან, როგორებიც ადლერი ან ციურიხის ჯგუფის წევრები არიან. ფროიდი უმალ იმ თემებს აქცევს თავის ქვაკუთხედებად, რომლებსაც ვუნდტი უგულებელყოფს, კერძოდ კი, არაცნობიერს, ანომალიებს, სექსსა და ზოგად აღგზნებადობას მრავალ გენეტიკურ და, განსაკუთრებით, ონტოგენეტიკურ, მაგრამ ასევე ფილოგენეტიკურ ფაქტორთან შეხამებით. ვუნდტის გავლენა დიდი იყო წარსულში, როდესაც ფროიდს დიდებული აწმყო აქვს და კიდევ უფრო დიდებული მომავალი ელის.

    ერთ საკითხში ფროიდი ეთახნხმება ინტროსპექციონისტებს, კერძოდ, „ფიზიოლოგიური ფაქტორის" ნებაყოფლობით უგულებელყოფასა და წმინდად ფსიქოლოგიური საფუძვლების აგებაში, თუმცა კი ფროიდისთვის ფსიქოლოგია ძირითადად არაცნობიერია, როდესაც ინტროსპექციონისტებისთვის ის წმინდად ცნობიერს წარმოადგენს. ვერც მან და ვერც მისმა მოწაფეებმა შეძლეს ჯერჯერობით იმ დახმარების გაცნობიერება, რომელიც მათთვის ავტონომიური სისტემის მკვლევრების მიერ არის შეთავაზებული ისევე, როგორც ვერც თავის ტვინის ეპიკრიტიკულ და პროტოპათიურ ორგანოებსა და ფუნქციებს შორის განსხვავება, თუმცა ისინი უდავოდ დაიკავებს კუთვნილ ადგილს იმისდა მიხედვით, რაც უფრო მეტს გავიგებთ არაცნობიერი გონების ბუნებისა და პროცესების შესახებ.

    თუკი ნორმალური ფსიქიკის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგები დღემდე ნაკლებად იხრებოდნენ იმისკენ, რომ ეღიარებინათ ძვირფასი წვლილი, შეტანილი ფსიქოლოგიაში ფსიქიკურ დაავადებებზე ბუნების ულმობელი ექსპერიმენტებით, ჩვენი აზრით, ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც უპირატესად ამ სფეროში მოღვაწეობენ, ერთგვარად უფრო მეტად იყვნენ მზად, თავიანთი აღმოჩენები ნორმალური გონების ფუნქციონირების მიმართ გამოეყენებინათ. მაგრამ ჩვენ საკმარისად ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და გვწამს, რომ საბოლოოდ ორივე ეს შეცდომა აღმოიფხვრება და მომავლის დიად სინთეზში, რომელიც გარდაუვლად გვეჩვენება, ჩვენი მეცნიერება გაცილებით უფრო გამდიდრდება და მეტ სიღრმეს შეიძენს თეორიული თვალსაზრისით და გაცილებით უფრო პრაქტიკულიც გახდება, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა.

    გ. სტენლი ჰოლი, კლარკის უნივერსიტეტი

    აპრილი, 1920

    ნაწილი I. შეცდომების ფსიქოლოგია

    პირველი ლექცია. შესავალი

    ჩემთვის უცნობია, რამდენად ახლოს შეიძლება იცნობდეთ ფსიქოანალიზს იქიდან, რაც წაგიკითხავთ ან რაც მის შესახებ გსმენიათ. მაგრამ ამ ლექციების დასახელების შესაბამისად – „ფსიქოანალიზის შესავალი" – ვალდებული ვარ ისე ვიმოქმედო, თითქოს თქვენ არაფერი იცოდეთ ამ საგნის შესახებ და წინასწარ მითითებებს საჭიროებდეთ.

    გავბედავ იმის ვარაუდს, რომ თქვენთვის შემდეგი მაინც არის ცნობილი, კერძოდ, რომ ფსიქოანალიზი არის ნევროტულად დაავადებული პაციენტების სამედიცინო მკურნალობის მეთოდი. და, აქვე შემიძლია შემოგთავაზოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ არის, რომ ამ სფეროში დამკვიდრებული პროცედურები ზუსტად იმის საპირისპიროა, რაც წესს წარმოადგენს მედიცინაში. ჩვეულებრივ, როდესაც პაციენტს მკურნალობის მისთვის უცნობ მეთოდს ვაცნობთ, ჩვენ მინიმუმამდე ვამცირებთ მის სირთულეებს და სარწმუნო დაპირებებს ვაძლევთ მკურნალობის შედეგთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც ნევროტული პაციენტის ფსიქოანალიტიკურ მკურნალობას ვატარებთ, ჩვენ სრულიად სხვაგვარად ვიქცევით. ჩვენ ვაცნობთ მას მკურნალობის სირთულეებს, მის ხანგრძლივობას, ძალისხმევასა და მსხვერპლს, რომელიც მისგან მოითხოვება. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ ვეუბნებით მას, რომ არ ვაძლევთ რაიმე განსაზღვრულ დაპირებებს, რომ შედეგი დამოკიდებულია მის ქცევაზე, მის გაგებაზე, მის ადაპტირებულობასა და გამძლეობაზე. რასაკვირველია, ჩვენ შესანიშნავი საბაბი გვაქვს ასეთი მიდგომისთვის, რომელიც ესოდენ არასწორად გამოიყურება და რომელში გარკვევაც შესაძლოა შემდეგ ლექციებში შეძლოთ.

    ამდენად, ნუ გაჯავრდებით, თუ ჯერჯერობით ისევე მოგეპყრობით, როგორც ხსენებულ ნევროტულ პაციენტებს. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვცდილობ, გადაგათქმევინოთ ჩემ მოსასმენად მეორედ მოსვლა. ამ განზრახვით, მე გიჩვენებთ ნაკლოვანებებს, რომლებიც აუცილებლობის ძალით არის დამახასიათებელი ფსიქოანალიზის სწავლებისთვის, და სირთულეებს, რომლებიც პირადი შეხედულების ჩამოყალიბების გზაზე დგას. მე გიჩვენებთ, თუ როგორი გარდაუვლობით გაქცევთ თქვენი წარსული წვრთნა და ჩვეული აზროვნება ფსიქოანალიზის ოპონენტებად და რამდენი რამ უნდა გადალახოთ საკუთარ თავში, რათა ამ ინსტინქტურ წინააღმდეგობას გაუმკლავდეთ. რასაკვირველია, მე არ ძალმიძს იმის წინასწარმეტყველება, თუ რა ხარისხის ფსიქოანალიტიკურ ცოდნას შეიძენთ ჩემი ლექციებიდან, მაგრამ გპირდებით, რომ მათი მოსმენით თქვენ ვერ ისწავლით ფსიქოანალიტიკური მკურნალობის ჩატარებას. მეტიც, თუკი მე აღმოვაჩენ ისეთ ვინმეს თქვენ შორის, ვინც არ იქნება კმაყოფილი ფსიქოანალიზთან ზერელე ნაცნობობით და ისურვებს, უფრო ღრმა ურთიერთობა დაამყაროს მასთან, მე არამხოლოდ შევეცდები, გადავათქმევინო მას ეს, არამედ გავაფრთხილებ კიდეც, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადადგას. საგანთა არსებულ მდგომარეობაში ადამიანი, რომელიც ამ პროფესიას აირჩევს, გაანადგურებს საუნივერსიტეტო წარმატების ყოველგვარ შანსს, ხოლო თუ პრაქტიკოსი ექიმის კარიერას გაყვება, ის აღმოჩნდება საზოგადოებაში, რომლისთვისაც გაუგებარი იქნება მისი მიზნები, მას ეჭვითა და მტრულად მიუდგებიან და ყველა იმ ბოროტ სულს დაასევენ, რომელიც ამ საზოგადოებაშია მიმალული.

