Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

უკანასკნელი მოჰიკანი
უკანასკნელი მოჰიკანი
უკანასკნელი მოჰიკანი
Ebook1,089 pages6 hours

უკანასკნელი მოჰიკანი

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

წარმტაცი სათავაგდასავლო ისტორია, დაფუძნებული რეალურ მოვლენებზე. ფრანგებისა და ინდიელთა ომის ქარცეცხლში ბრიტანელი ოფიცრის ორი ქალიშვილი შინ დასაბრუნებლად ემზადება. მაგრამ როდესაც კორა, ალისა და მათი მცველი ჯარისკაცები გაცემულნი არიან მკვიდრი ამერიკელი მზვერავის მიერ, მათი ბედი ცბიერ მონადირე "ქორის თვალსა" და მის ორ მეგობარზე - ჩინგაჩგუკსა და უნკასზე, უკანასკნელ მოჰიკანებზეა დამოკიდებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 12, 2021
უკანასკნელი მოჰიკანი

Related to უკანასკნელი მოჰიკანი

Related ebooks

Reviews for უკანასკნელი მოჰიკანი

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    უკანასკნელი მოჰიკანი - ჯეიმს ფენიმორ კუპერი

    ჯეიმს ფენიმორ კუპერი - უკანასკნელი მოჰიკანი

    James Fenimore Cooper - The Last of the Mohicans

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის ალექსანდრე გამყრელიძეს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    თავი პირველი

    თავი მეორე

    თავი მესამე

    თავი მეოთხე

    თავი მეხუთე

    თავი მეექვსე

    თავი მეშვიდე

    თავი მერვე

    თავი მეცხრე

    თავი მეათე

    თავი მეთერთმეტე

    თავი მეთორმეტე

    თავი მეცამეტე

    თავი მეთოთხმეტე

    თავი მეთხუთმეტე

    თავი მეთექვსმეტე

    თავი მეჩვიდმეტე

    თავი მეთვრამეტე

    თავი მეცხრამეტე

    თავი მეოცე

    თავი ოცდამეერთე

    თავი ოცდამეორე

    თავი ოცდამესამე

    თავი ოცდამეოთხე

    თავი ოცდამეხუთე

    თავი ოცდამეექვსე

    თავი ოცდამეშვიდე

    თავი ოცდამერვე

    თავი ოცდამეცხრე

    თავი ოცდამეათე

    თავი ოცდამეთერთმეტე

    თავი ოცდამეთორმეტე

    თავი ოცდამეცამეტე

    შენიშვნები

    თავი პირველი

    „ყური მიმიპყრია და გულიც მზადაა,

    შენი პირით ამქვეყნიური უდიდესი

    უბედურების ამბავიც კი მოისმინოს.

    მითხარ, განა დაიღუპა ჩემი სამეფო?"

    შექსპირი, „ჰამლეტი"

    ჩრდილო ამერიკის კოლონიური ომების თავისებურება ის იყო, რომ სანამ მოწინააღმდეგენი ერთმანეთს შეებმებოდნენ სისხლისმღვრელ ბრძოლაში, უდაბური ადგილების გადალახვის ჯაფა-ფათერაკიანობა უნდა ეწვნიათ. საფრანგეთისა და ინგლისის მოქიშპე პროვინციებს ფართო, თითქმის გაუვალი, უსიერი ტევრი მიჯნავდა. გამოჯეკილი მოახალშენე და მის გვერდით მებრძოლი გაწვრთნილი ევროპელი ხშირად თვეებს ანდომებდნენ მდინარეების ჩქერებთან ჭიდილს ან კიდევ, პირქუშ მთებში გზის გაკვლევას, რათა შემთხვევა მისცემოდათ, ვაჟკაცობა უფრო მამაცურ შერკინებაში გამოეჩინათ. მაგრამ იქაურ გამოცდილ მეომრებთან ამტანობასა და თავგანწირულებაში, შეჯიბრებასა და მეტოქეობაში, მათაც ისწავლეს ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვა. ასე რომ, დადგა დრო, როცა ტყეებში თითქმის უკვე აღარ მოიპოვებოდა ისეთი მივარდნილი, ბნელი კუნჭული, ან ისეთი საიდუმლო, განმარტოებული ადგილი, სადაც ფეხი არ დაედგათ მათ, ვინც თავიანთი შურისძიების წყურვილს თუ შორეული ევროპის მეფეთა ანგარებიანი და პატივმოყვარე ზრახვების ასრულებას საკუთარ სისხლს სწირავდნენ.

    მთელ ფართო სასაზღვრო ზოლში, ვგონებ, არ უნდა იყოს კუთხე, სადაც იმდროინდელი მხეცური ომის სისასტიკესა და სიშმაგეს უფრო მკაფიო სურათებში ეჩინოს თავი, როგორც ეს იმ მიდამოებში მოხდა, რომელიც მდინარე ჰუძონის სათავეებსა და მის ახლომახლო ტბებს შორის მდებარეობს.

    მეომარი ჯარების მიმოსვლისთვის აქ ისე თვალსაჩინო ხელსაყრელი პირობები შეექმნა ბუნებას, რომ უგულებელყოფა არ შეიძლებოდა. შამპლეინის წაგრძელებული, ფართო ზოლი კანადის საზღვრიდან ღრმად იჭრებოდა მეზობელი ნიუ-იორკის პროვინციაში და მტერზე თავდასასხმელად მიმავალ ფრანგებს გასავლელი მანძილი ამ ბუნებრივი სანაოსნო გზით უნახევრდებოდათ. სამხრეთით მას ერთვოდა სხვა ტბა, რომლის წყალი ისე კამკამა იყო, რომ იეზუიტ მისიონერებს საგანგებოდ ამოერჩიათ ნათლისღების წესის აღსასრულებლად. სახელიც შესაფერისი დაერქმიათ - Saint Sacrament[1]. მაგრამ ნაკლებად ღვთისმოსავმა ინგლისელებმა ამ სპეტაკი წყლისათვის ერთობ დიდ პატივად მიიჩნიეს თავიანთი მეფე-ბატონის, ჰანოვერის დინასტიის მეორე წარმომადგენლის[2] სახელის მინიჭება. ერთი სიტყვით, ეს ორი ერი შეითქვა, რომ ამ ტყიანი მიდამოების უბირ მეპატრონეთათვის წაერთმიათ უფლება, ტბისთვის ძველებურად მისი თავდაპირველი სახელი, „ჰორიკონი[3]" ეწოდებინათ.

    უთვალავ კუნძულს შორის დაკლაკნილი და მთებით შემოსალტული „წმინდა ტბა" თორმეტიოდე ლიეზე[4] კიდევ ჩამოწეულა სამხრეთისაკენ. მაგრამ აქ მის წყალს ზეგანი ეღობება და იწყება ამდენივე მილის სიგრძის ნავსათრევი, რომელიც მგზავრს ჩაიყვანდა იმ ადგილას, სადაც დამაბრკოლებელ ჭორომებს უკვე თავდაღწეული მდინარე ნაოსნობისათვის ვარგოდა.

    თავდასხმის გაბედული გეგმის აღსრულებისას მოუსვენარმა თავგამოდებამ ფრანგებს თვით ალიგეინის[5] შორეულ, მიუვალ ხეობებშიც კი შეაბედვინა და ადვილი წარმოსადგენია, რომ მათ საარაკო გამჭრიახობას არც ჩვენ მიერ ახლახან აღწერილი კუთხის ბუნებრივი ხელსაყრელი პირობები გამოეპარებოდა. იგი მართლა გადაიქცა სისხლიან ასპარეზად, სადაც გაიმართა კიდეც კოლონიების დასაპყრობი ბრძოლების უმრავლესობა. აქ, ყველაზე მნიშვნელოვან და მოხერხებულ ადგილას, ციხესიმაგრეებს აგებდნენ, რომელთაც ხან ერთი მხარე იგდებდა ხელთ, ხან - მეორე; ხან მიწასთან გაასწორებდნენ, ხან კვლავ აღადგენდნენ, იმისდა მიხედვით, ბედი როგორ გაუღიმებდათ ან საქმის ვითარება როგორ უკარნახებდათ. მაშინ, როცა ფერმერები ძრწოლით ერიდებოდნენ სახიფათო ხეობებს და უფრო ძველ, უშიშარ ახალშენებში შეყუჟულიყვნენ, იმაზე დიდი ლაშქრები, რომელნიც ხშირად მეტროპოლიებში სკიპტრათა ბედ-იღბალს განაგებდნენ, ამ უღრან ტყეებს მიაშურებდნენ და იქიდან მხოლოდ გუნდ-გუნდად დაქსაქსულნიღა გამოდიოდნენ გასაჭირისაგან ქანცმიხდილნი ან კიდევ დამარცხებისგან სასოწარკვეთილნი.

    ეს საბედისწერო კუთხე დიდხანს უკაცრიელი იყო, მაგრამ ამჟამად მისი ტყეები ადამიანებს გამოეცოცხლებინათ. იქაურ ახოებსა და ხევებში გუგუნებდა საომარი მუსიკა და მთების გამოძახილი იმეორებდა სიცილს ან მრავალი მამაცი და გულოვანი ჭაბუკის სასოწარკვეთილ კივილს, როცა ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსენი დავიწყების უსაზღვრო წყვდიადში მისაძინებლად მიიჩქაროდნენ.

