Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

მობი დიკი (ტომი I)
მობი დიკი (ტომი I)
მობი დიკი (ტომი I)
Ebook828 pages12 hours

მობი დიკი (ტომი I)

Rating: 3.5 out of 5 stars

3.5/5

()

Read preview

About this ebook

ჰერმან მელვილის ეპიკური საგა გვიხატავს აქაბს, გუჩათხრობილსა და ფანტასტიურ კაპიტანს, რომელიც დიდი თეთრი ვეშაპის საძებნელად მოგზაურობას იწყებს. ამ უკანასკნელმა წინამორბედი შეხვედრისას ფეხი დააკარგვინა კაპიტანს. მოგვითხრობს რა აქაბის შურისძიებასა და საბედისწერო მოგზაურობაზე, მელვილი უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე აღმაფრენის მომგვრელი სხვა სათავგადასავლო ისტორიები. "მობი დიკი" არის საუკუნო წიგნი, რომელიც ადამიანის სულის უღრმეს სიმებს ეხმიანება.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 2, 2021
მობი დიკი (ტომი I)

Related to მობი დიკი (ტომი I)

Related ebooks

Reviews for მობი დიკი (ტომი I)

Rating: 3.3333333333333335 out of 5 stars
3.5/5

3 ratings0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    მობი დიკი (ტომი I) - ჰერმან მელვილი

    ჰერმან მელვილი - მობი დიკი (ტომი I)

    Herman Melville - Moby Dick (Book I)

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    ქართული თარგმანი ეკუთვნის გივი გეგეჭკორს

    iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    სარჩევი

    ეტიმოლოგია

    1. მოხაზულობა ისახება

    2. საკვოიაჟი

    3. სასტუმრო „ვეშაპის შადრევანი"

    4. ნაჭრის საბანი

    5. საუზმე

    6. ქუჩა

    7. სამლოცველო

    8. მოძღვრის ამბიონი

    9. ქადაგება

    10. გულითადი მეგობარი

    11. ღამის პერანგი

    12. სათავგადასავლო

    13. ურიკა

    14. ნანტაკეტი

    15. მოხარშული თევზი

    16. ხომალდი

    17. რამაზანი

    18. ხელმოწერის ნაცვლად

    19. წინასწარმეტყველი

    20. ყველაფერი ამოძრავდა

    21. ხომალდზე ასვლა

    22. ქრისტე იშვა, გიხაროდენ!

    23. ქარიანი ნაპირი

    24. დასაცავად

    25. პოსტსკრიპტუმი

    26. რაინდები და საჭურველთმტვირთველები

    27. რაინდები და საჭურველთმტვირთველები

    28. აქაბი

    29. შემოდის აქაბი, შემდგომ - სტაბი

    30. ჩიბუხი

    31. დედოფალი მაბი

    32. ცეტოლოგია

    33. სპექსინდერი

    34. მაგიდა კაპიტნის კაიუტაში

    35. ანძაზე

    36. შუაგემბანზე

    37. დაისი

    38. მწუხრი

    39. ღამის საგუშაგოზე

    40. შუაღამე წინაერდოზე

    41. მობი დიკი

    42. ვეშაპის სითეთრეზე

    43. სუ!

    44. საზღვაო რუკა

    45. ფიცით ვადასტურებ

    46. ვარაუდები

    47. ჩვენ ჭილოფს ვქსოვდით

    48. ველბოტი წყალში ჩაუშვეს

    49. აფთარი

    50. აქაბის ველბოტი და მისი ეკიპაჟი. ფედულა

    51. მოჩვენებითი შადრევანი

    52. „ალბატროსი"

    53. შეხვედრები ზღვაზე

    54. „ტაუნ-ჰოს ამბავი როგორც ეს „ოქროს სასტუმროში იყო მოთხრობილი

    55. ვეშაპთა საოცარი გამოსახულებანი

    56. ვეშაპთა უფრო მეტად დამაჯერებელი გამოსახულებანი და ვეშაპმონადირეობის ჭეშმარიტი სურათები

    57. სხვადასხვა ფერის ვეშაპები; ძვლის, ხის, თუნუქის და ქვის ვეშაპები; ვეშაპები მთებში; ვეშაპები ვარსკვლავებს შორის

    58. პლანქტონი

    59. რვაფეხა

    60. ლინი

    61. სტაბი კლავს ვეშაპს

    განმარტებები

    ეს წიგნი ეძღვნება ნათანიელ ჰოტორნს

    ნიშნად მისი გენიის თაყვანისცემისა

    ეტიმოლოგია

    (ცნობები, შეკრებილი კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლის თანაშემწის მიერ, რომელიც შემდეგ ჭლექით გარდაიცვალა)

    ახლაც თვალწინ მიდგას, სახეგაცრეცილი იყო, გაცვეთილი სერთუკი ეცვა და ტვინი, სული და სხეულიც ასევე გასცვეთოდა. არაჩვეულებრივი, მსოფლიოს ყველა ქვეყნის დროშებით თითქოს განგებ აჭრელებული ცხვირსახოცით დღენიადაგ მტვერს აშორებდა ძველ ლექსიკონებსა და გრამატიკის წიგნებს. მას მოსწონდა, როცა ძველი გრამატიკის წიგნებს მტვერს აცლიდა. ამ უშფოთველი საქმიანობის ჟამს იგი სიკვდილზე ფიქრობდა.

    ეტიმოლოგია

    „თუ სხვათა ჭკუის დარიგებას აპირებ და გინდა შეასწავლო, რომ ჩვენს ენაზე ვეშაპ-თევზი სიტყვა whale-თი არის მონათლული და ამასთან საკუთარი გაუნათლებლობის გამო გამოგრჩება ასო h, ეს ასო კი თითქმის მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობას გამოხატავს, ცოდნას კი არ უნერგავ, შეცდომაში შეგყავს".

    ჰაკლუიტი

    „Whale შვედ. და დან. hval. ამ ცხოველის სახელწოდება დაკავშირებულია სიმრგვალისა და დაქანებულობის მნიშვნელობასთან, რადგან დანიურად hvalt გადრეკილსა და კამაროვანს ნიშნავს".

    ვებსტერის ლექსიკონი

    „Whale უშუალოდ ჰოლანდიური და გერმანული wallen-იდან მომდინარეობს, ანგლოსაქ. walw-იდან - „ცურაობა, ფართხალი".

