Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

სულის ვნებანი
სულის ვნებანი
სულის ვნებანი
Ebook271 pages3 hours

სულის ვნებანი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2022
სულის ვნებანი

Read more from რენე დეკარტი

Related to სულის ვნებანი

Related ebooks

Reviews for სულის ვნებანი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    სულის ვნებანი - რენე დეკარტი

    რენე დეკარტი - სულის ვნებანი

    René Descartes - Les Passions De l'Âme

    სარჩევი

    პირველი ნაწილი

    მეორე ნაწილი

    მესამე ნაწილი

    პირველი ნაწილი

    ზოგადად ვნებათა და, ამასთან დაკავშირებით, მთელი ადამიანური ბუნების შესახებ 

    1. ის, რაც ვნებაა რომელიმე ერთ სუბიექტთან მიმართებით, სხვა მიმართებით მუდამ მოქმედებაა

    ძველი დროის მოაზროვნეთა ჩვენამდე მოღწეულ ნაშრომებში ყველაზე მეტად ვნებათა შესახებ ცოდნის სიმწირე ვლინდება. მართალია, ამ საკითხის შესწავლას ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა და არც ძალზე რთული ჩანს, რადგან ვნებებს ყველა განიცდის, მათი ბუნების დადგენა კი არ საჭიროებს დაკვირვებათა დასესხებას რაიმე სხვა სფეროდან. ამის მიუხედავად, ვნებების შესახებ ძველი დროის მოაზროვნეთა მოძღვრება იმდენად უმნიშვნელო, უმეტესწილად, იმდენად ნაკლებ სარწმუნოა, რომ მათგან აღიარებული აზრების მიყოლით ჭეშმარიტების მიახლოების იმედი არ მაქვს; მე სხვა გზა უნდა ავირჩიო. ამიტომ მომიწევს წერა ისე, თითქოს ვიხილავდე ისეთ საკითხს, რომელსაც ჩემამდე არავინ შეხებია. უპირველეს ყოვლისა, ყოველივე ის, რაც ხდება ან პირველად იჩენს თავს, როგორც ვხედავ, ფილოსოფოსთა მიერ, ზოგადად, ვნებად იწოდება იმ სუბიექტთან მიმართებით, ვისაც ეს ემართება, ხოლო იმ სუბიექტთან მიმართებით ვისი წყალობითაც ეს ხდება – მოქმედებად. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში, მართალია, აქტიური და პასიური პირები დიდად სხვაობენ ერთმანეთისაგან, მაგრამ მოქმედება და ვნება მუდამ მაინც ერთი და იგივე მოვლენაა, ორი სახელდების მქონე, რადგან ის შეიძლება მიეკუთვნოს ორ სხვადასხვა სუბიექტს. 

    2. სულის ვნებათა შესაცნობად მისი ფუნქციები უნდა განვასხვაოთ სხეულის ფუნქციებისაგან 

    შემდეგ, ასევე ვხედავ, რომ გარდა სხეულისა, რომელთანაც დაკავშირებულია სული (l’âme), ისეთს ვერაფერს ვამჩნევთ, უფრო უშუალოდ რომ ზემოქმედებდეს ჩვენს სულზე; აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ: ის, რაც სულისთვის ვნებაა, სხეულისთვის, ჩვეულებრივ, მოქმედებაა. ასე რომ, არ არსებობს უკეთესი გზა ჩვენს ვნებათა შესაცნობად, თუ არა სხვაობის შესწავლით სულსა და სხეულს შორის იმის დასადგენად, მათგან რომელს უნდა მივაკუთვნოთ თითოეული იმ ფუნქციათაგანი, რომელიც ჩვენშია.

    3. რომელი წესით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ შედეგის მისაღწევად 

    დიდ სირთულეს არ წავაწყდებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველივე, რასაც განვიცდით ჩვენი არსების წიაღში და რისი დაშვებაც ასევე შეგვიძლია უსულო სხეულებში, უნდა მიეკუთვნოს მხოლოდ ჩვენს სხეულს; და პირიქით: ყოველივე, რაც, ჩვენი აზრით, არანაირად არ შეიძლება ეკუთვნოდეს სხეულს, უნდა მიეკუთვნოს ჩვენს სულს. 

