Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მოთხრობები
მოთხრობები
მოთხრობები
Ebook559 pages5 hours

მოთხრობები

Rating: 4.5 out of 5 stars

4.5/5

()

Read preview

About this ebook

სიზმრები, ფილოსოფია, ბიბლიოთეკა, სარკეები, გამოგონილი მწერლები, მითები, მათემატიკა, გეომეტრია - ჭეშმარიტად ღრმა და ლაბირინთულია ბორხესის მოთხრობები, დაწერილი უდახვეწილესი ენითა, და მეცნიერებისა და ხელოვნების მრავალი დარგის ფუნდამენტური ცოდნით.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 12, 2021
მოთხრობები

Related to მოთხრობები

Related ebooks

Reviews for მოთხრობები

Rating: 4.25 out of 5 stars
4.5/5

4 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მოთხრობები - ხორხე ლუის ბორხესი

    ხორხე ლუის ბორხესი - მოთხრობები

    Jorge Luis Borges - Novelas

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ხმლის ფორმა

    წრიული ნანგრევები

    ფარული სასწაული

    სიკვდილი და ფარგალი

    მედალი

    ეთნოგრაფი

    უხუცესი სენიორა

    სხვა

    ქვიშის წიგნი

    სამხრეთი

    უკვდავი

    ალეფი

    მიახლოება ალ-მუ’ტასიმთან

    შემქმნელი

    ფუნესის მეხსიერება

    განშტოებულ ბილიკთა ბაღი

    ბაბილონური ლატარია

    ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი

    ბაბილონის ბიბლიოთეკა

    ემა ცუნცი

    ტადეო ისიდორო კრუზის ბიოგრაფია

    მკვდარი

    ავეროეს ძიება

    გერმანული რეკვიემი

    ფენიქსის კულტი

    ამბავი მეომრის და ტყვე ქალწულისა

    მოღალატისა და გმირის თემა

    კაცი ზღურბლზე

    ზაჰირი

    ხმლის ფორმა

    სახეს შურისძიებით მიყენებული ჭრილობის ნაიარევი აჩნდა, - ფერფლისფერი, თითქმის უზადო რკალი, რომელიც სახეს ერთი ნახევრის საფეთქლიდან მეორე ნახევრის ლოყამდე სერავდა. მის ნამდვილ სახელს მნიშვნელობა არ აქვს, ტაკუარემბოში ყველა უწოდებდა „ინგლისელს ლა კოლორადაში. მიწის მფლობელს, კარდოსოს, არ სურდა ამ მიწის გაყიდვა. გავიგე, ინგლისელმა ისეთი არგუმენტით შეუტია, ვერავინ რომ ვერ განჭვრეტდა წინდაწინ: თავისი ნაიარევის ისტორია უამბო. იგი საზღვრიდან - რიო გრანდე დო სულიდან - მოვიდა. ვიღაც-ვიღაცები ამბობდნენ, ბრაზილიაში კონტრაბანდისტულ საქმიანობას ეწეოდაო. ველები ბალახით დაიფარა, წყალი წამწარდა. ამ ყველაფრის გამოსასწორებლად და ფეხზე დასაყენებლად ინგლისელი მხარდამხარ შრომობდა თავის მუშებთან ერთად. ხალხის თქმით, სისასტიკემდე უკმეხი იყო მათთან ურთიერთობაში, თუმცა სკრუპულოზურად სამართლიანიც. იმასაც ამბობენ, თავისი სასმელი ჰქონდა და იმის წრუპვა უყვარდაო. წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ ჩაიკეტებოდა თავის ოთახში, ბელვედერში, და ორი-სამი დღის შემდეგ ისეთი გამოდიოდა იქიდან, როგორც ომიდან ან თავბრუსხვევის ჯადოდან დაბრუნებული: ფერმკრთალი, მოტორტმანე, გაბრუებული და მაინც ისეთივე ავტორიტეტული, როგორიც ყოველთვის. ვიხსენებ მის ყინულოვან თვალებს, დაქვეითებულ ენერგიას, ნაცრისფერ ულვაშს. თავშეკავებული იყო, სიტყვაძვირი. ფაქტია, რომ ბრაზილიური აქცენტით დაფერილი მისი ესპანური ელემენტარულ დონეს არ გასცდენოდა. საქმიანი წერილის ან პამფლეტის გარდა, ფოსტას არ იღებდა. როცა უკანასკნელად ვიმოგზაურე ჩრდილოეთის პროვინციებში, კარაგუატას ადიდებულმა წყალმა მაიძულა ღამე ლა კოლორადაში გამეტარებინა. რამდენიმე წუთში ვიფიქრე, ჩემი გამოჩენა ასეთ ფორმაში შეუსაბამო იქნება-მეთქი. ვცადე, თავი მომეწონებინა ინგლისელისთვის და ამისთვის პატრიოტიზმს „მივაწექი, ვნებათაგან ყველაზე ნაკლებად შორსმჭვრეტელს. აღვნიშნე: ქვეყანა, რომელსაც ინგლისური სული აქვს, უძლეველია-მეთქი. ჩემმა თანამოსაუბრემ თავი დააქნია, თუმცა ღიმილით დაამატა, ირლანდიელი ვარ დანგარვანიდან, არა ინგლისელიო. ეს თქვა და გაჩუმდა, თითქოს საიდუმლო წამოსცდაო. სადილის შემდეგ გარეთ გავედით ცის შესახედად. ღრუბლები გაფანტულიყო, თუმცა შორს აღმართული მწვერვალების მიღმა ელვებით გასერილ-გაფატრული სამხრეთის ცა ახალი ქარიშხლით იმუქრებოდა. იმავე მუშამ, ვინც სადილი გაგვიწყო, ამჯერად ერთი ბოთლი რომი შემოგვიტანა კედლებჩამოძენძილ სასადილო ოთახში. დიდხანს უსიტყვოდ ვსვამდით.

    დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომელი საათი იყო, როცა მივხვდი, რომ მთვრალი ვარ. არც ის ვიცი, შთაგონებამ, ეიფორიამ თუ მოწყენილობამ მიბიძგა, რომ ჩემი მასპინძლის ნაიარევი ვახსენე. მას სახე გაუცივდა. რამდენიმე წამით იმასაც ვფიქრობდი, ახლა სახლიდან გამაგდებს-მეთქი. თუმცა შემდეგ ყოვლად ჩვეულებრივი ხმით მომმართა:

    - ერთი პირობით მოგიყვებით ჩემი ნაიარევის ისტორიას: რომ თავს არ შეიკავებთ არანაირი ზიზღის ან განაჩენისგან; არ მოითხოვთ შერბილებას არანაირი ბოროტებისთვის.

    დავთანხმდი. აი, ისტორია, რომელიც მან მიამბო. ინგლისურში, შიგადაშიგ, ესპანურს ურევდა ხოლმე, თვით პორტუგალიურსაც კი: 1922 წელს, კონოთის ერთ-ერთ ქალაქში მეც ერთი იმ შეთქმულ ჭაბუკთაგანი ვიყავი, ვინც ირლანდიის დამოუკიდებლობის მოპოვებას ელტვოდა. ჩემი მაშინდელი კომპანიონებიდან ზოგიერთი ჯერაც ცოცხალია და მშვიდობისათვის იღვწის. სხვები, ყოვლად პარადოქსულად, ინგლისის დროშის ქვეშ იბრძვიან ზღვაზე თუ უდაბნოში. ერთი მათგანი ციხის ეზოში მოკლეს განთიადზე ხილვებით სავსე კაცებმა. სხვები (არცთუ ყველაზე უიღბლოები) თავიანთ აღსასრულს სამოქალაქო ომის ანონიმურ, ფაქტობრივად, ფარულ ბრძოლებში შეხვდნენ. ჩვენ რესპუბლიკელები და კათოლიკეები ვიყავით, ვგონებ, რომანტიკოსებიც. ჩვენთვის ირლანდია მხოლოდ უტოპიური მომავალი და აუტანელი აწმყო კი არ იყო, არამედ მწარე და მაინც მოსიყვარულე მითოლოგია, მრგვალი კოშკები და წითელი ჭაობები, დიდი ეპოსი, რომელიც უმღეროდა ხარების მოპარვას, იმ ხარებისა, რომლებიც ძველ განსხეულებებში გმირები იყვნენ, სხვა განსხეულებებში კი - თევზები და მთები... არასოდეს დამავიწყდება ერთი საღამო, როდესაც ერთ-ერთი ჩვენიანი შემოგვიერთდა მუნსტერიდან, სახელად ჯონ ვინსენტ მუნი.

