Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ფილოსოფიის საწყისები
ფილოსოფიის საწყისები
ფილოსოფიის საწყისები
Ebook319 pages4 hours

ფილოსოფიის საწყისები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateApr 8, 2022
ფილოსოფიის საწყისები

Read more from რენე დეკარტი

Related to ფილოსოფიის საწყისები

Related ebooks

Reviews for ფილოსოფიის საწყისები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ფილოსოფიის საწყისები - რენე დეკარტი

    რენე დეკარტი – ფილოსოფიის საწყისები

    Rene Descartes - Principia Philosophiae

    სარჩევი

    პირველი ნაწილი. ადამიანური შემეცნების საწყისების შესახებ

    მეორე ნაწილი. მატერიალურ საგანთა საწყისების შესახებ

    მესამე ნაწილი. ხილული სამყაროს შესახებ

    მეოთხე ნაწილი. დედამიწის შესახებ

    პირველი ნაწილი. ადამიანური შემეცნების საწყისების შესახებ

    1. იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტების მაძიებელმა, საჭიროა ცხოვრებაში ერთხელ ყველა საგანი, შეძლებისდაგვარად, ეჭვქვეშ დააყენოს

    ვიდრე მოწიფულობის ასაკს მივაღწევთ და გონებით სრულად ხელმძღვანელობა ჩვევად გვექცევა, იმ საგნების შესახებ, რომლებიც ბავშვობაში ჩვენს გრძნობებს წარმოუდგებოდა ხოლმე, ხან სწორი შეგვექმნა, ხან მცდარი; ნაჩქარევად გამოტანილი მრავალი ასეთი აზრის გამო გვექმნება დაბრკოლება ჭეშმარიტების შემეცნების მისაღწევად და მათგან განთავისუფლებას, ეტყობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩვენს ცხოვრებაში ერთხელ ეჭვქვეშ დავაყენებთ ყველა იმ საგანს, რომელთა უტყუარობა აღგვიძრავს უმცირეს ეჭვს.

    2. იმის შესახებ, რომ, ასევე, მცდარად უნდა მივიჩნიოთ ყველა ის საგანი, რომელთაც შესაძლოა დაგვაეჭვონ

    მეტიც, დიდად სასარგებლოა, უარვყოთ, როგორც მცდარი, ყველა ის საგანი, რომელთაც შეიძლება მცირეოდენ დაგვაეჭვონ; ამგვარი სიფრთხილის მიუხედავად, მათგან ზოგი თუ აშკარად ჭეშმარიტი გვეჩვენა, ისინი მივიჩნიოთ მართლაც უდავოდ და ყველაზე უფრო გასაგებად შემეცნებისთვის.

    3. იმის შესახებ, რომ ჩვენ ყოფით მოქმედებათა წარმართვისას როდი უნდა ვიხელმძღვანელოთ ასეთი ეჭვით

    აღნიშნულის მიუხედავად, შევნიშნავ: დაეჭვების ასეთი ზოგადი სახის მეთოდით ხელმძღვანელობას მე გთავაზობთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მიზანი არის ჭეშმარიტების წვდომა. რაც შეეხება ყოფით საქმეებს, ცხადია, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მართლისდარი შეხედულებებით ვხელმძღვანელობთ, რადგან თითქმის ყოველთვის მოქმედება გვიწევს მანამდე, ვიდრე ყველა ეჭვისგან განთავისუფლებას შევძლებდეთ; როდესაც ერთი და იმავე საგნის თაობაზე ვაწყდებით რამდენიმე ისეთ მოსაზრებას, რომელთაგან, სხვებთან შედარებით, ერთის უფრო მეტი უდავობა ჯერ კიდევ არ შეგვინიშნავს, მაგრამ ვითარება დახანებას არ ითმენს, გონიერება მოითხოვს შევარჩიოთ ერთი იმათგანი და განუწყვეტლივ მივყვეთ მას, როგორც ძალზე უტყუარად მიჩნეულს.

