Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

Grey Notebook (რუხი რვეული)
Grey Notebook (რუხი რვეული)
Grey Notebook (რუხი რვეული)
Ebook644 pages4 hours

Grey Notebook (რუხი რვეული)

Rating: 0 out of 5 stars

()

Read preview

About this ebook

წიგნის სიუჟეტი ვითარდება საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში. ნაწარმოების მთავარი გმირი იზრდება და ყალიბდება ერთი მხრივ, ტოტალიტარული სისტემის მიერ დაწესებული შეზღუდვების და მარწუხების ხისტი ჩარჩოების პირობებში და მეორე მხრივ, აკრძალული დასავლური სამყაროდან შემოპარებული ნაბეჭდი პროდუქციისა და რადიო გადაცემების გავლენის ქვეშ. ასეთივე საწინააღმდეგო შინაარსის გზავნილების გარჩევა-გადააზრების წინაშე დგება იგი კომუნისტური იერარქიის მაღალჩინოსან ნათესავთან და ანტისაბჭოურად განწყობილ უფროს მეგობართან საუბრების შედეგად. ამ წინააღმდეგობრივი, დაძაბული გარემოსა და ოჯახის წარსულში არაერთსახოვანი და დამბნევი ამბების აღმოჩენის შემდეგ, მთავარი გმირი, მისდა უნებურად, ხვდება კონფლიქტურ სიტუაციებში, რომლებიდანაც ადვილი გამოსავალი არ ჩანს...

Languageქართული ენა
PublisherGeorge Sharia
Release dateApr 21, 2023
ISBN9798223390558
Grey Notebook (რუხი რვეული)
Author

George Sharia

George N. Sharia (born in 1962) is a Georgian novelist. His has been living in North America (Canada and United States) since 1995. His writes psychological and historical drama – themes that influenced his upbringing in Soviet totalitarian state run by gangs of a dogmatic Marxist clerics and criminal thugs. His fictional psychological reflections (in “amagleba”) develops on the background of 9/11 tragedy, which he personally has witnessed and been deeply influenced by. გიორგი ნუგზარ შარია (დაბადებული 1962 წელს) ქართველი ნოველისტია, რომელიც ცხოვრობს ჩრდილოეთ ამერიკაში (კანადასა და აშშ-ში) 1995 წლიდან.

Related to Grey Notebook (რუხი რვეული)

Related ebooks

Reviews for Grey Notebook (რუხი რვეული)

Rating: 0 out of 5 stars
0 ratings

0 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    Grey Notebook (რუხი რვეული) - George Sharia

    თბილისი

    2022

    ––––––––

    წიგნის ვებ-გვერდი და გზამკვლევი:  https://www.facebook.com/rveuley

    ზღაპრები

    ძნელია იმის მოყოლა, რისიც გრცხვენია, რაც გინდა სამუდამოდ დაივიწყო და, ასეთის დავიწყება ძალიან ადვილია. ადამიანის გონება ხომ პირველ რიგში ამაზეა მორგებული — რომ მხოლოდ ხელსაყრელი ახსოვდეს. თავისებური დაცვის მექანიზმია, თორემ ის ვინც ვერაფერს ივიწყებს, ალბათ, ბოლოს, თავს იკლავს.

    მაგრამ თავიდან, ყველაფერი ასე ცხადი არ იყო...

    თავიდან, ყველაფერი ზღაპრებით იწყებოდა.

    იმ ზღაპრებით, დედა რომ მიკითხავდა ძილის წინ. პირველი, რომელიც დამამახსოვრდა, მოსამსახურე გოგოზე იყო. ალბათ იმიტომ ჩამეჭედა გონებაში, რომ დილით ის რუხი რვეული დავინახე პეტრეს საწერ მაგიდაზე. ზღაპარშიც, ლეგა, გაკეცილი ტყავის პოვნამ ისე შეაშინა ის მოახლე, რომ ოთახიდან გავარდა. ფრთხილად შეიხედა და დიდხანს არ ეკარებოდა უცნობ, მუქ ნაგლეჯს — თითქოს ცოცხალი, ავი არსება ყოფილიყო. ბოლოს, როგორც იქნა გაბედა, მიუახლოვდა, აიღო და გადახსნა თირისფერი ნაკეცი და ზედ წარწერა აღმოაჩინა. რადგანაც თვითონ კითხვა არ იცოდა, დიასახლისს სთხოვა მოეყოლა ნაწერის შინაარსი. იმან მიახარა, რომ მას ჭინკები ნათლობაზე ეპატიჟებოდნენ და ნათლიდედა უნდა გამხდარიყო. გაოგნებულმა გოგომ იუარა, მაგრამ ბევრი შეგონების შემდეგ, ქალბატონმა დაარწმუნა, რომ უნდა წასულიყო. იმ პაწაწინა არსებებმა წაიყვანეს მთის ღრმა გამოქვაბულში, თავიანთ სამეფოში. იქ ყველაფერი ზომით პატარა, მაგრამ ბრწყინვალებითა და სიმდიდრით თვალისმომჭრელი და გამაოგნებელი იყო. ნათლიღების შემდეგ მასპინძლები ემუდარებოდნენ სამი დღით მაინც დარჩენილიყო მათთან და როგორც იქნა დაიყოლიეს. ამ დროის განმავლობაში თავს ევლებოდნენ და ძალას არ იშურებდნენ, რომ გოგოს არაფერი მოჰკლებოდა, სიამოვნება მიეღო და რასაც მოისურვებდა, მაშინვე ჯადოსნურად აჩენდნენ. მაგრამ როცა სახლში დაბრუნდა, აღმოაჩინა რომ სამი დღე კი არა, შვიდი წელი გასულიყო და მისი დიასახლისი აღარ იყო ცოცხალი.

    „დედი, რო დავიძინებ, მერე დილით, შეიძლება ბევრი წელი იყოს გასული?"

    „არა, ნიკა, არ იქნება გასული."

    დედა კიდევ რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ უკვე აღარ ვუსმენდი... ისევ იმ ტყავის ნაგლეჯს ვხედავდი, პატარა გოგომ რომ იპოვა... გაცოცხლებულიყო და თაგვად ქცეულიყო... უცებ გაზრდილი და ვირთხად გარდაქმნილი უკვე მე მომდევდა; რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავქცეულიყავი და მივრბოდი კიდეც, უკან მიუხედავად; თან საზარელი ბაჯბაჯი მესმოდა...

    დილით პეტრესთან წავედით. ჭიშკართან მისი მუდამ კეთილად მოღიმარი ცოლი მოგვეგება. მოლოდინი არ გამიწბილა, ჩემკენ დაიხარა და როგორც ყოველთვის, ფერად ქაღალდში გახვეული კანფეტი გამომიწოდა.

    პეტრეს სამუშაო ოთახში შევედით.  წამოდგა, მამაჩემს მოეხვია და სკამისკენ მიუთითა. მე თავზე ხელი გადამისვა.

    „ნიკა, შენ რა სწრაფად იზრდები, კაცო!"