    რიჩარდსონის ლექსიკონი

    ძველებრაული ל, ר

    ბერძნული κήτος

    ლათინური cetus

    ანგლოსაქსონური whoel

    დანიური hvalt

    ჰოლანდიური wal

    შვედური hwal

    ისლანდიური whale

    ინგლისური whale

    ფრანგული baleine

    ესპანური ballena

    ფიჯის ენაზე PEKEE-NUEE-NUEE

    ერომანგოს ენაზე PEHEE-NUEE-NUEE

    ამონარიდი

    (შეკრებილი ბიბლიოთეკარის უმცროსი თანაშემწის მიერ)

    მკითხველი დარწმუნდება, რომ ამ საბრალო უმცროსმა თანაშემწემ, გულუბრყვილო პედანტმა და წიგნების ჭიამ მთელი ვატიკანის ბიბლიოთეკები და მსოფლიოს ყველა ბუკინისტური ფარდული გადაქექა, რომ სადმე, რომელიმე წმიდა თუ ღვთისმგმობლურ წიგნში ვეშაპზე რაიმე ცნობას თუნდაც შემთხვევით წასწყდომოდა. ამიტომ ყოველგვარ შემთხვევაში ვეშაპზე ამ უწესრიგოდ დალაგებულ, მაგრამ უტყუარ ციტატებს ცეტოლოგიის წმინდა და ჭეშმარიტ სახარებად ნუ მიიღებთ. ეს ასე სულაც არ არის. ყველა ამ უწინდელ ავტორთა და აქ ხსენებულ პოეტთა შრომების ნაწყვეტები ჩვენთვის იმდენად არის ძვირფასი და საინტერესო, რამდენადაც ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ყველაფერზე, რაც კი ოდესმე უკავშირდებოდა და რაიმე საბაბით უთქვამთ, უფიქრიათ, უხსენებიათ და უმღერიათ ლევიათანზე, ყოველ ერსა და თაობას დღევანდელის ჩათვლით.

    მაშ, ასე, მშვიდობით, საბრალო უმცროსო თანაშემწევ, ვის კომენტატორადაც აქ გამოვდივარ. შენ ეკუთვნი იმ ადამიანთა უსიხარულო, ავადმყოფურ მოდგმას, რომელთაც ამ ქვეყანაზე ვერავითარი სასმელი ვერ შეახურებს და ვისაც თეთრი ხერესი მეტისმეტად ვარდისფერ და მაგარ სასმელად მოეჩვენებოდა, მაგრამ შენთან ჯდომა ზოგჯერ სასიამოვნოა, თავი უბედური და მიტოვებული მგონია და დაღვრილი ცრემლით დამთვრალი თანამოსაუბრისადმი გულითადობით ვიმსჭვალები. მინდა პირდაპირ, უყოყმანოდ გითხრათ, სანამ თვალი სველი გვაქვს და ჭიქები - მშრალი, გული კი უნეტარესი სევდით გვევსება: - თავი დაანებეთ ამ საქმეს, უმცროსო თანაშემწეებო! ხომ იცით, რომ ქვეყნის გულის მოსაგებად, რაც უფრო წელებზე ფეხს დაიდგამთ, მით უფრო ნაკლებ მადლიერნი იქნებიან! ეჰ, თქვენთვის ჰემპტონ-კორტისა და ტიუილრის სასახლის გასუფთავება რომ შემეძლოს! ახლავე ცრემლები ჩაყლაპეთ და თავები მაღლა ასწიეთ, სულით ამაღლდით! მაღლა, სულ მაღლა, თვით გროტ-ანძის ტოპზე მაღლა! თქვენზე უწინ ამაღლებული ამხანაგები შვიდსართულიან ზეცას გითავისუფლებენ და თქვენს ასვლამდე იქიდან აძევებენ ოდინდელ ნებიერთ - გაბრიელს, მიქაელსა და რაფიელს. ჩვენ აქ ერთმანეთს მხოლოდ დამსხვრეული გულებით ვეჯახებით - იქ კი შეგიძლიათ თქვენი გაუბზარავი თასები შეახალოთ!

    ამონარიდი

    „და შექმნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი".

    შესაქმე

    „აღაზნებს იგი უფსკრულსა, ვითარცა სახმილსა რვალისასა, ხოლო ჰგონებ ზღვასა, ვითარცა მირონის მხარშველსა".

    იობი

    „და უბრძანა უფალმან ვეშაპსა დიდსა შთანთქმად იონა".

    იონა

    „მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერლად მისა".

    ფსალმუნი

    „მას დღესა მოაწიოს უფალმან მახუილი წმიდა და დიდი და ძლიერი, ვეშაპსა ზედა გულსა მტოლვარესა ვეშაპსა ზედა გულსა გულარძნილსა და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღუასა შინა".

    ისაია

    „და კიდევ რამაც არ უნდა ამოჰყოს თავი ამ ურჩხულის ყბაში, მხეცი იქნება, ხომალდი თუ ქვა, მის უზარმაზარ აყროლებულ ხახაში წამსვე უჩინარდება და მისი სტომაქის შავ უფსკრულში იღუპება".

    პლუტარქეს „ზნეობანის" ჰოლანდისეული თარგმანი

    „ინდოეთის ზღვაში ბინადრობენ დედამიწაზე არსებულ ვეშაპთაგან ყველაზე უზარმაზარი ვეშაპები; მათ შორის - ვეშაპები ანუ წყალმბრუნავები, რომელთაც Balaene ეწოდებათ და ოთხი აკრისა ან არპანის სიგრძისანი არიან".

    პლინიუსის ჰოლანდისეული თარგმანი

    „ნაოსნობაში ორი დღე არ გვექნებოდა გატარებული, რომ ერთხელ, განთიადისას, მრავალი ვეშაპი და ზღვის სხვა ურჩხული დავინახეთ. იმათთაგან ერთი მართლაც ბუმბერაზი იყო. გვერდებზე ტალღები ააბორგა, ცხვირწინ ზღვა ააქაფა და ხახადაღებული მოგვიახლოვდა".

    ტუკი ლუკიანეს „ნამდვილი ისტორიის" თარგმანი

    „იგი ჩვენს ქვეყანაში ვეშაპების დასაჭერადაც ჩამოვიდა, რადგან ამ ცხოველის ეშვი მეტად ძვირფასი ძვლისაა, რისი ნიმუშებიც მეფისათვის მისართმევად თან ჩამოიტანა. მაგრამ უფრო დიდი ზომის ვეშაპებს მისი ქვეყნის ნაპირებთან იჭერენ; ზოგიერთი ორმოცდარვა და ორმოცდაათი იარდის სიგრძისაა. იგი ამბობს, რომ მას და მასთან კიდევ ხუთ კაცს ორ დღეში სამოცი ვეშაპი დაუხოცავთ".

    ოთპერის ან ოკთჰერეს ნამბობი, სიტყვასიტყვით ჩაწერილი ალფრედ მეფის მიერ 890 წელს ქრისტეს დაბადებიდან

    „და მაშინ, როდესაც ყოველივე განურჩევლად, ცოცხალი არსება იქნება თუ ხომალდი, მოხვედრილი იმ საზარელ უფსკრულში, რასაც ურჩხულის (ვეშაპის) ხახა წარმოადგენს, წამსვე სამუდამოდ ინთქმება და იღუპება, ზღვის ციმორი თავისი ნებით თავს აფარებს და იქ სრულიად დამშვიდებული ძილს ეძლევა".

    მონტენი, „რაიმონ სებონის აპოლოგია"

    „გავიქცეთ! აქვე მიწა გამისკდეს თუ ის ლევიათანი არ იყოს, ღირსეულმა მოსე წინასწარმეტყველმა წმიდა იობის წიგნში რომ აგვიწერა".

    რაბლე

    „ამ ვეშაპის ღვიძლი ორ საზიდარზე დადეს".

