Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I)
წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I)
წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I)
Ebook803 pages6 hours

წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლური ტექსტი, "წმინდა გონების კრიტიკა", ისტორიაში შევიდა, როგორც გამაერთიანებელი ორი დაპირისპირებული ფილოსოფიური სკოლისა: რაციონალიზმის, რომელიც მთელს ცოდნას გონებაზე აფუძნებს, და ემპირიზმისა, რომელიც ჩვენს ცოდნას გამოცდილებას უკავშირებს. "წმინდა გონების კრიტიკა" არის წიგნი, რომელიც ადამიანის გონების ღრმა და ყოველმხრივ კვლევას წარმოადგენს.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 4, 2021
წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I)

Read more from იმანეულ კანტი

Related to წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I)

Related ebooks

Reviews for წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I)

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    წმინდა გონების კრიტიკა (ნაწილი I) - იმანეულ კანტი

    სარჩევი

    წინასიტყვაობა პირველი გამოცემისა წინასიტყვაობა მეორე გამოცემისა 

    [პირველი (1781 წ.) გამოცემის] შესავალი

    ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის იდეა

    შესავალი [მეორე (1787 წ.) გამოცემის მიხედვით]

    I. წმინდა და ემპირიული შემეცნების განსხვავების თაობაზე

    II. ჩვენ გვაქვს ზოგიერთი a priori ცოდნა და თვით ჩვეულებრივი განსჯაც არასდროს არ არის უიმისოდ III. ფილოსოფიას სჭირდება მეცნიერება, რომელიც განსაზღვრავდა ყველა a priori შემეცნების შესაძლებლობას, პრინციპებსა და მოცულობას

    IV. ანალიზური და სინთეზური მსჯელობების განსხვავების შესახებ

    V. გონების ყველა თეორიულ მეცნიერებაში მოცემულია a priori სინთეზური მსჯელობანი როგორც პრინციპები

    VI. წმინდა გონების ზოგადი ამოცანა

    VII. წმინდა გონების კრიტიკის სახელით აღნიშნული განსაკუთრებული მეცნიერების იდეა და დაყოფა II. [ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის დაყოფა] 

    წმინდა გონების კრიტიკა

    I. ტრანსცენდენტალური მოძღვრება საწყისებზე

    ტრანსცენდენტალური ესთეტიკა 

    პირველი მონაკვეთი. სივრცის შესახებ 

    მეორე მონაკვეთი. დროის შესახებ 

    მეორე ნაწილი. ტრანსცენდენტალური ლოგიკა

    შესავალი. ტრანსცენდენტალური ლოგიკის იდეა

    I. საერთოდ ლოგიკაზე

    II. ტრანსცენდენტალური ლოგიკის შესახებ 

    III. ზოგადი ლოგიკის ანალიტიკად და დიალექტიკად დაყოფის შესახებ

    IV. ტრანსცენდენტალური ლოგიკის ტრანსცენდენტალურ ანალიტიკად და დიალექტიკად დაყოფის თაობაზე

    პირველი განყოფილება. ტრანსცენდენტალური ანალიტიკა

    პირველი წიგნი. ცნებათა ანალიტიკა

    პირველი თავი. ყველა წმინდა განსჯითი ცნების აღმოჩენის სახელმძღვანელო ძაფის შესახებ

    პირველი განყოფილება. საერთოდ განსჯის ლოგიკური გამოყენების შესახებ

    მეორე განყოფილება. § 9. მსჯელობებში განსჯის ლოგიკური ფუნქციის შესახებ

    მესამე განყოფილება. § 10. წმინდა განსჯით ცნებათა ანუ კატეგორიათა შესახებ

    მეორე თავი. წმინდა განსჯითი ცნებების დედუქციის შესახებ

    პირველი განყოფილება. § 13. საერთოდ ტრანსცენდენტალური დედუქციის პრინციპების შესახებ

    მეორე განყოფილება. წმინდა განსჯითი ცნებების ტრანსცენდენტალური დედუქცია

    წმინდა განსჯითი ცნებების დედუქციის მეორე განყოფილება [პირველი გამოცემის მიხედვით]

    გამოცდილების შესაძლებლობის აპრიორული საფუძვლების შესახებ წინასწარი შეხსენება

    1. მჭვრეტელობაში აპრეჰენზიის სინთეზის შესახებ

    2. წარმოსახვაში რეპროდუქციის სინთეზის შესახებ

    3. ცნებაში რეკოგნიციის სინთეზის შესახებ

    4. კატეგორიების როგორც აპრიორული ცოდნის შესაძლებლობის წინასწარი განმარტება

    მესამე განყოფილება. საერთოდ საგნებთან განსჯის დამოკიდებულებისა, და მათი a priori შემეცნების შესაძლებლობის შესახებ

    წმინდა განსჯითი ცნებების ამ დედუქციის სისწორისა და ერთადერთი შესაძლებლობის შემაჯამებელი წარმოდგენა

    ტრანსცენდენტალური ანალიტიკის მეორე წიგნი

    ძირითად დებულებათა ანალიტიკა

    შესავალი. მსჯელობის ტრანსცენდენტალური უნარის შესახებ საერთოდ 

    პირველი თავი. წმინდა განსჯითი ცნებების სქემატიზმის შესახებ

    მეორე თავი. წმინდა განსჯის ყველა ძირითად დებულებათა სისტემა

    პირველი მონაკვეთი. ყველა ანალიზურ მსჯელობათა უმაღლესი ძირითადი დებულების შესახებ 

    მეორე მონაკვეთი. ყველა სინთეზურ მსჯელობათა უმაღლესი ძირითადი დებულების შესახებ

    მესამე მონაკვეთი. წმინდა განსჯის ყველა სინთეზურ ძირითად დებულებათა სისტემატური წარმოდგენა 