    ბრძოლისა და სისხლისღვრის ამ ასპარეზზე დატრიალდა ის ამბები, ჩვენ რომ მოყოლას ვაპირებთ. ეს მოხდა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ბოლო დროს ამტყდარი ომის მესამე წელს და ეს ომი ხომ იმ ქვეყანაზე ბატონობისათვის გაიმართა, რომლის ხელში ჩაგდება, საბედნიეროდ, არც ერთს ეწერა და არც მეორეს.

    უცხოეთში სარდალთა უნიათობამ, ხოლო შინ გამჭრიახ მრჩეველთა საბედისწერო ნაკლებობამ დიდი ბრიტანეთი ჩამოაქვეითა დიდების იმ ზვიადი მწვერვალებიდან, რომელზედაც მანამდე აეყვანა იგი მისი ძველი მეომრებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ნიჭსა და გამჭრიახობას. რაკი მტრის შიში აღარ ჰქონდათ, მის ქვეშევრდომებს სწრაფად ეკარგებოდათ საკუთარი ღირსებისა და პატივის მადლიანი გრძნობა. მართალია, მოახალშენეებს იოტისოდენადაც არ ედოთ წილი უნიათობაში და თანაც იმდენად მორჩილნი და საბრალონი იყვნენ, რომ მათი შეცდომების ხელშემწყობნიც ვერ იქნებოდნენ, მაგრამ ამ სავალალო დამდაბლებაში ისინიც მათი ბედის ბუნებრივი მონაწილენი შეიქნენ. კოლონისტებმა ახლახან იხილეს რჩეული ლაშქარი, ჩამოსული იმ ქვეყნიდან, რომელსაც ეთაყვანებოდნენ, როგორც სამშობლოს და გულუბრყვილოდ სჯეროდათ მისი უძლეველობის. იხილეს ლაშქარი, რომელსაც ნაცად მეომართა გუნდში საგანგებოდ ამორჩეული მხედართმთავარი[6] სარდლობდა და რომელსაც ერთმა მუჭა ფრანგებმა და ინდიელებმა სამარცხვინოდ ასროლინეს კუდით ქვა და სრულიად მოსპობას მხოლოდ იმ ვირჯინიელი ყრმის საზრიანობამ და გულოვნებამ გადაარჩინა, რომლის დავაჟკაცების დროინდელი დიდების სახელი შემდეგ ჭეშმარიტად ქვეყნიერების უკიდურეს კუნჭულებსაც კი მისწვდა. ამ მოულოდნელმა მარცხმა საზღვრის ფართო ნაწილი გააშიშვლა და სანამ ნამდვილ უბედურებას იწვნევდნენ, უამრავი ზღაპრული და მოჭორილი ხიფათი წარმოუდგათ თვალწინ. შეშფოთებული კოლონისტები დარწმუნებული იყვნენ, რომ დასავლეთის უნაპირო ტევრებიდან მობერილი ქარის ყოველ მძაფრ ზუზუნს ველურების კივილიც თან ერთვოდა. ულმობელი მტრების შემაძრწუნებელი სახელი უზომოდ ადიდებდა ომიანობისათვის ისედაც ჩვეულ ძრწოლას. ცოტა ხნის წინანდელი ხოცვა-ჟლეტა ჯერ კიდევ არ დავიწყებოდათ. თანაც არავინ მოიძებნებოდა სოფლებში ისე ყრუ, რომ სულწასულად არ მოესმინა ღამით მომხდარი საზარელი მკვლელობის ამბავი, რომლის მთავარი და სასტიკი მოქმედი პირნი ტყის მცხოვრებნი იყვნენ. როცა გულუბრყვილო, ადვილად დამჯერი და აღგზნებული მგზავრი უღრანი ტყის ფათერაკებს ჰყვებოდა, ჯაბნებს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებოდათ, ხოლო დედები შეშფოთებით გადაავლებდნენ ხოლმე თვალს თვით იმ ბავშვებსაც კი, რომელთაც დიდრონი ქალაქების ჭერქვეშ ტკბილად ეძინათ. ერთი სიტყვით, შიშის თანდათანობით უფრო და უფრო გაზვიადებულმა გავლენამ გონების ყოველ საღ მოსაზრებას გაბათილება დაუწყო და ისინი, ვინც თვითონ იყვნენ მოვალენი, მხნეობა მოეკრიბათ, უმდაბლესი გრძნობის მონებად აქცია. თვით ყველაზე უფრო მტკიცეებსაც და გულმაგრებსაც შეეპარათ ეჭვი ომის ბედში და ეს საზიზღარი, მდაბიო დასი საათობით მრავლდებოდა იმ ხალხით, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ: ინგლისის მთელი ამერიკული სამფლობელოები ან ფრანგებს ჩაუვარდებათ ხელში, ანდა მათი შეუბრალებელი მოკავშირეების თავდასხმებით გაპარტახდებაო.

    ამიტომ, როდესაც მდინარე ჰუძონსა და ტბებს შორის მდებარე ნავსათრევის[7] სამხრეთ ნაწილის დასაცავად აგებულ ციხესიმაგრეში ამბავი მოვიდა, მონკალმი[8] გამოჩნდა და ტყის ფოთოლზე უმრავლესი ჯარით შამპლეინს მოჰყვებაო, ჭეშმარიტი ცნობა უფრო მშვიდობისმოყვარეთა ლაჩრული უღიმღამობით მიიღეს, ვიდრე იმ მკაცრი სიხარულით, რომელსაც მეომარი უნდა გრძნობდეს, როცა მტერი ისე უახლოვდება, რომ უკვე ხელის მიწვდენა შეუძლია. ეს ამბავი ინდიელმა მალემსრბოლმა მოიტანა შუა ზაფხულის ერთ საღამოს და თან მოაყოლა „წმინდა ტბის" ნაპირის ციხესიმაგრის უფროსის, მანროს დაბეჯითებული თხოვნა, სასწრაფოდ დიდი ჯარი მოგვაშველეთო. უკვე მოგახსენეთ, რომ ამ ორ ციხესიმაგრეს შორის მანძილი ხუთი ლიეც არ იქნებოდა. თავდაპირველად, მათი შემაერთებელი ძნელსავალი ბილიკი შემდეგში საურმე გზად გადააკეთეს, ასე რომ, ტყის შვილისაგან ორ საათში გამოვლილი მანძილი სათანადო აღალიან რაზმსაც იოლად შეეძლო გადაელახა ზაფხულის მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. ბრიტანეთის ტახტის ერთგულ ქვეშევრდომებს ტყის ერთი ამ სიმაგრისათვის უილიამ ჰენრი ეწოდებინათ, მეორისთვის კი - ედუარდის ციხე; ორივე მოენათლათ მმართველი დინასტიის გამოჩენილი უფლისწულების[9] სახელით. სწორედ ახლახან მოხსენიებული ძველი, გამობრძმედილი შოტლანდიელი მეომარი უილიამ-ჰენრიში იდგა. თან ჰყავდა რეგულარული ჯარის ერთი ლეგიონი და მცირეოდენი მოახალშენენი. ეს რაზმი იმდენად მცირერიცხოვანი იყო, რომ ვერ გაუმკლავდებოდა მონკალმის მრისხანე არმიას, რომელიც ამ ციხესიმაგრის მიწაყრილებს უნდა მოსდგომოდა. მეორე ციხესიმაგრეში კი იდგა ხუთი ათასზე მეტი კაცით გენერალი უები, რომელიც ინგლისის ჯარებს სარდლობდა ჩრდილოეთ პროვინციებში. თავისი ხელქვეითი სხვადასხვა რაზმისათვის რომ თავი მოეყარა, შეეძლო თითქმის ორჯერ მეტი მებრძოლი შეეკრიბა გამბედავ ფრანგებთან საბრძოლველად, რომელიც გაკადნიერდა და არცთუ ისე მრავალრიცხოვანი ჯარით, თავის მაშველ ძალებს მოწყვეტილი, ასე შორს შემოიჭრა.

    მაგრამ ისე გასტეხოდათ გული, რომ წინამძღოლებმაც და ჯარისკაცებმაც ამჯობინეს, მრისხანე მტერს თავიანთ სიმაგრეებში დალოდებოდნენ, ვიდრე მალევე გადაღობებოდნენ წინ, დაეჩრდილათ ფორტ-დიუკენთან[10] ფრანგების იღბლიანი ბრძოლის მაგალითი და გზაშივე დასხმოდნენ მათ თავს.

