Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ბიბლიური მოთხრობები
ბიბლიური მოთხრობები
ბიბლიური მოთხრობები
Ebook300 pages1 hour

ბიბლიური მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

იაკობ გოგებაშვილი შეკუმშული და ბავშვებისთვის გასაგები ფორმით გადმოგვცემს ძველი აღთქმის ამბებს, დაწყებული სამყაროს შექმნითა და იუდა მაკაბელით დასრულებული.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateNov 19, 2020
ბიბლიური მოთხრობები

Related to ბიბლიური მოთხრობები

Related ebooks

Reviews for ბიბლიური მოთხრობები

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ბიბლიური მოთხრობები - იაკობ გოგებაშვილი

    იაკობ გოგებაშვილი - ბიბლიური მოთხრობები

    ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ

    ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.

    0186 თბილისი, საქართველო

    www. iBooks.ge

    iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.

    მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge

    ქვეყნის შექმნა

    ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ ცხოველები ცხოველებისაგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარებიიდან მრავლდებიან.

    მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა გაჩნდა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა დაიბადნენ ქვეყანაზედ? ისინი შექმნა ღმერთმა. ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყველაფერი, რასაც კი ქვეყნიერებაზედ ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან არ შექმნილა და არავისგან არ დაბადებულა. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას.

    კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალასა ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ასოებს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვით, ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისშემძლებელსა.

    უფალს შეეძლო ყველაფერი ერთ წამს გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება: ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.

    რიგი ქმნილებათა

    თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცისა და დედამიწის მასალა. ეს მასალა არეული იყო ერთმანეთში და ამ ნარევზედ იწვა საშინელი სიბნელე. მააშინ უფალმა პირველ დღეს ბრძანა: იქმნას ნათელი და იმწამსვე გამობრწყინდა ნათელი. ნათელი გაჰყო სიბნელისაგან, პირველს უწოდა დღე და მეორეს ღამე. მეორე დღეს უფალმა ბრძანა: გაჩნდეს ცა! და ერთს თვალის დახამხამებაში გაჩნდა ხილული ცა და გადაეკრა დედამიწას მოლურჯო გუმბათივით. მესამე დღეს წყალი. ღვთის ბრძანებით წყალი გაიყო ხმელეთისაგან და შეგროვდა მდინარეებად და ზღვებად, ხოლო ხმელეთმა აღმოაცენა ბალახი, ხეხილი და ყველა მცენარე. მეოთხე დღეს უფალმა გააჩინა მნათობნი ცისანი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები. მეხუთე დღეს შექმნა თევზნი წყალში და ფრინველნი ჰაერში. მეექვსე დღეს უფალმა გააჩინა ნადირნი და ყველა ცხოველნი ხმელეთზედ მცხოვრებნი, და უკანასკნელად შექმნა ადამიანი.

    ადამიანის შექმნა

    ყველა სხვა ქმნილებანი ღმერთმა გააჩინა სიტყვით ანუ ბრძანებით. ადამიანის შექმნა კი სხვაფრივ ინება; ჯერ სთქვა: შევქმნათ ადამიანი ხატად და სახედ ჩვენდა! მერე აიღო მიწა, გააკეთა კაცის სხეული და ჩაჰბერა მას უკვდავი სული. ასე დაიბადა ქვეყანაზედ პირველი კაცი, რომელსაც დაერქვა სახელად ადამი.

    ადამმა დაათვალიერა ყველა ცხოველი და ვერ ჰპოვა მათ შორის თავის მსგავსი, თავისი თანასწორი. მისთანა გონიერი და მეტყველი არ ერია ცხოველებში არცერთი და ამიტომ ადამს არ შეეძლო თავისი აზრი ვისთვისმე განეზიარებინა, თავისი სიხარული სხვისთვის შეეტყობინებინა. მაშინ ადამმა მარტოობა იგრძნო. ღმერთმა რომ ეს შენიშნა, სთქვა: არ არის კარგი ადამის მარტო დარჩენა, გავუჩინოთ მას თანაშემწე, მეგობარი; მოჰგვარა ადამს ღრმა ძილი, გამოუღო გვერდიდან ნეკნი და შეუქმნა მეგობარი ცოლი, რომელსაც დაარქვა ევა. მერე აკურთხა ორივე და უთხრა: აღორძინდით, გამრავლდით, აავსეთ ქვეყანა და უგალობდით მასზედა. დადგა მეშვიდე დღე და უფალმან განისვენა საქმისგან.