    წმინდა განსჯის ძირითადი დებულებები 

    1. მჭვრეტელობის აქსიომები

    2. აღქმის ანტიციპაციები

    3. გამოცდილების ანალოგიები

    A. პირველი ანალოგია. სუბსტანციის მდგრადობის ძირითადი დებულება

    B. მეორე ანალოგია. მიზეზობრიობის კანონის თანახმად დროითი თანმიმდევრობის ძირითადი დებულება

    C. მესამე ანალოგია. ერთდროულად ყოფნის ძირითადი დებულება, ურთიერთმოქმედების ანუ ურთიერთკავშირის თანახმად

    4. პოსტულატები ემპირიული აზროვნებისა საერთოდ

    იდეალიზმის უარყოფა

    ზოგადი შენიშვნა ძირითად დებულებათა სისტემის გამო

    მესამე თავი. საერთოდ ყველა საგნის Phaenomena-დ და Noumena-დ განსხვავების საფუძვლის შესახებ

    დანართი. რეფლექსურ ცნებათა ამფიბოლიის შესახებ

    შენიშვნა. რეფლექსიის ცნებათა ამფიბოლიისათვის

    BACO DE VERULAMIO 

    Instauratio magna. Praefatio 

    De nobis ipsis silemus: De re autem, quae agitur, petimus: ut homines eam non opinionem, sed opus esse cogitent; ac pro certo habeant, non sectae nos ali cuius, aut placiti, sed utilitatis et amplitudinis humanae fundamenta moliri. Deinde ut suis commodis aequi... in commune consulant... et ipsi in partem veniant. Praete rea ut bene sperent, neque instaurationem nostram ut quiddam infinitum et ultra mortale fingant, et animo concipiant; quum revera sit infiniti erroris finis et ter minus legitimus! 

    ბეკონ ვერულამელი 

    დიადი განახლება. წინასიტყვაობა

    თვით ჩვენს თავზე დუმილს ვარჩევთ. მაგრამ, რაც შეეხება საგანს, რაზეც აქ ლაპარაკია, გვინდა, იგი ადამიანებმა მიიჩნიონ არა უბრალო მოსაზრებად, არამედ სერიოზულ შრომად; ამასთან შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ აქ საქმე ეხება არა რომელიმე სექტის დაარსებას ან შემთხვევითი აზრის გამართლებას, არამედ ადამიანთა კეთილდღეობისა და ღირსების საძირკვლის ჩაყრას საერთოდ. შემდეგ, თითოეულს თავის სასარგებლოდ შეუძლია... საერთო სიკეთეზე ზრუნავდეს... და თავადაც მონაწილეობდეს მასში. ბოლოს, დაე განიმსჭვალონ ისინი კეთილი იმედით და ჩვენს განახლებას ნუ წარმოადგენენ რაღაც დაუსრულებლად და ისეთ რამედ, რაც მოკვდავთა ძალებს აღემატება, მაშინ, როდესაც ის სინამდვილეში დაუსრულებელი ცდომილების დასასრული და კანონიერი საზღვარია[1].

    მის აღმატებულებას მეფის სახელმწიფო მინისტრს 

    ბარონ ფონ ცედლიცს 

    მოწყალეო ხელმწიფევ! 

    მეცნიერებათა ზრდისათვის ხელშეწყობა ნიშნავს თქვენი აღმატებულების საკუთარი ინტერესებისათვის მუშაობას, რადგან მეცნიერებათა აღმავლობის ინტერესი შინაგანად დაკავშირებულია არა მხოლოდ თქვენს, როგორც მეცნიერების მფარველის, მაღალ თანამდებობასთან, არამედ უფრო მეტად იმ გარემოებასთან, რომ თქვენ მისი ფრიად დიდი მოტრფიალე და ბრწყინვალე მცოდნე ბრძანდებით. ამიტომ ვსარგებლობ ერთადერთი ჩემს ხელთ არსებული საშუალებით, დაგიდასტუროთ ჩემი მადლობა იმ მოწყალე ნდობისათვის, რითაც თქვენმა აღმატებულებამ პატივი დამდო, როცა იგულისხმა, რომ ამ მიზნის განხორციელებაში წვლილის შეტანას შევძლებდი[2].

    თქვენს მოწყალე ყურადღებას, რომლითაც ღირსჰყავით, თქვენო აღმატებულებავ, ამ ნაწარმოების პირველი გამოცემა, ვუძღვნი ახლა ამ მეორე გამოცემასაც და მასთან ერთად ყველაფერს, რაც კი ჩემი ლიტერატურული მოწოდების ნაყოფია, და დავშთები უღრმესი პატივისცემით. 

    თქვენი აღმატებულების უქვეშევრდომილესი და უმორჩილესი 

    მსახური იმანუელ კანტი 

    კონიგსბერგი 23 აპრილს 1787 წ. 

    წინასიტყვაობა პირველი გამოცემისა[3]

    ადამიანის გონებას განსაკუთრებული ბედი დაჰყოლია მისი ცოდნის ერთგვარეობაში: მას აწუხებს ისეთი საკითხები, რომელთა მოცილება არ ძალუძს, რადგან ისინი მისთვის თვით გონების ბუნებას მოუხვევია თავს, მაგრამ არც პასუხის გაცემა შეუძლია, ვინაიდან ისინი აღემატებიან ადამიანის გონების ყველა უნარს.