    როცა მოულოდნელი ამბის გაგების შემდეგ ცოტა მინელდა ჩოჩქოლი, სანგრებით შემოსალტულ ბანაკში, რომელიც ჰუძონის კიდეზე გაჭიმულიყო და მთავარი ციხის მოწინავე სიმაგრეების ჯაჭვს წარმოადგენდა, მითქმა-მოთქმა ატყდა: განთიადისას ათას ხუთასი რჩეული მეომრისაგან შემდგარი რაზმი უნდა გაემგზავროს ნავსათრევის ჩრდილოეთით მდგარი ციხესიმაგრე უილიამ-ჰენრისკენო. თავდაპირველი უბრალო მითქმა-მოთქმა მალე ჭეშმარიტებად იქცა, რადგან შტაბიდან უკვე ბრძანება მოუვიდა საამისოდ შერჩეულ რამდენიმე რაზმს, სასწრაფოდ მოემზადეთ სალაშქროდო. ყოველი ეჭვი უების განზრახვის თაობაზე ახლა გაქრა და ერთ-ორ საათს დიდმა ფაციფუცმა და ღელვამ დაისადგურა ბანაკში. ომში ჯერ კიდევ გამოუცდელი ახალბედა ჯარისკაცი ღობე-ყორეს ედებოდა, საკუთარ სამზადისს თავისივე მძაფრი და უთავბოლო გულმოდგინების სიჭარბით აბრკოლებდა; ხოლო ნაცადი მოლაშქრე ისეთი წინდახედულობითა და სიდინჯით ემზადებოდა, რომ აჩქარების ნასახიც არ ეტყობოდა, თუმცა მის საზრიან, ფხიზელ სახეს და შეფიქრიანებულ თვალებს ემჩნეოდა, რომ მაინცდამაინც არ მიუწევდა გული უდაბურ ადგილებში უჩვეულო ძრწოლისმომგვრელი ბრძოლისაკენ. დაბოლოს, შარავანდმოსილი მზე ჩაესვენა დასავლეთის შორეულ მთაგრეხილებს იქით და როგორც კი წყვდიადმა თავისი ზეწარი გადააფარა იქაურობას, მზადების ხმაურიც მიწყდა. უკანასკნელი შუქი გაქრა რომელიღაც ოფიცრის ქოხში. მაღალმა ხეებმა მუქ ჩრდილებში გაახვია სანგრები, მოდუდუნე მდინარე და მალე ბანაკში ისეთივე ღრმა დუმილი ჩამოწვა, როგორიც მის ირგვლივ გადაშლილ თვალუწვდენელ ტევრში სუფევდა.

    წინაღამინდელი ბრძანების თანახმად, ჯარის ღრმა ძილი საგანგაშო დაფების გრიალმა დაარღვია. მათი გუგუნა გამოძახილი დილის ნოტიო ტყეში ყოველი ახოდან და კუნჭულიდან გაისმა, როგორც კი ბანაკის გარშემო მდგარი ხშირტოტებიანი მაღალი ფიჭვების კონტურები გამოისახა დილის რიჟრაჟით გაშუქებულ სუფთა და უღრუბლო კაბადონზე. თვალის დახამხამებაში მთელი ბანაკი ფეხზე დადგა. ყველაზე უვარგისმა ჯარისკაცმაც დათმო ძილი, რათა ამხანაგების გალაშქრებას დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო საერთო მღელვარებასა და ჩოჩქოლში. რჩეული რაზმის სახელდახელო სამზადისი მალე დამთავრდა. მეფის რეგულარულმა და გაწვრთნილმა ნაქირავებმა ჯარისკაცებმა თავმომწონე სიფიცხით დაიჭირეს მარჯვენა ფრთა, ხოლო უფრო თავმდაბალმა მოახალშენეებმა მშვიდად და მორჩილად დაიკავეს მარცხენა. მზვერავები უკვე დაწინაურდნენ. ბარგით მძიმედ დატვირთულ, აჭრიალებულ ურმებს თავსა და ბოლოში ძლიერი ბადრაგა მიჰყვებოდა. სანამ განთიადის მტრედისფერი სინათლე ამომავალი მზის სხივებით შეიფერებოდა, მოლაშქრეთა მთავარი რაზმი დაიძრა და ზვიადი მხედრული იერით გასცდა ბანაკს. ამ სანახაობამ ხელი შეუწყო ბევრ გამოუცდელ ჯარისკაცს, ვისთვისაც ეს ომი პირველი შემთხვევა იყო, გულის კუნჭულში ჩაბუდებული ავი წინათგრძნობა დაეთრგუნა. ვიდრე ნაღარების ხმა მიწყდებოდა, აღტაცებული ამხანაგები, სადამდეც კი მიუწვდებოდათ თვალი, იმავე გოროზ რიგებსა და მწყობრ დასტებს ხედავდნენ. ტევრმა თითქოს ბოლოს ჩაყლაპა ეს ცოცხალი მასა, რომელიც ნელ-ნელა შთაინთქა მის წიაღში.

    მიმავალი, გაუჩინარებული რაზმის აღარავითარი ხმა აღარ მოჰქონდა სიოს, უკანასკნელი შეგვიანებული მებრძოლიც უკვე მიიმალა, მაგრამ ჯერ კიდევ ჩანდა სხვა სამგზავრო სამზადისის ნიშნები უჩვეულოდ დიდი და კარგად გამართული ძელური ქოხის წინ. ძელურს ის გუშაგები უვლიდნენ გარს, რომლებიც ინგლისელი სარდლის მცველებად იყვნენ ცნობილნი. ამ ადგილას იდგა ექვსიოდე შეკაზმული ცხენი, რომელთაგან ორი მაინც მანდილოსნებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი; თანაც ასეთი მანდილოსნების ხილვა არცთუ ისე ჩვეულებრივი ამბავი უნდა ყოფილიყო ამ მიყრუებულ, უდაბურ კუთხეში. მესამე ცხენი ოფიცრის აღკაზმულობითა და იარაღით იყო მორთული, ხოლო დანარჩენებს ლაგამ-უნაგირსა და საპალნეებზე ეტყობოდათ, მხლებლებისა იყვნენ და მათი პატრონები მხოლოდ მეთაურების თითის დაქნევასღა ელოდნენ, რომ ცხენებზე შემსხდარიყვნენ. ამ უჩვეულო სანახაობიდან საკმაოდ მოშორებით ცნობისმოყვარე უქნარათა ჯგუფები შეყრილიყვნენ. ზოგი ოფიცრის ერთობ ფიცხი ბედაურის კეთილშობილ აღნაგობას შეხაროდა, სხვები ხეპრული ცნობისმოყვარეობითა და ბრიყვული გაკვირვებით უჭვრეტდნენ სამზადისს. მაგრამ მაყურებელთა შორის იდგა ერთი კაცი, რომელსაც ქცევის მანერები და აღნაგობა ყველასგან გამოარჩევდა, ვინაიდან არც უსაქმური ჩანდა და არც ძალიან უბირი. მის აღნაგობას მახინჯი არ ეთქმოდა, მაგრამ საოცრად უგერგილო ჩანდა. როცა იდგა, ყველას აღემატებოდა სიმაღლით, ხოლო დამჯდარი ჩვეულებრივი კაცის დონემდე დაბლდებოდა. თავი დიდი ჰქონდა, ბეჭები - ვიწრო, მკლავები - გრძელი და აქეთ-იქით ულაზათოდ მოქანავე, ხოლო ხელის მტევნები - პატარა და თითქოს ნატიფიც. ფეხები და ბარძაყები წვრილი, თითქმის უხორცო, მაგრამ არაჩვეულებრივი სიგრძისა და მისი მუხლებიც ვეებერთელად მოეჩვენებოდა კაცს, რომ არ გადაეჭარბებინა უფრო უშველებელ ტერფებს, რომლებზედაც ადამიანის მოდგმის ეს უსწორმასწოროდ აჩონჩხილი უცნაური არსება იყო დაფუძნებული. უგვანად და უთავბოლოდ შეხამებული ტანსაცმელი მხოლოდ მისი ულაზათობის კიდევ უფრო აშკარად წარმოჩენას უწყობდა ხელს: ცისფერი, მოკლე, ფართოკალთიანი და დაბალსაყელოიანი ქურთუკი ბოროტად განწყობილთათვის სასტიკად გასაკილავად აჩენდა მის გრძელ, წვრილ კისერსა და კიდევ უფრო გრძელსა და წვრილ ფეხებს. შარვალი ყვითელი ნაშურის ქსოვილისა ეცვა, მჭიდროდ შემოსხეპილი და ხმარებისაგან გვარიანად ფერშეცვლილი თეთრი ბაფთის დიდრონი ნასკვებით მუხლებთან დამაგრებული. ბამბის რუხი წინდები და წაღები, რომელთაგან ერთზე მოვერცხლილი დეზები ეკეთა, აბოლოებდა ამ კაცის ჩაცმულობას. მისი სხეულის არც ერთი მრუდი ნაკვთი, არც ერთი ნაწილი არ იყო დაფარული; პირიქით, პატრონის პატივმოყვარეობის თუ მიამიტობის წყალობით საგანგებოდ გახლდათ წარმოჩენილი. გახუნებული, ჭუჭყიანი, ვერცხლის სირმით შემკული და ორნამენტებიანი აბრეშუმის ჟილეტის დიდრონი ჯიბიდან ამოსჩროდა უცნაური ხელსაწყო, რომელიც (რაკი ასე საომრად გამზადებულ ხალხში ჩანდა) ადვილად ეგონებოდა კაცს რაიმე ავბედითი და უცნაური საომარი იარაღი.