    მიუხედავად ამისა, ყოველთვის საკმარისად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად ყოველგვარი უხერხულობისა, დაინტერესებულნი არიან ყველაფრით, რაც შესაძლოა ჯამურ ცოდნას წაადგეს. თუ თქვენ შორის ასეთები მოიძებნებიან, თუ უგულებელყოფენ ჩემს გაფრთიხლებას და დაბრუნდებიდან შემდეგ ლექციაზე, მე მივესალმები მათ. მაგრამ თითოეულ თქვენგანს აქვს უფლება, იცოდეს ფსიქოანალიზის ხსენებული სირთულეები.

    უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვაწყდებით ფსიქოანალიზის სწავლებისა და განმარტების თანდაყოლილ სირთულეებს. სამედიცინო განათლების მიღებისას თქვენ მიეჩვიეთ ვიზუალურ დემონსტრირებას. თქვენ ხედავთ ანატომიურ ნიმუშს, ქიმიური რეაქციის ნალექს, კუნთის შეკუმშვას მისი ნერვების გაღიზიანების შედეგად. მოგვიანებით თქვენ გიჩვენებენ პაციენტს, თქვენ ეცნობით მისი დაავადების სიმპტომებს, პათოლოგიური პროცესების შედეგებს, ხშირ შემთხვევაში კი დაავადების გამომწვევიც არის ნაჩვენები იზოლირებულ მდგომარეობაში. ქირურგიულ განყოფილებაში თქვენ ხდებით მოწმე ნაბიჯებისა, რომელთა მეშვეობით პაციენტს შვება ენიჭება და ნებას გრთავენ, თავად ჩაატაროთ ოპერაცია. ფსიქიატრიაშიც კი პაციენტის გასინჯვა, მიმიკის, საუბრის მანერისა და ქცევის ცვლილების საშუალებით გაწვდით მრავალ ფაქტს, რომელიც ერთობ შთამბეჭდავია. ამგვარად, მედიცინის მასწავლებელი უმთავრესად ასრულებს მეგზურისა და ინსტრუქტორის როლს, რომელიც თან გახლავთ იმ მუზეუმში, რომელშიც თქვენ უშუალო კავშირს ამყარებთ ექსპონატებთან და რომელშიც საკუთარი დაკვირვებით რწმუნდებით იმ ახალი საგნების არსებობაში, რომლებსაც ხედავთ.

    სამწუხაროდ, ფსიქოანალიზში ყველაფერი განსხვავებულადაა. ფსიქოანალიზში სხვა არაფერი ხდება, გარდა სიტყვების გაცვლისა პაციენტსა და ექიმს შორის. პაციენტი საუბრობს, ყვება თავისი წარსული გამოცდილებისა და არსებული შთაბეჭდილებების, ჩივილების შესახებ, აღიარებს საკუთარ სურვილებსა და ემოციებს. ექიმი კი ისმენს, ცდილობს, მიმართულება მისცეს პაციენტის აზრებს, შეახსენებს რაღაც-რაღაცებს, აკავებს მის ყურადღებას გარკვეულ არხებში, სთავაზობს მას განმარტებებს და აკვირდება გაგების ან უარყოფის რეაქციებს, რომლებიც მან პაციენტში გამოიწვია. პაციენტის გაუნათლებელი ნათესავები – ადამიანები, რომლებზეც შთაბეჭდილებას მხოლოდ ხილული და ხელშესახები ახდენს, უპირატესად ისეთი პროცესი, როგორსაც ადამიანი კინოთეატრში აკვირდება – არასოდეს უშვებენ ხელიდან შესაძლებლობას, გამოხატონ თავიანთი სკეპტიციზმი იმასთან მიმართებით, თუ როგორ შეუძლია ვინმეს, „გაუმკლავდეს დაავადებას უბრალო საუბრით".

    რასაკვირველია, ასეთი აზროვნება იმდენადვე არაშორსმჭვრეტელურია, რამდენადაც არათანმიმდევრული. სწორედ ეს ადამიანები არიან მყარად დარწმუნებულნი, რომ პაციენტები „უბრალოდ იგონებენ" თავიანთ სიმპტომებს. თავდაპირველად სიტყვას მაგიური ძალა გააჩნდა და ამ ძველი მაგიური ძალის ნაწილი მას დღემდე აქვს შენარჩუნებული. სიტყვით ადამიანს სხვისი გაბედნიერება ან სხვისთვის სასოწარკვეთის მოგვრა შეუძლია; სიტყვების მეშვეობით გადასცემს მასწავლებელი თავის ცოდნას მოსწავლეს; სიტყვებით იპყრობს ორატორი აუდიტორიას და განსაზღვრავს მის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს. სიტყვები ახდენს ზემოქმედებას და წარმოადგენს ადამიანებზე გავლენის მოხდენის უნივერსალურ საშუალებას. ამგვარად, ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ სიტყვების გამოყენება ფსიქოთერაპიაში და კმაყოფილება გამოვხატოთ, თუ შევძლებთ გავიგონოთ სიტყვები, რომლებსაც ერთმანეთს უცვლიან ანალიტიკოსი და პაციენტი.

    მაგრამ ესეც კი შეუძლებელია. საუბრისთვის, რომლისგანაც შედგება ფსიქოანალიტიკური მკურნალობა, დაუშვებელია მსმენელი, არ შეიძლება მისი დემონსტრირება. რასაკვირველია, შესაძლებელია ნევრასთენიკის ან ისტერიით დაავადებულის ჩვენება ფსიქიატრიის ლექციაზე. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, თავისი ჩივილებისა და სიმპტომების შესახებ ისაუბრებს, მაგრამ მეტი არაფრის შესახებ. კომუნიკაცია, რომელიც ანალიზისთვის არის აუცილებელი, შესაძლებელია მხოლოდ ექიმისადმი განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულების პირობებში. პაციენტი მყისვე დუმდება, როგორც კი თუნდაც ერთ მიუკერძოებელ მოწმეს ამჩნევს. ასეთი კომუნიკაცია მისი ფსიქიკური ცხოვრების ყველაზე ინტიმურ მხარესთან არის კავშირში, იმ ყველაფერთან, რაც, როგორც სოციალურად დამოუკიდებელმა პიროვნებამ, მან სხვებისგან უნდა დამალოს. ასეთ კომუნიკაციას საქმე აქვს ყველაფერთან, რის აღიარებასაც ის, როგორც ჰარმონიული პიროვნება, საკუთარ თავთანაც ვერ შეძლებდა.

    შესაბამისად, თქვენ ვერ შეძლებთ „მოისმინოთ" ფსიქოანალიტიკური მკურნალობა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ შეიტყოთ მის შესახებ. ფსიქოანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ მხოლოდ ყურმოკვრით, ამ სიტყვის უმკაცრესი გაგებით. ასეთი, მეორე ხელიდან მიღებული ცოდნა, უჩვეულო მდგომარეობაში ჩაგაყენებთ საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებასთან მიმართებით. ცხადია, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ნდობაზე, რომლითაც ხელმძღვანელს უდგებით.