    4. სითბო და სხეულის ნაწილების მოძრაობა წარმოიქმნება სხეულში, აზრები – სულში

    ამგვარად, იმის გამო, რომ სხეულის რაიმე სახით აზროვნება საერთოდ ვერ წარმოგვიდგენია, ამდენად, სრული საფუძვლით შეგვიძლია ვირწმუნოთ: ჩვენში არსებული ნებისმიერი აზრი სულის კუთვნილებაა. რაკი საერთოდ არ გვეეჭვება უსულო სხეულების არსებობა, ჩვენი სხეულის მსგავსად ან კიდევ უფრო მრავალგვარი სახით მოძრაობა რომ ძალუძთ და იმდენივე ან უფრო მეტი სითბო რომ აქვთ (გამოცდილებით ვიცით, რომ ცეცხლს ბევრად უფრო მეტი სითბო და მოძრაობის უნარი აქვს, ვიდრე ჩვენი სხეულის რომელიმე ნაწილს), ამდენად, უნდა ვიფიქროთ: ჩვენი სხეულის მთელი სითბო და ჩვენში არსებული ყველა მოძრაობა სრულიად დამოუკიდებელია აზროვნებისაგან და მხოლოდ სხეულის კუთვნილებაა. 

    5. მცდარია რწმენა, რომ სული ანიჭებს სხეულს მოძრაობას და სითბოს

    აღნიშნულის წყალობით თავიდან ავირიდებთ ბევრი მოაზროვნის მიერ დაშვებულ ძალზე არსებით შეცდომას; ვფიქრობ, ხსენებული შეცდომა არის ის პირველი მიზეზი, რომელიც აქამდე ხელს უშლიდა ვნებათა და სულისათვის ნიშანდობლივ სხვა მოვლენათა ახსნას. შეცდომა გახლავთ ის, რომ, ყველა უძრავი და სითბოს მოკლებული მკვდარი სხეულის ხილვისას, წარმოიდგინეს თითქოს სულის უქონლობა განაპირობებდა სხეულის სითბოსა და  მოძრაობების შეწყვეტას; ასე უსაფუძვლოდ ირწმუნეს, რომ ჩვენი ბუნებითი სითბო და სხეულის ყველა მოძრაობა დამოკიდებულია სულზე, არადა პირიქით უნდა ეფიქრათ: სიკვდილის შემდეგ სული სხეულს განეშორება მხოლოდ იმიტომ, რომ ხსენებული სითბო უჩინარდება და იხრწნება სხეულის ის ორგანოები, რომლებიც სხეულის მოძრაობას უზრუნველყოფენ.

    6. რა სხვაობაა ცოცხალ სხეულსა და მკვდარ სხეულს შორის 

    ზემოაღნიშნული შეცდომის თავიდან ასარიდებლად, შევნიშნავთ: სიკვდილი არასოდეს ხდება სულის ბრალეულობით, მას იწვევს მხოლოდ სხეულის რომელიმე არსებითი ნაწილის დაშლა. მივყვეთ მსჯელობას და დავუშვათ, რომ ცოცხალი ადამიანის სხეული ისევე სხვაობს მიცვალებულის სხეულისაგან, როგორც გამართული საათი ან რაიმე სხვა ავტომატი (ანუ თავისით მოძრავი მანქანა) – ყველა მატერიალური პირობა რომ აქვს იმ მოძრაობათა შესასრულებლად, რომელთათვისაც არის შექმნილი და ყოველივე აუცილებლითაა აღჭურვილი მოქმედებისათვის – განსხვავდება იმავე საათის ან მანქანისაგან, როდესაც ის გატეხილია და მისი მოძრაობის საწყისი წყვეტს მოქმედებას. 