    ეს მომცრო, უჩვეულო ხელსაწყო ბანაკში მყოფ ევროპელთა უმრავლესობის დიდ ცნობისმოყვარეობას იწვევდა, თუმცა ბევრი მოახალშენე ხელსაც შეავლებდა ხოლმე მას არა მარტო უშიშრად, არამედ ძალიან შინაურულადაც. ამ კაცს, ოცდაათიოდე წლის წინ მღვდლები რომ ატარებდნენ, ისეთი უშველებელი სამკუთხა ქუდი ეხურა. იგი ღირსებას მატებდა მის გულკეთილსა და ოდნავ გამოთაყვანებულ გამომეტყველებას, რომელსაც თითქოს ესაჭიროებოდა კიდეც ასეთი ხელოვნური დახმარება, რათა მისდამი მინდობილი ერთგვარი მაღალი და უჩვეულო პატივი დარბაისლურად დაეცვა.

    მოსეირენი გენერალ უების სამყოფლის წმინდა საზღვრების რიდით სამგზავროდ გამზადებული ჯგუფისაგან მოშორებით იდგნენ, ახლახან ჩვენ მიერ აღწერილ მამაკაცს კი ცხენებთან მომლოდინე შინამოსამსახურეთა შუაგულში ამოეყო თავი და ხმამაღლა აქებდა ან აძაგებდა ცხენებს, იმისდა მიხედვით, რომელი მოსდიოდა თვალში და რომელი არა.

    - ეს ცხენი, ძმობილო, მგონი, ჩვენებური არ უნდა იყოს - უცხოურია; შეიძლება თვით ოკეანისიქითა პატარა კუნძულიდანაც იყოს! - ამბობდა ისეთი ხმით, რომელიც ისევე შესანიშნავი იყო თავისი სინაზითა და სიტკბოთი, როგორიც მისი აღნაგობა - უცნაური პროპორციებით, - ტრაბახში არ ჩამომართვათ და ეს საქმე კარგად ვიცი, რადგან ორივე ნავსადგურში ვყოფილვარ: იმაშიაც, თემზის შესართავში რომ დგას და რომელსაც ძველი ინგლისის სატახტო ქალაქის[11] მიხედვით შეარქვეს სახელი, და იმაშიაც, „ნავსადგურს რომ ეძახიან და თან „ახალსაც რომ უმატებენ. მინახავს ორანძიანი ხომალდები[12], კუნძულ იამაიკაზე გასაცვლელად პირუტყვს რომ სხამდნენ შიგ, თითქოს კიდობანიაო[13]. მაგრამ ჯერ არასოდეს შემხვედრია ასეთი ცხენი, საღვთო წერილში აღწერილ ჭეშმარიტ საომარ ტაიჭს ასე ძალიან რომ შეესაბამება: „იგი ტორს სცემს ხეობაში და ხარობს, ღონე რომ ერჩის; იგი მიილტვის შეაბჯრული ხალხისაკენ. „ბუკების ტკრციალში ამოუშვებს ხვიხვინს და შორიდან გრძნობს ბრძოლის სუნს, სარდალთა გრგვინვასა და ყიჟინას. კაცს ეგონება, ისრაელის იმ ცხენის ჯილაგმა ამ ჩვენს დრომდე მოაღწიაო, არა, მეგობარო?

    რაკი არავინ გამოეპასუხა ამ უცნაურ კითხვას, რომელიც მაღალი, მჟღერი ხმის მთელი სიმძლავრით ითქვა და ჭეშმარიტად ღირსიც იყო გამოხმაურებისა, საღვთო წერილის ენით მოღაღადე მიუბრუნდა იმ მდუმარე პიროვნებას, ვისაც უცაბედად მიმართა და თვალწინ წარმოუდგა კიდევ უფრო მეტად გასაკვირი ახალი საგანი: მის თვალწინ იდგა უძრავი, სწორი და გაჯგიმული ფიგურა ინდიელი მალემსრბოლისა, რომელმაც წინა საღამოს უსიამოვნო ამბავი მოიტანა ბანაკში. იგი სრულიად წყნარად იდგა და დამახასიათებელი თავშეკავებულობით აინუნშიაც არ მოსდიოდა მის გარშემო ფუსფუსი და ფაციფუცი. მაგრამ ველურის სიმშვიდეში რაღაც პირქუში სისასტიკეც იყო შერეული, რასაც, ალბათ, ყურადღებას მიაპყრობდა კიდეც იმაზე უფრო მეტად გამოცდილი თვალის პატრონი, ვიდრე იმ თვალების პატრონი ბრძანდებოდა, რომელიც ახლა დაუფარავი განცვიფრებით ათვალიერებდა მას თავიდან ფეხებამდე. ინდიელს თავისი ტომის ტომაჰავკიც ჰქონდა და დანაც, მაგრამ მეომარს მაინც არა ჰგავდა. პირიქით, მის გარეგნობაში დაუდევრობაც გამოსჭვიოდა, რომელიც სჩვევია ახლახან დიდ ჯაფაგამოვლილს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუცლია საკუთარი თავის მოსავლელად. საომარი მოხატულობის საღებავის ფერები მუქად აზელილიყო ერთმანეთში და მის პირქუშ სახესა და ისედაც ჩაშავებულ იერს უნებურად იმაზე მეტ შმაგსა და ამაზრზენ გამომეტყველებას ანიჭებდა, ვიდრე ხელოვნური მოხატვით იქნებოდა შესაძლებელი. მხოლოდ მისი თვალები, ჩამოწოლილ ღრუბლებში მოკიაფე ვარსკვლავებივით ელვარე, ბუნებრივ სისასტიკეს ასხივებდნენ. ერთი წუთით გამომცდელი და ფრთხილი თვალი დააშტერა მის განცვიფრებულ მჭვრეტელს, ხოლო მერე ნაწილობრივ მზაკვრობით, ნაწილობრივ კი ზიზღით მოარიდა მზერა და თითქოს შორეულ სივრცეს ჩააკვირდა.

    ძნელი სათქმელია, აყლაყუდა თეთრი კაცის რა მოულოდნელ შენიშვნას გამოიწვევდა ამ ორი უცნაური ადამიანის მოკლე და მდუმარე დაახლოება, რომ მისი გაუმაძღარი ცნობისმოყვარეობა ახლა სხვა საგნებს არ მიეზიდა. მსახურების ერთბაშად აფუსფუსებასა და ჩურჩულით ლაპარაკის გაგონებაზე ცხადი გახდა, რომ ისინი მოდიოდნენ, ვისაც ელოდნენ. საომარი ტაიჭის მიამიტმა მოთაყვანემ მყის უკან დაიხია დაბალი, გახრეკილი, კუდგამოსკვნილი ჭაკისკენ, რომელიც იქვე მშვიდად წიწკნიდა ბანაკის გადამჭკნარ ბალახს. იგი ცალი იდაყვით დაეყრდნო ქეჩას, უნაგირის მოვალეობას რომ ასრულებდა, და დაუწყო ცქერა მგზავრებს. ამასობაში კი იმავე პირუტყვს მეორე მხრიდან კვიცი მოსდგომოდა და წყნარად შეექცეოდა დილის საუზმეს.

    ოფიცრისმუნდირიანმა ჭაბუკმა ცხენებთან მოიყვანა ორი მანდილოსანი, რომელნიც, როგორც ჩაცმულობაზე ეტყობოდათ, გამზადებულნი იყვნენ ტყეში მოგზაურობის ასატანად. ერთს, უფრო ნორჩი შესახედაობის ყმაწვილ ქალს, თუმცა კი ორივენი ახალგაზრდები იყვნენ, სახეზე მშვენიერი ოქროსფერი თმა და ლურჯი ჟუჟუნა თვალები გამოუჩნდა, როცა უეცრად დილის სიომ დაჰქროლა და ქუდზე გადმოშვებული მწვანე ვუალი აუფრიალა. მისი ღაწვების ელვარებას ფიჭვების კენწეროების ზემოთ, დასავლეთის ცაზე მოკიაფე ვარდისფერიც ვერ შეედრებოდა ბრწყინვალებითა და სინატიფით. არცთუ აისი იქნებოდა ისე ხალისიანი, როგორც მისი გულითადი ღიმილი იყო, უნაგირზე შეჯდომაში მშველელ ჭაბუკს რომ უძღვნა. მეორე ქალი, რომელსაც, როგორც ჩანდა, ასევე თავაზიანად ეპყრობოდა ახალგაზრდა ოფიცერი, გულმოდგინედ იფარავდა თავის სილამაზეს ჯარისკაცთა თვალთაგან, რაც უფრო შეესაბამებოდა ოთხი-ხუთი წლით უფროსის წინდახედულობას. მართლაც ეტყობოდა, რომ იგი - ისევე ნატიფი და უნაკლო აღნაგობისა, რომლის ვერც ერთი მოხდენილი ნაკვთი ვერ დაეჩრდილა საცხენოსნო კაბას - უფრო სრული და მოწიფული გახლდათ, ვიდრე მისი თანამგზავრი.