    სამოთხე

    ადამს და ევას საცხოვრებლად ღმერთმა მოამზადა ერთი უმშვენიერესი ბაღი, რომელსაც ერქვა სამოთხე, შეიყვანა შიგ ისინი და დაასახლა. მთელი სამოთხე სავსე იყო მრავალგვარი ხეხილითა, საამური იყო მათი ცქერა, უფრო კიდევ სასიამოვნო იყო აქ ორი ხე, რომელიც იდგა შიგ შუა სამოთხეში. ერთს ერქვა ხე სიცოცხლისა, მეორეს ხე ცნობისა კეთილისა და ბოროტისა. პირველი ხის ნაყოფს იმისთანა ძალა ჰქონდა, რომ იმის მჭამელი სულ მუდამ ცოცხალი იქნებოდა და სიკვდილი მას ვერ მიეკარებოდა. მეორე ხეზე კი აი რა უბრძანა უფალმა ადამსა: ნება გაქვს სჭამო სამოთხის ყველა ხეხილის ყველა ნაყოფი, მაგრამ ამ ხილის ჭამა კი შენთვის ამიკრძალნია. თუ ჩემ მცნებას შენ დაარღვევ და სჭამ აკრძალულ ხილსა, იმავ დღეს მოკვდები.

    ნეტარი ცხოვრება ჰქონდათ ადამსა და ევას სამოთხეში. არაფერი არ აკლდათ, ავადმყოფობა იმათ არ იცოდნენ, დარდი იმათ არ ჰქონდათ და მუდამ სიხარულში იყვნენ, გონება მათი გართული იყო ახლად შექმნილი მშვენიერი ქვეყნის შესწავლით, გული მათი იყო სავსე ღვთის, ერთმანეთის და ყოველის ქმნილების სიყვარულით, სინდისი ჰქონდათ წმინდა და უცოდველი. ღმერთს ისინი უყვარდა, როგორც თავისი შვილები და ღმერთსაც ისინი შეჰხაროდნენ, როგორც თავის კეთილ მამასა, უფალი მალიმალ მიდიოდა მათთან სამოთხეში, უმართავდა საუბარსა და ასწავლიდა ყველაფერს, რასაც თავისი გონებით ვერ სწვდებოდნენ.

    მაგრამ საუბედუროდ, ეს ნეტარება დიდ ხანს არ შერჩათ მათ და მერე სრულიად დაჰკარგეს.

    ეშმაკის შური

    ადამ და ევას ჰყავდა ერთი დაუძინებელი მტერი. მას უნდოდა მოეკლო ისინი ნეტარი ცხოვრებისათვის და დაეღუპა საუკუნოდ. ეს მტერი იყო ეშმაკი. ვინ იყო ეშმაკი? საიდან გაჩნდა და როდის იყო შექმნილი?

    ეშმაკი უწინ იყო ერთი ანგელოზთაგანი, რომელნიც ღმერთმა ხილული ქვეყნის გაჩენამდე შექმნა. სხვა ანგელოზებსავით იგი იყო უსხეულო, უხილავი, გონიერი, თავისუფალი წმინდა სული და ემსახურებოდა თავის შემოქმედსა. მაგრამ შემდეგ გაამპარტავნდა, მოინდომა ღმერთთან თანასწორობა, აღარ ისურვა მისი დამორჩილება, ზოგი სხვა ანგელოზიც მიიმხრო თავისაკენ და წინ აღუდგა უფალსა.

    ამისათვის უფალმა ის თავის მომხრეებით დასწყევლა და ციდან ჩამოჰყარა უფსკრულში. შემდეგ ამისა ეშმაკი გახდა სული ბოროტი, რომელიც ღვთის ყველა ქმნილებას ემტერება; დაუძინებლივ ცდილობს, რომ ადამიანს ცუდი აზრები, ბოროტი განზრახვა ჩაუდოს გულში და მავნე საქმეები ჩაადენინოს.

    ეშმაკს შურდა ადამ და ევას ნეტარება და ამიტომ მოინდომა მათი შეცდენა და გაუბედურება. თავისი განზრახვის აღსასრულებლად იგი შეძვრა გველში და შევიდა სამოთხეში.