    წარმოიდგინეთ, რომ ესწრებით არა ფსიქიატრიის, არამედ ისტორიის ლექციას, ხოლო ლექტორი ალექსანდრე დიდის ცხოვრებისა და მეომრული ღვაწლის შესახებ მოგითხრობთ. რა საფუძვლით უნდა ირწმუნოთ ამ განცხადებების უტყუარობა? ერთი შეხედვით, საქმის ვითარება თითქოს უფრო მეტად არახელსაყრელია, ვიდრე ფსიქოანალიზის შემთხვევაში, რადგან ისტორიის პროფესორი ისევე ნაკლებად მონაწილეობდა ალექსანდრეს ლაშქრობებში, როგორც თქვენ. ფსიქოანალიტიკოსი, სულ ცოტა, ისეთი რამეების შესახებ გესაუბრებათ, რასთან კავშირშიც თვითონ აქვს შესრულებული რაღაც როლი. მაგრამ შემდეგ ჩნდება ასეთი კითხვა: რა ფაქტების მოტანა შეუძლია ისტორიკოსს თავისი პოზიციის მხარდასაჭერად? მას შეუძლია, მიგითითოთ ანტიკურ ავტორთა შრომებზე, რომლებიც ან თვითონ იყვნენ თანამედროვეები ან, სულ ცოტა, უფრო ახლოს მაინც იყვნენ განსახილველ მოვლენასთან. სხვა სიტყვებით, ის მიგითითებთ დიოდორეს, პლუტარქეს, არიანესა და სხვათა შრომებზე. მას შეუძლია გიჩვენოთ შემორჩენილი მონეტების გამოსახულებები და მეფეთა ქანდაკებები ისევე, როგორც ფოტო პომპეის მოზაიკისა, რომელზეც ისოსის ბრძოლაა გამოსახული. მიუხედავად ამისა, მკაცრად თუ ვიტყვით, ყველა ეს დოკუმენტი მხოლოდ იმას მოწმობს, რომ წინა თაობებს უკვე სწამდათ ალექსანდრეს არსებობა და მის გმირობათა რეალურობა, თქვენი კრიტიკა კი ახლებურად შესაძლოა აქედან დაწყებულიყო. შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ, რომ არცთუ ყველაფერია სანდო და დეტალურად დამტკიცებადი, რაც ალექსანდრეს შესახებ ვიცით გადმოცემით. თქვენი გადაწყვეტილება ძირითადად ორი მოსაზრებით განისაზღვრება. პირველი, ლექტორს არ აქვს რაიმე გასაგები მოტივი, რომელიც აიძულებდა, ჭეშმარიტებად გაესაღებინა ის, რისი ჭეშმარიტებაც თვითონ არ სწამდა, და მეორე, ყველა ხელმისაწვდომი ისტორიული წიგნი მოვლენებს დაახლოებით მსგავსი სახით ხატავს. თუკი შემდეგ ძველი წყაროების გადამოწმებას შეუდგებით, თქვენ საქმე გექნებათ იმავე მონაცემებთან, ავტორთა იმავე შესაძლო მოტივებთან და მოვლენის სხვადასხვა ნაწილების იმავე თანმიმდევრობასთან. ალექსანდრეს შემთხვევაში კვლევის შედეგი მართლაც დამაჯერებელი იქნება. სავარაუდოდ, ვითარება განსხვავებული იქნება ისეთი პიროვნებების შემთხვევაში, როგორებიც მოსე ან ნებროთი არიან. მაგრამ როგორი ეჭვები აღგეძვრებათ ფსიქოანალიტიკოსისადმი ნდობის მიმართ, ამას მოგვიანებით იხილავთ.

    ამ ეტაპზე თქვენ გაქვთ უფლება, დასვათ კითხვა: „თუკი შეუძლებელია ფსიქოანალიზის ობიექტური გადამოწმება და დემონსტრირება, როგორ შეძლებს ადამიანი ფსიქოანალიზის შესწავლას და მის დებულებათა ჭეშმარიტებაში დარწმუნებას?" ფაქტი ისაა, რომ სწავლის პროცესი ადვილი არ არის და არცთუ ბევრია ადამიანი, რომელსაც ფსიქოანალიზი საფუძვლიანად აქვს შესწავლილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობს შესაფერისი გზა. ფსიქოანალიზის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის, საკუთარი პიროვნების შესწავლის გზით ხდება. ეს ზუსტად ის არ არის, რასაც, ჩვეულებრივ, თვითდაკვირვებას უწოდებენ, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, შეგვიძლია ასე განვიხილოთ. არსებობს მთელი სერია ძალიან გავრცელებული და საყოველთაოდ ცნობილი ფსიქიკური  მოვლენებისა, რომლებიც ფსიქოანალიზის ტექნიკის გარკვეულწილად დაუფლების შემდეგ შეიძლება საკუთარ თავში ანალიზის საგნად იქცეს. ასეთი მოქმედებით ადამიანი იძენს სასურველ რწმენას იმ მოვლენების რეალურობის შესახებ, რომლებსაც ფსიქოანალიზი აღწერს ისევე, როგორც მისი ფუნდამენტური კონცეფციების სისწორისა. რასაკვირველია, ეს მეთოდი წინსვლას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. ადამიანი უფრო შორს წავა, თუ მას ანალიზს კომპეტენტური ფსიქოანალიტიკოსი ჩაუტარებს, დააკვირდება ანალიზის მოქმედებას საკუთარ ეგოზე და, იმავდროულად, გამოიყენებს შესაძლებლობას, გაეცნოს ამ მეთოდის უნატიფეს ტექნიკას. რასაკვირველია, ეს შესანიშნავი მეთოდი გამოყენებადია ცალკეულად თითეული ადამიანის და არა მთელი ჯგუფის მიმართ.

    ფსიქოანალიზთან თქვენს ურთიერთობაში არის კიდევ ერთი სირთულე, რომლისათვის პასუხისმგებლობას თვით ამ მეცნიერებას ვერ დავაკისრებ და, ქალბატონებო და ბატონებო, უნდა გთხოვოთ, თავად იტვირთოთ ეს პასუხისმგებლობა სულ ცოტა, იმდენად, რამდენადაც აქამდე მედიცინის შესწავლით იყავით დაკავებულნი. თქვენმა წინამორბედმა მეცადინეობამ თქვენს ფსიქიკურ აქტივობას გარკვეული მიმართულება მისცა, რომელმაც მნიშვნელოვნად დააშორა იგი ფსიქოანალიზს. თქვენ გასწავლიდნენ, რომ ორგანიზმის ფუქნციები და მათი დარღვევები ანატომიურად მოგეყვანათ წესრიგში, განგემარტათ ისინი ქიმიისა და ფიზიკის ცნებებით და გაგეგოთ ბიოლოგიურად, მაგრამ თქვენი ინტერესის მცირედი ნაწილიც კი არ იყო მიმართული ფსიქიკური ცხოვრებისკენ, რომელშიც აღწევს საბოლოოდ კულმინაციას ამ არაჩვეულებრივად რთული ორგანიზმის აქტივობა. ამ მიზეზიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური მიდგომა თქვენთვის უცხოა და თქვენ მიჩვეული ხართ, ეჭვის თვალით უმზიროთ მას, უარყოთ მისი მეცნიერული ხასიათი და დაუტოვოთ იგი არასპეციალისტებს, პოეტებს, ბუნებისმეტყველებსა და მისტიკოსებს. რასაკვირველია, ასეთი ზღვარდება საზიანოა თქვენი სამედიცინო საქმიანობისთვის, რადგან პაციენტი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ყველა ადამიანურ ურთიერთობაში, პირველ რიგში თავისი ფსიქიკური მხრით წარმოდგება. და, მე ვშიშობ, თქვენი საზღაური ის იქნება, რომ იძულებულნი გახდებით, დაუთმოთ იმ თერაპიული ზემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლისკენაც ისწრაფვით, თვითნასწავლ ექიმებს, ექიმბაშებსა და მისტიკოსებს, რომლებიც ესოდენ გძულთ.