    სტოუ, „ანალები"

    „ზღვა, დიადი ლევიათანი რომ აქაფებს, მსგავსია მდუღარე ქვაბისა".

    ლორდ ბეკონი, ფსალმუნთა თარგმანი

    „ვეშაპის ან ორკის საოცარ სხეულს რაც შეეხება, რაიმე გარკვეული ცნობა არ მოგვეპოვება. ზოგიერთნი განსაკუთრებული სიდიდისანი იზრდებიან, ასე რომ, ერთი ვეშაპისგან შეიძლება წარმოუდგენელი რაოდენობის ქონი გადავადნოთ".

    „სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორია"

    „და მიქებდა ქონსა ვეშაპისას - დაშავებულთა უებარი წამალიაო".

    „მეფე ჰენრი IV"

    „თუ უფრო ვეშაპსა ჰგავს"

    „ჰამლეტი"

    „აქ შეჩერება ვის ძალუძს მისი?

    დაუნდობელი, მოსვრილი სისხლით

    მტრისკენ მიიწევს, არ სურს ლოდინი;

    ნაპირს ესწრაფვის ძლეული რისხვით, -

    ვეშაპი შმაგი და დაკოდილი".

    „ფერიათა დედოფალი"

    „...იმ ვეშაპივით გრანდიოზულია, უზარმაზარი სხეულით ოკეანეს მშვიდ ამინდშიაც კი რომ აბორგებს".

    სერ უილიამ დავენანტი, „გონდიბერტის" წინასიტყვაობა

    „თუ თავისთავად სპერმაცეტი რას წარმოადგენს, სიმართლე რომ ითქვას, ადამიანებმა არც იციან, რადგან თვით განსწავლულზე განსწავლულმა ჰოფმანუსმა ოცდაათწლიანი კვლევა-ძიების შემდეგ თავის წიგნში გულწრფელად განაცხადა: nescio quid sit[1]".

    სერ. თ. ბრაუნი, „სპერმაცეტზე და სპერმაცეტულ ვეშაპზე. იხ. მისი „ტრაქტატი გავრცელებულ მცდარ შეხედულებებზე

    „ის სიკვდილს თესავს თავისი კუდით,

    როგორც სპენსერის დევგმირი - ხუნდით.

    * * *

    დასერილი აქვს შუბებით გვერდი,

    მიჰქრის და ტალღებს მიაპობს მკერდით".

    უოლერი, „ბრძოლა ზაფხულის კუნძულებთან"

    „ხელოვნების შექმნილი ის დიდი ლევიათანი, სახელმწიფოდ (ლათინურად Civitas) რომ იწოდება და მხოლოდ ხელოვნურ ადამიანს რომ წარმოადგენს".

    ჰობსი, „ლევიათანის" შესავალი პარაგრაფი

    „სიფრთხილეს მოკლებულმა ქალაქმა მენსუოლმა იგი ისე გადაყლაპა, როგორც ვეშაპმა - ლიფსიტა".

    „გზა სალოცავად მიმავალისა"

    „ის მხეცი ზღვისა,

    ლევიათანი, უდიდესი იმათგან, ვისაც

    უფალმა ჩვენმა წყლის მორევში ჩაუდგა სული".

    „დაკარგული სამოთხე"

    „ლევიათანი,

    უდიდესი სულდგმულთაგან, ვინც შექმნა ღმერთმა,

    მსგავსი მცურავი კუნძულისა, ზღვის უფსკრულებში

    თვლემს, ან მიაპობს ოკეანეს. ვეება მკერდი

    ევსება ზვირთთა ნაკადებით, რომ მერე ისევ

    უზარმაზარი შეანთხიოს ცას შადრევანი".

    იქვე

    „უზარმაზარი ვეშაპები ზღვაში დაცურავენ, ქონის ზღვა კი ვეშაპებში დაცურავს".

    ფულერი, „ამქვეყნიური და ღვთაებრივი მეუფება"

    „კონცხს ეფარება ლევიათანი

    და გალურსულა ნადავლს ნაჩვევი,

    მისკენ ისწრაფვის სწორედ ნადავლიც,

    თითქოს ეს იყოს გზა გადარჩენის".

    დრაიდენი, „Annus Mirabilis"

    „სანამ ვეპაშის სხეული კიჩოსთან ტალღებზე ირწევა, თავს აცლიან და კანჯოთი ნაპირთან რაც შეიძლება ახლოს მიათრევენ ხოლმე, ასე რომ, თორმეტი-ცამეტი ფუტის სიღრმეზე ფსკერსაც კი ეხება".

    თომას ეჯი

    „ათი რეისი შპიცბერგენზე".

    იხ. პარჩესი

    „გზაზე მათ მრავალი ვეშაპი დაინახეს; ისინი ოკეანეში ანცობდნენ და წყლის ჭავლებს გასართობად მაღლა ისროდნენ".

    სერ თ. ჰერბერტი. „მოგზაურობა აზიასა და აფრიკაში". ჰარისის კრებული

    „აქ ისინი ვეშაპთა მთელ ურდოებს წააწყდნენ და იძულებულნი იყვნენ, ხომალდი დიდი სიფრთხილით ეტარებინათ, რომ ამ თევზთაგან რომელიმეს არ შესკდომოდნენ."

    სკაუტონი, „მეექვსე ნაოსნობა დედამიწის გარშემო"

    „ძლიერი ნორდ-ოსტი უბერავდა, როცა ხომალდით „იონა ვეშაპის სტომაქში" ელბის შესართავიდან ზღვაში გავედით.

    ზოგიერთნი ირწმუნებიან, ვეშაპი ხახას ვერ აღებსო, მაგრამ მოგონილი ამბავია.

    მეზღვაურები ჩვეულებრივად ანძის წვერზე მიძვრებიან და ვეშაპებს იქიდან უთვალთვალებენ, რადგან იმას, ვინც ვეშაპს პირველი შეამჩნევს, ოქროს დუკატით აჯილდოებენ.

    მიამბეს, შეტლანდის კუნძულებთან ერთი ვეშაპი დაუჭერიათ, სტომაქში იმდენი ქაშაყი ჰქონია, ერთ კასრზე მეტი გამოვიდოდა.

    ერთი ჩვენი მებარჯე ირწმუნება, შპიცბერგენთან როგორღაც ვეშაპი მოვკალი, მთლიანად თეთრი იყოო".

    „ნაოსნობა გრენლანდიაში", 1671 წ. ქრ. დაბ. ჰარისის კრებული

    „აქ, ფაიფის სანაპიროზე, ზღვა ზოგჯერ ხმელეთზე ვეშაპს გამოაგდებს ხოლმე. ქრისტეს დაბადებიდან 1652 წლის ზაფხულში ზღვას ნაპირზე გამოურიყავს ოთხმოცი ფუტის სიგრძის ვეშაპი, რომელიც ულვაშიანთა სახესხვაობას მიეკუთვნებოდა; როგორც გადმომცეს, დიდი რაოდენობის ქონის გარდა 500 არშინი ძვალი გამოსულა. მისი ყბა კი პიტფერენის ბაღში თაღად აღუმართავთ.