    ტახტზე დავჯექი და ის იყო კანფეტს დავუწყე კირკიტი, რომ ის დიდი ნაცრისფერი რვეული მეცა თვალში. ზუსტად ისეთი ფერის, გოგომ რომ იპოვა ზღაპარში. მასაც შემზარავად დაეღო უსწორმასწორო პირი, გაცრეცილი, ადგილებში ფერდაკარგული და ფორმაცვლილი ნაცრისფერი ტუჩები დაებრიცა და გაყვითლებული, დახეთქილი ფურცლებისგან შემდგარი მეჩხერი კბილები თავზარდამცემ ბოროტ ღიმილში დაეკრიჭა.

    საშინელი რამ იყო ის, მაგიდაზე მჯდომი ნაცრისფერი ჯოჯო... დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე გადმოხტებოდა, მეცემოდა და თავის მჭრელ კბილებს ჩამასობდა.

    „ასე რომ ჩაბღუჯე, დაგიდნება ხელში ეგ კანფეტი. რატო არ ჭამ?" მამაჩემს რაღაც ფურცელი ეჭირა ხელში.

    „ვჭააამ," მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი რუხ ცხოველს საწერ მაგიდაზე.

    პეტრე რაღაცას ჰყვებოდა უცნობი სიტყვებით: „მარქსი, „რევოლუცია, „მუშები, „იდეები, „კაპიტალიზმი... შიგადაშიგ, ზოგი ნაცნობიც იყო — ზღაპრებიდან: „ბრძოლა, „ღარიბი, „პური, „ობოლი, „სიმართლე, „გამარჯვება"... მაგრამ ეს ყველაფერი, იმ მაგიდაზე მჯდომი და ჩემზე მოჩერებული ურჩხულის შეუბრალებელ სამფლობელოში ხდებოდა და ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდით იმ ოთახიდან.

    „რა არის ეს? ხო გითხარი, დადნება ეგ შოკოლადი მეთქი?" ავტომობილთან ვიდექით და მამაჩემი ცხვირსახოცით მიწმენდდა ყავისფერ ცხიმში გასვრილ ხელს. რა იცოდა, რა საშინელებას გადავურჩით პეტრეს ოთახში: ის რუხი ცხოველი რომ გადმომხტარიყო მაგიდიდან, მაშინაც ასეთი მამაცი იქნებოდა?

    „ისე ქონდა კბილები დაკრეჭილი..."

    „ვის ქონდა დაკრეჭილი, რეებს იძახი? დედაშენმა ნაკლებ მულტფილმებს უნდა გაყურებინოს, რაღაც უაზრობებს ლაპარაკობ."

    ავტომობილი სწრაფად ეშვებოდა ქალაქისკენ; ფანჯარაში მოძრავი ხედებით ვერთობოდი და განცდილი უბედურება თითქმის დავიწყებას მისცემოდა.

    „მაა, მარქსი რა არი?"

    „რა არი კი არა, ვინ არის, შემომხედა და ისევ გზას მიუბრუნდა. „მარქსი მეცნიერი იყო, ხალხს რო კარგად ეცხოვრა, იმისთვის იგონებდა რაღაცეებს.

    „მეცნიერიი? ჩვენ კარგად ვცხოვრობთ?"

    „ის კანფეტი რო შეგეჭამა და ხელში არ ჩაგედნო, მაშინ უკეთესად იცხოვრებდი."

    „ესე იგი, შოკოლადია კარგი ცხოვრება?"

    რატომღაც ძალიან გამხიარულდა და სიცილი აუტყდა.

    „კი, შოკოლადია კარგი ცხოვრება!"

    ჭკვიანი იყო; იმიტომ რომ, მეც ეგრე ვფიქრობდი. შოკოლადზე მაგარი არაფერი იყო საერთოდ! აბა კარგი ცხოვრება, მეტი რა უნდა ყოფილიყო?

    პეტრესთან სტუმრობები მოსაწყენი იყო. ძალიან. გაუგებარ რაღაცებზე ლაპარაკობდა, თან უცნობ სიტყვებს ხმარობდა. მამა ამბობდა, რომ ჩემთვისაც სასარგებლო იყო მისი მოსმენა, ბევრ რამეს ვისწავლიდი: თავის დროზე დიდი კაცი იყო, მეცნიერი, ბელადთან დაახლოებული და ბევრი უცხო ენა იცოდა. უცხო ენა კარგი იყო — მამიდაჩემი ამბობდა, რომ მალე ჩემთანაც ივლიდა ინგლისურის მასწავლებელი. მეც მეცოდინებოდა უცხო ენა, მაგრამ დედამ მითხრა, ეგ ჯერ მეცნიერობას არ ნიშნავსო; ჰო-და, სინამდვილეში, ეგეც არ ვიცოდი რა იყო.

    კიდევ ერთი ზღაპარი მახსოვს კარგად, ჩემი ყველაზე საყვარელი იყო და იმიტომ. ის დევი, ზღაპარში, სულაც არ იყო გულჩათხრობილი და ბოროტი. ბავშვობაში არავინ ჰყავდა, ვისთანაც ითამაშებდა და რომ გაიზარდა, სრულიად გაუცხოებული იყო. ერთხელ ბიძაშვილთან წავიდა, რომელიც შორს ცხოვრობდა. წავიდა და იქ დარჩა; დიდი ხნით; შვიდი წლით. ჰო-და, როცა დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ მის უზარმაზარ მიწებზე გადაჭიმულ მშვენიერ ბაღებში ბავშვები დარბოდნენ, მხიარულად დასდევდნენ პეპლებს და სიცილ-კისკისით იკლებდნენ არემარეს. ეს რომ დაინახა, საშინლად დაიღრიალა. შეშინებული პატარები მაშინვე გაიფანტნენ და სახლებისკენ მოკურცხლეს. დევმა უშველებელი კედელი აღმართა ბაღების ირგვლივ, რომ აღარავის შეეღწია მის სამფლობელოში. თავიდან ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რაც გააკეთა. მაგრამ მალე შენიშნა, რომ ჩიტების გალობა აღარ ისმოდა — ისინი აღარ მოფრინავდნენ; ყვავილები და ხეები აღარ ხარობდნენ; და უფრო უარესიც — მუდმივმა ზამთარმა დაისადგურა ბაღებში. ძალიან დანაღვლიანდა. ასე იყო კარგა ხანს, სანამ ერთ დღეს, გარიჟრაჟზე, ჩიტის გალობამ არ გამოაღვიძა. მალე ბავშვების ჟრიამულიც შემოესმა — ისინი კედელში გაჩენილი ხვრელით დაბრუნებულიყვნენ. უფრო მეტიც — ახლა მისი მიწები ისევ სავსე იყო ულამაზესი ყვავილებით და ჩიტებით. ძალიან გამხიარულდა, დაანგრია კედლები, თავს პირობა მისცა, რომ აღარასდროს დარჩებოდა მარტო და ყოველთვის გულსავსე იქნებოდა.

    „დედი, კედელი ცუდია, არა?"

    „გააჩნია რისთვის. თუ ადამიანებს საფრთხისგან იცავს, კარგია. თუ მათ ერთად ყოფნა უნდათ და ყოფს, მაშინ ცუდია."

    ცოტა ხანში ისევ წავედით პეტრესთან. ამჯერად ქალაქის ბინაში მივაკითხეთ. შესვლისთანავე უშველებელი ნაცრისფერი კატა მოგვეგება; ბუთქვი კუდი მაღლა აეპრიხა და მწვანე თვალებით გვათვალიერებდა. მასპინძელი სამუშაო ოთახში შეგვიძღვა და მალე მისი ცოლიც შემოგვიერთდა.