    4. რატომ შეიძლება დაგვაეჭვოს გრძნობადი საგნების ჭეშმარიტებამ

    რაკი ახლა ჩვენი მიზანი მხოლოდ ჭეშმარიტების ძიებაა, უპირველეს ყოვლისა, ეჭვქვეშ დავაყენებთ: არის თუ არა ყველა იმ გრძნობად ან ოდესმე ჩვენ მიერ წარმოდგენილ საგანთა შორის ისეთები, რომლებიც მართლაც არსებობენ ამქვეყნად, რადგან გამოცდილებით ვიცით, თუ რაოდენ ხშირად მოგვატყუეს ჩვენმა გრძნობებმა; ამიტომ იმათი ნდობა, თუნდაც ერთხელ რომ მოგვატყუეს, დაუდევრობა იქნება ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, მრავალ საერთოდ არარსებულ საგანს, თითქმის ყოველთვის, ძილშიც ისევე მძაფრად ვგრძნობთ და ნათლად წარმოვიდგინეთ, როგორც მღვიძარენი. ამიტომ, რაკიღა ერთხელ გადავწყვეტთ ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენებას, აღარ რჩება ისეთი ნიშან-აღმნიშვნელი, რომლის მეშვეობითაც შეგვეძლება გაგება, სიზმრისეული აზრები სხვა აზრებზე მეტად მცდარია თუ არა.

    5. რატომ შეიძლება ასევე დაგვაეჭვოს მათემატიკურმა დასაბუთებებმა

    ჩვენ, ასევე, ეჭვით ვეკიდებით ყოველივე იმას, რაც, ოდესღაც, ძალზე სარწმუნოდ მიგვაჩნდა, თავად საკმაოდ ცხად მათემატიკურ დასაბუთებებსა და საფუძვლებსაც კი, რადგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამგვარ საგნებზე მსჯელობის დროსაც კი ცდომილებაში ვარდებიან. მაგრამ მთავარია დაეჭვება, რადგან ვიცით: ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელმაც შეგვქმნა, ძალუძს მოიმოქმედოს ყველაფერი, რაც ნებავს, ჩვენ კი არ ვიცით, ხომ არ ინება მან, შევექმენით ისეთებად, რომ მუდამ ვცდებოდეთ, თუნდაც იმ საგნებში, რომლებიც ყველაზე უტყუარი გვგონია; რაკი მან დაუშვა ის, რომ ჩვენ ზოგჯერ ვცდებოდეთ, რატომ არ შეიძლება ასევე დაეშვა, რომ ყოველთვის ვცდებოდეთ? თუ დავუშვებთ, რომ ჩვენს არსებობას უნდა ვუმადლოდეთ არა ყოვლისშემძლე ღმერთს, საკუთარ თავს ან რაიმე სხვა საშუალებას, მაშინ რაც უფრო ნაკლებად ძლევამოსილად ვცნობთ ჩვენი არსების შემოქმედს, მით უფრო მეტად ვირწმუნებთ ჩვენს არასრულყოფილებას, რომელიც გამუდმებით ცდომილებისკენ გვეზიდება.

    6. იმის შესახებ, რომ თავისუფალი ნების ძალითაც შეგვიძლია თავის შეკავება საეჭვო საგნების სანდოდ მიჩნევისაგან და ასე თავდაცვა ცდომილებისგან

    მაგრამ, თუნდაც ჩვენი შემოქმედის ყოვლისშემძლეობისა, და თუნდაც ჩვენი მოტყუების მისი სურვილის მიუხედავად, ჩვენი არსების წიაღში ვგრძნობთ რაღაც ისეთ თავისუფლებას, რაც, სურვილის შემთხვევაში, ყოველთვის გვაძლევს იმის საშუალებას, რათა თავი შევიკავოთ იმ საგნების სანდოდ მიჩნევისაგან, რომლებიც კარგად არ ვიცით და ასე დავიცვათ თავი ნებისმიერი ცდომილებისგან.