    მე მხედველობიდან არ გამომრჩენია თქვენი წარსული განათლების ნაკლოვანების გამამართლებელი საბუთები, რომელთა არსებობაც უნდა ვაღიაროთ. არ არსებობს თერაპიის ფილოსოფიური თეორია, რომელიც შეიძლება პრაქტიკული იყოს თქვენი სამედიცინო მიზნებისთვის. ვერც გონებაჭვრეტითი ფილოსოფია, ვერც აღწერილობითი ფსიქოლოგია და ვერც ე.წ. ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, რომელიც შეგრძნების ორგანოთა ფიზიოლოგიასთან არის კავშირში, როგორც ის სკოლებში ისწავლება, გასწავლით რაიმე სასარგებლოს ფიზიკურსა და ფსიქიკურს შორის დამოკიდებულების შესახებ და ვერც გასაღებს გადმოგცემთ ფსიქიკური ფუნქციების შესაძლო დარღვევათა გასაგებად. მართალია, რომ მედიცინის სფეროში ფსიქიატრია დაკავებულია აღმოჩენილი ფსიქიკური დარღვევების აღწერით და მათი დაჯგუფებით კლინიკურ სიმპტომ-სურათებად. მაგრამ გულახდილობის წუთებში ფსიქიატრები თავად ეჭვობენ, იმსახურებს თუ არა მათი წმინდად აღწერილობითი გადმოცემა მეცნიერების სახელს. სიმპტომები, რომლებიც ამ კლინიკურ სურათებს შეადგენს, არც წარმომავლობის მიხედვით არის ცნობილი, არც მოქმედების მექანიზმით და არც ურთიერთკავშირით. არც სულის ანატომიური ორგანოს შესაბამისი ცვლილებები არსებობს, რომელთა აღმოჩენაა შესაძლებელი, ან ცვლილებები ისეთი ბუნებისაა, რომ არაფერს განმარტავს. ასეთი ფსიქიკური აშლილობები ღიაა თერაპიული ზემოქმედებისთვის მხოლოდ ისეთ დროს, როდესაც მათი იდენტიფიცირება შეიძლება სხვაგვარად ორგანული დარღვევის გვერდითი მოვლენის სახით.

    სწორედ აქ არის ის ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც ფსიქოანალიზი ისახავს მიზნად. ის სთავაზობს ფსიქიატრიას ფსიქოლოგიურ საფუძველს, რომელსაც იგი მოისაკლისებს, და იმედოვნებს  იპოვოს საერთო პლატფორმა, რომლიდანაც, როგორც საწყისი წერტილიდან, ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევების უწყვეტი ურთიერთქმედება გასაგები გახდება. ამ მიზნით, ის უნდა განშორდეს ყველა სახის ანატომიურ, ქიმიურ და ფიზიოლოგიურ ვარაუდს, რომელიც უცხოა მისთვის. ის უნდა მოქმედებდეს წმინდად ფსიქოლოგიური და თერაპიული ცნებებით და სწორედ ამ მიზეზით ვშიშობ, რომ თავიდან ის უცნაურად მოგეჩვენებათ.

    მე არ მსურს, რომ შემდეგ სირთულეში თქვენს არსებულ განათლებას ან თქვენს მენტალურ მიკერძოებულობას დავდო ბრალი. თავისი ორი დებულებით ფსიქოანალიზი მთელ სამყაროს შეურაცხყოფს და მის სიძულვილს იწვევს. ამ დებულებათაგან ერთი ინტელექტუალურ ცრურწმენას აყენებს შეურაცხყოფას, მეორე – ესთეტიკურ-მორალურს. თუმცა ეს ცრურწმენები სათანადოდ უნდა შევაფასოთ. მათ ძალა აქვს და წარმოადგენს კაცობრიობის სასარგებლო, მეტიც, აუცილებელი, განვითარების გადმონაშთს. ისინი შენარჩუნებულია ძლიერი აფექტებით და მათთან გამკლავება საკმაოდ რთულია.

    ფსიქოანალიზის უსიამოვნო დებულებათაგან პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ფსიქიკური პროცესები თავისთავად არაცნობიერია, ხოლო ისინი, რომლებიც ცნობიერია, მთლიანი ფსიქიკური ცხოვრების უბრალოდ იზოლირებული აქტებს და ნაწილებს წარმოადგენს. გაიხსენეთ ის, რომ, ამის საპირისპიროდ, ჩვენ მიჩვეულნი ვართ, გავაიგივოთ ფსიქიკური და ცნობიერი. სინამდვილეში ცნობიერება ჩვენთვის ფსიქიკური ცხოვრების განმასხვავებელ მახასიათებელს ნიშნავს, ფსიქოლოგია კი არის მეცნიერება ცნობიერების შინაარსის შესახებ. მართლაც, ასეთი გაიგივება ჩვენ იმდენად ცხადად გვეჩვენება, რომ მასთან მცირედ წინააღმდეგობასაც კი აშკარა უაზრობად მივიჩნევთ და, მიუხედავად ამისა, ფსიქოანალიზი ვერ აარიდებს თავს ამ წინააღმდეგობას. ის ვერ დაუშვებს ცნობიერისა და ფსიქიკურის იგივეობას. მის მიერ ფსიქიკის განმარტება ამტკიცებს, რომ ეს უკანასკნელი არის შეგრძნების, აზროვნების, სურვების პროცესი და რომ ის აღიარებს არაცნობიერი აზროვნებისა და არაცნობიერი სურვების არსებობას. დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ  ფსიქოანალიზმა ამ მტკიცებით საკუთარი თავის წინააღმდეგ აამხედრა ფხიზელი მეცნიერულობის მიმდევრები და გააჩინა ეჭვი, რომ ის ერთგვარი ფანტასტიკური და საიდუმლო მოძღვრებაა, რომელიც წყვდიადში დაიარება და თევზს მღვრიე წყალში იჭერს. ქალბატონებო და ბატონები, მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, რომ თქვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარი იყოს, თუ რა საფუძვლით ვუწოდებ მე ცრურწმენას ისეთ აბსტრაქტულ ფრაზას, როგორიც არის: „ფსიქიკური არის ცნობიერი". თქვენ არ შეიძლება იცოდეთ, თუ რა შეფასებას შეეძლო, მივეყვანეთ არაცნობიერის უარყოფასთან, თუკი ასეთი რამ მართლა არსებობს და რა უპირატესობის მიღება შეიძლებოდა ასეთი უარყოფიდან. უბრალოდ სიტყვების თამაშს ჰგავს ის, თუკი ადამიანი იტყვის, რომ ფსიქიკური თანხვდება ცნობიერს ან რომ ის უფრო ვრცელია, და მაინც, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არაცნობიერი პროცესების აღიარებით გზას გაუხსნით სრულიად ახალ ორიენტაციას სამყაროსა და მეცნიერებაში.

    ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მჭიდროა კავშირი ფსიქოანალიზის ამ საწყის გაბედულ დებულებასა და შემდგომს შორის. ეს დებულება, რომელსაც ფსიქოანალიზი თავის ერთ-ერთ აღმოჩენად აცხადებს, ამტკიცებს, რომ ის ინსტინქტური ლტოლვები, რომლებსაც შეგვიძლია სექსუალური ვუწოდოთ ვიწრო და ფართო აზრით, უჩვეულოდ დიდ როლს თამაშობს ნერვული და ფსიქიკური დაავადებების წარმოშობაში და რომ ეს ლტოლვები ადეკვატურად არასოდეს ყოფილა შეფასებული. მეტიც, ფსიქოანალიზი ამტკიცებს, რომ იმავე სექსუალურმა ლტოლვებმა შეიტანა წვლილი, რომლის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია, ადამიანური სულის უმაღლესი თანრიგის კულტურულ, მხატვრულ და სოციალურ მიღწევებში.

    ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, არაკეთილგანწყობა ფსიქოანალიზის ამ დასკვნისადმი წინააღმდეგობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა, რომელსაც იგი აწყდება. გაინტერესებთ, რით ვხსნით ამ ფაქტს? ჩვენ გვწამს, რომ ცივილიზაცია წინ მიდიოდა სასიცოცხლო აუცილებლობის მამოძრავებელი ძალით ლტოლვების დაკმაყოფილების ხარჯზე და რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანწილად მუდმივად მეორდება, რადგან ყოველი ინდივიდი, რომელიც ადამიანთა საზოგადოებაში შედის, მსხვერპლად იღებს თავისი ლტოლვების დაკმაყოფილებას საზოგადოების სასარგებლოდ. ამგვარად გამოყენებულ ლტოლვებს შორის სექსუალური იმპულსები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამასთანავე, ხდება მათი სუბლიმირება ანუ გადახრა სექსუალური მიზნებიდან და მიმართვა მიზნებისკენ, რომლებიც სოციალურად უფრო მაღალ საფეხურს მიეკუთვნება და აღარ არის სექსუალური. მაგრამ ეს შედეგი არასტაბილურია. სექსუალური ლტოლვები რთულად ითრგუნება. ყოველი ინდივიდი, რომელიც ცდილობს, ცივილიზაციის მიღწევებში შეიტანოს წვლილი, იმყოფება იმ საფრთხის წინაშე, რომ მისი სექსუალური ლტოლვა შესაძლოა ასეთი სუბლიმაციის წინააღმდეგ აჯანყდეს. საზოგადოება ვერც კი წარმოიდგენს უფრო სერიოზულ საფრთხეს თავისი ცივილიზაციისთვის, ვიდრე სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილებაა თავდაპირველი მიზნებისკენ მისი გადამისამართებით. შესაბამისად, საზოგადოებას არ მოსწონს, როდესაც თავისი წარმოშობით ამ საჩოთირო ადგილს შეახსენებენ. მას არანაირი ინტერესი აქვს, აღიაროს სექსუალური ლტოლვის ძალა და ცხადად განუმარტოს ადამიანს სქესობრივი ცხოვრების მნიშვნელობა. პირიქით, საზოგადოებამ მთელი ამ სფეროდან გადახრის კურსი აიღო. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საზოგადოება ვერ ეგუება ფსიქოანალიტიკური კვლევის ზემოხსენებულ შედეგებს და ამჯობინებს, შეფუთოს ის, როგორც ესთეტიკურად შეურაცხმყოფელი და მორალურად საეჭვო ან საფრთხის შემცველი. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ასეთი შედავებით შეუძლებელია თავდასხმა მეცნიერული კვლევის აშკარად ობიექტურ შედეგებზე, კრიტიკა, იმისათვის, რომ ის გაგონილი იქნეს, ინტელექტუალურ საფეხურზე უნდა გადავიდეს. თუმცა, ადამიანურ ბუნებას ახასიათებს წინასწარგანწყობა, არსასიამოვნო იდეა მცდარის სახით განიხილოს და, ამდენად, იოლი ხდება მის წინააღმდეგ არგუმენტების პოვნა. ამგვარად, საზოგადოება იმას, რაც არასასიამოვნოა, ფუთავს როგორც მცდარს, უარყოფს რა ფსიქოანალიზის დასკვნებს ლოგიკური და სათანადო არგუმენტებით. ასეთი არგუმენტები აფექტური წყაროებიდან იღებს სათავეს, საზოგადოება კი იცავს ამ ცრურწმენებს მიუხედავად მათი უარყოფის ყველა მცდელობისა.

    თუმცა, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არანაირად ვიყავით მიკერძოებულნი ამ სადავო განცხადებების გაკეთებისას. მხოლოდ ის გვსურდა, რომ ჩამოგვეყალიბებინა ფაქტები, რომლებიც, ჩვენი აზრით, მძიმე სამუშაოს შედეგად არის აღმოჩენილი. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უპირობოდ უარვყოთ სამეცნიერო კვლევაში ნებისმიერი სახის პრაქტიკული მოსაზრების შეჭრა მანამდეც კი, სანამ გამოვიკვლევთ, თუ რამდენად გამართლებულია შიში, რომელსაც ეს მოსაზრებები ნერგავს.

    ამგვარად, ეს არის მხოლოდ რამდენიმე სირთულე, რომელიც ფსიქოანალიზის სფეროში მოღვაწეობის გზაზე დგას. დასაწყისისთვის ეს, ალბათ, საკმარისზე მეტია. თუ შეძლებთ, გაუმკლავდეთ მათ დამთრგუნველ შთაბეჭდილებას, შეგვიძლია განვაგრძოთ.

    მეორე ლექცია. შეცდომების ფსიქოლოგია

    ჩვენ ვიწყებთ კვლევით და არა ჰიპოთეზებით. ამ მიზნით ჩვენ ავირჩიეთ გარკვეული მოვლენები, რომლებიც ძალიან ხშირია, ძალიან ნაცნობია და რომლებსაც ძალიან მცირე ყურადღება ექცევა და არაფერი აქვს საერთო პათოლოგიებთან იმდენად, რამდენადაც მათ ყოველ ნორმალურ ადამიანში ვხვდებით. მე ვგულისხმობ შეცდომებს[5], რომლებსაც ადამიანი უშვებს, მაგალითად, მცდართქმებს, როდესაც ადამიანს რაღაცის თქმა სურს და არასწორ სიტყვას იყენებს; შეცდომებს, დაშვებულს წერის დროს, რომლებიც მან შეიძლება შენიშნოს ან ვერ შენიშნოს; მცდარკითხვის შემთხვევებს, როდესაც ადამიანი ნაბეჭდი ან ნაწერი ტექსტიდან კითხულობს სრულიად განსხვავებულს იმისგან, რაც იქ წერია. მსგავსი მოვლენა ხდება, როდესაც ადამიანს მცდარად ესმის ნათქვამი, თუმცა სმენითი ფუნქციის ორგანულ დარღვევას საქმე არ ეხება. ასეთ მოვლენათა კიდევ ერთი სერია ეფუძნება დავიწყებას, მაგრამ დავიწყებას, რომელიც არის არა პერმანენტული, არამედ დროებითი, როგორც ისეთ დროს, როდესაც ადამიანი ვერ იხსენებს სახელს, რომელიც იცის და რომელსაც გარკვეული დროის შემდეგ გაიხსენებს; როდესაც ავიწყდება განზარხვის შესრულება დროულად, თუმცა მოგვიანებით იხსენებს ანუ მხოლოდ დროის მცირე შუალედში ავიწყდება. მოვლენათა მესამე კლასი დროით მახასიათებელს მოისაკლისებს, რისი მაგალითიც არის ნივთების გადამალვა ისე, რომ შემდეგ მათი პოვნა ვეღარ ხერხდება და, ასევე, ნივთების დაკარგვის ანალოგიური შემთხვევა. ჩვენ აქ საქმე გვაქვს დავიწყების ფორმასთან, რომელზეც ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს, ვიდრე სხვა შემთხვევებში, დავიწყებასთან, რომელიც გაოცებას ან გაღიზიანებას იწვევს, ნაცვლად იმისა, რომ ის გასაგებად იქნეს მიჩნეული. ამავეს უკავშირდება მცდარ იდეათა მოვლენა – რომელშიც დროითი ასპექტი ასევე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადამიანს გარკვეული დროის განმავლობაში სწამს რაღაც, რაც მანამდე და მერე იცის, რომ არ შეესაბამება სიმართლეს – და განსხვავებული დასახელების მქონე სხვა მრავალი მოვლენა.