    ასეთ ძნელ მდგომარეობაში რომ ვარდება, ეს თვით გონების ბრალი როდია. იგი იწყებს ძირითადი დებულებებით, რომელთა გამოყენება გამოცდილების პროცესში გარდაუვალია და ამავე დროს ამ გამოცდილებით საკმაოდ დასტურდება, მათი საშუალებით იგი მიიწევს სულ ზევითა და ზევით (როგორც ამას თვით მისი ბუნებაც მოითხოვს) უფრო შორეული პირობებისაკენ. მაგრამ რაკი დარწმუნდება, რომ ამ გზით მისი საქმე მუდამ დაუმთავრებელი დარჩება, რადგან კითხვები არასოდეს არ ამოიწურება, იგი იძულებულია თავშესაფარი ისეთ ძირითად დებულებებში ჰპოვოს, რომლებიც ყოველგვარი შესაძლო გამოცდილების გამოყენების ფარგლებს სცილდებიან და ამავე დროს იმდენად ეჭვმიუტანელი ჩანან, რომ თვით ჩვეულებრივი ადამიანური გონებაც თანხმობაშია მათთან. მაგრამ ამის გამო გონება სიბნელესა და წინააღმდეგობებში ვარდება, საიდანაც, მართალია, შეუძლია დაასკვნას, რომ სადღაც საფუძველში უნდა იყოს დაფარული შეცდომები, მაგრამ მათი აღმოჩენა მას არ ძალუძს, რადგან საფუძვლები, ის რომ იყენებს, ყოველგვარი გამოცდილების საზღვრებს სცილდება და გამოცდილების არავითარ სასინჯ ქვას აღარ ცნობს. ამ დაუსრულებელი დავისა და ბრძოლის ასპარეზს მეტაფიზიკა ეწოდება.

    იყო დრო, როდესაც მეტაფიზიკას ყველა მეცნიერების დედოფალს უწოდებდა და, თუ სურვილს საქმედ მივიჩნევთ, მაშინ ამ საპატიო სახელს იგი იმსახურებდა კიდეც თავისი საგნის უპირატესი მნიშვნელობის გამო. ახლა ჩვენს ეპოქაში მოდად იქცა მისი აბუჩად აგდება და ეს განდევნილი და მიტოვებული მანდილოსანი ჰეკუბასავით ჩივის: modo maxima rerum, tot generis natisque potens-nunc trahor exul, inops - Ovid. Metam[4].

    დასაწყისში, დოგმატიკოსების მბრძანებლობის პერიოდში, მისი ბატონობა დესპოტური იყო. მაგრამ, რადგანაც კანონმდებლობა ჯერ კიდევ ატარებდა ძველი ბარბაროსობის კვალს, ამიტომ შინაომების გამო იგი სრულ ანარქიად გადაგვარდა და სკეპტიკოსები, ეს თავისებური ნომადები, რომლებსაც ნიადაგის ხანგრძლივი დამუშავება სძულთ, დროდადრო არღვევდნენ სამოქალაქო გაერთიანებას. მაგრამ საბედნიეროდ ისინი ცოტანი იყვნენ, ამიტომ არ შეეძლოთ, მათთვის ხელი შეეშალათ, კვლავ ეცადათ ხელახლა შედგომოდნენ აღდგენით სამუშაოს, თუმცა ყოველგვარი შეთანხმებული გეგმის გარეშე. მართალია, ახალ დროში ერთხელ ისე ჩანდა, რომ ყოველგვარ დავას ადამიანის განსჯის გარკვეული ფიზიოლოგიით (სახელგანთქმული ლოკის მიერ) ბოლო უნდა მოღებოდა და მეტაფიზიკის პრეტენზიების მართლზომიერება გადაწყვეტილიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ, თუმცა ეს უსაფუძვლო პრეტენზიების მქონე დედოფალი უბრალო, ჩვეულებრივი გამოცდილების მდაბიო წრიდან გამოყავდათ და ამიტომ მის პრეტენზიებში ეჭვის შეტანა სამართლიანი უნდა ყოფილიყო, ის მაინც თავის პრეტენზიებზე ხელს არ იღებდა, რაკი ამ გენეალოგიას მას შეცდომით მიაწერდნენ, რის გამოც ყველაფერი ისევ დაძველებულ და დაჭიანებულ დოგმატიზმში ვარდებოდა, ამიტომ მეტაფიზიკა ისევ სიძულვილის საგნად იქცა, რისგანაც სურდათ ეხსნათ მეცნიერება. ახლა, როდესაც ყველა გზა (როგორც გვარწმუნებენ) უშედეგოდ მოსინჯულია, მეცნიერებებში ბატონობს მოყირჭება და სრული ინდიფერენტიზმი, ქაოსისა და ღამის დედა, მაგრამ ამავე დროს საფუძველი ჩაეყარა, ყოველ შემთხვევაში დაისახა მეცნიერებათა უახლოესი გარდაქმნისა და ნათელყოფის საწყისები, მაშინ, როდესაც ცუდად გამოყენებული სიბეჯითის წყალობით ისინი ბუნდოვანი, არეულ-დარეული და გამოუსადეგარი გამხდარან.