    სიბალდი, „ფაიფი და კინოსი"

    „აქ მე ვთქვი, მგონი, იმ სპერმაცეტული ვეშაპის მოკვლას მეც შევეცადო-მეთქი, თუმცა ჯერ ყური არ მომიკრავს, რომ მისი მსგავსნი ადამიანის ხელით იღუპებოდნენ, - ისე სწრაფნი და მძვინვარენი არიან ისინი".

    რიჩარდ სტრაფორდი, „წერილი ბერმუდის კუნძულებიდან", ფილოლოგიური ჩანაწერები, 1668

    „ზღვაში ვეშაპნი ღვთის ნებას ემორჩილებიან".

    ანბანი. ახალი ინგლისი

    „აქ ჩვენ შემოგვხვდა აგრეთვე მრავალი უზარმაზარი ვეშაპი; მე ვიტყოდი, რომ ჩრდილოეთში მობინადრე ერთ ვეშაპზე სამხრეთის ზღვებში ამგვარი ასი ვეშაპი მოდის".

    კაპიტანი კაული, „ნაოსნობა დედამიწის გარშემო". 1729 წ. ქრ. დაბ.

    „ხოლო ვეშაპის სუნთქვას ხშირად განსაკუთრებით მძაფრი სუნი დაჰყვება, რამაც შეიძლება კაცს გონება დაუბნელოს".

    ულოა, „სამხრეთი ამერიკა"

    „სჯობს, ორმოცდაათ ერთგულ სილფს თუ დაეკისრება,

    რომ გაუფრთხილდეს და დაიცვას ქალის ღირსება.

    რადგან ჩვენ მაინც არაერთგზის ვტეხავთ და ვიღებთ,

    ვეშაპის ნეკნით ამაგრებენ თუმცა ამ ციხეს".

    „დალალის მოტაცება"

    „თუ სიდიდით ხმელეთის ცხოველებს ზღვის სიღრმეში მობინადრეთ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ პირველნი მეტად უმნიშვნელო ზომისანი არიან. ვეშაპი ღვთის ქმნილებათაგან მართლაც ყველაზე უდიდესია".

    გოლდსმიტი, „ბუნებრივი ისტორია"

    „თუ პატარა თევზებისათვის ზღაპრის დაწერას მოისურვებდით, ისინი თქვენს წიგნში ბუმბერაზი ვეშაპების ენაზე ილაპარაკებდნენ".

    გოლდსმიტი - ჯონსონისადმი

    „საღამოს რაღაც დავინახეთ, რაც ჯერ კლდედ მოგვეჩვენა; მაგრამ შემდეგ გამოირკვა, მოკლული ვეშაპი იყო, ვიღაც აზიელებს მოეკლათ და ახლა ნაპირისაკენ მიათრევდნენ. ეტყობოდა, ცდილობდნენ, ვეშაპს ამოჰფარებოდნენ, რომ ვერ შეგვემჩნია".

    კუკი, „მოგზაურობანი"

    „ისინი შედარებით დიდ ვეშაპებზე თავდასხმას იშვიათად ბედავენ. ზოგიერთნი ისეთ თავზარს სცემენ, ზღვაში მათი ხსენებისაც კი ეშინიათ და მათ დასაფრთხობად ველბოტებით ნაკელს, კირს, ღვიას და ამათ მსგავს საგნებს თან დაათრევენ".

    უგო ფონ ტროილი, „წერილები ბენკსისა და სოლენდერის მოგზაურობაზე ისლანდიაში, 1772 წ."

    „ნანტაკეტის მცხოვრებთა მიერ აღმოჩენილი სპერმაცეტული ვეშაპი მძვინვარე და მკვირცხლი არსებაა; მასთან საბრძოლველად მეზღვაურებს განსაკუთრებული მოხერხებულობა და მამაცობა სჭირდებათ".

    ვეშაპის ქონის იმპორტის თაობაზე. 1778 წ. თომას ჯეფერსონი. წერილი საფრანგეთის მინისტრისადმი

    „ერთი მითხარით, ღვთის გულისათვის, სერ, ამ ქვეყანაზე რა შეედრება მას?"

    ედმუნდ ბერკი. ნანტაკეტის ვეშაპმრეწველობის მოხსენიება საპარლამენტო სიტყვაში

    „ესპანეთი, ეს უზარმაზარი ვეშაპი, გამოგდებული სამხრეთ-დასავლეთ ევროპის ნაპირებზე".

    ედმუნდ ბერკი (სადღაც)

    „კანონიერი სამეფო შემოსავლის მეათე წყაროს, განპირობებულს, როგორც ვარაუდობენ, იმ გარემოებით, რომ მეფე ზღვას დარაჯობს და მეკობრეებისა და ყაჩაღებისაგან იცავს, სამეფო თევზზე, ამად კი ვეშაპი და ზუთხი ითვლება, უფლება წარმოადგენს. ნაპირზე გამოგდებული ან მის სიახლოვეს დაჭერილი ეს თევზი მეფის საკუთრებად ცხადდება".

    ბლეკსტონი

    „მზად არის ყველა, რომ ახლა ისევ

    ურჩხულს გმირულად შეებას მყისვე,

    შმაგმა როდმონდმა თავისი ბასრი

    და დაკბილული აღმართა ბარჯი".

    ფოლკონერი, „ხომალდის დაღუპვა"

    „კოშკებს, გუმბათებს, სახურავებს, აქ სიდიადით

    აცისკროვნებდა მაშხალების კაშკაში ღამით,

    გადაშავებულ ცის თავანზე ეკიდნენ წამით,

    იდგა ხმაური და იხევდა უკან წყვდიადი.

    ჩვენ ცეცხლი წყალს თუ შევადარეთ, - ასე შადრევანს

    ოკეანეში აფრქვევს ხოლმე ვეშაპი მძლავრი

    და ზეცისაკენ სწორედ ისე მიიწევს ჭავლი,

    ლაღობასა და დღესასწაულს რომ ეკადრება".

    კუპერი, „დედოფლის ლონდონში ჩამოსვლის გამო"

    „პირველი დარტყმისთანავე მკერდიდან სისხლის შადრევანმა ამოასხა. სულ თხუთმეტ გალონამდე სისხლმა იდინა".

    ჯონ ჰანტერი, „პატარა ზომის ვეშაპთა სხეულის ანატომირების ანგარიში"

    „ვეშაპის აორტა დიამეტრით აღემატება წყალგაყვანილობის ყველაზე მსხვილ მილს ლონდონის ხიდთან, ხოლო ამ მილში გამავალი წყლის სიჩქარე და წნევა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ვეშაპის მკერდიდან გადმონთხეული სისხლის ნაკადს".

    პეილი, „თეოლოგია"

    „ვეშაპი ძუძუმწოვარია, რომელსაც უკანა კიდურები არა აქვს".

    ბარონი კიუვიე

    „ორმოცი გრადუსით სამხრეთით კაშალოტები შევამჩნიეთ, მაგრამ ნადირობას პირველ მაისამდე არ შევდგომივართ, როცა ზღვა მართლაც რომ ამ ცხოველებით არ დაიფარა".