    7. იმის შესახებ, რომ ვიდრე ვეჭვობთ, ვერ დავეჭვდებით, რომ არ ვარსებობთ; ეს არის პირველი უტყუარი ცოდნა, რომლის შეძენაც შეგვიძლია

    ამგვარად, უარვყოფთ რა ყველაფერს, რამაც შესაძლოა იოტისოდენა ეჭვიც კი აღგვიძრას და მცდარადაც მივიჩნიოთ, ადვილად ვუშვებთ, რომ არც ღმერთი არსებობს, არც ცა, არც მიწა და თავად ჩვენც არ გაგვაჩნია სხეული; მაგრამ, ვიდრე ეჭვით ვეკიდებით ყველა ამ საგნის ჭეშმარიტებას, მაინც არ შეგვიძლია ჩვენი არარსებობის დაშვება; ვიდრე ადამიანი აზროვნებს, მისი მართლა არარსებულად მიჩნევა იმდენად უაზრობაა, რომ ყველაზე ახირებული ვარაუდების მიუხედავადაც ვერ დავიჯერებთ, დასკვნა: ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარ, არ არის ჭეშმარიტი; აქედან გამომდინარე, აღნიშნული დასკვნა არის პირველი და ყველაზე უტყუარი, რომელიც კი წარმოუდგება მას, ვინც საკუთარ აზრებს ასეთი წესით წარმართავს.

    8. იმის შესახებ, რომ ასე შეიცნობა განსხვავება სულსა (lâme) და სხეულს შორის

    ასევე, მგონია, რომ ეს არის საუკეთესო გზა, რომელიც შეგვიძლია ავირჩიოთ სხეულის, გონითი სულის ბუნებისგან სრულიად განსხვავებული სუბსტანციის, შესამეცნებლად; იმის განხილვისას, თუ რანი ვართ – ამჟამად დარწმუნებულნი, რომ ჩვენი აზროვნების მიღმა არაფერია, რაც ნამდვილად არის ანუ არსებობს – ნათლად ვაცნობიერებთ: იმისათვის, რომ ვიყოთ, არ გვჭირდება განფენილობა, ფიგურა, მყოფობა სადმე, რაიმე ადგილას, არც რაიმე სხვა მსგავსი რამ, რაც შეიძლება მივაკუთვნოთ სხეულს; ვართ მხოლოდ ერთი იმიტომ, რომ ვაზროვნებთ; მაშასადამე, აზრი ჩვენივე გონითი სულის (სულის) ანუ აზროვნების შესახებ წინ უსწრებს აზრს სხეულის შესახებ და ეს მით უფრო უდავოა, რადგან, ასევე, ვეჭვობთ: არსებობს თუ არა რაიმე სხეული ამქვეყნად, მაგრამ დარწმუნებით ვიცით, რომ ვაზროვნებთ.

    9. რა არის აზროვნება

    სიტყვით – აზროვნება – მოვიაზრებ ყოველივეს, რაც ჩვენში ხდება იმგვარად, რომ მას მყისვე თავადვე აღვიქვამთ; სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ გაგება, სურვილი, წარმოდგენა, არამედ, ამ შემთხვევაში, გრძნობაც იგივე აზროვნებაა. რადგან, თუ ვამბობ: მე ვხედავ ან მე დავდივარ, აქედან ვასკვნი, რომ მე ვარ; თუ ამ დროს ვგულისხმობ ჩემი თვალებით ან ქვედა კიდურებით შესრულებულ მოქმედებას, ასეთი დასკვნა როდია ისეთი უტყუარი, რომ მასში დაეჭვების საბაბი არ მქონდეს; ხომ შეიძლება ვფიქრობდე, რომ ვხედავ ან დავდივარ, მაგრამ თვალებს არ ვახელდე ან ფეხს არ ვიცვლიდე ადგილიდან, როგორც, ზოგჯერ, ძილში მემართება და შესაძლოა ისიც ვიფიქრო, რომ საერთოდ არ მაქვს სხეული; მაგრამ, თუ მე მოვიაზრებ მხოლოდ ჩემი აზრის ან გრძნობის ქმედებას, ე. ი. ჩემს შინაგან ცნობიერებას, რომლის ძალითაც მეჩვენება, რომ ვხედავ ან დავდივარ, ეს დასკვნა იმდენად სწორია, რომ ამაში ეჭვის შეტანა არ შემიძლია, რადგან ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ერთადერთ გონით სულს, რომლის მეშვეობითაც შემწევს გრძნობის ან აზროვნების უნარი.