    ნამდვილად ამაოა თავი ისე მოვაჩვენოთ, თითქოს მართლაც გულგრილი ვიყოთ ისეთი გამოკვლევების მიმართ, რომელთა საგანიც არ შეიძლება გულგრილი იყოს ადამიანის ბუნებისათვის. თვით ის ვითომდა ინდიფერენტისტებიც, როგორც არ უნდა ფიქრობდნენ სწავლულთა ენის ყველასათვის გასაგები ენით შეცვლის გზით თავიანთი თავი შეუცნობელი გახადონ, როგორც კი აზროვნებას დაიწყებენ, აუცილებლად მეტაფიზიკურ მტკიცებებს უბრუნდებიან, რომელთა მიმართ ისინი სიტყვით ესოდენ სიძულვილს გამოხატავდნენ. მაგრამ ეს გულგრილობა, რომელიც ყველა მეცნიერების გაფურჩქვნის პერიოდში წარმოიშვა და ეხება სწორედ იმას, რის ცოდნის უგულებელყოფა, თუკი ამგვარი ცოდნა არსებობს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ისეთი მოვლენაა, ყურადღებასა და ჩაფიქრებას რომ იმსახურებს. ცხადია, რომ ეს გულგრილობა თავქარიანობის შედეგი კი არ არის, არამედ ჩვენი ეპოქის მომწიფებული მსჯელობის უნარისა[5]; ჩვენს ეპოქას აღარ სურს მოჩვენებითი ცოდნით დაკმაყოფილდეს და გონებისაგან მოითხოვს, რომ თავისი საქმიანობიდან ყველაზე ძნელი საქმე, სახელდობრ თვითშემეცნება კვლავ იკისროს და სამსჯავრო დააწესოს, რომელიც გონების სამართლიან მოთხოვნებს დაადასტურებდა, ხოლო უსაფუძვლო პრეტენზიებს, პირიქით, უკუაგდებდა, არა ბრძანებით, არამედ თვით გონების მარადიული და უცვლელი კანონების თანახმად. ეს სამსჯავრო გახლავთ სწორედ წმინდა გონების კრიტიკა. 

    მაგრამ ამით მე ვგულისხმობ არა წიგნებისა და სისტემების კრიტიკას, არამედ გონების უნარის კრიტიკას საერთოდ ყველა ცოდნის მიმართ, რომლისკენაც მას შეუძლია ისწრაფვოდეს ყოველგვარი გამოცდილებისაგან დამოუკიდებლად, მაშასადამე, ვგულისხმობ საერთოდ მეტაფიზიკის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის გადაწყვეტას, მისი როგორც წყაროების, ისე მოცულობისა და საზღვრების გარკვევას, მაგრამ ყველაფერს პრინციპების საფუძველზე.

    ამ ერთადერთ დარჩენილ გზას დავადექი ახლა და ვიმედოვნებ, რომ ამ გზით თავიდან ავიცილე ყველა ის შეცდომა, რომელიც აქამდე გონებას აორებდა, თავის თავს წაჰკიდებდა იმის გამო, რომ გამოცდილებისაგან თავისუფლად და დამოუკიდებლად იყენებდნენ მას. მე ამით გვერდი როდი ავუარე გონების მიერ დასმულ კითხვებს და ადამიანური გონების უუნარობას როდი გადავაბრალე თავის გასამართლებლად, არამედ სავსებით განვსაზღვრე ამ საკითხების სპეციფიკა პრინციპების მიხედვით და, მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე გონების თავის თავთან უთანხმოების და გაუგებრობის პუნქტი, მათი სრულიად დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტა მოვნახე. მართალია, ამ საკითხებზე გაცემული პასუხი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც შესაძლებელია მოელოდა დოგმატურად მეოცნებე ცნობისმოყვარეობა; მას მხოლოდ ჯადოქრობა დააკმაყოფილებდა, რისაც მე არაფერი გამეგება. მაგრამ ასეთი მიზანი არცა ჰქონია ჩვენი გონების ბუნებრივ დანიშნულებას; ფილოსოფიის მოვალეობა იყო, გაეფანტა ის ილუზია, რომელიც მცდარი განმარტებიდან წარმოდგა, თუნდაც ამით მრავალი აღიარებული და სანუკვარი ზმანება გაქარწყლებულიყო. ამ გამოკვლევაში შევეცადე მთელი ჩემი ყურადღება დამეთმო საფუძვლიანი გამოწვლილვისათვის და ვკადნიერდები ვაღიარო, რომ არ არსებობს არც ერთი მეტაფიზიკური ამოცანა, რომელიც აქ არ იყოს გადაწყვეტილი, ანდა რომლის გადასაწყვეტად გასაღები მაინც არ იყოს მოძებნილი. წმინდა გონება მართლაც ისეთი სრულყოფილი ერთიანობაა, მისი პრინციპი საკმარისი რომ არ იყოს თვით მისივე ბუნების მიერ დასმული ყველა საკითხიდან თუნდაც ერთადერთისათვის, მაშინ ეს პრინციპები მთლიანად გადასაგდები გახდებოდა, რადგან მაშინ ის არ გამოდგებოდა არც დანარჩენ საკითხთა სრული საიმედოობით გადასაწყვეტად. 

    ამას რომ ვამბობ, ვიცი, მკითხველს სახეზე ზიზღნარევი განაწყენება აღებეჭდება ერთი შეხედვით ასეთი მკვეხარა და თამამი განცხადებებისა და პრეტენზიების გაგონებაზე. სინამდვილეში კი ისინი შეუდარებლად უფრო ზომიერია, ვიდრე სრულიად ჩვეულებრივი პროგრამის რომელიმე ავტორის პრეტენზიები, რომელიც გვპირდება სულის მარტივ ბუნებას ან სამყაროს პირველი საწყისის აუცილებლობას დაგიმტკიცებთო; რადგან იგი კისრულობს ადამიანის შემეცნება შესაძლებელი გამოცდილების ყოველ საზღვრებს მიღმა გაავრცელოს, მაშინ როდესაც მე მორჩილად ვაღიარებ, რომ ეს სრულიად აღემატება ჩემს ძალებს. სამაგიეროდ მე საქმე მაქვს მხოლოდ თვით გონებასთან და მის წმინდა აზროვნებასთან, რომლის საფუძვლიანი ცოდნისათვის შორს წასვლა არ მჭირდება, რადგან მას ჩემშივე ვპოვებ და რის შესახებ ჩვეულებრივი ლოგიკა მაძლევს მაგალითს იმით, რომ ყველა მისი მარტივი მოქმედება შეიძლება სრულად და სისტემატურად ჩამოითვალოს. ოღონდ აქ წამოიჭრება საკითხი, თუ რის მიღწევის იმედი შეიძლება მქონდეს მათი საშუალებით, თუკი წამერთმევა გამოცდილების ყოველი მასალა და თანადგომა. 