    კოლეტი, „ნაოსნობა ვეშაპმრეწველობის შემდგომი გაფართოების მიზნით"

    „წყლის სტიქიონში მონავარდენი

    და ერთმანეთთან წაკიდებულნი

    ჩემს ქვემოთ კრთოდნენ ზღვის ქმნილებანი,

    უცხონი, ენით აუწერელნი,

    არც ერთ მეზღვაურს რომ არ უხილავს,

    გულშემზარავი ლევიათანი

    და მოფუთფუთე მირიადები

    უბადრუკ მწერთა, ზღვის ბინადარნი,

    დამონებულნი იდუმალ ინსტინქტს,

    გზას უშეცდომოდ რომ მიიკვლევენ -

    ამ უგზო-უკვლო ზღვის უდაბნოში:

    სადაც უფრთხიან ვეშაპს და ზვიგენს

    და ემუქრებათ სადაც მახვილი,

    ხერხი, რქები და მოხრილი ეშვი".

    მონტგომერი, „ქვეყნიერება წარღვნის წინადღეს"

    „თევზთა მეუფეს ვუთხრათ დიდება!

    ვინც ტაიფუნსაც არ უშინდება,

    უკიდეგანო ატლანტის ზღვაში

    არ მეგულება ამისი მსგავსი;

    ჯერ ასე მსუქანს და დიდთავიანს,

    ქვეყნად ვეშაპს არ უცურავია".

    ჩარლზ ლემბი, „ვეშაპის ტრიუმფი"

    „1690 წლის ზაფხულში რამდენიმე ადამიანი შემაღლებულ ბორცვზე იდგა და თვალს ადევნებდა, როგორ დანავარდობდნენ ვეშაპები და შადრევანს როგორ აფრქვევდნენ. ერთმა კაცმა ხელი შორეული ზღვისკენ გაიშვირა და თქვა: იქ არის ის მწვანე მინდორი, სადაც ჩვენი შვილთაშვილები ლუკმაპურის საშოვნელად გაემგზავრებიანო".

    ვიდ მეისი, „ნანტაკეტის ისტორია"

    „ჩემთვისა და სუზანასათვის პატარა სახლი ავაშენე და ჭიშკრად ვეშაპის ყბა გოთური თაღივით აღვმართე".

    ჰოტორნი, „ორჯერ მონაყოლი ისტორიები"

    „ის ქალი ჩემთან იმ ადამიანის ძეგლის თაობაზე მოსათათბირებლად მოვიდა, ახალგაზრდობაში რომ ჰყვარებია და ორმოცი წლის წინათ ვეშაპს რომ მოუკლავს წყნარ ოკეანეში".

    იქვე

    „არა, სერ, ეს ნამდვილი ვეშაპია, - უპასუხა ტომმა. - მე დავინახე მისი შადრევანი; ცისკენ ორი ისეთი ლამაზი ცისარტყელა აღმართა, ყოველ ქრისტიანს თვალს მოსტაცებდა. ეს მხეცი შენი სპერმაცეტის პატარა კასრივით ქონით არის სავსე".

    კუპერი, „ლოცმანი"

    „სხვადასხვა გაზეთი მოგვართვეს და ბერლინის ახალი თეატრალური ამბების გადათვალიერებისას შევიტყვეთ, რომ იქ, სცენაზე ზღვის ურჩხულები და ვეშაპები გამოდიოდნენ".

    ეკერმანი, „საუბრები გოეთესთან"

    „ღვთის გულისათვის, მისტერ ჩეის! რა ამბავია? - ვუპასუხე: „ხომალდი ვეშაპს დაეჯახა და კორპუსი გახვრეტილია-მეთქი.

    „აღწერა ნანტაკეტის ვეშაპსანადირო ხომალდ „ესექსის დაღუპვისა, წყნარ ოკეანეში დიდი კაშალოტი რომ თავს დაესხა; შედგენილი მოხსენიებული ხომალდის კაპიტნის უფროსი თანაშემწის, ნანტაკეტელ ოუენ ჩეისის მიერ.

    ნიუ-იორკი, 1821

    „სდუმდა მატროსი ანძაზე მდგარი,

    ძლივს ანათებდა ფერმკრთალი მთვარე,

    კვლავ ატყდა ქარი და გაძლიერდა,

    და ფოსფორივით დასალიერთან

    ელავდა მხოლოდ ვეშაპის კვალი".

    ელიზაბეტ ოუკს სმიტი

    „მხოლოდ ვეშაპის ჭერით დაკავებულ ველბოტთა ლინის საერთო სიგრძემ 10440 იარდს, ანუ თითქმის ექვს ინგლისურ მილს მიაღწია...

    ვეშაპს ჩვეულებად აქვს, დროდადრო ჰაერში თავის საშინელ კუდს იქნევს და შოლტივით ატკაცუნებს, ეს ტკაცუნი კი ზღვაზე სამი-ოთხი მილის მანძილზე ისმის".

    სკორსბი

    „სულ ახალი და ახალი თავდასხმებითა და ჭრილობებით გაცოფებული კაშალოტი წყალში გაშმაგებით ტრიალებს, უზარმაზარი თავით ზევით ამოდის და ხახადაღებული, რაც კი შეხვდება, ყველაფერს ანადგურებს; თავს ესხმის ველბოტებს, საშინელი სისწრაფით წინ მიერეკება და შუბლით ამსხვრევს და ძირავს.

    ...განსაცვიფრებელია, რომ ასეთი საინტერესო და კომერციული თვალსაზრისით მეტისმეტად იშვიათი ცხოველის (როგორიც კაშალოტია) ზნე-ჩვეულებანი სრულიად ან თითქმის სრულიად არ იქცევს იმ მრავალრიცხოვან და ზოგჯერ განსწავლულ დამკვირვებელთა ყურადღებას, რომელთაც უკანასკნელ წლებში არაერთი შესანიშნავი შემთხვევა ჰქონდათ, თვალყური ედევნებინათ მათი საქციელისათვის".

    თომას ბიილი, „კაშალოტის ისტორია", 1839

    „კაშალოტი (სპერმაცეტული ვეშაპი) ნამდვილ (გრენლანდიურ) ვეშაპზე არა მარტო უკეთ არის შეიარაღებული, რადგან მას სხეულის ორივე კიდურზე სასიკვდილო იარაღი აქვს, არამედ უფრო ხშირად ამჟღავნებს მიდრეკილებას, იხმაროს ეს იარაღი, რასაც იგი ისეთი შეუპოვრობითა და ვერაგობით სჩადის, რომ ჩვენთვის ცნობილ ვეშაპთა გვარის ნაირსახეობათაგან ყველაზე სახიფათოდ მიაჩნიათ".

    ფრედერიკ დებელ ბენეტი, „სარეწაო ნაოსნობა დედამიწის გარშემო", 1840

    „13 ოქტომბერი.

    - ჰორიზონტზე შადრევანია! - გაისმის ანძიდან.

    - სად? - კითხულობს კაპიტანი.

    - სამ რუმზე ქარის მიმართულებით, სერ.

    - საჭე მარცხნივ! ასე გეჭიროს!

    - არის ასე მეჭიროს, სერ.

    - ეი, მეთვალყურევ! ახლა ხედავ?