    დიდი ხანი საუბრობდნენ რაღაც გაუგებრობებზე, თან ჩაის სვამდნენ. მე ისევ შოკოლადის კანფეტები შემხვდა და ვნებივრობდი. კატა, ნაცრისფერ ბურთად, კუთხის სავარძელში მოკალათებულიყო.

    ის რუხი რვეული ისევ მაგიდაზე იდო, პეტრეს წინ. ამჯერად სხვა მხრიდან ჩანდა და თითქოს სულ არ გამოიყურებოდა ისე ვერაგულად, როგორც პირველი ნახვისას. უბრალოდ, არ მომწონდა და მორჩა.

    პეტრემ საყვარელი სიტყვა „ავტომობილი" ახსენა და იმწამს ყურებად ვიქეცი.

    „...დღე და ღამე დააქროლებდა ქალაქის ქუჩებში, თან ნასვამი იყო ხშირად. და როგორც კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო, ხომ იცი გური. იმ ჩვენს ცხოვრებაში საშინელ დღეს, ყველაფერი ამოტრიალდა და გაშავდა. იმის მერე, ვეღარასდროს დავიბრუნე წონასწორობა."

    „როგორღა მუშაობდით, ძია პეტრე", მამაჩემმა ჭიქა ჟურნალის მაგიდაზე დააბრუნა და დაღონებული სახით მიაჩერდა.

    „ბელადმა მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც გადატყდა ჩემში. იცოდა ჩემი სისუსტე, შვილზე მიჯაჭვულობა. ასე მითხრა, შენ სხვაგან გადაგიყვან, ამ სამუშაოს დიდი ყურადღება ჭირდება, მაგ საქმეს ვეღარ გააკეთებო და მანდ ჩავარდნა დაუშვებელიაო."

    „მაშინ რაზე მუშაობდით, ძია პეტრე?"

    ცოტა ხანი არ უპასუხია. წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.

    „მაშინ, დაზვერვის უფროსის მოადგილე ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვან დავალებაზე ვმუშაობდი, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის ამბავს ეხებოდა. მაგრამ დიდ ხანს არ დამასვენა, ცოტა ხანში ისევ დამაბრუნა იგივე საქმის საკეთებლად. მაშინ მძიმე დრო იყო, ძალიან გვიჭირდა კადრები."

    მერე აღარ ვუსმენდი — ავტომობილზე აღარ ლაპარაკობდნენ და. ხელები ისევ ყავისფერ ცხიმში მქონდა გათხვრილი; პეტრეს შოკოლადი გემრიელი იყო, მაგრამ ძალიან მთხუპნელი.

    საშინლად მოსაწყენი სტუმრობის შემდეგ სახლისკენ მივქროდით და ისევ ჩემი საყვარელი გასართობით —  ფანჯრიდან ავტომობილების თვალიერებით — ვტკბებოდი.

    „მა, ვინ დაეტაკა მანქანით ბოძს?"

    „პეტრეს შვილი. ნასვამი იყო და ვერ დაიმორჩილა."

    „შენც ხო ნასვამი ხარ?"

    „რას ლაპარაკობ? როგორ ვარ ნასვამი?"

    „ორი ჭიქა ჩაი დალიე უკვე."

    „ეგ არ ნიშნავს ნასვამს, ნიკა. ნასვამი ნიშნავს, როცა ღვინოს ან არაყს დალევ."

    „მერე მანქანა გააფუჭა?"

    „მანქანას არავინ ჩივის. თვითონ დაიღუპა."

    „მაშინ, რატო დაატაკა, იმ ბოძს?"

    „ალბათ ჩქარა მიდიოდა და ვეღარ დაიმორჩილა. აი, სულ რო შემომძახებ, ჩქარა, ჩქარა გაუსწარი იმ მანქანასო, მაგის ბრალია ზუსტად. სიჩქარეს მოაქვს მასეთი უბედურებები."

    „მე სიჩქარე მიყვარს! თუ მაგარი ხარ, ჩქარა დადიხარ!"

    „ეგრეა, კი."

    მალე სახლში მივიდოდით. იმ სათამაშოების მაღაზიასთან უნდა ჩაგვევლო, სახანძრო მანქანა რომ მიყიდეს დაბადების დღეზე. მაგარი სახანძრო მანქანა მქონდა: სულ წითელი, ვერცხლისფერი დაგრეხილი მილებით გარშემორტყმული, წინა ბორბლები ძვრებოდა; თან ოთახში რომ გააქანებდი, ღმუოდა და ისე მოძრაობდა.

    ჩავუარეთ სათამაშოების მაღაზიას, მაგრამ ფანჯრებში საინტერესო ვეღარაფერი შევნიშნე: რაღაც უაზრო თოჯინები ეწყო.

    „მა, დაზვერვა რა არის?"

    „დაზვერვა... ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მოიპოვონ ქვეყნისთვის საჭირო ინფორმაცია, თან ისე, რო ვერავინ შენიშნოს."

    „იმფორმაცია რა არის?"

    „იმფორმაცია არა, ინფორმაცია, დამიმარცვლა, „ინფორმაცია რაღაც ამბავია. აი, მაგალითად, დედაშენი ზღაპრებს რო გიკითხავს, ეგეც ინფორმაციაა.

    „ზღაპარი იმფორმაციაა?"

    „კი, ეგრეა."

    „უბრალოდ წიგნიდან ვერ წაიკითხავენ? რატომ უნდა მოიპოვონ?"

    „ის საიდუმლო ზღაპრებია და საიდუმლო წიგნებში წერია."

    „ჩემი ზღაპრების წიგნი საიდუმლო არ არის?"

    „არა."

    „პეტრეს შვილი ახლა სადაა?"

    „ხო მოუსმინე, რო დაიღუპა."

    „ვეღარ დაიბრუნებს?"

    „ვეღარ."

    „იმ ზღაპარში დაიბრუნა დედოფალმა."

    „რომელ ზღაპარში?’

    „აი, ტრაბახა მეწისქვილის ქალიშვილი მეფემ რო ცოლად მოიყვანა."

    „აბა, მომიყევი. მე არ ვიცი ეგ ზღაპარი."

    „აი, ის... ის მეწისქვილე ტრაბახობდა, ჩემს გოგოს შეუძლია თივისგან დაწნას ბადე, რომელიც მერე ოქროს ბადედ იქცევაო. ჰო-და, მეფემ გაიგონა და წაიყვანა მისი გოგო, ოთახში ჩაკეტა, ბევრი თივა დაუყარა და უბრძანა ბადის დაწნა."

    „მერე?"

    „მაა, კანფეტი მიყიდე, რაა!" ჩვენი სახლის შესახვევთან კანფეტების და ნამცხვრების მაღაზია მეგულებოდა.

    „მოიცა, კაცო! ჯერ ზღაპარი მომიყევი და მერე ვილაპარაკოთ კანფეტებზე."

    „მიყიდიი?"

    „ჯერ ზღაპარი დაამთავრე!"