    აი ყოველივე ის, რისი თქმაც გვინდოდა თითოეული მიზნის მიღწევის ს ი ს რ უ ლ ი ს ა და საერთოდ ყველა იმ მიზნის მიღწევის საფუძვლიანობის თაობაზე, რომელთაც ჩვენს წინაშე წამოჭრის არა ვინმეს თვითნებური განზრახვა, არამედ თვით შემეცნების ბუნება, რაც ჩვენი კრიტიკული გამოკვლევის მატერიას შეადგენს.

    შემდეგ, რაც შეეხება გამოკვლევის ფორმას, უ ე ჭ ვ ე ლ ო ბ ა და ს ი ც ხ ა დ ე, ეს ორი რამ, იმ არსებით მოთხოვნებად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც სამართლიანად შეგვიძლია წავუყენოთ ავტორს, ვინც ასეთ სახიფათო საქმეს მოკიდა ხელი.

    რაც შეეხება უ ე ჭ ვ ე ლ ო ბ ა ს, მე თვით ასეთი განაჩენი გამოვუტანე ჩემს თავს: ამგვარ გამოკვლევებში არასგზით ნებადართული არ არის ვ ა რ ა უ დ ი, და ყველაფერი, რაც კი მასში ჰიპოთეზის მსგავსია, აკრძალული საქონელია, რომელსაც თვით უდაბლესი ფასიც კი არ უნდა დაედოს, არამედ მაშინვე უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან, როგორც კი აღმოვაჩენთ. რადგან ყოველი შემეცნება, რომელიც a priori უნდა დადგინდეს, თავად გვატყობინებს, რომ იგი სრულიად აუცილებელ შემეცნებად უნდა იქნეს მიჩნეული და მით უფრო ასეთი უნდა იყოს ყოველი წმინდა a priori შემეცნების განსაზღვრება, რომელიც ყოველი აპოდიქტური (ფილოსოფიური) უტყუარობის საზომი, და მაშასადამე, მაგალითი უნდა იყოს. შევძელი თუ არა ამ თხზულებაში განზრახულის შესრულება, ამის განსჯას მთლიანად მკითხველს მივანდობ, რადგან ავტორს მხოლოდ ის შეშვენის, საბუთები წამოაყენოს, და არ იმსჯელოს იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენენ ისინი მის მსაჯულებზე. მაგრამ იმისათვის, რომ რაიმე შემთხვევითმა გარემოებამ არ შეასუსტოს ეს ზემოქმედება, დაე, ავტორს ნება დაერთოს, თვითონვე აღნიშნოს ის ადგილები, რომლებიც შეიძლება ერთგვარი უნდობლობის საბაბი გახდნენ, თუმცა ისინი მხოლოდ მეორეხარისხოვან მიზნებს ეხებიან; ეს საჭიროა, რათა დროზე შეაჩეროს ის ზეგავლენა, რამაც ამ პუნქტში მთავარი მიზნის შესახებ შეიძლება მკითხველის თუნდაც სულ მცირე დაეჭვებაც კი გამოიწვიოს მისი მსჯელობის მიმართ. 

    მე არ ვიცნობ სხვა გამოკვლევებს, რომლებიც იმ უნარის შესაცნობად, ჩვენ რომ განსჯას ვუწოდებთ, ამავე დროს მისი გამოყენების წესებისა და საზღვრების გასარკვევად, უფრო მნიშვნელოვანი იყვნენ, ვიდრე ის გამოკვლევები, მე რომ ჩავატარე „ტრანსცენდენტალური ანალიტიკის მეორე თავში სათაურით „წმინდა განსჯითი ცნებების დედუქცია; მართლაც ისინი ყველაზე მეტ შრომად დამიჯდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს შრომა ტყუილად არ დამიკარგავს. მაგრამ ამ საკმაოდ ღრმად ჩაფიქრებულ გამოკვლევას ორი მხარე აქვს. ერთი ეხება წმინდა განსჯის საგნებს და უნდა წარმოაჩინოს, გასაგები გახადოს მისი a priori ცნებების ობიექტური ნამდვილობა; სწორედ ამიტომ იგი არსებითია ჩემი მიზნებისათვის. მეორე მხარე მიზნად ისახავს განიხილოს თვით წმინდა განსჯა იმ შესაძლებლობისა და შემეცნების უნართა მიხედვით, რომელთაც თვითონ იგი ემყარება, მაშასადამე, სუბიექტური მიმართებით. თუმცა ამის გამორკვევას ჩემი მთავარი მიზნისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებითად იგი არ მიეკუთვნება მას, რადგან მთავარ საკითხად მუდამ ის რჩება, თუ რა შეიძლება და რამდენად შეიძლება შეიმეცნოს ყოველგვარი გამოცდილებისაგან თავისუფალმა განსჯამ და გონებამ, და არა ის, თუ როგორ არის თვით აზროვნების უნარი შესაძლებელი? რამეთუ ეს უკანასკნელი, ასე ვთქვათ, მოცემული მოქმედების მიზეზის ძიებაც არის და ამდენად ჰიპოთეზის მსგავს რაღაცას შეიცავს თავის თავში (თუმცა სინამდვილეში ასე არ არის და ამას სხვა ადგილას ცხადვყოფ), ამიტომ ასე ჩანს, თითქოს ამ შემთხვევაში ნებართვას ვიღებდე, ჩემი მოსაზრება გამოვთქვა და, მაშასადამე, მკითხველსაც უნდა დავუტოვო თავისუფლება, სხვა მოსაზრება ჰქონდეს. ამიტომ მკითხველს უნდა მოვაგონოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტური დედუქცია მასში ვერ აღძრავს იმ სრულ დამაჯერებლობას, რასაც მე მოველი, მაშინ ობიექტური დედუქცია, რომელსაც აქ უპირატეს მნიშვნელობას ვანიჭებ, მაინც მთელ თავის ძალას შეინარჩუნებს, რისთვისაც შესაძლებელია საკმარისია ის, რაც 92 გვერდიდან 93 გვერდამდეა[6] ნათქვამი. 