    - დიახ, დიახ, სერ! კაშალოტების მთელი ჯოგია! შადრევნებსაც აფრქვევენ, წყლიდანაც ხტებიან.

    - თუ რამე დაინახო, მაშინვე ჩამოგვძახე!

    - არის, სერ. აგერ, შადრევანი! აგერ კიდევ, აგერ კიდევ, აგერ კიდევ ერთი!

    - შორს არიან?

    - ორ-ნახევარ მილზე.

    - ეშმაკმა დასწყევლოს! რა ახლოს არიან! დაუსტვინეთ, ყველანი ზევით ამოვიდნენ!"

    ჯ. როს ბრაუნი, „ჩანახატები ვეშაპსარეწაო ნაოსნობისას", 1846

    „ვეშაპსარეწაო ხომალდი „გლობუსი, რომლის გემბანზედაც მოხდა ის საშინელი ამბები, რის გადმოცემასაც აქ ვაპირებთ, კუნძულ ნანტაკეტს ეკუთვნოდა.

    ხომალდ „გლობუსის" ამბოხების აღწერა, შედგენილი ეკიპაჟის მხოლოდ ორი გადარჩენილი წევრის - ლეესა და ჰაზის მიერ, 1828 წ. ქრ. დაბ.

    „ერთხელ დაკოდილი ვეშაპი გამოედევნა; იგი ჯერ ცდილობდა, როგორმე ჭვილთით მოეგერიებინა, მაგრამ გაშმაგებულმა ურჩხულმა ველბოტს ბოლოს მაინც შეუტია და, ის, რაკი დაინახა, რომ ვერაფერს გააწყობდა, ამხანაგებთან ერთად წყალში გადახტა და თავს უშველა".

    ტაიერმენისა და ბენეტის მისიონერული დღიური

    „და თვით ნანტაკეტი, - განაცხადა მისტერ ვებსტერმა, - ნაციონალური შემოსავლის მეტად საყურადღებო და თავისებური წყაროა. მისი მოსახლეობა რვა-ცხრა ათას კაცს არ აღემატება; ისინი მთელ სიცოცხლეს ზღვაზე ატარებენ და წლიდან წლამდე თავისი მამაცური და მეტისმეტად შეუპოვარი საქმიანობით ნაციონალური კეთილდღეობის ზრდას ხელს უწყობენ".

    ნანტაკეტში ზვირთსაქცევის აგების კანონპროექტთან დაკავშირებით სენატში დენიელ ვებსტერის გამოსვლის ანგარიში, 1828

    „ვეშაპი პირდაპირ მას დაასკდა, სავარაუდოდ, რომ სიცოცხლეს მაშინვე გამოასალმებდა".

    ფრიად პატივცემული ჰენრი თ. ჩივერი, „ვეშაპი და ვეშაპზე მონადირენი, ანუ ვეშაპმონადირის ცხოვრების აღწერა და ვეშაპის თავგადასავალი, შედგენილი „კომოდორი პრებლით უკან დაბრუნებისას.

    „ერთი ხმა ამოგიღია, ისე მოგაქცევ, შენიანი ვეღარ იცნო, - გამოეხმაურა „სემუელი".

    „სემუელ კომსტოკის (შფოთისთავის) ცხოვრება, აღწერილი მისი ძმის უილიამ კომსტოკის მიერ. ვეშაპსანადირო ხომალდ „გლობუსზე მომხდარ ამბავთა გადმოცემის სხვა ვერსია

    „ინდოეთისაკენ მიმავალი გზის აღმოჩენის მიზნით, თუკი ეს შესაძლებელი იყო, ჩრდილოეთ ოკეანეში ჰოლანდიელებისა და ინგლისელების ნაოსნობას, მართალია, სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, მიაგნეს იმ რაიონებს, სადაც ვეშაპები ბინადრობენ".

    მაკ-კულოზი, „კომერციული ლექსიკონი"

    „ასეთი რამეები ერთმანეთთან არის დაკავშირებული; ბურთი მიწაზე იმიტომ ეცემა, რომ უფრო მაღლა ავარდეს; ასევე ვეშაპმონადირეებმა ვეშაპების ადგილსამყოფლის აღმოჩენით ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის საიდუმლოს ამოხსნას შეუწყვეს ხელი".

    რაღაც გამოუქვეყნებელი

    „ოკეანეში ვეშაპსანადირო ხომალდი გასაოცარი შესახედაობისაა. აფრადაშვებული ანძებით, რომელთა წვეროებიდანაც სამი მზვერავი ზღვის სივრცეს დაჟინებით გაჰყურებს, ყოველგვარი სხვა ხომალდისაგან სრულებით განსხვავდება".

    „დინება და ვეშაპმრეწველობა", ამერიკული კვლევითი ექსპედიციის ანგარიშები

    „ლონდონის გარეუბნებში ან სადმე სხვაგან სეირნობისას ალბათ შეამჩნევდით ჭიშკრებზე ან ფანჩატურის შესასვლელებთან მიწიდან ამოშვერილ, თაღივით აღმართულ, გრძელ, გაღუნულ ძვლებს და იქნებ თქვენთვის კიდევაც უთქვამთ, ესენი ვეშაპის ნეკნებიაო".

    „მოთხრობები სარეწაო ნაოსნობაზე არქტიკულ ოკეანეში"

    „და როცა ველბოტებმა ვეშაპის დევნას თავი დაანებეს და მობრუნდნენ, თეთრებმა მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, რომ ხომალდი მძვინვარე ველურთა, მათი ეკიპაჟის წევრთა ხელში იყო".

    საგაზეთო ცნობა, თუ როგორ დაკარგეს და მერე როგორ დაიბრუნეს ვეშაპსანადირო ხომალდი „ბოროტი სული"

    „ყველასათვის ცნობილია, რომ ვეშაპსანადირო ხომალდის (ამერიკული) ეკიპაჟიდან იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება იმავე ხომალდით, რომლითაც ნაოსნობაში გაემგზავრა".

    „ნაოსნობა ვეშაპსანადირო ხომალდზე"

    „უეცრად წყლიდან უზარმაზარი სხეული გამოჩნდა და ვერტიკალურად მაღლა ავარდა. ეს ვეშაპი იყო."

    „მირიამ კოფინი, ანუ მეთევზე-ვეშაპმონადირე"

    „ისიც დავუშვათ, რომ მოახერხეთ და ვეშაპი დაბარჯეთ; აბა, ერთი წარმოიდგინეთ, ფიცხ, ფეხმარდ სამწლიან კვიცს ვითომ მხოლოდ კუდის ფოჩზე მიბმული თოკით მოერეოდით?"

    „ძვლები და ჩვრები". თავი ვეშაპმონადირეობაზე

    „ერთხელ შესაძლებლობა მომეცა, თვალყური მედევნებინა ორი ამგვარი ურჩხულისათვის (ვეშაპისათვის), ალბათ დედლისა და მამლისათვის; ისინი ერთიმეორის მიყოლებით ისე ნელა და წიფლის ტყეებით დაფარულ ნაპირთან (ცეცხლოვან მიწასთან) ისე ახლოს მიცურავდნენ, რომ თითქოს ქვასაც კი მიუწვდენდით".