    როგორც კი მანდილოსნები ცხენებზე შესხდნენ, მყის მათი მხლებელი ჭაბუკიც მოახტა ტაიჭს. სამივემ თავი დაუკრა უებს, რომელიც თავისი ჯიხურის ზღურბლზე თავაზიანად ელოდა მათ წასვლას, მხედრებმა მოატრიალეს ცხენები და ამალის თანხლებით თოხარიკით გაემართნენ ბანაკის ჩრდილოეთ გასასვლელისაკენ. სანამ ამ მოკლე მანძილს გაივლიდნენ, კრინტი არავის დაუძრავს, ოღონდ მსუბუქი შეკივლება კი წამოსცდა უმცროს ქალიშვილს, როცა ანაზდად ინდიელმა მალემსრბოლმა ნიავივით ჩაუქროლა გვერდით, მგზავრებს სათავეში ჩაუდგა და გეზი სამხედრო გზისაკენ აიღო. ინდიელის მოულოდნელ და შემაკრთობელ გამოხდომაზე ხმა არ ამოუღია მეორე დას, მაგრამ გაოცებისაგან ხელი გაუშვა ვუალის კიდეს და გამოუჩნდა სახე, რომელზედაც გამოუთქმელი სიბრალული, აღტაცება და ძრწოლა გამოხატოდა, როცა თავის შავ თვალებს ადევნებდა ველურის სხარტ მოძრაობას. უფროს დას ყორნის ფრთასავით შავი და მბზინვარე თმა ჰქონდა. მზემოუკიდებელი პირისკანი ვარდისფრად უღვიოდა, სიტლანქის ნატამალსაც კი ვერ შენიშნავდით. ერთობ ნატიფი, სწორი, ამაყი და საოცრად ლამაზი სახე ჰქონდა. მას გაეღიმა. გეგონებოდათ, ამ წუთიერ თავდავიწყებას ნანობსო და ისეთი ქათქათა კბილების წყება გამოუჩნდა, რომ მათი თვალისმომჭრელი სითეთრე უსპეტაკეს სპილოს ძვალსაც გაახუნებდა. ვუალი რომ გაისწორა, თავი დახარა და დუმილით განაგრძო გზა - ეტყობოდა, ფიქრმა შორს გაიტაცა.

    თავი მეორე

    „ჰეი, ჰეი!.. სადა ხართ? ჰეი!"

    შექსპირი, „ვენეციელი ვაჭარი"

    ერთი მშვენიერი ქალწული, რომელიც ასე უცნაურად წარმოვუდგინეთ მკითხველს, ფიქრში გაერთო, მეორე კი მალე მოვიდა გუნებაზე იმ მცირე შეშფოთების შემდეგ, რამაც მისი შეკივლება გამოიწვია; სიცილი აუტყდა, ასეთი სისუსტე რატომ გამოვიჩინეო, და კეკლუცად ჰკითხა გვერდით მომავალ ახალგაზრდას:

    - ასეთი მოჩვენებები ხშირია ტყეში, ჰეიუარდ, თუ ეს სანახაობა საგანგებოდ ჩვენს შესაქცევად არის ნაბრძანები? თუ ჩვენს შესაქცევად არის, მადლიერების გრძნობა პირებს დაგვიხშობს, მაგრამ თუ პირველი ვარაუდი სწორია, ორივეს, კორასაც და მეც, იმ ჩვენი მამაპაპური მხნეობის მარაგის ხშირად გამოყენება დაგვჭირდება, რომლითაც ვტრაბახობთ და სწორედ მანამდე შემოგვეხარჯება, სანამ მრისხანე მონკალმს შევხვდებით.

    - ეგ ინდიელი ჩვენი ჯარის მალემსრბოლია და თავისი ხალხის ჩვეულების მიხედვით გმირადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, - მიუგო ახალგაზრდა ოფიცერმა, - მან იკისრა ნაკლებად ცნობილი ბილიკით ტბასთან ჩვენი უფრო ადრე ჩაყვანა, ვიდრე მოლაშქრე რაზმთან ზოზინით მოვახერხებთ და თანაც ეს გზა უფრო საამურიცაა.

    - რაღაც არ მომწონს, - თქვა ქალმა შეკრთომით, რომელიც ნაწილობრივ მოჩვენებითი თუ ნაძალადევი, უფრო კი ნამდვილი შიშით იყო გამოწვეული, - თქვენ, ალბათ, იცნობთ, დუნკან, თორემ დაუფიქრებლად ხომ არ ანდობდით თავს?

    - სჯობია თქვათ, ალისა, რომ თქვენს თავს არ ვანდობდი, მით უმეტეს, ამ დროს! ამბობენ, ესეც კანადელიაო, ოღონდ ჩვენს მეგობრებთან, მოჰაუკებთან მსახურობდა, რომელნიც, მოგეხსენებათ, ექვსი მოკავშირე ერის ჯგუფს ეკუთვნიან. როგორც გამიგონია, ჩვენში რაღაც უცნაური შემთხვევის წყალობით მოხვდა, რაშიაც მამაშენსაც ედო წილი და რისთვისაც ეს ველური მკაცრად დასაჯეს. მაგრამ დამავიწყდა კიდეც ეს უთავბოლო ამბავი. რაც მთავარია, ახლა უკვე ჩვენი მეგობარია.

    - თუ ეგ მამაჩემის მტერი იყო, მაშ, კიდევ უფრო მძულს! - შესძახა ახლა კი მართლაც შეშფოთებულმა ქალიშვილმა, - ვერ გამოელაპარაკებით, მაიორო ჰეიუარდ, რომ მისი ხმა გავიგონო? იქნებ სისულელე იყოს, მაგრამ ხომ იცით, როგორ მჯერა ადამიანის ხმისა?

    - ტყუილი გარჯა იქნება. უეჭველია, მხოლოდ რაიმე შეძახილით თუ მიპასუხებს. თუმცა შეიძლება გაიგოს კიდეც, მაგრამ თავისი ხალხის უმრავლესობის მსგავსად ისე აჩვენებს თავს, თითქოს ინგლისური არ ესმის და ყველაზე ნაკლებად ხომ ახლა მოინებებს პირის გაღებას სალაპარაკოდ, როცა ომია და ეს მისგან უაღრეს თავდაჭერასა და ღირსების დაცვას მოითხოვს. მაგრამ, აი, შედგა - ალბათ, ჩვენს საიდუმლო ბილიკს უკვე მივადექით.

    მაიორ ჰეიუარდის ვარაუდი გამართლდა. როცა ინდიელთან მიაღწიეს, მან ანიშნა სამხედრო გზის გასწვრივ გაყოლებულ ბუჩქნარზე. იქ ვიწრო და ოდნავ შესამჩნევი ბილიკი მოჩანდა, რომელზედაც ერთი კაცი გაჭირვებით თუ გაივლიდა.

    - მაშ, ეს ყოფილა ჩვენი გზა, - თქვა ახალგაზრდამ, - ნუ აგრძნობინებთ, რომ ყოყმანობთ, თორემ სწორედ ამით დავიტეხთ თავზე ხიფათს, რომლისაც ასე გეშინიათ.

    - კორა, როგორ გგონია, - მიუბრუნდა უფროს დას შეყოყმანებული ქერა ქალიშვილი, - რაზმთან ერთად რომ ვიმგზავროთ, უფრო უშიშრად არ ვიგრძნობთ თავს, თუნდაც მოსაწყენადაც მოგვეჩვენოს მათთან ყოფნა?

    - ალისა, თქვენ ცუდად იცნობთ ველურთა ჩვეულებებსა და ჩვევებს, ამიტომაც არ იცით, რომელი ადგილია სახიფათო, - უთხრა ჰეიუარდმა, - თუ მტერმა ნავსათრევს მიაღწია, რაც სულაც არ არის მოსალოდნელი, რადგან ჩვენ მზვერავები დაგზავნილი გვყავს, მაშინ ისინი უსათუოდ მოლაშქრე რაზმის გარშემო იტრიალებენ, სადაც უფრო მეტი სკალპის[14] შოვნა შეუძლიათ. რაზმის სვლის გეზი ცნობილია, ჩვენი გზა კი ჯერჯერობით საიდუმლოა, რადგან მას სულ რაღაც ერთი საათის წინ დავადექით.

    - განა მხოლოდ იმიტომ არ უნდა ვენდოთ კაცს, რომ მისი ქცევა ჩვენსას არ ჰგავს და სახის კანითაც ჩვენზე შავგვრემანია? - ცივად იკითხა კორამ.

    ალისამ ყოყმანი დასძლია. გადაუჭირა მათრახი თავის ნარაგანზეტ ცხენს[15], პირველმა გადასწია აქეთ-იქით ტოტები და გაჰყვა ჩაბნელებულ-ჩახლართული ბილიკით მიმავალ მალემსრბოლს. ჭაბუკმა დაუფარავი აღტაცებით შეხედა კორას და არც კი შეუნიშნავს, რომ მისი უფრო ლამაზი, თუმცა ნამდვილად არა იმაზე მშვენიერი თანამგზავრი უთანმხლებლოდ წაუვიდა, მაშინ, როცა კორას თვითონ ბეჯითად გაუკაფა გზა.