    ყველა ამ მოვლენის შინაგანი კავშირი გამოიხატება ერთი და იმავე თავსართის გამოყენებით.[6] თითქმის ყველა მათგანი არაარსებითია, უმეტესწილად დროებითი ხასიათისაა და ადამიანის ცხოვრებაში არცთუ დიდი მნიშვნელობა აქვს. იშვიათად ხდება, რომ რომელიმე მათგანმა, მაგალითად ისეთმა, როგორიც ნივთების დაკარგვაა, კონკრეტული პრაქტიკული მნიშვნელობა შეიძინოს. ამ მიზეზით ისინი ვერც დიდ ყურადღებას იმსახურებს და მხოლოდ სუსტ ემოციებს იწვევს.

    შესაბამისად, სწორედ ამ მოვლენებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. მაგრამ თქვენ გაღიზიანებულები შემეწინააღმდეგებით: „გარე სამყაროში იმდენი დიადი საიდუმლოა ისევე, როგორც ფსიქიკური ცხოვრების უფრო მცირე სამყაროში, და იმდენი საოცრება ფსიქიკური დარღვევების სფეროში, რომელიც განმარტებას საჭიროებს, რომ ნამდვილად არასერიოზულად გვეჩვენება შრომისა და დროის გაფლანგვა ასეთ წვრილმანებზე. თუკი თქვენ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, როგორ ხდება, რომ ადამიანს ჯანმრთელი თვალებითა და ყურებით დღის შუქზე ესმის და ხედავს იმას, რაც არ არსებობს, ან თუ რატომ იჯერებს უეცრად ადამიანი, რომ მას დევნის ის, ვინც ამ დრომდე ყველაზე მეტად უყვარდა, ან ყველაზე  გენიალური არგუმენტებით იცავს ილუზიას, რომელიც ბავშვისთვისაც კი უაზრობას წარმოადგენს, მაშინ ჩვენ ფსიქოანალიზს სერიოზულად მივუდგებით. მაგრამ თუ ფსიქოანალიზს იმაზე მეტის გაკეთება არ შეუძლია, ვიდრე იმაში გარკვევაა, თუ რატომ ამბობს მოსაუბრე მცდარ სიტყვას ან რატომ გადამალა დიასახლისმა გასაღები, მაშინ ჩვენ დროს უფრო სასარგებლო საქმიანობას მივუძღვნით".

    ჩემი პასუხი ასეთია: „მოთმინება, ქალბატონებო და ბატონებო! ვფიქრობ, თქვენი კრიტიკა სწორ გზას არ მიუყვება. მართალია, ფსიქოანალიზი ვერ იამაყებს იმით, რომ არასოდეს ყოფილა დაკავებული წვრილმანებით. პირიქით, მისი დაკვირვების ობიექტები ზოგადად იყო ის მარტივი მოვლენები, რომლებსაც სხვა მეცნიერებები გვერდზე ისროდა, როგორც მეტისმეტად უმნიშვნელოს, როგორც მოვლენათა სამყაროს ნარჩენებს. მაგრამ ხომ არ უზავებთ ერთმანეთს თქვენს კრიტიკაში პრობლემების მნიშვნელობას და მათ გარეგნულ სიმკვეთრეს? ნუთუ არ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საგნები, რომლებსაც განსაზღვრულ გარემოებებსა და განსაზღვრულ დროს საკუთარი თავის გამჟღავნება მხოლოდ სუსტი ნიშნებით შეუძლიათ? მე ამ სახის მრავალი მაგალითის მოტანა იოლად შემიძლია. მაგალითად, რა არამკაფიო ნიშნებით ასკვნის ამ აუდიტორიის წევრი ახალგაზრდა მამაკაცი, რომ მან ქალბატონის კეთილგანწყობა დაიმსახურა? ელით თქვენ მკაფიო განცხადებას ან გულში მხურვალედ ჩაკვრას, თუ საკმარისია უბრალოდ მზერა, რთულად შესაჩნევი სხვებისთვის, წამიერი ჟესტი, ხელის ოდნავ უფრო ხანგრძლივი ჩამორთმევა? თუ თქვენ კრიმინალისტი ხართ და მკვლელობის გამოძიებაში იღებთ მონაწილეობას, მართლაც გექნებათ იმის მოლოდინი, რომ მკვლელი თავის ფოტოს და მისამართს დატოვებს დანაშაულის ადგილას, თუ, აუცილებლობიდან გამომდინარე, იძულებული იქნებით ასეთი ადამიანის იქ ყოფნის უფრო სუსტი და ნაკლებად განსაზღვრული მტკიცებულებებით დაკმაყოფილდეთ? შესაბამისად, მოდით, სათანადოდ შევაფასოთ მცირე ნიშნები. შესაძლოა, მათი მეშვეობით უფრო მნიშვნელოვანის კვალზე გავიდეთ. გეთანხმებით იმაში, რომ სამყაროსა და მეცნიერების უფრო დიდი პრობლემები ჩვენი ინტერესის უპირველესი საგანია. მაგრამ, ზოგადად, მცირე სარგებლობა მოაქვს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, მიუძღვნათ თავი ამა თუ იმ პრობლემის კვლევას. ხშირად ადამიანმა არც კი იცის, რომელი მიმართულებით გადადგას შემდეგი ნაბიჯი. მეცნიერულ კვლევაში უფრო ნაყოფიერია ძალისხმევის მიმართვა იმისკენ, რაც ამ მომენტში ხდება და რისი კვლევის აშკარა მეთოდიც არსებობს. ადამიანმა, რომელიც ამას საფუძვლიანად აკეთებს, ცრურწმენისა და წინასწარგანწყობის გარეშე, იღბლიანობის შემთხვევაში და იმის წყალობით, რომ ყველა საგანი ერთმანეთთან არის კავშირში (მაშასადამე, მცირეც დიდთან), შესაძლოა ასეთი მოკრძალებული კვლევითაც აღმოაჩინოს საწყისი წერტილი დიდი პრობლემების შესასწავლად".

    ასეთი იქნებოდა ჩემი პასუხი თქვენი ყურადღების შესანარჩუნებლად ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომების განხილვაზე, რომლებსაც ნორმალური ადამიანები უშვებენ. ახლა ჩვენ გავესაუბრებით ადამიანს, რომლისთვისაც უცნობია ფსიქოანალიზი და ვკითხავთ, როგორ ახსნის ის ამ მოვლენებს.