    დარვინი, „ნატურალისტის მოგზაურობა"

    „უკან დაიხიეთ! - დაიყვირა კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ, როცა შებრუნდა და ზედ კანჯოს ქიმთან ხახადაღებული კაშალოტი დაინახა; იგი მათ გარდაუვალი დაღუპვით ემუქრებოდა. - უკან დაიხიეთ, ვისაც სიცოცხლე არ მოგბეზრებიათ!"

    „უორტონი - ვეშაპთა რისხვა"

    „ცხვირი რას ჩამოგიშვიათ,

    ნავს ნუ მიუშვებთ ნებაზე,

    ვეშაპი ბარჯით დაბარჯა

    ჩვენმა მამაცმა მებარჯემ!"

    ნანტაკეტური სიმღერა

    „სადაც ყველანი ქედს უხრიან ძალას მრისხანეს,

    იქ კაშალოტი ცხოვრობს ბებერი,

    ვერც ტაიფუნი აკლებს რამეს, ვერც ქარიშხალი,

    არის მეუფე და მბრძანებელი".

    ვეშაპმონადირეთა სიმღერა

    1. მოხაზულობა ისახება

    მე ისმაილს მეძახიან. ამ რამდენიმე წლის წინ - როდის, ამას მნიშვნელობა არა აქვს - აღმოვაჩინე, რომ ქისაში ფული თითქმის აღარ მომეძევებოდა და ხმელეთზეც აღარაფერი მეგულებოდა საინტერესო. მაშინ გადავწყვიტე, ხომალდში ჩავმჯდარიყავი და გზას გავდგომოდი, რომ ქვეყნიერებისათვის ზღვიდან შემეხედა. ეს ჩემი ნაცადი ხერხია, სევდას ასე ვიქარვებ და სისხლს ასე ვიწყნარებ. ყოველთვის, როცა სახე მომეღრუბლება; როცა სულში ნესტიანი და წვიმიანი ნოემბერი დაიბუდებს; როცა ვამჩნევ, რომ მეკუბოვეთა აბრების თვალიერებას ვიწყებ და ყოველ სამგლოვიარო პროცესიას ავედევნები ხოლმე; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იპოქონდრია ისე წამომივლის, რომ მხოლოდ ჩემი მკაცრი მორალური პრინციპები არ მაძლევს ნებას, ქუჩაში გამოსულმა ყოველ გამვლელს ქუდი მიწაზე დავუნარცხო, ვხვდები, დროა, ზღვას მივაშურო და რაც შეიძლება მალე. ეს ტყვიისა და რევოლვერის მაგივრობას მიწევს. კატონი ფილოსოფიური ჟესტით ეგება მკერდით მახვილზე, მე კი მშვიდად ავდივარ ხომალდის გემბანზე. აქ საკვირველი არაფერია. ადამიანები უბრალოდ არ უკვირდებიან, თორემ ადრე თუ გვიან ბევრი მათგანი ისეთივე გრძნობით იმსჭვალება ოკეანისადმი, როგორითაც მე.

    აბა, შეხედეთ ქალაქ-კუნძულ მანჰეტენს. იგი ისეა გარშემორტყმული სატვირთო ნავმისადგომებით, როგორც მარჯნის კუნძული მარჯნისავე ბრაგებით. ნავმისადგომებს მიღმა კომერცია ხმაურობს. რომელ ქუჩასაც უნდა გაჰყვეთ, უსათუოდ წყალთან გახვალთ. ქალაქის საქმიანი ცენტრი და მისი განაპირა ნაწილი ბეტერია. აქედან იწყება დიდებული ჯებირი, რომელსაც ტალღები ელამუნება და ის ქარები დასტრიალებს თავს, სულ რამდენიმე საათის წინ ღია ზღვაში რომ დანავარდობდნენ. შეხედეთ იმ ადამიანებს, ისინი იქ დგანან და წყალს გაჰყურებენ.

    შემოიარეთ მთელი ქალაქი მთვლემარე შაბათ საღამოს. წადით კოლიერსის მოსახვევიდან კოენტისის დოკებამდე და მერე იქიდან, უაიტჰოლით, ჩრდილოეთისაკენ. რას ნახავთ? მთელი ქალაქის გარშემო, როგორც მდუმარე გუშაგები საგუშაგოზე, ოკეანის ჭვრეტით თავდავიწყებულ მოკვდავთა ურიცხვი ურდო დგას. ერთნი სანაპიროს მოაჯირს დაყრდნობიან, მეორენი ჯებირის ბოლოზე ჩამომსხდარან, სხვები ჩინეთიდან მოსული ხომალდის გემბანს ჩასცქერიან, ხოლო ზოგიერთნი ზევით, ვანტებზეც კი აცოცებულან, რომ ზღვის სივრცეს უკეთ გახედონ. მაგრამ ისინი ხომ ჩვეულებრივი ხელობის ადამიანები არიან, დახლებს მიჯაჭვულნი, სკამებს მილურსმულნი, კანტორის მაგიდებთან წახრილნი, სამუშაო დღეებს მობათქაშებული კედლების ტყვეობაში რომ ატარებენ. მაშ, რა ხდება? განა ხმელეთზე არ არის მწვანე მინდვრები? რას აკეთებენ აქ ეს ადამიანები?

    თუმცა გახედეთ! ხალხი თანდათან მატულობს, ისინი წყალთან ახლოს მიდიან. თითქოს შიგ უნდა გადაეშვანო. საოცარია! ვერ ისვენებენ, სანამ ხმელეთის ყველაზე უკიდურეს წერტილს არ მიაღწევენ. პაკჰაუზის ჩრდილში ჯდომას არ სჯერდებიან. არა, უსათუოდ ახლოს უნდა მივიდნენ წყალთან, რაც შეიძლება, ახლოს, მაგრამ ისე, რომ თავი წყალში არ ამოჰყონ. და, აი, დგანან ისინი აქ, ნაპირზე, ჯგუფ-ჯგუფად, მთელ მილზე გამწკრივებულნი. ხმელეთის მოქალაქენი თავიანთი შესახვევებიდან და ჩიხებიდან, ქუჩებიდან და პროსპექტებიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მოვიდნენ აქ და გაერთიანდნენ. გამაგებინეთ, იქნებ მათ ხომალდის კომპასის ისრის მაგნიტური ძალა იზიდავს აქეთკენ?

    ახლა სხვა მაგალითს მოგიყვანთ. წარმოიდგინეთ, რომ ქალაქგარეთ ხართ, სადმე ტბიან, ბორცვიან ადგილზე. ურიცხვი ბილიკიდან რომელიც გნებავთ, ამოირჩიეთ და მერე ამ ბილიკს დაადექით, სანაძლეოს ვდებ, იგი ამწვანებულ ველზე ჩაგიყვანთ და სწორედ იქ გაუჩინარდება, სადაც ნაკადული პატარა ტბად იქცევა. აქ რაღაც ჯადოქრობაა. ან თუ გნებავთ, წამოაყენეთ ყველაზე უფრო გონებადაფანტული ადამიანი, რომელიც ღრმა ფიქრს მისცემია, და უბიძგეთ ისე, რომ გზას დაადგეს, - ისიც უსათუოდ წყალთან მიგიყვანთ, თუკი, საერთოდ, იმ მიდამოებში წყალი მოიძებნება. იქნებ ოდესმე წყურვილმა გაგტანჯოთ ამერიკის დიდ უდაბნოში; თუ თქვენს ქარავანში ერთი მეტაფიზიკოსი პროფესორი მაინც იქნება, ეს ექსპერიმენტი ჩაატარეთ. დიახ, დიახ, წყალი და ფიქრი რომ საუკუნოდ განუყრელნი არიან, ეს ხომ ყველამ იცის.

