Discover millions of ebooks, audiobooks, and so much more with a free trial

Only $11.99/month after trial. Cancel anytime.

ლექციები ესთეტიკის შესახებ
ლექციები ესთეტიკის შესახებ
ლექციები ესთეტიკის შესახებ
Ebook305 pages1 hour

ლექციები ესთეტიკის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars

5/5

()

Read preview

About this ebook

ჰეგელის "ლექციები ესთეტიკის შესახებ" 1820-იან წლებში იქნა წაკითხული ბერლინში. ეს არის ღრმად არგუმენტირებული ნაშრომი, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს ხელოვნების უნარისადმი, რეაგირება მოახდინოს თანამედროვე სამყაროზე.
Languageქართული ენა
PublisheriBooks
Release dateFeb 3, 2021
ლექციები ესთეტიკის შესახებ

Related to ლექციები ესთეტიკის შესახებ

Related ebooks

Reviews for ლექციები ესთეტიკის შესახებ

Rating: 5 out of 5 stars
5/5

1 rating0 reviews

What did you think?

Tap to rate

Review must be at least 10 words

    Book preview

    ლექციები ესთეტიკის შესახებ - ჰეგელი

    სარჩევი

    ესთეტიკის შესავალი

    I. ესთეტიკის განსაზღვრა და დაცვა

    II. მშვენიერისა და ხელოვნების მეცნიერული განხილვის სახეები 

    III. ხელოვნების მშვენიერის ცნება 

    IV. დაყოფა

    ესთეტიკის შესავალი

    ეს ლექციები ეძღვნება ესთეტიკას: მისი საგანია მშვენიერის ვრცელი სამეფო, უფრო ზუსტად კი ხელოვნება, სახელდობრ, კაზმული ხელოვნება არის მისი სფერო.

    მართალია, ამ საგნისათვის სახელი ესთეტიკა ვერ არის მაინცდამაინც მთლად შესაფერი, რადგან „ესთეტიკა, უფრო ზუსტად, აღნიშნავს გრძნობის, მგრძნობელობის მეცნიერებას: და ამ აზრით ის, როგორც ახალი მეცნიერება, ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ისეთი რამ, რაც პირველად მხოლოდ ახლა უნდა ქცეულიყო ფილოსოფიურ დისციპლინად, ვოლფის სკოლიდან წარმოიშვა მაშინ, როცა გერმანიაში ხელოვნების ნაწარმოებებს განიხილავდნენ იმ გრძნობათა მიხედვით, რომელნიც მათ უნდა გამოეწვიათ, მაგალითად, სასიამოვნოს, გაკვირვების, აღტაცების, შიშის, თანაგრძნობის და ა. შ. ამ შეუფერებელი ანუ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ზერელე სახელწოდების გამო, ზოგიერთმა სცადა აღნიშნული მეცნიერება სხვა სახელით, მაგალითად, კალისტიკით მოენათლა, მაგრამ ეს უკანასკნელი სახელწოდება არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, რადგან მასში ნაგულისხმევი მეცნიერება განიხილავს არა მშვენიერს საერთოდ, არამედ მხოლოდ ხელოვნების მშვენიერს, ამის გამო ჩვენ გვსურს სახელწოდება „ესთეტიკა დავტოვოთ, რადგან იგი, როგორც მარტო სახელწოდება, ჩვენთვის სულერთია და, გარდა ამისა, ჯერჯერობით ჩვეულებრივ საერთო ენაში გადასულია ისე, რომ სახელის სახით შეიძლება შევინარჩუნოთ, ხოლო განსაკუთრებით ზუსტი გამოთქმა ჩვენი მეცნიერებისათვის „ხელოვნების ფილოსოფიაა, უფრო გარკვევით კი „კაზმული ხელოვნების ფილოსოფია.