    „და ტირილი დაიწყო იმ გოგომ, იმიტო რო არ შეეძლო ოქროს მოწნა. ბევრი იტირა და მალე მის ოთახში პატარა ჭინკა-კაცუნა გაჩნდა. იმან კითხა, რატო ტირიო? და გოგომ უამბო. ჭინკამ უთხრა, მე გადავაქცევ შენ მოწნულს ოქროს ბადედ და შენ რას მომცემო? ჰო-და, გოგომ თითიდან ბეჭედი მოიხსნა და მისცა. კანფეტი მიყიდე რაა, მაა! გთხოვ!"

    „ეჰ! კაი, წამოდი. იცოდე, მერე დაამთავრებ მაგ ზღაპარს!"

    მაგრამ აღარ დავამთავრე. მამაჩემს აღარ ეცალა და დაავიწყდა მერე. ზღაპარში კი, მეორე ღამეს მეფემ უფრო დიდ ოთახში ჩაკეტა მეწისქვილის ქალიშვილი და თივის ზვინიც გაუზარდა. ისევ ჭინკა-კაცუნამ უშველა, ამჯერად ძვირფასი გულსაკიდის სანაცვლოდ. და როცა მესამე ღამეს, გამსუნაგებულმა მეფემ გოგო უზარმაზარ, თივით გაპენტილ თავლაში დაამწყვდია, მას აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი კაცუნას მოსასყიდად; საწყალი იჯდა და ცხარე ცრემლით ევედრებოდა კიდევ ერთხელ დახმარებას. ჭინკამ ამ სამსახურის სანაცვლოდ შვილი მოსთხოვა, რომელიც ეყოლებოდა თუ მეფე მას ცოლად მოიყვანდა. მართლაც ოქროს მოყვარულმა მბრძანებელმა არ გაუშვა ხელიდან ასეთი სიმდიდრის მწარმოებელი ქალი და მალე დაქორწინდა მასზე. უფლისწულის გაჩენის შემდეგ, ბედნიერ დედოფალს, რომელსაც დავიწყებოდა მიცემული პირობა, ჭინკა-კაცუნა თავს დაადგა და შვილი მოსთხოვა. არავითარმა ვედრებამ არ გაჭრა, მაგრამ დედის მდუღარე ცრემლმა ბოლოს და ბოლოს გული მოულბო ავ ჯადოქარს და მან გამოცანის ამოხსნა შესთავაზა: გამოიცანი ჩემი სახელი და შვილს დაგიტოვებო. ქალი საგონებელში ჩავარდა. საღამოსკენ უღრან ტყეს მიაშურა; დადიოდა და ეკითხებოდა ყველა ცხოველს და ფრინველს ჭინკა-კაცუნას სახელს, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა მის შესახებ. ბოლოს, განთიადისკენ, თითქმის იმედდაკარგულმა კოცონი დაინახა, რომლის ირგვლივაც სწორედ ის პატარა ჯადოქარი დახტოდა და თან მღეროდა: „ჭინკა ვარ, ჭინკა კადნიერი, ხლართი გავაბი ცბიერი, მალე ბავშვს ხელში ჩავიგდებ, ჩხარუნა ვარ მანკიერი. და მიხვდა დედოფალი, რომ მისი სახელი „ჩხარუნა იყო. როცა დათქმულ დროს მიადგა ბავშვის წასაყვანად, მხიარულმა დედამ მიაგება: „შენ ჩხარუნა გქვიაო". კაცუნა წაგების ბრაზმა ისე გაამწარა, რომ სამუდამოდ გადაიკარგა იმ ადგილებიდან.

    „დეე, პეტრემ ვერ გამოიცნო ჭინკა-კაცუნას სახელი, თორე გადაარჩენდა შვილს, არა?"

    „ვერ გამოიცნო, ნიკა."

    პეტრეს შვილის მომტაცებელი ჭინკა ყველაზე ეშმაკი და ვერაგი იყო და ამიტომაც ვერ გამოიხსნეს ის ბიჭი.

    მერე ზაფხული დაიწყო. ქალაქგარეთ სახლში აგვიყვანეს მე და ჩემი და. მთელ დღეებს მინდორ-ველზე თამაშში ვატარებდით თანატოლებთან ერთად: პაპანაქება სიცხეში, პატარა ფერადი ავტობუსით ამოტანილი უგემრიელესი შოკოლადის ნაყინით ვიტკბარუნებდით პირს, გაუთავებელი ბურთის დევნით ვითანგებოდით, ნაძვნარში ვითქვამდით სულს და ჩვენს მაყურებელ, ერთმანეთთან საუბარში გართულ მშობლებს ვეკამათებოდით სახლში დაბრუნების გადასავადებლად. მაგარი იყო ზაფხული: სიცხე, თამაში, სიხარული, უდარდელობა...

    ეჰ! ბავშვობა... მაშინ არ ვიცოდი რა იყო დარდი, მოვალეობა, დრო, სიკვდილი... ყველაფერი ადვილი იყო. არ ვიცოდი, რომ სამყარო წონასწორობის კანონებს ემორჩილებოდა და ამიტომ უფასო არაფერი იყო; რომ ჩემს გვერდით მყოფ ზოგიერთ ადამიანს საკუთარი სიცოცხლე ღალატითა და სხვისი გაწირვით ჰქონდა ნაყიდი; რომ ბევრი დაფარული ამბავი გამოაშკარავდებოდა, არაერთ საშინელ თავგადასავალს მოგვიყვებოდნენ, უამრავ თავზარდამცემ უბედურებას გავიგებდით. და ასეც მოხდა — ბოლოს ყველაფერი შევიტყვეთ; შევიტყვეთ, მაგრამ ვერ გავიგეთ — ვერ გავიგეთ, თუ რატომ? ანუ მივიღეთ პასუხი კითხვაზე „რა მოხდა?; მაგრამ ვერ ამოვხსენით ამოცანა „რატომ მოხდა?. ზღაპრებშიც ასე არ იყო? კეთილი ჯადოქარი ამარცხებდა ბოროტს, მამაცი უფლისწული ათავისუფლებდა მოჯადოებულ მზეთუნახავს, მოგზაური პოულობდა დაკარგულ სამოთხეს; მაგრამ არ მახსოვს, რომელიმე მონაყოლს კარგად აეხსნა თუ თავიდან რამ გააბოროტა ის მჩხიბავი, რატომ მოაჯადოვეს საწყალი გოგო ან რა ძალამ გაუყენა სოფლის ბიჭი ხიფათით სავსე შორეულ გზას. მართალია, ბევრი ამტკიცებს, რომ შემთხვევითობა მართავს სამყაროს და პაწაწინა პეპლის ფრთის ფარფატმა შეიძლება შეცვალოს კაცობრიობის ისტორიაო; მაგრამ ეს ხომ სწორედაც ჩემს შეხედულებას ამყარებს: ამ შემთხვევაში, მიზეზი იმ ცეროდენა მწერის ფრთის მოქნევა იქნებოდა. და მე, მიზეზ-შედეგობრიობის ადამიანი ვარ! მჯერა, რომ ნებისმიერ მოვლენას თუ საგანს ჰყავს მისი წარმომშობი, ანუ წინამორბედი და მისი მიმდევარი, ანუ მემკვიდრე, რომ პირველიდან გამომდინარეობს მეორე და, მეორიდან მესამე; როგორც ის უძველესი დროის ფილოსოფოსი ამბობდა: ერთი შობს ორს, ორი შობს სამს, სამი — ყოველ არსს. ალბათ, ჩემი მიზეზ-შედეგობრიობაზე ასე გაჭედვა პირველმა საყვარელმა ზღაპარმა განაპირობა, რომელშიც ჭიანჭველას გადასარჩენად მისი მეგობარი ურთულეს გზას გადის; გზას, რომლის ყოველი ბიჯი წინაზეა დამოკიდებული: „რწყილმა დაგლიჯა ბალახი და ძროხას მიუტანა, ძროხამ მისცა რძე, რძე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსა, თაგვი მოშორდა ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილა მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამ მისცა რკო, რკო მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწარი დაგრიხა, ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას და ამოათრია."