    ან, თუნდაც, მხატვარი ავიღოთ. რა საგნებს გამოიყენებს თავის სურათში, როცა საკოს ხეობის ყველაზე პოეტური, ჩრდილებით დაფარული, მყუდრო და მომაჯადოებელი რომანტიკული პეიზაჟის დახატვას მოისურვებს? აგერ ხეები დგას. ხეები გამოფუღრულია, ასე გეგონებათ, ყოველ ხეში ჯვარცმიანი განდეგილი ბინადრობსო. აქეთ მდელო თვლემს, იქით - ფარა, აი, იმ პატარა სახლიდან კი ზანტად მიიზლაზნება კვამლი ზეცისაკენ. უკანა პლანზე ტყის სიღრმეში იკარგება დაკლაკნილი ბილიკი, რომელიც გამჭვირვალე სილურჯეში ჩაძირული მთის ვიწროებამდე აღწევს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინ ჯადოსნურ თვლემაში ჩაფლული სურათია და ფიჭვიც ფოთლებივით აყრის მწყემსს თავის ოხვრას, მხატვრის ყოველი ცდა ამაო იქნება, თუ იგი მწყემსის მზერას იქვე მოჩხრიალე ნაკადულზე არ შეაჩერებს. გაემგზავრეთ პრერიებში ივნისში, როცა ნარინჯისფერი შროშანებით მოფენილ მუხლამდე ბალახში რამდენიმე ათეულ მილს გაივლით. რა აკლია მთელ ამ სიმშვენიერეს? წყალი. აქ არ არის არც ერთი წვეთი წყალი! ნიაგარა რომ იმ სიმაღლიდან ძირს დაცემული ქვიშის ნიაღვარი იყოს, განა ადამიანები ათასობით მილს გამოივლიდნენ და მისი ხილვით დატკბებოდნენ? როცა საწყალ ტენესელ პოეტს მოულოდნელად ორი მუჭა ვერცხლი უბოძეს, რატომ შეყოყმანდა: ამ ფულით ჩემთვის ესოდენ საჭირო პალტო ვიყიდო, თუ როკერეი-ბიჩში ექსკურსიაზე წავიდეო? რა არის იმის მიზეზი, რომ ყოველ ნორმალურ, ჯანსაღ ბიჭუნას, რომელსაც ნორმალური, ჯანსაღი სული აქვს, ადრე თუ გვიან სულ ზღვა აკერია პირზე? ან თქვენ თვითონ ხომალდით პირველი მოგზაურობისას რატომ განიცდით მისტიკურ თრთოლვას, როცა გეუბნებიან, ნაპირი თვალს მიეფარაო. რატომ მიაჩნდათ ძველ სპარსელებს ზღვა წმიდათაწმიდად? რატომ შეურჩიეს მას ბერძნებმა განსაკუთრებული ღვთაება და ამასთან - ზევსის ღვიძლი ძმა? რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში ღრმა აზრი იმალება. უფრო ღრმა აზრს შეიცავს თქმულება ნარცისზე, საგუბარში დანახული ბუნდოვანი ხატების მიუწვდომლობით გაწამებულმა თავი რომ დაიხრჩო. და განა ყველა მდინარესა და ოკეანეში ჩვენც იმავე ხატებას არ ვხედავთ? იგი სიცოცხლის მიუწვდომელი მოჩვენების ხატებაა და საიდუმლოების გასაღებიც სწორედ აქ იმალება.

    მაგრამ რახან ვამბობ, ზღვაზე მოგზაურობა ჩვეულებად გადამექცა, როცა თვალები მენისლება და ფილტვებიც თავს მომაგონებენ-მეთქი, ისე არ გამიგოთ, თითქოს ხომალდზე მგზავრად მივდიოდე. მგზავრი რომ იყო, ქისაც სავსე უნდა გქონდეს, ცარიელი ქისა კი მხოლოდ ფალასია და მეტი არაფერი. ამასთან, მგზავრებს ზღვის ავადმყოფობა სტანჯავთ, კინკლაობენ, ღამეებს თეთრად ათენებენ და, ჩვეულებრივად, ნაკლებ სიამოვნებას განიცდიან; - არა, მე არასოდეს არა ვარ მგზავრი. თუმცა მრავლისმნახველი მეზღვაური გახლავართ, არც კომოდორი ვარ, არც კაპიტანი და არც კოკი. ამ თანამდებობებთან დაკავშირებული პატივი და დიდება იმათთვის დამითმია, ვისაც ეს მოსწონს. მე კი მეზიზღება ყოველივე არსებული და წარმოსახვითი საპატიო და პატივცემული შრომა, განსაცდელი თუ უბედურება. ისიც მეყოფა, ჩემს თავზე ზრუნვას რომ ავუდივარ, სად შემიძლია ხომალდებზე, ბარკასებზე, ბრიგებზე, კარჭაპებსა და სხვა მისთანებზე ფიქრი.

    კოკის თანამდებობას რაც შეეხება - ვაღიარებ, საპატიო თანამდებობაა. კოკიც ხომ თავისებური მეთაურია ხომალდზე, მაგრამ მე თვითონ დიდად არაფრად მეპიტნავება ცეცხლზე ფრინველის შეწვა, თუმცა, კარგა ბლომად ერბოში შებრაწულ და ზომიერად მარილმოყრილსა და პილპილმოყრილ ფრინველზე ჩემზე დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ვერავინ ილაპარაკებს. ძველი ეგვიპტელები ხომ ისე შორს წავიდნენ შემწვარი ძენძერუკისა და ჰიპოპოტამის თაყვანისცემაში, რომ დღეს მათ პირამიდა-სახაბაზოებში ამ ქმნილებათა მუმიებს პოულობენ.

    არა, როცა ზღვაში გავდივარ, უბრალო, ჩვეულებრივი მეზღვაური ვარ. თუმცა ამ დროს შავი დღე მადგას, მარბენინებენ კიდეც და მაიძულებენ, რეიდან რეიზე ისე ვიხტუნო, როგორც კალია დახტის ხოლმე მაისის მდელოზე. ეს თავიდან არცთუ ისე სასიამოვნოა. ღირსებაც გელახება კაცს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წარმოშობით ისეთ ძველ გვარს ეკუთვნი, როგორიც ვან-რანსელირების, რანდოლფებისა და ჰარდიკანუტების გვარია. მით უმეტეს, თუ მანამდე, სანამ ხელს კუპრიან კასრში აურევდი, სოფლის მასწავლებელი

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1