    7. სხეულის ნაწილების და მისი ზოგიერთი ფუნქციის მოკლე ახსნა 

    ეს რომ უფრო ინტელიგიბელური იყოს, ახლა ჩვენი სხეულის მანქანის აგებულებას რამდენიმე სიტყვით ავხსნი. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს, რომ ჩვენი სხეული შედგება გულის, ტვინის, კუჭის, ნერვების, არტერიების, ვენების და სხვა მისთანათაგან; ისიც ვიცით, რომ მიღებული საკვები გადადის კუჭსა და ნაწლავებში, საიდანაც საკვების წვენი გადაედინება რა ღვიძლსა და ვენებში, შეერევა მათში არსებულ სისხლს და მის რაოდენობას ზრდის. გარდა ამისა, ვინც მედიცინაში ცოტაოდენ მაინც ერკვევა, მათ იციან გულის აგებულება და ის, თუ როგორ ადვილად ახერხებს ვენური სისხლი ღრუ ვენიდან გულის მარჯვენა ნაწილში გადადინებას, იქიდან კი არტერიულ ვენად წოდებული სისხლძარღვით ფილტვებში; შემდეგ როგორ ბრუნდება ფილტვებიდან გულის მარცხენა ნაწილში იმ ვენით, რომელიც ვენურ არტერიად იწოდება და ბოლოს, საიდანაც გადაედინება დიდ არტერიაში, რომლის განშტოებები მთელს სხეულშია განტოტილი. ყველა, ვინც ძველი მოაზროვნეების ავტორიტეტს მთლად არ დაუბრმავებია, ვინც თვალის გახელა მოისურვა, რათა სისხლის წრიული მოძრაობის შესახებ ჰარვეის[1] მოსაზრება შეემოწმებინა, საერთოდ არ ეჭვობს, რომ სხეულის ყველა ვენა და არტერია ერთგვარი გამტარი არხებია, რომლებითაც სისხლი ძალზე სწრაფად და უწყვეტად მიედინება გულის მარჯვენა ღრუდან არტერიული ვენით, რომლის განშტოებები განტოტილია მთელ ფილტვებში და შეერთებულია ვენურ არტერიასთან, რომლითაც გადაედინება სისხლი ფილტვებიდან გულის მარცხენა ნაწილში, იქიდან კი მიემართება დიდ არტერიაში, რომლის მთელ დანარჩენ სხეულში განტოტილი განშტოებები შეერთებულია ვენის განშტოებებთან და იმავე სისხლს ხელახლა ატარებენ გულის მარჯვენა ღრუში; რაბების მსგავსად, თითოეული ამ ორი ღრუდან მთელი სისხლი ყოველ წრეზე სხეულში გადაედინება. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ ადამიანის სხეულის ყველა ნაწილის მოძრაობა დამოკიდებულია კუნთებზე, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ ისეა განლაგებული, რომ, როდესაც ერთი მათგანი იკუმშება, თავისკენ იზიდავს სხეულის იმ ნაწილს, რომელთანაც შეერთებულია და იმავდროულად მის საპირისპიროდ მდებარე კუნთის დაგრძელებას იწვევს; როდესაც ეს უკანასკნელი იკუმშება, ამ დროს პირველი კუნთი გრძელდება და თავისკენ იზიდავს სხეულის იმ ნაწილს, რომელთანაც შეერთებულია. დაბოლოს, ცნობილია, რომ ყველა შეგრძნების მსგავსად, კუნთების ყველა მოძრაობაც დამოკიდებულია ნერვებზე, რომლებიც, ერთგვარი წვრილი ძაფებისა თუ წვრილი მილაკების მსგავსად, მოემართებიან ტვინიდან და, ამ უკანასკნელის მსგავსად, შეიცავენ რაღაც თავისებურ ჰაერს, თუ უნაზეს სიოს, რომელსაც ცხოველმყოფელ სულებს[2] (les esprits animaux) უწოდებენ. 

    8. როგორია ყველა ამ ფუნქციათა საწყისი 

    თუმცა, საერთოდ, უცნობია, როგორ ზემოქმედებენ ხსენებული ცხოველმყოფელი სულები და ნერვები მოძრაობებსა და გრძნობებზე; ასევე ისიც, თუ როგორია ის სხეულებრივი საწყისი, რომელსაც ისინი მოძრაობაში მოჰყავს. მართალია, ამ საკითხს, გარკვეულწილად, უკვე შევეხე სხვა თხზულებებში[3], მაგრამ აქ მოკლედ მაინც გავიმეორებ: ვიდრე ვცოცხლობთ, ჩვენს გულში უწყვეტად არის ცეცხლის მსგავსი ერთგვარი სითბო, რომელიც შენარჩუნებულია ვენებიდან მომდინარე სისხლით; სწორედ ეს ცეცხლი არის ჩვენი სხეულის ყველა ნაწილის მოძრაობის სხეულებრივი საწყისი.