    შოკოლადი და კოსმონავტი

    მაგრამ ოდესღაც ზაფხულიც მთავრდება — ზღაპრების ბოლო ზაფხული და, იწყება შემოდგომა — სწავლის პირველი შემოდგომა.

    მიმიყვანეს სკოლაში. სკოლა იყო პირქუში, მკაცრი, რუხი; რუხ ქვეყანაში თითქმის ყველაფერი იყო რუხი.

    სკოლის წინა ეზოში უამრავი ხალხი ირეოდა. თითო ახლადგამოჩეკილ მოწაფეს რამდენიმე ადამიანი გამოჰყოლოდა. დედაჩემს ხელჩაკიდებული მუქ ქვაფენილს დავჩერებოდი და გულზე უმძიმესი ლოდი დამწოლოდა. აქ, ირგვლივ, არავის ვიცნობდი და ცოტა ხანში მათთან მარტო უნდა დავრჩენილიყავი! სრულებით მარტო!

    „რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის? უნდა გიხაროდეს, ახალ ცხოვრებას იწყებ! ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვს!" მამაჩემის ხმა ამოიტალღა ხალხის ხმაურიდან და ისევ ჩაქრა.

    „მალე მიეჩვევი და სკოლას ისე შეიყვარებ, სულ დაგავიწყდება ჩვენი არსებობა," ბებიაჩემი ბანს აძლევდა.

    „ვაა, გური! შენი ბიჭიც დღეს იწყებს სკოლას?" ცისფერ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ჭაღარაშერეული კაცი გადაეხვია მამაჩემს.

    „როგორ ხარ კოტე? რამდენი ხანია არ მინახიხარ, კაცო?"

    „ეჰ, ეგრეა. ხო იცი სამსახური, ათასი საქმე და ვეღარაფერს ასწრებ. გამარჯობათ ლონდა დეიდა. ლეი, როგორა ხართ? შენი სახელი დამავიწყდა, ვაჟკაცო!"

    „ნიკა," დედაჩემი წამეშველა.

    „რა მაგარია! ჩვენი შვილებიც ერთად ისწავლიან! ნეტა, ერთ კლასში მოხვდებოდნენ!"

    „ნათელა, მოიყვანე ზურიკო აქეთ, გურის ბიჭიც სკოლას იწყებს დღეს!"

    ზურა ჩემზე მაღალი იყო; მერე აღმოჩნდა, რომ კლასში ყველაზე დაბალი ვიყავი. ფიზკულტურის გაკვეთილზე სიმაღლის მიხედვით გვაწყობდნენ და ყოველთვის რიგს ვასრულებდი. ეს ძალიან არ მომწონდა; ვცდილობდი ერთით მაინც გადამენაცვლა შუისკენ, მაგრამ არაფერი გამომდიოდა — მაინც ბოლოში მაჩოჩებდნენ ხოლმე.

    მე და ზურა დავმეგობრდით. პირველივე წაკინკლავებისას გვერდში დამიდგა და ჩხუბის მთავარი შემოტევა თავის თავზე აიღო.

    „რა უკან იდექი! შეგეშინდა? ვერ გამოუწერე ერთი მაგრად?"

    „არ შემეშინდა! რასაკვირველია, შემეშინდა — ვინც მიტევდა, ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო და ძლიერიც. ზურა, ჩხუბის გარჩევისას, ამ სიტყვას ხმარობდა: „გამოუწერე.

    სკოლა არ მიყვარდა. განსაკუთრებით ფიზკულტურის გაკვეთილები. მასწავლებელი სულ ღრიალებდა და შეიძლება თავში წამოერტყა კიდეც. სხვებიც მკაცრები იყვნენ. კლასის დამრიგებელი გვეუბნებოდა: „თქვენ პარტიის პატარა ჯარისკაცები ხართ! ყოველ წუთს მზად უნდა იყოთ ბრძოლისათვის! მტრების მიმართ დაუნდობელი უნდა იყოთ! ყოყმანის გარეშე უნდა შეასრულოთ, რასაც პარტია გიბრძანებთ!"

    მაგრამ მიყვარდა შესვენებები — განსაკუთრებით დიდი შესვენება. მაგ დროს სასადილოში გავრბოდით ქიშმიშიანი ფუნთუშას საყიდლად. ეს ნამდვილი შეჯიბრი იყო სისწრაფეში: ვინ შეძლებდა პირველი მივარდნილიყო და გაეშვირა გამყიდველისთვის ხურდა ფული. ხშირად, სამი ჩვენგანი კარში გაიჭედებოდა და სანამ უკნიდან მომწოლები არ გამოარღვევდნენ საცობს, იქ ვფართხალებდით უმწეოდ. შემდგომ ცხოვრებაშიც ხომ ასე იყო: სადმე გაიჭედებოდი და სამუდამოდ და უაზროდ წვალობდი იმ ერთ ადგილას; ზოგიერთ იღბლიანს უმართლებდა — ვიღაც ან რაღაც უკნიდან ძლიერად უბიძგებდა და დაიხსნიდა ეშმაკის იმ მოჯადოებული ხაფანგიდან.

    სკოლის უშველებელი ეზო წყალსადენ თხრილს ემიჯნებოდა და იქ გავრბოდით სასადილოს შემდეგ. იმ არხზე აქეთ-იქით ხტუნვაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. ერთხელაც, ფეხი მომიცურდა და შიგ თხრილში გავადინე ზღართანი — როგორც იმ ზღაპარში დაემართა ჭიანჭველას, მერე რწყილს რომ უნდა გადაერჩინა. ზღაპარი იქით იყოს და სახლში მაგრად მომხვდა ბებიაჩემისგან, როცა ტალახში ამოთხვრილი გამოვეცხადე. ისე, ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო შემდგომისთვის: ასე, მთელი ხალხის თვალწინ ტალახში რომ ჩაენარცხები და მერე როგორმე უნდა გამოძვრე ამ მდგომარეობიდან.

    მოკლედ, არც ისე ცუდი იყო სკოლა, როგორც თავიდან მომეჩვენა; შევეჩვიე და, მალე მე და მამაჩემი ისევ პეტრესთან წავედით. დედაჩემმა ხაჭოს ნამცხვარი გამოაცხო და გაგვატანა. კართან, პეტრეს ცოლთან ერთად, ისევ ნაცრისფერი კატა შემოგვეგება. ვგრძნობდი, არ ვუყვარდი იმ მწვანეთვალება ცხოველს. ალბათ ფიქრობდა, რომ ბევრ კანფეტებს ვუჭამდი მაგის პატრონს.