    ოცზე მეტის არ იქნებოდა. გამხდარი და კუნთებმომჩვარული იყო, მთლიანობაში უხერხემლოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. მგზნებარედ და პატივმოყვრულად შეესწავლა ერთ-ერთი კომუნისტური სახელმძღვანელო პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე. სასწრაფოდ გამოათრევდა ხოლმე თავის დიალექტიკურ მატერიალიზმს, რათა ნებისმიერი კამათი აღეკვეთა. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ კაცს მეორე კაცი უყვარდეს ან სძულდეს. მუნს მსოფლიო ისტორია ერთ საძაგელ ეკონომიკურ კონფლიქტზე დაჰყავდა. გამოაცხადა: წინდაწინ განსაზღვრულია, რომ რევოლუცია გაიმარჯვებსო. ვუპასუხე: ჯენტლმენისთვის ინტერესის საგანს მხოლოდ განწირული საქმეები შეადგენს-მეთქი... დაღამდა. ჩვენს ურთიერთსაპირისპირო ზრახვებს ჯერ გასასვლელში, მერე კიბეზე, მერე დაბინდულ ქუჩებში მივყევით. მუნის მსჯელობებმა გაცილებით ნაკლებად იმოქმედეს ჩემზე, ვიდრე შეუსიტყვებელი და აბსოლუტური ჭეშმარიტების განცდაა, რომლითაც ის თავის მსჯელობებს აფრქვევდა. ახალი ამხანაგი არ დაობდა, არ კამათობდა, არამედ ზიზღითა და, გარკვეულწილად, რისხვით წარმოთქვამდა განაჩენს. იმ ღამეს, როცა ქალაქის ბოლო სახლებამდე მივედით, ადგილზე გაგვაქვავა თოფების უეცარმა გრიალმა (მანამდე ან შემდეგ, ქარხნის თუ ციხის უფანჯრო კედელთან აღმოვჩნდით). გრუნტიან ქუჩაზე შევუხვიეთ. ცეცხლმოდებული ქოხიდან ჯარისკაცი გამოვარდა - უზარმაზარი ჩანდა ცეცხლის ფონზე. შეჩერდითო, გვიყვირა. მე ნაბიჯს ავუჩქარე, ამხანაგი არ მომყვა. შემოვბრუნდი: ჯონ ვინსენტ მუნი პროჟექტორის შუქში მოხვედრილი კურდღელივით გაშტერებული და თითქოს სამარადისოდ დაზაფრული იდგა. სირბილით დავბრუნდი, ერთი დარტყმით დავაგდე ჯარისკაცი მიწაზე, ვინსენტ მუნი შევანჯღრიე, არც გინება დავაკელი და, წამოდი-მეთქი, ვუბრძანე. მკლავში ჩავბღუჯე და ასე წავათრიე, რაკი შიშს მთლიანად განეძარცვა ნებელობისგან. მერე კი გავიქეცით, - ხანძარმოდებულ ღამეში გავსხლტით. თოფი ჩვენი მიმართულებით გავარდა. ტყვიამ მუნს მარჯვენა მხარი გაუკაწრა, როცა ფიჭვებში გავრბოდით. მკერდიდან სუსტი ქვითინი აღმოხდა. 1922 წლის შემოდგომაზე მეტ-ნაკლებად იატაკქვეშეთში ჩავედი და გენერალ ბერკლის სოფლის სახლში ვცხოვრობდი. გენერალი (რომელიც მე არასოდეს მინახავს) იმ პერიოდში რაღაც ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშნეს ბენგალიაში. სახლი ას წელზე ნაკლები ხნისა იყო, თუმცა დაძველებული, ამოღამებული, სავსე ჩახლართული დერეფნებით და უაზრო წინკარებით. მუზეუმ-კაბინეტსა და ვეება ბიბლიოთეკას მთელი პირველი სართული დაეკავებინა. იქ იყო საეჭვო და შეუსაბამო წიგნები, რაღაცნაირად რომ წარმოადგენენ XIX საუკუნეს; იქვე - თურქული ხმლები ნიშაპურიდან, რომელთა მორკალულ და გაყინულ პირებში თითქოს ისევ ცოცხლობდა ბრძოლის ქარი და ძალადობა. სახლში უკანა მხრიდან შევედით (როგორც მახსოვს). „საინტერესო ამბები შეგვემთხვაო, ჩაილუღლუღა ვინსენტ მუნმა, მოტორტმანემ და პირგამომშრალმა. ნატყვიარზე რაღაც წავუსვი და შევუხვიე, მერე ფინჯანი ჩაი მოვუტანე. ჭრილობა ზედაპირული იყო. უცებ ამოიბლუკუნა, შეფიქრიანებულმა: - შენ საშინლად გარისკე, როცა დაბრუნდი და ასე გადამარჩინე. არაფერია-მეთქი, ვუთხარი (სამოქალაქო ომის ჩვევამ მაიძულა ამის ჩადენა. გარდა ამისა, ერთი ჩვენგანის დაპატიმრებას შეიძლებოდა საფრთხეში ჩაეგდო საერთო საქმე). მეორე დღეს მუნმა დაიბრუნა თავისი სიმშვიდე. ჩემგან სიგარეტის შეთავაზება მიიღო და მკაცრად გამომკითხა „ჩვენი რევოლუციური პარტიის ფინანსური რესურსების თაობაზე. სრულებით ნათელ კითხვებს მისვამდა. ვუთხარი (გულწრფელად), მძიმე სიტუაცია გვაქვს-მეთქი. სამხრეთის მშვიდობას არტილერიის ცეცხლი ამღვრევდა. ამხანაგები გველოდებიან-მეთქი, ვუთხარი. პალტო და რევოლვერი ზედა სართულზე მქონდა, ჩემს ოთახში. იქიდან დაბრუნებულს, მუნი დივანზე მიწოლილი და თვალდახუჭული დამხვდა. ციებ-ცხელება აქვს-მეთქი, ვიფიქრე. მტკივნეული სპაზმი მაქვს მხარშიო, მითხრა. სწორედ მაშინ მივხვდი, რა უიმედო მშიშარასთან მქონდა საქმე. „თავს მიხედე", ვუთხარი უხერხულად და გავედი. დაბნეული ვიყავი ამ ადამიანით და მისი შიშით, მრცხვენოდა, თითქოს მე თვითონ ვიყავი მხდალი და არა ვინსენტ მუნი. რაც უნდა მოიმოქმედოს ერთმა, თითქოს ყველა სჩადის იმ რაღაცას. ამიტომაც მოხდა, რომ ედემის ბაღში ჩადენილი დაუმორჩილებლობის ერთადერთ აქტს მთელი კაცობრიობის მოწამვლა მოჰყვა. ამიტომაც მოხდა, რომ ერთადერთი ებრაელის ჯვარცმამ მთელი კაცობრიობა იხსნა. შოპენჰაუერი, შესაძლოა, მართალი იყო: მე სხვა კაცები ვარ, ნებისმიერი კაცი ვარ ყველა კაცში. შექსპირი რაღაცნაირად უბადრუკი ჯონ ვინსენტ მუნია.