    ცხადია, მისი პირველი პასუხი იქნება: „ოჰ, მათი განმარტება არც კი ღირს. ეს უბრალო დამთხვევებია. რას გულისხმობს ის ამით? იმას ხომ არა, რომ არსებობს იმდენად უმნიშვნელო მოვლენები, რომ ისინი საგანთა მიზეზობრივი თანმიმდევრობიდან ამოვარდნილია ან შესაძლოა იმისგან განსხვავებული რამ იყოს, რასაც წარმოადგენს? თუკი ადამიანი ამგვარად უარყოფს ბუნებრივი მოვლენების განსაზღვრულობას ერთ რომელიმე ადგილში, ის მთელ მეცნიერულ მსოფლხედვას დააკარგვინებს ძალას. მას შესაძლოა მიუთითონ, თუ რამდენად უფრო თანმიმდევრულია რელიგიური თვალსაზრისი, როდესაც ის ცალსახად ამტკიცებს, რომ „ერთი ბეღურაც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა მამის ნება. არ მგონია, ჩვენმა მეგობარმა ისურვოს, თავისი პირველი პასუხი ლოგიკურ დასკვნამდე მიიყვანოს. ის გაგვაწყვეტინებს და იტყვის, რომ, თუ ამ საგანს შეისწავლიდა, სავარაუდოდ, ის შეძლებდა განმარტებას. ის იტყვის, რომ ეს არის მსუბუქი ფუნქციური დარღვევის შემთხვევა, არაზუსტი ფსიქიკური აქტი, რომლის მიზეზობრივი ფაქტორების გამოკვეთა შესაძლებელია. ადამიანმა, რომელიც სხვა დროს გამართულად საუბრობს, შესაძლოა მცდარი სიტყვა წარმოთქვას – შეუძლოდ ყოფნის ან დაღლილობის შემთხვევაში, როდესაც ის აღელვებულია ან როდესაც მისი ყურადღება სხვა რამეზეა ფოკუსირებული. ამ მტკიცებების დასაბუთება არ არის რთული. მცდართქმა სინამდვილეში განსაკუთრებული სიხშირით ხდება, როდესაც ადამიანი დაღლილია, როდესაც თავი ტკივა ან შეუძლოდ არის. ასეთ ვითარებაში საკმაოდ ხშირია საკუთარი სახელების დავიწყება. მრავალი ადამიანისთვის საკუთარი სახელების გახსენების უუნარობა მოახლოვებული სისუსტის ნიშანია. ასევე ხშირად ადამიანი მღელვარებისას ურევს სიტყვებს ან ობიექტებს ან სხვა საგნებს ჰკიდებს ხელს. ხოლო განზრახვების დავიწყება ისევე, როგორც მოულოდნელი მოქმედების ჩადენა მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი გაფანტულია, სხვა სიტყვებით, როდესაც ყურადღება სხვა რამეზეა კონცენტრირებული. ასეთი გაფანტულობის ცნობილი მაგალითია პროფესორი Fliegende Blätter[7]-იდან, რომელიც სხვა ქუდს იხურავს, ვინაიდან ფიქრობს პრობლემების შესახებ, რომელთა განხილვა თავის შემდეგ წიგნში სურს. გამოცდილებიდან თითოეული ჩვენგანისთვის არის ცნობილი შემთხვევები, როდესაც ადამიანს ავიწყდება დაგეგმილი განზრახვა ან მიცემული პირობა, რადგან საქმეში ჩაერია განცდა, რომელმაც ღრმა ზემოქმედება მოახდინა ჩვენზე.

    ეს ერთდროულად გასაგებიც არის და უდავოც, თუმცა შესაძლოა იმდენად საინტერესო არ იყოს, როგორი მოლოდინიც გვქონდა. მაგრამ, მოდით, შეცდომების ახსნა განვიხილოთ. პირობები, რომლებიც დასახელებული იყო, როგორც აუცილებელი ამ მოვლენების მოხდენისთვის, იდენტური არ არის. შეუძლოდ ყოფნა და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ფიზიოლოგიურ საფუძველს გვთავაზობს. მღელვარება, დაღლილობა და გაფანტულობა სხვა სახის მოცემულობებია, რომლებსაც შეგვიძლია ფსიქოფიზიოლოგიური ვუწოდოთ. ამ უკანასკნელზე თეორიული მსჯელობა იოლია. დაღლილობა ისევე, როგორც გაფანტულობა და, შესაძლოა, ზოგადი მღელვარება, იწვევს ყურადღების გაფანტვას, რისი სავარაუდო შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ მოქმედება საკმარის ყურადღებას ვერ დაიმსახურებს. ამიტომ ასეთი მოქმედების დარღვევა უფრო ადვილი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივის და ის შესაძლოა არასწორად შესრულდეს. შეუძლოდ ყოფნას ან ნერვული სისტემის ცენტრალური ორგანოსთვის სისხლის მიწოდების ცვლილებას შესაძლოა იგივე ეფექტი ჰქონდეს იმდენად, რამდენადაც ის განმსაზღვრელ ფაქტორზე, ყურადღების განაწილებაზე, მსგავსად მოქმედებს. შესაბამისად, ყველა ასეთ შემთხვევაში ეს არის ყურადღების განაწილების შედეგის საკითხი, რომელსაც ორგანული ან ფსიქიკური ფაქტორები იწვევს.

    მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი ფსიქოანალიტიკური კვლევისთვის ეს ბევრს არაფერს გვეუბნება. შესაძლოა ცდუნებამაც კი დაგვძლიოს, მივატოვოთ ეს საგანი. რასაკვირველია, უფრო საგულდაგულო დაკვირვებისას ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ფსიქოლოგიური შეცდომის ახსნა ყურადღების თეორიით ვერ ხერხდება ან, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი უშუალოდ აქედან არ გამოიყვანება. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ასეთი შეცდომები და დავიწყებები ხდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანები არ არიან დაღლილები, გაფანტულები და აღელვებულები და ყოველმხრივ ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღელვება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ აღიარებენ, მათ მიეწერება. არც მექანიზმია იმდენად მარტივი, რომ მოქმედების წარმატება უზრუნველყოფილი იყოს მისთვის მიპყრობილი ყურადღებით ან მისი შემცირებით საფრთხეში აღმოჩნდეს. არსებობს მრავალი მოქმედება, რომელსაც ადამიანი წმინდად ავტომატურად და მცირე ყურადღების დათმობით ასრულებს, თუმცა კი ისინი საკმაო წარმატებით სრულდება. ქვეითად მოსიარულე, რომელმაც შესაძლოა არც კი იცოდეს, საით მიდის, მაინც განაგრძობს სწორი გზით სიარულს და დანიშნულების ადგილამდე ისე მიდის, რომ გზიდან არ გადაუხვევს. ყოველ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ასე ხდება. გამოცდილი პიანისტი კლავიშებს ისე ეხება, რომ მათ შესახებ არ ფიქრობს. რასაკვირველია, მან შესაძლოა შემთხვევით შეცდომა დაუშვას, მაგრამ ავტომატური დაკვრა რომ შეცდომების ალბათობას ზრდიდეს, სწორედ ვირტუოზები დაუშვებდნენ ყველაზ მეტ შეცდომას, რადგან მათი დაკვრა ვარჯიშის წყალობით მაქსიმალურად ავტომატიზებულია. თუმცა, ამის საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი მოქმედება სავსებით წარმატებულია, როდესაც განსაკუთრებით ფოკუსირებული ყურადღების საგანს არ წარმოადგენს და შეცდომები ხდება სწორედ იქ, სადაც ადამიანს ყველაზე მეტად სურს სიზუსტე, სადაც, შესაბამისად, აუცილებელი ყურადღების გაფანტვა ყველაზე ნაკლებად არის დასაშვები. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ეს „მღელვარების" შედეგია, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არ ახდენს მღელვარება ყურადღების კონცეტრაციის ინტენსიფიცირებას ესოდენ სასურველ მიზანზე. თუ მნიშვნელოვანი სიტყვით გამოსვლისას ან დისკუსიაში ადამიანი იმის საწინააღდეგოს იტყვის, რასაც ფიქრობს, ამის ახსნა რთულად თუ მოხდება ფსიქოფიზიოლოგიური ან ყურადღების თეორიებით.