    „ნიკა, მომილოცავს, კაცო! სკოლის დაწყება დიდი საქმეა! სწავლის გარეშე შორს ვერ წახვალ."

    „ჰო, ჯერ-ჯერობით სწავლით ვერ ვითქვამთ სახელს," მამაჩემმა ალმაცერად გადმომხედა.

    „არა უშავს, ჯერ იწყებს. ეჭვი არ მეპარება, კარგად ისწავლის. ჩვენ გენში ყველა ნიჭიერია."

    „არ ვიცი, ვნახოთ, ძია პეტრე."

    „ჰო, წინა შეხვედრისას, მაგაზე გიყვებოდი. მაშინ ბელადმა მითხრა, იმიტომ კი არ მოვახდინეთ რევოლუცია, რომ მშრომელი ხალხი სულელურ ნაწერებს კითხულობდეს და ამ ვაი-მწერლებს შეცდომაში შეყავდესო. უფრო კარგად უნდა აღწერონ რა წამებაში ამყოფებდა ხალხს ცარიზმი და ახლა კი, კაპიტალიზმიო. ჩვენი ლიტერატურა..." აღარ ვუსმენდი და შოკოლადის კანფეტებს ვანადგურებდი; თან კუთხის სკამზე მოკალათებულ კატას ვეჭყანებოდი და ჩემი ჭკუით, ვაბრაზებდი.

    ის რუხი რვეული ისევ იქ იდო, მაგიდაზე, მე კი თითქმის გადამავიწყდა — უკვე საკმარისი ნაცრისფერობა მენახა და შევეჩვიე, აღარ მეშინოდა: სისვი სასკოლო ტანსაცმელი, სისვი შენობები, სისვი ქალაქი... ყველაფერი სისვი, ლეგა... როგორც რუხი მგელი „წითელქუდაში"...

    უკან გზაზე ტკბილეულობის მაღაზიაში შევიარეთ და ავტომობილში შოკოლადის კანფეტების ახალ პარტიას შევუტიე.

    „მა, რევოლუცია რა არი?"

    „რევოლუციაა, როცა ხალხი არაა კმაყოფილი და იარაღით ჩამოაგდებს ხელისუფლებას."

    „ხელისუფლება რა არი?"

    „ხელისუფლება ის ადამიანებია, ვისაც სხვები უჯერებენ. აი, მაგალითად, შენი სკოლის დირექტორი, სკოლის ხელისუფლებაა."

    „თამარ მასწავლებელი?"

    „ჰო, თამარ მასწავლებელიც."

    „ყველა მასწავლებელი?"

    „ყველა."

    „ამდენი ხელისუფლება რატოა საჭირო?"

    „აბა, ათას შენისთანას რა მოუვლის?"

    ჩემისთანები რომ ყოფილიყვნენ, რა უჭირდათ: სხვებთან შედარებით წყნარი ვიყავი. ხშირად სახლიდან გამოტანებულ ხურდა ფულს უფროსკლასელები მართმევდნენ და ზოგჯერ, თუ ჩემს უკმაყოფილებას შენიშნავდნენ, მუშტიც მხვდებოდა. ანუ, ადვილი და დალხენილი ცხოვრება არ მქონდა.

    ერთხელაც, მოკლე შესვენებაზე, როცა მე და ზურა დაჭმუჭნილი ქაღალდით ვბურთაობდით, ბექო და მისი ამალა დაგვადგნენ თავს. ეგენი ორი წლით უფროსები იყვნენ.

    „აბა, მოიტა ხურდა, ორივემ! დაიღრიალა, „ვერ გაიგეთ, თუ დაყრუვდით?

    გული ჩამივიდა სადღაც მუცლისკენ, ვნატრობდი, სხვაგან ვყოფილიყავი.

    „არ მოგცემ!" ზურამ გაუბედა.

    ბექომ ერთი გვერდულად წამოარტყა თავში; ეს შეტორტმანდა, მაგრამ უცებ ქვევიდან მოუქნია ხელი და მასზე ერთი თავით მაღალ მოძალადეს შიგ ნიკაპში მისცხო. მყისვე დაგვაცხრა მთელი ჯგუფი; იატაკზე ვეგდე და ზემოდან მუშტებს მიშენდნენ.

    „აქ, რა ხდება! თქვენ რა, სკოლაში ხართ თუ ბოსელში!" დირექტორის მოადგილის ეს ყოველთვის არასასიამოვნო ხმა ახლა ჩემს საშველად მოვლენილ ტკბილ სიმღერად მომეჩვენა. მართლაც, ცოტა ხანში ფეხზე ვიდექით და დაჭმუჭნილ პერანგებს და ღილებაწყვეტილ პიჯაკებს ვისწორებდით. ჩემს ძმაკაცს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მე ხელში ტკივილს ვერ ვიყუჩებდი.

    „თქვენი მშობლები ხვალვე სკოლაში გამოცხადდებიან! ყველას გაგყრით აქედან! თქვენი ადგილი საბჭოთა სკოლაში არაა! და საერთოდაც არაა არსად, თქვენი ადგილი!" ღრიალებდა დირექტორის მოადგილე.

    მაგის ღრიალს ვინ ჩიოდა, ბექოს გადავურჩი!

    „თვალი ვინ ჩაგილურჯა? იმედია, იმას ორივე აქვს ჩალურჯებული," მამაჩემი ლუდს წრუპავდა და ტელევიზორში ფეხბურთს ადევნებდა თვალს.

    „გიჟი ბექოა, რა! თვითონ დაგვიწყეს ჩხუბი!"

    „მერე?"

    „მე არც მინდოდა, ჩემთვის ვიყავი."

    „მერე, რატო დაიწყეს? რა უნდოდათ?"

    „გიჟია, რა!"

    „მომისმინე, ან ჩხუბი უნდა შეგეძლოს ან ეშმაკობა გქონდეს, რომ ჩხუბი აიცილო. ცხოვრება ესაა. მეც ამას ვაკეთებ, რო გადავრჩე."

    „ვისაც არ შეუძლია, ჩხუბი და ეშმაკობა?"

    „ვისაც არ შეუძლია, სულ ნაცემი ივლის."

    ანუ, მხოლოდ ორი არჩევანი გამოდიოდა: სხვაზე უნდა გეძალადა ან შენ დაგჩაგრავდნენ, რადგანაც ეშმაკობა ძნელი სასწავლი იყო. მოგვიანებით კიდევ ერთი გამოსავალი აღმოვაჩინე — გაქცევა. თითქოს,  ყველაზე ადვილი ჩანდა, მაგრამ ყოველთვის არც ეს ხერხდებოდა.

    იმ კვირის ბოლოს, ისევ პეტრესთან ვისხედით.

    „ბიჭო, შენც მოუსმინე ამ ბრძენ კაცს. იქნებ აქ მაინც ისწავლო რამე, სკოლაში ხო არ იკლავ თავს," მამაჩემმა გადმომძახა, ოთახიდან გასულ მასპინძელს რომ ველოდებოდით. მალე ხილის თასით დაბრუნდა და ხელის ნელი მოძრაობით მიგვიპატიჟა მაგიდასთან.