    ცხრა დღე გავატარეთ გენერლის დიდ სახლში. არაფერს ვიტყვი ბნელი ომის აგონიებსა და სინათლის სხივებზე. ჩემი მიზანია მოვყვე ამბავს ამ ნაიარევის, ასე რომ მამცირებს. ჩემს მეხსიერებაში ის ცხრა დღე ერთადერთ დღეს ქმნის, ბოლოსწინა დღის გამოკლებით, როდესაც ჩვენებმა შეუტიეს ბარაკებს და სათითაოდ იძიეს შური ელპინთან ტყვიამფრქვევებით ჩახოცილ ჩვენს თექვსმეტ ამხანაგზე. თენებისას, პირველი სინათლის ბინდში, სახლიდან გავდიოდი, უკან კი შეღამებისას ვბრუნდებოდი. ჩემი ამხანაგი ზემოთ მელოდებოდა, ჭრილობა არ ანებებდა ქვემოთ ჩამოსვლას. როცა უკან ვიყურები, ვხედავ ვინსენტ მუნს სტრატეგიის რომელიღაც წიგნით ხელში - ფ. ნ. მოდით თუ კლაუსვიცით. „ჩემი რჩეული იარაღი არტილერიაა, გამანდო ერთ ღამეს. მეკითხებოდა ჩვენს გეგმებზე, მოსწონდა მათი გაკრიტიკება ან გადასინჯვა გონებაში. გარდა ამისა, ბევრს ჩიოდა „ჩვენს სავალალო ფინანსურ მდგომარეობაზე. დოგმატურად და პირქუშად წინასწარმეტყველებდა კატასტროფულ დასასრულს. „C’est une affaire flamboie", ბუტბუტებდა თავისთვის. ვრცლად წარმოაჩენდა გონებრივ სიზვიადეს, ვინძლო ეჩვენებინა, ჩემი ფიზიკური სიმხდალე ბევრს არაფერს ნიშნავსო. ასე კარგად თუ არც ისე კარგად ჩაიარა იმ ცხრა დღემ. მეათე დღეს ქალაქი ერთხელ და სამუდამოდ ჩაუვარდათ ხელში დამსჯელ რაზმებს. ჩუმი მხედრები აკონტროლებდნენ თავ-თავიანთ რაიონს. ჰაერში ფერფლი და კვამლი ტრიალებდა. ერთი ქუჩის კუთხეში მკვდარი სხეული ვნახე გაშხლართული. თუმცა ეს სურათი ნაკლებად ცოცხლად შემომენახა ხსოვნაში, ვიდრე ტიკინა, ჯარისკაცებს ქალაქის შუა სკვერში რომ დაედგათ და დაუსრულებლად ახდენდნენ სროლის ხელოვნების დემონსტრირებას... სახლიდან გარიჟრაჟის პირველ სხივებზე გავედი და შუადღის დადგომამდე დავბრუნდი. მუნი ბიბლიოთეკაში იყო და ვიღაცას ესაუბრებოდა. მისი ტონით მივხვდი, რომ ტელეფონში ლაპარაკობდა. მერე გავიგონე ჩემი სახელი, ისიც, რომ შვიდისთვის დავბრუნდებოდი და რომ გაზონის გადმოჭრისას დამაპატიმრებდნენ. ჩემი რაციონალური მეგობარი რაციონალურად მყიდდა. ისიც გავიგონე, როგორ ითხოვდა თავისი უსაფრთხოების გარანტიებს. აქ ჩემი ამბავი რამდენადმე უფრო მწირდება. ვიცი, რომ ჩემს ჩამშვებ მაბეზღარას კოშმარის შავ დერეფნებში და თავბრუსხვევის ციცაბო კიბეებზე მივდევდი. მუნი კარგად იცნობდა სახლს, ჩემსავით კარგად. ერთხელ თუ ორჯერ მხედველობიდან დავკარგე, მაგრამ მოვახერხე და ვუყელე, სანამ ჯარისკაცები დამიჭერდნენ. გენერლის საჭურვლიდან ერთ-ერთი მოღუნული ხმალი ამოვაძვრე და ფოლადის ამ ნახევარმთვარით სამარადისოდ ამოვუტვიფრე სახეზე სისხლის ნახევარმთვარე. მხოლოდ თქვენ, ბორხეს, თქვენ, რომელიც უცხოელი ხართ, გაგანდეთ ეს. თქვენი ზიზღი, ალბათ, არც ისე მტკივნეულია.