    10. იმის შესახებ, რომ არსებობს თავისთავად ძალზე ცხადი ცნებები, რომელთაც ლოგიკური დეფინიციები მხოლოდ აბუნდოვანებს; ხსენებული ცნებები თანდაყოლილია და საერთოდ არ შეიძინება სწავლებით

    აქ არ მოვყვები მრავალი სხვა, ჩემ მიერ უკვე გამოყენებული ან შემდეგში გამოსაყენებელი ტერმინის განმარტებას; არა მგონია, ჩემი ნაშრომების მკითხველთა შორის აღმოჩნდნენ იმდენად გონებაჩლუნგები, რომ მათი მნიშვნელობის გაგება თავად ვერ შეძლონ. ხშირად შევნიშნე, რომ თავისთავად ცხადი საგნების ახსნას ფილოსოფოსები თავიანთი ლოგიკის წესების მიხედვით ცდილობენ, რითაც მათ მხოლოდ აბუნდოვანებენ. როდესაც ვთქვი, რომ დებულება: ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარ, არის პირველი და ყველაზე უტყუარი რამ, რომელიც კი წარმოუდგება ნებისმიერს, ვინც საკუთარ აზრებს წესის მიხედვით წარმართავს, ამით მე როდი უარვყავი იმის ცოდნის აუცილებლობა, თუ რა არის აზროვნება, უტყუარობა, ეგზისტენცია და ასევე ის მოსაზრება, რომ იმისათვის, რათა იაზროვნო, უნდა იყო და სხვა მისთანანი. მაგრამ, რაკი ეს ძალზე მარტივი ცნებები თავად ვერ გვამეცნებინებენ ვერც ერთ არსებულ საგანს, მათი აქ ჩამოთვლა საჭიროდ არ მივიჩნიე.

    11. როგორ შეგვიძლია ჩვენი გონითი სულის უფრო ნათლად შეცნობა, ვიდრე სხეულისა

    იმის გასაგებად, თუ როგორ უსწრებს ჩვენი გონების შემეცნება ჩვენივე სხეულის შემეცნებას, ასევე, თუ რაოდენ შეუდარებლად ცხადია ასეთი შემეცნება, სრულიად საფუძვლიანად შეგვეძლო დაგვესკვნა: ჩვენი გონითი სული არის ისეთი, როგორიც არის; შევნიშნავთ: ბუნებით, ჩვენი გონითი სულისთვის ნიშანდობლივი სინათლის წყალობით, სავსებით ცხადია, რომ არარას არანაირი უნარი თუ თვისება არ გააჩნია, მაგრამ როდესაც ზოგ მათგანს ვამჩნევთ სადმე, მაშინ იქ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ანუ სუბსტანცია, რომელზეც ისინი არიან დამოკიდებული. ბუნებრივი სინათლე ასევე გვიჩვენებს, რომ ჩვენ მით უფრო კარგად შევიმეცნებთ რაიმეს ანუ სუბსტანციას, რაც უფრო მეტ თვისებას ვამჩნევთ მასში. ცხადია, ნებისმიერ სხვა საგანზე ბევრად უფრო მეტ თვისებას ვამჩნევთ ჩვენს გონებას, რომელზე მეტად არაფერი გვაგულიანებს რაიმეს შესაცნობად და არაფერი გვიბიძგებს მეტი დამაჯერებლობით თავად ჩვენივე გონების შესაცნობად. მაგალითად, თუ მიწის შეხედვისას ან შეხებისას ვრწმუნდები მის არსებობაში, კიდევ უფრო მეტი საფუძვლით უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემი გონება (lâme) არის ანუ არსებობს, რადგან შეიძლება ვფიქრობდე, რომ ვეხები მიწას, მაგრამ  შესაძლოა, ამქვეყნად არავითარი მიწა არ არსებობს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მე, ე. ი. ჩემი გონება იყოს არარა იმ დროს, როდესაც მას აქვს ასეთი აზრი; შეგვიძლია იგივე დავასკვნათ ყველა სხვა საგანის შესახებაც, რაც კი აზრად მოგვდის; შესაძლოა ეს საგნები იყოს მცდარი ან არანაირი ეგზისტენცია არ გააჩნდეს, მაგრამ ჩვენ, ვინც მათ მოვიაზრებთ, ვარსებობთ.