    „მძიმე დრო იყო. თანამდებობის კომფორტული სკამიდან, ბევრი პირდაპირ საკანში ხვდებოდა. ან სულაც სასაფლაოზე," პეტრე თავის სავარძელში მოკალათდა.

    „მართლა სრულიად უმიზეზოდ, ძია პეტრე?"

    „გააჩნია მიზეზს რას ეძახი. ბელადის მოლოდინის გაწბილება, უკვე დიდი მიზეზი იყო. სხვა შემთხვევებში კი, სახელმწიფოს ჭირდებოდა მეტი უფასო მუშახელი და ამისთვის აპატიმრებდნენ ხალხს. უბრალო ყალბი დასმენაც საკმარისი იყო, რომ ციმბირში ამოგეყო თავი. ზოგიერთები დასწრებაზე იყვნენ, თვითონ ასმენდნენ, რომ მოწინააღმდეგისათვის დაესწროთ და თავი გადაერჩინათ."

    „მძიმე არჩევანია. ან უნდა დაგესწრო დასმენა ან შენ დაგიჭერდნენ."

    „ჰო, მასეთი დრო იყო..."

    მომბეზრდა ამის მოსმენა და გონება კატისკენ გამექცა: ახლა გვერდით მეჯდა და თათით დრუნჩს იბანდა. თავზე ხელი გადავუსვი — ფაფუკი ბეწვი ჰქონდა, ძალიან საამო. ისინი ისევ რაღაც გაუგებარ ამბებზე საუბრობდნენ: მუშათა მოძრაობა, კულაკები, ფილოსოფია...

    „ოთხშაბათს ტოლი ჩამოდის მოსკოვიდან, ძია პეტრე. მაგაზე მინდოდა მეკითხა. უცნაური პიროვნებაა, აქაურს არავის ჰგავს. ან ამერიკიდან როგორ ჩამოვიდა ასე თავისუფლად? ეგ არ მესმის," ვიღაცის ჩამოსვლის ხსენებაზე ყურები ვცქვიტე: ეს, შეიძლება, შოკოლადის ან სხვა ტკბილეულის ახალი პარტიით დაგვირგვინებულიყო.

    „უშიშროების ჩამოყვანილია, რასაკვირველია. სხვანაირად არ ხდება. ალბათ, იქაც საბჭოთა უშიშროებაზე მუშაობდა. ვიცი, მეც იქ ვიმუშავე თითქმის მთელი ცხოვრება. გური, ფრთხილად იყავი, ზედმეტი არაფერი თქვა. იცი, რასაც ვგულისხმობ."

    „ვიცი, ძია პეტრე."

    მერე ისევ მამაჩემის ავტოთი ვბრუნდებოდით.

    „კულაკები რა არი, მა?"

    „რა არის კი არა, ვინ არის. კულაკები მიწიანი და მდიდარი გლეხები იყვნენ და არ მოსწონდათ ახალი მთავრობა. ამიტომ სჯიდნენ მაგათ."

    „პეტრე კულაკია?"

    „ჯერ ერთი, შენთვის ბაბუა პეტრეა. მეორეც, რა კულაკი, ბიჭო? საიდან მოიტანე?"

    „იმხელა მიწა და სახლი აქ."

    „ბიჭო, გლეხი სოფელში ცხოვრობს და მიწაზე მუშაობს. ეგ მიწა კი, პეტრეს აგარაკია, გაიგე?"

    მაინც ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ ეს კულაკები.

    „ტოლი ვინ არი?"

    „ჰოო, ტოლი ერთი ჩვენი მოსკოველი ნაცნობია. დედაშენის მეცნიერი მეგობრების წრიდანაა."

    „შოკოლადებს არ ჩამოიტანს?"

    „ჰო, შენ მეტი არაფერზე იფიქრო! გუშინწინ, მათემატიკაში, სამიანის მიღება როგორ მოახერხე? მათემატიკოსი დედა მაინც არ გყავდეს!"

    „აუუუ! ვიცოდი და დამავიწყდა, რაა! მაგრა ვისწავლე სახლში."

    „კიი, მაგრად გისწავლია ძალიან!"

    ვიცოდი, ამით დამთავრდებოდა ლაპარაკი — სამიანით! იმ დღეს იმედი მქონდა, რომ ამცდებოდა საშინაო დავალების მოკითხვა, მაგრამ არა! მასწავლებელმა პირველი მე გამომიძახა დაფასთან. კარგია, რომ რაღაც სასწაულით ორიანს მაინც გადავურჩი, რაც ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა: ეზოში ჩასვლის აკრძალვა, ტკბილეულის ნაწილობრივი შეზღუდვა და სხვა სიველურეები. ეჰ, რას იზამ?! მძიმე ცხოვრება მქონდა! სკოლაში კი — დაფასთან გამოძახების გარდა — ათასგვარი ხიფათი მელოდა: ჩემს ფულზე მონადირე ბექოს ბანდა, ფიზკულტურის გაკვეთილზე სიმაღლეზე ხტომა, თანაკლასელის, ჭორიკანა თამროს მიერ დედაჩემთან ენის მიტანა და რა ვიცი კიდევ რა უბედურება!

    ოთხშაბათიც მოვიდა და მამაჩემმა აეროპორტისკენ გასწია ტოლის დასახვედრად. მეც მინდოდა წაყოლა, მაგრამ არ გამოვიდა: მანქანაში ადგილს დაიკავებ, რომელიც შეიძლება დაგვჭირდესო.

    ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდი, უკან რომ მობრუნდნენ. მაგათთვის არ მეცალა, მაგრამ მამაჩემი მომიახლოვდა სათვალიან უცხო კაცთან ერთად.

    „მოდი აქ, ნიკა! ხელი დამიქნია, „ეს ნიკაა. ტოლი მომესალმა და გამიღიმა; კიდევ რაღაც თქვა, მაგრამ ვერ გავიგე. მაშინ რუსული ცუდად ვიცოდი. შევბრუნდი და გავიქეცი.

    დაღამებამდე დავდევდით ბურთს და მერე ნელ-ნელა დავიშალეთ. სახლში მისულს გაჩაღებული ქეიფი დამხვდა. ერთდროულად ლაპარაკობდნენ და მხოლოდ სადღეგრძელოების დროს უსმენდნენ მოსაუბრეს.

    დედაჩემმა ტელევიზორს მომწყვიტა და საძინებელში შემიძღვა.

    „დე, ეს ტოლი რატო ჩამოვიდა?"

    „უბრალოდ თბილისის სანახავად, აინტერესებს აქაურობა."

    „ქართული სულ არ იცის?"

    „არა, საიდან ეცოდინება?! ქართველი არაა და აქ არ უცხოვრია."

    „პეტრემ მამას უთხრა, ფრთხილად იყავიო. რატო უნდა იყოს ფრთხილად, დე?"

    „რა ვიცი. ალბათ ამ კაცს დიდი ძალაუფლება აქვს და იმიტო."

    „ვისაც ძალაუფლება აქვს საშიშია?"

    „შენ ბევრს ლაპარაკობ რაღაც. აბა, მიდი ახლავე დაწექი, თორე ხვალ დილით ისევ გაღვიძების პრობლემა გვექნება!"

    ძალაუფლება კარგი იყო, როგორც ვატყობდი; პეტრეც ხშირად ხმარობდა მაგ სიტყვას; მაგრამ მოსწონდათ თუ ეშინოდათ, ვერ ვხვდებოდი.