    აქ მთხრობელი შეჩერდა. დავინახე, როგორ უკანკალებდა ხელები.

    - მუნს? - ვკითხე მე, - რა დაემართა მუნს?

    - მას გადაუხადეს თავისი ოცდაათი ვერცხლი, რის შემდეგაც ბრაზილიაში გაიქცა. იმ საღამოს ქალაქის სკვერში ვნახე, როგორ ცხრილავდა ტიკინას მთვრალი ჯარისკაცების ჯგრო.

    ამაოდ ველოდი დარჩენილი ამბის გაგონებას. ბოლოს ვთხოვე, განაგრძეთ-მეთქი.

    ისე ამოიგმინა, მთელ სხეულში გააცახცახა. ოდნავ და მსუბუქად მიმითითა რკალად მოხაზულ თავის მოთეთრო ნაიარევზე: - არ გჯერათ ჩემი? ვერ ხედავთ ამ სახეზე ჩემი ბოროტების ნიშანს? ისე გიამბეთ ეს ისტორია, რომ შეგძლებოდათ მოსმენა. ეს მე ვუღალატე კაცს, რომელმაც გადამარჩინა და თავშესაფარი მომცა. მე ვარ ვინსენტ მუნი. ახლა შემიზიზღეთ.

    წრიული ნანგრევები

    და თუ ის წავიდა ოცნებით შენზე...