    ჩანდა, მხლებლებს წინასწარვე ნაბრძანები ჰქონდათ და ბუჩქნარში შებრუნების ნაცვლად მოლაშქრე რაზმის კვალს გაჰყვნენ. ჰეიუარდის მტკიცებით, ეს მათი მეგზურის გამჭრიახობის ნაყოფი იყო, რათა ამით შეემცირებინათ და შეესუსტებინათ თავიანთი ნაკვალევი, თუ შემთხვევით კანადელი ველურები ასე შორს იქნებოდნენ წამოსულნი ჩასასაფრებლად. დახლართული გზა კარგა ხანს ბაასის გაგრძელების საშუალებასაც არ იძლეოდა. მერე თავი დააღწიეს სქელი ბუჩქნარის ფართო ზოლს და შევიდნენ მაღალი, ჩაბნელებული ტევრის თაღებქვეშ. აქ უკვე გზა იმდენად აღარ აბრკოლებდათ და როგორც კი მეგზურმა შენიშნა, ქალებს ახლა იოლად შეუძლიათ მართონ ცხენებიო, ფეხს აუჩქარა და კორა და ალისაც იძულებული შეიქნენ, თავიანთი მუხლმაგარი და უცნაური ცხენებით თოხარიკით მიჰყოლოდნენ უკან. ჰეიუარდმა თავი მოაბრუნა და ის-ის იყო, შავთვალა კორასთან დალაპარაკებას აპირებდა, რომ უკნიდან ცხენის ფეხის შორეული თქარათქური შემოესმა და ბედაური შეაყენა. მყის მისმა თანამგზავრებმაც მოსწიეს სადავეებს და მთელი ჯგუფი შედგა, რომ გაეგოთ ამ მოულოდნელი ხელის შეშლის მიზეზი.

    მალე გამოჩნდა კვიცი, რომელიც ირემივით მოქროდა ტანაშოლტილ ფიჭვებში; კვიცს მაშინვე მოჰყვა წინა თავში აღწერილი უშნო მამაკაცი, რომელიც თავის გახრეკილ ჯაგლაგს, რამდენადაც კი შეეძლო, თავპირისმტვრევით მოაჭენებდა. უების სადგომიდან თავიანთ მხლებლებამდე მოკლე მანძილის გავლისას ჩვენმა მგზავრებმა ვერც კი შეამჩნიეს ის მამაკაცი, ახლა რომ უახლოვდებოდათ. თუკი ქვეითად მყოფი თავისი სიმაღლის სიდიადეს წარმოაჩენდა და შესწევდა უნარი, ყოველი მაცქერალის გულისყური მიეპყრო, მისი მხედრული მოხდენილობა სწორედ ასევე შესანიშნავი რამ გახლდათ. მიუხედავად ჭაკის ფერდზე თავისი ერთადერთი დეზის გამუდმებული ცემისა, ყველაზე უფრო მტკიცე სვლა, რომლის შენარჩუნებასაც ახერხებდა, მხოლოდ კენტერბერული ჭენება[16] იყო. ჯახრაკი მარტო უკანა ფეხებს იყენებდა, წინა ფეხებს საეჭვო მომენტში იშველიებდა, თუმცა საერთოდ კი ხტუნვა-ხტუნვით მოჭენაობდა. ეს ჩორთის თოხარიკით ხშირად ცვლა ქმნიდა ოპტიკურ ილუზიას და გეჩვენებოდათ, რომ ცხენი მართლაც სწრაფად მოქროდა. ყოველ შემთხვევაში, ცხენების კარგად მცოდნე, უტყუარი თვალის მქონე ჰეიუარდმა მთელი თავისი გამჭრიახობის დაძაბვითაც კი ვერ მოახერხა გადაეწყვიტა, კვალში ჩამდგარი ეს მდევარი ასე თავგანწირულად რა ჯურის სიარულით მოიჩქაროდა ამ ოღროჩოღრო გზაზე.

    თვით მხედრის გულმოდგინება და მოძრაობანიც პირუტყვისაზე არანაკლებ საყურადღებო გახლდათ. ჯაგლაგის ფეხის ყოველ მონაცვლეობაზე ცხენოსნის აყლაყუდა ტანი უზანგებზე წამოიმართებოდა და უჩვეულოდ გრძელი ფეხების წყალობით კიდევ უფრო მაღალი ჩანდა, ხან კი ისე დადაბლდებოდა, რომ მისი ტანადობის გამოცნობის ყოველ ვარაუდს აქარწყლებდა. ხოლო, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ერთადერთი დეზის ცემით ჭაკის ერთი მხარე თითქოს უფრო ჩქარა გარბოდა, ვიდრე მეორე, და კუდის აქეთ-იქით განუწყვეტელი სხაპუნით ადვილად მიხვდებოდით, რომელი ფერდი ატკინა დეზმა, დავასრულებთ კიდეც ამ ცხენ-მხედრის სურათს.

    ჰეიუარდმა უცნობი რომ შეათვალიერა, სანდომიან, გულღია, ვაჟკაცურ სახეზე შეჭმუხნილი შუბლი ნელ-ნელა გაეშალა და ბაგეებზე მსუბუქი ღიმიც შეუთამაშდა; ალისას არც მაინცდამაინც შეუკავებია თავი, რომ არ გასცინებოდა და თვით კორასაც აუციმციმა შავი, ფიქრიანი თვალები მხიარულებამ, რის დათრგუნვასაც მათი პატრონის ჩვეულება უფრო ცდილობდა, ვიდრე ბუნება.

    - ვინმეს ეძებთ? - ჰკითხა ჰეიუარდმა, როცა ცხენოსანი საკმაოდ მიუახლოვდა და სვლა შეანელა, - მგონი, ავი ამბის მოციქული მაინც არ უნდა იყოთ?

    - ჭეშმარიტად, - მიუგო უცნობმა, თან გულმოდგინედ დაუწყო აქეთ-იქით ქნევა თავის სამკუთხა მაუდის ქუდს, რათა ტყის დახუთულ ჰაერში ცოტა სიო გამოეწვია და მსმენელებმა ვერ გაარკვიეს, ჭაბუკის რომელ კითხვას უპასუხა მან. მაგრამ, როცა სახე გაიგრილა და სული მოიბრუნა, განაგრძო, - გავიგე, უილიამ-ჰენრიში მიბრძანდებით და ვინაიდან მეც სწორედ იქით მივდივარ, დავასკვენი, კარგი თანამგზავრობა ორივე მხარეს ეამება-მეთქი.

    - ხმათა თანაფარდობა თითქოს სამართლიანად არ არის დაცული, - მოახსენა ჰეიუარდმა, - ჩვენ სამნი ვართ, თქვენ კი მხოლოდ საკუთარ თავს მოთათბირებიხართ.

    - იმაზე უფრო უსამართლო მაინც არ იქნება, როგორც ის, რომ ერთ ვაჟკაცს მოსავლელად და საპატრონოდ ორი ყმაწვილი ქალი ჰყავს ჩაბარებული, - მიუგო მეორემ ნახევრად გულუბრყვილოდ, ნახევრად ტლანქი ენამოსწრებულობით, - თანაც მამაკაცი ნამდვილი ვაჟკაცია, ხოლო ქალები კი მშიშრები, ისინი ერთმანეთში ვერ მორიგდებიან და ყოველ საწინააღმდეგო მსჯელობაში ვაჟკაცის აზრს გაიზიარებენ. მაშასადამე, თქვენც ისევე ვერავის მოეთათბირებით, როგორც მე!

    ქერა ქალიშვილმა მოცინარი თვალები ფაშატის აღვირს დააშტერა და მის ღაწვებზე ნაზი ვარდისფერი მუქმა ალისფერმა შეცვალა, მაშინ როცა თანამგზავრ ქალს აღაჟღაჟებული ლოყები თითქმის გაუფითრდა კიდეც და წინ გასწია აუჩქარებლად, თითქოს უკვე დაიღალა საუბრითო.

    - თუ ტბისკენ მიემგზავრებით, გზა შეგშლიათ, - მიახალა ჰეიუარდმა, - შარაგზას, სულ ცოტა, ნახევარი მილით მაინც გადმოსცდენიხართ.

    - ჭეშმარიტად, - მიუგო უცნობმა, რომელიც სულაც არ დაუბნევია ამ მკვახე შეხვედრას, - მე ერთი კვირა გავატარე ედუარდში და მუნჯი ვიქნებოდი, ჩემი გასავლელი გზის ამბავი არ გამომეკითხა; ხოლო მუნჯი რომ ვყოფილიყავი, ჩემს ხელობასაც უნდა გამოვთხოვებოდი, - და ჩაიქირქილა ისეთი კაცივით, რომელსაც მორცხვობა თითქოს ნებას არ აძლევდა, უფრო აშკარად გამოეხატა თავისი ოხუნჯობით აღტაცება, მსმენელთათვის სრულიად გაუგებარი რომ დარჩა, მერე კი დარბაისლურად განაგრძო, - ჩემი ხელობის კაცისთვის ვერ იქნება გონივრული მათთან ძალიან დაახლოება, ვინც უნდა დავმოძღვრო. ამ მიზეზით არ გავყევი რაზმს, თანაც, მგონი, თქვენისთანა ვაჟკაცს უკეთ ეცოდინება მგზავრობის წესი და რიგი. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენს საზოგადოებას შემოვკედლებოდი, რათა მოგზაურობაც უფრო საამური გამხდარიყო და გვემუსაიფა კიდეც.