    სწავლის პირველმა წელმა მალე გაირბინა და სანატრელი ზაფხულიც მოვიდა, მაგრამ ჩემს გულში კიდევ უფრო დიდი ზაფხული იდგა: სრული უდარდელობის, გაუთავებელი თამაშისა და შოკოლადის ნაყინის საზეიმო მოლოდინი. ისევ ქალაქგარეთ აგარაკზე გაგვაქანეს ბავშვები.

    ახალდაძმაკაცებულ თანატოლებთან ვატარებდი მთელ დღეებს: ფეხბურთის და ომობანას თამაშში, ველოსიპედით ქროლაში, ტყე-ღრეში სირბილში. მაგრამ არასასიამოვნო ამბებიც იყო, თან ყოველდღე: როცა ძილის წინ უნდა დამებანა, კბილები გამეხეხა და საძინებელში „წავბრძანებულიყავი"; და სულ არ მეძინებოდა ასე ადრე!

    ეს ურყევი განრიგი ერთ საღამოს დაირღვა, ალბათ ამიტომაც სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში. მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

    „ნიკა, ადექი ჩქარა და წამოდი!" დედაჩემის ხელი ვიგრძენი მხარზე. ძალიან უჩვეულო იყო ეს: არ მახსოვდა, უკვე დაძინებული, ოდესმე გავეღვიძებინეთ. უცებ წამოვხტი და გავედი დიდ ოთახში.

    „აი, ნიკა, უყურე! ამერიკელები მთვარეზე დასხდნენ! რა მაგარია! იქ ადამიანს ფეხი ჯერ არასდროს დაუდგამს! ამიტომ გაგაღვიძე, ეს უნდა ნახო!" მამაჩემის ხმა უცნაურად ჟღერდა: რაღაცნაირად უცნობად აღელვებული.

    ტელევიზორის ეკრანზე, თავზე დიდშუშიანი მუზარადით, ბრწყინვალე, ფაფუკ სამოსელში ჩაცმული თოჯინისმაგვარი არსება დახტოდა თეთრ, მთაგორიან ადგილას. ძალიან უცნაურად მოძრაობდა: თითქოს დანარნარებდა, დაფრინავდა, ყოველი ბიძგის შემდეგ ალივლივდებოდა და რბილად დაეშვებოდა მთვარის ზედაპირზე. რაღაცნაირი რბილი ხტუნვა იყო ეს, ჰაეროვანი.

    „იქ სხვანაირი მიზიდულობაა, ნიკა. ხედავ, რა უცნაურად მოძრაობს!" დედაჩემმა თითქოს იგრძნო ჩემი გაოგნება.

    მთვარის საოცარი სანახაობა მალევე შეწყდა: ეკრანზე ისევ უმკაცრესი გამომეტყველების ქალი გამოჩნდა და გაყინული ხმით ალაპარაკდა, მე კი, საძინებელში შემაბრუნეს. მაგრამ ჩემთვის სამყარო უკვე მთლიანად გარდაქმნილიყო: სანამ ძილში გავიპარებოდი გადავწყვიტე, რომ უეჭველად კოსმონავტი გავხდებოდი; ვიფრენდი უსაზღვრო სივრცეში, სხვა პლანეტებს ვესტუმრებოდი, იქ მცხოვრებლებს დავუმეგობრდებოდი, მათთან ფეხბურთს ვითამაშებდი და იქაურ შოკოლადს მივირთმევდი. ამ ოცნებებით გავიპარე ძილში...

    დილით პეტრეს აგარაკის გზას გავუდექით. ძალიან უკმაყოფილო ვიყავი — ჩემს მეგობრებს მომწყვიტეს და რაღაც უკიდურესად მოსაწყენი საუბრის ყრუ შემსწრე უნდა გავმხდარიყავი.

    „რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის? ბურთის დევნის გარდა არაფერი გაინტერესებს? იქნებ რამე სასარგებლო გაიგონო და დაიმახსოვრო ჩვენი ლაპარაკიდან, ცხოვრებაში გამოგადგება."

    „აუუ! პეტრესთან მაგარი მოსაწყენია, რაა! დღეს პატკას გუნდთან უნდა გვეთამაშა, მაგათზე მაგრები ვართ და ჩემ გარეშე წააგებენ!"

    რასაკვირველია, არ ვუსმენდი მათ ლაპარაკს. თან წამოღებულ ავტომობილის მოდელს ვუკირკიტებდი და შოკოლადის კანფეტს ვუღებდი ბოლოს. მაგრამ როცა კოსმონავტი ახსენეს, ყურები ვცქვიტე.

    „კი, მთვარეზე დასხდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გვაჯობებენ. კაპიტალისტური სახელმწიფო სუსტია, მათი რესურსები კერძო საკუთრებაშია და საჭიროების შემთხვევაში ხელს ვერ ახლებენ. ჩვენ ისეთნაირად ვქმნით ინდუსტრიას, რომ სათამაშოების ფაბრიკაც კი, თუ სახელმწიფოს დასჭირდა, რამდენიმე დღეში სამხედრო წარმოებად გადაკეთდება," პეტრე ბოლთას სცემდა ოთახში.

    „ყველა ქარხანა ასეა აშენებული, ძია პეტრე?"

    „თითქმის ყველა. ნიკა, გუშინ შენც უყურე მთვარეზე ამერიკელების სირბილს?"

    „კი. მეც კოსმონავტი უნდა გამოვიდე!"

    „ეგ კარგია, კარგი მიზანია."

    „კი, ნამდვილად კარგია. მაგრამ ნიკას სურვილები მის სწავლას რამდენიმე თავით წინ უსწრებს," მამაჩემმა თავისი შანსი არ გაუშვა.

    აუცილებლად  გავხდებოდი კოსმონავტი და ყველას დავუმტკიცებდი, რომ მაგარი ვიყავი.

    მეშჩანი

    ყველა ბავშვს, სწავლის გარდა, კიდევ რაღაც უნდა ეკეთებინა — ასეთი იყო წესი. ბიჭების უმრავლესობა სპორტის სექციებში ეწერებოდა: ზურამ და ორმა ბიჭმა ველორბოლაზე დაიწყეს სიარული, კიდევ რამდენიმემ ცურვა მოინდომა, სხვები ყველაზე პოპულარულ, ფეხბურთისა და კალათბურთის ჯგუფებს შეესივნენ. ბევრი მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს, ვიღაცები ცეკვაზე გაამწესეს, რამდენიმე კი არსადაც არ ჩაეწერა — იყვნენ ასეთებიც.

    ბებიაჩემის დაჟინებული მოთხოვნის შესაბამისად მე პიანინოს მასწავლებელი დამიქირავეს: მისი აზრით, ყველა განათლებულ ადამიანს უნდა შესძლებოდა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ამის გარდა, ერთ დღეს, მამიდაჩემმა ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიაში მიმიყვანა და პატარა, სწორი გეომეტრიული ფორმის მრავალფეროვან ქაღალდებზე მიმითითა, „ნიკა, ეს საფოსტო მარკებია. არ გინდა შეაგროვო? იმ თემაზე რაც გაინტერესებს და გიზიდავს."

    „მინდა," თუმცა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1