    „სარკეში", VI

    ვერავინ დაინახა, როგორ გაიპარა გემიდან იმ ერთსულოვან ღამეს, ვერავინ დაინახა ბამბუკის კანოე, როცა ის წმინდა ტალახში ჩაეშვა. მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მაინც უკლებლივ ყველამ იცოდა, რომ ეს ჩუმი კაცი სამხრეთიდან მოვიდა და რომ მისი სამშობლო იყო იმ უსასრულო სოფლებიდან ერთ-ერთი, მთის ძალუმ ფერდობს რომ შეჰფენოდა მდინარის ზედა ნაწილში, სადაც ზენდავესტური ენა ჯერაც არ მოწამლულიყო ბერძნულით და სადაც კეთრს არ იცნობდნენ. მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერმა კაცმა ტალახს აკოცა, ნაპირზე აცოცდა (ალბათ არც კი უგრძნია ბასრღეროიანი ლერწმები, სხეულს რომ უსერავდნენ) და, გასისხლულ-დასუსტებული, მილასლასდა წრიულ გალავნამდე, რომელსაც აგვირგვინებდა ქვის ცხენისა თუ ვეფხვის ფიგურა, ოდესღაც ცეცხლისფერი, ახლა კი ფერფლივით რუხი. ეს გალავანი იყო დიდი ხნის წინ დაქცეული ტაძარი, რომელიც მალარიულმა ჯუნგლებმა წაბილწეს და რომლის ღვთაებამაც - კაცთა მოდგმისგან პატივაყრილმა - იქაურობა დატოვა. უცხოელი კაცი კვარცხლბეკის ძირში მიწვა. ცაში მაღლა ასულმა მზემ გამოაღვიძა. ჭრილობები დაითვალიერა და გაუოგნებლად შენიშნა, რომ ყველა შეხორცებოდა. მქრქალი თვალები დახუჭა და ძილი განაგრძო, - არა სხეულში ჩამდგარი სისუსტისგან, არამედ მტკიცე გადაწყვეტილების კარნახით, რომ უნდა დაეძინა. იცოდა: სწორედ ეს ტაძარი იყო ადგილი, რომლისკენაც მისი დაუმარცხებელი გეგმა უხმობდა; იცოდა: უმოწყალო ხეებს მაინც ვერ შთაენთქათ მდინარის უფრო ქვედა ნაწილში მდგარი მეორე იმედისმომცემი ტაძარი, ისიც - ასეთივე მკვდარი, ჩაფერფლილი ღმერთების სამკვიდრო; იცოდა: მის უშუალო ვალდებულებას ამჯერად ძილი შეადგენდა. შუაღამისას ფრინველის უნუგეშო ძახილმა გამოაღვიძა. შიშველი ფეხების ნაკვალევმა, რამდენიმე ლეღვმა და წყლიანმა დოქმა მიახვედრა, რომ ადგილობრივი ხალხი პატივისცემით უთვალთვალებდა მის ძილს, ელოდა მის წყალობას ან მის მაგიას უფრთხოდა. სხეულში შიშის სიცივემ დაუარა, კედლის ნანგრევში საფლავივით ნიშა მოძებნა, შიგ შეწვა და სხეულზე უცნობი ფოთლები გადაიფარა. მიზანი, რომელიც ამოძრავებდა, მიუწვდომელი კი არ იყო, არამედ სრულებით ზებუნებრივი. მას სურდა დასიზმრებოდა კაცი, დასიზმრებოდა მთლიანად, ყოველი დეტალითა და ნიუანსით, და რეალობაში გადმოეტანა ის. სული ამ ჯადოსნურმა მიზანმა აუვსო და ვინმეს რომ მისთვის სახელი ეკითხა, ან დაინტერესებულიყო მისი აქამომდელი ცხოვრების რომელიმე მომენტით, ვერაფერს ეტყოდა. უკაცრიელი და ჩამონგრეული ტაძარი დიახაც შეეფერებოდა მის დღევანდელობას, რადგან ეს ხილული სამყაროს მინიმუმი იყო. ასევე შეეფერებოდა სიახლოვე ტყისმჭრელებთან, რომლებიც მის მწირ საჭიროებებზე ზრუნავდნენ. მათ მიერ შემოწირული ბრინჯი და ხილი საკმარისი საკვები იყო მისთვის, ვისაც თავი ძილისა და სიზმრისთვის ჰქონდა გადადებული. თავიდან ქაოსური სიზმრები ესიზმრებოდა, ცოტა ხნის შემდეგ - უკვე დიალექტიკური. უცხოელს ესიზმრებოდა, რომ იმყოფებოდა წრიული ამფითეატრის ცენტრში, რომელიც რაღაცნაირად დანგრეული ტაძარი იყო, მდუმარე სტუდენტები კი ღრუბლის ფთილებივით ავსებდნენ ტერასებად განლაგებულ ქვის სკამებს. ყველაზე დაშორებული სახეები მრავალი საუკუნის განმავლობაში და კოსმიურ სიმაღლეზე მოჩანდა, თუმცა - აბსოლუტურად მკაფიოდ. კაცი კითხულობდა ლექციებს ანატომიის, კოსმოგრაფიის, მაგიის სფეროებში. სახეები სერიოზულად, ყურადღებით უსმენდნენ და ცდილობდნენ, გაგებით გამოხმაურებოდნენ. თითქოს გრძნობდნენ მნიშვნელობას ამ საგანმანათლებლო პროცესისა, რომელსაც უნდა გამოეხსნა ერთ-ერთი მათგანი ცარიელი და მოჩვენებითი არსებობიდან და რეალურ სამყაროში გადმოეყვანა. მძინარეცა და მღვიძარეც, კაცი აჩრდილთა პასუხებზე ფიქრობდა. ვერ დაუშვებდა, რომ თაღლითურად მოეტყუებინათ, და ზოგიერთ დაბნეულში მზარდ გონიერებას გრძნობდა. ეძებდა სულს, რომელიც ღირსი იქნებოდა, რომ თავისი ადგილი დაეკავებინა სამყაროში.