    ამასთანავე, არსებობს ამ შეცდომების თანმხლები მრავალი მცირე მოვლენა, რომელიც გაუგებარია და გასაგებად არ მიიჩნევა ამ განმარტებების საფუძველზე. მაგალითად, როდესაც ადამიანს დროებით ავიწყდება სახელი, ის გაღიზიანებულია, ცდილობს გახსენებას და ამ მცდელობაზე უარს ვერ ამბობს. რატომ ხდება, რომ, მიუხედავად გაღიზიანებისა, ადამიანი ვერ ახერხებს ყურადღების მიმართვას სიტყვისკენ, რომელიც „ენის წვერზე ადგას და მყისვე ცნობს მას, როგორც კი დაუსახელებენ? ან სხვა მაგალითი ავიღოთ. არსებობს შემთხვევები, როდესაც შეცდომები მრავლდება, უკავშირდება ერთმანეთს ან ერთმანეთს ანაცვლებს. თავდაპირველად ადამიანს ავიწყდება დანიშნული შეხვედრის შესახებ; შემდეგ, მტკიცე განზრახვით იმისა, რომ არ დაავიწყდეს, ის აღმოაჩენს, რომ შეეშალა შეხვედრის თარიღი ან დრო. ან ადამიანი ცდილობს შემოვლითი გზით გაიხსენოს დავიწყებული სიტყვა და ამ დროს ავიწყდება მეორე სიტყვა, რომელიც პირველის მიგნებაში დაეხმარებოდა. ხოლო თუ ეს ადამიანი მეორე სახელის ძიებას შეუდგება, დაიკარგება მესამე და ა.შ. საყურადღებოა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს მცდარბეჭდილის შემთხვევაშიც, რაც, რასაკვირველია, ასოთამწყობის შეცდომად უნდა ჩაითვალოს. როგორც ამბობენ, ასეთი მდგრადი მცდარბეჭდილი შეიპარა სოციალ-დემოკრატთა გაზეთში, რომელშიც კონკრეტული დღესასწაულის გადმოცემისას ნათქვამი იყო: „დამსწრეთა შორის იყო მისი უმაღლესობა, კლოუნ-პრინცი. მომდევნო დღეს შეცდომის გასწორება სცადეს. გაზეთმა ბოდიში მოიხადა და თქვა: „რასაკვირველია, უნდა წავიკითხოთ ასე: კლოუნ-პრინცი". ასეთ შემთხვევებში უყვართ საუბარი მბეჭდავის ეშმაკის, საბეჭდი მანქანის ავი სულისა და სხვა მსგავსი რამეების შესახებ. ეს არის ხატოვანი გამოთქმები, რომლებიც, სულ ცოტა, მცდარბეჭდილის ფსიქო-ფიზიოლოგიურ თეორიას სცდება.

    არ ვიცი, არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ის ფაქტი, რომ ადამიანს ძალუძს მცდართქმის პროვოცირება და გამოწვევა, ასე ვთქვათ, ჩაგონებით. ამის საილუსტრაციოდ ერთი ისტორია გამოდგება: ახალბედა მსახიობს მნიშვნელოვანი როლი მიანდეს „ორლეანელ ქალწულში", სადაც მას მეფისთვის უნდა მოეხსენებინა: „Connétable sheathes his sword[8]. მთავარი როლის შემსრულებელმა რეპეტიციის დროს იოხუნჯა ახალბედაზე და რამდენჯერმე უკარნახა: „Comfortable sends back his steed[9] [10] და მიზანს მიაღწია. წარმოდგენისას უიღბლო მსახიობის დებიუტი ამ დამახინჯებული ფრაზით შედგა, თუმცა კი მას აფრთხილებდნენ ამის შესახებ. ან, იქნებ, სწორედ ამიტომაც მოხდა.

    შეცდომათა ამ მცირე მახასიათებლებს ყურადღების გადატანის თეორია ვერ ასახავს. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მთელი თეორია მცდარია. შესაძლოა მასში რაღაც არის გამორჩენილი, რისი დამატებითაც თეორია სრულიად დამაკმაყოფილებელი გახდება. მაგრამ მრავალი შეცდომა სხვა მხრიდანაც შეგვიძლია განვიხილოთ.

    მოდით, მცდართქმაზე შევჩერდეთ, რადგან ის საუკეთესოდ შეეფერება ჩვენს მიზნებს. თუმცა, ასეთივე წარმატებით შეგვეძლო მცდარკითხვის არჩევა. აქამდე ჩვენ მხოლოდ იმას ვიკვლევდით, თუ როდის და რა პირობებში ხდება მცდართქმა და პასუხს მხოლოდ ამ კითხვაზე ვიღებდით. მიუხედავად ამისა, შესაძლოა სხვა რამით დაინტერესებაც და კითხვა, თუ რატომ ხდება ეს კონკრეტული მცდართქმა და არა სხვა. უნდა განვიხილოთ, თუ რა არის მცდართქმის შედეგი. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სანამ ამ კითხვას არ უპასუხებთ – იგულისხმება მცდართქმის შედეგის განმარტება – მოვლენის ფსიქოლოგიური ასპექტი შემთხვევად დარჩება, თუნდაც მისი ფიზიოლოგიური ახსნა შესაძლებელი იყოს. როდესაც მე რაღაცას მცდარად ვიტყვი, ცხადია, რომ ამ შეცდომის ათასობით ვარიანტი შეიძლება არსებობდეს და სწორი სიტყვის ადგილას შეიძლება აღმოჩნდეს ათასობით სხვა, რაც გამოიწვევს მართებული სიტყვის უამრავ დამახინჯებას. ახლა კი ვიკითხოთ, მაიძულებს მე რაიმე კონკრეტულ შემთხვევაში ეს სპეციფიკური შეცდომა დავუშვა ათასობით შესაძლებლიდან, თუ ეს შემთხვევითობა და თვითნებობაა და ამ კითხვაზე რაციონალური პასუხის პოვნა შეუძლებელია?

    ორმა ავტორმა, მერინგერმა და მაიერმა (ფილოლოგმა და ფსიქიატრმა), 1895 წელს მცდართქმის პრობლემის გადაწყვეტა ამ მხრიდან სცადა. მათ შეაგროვეს მაგალითები და თავიდან ისინი წმინდად აღწერილობითი თვალსაზრისით განიხილეს. რასაკვირველია, ეს ჯერ კიდევ არ იძლევა განმარტებას, მაგრამ შესაძლოა გახსნას გზა მისკენ. დარღვევები, რომლებსაც ფრაზა განიცდიდა მცდართქმის გზით, მათ ასე დააჯგუფეს: სიტყვების გადაადგილება, სიტყვების ნაწილების გადაადგილება, პერსერვაცია, შეერთება და ჩანაცვლება. მე ამ ავტორთა ძირითადი კატეგორიების მაგალითებს შემოგთავაზებთ. გადაადგილების მაგალითი იქნება, თუ ვინმე იტყვის „მილოს ვენერელი ნაცვლად „ვენერა მილოსელისა. მეორე სახის გადაადგილების მაგალითია „მას არ შეუძლია დაცდომის შეშვება ნაცვლად ფრაზისა „მას არ შეუძლია შეცდომის დაშვება. პერსერვაციის მაგალითია ცნობილი უიღბლო სადღეგრეძელო: „გთხოვთ, შემომიერთდეთ და დავასლოკინოთ ჩვენი შეფის სადღეგრძელო"[11]. მცდართქმის ეს სამი ფორმა არცთუ ისე ხშირია. უფრო ხშრად შეხვდებით მცდართქმის ისეთ ფორმებს, როდესაც ხდება მარცვლების შეერთება, მაგალითად, როდესაც ჯენტლმენი ქუჩაში მიმართავს ქალბატონს: „თუ ნებას მომცემთ, ქალბატონო, დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა თქვენი თანხყოფა[12]. ცხადია, რომ ნაერთ სიტყვაში სიტყვის „თანხლება გვერდით არის სიტყვა „შეურაცხყოფა (ფრჩხილებში შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ქალბატონის კეთილგანწყობით არ სარგებლობდა). ჩანაცვლების მაგალითის სახით მერინგერი და მაიერი ასახელებენ შემდეგს: „მამაკაცი ამბობს: „ნიმუშებს საფოსტო ყუთში ვათავსებ, ნაცვლად იმისა, რომ თქვას: „ნიმუშებს თერმოსტატში ვათავსებ"[13].

    განმარტება, რომლის მოცემასაც ეს ავტორები ცდილობენ ამ მაგალითების საფუძველზე, არაადეკვატურია. მათ მიაჩნიათ, რომ სიტყვების ბგერებსა და მარცვლებს განსხვავებული

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1