    I. ესთეტიკის განსაზღვრა და დაცვა

    1. ბუნებრივი მშვენიერი და ხელოვნების მშვენიერი

    ამ გამოთქმით თავიდანვე გამოვრიცხავთ ბუნებრივ მშვენიერს ხელოვნების მშვენიერის მეცნიერებიდან. ერთი მხრივ, ჩვენი საგნის ასეთი განსაზღვრა ვინმეს შეიძლება თვითნებურ განსაზღვრებად ეჩვენოს, რადგან ფიქრობენ, რომ ყოველ მეცნიერებას უფლება აქვს ნებისმიერად შემოფარგლოს თავისი საზღვრები და მოცულობა. მაგრამ ამ აზრით არ უნდა გავიგოთ ესთეტიკის განსაზღვრა ხელოვნების მშვენიერით. მართალია, ჩვეულებრივს ცხოვრებაში ადამიანები დაჩვეულნი არიან ილაპარაკონ ლამაზ ფერზე, ლამაზ ცაზე, ლამაზ მდინარეზე, გარდა ამისა, ლამაზ ყვავილებზე, ლამაზ ცხოველებზე და უფრო მეტად კი ლამაზ ადამიანებზე. თუმცა აქ სრულიადაც არ გვსურს ვიკამათოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მართებულია ამგვარი საგნებისათვის მშვენიერების თვისების მიკუთვნება და საერთოდ გვაქვს თუ არა უფლება ბუნებრივი მშვენიერი გვერდში ამოვუყენოთ ხელოვნების მშვენიერს, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მაინც შეგვიძლია აქვე დავამტკიცოთ, რომ ხელოვნების მშვენიერი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ბუნება, რადგან ხელოვნების მშვენიერება გონისაგან შობილი და აღორძინებული მშვენიერებაა, და რამდენადაც გონი და მისი ქმნილებანი უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ბუნება თავისი მოვლენებით, ამდენად ხელოვნების მშვენიერი უფრო მაღალია, ვიდრე მშვენიერება ბუნებისა. თუ ფორმალურად განვიხილავთ, თუკი უხეირო და უცაბედი აზრიც, როგორც კი ადამიანს თავში მოუვა, უფრო მაღლა დგას ბუნების ნებისმიერ ნაწარმოებზე: რადგან ამისთანა უცაბედ აზრში წარმოდგენილია გონისეულობა და თავისუფლება. მართალია, შინაარსის მიხედვით, მაგალითად, მზე აბსოლუტურად აუცილებელ მომენტს წარმოადგენს, მაშინ, როცა მცდარი აზრი ან ფანტაზია შემთხვევითია, წარმავალი და მალე ქრება. მაგრამ თავისთვის აღებული ბუნების ასეთი არსებობა, როგორიც არის მზე, ინდიფერენტულია, არ არის თავის თავში თავისუფალი და თვითცნობიერი. მას განვიხილავთ სხვასთან აუცილებელ კავშირში და არა თავისთვის, არა როგორც მშვენიერს.