    ბოლოს, რაც შეეხება სიცხადეს, მკითხველს უფლება აქვს მოითხოვოს, უპირველეს ყოვლისა, დ ი ს კ უ რ ს ი უ ლი (ლოგიკური) სიცხადე ცნებების ს ა შ უ ა ლ ე ბ ი თ, შემდეგ კი აგრეთვე ი ნ ტ უ ი ც ი უ რ ი (ესთეტიკური) ს ი ც ხ ა დ ე მჭვრეტელობათა ს ა შ უ ა ლ ე ბ ი თ, ე. ი. მაგალითებითა და სხვა ახსნა-განმარტებით in concreto. პირველისათვის [სიცხადისათვის ცნებათა საშუალებით] საკმაოდ ვიზრუნე: ის ეხებოდა ჩემი განზრახვის არსს, მაგრამ იგი იმის შემთხვევითი მიზეზიც გახდა, რომ ვერ შევძელი სათანადოდ დამეკმაყოფილებინა მეორე, არც ისე მკაცრი, და მაინც სამართლიანი მოთხოვნილება. მთელი სამუშაოს მანძილზე თითქმის მუდმივად ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი ამ მიმართულებით. მაგალითები და განმარტებანი ყოველთვის საჭიროდ მიმაჩნდა და ამიტომ პირველ მონასახში ისინი მართლაც მოვიყვანე სათანადო ადგილებზე. მაგრამ მალე დავინახე ჩემს წინაშე მდგომი ამოცანის მთელი სიდიადე და იმ საგანთა სიმრავლე, რომლებთანაც საქმე მექნებოდა. რაკი დავინახე, რომ მარტო მშრალი, წმინდა ს ქ ო ლ ა ს ტ ი კ უ რ ი გადმოცემაც თხზულებას ისედაც საკმაოდ გაზრდიდა, ამდენად მიზანშეწონილად ვერ ჩავთვალე იგი კიდევ უფრო გამებერა მაგალითებითა და განმარტებებით, რაც მხოლოდ პოპულარობისთვის არის საჭირო, მით უმეტეს, რომ ეს ნაშრომი არასგზით არ შეიძლებოდა ფართო ხმარებისათვის გაგვეთვალისწინებინა, ხოლო მეცნიერების ნამდვილი მცოდნენი ასეთ გაადვილებას არც ისე საჭიროებენ. ამგვარი გაადვილება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ აქ მას შეეძლო მიზნის საწინააღმდეგო შედეგი გამოეწვია. მართალია, აბატი ტერასონი ამბობს: თუ წიგნის სიდიდე გაიზომება არა ფურცელთა რაოდენობით, არამედ დროით, რომელიც საჭიროა მის გასაგებად, მაშინ ზოგიერთ წიგნზე შეიძლება ითქვას: იგი ბევრად უფრო მოკლე იქნებოდა, ასე მოკლე რომ არ იყოს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ განზრახული აქვთ, რომ ვრცელი, მაგრამ ერთი პრინციპით გაერთიანებული სპეკულატური ცოდნის მთელი კომპლექსი გასაგები იყოს, მაშინ ამავე უფლებით შეიძლებოდა თქმულიყო: ზოგიერთი წიგნი ბევრად უფრო ნათელი იქნებოდა, რომ ა რ   ც დ ი ლ ო ბ დ ნ ე ნ, რაც შ ე ი ძ ლ ე ბ ა   ნ ა თ ე ლ ი გახადონ იგი. რადგან სიცხადის დამხმარე საშუალებანი, მართალია, ხელს უწყობენ მკითხველს ცალკეული ნაწილების გაგებაში, მაგრამ ხშირად აბნევენ მთლიანის თვალსაზრისით, ისე რომ მკითხველს ხელს უშლიან მთლიანის სწრაფ ათვისებაში და ყოველგვარი კაშკაშა ფერებით ჩქმალავენ და გაუგებარს ხდიან დასახსვრას ანუ სისტემის სტრუქტურულ აღნაგობას, მაშინ, როდესაც სწორედ ამაზეა უმთავრესად დამოკიდებული სისტემის ერთიანობისა და საფუძვლიანობის შეფასების შესაძლებლობა.

    მე მგონია, მკითხველისათვის არა ნაკლებ მიმზიდველია თავისი გარჯა შეუერთოს ავტორის შრომას, თუკი მას განზრახული აქვს ეს დიდი და მნიშვნელოვანი საქმე აქ დასახული გეგმით მთლიანად და განუხრელად მიიყვანოს ბოლომდე. აქ მოცემული ცნებებით გამოხატული მეტაფიზიკა ყველა მეცნიერებათა შორის ერთ-ერთია, რომელსაც უფლება აქვს იმედი ჰქონდეს მოკლე დროში მცირე, მაგრამ გაერთიანებული ღონისძიებით ისეთ სრულქმნას მოელოდეს, რომ შთამომავლობას აღარაფერი დარჩეს, გარდა იმისა, რომ ყოველივე ეს შეათანხმოს თავის მიზნებს დიდაქტიკური მანერით, ისე რომ სულაც არ გაზარდოს მისი შინაარსი, რადგან იგი სხვა არა არის რა, თუ არა სისტემატური აღ ნ უ ს ხ ვ ა ყოველივე იმისა, რაც ჩვენ გაგვაჩნია წმინდა გონების წყალობით. აქ არაფერი არ შეიძლება გამოგვრჩეს, რადგან ის, რასაც გონება მთლიანად თავისი თავიდან ქმნის, არ შეიძლება დაფარული იყოს, თვითონ გონება გამოიტანს მას დღის სინათლეზე, როგორც კი მიაგნებენ მის საერთო პრინციპს. ამ სახის ცოდნის, სახელდობრ, მხოლოდ წმინდა ცნებებით ცოდნის სრული ერთიანობა ამ განუპირობებელ სისრულეს არა მარტო შესაძლებელს, არამედ აუცილებელსაც ხდის, ისე, რომ მასზე ვერავინ ვერ ახდენს რაიმე გავლენას, ვერ აფართოებს და ვერ ზრდის მას რაიმე გამოცდილება ან თუნდაც განსაკუთრებული მჭვრეტელობა, რომელსაც გარკვეულ გამოცდილებამდე უნდა მიეყვანა Tecum habita et noris, quain sit tibi curta supellex. Persius[7].