    12. რითაა განპირობებული, რომ ამას ყველა ამგვარად არ შეიმეცნებს

    ვინც წესისამებრ არ ფილოსოფოსობს, მას ხსენებული საკითხი წარმოუდგენია სხვაგვარად, რადგან არასოდეს განუსხვავებია საკმარისად ზუსტად სული ანუ ის, რაც აზროვნებს, სხეულის ანუ იმისგან, რაც განფენილია სიგრძეში, სიგანესა და სიღრმეში. ამქვეყნად ნებისმიერ სხვა საგანზე რაოდენ უფრო სარწმუნოდაც არ უნდა მიაჩნდეთ თავიანთი არსებობა, ვერ ამჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება მეტაფიზიკურ უტყუარობას, უმალ მხოლოდ აზროვნებას უნდა მოიაზრებდნენ, და არა სხეულს; მაგრამ რადგან საგნებს ხედავენ თვალებით, ეხებიან ხელებით, შეცდომით ანიჭებენ შეგრძნების უნარს სხეულს; ამიტომ მათ სწორად ვერ შეიცნეს თავიანთი გონითი სულის ბუნება.

    13. რა აზრით შეიძლება თქმა, რომ ნებისმიერი სხვა საგნის შემეცნება დამოკიდებულია ღმერთის შემეცნებაზე

    თუმცა, ვიდრე საკუთარი თავის შემმეცნებელი გონითი სული მაინც ეჭვით ეკიდება ყოველივე დანარჩენს და საფუძვლიანად განიხილავს, თუ როგორ განავრცოს შემეცნება უფრო მეტად, უწინარეს ყოვლისა, იგი საკუთარ წიაღში აწყდება იდეებს მრავალი საგნის შესახებ; ვიდრე იგი მათ, უბრალოდ, მხოლოდ ჭვრეტს, საკუთარი თავის მიღმა მსგავს საგანთა არსებობის შესახებ რაიმეს არც ამტკიცებს და არც უარყოფს, მას შეცდომის საფრთხე არ ემუქრება. გონითი სული ასევე აღმოაჩენს ზოგიერთ ზოგად ცნებას, მათგან ქმნის სხვადასხვა, მისი რწმენით იმდენად უტყუარ დასაბუთებას, რომ ვიდრე ხსენებულ ცნებებს იყენებს, მათი უტყუარობა არ ეეჭვება. მაგალითად, თავის წიაღში გონითი სული ფლობს რიცხვთა და ფიგურათა გარკვეულ იდეებს; ასევე ზოგად ცნებას იმის შესახებ, რომ „თანაბარ სიდიდეებს სხვა თანაბარ სიდიდეებს თუ მივუმატებთ, ასეთი სახით წარმოქმნილი სიდიდეები ერთმანეთის ტოლი იქნება" და მრავალ სხვა უდავო ცნებას, რომელთა საფუძველზე ადვილად მტკიცდება, რომ სამკუთხედის სამი კუთხის ჯამი ტოლია ორი მართისა და ა. შ. ვიდრე მისი ყურადღების არეალში ასეთი ცნებები და ის წესია, რის საფუძველზეც მას ეს ან სხვა, მსგავსი დასკვნები გამოაქვს, იგი დარწმუნებულია მათ უტყუარობაში; მაგრამ, რადგან გონით სულს გამუდმებით ამაზე ყურადღების გამახვილება არ ძალუძს, მოგვიანებით, როდესაც ის (გონითი სული) იხსენებს რაიმე სხვა დასკვნას ისე, რომ არ ითვალისწინებს იმ წესს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ამ დასკვნის გამოტანა,

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1