    რაკი ზოგადად აღვნიშნეთ, რომ გონი და მისი ხელოვნების მშვენიერება ბუნებრივ მშვენიერზე უფრო მაღლა დგას, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაიმე დავადგინეთ, რადგან „მაღალი" ძალიან განუსაზღვრელი გამოთქმაა: იგი ბუნებრივსა და ხელოვნების მშვენიერებას ჯერ მხოლოდ წარმოდგენის სივრცეში ასახავს, ერთმანეთის გვერდით მდგომად, მათ შორის მხოლოდ რაოდენობრივსა და ამით გარეგან განსხვავებას აღნიშნავს. ის გარემოება, რომ გონი და მისი ხელოვნების მშვენიერება ბუნებაზე უფრო მაღლა დგას, მარტო შეფარდებითი როდია, მხოლოდ გონია ჭეშმარიტი, ყველაფრის თავის თავში შემცველი, ისე რომ ყოველი მშვენიერი მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტად მშვენიერი, როდესაც იგი ამ უმაღლესის მოზიარეა და შექმნილია მისგან. ამ აზრით, ბუნებრივი მშვენიერი, როგორც არასრულქმნილი, არასრული სახე [მშვენიერებისა], რომელიც თავისი სუბსტანციით მოთავსებულია თვითონ გონში, ვლინდება მხოლოდ გონის კუთვნილი მშვენიერის უკუფენის (რეფლექსიის) სახით. გარდა ამისა, ძალიან ბუნებრივად მიგვაჩნია ჩვენი საგნის კაზმული ხელოვნებით განსაზღვრა, რადგან რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ბუნებრივ მშვენიერებაზე, - ხოლო ანტიკურ ეპოქაში მასზე უფრო ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ვიდრე ჩვენს ეპოქაში, - აქამდე ჯერ მაინც არავის მოსვლია აზრად ის, რომ ბუნებრივ საგანთა მშვენიერების თვალსაზრისი საგანგებოდ გამოეცალკევებინა და მოეცა მეცნიერება - ამ მშვენიერებათა ერთგვარი სისტემატური დალაგება. მართალია, ხელმძღვანელობდნენ სარგებლიანობის თვალსაზრისით და შექმნეს, მაგალითად, დაავადებათა საწინააღმდეგო ბუნებრივი საგნების მეცნიერება, materia medიca, სამკურნალოდ გამოსადეგი მინერალების, ქიმიური პროდუქტების, მცენარეების, ცხოველების აღწერა, მაგრამ მშვენიერების თვალსაზრისით არავის შეუდარებია და არავის განუხილავს ბუნების სამყარო. ჩვენ ვგრძნობთ, რომ წარმოდგენები ბუნებრივ მშვენიერებაზე ძალიან გაურკვეველია და საამისო კრიტერიუმი არ გაგვაჩნია, ამის გამო საგანთა ასეთი შედარება და შეპირისპირება ძალიან ნაკლებად საინტერესოა.

    ამ წინასწარმა შენიშვნებმა ბუნებრივ და ხელოვნების მშვენიერებაზე, მათ ურთიერთობაზე, და პირველის გამორიცხვამ ჩვენი საგანგებო საგნის სფეროდან, თავიდან უნდა აგვაშოროს ის წარმოდგენა, თითქოს ჩვენი მეცნიერების განსაზღვრა მხოლოდ თვითნებობისა და ჟინიანობის შედეგი იყოს, მაგრამ ამ ურთიერთობის დასაბუთებას აქ არ შევუდგებით, მისი განსჯა-განხილვა უნდა მოხდეს თვით ჩვენი მეცნიერების ფარგლებს შიგნით, ამიტომ მას დაწვრილებით ავხსნით, განვმარტათ და დავამტკიცებთ უფრო მოგვიანებით.

    2. ესთეტიკის წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი მოსაზრების უკუგდება

    თუ ჩვენს განხილვას წინდაწინვე ხელოვნების მშვენიერით განვსაზღვრავთ, მაშინ პირველი ნაბიჯებიდანვე წავაწყდებით ახალ სიძნელეებს.