    მე იმედი მაქვს ავაგო წმინდა (სპეკულატური) გონების ასეთი სისტემა სათაურით: ბუნების მეტაფიზიკა. ასეთი სისტემა მოცულობით ნახევარზე ნაკლები, მაგრამ შეუდარებლად უფრო მდიდარი უნდა იყოს შინაარსით, ვიდრე ეს კრიტიკა, რომელმაც უპირველეს ყოვლისა ბუნების მეტაფიზიკის შესაძლებლობის წყაროები და პირობები უნდა გადმოსცეს, და ამიტომ იძულებულია გაწმინდოს და მოასწოროს სრულიად გაუდაბურებული ნიადაგი. აქ [წმინდა გონების კრიტიკაში] ჩემი მკითხველისაგან მოველი მსაჯულის მოთმინებასა და მიუკერძოებლობას, ხოლო იქ [ბუნების მეტაფიზიკის გადმოცემაში] დ ა მ ხ მ ა რ ი ს დამთმობლობასა და თანადგომას; რადგან, რაც უნდა სრულად იყოს გადმოცემული კრიტიკაში სისტემის ყველა პრინციპი, თვით ამ სისტემის დაწვრილებითი სისრულისათვის საჭიროა კიდევ ისიც, რომ არ აკლდეს არც ერთი ნ ა წ ა რ მ ო ე ბ ი ცნება, რომელიც a priori კი არ შეიძლება წინასწარ აღინუსხოს, არამედ თანდათან უნდა მოიძებნოს; ასევე, რამდენადაც იქ [გონების კრიტიკაში] ცნებათა მთელი ს ი ნ თ ე ზ ი ამოიწურა, აქ [ბუნების მეტაფიზიკაში], გარდა ამისა, იგივე უნდა გაკეთდეს ანალიზის თვალსაზრისითაც, რაც ყველაზე ადვილია და გართობა უფროა, ვიდრე შრომა.

    აქვე მინდა ვთქვა აგრეთვე რამდენიმე სიტყვა ამ წიგნის დაბეჭდვის თაობაზე. რადგან ბეჭდვის დაწყება ერთგვარად დაგვიანდა, მხოლოდ საბოლოო კორექტურის დაახლოებით ნახევარის გადათვალიერება შევძელი; შემხვდა რამდენიმე შეცდომა, რომლებიც, მართალია, აზრს არ ამახინჯებენ, გარდა იმ შეცდომისა 379-ე გვერდზე, ქვემოდან მე-4 სტრიქონში რომ გვხვდება, სადაც უნდა იკითხებოდეს „სპეციფიკური ნაცვლად „სკეპტიკურისა. წმინდა გონების ანტინომიები 425 გვერდიდან 461 გვერდამდე 2 ცხრილის სახით ისეა განლაგებული, რომ ყველაფერი, რაც თ ე ზ ი ს ს ეკუთვნის, მარცხენა მხარეს არის მოთავსებული, ხოლო, ის, რაც ა ნ ტ ი თ ე ზ ი ს ს ეკუთვნის, მარჯვენა მხარეს არის დაბეჭდილი. ასე იმიტომ გავაწყე, რომ უფრო გაადვილებულიყო დებულებისა და საპირისპირო დებულების შედარება. 

    წინასიტყვაობა მეორე გამოცემისა[8]

    შედეგის მიხედვით ადვილად შეიძლება განვსაჯოთ, მეცნიერების საიმედო გზით წარიმართება თუ არა იმ ცოდნის დამუშავება, რომელიც გონების მოღვაწეობის სფეროს ეკუთვნის. თუ ის [დამუშავება] მრავალგზის მომზადებისა და აღჭურვის შემდეგ ჩიხში აღმოჩნდება, როგორც კი საქმე მიზანზე მიდგება, ანდა, ამ მიზანს რომ მიაღწიოს, იძულებულია ხშირად უკან დაბრუნდეს და ახალი გზა გაიკვლიოს; ასევე თუ შეუძლებელია სხვადასხვა თანამშრომელთა ერთსულოვნების მიღწევა იმ საკითხში, თუ როგორ განხორციელდეს საერთო მიზანი, მაშინ შეიძლება დარწმუნებული იყოთ, რომ ეს კვლევა-ძიება მეცნიერების საიმედო გზას სულაც ვერ დასდგომია და მხოლოდ ხელის ცეცებაა. ამიტომ გონების წინაშე დამსახურება იქნებოდა ეს გზა შეძლებისდაგვარად მოძებნილიყო, თუნდაც საჭირო გახდეს უსარგებლოდ გამოცხადდეს ზოგიერთი რამ, რასაც მოუფიქრებლად წინასწარ დასახული მიზანი შეიცავდა.