    შეცოდება ადამ და ევასი

    გველმა, რომელშიც ეშმაკი იყო, იპოვა სამოთხეში აკრძალული ხე და მის გვერდით ხეზე ავიდა. ერთხელ ევა სამოთხეში დასეირნობდა და როცა ამ ადგილს მიუახლოვდა, ეშმაკი, გველში მყოფი, მიცოცდა მასთან და ტკბილი ხმით ჰკითხა: ღმერთმა თქვენ მართლა აგიკრძალათ სამოთხის ყველა ხილი? ევა კარგად ხედავდა, რომ მასთან უბრალო გველი არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყური მაინც არ მოარიდა და უპასუხა: არა, ჩვენ ყველა ხილის ჭამის ნება გვაქვს; მარტო ერთი ხის ნაყოფი, რომელიც შუა სამოთხეში დგას, აგვიკრძალა უფალმა და გვითხრა: რა დღესაც თქვენ იმ ხილსა სჭამთ, იმავე დღეს დაიხოცებითო. ტყუილია, - მტკიცედ უთხრა ეშმაკმა; ღმერთმა კარგად იცის, რომ იმ ხილის ჭამით არამც თუ მოკვდებით, არამედ აგეხსნებათ თვალნი, შეიქმნებით ღმერთებად და გეცოდინებათ ყველაფერი, კეთილიცა და ბოროტიცა.

    საუბედუროდ, დაუჯერა ევამ ეშმაკსა, გადუდგა ღვთის მცნებასა, მოსწყვიტა აკრძალული ხილი და ჭამა. შემცდარნი მალე მოვიდნენ გონზედ და იგრძნეს, რომ ღმერთს საშინლად აწყენინეს და შეიქმნენ მის წინაშე ცოდვილნი. თვალნი მათ მართლა აეხილათ, მაგრამ კეთილისა და ბოროტის ცოდნის მაგიერ, იმათ დაინახეს თავიანთი სიტიტვლე და ერთმანეთისა შერცხვათ. მანამდისინ კი, თუმცა უტანისამოსონი იყვნენ, სიტიტვლეს არა გრძნობდნენ, არც სირცხვილი იცოდნენ, იმიტომ, რომ იყვნენ უმანკონი, უცოდველნი და ნათლით შემოსილნი. სიტიტვლის დასაფარავად მათ დაგლიჯეს დიდი ფოთლები ლეღვისა, გადააბეს ერთმანეთზედ და ტანზედ აიფარეს.

    დასჯა ცოდვისათვის

    საღამო ჟამს სამოთხეში გამოცხადდა ღმერთი. მან, რასაკვირველია, კარგად იცოდა ადამ და ევას შეცოდება. უწინ, რომ შეიტყობდნენ ხოლმე უფლის მოსვლას სამოთხეში, ადამ და ევა სიხარულით ეგებებოდნენ მას. ახლა კი შიშისგან ძაგძაგი დაიწყეს და არ იცოდნენ, სად დაკარგულიყვნენ. დაივიწყეს, რომ ყოვლისმხილავ ღმერთს კაცი ვერსად დაემალება და შეიმალნენ ხეებს შუა. სახიერ ღმერთს უნდოდა, რომ ადამ და ევას მოენანიებინათ. ამიტომ დაუძახა: ადამ, ადამ, სადა ხარ? ადამმა უპასუხა: გავიგონე შენი ხმა, უფალო, შემეშინდა და დავიმალე, რადგანაც ტიტველი ვარ. საიდან გაიგებდი შენს სიტიტვლესა, რომ არ გეჭამა შენ ნაყოფი იმ ერთადერთი ხისა, რომელიც მე შენ აგიკრძალე? ადამს რომ მაშინვე წრფელი გულით ეღიარებინა თავისი ცოდვა, შეენანებინა იგი და შევედრებოდა ღმერთსა მის მიტევებას, ადვილად გადარჩებოდა.

    მაგრამ მან სინანულის მაგივრად თავის მართლება დაიწყო და თითქმის თვით ღმერთს აბრალებდა თავის ცოდვასა: შენგან მოცემულმა ცოლმა მომცა მოწყვეტილი ხილი და მე იგი მიტომ ვჭამე. მაშინ ღმერთი მიუბრუნდა ევასა და ჰკითხა: რად ჰქმენი შენ ესა? ევამაც მონანიების მაგივრად თავის მართლება დაიწყო: შენგან შექმნილმა გველმა შემაცდინა და მაჭამა აკრძალული ხილი. მაშინ უფალმა უთხრა გველსა: რადგანაც შენ ეს ჰქმენი, იყავ წყეული ნადირთა შორის, მუცელზე ხოხავდე და სჭამდე მიწასა მთელ შენ სიცოცხლეში და ჩამოვაგდებ მტრობასა დედაკაცსა და შენ შუა, შენსა და იმის თესლს შუა; შთამომავალი მისი გაგიჩეხავს შენ თავსა, ხოლო შენ უკბენ მას ქუსლში!