    უპირველეს ყოვლისა, რაც ამ მიმართებით შეიძლება აზრად დაგვებადოს, ეს არის ეჭვი, არის კი თვით კაზმული ხელოვნებაც მეცნიერული განხილვის ღირსი? რადგან მშვენიერება და ხელოვნება, ვით მეგობრული გენია, ცხოვრების ყოველ სფეროში იჭრება, მხიარულებითა და ნათელით მოსავს და ამკობს მთელ შინაგანსა და გარეგან ქვეყანას, რითაც ამსუბუქებს გარემოებათა სერიოზულობას, სინამდვილის დახლართულობას და სიძნელეებს, უქმად ყოფნის დროს აქარვებს სევდას. და თუ სიკეთის მოტანა არ ძალუძს, ყოველ შემთხვევაში, ბოროტის ადგილს ხომ მაინც იკავებს, და ესე ურიგო როდია. თუმცა თავისი სასიამოვნო ფორმებით ხელოვნება ყველგან და ყოველთვის ერევა, ველურის ტლანქი მორთულობიდან დაწყებული ყოველნაირი სიმდიდრით, სიუხვითა და მშვენიერებით შემკული ტაძრის სიდიადემდე, მაინც ვფიქრობთ, რომ ეს ფორმები მოკლებულია ცხოვრების ნამდვილ, საბოლოო მიზნებს; და თუ ხელოვნების ნაწარმოებები ამ სერიოზულ მიზნებს არამც თუ ზიანს არ აყენებენ, ხანდახან ხელსაც უწყობენ, თუნდაც იმით, რომ ბოროტის ჩადენას აკავებენ, ხელოვნება მაინც უფრო გონის შესვენება, შესუსტება და მოდუნებაა, მაშინ, როდესაც ცხოვრების სუბსტანციალური ინტერესები, პირიქით, მისი ძალ-ღონის დაძაბვას საჭიროებენ. ამიტომ შეიძლება გვეჩვენოს, რომ ისეთი რამის მეცნიერული სერიოზულობით განხილვის ცდა, რაც თავად სერიოზული ბუნების არ არის, შეუფერებელია და პედანტურიო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეხედულების დროს, ხელოვნება, არსებით საჭიროებებსა და ინტერესებთან შედარებით, ზედმეტ ფუფუნებად ეჩვენებათ, თუმცა შეიძლება, სულის გასათუთება-განაზება, რომელიც შეუძლია გამოიწვიოს საგნების სილამაზით დაინტერესებამ, არც წარმოადგენდეს ისეთ გასათუთებას, ამ ინტერესთა სერიოზულობას რომ ავნებს. ამ თვალსაზრისით მრავალგზის საჭიროდ მიუჩნევიათ, რომ თავიანთ მფარველობაში მიეღოთ და დაეცვათ კაზმული ხელოვნებანი, იმათგან, ვინც მას ფუფუნებად თვლიდა, პრაქტიკულ საჭიროებასთან საერთოდ, და კერძოდ კი, ზნეობრიობასა და ღვთისმოსაობასთან შედარების დროს; და რადგან შეუძლებელია მისი უვნებლობის დამტკიცება, ამიტომ ცდილობდნენ სარწმუნო მაინც გაეხადათ, რომ გონის ამ ფუფუნებით მონიჭებულ სარგებლიანობათა ჯამი მის მიერ მიყენებულ ზარალთა ჯამზე მეტია. ამ თვალსაზრისით თვით ხელოვნებას სერიოზულ მიზნებს მიაწერდნენ და მას ხშირად წარმოგვიდგენდნენ როგორც გონებასა და მგრძნობელობას, მიდრეკილებასა და მოვალეობას შორის შუამავალს, როგორც ამ ერთმანეთზე მისეულ ელემენტთა შემრიგებელს ეგზომ მძაფრ ბრძოლასა და წინააღმდეგობაში, მაგრამ შეიძლება ის აზრიც დაიბადოს, რომ ხელოვნების ასეთი სერიოზული მიზნების დროს გონება და მოვალეობა შუამავლობის აღნიშნული ცდიდან არაფერს იძენენ, რადგან სწორედ თავიანთი წმინდა და აუმღვრეველი ბუნების გამო მსგავს მორიგებაზე არ დასთანხმდებიან და ისეთივე სიწმინდეს მოითხოვენ, როგორიც თვით აქვთ თავიანთ თავში. გარდა ამისა, ხელოვნება ვერც ამით მოიპოვებდა მეცნიერული განხილვის უფლებას, რადგან იგი მაინც ყოველთვის ორ მხარეს ემსახურება და უმაღლეს მიზნებთან ერთად ხელს უწყობს უქმად ყოფნას, ფუქსავატობასა და თავქარიანობასაც; საერთოდ კი ასეც შეიძლება გვეჩვენოს, ამ [უმაღლეს მიზანთა] სამსახურში იმის ნაცვლად, რომ თვით იყოს თავისი თავის მიზანი, ის მხოლოდ [მათს] საშუალებას წარმოადგენს. ბოლოს, რაც შეეხება ამ საშუალების ფორმას, ისე გამოდის, თითქოს მუდამ რჩება მავნე მხარე. თუმცა ხელოვნება ნამდვილად სერიოზულ მიზნებს ემორჩილება და სერიოზულ შედეგებსაც იძლევა, ის საშუალება, იგი აქ რომ იყენებს, მაინც მოტყუებაა, ცთუნება [თვალთმაქცობა]. მშვენიერს ხომ თავისი სიცოცხლე ჩენაში, ვლენაში აქვს. მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ თავისთავად ჭეშმარიტ საბოლოო მიზანს მოტყუებით არ უნდა მივაღწიოთ, და თუ მისი გამოყენებით ამა თუ იმ შემთხვევაში მისი მიღწევა შესაძლებელიც ხდება, სამაგიეროდ იგი ძალიან შეზღუდულია, მაშინაც მოტყუება სწორ საშუალებად ვერ ჩაითვლება, რადგან საშუალება მიზნის ღირსებას უნდა შეეფერებოდეს. მხოლოდ ჭეშმარიტს ძალუძს ჭეშმარიტი წარმოშვას და არა მოჩვენებასა და მოტყუებას, ისევე, როგორც მეცნიერებამაც გონის ჭეშმარიტი ინტერესები სინამდვილის ჭეშმარიტი საშუალებისა და მისი წარმოდგენის ჭეშმარიტი წესის თანახმად უნდა განიხილოს.