    - ერთობ ახირებული და ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა! - შესძახა ჰეიუარდმა და თან ვერ გადაწყვიტა, გზა მიეცა თავისი განრისხებისათვის თუ მოურიდებლად გადაეხარხარა, - მაგრამ თქვენ დამოძღვრასა და ხელობას ახსენებდით. მოახალშენეთა რაზმს ხომ არ ახლავხართ, როგორც დაცვისა და ბრალდების კეთილშობილი მეცნიერების ოსტატი[17]?! ან იქნებ ისეთი ვინმე ბრძანდებით, ვინც სულ ხაზებსა და კუთხეებს ხაზავს, აქაოდა, მათემატიკას ვასწავლიო?

    უცნობმა წამით აშკარა გაოცებით შეხედა ჰეიუარდს, მერე თვითკმაყოფილების ყოველი კვალი გაუქრა სახეზე და თავმდაბლური, მაგრამ საზეიმო იერით უპასუხა:

    - ბრალდებისა არაფერი გამეგება, დაცვა კი არ მჭირდება ღვთის მადლით, უკანასკნელი მონანიების შემდეგ დიდი ცოდვა არ ჩამიდენია. ხაზებსა და კუთხეებზე თქვენი ნართაული ლაპარაკისა ვერაფერი გავიგე და მასწავლებლობაც მათთვის დამითმია, ვინც ამ წმინდა საქმისთვის ბრძანდება განკუთვნილი. მე სხვა ნიჭს არ ვიჩემებ, მხოლოდ როგორც ფსალმუნთა გალობაში დაოსტატებულს, ცოტა რამ გამეგება ლოცვა-ვედრებისა და სამადლობელი პარაკლისების დიდებული ხელოვნებისა.

    - ეს კაცი, ალბათ, აპოლონის შეგირდია[18], - შესძახა გამხიარულებულმა ალისამ, რომელსაც უკვე დაეძლია თავისი წუთიერი შეკრთომა, - მე გავუწევ მფარველობას. აბა, ჰეიუარდ, გახსენით შუბლი, შეიბრალეთ ჩემი მოწყურებული სმენა და ნება დართეთ ჩვენთან ერთად იმგზავროს. თანაც, - დასძინა მან აჩქარებით და ხმადაბლა, ცალი თვალით კი შორს მიმავალ კორას გადახედა, რომელიც დინჯად მისდევდა მდუმარე და პირქუში მეგზურის კვალს, - ერთი მეგობარი მაინც შეგვემატება, თუ დაგვჭირდა.

    - როგორ გგონიათ, ალისა, განა ვანდობდი ამ საიდუმლო ბილიკს, ვინც მე მიყვარს, ასეთ საფრთხეზე ფიქრი რომ შეიძლებოდეს?

    - არა, არა, ეგ არა მგონია, მაგრამ ეს უცნაური კაცი კი ძალიან მართობს და თუ მუსიკის ნიჭიც აქვს, უკმეხად ნუ უკუვაგდებთ მის ამხანაგობას.

    საბოლოოდ დასარწმუნებლად ქალმა ახალგაზრდა ოფიცერს მათრახით გზა უჩვენა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ჰეიუარდი ფეხს ითრევდა, რომ ეს წუთი გაეხანგრძლივებინა, მაგრამ შემდეგ კი დაემორჩილა ალისას ნაზ გავლენას, ჰკრა ქუსლი ტაიჭს და თვალის დახამხამებაში ისევ კორას გვერდით გაჩნდა.

    - მიხარია, რომ შეგხვდით, მეგობარო, - განაგრძო ალისამ და უცნობს ხელით ანიშნა, მიჰყოლოდა, თანაც თავისი ნარაგანზეტი კვლავ თოხარიკზე გადაიყვანა, - ჩემმა კეთილმა ნათესავებმა თითქმის დამარწმუნეს, რომ დუეტებში მეც არა ვარ უნიჭო და მგზავრობა შეიძლება კიდეც გავიხალისოთ ჩვენი საყვარელი ხელოვნებით. ჩემისთანა უბირისათვის დიდი შეღავათი იქნება ხელოვნებაში თქვენებრ გამოცდილი ოსტატის აზრისა და რჩევის მოსმენა.

    - თავის დროზე ფსალმუნთა გალობა სულსაც ახარებს და ხორცსაც, - მიუგო გალობის მასწავლებელმა და მსწრაფლ დაჰყაბულდა მიწვევას, - და ისე არაფერი ანიჭებს შვებას გულს, როგორც ასეთი მასალბუნებელი ურთიერთობა. მაგრამ გალობის სათქმელად ოთხი ხმა მაინც აუცილებელია. თქვენ აშკარად ნაზი და მდიდარი დისკანტი გაქვთ. მე, განსაკუთრებული გულმოდგინებით, შემიძლია ტენორის სულ უმაღლესი ნოტიც კი ავიღო, მაგრამ კონტრალტო და ბანი გვაკლია. სამეფო კარის იმ ოფიცერს, რომელიც ჩემს თანამგზავრობაზე ყოყმანობდა, შეუძლია ბანი თქვას, თუ ჩვეულებრივ საუბარში მისი ხმის კილოს მიხედვით იმსჯელებს კაცი.

    - მისი სიფიცხის მიხედვით ნაჩქარევად ნუ განსჯით ოფიცერს, მოტყუვდებით, - უთხრა ღიმილით ქალმა, - თუმცა ხანდახან მაიორი ჰეიუარდი მართლაც ლაპარაკობს დაბალ ნოტებზე, მაგრამ მერწმუნეთ, მისი ბუნებრივი ხმა ტკბილ ტენორს უფრო შეესაბამება, ვიდრე თქვენ მიერ მოსმენილ ბანს.

    - მაშ, ფსალმუნთა გალობაში მართლაც დახელოვნებულია? - იკითხა მისმა გულუბრყვილო თანამგზავრმა.

    ალისა სიცილის გუნებაზე დადგა, მაგრამ, როგორც იქნა, თავი შეიკავა და დინჯად მიუგო:

    - ვშიშობ, რომ ის საერო სიმღერებს უფრო ამჯობინებს. ჯარისკაცის ცხოვრების ალიაქოთი და ხიფათიანობა ნაკლებად უწყობს ხელს უფრო სათნო მიდრეკილებათა გაღვივებას.

    - ადამიანს ხმა, ისევე როგორც სხვა ნიჭი, იმიტომ აქვს ნაბოძები, რომ კეთილად გამოიყენოს და არა ბოროტად, - თქვა თანამგზავრმა, - ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ჩემი ნიჭი შემებღალოს! მადლობა ღმერთს, ყრმა მეფე დავითივით[19], შეიძლება ითქვას, პატარაბიჭობიდანვე მუსიკას შევწირე სიცოცხლე, საერო ლექსის ერთ მარცვალსაც კი არ შეუბილწავს ოდესმე ჩემი ბაგე.

    - ესე იგი, მხოლოდ სასულიერო გალობას ამჯობინებთ!

    - ჭეშმარიტად, ვითარცა დავითის ფსალმუნები აღემატება ყოველ სხვა თხზულებას, ასევე ღვთისმეტყველთა და ბრძენთაგან შეწყობილი ფსალმუნთა საგალობლები აღემატება ყოველ სხვა ამაო პოეზიას. უნდა მოგახსენოთ, ბედნიერი გახლავართ, თვით ისრაელთა მეფის ფიქრებისა და სურვილების მეტს რომ არას აღმოვთქვამ. ეს თარგმანი, რომელსაც ახალი ინგლისის ახალშენებში ვხმარობთ, თავისი სიმდიდრით, სიზუსტითა და ბრძნული უბრალოებით დიდად აღემატება ყველა სხვა თარგმანს და რამდენადაც შესაძლებელია, ზეშთაგონებული პოეტის დიდებულ თხზულებასაც უახლოვდება. ამ ნიჭით აღბეჭდილ წიგნს არასოდეს ვიშორებ, არც მძინარი და არც მღვიძარი. ეს ოცდამეექვსე გამოცემა გახლავთ, გამოქვეყნებული ბოსტონში, ქრისტეს აქეთ 1744 წელს და სათაურად აქვს: „ფსალმუნები, ჰიმნები და სასულიერო საგალობელნი ძველი და ახალი აღთქმისა, ჭეშმარიტად გადმოთარგმნილი ინგლისური ლექსით, სადიდებლად და საამებლად წმინდანებისა, როგორც საჯარო საკრებულოებისთვის, ისე კერძო პირთათვის, განსაკუთრებით ახალ ინგლისში".