    მეცხრე თუ მეათე ღამეს კაცი მიხვდა (ერთგვარი სიმწარით), რომ არაფრის ლოდინი არ შეიძლებოდა იმ სტუდენტებისგან, რომლებიც პასიურად იღებდნენ მის სწავლებას, არამედ მხოლოდ ისეთებისგან, დროდადრო და კეთილგონივრულად რომ შეესიტყვებოდნენ ხოლმე. პირველები - უსიტყვოდ მიმღებნი, მაინც რომ იმსახურებდნენ სიყვარულსა და რაღაც თანაგრძნობას, არასოდეს იქცეოდნენ პიროვნებებად; მეორეებს - მათ, ვინც ზოგჯერ კითხვებს იძლეოდა - რამდენადმე უფრო ღრმა არსებობა ჰქონდათ. ერთ ნაშუადღევს (ამჯერად ნაშუადღევებიც ძილში გადიოდა: ამ დროს კაცს სულ ორი-სამი საათი ეღვიძა, ისევე, როგორც გათენებისას) მან ერთხელ და სამუდამოდ დაითხოვა თავისი დიდი, ილუზორული აუდიტორია და სულ რამდენიმე მოწაფე დაიტოვა: ჩუმი ჭაბუკი, ზოგჯერ ურჩი და მოუხელთებელი, მოყვითალო კანით და მკვეთრი ნაკვთებით, რომლებიც სიზმრად ნანახი იმ კაცის ნაკვთებს ეხმიანებოდა. ეს მოწაფე დიდხანს არ დაუბნევია დანარჩენების დათხოვნას. რამდენიმე ინდივიდუალური გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელი განაცვიფრა მისმა პროგრესმა. მაგრამ მომავალი უბედურება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდა. ერთ დღესაც კაცს ისე გამოეღვიძა, თითქოს, ბოლოს და ბოლოს, წებოვან უდაბნოს დაუსხლტაო, საღამოს დაცარიელებულ სინათლეს გახედა (რომელიც ერთი წუთით თენების სინათლეში აერია) და მიხვდა, რომ არ დასიზმრებია. მთელ იმ ღამეს და მომდევნო დღეს უძილობის აუტანელი სიცხადე ქორივით დასდევდა უკან. ჯუნგლების დასათვალიერებლად წავიდა იმ იმედით, რომ დაიღლებოდა. მათოთებს შორის სულ მოკლე ინტერვალებით ჩაძინება მოახერხა და ეს ძილიც მისთვის უსარგებლო რამდენიმე წამიერმა ხილვამ თუ გასერა. ისევ შეკრიბა თავისი კლასი, მაგრამ რამდენიმე შემგონებლური სიტყვის თქმის შემდეგ სახეები გაინთხა, დაიბრიცა და გაუჩინარდა. თითქმის მუდმივად მღვიძარ მდგომარეობაში მყოფ ამ თვალებს რისხვის ცრემლები შანთავდა. მიხვდა, რომ სიზმრების არათანმიმდევრული და გამაბრუებელი მასალისგან რაიმეს გამოძერწვა უძნელესი სამუშაოა, რომელიც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს, თუნდაც ზედა და ქვედა სფეროების ყველა გამოცანას ზომავდეს, - გაცილებით ძნელი, ვიდრე თოკის დაწვნა ქვიშისგან ან მონეტების გამოჭედვა უსახური ქარისგან. მიხვდა, რომ თავდაპირველი მარცხი გარდაუვალი იყო. დაიფიცა, რომ უკან ჩამოიტოვებდა დიდ ჰალუცინაციას, გზიდან რომ გადააცდინა, და თავის მიზანთან მიახლოების სხვა გზის ძებნას შეუდგა. მანამდე კი მთელი თვე მიუძღვნა იმ ძალის აღდგენას, ბოდვაში ყოფნამ რომ გამოაცალა. მიატოვა ყოველგვარი წინასწარი მედიტაცია სიზმარზე, თითქმის მაშინვე ჩაიძინა და დღის გვარიანი ნაწილი ძილში გაატარა. ამასობაში რამდენიმე სიზმარი ნახა, თუმცა ფოკუსირება არც ერთზე არ მოუხდენია, - მერე