    ამ მიმართებით შეიძლება გვეჩვენოს, რომ კაზმული ხელოვნება მეცნიერული განხილვის ღირსი არ არის, რადგან ის მხოლოდ სასიამოვნო თამაშად რჩება, და თუ ის მაინც მიჰყვება სერიოზულ მიზნებს, ამით მხოლოდ ამ მიზანთა ბუნებას ეწინააღმდეგება. საერთოდ კი ის ემსახურება როგორც გართობა-თამაშს, ისე სერიოზულობას, და თავისი არსებობის სტიქიად, ისევე როგორც თავისი ზემოქმედების საშუალებად, მხოლოდ მოტყუება და მოჩვენება შეუძლია გამოიყენოსო.

    მეორე, შეიძლება ასეთი შეხედულებაც გაჩნდეს: კაზმული ხელოვნება კიდევაც რომ წარმოადგენდეს საერთოდ ფილოსოფიური რეფლექსიის საგანს, საკუთრივ მეცნიერული განხილვისათვის შესაფერი საგანი მაინც ვერ იქნებოდა, რადგან ხელოვნების მშვენიერება წარმოესახება გრძნობას, შეგრძნებას, მჭვრეტელობას, წარმოსახვის უნარს, მას სულ სხვა სფერო აქვს, ვიდრე აზრს, რისი საქმიანობისა და ნაწარმოებების გაგება მოითხოვს სულ სხვა ორგანოს, რომელიც განსხვავდება მეცნიერული აზროვნებისაგან. შემდეგ, შემოქმედებისა და შექმნილ სახეთა თავისუფლებაა სწორედ ის, რითაც ხელოვნების მშვენიერება გვატკბობს. როგორც ჩანს, მისი სახეების შექმნისა და ჭვრეტის დროს ჩვენ გავურბით წესებსა და ამ წესების მიერ დადებულ ხუნდებს; კანონზომიერების სიმკაცრითა და აზროვნების პირქუში ჩაძიებით დაღლილნი, ხელოვნების სახეებში ვეძებთ დამშვიდებასა და გამოცოცხლებას, იდეების აჩრდილთა სამეფოს ნაცვლად მხიარულ, ნათელ, ჯანსაღ სინამდვილეს. ბოლოს, ხელოვნების მშვენიერ

    Enjoying the preview?
    Page 1 of 1