    9. როგორ მუშაობს გული 

    ხსენებული სითბოს მოქმედების პირველი შედეგია სისხლის გაფართოება, რომლითაც სავსეა გულის ღრუები; გაფართოებული სისხლი უფრო მეტ ადგილს საჭიროებს, ამის გამო გამალებით გადაედინება გულის მარჯვენა ღრუდან არტერიულ ვენაში, მარცხენა ღრუდან კი დიდ არტერიაში. შემდეგ, როდესაც ეს გაფართოება წყდება, ღრუ ვენიდან ახალი სისხლი სწრაფად გადაედინება გულის მარჯვენა ღრუში, ვენური არტერიიდან კი – მარცხენა ღრუში; ამ ოთხი სისხლძარღვის შესასვლელთან არსებული პატარა აპკების მდებარეობის წყალობით, სისხლი მხოლოდ ბოლო ორი სისხლძარღვით გადაედინება გულში, იქიდან კი ორი სხვა სისხლძარღვით გამოედინება. წინამორბედი სისხლის მსგავსად, გულში გადადინებული ახალი სისხლიც, ასევე, მყისვე თხევადდება. სწორედ ეს განაპირობებს პულსაციას ანუ გულისა და არტერიების ცემას, რომელიც იმდენჯერ მეორდება, რამდენჯერაც გულში ახალი სისხლი გადაედინება. ასევე, ერთადერთი ეს იწვევს სისხლის მოძრაობას და მის უწყვეტ სწრაფ დინებას ყველა არტერიასა და ვენაში, რის შედეგადაც გულში სისხლის მიერ შეძენილი სითბო სხეულის ყველა სხვა ნაწილს გადაეცემა და, იმავდროულად, სისხლი მათ კვებავს კიდეც. 

    10. როგორ წარმოიქმნებიან ცხოველმყოფელი სულები ტვინში 

    თუმცა, ზემოხსენებულ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია გულში გავლით სითბოთი გათხევადებული სისხლის ყველაზე უფრო მარდი და მსუბუქი ნაწილაკების განუწყვეტლივ ჭარბად შესვლა ტვინის ღრუებში. ამის მიზეზია ის, რომ დიდი არტერიით გულიდან მომდინარე მთელი სისხლი უშუალოდ ტვინისკენ მიემართება, მაგრამ, გამტარი გზების სივიწროვის გამო, იქ სრულად შესვლა არ ძალუძს; ტვინში შეღწევას ახერხებენ სისხლის მხოლოდ ყველაზე მარდად მოძრავი და მსუბუქი ნაწილაკები, დანარჩენები კი სხეულის სხვა ნაწილებში განივრცობიან. სწორედ სისხლის ეს ყველაზე უფრო მარდი და მსუბუქი ნაწილაკები წარმოქმნიან ცხოველმყოფელ სულებს, რისთვისაც ისინი საჭიროებენ არა რაიმე სხვა ცვლილებას, არამედ მხოლოდ სხვებისაგან, სისხლის ნაკლებად მსუბუქი ნაწილაკებისაგან განცალკევებას ტვინში. ამგვარად, ის, რასაც წინამდებარე ნაშრომში სულებს[4] (les esprits) ვუწოდებ, სხვა არაფერია, თუ არა სხეულები, რომელთაც, ჩირაღდნის ცეცხლის ალის ნაწილაკების მსგავსად, ძალიან მცირე მოცულობისა და ძალზე სწრაფი მოძრაობის გარდა სხვა თვისება არ გააჩნიათ; ასე რომ, ისინი არსად ყოვნდებიან, ტვინისაკენ მიისწრაფიან; ზოგი მათგანი აღწევს ტვინის ღრუებში, სხვები კი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1