    ლოგიკა რომ უძველესი დროიდანვე ამ სწორ გზას დაადგა, ამას თუნდაც ის ადასტურებს, რომ არისტოტელედან მოკიდებული მას არ დასჭირვებია არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმა, თუ გაუმჯობესებად არ ჩავთვლით არც თუ აგრერიგად საჭირო წვრილმან დაზუსტებათა ჩამოცილებას ან გადმოცემის უფრო ცხად განსაზღვრას, რაც უფრო სინატიფეს უნდა მივაკუთვნოთ, ვიდრე მეცნიერების უტყუარობას. მაგრამ ისიც ფრიად საყურადღებოა, რომ ლოგიკამ დღემდე ვერც წინ გადადგა ნაბიჯი და, ამრიგად, ყოველმხრივ ჩანს, რომ იგი ჩაკეტილი და დამთავრებულია. თუ ზოგიერთი უახლესი მკვლევარი მის გაფართოებას იმით ფიქრობდა, რომ მასში ჩაურთავდა ხან ფსიქოლოგიურ თავებს შემეცნების სხვადასხვა უნართა შესახებ (წარმოსახვის უნარის, გონებამახვილობის თაობაზე), ხან მეტაფიზიკურს შემეცნების წარმოშობის ან ობიექტთა განსხვავებულობის მიხედვით უტყუარობის სხვადასხვა სახის შესახებ (იდეალიზმის, სკეპტიციზმის და სხვ.), ხან ანთროპოლოგიურს წინასწარ აკვიატებულ არასწორ მსჯელობათა შესახებ (მათ წარმომშობ მიზეზებსა და საწინააღმდეგო საშუალებებზე), ეს წარმოდგებოდა ამ მეცნიერების ნამდვილი ბუნების უცოდინარობიდან. მეცნიერებათა გავრცელება კი არა, დამახინჯებაა, როდესაც მათი საზღვრები ერთმანეთში იჭრება. ლოგიკის საზღვრები კი სრულიად ზუსტად გარკვეულია და განსაზღვრულია იმით, რომ იგი არის მეცნიერება, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს და მკაცრად ასაბუთებს ყოველგვარი აზროვნების მხოლოდ ფორმალურ წესებს (სულ ერთია, a priori-ა იგი, თუ ემპირიული, როგორი წარმოშობა ან ობიექტი აქვს, შემთხვევით დაბრკოლებებს ხვდება ჩვენს სულში, თუ ბუნებრივს). 

    ლოგიკამ რომ ეს ასე კარგად მოახერხა, ამ უპირატესობას იგი მხოლოდ თავისი საზღვრების დადგენას უნდა უმადლოდეს, რის წყალობითაც მას უფლება აქვს და ვალდებულიც არის განეყენოს შემეცნების ყველა ობიექტსა და მათ განსხვავებას. ამრიგად, მასში განსჯას საქმე აქვს მხოლოდ თავის თავთან და თავის ფორმასთან. რასაკვირველია, გონებისათვის ბევრად უფრო ძნელი უნდა ყოფილიყო გაეკვლია მეცნიერების სწორი გზა, მას რომ მარტო თავის თავთან კი არა, ობიექტებთანაც ჰქონოდა საქმე. სწორედ ამიტომ ლოგიკა როგორც პროპედევტიკა მეცნიერებათა მხოლოდ წინკარს წარმოადგენს, ხოლო როდესაც ლაპარაკია ცოდნაზე, მაშინ ლოგიკა, მართალია, წინასწარ იგულისხმება მათზე მსჯელობისათვის, მაგრამ ცოდნის შესაძენად უნდა მივმართოთ საკუთრივ და ობიექტურად ეგრეთ წოდებულ მეცნიერებებს.

    მაგრამ რამდენადაც ამ მეცნიერებებში უნდა იყოს გონება, ამდენად მასში რაღაც a priori უნდა იქნეს შემეცნებული, და მისი შემეცნება თავის საგანს ორი სახით შეიძლება მიუდგეს: ან უბრალოდ განსაზღვროს ეს საგანი და მისი ცნება (რომელიც სხვა გზით უნდა იქნეს მოცემული), ანდა იგი ნამდვილად შექმნას. პირველი არის გონების თეორიული შემეცნება, მეორე კი - პრაქტიკული შემეცნება. ორივეში წინასწარ მხოლოდ გადმოცემული უნდა იყოს წმინდა ცოდნის განყოფილება, რაც უნდა დიდი ან მცირე იყოს მისი მოცულობა, სახელდობრ ის ნაწილი, რომელშიც გონება მთლიანად a priori განსაზღვრავს თავის ობიექტს და არ შეურიოს მას ის, რაც სხვა წყაროებიდან მომდინარეობს; რამეთუ ცუდია ის მეურნეობა, სადაც ბრმად გასცემენ შემოსავალს, და, როცა მეურნეობა შეფერხდება, ვეღარ არჩევენ, თუ შემოსავლის რა ნაწილს შეუძლია დაფაროს ხარჯები და რა ხარჯები უნდა შემცირდეს.

    მათემატიკა და ფიზიკა გონების თეორიული შემეცნების ის ორი დარგია, რომლებმაც თავიანთი ობიექტები a priori უნდა განსაზღვრონ, პირველმა სრულიად წმინდად, ხოლო მეორემ ნაწილობრივ მაინც წმინდად, შემდეგ კი აგრეთვე შემეცნების სხვა, გონებისაგან განსხვავებული, წყაროების მონაცემთა თანახმად.

    მათემატიკა უძველესი დროიდან, სადამდეც კი სწვდება ადამიანის გონების ისტორია, ბერძენთა ღირსსაკვირველ ხალხში, სწორ მეცნიერულ გზას დაადგა. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ მათემატიკამ ეს საიმედო გზა ისე იოლად იპოვა ან,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1