განაგრძობდა თავის საქმეს, როცა მთვარე შეივსებოდა. იმ საღამოსვე განიბანა სხეული მდინარის წყლებში, ქედი მოუდრიკა პლანეტის ღმერთებს, წარმოთქვა იმ ძალუმი სახელის მარცვლები, კანონიერად რომ უნდა წარმოითქვას, და დასაძინებლად დაწვა. თითქმის ჩაძინებისთანავე ესიზმრა მფეთქავი გული: თბილი, აქტიური, ფარული, დაახლოებით შეკუმშული მუშტის ზომის, გრანიტის ფერი გუნდა ადამიანის უსახო და უსქესო სხეულის შიდა ბინდბუნდში. ეს ესიზმრებოდა მტკივნეული სიყვარულით თოთხმეტი ღამის განმავლობაში, ღამიდან ღამემდე - უფრო და უფრო ცხადად, უფრო და უფრო გარკვეულად. არ ეხებოდა, მხოლოდ ხედავდა, უკვირდებოდა, იქნებ თვალებით ასწორებდა კიდეც. მრავალი კუთხიდან, მრავალი მანძილიდან აღიქვამდა და განიცდიდა მას. მეთოთხმეტე ღამეს ფილტვების არტერიას საჩვენებელი თითი გადაუსვა, მერე მთელ გულს შეეხო, შიგნიდან და გარედან. და ამ დათვალიერებამ სიამაყე აგრძნობინა. მომდევნო ღამეს განზრახ არ დაიძინა. მერე ისევ მიუბრუნდა გულს, პლანეტის სახელი წარმოთქვა და ამჯერად სხვა დიდი ორგანოს დასიზმრებას შეუდგა. სანამ ერთი წელი გავიდოდა, უკვე ჩონჩხამდე და ქუთუთოებამდე მივიდა. სხეულზე ამოსული უთვალავი თმა ალბათ ყველაზე ძნელი დასასიზმრებელი იყო. დაესიზმრა ახალგაზრდა მამაკაცი მთელი მისი სხეულით: არ ამდგარა და ხმა არ ამოუღია, თვალიც კი არ გაუხელია. ღამიდან ღამემდე კაცს მძინარე ჭაბუკი ესიზმრებოდა. გნოსტიკოსების კოსმოგონიაში დემიურგები ზელენ წითელ ადამს, რომელიც ფეხზე ვერ დგება. ასეთივე ნედლი, უმწიფარი და პირველადი იყო ჯადოქრის ღამეებში გამოძერწილი სიზმრის ადამი. ერთ ნაშუადღევს კაცმა ლამის დაამსხვრია თავისი ქმნილება. მაგრამ ვერ შეძლო. მას შემდეგ, რაც აღთქმა დაუდო მიწისა და მდინარის ყველა ღვთაებას, პირქვე დაემხო ვეფხვის თუ კვიცის კერპის წინაშე და დახმარება სთხოვა, ჯერაც გამოუყენებელი დახმარება. იმ საღამოს, დაისზე, ქანდაკებამ სიზმრებით აავსო. სიზმარში ის ცოცხალი იყო და ცახცახებდა, თუმცა არ ზაფრავდა კაცს ცხენის და ვეფხვის ჰიბრიდული სახით. ეს, მართლაცდა, ორი ძალუმი არსება იყო და, მათთან ერთად, ხარიც, ვარდიც, ქარიშხალიც, - ეს ყველაფერი ერთად. მრავალსახიანმა ღმერთმა კაცს გაუმხილა, რომ მისი მიწიერი სახელი იყო ცეცხლი; რომ ამ წრიულ ტაძარში (და ყველა მის მსგავსში) ადამიანები მსხვერპლს წირავდნენ და თაყვანს სცემდნენ მას და რომ ის მაგიურად შთაბერავდა სულს ფანტომს, რომელზეც კაცი ოცნებოდა; იმდენად სრულად შეასხამდა ხორცს, რომ ყოველი არსება, თვით ცეცხლისა და მეოცნებე კაცის გარდა, მას სისხლით და ხორცით სავსე არსებად მიიღებდა. მერე უბრძანა მეოცნებეს, ჭაბუკი რიტუალებში გაარკვიე და იმ მეორე დანგრეულ ტაძარში გაგზავნეო, რომლის პირამიდები ჯერ კიდევ იდგა ქვემოთ, მდინარესთან, რათა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1