    თანამემამულე პოეტთა საიშვიათო ნახელავზე ამ სახოტბო ოდის თქმისას უცნობმა ჯიბიდან ამოიღო წიგნი, ცხვირზე რკინისჩარჩოიანი სათვალე დაიკოსა და წმინდა განზრახვის შესაბამისი მოწიწებითა და რიდით გადაშალა ტომი. მერე, აღარც სიტყვა გაუგრძელებია, არც მოუბოდიშებია: ჯერ მაგიური სიტყვა თქვა: „უსმინეთ" და პირზე მიიდო უკვე ზემოთ აღწერილი უცნაური ხელსაწყო და გაისმა მაღალი, მკვეთრი ხმა, რომელსაც თავისი საკუთარი, ერთი ოქტავით დაბალი ხმა მიადევნა და შეუდგა სავსე, ტკბილი და საამური ხმით გალობას, რომელსაც მუსიკა, ლექსი და უგვანად გახედნილი მისი ცხენის უთავბოლო ლაყლაყიც კი ვერ უშლიდა ხელს:

    „ოჰ, რა კარგია და რა საამო

    ერთად, შეწყობით ცხოვრება ძმური.

    ის არს ვითარცა უცხო მალამო

    თხემიდან წვერზე ჩამოღვარული;

    როგორც არონის[20] წვერზე თავიდან

    და თვით კალთამდეც კი რომ დავიდა".

    ამ მოხდენილი ლექსის გალობას უცნობი თან მარჯვენა ხელის რიტმულ მოძრაობასაც აყოლებდა. ძირს დაშვებისას ერთი წამით პატარა წიგნის ფურცლებზე ასვენებდა თითებს, ხოლო ზევით აწევისას ისეთი ყოფით იქნევდა ხელს, რომ საგანგებოდ დაოსტატებულის გარდა, სხვა ვერავინ მოახერხებდა. ჩანდა, ეს ხელის აყოლების ჩვეულება დიდი ხნის გამოცდილებით ჰქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, რადგან ხელის ქნევა არ შეუწყვეტია ამ მრავალმნიშვნელოვან დაბოლოებამდე, რომელიც პოეტს ასე კარგად შეურჩევია ლექსის დასასრულად და რომელიც სათანადოდ იქნა კიდეც გადმოცემული სიტყვის სრული ღირსების შენარჩუნებითა და სიძლიერით.

    მიყრუებული ტევრის მდუმარებაში ამ უჩვეულო ახალ ამბავს არ შეიძლებოდა, არ მიეპყრო ასე ახლოს მათ წინ მიმავალთა ყურადღება. ინდიელმა დამტვრეული ინგლისურით რამდენიმე სიტყვა წაუბურტყუნა ჰეიუარდს, ის კი, თავის მხრივ, უცნობს გამოელაპარაკა: ჯერ მსწრაფლ შეაწყვეტინა, მერე სულაც დაასრულებინა სამუსიკო ცდანი.

    - მართალია, საფრთხე არ გველის, მაგრამ უბრალო წინდახედულობა გვიკარნახებს, რაც შეიძლება ჩუმად ვიმგზავროთ ამ უდაბურ ადგილებში. ამიტომ მაპატიეთ, ალისა, თქვენს დროს ტარებას მცირე ხნით თუ შეგაწყვეტინებთ და ამ ვაჟბატონს ვთხოვ, ღიღინი უფრო უშიშარი დროისათვის გადადოს.

    - მართლაც, რომ დროს ტარებას მაწყვეტინებთ, - მიუგო ცუღლუტმა ქალიშვილმა, - რადგან არასოდეს გამიგონია სიმღერისა და ლექსის ისეთი უგვანი შეხამება, როგორიც ახლახან მოვისმინე. მე სწორედ ბგერასა და აზრს შორის ასეთი შეუსაბამობის მიზეზთა გამოკვლევაში ვიყავი ღრმად ჩაფლული, რომ თქვენი ბოხი ხმით გამიფანტეთ ფიქრიანობის ხიბლი, დუნკან!

    - არ ვიცი, რას ეძახით ჩემს ბოხ ხმას, - თქვა მისი სიტყვებით თითქმის განაწყენებულმა ჰეიუარდმა, - მაგრამ ის ვიცი, რომ თქვენი და კორას უშიშროება გაცილებით უფრო ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე ჰენდელის[21] მუსიკის რომელიმე გაკვეთილი.

    ოფიცერმა შეწყვიტა ლაპარაკი და მსწრაფლ მიატრიალა თავი ხშირი ბუჩქნარისაკენ, შემდეგ იჭვნეულად გააყოლა თვალი მეგზურს, რომელიც არხეინად განაგრძობდა გზას მტკიცე ნაბიჯით. ჭაბუკს დამცინავად გაეღიმა თავის თავზე, როცა დარწმუნდა, რომ ტყის რომელიღაც ლაპლაპა ხილი ჩასაფრებული ველურის ბრიალა თვალებად მოეჩვენა; გასწია წინ და განაგრძო მუსაიფი, რომელიც ამ უეცარმა ფიქრმა შეაწყვეტინა.

    ახალგაზრდა ჰეიუარდის შეცდომა მხოლოდ ის იყო, რომ თავის ახალგაზრდულ და დიდსულოვან ამპარტავნობას მარტოოდენ ერთი წუთით დაათრგუნვინა შესუსტებული სიფხიზლე და ცხენოსანთა ჯგუფს დიდი მანძილი არ გაევლო, რომ ბუჩქნარში ფრთხილად გაიწ-გამოიწია ტოტები და გამოჩნდა ადამიანის სახე, ისე შემაძრწუნებელი და სასტიკი შესახედაობისა, როგორიც კი შეუძლია შექმნას ველურთა ხელოვნებამ და თავშეუკავებელმა ვნებებმა. ინდიელმა გახედა მიმავალ მგზავრთა კვალს. გამარჯვების ღიმილი ათამაშდა ტყის მცხოვრების პირქუშად მოხატულ სახეზე, როცა თავის მომავალ მსხვერპლთა გეზს მიაკვლია; ისინი კი არხეინად განაგრძობდნენ გზას. ჰაეროვანი და ტანკენარი დები მიირხეოდნენ ხეებს შორის, დაკლაკნილი ბილიკის მისახვევ-მოსახვევებში და მათ უკან მისდევდა ვაჟკაცური გარეგნობის ჰეიუარდი. ბოლოს კი გალობის მასწავლებლის უსახური ტანიც მიიმალა.

    თავი მესამე

    „სანამ ამ მინდვრებს გაჩეხდნენ და მოხნავდნენ, პირთამდე სავსე მოედინებოდა ჩვენი მდინარეები. წყლის ტკბილი დუდუნი ავსებდა ქორფა და უსაზღვრო ტევრს; ნაკადულები მოჩხრიალებდა, რუები მორაკრაკებდა, ჩრდილიანში კი წყარო ამოჩუხჩუხებდა".

    ბრაიანტი[22]

    დაე, დაარხეინებული ჰეიუარდი და მისი გულდანდობილი თანამგზავრები კიდევ უფრო ღრმად შევიდნენ ტყეში, რომელიც ასე მზაკვარ ბინადართ ფარავს, ჩვენ კი ვისარგებლოთ ავტორის უპირატესი უფლებით და სადაც უკანასკნელად ვნახეთ ჩვენი გმირები, იქიდან რამდენიმე მილის დაშორებით, დასავლეთისაკენ გადავწიოთ მოქმედების ასპარეზი.

    იმ დღეს ორი კაცი მოჩანდა პატარა მდინარის პირას, უების ბანაკიდან ერთი საათის სავალზე. ისინი თითქოს ვიღაცას უცდიდნენ თუ რაღაც ამბავს ელოდნენ. უღრანი ტყე ზედ მდინარის კიდეს აწყდებოდა, გადაჰფოფრებოდა კიდეც წყალს და მის მუქ, სარკისებურ ზედაპირს თავისი ჩრდილით კიდევ უფრო ჩამუქებულ, პირქუშ იერს სძენდა. მზის სხივებს მოაკლდა მცხუნვარება და დღის ხვატიც შემცირდა, როცა ნაკადულებისა და წყაროების გრილმა ანაორთქლმა ბალახოვან კალაპოტებს ზემოთ აიწია და ჰაერს შეერია. ამ მივარდნილ კუნჭულში მაინც ის სულშემხუთველი დუმილი სუფევდა, რომელიც ამერიკის ბუნების რულისმომგვრელ პაპანაქებას სჩვევია ივლისში. მდუმარებას მხოლოდ ზემოხსენებული მამაკაცების ხმადაბალი ლაპარაკი, დროდადრო მოსულიერებული კოდალას უღიმღამო, ზანტი კაკუნი, რომელიღაც ჭრელი ჩხიკვის უთავბოლო ჩხავილი, ანდა შორეული ჩანჩქერის ხანდახან დუნე, ყრუ რუხრუხი თუ არღვევდა.

    ეს სუსტი და ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმები მეტისმეტად ნაცნობი იყო ტყის მცხოვრებთათვის. ისინი გართულნი იყვნენ უფრო საინტერესო მუსაიფში და ყურადღებას არ აქცევდნენ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1