    ევას კი უბრძანა უფალმა: ვარამსა და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლესა, შვილთა შენთა შობდე წვალებითა და ტანჯვითა; იყო ქმრის მორჩილებაში და იგი უფლობდეს შენზედა. ხოლო ადამს უთხრა: რადგან შენ გაუგონე ცოლსა შენსა და სჭამე ნაყოფი, რომელიც მე აგიკრძალე, იყოს წყეული დედამიწა შენის გულისათვის, ნარი და ეკალი მოჰყავდეს შენთვის მას, ოფლითა შენითა სჭამდე პურსა, მანამ არ ჩახვალ მიწაში, საიდანაც ხარ ამოღებული, ვინაიდან შენ მიწა ხარ და მიწად იქცევი.

    ამის შემდეგ მისცა მათ ტყავის ტანისამოსი და გამორეკა სამოთხიდან, რომლის მცველად დააყენა ქერობინი. იგი ელვარე ხმლით იდგა სამოთხის კარებში, რათა ადამ და ევა არ მისულიყვნენ სიცოცხლის ხესთანა, არ ეჭამათ მისი ნაყოფი და არ გამხდარიყვნენ უკვდავნი.

    კაენი და აბელი

    ადამ და ევა დასახლდნენ სამოთხის ახლოს. მათთვის დაიწყო ის მწარე, ტანჯვით და წვალებით სავსე ცხოვრება, რომელიც მათ ღმერთმა სასჯელად დაუნიშნა. დარდი, ვარამი, ავადმყოფობა, ოფლით შრომა, სიღარიბე, სულ ერთად დაატყდათ თავზედ.

    მალიმალ იგონებდნენ ისინი თავის უწინდელ ბედნიერ ცხოვრებასა, მწარედ ნანობდნენ თავის შეცდომას და მდუღარე ცრემლსა ღვრიდნენ. ამ უბედურებაში იმათ ჰქონდათ ერთადერთი იმედი: ისინი იგონებდნენ ღვთის აღთქმასა, რომ დედაკაცის შთამომავალი დათრგუნავს ეშმაკსა და გამოიხსნის მათ ცოდვისგან. ისინი მოელოდნენ გამომხსნელსა, მაცხოვარსა.

    ამ დროს ევას ეყოლა ორი ვაჟიშვილი: კაენი და აბელი. კაენი იყო მხვნელ-მთესველი, აბელი მეცხვარე. ერთხელ მოინდომეს მათ მსხვერპლის შეწირვა. კაენმა შესწირა ღმერთს მიწის ნაყოფი, აბელმა პირველ შობილი კრავი. უფალმა მიიღო მხოლოდ აბელის შესაწირავი, კაენისა კი უარჰყო იმიტომ, რომ აბელმა წმინდის გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით მიართვა შესაწირი, კაენის გული კი იყო უწმინდური და ღვარძლით სავსე. ამის გამო კაენი შურით აივსო, მოუვიდა ბრაზი, სახეზედ შეიშალა ბოროტებისაგან. გულთამხილავმა ღმერთმა იცოდა, რა ცუდი განზრახვა იბადებოდა კაენის გულში, უნდოდა გაეფრთხილებინა იგი, მიტომ გამოეცხადა მას და უთხრა: რადა ხარ, კაენ, გაჯავრებული? და რად შეგშლია და აღგშფოთებია სახე? გაფრთხილდი, თორემ ცოდვა კარებზე მოგადგა, ნუ დაგეუფლება და ეცადე, დასჯაბნო იგი! მაგრამ, საუბედუროდ, კაენს ღრმად ჰქონდა ჩარჩენილი გულში შური, სიძულვილი თავისი ძმისა, მან არა შეისმინა რა ღვთისა, გაიყვანა მოტყუებით მინდორში თავისი ძმა, მივარდა უცებ, დაარტყა თავში კეტი და მოჰკლა.

    კაენის დასჯა და სეითის შობა

    საშინელი ცოდვა ჰქმნა კაენმა, მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთს არ უნდოდა საუკუნოდ დაღუპვა ამისთანა ბოროტი კაცისაც კი. მას სურდა სინანულში ჩაეგდო კაენი, ამიტომ გამოეცხადა და ჰკითხა: კაენ, სად არის შენი ძმა აბელი? კაენმა სინანულის მაგივრად ბრიყვულად და ამაყად მიუგო: რა ვიცი, ჩემი ძმის ყარაული ხომ არა ვარ? მაშინ უფალმა მრისხანედ უთხრა: ეს რა ჰქმენი, შენა? ხმა

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1